raja 2

პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

(წიგნის სხვა თავები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე)

რაჯა-იოგა ცნობიერების აღზრდა-განვითარების იოგაა. ამ იოგის პრაქტიკულად შემსწავლელი ადამიანი საკუთარი „მე“-ს აცნობიერებს, რითაც არაჩვეულებრივ შინაგან ძალებს და სხვა ადამიანებზე გავლენის მოხდენის უნარს იძენს.

რაჯა-იოგა ადამიანის ფსიქიკური სამყაროსა და მისი თვითცნობიერებისთვის იგივეს წარმოადგენს, რასაც ჰათჰა-იოგა - ფიზიკური სამყაროსთვის. ჰათჰა-იოგა - სხეულის ძლევის, სხეულსა და მის ფუნქციებზე კონტროლის მოპოვების იოგაა. რაჯა-იოგა - გონების, ანუ ადამიანის ილუზორული, არასწორი თვითცნობიერების ძლევის, ცნობიერებაზე კონტროლის მოპოვების იოგაა.

რაჯა-იოგა ადამიანს პირველ რიგში იმას ასწავლის, რაც სამყაროს მთელი ფილოსოფიის საფუძველს წარმოადგენს - საკუთარი თავის შეცნობას.

როგორც ჰათჰა-იოგა ფიზიკურ სხეულს არასრულყოფილად მოიაზრებს და მისი გაუმჯობესების საჭიროებას ხედავს; ასევე რაჯა-იოგა ადამიანის ფსიქიკურ აპარატს განიხილავს როგორც არასრულს, რომელსაც დახვეწა და სრულყოფა ესაჭიროება.

რაჯა-იოგას მიზანია ცნობიერების, „გონების აწყობა“, როგორც მომღერლებისთვის „ხმის აწყობა“. ჩვეულებრივი დასავლური აზროვნებისთვის სრულიად გაუგებარია ცნობიერების აწყობის აუცილებლობა, რადგან თვლის, რომ ზოგადად, ჩვეულებრივი ცნობიერება სრულიად საკმარისია ადამიანისთვის, რომ მას არც შეუძლია სხვა ცნობიერება ჰქონდეს.

რაჯა-იოგა თვლის, რომ ძალიან ძლიერ გონსაც კი, როგორც ძლიერ ხმას, სწორად „აწყობა“ ესაჭიროება, რაც მის ძალებს და ნიჭს აათმაგებს და მის შემოქმედებითობას ზრდის, მას „უკეთ აჟღერებს“. ასეთი გონი უფრო მეტს ქმნის, იდეებს ერთმანეთთან სხვაგვარად კრავს, ერთდროულად მეტ მასალას მოიცავს. პირველი, რასაც რაჯა-იოგა ამტკიცებს - არის ის, რომ ადამიანი საერთოდ არ იცნობს საკუთარ თავს, რომ მას საკუთარ თავზე სრულიად მცდარი, დამახინჯებული წარმოდგენა აქვს.

ცხოვრების გზაზე სწორედ საკუთარი თავის არასწორი გაგებაა ადამიანის ძირითადი დაბრკოლება, მისი სისუსტის მთავარი მიზეზი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არ იცნობს საკუთარ სხეულს, მის ნაწილებს, მათ რაოდენობას და შედარებით მდებარეობას, რომელმაც არ იცის, რომ აქვს ორი ხელი, ორი ფეხი, ერთი თავი და ა.შ. ზუსტად ასეთია ჩვენი დამოკიდებულება ჩვენივე ფსიქიკური სამყაროსადმი.

ადამიანის ფსიქიკა რაჯა-იოგას თვალთახედვით გამრუდებული და ჩამუქებული მინების სისტემას წარმოადგენს, რომლის გავლითაც ცნობიერება სამყაროსა და საკუთარ თავზე სინამდვილის სრულიად შეუსაბამო გამოსახულებას ღებულობს. ფსიქიკის მთავარი ნაკლოვანება ისაა, რომ ის აიძულებს ადამიანს მიიჩნიოს ცალკეულად ის, რასაც ის თვლის ცალკეულად. ადამიანი, რომელსაც საკუთარი ფსიქიკის სწამს, ასევე სწამს ჭოგრიტის მხედველობის არე, და დარწმუნებულია, რომ ჭოგრიტის მხედველობის არეში მოქცეული სინამდვილე განსხვავდება მის გარეთ არსებულისგან.

