doors1

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)

ახალი თავები ეტაპობრივად დაემატება...


 

shopping1

როგორ უნდა აირჩიოთ თქვენი ნივთები

ამ თავში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავარჩიოთ სულის ნამდვილი მისწრაფებები ცრუ მიზნებისგან, რომლების თავს მოხვევასაც გამუდმებით ცდილობენ ქანქარები. პრობლემა იმაშია, რომ ცრუ მიზანს, მიუხედავად თავისი მიმზიდველობისა, არაფერი მოაქვს თქვენთვის, გარდა იმედგაცრუებისა. ცრუ მიზნის დევნაში, ან არაფერს მიაღწევთ, და თქვენს მიერ დახარჯული ძალისხმევები ქანქარების საკვები გახდება, ან მიზნის მიღწევის შემდეგ მიხვდებით, რომ ეს არ გჭირდებოდათ. ღირს კი, გაუშვათ ხელიდან ცხოვრების მიერ ბოძებული უნიკალური შანსი და დახარჯოთ ძვირფასი დრო შეცდომების გამოსწორებაზე? მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ხანგრძლივად გვეჩვენება, იგი ძალიან სწრაფად და შეუმჩნევლად გადის. ამიტომ საჭიროა ისწავლოთ სწორედ თქვენი მიზნების პოვნა, რომლებიც ბედნიერებას პირადად თქვენ მოგიტანენ.

მე არ მინდა ამ თავის თეორიით დაწყება. ალბათ ისედაც დაიღალეთ მძიმეწონიანი თეორიული საფუძვლების მოსმენით. მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარად შემემსუბუქებინა გადმოცემის მძიმეწონიანობა, მაგრამ ვშიშობ, ყოველთვის არ გამომდიოდა ეს. რას იზამ, არაორდინალური საკითხებია დასმული, და დასკვნებიც შესაბამისად განსაცვიფრებელია. თქვენი გონება ვერასოდეს მიიღებდა სერიოზულად ტრანსერფინგის იდეებს, თუნდაც მცირე არგუმენტები რომ არ მომეყვანა. მაგრამ ყველაზე რთული უკვე ჩავლილია, და ამ თავს პრაქტიკული საკითხებით დავიწყებ. ამიტომ შეგიძლიათ დაისვენოთ და ტაში დაუკრათ, თქვენ შესანიშნავი საჩუქარი გელოდებათ. იგი განსაკუთრებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მოგეწონებათ.

ყველაზე მკაფიო და მარტივ მაგალითს, და ამავდროულად საკუთარი მიზნის განსაზღვრის უნარისთვის სავარჯიშოს წარმოადგენს თქვენთვის საჭირო ტანსაცმლის ძიება. გაიხსენეთ, იყო თუ არა შემთხვევები, როცა თითქოს შესაფერის ტანსაცმელს ყიდულობდით, შემდეგ კი აღმოჩნდებოდა, რომ აღარ მოგწონთ, ან არ გიხდებათ, ან დეფექტურია. ასევე იყო თუ არა, როცა დაინახეთ ტანსაცმელი, ყოყმანის გარეშე, მაშინვე იყიდეთ და დღემდე კმაყოფილი ხართ მისით. განსხვავება ამ ორ ტანსაცმელს შორის ისაა, რომ პირველი მათგანი - სხვისია, მეორე კი - თქვენი.

პირველი, რომელიც მიმზიდველად გეჩვენებოდათ, სხვა ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, და არა თქვენთვის. შესაძლოს ნაცნობზე, ან მანეკენზე ჩაცმული დაინახეთ იგი. თუ რაღაც სხვაზე კარგად გამოიყურება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი თქვენც მოგიხდებათ. და ეს თქვენი ნაკლოვანება კი არა, თქვენი ღირსებაა. ძალიან ცუდია, იყო მანეკენი, რომელზეც ყველაფერი კარგად გამოიყურება. ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს არა საყოველთაოდ მიღებული სილამაზე, არამედ წარმატებულად ხაზგასმული ინდივიდუალობა.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს გარეშეც კარგად იცით. მაგრამ თქვენ დიდი ხანი დადიხართ მაღაზიებში და იტანჯებით იმის გამო, რომ არ იცით, რა იყიდოთ. ფასონების ცოდნა, მოდის შეგრძნება, კარგი გემოვნებაც კი ვერ გეხმარებათ. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მაინც არ ხართ ბოლომდე კმაყოფილი ნაყიდი ნივთით. იმისთვის, რომ ყოველთვის იპოვოთ სწორედ ის, რაც გჭირდებათ, აუცილებელია საკუთარი ნივთების სხვების ნივთებისგან გარჩევა. როგორ კეთდება ეს? არც კი დაიჯერებთ, ისე მარტივად!

პირველ რიგში, არასოდეს იტანჯოთ არჩევანის პრობლემით. აქ თქვენ აშკარად არღვევთ წონასწორობას. რაც უფრო მეტად იძაბებით ამასთან დაკავშირებით, მით უფრო უარესი იქნება შედეგი. არაა საჭირო ნივთების დიდხანს თვალიერება და მათი ღირსებების და ნაკლოვანებების შეფასება. გონებამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევაში, რადგან გონება და მისი აზრები - ეს თქვენ კი არა, ქანქარების ზეგავლენაა. უბრალოდ იარეთ და დააკვირდით, როგორც გამოფენაზე, ისე, რომ არაფერზე იფიქროთ.

ჯერ ზოგადად გაარკვიეთ საკუთარ თავთან, საერთო შტრიხებში, თუ რისი შეძენა გსურთ. დეტალების წარმოდგენა აუცილებელი არაა. ერთადერთი აღწერა ტანსაცმლის ტიპი უნდა იყოს. მაგალითად, თუ პალტო გჭირდებათ, უბრალოდ დაისახეთ მიზნად, რომ პალტო აირჩიოთ, და მეტი არანაირი ზედმეტი პირობა. დაე, ნივთი თქვენმა სულმა აირჩიოს - იგი გაცილებით უფრო ახლოსაა იმასთან, რაც სინამდვილეში ხართ. იგი ხელიდანა რ გაუშვებს მცირე დეტალსაც კი, და აუცილებლად დროულად მიგითითებთ თქვენს ნივთზე. ამას მაშინვე მიხვდებით, როგორც კი მრავალ ნივთს შორის დაინახავთ, ან უფრო სწორად იგრძნობთ იმას, რომელიც განსაკუთრებულ სიმპათიას აღგიძრავთ.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არაა საჭირო ანალიზი იმისა, თუ რატომ მოგწონთ ნივთი. იგი უბრალოდ მოგწონთ და მორჩა, მასზე შეგიძლიათ თქვათ - „ეს ისაა, რაც მჭირდება“. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იყიდით მას.

მაშინაც კი, თუ დიდი ხანია ეძებთ და არ შეგიძლიათ პოვნა, ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენი ნივთი რომელიღაც მაღაზიაშია. თუ მესამეში არა, მეათეში იპოვით მას. იგი მოთმინებით გელოდებათ, ამიტომ თქვენც გამოავლინეთ მოთმინება, არ იწრიალოთ, არ დატანჯოთ ეჭვებით და არ უსაყვედუროთ საკუთარ თავს. ხოლო იმისთვის, რომ დარწმუნებულობა აბსოლუტური იყოს, მე თქვენ გაგიხსნით იმის საიდუმლოს, თუ როგორ გაარჩიოთ სხვისი ნივთი თქვენი ნივთისგან. ეს მარტივიცაა და საიმედოც.

როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევის პროცესში თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი საგნების ღირსებებზე და ნაკლოვანებებზე. მაგრამ აი, დადგა მომენტი, როცა გამყიდველს თქვენი „კი“ ან „არა“ უნდა უთხრათ. ამ მომენტში თქვენ ძალიან ტკბილად გძინავთ, მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ ასე არაა. განსაკუთრებულად ძლიერია თქვენი ძილი მაშინ, თუ გამყიდველი ან თქვენი მეგობარი გეუბნებათ რაღაცას ნივთის შესახებ.

იმ დროს, როცა გადაწყვეტილებას იღებთ, მხოლოდ თქვენი გონება მუშაობს. იგი აანალიზებს ღირსებებს და ნაკლოვანებებს, აწყობს თავის კონცეფციას ისე, რომ იგი რაციონალური და სარწმუნო იყოს, და ამავდროულად გარშემომყოფების შეხედულებასაც უსმენს. გონება იმდენადაა შთანთქმული ამ პროცესით, რომ სულის გრძნობებს საერთოდ აღარ აქცევს ყურადღებას. ამ თვალსაზრისით გონებას ღრმად ძინავს. დაე, იყოს ასე, არ შეუშალოთ ხელი მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მაგრამ აი, გადაწყვეტილება მიღებულია. ამ მომენტში აღარავის უსმინოთ, გაიღვიძეთ და გაუწიეთ საკუთარ თავს ანგარიში: რა გრძნობებს განიცდიდით, როცა გადაწყვეტილება მიიღეთ? სულიერი კომფორტის მდგომარეობა გიჩვენებთ სულის დამოკიდებულებას გონების გადაწყვეტილებასთან.

სულიერი კომფორტი, როგორც იცით, ვერ მოგცემთ ცალსახა პასუხს. სულმა ყოველთვის ზუსტად არ იცის რა უნდა, და ასევე შეუძლია იყოყმანოს. თუ ნივთი პირველივე შეხედვაზე მოგეწონათ და ეს მაშინვე იგრძენით, ეს ნიშნავს, რომ სულმა თქვა - „კი“. მაგრამ შემდეგ ირთვება გონება და იწყებს არჩევანის გაანალიზებას და არგუმენტირებას. თუ ანალიზის შედეგაც გონებამაც „კი“ თქვა, ეს ნიშნავს, რომ ნივთი თქვენია. მაგრამ თუ ნივთი პირველივე შეხედვაზე კი არა, რაციონალური არგუმენტაციის შემდეგ მოგეწონათ, მაშინ განსაკუთრებულად უნდა მიაქციოთ ყურადღება უმცირეს დისკომფორტსაც კი. სულმა ყოველთვის ზუსტად იცის - რა არ უნდა.

თუკი ყოყმანობთ, თუკი რაღაც მაინც ამ ნივთში თუნდაც მცირე შფოთვას ან დისკომფორტს იწვევს, თუკი გაიელვებს ეჭვის ან დათრგუნულობის თუნდაც მსუბუქი ჩრდილი - ეს თქვენი ნივთი არაა. გონება თქვენს დათანხმებას და ამ ნივთის ღირსებების წარმოჩენას ეცდება. თუ გამოიჭირეთ საკუთარი თავი იმაში, რომ არწმუნებთ საკუთარ თავს, ცდილობთ დაუმტკიცოთ, რომ ეს ტანსაცმელი ფასონით ან ზომით გიხდებათ - მაშინვე შეგიძლიათ მოიშოროთ ეს ნივთი - ის სხვისია.

არჩევის ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი მდგომარეობს ერთ მარტივ ფრაზაში: თუკი საკუთარი თავის დარწმუნება გიწევთ, ეს ნიშნავს, რომ ნივთი სხვისია. იცოდეთ, რომ თუ ნივთი თქვენია, არ მოგიწევთ საკუთარი თავის დარწმუნება.

და ბოლოს, ღირს თუ არა, რომ არჩევის პროცესში სხვების აზრს მოუსმინოთ? ვფიქრობ, არ ღირს. ვერავინ, თქვენს გარდა, ვერ შეძლებს სწორედ თქვენი ნივთის არჩევას. თუკი იგი უპირობოდ მოგეწონათ, შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ, სხვები აღტაცებულნი იქნებიან, როცა ამ ტანსაცმელს თქვენზე იხილავენ.

ფასებზე შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა: სულაც არაა აუცილებელი, რომ თქვენი ნივთი ძვირადღირებულ მაღაზიებში იდოს. მაგრამ თუ აქამდე მივიდა საქმე, ტრანსერფინგი იმაშიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრებიდან ფულის პრობლემა მოიშოროთ. თუ თქვენს მიზანს განსაზღვრავთ და მის მის მიღწევას ეცდებით, და არა ფულის შოვნას, მაშინ ფული თავისით მოვა, თანაც უხვად.

როგორც ხედავთ, ნივთების არჩევის პროცესი ტრანსერფინგის ყველა ძირითად პრინციპს მოიცავს. თქვენ მაღაზიაში ისე დადიხართ, როგორც გამოფენაზე, უბრალოდ აკვირდებით და არ უსახავთ საკუთარ თავს ამოცანას, რომ აუცილებლად იპოვნოთ რაღაც. შესაბამისად, თქვენ უარს ამბობთ მიზნის მიღწევის სურვილზე. მშვიდად აცნობიერებთ, რომ თქვენი ნივთი სადღაც გელოდებათ, და ზუსტად იცით, თუ როგორ გამოარჩიოთ იგი სხვებისგან. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზეა. თქვენ იღვიძებთ მაშინვე, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიღებულია და საკუთარ თავს ანგარიშს უწევთ, თუ როგორ ხდებოდა ყველაფერი.

გამოდის, რომ თქვენ გაცნობიერებულად მოქმედებთ და თავად განსაზღვრავთ თამაშის სცენარს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი სულიერი კომფორტის მდგომარეობას ეყრდნობით. არ შეცდებით, რადგან საიმედო საყრდენი გაქვთ - სულისა და გონების ერთობა. და ბოლოს, თქვენ გარკვეულწილად გაიმარტივებთ ამოცანას, თუ მკაცრად დაგეგმვას არ დაიწყებთ, საკუთარ თავს ვალდებულებებში არ გახლართავთ და ჯიუტად არ მიაწვებით თქვენს ხაზს, არამედ ვარიანტთა დინებას მიენდობით. ცხოვრება - ეს მსუბუქი ზეიმია, თუკი ამის საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს. თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ თქვენსას.

აი, ახლა უკვე გაქვთ მარტივი და ძლიერი ტექნიკა. შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ მაღაზიაში, და მაშინაც კი, თუ ამ დღეს ვერაფერი იყიდეთ, ეს ნიშნავს, რომ სხვა ნივთისგან გადაირჩინეთ თავი. მშვიდი და თავდაჯერებული იქნებით, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ნივთი სადღაც დევს და გელოდებათ. თქვენ მას აუცილებლად იპოვით. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ მანამ, სანამ თქვენს ბაგეებს „კი“ ან „არა“ მოწყდება, უნდა გაიღვიძოთ და ანგარიში გაუწიოთ საკუთარ შეგრძნებებს.

იმ შემთხვევაში, როცა ტანსაცმელს თქვენთვის კი არა, მაგალითად, ბავშვისთვის ირჩევთ, მოცემული ტექნიკა არ იმუშავებს. უფრო სწორად იმუშავებს, მაგრამ არა ასეთი სიზუსტით. თქვენი სული ვერ შეძლებს ნივთის არჩევას სხვა სულისთვის. ამიტომ აქ მხოლოდ ისღა დაგრძენიათ, რომ პრაქტიკულობით იხელმძღვანელოთ. მაგრამ ამავდროულად, საშუალება მიეცით ბავშვს, რომ თავად აირჩიოს ნივთი. დიდებისგან განსხვავებით, ბავშვებს შეუძლიათ თავისი ნივთების პოვნა.

რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა გამოყენებადია არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევებშიც. როცა თქვენთვის რაღაცის არჩევა გიწევთ. და მე ვიმედოვნებ, რომ წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ - თქვენია.

 


 

tilda

როგორ ვუკარნახოთ მოდა

გინდათ, რომ თავად იყოთ მოდის ფუძემდებელი? ადრე ხომ იმას აქცევდით ყურადღებას, თუ როგორ იცვამდნენ სხვები და ცდილობდით, რომ მოდისთვის აგეწყოთ ფეხი. მაგრამ თავში არ მოგდიოდათ, ვინ ქმნის ამ მოდას. ამგვარად, მოდა წამყვანი კუტიურიეების სალონებში არ იბადება - ისინი მხოლოდ აიტაცებენ ხოლმე მას. მოდის ახალი ტენდენციები იმ ადამიანების მიერ იქმნება, რომლებიც შედარებით თავისუფალნი არიან ქანქარებისგან. ეს ადამიანები მხოლოდ თავისი დამოუკიდებელი შეხედულებებით და გემოვნებებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ მოდის ფუძემდებლები ხდებიან. ისე იცვამენ, როგორც გული კარნახობთ, და ეს ზუსტად ხვდება მიზანში. შემდეგ ამ იდეას სხვები ამჩნევენ, იტაცებენ და სპონტანურად ავრცელებენ.

თუ მოდას ბრმად მიყვებით, შეიძლება საფუძვლიანად დაამახინჯოთ თქვენი გარეგნობა. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ ელეგანტურ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ იცვამენ მოდის მიხედვით. სამაგიეროდ მაშინვე ჩანს, რომ ამაში არის რაღაც, და არავის მოუვა თავში, რომ უგემოვნობაში დასდოს მათ ბრალი. და პირიქით, გამუდმებით გვხდებიან არსებები, რომლებიც ყველანაირი მოდის მიხედვით იცვამენ, მაგრამ საცოდავად გამოიყურებიან, იმიტომ, რომ ეს მათ საერთოდ არ უხდებათ. მიმბაძველები ბრმად მიჰყვებიან შინაგანი განზრახვის გზას სხვისი მიზნისკენ, რომელიც მოდის ქანქარას მიერაა განსაზღვრული. ისინი არ უფიქრდებიან თავიანთ გემოვნებას და ემორჩილებიან ქანქარას წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“. აქ მინდა მოვიყვანო ფრანგული გამოთქმა: „ნუ შეგეშინდება, რომ არამოდურად გამოიყურებოდე - გეშინოდეს, რომ სასაცილოდ გამოიყურებოდე“.

მოდის გარეგნული მხარე - სტილია, ხოლო შინაგანი არსი - ისაა, რაც კონკრეტულად თქვენ შეგეფერებათ მოცემული სტილის კონტექსტში. აუცილებელია მხოლოდ, რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ, რა გსურთ: მუდურად გამოიყურებოდეთ თუ ელეგანტურად? ეს ერთი და იგივე არაა. და რომელია თქვენი აზრით უკეთესი? შესაძლოა საერთოდ არ იყოთ თქვენი ეპოქის სტილში ჩაცმული, მაგრამ თუ ეს თქვენია, ყველა შურით მოკვდება!

თქვენ ალბათ მიხვდით, რომ მოდის მიყოლა სხვა არაფერია, თუ არა მოდის ქანქარას თამაშში მონაწილეობა. მოდის გავლენები სწრაფად ჩნდება და სწრაფადვე ქრება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მცირევადიანი ქანქარაა. არაფერია საშიში, თუ ამ ქანქარას გავლენის ქვეშ მოხვდით. მთავარია, რომ აცნობიერებდეთ ამას და თქვენთვის ნახულობდეთ სარგებელს მოდიდან, და არა ისე, რომ უბრალოდ ძღვენს აძლევდეთ მას.

თქვენ უპრობლემოდ შეგიძლიათ შექმნათ მოდის საკუთარი ქანქარა. ეს ძალიან მარტივად კეთდება. საჭიროა, რომ ზურგი აქციოთ ქანქარას და საკუთარი თავისკენ შემობრუნდეთ. დაისახეთ მიზანი, რომ საინტერესოდ და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. არაფრის კონკრეტიზაცია არაა საჭირო. უბრალოდ იარეთ მაღაზიებში და ათვალიერეთ ნივთები ზემოთმოყვანილი მეთოდის შესაბამისად. დაივიწყეთ მიმდინარე მოდა. ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ შეგრძნებებს, რომლებსაც განიცდით, როცა ნივთს უყურებთ. გამორთეთ თქვენი ანალიტიკური აპარატი. შეწყვიტეთ ფიქრი, შედარება და საერთოდ განსჯა. როგორც კი გამოიჭირეთ თავი იმაზე, რომ გაანალიზებას ცდილობთ, მაშინვე შეწყვიტეთ ეს უსარგებლო პროცესი. უსმინეთ დილის ფოთლების შრიალს.

სავარაუდოდ მაშინვე არ გამოგივათ. მიეცით საკუთარ თავს განუსაზღვრელი დრო და უარი თქვით საკუთარი მიზნის რეალიზაციის სურვილზე. რადგან თუ არაფერი გამოგივათ, არც არაფერს კარგავთ. გაანთავისუფლეთ საკუთარი თავი მიზნის მიღწევის ვალდებულებისგან. დააგდეთ მნიშვნელოვანობა და მოადუნეთ მოჭიდება. უბრალოდ იარეთ და ათვალიერეთ ნივთები, მოისინჯეთ ისინი ცნობისმოყვარეობისთვის. მიენდეთ ვარიანტთა დინებას.

სასარგებლო იქნება, თუ ამავდროულად გონებაში თქვენი მიზნის სლაიდს ატრიალებთ. თუმცაღა ეს არ უნდა იყოს კონკრეტული სურათი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებით. სლაიდი უნდა შედგებოდეს შეგრძნებებისგან, რომლებსაც მაშინ განიცდით, როცა ყურადღებას იპყრობთ და ელეგანტურად, საინტერესოდ გამოიყურებით.

უარი თქვით რაღაც განსაკუთრებულის პოვნის სურვილზე. ექსტრაორდინალურობა სულაც არ წარმოადგენს წარმატების გარანტიას. დამიჯერეთ, თქვენ ისედაც მოგიწევთ მოულოდნელი აღმოჩენების გაკეთება. გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე ორიგინალურ გადაწყვეტას. როგორც კი სულისა და გონების ერთობა მიღწეულ იქნება, თქვენ შეუდარებელ გრძნობას განიცდით. ეს იქნება გაკვირვებისა და აღტაცების ნაზავი. მაშინვე მიხვდებით ამას, მაგრამ საკუთარ თავს არ ეტყვით: „ეს ისაა, რაც მჭირდება“. თქვენ მოგინდებათ, რომ რაღაც ამდაგვარი წამოიძახოთ: „შეუძლებელია! გავგიჟდები!“ მოკლედ, ასეა. თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული.

წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ განთავისუფლდით ქანქარების ზეგავლენისგან და თქვენი გზით წახვედით. და რას აკეთებენ ქანქარები, როა ხედავენ, რომ ცის თაღზე ახალი ვარსკვლავი ამოდის? როგორც წინა თავიდან იცით, ისინი ანთებენ მას. მათ უბრალოდ სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ ვარსკვლავად, ანუ თავიანთ ფავორიტად გაქციონ. ქანქარები ცდილობენ, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ ჰყავდეთ, ამიტომ დაგეხმარებიან კიდეც. ხოლო თუ გაგიმართლებთ, თქვენს ქანქარას შექმნით და მისი ფავორიტი გახდებით.

