თავი 1

მთარგმნელი: მამუკა გურული

აღმოჩენა, რომელსაც შეუძლია მსოფლიო შეცვალოს

ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... თუ რა თქმა უნდა ატომური ბომბის აფეთქება სამუდამოდ არ გააჩერებს ცივილიზაციის განვითარებას.

ახალგაზრდობაში ბაპტისტი ვიყავი, მაგრამ ხშირად ბავშობის მეგობრებთან ერთად ვესწრებოდი ღვთისმსახურებას კათოლიკურ ტაძარში. მოგვიანებით, მოკლე პერიოდის განმავლობაში „ქრისტიანულ მეცნიერებას“ ვსწავლობდი. უფრო დიდი ხნის განმავლობაში თეოსოფიას ვსწავლობდი და ბოლოს, ჩემთვის მისაწვდომი ლიტერატურის წყალობით თითქმის ყველა რელიგიას გავეცანი.

ცოდნის ამ მარაგით და ფსიქოლოგის დიპლომით 1917 წელს ჰავაის ვეწვიე, სადაც მასწავლებლად უნდა მემუშავა. ამან საშუალება მომცა, რომ იმ დროს მოქმედ ვულკან კილაუეასთან ახლოს დავსახლებულიყავი, რომლის მონახულებაც რაც შეიძლება ხშირად მინდოდა.

maxfreedomlong

ჰონოლულუ დავტოვე და მცირე გემით ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ჩემს სკოლამდე ჩავაღწიე. იგი განთავსებული იყო სამ ოთახში, სახლში, რომელიც მდებარეობდა უკაცურ ველზე შაქრის უზარმაზარ პლანტაციასა და დიდ ფერმას შორის, რომლებზეც ჰავაელები მუშაობდნენ. ფერმა და პლანტაცია თეთრ ადამიანს ეკუთვნოდა, რომელმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ კუნძულებზე გაატარა.

ორი მასწავლებელი, ჩემი ხელქვეითები, აბორიგენები იყვნენ, და ცხადია, რომ მოკლე დროში ბევრი რამ გავიგე მათი ჰავაელი მეგობრების შესახებ. ამ დროს პირველად მოვისმინე ფრთხილი საუბრები ადგილობრივი მაგების, კაჰუნების ანუ საიდუმლოს მცველების შესახებ.

მათ გააღვიძეს ჩემი ცნობისმოყვარეობა, და კითხვების დასმა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ გარშემომყოფებს ეს კითხვები არ სიამოვნებდათ. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ გარდა აბორიგენების ყოველდღიური, ჩვეული ცხოვრებისა, არსებობდა კიდევ რაღაც საიდუმლო და უცხო თვალთაგან დაფარული ცხოვრება. მე გავიგე, რომ მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მისიონერებმა კუნძულებზე ძლიერი პოლიტიკური გავლენა მიიღეს, კაჰუნები კანონ-გარეშე გამოაცხადეს. ამიტომ მთელი მათი საქმიანობა საიდუმლო გახდა, ყოველ შემთხვევაში თეთრებისთვის.

ინფორმაციის მიღების სირთულეები და აბორიგენების არაკეთილგანწყობა უფრო აღვივებდა ჩემს სურვილს, ახლოს გავცნობოდი ამ საოცარ პრაქტიკებს ბნელი ცრურწმენის გემოთი. თვითმხილველების მონაყოლი ამბები, რომლებიც ხშირად უაზრობებს და სისულელეებს შეიცავდნენ, ისე მოქმედებდნენ ჩემზე, როგორც ცხარე სანელებელი მოქმედებს პირის ღრუზე. სულები თავხედურად დააბიჯებდნენ კუნძულზე, და ეს მხოლოდ გარდაცვლილი ჰავაელების სულები არ იყვნენ, არამედ მცირე ღვთაებებიც. ამბობენ, რომ ვულკანების ქალღმერთი, პელე, აბორიგენებს უცნაური მოხუცი ქალის სახით სტუმრობდა. იგი თამბაქოს ითხოვდა, და ადგილობრივებიც ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე აძლევდნენ მას.

არსებობდა ასევე ისტორიები მაგიის მეშვეობით შესრულებული სასწაულებრივი განკურნებების შესახებ, ადამიანთა მაგიური გარდაცვალების შესახებ, რომლებიც დამნაშავენი იყვნენ მოყვასთა მიმართ ბოროტ ქმედებებში; ასევე საუბრობდნენ იმაზე, რაც ჩემთვის ყველაზე საოცარი იყო, რომ მაგიის გამოყენება ადამიანის მომავლის წინასწარმეტყველებისთვის შეიძლება, და ასევე შეიძლება ამ მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ იგი არასასურველი იყო. ამ პრაქტიკას თავისი ჰავაური სახელწოდება ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის გასაგებად მითარგმნეს, როგორც „სასიკეთო ვითარებების შექმნა“.

ახალგაზრდობაში სიფხიზლის და რაციონალიზმის კარგი სკოლა გავიარე, ამიტომ მიდრეკილება მქონდა - ეჭვით შემეხედა ყველაფრისთვის, რასაც ცრურწმენის და ფანტაზიების სუნი ასდიოდა. კიდევ უფრო მეტად გავმყარდი ჩემს შეხედულებაში, როდესაც ჰონოლულუს ბიბლიოთეკიდან ავიღე რამდენიმე წიგნი, რომლებიც კაჰუნებზე იმ დროს არსებულ ყველა ინფორმაციას შეიცავდნენ. ყველა ცნობიდან, რომლებიც ძირითადად ჰავაიზე ასი წლის წინ ნამყოფი მისიონერების მიერ იყო დაწერილი, გამომდინარეობდა ერთი დასკვნა: კაჰუნები - ესენი არიან შარლატანების ბანდა, რომლებიც ურცხვად ატყუებენ ცრუმორწმუნე ადგილობრივებს. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მისიონერები ჰავაიზე ჩავიდოდნენ, 1820 წელს, არქიპელაგის რვა კუნძულზე ნაპოვნი იქნა დიდი ქვის პლათფორმები გროტესკული ხის ფიგურებით და ქვის საკურთხევლებით, რომლებზეც ოდესღაც მსხვერპლს სწირავდნენ, მათ შორის ადამიანებსაც. ყოველ საკურთხეველს და ყოველ ადგილს თავისი კერპები ჰყავდათ. ტომების ბელადებსაც კი თავისი საკუთარი კერპი ჰყავდათ, ხოლო მთელი მხარის სახელგანთქმულ დამპყრობელს - კანეამეას - თავისი პირადი ომის ღმერთი ჰყავდა, საშინელი ფიზიონომიით: გადმოკარკლული თვალებით და ზვიგენის კბილებით.

იმ სკოლასთან შორიახლოს, სადაც მასწავლებლად უნდა მემუშავა, იმყოფებოდა ოდესღაც ძლევამოსილი სიწმინდე. ყოველ წელს მღვდელმსახურები პროცესიას ატარებდნენ ამ ადგილიდან და შემოწირულობებს იღებდნენ.

კერპების კულტის ერთ-ერთი თავისებურება იყო კაჰუნების მიერ დაწესებული ტაბუს საგანთა დიდი რაოდენობა. თითქმის არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, თუ ტაბუს არ ასწევდნენ და მღვდელმსახურებისგან ნებართვას არ ითხოვდნენ. იმ დროს, როცა მღვდელმსახურებს ბელადების მხარდაჭერა ჰქონდათ, ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრება ძალიან რთული იყო. მღვდელმსახურების გავლენა იმდენად ძლიერი გახდა, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობა კი იმდენად უხეში, რომ მისიონერების ჩასვლამდე ერთი წლით ადრე მთავარმა კაჰუნამ, ჰევაევამ სთხოვა მოხუც დედოფალს და ახალგაზრდა პრინცს ნებართვა, რომ გაენადგურებინათ ყველა კერპი, დაემსხვრიათ ტაბუს ყველა საგანი და აეკრძალათ კაჰუნებისთვის ყოველგვარი პრაქტიკა. მან თანხმობა მიიღო, და ყველა კაჰუნა თავისი ნებით შეუერთდა კერპების დაწვის პროცესს, რომლებიც ხისგან და ბუმბულებისგან შედგებოდნენ.

წიგნებმა კაჰუნების შესახებ ძალიან გამიტაცა. მათ დამარწმუნეს იმაში, რომ უმაღლესი ქურუმი, ჰევაევა, ძალიან ბრძენი ადამიანი იყო. მას დიდი სულიერი პოტენციალი ჰქონდა და მომავლის განჭვრეტა შეეძლო. ამან საშუალება მისცა მას, რომ კამეამა I-ის მრჩეველი გამხდარიყო იმ საომარი კამპანიის დროს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დანარჩენი ბელადების დაპყრობით დასრულდა. კუნძულები ერთი მმართველობის ქვეშ გაერთიანდა.

ჰევაევა გახლდათ სანიმუშო მაგალითი ტიპიური ჰავაელისა უმაღლესი სფეროებიდან, რომელსაც ადვილად შეეძლო ახალი იდეების ათვისება და მათი ცხოვრებაში განხორციელება. საზოგადოებამ, რომელსაც იგი ეკუთვნოდა, გააოცა მსოფლიო, როდესაც მოიხსნა რა ლოკალური კულტურის ვიწრო ქვედაბოლო, თანამედროვე ცივილიზაციის მდიდრული ტანსაცმლით შეიმოსა, და ეს სულ რაღაც ერთ თაობაში მოხდა.

