15

აჩრდილთა სამეფოში

მზემ თავის შუაღამის წერტილს მიაღწია, და ახლა ბნელეთის ძალებს უნდა შეხვდეს და თავად გმირიც ასევე თავისი მოგზაურობის ყველაზე ბნელ სფეროში შევიდა. აქ, მიწისქვეშა სამეფოს ლაბირინთში, განძია დაფარული, მშვენიერი ტყვე ქალია დამწყვდეული, ჯადოსნური ყვავილი იზრდება ან სხვა რამე, რომელიც გმირმა უნდა იპოვოს და დაიხსნას ბოროტი ურჩხულისგან, საშინელი დრაკონისგან ან ვერაგი მტრისგან.

ამ ხატ-სახეებში მითები და ზღაპრები იმ საფრთხეს აღწერენ, რომელიც არაცნობიერში იმალება, და ჩვენ ამ საფრთხეს ყოველ ჯერზე ვგრძნობთ, როცა რეალურად ვეხებით მას, და არა უბრალოდ ამ თემაზე სიმშვიდეში ფიქრით. ნამდვილი შეხვედრა არაცნობიერთან ხშირად იწვევს შიშს და პანიკასაც კი. ტყუილად არ ადარებს კ.გ. იუნგი ასეთ შეხვედრას დროებით შეშლილობას. «არაცნობიერის, როგორც პასიური ობიექტის ანალიზი, - წერს იგი, - ინტელექტისთვის არ წაროადგენს სირთულეს, რადგანაც ეს მის რაციონალურ მოლოდინებს შეესაბამება. არაცნობიერის თავისუფალ ნებაზე მიშვება და მისი, როგორც რეალობის აღქმა კი აღემატება საშუალო ევროპელის გამბედაობას და შესაძლებლობას. იგი ამჯობინებს, რომ არ ესმოდეს ასეთი საკითხები. სულით სუსტებისთვის მართლა ასე ჯობია, რადგანაც ეს თემები უსაფრთხო არაა». თუმცაღა გზის ამ წერტილში სწორედ ჩვენი არსების ბნელ მხარეს უნდა შევხვდეთ პირისპირ.

რადგანაც ეშმაკი ქრისტიანულ დასავლეთში გამოცხადებულ იქნა summum malum-ად, ანუ ყოველგვარი ბოროტების კვინტესენციად, მან თავის თავში ყველა ჩრდილოვანი ასპექტი გააერთიანა. აი, რატომაა ეს კარტი ასეთი მრავალმნიშვნელოვანი, და რატომაა ეშმაკის არქეტიპის რაღაც ერთ მნიშვნელობამდე დაყვანა შეუძლებელი.

ნებისმიერ შემთხვევაშში ეშმაკი რაღაც „გაუგონარის“ სიმბოლოა, ამასთან სიტყვის ორივე მნიშვნელობით. ესაა ის საგნებიც, რომლის შესახებაც ცხოვრებაში არასოდეს არაფერი გვსმენია, და ამავდროულად ის ყველაფერი, რასაც გაუგონარად ვთვლიდით, ანუ ჩვენთვის აბსოლუტურად შეუძლებლად - ის ქცევები, მოტივაციები, სურვილები, განზრახვები, აზრები, თვისებები, რომლებიც ჩვენში აღშფოთებას ან ზიზღს იწვევდა, რომლისაც გვრცხვენოდა და აქამდე მხოლოდ სხვებში ვხედავდით, სამაგიეროდ ხშირად, და თან ყოველთვის მკაცრად განვიკითხავდით. ის ჩვევები, თვისებები და შეხედულებები, რომლებიც სხვებში ასე გვაღიზიანებდა, თურმე ჩვენი განუყოფელი ნაწილი აღმოჩნდა - ჩვენ კი გვიხაროდა, რომ ისინი არ გაგვაჩნია და შეუძლებელია გვქონდეს. აქ, ჩრდილების სამეფოში, ცხოვრობს ყველაფერი ის, რისი ცნობიერებიდან განდევნაც შევძელით იმ დონემდე, რომ ისინი თითქოს საერთოდ აღარ არსებობენ. ესაა ის, რაც ყოველ ჯერზე შიშს იწვევს ჩვენში, როცა თავს გვახსენებს. ის, რისიც მთელი არსებიტ შეგვრცხვებოდა, ამაზე რომ „გამოვეჭირეთ“ - მაშინაც კი, თუ თავად „გამოვიჭერდით“ ჩვენს თავს ამაზე. და ახლა ეს ყველაფერი არა მხოლოდ უნდა ვაღიაროთ ჩვენში, არამედ მივიღოთ, როგორც საჭირო. გასაკვირი არაა, რომ ამის გადაწყვეტილებას დიდი შიშით, ზიზღით და სურვილის გარეშე ვიღებთ.

ასეთ უმოწყალო თვითგაცნობიერების და თვითმხილების შესანიშნავ მაგალითს ძალითა და აღწერილობის გამომხატველობით, რომელიც ნებისმიერს გამოადგება მაგალითად, წარმოადგენს ალბერ კამიუ. ნაწარმოებში „დაცემა“ იგი მოგვითხრობს ელეგანტური, წარმატებული და პატივცემული ადვოკატის შესახებ, რომელიც საზოგადოების უმაღლეს წრეებს ეკუთვნის და თავს ყველა თვალსაზრისით უზადოდ თვლის. თუმცაღა ერთხელ, საღამოს, სრულიად უკაცრიელ ხიდზე გადასვლისას, უეცრად თავის უკან სიცილის ხმა გაიგონა. შემდეგ სიცილი განმეორდა, კიდევ და კიდევ, და ამის შემდეგ აღარ ტოვებდა მას, სანამ არ აიძულა გაეცნობიერებინა მწარე სიმართლე, დაენახა თავისი ჭეშმარიტი სახე ჩვეული ამპარტავნული ნიღბის ქვეშ, თავისი უზარმაზარი ბნელი ჩრდილი, და გაეგო თავისი ერთი შეხედვით სათნო და კეთილშობილური ქმედებების ჭეშმარიტი მოტივები.

ამ ბნელ ზონაში იმყოფება ჩვენი ის ყველაფერი, რაც სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება ისურვებდა, მაგრამ ამის უფლება ჩამორთმეული აქვს და იძულებულია ჩრდილის სახით იარსებოს. ესაა ჩვენთვის არა-საყვარელი „შინაგანი დემონები“, რომლებსაც ეგო სინათლეზე გამოჩენის ღირსად არ თვლის, ამიტომ ციხე-სიმაგრეში ჰყავს გამოკეტილი. და ზიან ისინი საპყრობილეში, ისეთივე საშინელ მიწისქვეშა კარცერში, ძალიან დაბალში, რომ გაიმართო, და ძალიან ვიწროში, რომ ფეხებგაშლილი დაწვე, სადაც შუა საუკუნეებში მეამბოხეებს აგდებდნენ, რათა სამუდამოდ დაევიწყებინათ. ჩვენი ეგო ისეთივე სისასტიკით ექცევა თავის არასაყვარელ მხარეებს, ცდილობს, რომ ყველანაირად დათრგუნოს და დაივიწყოს ისინი. გასაკვირი არაა, რომ დროთა განმავლობაში ისინი იქცევიან დემონებად, რომლებიც ჩვენს ცნობიერებას ფლეთენ, და არა მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში.

