1 2

ზეციური მშობლები

კლასიკურ გმირს ჩვეულებრივ მშობლების ორი წყვილი ჰყავს - მიწიერი და ზეციური მშობლები. ბევრ მითში გმირები უზენაესი ღვთაებებისგან იბადებიან, მაგრამ ადამიანების ოჯახში იზრდებიან, თუნდაც მეფურში. ამასთან, თავად გმირმა არ იცის თავისი წარმომავლობის შესახებ, ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც. პრინციპში, ნებისმიერი ზღაპარი, რომელიც იწყება დედინაცვალის ან მამინაცვალის შესახებ ინფორმაციით, გულისხმობს, რომ მთავარ გმირს მშობლების „მეორე წყვილიც“ ჰყავს. ტაროში მშობლების ორივე წყვილი წარმოდგენილია პირველი ოთხი არკანით (I-IV).

მაგი და ქურუმი ქალი - გმირის ზეციური მშობლები არიან. ისინი განასახიერებენ მამაკაცური და ქალური საწყისების პოლარობას კოსმიურ დონეზე - იდეების სამყაროში. ყველგან, სადაც აქაც და შემდეგშიც საუბარი იქნება „მამრობითზე“ ან „მდედრობითზე“, ამის ქვეშ არ უნდა ვიგულისხმოთ არც სოციალური როლების განაწილება და არც მამაკაცური და ქალური თვისებების ნაკრები, არამედ სუფთა სიმბოლური დაყოფა ინად და იანად. და მსგავსად ინისა და იანისა, მამაკაცური საწყისი წარმოუდგენელია ქალურის გარეშე, და საკუთარ თავში შეიცავს მას, ისევე როგორც ქალური შეიცავს მამაკაცურს, და ქმნის ერთ მთლიანობას. ესაა ორი პოლუსი იმ დუალობისა, რომელიც ჩვენი მსოფლმხედველობის საფუძველია. აი, მაგალითებიც:

მამაკაცური — ქალური
აქტიურობა — პასიურობა
მარჯვენა — მარცხენა
ზემოთ — ქვემოთ
დღე — ღამე
მზე — მთვარე
მოქცევა — მიქცევა
გაცნობიერებადი — გაუცნობიერებელი
სული ― სამშვინველი
ლოგიკა — გრძნობები
შეგრძნება ― ინტუიცია
რაოდენობა — ხარისხი
ფლობა — ყოფნა
შეღწევადობა ― მიმღებლობა
ჩარევა — არ-ჩარევა
ჩასახვა — მიღება
დაძაბვა — მოდუნება
განახლება — შენარჩუნება
აქცია — რეაქცია
ექსტრავერტი — ინტროვერტი
ცნება — ხატ-სახე
ლოგოსი — ეროსი
მიზეზობრივობა — ანალოგია
აბსტრაქტული — კონკრეტული
ანალიზი — სინთეზი

