Aladdin Teaser Trailer 2019 Will Smith Mena Massoud

თქვენი მიზნები

მე თავიდანვე ვვარაუდობ, რომ თქვენ უკვე გაქვთ თქვენი სანუკვარი სურვილი, და მიახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მისი მიღწევა. თუმცა, მაშინაც კი, თუ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ შეიძლება ამ სურვილის განხორციელება, ნუ შეგეშინდებათ. თუ ფლობის გადაწყვეტილება გექნებათ, ვარიანტი მოიძებნება. ყველაზე მთავარია - განსაზღვროთ თქვენი ჭეშმარიტი სანუკვარი სურვილი და მოიპოვოთ ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება. განზრახვა სურვილს მიზნად აქცევს. სურვილი განზრახვის გარეშე არასოდეს სრულდება. მაგრამ ჯერ მკაფიოდ უნდა გააცნობიეროთ, რა გსურთ ცხოვრებისგან. ბუნდოვანი ფორმულირებები, მაგალითად, „მინდა მდიდარი და ბედნიერი ვიყო“ - არ მუშაობენ.

წარმოიდგინეთ, რომ ქალაქში რაიმე კონკრეტული მიზნის გარეშე სეირნობთ. უბრალოდ ალალბედზე ხეტიალობთ. სად მიხვალთ? უცნობია. თუ დანიშნულების კონკრეტული პუნქტი გაქვთ, მაშინ ადრე თუ გვიან მიხვალთ ამ ადგილამდე, მაშინაც კი, თუ მარშრუტი ზუსტად არ იცით. ასევეა ცხოვრებაშიც: თუკი მიზანი არ გაქვთ, ე.ი. ქაღალდის ნავი ხართ მჩქეფარე მდინარეში. თუ მიზანი გაქვთ, და მისკენ ისწრაფვით, შეგიძლიათ მიაღწიოთ მას, მაგრამ შეიძლება არც მიაღწიოთ.

მიზნის მიღწევის ასპროცენტიანი გარანტია მხოლოდ ერთ შემთხვევაშია: თუ ეს თქვენი მიზანია, და მისკენ თქვენი კარით მიდიხართ. ამ შემთხვევაში ვერავინ შეგიშლით ხელს, რადგან თქვენი სულის ფრეილეს გასაღები იდეალურად ერგება თქვენი მიზნის კლიტეს. თქვენსას ვერავინ წაგართმევთ, ასე რომ პრობლემები თქვენი მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით არ გექნებათ. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ თქვენი მიზანი და თქვენი კარი იპოვოთ.

პირველ რიგში, თქვენი მიზანი არ განისაზღვრება რაღაც დროებითი მოთხოვნილებებით. იგი უნდა პასუხობდეს კითხვას: რა გინდათ ცხოვრებისგან? რა გახდის თქვენს ცხოვრებას სიხარულით და ბედნიერებით სავსეს? მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი დანარჩენი შეგიძლიათ ქანქარების ჩენჩოებად ჩათვალოთ.

იპოვეთ ერთი მთავარი მიზანი. ერთი მთავარი მიზნის პოვნა ყველა სხვა სურვილის ასრულებას გამოიწვევს. თუ თავში არაფერი კონკრეტული არ მოგდით, თავიდან შეგიძლიათ მაგალითად, ასეთი საერთო მიზნის ფორმულირება: თქვენ ცხოვრებისგან კომფორტი და კეთილდღეობა გსურთ. რას ნიშნავს თქვენს წარმოდგენაში კომფორტი და კეთილდღეობა? სახლის, მანქანის, ლამაზი ტანსაცმლის და კომფორტული ცხოვრების სხვა ატრიბუტების მოთხოვნილება შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ერთი მიზნით - მიიღოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური. მაგრამ როგორც ხვდებით, ეს მიზანიც კი არაა, არამედ კარია, თანაც განუსაზღვრელი.

