18

ვერაგული ხაფანგები

გზა, რომელიც გმირმა აქამდე გაიარა, ათი ეტაპისგან შედგებოდა და ასტროლოგიური თვალსაზრისით ხუთ პლანეტას შეესაბამებოდა: მერკურის, ვენერას, მარსს, იუპიტერს და სატურნს - ყოველი ორ იპოსტასში: ნათელში და ბნელში. ესენია კარტები რიგის მიხედვით ზომიერებიდან (XIV ) მთვარემდე (XVIII), და ასევე მათთან ნუმეროლოგიურად დაკავშირებული კარტები იეროფანტიდან (V) განდეგილამდე (IX), რომლებიც წყვილში მათთან დაკავშირებული ყოველი პლანეტის ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსს განასახიერებენ.

მერკური (5), გზების ღმერთი, ბერძნულ მითოლოგიაში ჰერმეს ფსიქოპომპი, ანუ სულთა გამცილებელი, იეროფანტის არკანში (V) ვლინდება, როგორც აღმზრდელი და გამცილებელი გარე სამყაროსკენ მიმავალ გზაზე, ხოლო ზომიერების არკანში (XIV) — როგორც სულთა მეგზური ღამის სამეფოში.

ვენერა, სიყვარულის ქალღმერთი, შეყვარებულების არკანში თავის ნათელ მხარეს ავლენს, ხოლო ეშმაკში - ბნელს, რომელიც ვნებების დამღუპველ გზას აღნიშნავს.

მარსი თავს ავლენს როგორც ნაყოფიერების გაზაფხულის ღმერთი ეტლის არკანში (VII), და აღნიშნავს გმირის გასვლას გარე-სამყაროში, კოშკის არკანში (XVI) კი იგი ომის ღმერთად იქცევა, რომელსაც შეუძლია, როგორც ნგრევა, ასევე განახლება.

იუპიტერი ანტიკურ ეპოქაში ითვლებოდა უმაღლეს მსაჯულად ღმერთებზე და ადამიანებზე, რასაც გვიჩვენებს კიდეც სამართლიანობის (VIII) კარტი, რომელიც მიწიერ კანონებზე აგებს პასუხს, და ვარსკვლავის კარტი (XVII), რომელიც კოსმოსის კანონებს განასახიერებს. იუპიტერი თემიდას მეუღლე იყო - ღვთაებრივი სამარტლიანობის ქალღმერთის, რომელსაც შეესაბამება კიდეც სწორედ ვარსკვლავის არკანი. შემთხვევითი არაა, რომ იუპიტერს, ისევე როგორც მას, ასევე ხშირად გამოსახავდნენ სასწორით ხელში.

სატურნის, როგორც ბრძენი მოხუცის ასპექტი განდეგილის კარტში (IX) ვლინდება, ხოლო მისი ბნელი ასპექტი, რომელიც შიშებს წარმოშობს, მთვარის (XVIII) კარტშია ასახული.

საქმე იმაშია, რომ გმირის გზა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გმირი დამარცხებულია, დატყვევებული სული განთავისუფლებულია, მაგრამ გმირს ჯერ კიდევ წინ უდევს სახლისკენ მიმავალი რთული გზა. მან უნდა იპოვნოს ეს გასასვლელი ისე, რომ მიწისქვეშა სამეფოს ლაბირინთში არ დაიკარგოს. სწორედ აქ ელიან მას ვერაგული ხაფანგები, რომლებმაც მრავალი გმირი დაღუპა. გაიხსენეთ ორფეოსი, რომელიც შებრუნდა და თავისი ევრიდიკე სამუდამოდ დაკარგა.

სწორედ აქ, ამ ეტაპზე, შებრუნდა ლოტის ცოლი და მარილისს სვეტად იქცა. ფსიქეამ, რომელმაც პერსეფონესგან სილამაზის ჯადოსნური მალამო მიიღო, თავი ვერ შეიკავა ყუთში ჩახედვის ცდუნებისგან, და ლეთარგიულ ძილს მიეცა. გილგამეში, რომელიც მიწისქვეშა სამეფოში ჩაეშვა და იქ უკვდავების ბალახი, ანუ ახალი ცნობიერება და მარადიულობის გაგება მოიპოვა, უკანა გზაზე ერთი წუთით შეჩერდა, რათა ნაკადულიდან წყალი დაელია, ბალახი ხელიდან გაუშვა - და იგი მაშინვე გველმა გადაყლაპა.

მიწისქვეშა სამეფოს კანონები მკაცრია: როგორც კი იქ ჩასული სტუმარი რაიმეს, თუნდაც ბროწეულის მარცვალს იგემებს, იგი უკვე ვეღარასოდეს დაბრუნდება მიწაზე. როგორც მოტაცებულ პერსეფონას დაემართა. ის, ვინც წამით მაინც ჩამოჯდება დასასვენებლად ჯოჯოხეთში, როგორც ეს თესეამ გააკეთა, იგი საუკუნოდ დარჩება თავდავიწყების კლდეებზე მჯდომარედ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ მიწისქვეშა სამეფოში ჩასვლა - ესაა ამოცანა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ, რათა მოგზაურობის მიზანს მივაღწიოთ, მაგრამ ეს არაა თავად მიზანი. იგივეს აღნიშნავს ზღაპრული უღრანი ტყეც, რომელშიც ხეტიალობს გილგამეში უკვდავების ბალახით ხელში და რომელიც მან უნდა დაკარგოს გველის გამო, უკან მომავალ გზაზე.