ეს დუალობა შეინიშნება იმ ორივე გზაშიც, რომელსაც ადამიანი შემეცნებამდე მიჰყავს: მაგიურში და მისტიურში. ისინი, თავის მხრივ, შეესაბამებიან ბუნებასთან თანაარსებობის ორ ძირითად საშუალებას: ჩარევას და შეგუებას. მაგის გზა - ესაა ფაუსტის გზა, რომელიც შემეცნების ძიების პროცესში ბუნებაში ერევა, მის საიდუმლოებებში აღწევს, რათა გაიგოს იგი, შემდეგ კი დაეუფლოს მას. ამ გზით წავიდა დასავლეთის ადამიანი - და მივიდა ცხოვრების თავის ამჟამინდელ დონემდე ტექნიკური ცივილიზაციის თავისი პლუსებით და მინუსებით. ესაა - ძალის აქტიური გზა, რომელიც გარესამყაროს „ყველა შესაძლო მეთოდით“ ცვლის, და როდესაც რაღაც ისე ვერ გამოდის, ან ხელს უშლის, მას იმავე მეთოდებით იშორებენ. ეს - მაგის ენერგიაა, რომელიც აქტიურ მოქმედებას გულისხმობს, განსხვავებით ქურუმი ქალისგან, რომელიც არ-ჩარევის მისტიური გზით მიდის, სწორედ იმ უმოქმედობის გზით, რომელსაც ჩვენს დროში აღმოსავლეთში ვპოულობთ, როგორც ძირითად ცხოვრებისეულ პოზიციას. მისტიური გზა ნიშნავს ვარჯიშს, მოთმინებას და მზადყოფნას ღვთაებრივი ხმის მოსმენისთვის, ზემოდან დავალების მიღებას და მის შესრულებას. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, მაგი ეძებს, მისტიკოსი კი ელოდება, რომ იპოვონ. ერთიც და მეორეც - შემეცნების გზაა, მაგრამ ყოველი მათგანი შეესაბამება ორიდან ერთ-ერთ პოლუსს როგორც კოსმიური, ასევე ადამიანური დუალობიდან, რომელიც ვლინდება ყველაფერში, დაწყებული ტვინის ორი ნახევარსფეროს სხვადასხვა როლებიდან. ამასთან, არცერთი ეს გზა არაა მეორეზე მნიშვნელოვანი, „სწორი“ და უკეთესი. იგი ცუდია, თუკი ადამიანი მხოლოდ ერთი გზით მიდის, და კარგია, თუკი ადამიანი მათ შორის სწორ ზომას იცავს. ამიტომ ჩვენი ზღაპრის გმირმა, ისევე როგორც ყოველმა ჩვენგანმა, ერთი გზაც უნდა გაიაროს და მეორეც, რათა მიზანს მიაღწიოს.

ზეციური მამა

მაგი - ესაა აქტიური, შემოქმედებითი საწყისის სიმბოლო. იგი განასახიერებს სოლარულ [„სოლ“ - მზე] ცნობიერებას, რომელსაც ყველაფერი მზის შუქზე გამოაქვს და ისწრაფვის სიცხადისკენ და ერთმნიშვნელოვანებისკენ. კარტზე იგი გამოსახულია ოსტატის პოზაში, რომელიც მოქმედებს არა თავისი ძალით, არამედ იღებს ენერგიას ზემოდან და იყენებს მიწაზე. ამ კავშირს „ზემოთას და ქვემოთას“ შორის განასახიერებენ ასევე მისი მაგიური კვერთხი და დაწვენილი რვიანი - უსასრულობის სიმბოლო. იგი განასახიერებს კავშირს სამყაროებს შორის და ენერგიების მუდმივ გაცვლას მათ შორის.

ოთხკუთხა მაგიდა, რომელიც ციფრ ოთხიანს შეესაბამება, განასახიერებს მიწიერ რეალობას. მაგიდაზე დევს ტაროს ოთხი მასტი სიმბოლო: კვერთხი, ხმალი, თასი და მონეტა, რომლებიც შეესაბამებიან სტიქიებს - ცეცხლს, ჰაერს, წყალს და მიწას. ერთად შეკრებილნი, ისინი განასახიერებენ ქმნილების მთლიანობას, რადგანაც ანტიკური წარმოდგენებით ყველაფერი ამ ოთხი სტიქიისგან შედგება. ამ კარტზე ისინი აღნიშნავენ მაგის ამოცანებს, უფრო ზუსტად, იმ დავალებებს, რომლების შესასრულებლადაც იგი ამ ცხოვრებაში განსხეულდა. ამგვარად, თავად კარტი წარმოადგენს ნების და ძალის სიმბოლოს, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად, და ამით მთლიანობის მისაღწევად.

იმაზე, რომ მაგი - არაა შარლატანი და „ხალტურშიკი“, არამედ ადამიანია, რომელსაც შეუძლია მაღალი ამოცანის გადაწყვეტა, მოწმობენ ალისფერი ვარდები (ღვთაებრივი სიყვარული), თეთრი შროშანები (სულიერი სისუფთავე) და ნახატის ოქროსფერი ფონი, რომელიც რაიდერ-უეიტის ტაროში „კეთილშობილ ზრახვებს“ აღნიშნავს.

