gnana

პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

(წიგნის სხვა თავები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე)

ჯნიანა-იოგა ცოდნის იოგაა. ფუძე „ჯნია“ ანგლო-გერმანულ, ლათინურ, ბერძნულ და სლავურ ენებში იმ ფუძეებს შეესაბამება, რომლებიც ცოდნას აღნიშნავენ. ჯნიანა-იოგას ადამიანი ჭეშმარიტებასთან მიჰყავს მისი იმ ცოდნის შეცვლით, რომელიც მას და სამყაროს ეხება. ეს ადამიანების ინტელექტუალური გზის იოგაა. ის ადამიანის გონებას სამყაროს ილუზორული კონცეფციის მარწუხებიდან ათავისუფლებს, ჭეშმარიტი ცოდნის გზაზე აყენებს, სამყაროს ძირითად კანონებს წარმოუდგენს. ჯნიანა-იოგა იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც რაჯა-იოგა. ის იწყება მტკიცებით, რომ სუსტი ადამიანური გონება, რომელიც ილუზიებს ჭვრეტს, სიცოცხლის საიდუმლოებებს ვერასოდეს ამოხსნის, რომ ასეთი ამოცანა უკეთეს ინსტრუმენტს მოითხოვს, რომელიც სპეციალურად მის გადასაწყვეტადაა ადაპტირებული. ამიტომ, პრინციპების შესწავლისას, რომლებიც საგანთა საფუძველს წარმოადგენს, ჯნიანა-იოგა გონების აღზრდისთვის განსაკუთრებულ მუშაობას მოითხოვს. ადამიანის ცნობიერება მზადაა ჭვრეტისა და კონცენტრაციისთვის, ახალი კატეგორიებით, უჩვეულო მიმართულებით და ახალი გათვითცნობიერებით აზროვნების უნარის შესაქმნელად, რომლებიც საგნების არა გარეგნულ ასპექტებთან, არამედ მათ ფუნდამენტურ პრინციპებთანაა დაკავშირებული; პირველ რიგში გონება სწრაფ და ზუსტ ფიქრს ეჩვევა, არსებითზე ყურადღების გამახვილებას და იძენს უნარს, დრო არ დაკარგოს გარეგან და ნაკლებმნიშვნელოვან დეტალებზე.

ჯნიანა-იოგა იმ აზრს ემყარება, რომ ადამიანური უბედურებების მთავარი მიზეზი ავიდიაა, უცოდინრობაა. ჯნიანა-იოგას ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ავიდიას აჯობოს და ადამიანი ბრაჰმავიდიას, ღვთიურ ცოდნას მიუახლოვოს.

ჯნიანა-იოგას მიზანია ადამიანური გონების განთავისუფლება შემეცნების იმ შეზღუდული პირობებისგან, რომელშიც ის გრძნობითი აღქმის და ლოგიკური აზროვნების ფორმებითაა მოქცეული, რომლებიც საპირისპიროს ეფუძნებიან. ჯნიანა-იოგას თვალსაზრისით, ადამიანმა პირველ რიგში სწორად აზროვნება უნდა ისწავლოს. სწორმა აზროვნებამ და იდეებისა და გაგების გაფართოებამ წარმოდგენების გაფართოება უნდა გამოიწვიოს, ხოლო ამ უკანასკნელმა, ბოლოს და ბოლოს, შეგრძნებები შეცვლოს, ანუ მცდარი და ილუზორული შეგრძნებები უნდა გაანადგუროს.

ინდოელი მასწავლებლები (გურუ) მცირედითაც კი არ მიისწრაფიან იმისკენ, რომ მათმა მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვანი ცოდნა დააგროვონ. პირიქით, მათ სურთ, რომ მოსწავლეებმა ყველა უმცირეს მოვლენაშიც კი პრინციპები დაინახონ, რომლებიც ყოფიერების საყოველთაო საფუძველებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, მოსწავლეს მედიტაციისთვის ძველი წიგნებიდან რაიმე ამონარიდს ან რომელიმე სიმბოლოს აძლევენ, და ის მთელი წელი, ორი ან შესაძლოა ათი წელიც ამ მედიტაციაში ატარებს, დროდადრო კი მასწავლებელს მედიტაციის შედეგებს უზიარებს. ყოველთვის წინმსწრაფი დასავლური გონებისთვის ეს უჩვეულოა; მაგრამ, შესაძლოა, ზუსტად ესაა სწორი მეთოდი, სიტყვებისა და ფაქტებისგან კოლოსალური კოლექციის შექმნის გზით ზედაპირული აზროვნების და მათი მხოლოდ გარეგანი სახით აღქმის ნაცვლად, სიღრმეში ჩავწვდეთ იდეებს. ჯნიანა-იოგას შესწავლისას ადამიანი ნათლად ხედავს, რომ იოგა მხოლოდ მეთოდი არაა. სწორი მეთოდი აუცილებლად მიგვიყვანს ცნობილ ჭეშმარიტებამდე, და მეთოდის გადმოცემით, შეუძლებელია ამ ჭეშმარიტებას არ შეეხო. ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ იოგა თავისი არსით არ შეიძლება იყოს დოქტრინა, ამიტომ ჯნიანა-იოგას იდეების კონსპექტის ან ზოგადი მონახაზის არსებობა შეუძლებელია. ადამიანმა, რომელიც იოგას როგორც მეთოდს იყენებს, თავად უნდა იპოვოს, იგრძნოს, განახორციელოს ის ჭეშმარიტებები, რომლებიც იოგას ფილოსოფიის შინაარსს შეადგენს. სხვა ადამიანისგან ან წიგნიდან მიღებული მზა ჭეშმარიტებები გონებასა ან სულზე იგივე გავლენას არ ახდენს, რასაც თავად ადამიანის მიერ ნაპოვნი ჭეშმარიტებები, რომლებსაც დიდხანს ეძებდა და ებრძოდა, ვიდრე მიიღებდა.

