0 Fool

ზღაპრის გმირი

უცნაურია, რომ გმირი, რომელიც რთულ გზას გადალახავს, სულელი აღმოჩნდა, ასე არაა? დღეს ჩვენთვის გმირი - სრულიად სხვაგვარი არსებაა. გმირი გამბედავია, ძლიერია, არასოდეს ცდება, სხვებზე სხარტად აზროვნებს და გამარჯვებულის აურითაა გარემოცული. მაგრამ თუკი ისტორიას შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ ასეთი გამარჯვებული-გმირი - შედარებით გვიანი ხატ-სახეა, მაშინაც კი, თუ მისი პირველი ნიმუშები, როგორებიც არიან გილგამეში, ჰერკულესი, ორიონი ან პერსევსი, უკვე სამ ან ოთხ ათასწლეულს ითვლიან. ყველა ეს გმირი - მამაკაცია, ისინი ადრეული პატრიარქატის ეპოქაში გაჩნდნენ და ძლიერ განსხვავდებიან თავიანთი წინამორბედებისგან, რომლებიც ასევე ცნობილნი არიან ჩვენთვის. მათი ხატ-სახეები ზეპირსიტყვიერ ტრადიციაში შემორჩა - ზღაპრებსა და ლეგენდებში. მათში გმირი, ყოველ შემთხვევაში თავიდან, არ გამოირჩევა არანაირი განსაკუთრებული სიმამაცით, ძალით ან მოხერხებულობით. პირიქით, იგი ყოველთვის ყველაზე უმცროსია, ყველაზე გამოუცდელია, ყველაზე სულელია. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ იგი, ეს „სულელი“ ახერხებს გმირობის ჩადენას. სცენარი ყველა ამ ლეგენდას ერთნაირი აქვს. ყველაზე ხშირად მათში საუბარია ოდესღაც აყვავებულ სამეფო-სახელმწიფოზე, რომელსაც უეცრად საფრთხის შავი ჩრდილი დაემუქრა. მეფე ისეთი გმირის ძიებას იწყებს, რომელიც მზადაა გარისკოს სიცოცხლით და გადაარჩინოს სახელმწიფო. ჩვეულებრივ, თავად მეფეს სამი ძე ჰყავს, და ორი უფროსი პირველი შეუდგება ხოლმე საქმეს - ზოგჯერ კეთილსინდისიერად, ზოგჯერ - არც ისე, მაგრამ ყოველთვის წარუმატებლად. ხოლო როცა გზად ყველაზე უმცროსი მიემგზავრება, ყველა იცინის მასზე, და თვლის, რომ მისი ჩანაფიქრი თავიდანვე განწირულია მარცხისთვის. მან ხომ თვითონაც იცის, რომ ჯერ არაფრით გამოუჩენია თავი, არც გონებით და არც ძალით. და მიუხედავად ამისა, მაინც იღებს გამოწვევას და მრავალი გამოცდის, შეხვედრის და საოცარი მოვლენის შემდეგ მოიპოვებს მიუწვდომელ განძს, სახლში მოაქვს იგი და სახელმწიფოს დაღუპვისგან გადაარჩენს. მეფე კი გამარჯვებას ნებისმიერისგან ელოდება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა თავისი უფროსი ვაჟებისგან, თითქმის ისეთივე გონიერებისგან და მამაცებისგან, როგორიც თვითონ იყო ოდესღაც, მაგრამ არა სულელი უმცროსისგან.

ამ ზღაპარს, რა თქმა უნდა, „ქალური“ ვარიანტებიც აქვს, სადაც გმირი უმცროსი ასული ხდება, მას კი უფროსი (ხშირად ავი) დები ჰყავს. გაიხსენეთ, მაგალითად, კონკია, ფსიქეა ან მეფე ლირის უმცროსი ქალიშვილი.