ყველაფერი ზემოთ თქმული, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტანსაცმელს არ ეხება. იგივე პრინციპები შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ეს პრივილეგიაა - იყო ის, ვინც ხარ! და ეს სწორედ ის პრივილეგიაა, რომლის უფლებაც ყველამ შეიძლება მისცეს საკუთარ თავს. მაგრამ გამბედაობა ამისთვის მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით. ამის მიზეზი მხოლოდ ერთია - ძლიერი დამოკიდებულება ქანქარებზე. ქანქარებს დამჯერი მარიონეტები სჭირდებათ, და არა თავისუფალი პიროვნებები. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ გააცნობიეროთ ეს, განთავისუფლდეთ ქანქარების გავლენისგან და გახდეთ ის, ვინც ხართ.

სხვა სიტყვებით, თქვენმა გონებამ თავისი აღნიშვნების სიაში ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა შეიტანოს: ყველა ფლობს ძვირფას განძს - საკუთარი სულის უნიკალურობას. ყოველ ადამიანს აქვს თავის ჯიბეში წარმატების გასაღები, და მიუხედავად ამისა არ იყენებს მას. დაე, თქვენმა გონებამ ხელი ჩაჰკიდოს თქვენს სულს, წაიყვანოს მაღაზიაში და საშუალება მისცეს, რომ მან თავად აირჩიოს სათამაშო.

სულისა და გონების ერთობა ისეთი იშვიათობაა, რომ ამის გაყიდვა, მარტივად რომ თქვათ, სასარგებლოა. კულტურისა და ხელოვნების ყველა შედევრი - ამ ერთობის გამოვლინებაა. ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ ხდებიან ვარსკვლავები, რომ ადამიანებს ის აინტერესებთ, რაც თვითონ აკლიათ - სულისა და გონების ერთობა.

 


 

crossroads111222

სხვების მიზნები

აქამდე ჩვენ განვიხილავდით გარე სამყაროს ადამიანისთვის, როგორც ვარიანტთა სივრცეს სექტორებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ცხოვრების ხაზებში. თუ ადამიანის აზრობრივი გამოსხივების ენერგიის პარამეტრები სექტორის პარამეტრებს ემთხვევა, მაშინ სექტორი მატერიალურ რეალიზაციად ვლინდება. თუმცაღა თავად ადამიანიც ენერგეტიკული თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ არსებას, რომელსაც გამოსხივების თავისი უნიკალური სპექტრი აქვს. ყოველ ინდივიდს ვარიანტთა სივრცეში „თავისი“ ცხოვრების ის ხაზები აქვს, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამებიან მისი ცხოვრების ფრეილეს.

ცხოვრების თავის ხაზებზე ადამიანი დაბრკოლებების მინიმუმს ხვდება, და ყველა ვითარება მის სასარგებლოდ ლაგდება. ადამიანის სულის ფრეილე წარმატებით ეწყობა ცხოვრების თავის ხაზს და ადვილად აღწევს თავის მიზანს. ზუსტად ასევე თავისი გასაღები ადვილად ტრიალდება კლიტეში და დახურულ კარს აღებს. ჩვენთვის არაა აუცილებელი, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ და როგორ ხდება ეს ყველაფერი. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თავად ფაქტს, რომ რომ ყოველ ადამიანს თავისი ღერძი გააჩნია. თუ ადამიანი მიზნისკენ თავისი კარიდან შედის, მას ყველაფერი წარმატებით ულაგდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანმა გზიდან გადაუხვია, მას თავს ატყდება ყველა შესაძლო პრობლემა, და ცხოვრება იქცევა მძიმე ბრძოლად არსებობისთვის. სულისთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა. თქვენ ხომ ბრაზდებით, როცა დასვენების დღეებში ცუდი ამინდია? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობს სული, როცა ცხოვრების მიერ ბოძებული უნიკალური შანსი სანაგვეზე მიდის.

სული ხედავს, რომ ქანქარებით გატაცებული გონება მთელ ცხოვრებას ინგრევს, მაგრამ მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. გონებამ, შემოდის რა ამ სამყაროში, ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს, რა სურს, რისკენ ისწრაფვოს. სულმა ზუსტად თუ არ იცის, ყოველ შემთხვევაში ხვდება მაინც, მაგრამ გონება მას არ უსმენს. ქანქარები მაშინვე ამუშავებენ გონებას, თავს ახვევენ თავის მიზნებს და თამაშის წესებს. ქანქარები აიძულებენ ადამიანებს, რომ სხვების მიზნები აირჩიონ და სხვების კარებებთან დააყენონ რიგები. სუსტი მცდელობები სულისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს გონებაზე, უშედეგოდ მთავრდება, იმდენად დიდია ქანქარების ზეგავლენა.

ბევრი ჩვენგანს ბავშვობიდან შთააგონებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ შეუპოვარი შრომით შეიძლება. და კიდევ, საჭიროა დაჟინებით იარო საკუთარი მიზნისკენ და გადალახო წინააღმდეგობები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა ბრძოლა, შეუპოვრობა, მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა, და საერთოდ, მზის ქვეშ საკუთარი ადგილის მოპოვება. ეს ძალიან მავნე და ცრუ სტერეოტიპია.

მოდი გავარკვიოთ, როგორ გაჩნდა ეს სტერეოტიპი. როგორც წესი, ადამიანი ქანქარების ზეგავლენის ქვეშ ხვდენა და თავისი გზიდან უხვევს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მის გზაზე მრავალი წინააღმდეგობა ჩნდება, ამიტომ უწევს, რომ ეს წინააღმდეგობები გადალახოს. სცადეთ გამოიცნოთ, რაში ცდება ეს ადამიანი? იმაში, რომ იგი სხვისი მიზნისკენ მიდის სხვისი კარის გავლით? არა. პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდება თქვენთვის, ისევე, როგორც ყველაფერი ამ წიგნში.

ადამიანი იმაში ცდება, რომ მას აქვს ცრუ რწმენა: „თუ მე წინააღმდეგობებს გადავლახავ, იქ, წინ, ბედნიერება მელოდება“. ეს ილუზიაა და მეტი არაფერი. წინ არანაირი ბედნიერება არაა! რაც არ უნდა ეცადოს ადამიანმა, იგი ყოველთვის ჩამავალი მზის მადევარის მდგომარეობაში იქნება. სხვისი ცხოვრების ხაზზე ადამიანს არანაირი ბედნიერება არ ელოდება, არც უახლოეს, და არც შორეულ მომავალში.

ბევრი ადამიანი, რომელმაც მიზნებს დიდი შრომით მიაღწია, არაფერს გრძნობს გარდა გამოცარიელებისა. მაშ, სად ჯანდაბაში წავიდა ბედნიერება? ის იქ არც ყოფილა, რადგან ეს მირაჟი იყო, შექმნილი ქანქარების მიერ იმისთვის, რომ ადამიანს მათთვის ენერგია მიეცა, ილუზორული ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: წინ არანაირი ბედნიერება არაა. იგი ან აქ და ახლაა, ცხოვრების მიმდინარე ხაზზე, ან საერთოდ არაა.

რაში მდგომარეობს ბედნიერება ტრანსერფინგის მოდელში? იქნებ, ის მაშინ მოვა, როცა სწორედ ჩვენს მიზანს მივაღწევთ? კვლავაც ვერ გამოიცანით. ბედნიერება მოდის საკუთარი მიზნისკენ სვლისას, საკუთარი კარით. თუ ადამიანი ცხოვრების თავის ხაზზე იმყოფება, თავისი ღერძი გააჩნია, მაშინ იგი ბედნიერებას უკვე ახლა გრძნობს, მაშინაც კი, თუ მიზანი ჯერ კიდევ წინაა. ამ დროს ცხოვრება ზეიმად იქცევა. როცა მიზანი მიღწეულ აღმოჩნდება, ეს ორმაგი სიხარული იქნება. თუმცაღა უკვე თავად მიზნისკენ სიარული აქცევს ყოველ დღეს ზეიმად. სხვისი მიზნისკენ სიარული ზეიმს ყოველთვის ილუზორულ მომავალში ტოვებს. სხვისი მიზნის მიღწევას, ბედნიერების ნაცვლად იმედგაცრუება და დაცარიელება მოაქვს.

