yogin1

პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

(წიგნის სხვა თავები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე)

ჰათჰა-იოგა ადამიანის სხეულსა და ფიზიკურ ბუნებაზე ბატონობის იოგაა. იოგას სწავლების თანახმად, ჰათჰა-იოგას პრაქტიკული შესწავლა ადამიანს იდეალური ჯანმრთელობით აღავსებს, სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ახალ ძალებსა და უნარებს აძლევს, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანი არ ფლობს და თითქმის საოცრადაც გვეჩვენება. იოგინები ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელი და ნორმალურად ფუნქციონირებადი სხეული უფრო ადვილად ემორჩილება გონებას, უმაღლეს მისწრაფებებს და სულიერ საწყისს, ვიდრე ავადმყოფი, მოშლილი და დარღვეული სხეული, რომლისგანაც არც იცი, რას ელოდო. ამას გარდა, ჯანმრთელი სხეული თავს არ გახსენებს. ავადმყოფი სხეული ადამიანს იმორჩილებს, აიძულებს ზედმეტად ბევრი იფიქროს მასზე, ითხოვს ძალზე დიდ ყურადღებას. ამიტომ, ჰათჰა-იოგას პირველი მიზანი ჯანმრთელი სხეულია.

ამავდროულად ჰათჰა-იოგა ადამიანის ფიზიკურ სხეულს ამზადებს იმისთვის, რომ გადალახოს მასში უმაღლესი ფსიქიური ძალების - უმაღლესი გონის, ნების, ინტენსიური ემოციების და ა.შ. - ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სიძნელეები. ეს ძალები ჩვეულებრივ ადამიანში არ ფუნქციონირებენ. მათი გაღვიძება და განვითარება ადამიანის სხეულზე საშინელ დაძაბულობას და ზეწოლას იწვევს. და თუ ის განსაკუთრებული სავარჯიშოებით გამოწრთობილი და მომზადებული არ არის, თუ ის ჩვეულებრივ არაჯანსაღ მდგომარეობაშია, ის ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას და ვერ მოერევა აღქმისა და აზროვნების ორგანოების დაძაბულ მუშაობას, რომელიც გარდაუვალია ადამიანის უნარების და უმაღლესი ძალების განვითარებისას. იმისთვის რომ გულს, ტვინს, ნერვულ სისტემას (და სხვა ორგანოებს, რომელთა როლის შესახებ ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში ცოტა რამაა ცნობილი, ან კი საერთოდ უცნობია დასავლური მეცნიერებისთვის) შესაძლებლობა ჰქონდეთ გაუძლონ ახალი ფუნქციების ზეწოლას, მთელი სხეული გაწონასწორებული, ჰარმონიული, გაწმენდილი, მწყობრში მოყვანილი და მომზადებული უნდა იყოს ახალი, კოლოსალურად ძნელი სამუშაოსთვის, რომელიც მას ელოდება.

იოგინებს მრავალი წესი აქვთ შემუშავებული, როგორ აკონტროლონ და დაარეგულირონ ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოების ცხოველქმედება. ისინი თვლიან, რომ სხეული საკუთარი თავის ამარა არ უნდა იყოს მიტოვებული. ინსტინქტები არასათანადოდ მკაცრად მართავენ მის ცხოველქმედებას, და აუცილებელია გონების ჩარევა.

იოგას ერთ-ერთი დებულებაა, რომ სხეული თავის ბუნებრივ მდგომარეობაში სულაც არ წარმოადგენს იდეალურ აპარატს, როგორადაც მას ხშირად მიიჩნევენ. ბევრი ფუნქცია იმით შემოიფარგლება, რომ სხეულის არსებობა ამა თუ იმ არახელსაყრელ პირობებშიც შეინარჩუნოს. ეს ის ფუნქციებია, რომლებიც სხვა, არანორმალური ფუნქციების შედეგს წარმოადგენენ.

იოგინები ასევე თვლიან, რომ ამ არახელსაყრელი პირობების უმეტესობა გაქრა, მაგრამ მათ მიერ შქმნილი ფუნქციები არსებობას განაგრძობს. იოგინები ამტკიცებენ, რომ სხეულის ზედმეტი ფუნქციების აღმოფხვრით შესაძლებელია სასარგებლო სამუშაოსთვის საჭირო ენერგია უსასრულოდ გაიზარდოს.