ცბიერი და ბოროტი არსებები, რომლებიც იქ მის გარშემო არიან, ცდილობენ, აიძულონ გმირი, რომ თავისი მოგზაურობის მიზანზე უარი თქვას, საიდუმლო ჯადოსნური სიტყვა გასცეს და საკუთარი სახელი დაივიწყოს, ანუ დააკარგვინოს მას ყველა ის ფასეულობა, რომელიც განდეგილთან მოიპოვა - ტყუილად არაა, რომ მთვარის არკანი მას ნუმეროლოგიური ჯამით უკავშირდება. აქ, გზის ამ ეტაპზე, საფრთხე ისეთი დიდია, როგორც არასოდეს. გმირს შეუძლია ერთ წამში დაკარგოს ყველაფერი, რაც ასეთი შრომის ფასად მოიპოვა. ამის მაგალითი მოჰყავს სპარს პოეტს ნიზამს, რომელიც საოცარი სილამაზით, ტრაგიზმით და გამომხატველობით გვიყვება ინდოელი მზეთუნახავის ამბავს (შაბათს, შატურნის შავ კარავში) მის არშემდგარ სიყვარულზე. მაგრამ ეს ისტორია მეტისმეტად კარგია იმისთვის, რომ პროზის სახით გადმოვცეთ, და ძალიან გრძელია იმისთვის, რომ ამ წიგნში ჩავტიოთ.

ამაში მდგომარეობს ნიბელუნგების ტრაგედიაც, რომლის შესანიშნავ ილუსტრაციადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ მაღალი არკანების ბოლო კარტები. ზიგფრიდმა ყველა მოცემული ეტაპი ბრწყინვალედ გაიარა. იგი მამაცურად ჩაეშვა ჯოჯოხეთში, სადაც დრაკონი ფაფნირი (ეშმაკი) რეინის ოქროს იცავდა, შეებრძოლა მას და დაამარცხა (კოშკი). დრაკონის სისხლში ბანაობამ ზიგფრიდი დაუმარცხებელი გახადა, ხოლო როცა მან დრაკონის გული შეჭამა, თვალები და ყურები გაეხსნა. ამის შემდეგ მას ფრინველების ენა ესმოდა და ბრომჰილდა, თავისი ანიმა დაინახა, დაიფიცა გაენთავისუფლებინა იგი ცეცხლოვანი კოშკიდან და ცოლად მოეყვანა (ვარსკვლავი). თუმცაღა შემდეგ ზიგფრიდმა მოახერხა, რომ დავიწყების სასმელი დაელია, რომელიც მას მეფე გუნტერის სასახლეში (მთვარე) მიაწოდეს, შედეგად მან დაივიწყა თავისი მშვენიერი ვალკირია და კრიმჰილდაზე დაქორწინდა. ამ ღალატმა თავის ანიმასთან მიმართებაში მისი დაღუპვა გარდუვალი გახადა.

თუ ამ ხატ-სახეებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადავიტანთ, ცხადი გახდება, რომ არაცნობიერთან შეხვედრა უსაფრთხო არაა და ძლიერ, მაღალგანვითარებულ ცნობიერებას მოითხოვს, რომელიც არ მისცემს არაცნობიერს მისი გადაყლაპვის ალბათობას. საფრთხე იმისა, რომ მიწისქვეშა სამეფოში სამყაროსგან გაქცევად იქცევა, საკმაოდ მაღალია, რადგანაც არაცნობიერი ხატ-სახეების ნაკადმა, რომლებიც გაცილებით უფრო კაშკაშაა, ვიდრე რეალობა და ხშირად მართლაც მშვენიერია, შესაძლოა ძალიან მალე აიძულოს ადამიანი, რომ რეალობას ამჯობინოს იგი. არაცნობიერი ძალების მიერ გატაცების შესახებ ჯერ კიდევ ჰომეროსი გვაფრთხილებდა, როცა საუბრობდა სიზმრების სამყაროს ორ კარიბჭეზე. ერთი კარიბჭე ცხოველების რქებისგანაა შექმნილი, მეორე კი სპილოს ძვლისგან; პირველიდან წინასწარმეტყველური (вещие) სიზმრები გამოდიან, მეორედან კი - კოშმარული (зловещие).

შესაძლო არჩევანის ეს ორმაგობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ არ იღებდნენ ძველი საიდუმლო სკოლები ყველას და რატომ უყენებდნენ მათ მაღალ მოთხოვნებს მომწიფებულობისა და ცნობიერების თვალსაზრისით. მათგან განსხვავებით თანამედროვე ეზოთერული სკოლები პრაქტიკულად ყველას იღებენ განურჩევლად, შედეგად მრავალი რამ გაუგებარი რჩება მსმენელთათვის, ნამდვილი, ეზოთერული ცოდნა კი კაშკაშა და უშინარსო ფოკუსებს უთმობს ადგილს. ეს ცოდნა არაცნობიერის ბნელეთში ცხოვრობს, და მხოლოდ იქ შეუძლია ნამდვილი განვითარება. ის, ვინც არჩევანს აკეთებს რაც შეიძლება ნაკლებად რთული და სახათაბალო მეთოდების სასარგებლოდ და ამჯობინებს, რომ სწორედ ისინი ჩათვალოს საიდუმლო ცოდნად, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ცხოვრებაში კვლავ ყველაფერი დალაგდა და თითქოს სანერვიულო არაფერია, დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: იქნებ ეს სწორედ ის სამყაროსგან გაქცევაა, რომელიც ადრე თუ გვიან უღრან ტყეში შეიყვანს, საიდანაც უკან გამოსასვლელი გზის პოვნა ძალიან რთული იქნება.

