long

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი

ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს...

მომდევნო თავები თანდათანობით დაემატება...

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე)


 

თავი 1

მთარგმნელი: მამუკა გურული

აღმოჩენა, რომელსაც შეუძლია მსოფლიო შეცვალოს

ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... თუ რა თქმა უნდა ატომური ბომბის აფეთქება სამუდამოდ არ გააჩერებს ცივილიზაციის განვითარებას.

ახალგაზრდობაში ბაპტისტი ვიყავი, მაგრამ ხშირად ბავშობის მეგობრებთან ერთად ვესწრებოდი ღვთისმსახურებას კათოლიკურ ტაძარში. მოგვიანებით, მოკლე პერიოდის განმავლობაში „ქრისტიანულ მეცნიერებას“ ვსწავლობდი. უფრო დიდი ხნის განმავლობაში თეოსოფიას ვსწავლობდი და ბოლოს, ჩემთვის მისაწვდომი ლიტერატურის წყალობით თითქმის ყველა რელიგიას გავეცანი.

ცოდნის ამ მარაგით და ფსიქოლოგის დიპლომით 1917 წელს ჰავაის ვეწვიე, სადაც მასწავლებლად უნდა მემუშავა. ამან საშუალება მომცა, რომ იმ დროს მოქმედ ვულკან კილაუეასთან ახლოს დავსახლებულიყავი, რომლის მონახულებაც რაც შეიძლება ხშირად მინდოდა.

maxfreedomlong

ჰონოლულუ დავტოვე და მცირე გემით ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ჩემს სკოლამდე ჩავაღწიე. იგი განთავსებული იყო სამ ოთახში, სახლში, რომელიც მდებარეობდა უკაცურ ველზე შაქრის უზარმაზარ პლანტაციასა და დიდ ფერმას შორის, რომლებზეც ჰავაელები მუშაობდნენ. ფერმა და პლანტაცია თეთრ ადამიანს ეკუთვნოდა, რომელმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ კუნძულებზე გაატარა.

ორი მასწავლებელი, ჩემი ხელქვეითები, აბორიგენები იყვნენ, და ცხადია, რომ მოკლე დროში ბევრი რამ გავიგე მათი ჰავაელი მეგობრების შესახებ. ამ დროს პირველად მოვისმინე ფრთხილი საუბრები ადგილობრივი მაგების, კაჰუნების ანუ საიდუმლოს მცველების შესახებ.

მათ გააღვიძეს ჩემი ცნობისმოყვარეობა, და კითხვების დასმა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ გარშემომყოფებს ეს კითხვები არ სიამოვნებდათ. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ გარდა აბორიგენების ყოველდღიური, ჩვეული ცხოვრებისა, არსებობდა კიდევ რაღაც საიდუმლო და უცხო თვალთაგან დაფარული ცხოვრება. მე გავიგე, რომ მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მისიონერებმა კუნძულებზე ძლიერი პოლიტიკური გავლენა მიიღეს, კაჰუნები კანონ-გარეშე გამოაცხადეს. ამიტომ მთელი მათი საქმიანობა საიდუმლო გახდა, ყოველ შემთხვევაში თეთრებისთვის.

ინფორმაციის მიღების სირთულეები და აბორიგენების არაკეთილგანწყობა უფრო აღვივებდა ჩემს სურვილს, ახლოს გავცნობოდი ამ საოცარ პრაქტიკებს ბნელი ცრურწმენის გემოთი. თვითმხილველების მონაყოლი ამბები, რომლებიც ხშირად უაზრობებს და სისულელეებს შეიცავდნენ, ისე მოქმედებდნენ ჩემზე, როგორც ცხარე სანელებელი მოქმედებს პირის ღრუზე. სულები თავხედურად დააბიჯებდნენ კუნძულზე, და ეს მხოლოდ გარდაცვლილი ჰავაელების სულები არ იყვნენ, არამედ მცირე ღვთაებებიც. ამბობენ, რომ ვულკანების ქალღმერთი, პელე, აბორიგენებს უცნაური მოხუცი ქალის სახით სტუმრობდა. იგი თამბაქოს ითხოვდა, და ადგილობრივებიც ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე აძლევდნენ მას.

არსებობდა ასევე ისტორიები მაგიის მეშვეობით შესრულებული სასწაულებრივი განკურნებების შესახებ, ადამიანთა მაგიური გარდაცვალების შესახებ, რომლებიც დამნაშავენი იყვნენ მოყვასთა მიმართ ბოროტ ქმედებებში; ასევე საუბრობდნენ იმაზე, რაც ჩემთვის ყველაზე საოცარი იყო, რომ მაგიის გამოყენება ადამიანის მომავლის წინასწარმეტყველებისთვის შეიძლება, და ასევე შეიძლება ამ მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ იგი არასასურველი იყო. ამ პრაქტიკას თავისი ჰავაური სახელწოდება ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის გასაგებად მითარგმნეს, როგორც „სასიკეთო ვითარებების შექმნა“.

ახალგაზრდობაში სიფხიზლის და რაციონალიზმის კარგი სკოლა გავიარე, ამიტომ მიდრეკილება მქონდა - ეჭვით შემეხედა ყველაფრისთვის, რასაც ცრურწმენის და ფანტაზიების სუნი ასდიოდა. კიდევ უფრო მეტად გავმყარდი ჩემს შეხედულებაში, როდესაც ჰონოლულუს ბიბლიოთეკიდან ავიღე რამდენიმე წიგნი, რომლებიც კაჰუნებზე იმ დროს არსებულ ყველა ინფორმაციას შეიცავდნენ. ყველა ცნობიდან, რომლებიც ძირითადად ჰავაიზე ასი წლის წინ ნამყოფი მისიონერების მიერ იყო დაწერილი, გამომდინარეობდა ერთი დასკვნა: კაჰუნები - ესენი არიან შარლატანების ბანდა, რომლებიც ურცხვად ატყუებენ ცრუმორწმუნე ადგილობრივებს. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მისიონერები ჰავაიზე ჩავიდოდნენ, 1820 წელს, არქიპელაგის რვა კუნძულზე ნაპოვნი იქნა დიდი ქვის პლათფორმები გროტესკული ხის ფიგურებით და ქვის საკურთხევლებით, რომლებზეც ოდესღაც მსხვერპლს სწირავდნენ, მათ შორის ადამიანებსაც. ყოველ საკურთხეველს და ყოველ ადგილს თავისი კერპები ჰყავდათ. ტომების ბელადებსაც კი თავისი საკუთარი კერპი ჰყავდათ, ხოლო მთელი მხარის სახელგანთქმულ დამპყრობელს - კანეამეას - თავისი პირადი ომის ღმერთი ჰყავდა, საშინელი ფიზიონომიით: გადმოკარკლული თვალებით და ზვიგენის კბილებით.

იმ სკოლასთან შორიახლოს, სადაც მასწავლებლად უნდა მემუშავა, იმყოფებოდა ოდესღაც ძლევამოსილი სიწმინდე. ყოველ წელს მღვდელმსახურები პროცესიას ატარებდნენ ამ ადგილიდან და შემოწირულობებს იღებდნენ.

კერპების კულტის ერთ-ერთი თავისებურება იყო კაჰუნების მიერ დაწესებული ტაბუს საგანთა დიდი რაოდენობა. თითქმის არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, თუ ტაბუს არ ასწევდნენ და მღვდელმსახურებისგან ნებართვას არ ითხოვდნენ. იმ დროს, როცა მღვდელმსახურებს ბელადების მხარდაჭერა ჰქონდათ, ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრება ძალიან რთული იყო. მღვდელმსახურების გავლენა იმდენად ძლიერი გახდა, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობა კი იმდენად უხეში, რომ მისიონერების ჩასვლამდე ერთი წლით ადრე მთავარმა კაჰუნამ, ჰევაევამ სთხოვა მოხუც დედოფალს და ახალგაზრდა პრინცს ნებართვა, რომ გაენადგურებინათ ყველა კერპი, დაემსხვრიათ ტაბუს ყველა საგანი და აეკრძალათ კაჰუნებისთვის ყოველგვარი პრაქტიკა. მან თანხმობა მიიღო, და ყველა კაჰუნა თავისი ნებით შეუერთდა კერპების დაწვის პროცესს, რომლებიც ხისგან და ბუმბულებისგან შედგებოდნენ.

წიგნებმა კაჰუნების შესახებ ძალიან გამიტაცა. მათ დამარწმუნეს იმაში, რომ უმაღლესი ქურუმი, ჰევაევა, ძალიან ბრძენი ადამიანი იყო. მას დიდი სულიერი პოტენციალი ჰქონდა და მომავლის განჭვრეტა შეეძლო. ამან საშუალება მისცა მას, რომ კამეამა I-ის მრჩეველი გამხდარიყო იმ საომარი კამპანიის დროს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დანარჩენი ბელადების დაპყრობით დასრულდა. კუნძულები ერთი მმართველობის ქვეშ გაერთიანდა.

ჰევაევა გახლდათ სანიმუშო მაგალითი ტიპიური ჰავაელისა უმაღლესი სფეროებიდან, რომელსაც ადვილად შეეძლო ახალი იდეების ათვისება და მათი ცხოვრებაში განხორციელება. საზოგადოებამ, რომელსაც იგი ეკუთვნოდა, გააოცა მსოფლიო, როდესაც მოიხსნა რა ლოკალური კულტურის ვიწრო ქვედაბოლო, თანამედროვე ცივილიზაციის მდიდრული ტანსაცმლით შეიმოსა, და ეს სულ რაღაც ერთ თაობაში მოხდა.

ჰევაევამ ხუთი წლის განმავლობაში შეცვალა თავისი ჩვეულებები, აზროვნება და მსოფლმხედველობა თეთრი ადამიანებისთვის მახასიათებელი მსოფლმხედველობით. მაგრამ ამასთან ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. როცა კონსერვატული ხანდაზმული კემაემა გარდაიცვალა, ჰევაევამ მომავალში გაიჭვრიტა, და დანახულმა ჩააფიქრა. მან დაინახა თეთრი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცოლებთან ერთად ჰავაიზე მოდიოდნენ, რათა აბორიგენებისთვის თავიანთი ღმერთის შესახებ ცოდნა შთაეგონებინათ. მან დაინახა ასევე ადგილი რვიდან ერთ-ერთი კუნძულის სანაპიროზე, სადაც ისინი უნდა გადმომსხდარიყვნენ, რათა სამეფო ოჯახის წევრებს შეხვედროდნენ.