გარდა ამისა, ბევრი ფუნქცია იმყოფება ჩანასახოვან მდგომრეობაში, რომელთა განვითარება წარმოუდგენელ სიდიდემდეა შესაძლებელი.

იოგებისთვის ბუნებით ბოძებული სხეული მხოლოდ მასალაა. ადამიანი უმაღლესი მიზნების მისაღწევად ამ მასალას გამოიყენებს, სათანადოდ გადაამუშავებს და მისგან იმ იარაღის ქმნის, რომელიც საკუთარი მისწრაფებების განხორციელებისთვის სჭირდება. იოგინების მტკიცებით, სხეულში უზარმაზარი შესაძლებლობებია ჩადებული. იოგინებს მრავალრიცხოვანი მეთოდი და ხერხი აქვთ სხეულის არასაჭირო ფუნქციების დასასუსტებლად და ადამიანში და მის სხეულში მთვლემარე ახალი უნარების გამოსაღვიძებლად და განსავითარებლად.

იოგინების მტკიცებით სხეულის ენერგიის მხოლოდ უმცირესი პროცენტი იხარჯება სასარგებლოდ, ანუ სხეულის სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ადამიანის სულიერი მისწრაფებების სამსახურში. ადამიანის მიერ გამომუშავებული ენერგიის უდიდესი ნაწილი, მათი აზრით, ფუჭად იხარჯება. მაგრამ ისინი შესაძლებლად თვლიან, აიძულონ სხეული ყველა ორგანო, ემსახურონ ერთ მიზანს, მათ მიერ გამომუშავებული მთელი ენერგია მოხმარდეს უმაღლეს მიზნებს, თუმცა სწორედ ეს ენერგია ხშირად ხელისშემშლელია ამ მიზნების განსახორციელებლად.

ჰათჰა-იოგა უშუალოდ ადამიანის ფიზიკური ბუნებითაა დაკავებული, ანუ სიცოცხლის ცხოველქმედითი და ზრდის ფუნქციებით. აქ იოგინებმა რამდენიმე ისეთ კანონს მიაგნეს, რომლებიც დასავლურმა მეცნიერებამ მხოლოდ ბოლო დროს აღმოაჩინა. პირველი, სხეულის ცალკეული ორგანოების არაჩვეულებრივი დამოუკიდებლობა და ორგანიზმის სიცოცხლის მმართველი ცენტრის არარსებობა. მეორე, ერთი ორგანოს უნარი, ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული დოზით მეორე ორგანოს ფუნქცია შეასრულოს.

სხეულის ნაწილებსა და ორგანოებზე დაკვირვების შედეგად იოგინებმა დაასკვნეს, რომ სხეულის სიცოცხლე ათასობით ცალკეული სიცოცხლისგან შედგება. ყოველი „სიცოცხლე“ გულისხმობს „გონს“ ანუ ცნობიერს. ამ დამოუკიდებელ „სიცოცხლეებს“, რომლებიც ფლობენ „გონს“ ანუ ცნობიერს, ისინი ჭვრეტენ არა მხოლოდ სხვადასხვა ორგანოებში, არამედ სხეულის ყველა ქსოვილში და სუბსტანციაში. ესაა ჰათჰა-იოგას „ოკულტური“ მხარე.

ეს „სიცოცხლე“ და „ცნობიერი“ სხეულის „გონის“ არსია. ჰათჰა-იოგას თეორიის მიხედვით ადამიანს მისი დამორჩილება შეუძლია, ძალუძს აიძულოს ის, ემსახურონ მის მიზნებს.

ჰათჰა-იოგინები სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის და ნერვული ენერგიის მართვას სწავლობენ. მათ ძალუძთ სუნთქვის შეკავებით სხეულის ყველა ფუნქცია შეაჩერონ, ის ლეთარგიულ მდგომარეობაში გადაიყვანონ, რომელშიც ადამიანს უვნებლად შეუძლია გაძლოს ნებისმიერი დრო საკვებისა და ჰაერის გარეშე. და პირიქით, შეუძლიათ გააძლიერონ სუნთქვა, გახადონ ის რიტმული და გულისცემის სინქრონული, შეისრუტონ სასიცოცხლო ძალების უზარმაზარი მარაგი და გამოიყენონ ეს ძალა, მაგალითად, საკუთარი ან სხვისი დაავადებების სამკურნალოდ. მიაჩნიათ,რომ იოგინებს ნებისყოფის ძალით შეუძლიათ სხეულის ნებისმიერ ნაწილში სისხლის მიმოქცევა შეაჩერონ და პირიქით, ჭარბად მიმართონ იქ ახალი არტერიული სისხლი და ნერვული ენერგია. სწორედ ამას ეფუძნება მათი მკურნალობის მეთოდი.

