თავი 7

მთარგმნელი: მამუკა გურული

ფსიქომეტრია, სფეროზე კონცენტრაცია, წარსულისა და მომავლის ხედვა კაჰუნების უძველესი ცოდნის თვალთახედვით.

ტელეპატია წარმოადგენს შეტყობინებების (და აზროფორმების) გადაცემას ძაფებით, რომლებიც უხილავი გამჭვრვალე სუბსტანციისგან შედგებიან და ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებენ. ამ შეტყობინებების გაგზავნა და მიღება ხდება არაცნობიერი „მე“-ს მიერ, და შესაფერის მომენტში ცნობიერებას გადაეცემა.

 ფსიქომეტრია და მასთან დაკავშირებული მოვლენები მსგავს მექანიზმს ეფუძნება, უბრალოდ მასში არ ხდება ორი ადამიანის გამჭვირვალე ძაფით დაკავშირება. ჩვეულებრივ, ფსიქომეტრი მშვიდად ზის და ეხება წერილს, ბეჭედს ან რაიმე ნივთს, რომლისგანაც სურს პარაფსიქოლოგიური ინფორმაციის მიღება, მაგალითად წარსულის შესახებ და ამ ნივთის წარმომავლობის შესახებ, წერილის შინაარსის შესახებ, მისი ავტორის ხასიათის შესახებ და ა.შ.

 მინდა ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვა ხაზი. საქმე იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც მაგიის ასეთ ფორმას აპრაქტიკებს, თითქოს თავისი სხეულიდან გამოდის და მისი კვლევის ობიექტთან არიან დაკავშირებული უხილავი ძაფების გასწვრივ მოგზაურობს. იგი აღწევს მის დაბოლოებას და პოულობს ადამიანებს ან ნივთებს, რომლებსაც ადრე რაღაც კავშირი ჰქონდათ საკვლევ ობიექტთან. ან, თუ ობიექტი, დავუშვათ, ქვა ან მეტეორიტის ნამსხვრევია, ძაფს ფსიქომეტრი ამ ნამსხვრევის წყარომდე მიჰყავს, ანუ მთელ მეტეორიტამდე. ამის იქით წასასვლელი აღარ აქვს.

ქეისი 12

ფსიქომეტრია, ბროლის სფეროზე კონცენტრაცია და სხვა მსგავსი მოვლენები

შემთხვევების აღწერა:

(А) მის კრიჯმა ლავას ნამტვრევი ფსიქომეტრიულად გამოიკვლია. მის მიერ დანახული ვულკანის ხატ-სახე იმდენად ცოცხალი და შემაძრწუნებელი იყო, რომ იგი ნახევარი საათის განმავლობაში მღელვარებით იყო აღსავსე.

(B) მის დენტონი მასტოდონტის ეშვის ნაჭერს იკვლევდა და თავისი შთაბეჭდილებები ასე აღწერა: „მე თავს ვგრძნობ რაღაც საშინელ ურჩხულად, მძიმე ფეხებით, დიდი თავით და უზარმაზარი სხეულით. წყლის დასალევად მდინარისკენ ვეშვებოდი. ბგერის წარმოთქმაც კი არ შემიძლია, იმდენად მძიმე ყბები მაქვს. ვგრძნობ, რომ ოთხ თათზე ვდგავარ. ოჰ! რა ხმა ისმის ტყიდან. საკუთარ თავში პასუხის გაცემის სურვილს ვგრძნობ. ჩემი ყურები ძალიან დიდია და ტყავისაა. როცა თავს ვამოძრავებ, ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს ისინი სახეში მირტყამენ. აქ ჩემზე ასაკოვანი ინდივიდებიც არიან. (...) ისინი ძალიან მუქები არიან. მათ შორისაა ბებერი ხვადი უზარმაზარი ეშვებით. როგორც ჩანს, იგი ძალიან ძლიერია. ვხედავ ასევე რამდენიმე ახალგაზრდა ინდივიდს. და საერთოდ, აქ მთელი ჯოგია“.

(შენიშვნა. ოსოვეცკი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქომეტრი, იმ შთაბეჭდილებების დეტალურ აღწერას იძლევა, რომლებიც მაგიის ამ ფორმით ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიიღო.