მთავარი ქურუმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო. იგი ალბათ ხშირად საუბრობდა თეთრ მეზღვაურებთან, რომლებიც დიდი ხანია კუნძულებს სტუმრობდნენ, და მათგან შეიტყო, რომ თეთრი მღვდელმსახურები ეთაყვანებოდნენ იესოს, რომელიც მათ სასწაულების ჩადენას და მკვდრების აღდგენასაც კი ასწავლიდა. თავად იესოც აღსდგა სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ. უეჭველია, რომ ეს ამბები შემკული იყო დეტალური ცნობებით, რათა ჰავაელზე ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა.

ჰევაევა, იყო რა დარწმუნებული იმაში, რომ თეთრებს მაღალი კლასის გზები, იარაღი, გემები და მანქანები ჰქონდათ, მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი ასევე მაგიის უფრო მაღალ ფორმასაც ფლობდნენ. იგრძნო რა საფრთხე, რომელიც კაჰუანიზმის სიწმინდეებს ემუქრებოდათ, მან დაუყოვნებლივ გადაწყვიტა „გაეწმინდა სცენა“ თეთრი კაჰუნების ჩამოსვლამდე. მან ბრძანა, რომ მიწასთან გაესწორებინათ ყველა სიწმინდე. მათგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა, როცა 1820 წლის ოქტომბერში, სწორედ იმ ადგილას, იმ სანაპიროზე, რომელზეც თავის დროზე ჰევაევამ მიუთითა თავის მეგობრებს და სამეფო ოჯახს, გადმოსხდნენ მისიონერები ახალი ინგლისიდან.

ჰევაევა სანაპიროზე შეხვდა მათ და მშვენიერი მისასალმებელი სიტყვა მიუძღვნა ლექსების სახით, რომლებიც ჩამოსულთა საპატივცემულოდ შეთხზა. ამ მიმართვაში მან შეფარულად ახსენა უცხოტომელთა მაგია, და დაამატა, რომ თავადაც ძლიერ მაგს წარმოადგენდა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ მიესალმა ახალ სამღვდელოებას და მათ „ღმერთებს შორეულ ღრუბლებს მიღმა სიმაღლეებიდან“.

სამეფო ოჯახთან ოფიციალური ვიზიტების შემდეგ, მისიონერები გაგზავნილ იქნენ ცალკეულ კუნძულებზე, რათა იქ თავიანთი საქმიანობა დაეწყოთ. ჰევაევამ გადაწყვიტა შეერთებოდა ჯგუფს, რომელიც ჰონოლულუზე წავიდა. იგი მაშინვე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც, როგორც მალე აღმოჩნდა, თეთრმა კაჰუნებმა არანაირი მაგია არ იცოდნენ. ისინი ისეთივე უმწეონი იყვნენ, როგორც დამწვარი ხის კერპები. ბრმები, ავადმყოფები და კოჭლები, დახმარების სათხოვნელად მოდიოდნენ მათთან და იმედგაცრუებულები ბრუნდებოდნენ. აქ რაღაც რიგზე ვერ იყო. ადგილობრივ კაჰუნებს გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ თავიანთი კერპების მეშვეობით, და მათ გარეშეც კი.

aa kamehameh dynasty 3 e

(ფოტოზე: ლილიუოკალანი - კამეჰამეჰას დინასტიის ბოლო წარმომადგენელი)

რაღაც დროის შემდეგ გაირკვა, რომ ახალ „ქურუმებს“ საკურთხევლები სჭირდებოდათ. ჰევაევამ და მისმა ხალხმა, იმედით აღვსილებმა, ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. დიდი დრო გავიდა, სანამ შენობა დასრულდებოდა. მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს იგი დასრულებული და ნაკურთხი იქნა, აღმოჩნდა, რომ მისიონერებს კვლავაც არ შეეძლოთ ავადმყოფების განკურნება, რომ აღარაფერი ვთქვათ მკვდრების გაცოცხლებაზე, რასაც მათგან ყველა ელოდა.

ჰევაევა საკვებს აწვდიდა მღვდლებს და ძალიან დაუახლოვდა მათ. თავიდან ისინი ხშირად მოიხსენიებდნენ მათ თავიანთ წერილებში და ჩანაწერებში. მაგრამ მალე, ვაიოჰინში ტაძრის დასრულების შემდეგ, მისი სახელი მისიონერული მოხსენებების გვერდებიდან გაქრა. მღვდლები მოითხოვდნენ, რომ მას ქრისტიანობა მიეღო და ძველი რწმენისთვის ეღალატა. მან უარი თქვა, და როგორც შეგვეძლო გვევარაუდა იმ მაგიას დაუბრუნდა, რომელიც იცოდა. იგი ურჩევდა თავის მეგობარ კაჰუნებს, რომ ერთგულნი დარჩენილიყვნენ ძველი ჩვეულებებისადმი და სამკურნალო პრაქტიკებისადმი.

რამდენიმე წლის შემდეგ ტომის ბელადებმა ქრისტიანული ჰიმნების გალობა ისწავლეს, ასევე ისწავლეს კითხვა, წერა და ის ყველაფერი, რაც ცივილიზებული ხალხის გზაზე დააყენებდა მათ. ამავდროულად მისიონერებმა კაჰუნები კანონგარეშედ გამოაცხადეს.

ეს უკანასკნელნი თუმც კი კანონგარეშე იყვნენ, ვერცერთი ჰავაელი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე, რომელიც საღ აზრზე იმყოფებოდა, ვერ გაბედავდა კაჰუნას დაპატიმრებას, რადგან იცოდა, რომ მას იდუმალი ძალა ჰქონდა. მაგია თეთრების „ზურგსუკან“ ვითარდებოდა. ამ დროს შენდებოდა ახალი სკოლები, და ჰავაელებმა საოცრად მოკლე დროში მოიპოვეს ცივილიზაციის სხვადასხვა ატრიბუტები: მონაწილეობას ღებულობდნენ ყოველდღიურ ღვთისმსახურებებში, მღეროდნენ და ლოცულობდნენ რაც შეიძლება ხმამაღლა, ორშაბათობით კი დიაკვანთან დადიოდნენ (რომელიც, როგორც ჩანს, სხვა დღეებში კაჰუნა იყო), რათა მას განეკურნა ისინი და შეეცვალა მათი მომავალი, თუკი მოცემულ მომენტში ცუდი ვითარებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

კუნძულების უკაცრიელ ადგილებზე კაჰუნები ღიად იყენებდნენ თავიანთ ხელობას. ვულკანთან ახლოს ზოგიერთი მათგანი კვლავინდებურად აპრაქტიკებდა მსხვერპლშეწირვებს ქალღმერთ პელესადმი. ზოგიერთი ტურისტებს გიდად ემსახურებოდა და ანცვიფრებდა მათ თავისი მაგიური ხელოვნებით, რის შესახებაც დაწვრილებით მომდევნო გვერდებზე იქნება მოთხრობილი.

დავუბრუნდეთ ჩემს ისტორიას. ბიბლიოთეკაში აღებული ყველა წიგნი წავიკითხე და დავეთანხმე მათ ავტორებს იმაში, რომ კაჰუნებმა არ იცოდნენ არანაირი ნამდვილი მაგია. კვლავაც კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ ყველა ამბავი, რომელიც მოვისმინე, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო.

შემდეგ კვირაში ახალგაზრდა ჰავაელი გავიცანი. სკოლაში მეცადინეობების დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ თავისი მაღალი ცნობიერება გამოევლინა და დაენგრია ერთი ადგილობრივი ცრურწმენა, რომელიც კრძალავდა მიტოვებულ, დანგრეულ საკურთხეველში შესვლას, და ამით მის წაბილწვას. მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ დემონსტრაციამ მოულოდნელი შედეგი გამოიღო. ჩემმა თანამგზავრმა უეცრად იგრძნო, რომ ფეხები არ ემორჩილებოდა. როცა ძალიან გაჭირვებით გამოაღწია საკურთხევლიდან, მეგობრებმა სახლში წაიყვანეს იგი. ექიმი პლანტაციიდან ვერ დაეხმარა მას, და მხოლოდ მოწვეულმა კაჰუნამ შეძლო მისი განკურნება. მე არ მჯეროდა ამ ისტორიის, მაგრამ არც იმის შესაძლებლობა მქონდა, რომ სიმართლე გამეგო.

kahuna1

რამდენიმე ხანდაზმული მეზობელი გამოვკითხე, თუ რას ფიქრობდნენ კაჰუნებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი როგორც ყოველთვის მირჩევდნენ, რომ ამ საქმეებში ცხვირი არ ჩამეყო. ასევე გამოვკითხე განათლებული ჰავაელები, მაგრამ ესეც უშედეგოდ სრულდებოდა. ისინი უბრალოდ პასუხის ღირსად არ მთვლიდნენ - ან უბრალოდ იცინოდნენ ჩემს კითხვებზე, ან საერთოდ მათ იგნორირებას ახდენდნენ.

ასეთი ვითარება მთელი სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდა. ყოველ წელს სკოლებს ვიცვლიდი. ყოველ ჯერზე ვხვდებოდი კუნძულის რომელიმე კუთხეში, სადაც ადგილობრივების ცხოვრება სადღაც „ზედაპირიდან ღრმად“ მიედინებოდა, ჩემი თვალებისგან დაფარულად. ჩემი ჰავაიზე ყოფნის მესამე წელს აღმოვჩნდი სიცოცხლისმოყვარე მცირე პლანტატორებისა და მეთევზეების გარემოცვაში, მცირე საზოგადოებაში, რომელიც სანაპიროზე, მთებთან ახლოს ცხოვრობდა.

