ghosts

თავი 5

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

კაჰუნების სისტემა და ადამიანის სამი სული, რომელთაგან თითოეული თავისი სასიცოცხლო ძალის ძაბვით სარგებლობს, ეს სულები ერთად და ცალცალკე

დავუბრუნდეთ „საიდუმლოს“ უძველესი სისტემის საზომი ერთეულების ილუსტრაციას, განვიხილოთ მისი პირველი ერთეული ძალა . მეორე საზომი ერთეულია ცნობიერება , ის ძალას მიმართულებას აძლევს. მოგვიანებით განვიხილავთ მესამე ერთეულსაც - სუბსტანციას, რომლის მეშვეობითაც ცნობიერება მართავს ძალას.

თუ კაჰუნებს დავუჯერებთ, რომ ადამიანის ცნობიერება ამ დონეზე ორ დამოუკიდებელ სულად იყოფა, და მესამე - ზეცნობიერი სული მოქმედებს, როგორც მფარველი ანგელოზი, მაშინ ნამდვილად ძნელი იქნება თანამედროვე ფსიქოლოგიისთვის ამ ტერმინის მნიშვნელობის გადაფასება.

ეს კონცეპტი გვაიძულებს ადამიანის სულის შესახებ ჩვენს რელიგურ თეორიებს გადავხედოთ. თუ კაჰუნებს ვენდობით, ჩვენ გვაქვს ნაკლებად განვითარებული დაბალი სული, პირდაპირ ცხოველთა სამეფოდან და ამავე დროს უფრო განვითარებული სულიც, რომელმაც დიდი ხნის წინ დააღწია თავი ცხოველთა სამეფოს, მაშინ ჩვენი „ხსნის“ იდეა აშკარად გადასახედი ხდება. საჭირო ხდება ორი ხსნა - თითო-თითო სულისთვის, რადგან ისინი განვითარების სხვა და სხვა დონეზე არიან.

ამავე მიზეზეთ კარმისა და რეინკარნაციის რელიგიური კონცეპტიც გადახედვას საჭიროებს, რათა შეესაბამოს ორი სხვა და სხვა დონეზე განვითარებული სულის იდეას თუ აღარაფერს ვიტყვით მესამე, ზეცნობიერებაზე - რომელიც ყველაზე ძველი და ყველაზე სრულყოფილია ადამიანის სამ „მეს“ ან სულს შორის (აუმაკუა ანუ „მშობელი სული“).

ამ გაცილებით ძველი და მუშა ფსიქოლოგიური სისტემით შეგვიძლია ჩვენი თავი უფრო ნათლად დავინახოთ, ამავე დროს სიმარტივეს ყოფიერების რთულ სამსახოვნებაზე ვცვლით. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რელიგიაში ღმერთს აღვიქვამთ როგორც სამებას, მაგრამ ადამიანის სულის სამება გამოგვეპარა.

მსგავსი კომპლექცია უფრო იოლდება და ადვილად გასაგები ხდება თუ ყოველთვის გვემახსოვრება ფაქტი, რომ დაბალი, ცხოველური სული - უნიჰიპილი ყველაფერს იმახსოვრებს, რაც ადამიანს სჭირდება, მაგრამ აზროვნების ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ცნობიერი გონების სული - უჰანე ვერ აღიქვამს საკუთარ თავს, მაგრამ შეუძლია ინდუქციური გონების მთელი შესაძლებლობა გამოიყენოს.

„სიკვდილის ლოცვაში“ მოყვანილი მტკიცებულებების გვერდით გვინდა კიდევ მოვიყვანოთ დამატებითი ცნობები.

მაშინ როცა თანამედროვე ფსიქოლოგიურმა კვლევებმა გარდაცვლილთა სულების მხოლოდ ორი „მოჩვენებებისა“ და „სულების“ კლასიფიკაცია გამოავლინა, თუმცა მათ მოქმედებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოდ გაცილებით ფართო კლასიფიკაციის შესახებ. ყოველ ამ კლასიფიკაციას თავისი სამოქმედო ძალა და აზროვნების თავისებურება გააჩნია.

მეორე მხრივ, კაჰუნები უკვე დიდი ხანია განსაზღვრავენ სულთა რამოდენიმე სახეობას. დასავლეთისთვის ამგვარი დაყოფა ძალიან უჩვულოა და დიდ ინტერესსაც წარმოადგენს, ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის - ნება მომეცით ჩამოგითვალოთ რამდენიმე სული რომელიც სეანსების ოთახში შეიძლება შეგხვდეთ.

მოჩვენებების - სულების სახეობები კაჰუნების სწავლების მიხედვით:

1. ჩვეულებრივი გარდაცვლილის სული. ამ სულს აქვს ცნობიერი და არაცნობიერი ისევე როგორც სიცოცხლეში. ის ფიქრობს და აზროვნებს ისე როგორც ნებისმიერი ნორმალური ცოცხალი ადამიანი. იყენებს იმავე ძალებს.

2. ადამიანის ქვეცნობიერი სული, რომელიც ჩამოცილებულია თავის ცნობიერ კომპანიონს უბედური შემთხვევის, ავამყოფობის ან სიკვდილის გამო. ამ სულს ძალიან კარგი მესხიერება აქვს, მაგრამ მოკლებულია ლოგიკას, მხოლოდ ცხოველის მსგავსი დედუქცია გააჩნია. ის კარგად ექვემდებარება ჰიპნოზს. იქცევა ბავშვივით და ხშირად ხმაურიანი პოლტერგეისტის როლში გვევლინება. უყვარს სპირიტუალურ სეანსში მონაწილეობის მიღება და მაგიდის ტრიალი. ცდილობს კითხვებზე პასუხის გაცემას და ხშირად ისეთ პასუხებს იძლევა, რაც მატყუარის რეპუტაციას უქმნის. უყვარს იმ ადამიანების ნათესავების იმიტირება რომლებიც მაგიდასთან სხედან.