ადამიანი საკუთარი სხეულის ფლობასთან ერთად მთელი მატერიალური სამყაროს ფლობას სწავლობს.

ადამიანის სხეული სამყაროს მინიატურას წარმოადგენს. მასში ყველაფერია - მინერალიც და ღმერთიც. და ეს ჰათჰა-იოგინებისთვის არა უბრალოდ ხატოვანი გამონათქვამი, არამედ თავად რეალური ჭეშმარიტებაა. ადამიანი საკუთარი სხეულით მთელ მატერიალურ სამყაროსთან ურთიერთობს. მის სხეულში მოქცეული წყალი ადამიანს დედამიწისა და ატმოსფეროს მთელ წყალთან აკავშირებს. მის სხეულში არსებული ჟანგბადი ადამიანს სამყაროს მთელ ჟანგბადთან აკავშირებს. ნახშირბადი - ნახშირბადთან. სასიცოცხლო პრინციპი - ყველა ცოცხალთან სამყაროში.

სრულიად ნათელია, რატომ უნდა იყოს ასე. ადამიანის სხეულის შემადგენლობაში მყოფი წყალი სხეულსგარეთა წყლისგან გამოყოფილი არ არის, ის მხოლოდ მიედინება ადამიანის გავლით. ზუსტად ასევე ჰაერი, სხეულის ყველა ქიმიური ნივთიერება და ა.შ. - ისინი მხოლოდ გაივლიან მის სხეულს. მის სხეულში შემავალი სხვადასხვა საწყისის (ოკულტური ტერმინოლოგიით - „გონის“) მართვის დაუფლებით ადამიანს შესაძლებლობა უჩნდება, სამყაროში განფენილი იგივე საწყისები, ანუ „ბუნების გონი“ მართოს.

ამასთან, ჰათჰა-იოგას პრინციპების სწორი გაგება ადამიანს სამყაროს კანონების წვდომას ასწავლის და მის ადგილს სამყაროში.

ჰათჰა-იოგას პრინციპების და მეთოდების ელემენტარულად გაცნობაც ნათელყოფს, რომ იოგას შესწავლა მასწავლებლის და მისი მუდმივი დაკვირვების გარეშე შეუძლებელია. ჰათჰა-იოგას მეთოდებით მიღებული თანაბრადაა თავად მოწაფის მუშაობის და მასთან მასწავლებლის მუშაობის შედეგი.

სხვა სახის იოგებში შესაძლოა, ეს მთლად ნათლად არ ჩანდეს. მაგრამ ჰათჰა-იოგაში საეჭვო არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰათჰა-იოგას შემსწავლელი ასანების პრინციპს ჩაწვდა.

ასანები - სახელწოდებებია, რომლებიც ჰათჰა-იოგაში სხეულის განსაკუთრებულ პოზებს ეძლევა, და იოგინი მათ მიღებას უნდა დაეუფლოს. ერთი შეხედვით ბევრი ამ პოზათაგან სრულიად შეუძლებლად გვესახება. გვეჩვენება, რომ მათ შესასრულებლად ადამიანს ან საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ძვლები ან მყესებს დაიწყვეტს.

ასანების ამსახველი უკვე საკმაო რაოდენობის ფოტოები და კინოფილმებიც კი არსებობს. ამ პოზების სირთულე ყველასთვის ცხადია, ვისაც ისინი უნახავს. ჰათჰა-იოგას შესახებ წიგნებში აღწერილი ასანებიც მათ სირთულესა და ჩვეულებრივი ადამიანისთვის პრაქტიკულად განუხორციელებლობაზე მიუთითებენ. მიუხედავად ამისა, ჰათჰა-იოგინები ამ ასანებს ითვისებენ, ანუ სხეულს სრულიად წარმოუდგენელი პოზების მიღებას აჩვევენ.