მალე მე გავიგე, რომ ერთი სასიამოვნო ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც იგივე მცირე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მე ვცხოვრობდი, მისიონერი იყო და ყოველ კვირას უკითხავდა ქადაგებებს ჰავაელების იმ მხარეში ყველაზე მრავალრიცხოვან საზოგადოებას. მოგვიანებით მითხრეს, რომ იგი არ იყო დაკავშირებული არც მისიონერულ ეკლესიებთან, და არც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. იგი დამოუკიდებლად მოქმედებდა. იგი მეტისმეტად სერიოზულად ეკიდებოდა თავის მისიონერულ საქმეს და ადვილად ბრაზდებოდა. მოგვიანებით მე შევიტყვე, რომ იგი იყო იმ ადამიანის ქალიშვილი, რომელსაც ოდესღაც უნდოდა თავისი ქრისტიანული ლოცვების ძალა გამოეცადა ადგილობრივი კაჰუნას მაგიასთან შედარებით. ამ უკანასკნელმა მიიღო გამოწვევა და დაიფიცა, რომ სიკვდილს გამოიძახებდა ჰავაელების მთელი თემისთვის, მისი ყოველი წევრისთვის ცალ-ცალკე, რათა ამ მეთოდით დაემტკიცებინა, რომ მისი რწმენები უფრო ქმედითი და ჭეშმარიტებასთან ახლოს მყოფი იყო, ვიდრე ქრისტიანული ცრურწმენები.

მე დღიურიც კი წავიკითხე ამ ენთუზიასტი, მაგრამ უგუნური ქრისტიანისა, სადაც იგი ერთიმეორეს მიყოლებით აფიქსირებდა თემის წევრების სიკვდილს, შემდეგ კი მათ მოულოდნელ გაქცევას, ვინც ცოცხალი რჩებოდა. დღიურში რამდენიმე დაუწერელი გვერდი იყო, და წყვეტა იყო თარიღებს შორის. მისიონერის ქალიშვილმა ამიხსნა, რომ სასოწარკვეთილმა მამამისმა მიატოვა თავისი მრევლი, ისწავლა მაგიის გამოყენება და სიკვდილის შელოცვა და ეს შელოცვა ზემოხსენებული კაჰუნასკენ მიმართა. კაჰუნა არ ელოდა, რომ საკუთარი იარაღითვე შეუტევდნენ და არანაირი თავდაცვის ზომა არ მიუღია. იგი სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

საზოგადოების ცოცხლად დარჩენილი წევრები ეკლესიის წიაღს დაუბრუნდნენ... დღიურში სიხარულით იყო აღნიშნული მათი დაბრუნება. მაგრამ თავად მისიონერი ამის შემდეგ შეიცვალა. იგი მისიონერული ორგანიზაციის უახლოეს საიდუმლო სხდომაზე წავიდა ჰონოლულუში და თქვა ან ჩაიდინა რაღაც ისეთი, რაზეც მკითხველისთვის ყველა მისაწვდომი მასალა დუმს. შესაძლოა, იგი მხოლოდ პასუხობდა მისიონერებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მან დაიფიცა, რომ აღარასოდეს მივიდოდა კონკლავზე, და სიტყვა შეასრულა. თუმცაღა, ჰავაელები მიხვდნენ, რა მოხდა. ჰავაის პრინცესამ ნახევარი მილის სიგანის მიწა შესწირა მას, რომელიც სანაპიროდან მთის მწვერვალებამდე იყო გაჭიმული. აქ, სანაპიროზე, სადაც თითქმის ორმოცდაათი წლის წინ გემიდან ჩამოვიდა და მოკლულ იქნა კაპიტანი კუკი, ამ კუნძულის ერთ-ერთი უმშვენიერესი საკურთხევლის ნანგრევები შემორჩენილიყო. მისგან ყოველ წელს ეშვებოდა პროცესია კერპების ფიგურებით. პროცესია მოძრაობდა გზაზე, რომელსაც დღემდე „ღმერთების ბილიკს“ ეძახიან. სანაპიროსგან ცოტა მოშორებით, მაგრამ იგივე ტერიტორიაზე, იდგა აბორიგენების მიერ მარჯნის რიფებისგან აშენებული მცირე ეკლესია. სწორედ აქ, სამოცი წლის შემდეგ, მისიონერის ქალიშვილი ყოველ დილას ქადაგებდა.

კუნძულებზე ჩემი ყოფნის მეოთხე წლის დასაწყისში ჰონოლულუზე გადავედი. როცა იქ კარგად მოვეწყვე, ცოტა დრო ვიპოვნე, რომ საეპისკოპოსო მუზეუმი მომენახულებინა, ცნობილი დაწესებულება, რომელიც დაფუძნებული იყო ჰავაის სამეფო ოჯახის მიერ და რომლის შემოსავლის ნაწილიც ჰავაელი ბავშვების განათლებას ხმარდებოდა.

ჩემი ვიზიტით მინდოდა მეპოვნა ვინმე ისეთი, ვინც უფრო კეთილსინდისიერ ინფორმაციას მომაწვდიდა კაჰუნების შესახებ. ეს საკითხი ისე მაღელვებდა, რომ გაურკვევლობა უკვე აუტანელი ხდებოდა. მე გაბრაზებული ვიყავი და ნებისმიერ ფასად მინდოდა მეპოვნა საბოლოო და ამომწურავი ახსნა. გაგებული მქონდა, რომ მუზეუმის მმართველმა თავისი ცხოვრების მრავალი წელი მიუძღვნა ჰავაური წეს-ჩვეულებების შესწავლას, ამიტომ იმედი მქონდა, რომ მისგან გავიგებდი ჭეშმარიტებას, რომელიც მიუკერძოებლად და მეცნიერული ფორმით გადმოცემულ ფაქტებს ეყრდნობოდა.

შესასვლელთან მე გავიცანი მომხიბვლელი ჰავაელი ქალი, ქალბატონი უები. მე გულწრფელად მოვუყევი ჩემი ვიზიტის მიზნის შესახებ. რაღაც პერიოდი იგი ყურადღებით მაკვირდებოდა, რის შემდეგაც მიპასუხა: «ჯობია ზემოთ ახვიდეთ, დოქტორ ბრიგჰემთან. ის თავის კაბინეტშია, ერთი სართულით მაღლა».

William Brigham

დოქტორმა ბრიგჰემმა თავი ასწია საწერი მაგიდიდან, სადაც ლუპით რაღაც ბოტანიკურ მასალას აკვირდებოდა. მან მეგობრულად შემომხედა თავისი ცისფერი თვალებით. დოქტორი დიდი მეცნიერი იყო, ავტორიტეტი თავის სფეროში, მას იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ბრიტანულ მუზეუმში კვლევების მაღალი ხარისხისა და გამოცემული ნაშრომების გამო. იგი 82 წლის იყო, მაღალი, წვერით და მელოტი თავით. იგი საოცრად მდიდარ და მრავალმხრივ ცოდნას ფლობდა და სანტა-კლაუსს ჰგავდა (იხილეთ სტატია „Who’s Who in America“, უილიამ ტაფტს ბრიგჰემი).

დოქტორმა დაჯდომა შემომთავაზა. მე გავეცანი და დავიწყე ჩემი მისვლის მიზეზების ახსნა. იგი ყურადღებით მისმენდა, კითხვებს მისვამდა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებზეც მსმენოდა, იმ ადგილებზე, რომლებშიც მიცხოვრია, და ადამიანებზე, რომლებიც გავიცანი.

ჩემს კითხვებზე კაჰუნებთან დაკავშირებით, იგი კითხვებით მპასუხობდა. მეკითხებოდა, თუ რა დასკვნებამდე მივედი ჩემი ძიებების შედეგად. მე ავუხსენი, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ეს ყველაფერი ცრურწმენაა, რომლებიც შთაგონების მეშვეობით მოქმედებენ ან რაღაც შხამის გამოყენებით, რომელიც ცნობიერებას ბინდავს. თუმცაღა ვაღიარე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სიამოვნებით ვისაუბრებდი ვინმესთან, ვინც სწორ ინფორმაციას მომაწვდიდა და ამით დამეხმარებოდა, რომ ჩემი მტანჯველი ეჭვები გამეფანტა.

მცირე პაუზა ჩამოწვა, რის შემდეგაც მისტერ ბრიგჰემმა კითხვები დამაყარა. მეჩვენებოდა, რომ მას დაავიწყდა ჩემი ვიზიტის მიზანი. მთელი ყურადღება მან ჩემი პიროვნების შესწავლას დაუთმო. მას სურდა გაეგო, რა განათლება მქონდა, რა მქონდა წაკითხული, სად მქონდა მიღებული განათლება და რას ვფიქრობდი რიგ საკითხებზე, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ იმ კითხვებთან, რომლებიც ცოტა ხნის წინ დავუსვი.

უკვე მოთმინებას ვკარგავდი, როცა მან მოულოდნელად ისე მკაცრად შემომხედა, რომ შემეშინდა.

- შემიძლია თუ არა გენდოთ, რომ საიდუმლოდ შეინახავთ ყველაფერს, რასაც ახლა გეტყვით? - მკითხა დოქტორმა. - მე გარკვეული ავტორიტეტი მაქვს მეცნიერებაში და მინდა, რომ შევინარჩუნო იგი, - გამიღიმა მან, - მიუხედავად ჩემი ხანდაზმული ასაკისა.

მე დავარწმუნე იგი, რომ მის მიერ ყოველივე თქმული მისი კაბინეტის კედლებს არ გასცდებოდა, და მოლოდინით გავშეშდი.

იგი გარკვეული დრო ფიქრობდა, რის შემდეგაც ნელა დაიწყო მოყოლა:

- ორმოცი წლის განმავლობაში მე შევისწავლიდი კაჰუნებს, რათა თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე მეპასუხა. რა თქმა უნდა, კაჰუნები იყენებენ ძალას, რომელსაც თქვენ მაგიას უწოდებთ. კურნავენ, კლავენ, მომავალს ხედავენ და კლიენტის სურვილების შესაბამისად ცვლიან მას. მათ შორის ბევრი შარლატანია, მაგრამ გვხვდებიან ნამდვილი გენიებიც. ზოგი იმისთვისაც კი იყენებდა მაგიას, რომ ცეცხლზე ევლო, გავარვარებულ ლავაზე, რომელიც მხოლოდ იმდენად იყო გამაგრებული, რომ ადამიანის წონისთვის გაეძლო... - მან უეცრად შეწყვიტა, თითქოს შეეშინდა, რომ მეტისმეტად ბევრი თქვა. თავისი მოძრავი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ნახევრად დაშვებული ქუთუთოების ქვემოდან მაკვირდებოდა.

ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ამ დროს რაღაც „მადლობის“-მაგვარი ჩავილუღლუღე, სკამიდან წამოვდექი და ისევ დავჯექი. ალბათ სრულიად უაზროდ ვუყურებდი მას იდიოტურად დიდი ხნის განმავლობაში. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემს აფრებს ქარი აღარ უბერავდა. მან ის საძირკველი გამომაცალა, რომელსაც ასე მყარად ვაგებდი სამი წლის განმავლობაში. იმედი მქონდა, რომ კაჰუნების ოფიციალურ უარყოფას მოვისმენდი, რაც საბოლოოდ დამახურინებდა კაჰუნების თემას, და უკვე გარანტიას ვაძლევდი საკუთარ თავს, რომ აღარასოდეს დავუბრუნდებოდი ამ საკითხს, და ყველა ამ ცრურწმენას. ახლა კი კვლავ გზაგასაყარზე აღმოვჩნდი და უკვე ყელამდე კი არა, ყურებამდე ან თხემამდე ჩავეფალი საიდუმლოს სიღრმეში.

როგორც ჩანს რაღაცის თავმოუბმელად ლაპარაკი დავიწყე - ზუსტად რის, მოგვიანებით ვერაფრით გავიხსენე. მახსოვს მხოლოდ, რომ შედეგად შევძელი გამომეწურა საკუთარი თავისგან:

- ცეცხლზე სიარული? ცხელ ლავაზე? ამაზე არასოდეს მსმენია... - წამით შევყოყმანდი. - როგორ აკეთებენ ამას?

დოქტორმა ფართოდ გაახილა თვალები, შემდეგ მოხუჭა, მისი წარბები კი თითქმის მელოტ თავამდე ავიდა. ჭაღარა წვერმა თრთოლა დაიწყო, იგი კვლავ გადაწვა სკამის საზურგეზე, და აუტყდა ხარხარი, რომელმაც კედლები შეძრა. იგი ისე ძლიერ იცინოდა, რომ ვარდისფერ ლოყებზე ცრემლები წამოუვიდა.

- ბოდიშს ვიხდი, - როგორც იქნა სული მოითქვა და მეგობრულად დამარტყა ხელი მუხლზე. თან მეორე ხელით ცრემლებს იწმენდდა. - თქვენმა კითხვამ ასე გამაცინა, რადგან მე თვითონ ორმოცი წლის განმავლობაში ვეძებდი ამ კითხვაზე პასუხს - და უშედეგოდ.

ამგვარად, უნდობლობის ყინული გალღვა. და თუმცა ყრუ და განგაშისმაგვარი შეგრძნება მქონდა, რომ კვლავ იმ პრობლემების მორევში მოვხვდებოდი, რომლებისგანაც გაქცევა მინდოდა, ჩვენ საუბარი დავიწყეთ.

მოხუცი მეცნიერი ოდესღაც ასევე მასწავლებელი იყო. მას ჰქონდა ნიჭი, რომ მარტივად და გასაგებად ეწარმოებინა დისკუსიები ყველაზე რთულ თემებზე. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მივხვდი, რომ იმ მომენტში მან გზა მიმითითა, თავის თანამზრახველად მაღიარა. როგორც ძველმა ბიბლიურმა ელიამ, მან მანტია მომახურა მხრებზე და თავის მსახურად მაქცია მანამ, სანამ სამუდამოდ წავიდოდა.

მოგვიანებით იგი მიყვებოდა, რომ უკვე დიდი ხანია ეძებდა ვინმე ახალგაზრდას, ვისაც მთელ თავის მეცნიერულ ცოდნას გადასცემდა და მის მიერ მაგიის ახალ და შეუსწავლელ სფეროში აღმოჩენილ საიდუმლოებებს გაანდობდა. არაერთხელ, ჩახუთულ ღამეს, როცა იმედგაცრუებას და უნდობლობას ვგრძნობდი მაგიის საიდუმლოებების ამოხსნის მიმართ, იგი მეუბნებოდა:

- ჩვენ ჯერ პირველი ნაბიჯი ძლივს გადავდგით. ის, რომ მე უკვე ვეღარ შევძლებ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც მაღელვებს, არ ნიშნავს, რომ შენ ვერ იპოვნი მათ. დაფიქრდი, რამდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დაიბადა მეცნიერება - ფსიქოლოგია. ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს ქვეცნობიერი. ყურადღება მიაქციე იმ ახალ მოვლენებს, რომლებიც ყოველ თვეში ფიქსირდება პარაფსიქოლოგიურ კვლევათა საზოგადოების წევრების მიერ. იმუშავე ამაზე დაუღალავად. ძნელია იმის თქმა, თუ როდის იპოვი გამოცანის გასაღებს, და როდის დაგვეხმარება რაიმე ახალი აღმოჩენა იმის გაგებაში, თუ რატომ იცავდნენ კაჰუნები თავის უჩვეულო რიტუალებს, და რა ხდებოდა მაშინ მათ ცნობიერებაში.

შემდეგ ჯერზე დოქტორმა თავისი სულის საიდუმლო საცავები გამიხსნა. ეს იყო დიდი, და ამავდროულად უბრალო ადამიანის სული. ეს, უკვე ძალიან მოხუცი ადამიანი, თითქმის ბავშვური სიჯიუტით და რწმენით, კაჰუნების საიდუმლოს ამოხსნისკენ ისწრაფვოდა. მაგრამ ცხადი იყო, რომ მისი ცხოვრების ქვიშის საათში ქვიშა მანამდე დაიცლებოდა, სანამ საწადელს აისრულებდა. კაჰუნებმა უკვე შეწყვიტეს თავიანთი შვილებისთვის უძველესი ცოდნის საიდუმლოებების გადაცემა, - ცოდნის, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემოდა, საიდუმლოს ბოლომდე შენახვის ფიცთან ერთად.

ისინი, ვინც მყისიერად კურნავდა, ცეცხლზე სიარული და მომავლის შეცვლა შეეძლო, ჯერ კიდევ 1900 წლამდე გარდაიცვალნენ. ბევრი მათგანი დოქტორის ძველი მეგობარი იყო. იგი მარტოხელა მსახიობივით დარჩა სცენაზე, სადაც ახლა ამდენი რამის შესრულება იყო საჭირო. და ამავდროულად, მის გონებაში ქაოსი სუფევდა. მის თავში არ ლაგდებოდა ის, რომ მიუხედავად კაჰუნებზე ამდენ წლიანი დაკვირვებისა, მათთან მეგობრობისა, და იმისა, რომ მათი მეშვეობით ცეცხლზეც კი გაიარა, მცირედი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, თუ რას ეფუძნებოდა მათი მაგიური მოქმედება - გარდა სიკვდილის შელოცვისა, რომელიც, როგორც მან ამიხსნა, არ წარმოადგენდა ჭეშმარიტ მაგიას, არამედ მაღალი დონის სპირიტუალური მოვლენა იყო.

ზოგჯერ ვერანდაზე ვიჯექით მსუბუქად მხრჩოლავ აბედთან ერთად, რომელიც კოღოებისგან გვიცავდა. დოქტორი მანამდე განხილულ თემებს უბრუნდებოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი კარგად დავიმახსოვრე. ბოლოს იგი ხშირად ამბობდა ხოლმე:

- შემიძლია დავამტკიცო, რომ კაჰუნების მაგიის ვერცერთი არსებული ახსნა ვერ უძლებს კრიტიკას. მაგიის ეს სახე არაა დაფუძნებული არც შთაგონებაზე, და საერთოდ არაფერზე, რაც ფსიქოლოგებისთვისაა ცნობილი. კაჰუნები იყენებდნენ ძალას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს, და იგი რაღაც უსაზღვროდ მნიშვნელოვანია. ჩვენ უბრალოდ უნდა აღმოვაჩინოთ იგი, და ეს აღმოჩენა მსოფლიოს გადაატრიალებს. იგი ყველა არსებულ მეცნიერულ ცნებას შეცვლის, დაალაგებს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფ რელიგიურ რწმენებს...

- გახსოვდეს, - მეუბნებოდა იგი, - როცა მაგიით დაკავდები, ყოველთვის გაითვალისწინე სამი რამ. უნდა არსებობდეს ცნობიერების რაღაც ფორმა, რომელიც ხელმძღვანელობს მაგიურ პროცესებს და მართავს მათ. იგი მართავს სხეულის ტემპერატურას გავარვარებულ ლავაზე სიარულისას. უნდა არსებობდეს ასევე ჩვენთვის უცნობი რაღაც მამოძრავებელი ძალა. ნეტავ მისი ამოცნობა შეგვეძლოს. და ბოლოს, უნდა არსებობდეს რაღაც ნივთიერება, ხილული ან უხილავი, რომლის მეშვეობითაც მოცემულ ძალას შეუძლია მოქმედება. არასოდეს დაგავიწყდეს ეს სამი რაღაც, ხოლო როდესაც ერთ-ერთ მათგანზე გაიგებ რამეს, ეს დაგეხმარება, რომ დანარჩენ ორზეც შეიქმნა წარმოდგენა.

