shavasana1მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი

წყარო

ჩვენს საუკუნეში ადამიანები განიცდიან მრავალნაირ სტრესსა და მღელვარებას, ძილშიც კი გაჭირვებით ახერხებენ მოსვენებას. ერთი შეხედვით, მოდუნდე მარტივია _ ადამიანი ხუჭავს თვალს და იძინებს. თუმცა სინამდვილეში ადამიანების უმეტესობისთვის ღრმად მოდუნება რთულია. დასვენების დროს მათი გონება ქაოსის მდგომარობაშია, სხეული მუდმივად მოძრაობს და ტრიალებს, კუნთები ხტის (თრთის). ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ, მდგომარეობს იმაში, რომ თავი ვაიძულოთ გადადგას აქტიური ნაბიჯები მოდუნების მისაღწევად, შევისწავლოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა არსებული მეთოდები.
“ჰათჰა იოგა პრადიპიკა”-ს პირველი თავის 32-ე ლექსში ნათქვამია: “ზურგზე წოლა, მთელი ტანით გართხმა მიწაზე, როგორც გვამი – ესაა შავასანა. ის ხსნის სხვა ასანების მიერ გამოწვეულ დაღლილობას და გონებისთვის მოაქვს სიმშვიდე”.

“გჰერანდა სამჰიტა”-ს მეორე თავის მე-11 ლექსში მოცემულია მრიტასანას ასეთი აღწერა: “მიწაზე გაშხლართული წოლა, გვამის მსგავსად – ესაა მრიტასანა. ეს სპობს დაღლას და ამშვიდებს მღელვარე გონებას”. “გონება ინდრიას (გრძნობის ორგანოები) მბრძანებელია, პრანა (სიცოცხლის სუნთქვა) მბრძანებელია გონების”. “როდესაც გონება შთანთქმულია, ამას ჰქვია მოქშა (სულის საბოლოო გათავისუფლება). როცა პრანა და მანასია (გონება) შთანთქმული, აღმოცენდება უსაზღვრო სიხარული” (“ჰათჰა იოგა პრადიპიკა”, თავი მე-4, 29-30 ლექსები). პრანას დამორჩილება დამოკიდებულია ნერვებზე. თანაბარი, მდგრადი, მსუბუქი და ღრმა სუნთქვა სხეულის მკვეთრი მოძრაობების გარეშე ამშვიდებს ნერვებსა და გონებას.

იოგას ბიჰარის სკოლამ და იოგას მიმართულება _ შივანანდამ ჩაატარეს გამოკვლევა მოდუნებასა და ადამიანზე მის ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

დაძაბულობისა და მოდუნების შეუძლებლობის პრობლემის პირველსაწყისი მიზეზი მდგომარეობს შიშებში და გონების ქვეცნობიერის კონფლიქტებში, რომელზეც არანაირი წარმოდგენა არ გაგვაჩნია. ჩვენ განვიცდით მის მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას დაძაბულობისა და მღელვარების სახით. არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება თავი დავაღწიოთ ამ ქვეცნობიერ შთაბეჭდილებებს (სანსკრიტზე მათ უწოდებენ სამსკარებს), რომლებიც ჩვენს ცხოვრებას საცოდავსა და უბედურს ხდის. ეს მეთოდი გონების შეცნობაა. ის მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა, რათა შევინარჩუნოთ რელაქსაციის მუდმივი მდგომარეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ დავიწყოთ გონების სიღრმეების კვლევა და არმოვფხვრათ დაძაბულობის მიზეზები. მეთოდი იმდენად მარტივია, რომ ბევრი ვერც იგებს მის მნიშვნელობას. მეთოდის არსი მდგომარეობს დაძაბულობის გამომწვევი ნეგატიური აზრების თანდათანობით ჩახშობასა და არსებობის მომადუნებელი და ჰარმონიული წესის ხელშემწყობი ფიქრებით მის ჩანაცვლებაში.