 

ზღაპრების ენაზე - ეს გაყიდული სულების მხარეა. აქ, მიწისქვეშა სამეფოში, ლუციფერი ჩვენი სულის ნაწილაკებს განაგებს, ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ, ადამიანები ჩვენს ნაწილებად არ ვთვლით. აი, რატომ იმყოფება სწორედ აქ ის, რაც მთლიანობისს მისაღწევად არ გვყოფნის, რაც ჩვენს ნაკლოვანებებს კვებავს და აძლიერებს.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით „დაფარული განძი“ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ცნობიერების ის გაუხსნელი ფუნქცია, ერთ-ერთი იმ ოთხიდან, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი, გაუცნობიერებელი და ამიტომ არარეალიზებული. აქ, გზის ამ მონაკვეთში, მისი გაუხსნელობა არა მხოლოდ აღმოჩენილი ხდება, არამედ დაუყოვნებლივ კომპენსაციასაც ითხოვს. ან იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს შევამჩნიეთ, რომ ცხოვრება უკვე მერამდენედ მოითხოვს ჩვენგან სწორედ მის რეალიზებას, ან იმიტომ, რათა გავიგოთ, რომ სწორედ იგი არ გვყოფნის მთლიანობის მისაღწევად.

თუმცაღა ყველაზე არასასიამოვნო იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნების სწორედ ეს მხარე გვაქვს განუვითარებელი, მოუმწიფებელი და პრიმიტიული. წარმატებულად ვხსნით რა ყველა დანარჩენ მხარეს და ბრწყინვალედ ვიყენებთ რა მათ, სულის ეს ნაწილი დაგვავიწყდა, და წლების განმავლობაში იგი უფრო და უფრო უხეშდებოდა, ხროტინებდა და ობით იფარებოდა. ცხადია, რომ არ გვიყვარს იგი, ზედმეტად მიგვაჩნია და გვეზიზღება, ყოველ შემთხვევაში საიდუმლოდ მაინც, როცა სხვებში ვამჩნევთ. მაგრამ როცა ვაცნობიერებთ ამ ნაწილის ჩვენში განვითარების აუცილებლობას, ამ ამოცანას აღვიქვამთ არა იმდენად როგორც უჩვეულოს და ძალიან რთულს, რამდენადაც კვლავაც ზედმეტს, რომელზეც ძალისა და დროის დახარჯვა გვენანება. გვეჩვენება, რომ ახალი ჭუჭყიანი სათვალეები გაგვიკეთეს და თან გვავალებენ, რომ მათ მიღმა რამე გავარჩიოთ, როცა გვერდით, ხელის გაწვდენაზე, ჩვენი ძველი, სანდო და სრულიად სუფთა სათვალეები დევს. ან რომ ქუჩაში ცნობილ ჩამშვებთან ან მყრალ ბომჟთან ერთად ხელიხელჩაკიდებული გამოჩენას დაგვავალებენ. აი, რატომ ვამბობთ უარს ამ სამუშაოს შესრულებაზე ასე ჯიუტად, უკანასკნელ წვეთამდე.

ჩვენი ცნობიერება როგორც წესი საკმაოდ ქედმაღლურად იქცევა, როცა გულწრფელად ვარაუდობს, რომ არაფერი იმისგან, რაც ოდესღაც განდევნილი ან დავიწყებული იქნა, აღარ დარჩა. მაგრამ არც „განდევნილი“ და არც „დავიწყებული“ არ გამქრალან, არამედ არაცნობიერის სფეროში გადაინაცვლეს და მოქმედებას განაგრძობენ. უბრალოდ ამას ჩვენ უკვე ვეღარ ვაცნობიერებთ.

სწორედ ამაში მდგომარეობს მთავარი საფრთხე, რადგანაც კონტროლი და გონივრულად გამოყენება მხოლოდ იმისი შეგვიძლია, რასაც კარგად ვიცნობთ. მეზღვაური, რომელიც ქარებს იცნობს, ადვილად წაიყვანს თავის ნავს ქარის წინააღმდეგაც კი. თუ ქარებს არ იცნობს, მაშინვე მათ სათამაშოდ იქცევა. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენთის არასაყვარელი ჩრდილოვანი თვისებების შესახებაც. თუ ადამიანი მათ არ იცნობს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ, ან რომ ისინი არ მოქმედებენ.

