7

გმირის გამოსვლა

თავისი არჩევანის გაკეთების შემდეგ გმირი ეტლზე ადის, რათა ბოლოს და ბოლოს დაადგეს თავის გზას, ან როგორც ერთ ძველ ზღაპარშია ნათქვამი, „შეიცნოს, რა არის შიში“. იგი უკან იტოვებს თავისი ბავშვობის ქალაქს, რომელიც მანამდე უსაფრთხოებას და თავშესაფარს აძლევდა. მარჯვენა ხელში კვერთხი უჭირავს, რომლის წვერზე ოქროსფერი მიუთითებს იმ მაღალ მიზნებზე, რომლებიც მას ამოძრავებს: საგანძურის პოვნა, მშვენიერი ტყვე ქალის განთავისუფლება, სამკურნალო ბალახის ან დაკარგული სამოთხის ძიება.

კარტზე გმირი გამოსახულია გაზაფხულის ღმერთის სახით, რომელსაც ყველა დროისა და ხალხის ადამიანი პატივს სცემდა, როგორც განმათავისუფლებელს, რადგანაც მისი დღესასწაულის შემდეგ მოდის წელიწადის ყველაზე თბილი, ყველაზე ნაყოფიერი დრო, რომელიც მათ ზამთრის სიცივისგან და სიბნელისგან ათავისუფლებს. ყველგან, დასავლეთში, ეს მშვენიერი ახალგაზრდა ღმერთი ზეცის დედოფლის ძედ ითვლება. ვარსკვლავიანი ცა საბურველია მისთვის - კარტზე იგი განასახიერებს ბალდახინს ეტლის თავზე. ზოდიაქოს ნიშნები - ქამარი, რომელიც მან ასევე აჩუქა თავის ძეს. გმირი მხრებზეც ატარებს დედის საჩუქრებს - მთვარის ორ ნიღაბს, რამეთუ მას თაყვანს სცემდნენ, როგორც მთვარის ქალღმერთს. უეიტი ამ ნიღბებს „ურიმს“ და „ტუმიმს“ უწოდებს. ისინი წარმოადგენდნენ ატრიბუტებს ძელი ებრაელების მღვდელმთავრებისთვის, და მოხსენიებულნი არიან ძველ აღქმაში (გამოსვლა 28:30 და პირველი ეზრა 2:62), თუმცაღა, არსობრივად არანაირად არ არიან ახსნილი. შესაძლოა აქ საუბარია რიტუალურ ნიღბებზე, უძველესი დედა-ღვთაების კულტის რელიქტებზე.

მრავალი ზღაპრის გმირს, როგორც ცნობილია, „შუბლზე ვარსკვლავი უკიაფებს“; ეტლის არკანზეც გმირს თავს რვაქიმიანი ვარსკვლავი უმშვენებს, რომელიც ციფრ - რვიანის თანახმად, განასახიერებს უმაღლეს სფეროებთან კავშირს, მაშინ, როცა კვადრატი მის მკერდზე - მიწიერ რეალობას აღნიშნავს. ეს დეტალები ახასიათებს მას, როგორც ზეცისგან (რვიანი) წარმოგზავნილ განმათავისუფლებელს, რათა მან მიწაზე (ოთხიანი) განახორციელოს თავისი მისია. ამ სიუჟეტმა, რომელიც მრავალ მითში შენარჩუნდა, ყველაზე ნათელი და ყველასთვის ცნობილი გამოხატულება იესო ქრისტეს ხატ-სახეში ჰპოვა - ზეციური ქალწულის ძეში, რომელიც წარმოგზავნილი იყო დედამიწის მკვიდრთა ცოდვებისგან გასანთავისუფლებლად.

გმირის ეტლი ორ სფინქსს მიჰყავს, თეთრს და შავს, რომელთაგანაც ყოველი მეორის ფერებსაც შეიცავს. შესაბამისად ორივე განასახიერებს მთლიანობის უძველესი ჩინურ სიმბოლოს - ინ-იანს:

შავი და თეთრი ამ სიმბოლოში ნიშნავს დუალობას, რომლის პრიზმაშიც ჩვენი გონება აღიქვამს გარესამყაროს. მართლა ასეთია თუ არა იგი, განსაზღვრულად ვერავინ ამბობს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენს ცნობიერებას არ შეუძლია აღიქვას ან გაიაზროს ის, რასაც თავისი ლოგიკური ურთიერთწინააღმდეგობა არ გააჩნია, და ჩვენ არ გვეცოდინებოდა, რა არის მამაკაცი, თუ მის საპირისპიროდ არ იარებებდა ქალური საწყისი. არ გვეცოდინებოდა, რა არის სტრესი, ზოგჯერ მაინც რომ არ შეგვძლებოდა მოდუნება. და არ გვეცოდინებოდა ღმერთი, როგორც სიკეთის კვინტესენცია, რომ არ შეგვექმნა ეშმაკის ხატ-სახე, და ვერ გავიგებდით, რა არის სიკვდილი, რომ ვერ ვაცნობიერებდეთ, რომ ვცოცხლობთ. თუკი ჩვენს ცხოვრებას ამ თვალსაზრისით მივუდგებით, მაშინ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ იმიტომ იძენს აზრს, რომ ადრე თუ გვიან უნდა მოვკვდეთ და ბოლოს და ბოლოს უნდა შევიცნოთ ყველაფერი შესაცნობი.