ნებისმიერს შეუძლია ერთერთი ყველაზე იოლი ასანას შესწავლა სცადოს. ესაა „ბუდას პოზა“, ამგვარად სახელდებული იმის გამო, რომ მჯდომარე ბუდას, როგორც წესი, ამ ასანაში გამოსახავენ. მის უმარტივეს ფორმას წარმოადგენს მდგომარეობა, როდესაც იოგინი გადაჯვარედინებული ფეხებით ზის, მაგრამ არა თურქულად, არამედ ერთი ტერფი მეორე ბარძაყზეა მოთავსებული, ხოლო მეორე ბარძაყი - საპირისპირო ტერფზე. ამავე დროს ფეხები მჭიდროდ ეკვრიან მიწას და ერთმანეთს. ეს ყველაზე იოლი ასანაც კი შეუძლებელია ხანგრძლივი და გულმოდგინე მომზადების გარეშე. მაგრამ ზემოთ აღწერილი პოზა ფაქტობრივად არ წარმოადგენს სრულ ასანას. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ბუდას ფიგურებს, დავინახავთ, რომ მას ორივე ტერფი ბარძაყებზე უდევს ფეხისგულებით მაღლა. ამ მდგომარეობაში ფეხები იმდენად გადახლართულია, რომ პოზა გადატეხილი ძვლების გარეშე შეუძლებლად გვეჩვენება. მაგრამ ინდოეთში ნამყოფს უნახავს და ფოტოებზეც აუსახავს ეს ასანა მისი სრული ფორმით.

გარეგანი ასანების გარდა არსებობს შინაგანი ასანები, რომელთა არსი სხვადასხვა შინაგანი ფუნქციების მართვაა, მაგალითად გულის მუშაობის და სრული სისხლის მიმოქცევის შენელება ან აჩქარება. შედეგად ისინი ადამიანს საშუალებას აძლევენ შინაგანი ფუნქციების მთელი სერია დაიქვემდებაროს. ეს ფუნქციები კი არა მარტო ადამიანის კონტროლს მიღმა იმყოფებიან, არამედ ხშირად დასავლური მეცნიერებისთვის სრულიად უცნობია, ხანდახან კი მხოლოდ ვარაუდით ხვდებიან მათ არსებობას.

გარეგანი ასანების აზრს და საბოლოო მიზანს სწორედ შინაგან ფუნქციებზე კონტროლის მიღწევა წარმოადგენს.

ასანების თვითშესწავლა გადაულახავ სირთულეს წარმოადგენს. სამოცდაათზე მეტი ასანაა აღწერილი. მაგრამ თვით ყველაზე სრული და დეტალური აღწერაც ვერ მიგვითითებს, რა თანმიმდევრობით შეიძლება მათი შესწავლა. თანმიმდევრობის მითითება წიგნებში შეუძლებელია, რადგან ის ადამიანის ფიზიკურ ტიპზეა დამოკიდებული.

შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ადამიანისთვის არსებობს ერთი ან რამდენიმე ასანა, რომელსაც ითვისებს და პრაქტიკაში იყენებს უფრო ადვილად, ვიდრე სხვებს. მაგრამ თავად ადამიანმა არ იცის საკუთარი ფიზიკური ტიპი, არ იცის, რომელი ასანა იქნება მისთვის ყველაზე იოლი, რომელი ასანით სჯობს მისთვის დაწყება. ამას გარდა, მისთვის უცნობია მოსამზადებელი ვარჯიშები, რომლებიც ყოველი ასანასთვის და ყოველი ფიზიკური ტიპისთვის განსხვავებულია. ეს ყველაფერი მხოლოდ ჰათჰა-იოგას სრულად მცოდნე მასწავლებელმა შეიძლება გადაწყვიტოს.

მასწავლებელი გარკვეული პერიოდი მოსწავლეს აკვირდება, მას ვარჯიშებით ცდის, მის ფიზიკურ ტიპს ადგენს და ამის მერე აცნობს, რომელი ასანით უნდა დაიწყოს. თუ ერთი მოსწავლესთვის დასაწყისში სამოცდამეათე ასანაა მიზანშეწონილი, მეორესთვის - ოცდამეთხუთმეტე, მესამესთვის - ორმოცდამეჩვიდმეტე, მეოთხესთვის პირველი და ა.შ. როცა მასწავლებელი მოსწავლეს ასათვისებელ „ასანას“ დაუდგენს, მას განსაკუთრებულ სავარჯიშოებს აძლევს და თავად აჩვენებს მათ. ამ ვარჯიშებს მოსწავლე სასურველ ასანამდე ეტაპობრივად მიჰყავთ, ანუ შესაძლებლობას აძლევენ, სხეულის საჭირო მდგომარეობა მიიღოს და ის გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს.