ცხოვრებაში ყველას ჰქონია მომენტი, როცა რასაც ჰქვია „ეშმაკმა შეიპყრო“, და ადამიანი უეცრად უჩინარი ძალის მიერ აღმოჩნდა გატაცებული. ამ ძალას ეშმაკს მიაწერენ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენში მანამდე მას არ ვცნობდით - ან საბოლოოდ განდევნილად ვთვლიდით. და ეს ეშმაკეული ძალა, ჩვენი მთლიანი პიროვნების ეს მანამდე წარმატებით დათრგუნული ნაწილაკი უეცრად გვავსებს, გვიპყრობს, ჩვენს „ოკუპირებას“ ახდენს, გვაიძულებს ისეთი რაღაცეები ვაკეთოთ, რომლებსაც ვერც ახლა და ვერც მერე ვერ ავხსნით, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. ფსიქოლოგიაში პიროვნების ამ არაინტეგრირებულ ნაწილაკებს „ავტონომიურ კომპლექსებს“ უწოდებენ: ისინი ჩვენსს სამშვინველში იმ მაწანწალებივით ცხოვრობენ, რომლებიც დღის სინათლეს და „ხელისუფლების“ კონტროლს ანუ ცნობიერებას ემალებიან, და იმ მომენტს ელოდებიან, როცაა ჩვენ, მაგალითად, მღელვარების ან თრობის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რათა ცნობიერებაზე კონტროლი მოიპოვონ და „თავისუფლად ინავარდონ“. სწორედ მაშინ გვაიძულებენ ისინი ისეთი რაღაცეების კეთებას, რომლებსაც შემდგომ ჩვენთვის სრულიად არადამახასიათებლად ვაფასებთ - სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი „მე“ ამ თავის მხარეებს არ იცნობს და არც უნდა, რომ გაიცნოს. თუმცაღა იმ შემთხვევებში, როცა საქმე ასე შორს არ მიდის და გვეჩვენება, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და ვერანაირი „ეშმაკნი“ ვერ შეგვიპყრობენ, ეს ჩრდილოვანი მხარეები მაინც მოქმედებენ ჩვენზე და განსაზღვრავენ ჩვენს მოქმედებებს. რომელი ჩვენგანია ისეთი მტკიცე, რომ არ დაემორჩილოს არანაირ ცდუნებას, და რომელი ჩვენგანი არ უშვებს ერთი და იგივე შეცდომას, რომელიც, თითქოს, უკვე ყველამ იცის? საკუთარ თავთან, საკუთარ სსისუსტეებთან და ცდუნებებთან უსასრულო ბრძოლა ალბათ ყოველ ადამიანს უწევს. ხოლო თუკი ვინმე თვლის, რომ შეძლო საკუთარ თავში ამ ყველაფრის გადალახვა, მაშინ იგი ან ბრძენია, ან უბრალოდ მიამიტი. რადგანაც ეს ასე უხეშად განდევნილი ჩრდილოვანი მხარეებია ის, რაც მთლიანობისთვის არ გვყოფნის, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ისინი იქცევიან ჩვენს ნაკლოვანებებად, სისუსტეებად, ჩვენი შინაგანი არათავისუფლების წყაროებად. სწორედ ის, რაც გვაკლია, ასე „გვაცოფებს“ ყოველ ჯერზე, როცა ახერხებს, რომ კომფორტული ზეციდან ცოდვილ მიწაზე ჩამოგვაგდოს, დაე, თუნდაც მხოლოდ იმისთვისს, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენოს თავი. ასე ცდილობენ ჩვენი სულის ეს არასასურველი ნაწილები კარცერიდან თავის დახსნას, რათა ბუნებრივი სახე დაიბრუნონ და ბოლოს და ბოლოს სავსე ცხოვრებით იცხოვრონ. აი, რატომაა, რომ მიუხედავად ჩვენი ყველა „კეთილი ზრახვისა“, ისინი თავს გვახსენებენ ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობთ, რომ როგორც იქნა შევძელით მათგან განთავისუფლება. მაგრამ ასეა თუ ისე, რასაც არ უნდა განვიცდიდეთ, როცა გზის ამ ეტაპამდე მივაღწევთ, გამთლიანება (განკურნება) გველის. სწორედ აქ გვეხსნება ბოლოს და ბოლოს ნამდვილი გზა მთლიანობამდე, ხსნამდე, რაც გნებავთ უწოდეთ. აქ უფლება გვეძლევა, რომ დანაკლისი შევივსოთ. მაგრამ მანამ, სანამ ჩვენი საკუთარი საშინელი ჩრდილების სამყაროს მთელი პიროვნების განუყოფელ ნაწილად არ ვაღიარებთ, ვერასოდეს მივაღწევთ ვერც მთლიანობას და ვერც ხსნას. თუმცა ეს სიტყვები არ უნდა გაიგოთ იმ თვალსაზრისით, რომ ახლა შეგიძლიათ თავისუფლება მისცეთ აქამდე დაფარულ წყენებს მეზობელზე, უფროსზე, მეუღლეზე, ბავშვებზე და ა.შ. ან პირიქით, სრულიად დაივიწყოთ ყველა მათგანი და იცხოვროთ ისე, „როგორც მარცხენა ფეხი ისურვებს“. ახლა უკვე შეიძლება და აუცილებელიცაა, პირველ რიგში, გავაცნობიეროთ ჩვენი განდევნილი მისწრაფებები და სურვილები, შემდეგ კი ვიპოვოთ მათი ცნობიერების სფეროსთან ინტეგრირებისს საშუალება, რათა მან შეძლოს მთელი პასუხისმგებლობით ისარგებლოს მათით. მაშინ ყველაფერი ის, რაც მანამდე მხოლოდ დესტრუციული იყო, შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული გავხადოთ და ბოლოს და ბოლოს დავუბრუნოთ მისი ჭეშმარიტი როლი და ადგილი ადამიანის პიროვნების სტრუქტურაში. ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ადამიანი „კეთილი“ გახდება: პირიქით, ის ძალზე „არაკეთილიც“ იქნება, რადგან ეს გაცნობიერებული და მანამდე ასე შეუპოვრად განდევნილი ჩრდილები მთელი ძალით გაცოცხლდებიან. მან შეიძლება განზრახ დაიწყოს სხვების გაბრაზება, ან შოკისმომგვრელი ქმედებები შეასრულოს. მაგრამ ამჯერად ამას ცნობიერად და სრული პასუხისმგებლობით გააკეთებს.

ეს შეუძლებელი ან დაუშვებელი ყოფა მანამდე არ გაგვიშვებს, სანამ ისეთად ყოფნის უფლებას არ მივცემთ მას, როგორიც არის. რაც უფრო მეტს ვებრძვით ან ვთრგუნავთ, მით უფრო ძლიერ გვიტაცებს და გვიპყრობს იგი და სანამ არ მოგვინდება ან არ ვისწავლით ამ ბნელი ძალების საკუთარ თავში პოვნას, სხვა ადამიანები გაგვახსენებენ ხოლმე მათ შესახებ, სწორედ იმიტომ, რომ სხვებში ჩვენი ეგო ამ ძალებს გაცილებით უფრო ადვილად და ხალისით ამოიცნობს ხოლმე. თუმცაღა, თუკი სულ ასე დავემალებით მათ, მაშინ ჩვენი ჩრდილი ყოველ ჯერზე მიიტაცებს ჩვენი სამშვინველის ახალ და ახალ სფეროებს, სანამ ერთხელაც ბოლომდე არ დაეუფლება მას. სწორედ ამ ნიადაგზე ყვავილობს არა მხოლოდ ჩვენი იდუმალი მიდრეკილებები, გიჟური ეჭვები და ყველას განსჯის გადაულახავი მოთხოვნილება, არამედ ცალკეული ადამიანების გონებებსა და კოლექტივებში გამჯდარი სულელური წარმოდგენები საყოველთაო შეთქმულების შესახებ, რომლის ქსელსაც ნაძირლების მორიგი ჯგუფი ხლართავს, რათა კაცობრიობაზე ძალაუფლება მოიპოვოსვდა გეოგრაფიული მდებარეობის თუ პოლიტიკური მოდის შესაბამისად ასეთ ნაძირლებად ითვლებიან კომუნისტები, მასონები, სიონისტები, ნარკომოვაჭრეები, ფუნდამენტალისტები, ექსტრასენსები, ებრაელები, „მწვანეები“, ნეონაცისტები, საენტოლოგები, ბოლშევიკები, მაფიოზები, იეზუიტები, ოლიგარქები, ცსს. ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ ეს „ნაძირლები“ ვერანაირი საშუალებით ვერ თავისუფლდებიან საკუთარ თავზე ასეთი პროექციული წარმოდგენებისგან. ასეთი პროექციები ძალიან სიცოცხლისუნარიანია, რადგანაც ადამიანები, რომლებმაც ერთხელ შექმნეს ისინი, ყრუები ხდებიან გონების არგუმენტებისთვის და საღი გონებთ და მყარი მეხსიერებითაც კი ვერ აღიქვამენ ვერანაირ საწინააღმდეგო არგუმენტს. აქ მათი მსხვერპლნი უძლურნი არიან: მათ ერთხელ და სამუდამოდ აცხადებენ განტევების ვაცებად და ნებისმიერი მათი სიტყვა საკუთარი თავის გასამართლებლად აღიქმება მხოლოდ როგორც ფესვებგადგმული ეჭვების მორიგი დადასტურება.

