12

დიდი კრიზისი

ადამიანთა უმეტესობაზე ეს კარტი განსაკუთრებულად უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს. თითქმის ყველა, ვინც ეს კარტი პირველად ნახა, რამდენჯერმე ატრიალებს მას, სანამ გაერკვევა, თუ რა ხდება. აღსანიშნავია, რომ კლასიკურ დასტებში დაკიდებული კაცი გამოსახულია ცალი ფეხით მიბმული და თავით ქვემოთ ჩამოკიდებული. შუა საუკუნეებში ასე სჯიდნენ მოღალატეებს. ფაქტიურად აქ ეხება კიდეც საქმე ღალატს - ადამიანი ღალატობს თავის საქმეს, ღალატობს საკუთარ თავს. დაკიდებული კაცი წარმოადგენს იმ ჩიხის სიმბოლოს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ან ხაფანგს, რომელშიც აღმოვჩნდით, როდესაც არასწორი გზა ავირჩიეთ. თუკი ამას გმირის მოგზაურობაზე გადავიტანთ, ცხადი ხდება, რომ გმირი შორს აღმოჩნდა დღის გზის მიზნისაგან. მან უარი თქვა ღამის გავლით სიარულზე, ამიტომ ბედი აიძულებს, რომ უკან მობრუნდეს.

ის თუ რაშია მთავარი პრობლემა, კარტის სიმბოლიზმი გვიჩვენებს. დაკიდებული კაცის ფეხები ჯვარს ქმნიან, ხოლო ხელების მდგომარეობა - სამკუთხედს. ჯვარს, ისევე როგორც კვადრატს, შეესაბამება ციფრი - ოთხი, რაც დასავლურ სიმბოლიზმსა და კულტურაში ყველაფერს მიწიერს შეესაბამება. ამის საწინააღმდეგოდ სამკუთხედი და მისი ციფრი სამიანი ღვთაებრივს განასახიერებს. ამიტომაც ჩამოკიდებულის მდგომარეობა - ესაა „არასწორი“ სამყაროს სიმბოლო, რომელშიც იგი მოხვდა, და სადაც ღვთაებრივი ქვემოთ აღმოჩნდა, მიწიერი კი - ზემოთ. სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანია, მიწიერის ქვეშ მოექცა, ამიტომაც ადამიანი ერთ ადგილზე გაიჭედა. თუკი ვინმეს მსგავს სავალალო მდგომარეობაში დავინახავდით, ბუნებრივია მივცემდით კეთილ რჩევას, რომ ამდგარიყო და ამობრუნებულიყო. ასე იგი ფეხებზე დადგება და „სწორ“ სამყაროს დაუბრუნდება. „ამობრუნების“ ამ პროცესს ეხება კიდეც მთელი შემდგომი გზა, რაზეც მოწმობს ამ კარტის შესაბამისობა მაღალი არკანებიდან უკანასკნელთან.

როდესაც ამოვატრიალებთ 12-ს, დაკიდებული კაცის რიცხვს, ჩვენ მივიღებთ 21-ს. 21-ე კარტზე ვიცით, რომ იგი გმირის მოგზაურობას ასრულებს და აღნიშნავს კვლავ მოპოვებულ სამოთხეს, სხვა დონეზე კი - მთლიანობის მოპოვებას. თუ ამ ორ კარტს შევადარებთ, ფიგურა ოცდამეერთე კარტზე ამობრუნებულ დაკიდებულ კაცს ემგვანება. გადაჯვარედინებული ფეხები მას ქვემოთ აქვს, ხოლო ზემოთკენ გაშლილი ხელები სამკუთხედს გვაგონებენ. დაკიდებული კაცის უძრაობა ცეკვამ შეცვალა. გზა „არასწორიდან“ „სწორი“ სამყაროსკენ ნაპოვნია.

როგორც მალე დავინახავთ, დაკიდებული კაცი განასახიერებს ასევე გამოუვალობას სიკვდილის, შემდეგი კარტის წინაშე, და უფრო მეტ მოთხოვნილებას - შევხედოთ ჩვენს წინაშე მდგარ ხვედრს პირდაპირ თვალებში. თუკი თვალებს ავარიდებთ და ვეცდებით, რომ მის შესახებ ფიქრი ჩვენი ცნობიერებიდან განვდევნოთ, დაკიდებული კაცის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით - და ადრე თუ გვიან (ჯერ კიდევ) ცოცხალ მკვდარს დავემსგავსებით, მაშინ, როცა აქ დაწყებული ინიციაციის გზა, რომელსაც შემდეგი კარტებისკენ მივყავართ, დაგვეხმარება, რომ თავისუფალი და ცოცხალი ადამიანი გავხდეთ, და არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ საკუთარ სიკვდილთან მშვიდობიანად მცხოვრები. ტყუილად არ ამბობდა მარტინ ლუთერ კინგი, რომ არავინაა თავისუფალი მანამ, სანამ სიკვდილის ეშინია.