თქვენი მიზანი - ეს ისაა, რაც ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებთ. ეს არაა ის, რასაც დროებითი კმაყოფილება მოაქვს, არამედ ისაა, რაც სიცოცხლით სიხარულის შეგრძნებას იძლევა. თქვენი კარი - ესაა თქვენი მიზნისკენ მოძრაობის გზა, რომლითაც შთაგონებული და გატაცებული ხართ. ვერ ვიტყვით, რომ იქ ყოველთვის ყველაფერი ადვილად გვეძლევა. მთავარია, რომ თქვენი კარის გზით მოძრაობა არ გაცარიელებთ, არამედ პირიქით, ძალების მოზღვავებას იწვევს.

თუ საკუთარი მიზნისკენ საკუთარი გზით მიდიხარ, წინააღმდეგობები ადვილად გადაილახება, და შრომაც არაა მძიმე. ხოლო თუკი მიზნისკენ გზაზე მთელ ძალისხმევას დებთ, შთაგონების გარეშე შრომობთ და იღლებით, ეს ნიშნავს, რომ ეს თქვენი მიზანი არაა, ან სხვა კარის შემტვრევას ცდილობთ. ჩამოვთვალოთ სხვების მიზნების დამახასიათებელი ნიშნები.

სხვისი მიზანი - ეს ყოველთვის საკუთარ თავზე ძალადობაა, იძულებაა, ვალდებულებაა. თუ თქვენს მიზანში თუნდაც მცირე იძულების აუცილებლობას ხედავთ, შეგიძლიათ თამამად თქვათ მასზე უარი. თქვენ არ დაგჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება, თუკი მიზანი მართლაც თქვენია. თქვენი მიზნისკენ სიარული სასიამოვნოა. მისი მიღწევის პროცესი სიამოვნებას განიჭებთ. სხვისი მიზნისკენ მიდიხართ და ამ დროს მრავალი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ. გზა სხვისი მიზნისკენ - ეს ყოველთვის ბრძოლაა. ქანქარას სჭირდება, რომ თქვენ მკაცრად ზუსტად შეასრულოთ თქვენი, როგორც ჭანჭიკის სამუშაო მთელი მექანიზმის საკეთილდღეოდ. თქვენთვის ძნელია, მაგრამ მაინც გააკეთებთ ამას, რადგან ქანქარებმა შთაგაგონეს, რომ ყველაფერი მხოლოდ მძიმე შრომით მიიღწევა. თუ მაგარი ხარ, უნდა გადალახო შენი თავი, ყველა დაბრკოლება უნდა გაანადგურო შენ გზაზე, ცეცხლი და წყალი უნდა გაიარო და მზის ქვეშ ადგილი მოიპოვო. ხოლო თუ სუსტი ხარ, იცოდე შენი ადგილი და გაჩუმდი.

სხვისი მიზანი მოდისა და პრესტიჟის სახით ვლინდება. ქანქარებს სჭირდებათ, რომ ცხოვრების უცხო ხაზებში მიგიტყუოთ, ამიტომ ისინი მთელი ძალით ეცდებიან ამას. სტაფილო ძალიან მადისამღძვრელად უნდა გამოიყურებოდეს, და მაშინ გონება მას გაეკიდება. ქანქარებს არ შეუძლიათ, რომ ყველა შემთხვევაში გაიძულონ შესრულება წესისა: „გააკეთე ისე, როგორც მე“. თქვენ თავად უნდა მოგინდეთ ეს. ამისთვის იქმნება მითები ვარსკვლავების წარმატებული კარიერის შესახებ. თქვენს წინაშე ახდენენ მათი წარმატების ალგორითმის დემონსტრირებას და გაყენებენ არჩევანის წინაშე: თქვენ ან სხვის გამოცდილებას იმეორებთ, ან ხელცარიელი რჩებით. თქვენ საიდან უნდა იცოდეთ, როგორ მიაღწიოთ წარმატებას? აი, მათ კი იციან, შედეგი სახეზეა. მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ აღწევენ მიზანს, რომ ამტვრევენ წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“, და თავისი გზით მიდიან. თქვენი წარმატების ალგორითმი არავისთვის არაა ცნობილი, გარდა თქვენი სულისა.

სხვისი მიზანი თავისი მიუწვდომელობით გიზიდავთ. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი იზიდავს, რასაც კლიტე ადევს. მიუწვდომლობა ფლობის სურვილს აღძრავს. ადამიანის ფსიქიკის ასეთი თავისებურება ბავშვობიდან მოდის, როცა ბევრი გინდა, მაგრამ ძალიან ცოტაა მისაწვდომი. ხშირად ხდება ისე, რომ თუ სათამაშოზე უარს ეუბნებიან, ბავშვი მანამდე გაიჭაჭება, სანამ არ მიიღებს მას, შემდეგ კი მაშინვე კარგავს მისადმი ყოველგვარ ინტერესს. ზრდასრულებს სხვა სათამაშოები აქვთ, მაგრამ ისინიც ბავშვებივით იქცევიან. მაგალითად, ზრდასრულ ბავშვს არც ხმა აქვს და არც სმენა, მაგრამ ეჩვენება, რომ სიმღერა უყვარს. სინამდვილეში მას არ სურს შეეგუოს იმას, რომ ეს მისი ძლიერი მხარე არაა. სხვებს ასე კარგად გამოსდით და მე რით ვარ მათზე უარესი? მოიშორეთ მიზნის მნიშვნელოვანობა და უპასუხეთ კითხვას: მართლა მთელი სულით გსურთ, თუ უბრალოდ გინდათ, რომ გსურდეთ? თუკი მიზნის მიღწევის გზით გინდათ, რომ საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცოთ რამე, ეს ნიშნავს, რომ მიზანი თქვენი არაა. თქვენი მიზანი კისერზე მძიმე გირივით არ გკიდიათ, იგი უბრალოდ ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებთ.

სხვის მიზანს სხვები გახვევენ თავს. თქვენს გარდა ვერავინ განსაზღვრავს თქვენს მიზანს. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად მოისმინოთ „მცოდნე ადამიანების“ ჭკუის სწავლებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. გააკეთეთ თქვენი დასკვნები და მოიქეცით ისე, როგორც იცით. მაგრამ როგორც კი ვიღაც დაგიწყებთ ჭკუის დარიგებას, თუ საითკენ უნდა ისწრაფვოდეთ, მაშინვე უკუაგდეთ ასეთი უხეში შემოჭრა თქვენს სულში. მას ისედაც ჰყოფნის საკუთარივე გონების ბოდვითი იდეები. ვერავინ მიგითითებთ თქვენს მიზანზე. თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი - შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა. როგორც გახსოვთ, შემთხვევითი ფრაზები შეიძლება ნიშნები იყვნენ. ნიშანს მაშინვე იგრძნობთ. ვიღაცის წინასწარ განუზრახველმა ფრაზამ შესაძლოა თქვენს სულში ცეცხლი აანთოს. თუ თქვენს მიზანს შეეხნენ, სული ცოცხლდება, და თქვენ უეცრად აცნობიერებთ, რომ ეს „ისაა, რაც გჭირდებათ“. მაგრამ ეს ის შემთხვევა უნდა იყოს, როცა არ ცდილობენ რამეში დაგარწმუნონ ან ჭეშმარიტების გზაზე დაგაყენონ, არამედ უბრალოდ, სასხვათაშორისოდ აკეთებენ რაიმე შენიშვნას ან რეკომენდაციას გაძლევენ.