როდესაც ამქვეყნად ვიბადებით, ჩვენ პირველ რიგში ვეჩეხებით ამ ალბათ ყველაზე პირველად და მთავარ დილემას, თუმცაღა ბავშვები მას სწორედაც რომ ვერ აცნობიერებენ. მხოლოდ პიროვნების თანდათანობითი ჩამოყალიბების პროცესი გვიხსნის ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი არსებობის ფენომენის აზრს. რეალურად, რა არის თვითგანვითარება? აქ სიტყვის ორივე ნაწილი აბსოლუტურად ზუსტად გადმოცემს მომხდარის არსს: ხდება ჩვენი თვითობის განვითარება. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეცნობიერში „ინახება“ (ანუ ისევე, როგორც ბანკის სეიფში, ყოველგვარი მოძრაობის გარეშე დევს) ჩვენი შესაძლებლობები. თვითგანვითარება კი ნიშნავს არსებული შესაძლებლობების გაცნობიერებას (ინვენტარიზაციას და აქტივაციას), მათ შედარებას მათივე პოლარულ წინააღმდეგობებთან, რათა ეს შესაძლებლობები ბოლომდე გავაცნობიეროთ. ვასრულებთ რა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რთულ ოპერაციას, ჩვენ არა მხოლოდ შევიცნობთ გარე-რეალობას მასთან ელემენტარული ადაპტაციის გზით, ასევე თანდათანობით ჩვენი მზარდი ცნობიერების „ალგებრით“ ვამოწმებთ მას, ანუ ვაცნობიერებთ ჩვენთვის წვდომად მოტივებს და ამ რეალობის შესაცვლელ საშუალებებს.

რამეთუ ამ ორ პოლუსს - გარე რეალობასა და ჩვენს შინაგან პოტენციალს შორის, ყოველთვის არსებობს ერთგვარი დაჭიმულობა, როგორც ელექტრულ ან მაგნიტურ პოლუსებს შორის, რომლებიც მათ მიზიდვას და განზიდვას აიძულებენ. ადამიანები ხშირად განიცდიან ამის გამო უხერხულობას და წრიალებენ ორ არჩევანს, როგორც ორ პოლუსს შორის. ჩვეულებრივ ჩვენ მივილტვით ერთ-ერთი პოლუსისკენ და ჩვენთვის „სწორად“ და „კეთილად“ ვაცხადებთ მას, მეორეს კი შესაბამისად - „არასწორად“ ან „ბოროტად“. მაგრამ რაც უფრო მეტად ვჯიუტობთ ამაში, მით უფრო ხშირად გვიწევს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პოზიცია არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც გაცილებით უფრო რთულია და ვერ აღიწერება მარტივი ფორმულებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გვეჩვენება, რომ ბოლოს და ბოლოს ვიპოვეთ ჭეშმარიტება, ასევე შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვცდებით. და საქმე მხოლოდ ამაშიც არაა. ჭეშმარიტების დაუფლების რწმენა ადრე თუ გვიან ადამიანს აქცევს ტირანად, რომელიც ცდილობს ნებისმიერი, ხშირად ყველაზე ძალადობრივი მეთოდებით დაარწმუნოს სხვები თავის ჭეშმარიტებაში. მსგავსი „მისიონერობის“ სულით განმსჭვალულნი არიან სექტანტებიც და მათი ახლადმოქცეული ადეპტებიც რელიგიის სფეროში, რომ აღარაფერი ვთქვათ ეზოთერიაზე. ეკლესიისა და საიდუმლო საზოგადოებების ისტორია სავსეა მსგავსი მაგალითებით, ხოლო თუ პოლიტიკას შევხედავთ, იქ ვიპოვით ხალხის მრავალ მეგობარს და საზოგადოების გარდამქმნელს, რომლებიც საბოლოოდ სასტიკ და სისხლიან ტირანებად იქცნენ. ორი ურთიერთ-საწინააღმდეგო მხარიდან ერთ-ერთის მიმდევრად საკუთარი თავის გამოცხადება ცალმხრივობას, მთლიანობაზე უარის თქმას ნიშნავს. აი, რატომ წერია დაო დე-ძინში:

„ყოველი გამოთქმული ჭეშმარიტება - ტყუილია.
ყოველი დარქმეული სახელი - ცრუა“.

გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენს მიერ აღქმული რეალობა არ შეიძლება ჩავთვალოთ ერთადერთ და აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, საფუძველია არა მხოლოდ სხვების მიმართ ტოლერანტობის გამოსამუშავებლად, არამედ, პირველ რიგში, ჩვენში სხვა ადამიანების მიერ აღქმული რეალობისადმი ნამდვილი ინტერესის გასაღვიძებლად, რათა გადაილახოს გონების მიერ შექმნილი ბარიერები, შედეგად კი გაცნობიერდეს რეალობა მთლიანობაში. ეს აზრი რომ უკეთესად გავიგოთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ფიზიკის სკოლის კურსი, რომელშიც ნათქვამია, რომ თვალით ხილული ფერები სინამდვილეში ფერები კი არა, ელექტრო-მაგნიტური რხევებია, რომლის სხვადასხვა ფერებად ტრანსფორმაციასაც ადამიანის თვალი და ტვინი ახდენს. ერთიც და მეორეც ღრმად სუბიექტური შეგრძნებებია, და მიუხედავად ამისა ყოველი ადამიანის მიერ რეალობად აღიქმება.

ამიტომ საჭიროა მისწრაფება არა ერთმნიშვნელოვანებისკენ, არამედ პოლარობების გაერთიანებისკენ. სწორედ ესაა გზის მოცემული ეტაპის ამოცანა - გზის, რომლის მიზანიც ადამიანის მთლიანობამდე მიყვანა და ერთიანობის ყველაზე მაღალ დონეზე გაგებაა. რაც, სხვათაშორის, არანაირად არ ცვლის ჩვენთვის წვრილმანებით დაკავების და მათში გარკვევის აუცილებლობას გზის მთელი ეტაპების მანძილზე, ვიპოვით რა წინააღმდეგობათა უფრო და უფრო ნატიფ წყვილებს, სანამ მათი შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად მხოლოდ ეთიკა არ დარჩება. ასე თანდათანობით ვიქმნით ჩვენს ჰარმონიულ სამყაროს, რომლის ყოველი ელემენტიც ჩვენთვის ძვირფასია, კეთილია და სიყვარულის ღირსია, - და მის ანტიპოდ დისჰარმონიულ სამყაროს, რომელსაც მივაკუთვნებთ ყველაფერს, რაც ბოროტებად წარმოგვიდგენია და ვოცნებობთ, რომ იგი ოდესმე უკვალოდ გაქრეს. როგორ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს - ასეთი მსოფლმხედველობა ხომ არსობრივად გულისხმობს, რომ სამყაროს შექმნის პროცესში ბევრი სავალალო შეცდომა იქნა დაშვებული, ხოლო ჩვენ ჩვენი ვიწრო გონებით ვბედავთ და ჩვენს შეფასებას ვაძლევთ მათ, - ესეც ჩვენი „მე“-ს აუცილებელი და გარდაუვალი ეტაპია. სანამ არ ისწავლის საკუთარი თავისთვის სიკეთის და ბოროტების გარჩევას, ადამიანური „მე“ ვერასოდეს შედგება პიროვნებად. ცნობიერება, რომელიც ვერ ავლებს საზღვარს ორ რაღაცას შორის, ვერ იწოდება ცნობიერებად. და მხოლოდ მაშინ, როდესაც საკმარისად ღრმად შევაღწევთ გარესამყაროს პოლარობების არსში, შევძლებთ - და ვალდებულნიც ვიქნებით! - ვისწავლოთ მათი გაერთიანების ხელოვნება. თავიდან, იმისთვის, რომ ჩვენი „მე“-ს სტრუქტურირება მოვახდინოთ, უნდა შემოვზღუდოთ იგი ყველაფრისგან, რასაც იგი არ წარმოადგენს, (ყველაზე მარტივ დონეზე ეს ნიშნავს, რომ უნდა ვისწავლოთ - „არა“ ვთქვათ ყველა შემთხვევაში, როცა მართლა ასე ვფიქრობთ), რათა შემდეგ ამ სტრუქტურირებულმა „მე“-მ თამამად შეძლოს ყველა საზღვრის გადალახვა.

ამგვარად, ეტლი აღნიშნავს, რომ ბავშვობის სამოთხე, ყველაფერთან არაცნობიერი ერთიანობის პერიოდი უკან დარჩა იმ წამს, რა წამსაც გაკეთდა გადამწყვეტი არჩევანი (შეყვარებულები), და გმირმა შეაბიჯა ურთიერთ-წინააღმდეგობების სამყაროში, სადაც მას წინ უდევს, ავიდეს ცნობიერების განვითარების ახალ საფეხურზე და გახდეს ზრდასრული. ამასთან, მან გამუდმებით უნდა ადევნოს თვალ-ყური, რომ არ გაიტაცოს ერთ-ერთმა პოლუსმა (ორი სფინქსი), და ისწავლოს მათი მართვა, რათა გადამწყვეტ მომენტში მათი გაერთიანებული ძალა დაეხმაროს წინისკენ მკვეთრად გაჭრაში. მაგრამ ჯერ იგი დასაწყისშია და ახსოვს, რომ ასწავლეს, არ გადაეფასებინა თავისი ძალები, და იცის, რომ სჯობს არ დააჩქაროს მოვლენები, რათა არ ჩავარდეს გოეთეს „გრძნეულის მოსწავლის“ მდგომარეობაში.

