Seance111

თავი 3

მაგიაში გამოყენებული წარმოუდგენელი ძალა, საიდან მოდის ის, და მისი გამოყენების მაგალითები

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

სანამ იმის ახსნას დავიწყებთ, სამი უხილავი ელემენტის გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ თითქმის უცნობია თანამედროვე ფსიქოლოგიისთვის, როგორ ხორციელდება ცეცხლზე-სიარული და სხვა მაგიები, საჭიროა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ კაჰუნების რელიგიურ რწმენაზე.

“საიდუმლოს”, ან იმ ინფორმაციას, რომელსაც ერთი ჯადოქარი მეორეს გადასცემდა, უმეტეს წილად შეიძლება გამოყენებითი ფსიქოლოგია ვუწოდოთ. რელიგიური ელემენტები აქ ძალიან ცოტა იყო, მითუმეტეს თუ რელიგიის საუკეთესო თანამედროვე ტექნიკურ განმარტებებს მივიღებთ.

დოქტორი პოლ ტილიჩი, ფილოსოფიური თეოლოგიის პროფესორი Union Theological Seminary-ში წერს, “მაგია განსაკუთრებული სახის ურთიერთკავშირია სასრულ ძალებს შორის; რელიგია არის ადამიანის დამოკიდებულება უსასრულო ძალის და მისი ღირებულებების მიმართ... მაგია გარდამავალი ძალის ვარჯიშია, რელიგია კი დაქვემდებარებაა უპირატეს ძალაზე.”

ყველა რელიგიას აქვს თავისი მაგია. ლოცვა მაგიაა. ყველაფერი, რასაც ამ ცხოვრებაში, თუ იმ ცხოვრებაში, ჩვენთვის კეთილდღეობის მოსაპოვებლად ვაკეთებთ, მაგიის ნაწილია. მაგია ზესულიერი წყაროებიდან რაღაცის მოპოვებაა. რელიგია უზენაესი არსების თაყვანისცემა და იმის მიღებაა, რასაც ის გვაძლევს, იქნება ეს სასიამოვნო თუ უსიამოვნო.

მიუხედავად იმისა, რომ კაჰუნებმა საერთო წყაროდან მიიღეს ისტორიები - ნილოსის ველიდან და მეზობელი მიწებიდან - ადამისა და ევას, დაბადების, წარღვნის და ა.შ. შესახებ და ეს ისტორიები თან წაიღეს პოლინეზიაში, ისინი არ იზიარებდნენ პერსონალური და პატრიარქალური ღმერთის კონცეფციას.

კაჰუნები ასწავლიდნენ, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია გაიგოს ცნობიერების სახე, რომელიც მას არ ჰგავს და მასზე უზენაესია; შესაბამისად მათთვის, კაცობრიობის ნებისმიერი მცდელობა წარმოიდგინოს აბსოლუტური, ულტიმატური და უზენაესი ღმერთის მახასიათებლები უბრალოდ დროის ხარჯვა იყო. მათ სწამდათ, რომ უნდა არსებულიყო რაღაც ულტიმატური შემოქმედი წყარო, მაგრამ ისინი მისთვის არ ლოცულობდნენ.

მაგალითად ავიღოთ ყვავილი. მას შესაძლოა ჰქონდეს (თუ საერთოდ აქვს) მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა საძოვრის ძროხაზე. ძროხას შეიძლება ჰქონდეს ასეთივე ბუნდოვანი წარმოდგენა მწყემსის ბუნებაზე და მიზნებზე. შესაბამისად მწყემსს, რომელმაც ჩათვალა, რომ უნდა არსებობდეს უზენაესი არსება, რომელმაც შექმნა სამყარო, შეუძლია იგი წარმოიდგინოს მხოლოდ როგორც სხვა ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ დიდი ადამიანის წარმოდგენა, მხოლოდ ბუნდოვნად შეუძლია, მას ეშინია მისი, კეთილდღეობის მისაღებად ლოცულობს მისთვის, ცდილობს შესაწირით ან შეზღუდვებით მოისყიდოს ის, ცდილობს იმ წესებს დაემორჩილოს, რომელიც მას ჰგონია, რომ ამ უზენაესმა კაცმა დააწესა, და ბოლოს, თაყვანს სცემს მას.

ზუსტად ასევე, სულების და სულიერი არსებების უხილავი სამყარო ჩვენთვის ისეთივეა, როგორიც ჩვენი სამყაროა ზღვის თევზებისთვის. თევზს წარმოდგენაც კი არ აქვს იმ სამყაროზე, რომელიც მისი წყალქვეშა სამყაროს თავზეა. მაგრამ როდესაც ჩვენ, მცხოვრებნი მიწის და ჰაერის სამყაროში, ინტელექტის დონეს მაღლა ვწევთ, შეგვიძლია სიღრმისეულად შევისწავლოთ და შევიმეცნოთ თევზი, მაგრამ ამავდროულად, არ შეგვეძლოს მის სამყაროში ცხოვრება.

ფიქრობდნენ რა, რომ ადამიანის ცნობიერების დონეზე მაღლა კიდევ იყო უმაღლესი დონეები, ისევე როგორც ქვედა დონეები, კაჰუნებმა მწირი ყურადღება დაუთმეს სხვა დონეებს გარდა იმ დონისა, რომელიც ადამიანის ცნობიერთან ყველაზე ახლოს, ერთი საფეხურით მაღლა იდგა. ამ დონეზე არსებობდა ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია გონების ზეცნობიერი ნაწილი დავარქვათ. ისინი მას სხვადასხვა სახელს ეძახდნენ, რომელთაგან მათი ფავორიტი “აუმაკუა” იყო. ის ითარგმნება როგორც “უფრო ძველი, მშობლიური, უაღრესად სანდო სული.” ვინაიდან მშობლის სტატუსისთვის ორი ქმნილებაა საჭირო, ისინი თვლიდნენ, რომ აუმაკუა იყო სული, რომელიც მდედრობითი და მამრობითი წყვილისგან შედგებოდა. ყოველი ლოცვა და რიტუალი სწორედ ამ დუალური სულის მიმართ იყო მიძღვნილი, მაგრამ ვინაიდან ის ისევე ითვლებოდა ჩვენს ნაწილად, როგორც ქვეცნობიერი და ცნობიერი ითვლება თანამედროვე აზროვნებაში, მშობლიურ სულს თაყვანს არ სცემდნენ - ის უყვარდათ. მას არ სწირავდნენ მსხვერპლს. არ სთავაზობდნენ ქრთამს. ის არ ბატონობდა ქვედა დონის მე-ებზე. ეს იყო ორმხრივი კავშირი სიყვარულისა და ნდობის - მშობლის და შვილის კავშირი.

ლოგიკურია, რომ კაჰუნების სწავლების მიხედვით, თუ საჭირო იყო უფრო მაღალი არსებებისთვის ლოცვა, მშობლიურ სულს ეცოდინებოდა როდის იქნებოდა ეს საჭირო და როგორი ფორმით, და ის ჩვენს მაგივრად გააკეთებდა ამას, რადგან ჩვენ ამას ვერ შევძლებდით ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების დაბალი დონის გამო.

