doors 3

თქვენი კარი

თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე გამუდმებით გიწევთ წინააღმდეგობების გადალახვა, ეს ნიშნავს, რომ ან სხვისი მიზანი აგირჩევიათ, ან სხვისი კარით მიდიხართ მიზნისკენ. ერთადერთი რამ ცხოვრებაში, რომელიც შეგვიძლია მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ - ესაა საკუთარი მიზნისა და კარის განსაზღვრა. თუ სხვების მიზნებისკენ ისწრაფვით, შეიძლება მთელი ცხოვრება დაკარგოთ და ვერაფერს მიაღწიოთ. არაფერია იმის აღიარებაზე უფრო სევდიანი, რომ ყველა ძალისხმევა ამაოდ დაიკარგა, და ცხოვრება არ შედგა.

ქანქარებმა ადამიანებს ასწავლეს, რომ ის აკეთონ, რაც აუცილებელია, და მიიღონ, როგორც ვალდებულება. იძულებითი ვალდებულების სტერეოტიპი ისეთ აბსურდამდეა დაყვანილი, რომ შეიძლება ვიფიქროთ, თითქოს ცხოვრება - ესაა ვადა, ან შრომითი სასჯელი, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს. ადამიანი ისე ეჩვევა ამ ვალდებულებას, რომ სულის ჭეშმარიტი მიდრეკილებები ცნობიერების ყველაზე შორეულ კუთხეში გადაისროლება ხოლმე - უკეთესი დროების დადგომის მოლოდინში. მაგრამ ცხოვრება თავდება, უკეთესი დროება კი არასოდეს დგება.

ბედნიერება ყოველთვის სადღაც მომავალში მოჩანს. ცრუ სტერეოტიპი ამტკიცებს: ეს მომავალი რომ დადგეს, იგი ბრძოლით უნდა მოიპოვოთ, გამოიმუშავოთ. ადამიანები ხშირად ამბობენ უარს საყვარელ საქმეზე მატერიალური მოსაზრებების გამო. საქმეები იყოფა გატაცებებად და საკუთრივ სამუშაოდ, რომელმაც შემოსავალი უნდა მოიტანოს. ცრუ მიზნების დასახვასთან ერთად, იძულებითი ვალდებულება ქანქარების კიდევ ერთ მეთოდს წარმოადგენს მათ მცდელობებში - ადამიანი რაც შეიძლება შორს წაიყვანონ მისი ჭეშმარიტი მიზნისგან.

სინამდვილეში, ჰობიზეც კი შეიძლება ფული იშოვოთ, თუ ეს თქვენი მიზანია. თუ იძულებული ხართ, რომ საყვარელ საქმეზე მხოლოდ იმის გამო თქვათ უარი, რომ მას შემოსავალი არ მოაქვს, მაშინ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ, აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი თქვენს მიზანთან. აქცევს თუ არა თქვენი საყვარელი საქმე თქვენს ცხოვრებას ზეიმად? თუ ამ საქმეს ვერ მიაკუთვნებთ თქვენ მიზანს, მაშინ ზუსტად ვერ იტყვით, მოგიტანთ თუ არა იგი შემოსავალს. მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს თქვენი მიზანია, მაშინ იგი უეჭველად მოიტანს თქვენ ცხოვრებაში კომფორტის ყველა ატრიბუტს. როცა მიზანი კარს ემთხვევა, ადამიანს აღარ აქვს საჭიროება, რომ მატერიალურ შემოსავალზე იღელვოს, მას ისედაც ექნება ყველაფერი, თუკი მოინდომებს.

თუმცაღა იძულებითი ვალდებულების ცრუ სტერეოტიპები საშუალებას არ აძლევენ ადამიანს, რომ ბოლომდე მიუძღვნან თავის მიზანს. ამის დასტურად შეიძლება ბევრი მაგალითი გამოდგეს. ცხოვრობს ვიღაც, დადის ყველასავით სავალდებულო სამსახურში, თავისუფალ დროს კი რაღაცას ქმნის ან იგონებს. მას თავშიც კი არ მოსდის, რომ მისი გამოგონება შეიძლება კარგად გაიყიდოს. სიღარიბეში ცხოვრობს და დარწმუნებულია, რომ შეუპოვრად უნდა იმუშაოს ლუკმა პურისთვის. მისი გატაცება კი - ეს ისე, „სულისთვისაა“. ხვდებით, რა ხდება? ადამიანი ვიღაც ბიძაზე ხარჯავს თავისი ცხოვრების ძირითად დროს - თითქოს ეს არსებობის შენარჩუნებისთვის იყოს აუცილებელი. სული კი იმ გროშებს იღებს, რომლებიც ძირითადი სამუშაო დროის გარდა რჩება. მაშ, ვისთვის ცხოვრობს ადამიანი? იმ ბიძასთვის?