საკვანძო სიტყვები მაგის არკანისთვის:

არქეტიპი — შემოქმედი, ოსტატი;

ამოცანა - აქტიურობა, ინიციატივა, სტიმული, ამოცანის დასახვა და შესრულება;

მიზანი - ოსტატობა, თვითრეალიზაცია, შეცნობა;

რისკი - განდიდების მანიით, ყოვლისშემძლეობაზე ოცნებებით შეპყრობა, შარლატანობა;

ცხოვრებისეული შეგრძნება - თავდაჯერებულობა, უზარმაზარი პოტენციალი.

ზეციური დედა

ქურუმი ქალი, მაგის საპირისპიროდ, პასიური, მიმღებ საწყისის სიმბოლოა. იგი განასახიერებს მოთმინებას და მზადყოფნას - მივანდოთ საკუთარი თავი ზეციურ მმართველობას, დაველოდოთ იმ ერთადერთ მომენტს, როდესაც აუცილებელი იმპულსი მოვა. მან იცის, რომ „ყველაფერს თავისი დრო აქვს“, ამიტომ არ ერევა მოვლენების მიმდინარეობაში და ყველაფერს აძლევს საშუალებას, რომ თავისი გზით იდინოს. ამგვარად, ეს კარტი გამოხატავს ნდობას შინაგანი ხმისადმი, რომელიც გზას გვიჩვენებს და ყოველთვის ზუსტად გვატყობინებს, უნდა გავაკეთოთ თუ არა რაღაც, და თუ კი, - როდის და როგორ.

ქურუმი ქალი ორ სვეტს შორის ზის, რომლებიც თითქოს ზემოთკენ იხსნებიან: ისინი განასახიერებენ მის მზადყოფნას - მიიღოს და აღიქვას. მათზე გამოხატულია ასოები: B და J, რომლებიც გვახსენებენ იერუსალიმის პირველ ტაძარს, ჯერ კიდევ სოლომონის მიერ აღმართულს: მეფემ იქ ორი სვეტი მოაწყო, „ერთი მარჯვნენა მხარეს, ერთი მარცხენა მხარეს, და მარჯვენას დაარქვა იაჰინ (Jahin), მარცხენას კი - ბოაზ (Boaz)“. ამ სვეტების და მათი დასახელებების პირველადი მნიშვნელობა დიდი ხანია დავიწყებულია, თუმცა ამ თემაზე სპეკულაციებიც ბევრია. განსაკუთრებული პოპულარობით ისინი მასონებში სარგებლობენ. ტაროს მეორე არკანზე ეს სვეტები თავად და თეთრადაა გამოსახული, რაც უნდა აღნიშნავდეს პრინციპულ პოლარობას, მაგალითად - დღის და ღამის, ზაფხულის და ზამთრის, ცნობიერის და არაცნობიერის. ქურუმი ქალის ტახტი ამ ორ პოლუსს შორისაა, რადგანაც ორივე მათგანი მისთვის თანაბარმინშვნელოვანია. იგი ერთმანეთისგან გამოყოფს მათ, მაგრამ არცერთს არ ანიჭებს უპირატესობას, და იცის, რომ ისინი მხოლოდ ერთად ქმნიან მთლიანობას. ის, ვინც ურთიერთწინააღმდეგობებად განიხილავს მათ, არა მხოლოდ კარგავს ამ პირვანდელ მთლიანობას, არამედ ერთმნიშვნელიანობის ნაცვლად ცალმხრივობას იღებს. თუ ამას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია დავეთანხმოთ ასოების - В და J-ს ინტერპრეტაციას, როგორც ბაალი (Baal) და იაჰვე (Jahwe). ღმერთი ბაალი იყო უდიდესი ქანაანელი ქალღმერთის - ასტარტის მეუღლე, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც მთვარის, ანუ ღამის ქალ-ღმერთს, ხოლო ძველებრაული იაჰვე (იეჰოვა) ითვლებოდა სინათლის ღმერთად, რომელიც სხვა ძველი ღვთაებებივით ბნელ ძალებს ებრძოდა.

