ganzraxva

განზრახვა

ვფიქრობ, თუ ბევრი დრო დახარჯეთ თქვენი მიზნისა და კარის განსაზღვრაზე, ე.ი. განზრახვა გაქვთ. განზრახვა სურვილს მიზნად აქცევს. სურვილი განზრახვის გარეშე არასოდეს ასრულდება. არც ოცნებები სრულდება. რით განსხვავდება მიზანი ოცნებისგან? იმით, რითაც განზრახვა განსხვავდება სურვილისგან. თუ განზრახვა გაგაჩნიათ, ოცნება მიზნად იქცევა. ცარიელი ოცნებები და ჰაერის კოშკები ვერაფერს შეცვლიან. ცხოვრების შეცვლა შეუძლია მხოლოდ განზრახვას, ანუ ფლობისა და მოქმედების გადაწყვეტილებას.

დავუშვათ, განსაზღვრეთ თქვენი მიზანი, და სავსე ხართ გადაწყვეტილებით, რომ მიაღწიოთ მას. იწვით სურვილისგან, რომ მალე დაიწყოთ მოქმედება. აი, ახლა მოადუნეთ მოჭიდება. დააგდეთ მიზნის მნიშვნელოვანობა, უარი თქვით მისი მიღწევის სურვილზე და დაიტოვეთ მხოლოდ ფლობის გადაწყვეტილება. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ გასუფთავებული განზრახვის ფარგლებში იმოქმედოთ, ანუ შეასრულოთ ყველაფერი, რაც თქვენგან მოითხოვება, ისე, რომ არ ისურვოთ და არ დაიჟინოთ.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ესაა ზედმეტი პასუხისმგებლობა, მცდელობა, გულმოდგინება და საკუთარი თავის იძულება. ჩვეული მსოფლხედველობის თვალსაზრისით ეს უჩვეულოდ ჟღერს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა აქ არაფერ უცნაურს არ ხედავთ. მოდით, ყველაფერი თავის ადგილზე დავსვათ.

როცა თქვენი მიზნისკენ თქვენი კარით მოძრაობთ, ამ დროს არ გჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა. არც საკუთარი თავის იძულება დაგჭირდებათ. თუ ეს ასე არაა, მაშინ ან მიზანია სხვისი, ან - კარი. მაგრამ გონება მიეჩვია ბრძოლას და დაბრკოლებების გადალახვას. ყველა პრობლემას გონება თვითონ იქმნის თავისთვის, როცა საგნებს ჭარბ მნიშვნელობას ანიჭებს და ვარიანტთა დინებას ებრძვის. ჩვენი ცხოვრების ხაზი დაბრკოლებების მინიმუმს შეიცავს, თუ მნიშვნელოვანობას არ მივაწვებით.

თქვენი მიზნისკენ ისე უნდა მიდიოდეთ, როგორც წერილისკენ საფოსტო ყუთში. რა რჩება განზრახვისგან, თუ მას მნიშვნელოვანობისგან და მიღწევის სურვილისგან გავასუფთავებთ? მხოლოდ ფლობის და ნაბიჯების გადადგმის გდაწყვეტილება. შეწყვიტეთ საფოსტო ყუთში არსებულ წერილზე, როგორც პრობლემაზე ფიქრი, და უბრალოდ დაიწყეთ მისი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. არ იფიქროთ პრობლემაზე - როგორც გამოგდით, ისე იმოქმედეთ, და მაშინ პრობლემა მოძრაობის პროცესში გადაწყდება.

გონების შინაგანი განზრახვა გიბიძგებთ, რომ ხელები წყალზე ადგაფუნოთ: „მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ...“ გარეგანი განზრახვა სრულიად სხვაგვარად მოქმედებს: „ისე გამოდის, რომ...“ მანამ, სანამ თქვენ დაჟინებით მოითხოვთ, საშუალებას არ აძლევთ გარეგან განზრახვას, რომ მიზნის რეალიზაცია ვარიანტთა დინების მიმართულებით მოახდინოთ. საიდან უნდა იცოდეს ზუსტად თქვენმა გონებამ, თუ რა სახით შეიძლება მიზნის რეალიზება?

თქვენი კარით თქვენი მიზნისკენ სიარული სწორ და თავისუფალ გზაზე სიარულს ჰგავს. ხელს არავინ და არაფერი არ გიშლით, თუ მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზეა, და ვარიანტთა დინებას არ ებრძვით. რადგან თქვენი გზით მიდიხართ, სანერვიულო არაფერი გაქვთ, მაშინაც კი, თუ დროებითი სირთულეები გაჩნდება. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ დატკბეთ ცხოვრებით და მიიღეთ ყველაფერი, როგორც საჩუქრები. როგორც კი თქვენი ზეიმი რაღაცით იქუფრება, სცადეთ განსაზღვროთ, რაში მოუმატეთ მნიშვნელოვანობას. რატომ გრთგუნავთ რაღაც? ამ კითხვაზე პასუხი სტანდარტულია: ან რაღაცას ზედმეტად აიძულებთ თავს, ან მიზნის მიღწევა გეჩქარებათ და ვერ ითმენთ, ან რაღაცას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებთ. მოადონეთ მოჭიდება.