თუ თქვენი მიზანი თქვენს კარს ემთხვევა, თქვენი ჰობი გაგამდიდრებთ. თქვენი მიზნის მიღწევა ყველა დანარჩენი სურვილის ასრულებას მოიზიდავს, თან შედეგები მოლოდინს გადააჭარბებს. ეჭვი არ შეგეპაროთ, ამ სამყაროში ყველაფერი, რაც გულით კეთდება, ძალიან ძვირი ღირს. სუფთა გონებრივი პროდუქტები, პირიქით - არც ისე ძვირი ღირს. როგორც იცით, ნამდვილი შედევრები სულისა და გონების ერთიანობაში იბადება. თქვენი მიზნისკენ გზაზე შედევრებს შექმნით, თუკი საშუალებას არ მისცემთ ქანქარებს, რომ გზიდან გადაგახვევინონ. ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: თქვენ მხოლოდ გჭირდებათ, რომ მშვიდად მიჰყვეთ თქვენს გზას და არ წამოეგოთ ქანქარების საცდურებზე. ადრე თუ გვიან გრანდიოზულ წარმატებას მიაღწევთ.

რამდენადმე უფრო რთულადაა საქმე იმ შემთხვევაში, როცა მიზანი და კარი ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა, სანამ ასეთ დასკვნამდე მიხვალთ, ძალიან კარგად დაფიქრდით. თქვენი მიზანი ძალიან არ უნდა გირთულებდეთ ცხოვრებას. პირიქით, როცა მიზანს აირჩევთ, ამით მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ ცხოვრებას და ბევრი პრობლემისგან განთავისუფლდებით. ნუ იჩქარებთ კარის არჩევასთან დაკავშირებით. თუ ფლობის გადაწყვეტილება იქნება, კარიც მოიძებნება. თუ მკაფიოდ არ წარმოგიდგენიათ, სადაა თქვენი კარი, იმუშავეთ სლაიდებთან და გააფართოვეთ კომფორტის ზონა. გადააგდეთ მნიშვნელოვანობა, უარი თქვით მიზნის მიღწევის სურვილზე. როგორც კი თავს ფლობის უფლებას მისცემთ, გარეგანი განზრახვა შესაფერის ვარიანტს შემოგთავაზებთ.

თქვენი კარი წარმოადგენს იმ გზას, რომელიც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ. მას შემდეგ, რაც მიზანი განსაზღვრეთ, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: როგორ შეიძლება ამ მიზანს მივაღწიო? გარეგანი განზრახვა ადრე თუ გვიან გაგიხსნით სხვადასხვა შესაძლებლობებს. თქვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შორის სწორედ თქვენი კარი იპოვოთ. ყოველი ვარიანტი სულიერი კომფორტის მდგომარეობით უნდა დატესტოთ. აქ შეგვიძლია იგივე პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ, რითაც მიზნის არჩევისას ვხელმძღვანელობთ.

დავუშვათ, თქვენი მიზანი გულისხმობს, რომ კარგად უზრუნველყოფილი ადამიანი ხართ. მაშინ აუცილებელია განსაზღვროთ, რის საშუალებით გახდებით უზრუნველყოფილი. ფული ხომ უბრალოდ ადამიანთან არ მიდის, არამედ მასთან, რასაც ის წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი, მსხვილი მეწარმე, ფინანსისტი, გამოჩენილი სპეციალისტი, ბოლოს და ბოლოს მემკვიდრე. მაშ, ვინ გინდათ რომ გახდეთ? უნდა იპოვოთ საკუთთრივ თქვენი გზა სიმდიდრისკენ - ის, რისკენაც თქვენი გული ისწრაფვის. და ის, თუ რისკენ ისწრაფვის იგი, სულს უნდა ჰკითხოთ და არა გონებას. გონება სოციუმის პროდუქტია, სოციუმი კი ქანქარებზე დგას. სოციუმი ამბობს: „გახდი ცნობილი ადამიანი, პოლიტიკოსი, მდიდარი - ეს პრესტიჟულია“. მაგრამ რადგანაც თქვენი პირადი ბედნიერება ქანქარას არ აინტერესებს, იგი არ დაგეხმარებათ საკუთრივ თქვენი ნიშის განსაზღვრაში.