მსგავსი რამ ხდება ნაწილობრივ სულიერი განახლების, განწმენდის, თვითშემეცნების და ა.შ. თანამედროვე ჯგუფებში. მათში მონაწილეობა რა თქმა უნდა ეხმარება ზოგიერთ ადამიანს, რომ თავისი პრობლემები გადაჭრას, მაგრამ დროთა განმავლობაში მათში ერთგვარი „გაუხსნელი ნალექი“ წარმოიქმნება იმ ადამიანთა სახით, რომლებიც ჯგუფიდან ჯგუფში დადიან. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან არ უნდათ თავიანთ უწინდელ რეალობაში დაბრუნება, რომელიც მათდამი ასეთი მტრული იყო. და ისინი ბედნიერ უმეცრებაში ან გაცნობიერებულად ერთ სამყაროს მეორეთი ანაცვლებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თანამოაზრეების მომდევნო მყუდრო ბუდეში რაც შეიძლება ხანგრძლივად მოეწყონ. სწორედ ამ შესაძლებლობას სთავაზობს მათ ჯგუფი. და ისინი მოკალათდებიან ხოლმე თავდავიწყების კლდეებზე, დახეტიალობენ მიწისქვეშა სამეფოს ლაბირინთში და ავიწყდებათ საკუთარი სახელი. მათ დაავიწყდათ, რა სურდათ ოდესღაც, საერთოდ რატომ მოვიდნენ ჯგუფში, არადა სწორედ იმიტომ მოვიდნენ, რომ მისი მეშვეობით გარშემო არსებულ რეალობასთან უკეთ თანაცხოვრება ესწავლათ. აი, რატომ გვაფრთხილებს კ.გ. იუნგი: «თუკი ფსიქოლოგია დღეს ჩვენთან იძულებულია რომ ხაზი გაუსვას არაცნობიერის მნიშვნელობას, ეს არ ნიშნავს, რომ ცნობიერი ნაკლებად მნიშვნელოვნად ცხადდება. მიზანი მხოლოდ იმაშია, რომ გავაწონასწოროთ ცალმხრივი და გაზვიადებულად პატივსაცემი დამოკიდებულება ამ უკანასკნელისადმი თუნდაც რაიმე რელატივიზაციის ხარჯზე. თუმცაღა ეს რელატივიზაცია, თავის მხრივ, არ უნდა წავიდეს იმდენად შორს, რომ არქეტიპული ჭეშმარიტებებისადმი თაყვანისცემა თავის ქვეშ ჩვეულებრივი ადამიანური «მე» დამარხოს. ჩვენი «მე», თუკი მაინც ვთვლით, რომ იგი არსებობს, განსაზღვრულ დროსა და სივრცეში ცხოვრობს, და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაემორჩილოს მათ კანონებს».

მთვარის კარტზე ტაროში გამოსახულია კირჩხიბი, რომელიც წყლიდან ამოცოცებას ცდილობს. იგი შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც მინიშნება, რომ აქ კირჩხიბის ტროპიკს მივაღწიეთ, თუკი სატურნთან დაკავშირებულ განდეგილის კარტს თხის რქის ტროპიკად ჩავთვლით. ორივე ამ პუნქტში მზე - ეს ზეციური პირველ-სახე ყველა გმირისა - ყოველწლიურად იცვლის თავისი მოძრაობის მიმართულებას საწინააღმდეგოზე. იგივე შეიძლება ვთქვათ ჩვენს გმირზეც, რომელიც თანმიმდევრულად გადის ორივე ამ საკვანძო წერტილს. როცა თავის დროზე განდეგილის (9) არკანი გაიარა, გმირმა დაიწყო თავისი მოგზაურობა ღამის სამეფოში, ორნიშნა კარტებში, ახლა კი, როცა მთვარის არკანს (18) გადის, იგი სიღრმეებიდან ამოდის და სინათლეს უბრუნდება. იქაც და აქაც, იგი კარიბჭეებს გადის, კარიბჭეების მცველად კი უძველესი დროიდან ითვლებოდა სატურნი, რომელიც ასტროლოგიურად ორივე ამ კარტს შეესაბამება.

მთვარის კარტის ინტერპრეტაციას ხშირად არასწორად აკეთებენ, რადგანაც ჩვენს დროში მთვარესთან ჩვეულებრვ რაღაც რომანტიულ ხატ-სახეებს აკავშირებენ. სინამდვილეში იგი განასახიერებს სიბნელეს, ღამეს და სულის იდუმალ სიღრმეებში ჩასვლას. მთვარე მზეს ფარავს, და მისი სინათლე მკრთალდება (=მთვარის დაბნელება) - ეს ბუნებრივი მოვლენა ძველად არასასიკეთო ნიშნად ითვლებოდა და ადამმიანებში შიშისა და უმწეობის განცდას იწვევდა. ასეთი ინტერპრეტაცია შესაძლოა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი დასტურდება არა მხოლოდ კარტის სიმბოლიზმით, არამედ მისი ნომრითაც. რიცხვი 18 მზის დაბნელების სიმბოლოს წარმოადგენს, რადგანაც მზისა და მთვარის დაბნელებების თანმიმდევრობა, ე.წ. საროსის ციკლი, ყოველ თვრამეტ წელიწადში ერთხელ მეორდება.