 „მე იმით ვიწყებ, რომ საკუთარ თავში ყველა აზრს ვიკავებ და მთელ შინაგან ძალას სულიერი ინფორმაციის წვდომისკენ მივმართავ. ხაზს ვუსვამ, რომ მსგავს მდგომარეობას მთელი კაცობრიობის სულიერი ერთიანობის ურყევი რწმენისა მეშვეობით ვაღწევ. ამრიგად, მე ვიმყოფები ამ ახალ და განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელშიც შემიძლია დროისა და სივრცის მიღმა დავინახო. (...) და მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროს რაიმე დაბეჭდილ წერილს ვკითხულობ, თუ დაკარგულ ნივთს ვეძებ, ან რამე სხვა ფსიქომეტრიულ კონტაქტს ვამყარებ, - ჩემი შეგრძნებები უცვლელი რჩება. მეჩვენება, რომ რაღაც ენერგიას ვხარჯავ, ჩემი ტემპერარატურა მაღლა იწევს, გული არათანაბრად მიცემს. ვრწმუნდები ჩემს წარმოდგენებში, რადგან როგორც კი თავს ვიკავებ რაიმე სხვა აზრებისგან, მაშინვე ვგრძნობ, თითქოს რაღაც ელექტრული დენი გაივლის ჩემში რამდენიმე წამის განმავლობაში. ეს მხოლოდ წამით გრძელდება, რის შემდეგაც გამჭვირვალე სიცხადეს ვგრძნობ, ვხედავ სურათებს - ძირითადად წარსულიდან. ვხედავ ადამიანს, რომელიც წერილს წერს, და ვიცი, რასაც დაწერს. ვხედავ საგანს იმ მომენტში, როცა ის დაიკარგა, და გარკვეულ დეტალებს, რომლებიც ამ მოვლენას ახდლა თან; ან ვაკვირდები და განვიცდი ყველაფერს, რაც დაემართა ნივთს, რომელიც ხელში მიჭირავს. ხედვები ბუნდოვანია და დიდ კონცენტრაციას მოითხოვენ. იგივე ძალისხმევებია საჭირო იმისთვის, რომ ხელიდან არ გავუშვა ზოგიერთი დეტალი და გარემოება იმისა, რაც ახლა ხდება. სიცხადის ეს მდგომარეობა ზოგჯერ მაშინვე ჩნდება, მაგრამ ძალიან ხშირად მისი ლოდინი რამდენიმე საათის განმავლობაში გვიწევს. მეტწილად ეს დამოკიდებულია გარშემომყოფებზე და განწყობაზე; სკეპტიციზმი, ურწმუნოება და ჩემს პიროვნებაზე მეტისმეტად ზედმეტი კონცენტრაციაც კი ჩემი მოქმედებების პარალიზებას იწვევენ და წარმატებისკენ მიმავალ გზას მირთულებენ“.)

ფსიქომეტრებს შეუძლიათ სხვადასხვა საშუალებებით იმოქმედონ. ზოგიერთი საუკეთესო შედეგებს მაშინ იღებს, როცა ჰიპნოზური ტრანსის მდგომარეობაში ხელში იღებს ნივთს, რათა ფსიქომეტრიულად შეხედოს. სხვებს შეუძლიათ შორეულ წარსულში ჩაიხედონ, ისინი გრძნობენ და წვდებიან იმ ვითარებებს და გარემოს, რომელშიც ნივთი ადრე იყო. არიან ისეთებიც, რომლებიც პარაფსიქოლოგიური გზით გარდაცვლილებთან ერთად მიღმიერ სამყაროში მოგზაურობენ, ხედავენ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი და რას აკეთებენ უსხეულო სულების სახით. სხვები - თუმც კი ეს უკიდურესად იშვიათად ხდება - მომავალ მოვლენებსაც კი ხედავენ, რომლებიც რაღაცნაირად დაკავშირებული იქნება იმ ნივთთან, რომელიც ხელში უჭირავთ.