ასეთი ბრძოლა გარე სამყაროს ჩრდილებთან ყოვეთვის მოწმობს კიდევ უფრო სასტიკ ბრძოლაზე შინაგან სამყაროში. რაც უფრო მეტად ვთრგუნავთ რაღაცას ჩვენში, მით უფრო მიმზიდველი ხდება იგი, ასე რომ ჩვენ სულ უფრო ხშირად გვიწევს შევეჯახოთ იმ ადამიანებს და მოვლენებს, რომლებსაც ასე გულწრფელად და შეურიგებლად ვებრძვით. უფრო ხშირად ვფიქრობთ და ოცნებასაც კი ვიწყებთ მათზე. მაგრამ კიდევ უარესი ისაა, რომ ეს განდევნილი პრობლემატიკა რეგულარულად გვაიძულებს ან სწორედ ის გავაკეთოთ, რასაც სხვებში ვერ ვიტანთ (რაც, პრინციპში, გასაკვირი არაა, რადგანაც ჩვენი თვითკმაყოფილი ეგო ყოველთვის იპოვის საბაბს, რომ ნებისმიერი წესიდან გააკეთოს გამონაკლისი), ან „მაღალეთიკურ“ განცხადებებსა და დემონსტრაციებში წამოწევს, რომლებიც კეთილშობილურია ჩანაფიქრით, საქმეში კი კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ჩვენი მოწინაღმდეგეების ცოდვები. მღვდელი, რომელსაც სათნოების შემოტევისას თავში მოუვა გარშემო ყველა დემონის „მოკითხვა“, ისეთ ეგორცისტულ შაბაშს მოაწყობს, რომ ნებისმიერ შავ მაგს შეშურდება. ობივატელი, რომელმაც საკუთარი თავი პორნოგრაფიასთან სამყაროსეული ბრძოლისთვის მოწოდებულად ჩათვალა, პირველ რიგში მისთვის მისაწვდომი ყველანაირი პორნოგრაფიული პროდუქციის შესწავლას დაიწყებს, ანუ გაცილებით უფრო მეტი რაოდენობით მოიხმარს მას, ვიდრე ნებისმიერი, ვის გადარჩენასაც ცდილობს. ამასთან, არანაირი სინდისი არ შეაწუხებს, იმიტომ, რომ სწორედ მას აქვს უფლება ყველაზე სასტიკი რამეები: მისი საკუთარ განსაკუთრებულობაში დარწმუნებული ეგო ადვილად მისცემს ამის საშუალებას. ეს საიმედო ნიშანია: როცა ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრები მზად არიან პირდაპირი გაგებით მოკლან ადამიანები, რომლებიც წელიწადში ერთხელ სანადიროდ დადიან, როცა ბრძოლა მშვიდობისთვის იარაღით ხელში მიმდინარეობს, როცა ქვეყნის პირველი, ანუ სანიმუშო სახეები უეცრად ყველა ტელევიზიით ტრანსლირებული ბინძური ისტორიების გმირები აღმოჩნდებიან, როცა მორწმუნე ფანატიკოსები აწამებენ და კლავენ ადამიანებს თავისი რწმენის სახელით, როცა უდიდესი რევოლუციონერი და ნაციის განმანთავისუფლებელი დესპოტი და ტირანი ხდება, როცა წმინდა გურუ თავისი მიმდევრებისგან უკანასკნელ წვენებს წურავს ფინანსური და სულიერი თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველანი თავიანთ უფრო ნაჩქარევ, ვიდრე წარმატებულ სწრაფვაში სიკეთისადმი საკუთარი ჩრდილის მსხვერპლად იქცნენ და ვერც კი შეამჩნიეს ეს.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა. აქ, ჩვენი საკითარი ღამის სიბნელეში, იმყოფება კიდევ ერთი ჩრდილი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით გვახსენებს თავს. ეს - ჩვენი საწინააღმდეგო სექსუალური საწყისია, რომელიც იუნგთან „ანიმად“ და „ანიმუსად“ არის მოხსენიებული. ამ საწყისს, ისევე როგორც ყველა შინაგან ხატ-სახეს, ორი პოლუსი გააჩნია: ნათელი და ბნელი. მათ ნათელ მხარეებს ყოველი ჩვენგანი დიდი ხანია კარგად იცნობს. ეს გაცნობა იმ მომენტში მოხდა, როცა პირველად გავხდით „ყურებამდე შეყვარებული“. ამ მომენტში ქალი თავის ანიმუსს შეიცნობს, მამაკაცი კი აღტაცებით აღმოაჩენს საკუთარ თავში ანიმას, რამეთუ აღტაცების წყაროები მხოლოდ არაცნობიერშია და ჩვენი ცნობიერება სხვაგან ვერსად იპოვის მას.

შეყვარებულობა - ეს სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის გამოღვიძება ჩვენი საკუთარი შინაგანი „მე“-ს მიმართ. იმ სხვა ადამიანს, რომლის წყალობითაც და რომლის მიმართაც ეს გრძნობა განვიცადეთ, რა თქმა უნდა რაღაც ისეთი ცხვირი ან პირი აქვს, რომელიც ჩვენი ანიმას ხატ-სახესთან რეზონირებს. მასში მართლაც მოიძებნა რაღაც, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ჩვენი შინაგანი ხატ-სახის მასზე პროეცირება. მაგრამ ეს „რაღაც“ იმდენად მცირე და პრაქტიკულად უწონადია ჩვენს საკუთარ განცდებთან შედარებით, როგორც კაუჭთან შედარებით ის სურათი, რომელიც მასზე კიდია. გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი შეყვარებულობა იშვიათად გრძელდება ექვს თვეზე მეტხანს. შემდეგ საოცარი ხატ-სახე ფერმკრთალდება, ბზარები უჩნდება, რომლებშიც ეშმაკები აღწევენ, უფრო და უფრო ნაკლებად სასიამოვნოები და არც ისეთი მშვენიერები, როგორც მანამდე. თავიდან ყველა დათმობისთვის ვართ მზად, რათა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ წინა ხატ-სახე, მაგრამ ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა მივახლით ჩვენს ზღაპრულ პრინცს (ან პრინცესას): „შენ ძალიან შეიცვალე!“, და თავისთავად ამაში ცუდისკენ ცვლილებას ვგულისხმობთ. ჩვენ ვლანძღავთ მას „სიყალბისთვის“, თავს მოტყუებულად და იმედგაცრუებულად ვგრძნობთ, და ვფიქრობთ, რომ როგორც იქნა შევიცანით მისი ჭეშმარიტი ნატურა. სინამდვილეში ჩვენი პარტნიორი ოდნავაც არ შეცვლილა მთელი ამ ხსნის განმავლობაში, უბრალოდ ჩვენი უნარი - მოვახდინოთ მასზე საკუთარი შინაგანი ხატ-სახეების პროეცირება, დღითიდღე მცირდებოდა და ბოლოს საერთოდ გაქრა. ბევრისთვის ეს საბაბი ხდება, რომ მიატოვოს იგი და ახალი ობიექტი იპოვოს მასზე საკუთარი პროექციების გადატანისთვის, რათა კიდევ ექვსი თვე გაატაროს სასიყვარულო ეიფორიაში. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დროთა განმავლობაში სწავლობენ ხატ-სახის სინამდვილისგან გარჩევას. ასეთი ადამიანებისთვის მუდმივი სიყვარული სწორედ მაშინ იწყება, როცა შეყვარებულობა მთავრდება.