თუმცაღა სწორედ ამაში მდგომარეობს ყველა დროისა და ხალხის ზღაპართა უმეტესობის მარილი. ისინი ასწავლიან, რომ ყველაზე დიდი პრობლემის გადაწყვეტას ბოლოს იქ ვპოულობთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით. მარია-ლუიზა ფონ ფრანცი ამას ასე ხსნის: «სულელი განასახიერებს პიროვნების სისუფთავეს და შეურყვნელობას. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტელექტი, თვითდისციპლინა და ყველაფერი სხვა. სწორედ ამ თვისებების წყალობით უმართლებს მას ყველა ზღაპარში». აი, რატომაა, რომ ზღაპარშიც, რომელსაც ტარო გვიყვება, გმირს სულელი წარმოადგენს. თუმცაღა აქედან არანაირად არ გამომდინარეობს, რომ საქმე აქ სულელის მოგზაურობას ეხება. სამოგზაუროდ მართლაც სულელი მიდის, მაგრამ უკვე ძალიან მალე იგი იზრდება და ჭკვიანდება. თუმცაღა ზღაპრის ბოლოს მას კვლავ უწევს, რომ სულელი გახდეს, მაგრამ ეს უკვე ბრძენი - სულელია, რომლის უბრალოება და მოკრძალება საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც დასაწყისშია. პარსიფალის მსგავსად, რომელიც მასხარას სამოსელით გამოვიდა დღის სინათლეზე, ლეგენდის ბოლოს კი თავისი სისუფთავის წყალობით გრაალის თასი იპოვნა, ჩვენი სულელიც თავიდან ჩვეულებრივი უბრალო სულელის სახით გვევლინება, ბოლოს კი სულის უმაღლეს უბრალოებას, ანუ სიბრძნეს მოიპოვებს.

სულელს კარტში თან ახლავს ძაღლი - იმ ბუნებრივი ინსტინქტების სიმბოლო, რომელიც ეხმარება ადამიანს და იცავს მას რთულ გზაზე. იგი არც ეჭვობს საფრთხეებზე, ისე მიაბიჯებს უფსკრულის კიდესთან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არ გადავარდება. ძაღლი თავისი ყეფით აფრთხილებს - ან, რაც უფრო სავარაუდოა, მის ყურადღებას სხვა მიმართულებისკენ მიმართავს, და სულელი ვერც ვერასოდეს გაიგებს, რომ სიკვდილის პირას იყო. მთიანი მწვერვალები უკანა პლანზე განასახიერებენ სიმაღლეებს, რომლებიც სულელმა უნდა დაიპყროს თავის გზაზე. ეს - მთებია, რომელთაგან ერთ-ერთზეც ცხოვრობს განდეგილი - გზის პირველი ნაწილის (ერთნიშნიანი კარტების) მიზნის სიმბოლო. მიზანი შემეცნებაა, უფრო ზუსტად - თვითშემეცნება. ყველაფერი, რაც სულელს ამ გზაზე სჭირდება, მის ბოხჩაში ინახება, რომლის შემადგენლობაზეც ბევრი სპეკულაცია არსებობს. ყველაზე კარგად ეს გადმოსცა შელდონ კოპმა. მან სულელის ბოხჩას «არდაჭირვებული (невостребованный) ცოდნის გროვა» უწოდა.

ასეთი მდგომარეობა არა მხოლოდ ტიპიურია ზღაპრის სულელისთვის, ასევე ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა ადამიანი, რომელმაც ან უბრალოდ არ იცის, ან იცის, მაგრამ ამ თავის ცოდნას არ იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოცემულ სიტუაციაში თითქოს აუცილებელი ცოდნა არ უშლის მას ხელს, რომ ამ სიტუაციას მიუკერძოებლად მიუდგეს. რაღაც თვალსაზრისით სულელი განასახიერებს ჩვენს „შინაგან ბავშვს“, ბავშვებს კი, როგორც ცნობილია, უყვართ ყველაფერი ახალის გამოცდა და ახალი ამერიკის მორიგი აღმოჩენა. ცხადია, რომ მსგავსი ღიაობა და მიუკერძოებლობა - საუკეთესო გზაა რაღაც ახალის გაგებისთვის და გაცნობიერებისთვის. ტყუილად არ უწოდებს უეიტი ამ კარტს: „სული შემეცნების ძიებაში“.