3. ადამიანის ცნობიერი სული, რომელიც მოცილებულია მის ქვეცნობიერს უკვე სიკვდილამდე ან მას შემდეგ. ამ სულს არაფრის გახსენება არ შეუძლია, ამიტომ ის უსუსური მოჩვენებაა რომელიც უმიზნოდ დახეტიალობს - ხან და ხან გვანიშნებს რომ სეანსს ესწრება, ზოგი მას გრძნობს, მაგრამ რეალურად ის „დაკარგული სულია“, იქამდე, სანამ თავს იხსნის და ისევ ქვეცნობიერს შეუერთდება, რომელიც გახსენების ძალას აღუდგენს - ხშირად ისე ხდება, რომ გამოხსნილი სული „უჰანე“ თავისი მხსნელისგან მოგონებების გარკვეულ რაოდენობას იღებს. ეს იმ ცხოვრების მოგონებებია რომელიც იქამდე უკვე გაიარა ქვეცნობიერმა სულმა, მაშინ როცა ახლახანს მიერთებულ ცნობიერს ამ ყველაფერთან საერთოდ არ აქვს კავშირი.

4. ზეცნობიერი წესრიგის სულები, მათი ჩათვლით, რომლებსაც თეოსოფიური ტერმინოლოგიით „ბუნების ან კოლექტიურ სულებს“ უწოდებენ. ამ სულებზე ძალიან ბუნდოვანი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ითვლება, რომ ორი ქვედა დონის სულების უნიჰიპილისა და უჰანეს მოქმედებაში ესენიც იღებენ მონაწილეობას, და ეხმარებიან მათ დროის გარკვეულ მონაკვეთში საოცარი საქმეები ჩაიდინონ.

მხოლოდ კაჰუნების ფსიქოლოგიური სისტემის ხელახალი აღმოჩენის მერე მოგვეცა პიროვნების გაორების მოვლენის დამაკმაყოფილებელი და ნათელი ახსნა. საინტერესოა როგორ გამოხატავს უძველესი სისტემა იმას რასაც ჩვენ ჯერ კიდევ შევისწავლით. ნება მომეცით ზოგიერთი სტანდარტული მონაცემი წარმოგიდგინოთ:

ქეისი 9

მრავალრიცხოვან პიროვნებათა აშლილობა

შესავალი

წყაროები: უილიამ მაკ’დუგალი „პარანორმალური ფსიქოლოგიის მონახაზები“, (სკრიბნერსი 1926), ენციკლოპედია ბრიტანიკა (13 გამოცემა) - სტატიები მრავალრიცხოვან პიროვნებათა აშლილობაზე.

სიტყვა „პიროვნება“, როგორც აქაა მოცემული, არც ისე კარგადაა გარკვეული ფსიქოლოგიაში. ფროიდის შემდეგ, იუნგიც თავის კომპლექსურ კვლევებში აღწერს ამ სიტყვას და მის ლათინურ ძირებთან გვაბრუნებს: პერსონა - ნიღაბი რომელსაც ატარებენ მსახიობები, როდესაც პიესაში ერთი პერსონაჟიდან მეორეზე გადადიან. ეს აღწერს პროცესს რომელიც მიმდინარეობს პიროვნების გახლეჩის დროს. ესაა ინდივიდუალობა ან სახასიათო ნიშნები, რომლებიც ერთ ადამიანს მეორისგან გამოარჩევს.

პიროვნების ცვლილებების აღწერისას, მეცნიერები მცირედ განასხვავებენ ცნობიერს და არაცნობიერს - ადამიანის ფსიქიკის იმ ორ შემადგენელ ნაწილს, რომელსაც მეცნიერება აღიარებს. იუნგმა პირველმა მიმართა ასეთ დაყოფას. სიტყვით „ანიმა“ (ლათინურად სუნთქვა ან სული, ფრანგულ ენაში გადაკეთდა სიტყვად animal - ცხოველი) განსაზღვრავდა არაცნობიერს, ხოლო „პერსონა“ - ცნობიერს.

უფრო უპრიანი იქნება თუ მოვლენას რომლის აღწერასაც ვაპირებთ ვუწოებთ „ანიმას და პერსონას გახლეჩას“ ვიდრე „პიროვნების გახლეჩას“.

მოცემულ ქეისში უნდა გავითვალისწინოთ სამი საკვანძო მომენტი: 1) მხოლოდ ცნობიერის ან მხოლოდ არაცნობიერის გამოჩენა და გაქრობა, პიროვნების შესაბამისი ცვლილებებით. 2) ორივეს გაერთიანებულად, წყვილად გამოჩენა ან გაქრობა. 3) პიროვნებათა მიერ დამახსოვრებული მოგონებები როდესაც ისინი მიდიან ან მოდიან.

თუ დავუჯერებთ კაჰუნების თეორიას, რომ მხოლოდ არაცნობიერს აქვს მეხსიერება - მაშინ მეხსიერებაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომელი ერთეული ჩნდება და რომელი ქრება.

ვებსტერის საერთაშორისო ლექსიკონი აღწერს ამ მოვლენას როგორც „გონების“ არანორმალურ მდგომარეობას. მე კი ვამჯობინებ მას ვუწოდო სხეულის არანორმალური მდგომარეობა სადაც გონებები მიდიან და მოდიან, და არა როგორც რამდენიმე გონის ერთად შეკრება. ცნობიერების ნებისმიერი სახესხვაობა, თუ ის სხეულშია ნორმალურად ითვლება. არანორმალური მდგომარეობა დგება მაშინ თუ მეხსიერებაში ჩავარდნები გვაქვს, როცა ცნობიერება სხეულს სცილდება, ან ძილის დროს.

ტერმინები, რომლებიც ცნობიერების ელემენტებისა და ცნობიერების მდგომარეობების აღსაწერად გამოიყენება: პიროვნება, რომელიც მოკლებულია სხეულისა და გონების კონტროლს, არის „დისოციაციური“, თავდაპირველი სხეულში მყოფი პიროვნება არის „პირველადი“, ხოლო ისინი ვინც მოდიან ამ პირველის შესაცვლელად - „მეორადები“, პიროვნება რომელიც აკონტროლებს სხეულს და გონებას არის „დომინანტური“, ხოლო ისინი ვინც ერთხელ გამოჩნდება და გაქრება, ან რომლებიც ჯერ არც გამოჩენილან - „ლატენტურები“.