ნახატზე გამოსახულია ფონი, ყოველთვის სახიფათო ადგილი, რომელიც მაინც იძლევა მდინარეზე გადასვლის შანსს და ვიწრო ბილიკი, რომელსაც ორ რუხ კოშკამდე მივყავართ, რომლებიც უკვე ვიხილეთ სიკვდილის არკანზე. ესენი ზეციური იერუსალიმის მაცნენი არიან. ზეციური იერუსალიმისა, როგორც უმაღლესი სიკეთის სიმბოლოსი, რომელსაც შეგვიძლია მივაღწიოთ.

თუმცაღა გზა მათკენ რთული და სახიფათოა. მას ძაღლი და მგელი იცავენ. თუკი აქ ძაღლი, ისევე როგორც სულელის არკანზე, უსაფრთხო და ჩვენს დამხმარე ინსტინქტებს განასახიერებს, მგელი სახიფათო და მუქარის შემცველ ინსტინქტებს აღნიშნავს. იგი შეესაბამება ცერბერს, ჯოჯოხეთის მცველს ბერძნულ მითოლოგიაში, რომლის ამოცანაცაა არავინ გამოუშვას მიწისქვეშა სამეფოდან და თუმცა ჩვენი მიზანი, ზეციური იერუსალიმი, უკვე ახლოსაა, მის მისაღწევად კიდევ ერთი ტრანსფორმაციის გავლაა საჭირო: «...ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას.» (მათე. 7:14). შუასაუკუნეების მისტიკაში გზის ამ ეტაპის ხატ-სახეს ხშირად წარმოადგენდა ვიწრო ხიდი, რომელიც უნდა გაევლო სულს იმისთვის, რომ მარადიული სიცოცხლისთვის მიეღწია. ზღაპრებში ეს ჩვეულებრივ მახვილის ბასრი პირია, რომელზეც გმირმა თავი უნდა შეიმაგროს, რათა უფსკრული, ან რომელიმე სხვა ბოლო და გზის ყველაზე სახიფათო ეტაპი გადალახოს.

გმირის მოგზაურობაში ესაა - საფრთხე დაექვემდებაროს ანიმას ბნელ ასპექტს და საშუალება მისცეს თავის შინაგან გამცილებელს, რომ გამოუვალ ლაბირინთში შეიყვანოს. სწორედ იმიტომ, რომ არაცნობიერის ბუნება პირველსაწყისშივე ბიპოლარული და ამბივალენტურია, სულთა გამცილებელიც ასევე ხშირად პარადოქსულად იქცევა. ლეგენდაში პარსიფალის შესახებ ანიმა თავს ხან ნათელი მხარით ავლენს, ხან ბნელის, და ევლინება მას მაგალიტად კეთილი ვარსკვლავური ფერიას ან მისი ბნელი ანტაგონისტის სახით, რომელიც უბედურების მაცნეა («1а pucelle de malaire»). ისინი ვარსკვლავისა და მთვარის კარტებს შეესაბამებიან. მთავარი აქ, პიროვნების ჩამოყალიბების ამ ეტაპზე, იმის გაგებაა, რომ სულთა გამცილებელი ჩვენთვის ის მიზანი კი არაა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, არამედ მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად, როგორც ბეატრიჩე დანტესთვის, რომელმაც პოეტი განწმენდის მთის მწვერვალზე მიიყვანა, რათა მას ბოლოს და ბოლოს უმაღლესის ჭვრეტა შეძლებოდა. 

გაჰყვება რა თავისი ანიმას ნათელ მხარეს, ვარსკვლავურ ფერიას, გმირი მაინც რეგულარულად შეეჯახება მის ბნელ მხარეს, რომელსაც აქ მთვარე განასახიერებს. მთვარე, რომელიც მზეს ფარავს. მხოლოდ მას შემდეგ როცა გმირი მიხვდება, რომ მზე, როგორც თვითობის სიმბოლო და მოგზაურობის საბოლოო მიზანი სწორედ იქ, ამ სიბნელის მიღმა იმალება, გმირი შეძლებს ლაბირინთიდან ან მოჯადოებული უღრანი ტყიდან გამოსავლის პოვნას. თავის კომენტარში პარსიფალის ლეგენდასთან ემა იუნგი წერს: «ანიმა მართლაც პარადოქსული სახით იქცევა და ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფიგურად იყოფა, რომელთა შორისაც ცნობიერება მანამდე იწრიალებს, სანამ ადამიანური «მე» თავის წინაშე მდგარ ინდივიდუაციის ამოცანას არ გააცნობიერებს. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი მიხვდება, რომ სწორედ ანიმას მიღმა იმალება მისი თვითობა [ანუ მზე, როგორც თვითობისს სიმბოლო, იმალება მთვარის - ანიმას ამ ბნელი მხარის უკან - ავტორის შენიშვნა], იგი მოიპოვებს ფეხქვეშ იმ ნიადაგს, რომელიც ამ წრიალისგან განთავისუფლებაში დაეხმარება; ხოლო სანამ ანიმა მისთვის თვითობისგან განუყოფლად რჩება, იგი თავს ვერ აარიდებს ამ ორმაგ თამაშს, რადგან თვითობა ხან ჩააგდებს რთულ სიტუაციებში, ხან დაიხსნის მათგან, ხან გაანათლებს, ხან საბოლოოდ დააბნევს, და ასე მოიქცევა მანამ, სანამ იგი თავის თავს და თავის ადგილს არ იპოვნის პარადოქსების ამ თამაშის მიღმა».