მაღალანაზღაურებადი სამსახური შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კონკრეტული ფორმულირებით - გახდეთ ძალიან კარგი და უნიკალური სპეციალისტი თქვენს სფეროში. რისკენ ისწრაფვის თქვენი სული? მაგრამ ჩნდება კითხვა: შეავსებს თუ არა ეს სამსახური თქვენი ცხოვრების მთელ აზრს? თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ გაგიმართლათ - თქვენი მიზანი თქვენს კარს ემთხვევა. დავუშვათ, თქვენ სულს მეცნიერების, კულტურის ან ხელოვნების რომელიმე კონკრეტული სფერო მოსწონს. მაშინ ნებისმიერი საქმის კეთებისას აღმოჩენებს გააკეთებთ და შედევრებს შექმნით. ბედნიერება თქვენი ცხოვრების ხაზზე აქ და ახლაა, და არა სადმე მომავალში. კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი, რომლებსაც სხვები ასეთი მძიმე შრომით აღწევენ, თქვენთან თავისით მოვა, როგორც რაღაც თავისთავადი. თქვენ ხომ თქვენი გზით მიდიხართ.

თუ საქმე, თქვენთვის საყვარელიც კი, არაა ის ერთადერთი, რომელიც სიხარულს მოგიტანთ და კომფორტის ატრიბუტებით აგივსებთ ცხოვრებას, ეს ნიშნავს, რომ ეს საქმე, შეიძლება განვიხილოთ როგორც კარი, მაგრამ მიზანს მას ვერ ვუწოდებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მიზანმა ცხოვრება ზეიმად უნდა გიქციოთ - ყველა თანმხლები ატრიბუტით. ჯერ ნუ იფიქრებთ მიღწევის საშუალებებზე, ანუ კარებებზე. მთავარია მიზანი განსაზღვროთ, კარებები კი დროთა განმავლობაში თავისით გამოჩნდებიან.

უპასუხეთ საკუთარ თავს კითხვაზე: რა მოწონს თქვენს სულს, რა აქცევს თქვენს ცხოვრებას ზეიმად? გადააგდეთ ყოველგვარი ფიქრები მოცემული მიზნის პრესტიჟულობაზე და ძნელად-მიღწევადობაზე. თქვენ არ უნდა გაღელვებდეთ არანაირი შეზღუდვები. თუ არ გჯერათ, თავი მაინც მოაჩვენეთ, თითქოს ყველაფერი მიღწევადია, და საქმე მხოლოდ თქვენს არჩევანშია. არ შეგრცხვეთ და ბოლომდე შეუკვეთეთ რაც გაგიხარდებათ.

ნავი გინდოდათ? იახტაზე რას იტყვით?

ბინა გინდოდათ? კერძო სახლზე რას იტყვით?

განყოფილების უფროსობა გინდოდათ? კორპორაციის პრეზიდენტობაზე რას იტყვით?

ბევრი მუშაობა გინდოდათ ბევრი ფულის საშოვნელად? და რას იტყვით იმაზე, რომ საერთოდ არ იმუშაოთ და თქვენი სიამოვნებისთვის იცხოვროთ?

მცირე ნაკვეთის ყიდვა და სახლის აშენება გინდოდათ? რას იტყვით საკუთარ კუნძულზე ხმელთაშუა ზღვაში?

აი ასეთი „რას იტყვით?..“ შეგიძლიათ უსასრულოდ გააგრძელოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მოკრძალებულია თქვენი შეკვეთები იმასთან შედარებით, რისი მიღებაც შეგიძლიათ, თუკი თქვენი მიზნისკენ თქვენი კარით წახვალთ. რა თქმა უნდა, თუ არანაირი ასეთი ფუფუნება არ გსურთ, არამედ გინდათ, რომ მშვიდად და წყნარად იცხოვროთ, მაშინ რაში გჭირდებათ საერთოდ ეს წიგნი? თუმცა, რადგან უკვე კითხულობთ მას, ეს ნიშნავს, რომ ამ მცირედის საშუალებასაც კი არ გაძლევენ. მაშინ გამოსავალი მაინც მხოლოდ ერთია - ეძებოთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე იწრიალებთ მთელი ცხოვრება. სასტიკად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა.