პიროვნების გაორების შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ მონაცვლე პიროვნებასთან. ხოლო თუ „ორმხრივ ამნეზიას“ ვაკვირდებით, მაშინ არც ერთ ამ პიროვნებას არ ახსოვს რა ხდებოდა, როცა სხეულს მეორე აკონტროლებდა. მაგრამ თუ ასეთი ამნეზია არ დგება მაშინ მეორეს ან ნებისმიერ სხვა პიროვნებას ახსოვს ყველაფერი, რაც სხეულს ემართებოდა მის იქ არ ყოფნაში. ჰიპნოზის გამოყენებით ფსიქოლოგს შეუძლია ფარული მდგომარეობიდან გამოიყვანოს მეორეული პიროვნებები, და მათ დასმულ კითხვებზე პასუხი გააცემინოს. როგორც წესი ეს პასუხები ლოგიკას მოკლებულია მაგრამ ამით ვერ დავასკვნით, რომ ეს ავადმყოფი გონების ნაყოფია. ჯანმრთელი არაცნობიერიც იგივე პასუხს გაგვცემდა იქ რომ ყოფილიყო. ეს არც რაიმე ახალია და არც უცხო. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები იცვლიდნენ პიროვნებებს და იყვნენ „შეპყრობილები“. ჩვენ ვსაუბრობთ სიგიჟეზე და სხვა ფსიქიკურ დარღვევებზე და არამხოლოდ ამაზე. დღეს სწორედ იმ შემთხვევებს განვიხილავთ სადაც სიგიჟის მსგავსი სიმპტომები ვერ აღმოაჩინეს.

ქეისი

მე მოგიყვებით რამდენიმე ისეთ ტიპიურ შემთხვევაზე, როგორსაც მაკდუგალი აღწერს წყაროებში მოყვანილ წიგნში.

ეკლესიის მსახურმა ვ.ს. პულმერმა პირველად 1860 წელს „ჰარპერ მეგეზინში“ აღწერა ეს შემთხვევა. 18 წლის, სრულიად ნორმალურ, ჯანმრთელ მერი რეინოლდსს მთელი წლის განმავლობაში აწუხებდა შეტევები. ერთხელაც, როდესაც მინდორში წიგნს კითხულობდა მან უეცრად გონება დაკარგა. როდესაც გონზე მოვიდა უკვე უსინათლო და ყრუ გამხდარიყო. სამი თვის შემდეგ ეს სიმპტომები გაქრა. ერთ დილით კი მან ვეღარ გაიღვიძა. რამოდენიმე საათის შემდეგ მან მშიდად გაიღვიძა ახლა უკვე ახალშობილი ჩვილის მდგომარეობაში. მას მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შეეძლო. ის ძალიან სწრაფად სწავლობდა და მალე მოზარდივით დაიწყო საუბარი და აზროვნება. რამდნიმე კვირის შემდეგ „მეორეული“ პიროვნება გაქრა და ადგილი პირველადს დაუთმო. რამდენიმე წლის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ეს პიროვნებები ერთმანეთს, ამასობაში ბავშვის პიროვნება იზრებოდა. არც ერთმა - დომინირების პერიოდში არ იცოდა მეორის არსებობის შესახებ.

პროფესორი ჯენეტი აღწერს შემთხვევას, როცა ერთ-ერთმა მონაცვლე პიროვნებამ იცოდა მეორის მოგონებები - ფელიდამ პიროვნებების ცვლა დაიწყო 13 წლის ასაკში. ის ისტერიული ბავშვი იყო, თუმცა მეორეული პიროვნება მისგან სრულიად განსხვავდებოდა. მეორეულმა იცოდა პირველადის ყველა მოგონება, მაგრამ არა პირიქით - პირველადმა არაფერი იცოდა მეორეულზე.

დოქტორ მორტონ პრინსის ყველაზე ცნობილ ნაშრომს ჰქვია „ბიუჰემპის შემთხვევა“, აქ ავტორი აღწერს, თუ როგორ დაიწყო ერთმა 18 წლის გოგონამ პიროვნებების ცვლა. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა და სულ ხუთი შენაცვლების შემთხვევაა აღწერილი. ყოველ ჯერზე გოგონა ახალ პიროვნებად იქცეოდა და მისი მეხსიერება ამ ხუთის მოგონებების ნაზავს წარმოადგენდა.

გოგონა „L”-ის ბავშვობა ძლიერი სტრესებითა და ნერვოზული მდგომარეობით ხასიათდებოდა. ის გაიზარდა და ექთანი გახდა და კიდევ ერთი სტრესი მიიღო სასიყვარულო რომანით. უეცრად „მისი ყველა თავისებურება გაიზარდა“, და ის ულტრა-რელიგიური გახდა. მესხიერება იგივე დარჩა, მაგრამ ხასიათი შესამჩნევად შეიცვალა. ეს ცვლილებები დიდხანს გრძელდებოდა, სანამ 6 წლის შემდეგ არ გამოჩნდა მეორეული პიროვნება სალი, რომელიც თავს მხოლოდ ძილის დროს ავლენდა. ღამით სალი სხეულიდან ლაპარაკობდა და მთვარეულ მოგზაურობებში მიდიოდა.

მეექვსე წლის ბოლოს გოგონას კიდევ ერთი ძლიერი სტრესის გადატანა მოუხდა და ამჯერად უკვე “L4” გამოჩნდა და დომინანტი პიროვნება გახდა, მან ყველაფერი იცოდა პირველადი პიროვნების შესახებ, მაგრამ არ ფლობდა”L1”-ის მოგონებებს.

მთელი შემდეგი წლის განმავლობაში “L4” და “L1” მონაცვლეობით ჩნდებოდნენ საზიარო ამნეზიის ფორნზე. ორივეს ჰქონდა ინფორმაცია პირველადი პიროვნების შესახებ მაგრამ არაფერი იცოდნენ ერთმანეთზე. “L1” სუსტი და რბილი იყო, ხოლო L4” ჯანმრთელი და გაცილებით აგრესიული. ორივე ძალიან ემოციური გახლდათ.