დამთრგუნველი აზრები და გრძნობები შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როცა კომფორტის ზონა საკმარისად ფართო არაა. დავუშვათ, მიზნის მიღწევის შედეგად დიდი ფული უნდა აიღოთ. მაშინვე გიჩნდებათ ამაფორიაქებელი აზრების მთელი რიგი: და სად შევინახო ეს ფული? სად ჯობია ჩავდო? რომ დამეკარგოს? რომ წამართვან? როგორ ჯობია დავხარჯო? თუ ასეა, ე.ი. არ ხარ მზად, რომ გქონდეთ. როცა მიზნის განხორციელება ასეთ პრობლემებს უკავშირდება, თქვენ უცილობლად განიცდით სულიერ შებოჭილობას, და შესაბამისად, ქვეცნობიერად ეცდებით, რომ თავიდან მოიშოროთ ეს პრობლემები. ასეთ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

ფლობის გადაწყვეტილება გამუდმებით უნდა შეინარჩუნოთ. საკუთარი თავისთვის მიზნობრივი სლაიდის გონებაში ტრიალის იძულება არ მოგიწევთ. თქვენ ხომ მოგწონთ საკუთარ მიზანზე ფიქრი. მთავარია არ ეცადოთ საკუთარი თავის გადარწმუნებას. ეს შეგიძლიათ დიდხანს და უშედეგოდ აკეთოთ. განზრახვა, თვითშთაგონებისგან განსხვავებით, ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და განხილვას არ ექვემდებარება. იგულისხმება, რომ მიზანი ცალსახად მიღწევადია. ნებისმიერი ეჭვი თავისით გაქრება, თუ კომფორტის ზონას გააძლიერებთ.

მინდა ერთი შეცდომისგან დაგაზღვიოთ. არსებობს კიდევ ერთი ცრუ სტერეოტიპი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ მოვლენის მხოლოდ წარმატებულ განვითარებაზე ვიფიქროთ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს მართლაც ცრუ სტერეოტიპია. ხედავთ, რამდენია ასეთი! როგორ ფიქრობთ, გამოგივათ მხოლოდ წარმატებაზე ფიქრი? საეჭვოა. თუ ეცდებით, რომ თქვენი სცენარიდან ნეგატიური ვარიანტები გამორიცხოთ, არაფერი გამოგივათ. ვერ შეძლებთ გონების დარწმუნებას იმაში, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. გონებამ შეიძლება თავი მოაჩვენოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ეს მას შეუძლია. მაგრამ გულის სიღრმეში თქვენ მაინც შეგეპარებათ ეჭვი, რადგან ეჭვი გონებას ეპარება. სული აუცილებლად იპოვის ნეგატიურ ვარიანტს სარდაფში, სადაც იგი გონებამ შეჩურთა.

თქვენ არ გჭირდებათ მიზნობრივ სლაიდში მიზნის მიღწევის საერთოდ არანაირი სცენარის ჩართვა. მოცემული სლაიდი უნდა შეიცავდეს მიღწეული მიზნის მხოლოდ საბოლოო სურათს. თქვენ ეს უკვე გაგაჩნიათ. რაც მოგეთხოვებათ, ესაა - დატკბეთ სლაიდით და გადადგათ ნაბიჯები გასუფთავებული შინაგანი განზრახვის მეშვეობით. პროცესის ვიზუალიზაცია - ეს უკვე სცენარზე მუშაობაა, მაგრამ სრულიად სხვა მეთოდით. თქვენ არწმუნებთ გონებას იმაში, რომ ყველაფერი კარგად კი არ ჩაივლის, არამედ უკვე კარგად მიდის. ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის ვიზუალიზაცია ფეხდაფეხ მიყვება იმას, რასაც ახლა აკეთებთ, და ასევე მხოლოდ ერთ ნაბიჯს წინ. ხოლო როცა თავს არწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამ დროს კონტროლის მკვდარი მოჭიდება გაქვთ. მოადუნეთ მოჭიდება, არ იფიქროთ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ არ დამდგარან, და მშვიდად იმოძრავეთ ვარიანტთა დინებით.

ახალი თავები ეტაპობრივად დაემატება...