შიში და გუშაგი (Страх и страж) — ამ სიტყვებს ერთი ფუძე თუ არა მსგავსი ჟღერადობა მაინც აქვთ. ასტროლოგიაში ორივე ამ ცნებას პლანეტა სატურნს უკავშირებენ, კარიბჭის ანუ ზღურბლის მცველს. მაგრამ სატურნი - ეს ასევე ბრძენი მოხუციცაა განდეგილის კარტში (9). მთვარის კარტი (18) კი, რომელიც ნუმეროლოგიურადაა დაკავშირებული განდეგილთან, არის კიდეც კარიბჭე, რომელსაც სატურნი იცავს. იგია - ის შიშის ზღვარი, რომელსაც ვუახლოვდებით ყოველ ჯერზე, როცა წინ გვიდევს ახალი საქმის დაწყება ან უცნობ ნიადაგზე ფეხის შედგმა. განდეგილის სამყაროში შებიჯებისას ასევე განვიცდით მსგავს შიშს. ბევრს ეშინია, როცა სრულიად მარტო აღმოჩნდება ხოლმე, სრულ სიჩუმეში, უცნობ ადგილას. ღამით ეს შიში შესაძლოა ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე პანიკად იქცეს. თუკი მას ფსიქოლოგიის თვალსაზრისით შევხედავთ, ესაა შიში არაცნობიერის წინაშე, რომელიც ცდილობს ცნობიერების ალაყაფი გამოანგრიოს, და მაშინ მას ნამდვილად ვეღარ დავიმორჩილებთ, როგორც ჩვენ გვეჩვენება. ესაა შიში ჩვენი საკუთარი პიროვნების სიღრმეების წინაშე, რომლებსაც ზუსტად იმდენად გავურბივართ, რამდენადაც სიჩუმეს და მარტოობას.

კ.გ. იუნგმა თანამედროვე ადამიანი შეადარა სახლის პატრონს, რომელსაც ღამით თავისი სარდაფიდან გაუგებარი ხმა მოესმა - და სხვენზე ავიდა, რათა იქ შუქი აენთო და დარწმუნებულიყო, რომ სახლში ყველაფერი რიგზეა. «სხვენზე ასვლა», ანუ ცნობიერებისთვის მიმართვა, რათა სასწრაფოდ ჩაახშო ყველა პრობლემა, ძალიან ადვილია. სარდაფში კი, ამ ბნელ ადგილას ჩასვლა, რომელიც ნესტითა და გახრწნილობის სუნით ყარს, გაცილებით უფრო ძნელია, რადგანაც იქ ჩვენს ბნელ მხარეებს ვეჯახებით. ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც წესი თავს ვარიდებთ ამის კეთებას და ვამჯობინებთ, რომ ჩვენი სასიცოცხლო ენერგია გარე ობიექტებზე მივმართოთ. მაგრამ როცა მარტონი ვრჩებით, თანაც სიჩუმეში, ამ ენერგიას აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ არაცნობიერისკენ იდინოს და კვლავ და კვლავ გააცოცხლოს ის პრობლემები, რომლებსაც თითქოს უკვე გავუმკლავდით.

მრავალი ხალხის მითში, ასევე ინდურ უპანიშადებში, მთვარე ზეცის კარიბჭედ ითვლება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანიც სატურნის კარიბჭის მიღმაა და ჩვენი ყველაზე დიდი სიკეთე და ბედნიერება შიშის ზღურბლს მიღმაა. ამიტომაც ყველა რელიგიაში გვხვდება სატურნული რიტუალები: მარხვა, მდუმარება, განდეგილობა, - ეს ყველაფერი მოწოდებულია, რომ ადამიანს ამ ზღურბლის გადალახვაში დაეხმაროს. აქედან გამომდინარე მთვარის კარტი, მიუხედავად იმისა, რომ სიბნელეს და შიშებს განასახიერებს, არ უნდა განვიხილოთ, როგორც „ცუდი“, ან რჩევა იმისა, რომ არ გავაკეთოთ რაღაც. იმ ილუზიების და დაბნეულობის შესახებ, რომელსაც შავი მთვარე, ანუ შიშები იწვევენ, ჯერ კიდევ მეფე დავითი გვაფრთხილებდა: «ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს» (ფს. 10:2). და მაინც, ჩვენ უნდა გავიგოთ ჩვენი შიშების არსი და ის რჩევა რომლებსაც ისინი გვაძლევენ. თუმც კი ითვლება, რომ შიში - ცუდი მრჩეველია, იგი მაინც ხშირად აღმჩნდება ხოლმე ახალი განვითარებისკენ გზის მიმთითებელი. და აქ ჩვენი ამოცანაა - არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არ მივცეთ საშუალება ბნელს, რომ დაგვკარგოს მის ლაბირინთებში, არამედ დავემორჩილოთ შინაგან ხმას და მადლიერებით მივენდოთ საკუთარ შიშს, რათა მან ზღურბლზე გადაგვიყვანოს. «შიშის-წარმომქმნელ» სიტუაციებში ფსიქოლოგები ურჩევენ ადამიანს, რომ გამოსავალი მისცენ თავიანთ არაცნობიერს, მაგალითად მისი წარმოთქმით. სხვათაშორის ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ესაუბრებიან ხშირად მარტოსული ადამიანები საკუთარ თავს.