დოქტორმა პრინსმა ამ პაციენტთან ჰიპნოზს მიმართა. ჰიპნოზისას მეორე პიროვნებაც გამომჟღავნდა, ის თავისუფლად საუბრობდა. თუმცა ამ ახალმა პიროვნებამ დააბნია მკვლევარი. მან იფიქრა, რომ ეს თავდაპირველი პიროვნება იყო ნორმალურ მდგომარეობაში. ის გარკვეულწილად აგონებდა “L1”და “L4” , თითქოს ეს ამ ორისა და პირველადი პიროვნების ნაზავი გახლდათ. პრინსმა ასე დაახასიათა ის „გაწონასწორებული, გახსნილი, გულწრფელი და მეგობრული პიროვნება, ბუნებრივი და პირდაპირი ქცევებით“. ამ პიროვნებას სრულყოფილი მეხსიერება ჰქონდა. “L”, “L1” და “L4” აგრძელებდნენ ადგილების ცვლას, მაგრამ ახლა “L” დონიმირებდა “L1” და “L4” მეხსიერებებზე. იქმნებოდა შთაბეჭდილება , რომ “L1” და “L4” ერთმანეთს უცვლიდნენ გოგონას ემოციებს და პერიოდულად ხან ერთი და ხან მეორე გამოდიოდნენ ერთმანეთის მდგომარეობაში.

რამდენიმე წლის მერე ყველაფერი დასტაბილურდა, გოგონას პირველადი, ბუნებრივი პიროვნება დაბრუნდა და დომინანტური გახდა, თავისუფლად განაგრძო განვითარება.

სალი ცნობისმოყვარე იყო. ჰიპნოზისას მასთან კონტაქტი ხერხდებოდა, თუმცა ამ დროს ის რომელიმე სხვა პიროვნების სახეს იღებდა და ეს ხშირად აბრკოლებდა ექსპერიმენტს. თავად ის საკუთარ თავს სავსებით ინდივიდუალურად და სხვებისგან განსხვავებულად თვლიდა. მას ახსოვდა ყველაფერი რასაც ღამღამობით გოგონას სხეულში აკეთებდა. ის იმასაც ამბობდა, რომ იცოდა სხვა პიროვნებების მოქმედებების შესახებ (გარდა “L4” ). ის კითხულობდა მათ აზრებს როცა ამას საინტერესოდ მიიჩნევდა. როცა მაგალითად ისინი კითხულობდნენ წიგნს რომელიც მას მოსწონდა, ის წყვეტდა მათი აზრების კითხვას და თავისი საქმის კეთებას განაგრძობდა. მას არ უყვარდა “L4” და მას ხშირად ვიზუალურ ჰალუცინაციებს უგზავნიდა, ან აიძულებდა რაიმე იმპულსური ქმედება ჩაედინა. დრო და დრო ის იყენებდა “L1” ხმას და აიძულებდა მისთვის უსიამოვნო საქციელის ჩადენას, მაგალითად ტყუილების თქმას.

როცა სალი სხეულს აკონტროლებდა თვალის გახელა არ შეეძლო. ამიტომაც ერთ-ერთი ავტომატური მოქმედება რომელსაც ის სხვა პიროვნებებს აიძულებდა თვალების სრესა იყო. ამგვარად მან ბოლოს და ბოლოს შეძლო თავადაც გაეხილა თვალი და მთელ ორგანიზმს დაპატრონებოდა. მისი პირველი წარმატება მაშინ მოვიდა, როცა იმ მომენტში დომინანტი “L1” თვლემდა. ამის მერე სალის უკვე შეეძლო ჩაენაცვლებინა “L1” როგორც ნორმალურ ისე ჰიპნოზის მდგომარეობაში. ამ დროს “L1” ვერ იხსენებდა რას აკეთებდა სალი სხეულში. ნებისთვის ბრძოლაში სალის თითქოსდა გამოსდიოდა “L1” პარალიზება, რომელიც დომინანტი კი ჩანდა მაგრამ იძულებული იყო სალის ბრძანებებს დამორჩილებოდა, ამ უკანასკნელს კი შეეძლო პრაქტიკულად ეხუმრა მასზე. ნაქსოვის დარღვევა სალის საყვარელი ხუმრობა იყო. არც “L1” და არც “L4” არ ახსოვდათ სალის დომინანტობის პერიოდები. სალის არ შეეძლო “L4” აზრების წაკითხვა და ვერც რაიმე ავტომატიზმისკენ უბიძგებდა, მისი თქმით ეს იმიტომ ხდებოდა, რომ “L4” ესმოდა სალის ხმა და მისი ნებისმიერი კონტროლის წინააღმდეგ იბრძოდა. ზოგჯერ, როცა სალი ხდებოდა დომინანტური პიროვნება მას არ შეეძლო თვალის გახელა, ხოლო დანარჩენი სხეული - კანი, კუნთები, რეფლექსები და ა.შ იყვნენ ძილის მსგავს მდგომარეობაში.

კომენტარი

დოქტორი პრინსი თვლიდა, რომ ყველა განსხვავებული პიროვნება, რომელიც ერთ სხეულს იყენებს, სინამდვილეში ერთი - ნამდვილი პიროვნების განცალკევებული სახეებია. მისი მკურნალობის მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ ის ცდილობდა ყველა ეს მეორეული პიროვნება შეეერთებინა და მიეღო დომინანატი პირველადი. ამაში ის არც თუ წარმატებული იყო.

პროფესორი მაკდუგალი კი თავის კვლევაში თვლის, რომ ყოველი პიროვნება დამოუკიდებელი „მონადაა“.

არც ერთი ეს ფსიქოლოგი არ აღიარებს, რომ ამ პიროვნებებს შეუძლიათ შევიდნენ და გამოვიდნენ სხეულიდან და რომ არაცნობიერით სარგებლობს ერთი ან რამდენიმე მათგანი ერთდროულად და ეს აზიანებს მას.

პიროვნების გახლეჩვაზე ჩემი დაკვირვებების შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ კაჰუნების ფსიქოლოგიური სისტემა ზუსტად გვიხსნის იმ რთულ ცვლილებებს, რაც ხანდახან ადამიანის სხეულს ემართება.

ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდებოდა „ბავშვი“ პიროვნება და დომინანტი ხდებოდა. სხვა შემთხვევებში კი მოზრდილი და თან ჯანმრთელობის მდგომარეობასაც საგრძნობლად ცვლიდა, - სხეულის გარკვეული უბნების დამბლითაც კი - ასევე მშვენივრად ახსოვდა წინა ცხოვრება სხვა სხეულში.

რადგან ფსიქოლოგიასა და კაჰუნების სისტემას შორის არსებობს პრინციპული წინააღმდეგობები, ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ,რომ პიროვნებას ნამდვილად შეუძლია დატოვოს სხეული და მერე ისევ უკან დაბრუნდეს.

ქეისი 10

ნამდვილად ტოვებდა თუ არა გენერალ ლის დედის ცნობიერი და არაცნობიერი სხეულს და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა

შესავალი

ამ შემთხვევაზე იუწყებოდნენ ჰოლივუდის მოქალაქეები 1934 წლის 14 დეკემბრის ყოველდღიურ გაზეთში, განყოფილებაში - „შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ“, დარწმუნებული ვარ,რომ ამ პუბლიკაციის ავტორი შეამოწმებდა ცნობების უტყუარობას. გარდა ამისა, არსებობს უამრავი გადამოწმებული და დადასტურებული ფაქტი ასეთი შემთხვევების შესახებ.

ქეისი

სამოქალაქო ომის ცნობილი მონაწილის, კონფედერაციის გენერლის რობერტ ლის დაბადებამდე 14 თვით ადრე მისი დედა სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ჩავარდა. ექიმებმა დაადგინეს, რომ გული აღარ უცემდა და სხეულიც გაცივდა და გაშეშდა. ოჯახმა ჩათვალა, რომ ქალი გარდაიცვლა, მას დაკრძალვა მოუწყეს და საგვარულო აკლდამაში დაასვენეს. საბედნიეროდ იმ დროს მიცვალებულების ბალზამირებას არ მიმართავდნენ.

ერთი კვირის შემდეგ იქ აკლდამის მცველი შევიდა დამჭკნარი გვირგვინების გასატანად. ის შიშისაგან გაქვავდა როდესაც კუბოდან ყვირილი მოესმა. მან კუბო გახსნა და აღმოაჩინა, რომ მისის ლი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო, ნათელია, რომ ის დროულად უნდა დაბრუნებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიხრჩობოდა. მალე ის სრულიად გამოჯანმრთელდა და ვაჟიც გააჩინა.

კომენტარი

ამ და ყველა ამის მსგავსი შემთხვევიდან ჩანს, რომ სხეულში სრულიად შეწყდა როგორც ცნობიერი ისე არაცნობიერი სულის მოქმედება. თანაც თუ ხრწნის კვალის არარსებობის ახსნა გვინდა უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული, თუნდაც ძალიან სუსტი კავშირი არსებობდა, შესაძლოა ექტოპლაზის ძაფები სხეულსა და მის არაცნობიერს შორის, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანდა სიკვდილის მსგავსი ლეთარგიული ძილის გამო.

ზემოთ აღწერილ შემთხვევებთან კავშირში არ იქნებოდა ურიგო ინდოელი იოგების ხსენებაც, ეს „წმინდა ადამიანები“ თვითშთაგონების გარკვეულ სისტემას იყენებდნენ, რომელსაც მათი სხეულები ლეთარგიულ მდგომარეობაში გადაყავდა. ასეთ, სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ცნობიერი ტოვებს სხეულს დიდი ხნით, ხოლო არაცნობიერი ძილს მიეცემა.

აქ აღწერილ შემთხვევებში საქმე გვაქვს გარკვეულ დეტალებთან, რომლებიც ჩვენს შემდეგ ძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო ორ შემდეგ შემთხვევაში მოცემული ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მე საშუალება მომეცა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი რამ - კაჰუნების საიდუმლო ამომეხსნა.

ქეისი 11

ყველაზე უჩვეულო და ყველაზე საინტერესო პიროვნება

შესავალი

სანამ ჰონოლულუში ვიყავი, იქ დასახლდა პარაფსიქოლოგიური მოვლნების კვლევის საზოგადოების ერთ- ერთი პირველი წევრი. ის ჩემს მეცნიერულ კვლევებშიც იღებდა მონაწილეობას. დოქტორი ლიპსლეი - ძალიან განათლებული, ჭკვიანი და სანდო ადამიანი. ის ხშირად მეთაურობდა ექსპედიციებს ადგილობრივი უცნაურობების ძიებაში. ასევე არაერთხელ მოაწყო შეხვედრა საკუთარი მეგობრების ჯგუფთან და მათ თავისი მიღწევები გააცნო. ამ ქეისის გახსენებისას მე ერთი ასეთი შეკრების ოქმებს მივმართე.

ქეისი

ფილოსოფიისა და ბიოლოგიის დოქტორი ლიპსლეი, პიროვნების გაორების აღიარებული სპეციალისტიც გახლდათ. ერთხელ ის ორ მედიცინის დოქტორთან ერთად გამოიძახეს ერთი უჩვეულო შემთხვევის შესასწავლად, რათა მათ დაესვათ დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობაც დაენიშნათ. საქმე ეხებოდა ცნობილი კალიფორნიული ფირმის წარმომადგენლის 28 წლის ქალიშვილს.

მას შემდეგ, რაც გოგონას 4 წელი შეუსრულდა, რეგულარულად - ყოველ მეოთხე წელს ეცვლებოდა პიროვნება. მონაწილეობდა პროცესში მხოლოდ ორი პიროვნება და ორივე მათგანი განიცდიდა ზიარ ამნეზიას. ერთმა არაფერი იცოდა მეორეზე.

პიროვნებების ცვლა ყოველთვის ღრმა ძილისას ხდებოდა. პირველად გამოჩენილ მეორეულ პიროვნებას ბავშვის ხასიათი ჰქონდა. ის ძალიან სწრაფად სწავლობდა და მალე პირველად - ბუნებრივ პიროვნებას დაეწია.