გონების ორიენტირების შეცვლა მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიკვლიოთ, პირისპირ შევხვდეთ მის შიგთავსს და გავათავისუფლოთ ნაგვისგან. მანამ სანამ ამას შევუდგებოდეთ აუცილებელია ფუნდამენტის შექმნა და მოდუნების ჩართვა, რომელიც დაგვეხმარება ჩაღრმავებაში.

shavasana5

იოგა-ნიდრაში ჩვენ ვქმნით საკუთარ სიზმარს, ვახდენთ რა სიმბოლოების ვრცელი მრავალფეროვნების ვიზუალიზებას, რომლებსაც მძლავრი და უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ. ეს “სწრაფი გამოსახულებები” იწვევენ სხვა, ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოგონებებს ქვეცნობიერის სიღრმიდან და თითოეული თავის მხრივ სავსეა ემოციური დატვირთვით. ამგვარად, მრავალი სახის დაძაბულობა გვშორდება და გონება თავისუფლდება უსარგებლო ინფორმაციისგან.

იოგა-ნიდრას ადარებენ ჰიპნოზს, თუმცა მათ ნაკლებად აქვთ საერთო. ჰიპნოზში თითოეული ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება თერაპიული თუ სხვა მიზნებით გარედან მიღებული შეგონებებისადმი, ხოლო იოგა-ნიდრა საკუთარი ფსიქიკური გამოღვიძებისათვის თვალყურის დევნების გაძლიერებული თვითგაცნობიერების საშუალებაა. როცა სხეული მთლიანად მოდუნებულია, გონებაც ასევე მოდუნებული ხდება, მაგრამ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ მისი აქტივობა, გადაიტანოთ ყურადღება სხეულის თითოეულ ნაწილზე, თვალყური ადევნოთ სუნთქვას, განიცადოთ სხვადასხვა შეგრძნება, შექმნათ მენტალური ხატ-სახეები. იოგა-ნიდრაში რეალურად არ გძინავთ, თქვენ უნდა დარჩეთ გაცნობიერებული მთელი პრაქტიკის განმავლობაში და ეცადოთ შეასრულოთ ყველა მითითება შეფასების გარეშე.

იოგა-ნიდრას დროს გამოიყენება გადაწყვეტილება, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხორციელდება სანკალპა. სანკალპა – ესაა განზარხვა, ქვეცნობიერის სიღრმეში ჩამწვდომი შინაგანი რწმენა, რომელიც რეგულარულად მეორდება ისე, რომ გარდაიქმნება რეალობად. ეს უნდა იყოს თქვენთვის რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. გაიმეორეთ გულში 3-ჯერ ღრმა რწმენის გრძნობით. უმჯობესია, თუ თქვენს სანკალპას ექნება სულიერი მიზანი, მაგრამ ასევე შეგიძლიათ გადაწყვეტილება მიიღოთ რაიმე ჩვევისაგან თავის დასაღწევად ან პიროვნული ასპექტების გასაუმჯობესებლად. იოგა-ნიდრაში გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვახორციელებთ და აზრები, რომლებსაც ვქმნით, ხდება პოტენციურად ძალიან ძლიერი. ისინი ჩადიან ქვეცნობიერის სიღრმეში და დროთა განმავლობაში ნამდვილად იქცევა რეალობად.

ადამიანის ტვინში მუდმივად შფოთვა, რასაც პრაქტიკულად ვერ ვაცნობიერებთ, იმ მცირე ნაწილის გარდა, რაც სწვდება ცნობიერ აღქმადობას. გარე სამყაროდან და საკუთარი სხეულიდან აღქმის ორგანოების საშუალებით მუდმივად ხდება მონაცემთა ნაკადის მიღება, მთელი ეს ინფორმაცია მიიღება როგორც ცნობა და იწვევს ქმედებას, ან ინახება, ან იგნორირდება. უნარი, არ შევითვისოთ ტვინის ეს ავტომატური ქმედება, ძალიან ღირებულია, რამდენადაც ის ცნობიერებას ეხმარება იმუშავოს საჭირბოროტო ინტერესების უფრო ვიწრო ველში. ყველაფერი, რაც გაიცხრილება რჩება გონების ქვეცნობიერ სფეროებში. თუ თქვენ შეხვდებით ვინმეს, ვის მიმართაც ანტიპატიას გრძნობთ, უფრო მეტად იმ ინფორმაციას აღიქვამთ, რაც დაადასტურებს უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობას. სამყაროს აღქმა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ჩვენი ცრურწმენებით ან ეგოთი. სწორედ ის შეიცავს ჩვენი პიროვნებისთვის დამახასიათებელ შტრიხებს. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენივე გონებრივი პროცესების დაქვემდებარებაში.