ნუ ჩაიფიქრებთ სურვილს გონებით. ნუ დაგენანებათ დრო იმისთვის, რომ გაარკვიოთ - რა სურს თქვენს სულს. გამოთქმა - „ეს საჩემოა“ - უკვე საუბრობს თავის თავზე. იგი აჩვენებს არა შეხედულებას, არამედ დამოკიდებულებას. შეხედულება გონების ნაყოფია. დამოკიდებულება სულის სიღრმიდან მოდის, ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს თქვენი და სხვების მიზნები. მიზნის განსაზღვრისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ ვგრძნობ თავს მიღწეული მიზნის ტყავში?“

დავუშვათ, სურვილი ჩაიფიქრეთ. რომ შეამოწმოთ, თქვენია თუ არა ეს სურვილი, დაუსვით საკუთარ თავს ორი კითხვა. პირველი: მართლა მჭირდება ეს? სცადეთ მოარგოთ ამ სურვილს სხვისი მიზნის ყველა ნიშან-თვისება.

მართლა მთელი გულით გსურთ ეს, თუ მხოლოდ გინდათ, რომ გსურდეთ? ხომ არ ცდილობთ საკუთარ თავს ან სხვას დაუმტკიცოთ რამე? მართლა გსურთ ეს? იქნებ მოდის ან პრესტიჟის გამო გსურთ? ინვალიდს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ მთელი გულით სურს როლიკებზე სეირნობა. სინამდვილეში ასეთი მიზანი გულიდან კი არა, თავის არასრულფასოვნებაზე განაწყენებისგან მოდის. მიზენი თავისი მიუწვდომლობით გვიზიდავს. თუ თქვენი მიზანი ძნელად-მისაწვდომია, სცადეთ უარი თქვათ მასზე, და დააკვირდით საკუთარ თავს. თუ შვება იგრძენით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მიზანი არ ყოფილა. თუ აღშფოთებას და პროტესტს გრძნობთ, ე.ი. მიზანი შეიძლება თქვენი იყოს.

ერთადერთი საიმედო კრიტერიუმი მიზნის არჩევისას მხოლოდ სულიერი დისკომფორტია. ესაა სულის ნეგატიური რეაქცია გონების მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სულიერი კომფორტის მდგომარეობა შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ შეამოწმოთ, რაც გონებამ გადაწყვეტილება მიიღო თავისი მიზნის განსაზღვრაში. წარმოიდგინეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ და ყველაფერმა ჩაიარა. როგორც კი ეს გაკეთდება, უნდა შეწყვიტოთ მიზნის განხილვა და სულის შეგრძნებებს უნდა მიაყურადოთ. კარგად ხართ თუ ცუდად? თუ სიამოვნებას საფრთხის შეგრძნება ერევა, ან რაღაც სიმძიმის შეგრძნება, ან რაღაც აუცილებლობის, ვალდებულების, ესე იგი სული მკაფიოდ ამბობს „არა“-ს. გონება ვერც კი წარმოიდგენს, რა უსიამოვნებებს შეიცავს მიზანი, რომელიც ლამაზ შეფუთვაშია გახვეული. აი, სული კი ამას კარგად გრძნობს.

დისკომფორტის შეგრძნება შეიძლება არამკაფიო და ბუნდოვანი იყოს. არ აგერიოთ სულიერი შებოჭილობა დისკომფორტთან. როგორც წინა თავში იყო ნათქვამი, შებოჭილობა, ანუ ერთგვარი მორცხვობა, მოდის სიტუაციის უჩვეულობიდან: „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?“, სულიერი დისკომფორტი - ესაა დათრგუნულობის მძიმე შეგრძნება, რომელიც სუსტად ვლინდება გონების ოპტიმისტური მსჯელობების ფონზე. სულიერი შებოჭილობის მოშორება სლაიდების მეშეობითაა შესაძლებელი, სულიერი დისკომფორტის მოშორება - შეუძლებელია. ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა გეფიქრათ, რომ თქვენ ამის ღირსი არ ხართ. ეს სრული სისულელეა. ასეთი პრიმიტიული იარლიყის ჩამოკიდება ქანქარებმა გაიძულეს. თქვენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ. ყოველ შემთხვევაში, ნუ იჩქარებთ საბოლოო დასკვნის გამოტანას. სცადეთ, საკუთარი მიზანი სლაიდებით შეამოწმოთ. თუ თქვენ ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში დამთრგუნველი შეგძნებები არ მიდიან, ეს ნიშნავს, რომ საქმე სულიერ დისკომფორტთან გაქვთ.