ამ კარტე ორივე ეს ძალა თანაბრადაა წარმოდგენილი, რადგანაც ყველაზე ღრმა (ან ყველაზე მაღალ) დონეზე ნებისმიერი ურთიერთ-დაპირისპირება - სინათლისა და სიბნელისა, სიკეთისა და ბოროტებისა, ღმერთისა და ეშმაკისა, სიცოცხლისა და სიკვდილისა - უაზრობაა, რადგან არარეალურია. სულის სიღრმეში ჩვენ შევიგრძნობთ ამ მთლიანობას, რომელიც მხოლოდ ამ ჩვეული შეფასებებისა და საზღვრების მიღმა მიიღწევა, იქ, სადაც ნათელისა და ბნელის ალქიმიური ქორწილი ხორციელდება. ამ ყოვლისმომცველი მთლიანობის გაგება ქურუმი ქალისთვის დამახასიათებელი ის „წიაღური სიბრძნე“ («мудрость лона»), რომელსაც ნახატზე განასახიერებს თორას გრაგნილი - ღვთაებრივი კანონის წიგნი, რომელიც მას მუხლებზე უდევს. ამასთან, ქურუმი ქალისთვის, ისევე როგორც ღვთისმშობლისთვის, მნიშვნელოვანია კანონის არა ასო, არამედ სული, სიტყვებს მიღმა დაფარული ნამდვილი არსი, როგორცაა ნათქვამი სახარებაში: „მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში“ (ლუკა. 2:19).

იგივე აზრს გამოხატავს გვირგვინი ქურუმი ქალის თავზე, რომელიც განასახიერებს მთვარის სამ ფაზას - ზრდადს, სავსეს და კლებადს, ანუ არა მხოლოდ ყოფიერების ციკლურობას, არამედ ამ კარტის მიერ სიმბოლიზებულ მთვარის ცნობიერებასაც. ესაა - მთვარის არეკლილი სინათლე, რომელიც თუმც კი არ იძლევა საშუალებას, რომ მკაფიოდ დავინახოთ ყველაფერი, როგორც მზის სინათლეზე, მაგრამ სამაგიეროდ იმ ბნელ კუთხეებში აღწევს, რომელიც სოლარული ცნობიერებისგანაა დამალული, რადგანაც მზის ამოსვლის შემდეგ ისინი ქრებიან. ამგვარად, ქურუმი ქალი განასახიერებს ხედვებისა და სიზმრების, წინათგრძნობისა და ჭეშმარიტების ინტუიტიური აღმოჩენების სამყაროს. ესაა ღრმა შთაგონების წყარო, რომელიც მით უფრო ძლიერად ჩქეფს, რაც უფრო მეტად ვაბსტრაგირდებით დღის ცნობიერებისგან და ვიძირებით ე.წ. „ბინდის მდგომარეობაში“.

საკვანძო სიტყვები ქურუმი ქალის არკანისთვის:

არქეტიპი — ზეციური დედოფალი;

ამოცანა — მოთმინებით ლოდინი იმპულსისა (გარედან ან შიგნიდან), ერთადერთი მომენტისა, მიღებისთვის მზადყოფნა;

მიზანი — ინტუიტიური ცოდნა, ღრმა გაგება, არსში შეღწევა, ხედვის გაცნობიერება, მოვლენების განვითარების წინათგრძნობა;

რისკი — შესაძლოა სინამდვილისგან გაქცევა, მეოცნებეობა და უმოქმედობა, ორჭოფობა გადაწყვეტილებებში.

ცხოვრებისეული შეგრძნება —უნარი - მისცე ყველაფერს საშუალება, რომ თავის გზით იაროს, ზეციური წარმმართველისადმი მინდობა; შთაგონება აბსტრაგირებული ცნობიერების მდგომარეობაში.