ასე თანდათანობით ჩემთან მემკვიდრეობით გადმოდიოდა მასალები, რომლებიც მან ცოდნის ამ საოცარ სფეროში დააგროვა. მე გულდასმით შევისწავლიდი სხვადასხვა ჰიპოთეზებს, საეჭვო და შემოწმებულ მოწმობებს კაჰუნების შესახებ. მალე ვცადე მეპოვნა ჯერ კიდევ ცოცხალი კაჰუნები, რომ ნებისმიერ ფასად მომეპოვებინა მათგან საიდუმლოს თუნდაც ნაწილი. როგორც კი მესმოდა რაიმე ისტორია კაჰუნების ნამოქმედარზე, მაშინვე ვუსვამდი თანამოსაუბრეს კითხვას: „ვინ მოგიყვა ამის შესახებ?“ და ასე ვცდილობდი კვალზე დადგომას. ზოგჯერ ვახერხებდი იმ ადამიანის პოვნას, რომელიც მოყოლილი ისტორიის თვითმხილველი ან მონაწილე იყო, და მაშინ ვცდილობდი ბოლომდე ამომეღო მისგან წვრილმანი დეტალები მომხდარის შესახებ. ყველაზე ძნელი იმის პოვნა იყო, ვინც თავად იყენებდა მაგიას. როგორც წესი ეს სრულიად შეუძლებელი იყო ხოლმე. მწარე გამოცდილების შემდეგ კაჰუნები თავს არიდებდნენ თეთრებს. ვერცერთი ჰავაელი ვერ ბედავდა კაჰუნასთან თეთრი მეგობრის მიყვანას მათი აშკარა ნებართვის გარეშე - რასაც ისინი პრაქტიკულად არასოდეს არ იძლეოდნენ.

დოქტორი ბრიგჰემი ჩვენი გაცნობიდან ოთხ წელში გარდაიცვალა. მე დიდ სიმძიმეს ვგრძნობდი გულზე, და ზოგჯერ ძალიან მაშინებდა იმის შეგრძნება, რომ შესაძლოა მე ერთადერთი თეთრკანიანი ვარ ამქვეყნად, რომელმაც საკმარისად ბევრი იცის იმისთვის, რომ ადგილობრივი მაგიის შესწავლა განაგრძოს, მითუმეტეს, რომ იგი სწრაფად მიდიოდა დავიწყებისკენ. მე მესმოდა, რომ თუ არ გამიმართლებდა, მსოფლიოს შესაძლოა სამუდამოდ დაეკარგა შესაძლებლობა, რომ შეეტყო სისტემის შესახებ, რომელიც შესაძლოა განუზომელ ღირებულებას წარმოადგენდეს კაცობრიობისთვის.

მე და დოქტორი ბრიგჰემი ოდესღაც ერთად ვადევნებდით თვალყურს ახალ აღმოჩენებს ფსიქოლოგიაში და პარაფსიქოლოგიაში, მაგრამ სამწუხაროდ ვამჩნევდით, რომ ორივე ეს მეცნიერება გაყინულობის ნიშნებს ამჟღავნებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პარაფსიქოლოგიური კვლევების საზოგადოებამ ასზე მეტი ცნობილი მეცნიერი მიიწვია თავის სამსახურში, ნახევარი საუკუნის განმავლობაში არცერთი თეორია არ გამოჩნდა, რომელიც თუნდაც ისეთ მარტივ მოვლენებს ახსნიდა, როგორებიცაა ტელეპატია და შთაგონება, რომ არაფერი ვთქვათ ექტოპლაზმაზე, აპორტებზე და მატერიალიზაციაზე.

მრავალი წელი გავიდა. მე ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიე წინ და 1931 წელს იძულებული ვიყავი, მეღიარებინა დამარცხება. სწორედ მაშონ დავტოვე კუნძულები.

კალიფორნიაში ზომიერი მგზნებარებით განვაგრძობდი ფსიქოლოგიაში აღმოჩენებზე დაკვირვებას, რომლებსაც შეეძლოთ შუქი მოეფინათ ამ პრობლემებზე, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. შემდეგ კი 1935 წელს, მე სრულიად მოულოდნელად გამეღვიძა ღამით მზა კონცეფციით, რომელსაც პირდაპირ გამოცანის ამოხსნამდე მივყავდი.

დოქტორი ბრიგჰემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ მასაც ჩემსავით შერცხვებოდა. ჩვენ ხომ ორივემ ხელიდან გავუშვით ისეთი მარტივი და თვალნათლივი გადაწყვეტა, რომ იგი უბრალოდ ჩვენს ყურადღებას გაუსხლტა. იგი სათვალეს ჰგავდა, რომელიც ცხვირზე გვეკეთა, და ამდენ ხანს უშედეგოდ ვეძებდით.

ამ იდეამ, რომელმაც ღამით გამაღვიძა, იმის გაცნობიერება მომცა, რომ კაჰუნების ყოველდღიურ ენაში ალბათ არსებობდნენ დასახელებები, რომლებითაც ისინი თავისი მაგიის ელემენტებს აღნიშნავდნენ. ასეთი ტერმინების გარეშე ისინი ვერ გადასცემდნენ თავის ცოდნას თაობიდან თაობამდე. თუ ისინი ჰავაურ ენას იყენებდნენ, ეს სიტყვებიც ამ ენიდან უნდა ყოფილიყვნენ წარმოშობილნი. და რადგან მისიონერებმა ჰავაურ-ინგლისურ ლექსიკონზე მუშაობა ჯერ კიდევ 1820 წელს დაიწყეს - იგი სხვათაშორის ახლაც გამოიყენება, - და რადგან მათ სავარაუდოდ არ გააჩნდათ საკმაოდ სრული ინფორმაცია ადგილობრივი მაგიის შესახებ, რათა სწორად ეთარგმნათ მისი აღმწერი სიტყვები, ცხადი იყო, რომ ლექსიკონში წარმოდგენილი მნიშვნელობები ან არაზუსტი, ან სრულიად მცდარი იყო.

ჰავაური ენა შედგება სიტყვებისგან, რომლებიც მოკლე ფუძეებისგანაა შედგენილი ყოველი ამ ფუძის თარგმანი ამ გამოთქმის საწყის მნიშვნელობას მომცემდა. აქედან გამომდინარე - თუ საქმეზე გადავალთ, მე ავირჩევდი კაჰუნების მიერ გამოყენებულ სიმღერებსა და ლოცვებში ჩაწერილ სიტყვებს და კვლავ ვთარგმნიდი მათ მათი ეტიმოლოგიის საფუძველზე.

მომდევნო დილით მე გამახსენდა რაღაც მნიშვნელოვანი. სახელდობრ: ჰავაიზე ყველა ერთხმად ამტკიცებდა - კაჰუნები ასწავლიდნენ, რომ ყოველ ადამიანს ორი სამშვინველი ან ორი სული აქვს. მაგრამ სერიოზულად არავინ აღიქვამდა ამ აშკარად მცდარ რწმენას. როგორ შეუძლია ადამიანს ორი სული ჰქონდეს? რა აბსურდია! რა ველურობაა!.. მე დავიწყე იმ ორი სიტყვის ძიება, რომლებიც ორ სულს აღნიშნავდნენ. როგორც ვვარაუდობდი, ორივე ეს სიტყვა ძველი ლექსიკონის მეორე გამოცემაში იყო, რომელიც პირველად 1865 წელს დაიბეჭდა, მესმერიზმის აღმოჩენიდან რამდენიმე წელში, პარაფსიქოლოგიური კვლევების საწყის პერიოდში და ოცი წლით ადრე ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერების - ფსიქოლოგიის დაბადებამდე.

ლექსიკონში შემდეგი რამ წავიკითხე:

უ-ნი-ჰი-პი-ლი - ფეხებისა და ხელების ძვლები ადამიანში. უნიჰიპილი - ეს იყო ღმერთების ერთ-ერთი კლასის - აკუანოჰოს დასახელება; აუმაკუა - ღმერთების სხვა კატეგორიაა; ესენი გარდაცვლილთა სულები არიან.

უ-ჰა-ნე - ესაა ადამიანის სული, სამშვინველი. გარდაცვლილი ადამიანის მოჩვენება ან სული. ყურადღება: ჰავაელები თვლიდნენ, რომ ყოველ ადამიანს ორი განსხვავებული სული აქვს - ერთი სხეულთან ერთად კვდება, მეორე კი ცხოვრებას აგრძელებს ხილილად ან უხილავად. გარდაცვლილის პიროვნებასთან მას იმაზე მეტი კავშირი არ აქვს, ვიდრე მის ჩრდილს. ამ მოჩვენებებს შეუძლიათ ილაპარაკონ, იტირონ, იწუწუნონ და ა.შ. ითვლება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მათი ხაფანგში მოტყუება და დაჭერა შეუძლიათ .

ცხადი იყო, რომ პირველი მისიონერები, რომლებმაც ლექსიკონი შექმნეს, ჰავაელებთან გადიოდნენ კონსულტაციებს ამ ორი სიტყვის დადგენილ მნიშვნელობებთან დაკავშირებით. თუმცაღა მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები მიიღეს და ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, რათა ორივე სიტყვა ცალ-ცალკე სტატიად შეეყვანათ ლექსიკონში.

უნიჰიპილის დამახასიათებელ თვისებას, გარდა იმისა, რომ ეს სიტყვა სულს აღნიშნავდა, იყო მისი სავარაუდო კავშირი ადამიანის ხელებთან ან ფეხებთან. უჰანე ასევე სული იყო, მაგრამ ისეთი, რომელსაც ლაპარაკი შეეძლო, მაშინაც კი, თუ მხოლოდ გარდაცვლილის პიროვნებასთან დაკავშირებული ჩრდილი იყო.

იმდენად, რამდენადაც პირველი სიტყვა გრძელი იყო და მეტი ფუძე ჰქონდა, სწორედ მისგან დავიწყე მუშაობა „ეტიმოლოგიურ“ თარგმანზე. სიტყვა შვიდი ფუძისგან შედგებოდა, და ზოგიერთ მათგანს ათამდე მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ მნიშვნელობები რიგად დამელაგებინა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათგან კაჰუნების მაგიაში გამოყენებული სიტყვების გამორჩევა.

ამრიგად, ჩემს წინაშე იყო თივის ზვინი, რომელშიც ნემსი უნდა მეპოვა. ეს ფრიად დამაინტრიგებლად ჩავთვალე. მე ყოველთვის მახსენდებოდა დოქტორ ბრიგჰემის მითითება, რომ მაგიაში ყოველთვის მეძებნა სამი შემადგენელი: ცნობიერება, რომელიც ახლავდა ცეცხლზე სიარულს და სხვა მაგიურ ქმედებებს, ძალა, რომელიც აუცილებელია მაგიური შედეგების მისაღწევად, და ასევე მატერიალური ნივთიერება, ხილული ან უხილავი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ამ ძალას მოქმედება. ამრიგად, სამი ნემსის მოძებნა უნდა მეცადა (და მე ვიპოვე ისინი, ორი პირველი ერთი წლის შემდეგ, ხოლო მესამე - ექვსი წლის შემდეგ).