ჯნიანა-იოგა გვასწავლის, რომ ადამიანისთვის ჭეშმარიტება მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რასაც ის ჭეშმარიტებად აღიქვამს. ამას გარდა, ის ადამიანს ასწავლის, ერთი ჭეშმარიტების მეორეთი შემოწმებისას, ცოდნის მწვერვალზე ნელა ავიდეს, საწყისი წერტილი თვალთახედვიდან არ დაკარგოს და პერიოდულად დაუბრუნდეს მას, სწორი ორიენტაციის უზრუნველსაყოფად.

ჯნიანა-იოგა გვასწავლის, რომ ამ სამგანზომილებიანი სამყაროს დაკვირვებებზე ლოგიკური გზით გამოვლენილი ჭეშმარიტებანი, უმაღლესი ცნობიერების თვალსაზრისით სულაც არ არის ჭეშმარიტებები.

ჯნიანა-იოგა ადამიანს ასწავლის, რომ საკუთარ თავს, საკუთარ შეგრძნებებს, წარმოდგენებს, გაგებებს, იდეებს, აზრებს და სიტყვებს არ დაუჯეროს; და ყველაზე მეტად სიტყვებს არ ენდოს, ყველაფერი შეამოწმოს, ყოველ ნაბიჯზე სიფრთხილე გამოიჩინოს, გამოცდილების შედეგებთან და ფუნდამენტურ პრინციპებთან შეაჯეროს.

დღემდე ჯნიანა-იოგას იდეები მხოლოდ სიმბოლური ფორმით გადმოიცემა. ინდური ღვთაებების ხატები და ინდური მითოლოგიის ფიგურები ჯნიანა-იოგას მრავალ იდეას შეიცავენ, მაგრამ მათ გასაგებად ზეპირი განმარტებები და კომენტარებია აუცილებელი. ჯნიანა-იოგას წიგნებიდან შესწავლა შეუძლებელია, რადგან არსებობს მთელი რიგი პრინციპები, რომლებსაც წერილობით არასდროს ხსნიან. ამ პრინციპებზე მინიშნების, ხანდახან ზოგი მათგანის განმარტების ნახვაც კი შეიძლება წიგნებში, მაგრამ ეს მითითებები მხოლოდ იმათთვისაა გასაგები, ვინც უკვე უშუალო სწავლება გაიარა. ამ პრინციპების გაგების სიძნელე განსაკუთრებით დიდია, რადგან მათი გონებით გაგება არაა საკმარისი: აუცილებელია მათი გამოყენების სწავლა და არა მარტო აბსტრაქტული იდეების, არამედ კონკრეტული საგნების და მოვლენების, რომლებსაც ადამიანი ცხოვრებაში ხვდება, მათი გამოყენება დაყოფისა და კლასიფიკაციისთვის.

ინდურ ფილოსოფიაში დჰარმის იდეა თავისი ერთერთი მნიშვნელობით შესავალს წარმოადგენს ერთერთი ამ პრინციპის შესასწავლად, რომელსაც ფარდობითობის პრინციპი შეიძლება ვუწოდოთ.

თუმცა იოგას მეცნიერებაში ფარდობითობის პრინციპს არაფერი აქვს საერთო თანამედროვე ფიზიკაში ფარდობითობის პრინციპთან; და ის შეისწავლება არა ერთ ფენომენების კლასთან, არამედ სამყაროს ყველა მოვლენასთან მიმართებით; ამგვარად, ის ყველაფერს განმსჭვალავს და ერთ მთლიანობაში აკავშირებს.

ყოველივე ზემოთქმული - მოკლე შეჯამებაა იმისა, რაც ევროპულ ენებზე არსებული ხელმისაწვდომი ლიტერატურიდან იოგას შესახებ ვიცით. მაგრამ, სხვადასხვა იოგას არსი და მნიშვნელობა სწორად რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ - ეს ხუთი იოგა ერთად და ცალცალკე სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის ერთი და იგივე პრინციპის შემოკლებულ და ადაპტირებულ გადმოცემას წარმოადგენს. ამ სისტემას ზეპირსიტყვიერად ასწავლიან განსაკუთრებულ სკოლებში, რომლებიც იოგას სკოლისგან ისევე განსხვავდება, როგორც იოგას სკოლები - მონასტრებისგან.

ამ სისტემას სახელწოდება არ გააჩნია, და ის გარე სამყაროში არასდროს იყო ცნობილი; აღმოსავლურ მწერლობაში მხოლოდ ერთეული მინიშნებები გვხვდება. ბევრი რამ, რაც იოგას მიეწერება, სინამდვილეში ამ სისტემას ეკუთვნის. ამავე დროს, შეუძლებელია მასში ხუთი იოგას ერთობლიობის დანახვა. ყველა იოგა მისგან წარმოიშვა, და ყოველი მათგანი გარკვეული აზრით მის ცალმხრივ გაგებას წარმოადგენს. ერთი გაგება ფართოა, მეორე - უფრო ვიწრო, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე სისტემას ხსნის. ხუთი იოგას შეერთებით ეს სისტემა არ იქმნება, რადგან ის ბევრ ისეთ იდეას, პრინციპს და მეთოდს შეიცავს, რომლებიც არცერთ იოგაში არ არის.

ამ სისტემიდან ნაწყვეტები, რამდენადაც ავტორმა მათთან გაცნობა მოახერხა, წარმოდგენილი იქნება წიგნში „ადამიანი და სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს“. ეს წიგნი დასაბეჭდად მზადდება.

1912-1934 წწ.