ეშმაკის არკანს საწინააღმდეგო სქესის იმ ბნელ პოლუსთან მივყავართ, რომელიც ყოველი ჩვენგანის სულში ცხოვრობს. ნათელ პოლუსზე ყოფნით და მისი (უფრო სწორად ჩვენი საკუთარი) დადებითი მხარეებით აღტაცებულნი, ერთხელ მაინც აღმოვაჩენთ მასში საკუთარ პროექციებს - და გვეწყება იმ ბნელი პოლუსის შიში, რომლის უარყოფითი თვისებებიც სადღაც უნდა გამოვლინდნენ. ამასთან, ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ ჩვენ ვუფრთხით ამ თვისებების სხვა ადამიანების მიერ გამოვლენას. სინამდვილეში ეს ყველაფერი იგივე ჩვენი ჩრდილოვანი თვისებებია, შინაგანი ხატ-სახეები, რომლებიც გამოსავალს ეძებენ, და არა სხვა ადამიანები, რომლებზეც ჩვენ ამ თვისებების პროეცირებას ვახდენთ ჩვევის გამო. აი, რატომ არ ვზოგავთ ძალებს და ნერვებს იმისთვის, რომ მივუთითოთ და დავუმტკიცოთ ამ ადამიანებს, რაში არ არიან მართლები. ჩვენ ხომ ასი პროცენტით ვართ დარწმუნებულნი, რომ საქმე აქ ჩვენს საკუთარ თვისებებში კი არაა, რომლების პროეცირებასაც სხვებზე ვახდენთ, არამედ თავად ამ ადამიანებში, რომლებსაც ჩვენთვის ბოროტების გაკეთება სურთ და ამიტომ ყველაზე მძიმე სასჯელს იმსახურებენ. მაგრამ რაც უფრო მეტად ვებრძვით ამ სახით საკუთარ ჩრდილს, რაც უფრო მეტად ვდევნით და ვთრგუნავთ მას, მით უფრო ძლიერი ხდება იგი, როგორც არ უნდა უცნაური იყოს. იმიტომ რომ იგი - ჩვენი საკუთარი პიროვნების ნაწილია, ამიტომ მისგან განთავისუფლებას ვერ შევძლებთ, ისევე როგორც შეუძლებელია საკუთარი ჩვეულებრივი ჩრდილისგან განთავისუფლება მზიან დღეს.

ანტიკურმა კულტურამ, რომელიც უფრო ლოიალურია მამაკაცების მიმართ, ვიდრე ქალების მიმართ, თითქმის მხოლოდ ქალური ჩრდილოვანი ხატ-სახეები დაგვიტოვა. მათგან ყველაზე ცნობილია მედუზა, ინდოელი ქალ-ღმერთის - კალის ჩრდილოვანი მხარის ევროპული ანალოგი და ჩვენი ჯადოქარი ქალებისადმი, „ალქაჯებისადმი“ და გაკიცხული ცოდვილი ქალებისადმი შიშის მიზეზი.

თუკი მამაკაცი თავისი ანიმას ჩრდილოვანი მხარის პროეცირებას ახდენს ქალზე, და მასში წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ხატ-სახეს ცნობს, მაშინ იგი დარწმუნებული იქნება, რომ სწორედ ესაა მისი პარტნიორის „ჭეშმარიტი არსი“ და ამაში მისი გადარწმუნება ძნელი იქნება. იგივე შეიძლება ითქვას ქალზე, რომელმაც თავისი საკუთარი შინაგანი მტანჯველის ან მოძალადის ხატ-სახე თავის უდანაშაულო პარტნიორზე გადაიტანა. თუ ჩვენ თავის დროზე ასე რთულად მოვახერხეთ ნათელი მხარის აჩრდილის ამოცნობა და მის მიღმა რეალურ სინამდვილეში შეღწევა, რამდენად რთული უნდა იყოს გაღწევა ბნელი აჩრდილების მიღმა, იმის გაგებისკენ, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენივე საკუთარი ჩრდილები გვემუქრებიან და არა თითქოს ახლობელი ადამიანის ძალიან ცხადი უარყოფითი თვისებები და თანდაყოლილი სიავე.

და რაც უფრო ჯიუტად დავხუჭავთ თვალებს ამაზე, მით უფრო ხშირად და ძლიერად ჩაერევიან ეს ჩრდილები ჩვენს ცხოვრებაში. ტყუილად არააა, რომ ასე გვიცრუებენ იმედებს ადამიანები, რომლებშიც უეცრად ჩვენთვის ასეთი ახლობელი უარყოფითი მხარეები გაიხსნა. ტყუილად არაა, რომ შემდეგ ასე თავდავიწყებით ვაწებებთ მათ იარლიყს ან ამაყად მივდივართ გულში „საღვთო რისხვით“, გვავიწყდება, რომ ოდესღაც შეყვარებული ვიყავით ამ ადამიანზე, და ფიცს ვაძლევთ საკუთარ თავს - აღარასოდეს წამოვეგოთ არანაირ სატყუარაზე. მაგრამ როგორ ფრთხილადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა გამოვცადოთ ჩვენი მომაავალი პარტნიორი, მაინც: როგორც კი ახალი შეყვარებულობა განქარდება, ჩვენ მაშინვე აღშფოთებით აღმოვაჩენთ, რომ მორიგ ჯერზე ალქაჯს თავის მოტყუების უფლება - ან ახალ გრძნეულს (მამაკაცს), თუ გნებავთ. შემდეგ ერთხელაც დგება მომენტი, როცა გვეჩვენება, რომ საკმაო ნეგატიური გამოცდილება დავაგროვეთ, რათა თავისუფლად ვიმსჯელოთ ქალის ან მამაკაცის არსზე ზოგადად. და რა თქმა უნდა, ეს არსი ჩვენგან ყველაზე გამანადგურებელ შეფასებას იღებს! ამაყად ვიშორებთ რა საპირისპირო სქესის ყოველ მცდელობას - დაგვიმონოს, ჩვენ გადავწყვეტთ ხოლმე, რომ ჯობია მთელი დანარჩენი ცხოვრება სრულ თავისუფლებასა და მარტოობაში გაატარო.