ჰევაევამ ხუთი წლის განმავლობაში შეცვალა თავისი ჩვეულებები, აზროვნება და მსოფლმხედველობა თეთრი ადამიანებისთვის მახასიათებელი მსოფლმხედველობით. მაგრამ ამასთან ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. როცა კონსერვატული ხანდაზმული კემაემა გარდაიცვალა, ჰევაევამ მომავალში გაიჭვრიტა, და დანახულმა ჩააფიქრა. მან დაინახა თეთრი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცოლებთან ერთად ჰავაიზე მოდიოდნენ, რათა აბორიგენებისთვის თავიანთი ღმერთის შესახებ ცოდნა შთაეგონებინათ. მან დაინახა ასევე ადგილი რვიდან ერთ-ერთი კუნძულის სანაპიროზე, სადაც ისინი უნდა გადმომსხდარიყვნენ, რათა სამეფო ოჯახის წევრებს შეხვედროდნენ.

მთავარი ქურუმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო. იგი ალბათ ხშირად საუბრობდა თეთრ მეზღვაურებთან, რომლებიც დიდი ხანია კუნძულებს სტუმრობდნენ, და მათგან შეიტყო, რომ თეთრი მღვდელმსახურები ეთაყვანებოდნენ იესოს, რომელიც მათ სასწაულების ჩადენას და მკვდრების აღდგენასაც კი ასწავლიდა. თავად იესოც აღსდგა სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ. უეჭველია, რომ ეს ამბები შემკული იყო დეტალური ცნობებით, რათა ჰავაელზე ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა.

ჰევაევა, იყო რა დარწმუნებული იმაში, რომ თეთრებს მაღალი კლასის გზები, იარაღი, გემები და მანქანები ჰქონდათ, მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი ასევე მაგიის უფრო მაღალ ფორმასაც ფლობდნენ. იგრძნო რა საფრთხე, რომელიც კაჰუანიზმის სიწმინდეებს ემუქრებოდათ, მან დაუყოვნებლივ გადაწყვიტა „გაეწმინდა სცენა“ თეთრი კაჰუნების ჩამოსვლამდე. მან ბრძანა, რომ მიწასთან გაესწორებინათ ყველა სიწმინდე. მათგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა, როცა 1820 წლის ოქტომბერში, სწორედ იმ ადგილას, იმ სანაპიროზე, რომელზეც თავის დროზე ჰევაევამ მიუთითა თავის მეგობრებს და სამეფო ოჯახს, გადმოსხდნენ მისიონერები ახალი ინგლისიდან.

ჰევაევა სანაპიროზე შეხვდა მათ და მშვენიერი მისასალმებელი სიტყვა მიუძღვნა ლექსების სახით, რომლებიც ჩამოსულთა საპატივცემულოდ შეთხზა. ამ მიმართვაში მან შეფარულად ახსენა უცხოტომელთა მაგია, და დაამატა, რომ თავადაც ძლიერ მაგს წარმოადგენდა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ მიესალმა ახალ სამღვდელოებას და მათ „ღმერთებს შორეულ ღრუბლებს მიღმა სიმაღლეებიდან“.

სამეფო ოჯახთან ოფიციალური ვიზიტების შემდეგ, მისიონერები გაგზავნილ იქნენ ცალკეულ კუნძულებზე, რათა იქ თავიანთი საქმიანობა დაეწყოთ. ჰევაევამ გადაწყვიტა შეერთებოდა ჯგუფს, რომელიც ჰონოლულუზე წავიდა. იგი მაშინვე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც, როგორც მალე აღმოჩნდა, თეთრმა კაჰუნებმა არანაირი მაგია არ იცოდნენ. ისინი ისეთივე უმწეონი იყვნენ, როგორც დამწვარი ხის კერპები. ბრმები, ავადმყოფები და კოჭლები, დახმარების სათხოვნელად მოდიოდნენ მათთან და იმედგაცრუებულები ბრუნდებოდნენ. აქ რაღაც რიგზე ვერ იყო. ადგილობრივ კაჰუნებს გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ თავიანთი კერპების მეშვეობით, და მათ გარეშეც კი.

aa kamehameh dynasty 3 e

(ფოტოზე: ლილიუოკალანი - კამეჰამეჰას დინასტიის ბოლო წარმომადგენელი)

რაღაც დროის შემდეგ გაირკვა, რომ ახალ „ქურუმებს“ საკურთხევლები სჭირდებოდათ. ჰევაევამ და მისმა ხალხმა, იმედით აღვსილებმა, ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. დიდი დრო გავიდა, სანამ შენობა დასრულდებოდა. მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს იგი დასრულებული და ნაკურთხი იქნა, აღმოჩნდა, რომ მისიონერებს კვლავაც არ შეეძლოთ ავადმყოფების განკურნება, რომ აღარაფერი ვთქვათ მკვდრების გაცოცხლებაზე, რასაც მათგან ყველა ელოდა.

ჰევაევა საკვებს აწვდიდა მღვდლებს და ძალიან დაუახლოვდა მათ. თავიდან ისინი ხშირად მოიხსენიებდნენ მათ თავიანთ წერილებში და ჩანაწერებში. მაგრამ მალე, ვაიოჰინში ტაძრის დასრულების შემდეგ, მისი სახელი მისიონერული მოხსენებების გვერდებიდან გაქრა. მღვდლები მოითხოვდნენ, რომ მას ქრისტიანობა მიეღო და ძველი რწმენისთვის ეღალატა. მან უარი თქვა, და როგორც შეგვეძლო გვევარაუდა იმ მაგიას დაუბრუნდა, რომელიც იცოდა. იგი ურჩევდა თავის მეგობარ კაჰუნებს, რომ ერთგულნი დარჩენილიყვნენ ძველი ჩვეულებებისადმი და სამკურნალო პრაქტიკებისადმი.

რამდენიმე წლის შემდეგ ტომის ბელადებმა ქრისტიანული ჰიმნების გალობა ისწავლეს, ასევე ისწავლეს კითხვა, წერა და ის ყველაფერი, რაც ცივილიზებული ხალხის გზაზე დააყენებდა მათ. ამავდროულად მისიონერებმა კაჰუნები კანონგარეშედ გამოაცხადეს.

ეს უკანასკნელნი თუმც კი კანონგარეშე იყვნენ, ვერცერთი ჰავაელი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე, რომელიც საღ აზრზე იმყოფებოდა, ვერ გაბედავდა კაჰუნას დაპატიმრებას, რადგან იცოდა, რომ მას იდუმალი ძალა ჰქონდა. მაგია თეთრების „ზურგსუკან“ ვითარდებოდა. ამ დროს შენდებოდა ახალი სკოლები, და ჰავაელებმა საოცრად მოკლე დროში მოიპოვეს ცივილიზაციის სხვადასხვა ატრიბუტები: მონაწილეობას ღებულობდნენ ყოველდღიურ ღვთისმსახურებებში, მღეროდნენ და ლოცულობდნენ რაც შეიძლება ხმამაღლა, ორშაბათობით კი დიაკვანთან დადიოდნენ (რომელიც, როგორც ჩანს, სხვა დღეებში კაჰუნა იყო), რათა მას განეკურნა ისინი და შეეცვალა მათი მომავალი, თუკი მოცემულ მომენტში ცუდი ვითარებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

კუნძულების უკაცრიელ ადგილებზე კაჰუნები ღიად იყენებდნენ თავიანთ ხელობას. ვულკანთან ახლოს ზოგიერთი მათგანი კვლავინდებურად აპრაქტიკებდა მსხვერპლშეწირვებს ქალღმერთ პელესადმი. ზოგიერთი ტურისტებს გიდად ემსახურებოდა და ანცვიფრებდა მათ თავისი მაგიური ხელოვნებით, რის შესახებაც დაწვრილებით მომდევნო გვერდებზე იქნება მოთხრობილი.

დავუბრუნდეთ ჩემს ისტორიას. ბიბლიოთეკაში აღებული ყველა წიგნი წავიკითხე და დავეთანხმე მათ ავტორებს იმაში, რომ კაჰუნებმა არ იცოდნენ არანაირი ნამდვილი მაგია. კვლავაც კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ ყველა ამბავი, რომელიც მოვისმინე, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო.

შემდეგ კვირაში ახალგაზრდა ჰავაელი გავიცანი. სკოლაში მეცადინეობების დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ თავისი მაღალი ცნობიერება გამოევლინა და დაენგრია ერთი ადგილობრივი ცრურწმენა, რომელიც კრძალავდა მიტოვებულ, დანგრეულ საკურთხეველში შესვლას, და ამით მის წაბილწვას. მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ დემონსტრაციამ მოულოდნელი შედეგი გამოიღო. ჩემმა თანამგზავრმა უეცრად იგრძნო, რომ ფეხები არ ემორჩილებოდა. როცა ძალიან გაჭირვებით გამოაღწია საკურთხევლიდან, მეგობრებმა სახლში წაიყვანეს იგი. ექიმი პლანტაციიდან ვერ დაეხმარა მას, და მხოლოდ მოწვეულმა კაჰუნამ შეძლო მისი განკურნება. მე არ მჯეროდა ამ ისტორიის, მაგრამ არც იმის შესაძლებლობა მქონდა, რომ სიმართლე გამეგო.

kahuna1

რამდენიმე ხანდაზმული მეზობელი გამოვკითხე, თუ რას ფიქრობდნენ კაჰუნებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი როგორც ყოველთვის მირჩევდნენ, რომ ამ საქმეებში ცხვირი არ ჩამეყო. ასევე გამოვკითხე განათლებული ჰავაელები, მაგრამ ესეც უშედეგოდ სრულდებოდა. ისინი უბრალოდ პასუხის ღირსად არ მთვლიდნენ - ან უბრალოდ იცინოდნენ ჩემს კითხვებზე, ან საერთოდ მათ იგნორირებას ახდენდნენ.