თუ სულიერ დისკომფორტს თავად მიზნის გარკვეული ასპექტებისგან გრძნობთ, ესე იგი ეს მიზანი თქვენი არაა. თუ სულიერ დისკომფორტს იმის გაცნობიერებისგან განიცდით, რომ მიზანი ძნელად მიღწევადია, ეს ნიშნავს, რომ მიზანი არ შედის თქვენი კომფორტის ზონაში, ან სხვისი კარი აირჩიეთ. ნუ იფიქრებთ მიზნის მიღწევის საშუალებებზე მანამ, სანამ ზუსტად არ განსაზღვრავთ თქვენს მიზანს. თუ ვერ ახერხებთ, რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ჩაფიქრებულ როლზე, შესაძლოა, ჯერ არ მხართ მზად მის მისაღებად. კომფორტის ზონის გაფართოება სლაიდების მეშვეობით შეიძლება. კარებებზე შეგიძლიათ არ იღელვოთ. თქვენგან საჭიროა მხოლოდ ფლობის გადაწყვეტილება, და გარეგანი განზრახვა ადრე თუ გვიან მიგითითებთ თქვენს კარზე.

ნუ აყვებით ცდუნებას - თქვენს მიზნად ფული განსაზღვროთ. თითქოს, ფული გექნებათ და ამით ყველა თქვენი პრობლემა გადაიჭრება; მე ვიცი, რა ვიყიდო ამ ფულით. გახსოვთ კუპიურებით სავსე ქეისი სლაიდების თავში? იქ ნათქვამი იყო, რომ ფული მიზანი კი არა, მხოლოდ თანმხლები ატრიბუტია. შეგიძლიათ მაშინვე დაეთანხმოთ ამას, მაგრამ ეს არც ისე ტრივიალური მტკიცებულებაა. ჩვენ ისე მივეჩვიეთ ფულს, რომ შეგვიძლია ფულის ექვივალენტში პრაქტიკულად ყველაფერი გადავიყვანოთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფული - ესაა აბსტრაქტული კატეგორია, განკუთვნილი გონების, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სულისთვის. სულს წარმოდგენა არ აქვს, რა მოუხერხოს ფულს, რადგან არ შეუძლია აბსტრაქრულად აზროვნება. საბოლოო მიზანი სულისთვის გასაგები უნდა იყოს. მას აუცილებლად სჭირდება იმის ცოდნა, თუ რისი ყიდვა გსურთ ამ ფულით: სახლის, კაზინოსი, კუნძულის, ნებისმიერი რამის. მიღწევის საშუალებებს მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ კი სულს მოწონდეს ეს.

მანამ, სანამ თქვენი შინაგანი ბუღალტერია მიზნის მიღწევის საშუალებებს ანგარიშობს, ვერ შეძლებთ თქვენი მიზნის განსაზღვრას და ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე გადაწყობას. გაააქტიურეთ თქვენი დამკვირვებელი და უჯიკეთ საკუთარ თავს ყოველ ჯერზე, როგორც კი გონება ეცდება გაექცეს კითხვას: „რა მინდა ცხოვრებისგან?“ მიზნის ძნელად-მიღწევადობის სტერეოტიპი ყველაზე მდგრადია, ასე რომ მოთმინება დაგჭირდებათ. გონება ეცდება სხვა კითხვას უპასუხოს: „როგორ მივაღწიო ამას?“ დაე, ახლა თქვენმა სულმა უთხრას გონებას: „გაჩუმდი, ეს შენი საზრუნავი არაა, სათამაშოს ჩვენ ვირჩევთ!“