კუნთების მომატებული ენერგეტიკული მოთხოვნილება დატვირთვას ზრდის ორგანიზმის ყველა სისტემაზე – სასუნთქ, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ სისტემებზე. ყველა ორგანო იძულებულია იმუშავოს უფრო ინტენსიურად და ხანგრძლივად, რასაც მივყავართ მათ მოშლამდე და დაავადებამდე.

ადრენალინის მომატებული დონე იწვევს კუნთების დაძაბვას, სისხლძარღვების შევიწროებას, ზრდის გულისცემისა და სუნთქვის სიხშირეს, აჩქარებს აზროვნების პროცესს. სისხლში მისი მუდმივი ცირკულირება ხელს უწყობს ფიზიკურ და გონებრივ გადაძაბვას. დაძაბულობისგან დასუსტებული სხეული ხდება ნაკლებად შეუვალი ინფექციური დაავადებებისადმი, იმუნურ სისტემას აღარ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს დაავადების გამომწვევ ორგანიზმებს და თავიდან აიცილოს ავადობის დაწყება.

shavasana4

გასაოცარი ცვლილებები იწყება ადამიანებში იოგას ვარჯიშის დროს. ბევრი ვარჯიშს იწყებს სრული დაძაბვით, რაც აისახება კიდეც მათ სიტყვებსა და სახის ნაკვთებზე, სავსენი არიან აგრესიით, უკმაყოფილებით და მღელვარებით. თუმცა, როცა ისინი იწყებენ პრაქტიკას, თუნდაც ძალიან იოლს, სტრესი და ემოციური არეულობა ქრება. შესაძლოა, ადამიანი თავად ვერც ამჩნევდეს, მაგრამ ცვლილებები აირეკლება მის სახეზე და შესამჩნევია სხვისთვისაც. ვარჯიშის დასასრულს ეს ცვლილებები თვალსაჩინო ხდება თავად პრაქტიკოსისთვისაც (პრაქტიკით დაკავებულისთვისაც), როდესაც გულწრფელი ღიმილი აცისკროვნებს მის სახეს, ჩნდება სიმსუბუქის, თავისუფლების და თავდაჯერებულობის შეგრძნება. და ეს არ არის შემთხვევითი, არამედ მოდუნების ტექნიკის გამოყენების კანონზომიერი შედეგია _ იცვლება დამოკიდებულება საკუთარ თავთან, გარშემომყოფებთან და მთლიანად ცხოვრების მიმართ. ეს არის ამოსავალი წერტილი, საიდანაც იწყება ფიზიკური და მენტალური რელაქსაციის დაუფლება, რომელიც თანდათან ხდება ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და თან გდევთ არა მხოლოდ ვარჯიშის დროს, არამედ მუდმივად, ყოველდღიურ ჩვეულებრივ საქმიანობაშიც.

შეუძლებელია გადაჭარბებით შევაფასოთ მოდუნების პოზების მნიშვნელობა. ისინი უნდა შესრულდეს უშუალოდ ასანების პრაქტიკის ან ნებისმიერ დროს, როცა დაღლას იგრძნობთ. ამ ჯგუფის ასანები ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა მათი სწორად შესრულება საკმაოდ რთულია, რამდენადაც ცნობიერად უნდა მოხდეს სხეულის ყველა კუნთის მოდუნება. ხშირად ადამიანს გონია, რომ მთლიანად მოდუნებულია, მაგრამ რეალურად სხეული დაჭიმული აქვს.

რელაქსაციას დაუფლებულ ადამიანს შეუძლია აღიდგინოს გონებრივი და ფიზიკური ძალები და გამოიყენოს საჭირო მიმართულებით. მას უვითარდება საკუთარი არსების მართვისა და მიზნის მიღწევის უნარი, არ გადააქვს ყურადღება გარეშე საგნებზე. დაძაბულობას კი მივყავართ ენერგიისა და ყურადღების გაფანტვისკენ.
მომადუნებელი პოზა შესასრულებლად ყველაზე იოლი ასანაა, მაგრამ ყველაზე რთულია სრულყოფილად ასათვისებლად. თუ სხვა ასანებში მოგეთხოვებათ წონასწორობის შენარჩუნების უნარი, ძალა და მოქნილობა, აქ აუცილებელია სხეულის და ცნობიერების სრული მოდუნება (რელაქსაცია), რაც ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა.