დაკიდებული კაცი განასახიერებს ყველა კრიზისულ სიტუაციას, რომლებიც უკან დახევას გვაიძულებენ, განსაკუთრებით კი ცხოვრების შუაგულის მთავარ კრიზისს, ე.წ. midlife crisis. ასეთი ამერიკანიზმები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ საქმე ეხება ოცდამეერთე საუკუნის აღმოჩენებს.არაფერი მსგავსი. ეს შუა ასაკის კრიზისი, როგორც ჯობია მას ვუწოდოთ, ცნობილია უძველესი დროიდან. სწორედ მისით იწყებს დანტე თავის „ღვთაებრივ კომედიას“: „უსიერ ტევრში ამ ცხოვრების ნახევარგზაზე, ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული...“ — ასე ჟღერს ღამის ოკეანეში მოგზაურობის ბრწყინვალე აღწერის პირველი სიტყვები.

ვეჭვობ, შეუძლებელია ამ კარტის აზრის უკეთ გადმოცემა. ცოტა ხნის წინ ყველაფერი კარგად იყო, დარწმუნებული ხარ,, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, და უცებ ასეთი რამ! აი ასე, ან თითქმის ასე იწყება ყველა წუწუნი. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ გვეჩვენებოდა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. მაგრამ რეალური აწმყო, და მითუმეტეს მომავალი - სხვა აღმოჩნდა. კონტროლის ქვეშ შეგვიძლია მხოლოდ წარსული მოვაქციოთ, და რა თქმა უნდა ის საკუთარი წარმოდგენები აწმყოსა და მომავალზე, რომლებისაც გვჯერა. მაგრამ ჩვენთვის არასასიამოვნოდ, ცხოვრება თავისუფალია თავის გამოვლინებებში და ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი ან კარგად დაგეგმილი. ასეთი ღრმა აღშფოთება: «…და უეცრად ასეთი რამ!» - აჩვენებს, რამდენად მოუმზადებელნი ვართ შუა ასაკის კრიზისისთვის (და სხვებისთვისაც). კ.გ. იუნგი ამის შესახებ ამბობდა, რომ „ყველაზე ჭკვიაანმა და განათლებულმა ადამიანებმაც კი არა მხოლოდ არაფერი იციან შუა ასაკის ფსიქოლოგიური კრიზისის შესახებ, არამედ ისევე, როგორც სხვა დანარჩენები, სრულიად მოუმზადებელნი შედიან ცხოვრების მეორე ნახევარში.“ ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა შეიქმნას „სკოლები ორმოცი წლის ასაკიანებისთვის“. ადრე ამის მოთხოვნილება არ იყო, რადგან „რელიგიები საკმარისად ძლიერები იყვნენ, რათა დახმარებოდნენ ადამიანს მისი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში“.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ამ კარტის საზრისი შუა ასაკის კრიზისით შემოიფარგლება. ეს კარტი განასახიერებს ყველა კრიზისულ სიტუაციას, რომელიც ჩვენს მოთმინებას ცდის და გვაიძულებს, რომ უარი ვთქვათ ძველ განზრახვებზე და კურსი შევცვალოთ. მითუმეტეს არ ღირს, იმედი გვქონდეს, რომ ამ კრიზისებს თავს ავარიდებთ ეშმაკობის, სათნოების ან სამაგალითო ქცევის მეშვეობთ ავარიდებთ თავს.