თქვენ უნდა ისწრაფვოდეთ დესტრუქციული ქანქარებისგან განთავისუფლებისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა საკუთარი თავის სრული იზოლირება. მთელი საზოგადოება ქანქარებზეა აშენებული, ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, რომ ან ჰიმალაებში წახვიდეთ, ან საკუთარი ქანქარები ეძებოთ. განდეგილებისთვის ადვილია „მარადისობასთან საუბარი“, როცა ქანქარებისგან შორს არიან. მაგრამ როგორც კი ასეთი განდეგილი ქანქარების აგრესიულ გარემოში ბრუნდება, იგი მაშინვე კარგავს წონასწორობას და განჯაჭვულობას.

თქვენი მიზანიც ასევე რაღაც ქანქარას განეკუთვნება. ამაში თქვენთვის არანაირი საფრთხე არაა, ოღონდ კი მიზანი თქვენი იყოს. იპოვეთ თქვენი მიზანი, და ქანქარა ეცდება თავის ფავორიტად გაქციოთ. ისიც კი შეგიძლიათ, რომ ახალი ქანქარა შექმნათ. მთავარია - აიღოთ თქვენი უფლება არჩევანის თავისუფლებისა და საშუალება არ მისცეთ ქანქარებს, რომ თქვენზე კონტროლი დაამყარონ.

ვერ შეძლებთ საკუთარი მიზნის განსაზღვრას ანალიზის და მსჯელობების მეშვეობით. მიზნის ამოცნობა მხოლოდ სულს შეუძლია. ანალიზი - ეს გონების საქმეა. სულმა ფიქრი არ იცის. მას შეუძლია მხოლოდ ხედავდეს და გრძნობდეს.

გონების ამოცანა მიზნის ძიების პროცესში იმაში არ მდგომარეობს, რომ ეძებოს. გონება ამის კეთებას ჩვეულებისამებრ ეცდება, ანუ ანალიზისა და ლოგიკური ჯაჭვების აგების მეთოდით საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპებისა და შტამპების საფუძველზე. საკუთარი მიზნის განსაზღვრა რომ ამ მეთოდით შეიძლებოდეს, ყველა ადამიანი ბედნიერი იქნებოდა.

გონების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავში მთელი გარე ინფორმაცია გაატაროს, და ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება სულიერ კომფორტს მიანიჭოს. გონებამ მხოლოდ უნდა განსაზღვროს: მე იმას ვეძებ, რაც ჩემს ცხოვრებას ზეიმად აქცევს. შემდეგ კი უბრალოდ უნდა შეუშვას თავის თავში გარე ინფორმაცია და დააკვირდეს სულის შეგრძნებას ამ მიდგომის პოზიციით.

მიზნის აქტიური ძიება არაფრამდე არ მიგიყვანთ. არ იღელვოთ, დაელოდეთ და დააკვირდით. თუ ძიებაზე გექნებათ განწყობა, საჭირო ინფორმაცია თავისით მოვა. გარკვეულ მომენტში აუცილებლად მიიღებთ რაღაც ინფორმაციას, რომელიც თქვენში ცოცხალ ინტერესს გამოიწვევს. მთავარია, გონება ამ დროს თავისი მსჯელობებით არ ჩაერიოს, არამედ უბრალოდ ყურადღება მიაქციოს სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაციის მიღება დააჩქაროთ, ძალიან კარგი იქნება, თუ საკუთარი ინტერესების წრეს გააფართოებთ. წადით იქ, სადაც არასოდეს ყოფილხართ: მუზეუმში, ექსკურსიებზე, კინოში, ლაშქრობაში, ქალაქის სხვა ნაწილში, წიგნის მაღაზიაში, სადაც გნებავთ. არაა საჭირო აქტიური ძიება, უბრალოდ გააფართოვეთ გარე ინფორმაციის დიაპაზონი და დააკვირდით.