ამ საერთო მოსაზრების გამოისობით, კაჰუნები იყვნენ ძალიან მარტივები და განსაცვიფრებელ დონეზე თავისუფლები ადამიანის მიერ შექმნილი დოგმებისაგან. ისინი ყოველთვის პირდაპირები იყვნენ. მათ ეს შეეძლოთ, რადგან ჰქონდათ სისტემა, რომელიც ნამდვილად მ უ შ ა ო ბ დ ა. მუშა სისტემა კი ცოტა ადგილს ტოვებს ბუნდოვანებისთვის და დოგმატური სპეკულაციებისთვის.

პრაქტიკული სისტემა, რომლის გამოყენებითაც მაგია სრულდებოდა, კაჰუნებისთვის არ ტოვებდა ფილოსოფიური ბუნების შეუვსებელ საჭიროებებს. შესაბამისად მათ არ ჰყავდათ მხსნელები, არ ჭირდებოდათ ხსნა, სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არც ისეთი რელიგია, რომლის წიგნები იწყებოდა სიტყვებით, “ასე თქვა ღმერთმა...” მეტიც, მათ საერთოდ არ ჰქონდათ წიგნები. მათი ენა არ იწერებოდა თანამედროვე ეპოქამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ჩვენთაგანს თუ მოუნდება ცეცხლზე-სიარული, ამ უძველესს რიტუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის იმ ფაქტის ნათელი დემონსტრაცია, რომ არსებობს მაგიური ძალა, რომლის გამოყენებაც ნამდვილად შესაძლებელია, თუ ჩვენ გვეცოდინება სწორი მეთოდები.

უმეტესი ჩვენგანი სხვადასხვა სახის კეთილდღეობის მისაღებად ლოცულობს. “საიდუმლო” სიბრძნე კი განსაზღვრულ და მყისიერ შედეგს იძლევა, იმაზე უფრო აღმატებულს, ვიდრე ჩვენ ვღებულობთ. ჩვენ არ შეგვიძლია ცეცხლ-გამძლეობისთვის ვილოცოთ და მივიღოთ ის. საჭიროა კი ამაზე მეტის თქმა ჩვენთვის უძველესი სიბრძნის შესწავლის მნიშვნელობის შესახებ?

როგორც გახსოვთ დოქტორმა ბრიგჰემმა გააანალიზა მაგიის საბაზისო ბუნება სანამ მას შეიმეცნებდა. მან მითხრა, რომ თვალყური მედევნებინა (1) ცნობიერის იმ ფორმაზე, რომელიც (2) ძალის რაღაც ფორმას იყენებდა, და (3) შეეძლო ამ ძალით მანიპულირება უხილავი სახის ფიზიკური მატერიის მეშვეობით.

აუმაკუა, ან გონების სუპერცნობიერი ნაწილი, ცნობიერების ის დონეა, რომელიც ცეცხლ-გამძლეობის მინიჭებასთანაა კავშირში. ძალას, რომელსაც ის ამ დროს იყენებს, კაჰუნები მანას უწოდებენ, ჩვენ კი მას ‘მთავარი ძალის’ სახელით ვიცნობთ. ის ელექტრული ბუნებისაა და გააჩნია ძლიერი მაგნიტური მახასიათებლები. უხილავ ნივთიერებას, რომლის მეშვეობითაც მთავარი ძალა მოქმედებს, აკა ეწოდება - “რაღაც ჩრდილოვანი სხეულის მსგავსი” (“shadowy body stuff”).

რადგანაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს რაღაც მთავარი ძალა, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჰუნა (“საიდუმლო”) იმ მახასიათებლების მიხედვით, რაც ჩვენ მისი გამოყენების და ბუნებრივი ძალის შესახებ ვიცით, და შემდეგ გავაგრძელო იმით, რაც უკეთ იციან და რასაც უკეთ ხსნიან კაჰუნები.

ჩვენ დავინახავთ, რომ კაჰუნების ახსნა-განმარტებები იმ უამრავ რამეს ფარავს, რაც ფსიქიკური კვლევის სფეროში ჯერ კიდევ ამოუხსნელია.

სამი ელემენტი, ცნობიერება, ძალა და უხილავი მატერია, იმ სამ საზომს გვაძლევს, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია ნებისმიერი მაგიის გაზომვა. დააკვირდით რამდენად ხშირად იქნებიან ისინი გამოყენებული მაგიაში, როდესაც უფრო უკეთ გავშლით მას.

ქეისი 7

(შერეული)

სამი უხილავი რამ მაგიის უკან

ზოგადი მიმოხილვა:

იმისათვის, რომ უკეთ დაინახოთ განსახილველი თემების სურათი, მე მაგალითად მოვიყვან ფსიქიკური ფენომენის რამდენიმე ცნობილ ტიპს. დავიწყოთ მაგიდაზე კაკუნით.

როდესაც ჩვენ ხელებს მაგიდაზე ვაწყობთ და ვაკაკუნებთ, ეს ძაღლის კუდის ქიცინს ჰგავს. როდესაც ჩვენ ხელებს მაგიდაზე ვაწყობთ და რაღაც უხილავი არსება აკაკუნებს, ან როდესაც მაგიდა, რომელზეც ხელები გვიწყვია, ჰაერში იწევა და ლევიტაციას იწყებს, ეს უკვე ისეა თითქოს კუდი აქიცინებს ძაღლს. თუმცა, როდესაც მაგიდა ან სხვა საგნები თავისით იწყებენ მოძრაობას იმ დროს, როდესაც ხელები ახლოსაც კი არ არიან, უბრალო შედარებებს ვეღარ გამოვიყენებთ, რადგან პირისპირ ვდგავართ ცნობიერების ერთ ან მეორე ფორმასთან, რომელიც მონაწილეობს მაგიაში.

ცნობიერების ამ ორი ფორმიდან პირველი არის ჩვეულებრივი “მოჩვენება.” თუ ის გამოსცემს ხმებს და ბავშვივით უაზროდ აქეთ-იქით ისვრის საგნებს, მაშინ საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელსაც გერმანელებმა ‘პოლტერგეისტი’ ანუ “ხმაურიანი მოჩვენება” უწოდეს. მაგრამ თუ საგნების მოძრაობა ზრდასრული მოჩვენების გააზრებულ ქმედებას ჰგავს, მაშინ ეს ნორმალური ფსიქიკური ფენომენია.

ცნობიერების ეს მეორე ფორმა, სუპერ-ცნობიერის ტიპის არსებაა. მისი ქმედების მახასიათებლებია ობიექტების გადაადგილებამდე მათი გაქრობა და გამოჩენა კილომეტრების მოშორებით. მოძრაობის ამ ფორმაზე ოდნავ მოგვიანებით გვექნება საუბარი. ახლა კი ჩვენ გვაინტერესებს ის ძ ა ლ ა, რომელიც ასეთი გადაადგილებისთვის გამოიყენება.