პირველი ასანის ათვისების შემდეგ მასწავლებელი ადგენს, რომელი მომდევნო ასანა უნდა აითვისოს მოსწავლემ. ის კვლავ ღებულობს მასწავლებლისგან განსაკუთრებულ ვარჯიშებს, რომელთა შესრულებაც გარკვეული დროის შემდეგ მას ამ ასანამდე მიიყვანს.

არასწორად შერჩეული ასანის შესწავლა თითქმის გადაულახავ სიძნელეებს იწვევს. გარდა ამისა, წიგნებში, სადაც ჰათჰა-იოგას პრინციპებია გადმოცემული, მითითებულია, რომ „არასწორი ასანა ადამიანს კლავს“.

ყოველივე ეს ერთობლიობაში ნათლად ადასტურებს, რომ ჰათჰა-იოგას, ისევე როგორც სხვა სახის იოგას შესწავლა მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია.

ჰათჰა-იოგას მთავარი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ნებას დაუქვემდებაროს ფიზიკური სხეული და თვით „არანებელობითი“ ფიზიკური ფუნქციები - ტკივილის დაძლევის უწყვეტი მუშაობაა. ტკივილისა თუ ფიზიკური ტანჯვის შიშის დაძლევა, სიმშვიდის, კმაყოფილების და კეთილდღეობის მუდმივი წყურვილის დაოკება - ქმნის ძალას, რომელსაც ჰათჰა-იოგინი ყოფიერების სხვა საფეხურზე გადაჰყავს.

ლიტერატურაში, განსაკუთრებით თეოსოფიურში, სადაც ჰათჰა-იოგას პრინციპებისა და მეთოდების ისტორიაა განხილული, განსხვავებული წარმოდგენები გვხვდება, რომელთაც განსაზღვრული მნიშვნელობა გააჩნიათ. ზოგი ავტორი ამტკიცებს, რომ იოგას შესწავლა აუცილებლად ჰათჰა-იოგით უნდა დაიწყოს, რის გარეშეც იოგა შედეგს არ მოიტანს. სხვა ავტორები ამტკიცებენ, რომ ჰათჰა-იოგას შესწავლა სხვა იოგების, განსაკუთრებით რაჯა-იოგას შესწავლის შემდეგაც შეიძლება, როდესაც მოსწავლე უკვე ყველა ძალას ფლობს, რასაც მას ახალი ცნობიერება ანიჭებს.

ამ საკითხს მართებულად იმ მოსაზრებით გადავწყვეტთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც ბევრი სხვა შემთხვევისას, ყველაფერი ტიპაჟზეა დამოკიდებული, ანუ არსებობენ ადამიანთა ტიპები, რომლებმაც ჰათჰა-იოგით უნდა დაიწყონ აუცილებლად და ტიპები, რომელთათვისაც შესაძლებელია სხვა იოგებით დაწყება. „ინდური ასკეტიზმისადმი“ მიძღვნილ დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში, სამწუხაროდ, ჰათჰა-იოგინებს ხშირად „ფაკირებში“ ურევენ. ასეთი აღრევის მიზეზები ადვილი გასაგებია. მკვლევრები, რომლებიც გარეგან ფენომენებს აკვირდებიან და არ ესმით იოგას პრინციპები, არ ძალუძთ ჭეშმარიტი მოვლენის იმიტაციისგან გარჩევა. ფაკირები ჰათჰა-იოგინებს ბაძავენ. მაგრამ ის, რასაც ჰათჰა-იოგინები გარკვეული მიზნით აღწევენ და რომელიც მათ ზუსტად ესმით, ფაკირებისთვის თვითმიზანი ხდება. ამიტომ ფაკირები ყველაზე რთულით იწყებენ. მათი პრაქტიკა უმეტესად ფიზიკურ სხეულს აზიანებს. მათ ხელები (ან ერთი ხელი) მაღლა აწვდილი უჭირავთ, სანამ ხელი ხმობას არ იწყებს, ცეცხლს ან მზეს უყურებენ, ვიდრე არ დაბრმავდებიან, საკუთარ სხეულს მწერებს აჭმევინებენ და ა.შ. დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი უჩვეულო ზებუნებრივ უნარებს ივითარებს, მაგრამ ამ გზას ჰათჰა-იოგას გზასთან არაფერი აქვს საერთო.

გაგრძელება იქნება...