მიეცით საკუთარ თავს განუსაზღვრელი დრო, ნუ მოიმწყვდევთ თავს დროით ჩარჩოებში და ნუ გადააქცევთ მიზნის ძიებას ვალდებულებად. უბრალოდ გეჭიროთ გონებაში ასეთი პარადიგმა: მე ვეძებ იმას, რაც ჩემს ცხოვრებას ზეიმად აქცევს.

თვალყური ადევნეთ საკუთარ გრნობებს უფრო ყურადღებით, ვიდრე ამას ადრე აკეთებდით. დაე, ასეთი განწყობა მუდმივად მუშაობდეს ფონურ რეჟიმში. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე აღწევს, გაატარეთ შემდეგი კითხვის ფილტრში: რას ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით? მომწონს თუ არ მომწონს?

ადრე თუ გვიან მიიღებთ რაიმე ნიშანს ან ინფორმაციას, რომლისგანაც შიგნით თითქოს რაღაც შეიფრთხიალებს: „ო, ეს მომწონს!“ კარგად გაიაზრეთ მოცემული ინფორმაცია ყველა მხრიდან, და თან ყურადღებით დააკვირდით სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

მაგრამ აი, ბოლოს და ბოლოს მოახერხეთ თავი დაგეღწიათ მიზნის მიღწევის საშუალებებზე ფიქრის ცდუნებისგან, და თქვენი მიზანი განსაზღვრეთ. როცა თქვენში გაჩნდება ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილება ამ მიზნის მისაღწევად, მაშინ თქვენი სამყაროს შრე საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის. და აი, რა მოხდება:

თქვენ განთავისუფლდით ცრუ მიზნების ტვირთისგან და თავისუფლად ჩაისუნთქეთ. უკვე აღარ გაქვთ საჭიროება, საკუთარ თავს იმის კეთება აიძულოთ, რაც სულს არ მოწონს. უარი თქვით ილუზორული ბედნიერებისთვის ბრძოლაზე მომავალში და აქ და ახლა ფლობის საშუალება მიეცით საკუთარ თავს. ადრე სულიერი სიცარიელის შევსებას იაფფასიანი სუროგატებით ცდილობდით, რომლებსაც ქანქარები გთავაზობდნენ. ახლა კი თქვენმა გონებამ სული ფუტლიარიდან გამოუშვა, და თქვენ გაგიჩნდათ სიმსუბუქისა და თავისუფლების საოცარი განწყობილება, თითქოს გაზაფხული მოვიდა, და ზამთრის ხანგრძლივი ძილისგან გაიღვიძეთ. დათრგუნულობისა და სიმძიმის შეგრძნება გაქრა. გაცილებით უფრო სასიამოვნოა მიზნისკენ სწრაფვა, როცა აცნობიერებთ, რომ თქვენს შიგნით აღმოაჩინეთ ის, რასაც ადრე უშედეგოდ ეძებდით გარესამყაროში. თქვენმა გონებამ სხვების მიზნების უსარგებლო ნაგავი გადაყარა, უარი თქვა მიზნის მიღწევის საშუალებებზე ამაო ფიქრებზე, და უბრალოდ შემოუშვა მიზანი საკუთარი სამყაროს შრეში.

სულმა თავად აირჩია სათამაშო, და გახარებულმა ტაში შემოკრა. თქვენ გატეხეთ ცრუ სტერეოტიპი და საკუთარ თავს ფლობის საშუალება მიეცით, მიუხედავად მიზნის მოჩვენებითი მიუღწევლობისა. ამიტომ თქვენს წინ ფართოდ გაიღო კარი, რომელიც ადრე დაკეტილი იყო. აქ უკვე გონებამაც, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ მიზანი მართლაც რეალურად მიღწევადია. ახლა ცხოვრება ზეიმად იქცევა, რადგან გახარებული სული ხტუნვა-ხტუნვით გაყვება გონებას, რომელმაც მიზანი თავისი სამყაროს შრეში შემოუშვა. სული და გონება ხელიხელ-ჩაკიდებულნი მხიარულად გაემართებიან თანაბარ და სასიამოვნო გზაზე ბედნიერებისკენ, რომელიც უკვე აქ და ახლაა.