ქეისები:

ქეისები, რომლებსაც მე ჩემს მოხსენებაში აღვწერ, თუ ხაზგასმული არ იქნება, რომ სხვა წყაროებიდან მაქვს ამოღებული, გადმოწერილი იქნება “ფსიქიკური მეცნიერების ენციკლოპედიიდან”, რომელიც არის დოქტორი ნანდორ ფოდორის მასიური საავტორო წიგნი. მან და მისმა თანამშრომლებმა შეაგროვეს და გადაამუშავეს ყველა ხელმისაწვდომი მოხსენება და ანგარიში, რაც ფსიქიკურ ფენომენს უკავშირდება ასი წლის მანძილზე 1933 წლამდე. მოსაზრებების და ჰიპოთეზების მისეული შეფასება გახლავთ როგორც საღი, ასევე ბრძნული. ამ თემასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკებში არ მოიძებნება უფრო უკეთესი წყარო-წიგნი.

(ა) გამოჩენილი ფსიქიკური მკვლევარი, გამბიერ ბოლტონი, თავის წიგნში, “ფსიქიკური ძალა”, წერს:

“მისის ელჯი ქორნერთან (იგივე ფლორენს ქუქი, საქვეყნოდ ცნობილი მედიუმი, რომელსაც ხშირად იკვლევდნენ. ყოველი სადილობისას, თავისივე სახლში (როდესაც ის თავად ჭამდა და სვამდა - ორივე ხელი მთელი დრო მკაფიოდ უჩანდა), მძიმე სასადილო მაგიდა თავიდან ზანზარებდა, რაც ყველა ჭიქის, თეფშის, დანა-ჩანგლის და კოვზის რხევას იწვევდა, და შემდეგ აქეთ-იქით ქანაობას იწყებდა ისე, რომ ზოგჯერ ცალი მხარე ჰაერშიც კი იწეოდა; თან მთელი ამ დროის მანძილზე კაკუნი და ბრახუნი ისმოდა მაგიდიდან და ოთახის სხვა ნაწილებიდან. მასთან ერთად რესტორანში სადილი უკვე სერიოზული ამბავი იყო.”

(ბ) სერ უილიამ ქრუქსი, თავის კვლევებში წერს: “შემთხვევები, როდესაც მძიმე საგნები, როგორებიცაა მაგიდები, სკამები, დივნები და ა.შ. მოძრაობას იწყებენ მაშინ, როდესაც მედიუმი მათ არ ეხება, ძალიან ბევრია. მე მოკლედ აღვწერ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას. ჩემი საკუთარი სკამი თითქმის წრიულად დატრიალდა, მაშინ როდესაც ფეხები მიწაზე არ მედო. ყველა თვითმხილველმა დაინახა თუ როგორ გადაადგილდა სკამი შორეული კუთხიდან მაგიდამდე; სხვა შემთხვევაში სავარძელი ამოძრავდა იქ, სადაც ჩვენ ვისხედით, და შემდეგ ნელ-ნელა ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა (დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში) ჩემს მოთხოვნაზე. ზედიზედ სამი საღამოს განმავლობაში, პატარა მაგიდამ ნელა იმოძრავა მთელი ოთახის გარშემო, ჩემი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც წინასწარ დავგეგმე, რომ გამორიცხულიყო სამხილების უგულებელყოფა.

(გ) ცეზარ ლომბროზო, გამოჩენილი იტალიელი ფსიქიატრი და კრიმინალური ანთროპოლოგი აღწერს მის დაკვირვებას ლა სტამპას (ტურინი) ღვინის მარანში, სადაც, როდესაც გარშემო არავინ იმყოფებოდა, ღვინის ბოთლები ხშირად ტყდებოდა. იგი წერს:

“მე შევედი მარანში, თავდაპირველად სრულ სიბნელეში, და გავიგონე შუშის ნამსხვრევების და ბოთლების გორაობის ხმა ჩემს ფეხებთან. ბოთლები განყოფილებებში ექვს რიგად იყო დალაგებული, ერთმანეთის თავზე. შუაში მძიმე მაგიდა იდგა, რომელზეც მე ექვსი ანთებული სანთელი დავდგი, ჩავთვალე რა, რომ სულები სინათლეში გაქრებოდნენ. მაგრამ პირიქით, მე დავინახე სამმა მიწაზე დადებულმა ბოთლმა, როგორ დაიწყო ბზრიალი, თითქოს თითით დაატრიალეს, და მაგიდასთან გატყდნენ. რაიმე ხრიკი რომ გამომერიცხა, მე შევეხე და სანთლის შუქზე, ფრთხილად გამოვიკვლიე ყველა სავსე ბოთლი, რომელიც თაროებზე იდო, და დავრწმუნდი, რომ იქ არ იყო ძაფები ან მავთულები, რითიც შეიძლებოდა ამ მოძრაობების ახსნა. რამდენიმე წუთში, ჯერ ორი, შემდეგ ოთხი, შემდეგ კიდევ ორი ბოთლი, მეორე და მესამე თაროზე, გამოიწია და ძირს გადმოვარდა, არა შემთხვევით, არამედ თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა ეს; და მათი გადმოვარდნის, უფრო სწორედ დაშვების შემდეგ, ექვსი მათგანი ღვინით გაჯერებულ სველ იატაკზე გატყდა; მხოლოდ ორი გადარჩა მთელი. შემდეგ, როდესაც მარანს ვტოვებდი, ზუსტად გასვლის წინ, კიდევ გავიგონე ბოთლის გატეხვის ხმა.”

კომენტარი:

ზემოთ მოყვანილი მაგალითების კომენტარი, ისევე როგორც იმ მაგალითების, რომელსაც მოგვიანებით დავწერ, სამ ნაწილად გაიყოფა. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის თანამედროვე სამყაროში ასეთ ისტორიებთან დაკავშირებით ცნობილი. შემდეგ, ჩვენ უნდა განვიხილოთ თუ რას შემატებს ამ ინფორმაციას კაჰუნების სიბრძნე. და ბოლოს, უნდა ავწონ-დავწონოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამხილი (დამღლელი ექსპერიმენტული სამუშაოს წინ) და დავიწყოთ გამოცნობა - გავაკეთოთ სპეკულირება.

ვინაიდან შეფასება კონკრეტულად სამ ნაწილად არ გაიყოფა, მკითხველი კარგს იზამს თუ დაიმახსოვრებს, რომ არსებობს მიდგომის ეს სამი, ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდი, იმ განსაცვიფრებელ პრობლემებთან, რომლების წინაშეც ჩვენ ვდგავართ.