ასეთი ვითარება მთელი სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდა. ყოველ წელს სკოლებს ვიცვლიდი. ყოველ ჯერზე ვხვდებოდი კუნძულის რომელიმე კუთხეში, სადაც ადგილობრივების ცხოვრება სადღაც „ზედაპირიდან ღრმად“ მიედინებოდა, ჩემი თვალებისგან დაფარულად. ჩემი ჰავაიზე ყოფნის მესამე წელს აღმოვჩნდი სიცოცხლისმოყვარე მცირე პლანტატორებისა და მეთევზეების გარემოცვაში, მცირე საზოგადოებაში, რომელიც სანაპიროზე, მთებთან ახლოს ცხოვრობდა.

მალე მე გავიგე, რომ ერთი სასიამოვნო ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც იგივე მცირე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მე ვცხოვრობდი, მისიონერი იყო და ყოველ კვირას უკითხავდა ქადაგებებს ჰავაელების იმ მხარეში ყველაზე მრავალრიცხოვან საზოგადოებას. მოგვიანებით მითხრეს, რომ იგი არ იყო დაკავშირებული არც მისიონერულ ეკლესიებთან, და არც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. იგი დამოუკიდებლად მოქმედებდა. იგი მეტისმეტად სერიოზულად ეკიდებოდა თავის მისიონერულ საქმეს და ადვილად ბრაზდებოდა. მოგვიანებით მე შევიტყვე, რომ იგი იყო იმ ადამიანის ქალიშვილი, რომელსაც ოდესღაც უნდოდა თავისი ქრისტიანული ლოცვების ძალა გამოეცადა ადგილობრივი კაჰუნას მაგიასთან შედარებით. ამ უკანასკნელმა მიიღო გამოწვევა და დაიფიცა, რომ სიკვდილს გამოიძახებდა ჰავაელების მთელი თემისთვის, მისი ყოველი წევრისთვის ცალ-ცალკე, რათა ამ მეთოდით დაემტკიცებინა, რომ მისი რწმენები უფრო ქმედითი და ჭეშმარიტებასთან ახლოს მყოფი იყო, ვიდრე ქრისტიანული ცრურწმენები.

მე დღიურიც კი წავიკითხე ამ ენთუზიასტი, მაგრამ უგუნური ქრისტიანისა, სადაც იგი ერთიმეორეს მიყოლებით აფიქსირებდა თემის წევრების სიკვდილს, შემდეგ კი მათ მოულოდნელ გაქცევას, ვინც ცოცხალი რჩებოდა. დღიურში რამდენიმე დაუწერელი გვერდი იყო, და წყვეტა იყო თარიღებს შორის. მისიონერის ქალიშვილმა ამიხსნა, რომ სასოწარკვეთილმა მამამისმა მიატოვა თავისი მრევლი, ისწავლა მაგიის გამოყენება და სიკვდილის შელოცვა და ეს შელოცვა ზემოხსენებული კაჰუნასკენ მიმართა. კაჰუნა არ ელოდა, რომ საკუთარი იარაღითვე შეუტევდნენ და არანაირი თავდაცვის ზომა არ მიუღია. იგი სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

საზოგადოების ცოცხლად დარჩენილი წევრები ეკლესიის წიაღს დაუბრუნდნენ... დღიურში სიხარულით იყო აღნიშნული მათი დაბრუნება. მაგრამ თავად მისიონერი ამის შემდეგ შეიცვალა. იგი მისიონერული ორგანიზაციის უახლოეს საიდუმლო სხდომაზე წავიდა ჰონოლულუში და თქვა ან ჩაიდინა რაღაც ისეთი, რაზეც მკითხველისთვის ყველა მისაწვდომი მასალა დუმს. შესაძლოა, იგი მხოლოდ პასუხობდა მისიონერებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მან დაიფიცა, რომ აღარასოდეს მივიდოდა კონკლავზე, და სიტყვა შეასრულა. თუმცაღა, ჰავაელები მიხვდნენ, რა მოხდა. ჰავაის პრინცესამ ნახევარი მილის სიგანის მიწა შესწირა მას, რომელიც სანაპიროდან მთის მწვერვალებამდე იყო გაჭიმული. აქ, სანაპიროზე, სადაც თითქმის ორმოცდაათი წლის წინ გემიდან ჩამოვიდა და მოკლულ იქნა კაპიტანი კუკი, ამ კუნძულის ერთ-ერთი უმშვენიერესი საკურთხევლის ნანგრევები შემორჩენილიყო. მისგან ყოველ წელს ეშვებოდა პროცესია კერპების ფიგურებით. პროცესია მოძრაობდა გზაზე, რომელსაც დღემდე „ღმერთების ბილიკს“ ეძახიან. სანაპიროსგან ცოტა მოშორებით, მაგრამ იგივე ტერიტორიაზე, იდგა აბორიგენების მიერ მარჯნის რიფებისგან აშენებული მცირე ეკლესია. სწორედ აქ, სამოცი წლის შემდეგ, მისიონერის ქალიშვილი ყოველ დილას ქადაგებდა.

კუნძულებზე ჩემი ყოფნის მეოთხე წლის დასაწყისში ჰონოლულუზე გადავედი. როცა იქ კარგად მოვეწყვე, ცოტა დრო ვიპოვნე, რომ საეპისკოპოსო მუზეუმი მომენახულებინა, ცნობილი დაწესებულება, რომელიც დაფუძნებული იყო ჰავაის სამეფო ოჯახის მიერ და რომლის შემოსავლის ნაწილიც ჰავაელი ბავშვების განათლებას ხმარდებოდა.

ჩემი ვიზიტით მინდოდა მეპოვნა ვინმე ისეთი, ვინც უფრო კეთილსინდისიერ ინფორმაციას მომაწვდიდა კაჰუნების შესახებ. ეს საკითხი ისე მაღელვებდა, რომ გაურკვევლობა უკვე აუტანელი ხდებოდა. მე გაბრაზებული ვიყავი და ნებისმიერ ფასად მინდოდა მეპოვნა საბოლოო და ამომწურავი ახსნა. გაგებული მქონდა, რომ მუზეუმის მმართველმა თავისი ცხოვრების მრავალი წელი მიუძღვნა ჰავაური წეს-ჩვეულებების შესწავლას, ამიტომ იმედი მქონდა, რომ მისგან გავიგებდი ჭეშმარიტებას, რომელიც მიუკერძოებლად და მეცნიერული ფორმით გადმოცემულ ფაქტებს ეყრდნობოდა.

შესასვლელთან მე გავიცანი მომხიბვლელი ჰავაელი ქალი, ქალბატონი უები. მე გულწრფელად მოვუყევი ჩემი ვიზიტის მიზნის შესახებ. რაღაც პერიოდი იგი ყურადღებით მაკვირდებოდა, რის შემდეგაც მიპასუხა: «ჯობია ზემოთ ახვიდეთ, დოქტორ ბრიგჰემთან. ის თავის კაბინეტშია, ერთი სართულით მაღლა».

William Brigham

დოქტორმა ბრიგჰემმა თავი ასწია საწერი მაგიდიდან, სადაც ლუპით რაღაც ბოტანიკურ მასალას აკვირდებოდა. მან მეგობრულად შემომხედა თავისი ცისფერი თვალებით. დოქტორი დიდი მეცნიერი იყო, ავტორიტეტი თავის სფეროში, მას იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ბრიტანულ მუზეუმში კვლევების მაღალი ხარისხისა და გამოცემული ნაშრომების გამო. იგი 82 წლის იყო, მაღალი, წვერით და მელოტი თავით. იგი საოცრად მდიდარ და მრავალმხრივ ცოდნას ფლობდა და სანტა-კლაუსს ჰგავდა (იხილეთ სტატია „Who’s Who in America“, უილიამ ტაფტს ბრიგჰემი).

დოქტორმა დაჯდომა შემომთავაზა. მე გავეცანი და დავიწყე ჩემი მისვლის მიზეზების ახსნა. იგი ყურადღებით მისმენდა, კითხვებს მისვამდა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებზეც მსმენოდა, იმ ადგილებზე, რომლებშიც მიცხოვრია, და ადამიანებზე, რომლებიც გავიცანი.

ჩემს კითხვებზე კაჰუნებთან დაკავშირებით, იგი კითხვებით მპასუხობდა. მეკითხებოდა, თუ რა დასკვნებამდე მივედი ჩემი ძიებების შედეგად. მე ავუხსენი, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ეს ყველაფერი ცრურწმენაა, რომლებიც შთაგონების მეშვეობით მოქმედებენ ან რაღაც შხამის გამოყენებით, რომელიც ცნობიერებას ბინდავს. თუმცაღა ვაღიარე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სიამოვნებით ვისაუბრებდი ვინმესთან, ვინც სწორ ინფორმაციას მომაწვდიდა და ამით დამეხმარებოდა, რომ ჩემი მტანჯველი ეჭვები გამეფანტა.

მცირე პაუზა ჩამოწვა, რის შემდეგაც მისტერ ბრიგჰემმა კითხვები დამაყარა. მეჩვენებოდა, რომ მას დაავიწყდა ჩემი ვიზიტის მიზანი. მთელი ყურადღება მან ჩემი პიროვნების შესწავლას დაუთმო. მას სურდა გაეგო, რა განათლება მქონდა, რა მქონდა წაკითხული, სად მქონდა მიღებული განათლება და რას ვფიქრობდი რიგ საკითხებზე, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ იმ კითხვებთან, რომლებიც ცოტა ხნის წინ დავუსვი.