shavasana3

შავასანას შესრულების ტექნიკა

შავასანას შესრულების დროს ეცადეთ საერთოდ არ იმოძრაოთ. დაწექით იატაკზე ზურგზე, გაჭიმეთ ფეხები. ხელები დააწყეთ ტანის გასწვრივ, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაჭიმეთ მთელი სხეულის კუნთები. ამოისუნთქეთ, ოღონდ არ მოდუნდეთ, შეასრულეთ რამოდენიმე სრული სუნთქვა, დახუჭეთ თვალები და შემდეგ მოდუნდით. ხელის მტევნები დააწყეთ თავისუფლად ხელისგულებით მაღლა თეძოსთან ახლოს, ფეხები დააშორეთ მხრების სიგანის ერთნახევარჯერ აღებულ მანძილზე, ყურადღებით ადევნეთ თვალყური სხეულის კუნთების მდგომარეობას შემდეგი თანმიმდევრობით: ფეხის თითებიდან მენჯ-ბარძაყის სახსრებამდე; ხელის თითებიდან მხრების სახსრებამდე; ტორსზე – შორისიდან კისრამდე; კისრიდან თავის ქალის ფუძემდე; თავზე; ყურადღებით გაყევით ძირითად სახსრებს და მოიხსენით მათში დაძაბულობის შეგრძნება. ისუნთქეთ ღრმად, ნელა და რიტმულად. თანდათან სუნთქვა გახადეთ ბუნებრივი, გარკვეულ ხანს დაყოვნდით ასანაში. ნელა გამოდით ასანიდან სხეულის ნაწილების აუჩქარებელი შერხევით.

ზოგიერთი ადამიანი ვერანაირად ვერ ახერხებს შავასანაში მთლიანად მოდუნებას, რადგან აკვიატებული სურვილი აქვთ სხეულს მისცენ მაქსიმალურად სიმეტრიული ფორმა. ამავდროულად, მათი მხედველობითი წარმოდგენები სიმეტრიაზე ემიჯნება სხეულის კინესთეტიკურ შეგრძნებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც სიმეტრიულად გამოიყურება არ შეიგრძნობა ამგვარადვე. ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი ასიმეტრია, საჭიროა უბრალოდ მივიღოთ ეს ფაქტი და ვეცადოთ შევიდეთ ღრმა ემოციური და ფიზიკური მოდუნების მდგომარეობაში. თუ გნებავთ, რომ სრულიად მოდუნდეთ, საკუთარი სხეული უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გნებავთ რომ იყოს.

ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი გონება და პირისპირ შევხედოთ ამ ქვეცნობიერ შთაბეჭდილებებს. ეს ყველაფერი მოითხოვს დროსა და ძალისხმევას. ადამიანების უმეტესობას საკუთარი გონების გამოკვლევასა და შეცნობაზე დაფიქრების უნარიც კი არ შესწევს, რადგანაც ამისთვის ჯერ საჭიროა ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობის მოხსნა. ეს აუცილებელია, რომ შევძლოთ ჩვენი ყურადღების გადატანა გარემომცველი სამყაროდან და ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ჩვენს შიგნით. უმრავლესობას კი იმდენი პრობლემა აქვს, რომ მათი შეგნება მთლიანად მოცულია საზრუნავით და ყურადღების გამფანტავი გარემო ფაქტორებით. ეს არის საშუალება ადამიანის ცხოვრებაში შევიტანოთ უფრო მეტი მოსვენება (მოდუნება), რომ შემდგომში მან შეძლოს დაიწყოს გონების შიგა მხარეების გამოკვლევა და მოიშოროს დაძაბულობის რეალური წყარო. შავასანას ან იოგა-ნიდრას პრაქტიკით დაკავებისას მიიღწევა “ღრმა მოდუნება”. ამ მდგომარეობაში იხარჯება სასიცოცხლო ენერგიის (პრანის) ძალიან მცირე რაოდენობა, რაც საკმარისია მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენარჩუნებისთვის. დანარჩენი ენერგია კი გროვდება. გარკვეული თვალსაზრისით ეს მეთოდი ქმნის მყარ საფუძველს მედიტაციის პრაქტიკებისთვის.

წყაროები:
1. იოგას ბიჰარის სკოლა, ტომი 1.
2. სვამი შივანანდა. იოგათერაპია.
3. oum.ru-ს იოგას ენციკლოპედია.