«ის, ვინც მთლიანობის ძიებაშია, — ამბობს კ.გ. იუნგი, თითქოს ამ კარტს აღწერსო, — ადრე თუ გვიან იმ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომლის სიმბოლოც ჯვარცმაა. რამეთუ იგი უცილობლად შეეჯახება რაღაც ისეთს, რაც ჯვარს დაასვამს მის „მე“-ს, პირველ რიგში იმაზე, რაც არ უნდა რომ იყოს (ჩრდილი), მეორე — იმაზე, რაც სხვისი, და არა მისი საკუთარი პიროვნებაა (სხვა „მე“-ს ინდივიდუალური რეალობა), და მესამე — იმაზე, რაც მისი ფსიქიკური „არა-მე“, ანუ კოლექტიური არაცნობიერია“. და ოდნავ ქვემოთ ამატებს: „კოლექტიურ არაცნობიერთან შეხვედრა - ესაა საბედისწერო მოვლენა, რომელზეც ჩვეულებრივი ადამიანი არც კი ეჭვობს, სანამ პირისპირ არ შეეჩეხება. ხშირად ასეთი კრიზისის მიზეზს წარმოადგენს ერთ-ერთს ყველაზე ღრმა შიშთაგან, რომლებიც გრაფმა კარლფრიდ დიურკჰეიმმა აღწერა, როგორც კაცობრიობის სამმაგი ჭირი: განადგურების შიში (სიკვდილი ან უმწეობა), გამოუვალი მარტოობის შიში, და ასევე ცხოვრების აზრის დაკარგვის შიში. და ეს მესამე განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან მასთან შეჯახებას ცოტა თუ ელის. სწორედ ცხოვრების გააზრებულობის ღრმა შეგრძნება გვაძლევს საშუალებას, რომ ღირსეულად გადავიტანოთ ყველაზე მძიმე კრიზისებიც კი, მაგრამ ყველაზე პატარა კრიზისიც კი შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს, თუ ცხოვრება უაზროდ და აბსურდულად გვეჩვენება.

მაგრამ სწორედ აქ, გზის იმ მეორე მესამედის ბოლოს, რომლის დროსაც ჩვენი „მე“-ს განვითარება ხდებოდა, გველის კიდეც ცხოვრების საზრისის დიდი კრიზისი. აქამდე ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. გამომუშავებულ იქნა შესანიშნავი, ჯანმრთელი „მე“, განხორციელდა ამ „მე“-სთვის ასეთი მნიშვნელოვანი ყველა მიზანი: ავტომობილი, ბინა, კარიერა, ანგარიში ბანკში, შესანიშნავი ქმარი, მშვენიერი ცოლი, კარგი ოჯახი. მე მივაღწიე პატივისცემას და წონას საზოგადოებაში, და ახლა შემიძლია ტაიმ-აუტი ავიღო. ჰმ, შენ ასე ფიქრობ? შესაძლოა „კუნძულზე“ ცხოვრების შესახებ შენი ოცნებაც კი განახორციელე და სერიოზულად გაქვს იმედი, რომ ახლა „თამაშიდან გასვლა“ შეგიძლია.

და უეცრად გაოგნებულები ვრწმუნდებით, რომ „თამაშის“ მორევის შუაში გავიჭედეთ და ტაიმ-აუტის მოცემასაც არავინ აპირებს. აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მიღწევები არაფრად ფასობს. და ვცდილობთ, რომ რაიმე ანესთეზია მივცეთ საკუთარ თავს, ან პირიქით, გავზარდოთ იმ საქმიანობების დოზა, რომლებიც ოდესღაც ასეთ ენთუზიაზმს იწვევდნენ ჩვენში. მაგრამ უკვე მყარდება იმის გაცნობიერება, რომ ვერაფერი დაგვეხმარება. ახლა, როცა ფაქტიურად ყველაფერი გვაქვს, მოულოდნელად საკუთარ თავში სიცარიელეს ვგრძნობთ და შიშით აღმოვაჩენთ, რომ წინ მხოლოდ სიკვდილი გველის. საშინელებაა! და ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, რადგანაც ვცდილობთ, რომ ძველი, და თითქოს გამოცდილი მეთოდებით გვინდა პასუხი გავცეთ სრულიად ახალ კითხვებს. „ჩვენ არ შეგვიძლია, ცხოვრების დაისის დროს იგივე პროგრამით ვიცხოვროთ, რითაც აისის დროს, - ამბობს კ.გ. იუნგი. - რამეთუ ის, რაც დილით ბევრია, საღამოს მცირე გახდება, და ის, რაც დილით ჭეშმარიტებაა, საღამოს ცრუ გახდება“.