სხვისი მიზანი სხვისი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. თუ მიზანს თქვენს ცხოვრებაში გაუმჯობესება არ მოაქვს, ე.ი. იგი თქვენი არაა. თქვენი მიზნები ყოველთვის თქვენზე მუშაობენ, თქვენს კეთილდღეობაზე და წარმატებაზე. თქვენი მიზანი მხოლოდ თქვენ გჭირდებათ. თუკი იგი პირდაპირ ემსახურება სხვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სხვისი კეთილღეობის გაუმჯობესებას, ე.ი. მიზანი სხვისია. ქანქარები ნებისმიერი სათნო საბაბით ეცდებიან, რომ სხვებისადმი მსახურება გაიძულონ. მეთოდები მრავალნაირია. ადამიანებზე, გამძაფრებული დანაშაულის გრძნობით, ჩვეულებრივ მოქმედებენ სიტყვები: „ვალდებული ხარ, უნდა, საჭიროა“. ასეთები მართლაც პოულობენ შვებას თავიანთი წარმოსახვითი ცოდვების გამოსყიდვით. სხვებზე შეიძლება იმოქმედოს ლოზუნგმა: „თქვენს დახმარებას საჭიროებენ“. და ესეც მუშაობს. როგორც ხვდებით, მსგავსი მეთოდები შინაგან და გარეგან მნიშვნელოვანობაზე დგანან. უნდა გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ და არავის წინაშე ვალდებული არ ხართ. სხვებს ვერ გახდით ბედნიერს. სამაგიეროდ ძალიან მარტივად შეგიძლიათ ავნოთ მათ, თუკი თავად იქნებით უბედური.

სხვისი მიზანი სულიერ დისკომფორტს იწვევს. ცრუ მიზნები, როგორც წესი, ძალიან მიმზიდველია. თქვენი გონება გულმოდგინედ ეცდება, რომ ყველა ფერში დახატოს მიზნის ყველა შესაძლო ღირსება. მაგრამ თუ მიზნის მიმზიდველობის მიუხედავად თქვენ რაღაც გრთგუნავთ, საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, გონებას არაფრის გაგეონება არ სურს: ყველაფერი მშვენივრადაა. მაშინ საიდან მოდის დისკომფორტის ჩრდილი? მე გავიმეორებ მნიშვნელოვან წესს წინა თავიდან: მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ მის პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და მისი მიღწევის საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ და ყველაფერმა ჩაიარა. კარგად ხართ თუ ცუდად? თუ სიამოვნებას თუნდაც მცირე საფრთხის ან სიმძიმის შეგრძნება ერევა, ეს ნიშნავს, რომ სულიერ დისკომფორტს განიცდით. ღირს კი სხვის მიზანთან დაკავშირება? თქვენი მიზანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება და კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, და ამასთან სულიერი დისკომფორტი საერთოდ არ გექნებათ. საჭიროა მხოლოდ, რომ ზურგი აქციოთ ქანქარებს და იპოვოთ იგი.

თუკი არ გაკმაყოფილებთ თქვენი ადგილი ამ სამყაროში, ან წარუმატებლობების მთელი კასკადი გდევნით, ეს ნიშნავს, რომ თავის დროზე დესტრუქციული ქანქარების გავლენის ქვეშ მოექეცით და სხვისი მიზნისკენ, სხვისი კარით წახვედით. სხვისი მიზნები დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვენ. თქვენი მიზნები, პირიქით, თითქოს თავისთავად მიიღწევიან. სხვების მიზნები და კარებები ყოველთვის ტანჯვისთვის გწირავენ. იპოვეთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი, და მაშინ ყველა პრობლემა გაქრება.

თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „თუ არ ვიცი, რა მინდა, როგორ გავიგო?“ გისვამთ შემხვედრ კითხვას: ერთხელ მაინც სერიოზულად დაფიქრებულხართ ამაზე? რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადამიანების უმეტესობა იმდენად ზრუნავს ქანქარების საქმეებზე, რომ ბორბალში მოტრიალე ციყვებივით არიან და დროს ვერ პოულობენ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სულისთვის. კითხვებს იმაზე, თუ რა უნდათ სინამდვილეში ცხოვრებისგან, ადამიანები სწრაფად, გაუაზრებლად, პრობლემების წნეხის ქვეშ პასუხობენ. არ არის საჭირო საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკმარისია თუნდაც ცოტა ხნით დამშვიდდეთ, განმარტოვდეთ, და დილის ვარსკვლავების შრიალს მოუსმინოთ.

და თუ საერთოდ არაფერი გინდებათ? ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი უკიდურესად დაბალია. დეპრესიის, აპათიის მდგომარეობა - აშკარად მოწმობს იმაზე, რომ ენერგია მხოლოდ არსებობის შენარჩუნებისთვის გყოფნით. მაშინ გჭირდებათ, რომ ენერგეტიკა აიმაღლოთ. ის, თუ როგორ კეთდება ეს, ჯანმრთელობისა და ენერგიის შესახებ თავში წაიკითხავთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ისედაც წესრიგშია, ე.ი. უბრალოდ არ იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. შეუძლებელია, რომ თქვენს სულს არაფერი არ უნდოდეს. თქვენ უბრალოდ არ ძალგიძთ, რომ უსმინოთ მას.


 

1111

სტერეოტიპების მსხვრევა

მიუხედავად იმისა, რომ ქანქარების შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა, მინდა მოვიყვანო ახალი მაგალითები იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მათ - გზიდან გადაგვახვევინონ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: სხვის მიზანს ხომ არ გახვევთ თავს ქანქარა რაიმე სასიკეთო საბაბით? მაგალითად, „კეთილ სულს“ დახმარებისთვის უხმობენ. ესენი შეიძლება იყვნენ დაუცველი ცხოველები, დაჭრილი ჯარისკაცები, მშიერი ბავშვები, ან კიდევ სხვა ვინმე, ვისაც თქვენი ზრუნვა ესაჭიროება. ან სადმე თავისუფლებისთვის იბრძვიან, და იქ თქვენი მამაცი გულია საჭირო. კეთილი გული მაშინვე ისწრაფვის იქ, სადაც იგი სჭირდებათ.

სინამდვილეში ეს „კეთილი სული“ კი არა, „კეთილი გონებაა“, ამასთან, კეთილი კი არა, უბრალოდ უსულოა. ამ გონებამ დაივიწყა საკუთარი სული და სხვების სულის გადარჩენა გადაწყვიტა. ეს იგივეა, რომ საკუთარი შვილები გაწირო და სხვებს დაეხმარო. „კეთილმა გონებამ“ თავისი სული ფუტლიარში გამოამწყვდია და ერთი-ერთზე დარჩა თავის „გონივრულ“ აზრებთან. შეიქმნა შინაგანი სიცარიელე, და საჭიროა მისი რაღაცით ავსება.

ქანქარები მაშინვე გთავაზობენ კომპენსაციის ყოველგვარ შესაძლო სახეებს. თქვენ გაჩვენებენ საშუალებათა ძალიან ფართო ასორტიმენტს იმისთვის, რომ ენერგია სხვების დასახმარებლად დახარჯოთ. მაგრამ ნუთუ იმის გამო არ ეხმაურება ადამიანი სხვების მოწოდებებს, რომ თვითონ შიგნით სიცარიელე აქვს? იმას, რასაც საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები სიკეთედ და გულისხმიერებად ასაღებენ, სინამდვილეში შეიძლება სულიერი სიცარიელე იყოს. გონების სულიერი სიცარიელე სხვებზე დახმარებით კომპენსირდება, მაშინ, როცა მისი სულის მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი რჩება. ქანქარებს აწყობთ, რომ სხვებზე ზრუნვა სულგრძელობად წარმოაჩინონ.