გონება და ნაცნობები გკარნახობენ, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო უნდა ეძებოთ, მაგალითად, იურისტის. ყველა გეუბნებათ, რომ თუ კვალიფიციური ადვოკატი გახდებით, ბევრ ფულს იშოვით. თქვენ ძალიან გინდათ ბევრი ფულის შოვნა, მაგრამ ეს კარი შესაძლოა თქვენთვის უცხო აღმოჩნდეს. ამ კარით იქ არ მოხვდებით, სადაც საჭიროა. თუ მიზანი სწორად გაქვთ არჩეული, მაშინ თქვენი კარი ისეთ შესაძლებლობებს გაგიხსნით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით. დავუშვათ, თქვენი მოთხოვნებია - სახლი, მანქანა, კარგი ხელფასი. თუ საკუთარ კარში შეხვალთ, იმდენს მიიღებთ, რომ თქვენი მოთხოვნები სასაცილოდ მოგეჩვენებათ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, არ შეცდეთ საკუთარი კარის არჩევისას.

არ იჩქაროთ და არ დაგენანოთ დრო არჩევაზე. გაცილებით უფრო მეტ დროს და ძალისხმევას გაფლანგავთ, თუ იჩქარებთ და მცდარ არჩევანს გააკეთებთ. მიზნის და კარის განსაზღვრისთვის შეიძლება თვეები დაგჭირდეთ. ამ დროისთვის დაგჭირდებათ, რომ ერთგვარი „უზადოების მარხვა“ დაიცვათ - შეძლებისდაგვარად უდრეკად დაიცვათ ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები. თქვენ მათ უკვე იცნობთ.

პირველ რიგში - ესაა გაცნობიერებულობა. თავს ანგარიში უნდა გაუწიოთ თქვენი მოქმედებების მოტივებზე. მოქმედებთ გაცნობიერებულად, ისე, რომ თამაშის წესები გესმით, თუ უნებურად ემორჩილებით ქანქარას?

თვალყური ადევნეთ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობის დონეს. იფიქრეთ თქვენს მიზანზე და კარზე ისე, თითქოს უკვე გაქვთ ეს ყველაფერი. არ უნდა იყოს არანაირი პრესტიჟულობა, მიუწვდომლობა და საჭიროება. გადააგდეთ ყოველგვარი მნიშვნელოვანობა. ის, რაც გაგაჩნიათ, თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია.

უარი თქვით მიზნის მიღწევის სურვილზე. გამოვა? - კარგია, არ გამოვა? - ე.ი. ეს არაა თქვენი, და სადარდებელი არაფერი გაქვთ. თუ არ გჯერათ, რომ მიზანი ჯიბეში გაქვთ, მაშინ თავიდანვე შეეგუეთ მარცხს. მიეცით თავს შეცდომების უფლება. მარცხისთვისაც გამოყავით ადგილი თქვენს ცხოვრებაში.

იპოვეთ მოცემული კარისთვის დაზღვევა, შემცვლელი. მაშინვე ნუ იტყვით უარს წინა კარზე, ნუ დაწვავთ ხიდებს თქვენს უკან, დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ დადებთ ყველაფერს ერთ კარტზე. დაიტოვეთ სათადარიგო გზები.

არ შეწყვიტოთ გონებაში თქვენი მიზნის სლაიდის ტრიალი. ამით კომფორტის ზონას გააფართოებთ და მიზნობრივი ხაზის სიხშირეზე გადაეწყობით. გარეგანი განზრახვა თავისით მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას.

იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია არ გამოგრჩეთ, ჩაიდეთ თავში თქვენი მიზნისა და თქვენი კარის ძიების სლაიდი. გაატარეთ გარესამყაროს ყველა მონაცემი ამ სლაიდში. შეაფასეთ, შეგეფერებათ თუ არა იგი. ამასთან უსმინეთ დილის ვარსკვლავების შრიალს, და არა გონებას. თვალყური ადევნეთ არა იმას, თუ რას ფიქრობთ ამაზე, არამედ იმას, რაც ამ დროს გრთგუნავთ, ან გაფრთიანებთ. ყურადღება მიაქციეთ სულის დამოკიდებულებას ნებისმიერი ინფორმაციისადმი. განსაზღვრულ მომენტში იგი შეიფრთხიალებს და წამოიძახებს: „ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება!“

და კვლავაც არ აჩქარდეთ. გააფართოვეთ კომფორტის ზონა და განაწყვეთ თქვენი აზრები მიზნობრივ ხაზზე მანამ, სანამ თქვენი მიზანი და კარი მკაფიო კონცეფციად არ ჩამოყალიბდება. თქვენ უნდა მიხვიდეთ მკაფიო დასკვნამდე: „დიახ, მე ეს მინდა, და ეს ჩემს ცხოვრებას ზეიმად აქცევს“. თქვენი სული მღერის, გონება კი კმაყოფილი ხელებს იფშვნეტს.

თუ სული უკვე მღერის, გონებას კი ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, კვლავაც გააფართოვეთ კომფორტის ზონა. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ დაამსხვრიოთ მიზნის მიუწვდომლობის და არარეალურობის ცრუ სტერეოტიპები. იცით, რატომ გეჩვენებათ კარი ჩაკეტილად? იმიტომ, რომ იგი იმ მიუწვდომლობის ცრუ სტერეოტიპითაა ჩაკეტილი, რომელიც თქვენს გონებაშია. როცა სტერეოტიპს დაამსხვრევთ, კარი გაიღება.

მე არ მოგიწოდებთ, რომ დამიჯეროთ, ან საკუთარ თავს დაუჯეროთ, ან ვინმე სხვას. გონებას ვერასოდეს აიძულებთ დაჯერებას. იგი უპირობოდ მხოლოდ ფაქტებს იღებს. ასე რომ, კარი რომ რეალური გახდეს გონებისთვის, ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე უნდა გადახვიდეთ. ამის გაკეთება კი მხოლოდ მიზნობრივი სლაიდის მეშეობით შეიძლება. თქვენი ხაზის დასაწყისში მიზანი ჯერ კიდევ მხოლოდ წინაა, მაგრამ მისი მიღწევის გზები გონებისთვის უკვე რეალურად ჩანს. საკუთარი თავის დარწმუნება და სტერეოტიპთან ბრძოლა უსარგებლოა. სტერეოტიპის მსხვრევა სულაც არ ნიშნავს ამას. იგი თავისით დაიმსხვრევა, როცა გარეგანი განზრახვა ახალ შესაძლებლობებს გაჩვენებთ მიზნობრივ ხაზზე. ამიტომ, ხაზს ვუსვამ: ნუ ეცდებით საკუთარი თავის დარწმუნებას და ნუ შეებრძოლებით სტერეოტიპს. მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ სისტემატიურად ატრიალოთ გონებაში მიზნობრივი სლაიდი. ეს არაა ცარიელი სავარჯიშოები, არამედ კონკრეტული მოძრაობაა მიზნისკენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ მატერიალური რეალიზაცია ინერტულია, და გარეგან განზრახვას არ შეუძლია თქვენი დაკვეთის მყისიერად შესრულება. ამისთვის მოთმინება დაგჭირდებათ. ხოლო თუ მოთმინება არ გყოფნით, ე.ი. თქვენში მიზნის სასწრაფოდ მიღწევის მწველი სურვილია. მაშინ თავიდან დაიწყეთ და მნიშვნელოვანობა დაწიეთ. თქვენ გსურთ, ე.ი. ეჭვი გეპარებათ მიღწევის რეალობაში. კვლავაც გაზარდეთ კომფორტის ზონა მანამ, სანამ არ დაინახავთ, რომ თქვენს წინ რეალური პერსპექტივები იშლება.

ქანქარებს შეუძლიათ თქვენი კარი ცრუ უმნიშვნელობის და დაბალი ღირებულების საფარით შენიღბონ. ყველაფერს, რისი კეთებაც მსუბუქად, ძალდატანების გარეშე, გატაცებით შეგიძლიათ - მნიშვნელობა და ღირებულება აქვს. თქვენ ერთი უმნიშვნელო ღირსებაც კი არ გაგაჩნიათ. ნებისმიერ სისულელეს, რომელიც გახასიათებთ, სტერეოტიპების ფარგლებში კი არანაირი ღირებულება არ გააჩნია, შეუძლია თქვენი კარის გასაღების როლი შეასრულოს. სცადეთ მოახდინოთ თქვენი „არასერიოზული“ თვისების სერიოზულ კარებებზე პროეცირება.