ახალი თვითცნობიერება რაჯა-იოგაში ადამიანის ფსიქიკური სამყაროს პრინციპების შესწავლით და ცნობიერების ხანგრძლივი ვარჯიშით მიიღწევა.

ფსიქიკური სიცოცხლის პრინციპების შესწავლა ადამიანს აჩვენებს, რომ მისთვის ცნობიერების ოთხი მდგომარეობაა შესაძლებელი. ინდურ ფსიქოლოგიაში მათ ეწოდებათ:

ღრმა ძილი;

ძილი სიზმრებით;

მღვიძარე მდგომარეობა;

ტურიია, ანუ გასხივოსნებული მდგომარეობა.

ეზოთერულ სწავლებებში ცნობიერების ამ მდგომარეობებს რამდენადმე განსხვავებულად განმარტავენ, მაგრამ რაოდენობა - 4 - უცვლელი რჩება, მათ შორის მიმართება ასევე ახლოს დგას ზემოთმოყვანილ სქემასთან.

ამის შემდგომ ფსიქიკური ფუნქციების შესწავლაა საჭირო - აზროვნების, გრძნობების, შეგრძნებების და ა.შ., როგორც ცალცალკე, ასევე მათ ურთიერთკავშირში; სიზმრების, ნახევრად ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების შესწავლა; ასევე ილუზიების და თავის მოტყუების, თვითჰიპნოზისა და თვითდარწმუნების სხვადასხვა ფორმის შესწავლა - მათგან საკუთარი თავის განთავისუფლების მიზნით.

რაჯა-იოგის მსწავლელისთვის პრაქტიკული ამოცანებიდან ერთერთი პირველი აზრების გაჩერების უნარის მიღწევაა, შეეძლოს არ იფიქროს, ანუ საკუთარი სურვილით სრულად შეაკავოს გონება, სრულად დაასვენოს ფსიქიკური აპარატი. აზრების შეჩერების ეს უნარი აუცილებელ პირობად ითვლება ადამიანში მთვლემარე ზოგიერთი ძალისა და უნარის გასაღვიძებლად; არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების ნებისადმი დამორჩილებისთვის აუცილებელი პირობაა, შეგეძლოს, არ იფიქრო. ადამიანს მხოლოდ საკუთარი აზრების მოთოკვის უნარის დაუფლებით შეუძლია მიუახლოვდეს იმას, რომ ესმოდეს სხვა ადამიანების ფიქრები, ესმოდეს ყველა ხმა, უწყვეტად რომ ისმის ბუნებაში, მისი საკუთარი სხეულის „მცირე სიცოცხლეებისა“ თუ „დიდი სიცოცხლეების“ ხმები, რომლიც ნაწილიცაა თავად. ადამიანს მხოლოდ საკუთარი გონების პასიური მდგომარეობის შექმნის ცოდნით შეუძლია იმედოვნებდეს, გაიგონოს მდუმარების ხმა, რომელსაც ერთადერთს შეუძლია გაუმხილოს ადამიანს მისგან დაფარული ჭეშმარიტებები და საიდუმლოებები.

ამას გარდა - და ესაა პირველი, რაც მიიღწევა - ადამიანი, რომელიც სურვილის მიხედვით აზრების მოთოკვას ისწავლის, შესაძლებლობას იღებს შეამციროს ფსიქიკური ენერგიის უსარგებლო და ფუჭი ხარჯვა, რომელიც არასაჭირო აზროვნებას ხმარდება. არასაჭირო აზროვნება - ჩვენი შინაგანი ცხოვრების ერთერთი მთავარი ბოროტებაა. ხშირად ხდება, რომ გონებაში რაიმე აზრი ამოტივტივდება, და გონება, რომელსაც ძალა არ შესწევს, განაგდოს ის, მას კვლავ და კვლავ უსასრულოდ ატრიალებს, როგორც ნაკადული ფსკერზე კენჭებს ახოხიალებს.

ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი აღელვებული, შეწუხებული ან შეურაცხყოფილია, როდესაც რაღაცის ეშინია, რაიმეს ეჭვობს და ა.შ. ადამიანებმა არ იციან, რამდენად დიდი რაოდენობის ენერგია იხარჯება გონებაში ერთიდაიგივე აზრების, ერთიდაიგივე სიტყვების ამ არასაჭირო ტრიალზე. ადამიანს, ისე რომ თავადაც ვერ ამჩნევს ამას, შეუძლია უმიზეზოდ აკვიატებული სულელური ფრაზა ან ლექსის სტრიქონი ერთი ან ორი საათის განმავლობაში ათასჯერ გაიმეოროს.

როდესაც მოსწავლე ისწავლის არ იფიქროს, მას ასწავლიან იფიქროს - იფიქროს სწორედ იმის შესახებ, რაზეც სურს ფიქრი და არა იმაზე, რაც თავში მოსდის. ეს არის ყურადღების კონცენტრირების მეთოდი. გონების სრული კონცენტრაცია ერთ ობიექტზე და უნარი, არ ფიქრობდეს ამ დროს სხვა არაფერზე, არ გაეფანტოს ყურადღება შემთხვევითი ასოციაციებით, ადამიანს უდიდეს ძალებს ანიჭებს. ამ დროს მას შეუძლია აიძულოს თავი არა მარტო არ იფიქროს, არამედ არ იგრძნოს, არ გაიგონოს, არ დაინახოს რა ხდება ირგვლივ; შეუძლია არ იგრძნოს სიცხე, სიცივე, ტანჯვა; შეუძლია გონების დაძაბვით არ აღიქვას ყველაზე ძლიერი ტკივილიც კი. ეს ხსნის თეორიას, რომლის მიხედვითაც ჰათჰა-იოგა უფრო იოლი შესასწავლია რაჯა-იოგას შემდეგ.

შემდეგი, მესამე საფეხური - მედიტაციაა. ადამიანს, რომელიც დაუფლებულია ყურადღების კონცენტრაციას, მის გამოყენებას ასწავლიან, ანუ მედიტირებას, მოცემულ საკითხში ჩაღრმავებას, მისი სხვადასხვა მხარეების განხილვას, მიმართებისა და ანალოგიის მოძებნას ყველაფერთან, რაც ადამიანმა იცის, რაზეც ადრე უფიქრია ან გაუგონია. სწორი მედიტაცია ადამიანს ნაცნობი საგნების, უსასრულოდ ბევრ სიახლეს უხსნის, ისეთ სიღრმეებს უმხელს, რომელთა შესახებ ადრე აზრადაც არ მოსდიოდა ეფიქრა, მთავარი კი ისაა, რომ აახლოებს „ახალ ცნობიერებასთან“, რომლის ნაპერწკლები თანდათანობით იწყებს გაელვებას მოსწავლის მსჯელობისას და წამიერად ანათებს უსასრულოდ შორეულ ჰორიზონტებს.

შემდეგი, მეოთხე საფეხური არის ჭვრეტა. ადამიანს ასწავლიან საკუთარი თავისთვის დასმულ ამა თუ იმ საკითხში ჩაღრმავებას ფიქრის გარეშე; ან საერთოდ არ დასვას საკითხი და ჩაუღრმავდეს რაიმე იდეას, ხატ-სახეს, ბუნების სურათს, მოვლენას, ბგერას, რიცხვს. ადამიანი, რომელიც ჭვრეტას ფლობს, საკუთარი გონების უმაღლეს მხარეებს აღმოაჩენს, ეხსნება იმ ზეგავლენებს, რომლებიც სამყაროს ცხოვრების უმაღლესი სფეროებიდან მოედინებიან, თითქოს სამყაროს უღრმეს საიდუმლოებებთან საუბრობს.

ამასთან ერთად, რაჯა-იოგასთვის ყურადღების კონცენტრირების, მსჯელობის და ჭვრეტის საგანი არის ადამიანის „მე“. საკუთარი გონებრივი ძალების დაზოგვის და მათი სურვილისამებრ გამოყენების შესწავლის შემდეგ რაჯა-იოგა ადამიანისგან ითხოვს, ისინი საკუთარი თავის შესწავლისკენ, საკუთარი ჭეშმარიტი „მე“-ს შესაცნობად მიმართოს.