როგორც ხედავთ, ქანქარებს ოსტატურად შეუძლიათ ძალიან დამაჯერებელი სტერეოტიპების ფორმირება. მაგრამ ეს ყველაფერი ლამაზი დემაგოგიაა. და რას იტყვით თქვენს საკუთარ სულზე? ნუთუ თქვენი გონება სხვების გულისთვის მიატოვებს მას? ამიტომაც გირჩევთ ასე დაჟინებით, რომ ზურგი აქციოთ ქანქარებს და სული ფუტლიარიდან გამოუშვათ. როცა საკუთარ თავს შეიყვარებთ, საკუთარ მიზანსაც იპოვით. თქვენი მიზნისკენ გზაზე ბევრ ჭეშმარიტად კეთილ და სასარგებლო საქმეს გააკეთებთ. და რა თქმა უნდა, გაჭირვებულებს და უბედურებსაც დაეხმარებით, რადგან დიდი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.

მაგრამ სანამ თქვენს მიზანს არ განსაზღვრავთ, ძალიან თავშეკავებული იყავით ნებისმიერი მოწოდების მიმართ. თქვენი შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე უნდა იყოს. ქანქარებს განსაკუთრებით სჭირდებათ თქვენი ენერგია თავიანთი ბრძოლის დროს.

აი, ორი ქანქარა აპირებს, რომ ომი გააჩაღოს. ერთი ქანქარა თავს სამართლიან განმანთავისუფლებლად აცხადებს და ადანაშაულებს მეორე ქანქარას იმაში, რომ იგი დიქტატორი და პოტენციურად სახიფათო აგრესორია. სამართლიან ქანქარას სინამდვილეში უბრალოდ ჭირდება, რომ გადაყლაპოს თავისი კონკურენტი, დაეუფლოს მის ნავთს ან სხვა რესურსებს. მაგრამ ამაზე დუმან და თამაშდება პროპაგანდის დიდი კომპანია თავისუფლებისა და სამართლიანობის დასაცავად.

ადამიანი, რომელიც განიმსჭვალა მნიშვნელოვანობით და წამოეგო ქანქარას კაუჭზე, ეუბნება საკუთარ თავს: „მე გავანთავისუფლებ დაჩაგრულ ხალხს, მე ვაჩვენებ ამ დიქტატორს და აგრესორს!“ ამასობაში მეორე ქანქარა მიმდევრების თავის ბანაკს აყალიბებს. ქანქარა-დიქტატორი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ის კარგია, ხოლო ის, ვინც თავი განმანთავისუფლებლად გამოაცხადა, სინამდვილეში არის კიდეც ნამდვილი აგრესორი. სხვა ადამიანი, მნიშვნელოვ ანობით აღვსილი, აღშფოთებისგან ცეცხლებს ყრის: „როგორ გამოაცხადეს ომი ისე, რომ მე არ მკითხეს?! ქუჩაში გავალ და ხმამაღლა გამოვაცხადებ ჩემს პროტესტს!“ იგი შეიძლება ომშიც წავიდეს და სიცოცხლე გაწიროს სხვისი თავისუფლებისთვის.

როგორც ხედავთ, როგორც ერთი, ასევე მეორე ბანაკის მიმდევრები იმ მიზეზით ერთვებიან ქანქარების ბრძოლაში, რომ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა მათში მოჭარბებულია. შიგნით კი სულიერი სიცარიელეა, რომელიც საბოლოო ჯამში კი არ ივსება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მძიმდება. რას იღებენ ომში ჩართული მიმდევრები? ომის მომხრეები რწმუნდებიან, რომ ისინი მოატყუეს, რომ სინამდვილეში ეს ომი საჭირო არაა, რომ მას უბედურება მოაქვს ყველა მონაწილისთვის. მშვიდობის მომხრეები ასევე იღებენ წკიპურტს ცხვირში. სწორედ ის დაუცველი ხალხი, რომელსაც ქანქარა-აგრესორი დაესხა თავს, სწრაფად ამბობს უარს თავის დამარცხებულ ხელისუფლებაზე, და უკვე ამტვრევს მშვიდობის დამცველი ქვეყნის საელჩოს, იპარავს მის ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრესორის წინაშე კი ქვემძრომობას იწყებს.

სრულიად ცხადია, რომ ყველა მაღალი იდეალი, რომლისთვისაც იბრძვიან მიმდევრები ქანქარების ბრძოლაში, საპნის ბუშტებს ჰგავს. შიგნით სულიერი სიცარიელეა, გარეთ კი ცისარტყელის ფერი გარსია, გაბერილი მნიშვნელოვანობისგან. ნუთუ მთელი ეს ორომტრიალი ჭირდებათ მიმდევართა სულებს?

როცა თქვენს მიერ განსაზღვრული მიზანი გემსახურებათ არა პირადად თქვენ, არამედ სხვებს, თქვენ შეგიძლიათ მარტივი მეთოდით შეამოწმოთ იგი. თუ სხვებზე ზრუნვა გარედანაა თავსმოხვეული, მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდით, ეს ნიშნავს, რომ ეს სხვისი მიზანია. ხოლო თუ სხვებზე ზრუნვა შიგნიდან, სულის სიღრმიდან მოდის, მაშინ ეს მიზანი შეიძლება თქვენი იყოს. მაგალითად: „მე უბრალოდ მიყვარს ჩემს აღსაზრდელებზე ზრუნვა, ეს საერთოდ არ მიჭირს“. ან: „მე მიყვარს ჩემი შვილები (შვილიშვილები) და მომწონს მათზე ზრუნვა, იმის დანახვა, თუ როგორ იზრდებიან ისინი.“ თუმცაღა, როცა ისინი გაიზრდებიან, სხვა მიზნის ძიება მოგიწევთ.

თქვენს გარდა არავის შეუძლია მიგითითოთ თქვენს მიზანზე. არსებობს საკუთარი მიზნის პოვნის მხოლოდ ერთი მეთოდი: გადააგდოთ მნიშვნელოვანობა, ზურგი აქციოთ ქანქარებს და მიმართოთ საკუთარ სულს. გიყვარდეთ პირველ რიგში საკუთარი თავი და იზრუნოთ პირველ რიგში საკუთარ თავზე. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი მიზნისკენ მიმავალი გზის პოვნა.

გონების შეცდომა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ იგი მაშინვე ცდილობს შეაფასოს მიზნის მიღწევის რეალურობა და წინასწარ გამოითვალოს ყველა მეთოდი და საშუალება. ყველაფერი ხომ გონივრული უნდა იყოს. თუ მიზნის მიღწევის რეალურობა ეჭვქვეშაა, მაშინ მიზანს ან პრინციპში უარვყოფთ ხოლმე, ან შორეულ ყუთში ვინახავთ. ასეთი განწყობით ადამიანი ვერასოდეს ახერხებს, რომ ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე განეწყოს. პირიქით, როცა მიზნის მიღწევის საშუალებებზე ფიქრობს, ადამიანი წარუმატებლობის ხაზზე განეწყობა ხოლმე. აზრებში ხომ მარცხის ყველა შესაძლო სცენარი თამაშდება. მიზანი ვერ იქნება მიღწეული ჩვეულებრივი საშუალებებით, და სასწაულიც არ მოხდება. ძნელად მისაღწევი მიზანი მართლაც იშვიათად რეალიზდება ჩვეული მსოფლმხედველობის ფარგლებში, და ეს სინამდვილეში სწორედ ასეც უნდა იყოს, რადგან დაეჭვებულის პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება მიზნობრივ ხაზს.