მაგალითად, თუ „მასხასრას“ რეპუტაცია გაქვთ, მაშინ შეიძლება შესანიშნავი კომიკოსი გახდეთ. თუ ყველა გეუბნებათ, რომ თქვენგან არაფერი გამოვა, და ჩაცმის და პრანჭვის მეტი არაფერი იცით, მაშინ შესაძლოა თქვენს კარს ტოპ-მოდელის, ვიზაჟისტის ან მოდელიორის პროფესიისკენ მიყავხართ. თუ რეკლამა გაღიზიანებთ, და გიყვართ ბუზღუნი, რომ ეს ყველაფერი არასწორად კეთდება და თქვენი აზრით რეკლამის მიწოდება სულ სხვანაირად ჯობია, მაშინ შესაძლოა სწორედ ამ სფეროშია თქვენი დაფარული უნარები. ეს კერძო მაგალითებია. თქვენი პირადი „არაფრისმომცემი“ თვისება შეიძლება სრულიად მოულოდნელი სახით გამოვლინდეს. ამას მაშინ აღმოაჩენთ, თუ ქანქარებს ზურგს აქცევთ და საკუთარი სულისკენ შებრუნდებით. დაფიქრდით: თუკი თქვენს სულელურ მოქმედებებს ძალდაუტანებლად და გატაცებით ასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ ამას რაღაც მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

ყველაფერი ზემოთ ნათქვამი ეხება თქვენი კარის არჩევის პროცესს. მაგრამ დავუშვათ, თქვენ უკვე ისედაც ხართ არჩეული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაშინ არსებობს ერთი საშუალება იმის განსაზღვრისთვის - თქვენია ეს კარი თუ სხვისი. თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე იღლებით, ენერგიას კარგავთ, ძალებისგან იცლებით, ე.ი. ეს არაა თქვენი კარი. და პირიქით, თუკი შთაგონება გიპყრობთ, როცა იმ საქმეს აკეთებთ, რომელიც მიზანთან გაახლოებთ, შეგიძლიათ თამამად ჩათვალოთ ეს საქმე თქვენს კარად.

თქვენი კარის უცხოსგან გარჩევა კიდევ ერთი მეთოდით შეიძლება. უცხო კარი შეიძლება თქვენად მოგეჩვენოთ, თითქოს იხსნება თქვენს წინ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ცხვირწინ იკეტება. გამოდის, რომ სხვისი მიზნისკენ გზაზე თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარში წარუმატებლობა გეწვევათ. თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, ე.ი. უცხო კარით მიდიოდით. ამაში ვლინდება ქანქარების ვერაგობა, რომლებიც განზრახ აღებენ ყველასთვის მისაწვდომ კარებებს, რათა რაც შეიძლება ბევრი მიმდევარი შეიტყუონ.

როგორც წესი, თქვენს კართან რიგში არავინ დგას. მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენი კარის გავლის ბევრი მსურველი ნახეთ, ყველა მაშინვე გაიწევა, და თავისუფლად გაივლით. საყოველთაოდ მისაწვდომი კარებები ყველასთვის იღება, მაგრამ მათში ცოტანი გადიან. გაიხსენეთ, როგორ ქმნიან ქანქარები ვარსკვლავების წარმატებული კარიერის მითებს და როგორც დილობენ დაუქვემდებარონ ყველა წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“. მირაჟით გატაცებული ხალხი ერთად ასკდება ერთი და იმავე კარს მაშინ, როცა მათი საკუთარი კარი იქვეა, სრულიად თავისუფალი.

თუმცაღა თქვენს წინ შეიძლება თქვენი კარიც ჩაიკეტოს, თუკი უხეშად დაარღვევთ წონასწორობის კანონს. მაგალითად, თქვენს მიზანს თქვენთვის მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, და ყველაფერი ერთ კარტზეა დადებული. ამ კარის გაღება კვლავაც შეიძლება, თუ მნიშვნელოვნებას დაწევთ. ამაზე მოცემული თავის ბოლოს ვისაუბრებთ.