წლების განმავლობაში ორივე პიროვნება განაგრძობდა განვითარებას და ფორმირებას, იმ პერიოდშიც კი, როცა მეორე იყო დომინანანტური. ორივე მათგანმა ძალიან სწრაფად აითვისა ის, რაც ერთმა იქამდე დამოუკიდებლად ისწავლა. თუმცა არც ერთმა არაფერი იცოდა იმაზე თუ რას აკეთებდა მეორე. როცა სხეულში ბრუნდებოდნენ, არც ერთმა არ იცოდა რა ხდებოდა მათი იქ არყოფნის დროს. ყოველი ასეთი დაბრუნება ორივესთვის მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო. ისინი საკუთარ სხეულს პოულობდნენ 4 წლით გაზრდილს და სხვანაირად ჩაცმულს.

პირველადი პიროვნება მშვიდი გოგონა იყო და მეცნიერება იტაცებდა. მას ძალიან უყვარდა კერვა და თავისი ხელსაქმით სადმე უცხო თვალისგან მოშორებით ჯდებოდა. მეორეული პიროვნება კი ძალიან თავქარიანი, აგრესიული და მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ. აგრეთვე განსხვავდებოდნენ მათი გემოვნებები, დასვენებისა და გართობის ფორმები.

ერთ-ერთი ცვლილება დადგა შუადღისას, როცა დედა თავის 12 წლის გოგონას წიგნს უკითხავდა. ისინი სასტუმრო ოთახში ისხდნენ. ამ დროს ბავშვის სხეულში დომინირებდა მისი პირველადი პიროვნება, ვუწოდოთ მას „მის პირველი“. გოგონა მშვიდად უსმენდა დედის ხმას და უეცრად ჩაეძინა. რამოდენიმე წამში მის სხეულში პატარა „მის მეორემ“ გამოიღვიძა.

გავიდა კიდევ 4 წელი. ახლა „მის მეორე“ უკვე 16 წლის ქალიშვილია, ისინი ისევ სასტუმრო ოთახში სხედან და დედა ისევ წიგნს კითხულობს, ამჯერად თავისთვის, უხმოდ, რადგან მის მეორეს წიგნები არ აინტერესებს. გოგონას ისევ იმ დიდ სავარძელში ჩაეძინა - დღეც ზუსტად ისევე მზიანი იყო როგორც 4 წლის წინ.

უეცრად გოგონამ თვალები გაახილა და გაკვირვებულმა მიმოიხედა. ეს ისევ მის პირველი იყო. „რატომ აღარ კითხულობ დედა?“ - ჰკითხა მან. ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ უკვე 4 წელი გასულიყო. მან უბრალოდ ჩათვალა, რომ ჩაეძინა და დედამ კითხვა შეწყვიტა. როცა აუხსნეს რა დაემართა, მან გაიხსენა უკვე მომხდარი მსგავსი მოვლენები და მიხვდა რაც მოხდა. იმასაც მიხვდა, რომ უკვე გაზრდილიყო, ხოლო კაბა რომელიც ახლა ეცვა არ შეესაბამებოდა მის გემოვნებას.

ასე - ყოველ 4 წელიწადში გოგონას სხეულში ორი პიროვნება ცვლიდა ადგილს. 28 წლის ასაკში ორივეს უკვე 14 წელი ჰქონდა ნაცხოვრები. ყოველი შეცვლისას საჭირო ხდებოდა გარდერობის განახლება, რათა ის სხეულის ახალი მფლობელის გემოვნებას მისადაგებოდა. ასევე იცვლებოდა გართობის ფორმები, ინტერესები, ჩვევები და სხვა და სხვა აქტივობები.

ბოლოს და ბოლოს მშობლებმა გადაწყვიტეს სპეციალისტების მოწვევა, რათა ეპოვნათ გზა, რომ მეორეულ პიროვნებას როგორმე დაეტოვებინა სხეული და ის პირველადის სრულ დომინაციაში გადასულიყო. მაგრამ ამასთან ერთად მშობლებს გრძნობები გაორებოდათ, მათ თითქოსდა ორი ქალიშვილი ჰყავდათ.

ექიმებმა აუხსნეს გოგონას, რომ მის ჰიპნოტურ მდგომარეობაში გადაყვანას აპირებდნენ, რომ ან ორი პიროვნება შეეერთებინათ ან ეიძულებინათ მეორეული სამუდამოდ გასულიყო სხეულიდან და ის მთლიანად პირველადის დომინაციაში დაეტოვებინა. იმ პერიოდში სხეულში დომინირებდა მის პირველი და გამუდმებულ შიშს განიცდიდა, რადგან ახლოვდებოდა პიროვნებების გაცვლის დრო. ამიტომ გოგონა სიამოვნებით დათანხმდა ჰიპნოტურ ჩარევაზე.

ჰიპნოზისას მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. რიგ რიგობით ჩნდებოდა ორივე პიროვნება და შეიძლებოდა მათთვის კითხვების დასმა. ყოველ მათგანს ახსოვდა სხეულში მისი ყოფნის პერიოდები. ყოველი მათგანი ამტკიცებდა, რომ მშვენივრად იცოდა რას აკეთებდა მეორე და არა იმიტომ რომ რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მეორის „მეხსიერებას კითხულობდა“. არც ერთი არ იყო დარწმუნებული პასიურ პერიოდებში იყვნენ ისევ სხეულში თუ არა. ორივე, როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევბში, მოკლებული იყო ლოგიკურ მსჯელობას. როდესაც მეორე არაცნობიერმა შეიტყო, რომ ის უნდა წასულიყო და სხეული გაენთავისუფლებინა მისი პასუხები ფორმალური და არასრული გახდა. მან თითქოსდა გააცნობიერა ბრძანება, მაგრამ ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამისგან არაფერი გამოვიდოდა. ასე მიმართეს მათ ჩვეულებრივ ჰიპნოტურ შთაგონებას და ორ პიროვნებას შეერთება აიძულეს, (რადგან ჰიპნოტური შთაგონება მოქმედებს მხოლოდ არაცნობიერზე, შესაბამისაბ მხოლოდ არაცნობიერი არსებების შეერთებაა შესაძლებელი. თუმცაღა კაჰუნების სისტემიდან ვიცით, რომ შეუძლებელია ორი ცნობიერი პიროვნება ისე ენაცვლებოდეს ერთმანეთს, რომ მაშინვე არ აცნობიერებდეს საკუთარ გაორებას).