პარაფსიქოლოგიური კვლევების დაწყებიდან 100 წლის შემდეგ, და ბევრი მცდელობის შემდეგ - გაეგოთ, თუ რას ეფუძნებოდა ფსიქომეტრია, გაჩნდა რამდენიმე თეორია. აი, რამდენიმე მათგანი. დოქტორი ფეიჯენსტეტჩერი ამტკიცებს შემდეგს:

«საკვლევი ნივთი, რომელიც ხატოვნად თუ ვიტყვით, წარსულში გარკვეული მოვლენების მოწმე იყო, კამერტონის როლს ასრულებს; ჩვენს ცნობიერებაში ნივთთან „ურთიერთობის“ მომენტში ჩნდება განსაკუთრებული ვიბრაცია, რომელიც ამ მოვლენების ვიბრაციებს შეესაბამება. ჩვენი ცნობიერების ვიბრაციები, რომლებიც ერთხელ. გადაეწყვნენ კოსმოირი ცნობიერების ვიბრაციის სიხშირეზე, ოდესღაც უკვე აგზნებულ იყვნენ (გიტარის სიმების მსგავსად) მსგავსი მოვლენებით. ახლა ადამიანის ცნობიერების ახალი მიერთება კოსმიურ ცნობიერებასთან ჰბადებს აზრობრივ სურათებს, რომლებიც აზრობრივად წარმოშობენ კონკრეტულ მოვლენებს“.

სერ არტურ კონან დოილი ამტკიცებდა, რომ ყველა მოვლენა და მათი დეტალები აისახება ეთერული წარმოშობის ერთგვარ უჩინარ, მარადიულ და უცვლელ სუბსტანციაზე. იგი ვარაუდობდა, რომ ამ „ეთერზე“ აღბეჭდილი მოვლენებს ფსიქომეტრი რაღაც საშუალებით კითხულობს, როცა მთელი თავის ყურადღების კონცენტრაციას „ეთერის“ იმ ნაწილზე ახდენს, რომელიც საკვლევ საგანს უკავშირდება.

თეოსოფები, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს ინდურ რელიგიურ თეორიაზე აფუძნებენ, გვთავაზობენ თეორიას (იხ. ელენა ბლავატსკაიას ნაშრომები), რომელიც სამყაროსეულ სულს, ანუ აკაშას ეფუძნება, რომლის მეხსიერებაშიც ყველა მომხდარი მოვლენაა შენახული. თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, ფსიქომეტრია სრულიად მექანიკური უნარია. ფსიქომეტრი საკვლევ ნივთს იმისთვის იყენებს, რომ ფსიქიკური კავშირი დაამყაროს სამყაროს სულთან, რომელიც ფლობს ინფორმაციას ამ ნივთის წარსულის შესახებ. ტელეპატიის გარკვეული ფორმის წყალობით, ან უფრო ზუსტად, აზრების კითხვის უნარის წყალობით, ფსიქომეტრი „აკაშას ფილებზე კითხულობს“.

ფსიქომეტრიის სხვა ასპექტს წარმოადგენს ფსიქომეტრიული ბუნების ხედვები, რომლებიც ადამიანებს ძველი ბრძოლების ან სხვა ცნობილი მოვლენების ადგილებში ეწვევიან ხოლმე. ეს ხედვები ერთდროულად ევლინება ბევრ ადამიანს, რომლებიც ამ რაიონის მიდამოებში ცხოვრობენ, და ყველა ამ ადამიანის მონათხრობი ზოგჯერ წვრილმან დეტალებშიც კი ემთხვევა. დოქტორ ნანდორ ფოდორს რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოჰყავს. ხედვების აღწერები დაწვრილებით იქნა დოკუმენტებად ჩაწერილი და აღიარებული იყო მათი შესაბამისობა რეალურ მოვლენებთან. აი, ერთ-ერთი ასეთი აღწერა:

„ეჯ ჰილის ბრძოლა, რომელიც 1624 წლის 22 სექტემბერს მოხდა (...). ორი თვის შემდეგ ამ ადგილზე მაცხოვრებელმა მწყემსებმა დააფიქსირეს განმეორებითი ბრძოლა, რომელიც ჰაერში გათამაშდა. ისმოდა სროლის და ყუმბარების ხმები, ცხენების ჭიხვინი და დაჭრილების ყვირილი. ხედვა საათობით გრძელდებოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში. მისი მოწმეები იყვნენ პატივსაცემი და სანდო ადამიანები. როცა ხმებმა ამ „ბრძოლის“ შესახებ კარლ I-ის ყურებამდე მიაღწია, მან ამ საქმის გამოსაკვლევად კომისია გამოგზავნა. წარგზავნილებმა არა მხოლოდ შეადგინეს დამადასტურებელი მოხსენება იმის შესახებ, რაც დაინახეს, არამედ მებრძოლებს შორის ზოგიერთი თავიანთი მეგობარიც იცნეს, და მათ შორის სერ ედმუნდ ვერნეი“.