უკვე მოთმინებას ვკარგავდი, როცა მან მოულოდნელად ისე მკაცრად შემომხედა, რომ შემეშინდა.

- შემიძლია თუ არა გენდოთ, რომ საიდუმლოდ შეინახავთ ყველაფერს, რასაც ახლა გეტყვით? - მკითხა დოქტორმა. - მე გარკვეული ავტორიტეტი მაქვს მეცნიერებაში და მინდა, რომ შევინარჩუნო იგი, - გამიღიმა მან, - მიუხედავად ჩემი ხანდაზმული ასაკისა.

მე დავარწმუნე იგი, რომ მის მიერ ყოველივე თქმული მისი კაბინეტის კედლებს არ გასცდებოდა, და მოლოდინით გავშეშდი.

იგი გარკვეული დრო ფიქრობდა, რის შემდეგაც ნელა დაიწყო მოყოლა:

- ორმოცი წლის განმავლობაში მე შევისწავლიდი კაჰუნებს, რათა თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე მეპასუხა. რა თქმა უნდა, კაჰუნები იყენებენ ძალას, რომელსაც თქვენ მაგიას უწოდებთ. კურნავენ, კლავენ, მომავალს ხედავენ და კლიენტის სურვილების შესაბამისად ცვლიან მას. მათ შორის ბევრი შარლატანია, მაგრამ გვხვდებიან ნამდვილი გენიებიც. ზოგი იმისთვისაც კი იყენებდა მაგიას, რომ ცეცხლზე ევლო, გავარვარებულ ლავაზე, რომელიც მხოლოდ იმდენად იყო გამაგრებული, რომ ადამიანის წონისთვის გაეძლო... - მან უეცრად შეწყვიტა, თითქოს შეეშინდა, რომ მეტისმეტად ბევრი თქვა. თავისი მოძრავი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ნახევრად დაშვებული ქუთუთოების ქვემოდან მაკვირდებოდა.

ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ამ დროს რაღაც „მადლობის“-მაგვარი ჩავილუღლუღე, სკამიდან წამოვდექი და ისევ დავჯექი. ალბათ სრულიად უაზროდ ვუყურებდი მას იდიოტურად დიდი ხნის განმავლობაში. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემს აფრებს ქარი აღარ უბერავდა. მან ის საძირკველი გამომაცალა, რომელსაც ასე მყარად ვაგებდი სამი წლის განმავლობაში. იმედი მქონდა, რომ კაჰუნების ოფიციალურ უარყოფას მოვისმენდი, რაც საბოლოოდ დამახურინებდა კაჰუნების თემას, და უკვე გარანტიას ვაძლევდი საკუთარ თავს, რომ აღარასოდეს დავუბრუნდებოდი ამ საკითხს, და ყველა ამ ცრურწმენას. ახლა კი კვლავ გზაგასაყარზე აღმოვჩნდი და უკვე ყელამდე კი არა, ყურებამდე ან თხემამდე ჩავეფალი საიდუმლოს სიღრმეში.

როგორც ჩანს რაღაცის თავმოუბმელად ლაპარაკი დავიწყე - ზუსტად რის, მოგვიანებით ვერაფრით გავიხსენე. მახსოვს მხოლოდ, რომ შედეგად შევძელი გამომეწურა საკუთარი თავისგან:

- ცეცხლზე სიარული? ცხელ ლავაზე? ამაზე არასოდეს მსმენია... - წამით შევყოყმანდი. - როგორ აკეთებენ ამას?

დოქტორმა ფართოდ გაახილა თვალები, შემდეგ მოხუჭა, მისი წარბები კი თითქმის მელოტ თავამდე ავიდა. ჭაღარა წვერმა თრთოლა დაიწყო, იგი კვლავ გადაწვა სკამის საზურგეზე, და აუტყდა ხარხარი, რომელმაც კედლები შეძრა. იგი ისე ძლიერ იცინოდა, რომ ვარდისფერ ლოყებზე ცრემლები წამოუვიდა.

- ბოდიშს ვიხდი, - როგორც იქნა სული მოითქვა და მეგობრულად დამარტყა ხელი მუხლზე. თან მეორე ხელით ცრემლებს იწმენდდა. - თქვენმა კითხვამ ასე გამაცინა, რადგან მე თვითონ ორმოცი წლის განმავლობაში ვეძებდი ამ კითხვაზე პასუხს - და უშედეგოდ.

ამგვარად, უნდობლობის ყინული გალღვა. და თუმცა ყრუ და განგაშისმაგვარი შეგრძნება მქონდა, რომ კვლავ იმ პრობლემების მორევში მოვხვდებოდი, რომლებისგანაც გაქცევა მინდოდა, ჩვენ საუბარი დავიწყეთ.

მოხუცი მეცნიერი ოდესღაც ასევე მასწავლებელი იყო. მას ჰქონდა ნიჭი, რომ მარტივად და გასაგებად ეწარმოებინა დისკუსიები ყველაზე რთულ თემებზე. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მივხვდი, რომ იმ მომენტში მან გზა მიმითითა, თავის თანამზრახველად მაღიარა. როგორც ძველმა ბიბლიურმა ელიამ, მან მანტია მომახურა მხრებზე და თავის მსახურად მაქცია მანამ, სანამ სამუდამოდ წავიდოდა.

მოგვიანებით იგი მიყვებოდა, რომ უკვე დიდი ხანია ეძებდა ვინმე ახალგაზრდას, ვისაც მთელ თავის მეცნიერულ ცოდნას გადასცემდა და მის მიერ მაგიის ახალ და შეუსწავლელ სფეროში აღმოჩენილ საიდუმლოებებს გაანდობდა. არაერთხელ, ჩახუთულ ღამეს, როცა იმედგაცრუებას და უნდობლობას ვგრძნობდი მაგიის საიდუმლოებების ამოხსნის მიმართ, იგი მეუბნებოდა:

- ჩვენ ჯერ პირველი ნაბიჯი ძლივს გადავდგით. ის, რომ მე უკვე ვეღარ შევძლებ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც მაღელვებს, არ ნიშნავს, რომ შენ ვერ იპოვნი მათ. დაფიქრდი, რამდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დაიბადა მეცნიერება - ფსიქოლოგია. ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს ქვეცნობიერი. ყურადღება მიაქციე იმ ახალ მოვლენებს, რომლებიც ყოველ თვეში ფიქსირდება პარაფსიქოლოგიურ კვლევათა საზოგადოების წევრების მიერ. იმუშავე ამაზე დაუღალავად. ძნელია იმის თქმა, თუ როდის იპოვი გამოცანის გასაღებს, და როდის დაგვეხმარება რაიმე ახალი აღმოჩენა იმის გაგებაში, თუ რატომ იცავდნენ კაჰუნები თავის უჩვეულო რიტუალებს, და რა ხდებოდა მაშინ მათ ცნობიერებაში.

შემდეგ ჯერზე დოქტორმა თავისი სულის საიდუმლო საცავები გამიხსნა. ეს იყო დიდი, და ამავდროულად უბრალო ადამიანის სული. ეს, უკვე ძალიან მოხუცი ადამიანი, თითქმის ბავშვური სიჯიუტით და რწმენით, კაჰუნების საიდუმლოს ამოხსნისკენ ისწრაფვოდა. მაგრამ ცხადი იყო, რომ მისი ცხოვრების ქვიშის საათში ქვიშა მანამდე დაიცლებოდა, სანამ საწადელს აისრულებდა. კაჰუნებმა უკვე შეწყვიტეს თავიანთი შვილებისთვის უძველესი ცოდნის საიდუმლოებების გადაცემა, - ცოდნის, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემოდა, საიდუმლოს ბოლომდე შენახვის ფიცთან ერთად.

ისინი, ვინც მყისიერად კურნავდა, ცეცხლზე სიარული და მომავლის შეცვლა შეეძლო, ჯერ კიდევ 1900 წლამდე გარდაიცვალნენ. ბევრი მათგანი დოქტორის ძველი მეგობარი იყო. იგი მარტოხელა მსახიობივით დარჩა სცენაზე, სადაც ახლა ამდენი რამის შესრულება იყო საჭირო. და ამავდროულად, მის გონებაში ქაოსი სუფევდა. მის თავში არ ლაგდებოდა ის, რომ მიუხედავად კაჰუნებზე ამდენ წლიანი დაკვირვებისა, მათთან მეგობრობისა, და იმისა, რომ მათი მეშვეობით ცეცხლზეც კი გაიარა, მცირედი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, თუ რას ეფუძნებოდა მათი მაგიური მოქმედება - გარდა სიკვდილის შელოცვისა, რომელიც, როგორც მან ამიხსნა, არ წარმოადგენდა ჭეშმარიტ მაგიას, არამედ მაღალი დონის სპირიტუალური მოვლენა იყო.

ზოგჯერ ვერანდაზე ვიჯექით მსუბუქად მხრჩოლავ აბედთან ერთად, რომელიც კოღოებისგან გვიცავდა. დოქტორი მანამდე განხილულ თემებს უბრუნდებოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი კარგად დავიმახსოვრე. ბოლოს იგი ხშირად ამბობდა ხოლმე:

- შემიძლია დავამტკიცო, რომ კაჰუნების მაგიის ვერცერთი არსებული ახსნა ვერ უძლებს კრიტიკას. მაგიის ეს სახე არაა დაფუძნებული არც შთაგონებაზე, და საერთოდ არაფერზე, რაც ფსიქოლოგებისთვისაა ცნობილი. კაჰუნები იყენებდნენ ძალას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს, და იგი რაღაც უსაზღვროდ მნიშვნელოვანია. ჩვენ უბრალოდ უნდა აღმოვაჩინოთ იგი, და ეს აღმოჩენა მსოფლიოს გადაატრიალებს. იგი ყველა არსებულ მეცნიერულ ცნებას შეცვლის, დაალაგებს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფ რელიგიურ რწმენებს...