ლეგენდაში გრაალის შესახებ, ამ ეტაპს შეესაბამება ეპიზოდი, როცა ახალგაზრდა პარსიფალი მის მიერ დამარცხებული წითელი რაინდის აბჯარს იცვამს და ამის ხარჯზე (ყოველ შემთხვევაში გარეგნულად) მოზარდიდან ზრდასრულად იქცევა. ახლა იგი რაინდივით გამოიყურება, ანუ მომწიფებულ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს ჰგავს. თუმცაღა აბჯრის შიგნით კვლავ სულელის (მასხარას) კაბა აცვია. იმისთვის, რომ მართლაც ზრდასრული გახდეს, - „გაიზარდოს თავის აბჯრამდე“, - მას შინაგანი ზრდა სჭირდება.

სხვა მითებში ეს ეტაპი პირიქით, როგორც ძალიან სახიფათო, ისე აღიწერება: მასში ღმერთების შვილები კვდებიან, რადგანაც გადააფასებენ თავიანთ ძალებს და უნარებს ისე, როგორც მაგალითად იკაროსი და ფაეტონი, რომლებიც ზეციდან მიწაზე ჩამოვარდნენ.

ორიენტირად მოცემულ ეტაპზე შეიძლება გამოგვადგეს ერთ-ერთი იმ „ადამიანის სულის კარტთაგან“, რომლებიც ტიბეტური ბუდიზმიდან მოვიდნენ ჩვენამდე და ხშირად გამოიყენება მედიტაციისთვის, სახელდობრ - მანდალა. ჩვეულებრივ, ესაა ნახატი, რომლის შუაშიც წრეა, მის შიგნით კი გამოსახულია სრულყოფილების რომელიმე სიმბოლო - ბუდას, ბოდჰისატვას, კრიშნას ფიგურა, რომელიმე აბსტრაქტული სიმბოლო ან, როგორც თანამედროვე დასავლურ მანდალებში, ქრისტეს ხატი. გარედან წრე შემოსაზღვრულია ჯვრის ან კვადრატის ელემენტებით, რომლის გარშემოც კიდევ ერთი - გარე წრეა.

mandala

წრე, როგორც სიმბოლო, ყოველთვის აღნიშნავს განუყოფელ მთლიანს, ერთგვარ პირველ-საწყის მდგომარეობას, ან ხატოვნად რომ ვთქვათ, სამოთხეს. ჯვარი ან კვადრატი და მასთან დაკავშირებული ოთხიანი შეესაბამება მიწიერ ყოფას, ანუ სამყაროს, რომელშიც დრო და სივრცე უფლობს. თუ მანდალას ამ თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ ეს ორი წრე, შიგა და გარე, განასახიერებს ორ ,,სამოთხეს“, რომელიც დაყოფილია დრო-სივრცის კვადრატით. ეს სამი სფერო გამუდმებით აისახება როგორც ძველ, ასევე თანამედროვე სიმბოლიკაში. რა არის შინაგანი წრე ზღაპრებში? ესაა ბავშვობის სამოთხე, რომელიც ჩვეულებრივ ზღაპრის დასაწყისშივე იკარგება, როცა, მაგალითად, ოქროს ბურთი, პირველადი მთლიანობის სიმბოლო, ჭაში ვარდება. ჯვარი კი განასახიერებს გარე-სამყაროს, რომელშიც ვხეტიალობთ დაკარგული პირველადი სამოთხის საპოვნელად, ხოლო გარე წრე განასახიერებს ამ ძიების მიზანს, სამოთხეს, თუმცა ბევრი რამით ბავშვურის მსგავსს, მააგრამ მაინც განსხვავებულს. შიგა და გარე წრეები რაღაც კუთხით იმეორებენ ერთმანეთს. მითუმეტეს, რომ მათ ერთი ცენტრი აერთიანებთ, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. შინაგანი წრე - ესაა არცოდნის სამოთხე, გარე წრე კი გაცილებით დიდი და ყოვლისმომცველია. ესაა საბოლოო ყოვლისმცოდნეობის სამოთხე. ამ ორ ურთიერთწინააღმდეგობას შორის დევს დროითა და სივრცით განსაზღვრულ საგანთა უზარმაზარი ტერიტორია.

ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, შინაგანი წრე განასახიერებს არაცნობიერს, ჯვარი განასახიერებს ცნობიერებას, ხოლო გარე წრე შეესაბამება „ზე-ცნობიერებას“ - კარლ გუსტავ იუნგის ტერმინოლოგიით, რომელიც განასხვავებდა „არაცნობიერს“, „მე“-ს და „თვითობას“. ბუდიზმში ამ სამ დონეს ეწოდება: ერთეულობა (Единичность), მრავლობითობა და მთლიანობა. ადამიანები, რომლებიც ამ დონეებს აღწევენ, უკვე აღარ აღიქვამენ საკუთარ თავს რაღაც განსაკუთრებულად: მათ უკვე აღარ აქვთ საკუთარი „მე“, მათ იგი არ ჭირდებათ, მისგან თავისუფლები არიან და იციან, რომ მათი ცოდნა არაფრად ღირს. ამიტომაც არიან ბრძენები. ლეგენდაში გრაალის შესახებ ნაჩვენებია ცოდვით დაცემის ისტორიის სიუჟეტი, განდევნა სამოთხიდან, რომელშიც იყო ხე შემეცნებისა - ხალხურ რწმენებში უცილობლად დაკავშირებული ვაშლთან. ხსნის იმედით რაინდები მიდიან გრაალის საძებნელად, რომელიც გაადმოცემის თანახმად ინახება აყვავილებული ვაშლების კუნძულის - ავალონის - ციხე-სიმაგრეში. იოლია შევნიშნოთ, რომ ყველა ამ შემთხვევაში მოგზაურობის დასაწყისი და მიზანი მსგავსია, მაგრამ იგივე არაა, რადგან გარე წრე, თუმცა კი იგივე ცენტრის გარშემოა, ყოველთვის განასახიერებს განვითარების უფრო მაღალ დონეს. ამიტომაც, ცხოვრების ჭეშმარიტ გზას უკან კი არ უნდა მივყავდეთ - კვლავ ცნობიერში [ჩემი აზრით აქ „არაცნობიერი“ უნდა ეწეროს. მთარგ. შენიშნვა] ჩასაძირად, არამედ უმაღლეს დონეზე - ზე-ცნობიერისკენ.

გზის სამი ფაზა და მათი გამოვლინებები სხვადასხვა დონეზე:

cxrili

შესაბამისობის დონე: დასაწყისი, გზა, მიზანი
სიმბოლიზმი: წრე, ჯვარი (კვადრატი), წრე
ზღაპარი: დაკარგული სამოთხე, სამყარო, კვლავ მოპოვებული სამოთხე
ფსიქოლოგია: ქვეცნობიერი, ცნობიერი, ზე-ცნობიერი
იუნგის ფსიქოლოგია: არაცნობიერი, ეგო, თვითობა
პიროვნების განვითარება: ინდუქცია, დედუქცია, სინთეზი
ცნობიერება: პრე-პერსონალური, პერსონალური, ტრანსპერსონალური
«მე»: არ აქვს, ჭარბობს, თავისუფლება «მე»-სგან
შემეცნება: არცოდნა, ცოდნა, სიბრძნე
რეალობის აღქმა: არადიფერენცირებული, პოლარული, პარადოქსული
ბუდიზმი: (ერთეულობა)единичность, მრავლობითობა, მთლიანობა
ლეგენდა გრაალზე: სამოთხე ვაშლის ხით, ძიება, ვაშლების კუნძული

შეგვიძლია ეს ყველაფერი უფრო თვალსაჩინოდ გადმოვცეთ: სანამ შინაგან წრეში ვცხოვრობთ, ახალშობილი ქრისტეს რწმენა გვაქვს. როცა დრო-სივრცეში გავდივართ, ვკარგავთ ამ რწმენას. ხოლო ისინი, ვინც ახერხებენ გარე წრის მიღწევას, კვლავ მოიპოვებენ ახალშობილი ქრისტეს რწმენას, მაგრამ ამჯერად იგი მათთვის მთლიანობის სიმბოლო ხდება, რომელიც მათ წინაშე მთელი სიღრმით და ყოვლისმომცველობით იხსნება.

ისევე, როგორც პირველმა ადამიანებმა ისწავლეს კეთილისა და ბოროტის გარჩევა შემეცნების ხის ნაყოფის გასინჯვის შემდეგ, ასევე ყოველი ჩვენგანი ცნობიერების ზრდასთან ერთად გრძნობს სინდისის გამოღვიძებას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. ამით, ჩვენ ისევე, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ვკარგავთ ჩვენს სამოთხეს, ყოვლის-ერთიანობის, განურჩევლობის სამოთხეს, რომელშიც არაა შეფასებები და არაა არანაირი ურთიერთწინააღმდეგობა, რომელიც სულიერ დაძაბულობას გამოიწვევდა. როდესაც ამ სამოთხეს ვტოვებთ, ბიბლიის მიხედვით, ჩვენ ცოდვაში ვიწყებთ ცხოვრებას. ეს ცნება ზოგჯერ განიმარტება, როგორც „განპირობებულობა“, რაც ჩვენთან შეესაბამება შიგა წრიდან გამოსვლას და იგივეა, რაც მისი დაკარგვა. ვაცნობიერებთ რა თავს პიროვნებად, ხატოვნად რომ ვთქვათ, შემეცნების ხის ნაყოფს ვსინჯავთ, ანუ განპირობებულნი ვხდებით ამ შუა ნაწილით; ასეთია ჩვენი საერთო საკაცობრიო მემკვიდრეობა, რომელსაც ეკლესია პირვანდელ ცოდვას უწოდებს.