დოქტორი ფოდორი დიდი ყურადღებით მოეპყრო ფსიქომეტრიული წინათგრძნობის შემთხვევას, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შეემთხვა გრაფ ბურგერ მერნერს. ეს შემთხვევა გამყარებული იყო მტკიცებულებებით, დადგინდა მისი სარწმუნოობა, და იგი აღწერილ იქნა გერმანულ პარაფსიქოლოგიურ გამოცემაში 1931 წელს.

“გრაფმა პატარა ბაღი გადაჭრა და შეიხედა ფანჯრიდან სახლში, რომლის გვერდზეც ჩაიარა, (...) და შეიძრა, როცა დაინახა ხანშიშესული ქალის სხეული, რომელიც ჭერის ძელზე დაკიდებულიყო (...), მაგრამ როდესაც სახლის ზღურბლს გადააბიჯა, დაბნეული შეჩერდა, რადგან დაინახა, როგორ დგებოდა ქალი სავარძლიდან, რათა მისთვის მოულოდნელი სტუმრობის მიზეზი ეკითხა. (...) რამდენიმე დღის შემდეგ (...) მან გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მოენახულებინა ეს სახლი, რათა შეემოწმებინა, ფანჯრის შუშის რაიმე თავისებურებამ ხომ არ გამოიწვია ოპტიკური ილუზია. როცა სახლს მიუახლოვდა (...), ზუსტად იგივე დაინახა. მაგრამ როცა ამჯერად სახლში შევიდა, ნახა, რომ ეს უბრალოდ ხილვა არ იყო. მოხუცის სხეული მართლაც ჭერზე ეკიდა. მას თავი მოეკლა“.

კონცენტრაცია ბროლის ბურთზე ასევე წარმოადგენს ერთგვარ ფსიქომეტრიას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნაცვლად იმისა, რომ ნივთი ხელში ეჭიროს, ფსიქომეტრი ყურადღების კონცენტრაციას კრისტალზე ან ბურთზე ახდენს, რათა მის შიგნით დაინახოს მოსალოდნელი ხატ-სახე.

კომენტარი

იმისთვის, რომ ამ სპეციფიური მაგიური პრაქტიკის ყველა ასპექტი მოვიცვათ, შეუძლებელია არ ვახსენოთ წინასწარმეტყველური სიზმრები. ასეთ სიზმრებში ჩვენ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ იმ აზრსაც კი, რომელზეც ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ (როგორც კრისტალზე კონცენტრაციის შემთხვევაში), და რომლისგანაც უნდა დაიბადოს ფსიქომეტრული პროცესი. წინასწარმეტყველურ სიზმრებში იგივე ელემენტები მონაწილეობენ, რომლებიც სხვა ზემოთნახსენებ მოვლენებში. მოვლენების აღბეჭდვა ხდება რაღაც მოუხელთებელ შუამავალზე, რომელსაც მათი შენახვა შეუძლია.

ამ გონს გააჩნია აზროვნების უნარი, რომელიც იმდენად აღემატება ადამიანურს, რომ შეუძლია მომავალი განსაზღვროს, რომ აღარაფერი ვთქვათ წარსულზე ან იმ მოვლენებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში ხდება, მაგრამ მოშორებულ ადგილას.

არსებობს გარკვეული მექანიზმი, რომლის წყალობითაც ფსიქომეტრი, ვიზიონერი ან სიზმარმხილველი უშუალოდ შედიან კონტაქტში სავარაუდო სუბსტანციასთან, რომელიც მოვლენებს იწერს, ან უმაღლესი გონიდან კითხულობს მის მეხსიერებაში ან წინარე-მეხსიერებაში დაფიქსირებულ მოვლენებს.

ეს კავშირი თავისი ბუნებით ტელეპატიურია, ან რაღაც საერთო აქვს ნათელხილვასთან, ან ბოლოს და ბოლოს სხვების აზრების კითხვასთან. რადგანაც ფსიქომეტრს არ შეუძლია თავად გამოიწვიოს ხედვები, არამედ უნდა იცოდეს, როდის გაჩნდებიან ისინი მის ცნობიერებაში, ცხადი ხდება, რომ ტელეპატიური კონტაქტორის როლს ცნობიერი კი არა, არაცნობიერი ასრულებს.