ამ კრიზისის საფუძვლების ძალიან შთამბეჭდავი აღწერა შეგვიძლია ვიპოვოთ ადამიანის ცნობიერების მკვლევართან - კენ უილბერთან: «როდესაც ერთხელ თავს საკუთარ სხეულთან, სულთან, პიროვნებასთან ვაიგივებთ, რომლებისგანაც შევდგებით, წარმოვიდგენთ, თითქოს ეს ობიექტები ჩვენს რეალურ „მე“-ს წარმოადგენენ და მთელი შემდგომი ცხოვრება ვცდილობთ დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ ის, რაც სინამდვილეში - მხოლოდ ილუზიაა». მაგრამ იგი იმაზეც საუბრობს, თუ რამდენად ძვირფასია ეს კრიზისები: «სპეციალისტთა უმეტესობის აზრის საწინააღმდეგოდ, ცხოვრებით ეს მტანჯველი დაუკმაყოფილებლობა არაა „სულიერი“ აშლილობის ნიშანი, და მითუმეტეს საბაბი, რომ ვისაუბროთ არასაკმარის სოციალურ ადაპტაციაზე ან ცუდ ხასიათზე. რამეთუ ცხოვრებითა და ყოფიერებით ამ ღრმა დაუკმაყოფილებლობაში იმალება გაგების მარცვალი, იმ განსაკუთრებული გაგების, რომელიც როგორც წესი სოციალური პირფერობის დიდი ტვირთის ქვეშაა დამარხული». ტანჯვა კი მხოლოდ ეხმარება ამ თესლს გამოვლინებასა და გაღვივებაში, ამიტომ არ უნდა გავექცეთ მათ, არ უნდა გავბრაზდეთ მათზე, საკუთარ თავზე და არ უნდა ვთქვათ უარი ცნობიერების განვითარებაზე. მითუმეტეს არ ღირს, რომ ვაქოთ საკუთარი თავი მათ გამო, ვეცადოთ მათ გახანგრძლივებას, ან პირიქით, დრამატიზებას: „ისინი მხოლოდ სტიმულია შემეცნებისთვის.

რადგანაც ასეთ სიტუაციებში უმეტესწილად მარცხენა ფეხით ვხვდებით (არაცნობ იერი მხარე), ტაროს ძველ კარტებშიც დაკიდებულ კაცს მარცხენა ფეხით ჩამოკიდებულს ხატავდნენ. უეიტმა შეცვალა ეს სიმბოლიზმი, რათა ხაზი გაესვა, რომ შეიძლება არსებობდეს საფუძვლიანი მიზეზები იმისთვის, რომ ასეთი მდგომარეობა ცნობიერად მივიღოთ (მარჯვენა მხარე).

დაკიდებული კაცი ყოველთვის აღნიშნავს, რომ რაღაც გზა ბოლომდე გავიარეთ და ახლა უნდა შემობრუნება მოგვიწევს, რომ რაღაც არასწორად გავიგეთ და ყველაფერი ხელახლა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი რაღაც საქმე გაიჭედა, რადგანაც რაღაც მნიშვნელოვანი ვერ გავთვალეთ ან დავივიწყეთ. და გარდა ყველაფრის ხელახლა გააზრების გულწრფელი მზაობისა, ასევე საჭიროა მოთმინება, ხშირად დიდი მოთმინებაც. ამ კარტს ასევე ხშირად თვლიდნენ მსხვეპრლის სიმბოლოდ, რადგანაც კრიზისი, რომელსაც იგი აღნიშნავს, ჩვეულებრივ ნდობის პოზიციას, უკვე ჩვეულად ქცეულ მოლოდინებზე, უკვე მონიშნულ პერსპექტივებზე უარის თქმას, მათ მსხვეპლად შეწირვას მოითხოვს. სწორედ ამ მოსაზრებებით შეცვალა უეიტმა ნახატი: საჭიროა, რომ კი არ ველოდოთ, სანამ ბედი გვაიძულებს მიმართულების შეცვლას, არამედ ყოველ ჯერზე ცნობიერად მივიღოთ ასეთი პოზიცია, რათა ჩვენთვის სრულიად უჩვეულო თვალთახედვით, თავზე მდგომებმა, დავინახოთ ახალი მნიშვნელოვანი საგნები და მოვლენები. აი, რატომაა დაკიდული კაცის თავი ნიმბით გარშემორტყმული: ეს ნიშნავს, რომ მასში სინთლე შევიდა. მაგრამ ამ კარტს კიდევ ერთი მიზანი აქვს - ფესვების გადგმა, სიღრმეში ზრდა; ამგვარად იგი იმპერატორი ქალის კარტს ავსებს, რომელთანაც ნუმეროლოგიური რიცხვითაა დაკავშირებული, და რომელიც ასევე აღნიშნავს ზრდას და გაფურჩქვნას, ოღონდ გარეგნულს.