მაღალ არკანებში ეს თემა პირველად ჩნდება უმაღლესი ქურუმის (იეროფანტის) კარტში, რადგანაც იგი შეესაბამება ცნობიერების პირველ გამოღვიძებას. იგი ყოველთვის აღნიშნავს ჩვენი ბუნების „ცოდვილობას“, რადგან ყოველი ბავშვი ადრე თუ გვიან გაკვირვებული აღმოაჩენს, რომ მას „ყველაფერი რიგზე აქვს“, რომ მის არსებაში არის რაღაც მიმზიდველი მხარეებიც, მაგრამ არის სხვებიც, რომლებიც წარმოგვიდგება „ბინძურად“ და იგი იწყებს მათ განდევნას ან დათრგუნვას. ეს შინაგანი დაძაბულობა, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას, დაშვებულსა და აკრძალულს შორის ურთიერთწინააღმდეგობის პირველი აღმოჩენის შედეგად მოდის, აჩვენებს, რომ სამოთხეში ყოფნის დრო დასასრულს უახლოვდება. გადადის რა მეშვიდე არკანში, ეტლში, ადამიანი საბოლოოდ ტოვებს სამოთხეს და მიემგზავრება ხანგრძლივ მოგზაურობაში დაკარგული მთლიანობის საძიებლად.

ცხოვრების გზის სამი ფაზის შესახებ ეს წარმოდგენა არსებობს სხვადასხვა კულტურებში და სხვადასხვა მსოფლმხედველობებში პრაქტიკულად ერთნაირი ფორმით. რამდენადაც შუა ფაზა ყოველთვის ნიშნავს განვითარებას, ადამიანური „მე“-ს გახსნას, თავი უნდა ავარიდოთ ეგოს როლის ნაჩქარევ და კატეგორიულ უარყოფას. საჭიროა ამ განვითარების არა ჩახშობა, რისკენაც მოგვიწოდებს ზოგიერთი ფსევდო-გურუ, არამედ სწორედაც რომ - პირიქით. საწყის ეტაპზე მძლავრი, ძლიერი ეგოს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მის გარეშე ადამიანს არ აქვს გზა გარე (გაცნობიერებად) სამყაროში. რა თქმა უნდა, ამ ფაზაზე იძულებულნი ვართ, რომ განპირობებულნი („ცოდვაში“) ვიყოთ, მიწიერ ამაოებაში, ან ღმერთისგან შორს, როგორც ამ ეტაპს უწოდებენ. მაგრამ საუბარია არა იმაზე, რომ თავი ავარიდოთ ამ გზას და დავბრუნდეთ უკან - არაცნობიერში, არამედ იმაზე, რომ ღირსეულად გავიაროთ ეს იგი. მაშინ დროთა განმავლობაში ამოცანაც სხვა გახდება: საკუთარი ეგოს გადალახვა, მოკრძალებულობასთან და მორჩილებასთან დაბრუნება. განვითარების ეტაპების ამ თანმიმდევრობით გავლა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ის, რომ სირთულეებისგან შეშინებულებმა უარი ვთქვათ საკუთარი „მე“-ს გახსნაზე და დავრჩეთ ცნობიერების განვითარების ბავშვურ დონეზე.