რადგანაც ვერაფერს ვისწავლით მათგან და ვერაფერს მოგვცემენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ უარყოფს მთელ იმ ფენომენს, რომელსაც ეს კვლევა ეძღვნება, ამიტომ კამათზე დროს არ დავკარგავთ მანამ, სანამ რაიმე ხელშესახებ ან მნიშვნელოვან არგუმენტს არ წავაწყდებით.

უხილავი ძალების მიერ მაგიდაზე კაკუნის და საგნების გადაადგილების თანამედროვე ახსნა-განმარტება იმ კლასიკურ ახსნაზე წინ არ მიდის, ვიდრე ამ ფენომენის გარდაცვლილ, ან სხვა სულებზე მიწერაა.

კაჰუნები გულითადად ადასტურებენ, რომ სულები არიან ამაზე პასუხისმგებელნი, მაგრამ დამატებით, ამ სულების ბუნებაზე და კლასიფიკაციაზეც იძლევიან ინფორმაციას.

ბევრმა გაწია ძალისხმევა, რომ სულების ჰიპოთეზის გვერდის ავლით აეხსნა ეს მისტიური მოვლენები. მათი ძალისხმევა გათვალისწინებული იქნება იმიტომ, რომ წარმოადგენს ალტერნატივას, რომელიც შეიძლება მივიღოთ, თუ სულების იდეას უარვყოფთ.

დოქტორი ნანდორ ფოდორი, თავის “ფსიქიკური მეცნიერების ენციკლოპედიაში”, წერს: “მოტორული იმპულსის ექსტერიერიზაცია შეიმუშავეს მორსელიმ, ფლორნოიმ, გელეიმ და ქერინგტონმა, ეუსაპია პალადინოს (შესანიშნავი მედიუმი) მაგალითზე.

ფიქრობენ, რომ ეს “მოტორული იმპულსი” ელექტროობის და მთავარი ძალის ან ნერვული ენერგიის ნაზავია. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ძალას, რაც არ უნდა იყოს ის, შეუძლია დატოვოს სხეული და იმ საგანში შევიდეს, რომელსაც მოძრაობა შეუძლია. (ეს ფარავს კაჰუნების საზომი ჯოხის პირველ ერთეულს - ძალა, რომელიც გამოიყენება. მეორე ერთეული არის ინტელექტი, რომელიც ჩართულია ამ ძალის გამოყენებით საგნების გადაადგილებაში, და მესამე არის უხილავი ნივთიერება, რომელიც როგორც ხელი ისე გამოიყენება, რათა ძალამ შეძლოს საგნებზე ზემოქმედება.)

ინტელექტს, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა საგნების გადაადგილებაზე შესაძლებლობა აქვს გამოიწვიოს ეს მოტორული იმპულსი, ან ადამიანის სხეულიდან გამოსული ძალა და განახორციელოს მოძრაობა. ინტელექტი ასევე დაჯილდოებულია უნარით, რომ გამოყოს უხილავი (ზოგჯერ ცოტათი ხილული და ცოტათი ხელშესახები) ნივთიერება მედიუმის ტიპის ცოცხალი სხეულისგან (ან სეანსის დამსწრეთაგან) და მისგან გააკეთოს ხელი ან სხვა კიდური, რომლითაც ძალას გამოიყენებს. ამ ნივთიერებას “ექტოპლაზმა” ეწოდება. განსხვავებული თეორია განმარტავს, რომ ინტელექტი მედიუმის გონების ქვეცნობიერი ნაწილია და რომ მას, გარკვეულ მისტიურ პირობებში, შეუძლია მოტორული იმპულსის სხეულიდან გამოტანა ექტოპლაზმურ ნივთიერებასთან ერთად, და მათი მეშვეობით საგნების გადაადგილება. ამ ქმედებას იმიტომ აწერენ ქვეცნობიერს, რომ თუ ამას ცნობიერი აკეთებს, მაშინ მედიუმი ამ ქმედებას გააცნობიერებდა და მის გაკონტროლებას შეძლებდა.

იმ უზარმაზარ ლიტერატურაში, რომელიც გასულ საუკუნეში ფსიქიკური ფენომენის და სპირიტუალიზმის გარშემო გაიზარდა, შეგვიძლია ვიპოვოთ დაფანტული თეორიები იმის შესახებ, რომ ობიექტებზე მოქმედ მოტორულ ძალას მაგნეტიზმის თვისებები აქვს. ეს ყველაზე ამაღელვებელი და საიმედო მოსაზრებაა, იგი მოიცავს ჯერ კიდევ გამოუკვლეველ ტერიტორიას, რომელიც რეკომენდირებულია მკითხველისთვის, რადგან მშვენიერი ადგილია მაგიის ზოგადი კვლევის წინ წასაწევად.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გრავიტაცია კავშირშია მაგნეტიზმთან, ხოლო მაგნეტიზმი მდებარეობს იქ, სადაც ელექტრული ბუნების წყაროა. უნდა არსებობდეს რაღაც გამწევ-გამომწევი ბუნება, რომელიც მაგიდების და სხვა საგნების მოძრაობაშია ჩართული.

კაჰუნები ცნობდნენ მთავარი ან მოტორული ძალის მაგნიტურ და მის საწინააღმდეგო ბუნებას, მაგრამ, საუბედუროდ, მათ არ დატოვეს არანაირი დეტალური ახსნა ამ თემის შესახებ. მათთვის ‘ძალა’ იყო რაღაც, რასაც კავშირი ჰქონდა ფიქრის ყველა პროცესთან და სხეულის აქტივობასთან. წყალს შეუძლია რაღაცების შევსება. ასევე შეუძლია მთავარ ძალასაც. წყალი შეიძლება გაიჟონოს - ასევეა მთავარი ძალაც.

დოქტორმა ბრიგჰემმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო კაჰუნების იმ ძველი პრაქტიკის შესწავლას, რაც მოიცავს ხის მძიმე ჯოხების დაჭერას და, გონების ძალისხმევით, სხეულის ენერგიის ჯოხში გადატანას და მის ძლიერად დატენვას.

ადრე ასეთ ჯოხებს ომებში იყენებდნენ, კაჰუნები უკანა ხაზზე დგებოდნენ, დიდ ჯოხებს ტენიდნენ, და შემდეგ მათ მტრებს ესროდნენ. ჯოხთან შეხებისას ყველაზე ძლიერი მეომრებიც კი კარგავდნენ გონებას.

დოქტორმა ბრიგჰემმა გამოსცადა ასეთი ჯოხების ძალა და აღმოაჩინა, რომ მათ შეუძლიათ სპეციფიკური ელექტრო შოკის დარტყმა. შოკი თიშავდა იმ კიდურს, რომელსაც ეხებოდა და თავბრუსხვევას იწვევდა. ასეთი ცოდნა და პრაქტიკა ამერიკელ ინდიელებშიც არსებობდა. (ისინი ცეცხლსაც იმორჩილებდნენ და რაღაც ნაწილი ამას დღესაც აკეთებს). სამთავრობო არქივის ადრეულ მოხსენებაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთმა მედიკოსმა გამოიყენა მისი მაგიური ძალა, მკერდზე საჩვენებელი თითით შეეხო საკმაოდ ძლიერ კაცს და უგონოდ დააგდო იგი მიწაზე.

რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევებში არ უნდა გამოგვრჩეს ჰიპნოტური იმპულსის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ როგორც ჩანს მთავარი ძალის გადამეტებულ გამოყენებას ახასიათებს ძალიან კონკრეტული, შოკისმომგვრელი ძალა. ამ დროს, გონებისა და სურვილის როლი, ჯოხის სროლის ან თითის შემთხვევაში, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია.

უ. რ. სტიუარტს, ბერბერ კაჰუნასთან ვარჯიშისას უთხრეს, რომ შესაძლებელია მთავარი ძალის ხეში, ქვაში, წყალში და ადამიანის სხეულში, ასევე “მოჩვენების” უხილავ სხეულში განთავსება. ამ ძალას შეუძლია სწრაფად გაფართოვდეს და შესაბამისად ძალიან მძიმე ნივთები აამოძრაოს.

ძალის და ინტელექტის, ან ქვე-ადამიანური, ან ზე-ადამიანური დონის სულის მაგნიტური ბუნების დემონსტრაცია ლუკჩიმ სტიუარტისთვის მოახდინა ღამით, ფერდობზე, სადაც დიდი გამოქვაბული ხის კარებით იყო დაფარული, რაც სარდაფის კარებს ჰგავდა. ეს კარები გამოაღეს და ნიადაგზე ამოკვეთილი კიბეებით დაეშვნენ დაღმა. ამ სარდაფისებრი გამოქვაბულის ბოლოს მოჩანდა დიდი ქვა. ჩირაღდნის შუქზე დაკლეს ქათამი და მისი სისხლი ქვაზე მოასხეს. ვედრება აღსრულდა იმ სულის მიმართ, რომელიც იმ დროს იმ ქვებში უნდა ყოფილიყო. შემდეგ ქათამი ქვის წინ დააგდეს, მაგრამ ის მალევე აიწია ჰაერში და ქვას მიეკრო. ცოტა ხანში სტიუარტმა, რომელმაც ჩირაღდანი ქვასთან ახლოს მიიტანა, რათა უკეთ დაენახა მოვლენა, მძლავრი მიზიდულობა იგრძნო და კინაღამ ისიც ქვას მიენარცხა. ის ლუკჩიმ დაიჭირა და მათ სწრაფად დატოვეს იქაურობა.

სტიუარტმა ვერ შეიტყო, თუ რა ინტელექტის გამოღვიძება მოხდა, ან რაში იყო საჭირო ასეთი მაგიური პრაქტიკების ყოველდღიური გამოყენება. მისი აზრით, სული რომელმაც კლდესთან თავი გამოამჟღავნა, “ბუნების სული” უნდა ყოფილიყო და მას კავშირი უნდა ჰქონოდა ნიადაგთან ან საძოვართან ან ამინდთან - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბერბერებისთვის და მათი ცხოველთა ფარებისთვის. მისი კერძო მოსაზრებით, ეს სული და მისი ძალები ნებისმიერი ადამიანისთვის, თუ ის გამოცდილი კაჰუნა არ იყო, მტრული და სავარაუდოდ საშიში გახლდათ. ლუკჩიმ მას უთხრა, რომ ასეთ სულებთან დაკავშირებული რიტუალების დროს, საჭირო იყო წესების მკაცრი დაცვა და რომ ნებისმიერ შეცდომას შეეძლო სერიოზული პრობლემების შექმნა. სტიუარტმა რიტუალისას შეცდომა დაუშვა, როდესაც უდროო დროს, ახლოს მივიდა ქვასთან. მას უთხრეს, რომ მოშორებით უნდა მდგარიყო მანამ, სანამ სული ქათმის მთელ სასიცოცხლო ძალას არ შეისრუტავდა - ეს უკანასკნელი მას იმ ვედრებისას წარმოთქმული მოთხოვნების შესასრულებლად სჭირდებოდა, რის შემდეგაც ფრინველის სხეული ჩამოვარდებოდა. სტიუარტი ამას აკავშირებდა ‘ჯინთან’ ან არაბული ფოლკლორის ‘ბუნების დემონებთან.’

თუ დამტკიცდება, რომ უხილავი ძალების მიერ, ობიექტების ზოგიერთი ტიპის მოძრაობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ელექტრული მთავარი ძალის მაგნიტურ მიზიდულობა-განზიდულობასთან, ჩვენ მივიღებთ პირველი ხარისხის აღმოჩენას. დასკვნა ორნაწილად შეიძლება გაიყოს, (1) რომ ძალას სულების, ცოცხალი ადამიანის ქვეცნობიერი გონების, ან სხვა ინტელექტის დირექტივის გარეშე შეუძლია აქა-იქ ობიექტების მიზიდვა ან განზიდვა; (2) რომ ძალას შეუძლია იმოქმედოს იმ ხილული თუ უხილავი ნივთიერების გარეშე, რომელიც როგორც ხელი ისე ფუნქციონირებს, ან უხილავი ექტოპლაზმური ნივთიერების გამოყენების გარეშე - მაგრამ, რაღაც ეთერული მატერიის წყალობით, რისი მეშვეობითაც ტალღისებურად მოძრაობს. (ეთერის თეორია ჯერ კიდევ საკამათოა. შეიძლება დღეს მეცნიერებამ მოგვცეს ეთერი, რომ აავსოს ცარიელი კოსმოსი და აურიოს სავსე კოსმოსში, ხვალ კი ისევ წაგვართვას ის.)

მაგნიტებს შეუძლიათ რკინის საგნები მიიზიდონ, ან მათ მიეკრან. თუ მაგნიტს დავდებთ კენჭზე, წყლიან კასრში, და ახლოს, მეორე კენჭზე დავდებთ ნემსს, მაგნიტური ძალა ორივე კენჭს ერთმანეთისკენ მიზიდავს. სხვა სიტყვებით, ერთი კენჭი არ დარჩება უძრავი და მეორე მოძრავი.

ცხოველური მაგნეტიზმი ან მთავარი ძალა, იმითაა საოცარი, რომ ის ახორციელებს მხოლოდ ნემსის მოძრაობას, მაგრამ არა მაგნიტის დამაბალანსებელ მოძრაობას, ასე რომ ვთქვათ. ბატონი არტურ სპრეი, მეწაღე ლონდონიდან, ჩემი მეგობრის კარგი ნაცნობი და ძლიერი ჰიპნოზისტია. მის წიგნში, “იდუმალი მეწაღე”, ის მოგვითხრობს ყველაზე დამაინტრიგებელ - და სრულიად აუხსნელ - ფენომენს, რომელიც მას ხშირად უნახავს მისი ჰიპნოზური სეანსებისას.