- გახსოვდეს, - მეუბნებოდა იგი, - როცა მაგიით დაკავდები, ყოველთვის გაითვალისწინე სამი რამ. უნდა არსებობდეს ცნობიერების რაღაც ფორმა, რომელიც ხელმძღვანელობს მაგიურ პროცესებს და მართავს მათ. იგი მართავს სხეულის ტემპერატურას გავარვარებულ ლავაზე სიარულისას. უნდა არსებობდეს ასევე ჩვენთვის უცნობი რაღაც მამოძრავებელი ძალა. ნეტავ მისი ამოცნობა შეგვეძლოს. და ბოლოს, უნდა არსებობდეს რაღაც ნივთიერება, ხილული ან უხილავი, რომლის მეშვეობითაც მოცემულ ძალას შეუძლია მოქმედება. არასოდეს დაგავიწყდეს ეს სამი რაღაც, ხოლო როდესაც ერთ-ერთ მათგანზე გაიგებ რამეს, ეს დაგეხმარება, რომ დანარჩენ ორზეც შეიქმნა წარმოდგენა.

ასე თანდათანობით ჩემთან მემკვიდრეობით გადმოდიოდა მასალები, რომლებიც მან ცოდნის ამ საოცარ სფეროში დააგროვა. მე გულდასმით შევისწავლიდი სხვადასხვა ჰიპოთეზებს, საეჭვო და შემოწმებულ მოწმობებს კაჰუნების შესახებ. მალე ვცადე მეპოვნა ჯერ კიდევ ცოცხალი კაჰუნები, რომ ნებისმიერ ფასად მომეპოვებინა მათგან საიდუმლოს თუნდაც ნაწილი. როგორც კი მესმოდა რაიმე ისტორია კაჰუნების ნამოქმედარზე, მაშინვე ვუსვამდი თანამოსაუბრეს კითხვას: „ვინ მოგიყვა ამის შესახებ?“ და ასე ვცდილობდი კვალზე დადგომას. ზოგჯერ ვახერხებდი იმ ადამიანის პოვნას, რომელიც მოყოლილი ისტორიის თვითმხილველი ან მონაწილე იყო, და მაშინ ვცდილობდი ბოლომდე ამომეღო მისგან წვრილმანი დეტალები მომხდარის შესახებ. ყველაზე ძნელი იმის პოვნა იყო, ვინც თავად იყენებდა მაგიას. როგორც წესი ეს სრულიად შეუძლებელი იყო ხოლმე. მწარე გამოცდილების შემდეგ კაჰუნები თავს არიდებდნენ თეთრებს. ვერცერთი ჰავაელი ვერ ბედავდა კაჰუნასთან თეთრი მეგობრის მიყვანას მათი აშკარა ნებართვის გარეშე - რასაც ისინი პრაქტიკულად არასოდეს არ იძლეოდნენ.

დოქტორი ბრიგჰემი ჩვენი გაცნობიდან ოთხ წელში გარდაიცვალა. მე დიდ სიმძიმეს ვგრძნობდი გულზე, და ზოგჯერ ძალიან მაშინებდა იმის შეგრძნება, რომ შესაძლოა მე ერთადერთი თეთრკანიანი ვარ ამქვეყნად, რომელმაც საკმარისად ბევრი იცის იმისთვის, რომ ადგილობრივი მაგიის შესწავლა განაგრძოს, მითუმეტეს, რომ იგი სწრაფად მიდიოდა დავიწყებისკენ. მე მესმოდა, რომ თუ არ გამიმართლებდა, მსოფლიოს შესაძლოა სამუდამოდ დაეკარგა შესაძლებლობა, რომ შეეტყო სისტემის შესახებ, რომელიც შესაძლოა განუზომელ ღირებულებას წარმოადგენდეს კაცობრიობისთვის.

მე და დოქტორი ბრიგჰემი ოდესღაც ერთად ვადევნებდით თვალყურს ახალ აღმოჩენებს ფსიქოლოგიაში და პარაფსიქოლოგიაში, მაგრამ სამწუხაროდ ვამჩნევდით, რომ ორივე ეს მეცნიერება გაყინულობის ნიშნებს ამჟღავნებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პარაფსიქოლოგიური კვლევების საზოგადოებამ ასზე მეტი ცნობილი მეცნიერი მიიწვია თავის სამსახურში, ნახევარი საუკუნის განმავლობაში არცერთი თეორია არ გამოჩნდა, რომელიც თუნდაც ისეთ მარტივ მოვლენებს ახსნიდა, როგორებიცაა ტელეპატია და შთაგონება, რომ არაფერი ვთქვათ ექტოპლაზმაზე, აპორტებზე და მატერიალიზაციაზე.

მრავალი წელი გავიდა. მე ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიე წინ და 1931 წელს იძულებული ვიყავი, მეღიარებინა დამარცხება. სწორედ მაშონ დავტოვე კუნძულები.

კალიფორნიაში ზომიერი მგზნებარებით განვაგრძობდი ფსიქოლოგიაში აღმოჩენებზე დაკვირვებას, რომლებსაც შეეძლოთ შუქი მოეფინათ ამ პრობლემებზე, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. შემდეგ კი 1935 წელს, მე სრულიად მოულოდნელად გამეღვიძა ღამით მზა კონცეფციით, რომელსაც პირდაპირ გამოცანის ამოხსნამდე მივყავდი.

დოქტორი ბრიგჰემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ მასაც ჩემსავით შერცხვებოდა. ჩვენ ხომ ორივემ ხელიდან გავუშვით ისეთი მარტივი და თვალნათლივი გადაწყვეტა, რომ იგი უბრალოდ ჩვენს ყურადღებას გაუსხლტა. იგი სათვალეს ჰგავდა, რომელიც ცხვირზე გვეკეთა, და ამდენ ხანს უშედეგოდ ვეძებდით.

ამ იდეამ, რომელმაც ღამით გამაღვიძა, იმის გაცნობიერება მომცა, რომ კაჰუნების ყოველდღიურ ენაში ალბათ არსებობდნენ დასახელებები, რომლებითაც ისინი თავისი მაგიის ელემენტებს აღნიშნავდნენ. ასეთი ტერმინების გარეშე ისინი ვერ გადასცემდნენ თავის ცოდნას თაობიდან თაობამდე. თუ ისინი ჰავაურ ენას იყენებდნენ, ეს სიტყვებიც ამ ენიდან უნდა ყოფილიყვნენ წარმოშობილნი. და რადგან მისიონერებმა ჰავაურ-ინგლისურ ლექსიკონზე მუშაობა ჯერ კიდევ 1820 წელს დაიწყეს - იგი სხვათაშორის ახლაც გამოიყენება, - და რადგან მათ სავარაუდოდ არ გააჩნდათ საკმაოდ სრული ინფორმაცია ადგილობრივი მაგიის შესახებ, რათა სწორად ეთარგმნათ მისი აღმწერი სიტყვები, ცხადი იყო, რომ ლექსიკონში წარმოდგენილი მნიშვნელობები ან არაზუსტი, ან სრულიად მცდარი იყო.

ჰავაური ენა შედგება სიტყვებისგან, რომლებიც მოკლე ფუძეებისგანაა შედგენილი ყოველი ამ ფუძის თარგმანი ამ გამოთქმის საწყის მნიშვნელობას მომცემდა. აქედან გამომდინარე - თუ საქმეზე გადავალთ, მე ავირჩევდი კაჰუნების მიერ გამოყენებულ სიმღერებსა და ლოცვებში ჩაწერილ სიტყვებს და კვლავ ვთარგმნიდი მათ მათი ეტიმოლოგიის საფუძველზე.

მომდევნო დილით მე გამახსენდა რაღაც მნიშვნელოვანი. სახელდობრ: ჰავაიზე ყველა ერთხმად ამტკიცებდა - კაჰუნები ასწავლიდნენ, რომ ყოველ ადამიანს ორი სამშვინველი ან ორი სული აქვს. მაგრამ სერიოზულად არავინ აღიქვამდა ამ აშკარად მცდარ რწმენას. როგორ შეუძლია ადამიანს ორი სული ჰქონდეს? რა აბსურდია! რა ველურობაა!.. მე დავიწყე იმ ორი სიტყვის ძიება, რომლებიც ორ სულს აღნიშნავდნენ. როგორც ვვარაუდობდი, ორივე ეს სიტყვა ძველი ლექსიკონის მეორე გამოცემაში იყო, რომელიც პირველად 1865 წელს დაიბეჭდა, მესმერიზმის აღმოჩენიდან რამდენიმე წელში, პარაფსიქოლოგიური კვლევების საწყის პერიოდში და ოცი წლით ადრე ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერების - ფსიქოლოგიის დაბადებამდე.

ლექსიკონში შემდეგი რამ წავიკითხე:

უ-ნი-ჰი-პი-ლი - ფეხებისა და ხელების ძვლები ადამიანში. უნიჰიპილი - ეს იყო ღმერთების ერთ-ერთი კლასის - აკუანოჰოს დასახელება; აუმაკუა - ღმერთების სხვა კატეგორიაა; ესენი გარდაცვლილთა სულები არიან.