თუმცაღა, შესაძლოა, თავში მოგვივიდეს, რომ ყველა ამ უსიამოვნო შეგრძნებას და სხვების ბოროტი ქცევას, რომლებისგანაც ასე ვიტანჯებით, ჩვენს საკუთარ სამშვინველში აქვთ მიზეზი, რომ სწორედ ესაა ჩვენი ჩრდილი, და საჭიროა, ვეცადოთ - გავიგოთ და ვაღიაროთ იგი, ნაცვლად იმისა, რომ ცეცხლითა და მახვილით ვანადგუროთ სხვა ადამიანებში. და აქ ცოდვა არ იქნება გავიხსენოთ მსოფლიო მითოლოგია, რომელშიც მიზნამდე ამაყი მარტოსული რაინდები კი არ აღწევენ, არამედ რიგითი მეომარი, რომელიც თანხმდება, რომ საპირისპირო სქესის მრჩეველის დარიგება მიიღოს. მთლიანობის მიღწევა მხოლოდ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დალაგებითაა შესაძლებელი. ვერც პანიკური გაქცევა, ვერც ყრუ დაცვა, ვერც საკუთარი დამოუკიდებლობის (ბუნებრივია, ილუზორულის) გამოცხადება ვერ დაგვეხმარება ამაში. ის, ვინც ვერ შეძლო საპირისპირო სქესთან კონტაქტის მოგვარება და ამჯობინებს, რომ მასთან ნებისმიერ კონტაქტს თავი აარიდოს, შესაბამისად ვერ შეძლებს თავისი ცხოვრებისეული ამოცანის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანის შესრულებასაც. მარტოსული ვერასოდეს მიაღწევს მთლიანობას.

ამ კარტზე ჩვენს წინაა ადამი და ევა, რომლებიც ჯაჭვებით არიან მიბმულნი და თითქოს ეშმაკის სრული ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან. იგი განასახიერებს დამორჩილებას, დამოკიდებულებას და არა-თავისუფლებას, ანუ იმას, რისი გაკეთებაც გვიწევს მიუხედავად ჩვენი წარმოდგენებისა, ნების საწინააღმდეგოდ. ხატ-სახე გასაგებია: ჩვენ არ გვაქვს თავისუფლება, დაბმული ვართ - ამიტომ მოწყვლადნიც. მაგრამ თუ ნახატს დავაკვირდებით, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჯაჭვები დიდი მარყუჟით ადევთ, ასე რომ მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თვითონ მოიხსნან ისინი. თუმცაღა ამისთვის პირველ რიგში სჭირდებათ, რომ გააცნობიერონ თავიანთი არათავისუფლება. სწორედ ამაშია პრობლემა. გააცნობიერო საკუთარი დამოკიდებულობა რამეზე, გაიგო ამის მიზეზები - ყოველთვის ძალიან რთულია.

ყოველი დამოკიდებულობის უკან სინამდვილეში დაუკმაყოფილებელი შური იმალება. თუმცაღა ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ უკვე აღარ გვახსოვს, ვისი და რის გამო შეგვშურდა ოდესღაც, ან საერთოდ ვერ ვხვდებით, რომ შეგვშურდა. სამაგიეროდ ძალიან კარგად ვგრძნობთ ამის შედეგებს და ვაგრძელებთ, მაგალითად, მოწევას, მას შემდეგ, რაც უკვე რამდენჯერმე სერიოზულად დავანებეთ თავი. საქმე იმაშია, რომ ასეთი პრობლემების გადაწყვეტას, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში, „მამაკაცურად“ ვართ მიდრეკილი, ანუ ვცდილობთ ერთი მოქნევით გავწყვიტოთ ისინი, დევიზით: „რადგან მინდა, ესე იგი შემიძლია!“ ან: „თუ სხვებს გამოსდით, მე - მითუმეტეს გამომივა!“. და ზოგიერთი ამ გზით მართლაც აღწევს წარმატებას - ერთი შეხედვით. როდესაც უმოწყალოდ ახშობენ სიმპტომს, ისინი ფიქრობენ, რომ ავადმყოფობის მიზეზის ლიკვიდაცია მოახდინეს. თუმცაღა ავადმყოფობა მაინც დარჩა. ამ გზით მწეველი მოწევას თავს ვერ დაანებებს: უკიდურეს შემთხვევაში დროებით არამწეველი მწეველი გახდება. ადრე თუ გვიან ავადმყოფობა კვლავ გამოვლინდება, ოღონდ სხვა სიმპტომებით, რათა უბრალოდ თავი გაგვახსენოს, მაგრამ ჩვენი ცნობიერება იშვიათად ასწრებს წარსულის აწმყოსთან დაკავშირებას და დასკვნების გამოტანას. ყველაზე ხშირად ადამიანი ჯერ კიდევ მანამდე უბრუნდება ძველ ჩვეულებაას, და სევდით იხსენებს ძველ კეთილ ზრახვებს, რომლებითაც, როგორც ცნობილია, მოფენილია ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა. სწორედ ამ ჯოჯოხეთში ვიმყოფებით კიდეც ახლა.

აქ, აჩრდილთა სამეფოში, იმალება კიდეც ავადმყოფობის მიზეზი. მისი მოცილებით სიმპტომებისგანაც გავთავისუფლდებით. მაგრამ ჯერ მისი პოვნაა საჭირო, იმის გაგება, თუ ჩვენი არსის რომელი ჩრდილოვანი მხარის შეგვშურდა ოდესღაც ასე ძლიერ, რომელი მათგანი ვერ ითმენს, რომ სინამდვილეში გამოავლინოს თავი. ამის თაობაზე გაბრაზება ან დაძაბული ფიქრი არ ღირს. ჩვენი ცნობიერება მაშინვე შემოგვთავაზებს უამრავ, აბსოლუტურად უსარგებლო საშუალებას ჩრდილთან ბრძოლისთვის.რამეთუ ჩრდილი სწორედ იმიტომაა ჩრდილი, რომ დაიმალოს. ჩვენს ეგოს კი მეტისმეტად ეშინია ყველაფრის, რასაც არ იცნობს, ამიტომაც გაგზავნა ოდესღაც ეს მისთვის ძალიან სახიფათო არსება აჩრდილთა სამყაროში. გაცილებით უფრო ადვილია - გამოვაცხადოთ რაღაც უსიამოვნო „ეშმაკისეულ ბოდვად“, ვიდრე ვაღიაროთ იგი მართლაა არსებულად და გავაცნობიეროთ, როგორც საკუთარი ნაწილი. თუმცაღა ჩვენი თვითობა, რომელსაც არასოდეს ტოვებს იმედი, რომ მიგვიყვანს ჭეშმარიტ მიზანთან, გამუდმებით დაგვაჯახებს ხოლმე ჩვენი ძველი შურის საგანთან, მაშინაც კი, თუკი ცნობიერება ყველა ფიბრათი შეეწინააღმდეგება ამას და ამტკიცებს, რომ ყველა ჩვენი უბედურება - სხვების შეცდომების და საერთოდ, მტრების მოქმედებების შედეგია. ის, ვისაც მართლა სურს გაიგოს, თუ რა ემართება, უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოს, ანუ უნდა ისწავლოს მსგავსი ნიშნების, აკვიატებული აზრების და განმეორებადი სიზმრების შემჩნევა და თავისთვის მონიშვნა. და თუ ჩვენი ცნობიერება წინასწარვე არ უკუაგდებს ყველაფერ ახალს, არამედ მზადაა დაფიქრდეს მათზე და აღიაროს, რომ პრობლემისგან პანიკური გაქცევა მის გადაწყვეტაში ვერ დაეხმარება, და რომ სწორედ იმ სფეროში, რომელსაც ჩვენთვის მიუღებლად, მიწიერად და მანკიერად ვთვლით, შეიძლება იმალებოდეს ჯადოსნური განძი, ეს ნიშნავს, რომ რაღაცისთვის მიგვიღწევია. რაც არ უნდა უცნაური იყოს, იმისთვის, რომ პრობლემის გადაწყვეტა ვიპოვოთ, ხშირად აუცილებელი არაა მისი არსის გაგება. საკმარისია სწორი ნაბიჯის გადადგმა. ამის გაკეტებით, ჩვენ მაშინვე უშეცდომოდ შევიგრძნობთ, რომ ჩვენი შური, როგორც იქნა დაკმაყოფილდა, მაშინაც კი, თუ ვერ გავიგეთ, რისგან იყო იგი გამოწვეული და რა კავშირი აქვს ჩვენს ამჟამინდელ მოქმედებებთან.