მან ერთხელ ამ ფენომენის დემონსტრირება გაზეთების კორესპონდენტების თვალწინ მოახდინა. მან ამოირჩია ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარგი სუბიექტი იყო, მან დააწვინა იგი იატაკის სიგრძეზე და შემდეგ იგი შეიყვანა ღრმა ჰიპნოზური ძილის მდგომარეობაში, რა დროსაც მისი სხეული გახდა ხისტი. შემდეგ, სუბიექტის ფეხებთან მდგომარემ, თვალების გახელა უბრძანა მას. როდესაც მან თვალები გაახილა და მას შეხედა, მეწაღემ მარჯვენა ხელით მისი მოხმობა დაიწყო. ნელ-ნელა სუბიექტის თავი და მხრები თავისით აიწია ჰაერში, ქუსლები კი იატაკზე დარჩა. სხეულმა იქამდე განაგრძნო მოძრაობა, სანამ მართი კუთხით არ გასწორდა ხალიჩიდან დაახლოებით ერთ მეტრზე. ის რამდენიმე წამით იყო ასე, შემდეგ მეწაღემ, ხელის უკუმოძრაობით, ისევ იატაკზე დააბრუნა ის.

ამ ექსპერიმენტის დროს, სპრეის არც ხელში და არც სხეულში არ უგრძვნია სუბიექტის მიმართ მიზიდულობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცი სამოც კილოგრამზე მეტს იწონიდა, სპრეის მცირე ძალისხმევაც კი არ დასჭირვებია მის ასაწევად.

ეს ექსპერიმენტი სხვა ჰიპნოტისტებმაც გაიმეორეს, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ადამიანის მაგნეტიზმში, ცალმხრივი მიზიდულობის ბუნების სამხილი. (რაც სავარაუდოდ არის ელექტრო-ვიტალური ძალის მუხტების აკუმულაციის შედეგი - ეს მუხტები ფიზიკური აქტივობის შედეგად გროვდება და სურვილისამებრ იწყებენ მოძრაობას.)

ბარონმა იუჯინ ფერსენმა ასეთი ცალმხრივი მაგნიტური მიზიდულობის დემონსტრირება, რამდენიმე წლის წინ, ჰონოლულუში მოახდინა, მოწაფეთა დიდი ჯგუფის თვალწინ. მას სწამდა, რომ გონებრივი ბრძანების მეშვეობით ატმოსფეროდან ელექტრული ძალის მიღება შეეძლო. ეჭვგარეშეა, რომ ის ნამდვილად იღებდა ელექტრულ ძალას რაღაც წყაროდან და მისი მოწაფეებიც ბეჯითად სწავლობდნენ ამ პროცესის ოსტატობას. მისი დავალებით, ერთი მოსწავლე თავის თავს აძლევდა გონებრივ ბრძანებას, რომ დაეგროვებინა დამატებითი ძალა. როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ეს ძალა დაგროვებულია (ის სავარაუდოდ სხეულში საჭმლის დამჟავებით წარმოიქმნებოდა), დამუხტული მოწაფე დაუმუხტავ მოწაფეს მხრებზე ადებდა ხელებს, შემდეგ ნელ-ნელა მოაცილებდა ხელებს. თუ დაგროვებული ძალა საკმარისი იყო, დაუმუხტავი მოწაფე ძლიერად მიიზიდებოდა ხელებისკენ, მათი მოცილების შემდეგ. თუმცა, დამუხტული მოწაფის ხელები მიზიდულობას ვერ გრძნობდნენ.

ერთხელ მეც ვნახე ბარონ ფერსენი, მაგნეტიზმის ასეთი ფორმის დემონსტრაციისას. მან ხელები დაადო მსუბუქ, დასაკეც სკამს, რომელიც სხვა ასეთ სკამებთან ერთდ კედელთან იყო მიბჯენილი. მან ისურვა, რომ მაგნეტიზმი მისი სხეულიდან სკამში შესულიყო. მან შემდეგ მოუხმო მგრძნობიარე ახალგაზრდა ქალს გვერდითა ოთახიდან და სთხოვა სკამების რიგირს წინ ჩაეარა. იგი ასეც მოიქცა, და როდესაც დამუხტულ სკამს გაუსწორდა, თითქოს ძალით დასვეს ამ სკამზე. ახალგაზრდა ქალბატონი სკამზე ათჯერ მეტს იწონიდა, და ლოგიკურად სკამი უნდა აწეულიყო და მის სხეულს მიკვროდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. თითქოს ასეთი წესია, რომ ობიექტი - სულ ერთია რამხელაა და რას იწონის - რომელიც უფრო მეტადაა დამუხტული მთავარ-მაგნიტური ძალით, მისკენ იზიდავს ნაკლებად დამუხტულ ობიექტს, და არ გრძნობს უკურეაქციულ მიზიდულობას ამ უკანასკნელისადმი.

ამ მაგნიტურ ძალას შეუძლია იმოქმედოს რამდენიმე მეტრის რადიუსში და ისეთი დაბრკოლებების მიღმა, როგორიცაა ცემენტის კედელი. ბარონი ფერსენი, თვითდამუხტვის შემდეგ, ოცდახუთი სანტიმეტრის სისქის კედლის ერთ მხარეს დადგა, მისი სტუდენტები კი ისეთ ადგილზე იდგნენ, რომ კედლის ორივე მხარე ჩანდა. კედლის მეორე მხარეს, კედლიდან ოთხმოცდაათი სანტიმეტრის მოშორებით, ზურგით დააყენეს ახალგაზრდა გოგონა (რომელიც მაგნიტური მიზიდულობის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე აღმოჩნდა), მის გვერდიგვერდ დადგა ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ხელებით უნდა დაეჭირათ ის, რომ არ დაჯახებოდა კედელს იმ შემთხვევაში, თუ ბარონი ფერსენი მას ზედმეტად ძლიერად მიიზიდავდა. ფერსენმა ასწია ხელები და გაშალა გოგონას მიმართულებით კედლის მეორე მხრიდან. უცებ გოგონა ისე მძლავრად გაიწია კედლისკენ, რომ ახალგაზრდებმა ძლივს შეძლეს მისი დაჭრა, რომ კედელს არ შეხებოდა. ფერსენი კი ძალიან მტკიცედ, შეერთებული ქუსლებით იდგა მიწაზე, მას არც უგრძვნია მიზიდვა და ოდნავადაც კი არ გადახრილა გოგონას მიმართულებით.

კლასში განხილულ იქნა დემონსტრაციისას ჰიპნოზური იმპულსის გამოყენების ალბათობაც, და იმისათვის, რომ მაგნიტური მიზიდულობისას ეს იმპულსი გამოერიცხათ, ორმა ჩვენგანმა იგივე ექსპერიმენტი პატარა ბულტერიერზე ჩაატარა. ცნობილია, რომ ძაღლები არ ჰიპნოზდებიან. ჩვენ გავაკეთეთ ძალის დაგროვების მოძრაობები, შემდეგ დამუხტული ხელები საჯდომზე დავადეთ ძაღლს, რომელიც ჩვენს წინ დააყენეს. ორივემ, მეც და ძაღლის პატრონმაც წარმატებით შევძელით ისეთი მიზიდულობის გამოწვევა, რომ ძაღლი რამდენიმე სანტიმეტრით უკან ჩამოიწია, მიუხედავათ იმისა, რომ ის კლანჭებით ხალიჩას ეჭიდებოდა წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ კი ვერანაირი მიზიდულობა ვერ ვიგრძენით ძაღლის მხარეს.