თითქმის მაშინვე, სანამ ლანჩის დრო მოვიდოდა, მე გავხსენი არაცნობიერი, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, რომლითაც მას თეთრკანიანები იყენებენ. მაგების არაცნობიერს გაცილებით უფრო ფართო განსაზღვრება ჰქონდა და რაღაც უფრო ნივთიერი იყო. მე იმდენად ამაღელვა ამ აღმოჩენამ, რომ რამდენიმე წუთი აზრზე ვერ მოვდიოდი.

დაუჯერებელია, რომ კაჰუნებმა უკვე იცოდნენ არაცნობიერის შესახებ, მაგრამ ამის ფაქტები სახეზე იყო.

აი, როგორ ჟღერდა იმ სულების განსაზღვრების ეტიმოლოგიური აღწერა, რომელთა დასახელებებიც სიტყვებში - უნიჰიპილი და უჰანე - გვხვდება.

ორივე სულს წარმოადგენს (ფუძე - „უ“), და ეს ფუძე ნიშნავს: „დარდს“ (grieve). ამგვარად, ამ სულებს დარდი შეუძლიათ.

ამავე დროს, ელემენტი „ჰანე“ გამოთქმაში უჰანე ნიშნავს „ლაპარაკს“, შესაბამისად, სულს, რომლის დასახელებაც ამ სიტყვაშია, ლაპარაკი შეუძლია. იმდენად, რამდენადაც მხოლოდ ადამიანურ არსებებს შეუძლიათ ლაპარაკი, ეს სული ადამიანის სული უნდა იყოს. ამის შედეგად ჩნდება კითხვა პირველი სულის ბუნების შესახებ. მას დარდი შეუძლია, მაგრამ ეს ცხოველებსაც შეუძლიათ, იგი არ წარმოადგენს ადამიანურ სულს, რადგანაც ლაპარაკი არ შეუძლია, არამედ ცხოველის სულია, რომელიც დარდობს (ჯავრობს). უჰანე - ტირის და ჩუმად ლაპარაკობს. ლექსიკონის ამ სტატიაში ხაზგასმული იყო, რომ უჰანე - რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გარდაცვლილთან დაკავშირებული ჩრდილი. სავარაუდოდ, ეს იყო რომელიღაც სუსტი და არც ისე მნიშვნელოვანი „მოლაპარაკე“ სული.

უნიჰიპილი, ან ალტერნატიულ ვარიანტში - „უჰინიპილი“, უფრო მეტ ეტიმოლოგიურ მონაცემებს იძლევა სიტყვის გასაშიფრად. თუ ჩვენს მეთოდს გამოვიყენებთ, ვიღებთ შემდეგ განსაზღვრებას:

ა) ესაა სული, რომელსაც დარდი შეუძლია, მაგრამ არაფრის თქმა არ შეუძლია (უ);

ბ) იგი წარმოადგენს რაღაცას, რაც სხვა რაღაცას ფარავს, ან პირიქით, თავად წარმოადგენს დაფარულს რაღაცის მიერ, ან დაცვის ქვეშ იმყოფება (უჰი);

გ) ესაა სული, რომელიც თან ახლავს სხვას, დაკავშირებულია მასთან, წებოვანია და ეწეპება სხვას. იგი „განკუთვნილია“ სხვისთვის და ემორჩილება მას (პილი);

დ) ესაა სული, რომელიც ფარულად, ჩუმად და ძალიან ფრთხილად მოქმედებს, და არ აკეთებს გარკვეულ რაღაცეებს ღმერთების რისხვის შიშით (ნიჰი);

ე) ესაა სული, რომელსაც შეუძლია გამოთავისუფლდეს რაღაცისგან, მასზე მაღლა აღიმართოს, შეუძლია ასევე გამოიღოს რაღაც საიდანღაც, ისევე, როგორც მონეტას იღებენ ჯიბიდან. მას გარვეული რაღაცების მწველი სურვილი აქვს. ჯიუტი და უკმაყოფილოა. შეუძლია უარი თქვას დავალების შესრულებაზე. იგი იხსნება, ირევა რაღაც სხვასთან, შეუძლია ბოლომდე იქნეს შეწოვილი ამ რაღაცის მიერ. იგი დაკავშირებულია წყლის ნელი წვეთვისმაგვარ პროცესთან ან „ცხოველმყოფელი“ წყლის წარმოშობის და გამოყოფის პროცესთან, რაღაცის, რაც „ძუძუს სითხეს“ ჰგავს, დედის რძეს. (ყურადღება: მოგვიანებით მე გავიგე, რომ წყალი ადამიანის სასიცოცხლო ძალის სიმბოლოს წარმოადგენს, ამგვარად მე პირველი „ნემსი“ ვიპოვე. ორი ცნობიერი ადამიანური სული - დანარჩენი „ნემსი”-ს ორი მესამედია. მესამე „ნემსი“ კი იმალება სიტყვაში „წებოვანი“, „მიწეპება“, „მიბჯენა“).

თუ ზემოთ თქმულს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობიერის და არაცნობიერის ცნებები კაჰუნებში, შესაძლოა აღნიშნავდეს - დასახელების ეტიმოლოგიიდან გამომდინარე - ორ სულს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სხეულთან, რომელსაც არაცნობიერი მართავს, და რომელიც ორივესთვის თავშესაფარს და დაცვას წარმოადგენს. ცნობიერის სული უფრო გაადამიანურებულია ლაპარაკის უნარი აქვს. მოწყვლადი არაცნობიერი სული ცრემლებად იღვრება, გრძნობებს ექვემდებარება და სხვადასხვაგვარად იყენებს ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას. იგი საიდუმლოდ, ჩუმი სიფრთხილით ასრულებს თავის ამოცანებს, იგი ჯიუტია და შეუძლია დაუმორჩილებელი იყოს. იგი უარს ამბობს ბრძანებების შესრულებაზე, როცა ღმერთების ეშინია (წარმოადგენს კომპლექსების, ღრმად დამარხული რწმენების საცავს). იგი აღწევს ცნობიერის სულში, ან ერწყმის მას, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ იგი მასთან ერთ მთლიანს შეადგენს (მაგიაში გამოყენებული სიტყვა „წებოვანი“ სიმბოლოს სახით, ასევე „რაღაცის რაღაცისგან გამოზრდის“ ცნება მოგვიანებით გახდება გასაგები).

მე დარწმუნებული ვარ, რომ კაჰუნები ათასობით წლის განმავლობაში იცნობდნენ ყველა იმ ფსიქოლოგიურ მოვლენას, რომლებზეც ჩვენ მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელში შევიტყვეთ, და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, მათი მაგიის გამოყენების ცოდნა იმას ეფუძნება, რომ ისინი იცნობდნენ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენ ჯერ არ აღმოგვიჩენია.

მალე გასაგები გახდა, რომ როდესაც მისცეს დასახელება ფსიქოლოგიურ ელემენტებს და გაამყარეს ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში მინიშნებები მათ კავშირზე, პირველმა კაჰუნებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. ერთადერთი სერიოზული წინააღმდეგობა იყო ის გარემოება, რომ სიმბოლოები მაგიის იმ ელემენტების დასახელებებს შეიცავდნენ, რომელთა წარმომავლობაც ჯერ-ჯერობით არ გვესმის.

ვეძებდი რა მთელი მონდომებით ამ სიტყვების სიმბოლურ მნიშვნელობას, მე გადავწყვიტე გადამექექა ყველაფერი, რაც სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მოვლენებზე იყო დაწერილი. ერთი-მეორეს მიყოლებით ვსწავლობდი ყოველ ცალკეულ მოვლენას და ვცდილობდი, რომ აღმომეჩინა მისი სიმბოლური ანალოგი კაჰუნების მიერ გამოყენებადი ტერმინების ეტიმოლოგიაში.

რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ დასაწყისისთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შესაძლებელი იყო, ფსიქოლოგიის უფრო მეტად სისტემატიზირებული ცოდნისა და კაჰუნების მაგიის გარეგნული რიტუალების შედარების მხრივ. გადავწყვიტე, რომ დასკვნები, რომლებამდეც მივედი, ძალიან ფასეულია იმისთვის, რომ მსოფლიოსგან დამემალა ისინი. ამიტომაც დავწერე შრომა ჩემი აღმოჩენებისა და კაჰუნების ცოდნის შესახებ მთლიანობაში .

ერთი წელი გავიდა ჩემი წიგნის გამოცემიდან, და ერთ მშვენიერ დღეს წერილი მომივიდა ერთი ხანშიშესული ინგლისელისგან, რომელიც ადრე ჟურნალისტად მუშაობდა. მას ერქვა უილიამ რეჯინალდ სტიუარტი. ის, რაც მან შემატყობინა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

berber

იგი ძალიან დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ჩემს წიგნში იგივე მაგიას აღვწერდი, რომელსაც იგი თავისი ახალგაზრდობის წლებში შეხვდა. მან იცოდა, რომ ამ მაგიას ბერბერების ტომი იყენებდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ატლასის მთებში. მან განცვიფრებულმა აღმოაჩინა, რომ აფრიკელი ბერბერები იგივე სიტყვებს იყენებენ მაგიაში, რასაც ჰავაელი კაჰუნები, რა თქმა უნდა დიალექტური სხვაობის გათვალისწინებით. ჩემი წიგნის წაკითხვის შემდეგ მან მოიძია თავისი უკვე გაყვითლებული ჩანაწერები და შეადარა სიტყვები, რომლებიც, როგორც მას უთხრეს, მაგიის საიდუმლო ენას ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ ჰავაური სიტყვა კაჰუნა, ბერბერებთან ჟღერს, როგორც გუა-ჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც ქალ-კაჰუნას აღნიშნავდა, ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერდა, როგორც გუაჰინი. ღმერთის აღმნიშვნელი სიტყვა ორივე ენაში თითქმის ერთნაირად ჟღერდა: აკუა და ატუა. ისევე, როგორც ბევრი სხვა ჩვენს მიერ შედარებული სიტყვა.