ამ ეტაპების მნიშვნელობა შეგვიძლია ვაჩვენოთ აისბერგის მაგალითით, რომელიც ზედაპირზე, როგორც ცნობილია, მხოლოდ ერთი მეშვიდედი ნაწილი მოჩანს, მაშინ, როცა დანარჩენი წყლის ქვეშაა დამალული. თუკი წარმოვიდგენთ, რომ თავდაპირველად აისბერგი მთლიანად წყალშია, იგი განასახიერებს არაცნობიერ მდგომარეობას ცხოვრების დასაწყისში. აისბერგის მწვერვალი, რომელიც თანდათან ჩნდება წყლიდან, შეესაბამება თვით-ცნობიერის გამოღვიძებას. ესაა პერიოდი, როცა ბავშვი პირველად ამოიცნობს საკუთარ თავს სარკეში, პირველად ამბობს საკუთარ თავზე „მე“-ს, პირველად აცნობიერებს იმ საზღვარს, რომელიც გამოყოფს მას სხვა ადამიანებისგან, როგორც განსაკუთრებულ პიროვნებას. ცნობიერების გამოღვიძების ეს მომენტი, როცა მთელის პატარა ნაწილი საკუთარ თავს აცნობიერებს, უდიდესი მოვლენაა. ძალიან მოკლე ფორმით ჩვენ ამას ყოველ დილით განვიცდით, როცა ვიღვიძებთ. აქედან ცხადია, რატომ სცემს პატივს ამ უნარს კაცობრიობა, როგორც ღვთაებრივი ლოგოსის ნაწილს. ჩვენს მაგალითში ამ ნაწილს შეესაბამება აისბერგის მწვერვალი. თუკი დაგვჭირდებოდა მისთვის რაიმე ამოცანის დაკისრება, ეს უცილობლად იქნებოდა საკუთარი შესაძლებლობების გააცნობიერება და გარესამყაროს შეცნობა, სივრცეში ორიენტირება. თუმცაღა აისბერგის მწვერვალის მხრიდან აბსურდული, ან როგორც მინიმუმ გაზვიადებული იქნებოდა ჩაგვეთვალა, რომ იგი მარტო წყვეტს, საით გაცუროს, რადგანაც აისბერგის მოძრაობის მიმართულება პირველ რიგში დამოკიდებულია მისი მასის დანარჩენ ექვს მეშვიდედზე, მეორე რიგში კი - ოკეანისს დინებებზე და სრული სიბრიყვე იქნებოდა აისბერგის მწვერვალის მხრიდან - დაფარული ექვსი მეშვიდედის უარყოფა და თავის დარწმუნება იმაში, რომ იქ, ქვემოთ, წყლის ქვეშ არაფერი არაა.

ეს ბოლო მაგალითი კარგად შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელშიც დასავლური აზროვნება XX საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა. ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცდილობდა დაემკვიდრებინა არაცნობიერი, როგორც საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ელემენტი, იმ დროში გაუგებრობას და მრისხანე წინააღმდეგობას შეეჯახა. მას კიცხავდნენ და მტკიცედ სჯეროდათ, რომ ასეთი საზიზღრობა შეუძლებელია. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენს დროში ფართო წრეებში უკვე აღიარებულია იუნგის უფრო ვრცელი და დეტალური მოდელი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ქვეცნობიერი - სულაც არაა ნაგვის ურნა ყველა განდევნილი და დათრგუნული განცდისთვის, არამედ ესაა იმ ძალთა ერთობლიობა, რომლებიც ადამიანს ამოძრავებენ და მიმართულებას აძლევენ.

თუკი დავუბრუნდებით აისბერგის მაგალითს, შეგვიძლია გავიგოთ, რომ თავიდან საჭიროა გავაცნობიეროთ და გავამყაროთ ჩვენი „მე“ (აისბერგის მწვერვალი), რომელმაც შემდეგ უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავისთვის ზე-მნიშვნელოვანების მინიჭება, რათა ისწავლოს საკუთარი თავის, როგორც მთელის ნაწილის გაცნობიერება. მთელი კი, ანუ აისბერგის შვიდივე მეშვიდედი, იუნგის მიხედვით შეესაბამება „თვითობას“ (Самость), რომლის გაცნობიერებად ნაწილსაც წარმოადგენს კიდეც „მე“ (ეგო). თვითობაა მამოძრავებელი და მიმართულების მიმცემი ძალა, „მე“ კი მხოლოდ ორიენტირებას ემსახურება, მიმდინარე მოვლენების შესაცნობად და გასაგებად. ამ თვალსაზრისით ფროიდი და იუნგი მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს. თუკი ფროიდი თავისი ცნობილი პოსტულატით - „სადაც იყო იგი, ახლა იქნება მე“ ფაქტიურად მიუთითებს გზას შინაგანი წრიდან (არაცნობიერიდან) კვადრატისკენ (ეგოსკენ), იუნგი ინდივიდუაციის ამ პროცესს ახასიათებს ფორმულით: „სადაც იყო მე, იქნება თვითობა“, და ამით მიანიშნებს გზაზე - კვადრატიდან გარე წრემდე.

აქედან ცხადი ხდება იუდეო-ქრისტიანული მითის აზრი, რომლის თანახმადაც ლუციფერი (ლათ. „სინათლის მომტანი“) თავიდან ღმერთის საყვარელი ანგელოზი იყო, გნოსტიკური გადმოცემებით კი - მისი პირველი შვილი. სინათლე, რომელიც ამ ანგელოზმა ადამიანებს მოუტანა, წარმოადგენს კიდეც შემეცნების სინათლეს და თავად შემოქმედ ღმერთსაც არ შეეძლო არ გახარებოდა, როცა გაიგებდა, რომ მის ქმნილებებს „თვალები აეხილათ“ და მათ თავიანთი არსი გააცნობიერეს. მაგრამ შემდეგ, როგორც მითშია ნათქვამი, ლუციფერმა მოისურვა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დამდგარიყო, რისთვისაც იქნა კიდეც ჩამოგდებული ზეციდან. მას შემდეგ იგი მიწისქვეშა სამეფოს მარადიულ ყინულებში ზედამხედველობს მასთან მოხვედრილ სულებს, როგორც ბნელი მეუფე. ასევეა ჩვენი ცნობიერებაც: თუმცა კი მას გააჩნია შემეცნების ღვთაებრივი უნარი, როგორც კი გადაუხვევს მისთვის დაწესებულ საზღვრებს და ჩავარდება საკუთარი თავის შესახებ გადაჭარბებულ წარმოდგენებში ან განდიდების მანიაში, ეს პირველადად სათნო უნარი იქცევა ძალაუფლების დემონურ და ყინულოვან წყურვილად.