ორი პიროვნების შერწყმის მცდელობის პირველი სეანსი უშედეგოდ დასრულდა. ამიტომაც გოგონას ყოველ დღე ახალ-ახალ პროცედურებს უტარებდნენ. პიროვნების გაცვლის თარიღი კი ახლოვდებოდა. ექიმი იმედოვნებდა, რომ სანამ პირველადი აცნობიერებდა, რომ სპეციალისტები ცდილობდნენ მის სხეულში დატოვებას და მეორესთან შერწყმას, მიზანი მიღწეული იქნებოდა. მაგრამ როგორც კი გაცვლის პერიოდი დადგა სასურველი შერწყმა მაინც არ მოხდა.

გოგონა ისევ ჰიპნოზის მდგომარეობაში ჩავარდა. მას ისევ გააცნეს პროცედურის მიზანი და მიმდინარეობა. ისევ ორივეს დაუსვეს კითხვები. პირველს ახსოვდა მიცემული მითითებები და ცდილობდა მეორესთან შერწყმას, მაგრამ ეს შეუძლებლად ეჩვენებოდა. როდესაც ჰკითხეს, თუ სად იყო მან მოკლედ უპასუხა „აქ“.

მერე სცადეს ჰიპნოტური შთაგონებით გაეგდოთ მეორე სხეულიდან. ამ დროს საშინელება მოხდა. გოგონას სხეული თითქოს მოკვდა. აღარც ერთი არაცნობიერი აღარ პასუხობდა. ექიმებიც და მშობლების ძალიან შეშინდნენ. მათ ხომ მხოლოდ ის პიროვნების გაგდება უნდოდათ, რომელიც ვერაგულად დაეპატრონა გოგონას და მისი ცხოვრების ნორმალური რიტმი დაარღვია. ახლა როგორც ჩანს ეს მოახერხეს, მაგრამ უკვე პირველსაც ვეღარ უკავშირდებოდნენ. თუმცა შთაგონების ინტენსიური სეანსი გრძელდებოდა, ამ დროს კი გაცილებით საშინელი რამ მოხდა, გოგონას ტუჩები ამოძრავდა და მათ მიმართა სრულიად უცნობმა პიროვნებამ, ამასთან ის ისე ჭკვიანირად და მტკიცედ საუბრობდა, რომ ყველა გააოცა.

ეს ახალი პიროვნება ყრუ ხმით საუბრობდა და აშკარად იკვეთებოდა მამაკაცური ნოტები. ეს იყო მოხუცი კაცის მშვიდი, მაგრამ ძალიან მტკიცე ხმა. გოგონას სხეულს შემოხვეული ადამიანები მას უნდობლად და გაკვირვებით უსმენდნენ. ექიმები მალე მიხვდნენ, რომ უსმენდნენ კიდევ ერთ პიროვნებას რომელიც მათ მიმართავდა. მათ ძალიან გაუკვირდათ როცა აღმოაჩინეს, რომ ეს პიროვნება სულ სხვა კატეგორიებით აზროვნებდა. თითქოს ის ჩვეულებრივი ლოგიკის ნაცვლად ზელოგიკას მიმართავდა. ამ პიროვნებამ, მცირე დეტალების ჩათვლით იცოდა რა ხდებოდა იმ წუთამდე და რაში მდგომარეობდა ამოცანა. მას კითხვები არ დაუსვამს, არამედ გოგონას შესახებ თავისი მოსაზრების მოყოლა დაიწყო, ასევე შეეხო მის წინა მდგომარეობებს და მოგროვილი ადამიანების განზრახვებს. მისი ყოველი მოსაზრება ზუსტად ემთხვეოდა მშობლების და ექიმების მოსაზრებებს. როგორც კი იდუმალმა პიროვნებამ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა საქმის ფაქტიური მდგომარეობა, იგი დადუმდა. ექიმებმა ჰკითხეს თუ ვინ იყო ის. ხმამ კი უპასუხა, რომ აკონტროლებდა ორ გოგონას და ერთ სხეულს. შემდეგ კითხვებზე პასუხისას მას სულ ახალ-ახალი ფაქტები მოჰყავდა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე და არც არანაირ მიზეზს ხსნიდა. მან განუმარტა შეკრებილებს, რომ გოგონები ერთი სხეულით სარგებლობდნენ რადგან ეს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

მაშინ ექიმებმა თავიანთ ყველაზე ძლიერ არგუმენტებს მიმართეს, მათ დაწვრილები აუხსნეს, რომ პიროვნებების ცვლა გოგონას მომავალს უნგრევდა. საპასუხოდ ხმამ ისევ დაიწყო ახალი მოსაზრებების მოყვანა რომელთა ლოგიკა ვერავითარ არგუმენტაციას ვერ უძლებდა. ისინი გავდნენ სასიცოცხლო რეკომენდაციებს ფილოსოფიური სენტენციის სახით.

ექიმები საუბრის ასეთ ვითარებაში უკვე უძლურები აღმოჩნდნენ. ყოველი სენტენცია ისეთი ღრმა იყო, რომ მათ უჭირდათ მისი გასაბათილებელი არგუმენტების მოძებნა. ისინი მოხუცი, ბრძენი ადამიანის მოსმენით გართულ ბავშვებს გავდნენ. ეს იყო სრულიად განსხვავებული, არაადამიანური აზროვნების ტიპი. უფრო მეტიც, ექიმებს შეეძლოთ მოეყვანათ უამრავი მოსაზრება ამ სენტენციების დასამტკიცებლად, მაგრამ არა მათ გასაბათილებლად. მალე ისინი სულ დადუმდნენ.

კრიტიკულ მომენტში ერთმა ექიმმა წამოიყვირა, რომ თუ პირველი სხეულზე დომინაციას ვერ მიიღებდა ისინი გოგონას მუდმივად ჰიპნოზის მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ამის საპასუხოდ იდუმალმა ხმამ ახალი სენტენცია წარმოთქვა, რომ არავინ გააკეთებს რამე ისეთს რაც სხეულს ავნებს, მერე კი მოაყოლა ბოლო ფრაზა რამაც დაასრულა დისკუსია - „თუ ჩემს საქმეში ჩარევას განაგრძობთ მე ორივე გოგონას წავიყვან და სხეულს თქვენ დაგიტოვებთ“.