იმდენად, რამდენადაც ბერბერების ტომები ლაპარაკობდნენ ენაზე, რომელიც სრულიად არ ჰგავდა პოლინეზიურ დიალექტს, მაგიის ენის მსგავსება ამ ორ ხალხს შორის ურყევ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ ან ბერბერებს და პოლინეზიელებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, ან ძველ დროში მათ ერთმანეთს შორის კონტაქტი ჰქონდათ.

სტიუარტმა ბერბერების ტომისა და მათი მაგიის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა რაღაც დანიური კომპანიისთვის ნავთობის საბადოს ეძებდნენ, და დამოუკიდებელი ჟურნალისტის და სამხრეთ აფრიკის მკვლევარის სახით იგი კორესპონდენტად მუშაობდა «Christian Science Monitor»-ისთვის. მან შვებულება აიღო, გიდები დაიქირავა და ზემოხსენებული ტომის საძიებლად გაემართა. შედეგად მან იპოვა იგი და ერთი ქალი-მაგი გაიცნო. ბევრი ხვეწნის შემდეგ მან იშვილა იგი, რათა მაგიის საიდუმლოებების გაზიარების საშუალება ჰქონოდა. ამ ქალს ლიუჩი ერქვა და ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი ჰყავდა, რომლისთვისაც სწორედ იმ დროს დაიწყო საიდუმლო ცოდნის სწავლება, და სტიუარტსაც საშუალება მისცა, რომ შეერთებოდა მათ.

სწავლება დაიწყო ლეგენდით ტომის ისტორიის შესახებ, რომელიც მოგვითხრობდა კაჰუნების თორმეტი ტომის დიდ უდაბნოში - საჰარაში ცხოვრების შესახებ, რომელიც იმ დროს მწვანე, წყალუხვი და ნაყოფიერი ქვეყანა იყო. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა, და ეს ტომები ნილოსის ველზე გადასახლდნენ. იქ, იმ მაგიის გამოყენებით, რომელიც კლდის ქვების დამუშავების საშუალებას იძლეოდა, მათ ეს ქვები გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს, და სხვებზე თავისი მაგიის მეშვეობით უპირატესობა ჰქონდა.

კაჰუნა ჰყვებოდა, როგორ იწინასწარმეტყველეს მისმა თანატომელებმა წინასწარ, რომ მომავალში საყოველთაო ინტელექტუალური სიბნელის დრო მოვიდოდა, და მათი საიდუმლო მეცნიერება დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი მომავალი თაობებისთვის შეენახათ, თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძიებლად დაიძრა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საიდუმლოს (ჰუნას) გადატანა და შენახვა, სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა მისი მსოფლიოსთვის დაბრუნება. შორ მანძილზე პარაფსიქოლოგიური ხედვის წყალობით ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცური კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდა.

თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვის გავლით, შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის გასწვრივ გაცურა და წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა, და მათგან არანაირი ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილ მეთორმეტე ტომთან. ეს ტომი რაღაც გაურკვეველი მიზეზებით ჩრდილოეთით, ატლასის მთებში დასახლდა. იგი იქ ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა, ინახავდა მაგიის საიდუმლოს და იყენებდა მას. თუმცაღა ტომი თანდათან მცირდებოდა, და როცა ახალი დრო დადგა, ცოცხალი მხოლოდ ერთი კაჰუნა დარჩა. ეს იყო სწორედ ის მასწავლებელი - ლიუჩი.

სტიუარტი დარწმუნდა, რომ ბერბერები სტუმართმოყვარე, სუფთა, ძალიან ინტელიგენტური ტომი იყო, შესანიშნავი უძველესი კულტურით. ისინი შერეულ ენაზე საუბრობდნენ, ისევე როგორც სხვა ბერბერული ტომები, მაგრამ როცა საქმე საიდუმლო ცოდნის გადაცემას ეხებოდა, ისინი სხვა ენას იყენებდნენ, რადგან სწორედ მასში შეიძლებოდა შესაბამისი სიტყვების მონახვა იმ ელემენტების აღსანიშნად, რომლებიც ადამიანში არსებობდა და მაგიის გამოყენების საშუალებას აძლევდა მას.

ახალგაზრდა ინგლისელს მრავალი ენობრივი პრობლემა ჰქონდა და ხშირად უნდა გამოეყენებინა თავისი ფრანგულის ცოდნა იმისთვის, რომ ბერბერების დიალექტიც გაეგო და ამავდროულად ე.წ. საიდუმლო ენის მნიშვნელობაც.

ნაბიჯ-ნაბიჯ იგი ითვისებდა მაგიის ფილოსოფიის ძირითად მდგომარეობებს. მისი მასწავლებელი ხშირად აჩვენებდა თავისი მაგიის ძალას ავადმყოფების განკურნებით, ფრინველებზე, მტაცებლებზე, გველებზე და ამინდზე თავისი ძალაუფლებით. სტიუარტმა დიდ წარმატებებს მიაღწია, იგი თეორიას დაეუფლა და მალე პრაქტიკული ვარჯიშებიც უნდა დაეწყო. მაგრამ ერთ დღეს უბედურება მოხდა. ბერბერების დასახლებიდან შორიახლოს შეტაკება მოხდა ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის და ბრმა ტყვიამ გულში სასიკვდილოდ დაჭრა ლიუჩი.

სტიუარტი მასწავლებლის გარეშე დარჩა, რადგანაც ლიუჩის ქალიშვილმა მასზე ბევრად მეტი არ იცოდა. მაგიის შესწავლა დასრულდა. მან მოაგროვა თავისი ჩანაწერები, დაემშვიდობა თავის მოძმეებს და თავის უწინდელ საქმიანობას დაუბრუნდა.

გავიდა ოცდაათი წელი, და აი, მას ხელში ხვდება ჩემი წიგნი, რომელშიც ჩემს მიერ მოყვანილი ჰავაური სიტყვებით მან ადვილად იცნო გამოთქმები - რა თქმა უნდა დიალექტებს შორის განსხვავების გათვალისწინებით, - რომლებსაც ამდენ ხანს ინახავდა თავის ჩანაწერებში.

კავშირი ჰავაელ კაჰუნებსა და ჩრდილოეთ აფრიკის (და შესაძლოა ეგვიპტისაც) კაჰუნებს შორის აშკარა გახდა. ჰავაური ლეგენდები, რომლებიც ზეპირი გზით გადაეცემოდა, ამ ხალხის ისტორიის შესახებ ყვებოდნენ. ამრიგად, ჰავაელები ოდესღაც შორეულ მშობლიურ მიწაზე ცხოვრობდნენ. თავიანთ ჩვენებებში მათ ჰავაი დაინახეს და ამ ქვეყნის საძებნელად გამოეშურნენ. მათი მოგზაურობა დაიწყო წითელი ზღვიდან - კანე, რაც თითქმის ბოლომდე ემთხვევა იმ თვალსაზრისს, რომ ისინი ეგვიპტიდან წითელი ზღვის გავლით შემოვიდნენ, რომელსაც ეს დასახელება დღემდე აქვს, ყოველ შემთხვევაში სამ ენაზე. ლეგენდები არ გვაწვდიან ბევრ ინფორმაციას ამ მოგზაურობის დასაწყისთან დაკავშირებით. როცა მზვერავებმა როგორც იქნა მოაღწიეს თავისი დიდი ორმაგი კანოეებით რვა დაუსახლებელ ჰავაის კუნძულს, ისინი დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ და შეატყობინეს ტომის სხვა წევრებს, რომლებიც იქვე ახლოს, დასავლეთით მყოფ კუნძულზე ისვენებდნენ. ტომის ყველა წევრი ჰავაის კუნძულებზე დასახლდა. ისინი იქ სახლებს აშენებდნენ და შემდგომ ექსპედიციებს აწყობდნენ მცენარეების თესლების, ხეების ნერგებისა და ცხოველების მოსაპოვებლად. რაღაც დროის შემდეგ სხვა კუნძულებისკენ მოგზაურობა შეწყდა და ეს ხალხი მრავალი წლის განმავლობაში სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა. როცა სამეფო ოჯახის ყველა წევრი გარდაიცვალა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სხვა კუნძულებისკენ დაძრულიყვნენ, რომ ვინმე დიდგვაროვანი ბელადი ჩამოეყვანათ. ბელადი თავის მხლებლებთან ერთად ჩამოვიდა, რომელთა შორისაც კაჰუნაც იყო. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, ამ კაჰუნამ ჰავაიზე კაჰუნაიზმის ახალი მიმართულება დაამკვიდრა, რომელშიც ნაკლები მაგია იყო, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვებოდა კერპების ტაყვანისცემა და საკურთხევლების აშენება. და თუმცა კაჰუნები ამის შემდეგაც ინახავდნენ საიდუმლო ცოდნას სუფთა სახით და კვლავაც იყენებდნენ მას პრაქტიკაში, ამ მაგიაში უკვე გაჩნდა ძველი დამახინჯების კვალი და კერპებისა და სიწმინდეების კულტის ნარჩენები.

იმ მეცნიერების მცდელობა, რომლებიც ჰავაელების წარმოშობის მათი ენის შესწავლის გზით ცდილობდნენ, დიდი წარმატებით არ დასრულებულა. არსებობს თერთმეტი პოლინეზიური ტომი. ყველანი ისინი ერთი და იმავე ენის დიალექტებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ზოგიერთ მათგანში გვხვდება ინდური წარმოშობის გამოთქმები და რწმენები, რაშიც ადვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ. პოლინეზიური სიტყვები ყველგან გვხვდება წყნარ ოკეანესა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ისინი შეგვიძლია მოვისმინოთ მადაგასკარზე, რაც მიანიშნებს ადგილობრივების ძველ კონტაქტებზე იმ ხალხთან, რომელიც პოლინეზიურად საუბრობდა. იაპონიაშიც კი გვხვდება პოლინეზიური წარმოშობის ტერმინები და ცნებები. ინდოეთში არსებობს ცნებების გარკვეული რიგი, რომლებიც კაჰუნების მაგიას უკავშირდება. მართალია, ამჟამად ისინი სრულიად განსხვავებული ფორმით გვხვდება, და თითქმის ამოღებულია ხმარებიდან, მაგრამ მათი არსებობა საერთო წარმოშობაზე მიუთითებს.