გაიხსენეთ ოდისევსის ისტორია, რომელსაც ასევე ჰქონდა პრობლემები სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ორჯერ მან თითქმის მიაღწია კიდეც მშობლიურ კუნძულს, მაგრამ ორივეჯერ ვიღაც მისი თანამგზავრებიდან (მისივე საკუთარი პიროვნების დაუმუშავებელი ნაწილები?) საბედისწერო შეცდომას უშვებდნენ და მათი გემი ქარს ან დინებას შორს მიჰყავდა. თავისი მოგზაურობის ყველა საწყისი ეტაპი ოდისევსმა ბრწყინვალედ გაიარა, მხოლოდ „ჩამოკიდებული კაცი“ აბრუნებდა რამდენჯერმე თავის თავთან და აიძულებდა, რომ კვლავ და კვლავ გამგზავრებულიყო ღამის ზღვაში სამოგზაუროდ. და რომ არა ათენა, მისი ანიმა, რომელიც მის წინაშე ასევე ცირცეას, კალიფსოს, ლევკოფეას და ნავზიკაის სახით წარდგა, და რომელთა დახმარება და რჩევებიც მართლაც შეუფასებელი იყო, იგი ვერასოდეს მიაღწევდა სახლამდე. ცირცეას გარეშე იგი ვერ მოახერხებდა ვერც სირენების მომნუსხველი სიმღერისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ვერც საბედისწერო სრუტის გავლას სცილასა და ხარიბდას შორის და რა თქმა უნდა, მის მფარველ ათენას დროულად რომ არ შეეწია მისთვის სიტყვა სხვა ღმერთებისა და ქალღმერთების წინაშე, იგი უბრალოდ დაიღუპებოდა.

მუდმივ კავშირს თავის გამცილებელ არიადნასთან ინარჩუნებდა თესევსიც, როცა ლაბირინთში მინოტავრთან საბრძოლველად გაემართა. სწორედ მან მისცა მას სახელგანთქმული ძაფი, რომლის მეორე ბოლოც თვითონ ეჭირა. ამ დამაკავშირებელი ძაფის გარეშე გმირი დაიკარგებოდა ლაბირინთში - მიწისქვეშა სამეფოს განსახიერებაში. მას რომ უკანა გზა ვერ ეპოვნა, რა თქმა უნდა დაიღუპებოდა. ეს მითი შეგვიძლია განვმარტოთ როგორც მამაკაცური, აგრეთვე ქალური თვალსაზრისით. თესევსი არ დაიღუპა, რადგანაც მუდმივად იყო დაკავშირებული არიადნასთან, თავის ანიმასთან და არიადნასაც ვერაფერი გადაარჩენდა, მას რომ არ ჰქონოდა თესევსთან დამაკავშირებელი ეს ძაფი.

რამდენს ნიშნავს შესაძლებლობა - ვინმეს მიენდო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მიწისქვეშა სამეფოს ეხება, რომელშიც შესვლა ადვილია, გამოსვლა კი ძნელი! ამაში დარწმუნდა დანტეც, რომელიც ჯოჯოხეთში შესასვლელში მინოსის, მიწისქვეშა მსაჯულის სიტყვებს ისმენს: «ვინ გიწინამძღვრა, ამ ქვესკნელში ვით მოაღწიე? ხომ არ გატყუებს სიგანივრე კარიბჭეების?!»

იგივე სიუჟეტი გვხვდება აღდგომის შესახებ უძველეს თქმულებაში. ესაა ძველი შუმერების უდიდესი ეპოსი ზეცის ქალღმერთის - ინანას - მიწისქვეშა სამეფოში მოგზაურობაზე. მასში მოთხრობილია, როგორ ტოვებს ინანა თავის ზეციურ ტახტს, რათა თავისი ბნელი და - ერეშკიგალი - ქვესკნელის ქალღმერთი - მოინახულოს. თუმცაღა მანამ, სანამ მიწისქვეშა სამეფოს კარიბჭეზე დააკაკუნებს, იგი სიფრთხილის ზომებს იღებს. იგი უთანხმდება თავის ბრძენ ვეზირს - ნინშუბურს, რის გაკეთება მოუწევს, თუკი განზრახვისამებრ სამ დღეში არ დაბრუნდება. სწორედ ასეც მოხდა, და იგი საუკუნოდ დაიკარგებოდა „ქვეყანაში, სიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია“, ერთგულ ნინშუბურს რომ თავისი პირობა არ შეესრულებინა. ამგვარად, ამ უძველეს მითშიც აღდგომის შესახებ, მთავარი გმირი „დაბრუნებას“ მხოლოდ იმიტომ ახერხებს, რომ მან თავის ანიმუსთან, მოცემულ შემთხვევაში ვეზირთან შეძლო მოლაპარაკება.

სულთა გამცილებელში ის ძალაც უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც ინარჩუნებს აუცილებელ და საკმარის წონასწორობას ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს შორის - მამაკაცურ და ქალურ საწყისებს, აქტიურობას და პასიურობას, სითამამესა და მოთმინებას, ეიფორიასა და დეპრესიას შორის, მაგრამ პირველ რიგში - სწორ ზომასა და არასწორ ზომას შორის. ღამის ზღვაში მოგზაურობას, არაცნობიერის სიღრმეებში ჩაყვინთვას გმირი ცნობიერების არაჩვეულებრივ გაფართოებამდე მიჰყავს. ხარბი ეგოს არასწორი ნაბიჯის ან განდიდების მანიის შედეგად ყველაფრის დაკარგვის რისკი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ამის მაგალითს იძლევა „ზღაპარი მეთევზისა და თევზის“ შესახებ. მეთევზე დაჭერილ თევზს უკან, ზღვაში უშვებს, და ისიც მადლიერების ნიშნად სანაცვლოდ სურვილს უსრულებს - მოხუცს დამტვრეულ ეტლს ახლით უცვლის. მაგრამ ამ კაცს ბებერი ცოლიც ჰყავს, და მისი სიხარბე იმდენად გაიზარდა, რომ განდიდების მანიაში გადავიდა: მოინდომა, რომ „ზღვის მბრძანებელი“ გამხდარიყო. ამით თევზის მოთმინება იწურება, და იგი ყველა თავის ძღვენთან ერთად ქრება, მოხუცებს კი კვლავ დამტვრეულ ეტლთან ტოვებს. თევზი ამ ისტორიაში თვითობის სიმბოლოა. მოხუცი კაცი - ესაა ეგო, მეტისმეტად სუსტი იმისთვის, რომ წინ აღუდგეს თავისი ანიმას ნეგატიურ ასპექტს, ანუ არაცნობიერ სიხარბეს, რომელიც ყველა ახალი თავშეუკავებელი სურვილების დაკმაყოფილებას მოითხოვს. და რადგანაც რაღაცის მეუფედ, და მითუმეტეს უკვდავ მეუფედ გახდომაზე საიდუმლოდ ნებისმიერი ეგო ოცნებობს, სუსტი ეგო შესაძლოა წინ ვერ აღუდგეს ზომიერების დაკარგვის ცდუნებას და მას კრახი ელის.

