DSC02574 1024x683.jpg.optimal 1ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

იოგაში, იოგების გიმნასტიკაში სხვადასხვა პოზებს ასანებს უწოდებენ. სანთლის პოზას კი, რომელსაც „იოგურ ენაზე“ სალამბა სარვანგასანა ეწოდება, ყველა ასანას დედას ეპითეტით ამკობენ, რადგან ამ პოზის დადებითი და მაკურნებელი მოქმედება მთლიან ორგანიზმზე შეუფასებელია. „სარვანგა“ ითარგმნება, როგორც „სხეული მთლიანად“, ხოლო „სალამბა“ საყრდენს ნიშნავს. ანუ ამ პოზას მთლიანი სხეულის საყრდენ პოზას, ანუ ძირითად პოზას უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ იოგების გიმნასტიკაში ასობით პოზა არსებობს. სანთლის პოზას ყველა ასანის დედოფალსაც უწოდებენ.

ეს პოზა ავითარებს მოთმინებასა და ემოციურ სტაბილურობას. სათლის პოზა ზემოქმედებს ორგანიზმის მთლიან სისტემაზე. პოზის გადაბრუნებული მდებარეობის გამო, ვენური სისხლი თვითდინებით, სხეულის მხრიდან ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, გრავიტაციის საშუალებით მიეწოდება გულს. გულმკერდის არეში გაცილებით ადვილდება სისხლის მიმოქცევა, რაც სუნთქვის გაძნელებისა და ასთმის შემთხვევაში შვებაა სხეულისათვის. პოზის განმავლობაში სისხლის მიმოქცევის ასეთი თავისებურების გამო, ეს პოზა სასარგებლოა ბრონქიტის, ყელისა და ხორხის დაავადებებისას, ასევე მომატებული და აჩქარებული გულისცემისას. პოზა ძალიან ეხმარება სხეულს სისხლნაკლებობის შემთხვევაშიც.

პოზის გადაბრუნებული მდგომარეობის გამო ფარისებრი ჯირკვალი უხვად მარაგდება სისხლით. სისხლის უხვი მიწოდების გამო ის თითქოს „ირეცხება“, ძლიერდება და კარგ ფორმაში ამყოფებს ორგანიზმს. ფარისებრი ჯირკვალი ხომ, თავისი ფუნქციებით მართლაც ფარია ჩვენი სხეულისათვის. გარდა ამ ფაქტორისა, სანთლის პოზის შესრულებისას ნიკაპი ძლიერადაა მიჭერილი ფარისებრი ჯირკვლის ადგილას და ეს დამატებითი სტიმულია ამ ჯირკვლის გაჯანსაღებისათვის. ნიკაპი და მკერდი «ჩაკეტილია“, ამის გამო თავი უძრავია, დაფიქსირებულია, თავი და ნერვები ისვენებს, ისვენებს თავის ტვინიც. ძლიერდება სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში. პოზის სისტემატური გამოყენებისას ქრება თავისტკივილები და შაკიკიც კი. ასევე უკან იხევს და ქრება ხშირი გაციებები და სურდოები.

სარვანგასანა მშვენივრად ამშვიდებს ნერვულ სისტემას მთლიანად. ამიტომ კარგია მისი გამოყენება დაღლილობისას, დაძაბულობისას, გაღიზიანებისას, დაბნეულობისას, ასევე ნერვული გადაღლილობისას და უძილობისას.

პოზა არეგულირებს საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლისას წარმოქმნილი ნარჩენების გამოყოფის პროცესებს. წმენდს სხეულს ტოქსინებისა და წიდებისაგან. არჩენს შეკრულობებს (ყაბზობა), წყლულებს კუჭ-ნაწლავში, კოლიტებს და ჰემაროის.