საოცარია, მაგრამ ე.წ. ეზოთერულ წრეებში მიღებულია, რომ შორიდან შემოუარონ ყველაფერს, რაც ცოტათი აგონებთ ეშმაკს, ჩრდილს, სიბნელეს და შიშებს. ადამიანებს შეუძლიათ შთაგონებით იმსჯელონ სიმრთელეზე და განკურნებაზე, და ამავდროულად ამტკიცონ, რომ არანაირი საქმე არ აქვთ ამ „სიბნელესთან“, და თუ სადმე შემთხვევით შეხვდებიან, აუცილებლად წმენდენ სრულ „სითეთრემდე“, თუმცაღა წინააღმდეგობა აქ თვალნათლივია. აქედან ცხადია, რომ სიყვარული თეთრი ტანსაცმლისადმი და მედიტაციები „სინათლეზე“ არსობრივად სხვა არაფერია, თუ არა სასოწარკვეთილი მცდელობები - არ მიუშვან ახლოს არაფერი ბნელი და საშიში. ამის სრულიად კანონზომიერი ფსიქოლოგიური მიზეზი ხდება დევნის მანია და რამდენადაც, როგორც ცნობილია, არაცნობიერი კომპენსატორის ფუნქციას ასრულებს ცნობიერთან მიმართებაში, შესაბამისად ამ უკანასკნელის ავადმყოფურად კულტივირებადი სითეთრე შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ არაცნობიერის უკიდეგანო სიბნელეზე. ჩვენს ეგოს იქ ვერაფრის დიდებით ვერ შეიტყუებ, ამიტომ მთელი ეს სიშავე გარე სამყაროში იფრქვევა და საშიში მტრების ფორმებს იღებს, რომლებისაც ადამიანს ეშინია. კ.გ. იუნგმა ამის შესახებ თქვა: «ნათელი ვერ გახდები გამუდმებით ნათელზე ფიქრით. იგი შეიძლება მხოლოდ ბნელის გაცნობიერების შემდეგ გახდე. ეს კი სასიამოვნო არაა, ამიტომ არც პოპულარულია».

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ეშმაკს სინამდვილეში ლუციფერი ჰქვია, ანუ სხივმფენი (სინათლის მომტანი). როგორ შეუძლია ამ საშინელ ძალას, რომელსაც მივეჩვიეთ, რომ სიბნელისა და ბოროტების წყაროდ ჩავთვალოთ, სინათლის მოტანა? ჩვენმა ეგომ ისწავლა, რომ გამართლება მოუძებნოს ყველაფერს, ასე რომ საბოლოო ჯამში ჩვენ სხვებთან შედარებით ყოველთვის „თეთრები და ფაფუკები“ აღმოვჩნდებით ხოლმე. ამასთან, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ასეთი თვითშეფასება მცდარია - იგი უბრალოდ ცალმხრივია, ანუ პირვანდელადვე არ იღებს განსახილველად გარკვეულ საკითხებს. ამიტომაც არ ვიცით ასე ხშირად ჩვენს შესახებ რაღაც მნიშვნელოვანი, და გვირჩევნია, რომ ჩვენი ეგოს პირფერული დითირამბები მოვისმინოთ. მაგრამ როდესაც ჩვენს ჩრდილს ვხვდებით და ვაცნობიერებთ, რომ იგი ჩვენი პიროვნების განუყოფელი და ცოცხალი ნაწილია, ჩვენს გონებაში თითქოს სინათლე ინთება, და ვაცნობიერებთ, რომ ეს - ასევე ჩვენია. ტყუილად არაა, რომ გნოსტიკოსები ბოროტებას გატეხილ სარკეს ადარებდნენ, რომელიც ჩვენს ფეხებთან ციდან დაეცა. სარკეს თავისი ხატ-სახე არ გააჩნია. იგი ყველას მხოლოდ საკუთარ თავს უჩვენებს, ანუ იმ ხატ-სახეს, რომელსაც სარკის გარეშე ვერ დაინახავს. სწორედ ამაში მდგომარეობს ეშმაკის სინათლისმომტანი ასპექტი.