რაჯა-იოგას მთავარი მიზანი ადამიანის თვითცნობიერების და „თვითშეგრძნების“ შეცვლაა. მისი სწრაფვაც ისაა, რომ ადამიანმა საკუთარ თავში ამაღლებული და სიღრმისეული რეალურად შეიგრძნოს და გაიაზროს, რათა ის მარადისობას და უსასრულობას შეეხოს, რათა ადამიანმა უკიდეგანო სამყაროში თავი არა მოკვდავად, დროებითად და ნამცეცა მარცვლად იგრძნოს, არამედ უკვდავად, მარადიულად და მთელი სამყაროს თანაბარ უსასრულო სიდიდედ, სულის ოკეანეში ისეთი წვეთი იყოს, რომელიც საკუთარ თავში მთელ ოკეანეს მოიცავს. „მე“-ს გაფართოება რაჯა-იოგას მეთოდებით სწორედ ადამიანის თვითცნობიერების დაახლოებაა სამყაროს თვითცნობიერებასთან, თვითცნობიერების ფოკუსის გადატანა პატარა ცალკეული ერთეულიდან უსასრულობაზე. რაჯა-იოგა აფართოებს ადამიანურ „მე“-ს, მისი მზერა საკუთარ თავზე და მის თვითშეგრძნებაზე გადაყავს.

შედეგად ადამიანი წარმოუდგენელი ძალის და თავისუფლების მდგომარეობას აღწევს. ის არა მხოლოდ სრულყოფილად ფლობს საკუთარ თავს, არამედ სხვების ფლობაც ძალუძს. მას შეუძლია სხვა ადამიანების აზრების კითხვა, როგორც ახლო მანძილზე, ასევე მოშორებითაც, მათ საკუთარი აზრები და სურვილები შეუძლია შთააგონოს და ისინი დაიმორჩილოს. მას შეუძლია ნათელხილვას მიაღწიოს, წაიკითხოს წარსული და მომავალი.

ეს ყველაფერი ევროპელ მკითხველს ნამდვილად ფანტასტიკურად და შეუძლებლად მოეჩვენება; მაგრამ ბევრი „საოცარი“ სინამდვილეში არც ისე შეუძლებელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. რაჯა-იოგას მეთოდებში ყველაფერი ჩვენთვის გაუგებარი კანონების ჩაწვდომას, საკუთარ თავზე მკაცრად თანმიმდევრულ და თანდათანობითი ხასიათის მუშაობას ეფუძნება. რაჯა-იოგას პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი „საკუთარი თავის გამოყოფის“ ანუ „არამიჯაჭვულობის“ იდეას უკავია. მას მოსდევს ადამიანში მუდმივი ბირთვის და ერთიანობის არარსებობის იდეა; შემდეგ - ცალკეული ადამიანის არარსებობის იდეა, ადამიანს, კაცობრიობასა და ბუნებას შორის ნებისმიერი განსხვავების არარსებობა.

რაჯა-იოგას შესწავლა მასწავლებლის მუდმივი და უშუალო ხელმძღვანელობის გარეშე შეუძლებელია. მანამ, სანამ მოსწავლე დაიწყებს საკუთარი თავის შესწავლას, მასწავლებელი თავად სწავლობს მას და ადგენს გზას, რომელსაც მოსწავლე უნდა გაყვეს, ანუ თანმიმდევრული ვარჯიშების განრიგს ადგენს, რომელიც მოსწავლემ უნდა შეასრულოს, - რადგან ვარჯიშები სხვადასხვა ადამიანისთვის ერთიდაიგივე ვერ იქნება.

რაჯა-იოგას მიზანს ადამიანის უმაღლეს გონთან დაახლოება, მისთვის ძილის შემდეგ გამოღვიძების მსგავსი ცნობიერების ახალი მდგომარეობის შესაძლებლობის დამტკიცება წარმოადგენს. სანამ ადამიანი ამ გამოღვიძების შეგრძნებას და გემოს არ იცნობს, სანამ მის გონებას ჯერ კიდევ სძინავს, რაჯა-იოგა ისწრაფვის გასაგები გახადოს მისთვის თავად გამოღვიძების იდეა, აცნობს იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიღვიძეს, ადამიანს მათი აზრებისა და საქმიანობის შედეგების წვდომას ასწავლის, რაც ჩვეულებრივი ადამიანების საქმიანობის შედეგებისგან სრულიად განსხვავდება.