განვითარების სამი ზემოთაღწერილი სტადია, იგივე ცხოვრების გზის ეტაპები, თავის გამოხატულებას ჰპოვებენ ტაროშიც, სახელდობრ ტაროს არკანების სამ ჯგუფში, რომელთაგანაც თვითოეული ექვსი კარტისგან შედგება.

არკანები I-დან VI-მდე აჩვენებენ გმირს ბავშვობაში, განვითარების ჯერ კიდევ არაცნობიერ, სიმბიოტურ სტადიაზე. არკანები VII-XII - მის „გამოსვლას სამყაროში“, მისი „მე“-ს, მისი ინდივიდუალობის ზრდისა და განვითარების სტადიას. არკანები XIII-XVIII აღნიშნავენ ცნობიერების ინიციაციის, ტრანსპერსონალიზაციის გზას, რომელსაც მივყავართ მთლიანობამდე, ზე-ცნობიერებამდე და ყოვლის-ერთიანობამდე, - მოგზაურობის იმ მიზნამდე, რომლებსაც გამოხატავენ არკანები XIX-XXI.

თუკი მივუდგებით გმირის მოგზაურობას, როგორც ადამიანის გზის ხატოვან აღწერას, იგი ადვილად დაიყოფა ორ ნაწილად: „სკოლად“, ანუ სავალდებულო პროგრამად, და „თავისუფალ“ პროგრამად, როგორც „ფიგურულ სრიალშია“. საზღვარს მათ შორის წარმოადგენს XIII არკანი - სიკვდილი. ამ ეტაპამდე ყველა მიდის. მაგრამ აღვიქვამთ ამ ეტაპს „ყველაფრის დასასრულად“, თუ გზის შუა ნაწილად, როგორც კარს ახალ, მაღალ სფეროში, რომელსაც მოსდევს ჩვენი ნამდვილი არსის მოპოვება, ინიციაცია, მუშაობის ტრანსპერსონალური დონე და თვითობის აღმოჩენა, დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, და ბუნებრივია იმაზე, თუ რა დონეზე გვინდა ვმართოთ ჩვენი ცხოვრება.

კარტების ასეთი რიგი გვაფრთხილებს, რომ თავდაპირველად „სკოლა უნდა გადავაგოროთ“, სანამ ჩავთვლით, რომ „თავისუფალ ვარჯიშებამდე“ მივედით. რა თქმა უნდა, „მაღალი საგნებით“ სწრაფად და მაშინვე დაკავების პერსპექტივა და მიწიერი საზრუნავების უგულვებელჰყოფა ყოველთვის გვაცდუნებს, მაგრამ ტარო ცხადად და არაორაზროვნად გვეუბნება: ნუ ეძებ იქ, სანამ არ იპოვი აქ, ანუ ნუ ეცდები საკუთარი თავის ტრანსცენდენტულში გამყარებას, სანამ არ გამყარდები ჩვენს ყველაზე მარტივ, განპირობებულ და მატერიალურ სამყაროში. იმისთვის, რომ გადავლახოთ საკუთარი „მე“ და მივიდეთ თვითობამდე, დასაწყისისთვის საჭიროა გვქონდეს ეს „მე“. ამითვის იგი უნდა შეიქმნას და აღიზარდოს ისე, რომ საკმარისი ძალა ჰქონდეს საკუთარ ჩრდილთან პირისპირ შესახვედრად და არ მისცეს მას საკუთარი თავის შთანთქმის საშუალება.

საკვანძო სიტყვები ეტლის არკანისთვის:

არქეტიპი - სამყაროში გამოსვლა, გარღვევა;
ამოცანა - ურთიერთწინააღმდეგობების მოხსნა, ახლის ძიება;
მიზანი - სამყაროს შეცნობა, მის საიდუმლოებებში შეღწევა, დიადი საქმეების აღსრულება, მომზადება მნიშვნელოვანი გარღვევისთვის.
რისკი - „მამაცების სიგიჟე“, საკუთარი თავის შეკავების უუნარობა;
ცხოვრებისეული შეგრძნება - ოპტიმიზმი, მუშაობის წყურვილი, გახსნილობა, საკუტარი თავის შეცნობა, გაზრდა.