უ-ჰა-ნე - ესაა ადამიანის სული, სამშვინველი. გარდაცვლილი ადამიანის მოჩვენება ან სული. ყურადღება: ჰავაელები თვლიდნენ, რომ ყოველ ადამიანს ორი განსხვავებული სული აქვს - ერთი სხეულთან ერთად კვდება, მეორე კი ცხოვრებას აგრძელებს ხილილად ან უხილავად. გარდაცვლილის პიროვნებასთან მას იმაზე მეტი კავშირი არ აქვს, ვიდრე მის ჩრდილს. ამ მოჩვენებებს შეუძლიათ ილაპარაკონ, იტირონ, იწუწუნონ და ა.შ. ითვლება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მათი ხაფანგში მოტყუება და დაჭერა შეუძლიათ .

ცხადი იყო, რომ პირველი მისიონერები, რომლებმაც ლექსიკონი შექმნეს, ჰავაელებთან გადიოდნენ კონსულტაციებს ამ ორი სიტყვის დადგენილ მნიშვნელობებთან დაკავშირებით. თუმცაღა მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები მიიღეს და ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, რათა ორივე სიტყვა ცალ-ცალკე სტატიად შეეყვანათ ლექსიკონში.

უნიჰიპილის დამახასიათებელ თვისებას, გარდა იმისა, რომ ეს სიტყვა სულს აღნიშნავდა, იყო მისი სავარაუდო კავშირი ადამიანის ხელებთან ან ფეხებთან. უჰანე ასევე სული იყო, მაგრამ ისეთი, რომელსაც ლაპარაკი შეეძლო, მაშინაც კი, თუ მხოლოდ გარდაცვლილის პიროვნებასთან დაკავშირებული ჩრდილი იყო.

იმდენად, რამდენადაც პირველი სიტყვა გრძელი იყო და მეტი ფუძე ჰქონდა, სწორედ მისგან დავიწყე მუშაობა „ეტიმოლოგიურ“ თარგმანზე. სიტყვა შვიდი ფუძისგან შედგებოდა, და ზოგიერთ მათგანს ათამდე მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ მნიშვნელობები რიგად დამელაგებინა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათგან კაჰუნების მაგიაში გამოყენებული სიტყვების გამორჩევა.

ამრიგად, ჩემს წინაშე იყო თივის ზვინი, რომელშიც ნემსი უნდა მეპოვა. ეს ფრიად დამაინტრიგებლად ჩავთვალე. მე ყოველთვის მახსენდებოდა დოქტორ ბრიგჰემის მითითება, რომ მაგიაში ყოველთვის მეძებნა სამი შემადგენელი: ცნობიერება, რომელიც ახლავდა ცეცხლზე სიარულს და სხვა მაგიურ ქმედებებს, ძალა, რომელიც აუცილებელია მაგიური შედეგების მისაღწევად, და ასევე მატერიალური ნივთიერება, ხილული ან უხილავი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ამ ძალას მოქმედება. ამრიგად, სამი ნემსის მოძებნა უნდა მეცადა (და მე ვიპოვე ისინი, ორი პირველი ერთი წლის შემდეგ, ხოლო მესამე - ექვსი წლის შემდეგ).

თითქმის მაშინვე, სანამ ლანჩის დრო მოვიდოდა, მე გავხსენი არაცნობიერი, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, რომლითაც მას თეთრკანიანები იყენებენ. მაგების არაცნობიერს გაცილებით უფრო ფართო განსაზღვრება ჰქონდა და რაღაც უფრო ნივთიერი იყო. მე იმდენად ამაღელვა ამ აღმოჩენამ, რომ რამდენიმე წუთი აზრზე ვერ მოვდიოდი.

დაუჯერებელია, რომ კაჰუნებმა უკვე იცოდნენ არაცნობიერის შესახებ, მაგრამ ამის ფაქტები სახეზე იყო.

აი, როგორ ჟღერდა იმ სულების განსაზღვრების ეტიმოლოგიური აღწერა, რომელთა დასახელებებიც სიტყვებში - უნიჰიპილი და უჰანე - გვხვდება.

ორივე სულს წარმოადგენს (ფუძე - „უ“), და ეს ფუძე ნიშნავს: „დარდს“ (grieve). ამგვარად, ამ სულებს დარდი შეუძლიათ.

ამავე დროს, ელემენტი „ჰანე“ გამოთქმაში უჰანე ნიშნავს „ლაპარაკს“, შესაბამისად, სულს, რომლის დასახელებაც ამ სიტყვაშია, ლაპარაკი შეუძლია. იმდენად, რამდენადაც მხოლოდ ადამიანურ არსებებს შეუძლიათ ლაპარაკი, ეს სული ადამიანის სული უნდა იყოს. ამის შედეგად ჩნდება კითხვა პირველი სულის ბუნების შესახებ. მას დარდი შეუძლია, მაგრამ ეს ცხოველებსაც შეუძლიათ, იგი არ წარმოადგენს ადამიანურ სულს, რადგანაც ლაპარაკი არ შეუძლია, არამედ ცხოველის სულია, რომელიც დარდობს (ჯავრობს). უჰანე - ტირის და ჩუმად ლაპარაკობს. ლექსიკონის ამ სტატიაში ხაზგასმული იყო, რომ უჰანე - რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გარდაცვლილთან დაკავშირებული ჩრდილი. სავარაუდოდ, ეს იყო რომელიღაც სუსტი და არც ისე მნიშვნელოვანი „მოლაპარაკე“ სული.

უნიჰიპილი, ან ალტერნატიულ ვარიანტში - „უჰინიპილი“, უფრო მეტ ეტიმოლოგიურ მონაცემებს იძლევა სიტყვის გასაშიფრად. თუ ჩვენს მეთოდს გამოვიყენებთ, ვიღებთ შემდეგ განსაზღვრებას:

ა) ესაა სული, რომელსაც დარდი შეუძლია, მაგრამ არაფრის თქმა არ შეუძლია (უ);

ბ) იგი წარმოადგენს რაღაცას, რაც სხვა რაღაცას ფარავს, ან პირიქით, თავად წარმოადგენს დაფარულს რაღაცის მიერ, ან დაცვის ქვეშ იმყოფება (უჰი);

გ) ესაა სული, რომელიც თან ახლავს სხვას, დაკავშირებულია მასთან, წებოვანია და ეწეპება სხვას. იგი „განკუთვნილია“ სხვისთვის და ემორჩილება მას (პილი);

დ) ესაა სული, რომელიც ფარულად, ჩუმად და ძალიან ფრთხილად მოქმედებს, და არ აკეთებს გარკვეულ რაღაცეებს ღმერთების რისხვის შიშით (ნიჰი);

ე) ესაა სული, რომელსაც შეუძლია გამოთავისუფლდეს რაღაცისგან, მასზე მაღლა აღიმართოს, შეუძლია ასევე გამოიღოს რაღაც საიდანღაც, ისევე, როგორც მონეტას იღებენ ჯიბიდან. მას გარვეული რაღაცების მწველი სურვილი აქვს. ჯიუტი და უკმაყოფილოა. შეუძლია უარი თქვას დავალების შესრულებაზე. იგი იხსნება, ირევა რაღაც სხვასთან, შეუძლია ბოლომდე იქნეს შეწოვილი ამ რაღაცის მიერ. იგი დაკავშირებულია წყლის ნელი წვეთვისმაგვარ პროცესთან ან „ცხოველმყოფელი“ წყლის წარმოშობის და გამოყოფის პროცესთან, რაღაცის, რაც „ძუძუს სითხეს“ ჰგავს, დედის რძეს. (ყურადღება: მოგვიანებით მე გავიგე, რომ წყალი ადამიანის სასიცოცხლო ძალის სიმბოლოს წარმოადგენს, ამგვარად მე პირველი „ნემსი“ ვიპოვე. ორი ცნობიერი ადამიანური სული - დანარჩენი „ნემსი”-ს ორი მესამედია. მესამე „ნემსი“ კი იმალება სიტყვაში „წებოვანი“, „მიწეპება“, „მიბჯენა“).

თუ ზემოთ თქმულს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობიერის და არაცნობიერის ცნებები კაჰუნებში, შესაძლოა აღნიშნავდეს - დასახელების ეტიმოლოგიიდან გამომდინარე - ორ სულს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სხეულთან, რომელსაც არაცნობიერი მართავს, და რომელიც ორივესთვის თავშესაფარს და დაცვას წარმოადგენს. ცნობიერის სული უფრო გაადამიანურებულია ლაპარაკის უნარი აქვს. მოწყვლადი არაცნობიერი სული ცრემლებად იღვრება, გრძნობებს ექვემდებარება და სხვადასხვაგვარად იყენებს ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას. იგი საიდუმლოდ, ჩუმი სიფრთხილით ასრულებს თავის ამოცანებს, იგი ჯიუტია და შეუძლია დაუმორჩილებელი იყოს. იგი უარს ამბობს ბრძანებების შესრულებაზე, როცა ღმერთების ეშინია (წარმოადგენს კომპლექსების, ღრმად დამარხული რწმენების საცავს). იგი აღწევს ცნობიერის სულში, ან ერწყმის მას, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ იგი მასთან ერთ მთლიანს შეადგენს (მაგიაში გამოყენებული სიტყვა „წებოვანი“ სიმბოლოს სახით, ასევე „რაღაცის რაღაცისგან გამოზრდის“ ცნება მოგვიანებით გახდება გასაგები).

მე დარწმუნებული ვარ, რომ კაჰუნები ათასობით წლის განმავლობაში იცნობდნენ ყველა იმ ფსიქოლოგიურ მოვლენას, რომლებზეც ჩვენ მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელში შევიტყვეთ, და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, მათი მაგიის გამოყენების ცოდნა იმას ეფუძნება, რომ ისინი იცნობდნენ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენ ჯერ არ აღმოგვიჩენია.