სასწაული მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩვეულ სტერეოტიპს დაამსხვრევთ და იფიქრებთ არა მიღწევის საშუალებებზე, არამედ თავად მიზანზე. მაშინ ის, რაც მანამდე არარეალური გეჩვენებოდათ, უეცრად სხვა მხრიდან გამოავლენს თავს. მოულოდნელად, თითქოს შემთხვევით, მიზნის მიღწევის სრულიად რეალური გზა გაიხსნება. ჩვეულ მსოფლმხედველობაში ეს გამოიყურება, როგორც სასწაულებრივი დამთხვევა. ასეთ შემთხვევაში გონებას მხოლოდ ისღა დარცენია, რომ ხელები გაკვირვებისგან გაშალოს: „საიდან უნდა მცოდნოდა?!“

ტრანსერფინგის თვალსაზრისით აქ არანაირი სასწაული არ ხდება. თქვენ უბრალოდ განეწყვეთ მიზნობრივი ხაზის სიხშირეზე, მოიპოვეთ ფლობის გადაწყვეტილება, და გარეგანმა განზრახვამ ცხოვრების ამ ხაზზე გადაგიყვანათ. იქ კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ახალი კარებები იხსნება, რომლებზეც წინა ხაზზე ყოფნისას ვერც კი იეჭვებდით.

ადამიანები იმდენად მიეჩვივნენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებულ ღირებულ გამოცდილებად აღიქვამენ მათ. სინამდვილეში სტერეოტიპების ფორმირებას ქანქარები ახდენენ, ადამიანები კი მხოლოდ იძულებით ეთანხმებიან მათ. მთელი საზოგადოება ეფუძნება ქანქარებს, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრობენ და ვითარდებიან, თავიანთი კანონებით, როგორც ენერგო-ინფორმაციული არსებები, რომლებიც მიმდევრებს იმორჩილებენ. ქანქარების გავლენა ადამიანზე იმდენად დიდია, რომ მისი გონება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იბინდება და დამოუკიდებელი და გაცნობიერებული აზროვნების უნარს კარგავს.

ავიღოთ, მაგალითად, გერმანელი ნაცისტების დანაშაულები მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი საშინელ რამეებს სჩადიოდნენ. იქნებ, ფაშისტები ძალიან სასტიკი ადამიანები იყვნენ, პათოლოგიური სადისტური მიდრეკილებებით? არა, მათი უმეტესობა ისეთივე ნორმალური ადამიანი იყო, როგორებიც ჩვენ ვართ. მათ ჰყავდათ ოჯახები, მათ უყვარდათ თავიანთ ახლობლები, და ზრუნავდნენ მათზე. როდესაც ომიდან დაბრუნდნენ, ისინი ჩაერთნენ მშვიდობიან ცხოვრებაში და ჩვეულებრივი კეთილი ბურგერები გახდნენ.

რატომაა, რომ პატიოსანი მეოჯახე, რომელიც ომში აღმოჩნდა, მხეცად იქცევა? იმიტომ, რომ მისი გონება ქანქარას გავლენის ქვეშ ექცევა. მიმდევრები ქანქარების ბრძოლაში ერთვებიან, და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - არ იციან რას სჩადიან. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ჩანს მოზარდების ხშირად უაზრო და სასტიკი ქცევების დროს. ახალგაზრდა და ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა განსაკუთრებით დაუცველია და ექვემდებარება ზეგავლენას. ავიღოთ ცალკე ყოველი ასეთი მოზარდი. ნუთუ ის სასტიკია? სულაც არა, და მისი მშობლები დაიფიცებენ, რომ ასეა. მაგრამ როდესაც ქანქარის ზეგავლენის ქვეშ ხვდება, მაგალითად, როცა ბრბოს ნაწილი ხდება, იგი ვეღარ უწევს საკუთარ თავს ანგარიშს იმაზე, რასაც აკეთებს. ბრბოს წევრის გონებას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძინავს, რადგანაც ქანქარას მარყუჟის მიერაა შეპყრობილი. გახსოვთ, ინდუცირებული გადასვლის მექანიზმი?

მთელი ბოროტება, სისასტიკე და ძალადობა ამქვეყნად მოდის არა ადამიანთა თითქოს მდაბალი ბუნებიდან, არამედ ქანქარების ავხორცული ბუნებიდან. ადამიანის სულმა არ იცის ბოროტება. მტელი ბოროტება გონებაშია კონცენტრირებული, როგორც ნალექი ქანქარების დესტრუქციული გავლენისგან.

ქანქარები პროვოცირებას უკეთებენ ადამიანებს, რომ იძალადონ არა მხოლოდ სხვებზე, არამედ საკუთარ თავზეც. როგორ მოგწონთ ლოზუნგი: „ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანურს“? იგი შეიცავს პროვოკაციას, მოწოდებას, რომ ფსონად საკუთარ კეთილდღეობას ან სიცოცხლეს ჩახვიდეთ სხვისი იდეის გულისთვის. რა თქმა უნდა, თუ იდეა სხვისი არაა, არამედ თქვენია, და რისკი გამართლებულია, შესაძლოა ღირდეს კიდეც გარისკვა. თუმცაღა არაფერია უფრო ბრიყვული, ვიდრე გაუმართლებელი რისკი, რომელიც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.

რისკისკენ ადამიანს ქანქარები უბიძგებენ, რადგან შიში, დაძაბულობა და აგზნება, რომლებსაც ამ დროს ადამიანი განიცდის - ესაა ქანქარების საყვარელი ენერგეტიკული საჭმელი. სიმამაცის ცრუ სტერეოტიპის გამოყენებით, ან კონკრეტული მიმდევრის მეშვეობით, ქანქარა ცდილობს, რომ გამოიჭიროს თავისი მსხვერპლი: „მაჩვენე რა შეგიძლია! ხომ არ გინდა მხდალი გამოჩნდე?“ და ადამიანი, შინაგანი მნიშვნელოვანობით აღვსილი, იწყებს რაღაცის მტკიცებას სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის. იგი ცრუ სტერეოტიპის ხაფანგშია, თავში არც კი მოსდის, რომ ვალდებული არაა ვინმეს რამე უმტკიცოს, და შეუძლია მიაფურთხოს მანიპულატორების შეხედულებებს.

საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა აიძულებს ადამიანს, რომ ქანქარას სატყუარას გაჰყვეს. ცხადია, რომ გაუმართლებელი რისკი - სულაც არაა სიმამაცის გამოხატულება, არამედ ესაა მისწრაფება, რომ დაფაროს თავისი, კვლავაც, ცრუ კომპლექსები. გონება უპასუხისმგებლოდ განკარგავს თავისი სულის ცხოვრებას საეჭვო სტერეოტიპების სასარგებლოდ. საწყალი პატარა სული, მოკუნტული და შეშინებული უყურებს იმას, რასაც გათავხედებული გონება სჩადის, მაგრამ ვერაფერს ცვლის. გონება სულთან მიმართებაში საუკეთესო შემთხვევაში ქრონიკული უიღბლოსავით იქცევა, რომელიც თავის არარეალიზებულობას შინაურებზე ანთხევს, უარეს შემთხვევაში კი, როგორც მთვრალი უგონო მხეცი, რომელიც თავის დაუცველ ბავშვს ცემს.

დაე, თქვენმა გონებამ გამოიღვიძოს ყოველგვარი ილუზიისგან. მას გააჩნია შეუფასებელი, საოცარი განძი - თავისი სული. თუკი სულსა და გონებას გააერთიანებთ, თქვენ მოიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას და ძალას. ნუ შეგეშინდებათ ქანქარების მიერ ფორმირებული სტერეოტიპების მსხვრევის. თქვენ მრავალი საგნის ბუნება გაგეხსნებათ ამ სამყაროში. სტერეოტიპების მსხვრევით, თქვენ დაფარულ კარებებს აღებთ.

ახალი თავები ეტაპობრივად დაემატება...