დოქტორმა რაინმა, დიუკის უნივერსიტეტიდან, ცნობილმა მისი ექსტრასენსორული აღქმით, გამოაქვეყნა ბრწყინვალე სამხილი იმის დასადასტურებლად, რომ გონებას, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, შეუძლია გავლენა იქონიოს მატერიაზე. მის ერთ-ერთ ექსპერიმენტში იყენებენ კამათლის გამგორებელ მოწყობილობას. როდესაც კამათელი გორდება, ექსპერიმენტატორი ‘სთხოვს’ კამათელს, რომ კონკრეტული ციფრები აჩვენოს. შედეგად, ძალიან მკაფიო ეფექტი შეინიშნება სურვილის გამოყენებასთან დაკავშირებით.

რაც უფრო მეტად განვიხილავთ გონების უცნაურ ქმედებას იმის მიმართებაში, რაც უდაოდ მთავარი ძალა უნდა იყოს, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით მაგიის სხვადასხვა ფაზების არსებობაში. მიუხედავათ მეცნიერების საამაყო მიღწევებისა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ ძალზე უმეცრები ვართ, როდესაც საქმე ეხება გონების საიდუმლოებებს, მთავარ ძალებს და უხილავ ნივთიერებებს.

საუკუნეების წინ არსებობდა ლეგენდები ჰაერში მფრინავ ადამიანებზე. გრძნეულები შეხვედრის ადგილებზე მაგიურად უნდა გადაადგილებულიყვნენ. ბერძენი ღმერთები სურვილის ძალით დაფრინავდნენ ჰაერში. ინდოელ და ტიბეტელ ადეპტებზე ამბობდნენ, რომ შეეძლოთ მიზიდულობის კანონები დაერღვიათ და სხვადასხვა ადგილებზე გაჩენილიყვნენ თვალის დახამხამებაში. ან, ისინი უბრალოდ ერთ ქვეყანაში ქრებოდნენ და მეორეში ჩნდებოდნენ. პოლინეზიური ფოლკლორი სავსეა ასეთი მოგზაურობების ისტორიებით. თანამედროვე ფსიქიკურ კვლევებში უამრავი მაგალითი არსებობს ადამიანების ჰაერში ლევიტაციისა. ცნობილი მედიუმი, დ. დ. ჰოუმი, ჰორიზონტალურად გაფრინდა ერთი ოთახის ფანჯრიდან და მომიჯნავე ოთახიდან დაბრუნდა უკან - ეს მოხდა შენობის მესამე სართულზე.

თუ გონებას შეუძლია მატერიის კონტროლი, ეს კონტროლი სავარაუდოდ მდგომარეობს მთავარი ძალის მიმართვაში, რისი მეშვეობითაც მაგნეტიზმი ან გრავიტაცია ამოქმედებას იწყებს. რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა, სადაც სუნთქვისა და სურვილის კომბინაცია იქნა გამოყენებული გრავიტაციაზე ზეგავლენის მოსახდენად.

დოქტორი ჰ. ქერინგტონი, საერთო ფსიქიკური კვლევების დეკანი, თავის წიგნში, “ფსიქიკური მეცნიერების ისტორია” ყვება აწევის თამაშის ექსპერიმენტის შესახებ, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დგება მეხუთეს გარშემო და ისინი ცდილობენ თითებით ასწიონ ის. თავიდან ხუთივე რამდენჯერმე ჩაისუნთქავს ღრმად, შემდეგ სუნთქვას აჩერებენ და იწყებენ აწევას. აწეული ადამიანი თავს ჩვეულებრივზე მსუბუქად გრძნობს. როდესაც ეს ექსპერიმენტი დიდ სასწორზე ჩაატარეს, ხუთი ადამიანისა და სკამის საერთო წონა 320 კილოგრამი იყო. აწევის მომენტში კი სასწორმა დააფიქსირა 20-25 კილოგრამის წონის კლება, რამდენიმე სხვადასხვა ტესტისას.

ბარონმა შრენკ ნოცინგმა აღწერა შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა კაცი ასრულებდა სუნთქვის სავარჯიშოებს და ოცდაშვიდჯერ შეძლო მიწიდან ჰაერში აწევა.

სურათის მეორე მხარე უფრო ბუნდოვანია, მაგრამ რამდენიმე აღწერს, რომ ინდივიდებმა შეძლეს, სურვილისა და სუნთქვის კონტროლის გამოყენებით, მკაფიოდ გაეზარდათ თავიანთი წონა.

ჰავაიში (ასევე ტიბეტშიც, ერთ-ერთი ახალი წიგნის მიხედვით) გამოყენებულ იქნა სურვილ-სუნთქვის კომბინაცია, მაგიური დამხარების მისაღებად და გრძელ დისტანციებზე სარბენად. არსებობდნენ სპეციალურად გაწრთვნილი შიკრიკები, რომლებიც ზოგჯერ რეისებს აწყობდნენ. მთავართან წერილის მისატანად მათი სისწრაფე და გამძლეობა ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანებისას, ვისაც არ შეეძლო მაგიის გამოყენება.

საჭიროა მთავარი ძალის, მისი უცნაური მიმოქცევის და მაგნიტური ფაზების დეტალური კამოკვლევა. ეს არის სამკურნალო ძალა. უხსოვარი დროიდან არსებობდა ხელების დადებით ავადმყოფების განკურნების პრაქტიკა. ყოველთვის ცხადი იყო, რომ ზოგ ადამიანს მეტი მაკურნებელი ძალა ჰქონდა, ვიდრე სხვებს. მეფეებს უნდა ჰქონოდათ ეს, როგორც ბუნებრივი კანონი.

რელიგიაში, ხელების დადებას თან ახლავს ლოცვა. ბერბერებში, კაჰუნების პრაქტიკისას უ. რ. სტიუარტი აღწერს ტკივილისგან მყისიერი განკურნების შემთხვევებს, როდესაც მისი მასწავლებელი ავადმყოფებს ადებდა ხელებს. მან უთხრა მას, რომ მისი მაგიური ძალა ისეთი ძლიერი იყო, რომ ის მის სხეულს ტოვებდა და ავადმყოფის სხეულში გადადიოდა უბრალო ხელის შეხებით. უფრო სერიოზულ შემთხვევებში იგი ამბობდა, რომ რიტუალურ ლოცვებს იყენებდა და სჭირდებოდა დრო, პაციენტის მოსამზადებლად, ფსიქოლოგიური და რიტუალური განწმენდებისთვის.