შეხვედრა ღრმა ხატ-სახეებთან სახიფათოა კიდევ იმითაც, რომ ეგოს შეუძლია ტრანსპერსონალური მონაპოვრები პირად მიღწევებად მიიღოს ან არქეტიპთან გააიგივოს თავი. ჩვენი „მე“-სთვის თვითობასთან შეხვედრა - ყოველთვის დიდი ძვრაა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა „მე“ ასეთ ძვრას განიცდის, ეს ნიშნავს, რომ იგი თვითობის ერთ-ერთ ასპექტს შეხვდა.

ამ დროს მთავარი კითხვაა - როგორ მოიქცევა ეს „მე“? მორჩილებით მიიღებს და დაიწყებს დიდი მთლიანის მსახურებას თუ ნარცისული ამპარტავნებით გაბერილი, ამ შეხვედრას საკუთარ დამსახურებად ჩათვლის, საკუთარ თავს კი - რჩეულად და გასხივოსნებულ მეუფედ ყველაფერზე და ყველაზე, და საბოლოოდ გახდება „დიადი გურუს“ კომპლექსის მსხვერპლი? კ.გ. იუნგი ამასთან დაკავშირებით „მანნიურ“ პიროვნებაზე საუბრობდა (სიტყვიდან „მანნა“ - მაგიური ენერგიის პოლინეზიური დასახელება). «ადამიანურ „მე“-ს, წერდა იგი, იმდენად არ ძალუძს წინ აღუდგეს ასეთ ცდუნებებს, რომ თვითკმაყოფილების ასეთ ფაზას თავის განვითარებაში თითქმის ყველა გადის». თუმცა მისი გავლის შემდეგ ადამიანს რცხვენია ხოლმე ამის გახსენების. აი, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი - წინასწარ ვიცოდეთ მისი არსებობის შესახებ, რათა დიდი ხნით არ დავყოვნდეთ მასზე. სწორედ აქ, მიწისქვეშა სამეფოში მოგზაურობის ბოლოსკენ ირკვევა, შეძლო თუ არა ეგომ თვითობის ძალებთან შეხვედრის შემდეგ სწორი მიმართულების შენარჩუნება.

გრიმების ზღაპარში ზღაპარში ქალბატონი ჰოლლე, უშვებს რა მთავარ გმირს თავისი „მიწისქვეშა სამეფოდან“, თავად წყვეტს, ოქროთი სავსე ტომრით დაბრუნდება იგი თუ ნაცრით სავსე ტომრით. თუ იქ პირველად მოხვედრილი და უბრალოდ ემსახურებოდა თვითობის ძალებს, და კეთილსინდისიერად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ სატურნულ დავალებებს, მეორე დას თვითობის ჯადოსნური ძალა აინტერესებდა მხოლოდ როგორც თავისი „მე“-ს ეგოისტური სურვილების იოლად და სწრაფად დაკმაყოფილების საშუალება. ამიტომ ამ უკანასკნელ ვარიანტს შეესაბამება დღეისათვის ასე გავრცელებული და პროპაგანდირებული „პოზიტიური აზროვნება“, რომელიც ჩვენს „მე“-ს არაცნობიერის ყველაზე ყაჩაღური ექსპლუატაციისკენ უბიძგებს. ასეთი სიხარბე ძვირი გვიჯდება და ბოლოს ნაცრის ტომრით ხელში აღმოვჩნდებით ხოლმე.

ჩვენთვის, დასავლეთელი ადამიანებისთვის, საკუთარი თავის დანგრევის რისკი ძალაუფლების ან ფულის დევნაში განსაკუთრებით დიდია, რადგანაც ჩვენი კულტურა ძალიან ცოტა ყურადღებას უთმობდა და უთმობს ადამიანის შინაგან სამყაროებს. იმის გამო რომ არ ვიცით, თუ რა იმალება მათში, ჩვენ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ ვართ, რადგან შეგვიძლია უნებურად ჩავიძიროთ ნებისმიერ ასეთ სამყაროში - მათი ცდუნებებით და სატყუარებით მოჯადოებულნი. ჩვენ მიდრეკილნი ვართ, განვიხილოთ არაცნობიერი მხოლოდ მიზნობრივი თვალსაზრისით, ანუ მისი პრაქტიკული მიზნებით გამოყენების შესაძლებლობით. ამ საფრთხეზე გვესაუბრებოდა მარია ფონ ფრანციც, როცა ამბობდა: «ნებისმიერი მცდელობა - მივიღოთ არაცნობიერისგან სარგებელი, ყოველთვის იწვევს დამანგრეველ შედეგს, როგორც ეს ხდება ბუნებაშიც. როდესაც მხოლოდ ვიყენებთ ტყეს, ცხოველებს და სასარგებლო წიაღისეულს, ჩვენ ვარღვევთ ბიოლოგიურ წონასწორობას, რისთვისაც უცილობლად ვიხდით საზღაურს ან უშუალოდ ჩვენ, ან შემდგომი თაობები».