რაც უფრო მეტად ვიზრდებით, მით უფრო მეტად ვეჩვევით ერთხელ გათავისებულ წარმოდგენებს და ჩვენში ჩადებულ შაბლონებს. ეს გვაძლევს (ილუზორულ) რწმენას საკუთარ სიმართლეში და ჩვენი გარესამყაროს შესახებ წარმოდგენის შეუმცდარობაში, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მის უცვლელობაში. როგორია სინამდვილეში ეს სამყარო და როგორ იცვლება იგი, ყოველ წელს უფრო და უფრო ნაკლებად გვაინტერესებს და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტად ვიწყებთ საკუთარი წარმოდგენების სამყაროში ცხოვრებას, და ამაყად ვუწოდებთ მას „გამოცდილებას“, რომელიც სინამდვილეში წინ გვეღობება ყოველთვის, როცა რაღაც ახალს ვხვდებით. რა თქმა უნდა, ყოველთვის უფო ადვილია ძველ შაბლონებზე დაბრუნება, მათ ხომ იმდენჯერ გვიხსნეს შორეულ, და ხშირად არც ისე შორეულ წარსულში. მაგრამ ამის შედეგიც კანონზომიერია: ცხოვრება უფრო და უფრო გვღლის თავისი მონოტონურობით, სასიხარულო აღარაფერი გვრჩება, და მთავარ განწყობად მოწყენილობა რჩება. და მეორე შედეგი: ახალი, ნამდვილი ცხოვრება მაინც იჭრება ჩვენი ჩვეული წარმოდგენების სამყაროში და გვაიძულებს, რომ მორიგი კრიზისი განვიცადოთ და იმ ძველი შაბლონების ჩარჩოები დავანგრიოთ, რომლებიც ვერანაირად ვერ ესადაგებიან ამ ახალ ცხოვრებას.

თოვლიანი მწვერვალები სულელის კარტის უკანა პლანზე, - ესაა მისთვის ჯერ-ჯერობით შორეული განდეგილის სამყარო. ისინი განასახიერებენ სიმაღლეებს, რომლებიც განდეგილმა უკვე დაიპყრო შემეცნების გზაზე, სულელს კი ეს ყველაფერი ჯერ წინ აქვს.

სულელი კი - პირიქით, განასახიერებს ჩვენი სულის ყველაზე უბრალო და სიცოცხლისმოყვარე ნაწილს, რომელიც არ ფიქრობს, სწორად აკეთებს თუ არა რაღაცას, უბრალოდ განიცდის მორიგ ახალ შეგრძნებას და უხარია, არ ეშინია, რომ შეცდება, შერცხვება ან სასაცილოდ გამოჩნდება. არ გამოვიდა? - კიდევ ვცადოთ, და ასე მანამ, სანამ არ გამოვა, ან სანამ სული ამისადმი ინტერესს არ დაკარგავს. სულელს შეუძლია მთელი სულით უხაროდეს და უკვირდეს ყველაფერი, როგორც ახალი საოცრებაა, რომელსაც მას ცხოვრება ჩუქნის, და თავად სიცოცხლე, რომელიც სავსეა ასეთი საოცრებებით.

საკვანძო სიტყვები სულელის არკანისთვის:

არქეტიპი — ბავშვი, გულუბრყვილო სულელი;
ამოცანა — ახლის მიუკერძოებელი აღქმა, შემეცნება თამაშით;
მიზანი — სიცოცხლით სიხარული, გამოცდილების „თამაშ-თამაშით“ დაგროვება;
რისკი — დარჩეს გაუთლელი, უუნარო, ზედაპირული, ბრიყვი;
ცხოვრებისეული შეგრძნება — ენთუზიაზმი, ინსტინქტისადმი ნდობა, საოცარი მიმღებლობა, სიცოცხლით სიხარული, რომელიც არაფრითაა დაბინდული, ცნობისმოყვარეობა, ყველაფრის თავად განცდის (გამოცდის) სურვილი.