ახლა, იმისთვის, რომ სურათი უფრო მკაფიო გავხადო, წარმოგიდგენთ კაჰუნების უძველესი მაგიის საერთო სქემას. ყველაზე მთავარია - დაიმახსოვროთ, რომ ჰუნას სწავლების თანახმად, არსებობს ფაქტორების სამი ჯგუფი, რომლებიც მაგიაში მონაწილეობენ, და ასევე ადამიანის ფიზიკური სხეული. ყოველი ეს ჯგუფი თავის მხრივ შედგება სამი ელემენტისგან. ასეთი დაყოფის წყალობით ჩვენ შევძლებთ, რომ მოვაწესრიგოთ ფსიქომეტრიული მოვლენები, სისტემატიზაცია გავუკეთოთ ყველა ფაქტობრივ მასალას, და დეტალურად დავამუშავოთ იგი.

ათი ფაქტორი კაჰუნების მაგიასა და ფსიქოლოგიაში

სამი სული, რომლებიც ადამიანის არსებას (ცოცხალს ან მკვდარს) ქმნიან.

არაცნობიერს შეუძლია დაიმახსოვროს, მაგრამ ინტელექტუალური საქმიანობის სუსტი უნარი გააჩნია/ მას ლოგიკა არ ჰყოფნის. მისი ქმედებები ემოციებს ეყრდნობა - იგი ემორჩილება მათ, და თვითონვე წარმოშობს მათ.

ცნობიერი. არ გააჩნია მეხსიერება. აქვს ლოგიკური აზროვნების უნარი.

ზეცნობიერი. გააჩნია გონის გარკვეული ნაირსახეობა, რისი წყალობითაც ღებულობს სრულ ცოდნას „რეალიზაციის“ პროცესში. იცის წარსული, აწმყო და მომავლის ის ნაწილი, რომელიც უკვე კრისტალიზდა, საბოლოოდ დაიგეგმა, შეიქმნა და მზადაა განხორციელებისათვის.

მანას სასიცოცხლო ძალის სამი სახის ძაბვა, რომლებსაც ადამიანის სამი სული იყენებს. სხეულის ტალღები, ანუ დაბალი ძაბვის ელექტრული სასიცოცხლო ძალა. მას არაცნობიერი იყენებს. ამ ძალას შეუძლია ნაკადებად გაიაროს მოჩვენებით ძაფებში (აკა). ეს ძაფები „ასტრალურ ძაფებს“ ჰგავს. მას ასევე შეუძლია გადაიტანოს სუბსტანცია, როცა ერთიდან მეორე ადამიანზე გადადის. მას შეუძლია მიიღოს ცხოველური მაგნეტიზმის ფორმა და შენახულ იქნას ხეში ან სხვა ფოროვან მასალაში. დაბალი ძაბვის ამ ენერგიის მაღალმა მუხტმა, რომელსაც ნება მართავს, შეიძლება დამბლის ან „მესმერული“ ეფექტი გამოიწვიოს, ანუ ცნობიერების დაკარგვა, ძილი ან კატალეფსიის მდგომარეობა.

ტვინის ტალღები, ანუ მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა, რომელსაც ადამიანის ცნობიერი სული აზროვნებისა და ნებელობის ყველა გამოვლინებაში იყენებს. ნების სფეროში გამოყენებული სასიცოცხლო ენერგია მესმერულ ან ჰიპნოტურ ძალას წარმოადგენს - ამ სიტუაციაში ოპერატორის აზროფორმები პაციენტის ცნობიერებას გადაეცემა. სასიცოცხლო ძალის ეს სახე არ გადაადგილდება ნატიფი ძაფებით, როგორც უფრო ნაკლები ძაბვის ძალა (ყოველ შემთხვევაში ასეა მიჩნეული).

სასიცოცხლო ძალის მაღალი ძაბვა (რომელიც დღემდე შეუსწავლელია მეცნიერების მიერ). კაჰუნები ამტკიცებენ, რომ იგი ზეცნობიერების მიერ მისი მიზნებისთვის გამოიყენება. უფრო სავარაუდოა, რომ ესაა ელექტრული ენერგია, რომლის დაძაბულობაც საწყისს იღებს ატომების დაშლისგან.

