4yoga

მონაკვეთი სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია"

მთარგმნელი: მამუკა გურული

ერთხელ ტყეში ოთხი ადამიანი მიდიოდა: კარმა-იოგი, ბჰაკტი-იოგი, ჯნანა-იოგი და კრია-იოგი.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს ოთხი ადამიანი ვერასოდეს ვერ აღმოჩნდება ხოლმე ერთად. ჯნანა იოგი სრულიად უგულვებელჰყოფს იოგას ყველა დანარჩენ სახეობას. მისი სპეციალობა - ინტელექტის იოგაა, ინტელექტუალი კი, როგორც წესი, ამრეზით უყურებს ყველა დანარჩენს, განსაკუთრებით ამ ერთგულებს, რომლებიც მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ზემოთკენ იყურებიან და გამუდმებით ღმერთის სახელს იმეორებენ. და იდიოტების გროვასავით გამოიყურებიან. 

ამასთან, ბჰაკტი-იოგი, სწორედ ის "ერთგული", ფიქრობს, რომ ყველა ეს კარმა, ჯნანა და კრია - მხოლოდ დროის უაზრო ფლანგვაა, მას ეცოდება დანარჩენები: ისინი ხომ ვერ ხვდებიან, რომ საკმარისია მხოლოდ იცოდე ღმერთის არსებობის შესახებ, ხელი ჩაჰკიდო მას და მისადმი მინდობილმა წინ იარო. ბჰაკტი-იოგისთვის აბსურდულია მთელი ეს ფილოსოფიური სიბრძნეები და ყველა ეს წინ და უკან გადახრები და გაწელვები. 

კარმა იოგი - მოქმედების ადამიანი - დარწმუნებულია, რომ ყველა დანარჩენი უბრალოდ ზარმაცები არიან. მათი ცხოვრება საკუთარი სისუსტეების გამართლებაა. 

მაგრამ ყველაზე ამაყი კრია-იოგია. იგი ყველა დანარჩენზე იცინის. ნუთუ მათ არ იციან, რომ ყოფიერება - ეს მხოლოდ ენერგიაა? ღმერთს ეძებთ თუ სხვა რამეს, მნიშვნელობა არ აქვს - თუ ენერგიას არ გარდაქმნით, არაფერი არ მოხდება, არანაირი ტრანსფორმაცია!

მოკლედ, ჩვეულებრივ, ეს ოთხი ადამიანი ვერ ახერხებს ერთმანეთთან თანაცხოვრებას. მაგრამ ჩვენს ისტორიაში ნათქვამია, რომ ისინი ერთად მიდიოდნენ ტყეში. უცებ ჭექა-ქუხილი ატყდა, ქარი და თავსხმა წვიმა დაიწყო. თავიდან ფეხებამდე დასველებულმა იოგებმა თავშესაფრის ძებნა დაიწყეს.

ბჰაკტი-იოგმა, ერთგულების ადამიანმა, თქვა: "იქით მხარეს ძველი ტაძარია. იქით წავიდეთ" (როგორც ერთგულმა, მან კარგად იცოდა ტაძრების ადგილმდებარეობა). ისინი მითითებული მიმართულებით გაიქცნენ. ტაძრის ყველა კედელი დიდი ხანია ჩამონგრეულიყო: დარჩა მხოლოდ სახურავი და ოთხი სვეტი. იოგები სახურავს შეეფარნენ. არა ღმერთის სიყვარულის გამო, არამედ იმიტომ, რომ წვიმას შეფარებოდნენ. 

ცენტრში ღვთაების ქანდაკება იდგა. წვიმა ოთხივე მხრიდან ასხამდა, ამიტომ იოგები უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და ქანდაკებას. ბოლოს და ბოლოს ისინი დასხდნენ და ღვთაებას მიეკვრნენ. 

როგორც კი ოთხივე ეს ადამიანი ღვთაებას ჩაეხუტა, მაშინვე მოულოდნელად ღმერთი გამოჩნდა. 

ყოველი მათგანის გონებაში კითხვა გაჩნდა: რატომ მაინცდამაინც ახლა? ისინი აზრობრივად კითხულობდნენ: "ეს როგორ? ჩვენ ხომ ამდენ ნატიფ და საიდუმლო ფილოსოფიურ დოქტრინას ვსწავლობდით: ყველა შესაძლო სიწმინდეს ვეთაყვანებოდით, უამრავ ადამიანს ვემსახურებოდით, ვინანიებდით და ვისყიდიდით ჩვენს ცოდვებს, - მაგრამ იგი არ ჩნდებოდა. ახლა კი უბრალოდ წვიმას შევეფარეთ, და ის მაშინვე გამოჩნდა. რატომ?"

და ღმერთმა თქვა: "როგორც იქნა, ოთხივე იდიოტი ერთად შეიკრიბა". 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...