კიდევ უფრო ღრმა დონეზე ეს კარტი განასახიერებს ადამიანს, რომელმაც თავისი ნებით შესწირა თავი მსხვერპლლად. Т-ს მაგვარი ჯვარი გვაგონებს ბერძნულ ასოს - ტაუ (Т), რომლის ივრითული ანალოგი - ტავ (ת) - წააგავს „სახრჩობელას“ მარსელის ტაროს კარტზე. თუმცაღა ბიბლიურ პერიოდში ეს ასო, რომელიც მაშინ თითქმის ზუსტად ბერძნულივით იწერებოდა, რჩეულობის სიმბოლო იყო. ეს იყო კაენის ბეჭედი, რომელიც საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, სასირცხვილო კი არ იყო, არამედ მინიშნება იმაზე, რომ ღმერთმა ეს ადამიანი თავისი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აიყვანა (დაბ. 4:15). ისრაელის ხალხში ასეთი ტატუირება შუბლზე უკეთდებოდათ სამეფო გვარის წევრებს, რომლებს შორისაც ირჩევდნენ წმინდა მეფეს, რომელიც თავისი მმართველობის ბოლოს თავის ხალხს მსხვერპლად სწირავდა საკუთარ თავს.

შეერთებული მე-12 და 21-ე არკანები, დაკიდებული კაცი და სამყარო, ქმნიან ანქხს, ძველეგვიპტურ ჯვარს რგოლით, რომელიც წრისა და კვერთხისგან შედგება. მამაკაცური და ქალური საწყისების ამ გაერთიანებაში ეგვიპტელები სიცოცხლის სიმბოლოს ხედავდნენ.

გზის გავლა დაკიდებული კაციდან სამყარომდე და ამ ორი პოლუსის გაერთიანება - არის კიდეც ის დიდი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაა. მიწიერ ჯვარზე მიჯაჭვულნი (დაკიდული კაცი), სამოთხისკენ (სამოთხე) უდიდეს მისწრაფებას განვიცდით. რაღაც ჩვენს შიგნით გრძნობს თვითობის ამ ძახილს (მოწოდებას), რომელიც მზადაა წაიყვანოს ჩვენი „მე“ სისავსისკენ, ხოლო უფრო მაღალ დონეზე ყოვლის-ერთიანობისკენ. მიჰყვება თუ არა ადამიანი ძახილს, გაივლის თუ არა ამ ინიციაციის კარიბჭეს - ეს საკითხი ღიად რჩება. და მაშინაც კი, თუ იგი ამას გააკეთებს, არანაირი გარანტია არაა, რომ იგი ოდესმე მიზანს მიაღწევს. იგივე წარმატებით მას უფლება აქვს, რომ კიდევ დიდხანს იყოს „დაკიდებული“. მოგზაურობის „აუცილებელი პროგრამა“ სიკვდილის შემდეგი კარტით სრულდება. და შეგვიძლია სრული დარწმუნებით ვთქვათ, რომ მანამდე ყველანი მივაღწევთ გამონაკლისის გარეშე. დასრულდება თუ არა ამით ჩვენი გზა, თუ გზას განვაგრძობთ, რათა უმაღლესს მივუახლოვდეთ, დამოკიდებულია ყოველ ჩვენგანზე პირადად. რამეთუ თვითობა, რომლის მიღწევაც, როგორც ემა იუნგი უსვამს ხაზს, არის კიდეც ჩვენი ცხოვრებისეული მიზანი, „არ გვეძლევა მზა სახით, არამედ წარმოადგენს ჩვენში ჩადებული შესაძლებლობებიდან მხოლოდ ერთ-ერთს, და გამოვლენა მხოლოდ გარკვეული პროცესის მსვლელობაში შეუძლია“. მაგრამ არავინ და არაფერი არ გვაძლევს გარანტიას, რომ „თვითობა თავისთავად რეალიზდება ბიოლოგიური სიცოცხლის ბუნებრივი მსვლელობის პროცესში. უფრო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანთა უმეტესობა მთელი ცხოვრების განმავლობაში საბოლოოდ მაინც ვერ აღწევს მას“.

საკვანძო სიტყვები დაკიდებული კაცისთვის:

არქეტიპი — განსაცდელი;
ამოცანა — შემობრუნება, გააზრება და მზადყოფნა რაიმეს მსხვერპლად გაღებისთვის;
მიზანი — ზრდა სიღრმეში;
რისკი — «გაჭედვა», ჩაკეტილ წრეში მოქცევა;
ცხოვრებისეული შეგრძნება — მე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, შეუსაბამო ადგილას, კრიზისში, საკუთარ თავს ვუშლი ხელს, უაზრო ცხოვრებას ვეწევი, დავიქანცე; „გამოცდა“ მოთმინებასა და მორჩილებაზე.