დუმილი დიდხანს გაგრძელდა. დამსწრეთაგან ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ მოხუცი ბრძენი შეასრულებდა თავის მუქარას. მისი სიტყვების სერიოზულობის ყველას სჯეროდა. ბოლოს ერთმა მაინც გაბედა კიდევ ერთი კითხვა დაესვა ... პასუხი არავის გაუცია. გავიდა გარკვეული დრო. პაციენტს მისცეს ჰიპნოტური მდგომარეობიდან გამოსვლის მითითება. თვალი გაახილა და გაიღიმა... მეორემ. ექიმები და მშობლები დამარცხდნენ. წუთით ადრე ისეთი შეგრძნებ ჰქონდათ, რომ თავად ღმერთს ესაუბრებოდნენ. მათ თავიანთი მცდელობების უპერსპექტივობა გააცნობიერეს.

კომენტარი

მოხუცი კაცის პიროვნება სრულიად განსხვავდებოდა ცნობიერისგანაც და არაცნობიერისგანაც. სხვაობი კი ის იყო, რომ ეს პიროვნება ასრულებდა იმ ვალდებულებებს რომლებსაც კაჰუნები ე.წ „ზეცნობიერ“, „მშობელ სულებს“ მიაწერდნენ. მათი აზროვნების ფორმაშიც პრინციპული სხვაობა იყო.

ჩემს ზემოთ მოცემულ დასკვნებში უკვე აღვნიშნე, რომ ზეცნობიერი აზროვნების უფრო აბსტრაქტულ ფორმას მიმართავს, ვიდრე ამას უბრალოდ მეხსიერება ან ინდუქციური მსჯელობა მიმართავენ. თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ უკანასკნელი ორის შესაძლებლობებიც ახასიათებს. ასეთი აზროვნების ტიპის ერთი სიტყვით ახსნა რომ ვცადოთ - ეს იქნება - „გაცნობიერება“, ანუ პროცესი, როდესაც რაიმე ახალის გაგებისას აღარაა საჭირო მისი დამახსოვრება და ლოგიკის საშუალებით გაანალიზება.

როგორც უკვე გვახსოვს, ზეცნობიერი სული სასიცოცხლო ძალის ყველაზე მაღალ ძაბვას იყენებს. ამიტომაც მისთვის დამახასიათებელია აზროვნების უფრო მაღალი საფეხური. კაჰუნების სწავლების თანახმად ეს მას საშუალებას აძლევს დაინახოს მომავლის ის ეპიზოდები, რომლებიც უკვე ფორმირებულია.

თუ ჩვენ კაჰუნების სამი პიროვნების თეორიის უტყუარ მტკიცებულებებს ვეძებთ მაშინ ჩვენ პიროვნების გახლეჩვის ისეთი შემთხვევები უნდა განვიხილოთ რომლებსაც ახასიათებს დევნის მანია და შიზოფრენია. პირველ შემთხვევაში პაციენტი საღ გონებაზე რჩება, რადან მას დევნის ან ეუფლება დამპყრობელი-სული, რომელსაც საკუთარი ცნობიერი და არაცნობიერი გააჩნია და ამის წყალობით აქვს გონება და მეხსიერება. ასეთ შემთხვევებში იცვლება ან მხოლოდ პიროვნება ან მხოლოდ მეხსიერება ან ერთიც და მეორეც. ყოველი ასეთი შემთხვევისას ადამიანი ჯანმრთელი რჩება, რადგან გონიერი და ცნობიერი პიროვნება ყოველთვის უვლის სხეულს ცვლილებების მიუხედავად. შიზოფრენიის შემთხვევაში პიროვნების ცვლილება იწვევს აშლილობას, რადგან ცნობიერი პიროვნება მიდის, ხოლო ახალი არ იღებს სხეულზე ზრუნვის ვალდებულებას. ამის შედეგად სხეულზე ზრუნვა არაცნობიერს ეკისრება, ის კი გონიერი არაა და მიუხედავად იმისა, რომ სხეულს არ კლავს მას სრული სიგიჟის მდგომარეობაში აგდებს. ისეც ხდება, რომ რომელიღაცა უცხო არაცნობიერი აედევნება სხეულს და მასზე დომინაციას მოიპოვებს, ხოლო მასში უკვე მყოფ ცნობიერს და არაცნობიერს აძევებს. ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებში ხშირად სწორედ ასე ხდება - უცხო არაცნობიერი ეუფლება სხეულს. მას ჩვენთვის უცხო მსჯელობები და მოგონებები მოაქვს, ეს გვარწმუნებს, რომ ის უცხოა. მსგავს შემთხვევებში ადამიანები თავს ნაპოლეონად ან ვინმე მსგავსად მიიჩნევენ. ხშირად ისინი სრულიად უწყინარნი არიან და შეუძლიათ მთელი დღის მომხდარი მოვლენები დაიმახსოვრონ მაგრამ არასოდეს მიმართავენ ლოგიკას, რადგან ეს ცნობიერის დამახასიათებელია - ის კი გაძევებულია.

აკვიატებულ მდგომარეობებს მოგვიანებით შევეხებით, როცა კაჰუნების სისტემის მიხედვით მკურნალობის მეთოდების განხილვას დავიწყებთ. მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია კაჰუნების სწავლების სამი განცალკევებული და დამოუკიდებელი სულის გააზრება, რომლებიც ერთად ადამიანის პიროვნებას ქმნიან. ცნობილია, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან და შეიძლება ერთმანეთს დაცილდნენ უბედური შემთხვევის ან ვისიმე წინასწარ-განზრახული ჩარევის შედეგად.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ არაცნობიერს ახსოვს და მხოლოდ ცნობიერს შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა. ამავე დროს კი ზეცნობიერი აზროვნების ზედა საფეხურზე, რაც მას საშუალებას აძლევს გაიგოს რა იყო, რა არის და რა იქნება მომავლის იმ მონაკვეთში რომელიც უკვე ფორმირებულია.