21

კვლავ მოპოვებული სამოთხე

მოგზაურობის დამასრულებელი სრულყოფილია. მაგრამ როგორც ჰერბერტ ფრიჩე წერდა, „სრულყოფილებას ვერასოდეს მიაღწევს ის, ვინც თრგუნავდა და აკნინებდა თავის ბუნებას, არამედ აღწევს მხოლოდ ის, ვინც მას გაფურჩქვნის საშუალება მისცა“. ჩვენმა გმირმა მიზანს მიაღწია და თავისი დაკარგული სამოთხე იპოვნა. მაღალი არკანების ეს ბოლო კარტი, რომელშიც ასახულია „ამობრუნებული დაკიდებული კაცის“ მოცეკვავე ფიგურა, გვიჩვენებს, რომ გაშეშება ნამდვილი ცხოვრებით შეიცვალა, და ახლა ადამიანი მყარად დგას ფეხებით მიწაზე.

ოთხიანი, როგორც ყველაფერი მიწიერის სიმბოლო (გადაჯვარედინებული ფეხები) ქვემოთ აღმოჩნდა, სადაც არის კიდეც მისი ადგილი, ხოლო სამიანი - ღვთაებრივი საწყისის სიმბოლო (გაშლილი ხელები) - ზემოთ. კარტის ოთხ კუთხეში ჩვენ კვლავ ვხედავთ ოთხ ქერუბიმს, რომლებსაც ბედის ბორბლიდან (X) ვიცნობთ და რომლებიც მთლიანობის ოთხ ასპექტს განასახიერებენ. თუმცაღა აქ ისინი წიგნების გარეშე არიან გამოსახულნი, ანუ აღარაფერი აქვთ ჩვენთვის სასწავლი. ჩვენ უკვე ყველაფერი ვისწავლეთ, რაც უნდა გვესწავლა. გამოცდა ჩაბარებულია, გმირი მთლიანი გახდა. მან იპოვა გზა და არასწორი, ამობრუნებული სამყაროდან (დაკიდებული კაცი) სწორ სამყარომდე (სამყარო). იგივე აზრს გამოხატავს მანდორლაც (მანდორლა - აურა ან შარავანდედი, ჩვეულებრივ ნუშისებური ფორმის, რომელიც წმინდანების ფიგურებს არტყავს გარშემო), რომელიც მოცეკვავე ფიგურას ელიფსისებურად ახვევია გარშემო.

თუკი წრე ერთადერთი ცენტრით ინდივიდუალობას აღნიშნავს, ელიფსი - ეს უკვე უფრო მაღალი თანრიგის ერთეულია. წრის კანონის თანახმად, ნებისმიერი იმპულსი, რომელიც ცენტრიდან გამოდის, წრის კიდიდან აირეკლება და უკან ბრუნდება. ასე გამოხატავს გარე-წრე ჩვენი ეგოს არსს, რომელიც საკუთარ თავს მთელი სამყაროს ცენტრად აღიქვამს. ელიფსი კი - ორ ცენტრს შეიცავს, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო ორი ცენტრის გაერთიანების სიმბოლო. ელიფსის კანონით ყოველი იმპულსი, რომელიც მისი ერთი ცენტრიდან გამოდის, არეკვლის შემდეგ მეორე ცენტრში ხვდება. ამგვარად ელიფსი ხდება პოლარული ურთიერთწინააღმდეგობების გაერთიანების სიმბოლო, როგორებიცაა მამაკაცური და ქალური საწყისები, სინათლე და სიბნელე, ცნობიერი და არაცნობიერი.

მითოლოგიურ ტაროში მოცეკვავე ფიგურა გამოსახულია ჰერმაფროდიტის სახით, რითაც ხატოვნად ხდება ხაზგასმული მთლიანობა ადამიანისა, რომელმაც მიიღო და შეარიგა თავის თავში სხვადასხვა სქესის არსები. ზღაპრებში გმირის მიერ ამ მთლიანობის მოპოვება ჩვეულებრივ იმაში გამოიხატება, რომ ბოლოს იგი თავად ხდება მეფე. გამცილებელმა იგი იმ გვირგვინამდე მიიყვანა, , რომელიც დაფარულია მზის გამოსახულებაში XIV არკანში.