მალე გასაგები გახდა, რომ როდესაც მისცეს დასახელება ფსიქოლოგიურ ელემენტებს და გაამყარეს ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში მინიშნებები მათ კავშირზე, პირველმა კაჰუნებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. ერთადერთი სერიოზული წინააღმდეგობა იყო ის გარემოება, რომ სიმბოლოები მაგიის იმ ელემენტების დასახელებებს შეიცავდნენ, რომელთა წარმომავლობაც ჯერ-ჯერობით არ გვესმის.

ვეძებდი რა მთელი მონდომებით ამ სიტყვების სიმბოლურ მნიშვნელობას, მე გადავწყვიტე გადამექექა ყველაფერი, რაც სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მოვლენებზე იყო დაწერილი. ერთი-მეორეს მიყოლებით ვსწავლობდი ყოველ ცალკეულ მოვლენას და ვცდილობდი, რომ აღმომეჩინა მისი სიმბოლური ანალოგი კაჰუნების მიერ გამოყენებადი ტერმინების ეტიმოლოგიაში.

რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ დასაწყისისთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შესაძლებელი იყო, ფსიქოლოგიის უფრო მეტად სისტემატიზირებული ცოდნისა და კაჰუნების მაგიის გარეგნული რიტუალების შედარების მხრივ. გადავწყვიტე, რომ დასკვნები, რომლებამდეც მივედი, ძალიან ფასეულია იმისთვის, რომ მსოფლიოსგან დამემალა ისინი. ამიტომაც დავწერე შრომა ჩემი აღმოჩენებისა და კაჰუნების ცოდნის შესახებ მთლიანობაში .

ერთი წელი გავიდა ჩემი წიგნის გამოცემიდან, და ერთ მშვენიერ დღეს წერილი მომივიდა ერთი ხანშიშესული ინგლისელისგან, რომელიც ადრე ჟურნალისტად მუშაობდა. მას ერქვა უილიამ რეჯინალდ სტიუარტი. ის, რაც მან შემატყობინა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

berber

იგი ძალიან დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ჩემს წიგნში იგივე მაგიას აღვწერდი, რომელსაც იგი თავისი ახალგაზრდობის წლებში შეხვდა. მან იცოდა, რომ ამ მაგიას ბერბერების ტომი იყენებდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ატლასის მთებში. მან განცვიფრებულმა აღმოაჩინა, რომ აფრიკელი ბერბერები იგივე სიტყვებს იყენებენ მაგიაში, რასაც ჰავაელი კაჰუნები, რა თქმა უნდა დიალექტური სხვაობის გათვალისწინებით. ჩემი წიგნის წაკითხვის შემდეგ მან მოიძია თავისი უკვე გაყვითლებული ჩანაწერები და შეადარა სიტყვები, რომლებიც, როგორც მას უთხრეს, მაგიის საიდუმლო ენას ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ ჰავაური სიტყვა კაჰუნა, ბერბერებთან ჟღერს, როგორც გუა-ჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც ქალ-კაჰუნას აღნიშნავდა, ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერდა, როგორც გუაჰინი. ღმერთის აღმნიშვნელი სიტყვა ორივე ენაში თითქმის ერთნაირად ჟღერდა: აკუა და ატუა. ისევე, როგორც ბევრი სხვა ჩვენს მიერ შედარებული სიტყვა.

იმდენად, რამდენადაც ბერბერების ტომები ლაპარაკობდნენ ენაზე, რომელიც სრულიად არ ჰგავდა პოლინეზიურ დიალექტს, მაგიის ენის მსგავსება ამ ორ ხალხს შორის ურყევ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ ან ბერბერებს და პოლინეზიელებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, ან ძველ დროში მათ ერთმანეთს შორის კონტაქტი ჰქონდათ.

სტიუარტმა ბერბერების ტომისა და მათი მაგიის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა რაღაც დანიური კომპანიისთვის ნავთობის საბადოს ეძებდნენ, და დამოუკიდებელი ჟურნალისტის და სამხრეთ აფრიკის მკვლევარის სახით იგი კორესპონდენტად მუშაობდა «Christian Science Monitor»-ისთვის. მან შვებულება აიღო, გიდები დაიქირავა და ზემოხსენებული ტომის საძიებლად გაემართა. შედეგად მან იპოვა იგი და ერთი ქალი-მაგი გაიცნო. ბევრი ხვეწნის შემდეგ მან იშვილა იგი, რათა მაგიის საიდუმლოებების გაზიარების საშუალება ჰქონოდა. ამ ქალს ლიუჩი ერქვა და ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი ჰყავდა, რომლისთვისაც სწორედ იმ დროს დაიწყო საიდუმლო ცოდნის სწავლება, და სტიუარტსაც საშუალება მისცა, რომ შეერთებოდა მათ.

სწავლება დაიწყო ლეგენდით ტომის ისტორიის შესახებ, რომელიც მოგვითხრობდა კაჰუნების თორმეტი ტომის დიდ უდაბნოში - საჰარაში ცხოვრების შესახებ, რომელიც იმ დროს მწვანე, წყალუხვი და ნაყოფიერი ქვეყანა იყო. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა, და ეს ტომები ნილოსის ველზე გადასახლდნენ. იქ, იმ მაგიის გამოყენებით, რომელიც კლდის ქვების დამუშავების საშუალებას იძლეოდა, მათ ეს ქვები გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს, და სხვებზე თავისი მაგიის მეშვეობით უპირატესობა ჰქონდა.

კაჰუნა ჰყვებოდა, როგორ იწინასწარმეტყველეს მისმა თანატომელებმა წინასწარ, რომ მომავალში საყოველთაო ინტელექტუალური სიბნელის დრო მოვიდოდა, და მათი საიდუმლო მეცნიერება დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი მომავალი თაობებისთვის შეენახათ, თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძიებლად დაიძრა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საიდუმლოს (ჰუნას) გადატანა და შენახვა, სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა მისი მსოფლიოსთვის დაბრუნება. შორ მანძილზე პარაფსიქოლოგიური ხედვის წყალობით ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცური კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდა.

თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვის გავლით, შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის გასწვრივ გაცურა და წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა, და მათგან არანაირი ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილ მეთორმეტე ტომთან. ეს ტომი რაღაც გაურკვეველი მიზეზებით ჩრდილოეთით, ატლასის მთებში დასახლდა. იგი იქ ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა, ინახავდა მაგიის საიდუმლოს და იყენებდა მას. თუმცაღა ტომი თანდათან მცირდებოდა, და როცა ახალი დრო დადგა, ცოცხალი მხოლოდ ერთი კაჰუნა დარჩა. ეს იყო სწორედ ის მასწავლებელი - ლიუჩი.

სტიუარტი დარწმუნდა, რომ ბერბერები სტუმართმოყვარე, სუფთა, ძალიან ინტელიგენტური ტომი იყო, შესანიშნავი უძველესი კულტურით. ისინი შერეულ ენაზე საუბრობდნენ, ისევე როგორც სხვა ბერბერული ტომები, მაგრამ როცა საქმე საიდუმლო ცოდნის გადაცემას ეხებოდა, ისინი სხვა ენას იყენებდნენ, რადგან სწორედ მასში შეიძლებოდა შესაბამისი სიტყვების მონახვა იმ ელემენტების აღსანიშნად, რომლებიც ადამიანში არსებობდა და მაგიის გამოყენების საშუალებას აძლევდა მას.

ახალგაზრდა ინგლისელს მრავალი ენობრივი პრობლემა ჰქონდა და ხშირად უნდა გამოეყენებინა თავისი ფრანგულის ცოდნა იმისთვის, რომ ბერბერების დიალექტიც გაეგო და ამავდროულად ე.წ. საიდუმლო ენის მნიშვნელობაც.

ნაბიჯ-ნაბიჯ იგი ითვისებდა მაგიის ფილოსოფიის ძირითად მდგომარეობებს. მისი მასწავლებელი ხშირად აჩვენებდა თავისი მაგიის ძალას ავადმყოფების განკურნებით, ფრინველებზე, მტაცებლებზე, გველებზე და ამინდზე თავისი ძალაუფლებით. სტიუარტმა დიდ წარმატებებს მიაღწია, იგი თეორიას დაეუფლა და მალე პრაქტიკული ვარჯიშებიც უნდა დაეწყო. მაგრამ ერთ დღეს უბედურება მოხდა. ბერბერების დასახლებიდან შორიახლოს შეტაკება მოხდა ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის და ბრმა ტყვიამ გულში სასიკვდილოდ დაჭრა ლიუჩი.

სტიუარტი მასწავლებლის გარეშე დარჩა, რადგანაც ლიუჩის ქალიშვილმა მასზე ბევრად მეტი არ იცოდა. მაგიის შესწავლა დასრულდა. მან მოაგროვა თავისი ჩანაწერები, დაემშვიდობა თავის მოძმეებს და თავის უწინდელ საქმიანობას დაუბრუნდა.

გავიდა ოცდაათი წელი, და აი, მას ხელში ხვდება ჩემი წიგნი, რომელშიც ჩემს მიერ მოყვანილი ჰავაური სიტყვებით მან ადვილად იცნო გამოთქმები - რა თქმა უნდა დიალექტებს შორის განსხვავების გათვალისწინებით, - რომლებსაც ამდენ ხანს ინახავდა თავის ჩანაწერებში.