უჩინარი სუბსტანციის (ეთერულის ან ასტრალურის) სხეულები, რომლებშიც სამი სული იმყოფება. მათი ორი დაბალი ფორმა ჩვეულებრივ შეესაბამება ერთმანეთს და ადამიანის სხეულს მისი ფიზიკური სიცოცხლის პერიოდში. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ორი უჩინარი სხეული ერთმანეთთან რჩება დაკავშირებული, თუ მათ რაიმე უბედური შემთხვევა არ დააშორებს.

არაცნობიერის ნატიფი სხეული. ყველაზე „მკვრივი“ სამ სხეულს შორის. გააჩნია სპეციფიური თვისება - „მიეწეპოს“ ყველაფერს, რასაც ადამიანი ეხება (უსმენს ან ხედავს). როცა უშუალო კონტაქტი წყდება, იგი თავის შემდეგ ტოვებს გრძელ უჩინარ ძაფს, რომელიც ისე აკავშირებს მას ნივთთან, თითქოს მასთან ურთიერთქმედებას განაგრძობდეს. (არაა ცნობილი, თუ რამდენად მაგარია ეს ძაფი, ანუ ეს უჩინარი სუბსტანცია, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე მუდმივობის შემნარჩუნებელი ფიზიკური სუბსტანციები).

კაჰუნების სწავლების თანახმად, ამქვეყნად ყველაფერს მსგავსი ნატიფი სხეულები გააჩნია, იქნება ეს კრისტალები, მცენარეები, ცხოველები, საგნები, და რა თქმა უნდა ადამიანები და ღვთაებები, ასევე ცალკეული აზრები, და ამ ყველაფერს კაჰუნებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ მაგიურ თეორიასა და პრაქტიკებში. ასეთი მოჩვენებისმაგვარი მატერია წარმოადგენს ელექტრული სასიცოცხლო ენერგიის და მისი ძაბვის ძალის სრულყოფილ გამტარს. იგი წარმოადგენს ადგილს, სადაც ასეთი ენერგიის დაგროვებაა შესაძლებელი. როცა მას (სუბსტანციას) დაბალი ძაბვა აღავსებს, იგი უძრავი ხდება და ისეთ ძალას იძენს, რომ შეუძლია შეასრულოს „ბერკეტის“ როლი, ანუ იმ ინსტრუმენტის, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვამოძრავოთ ნივთები, ან რაიმე ზეგავლენა მოვახდინოთ მათზე. მაგალითად, შეგვიძლია მოძრტაობა ვაიძულოთ მაგიდას, სპირიტულ სეანსებზე.

ცნობიერის სულის ნატიფი სხეული. უფრო ნაკლებად მკვრივია, ვიდრე არაცნობიერის სხეული. სავარაუდოდ იგი არაა წებოვანი და არ იწელება ძაფებივით. მას შეუძლია გაატაროს დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ ყოველთვის არ აკეთებს ამას. ამავდროულად, იგი უეჭველად წარმოადგენს საშუალო ძაბვის გამტარს, ანუ მისთვის დამახასიათებელის, რომლის გამოყენებასაც გონის ეს ფორმა ამჯობინებს კიდეც. იგი ქმნის სულიერ სხეულს, რომელიც - მოჩვენების სახით - განაგრძობს ფუნქციონირებას ადამიანის სიკვდილის შემდეგ.

ზეცნობიერის ნატიფი სხეული. ზეცნობიერი სავარაუდოდ ამ უხილავ და ძალიან ნატიფ სხეულში იმყოფება მთელი დროის განმავლობაში. იგი იშვიათად შედის უშუალო კონტაქტში თავის ფიზიკურ სხეულთან. დიდი ალბათობით ამ სხეულს დაბალი თანრიგის ნატიფი სხეულებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნობილი ტერმინების გამოყენება საქმეს გაგვირთულებდა. უფრო მოსახერხებელი იქნება კაჰუნების ტერმინოლოგიიდან აღებული სახელების გამოყენება. ქვემოთ მოგვყავს წინა გვერდებზე ფორმულირებული მაგიის ათი ელემენტის განსაზღვრება იმისთვის, რომ მკითხველმა უფრო მკაფიოდ გამოყოს ისინი. ესაა გამარტივებული დასახელებები ათი ფაქტორისა, რომლებიც კაჰუნების უძველეს ფსიქოლოგიურ სქემას შეადგენენ.