„ღვთაებრივ კომედიაში“ ესაა ბეატრიჩე, რომელმაც დანტე განწმენდის მთის მწვერვალზე აიყვანა, რათა მას ბოლოს და ბოლოს შეძლებოდა უმაღლესის ჭვრეტა და უძრავი ცენტრის გარშემო მარადიული წრებრუნვის დანახვა.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს წერტილი „ამ სამყაროს საზღვრებს მიღმა“ იმყოფება. ტყუილად არ აღნიშნავს კ.გ. იუნგი: „მთლიანობა - ეს სრულყოფილება კი არა, სისავსეა“. სხვა ადგილას იგი ხაზს უსვამს, რომ მთლიანობის მიღწევა არ გვანთავისუფლებს მიწიერი გრძნობებისგან: „ადამიანმა, რომელმაც გამთლიანებას მიაღწია, საეჭვოა, რომ ბოლომდე შეძლოს თავისი ბუნების „ორმაგობის“ ავადმყოფური შეგრძნებისგან განთავისუფლება. ამ სამყაროს ტანჯვებისგან სრული განთავისუფლება, როგორც ჩანს, ილუზიების თანრიგს უნდა მივაკუთვნოთ. ბოლოს და ბოლოს თავად ქრისტეს სიმბოლურად-სამაგალითო ცხოვრება დედამიწაზე ჯვარზე დასრულდა. ეს მიზანი მნიშვნელოვანია, მხოლოდ როგორც იდეა, მთავარი კი - ის მოქმედებაა, რომლესაც აქამდე მივყავართ: სწორედ ეს ავსებს ცხოვრებას საზრისით“.

ნუმეროლოგიურად სამყაროს არკანი (XXI) დაკავშირებულია იმპერატორ ქალთან (III), რომელთანაც მივყავართ დაკიდებული კაცის არკანს (XII). ეს ურთიერთკავშირი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მთლიანობა (სამყარო) შესაძლებელია მიღწეულ იქნეს მხოლოდ იქ, სადაც გარეგნული ზრდა (იმპერატორი ქალი) ფეხდაფეხ მიდის შინაგანთან (დაკიდებული კაცი). თუკი ცხოვრების გზას შევხედავთ, როგორც სპირალს, რომელსაც უფრო და უფრო მაღლა მივყავართ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სპირალის ყოველი შრე გმირის ახალ მოგზაურობას წარმოადგენს. თუ ეს ასეა, მაშინ სანამ გზაზე ვართ, მოგვიწევს, რომ ყოველ ჯერზე გავიაროთ ოცდაერთივე მისი ეტაპი, ოღონდ იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება ყოველ ჯერზე ახალ, უფრო მაღალ დონეზე მოგვიწევს. და გზის მხოლოდ ყველაზე მაღალ წერტილში, და არანაირად უფრო ადრე, მაღალი არკანების ეს უკანასკნელი არკანი მართლაც აღნიშნავს ყოვლის-ერთიანობას. მაგრამ ეს მიზანი ჯობია აღვიქვათ არა როგორც ცხოვრებისეული გზის დამსახურებული დასასრული, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ, არამედ უფრო როგორც იდეალური ხატ-სახე, რომელიც გვიბიძგებს, რომ წინ და წინ ვიაროთ. რადგანაც მანამ, სანამ ვუარყოფთ რაიმეს საკუთარ თავში ან გარესამყაროში, თუნდაც ეს იყოს რქებიანი ეშმაკი, სანამ ვდევნით და ვთრგუნავთ მას, ეს ნიშნავს რომ ნამდვილად არ მიგვიღწევია ყველაფრის ერთობის გაგებისთვის. ამიტომ ჩვენი მოგზაურობაც ისე, რომ დასრულებაც არ მოუსწრია, კვლავ თავიდან იწყება.

საკვანძო სიტყვები სამყაროს არკანისთვის:

არქეტიპი — კვლავ მოპოვებული სამოთხე;
ამოცანა — მიზნამდე მისვლა, საკუთარი დანიშნულების პოვნა.
მიზანი — საკუთარი ადგილის დაკავება, საკუთარი საქმის კეთება. საკუტარ თავად ყოფნა;
ცხოვრებისეული შეგრძნება — სიმშვიდე, ღრმა დაკმაყოფილებულობის განცდა.