ჰავაიში მიღებული იყო მთავარი ძალის ტრანსფერი კაჰუნასგან მის პაციენტში, ან გარდაცვლილ სულებში სპეციალური გამოყენებისთვის.

ბარონმა ფერსენმა მისი ჰონოლულუს გაკვეთილებისას თქვა, რომ გამორჩეულ ეფექტს გრძნობდა, როდესაც ავადმყოფს განსაკურნებლად ადებდა ხელს. ის თითქოს ნეგატიური ძალის უკუგებას გრძნობდა. ამ ნეგატიურ უკუგებას ისეთი ნივთიერებები მოჰქონდა თან, როგორიცაა ალკოჰოლი და ნიკოტინი. ფერსონმა მოყვა, ძალის დაგროვების შემდეგ (ის მას “უნივერსალურ სასიცოცხლო ძალას” ეძახდა), როგორ დაადო ხელები მხარზე მთვრალ კაცს და მისდა გასაოცრად მანაც მიიღო რაღაც დონის ინტოქსიკაცია, მთვრალი კაცი კი თითქმის სრულიად გამოფხიზლდა რამდენიმე წამში.

მედიუმები, სპირიტუალური წრიული სეანსებისას (ერთმანეთის ხელები ეჭირათ ენერგიის ნაკადის მოძრაობისთვის) აღწერენ მძიმე მწეველებისგან ისეთი სიძლიერის ნიკოტინის ტრანსფერს, რომ მათ ნიკოტინისგან მოწამვლის სიმპტომები უჩნდებოდათ. როდესაც მძიმე მწეველები არ იყვნენ სეანსზე სიმპტომები ქრებოდა.

მე მინახავს ბუნებრივი მკურნალები, რომლებიც ავადმყოფებს ხელს ადებდნენ და იმპულსურ მოძრაობებს აკეთებდნენ, თითქოს მთელი საწამლავი და ავადმყოფობები გამოჰქონდათ გარეთ და შემდეგ ხელებს იფერთხავდნენ (თითქოს წყლის წვეთებს იშორებდნენ). თითქმის ყველა ასეთი მკურნალი დარწმუნებულია, რომ ავადმყოფებისგან უხილავი ნივთიერებები გამოაქვთ. მათი უმეტესობა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, წყალში იბანს ხელებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ისინი იწმენდენ იმ საზიანო უხილავ ნივთიერებებს, რომლებიც ავადმყოფებისგან გამოაქვთ.

მკურნალობის ამ მეთოდის ჩემი პირადი დაკვირვებით და კვლევით დავრწმუნდი, რომ თითქმის ყველა ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს ავადმყოფს ხელების დადებით და კონცენტრირებული სურვილით, რომ მისი ძალა შევიდეს პაციენტის სხეულში და გააძლიეროს ის. სურვილის გამოყენება, თუ მას თან ახლავს გამოთქმული სიტყვაც, ქმნის იმპულსს, რომელიც შესაძლოა ძალიან ეფექტური გამოდგეს.

მესმერი, რომელმაც საუკუნის წინ მესმერიზმი აღმოაჩინა, არ იცოდა იმპულსის იმ პოტენციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია, რასაც თვითონ “ცხოველურ მაგნეტიზმს” ეძახდა. თუმცა, იგი ვარჯიშობდა მთავარი ძალის დაგროვებაზე (მაგნიტის ხელში დაჭერით, რითიც ფიქრობდა რომ ძალას იღებდა) მანამ, სანამ ის ძალიან დახვეწილი არ გახდა - თუ დავუჯერებთ ანგარიშებს, სადაც აღწერილია თუ რისი გაკეთება შეეძლო დამუხტული ძალით. მან ისე კარგად წარმოაჩინა მაკურნებელი ძალები, რომ საქვეყნოდ ცნობილი გახდა. თავდაპირველად ის პირდაპირ ადებდა ხელს პაციენტებს. შემდეგ, როდესაც ინდივიდუალური მკურნალობის სათხოვნელად ძალიან ბევრი პაციენტი მოდიოდა, ის გონების ძალით ახდენდა ძალის გადატანას წყლის მილებში, საიდანაც არმატურები გამოდიოდა. წყლის ტუბების დამუხტვის შემდეგ, პაციენტები ხელს კიდებდნენ არმატურებს. იმ ეფექტების აღწერის მიხედვით, რასაც პაციენტები გრძნობდნენ, უდაოა, რომ მესმერიზმი მუშა ენერგია იყო. პაციენტებს სხვადასხვანაირი რეაქციები ჰქონდათ. ზოგი საერთოდ არ რეაგირებდა და ამ შემთხვევაში მესმერი პირადად ეხებოდა მათ, რის შემდეგაც ჩვეულებრივ რეაქციას იღებდა. იყო ბევრი განკურნებაც და ბევრი ისტერიაც, რაც სავარაუდოდ მსუბუქი ჰიპნოზური იმპულსით იყო გამოწვეული.

ამ კვლევისას უნდა გვახსოვდეს სასროლი ჯოხებით მთავარი ძალის უეცარი ტრანსფერი, ასევე გამაშეშებელი მუხტი, რომელიც ამერიკელმა-ინდიელმა მედიკოსმა აჩვენა, როდესაც საჩვენებელი თითით ძლიერ კაცს შეეხო და გონება დააკარგინა.

ჰიპნოზისტებმა, მესმერიზმის განვითარების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ ჰიპნოზური იმპულსის გამოწვევა სურვილის ძალითაც შესაძლებელია, ან კიდევ სინათლის წყაროზე მიშტერებით. ისინი ამტკიცებენ, რომ მაგნეტიზმი არ არის საჭირო და ის არ გადადის პაციენტში ან საგანში. ეს სავარაუდოდ მცდარი იდეაა. ფაქტი, რომ პაციენტი ჰიპნოზურ რეაქციას ელოდება უკვე ჰიპნოზური იმპულსია. ის ფაქტი, რომ ჰიპნოზისტი პაციენტთან ახლოს იმყოფება შეიძლება ჩაითვალოს მთავარი ძალის ტრანსფერის საშუალებად, რა დროსაც ჰიპნოზური იმპულსი მოქმედებაში მოდის.

მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ კაჰუნების ახსნა-განმარტებას თუ როგორ შეუძლია მთავარ ძალას ადამიანებს შორის მოგზაურობა ფიზიკური კონტაქტის გარეშე (ან ცოცხალ და მკვდარ სულებს შორის). ახლა კი საჭიროა ყურადღება მივაქციოთ, რომ არსებობს ენერგიის ასეთი გაცვლა და რაც ფინეას ქუიმბის “აბსენტური მკურნალობისგან” ვისწავლეთ, უდაოდ შეესაბამება რეალობას, რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ მთავარი ძალის და მაკურნებელი იმპულსის დისტანციურად გაგზავნის შესაძლებლობას.