კავშირი ჰავაელ კაჰუნებსა და ჩრდილოეთ აფრიკის (და შესაძლოა ეგვიპტისაც) კაჰუნებს შორის აშკარა გახდა. ჰავაური ლეგენდები, რომლებიც ზეპირი გზით გადაეცემოდა, ამ ხალხის ისტორიის შესახებ ყვებოდნენ. ამრიგად, ჰავაელები ოდესღაც შორეულ მშობლიურ მიწაზე ცხოვრობდნენ. თავიანთ ჩვენებებში მათ ჰავაი დაინახეს და ამ ქვეყნის საძებნელად გამოეშურნენ. მათი მოგზაურობა დაიწყო წითელი ზღვიდან - კანე, რაც თითქმის ბოლომდე ემთხვევა იმ თვალსაზრისს, რომ ისინი ეგვიპტიდან წითელი ზღვის გავლით შემოვიდნენ, რომელსაც ეს დასახელება დღემდე აქვს, ყოველ შემთხვევაში სამ ენაზე. ლეგენდები არ გვაწვდიან ბევრ ინფორმაციას ამ მოგზაურობის დასაწყისთან დაკავშირებით. როცა მზვერავებმა როგორც იქნა მოაღწიეს თავისი დიდი ორმაგი კანოეებით რვა დაუსახლებელ ჰავაის კუნძულს, ისინი დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ და შეატყობინეს ტომის სხვა წევრებს, რომლებიც იქვე ახლოს, დასავლეთით მყოფ კუნძულზე ისვენებდნენ. ტომის ყველა წევრი ჰავაის კუნძულებზე დასახლდა. ისინი იქ სახლებს აშენებდნენ და შემდგომ ექსპედიციებს აწყობდნენ მცენარეების თესლების, ხეების ნერგებისა და ცხოველების მოსაპოვებლად. რაღაც დროის შემდეგ სხვა კუნძულებისკენ მოგზაურობა შეწყდა და ეს ხალხი მრავალი წლის განმავლობაში სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა. როცა სამეფო ოჯახის ყველა წევრი გარდაიცვალა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სხვა კუნძულებისკენ დაძრულიყვნენ, რომ ვინმე დიდგვაროვანი ბელადი ჩამოეყვანათ. ბელადი თავის მხლებლებთან ერთად ჩამოვიდა, რომელთა შორისაც კაჰუნაც იყო. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, ამ კაჰუნამ ჰავაიზე კაჰუნაიზმის ახალი მიმართულება დაამკვიდრა, რომელშიც ნაკლები მაგია იყო, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვებოდა კერპების ტაყვანისცემა და საკურთხევლების აშენება. და თუმცა კაჰუნები ამის შემდეგაც ინახავდნენ საიდუმლო ცოდნას სუფთა სახით და კვლავაც იყენებდნენ მას პრაქტიკაში, ამ მაგიაში უკვე გაჩნდა ძველი დამახინჯების კვალი და კერპებისა და სიწმინდეების კულტის ნარჩენები.

იმ მეცნიერების მცდელობა, რომლებიც ჰავაელების წარმოშობის მათი ენის შესწავლის გზით ცდილობდნენ, დიდი წარმატებით არ დასრულებულა. არსებობს თერთმეტი პოლინეზიური ტომი. ყველანი ისინი ერთი და იმავე ენის დიალექტებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ზოგიერთ მათგანში გვხვდება ინდური წარმოშობის გამოთქმები და რწმენები, რაშიც ადვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ. პოლინეზიური სიტყვები ყველგან გვხვდება წყნარ ოკეანესა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ისინი შეგვიძლია მოვისმინოთ მადაგასკარზე, რაც მიანიშნებს ადგილობრივების ძველ კონტაქტებზე იმ ხალხთან, რომელიც პოლინეზიურად საუბრობდა. იაპონიაშიც კი გვხვდება პოლინეზიური წარმოშობის ტერმინები და ცნებები. ინდოეთში არსებობს ცნებების გარკვეული რიგი, რომლებიც კაჰუნების მაგიას უკავშირდება. მართალია, ამჟამად ისინი სრულიად განსხვავებული ფორმით გვხვდება, და თითქმის ამოღებულია ხმარებიდან, მაგრამ მათი არსებობა საერთო წარმოშობაზე მიუთითებს.

სტიუარტის შეუფასებელი დახმარების წყალობით, და შესაძლებლობით, რომ მთელი სისრულით გამომეყენებინა მის მიერ ჩრდილოეთ აფრიკაში მიღებული ცოდნა, მე შევძელი, განმეგრძო ჩემი ძიება. თანდათანობით მე მოვახდინე საიდუმლო ცოდნის რეკონსტრუქცია დოქტორ ბრიგჰემის იმ დასკვნების შესაბამისად, რომლებიც მან ოდესღაც კაჰუნების რიტუალზე დაკვირვების შედეგად გააკეთა.

თუმცაღა შეუძლებელი იქნებოდა ყველა სიტყვის და ცერემონიის მნიშვნელობის აღწერა, რომ არა გარკვეული აღმოჩენები, რომლებიც თანამედროვე ფსიქოლოგიამ და პარაფსიქოლოგიამ გააკეთა. მათ ფუნდამენტზე მე უფრო მწყობრი თეორია ავაშენე. დიდი როლი ითამაშეს ასევე სხვადასხვა რელიგიურმა რწმენებმა, რომლებშიც ხშირად ვპოულობდი ჰუნას საწყისი ფილოსოფიის სახეცვლილ ფორმებს. ეს რელიქტები, თუმც კი ძალიან მოდიფიცირებულნი, მინიშნებას მაძლევდნენ, თუ სად უნდა მეძებნა შემდგომი ინფორმაცია, და მეხმარებოდნენ ჩემამდე მოსული არასარწმუნო ცნობების შემოწმებაში.

ინგლისში ჩემი წიგნის გამოცემიდან ძალიან მალე მე მიმოწერა დავიწყე ანგლიკანური ეკლესიის მღვდელთან, რომელმაც მაშინვე მომწერა, როგორც კი ჩემი წიგნი წაიკითხა. იგი ფსიქიკური და სულიერი განკურნების ფენომენთა ფსიქოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა. მაშინვე დაინტერესდა კაჰუნების მეცნიერებით და ასისტენტების გარკვეულ ჯგუფთან ერთად სცადა, რომ მკურნალობის გარკვეული მაგიური მეთოდები გამოეცადა. ჩემთან ინტენსიური მიმოწერის შემდეგ ისინი შეუდგნენ ამ საქმეს. ცალსახად აშკარა წარმატებებს მათ აკვიატებული იდეებით შეპყრობის შემთხვევებში მიაღწიეს. ერთ-ერთი განკურნებული პაციენტის ოჯახმა დიდი ფული შესწირა მათ ექსპერიმენტული სამუშაოების განვითარებისთვის. მღვდელი და მისი ჯგუფის სამი წევრი კალიფორნიაში ჩამოვიდნენ, რათა შემხვედროდნენ და მომავლის გეგმები ჩემთან ერთად განეხილათ. ჩვენ ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, შენობის პროექტიც კი შევიმუშავეთ, რომელიც მალე უნდა აშენებულიყო. სამწუხაროდ, მათი უკან დაბრუნების დროს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რომელმაც ყველა ჩვენი გეგმა დაანგრია. ომის შემდეგ რესურსები აღარ გვყოფნიდა, და ენთუზიასტების ეს ჯგუფიც დაიშალა.

მიუხედავად ამისა, მათმა ექსპერიმენტულმა საქმიანობამ დაამტკიცა, რომ ჰუნების სისტემის აღდგენა შესაძლებელია. აუცილებელია მხოლოდ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც თანდაყოლილი უნარები აქვთ და თან მზად არიან, თავიანთი დრო დაუთმონ ამ სისტემის სასიკეთო ცოდნის შესწავლას. ასეთი ადამიანებისგან მხოლოდ ის მოითხოვება, რომ გულმოდგინედ ივარჯიშონ ვინმე უფრო გამოცდილის დახმარებით.

ჰავაიზე ძალიან ცოტა ლიტერატურაა კაჰუნების შესახებ, და ამასთან იგი ფრიად არასარწმუნოა. ნაწილობრივი ცნობები, რომლებიც შეიძლება იპოვნოთ წიგნებში, სტატიებში და ბროშურებში, სრულიად არაფერს ამბობენ მაგიის მექანიზმების იმ საფუძვლებზე, რომლებზეც ჩემს წიგნში ვწერ. ყველა ზემოხსენებული წიგნების ავტორები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მათი მსჯელობების ჩახლართულობა კი საშუალებას არ აძლევს მკითხველს, რომ ამ ყველაფერში გაერკვეს.

დოქტორ ბრიგჰემის და ჩემი კვლევები კუნძულებზე თითქმის არაა ცნობილი, ხოლო ჩემი პირველი წიგნის ეგზემპლარები მშვიდად იმტვერებიან ჰონოლულუს ბიბლიოთეკის არქივში. ისინი მხოლოდ მათთვისაა მისაწვდომი, ვინც იცის, რომ წიგნები იქ იმყოფებიან. ან კაჰუნების სწავლების არასწორი გაგების გამო, ან იმ რეალური საფრთხისადმი შიშის გამო, რომელსაც სიკვდილის შელოცვა შეიცავს, კუნძულების მცხოვრებლები თავს არიდებენ მაგიას და ხელმძღვანელობენ პრინციპით - „ნუ გააღვიძებ მძინარე ქოფაკს“.

ამ შესავალი ტექსტის შემდეგ მე გადავდივარ ჰუნას სისტემის დეტალურ გადმოცემაზე და მოვიყვან ყველა ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებენ ამ სისტემის, როგორც სრული მეცნიერული თეორიის ჭეშმარიტებას.