შარდსასქესო სისტემის მუშაობის დარღვევისას კორექციას უკეთებს მთლიანი სისტემის მუშაობას, აღადგენს მის ფუნქციონირებას ნორმალურ დონემდე. ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის საშვილოსნოს დაძვრისას და დედათა ციკლის დარღვევისას. ეს პოზა იძლევა სიმშვიდეს, ძალასა და დამატებით სასიცოცხლო ენერგიას. ერთ-ერთი საუკეთესო აღმდგენი საშუალებაა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

გულის კუნთის გასაძლიერებლად, კარგია ყოველ საღამოს (უმჯობესია დილა-საღამოს) ამ პოზის მიღება. იმისათვის, რომ ამ პოზამ გულზე დადებითად მოქმედება დაიწყოს, მას აკეთებენ არა 5 ან 10 წამი, არამედ 3-5 წუთის განმავლობაში. ეს პოზა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ხერხემლის არტერიის კეფის არეში, რაც თავის მხრივ თავის ტვინის ფუნქციონირებას აძლიერებს, აუმჯობესებს ყველა ორგანოსა და სხეულის ყველა ფუნქციონალური სისტემის მუშაობას. პოზის დასახელებაც, ალბათ აქედან მოდის: მთელი სხეულის პოზა.

პოზა შესანიშნავი პროფილაქტიკაა ვენების ვარიკოზული დაავადებისათვის. დადებითად მუშაობს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევისას. ეს პოზა აუმჯობესებს გულის პარკუჭების მუშაობას. იოგები ამბობენ, რომ ეს პოზა აერობული დატვირთვების ჩანაცვლებაცაა და ამიტომაც ამაგრებს გულს.

სანთლის პოზის ეფექტურობა გაცილებით მეტია სავსემთვარეობისას და შემდეგ მთვარის კლების პერიოდში. პოზის სწორად და სისტემატიური შესრულებისას (განსაკუთრებით, თუ სანთლის პოზას, შემდეგ პირდაპირ თევზის პოზა მოჰყვება) არა თუ უკან იხევს ტირეოტოქსიკოზი, არამედ შეიძლება საერთოდ აღარ იყოს საჭირო ჰორმონის მიღება, როგორიცაა თიროქსინი.

ეს პოზა აჯანსაღებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს, ენდოკრინულ ჯირკვლებს, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლებს, კუჭქვეშა ჯირკვალს. საოცრად დადებითად მოქმედებს მთელი ჰორმონალური სისტემის „დირიჟორზე“ ჰიპოფიზზე და მის „ასისტენტებზე“ (თუმცა ისინიც ცალკე დირიჟორები არიან): ეპიფიზზე და თიმუსზე (ბერძნულად, სასიცოცხლო ძალა), იგივე ჩანგლისებური ჯირკვალი.

უხდება და აძლიერებს ხმის იოგებს. უხდება თვალებსა და მხედველობას, რადგან პოზის თავისებურების გამო ძლიერდება სისხლის მიმოქცევა ამ ორგანოებშიც
პოზა კარგია ვენების გაგანიერების დროს, უხდება და აძლიერებს ფილტვებსა და მათ მუშაობას.

ამ პოზასში არ ვარჯიშობენ შემდეგ შემთხვევებში:

• მაღალი არტერიული წნევისას.

• კისრის მალების დაზიანებისას და მალათაშორის დისკის დაძვრისას.

• ტკივილებისას კისრისა და მკერდის მალების ზონაში.

• ყურის ანთებისას.

• შაკიკისა და თვის ძლიერი ტკივილებისას.

• სინუსიტისას.

• დედათა წესის პერიოდში.

• ფეხმძიმობისას.

• კუჭის აშლილობისას.

ანუ არ შეიძლება პოზის მიღება უშუალოდ გამწვავებისას.

პოზის ათვისება ხდება ძალიან ფრთხილად და თანმიმდევრულად, რათა არ მოხდეს კისრის მალების, მალათაშორის დისკების, კისრის მყესებისა და კუნთების დაზიანება, დაჭიმვა.

პოზის ათვისების შემდეგ ვარჯიშს იწყებენ 20-30 წამიდან და ნელა ადიან ხუთ წუთამდე. ვარჯიში კეთდება დღეში ორჯერ. პოზიდან გამოსვლის შემდეგ არ შეიძლება მაშინვე ადგომა, მაგრამ 2-3 წუთი წოლა უკვე საკმარისია. იოგებს 15-20 წუთი და მეტხანსაც უჭირავთ სანთლის პოზა.

როგორ ვისწავლოთ და შევასრულოთ სწორად ეს ვარჯიში? აქ პატარ-პატარა ნიუანსებია გასათვალისწინებელი. ამ ნიუანსებს აღარ აღვწერ, რადგან სტატიის მიზანი პოზის სასარგებლო თვისებებია.