მანამ, სანამ ადამიანი არ ეჭვობს მასში ჩრდილის არსებობაზე, იგი არაფერზე არ ღელავს. «მაგრამ ის, ვინც თავისი ჩრდილი გაიცნო, - წერს კ.გ. იუნგი, - ხვდება, რომ სანერვიულო ნამდვილად აქვს». რაც უფრო ნაკლები ვიცით ჩვენი პიროვნების ბნელ მხარეებზე, მით უფრო მეტს ვპოულობთ მათ სხვა ადამიანებში. მას, ვინც თვლის, რომ სანერვიულო არაფერი აქვს, ასევე არ ღელავს მის გარშემომყოფ ადამიანებზეც. იგი თავს არიდებს კონფლიქტებს, რადგანაც დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფები ყველანი კარგი ადამიანები არიან. მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ მისი ეგო უბრალო ეპირფერება მას და ეუბნება, რომ მოყვასისადმი ასეთი სიყვარული უდავო მოწმობაა იმისა, რომ იგი მათ ყველას აღემატება, ისევე როგორც მათ, ვისაც თავიანთი გაუნათლებლობის გამო არ შეუძლიათ გარშემომყოფებთან კონფლიქტისგან თავის არიდება. მაგრამ საქმეში ასეთი უპირობო სიყვარული ადამიანებისადმი გვიბრუნდება სიმხდალედ და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის ან საკუთარი უფლებების დაცვის უუნარობად. ამიტომ ასეთი ადამიანი ამჯობინებს, რომ სახალხოდ გამოაცხადოს თავი მსხვერპლად, ვიდრე აღიაროს, რომ გარშემომყოფები უბრალოდ სარგებლობენ მისი უსუსურობით, ატყუებენ ან უბრალოდ დასცინიან. ისევე, როგორც თავის ჩრდილთან შეხვედრას არიდებს თავს, მას ეშინია, რომ პირდაპირ გამოვიდეს იმ ჩრდილოვანი ასპექტების წინააღმდეგ, რომლებიც მართლაც ხვდება სხვა ადამიანებში. ამის ნაცვლად იგი ცდილობსს, რომ ახსნას და როგორღაც გაამართლოს ის ასპექტები, რომლებსაც სიამოვნებით არც კი შეამჩნევდა, უშუალოდ მას რომ არ შეხებოდა. ასეთი პოზიციის უპირატესობა ცხადია: სამყაროც ნათელი და ჰარმონიული რჩება, და კონფლიქტებიც აღარაა. მაგრამ ამას ნაკლებად თვალნათლივი ნაკლიც აქვს: ადამიანი არა მხოლოდ რეგულარულად აღმოჩნდება ხოლმე მსხვერპლის როლში, არამედ პატარა ბავშვის განვითარების დონეზეა ჩარჩენილი, რომელმაც არ იცის და ურჩევნია არც იცოდეს, რომ სამყაროში ბოროტება არსებობს. ბავშვად ყოფნა სასიამოვნოა; ამისთვის საკმარისია, რომ დამჯერი იყოს. მაგრამ ზრდასრული ადამიანი, რომელიც ბავშვივით მოქცევას განაგრძობს, ძალიან მალე სასაცილოდ იქცევა, და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი პრობლემა ექმნება. აი, რას წერს ამაზე მარია-ლუიზა ფონ ფრანცი: «ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ცხოვრება არ გაიარო როგორც სულელმა, დაე, როგორც აბსოლუტურად უცოდველმა და კარგად აღზრდილმა, რომელსაც დედა და მამა გარესამყაროს ყველა უსიამოვნებისგან იცავდნენ, ანუ უსინდისოდ ატყუებდნენ, ქურდავდნენ და არაფრისთვის სჯიდნენ, იმაში მდგომარეობს, რომ თავად ჩაეშვა საკუთარი ღრმა ბოროტების სიბნელეში, რათა ბოლოს და ბოლოს ისწავლო მისი სხვა ადამიანებში ინსტინქტურად ამოცნობა».

ნუმეროლოგიური ჯამი კავშირს ავლენს შეყვარებულებისა (VI) და ეშმაკის (XV) კარტებს შორის. რაიდერ უეიტის ტაროში ეს კავშირი ხაზგასმულია ორივე კარტის სურათის მსგავსი კომპოზიციითაც. ჩვენ მასზე ვხედავთ ადამს და ევას ცოდვით დაცემამდე და მის შემდეგ. შეყვარებულების კარტზე ისინი მთავარანგელოზ რაფაელის - სიცოცხლის ხის მცველის, სამყაროსა და მასში მცხოვრები ადამიანების მკურნალის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ამ მთავარანგელოზს ასევე თვლიან სულთა გამცილებლად მკვდრების სამეფოში, ასევე ბნელი ანგელოზის, აზაელის დამამარცხებლად, რომლის ტყვეობაშიც იმყოფებიან სწორედ XV არკანზე გამოსახული ადამიანები. ამ ორი კარტის ურთიერთკავშირი გვახსენებს ყოველგვარი მიჯაჭვულობისა და დამოკიდებულობისგან (ეშმაკი) განთავისუფლების აუცილებლობას, რათა მოვიპოვოთ შესაძლებლობა, გულის თავისუფალი ნებით ავირჩიოთ (შეყვარებულები).

ამგვარად ორივე კარტი ერთი და იგივე განცდის ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებად გვევლინება; მხოლოდ ამ აზრისგანაც კი უჩვეულობის გამო შეიძლება თავბრუ დაგეხვეს. ყველაზე ამაღლებულ, სუფთა და კეთილშობილურ გრძნობებს, თავისუფალს რაიმე ბნელი ლაქებისგან, ადამიანი განიცდის, როცა ნამდვილად უყვარს.თუმცაღა ამ ორი კარტის ურთიერთდაპირისპირება აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა დარწმუნებულნი ვართ ჩვენი სიყვარულის სისავსეში და ჩვენი ზრახვების სიწმინდეში, სადღაც, ჩვენი სულის კუნჭულებში მაინც არსებობს საწინააღმდეგო პოლუსი, სხვაზე ეგოისტური ძალაუფლების, მის ფულზე წვდომის, ბანალური ავხორცობის ან სხვა რამის წყურვილის ბნელი სფერო. მაგრამ ამავდროულად მართალია საპირისპიროც: მაშინაც კი, როცა სხვა ადამიანში მხოლოდ ბოროტებას ვხედავთ, როცა სისხლით ვიფიცებით, რომ გავანადგურებთ და საერთოდ, გვინდა, რომ პირისაგან მიწისა აღვგავოთ იგი, მაინც არსებობს ერთგვარი ნათელი პოლუსი, თუნდაც ამ მომენტში უჩინარი, რამეთუ მისადმი ჩვენი ყოველგვარი რისხვის, სიძულვილის და ზიზღის ქვეშ იგივე სიყვარული იმალება, უბრალოდ იგი სიძულვილის ფირით გადაიფარა.

ამიტომაცაა ასე ძნელი იმის გაცნობიერება, რომ ერთი პოლუსი მეორეს გარეშე არ არსებობს, და რომ ისინი დღე და ღამესავით ერთ მთლიანს ქმნიან, - სწორედ ამის მიღება არ სურს ამაღლებულ და კეთილშობილურ გრძნობებს შორის მოდუნებულ ჩვენს რაციონალურ „მე“-ს. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვზრუნავთ, რომ ეს ნათელი გრძნობები რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ - და რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ მიწისქვეშა სამეფო. სწორედ აქ აღმოვჩნდებით ხოლმე დოქტორი ფაუსტის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში, რომელზეც იგი თავის მოსწავლეს - უყვება ვაგნერს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მისივე წარსულ უდარდელობას განასახიერებს: „შენ მხოლოდ ერთ მისწრაფებას იცნობ. მეორეს ცოდნა - უბედურებაა ადამიანებისთვის. აჰ, ჩემს მკერდში ორი სული ცხოვრობს, ერთმანეთისთვის უცხონი, და დაშორების მოსურნენი!“

საკვანძო სიტყვები ეშმაკის არკანისთვის:

არქეტიპი — მტერი;
ამოცანა — შინაგანი წინააღმდეგობის გადალახვა, საკუთარი ჩრდილოვანი, მანამდე უცნობი მხარეების გაცნობა, მათი გაცნობიერება, პროექციების მოხსნა;
მიზანი — საკუთარი შეცდომების გაგება, საკუთარ თავში მანამდე უცნობი მხარეების გახსნა, შურისგან განთავისუფლება;
რისკი — საკუთარი ჩრდილის მსხვერპლად ჩავარდნა, ძველზე დაბრუნება, ზომიერების დარღვევა, სიხარბე, ძალაუფლებისთვის ბრძოლით გატაცება.