სწორედ ასევე ბასტიან ბალთაზარ ბუქსი, „უსასრულო ისტორიის“ გმირი, ბოლოს იმდენად გაიტაცა ფანტასიის ქვეყნის საოცრებებმა, რომ კინაღამ სამუდამოდ დარჩა იქ. შეძრული იმ შესაძლებლობით, რომ ამქვეყნად ყველაფრის ისე შეცვლას შეძლებდა, როგორც მოესურვებოდა, მისმა ეგომ დაბრუნებაზე ფიქრიც კი შეწყვიტა. მხოლოდ ყველაზე უკანასკნელ მომენტში და თანაც თავისი მეგობრის და მოკავშირის - ატრეხის ჩარევით, გმირი უკან მობრუნდა. ჩვენს სამყაროში დაბრუნებისას იგი ხვდება წიგნების გამყიდველ კორიანდრს, რომლისგანაც ამ ამბის დასაწყისში იყიდა წიგნი სახელწოდებით „უსასრულო ისტორია“ და იგი აღიარებს, რომ თავადაც მოინახულა ფანტასიის ქვეყანა, შემდეგ კი ბასტიანს შემდეგ ცნობილ სიტყვებს ეუბნება: «არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ფანტასიის ქვეყანაში მოხვედრა (ისინი, ვინც „ჩამოკიდებული კაცის“ ეტაპზე გაიჭედნენ), და არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იქ მოხვედრა, მაგრამ უკან დაბრუნება აღარ შეუძლიათ (ანუ „მთვარის“ სამყაროში „ჩაიძირნენ“). მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც იქ მოხვდნენ და დაბრუნდნენ. ისე, როგორც შენ. სწორედ მათზე დგას ორივე ეს სამყარო».

სწორედ ამაზეა საუბარი. მოგზაურობის მიზანი იმაში არ მდგომარეობს, რომ ერთი სამყარო მეორეთი შევცვალოთ. ჩვენ რომ, მაგალითად, ცხოვრების პირველ ნახევარში ყველაფრისთვის მარჯვენა თვალით შეგვეხედა, შემდეგ კი უეცრად დავრწმუნებულიყავით, რომ მარცხენათიც შეგვიძლია ყურება, სიბრიყვე იქნებოდა, რომ ამის შემდეგ სამუდამოდ დაგვეხუჭა მარჯვენა, რათა მხოლოდ მარცხენათი გვეყურებინა სამყაროსთვის. ამიტომ, როგორც ორივე თვალით ვიყურებით იმისთვის, რომ მხედველობა მოცულობითი იყოს და ორივე ყურით ვისმენთ იმისთვის, რომ სმენა პოლიფონიური იყოს, სწორედ ასევე, ჩვენ ვცხოვრობთ როგორც ცნობიერი, ასევე არაცნობიერი ცხოვრებით, შევდგებით მამაკაცური და ქალური საწყისებისგან, შინაგანი და გარეგანი ადამიანისგან, და ვაერთიანებთ სინათლესაც და ჩრდილსაც. ამიტომაცაა მოგზაურობის მიზანი - მთლიანობის მიღწევა, სავსე ცხოვრებით ცხოვრება. ჩვენი ბუნების ორივე მხარის გაერთიანება არის კიდეც შემდეგი კარტის თემა. ნუმეროლოგიურად მთვარის კარტი (XVIII), როგორც გვახსოვს, დაკავშირებულია განდეგილთან (IX). თუ განდეგილი აღნიშნავს უმაღლესი წერტილის მიღწევას ცნობიერების ზრდის პროცესში, მთვარე განასახიერებს ჩვენი შინაგანი არსის, ჩვენი არაცნობიერის ყველაზე ღრმა წერტილს. გმირის მთელ მოგზაურობაში არ არის სხვა ასეთი წერტილი, სადაც რისკი, რომ დაკარგო განდეგილის საჩუქრები - ცოდნა, საკუთარი ჭეშმარიტი სახელი და ჯადოსნური სიტყვა, - ისეთი ძლიერი იქნება, როგორც აქ, ამ მთვარეულ სიღრმეებში. მაგრამ ასევე არსად, როგორც აქ, ადამიანს არ ეხსნება შანსი გადალახოს თავისი შიშის ზღვარი (მთვარე) და ბოლოსს და ბოლოს იპოვოს გზა საკუთარი თავისკენ (განდეგილი).

საკვანძო სიტყვები მთვარის არკანისთვის:

არქეტიპი — ღამე, გარიჟრაჟის დასაწყისი;
ამოცანა — მიმართულების შეცვლა, შიშის ზღურბლის ფრთხილად გადალახვა, მთავარია - არ დაიბნე და არ დაიკარგო;
მიზანი — სინათლესთან დაბრუნება;
რისკი — ლაბირინთში დაკარგვა, მიზნის დაკარგვა, შიშისადმი დაქვემდებარება;
ცხოვრებისეული შეგრძნება — წრიალი, თავდაუჯერებლობა, კოშმარები, შიშები, სევდა.