1. დაბალი სული, ანუ დაბალი „მე“ - არაცნობიერი. ეს იზოლირებული სულია.

2. დაბალი მანა, ანუ სასიცოცხლო ენერგიის დაბალი ძაბვა, რომელსაც დაბალი სული იყენებს.

3. დაბალი აკა, ანუ დაბალი „მე“-ს დაბალი ნატიფი სხეული (ასტრალური ან ეთერული სხეულის ანალოგი).

4. საშუალო სული, ანუ შუა „მე“ - ცნობიერი გონება, სული, არსება. წარმოადგენს ცალკე არსებობას და არააა დაბალი „მე“-ს განუყოფელი ნაწილი.

5. საშუალო მანა, ანუ სასიცოცხლო ენერგიის საშუალო დაძაბულობა, რომელსაც მხოლოდ შუა სული იყენებს.

6. საშუალო აკა, ანუ საშუალო ნატიფი სხეული, რომელშიც საშუალო სული იმყოფება.

7. მაღალი სული, ანუ მაღალი „მე“ - ზეცნობიერი. იზოლირებული სული, რომელიც თავისუფლად უკავშირდება საშალო და დაბალ „მე“-ებს. ასრულებს „ზე-მე“-ს, ანუ მფარველი მშობლის სული ფუნქციას.

8. მაღალი აკა, ანუ მაღალი „მე“-ს ნატიფი სხეული, მისი სამკვიდრებელი.

9. მაღალი მანა, ანუ მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა, რომელსაც უმაღლესი „მე“ იყენებს.

10. ადამიანის სხეული - ფიზიკური სხეული, რომელშიც იმყოფებიან დაბალი და საშუალო „მე“-ები თავისი „აკა“-ების მეშვეობით, და რომელიც ამ „მე“-ების მიერ ფიზიკური ცხოვრების განმავლობაში გამოიყენება. მაღალი „მე“ თავისუფლად უკავშირება მას, შესაძლოა აკას ძაფების მეშვეობით, რომლებიც დაბალი „მე“-ს ნატიფი სხეულისგან წარმოიშობა.

ეს კი ზემოთმოყვანილი დასახელებების ჰავაური სახელწოდებებია:

დაბალი „მე“: უნიჰიპილი.

დაბალი სასიცოცხლო ძალა: მანა.

დაბალი ნატიფი სხეული: კინო აკა.

საშუალო „მე“, ანუ სამშვინველი: უჰანე.

სასიცოცხლო ძალის საშუალო დაძაბულობა: მანა-მანა (ყურძნის „რქის“ განტოტვის სიმბოლო), (ფუძის გაორმაგება ხშირად მიანიშნებს გამოთქმის მნიშვნელობის გაძლიერებაზე).

საშუალო ნატიფი სხეული: კინო აკა (არ არსებობს განსხვავება დასახელებაში მასა და დაბალ ნატიფ სხეულს შორის).

მაღალი (უმაღლესი) „მე“, ანუ სული: აუმაკუა (უფრო ძველი მნიშვნელობით „მშობლის სული, რომელიც სრულიად იმსახურებს ნდობას“). არსებობს კიდევ მრავალი სხვა დასახელებაც, რომელიც მაღალ „მე“-ს მის მრავალრიცხოვან ამპლუაში განსაზღვრავს, და სრულიად გასაგებია, რომ კაჰუნები მას დიდ ყურადღებას უთმობდნენ.

სასიცოცხლო ძალის მაღალი ძაბვა: მანა-ლოა (აღნიშნავს ყველაზე მაღალი საფეხურის, ყველაზე ძლევამოსილ ძალას). მაღალი „მე“-ს სიმბოლოს წარმოადგენს მზე, ხოლო მისი ძლევამოსილების სიმბოლოა მზის შუქი.

მაღალი ნატიფი სხეული: კინო აკა. იგივე ტერმინი, რაც ორი დაბალი სხეულისთვის გამოიყენება. ბერბერი კაჰუნები თვლიდნენ, რომ მისი სიმბოლო მთვარეა.

ფიზიკური სხეული: კინო.