სტიუარტის შეუფასებელი დახმარების წყალობით, და შესაძლებლობით, რომ მთელი სისრულით გამომეყენებინა მის მიერ ჩრდილოეთ აფრიკაში მიღებული ცოდნა, მე შევძელი, განმეგრძო ჩემი ძიება. თანდათანობით მე მოვახდინე საიდუმლო ცოდნის რეკონსტრუქცია დოქტორ ბრიგჰემის იმ დასკვნების შესაბამისად, რომლებიც მან ოდესღაც კაჰუნების რიტუალზე დაკვირვების შედეგად გააკეთა.

თუმცაღა შეუძლებელი იქნებოდა ყველა სიტყვის და ცერემონიის მნიშვნელობის აღწერა, რომ არა გარკვეული აღმოჩენები, რომლებიც თანამედროვე ფსიქოლოგიამ და პარაფსიქოლოგიამ გააკეთა. მათ ფუნდამენტზე მე უფრო მწყობრი თეორია ავაშენე. დიდი როლი ითამაშეს ასევე სხვადასხვა რელიგიურმა რწმენებმა, რომლებშიც ხშირად ვპოულობდი ჰუნას საწყისი ფილოსოფიის სახეცვლილ ფორმებს. ეს რელიქტები, თუმც კი ძალიან მოდიფიცირებულნი, მინიშნებას მაძლევდნენ, თუ სად უნდა მეძებნა შემდგომი ინფორმაცია, და მეხმარებოდნენ ჩემამდე მოსული არასარწმუნო ცნობების შემოწმებაში.

ინგლისში ჩემი წიგნის გამოცემიდან ძალიან მალე მე მიმოწერა დავიწყე ანგლიკანური ეკლესიის მღვდელთან, რომელმაც მაშინვე მომწერა, როგორც კი ჩემი წიგნი წაიკითხა. იგი ფსიქიკური და სულიერი განკურნების ფენომენთა ფსიქოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა. მაშინვე დაინტერესდა კაჰუნების მეცნიერებით და ასისტენტების გარკვეულ ჯგუფთან ერთად სცადა, რომ მკურნალობის გარკვეული მაგიური მეთოდები გამოეცადა. ჩემთან ინტენსიური მიმოწერის შემდეგ ისინი შეუდგნენ ამ საქმეს. ცალსახად აშკარა წარმატებებს მათ აკვიატებული იდეებით შეპყრობის შემთხვევებში მიაღწიეს. ერთ-ერთი განკურნებული პაციენტის ოჯახმა დიდი ფული შესწირა მათ ექსპერიმენტული სამუშაოების განვითარებისთვის. მღვდელი და მისი ჯგუფის სამი წევრი კალიფორნიაში ჩამოვიდნენ, რათა შემხვედროდნენ და მომავლის გეგმები ჩემთან ერთად განეხილათ. ჩვენ ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, შენობის პროექტიც კი შევიმუშავეთ, რომელიც მალე უნდა აშენებულიყო. სამწუხაროდ, მათი უკან დაბრუნების დროს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რომელმაც ყველა ჩვენი გეგმა დაანგრია. ომის შემდეგ რესურსები აღარ გვყოფნიდა, და ენთუზიასტების ეს ჯგუფიც დაიშალა.

მიუხედავად ამისა, მათმა ექსპერიმენტულმა საქმიანობამ დაამტკიცა, რომ ჰუნების სისტემის აღდგენა შესაძლებელია. აუცილებელია მხოლოდ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც თანდაყოლილი უნარები აქვთ და თან მზად არიან, თავიანთი დრო დაუთმონ ამ სისტემის სასიკეთო ცოდნის შესწავლას. ასეთი ადამიანებისგან მხოლოდ ის მოითხოვება, რომ გულმოდგინედ ივარჯიშონ ვინმე უფრო გამოცდილის დახმარებით.

ჰავაიზე ძალიან ცოტა ლიტერატურაა კაჰუნების შესახებ, და ამასთან იგი ფრიად არასარწმუნოა. ნაწილობრივი ცნობები, რომლებიც შეიძლება იპოვნოთ წიგნებში, სტატიებში და ბროშურებში, სრულიად არაფერს ამბობენ მაგიის მექანიზმების იმ საფუძვლებზე, რომლებზეც ჩემს წიგნში ვწერ. ყველა ზემოხსენებული წიგნების ავტორები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მათი მსჯელობების ჩახლართულობა კი საშუალებას არ აძლევს მკითხველს, რომ ამ ყველაფერში გაერკვეს.

დოქტორ ბრიგჰემის და ჩემი კვლევები კუნძულებზე თითქმის არაა ცნობილი, ხოლო ჩემი პირველი წიგნის ეგზემპლარები მშვიდად იმტვერებიან ჰონოლულუს ბიბლიოთეკის არქივში. ისინი მხოლოდ მათთვისაა მისაწვდომი, ვინც იცის, რომ წიგნები იქ იმყოფებიან. ან კაჰუნების სწავლების არასწორი გაგების გამო, ან იმ რეალური საფრთხისადმი შიშის გამო, რომელსაც სიკვდილის შელოცვა შეიცავს, კუნძულების მცხოვრებლები თავს არიდებენ მაგიას და ხელმძღვანელობენ პრინციპით - „ნუ გააღვიძებ მძინარე ქოფაკს“.

ამ შესავალი ტექსტის შემდეგ მე გადავდივარ ჰუნას სისტემის დეტალურ გადმოცემაზე და მოვიყვან ყველა ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებენ ამ სისტემის, როგორც სრული მეცნიერული თეორიის ჭეშმარიტებას.


 

agni

თავი 2

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

უპირველეს ყოვლისა - ეს მუშაობს

ორი დამახასიათებელი თავისებურება გამოარჩევს „საიდუმლო“ (ჰუნას) ფსიქო-რელიგიურ სისტემას სხვა თანამედროვე რელიგიური და ფსიქოლოგიური სისტემებისგან.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ისაა, რომ ეს მუშაობს, მუშაობს კაჰუნებისთვის და მაშასადამე იმუშავებს ჩვენთვისაც.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თავისებურებაა - სისტემა მუშაობს იმისდა მიუხედავად რა აღმსარებლობისაა ადამიანი.

ამის ყველაზე კარგი მაგალითია ის, რომ მაგიის ეს მიმართულება მუშაობს ნებისმიერის ხელში იქნება ეს ნებისმიერი რელიგიის აღმსარებელი, წარმართი თუ უბრალოდ ველური, ყველა ახერხებს ცეცხლზე სიარულს და ეს პრაქტიკა გამოიყენებოდა საუკუნეების განმავლობაში - აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ცეცხლზე სიარულისას იყენებენ მხოლოდ შიშველ ფეხებს, ცხელ ნაკვერჩხლებს, გაცხელებულ ქვებს ანდა სულაც თავად ცეცხლს. არაფერია იდუმალი არც გაცხელებულ საგნებში და არც შიშველ ფეხებში. ორივე მათგანს გულდასმით ამოწმებენ და ყოველგვარი სიყალბე გამორიცხულია.

ფეხებისა და ცეცხლის მიღმა მონაწილეობას იღებს მესამე ელემენტიც, რომლის დანახვა და შემოწმება შეუძლებელია. მესამე ელემენტს მე მაგიას ვუწოდებ, რადგან უკეთესი სიტყვა ვერ მოვუძებნე. ეს ელემენტი ყოველთვის მონაწილეობს შიშველი ფეხის ცეცხლთან შეხებისას და თავს გვარიდებს დამწვრობებს.

ორი საუკუნეა მიმდინარეობს ბრძოლა „ცრურწმენების“ წინააღმდეგ. მეცნიერების განვითარება დიდწილად დამოკიდებული იყო იმაზე, ამა თუ იმ სფეროს მკვლევარები რამდენად შეძლებდნენ ცრურწმენათა დამარცხებას და გაბატონებული რელიგიური დოგმატების რღვევას. თუმცა ახლა მეცნიერულად დაუსაბუთებელი პარაფსიქოლოგიური მოვლენების უარყოფა თავად მეცნიერების დოგმატად გადაიქცა. ჩვენმა სკოლამ და პრესამ ყველაფერი გააკეთა ე.წ აუხსნელი მოვლენების დისკრედიტირებისთვის. გაჩნდა სტერეოტიპი „ბნელი ცრურწმენა“. ამან კი იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიმუშავა მყარო მოსაზრება, რომ ყველაფერი რაც მაგიას უკავშირდება განსაკუთრებით კი ცეცხლზე სიარული შარლატანებს უკავშირდება.

თუ ჩემი ნაშრომი მკითხველის ნდობას დაიმსახურებს, ვეცდები დაგიმტკიცოთ, რომ მაგია არსებობს. ამავე დროს კი მივმართავ მათ, ვინც დარწმუნებულია,რომ არანირი მოსაზრება აზრს არ შეაცვლევინებს - სცადეთ და წაიკითხეთ ეს წიგნი. აქ განსჯისთვის ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას იპოვით. ყოველ შემთხვევაში ის შეიძლება უბრალო დროის სასიამოვნოდ გასატარებლად წაიკითხოთ. წაკითხვის შემდეგ კი დაფიქრდით და მიპასუხეთ შეგიძლიათ თუ არა უკეთესი ახსნა მოუძებნოთ აქ აღწერილ მოვლენებს.

უკეთესად გადმოსაცემად ფაქტობრივ მასალას ქეისების სახით აღვწერ. ყოველ ასეთ ქეისს დავურთავ შესაბამის კომენტარებს.

პირველი ქეისის ასაღწერად დოქტორი ბრიგჰემის კვლევა გამოვიყენე, მისი პირადი დაკვირვება და გამოცილება.

ქეისი 1

შესავალი

ცეცხლზე სიარულს ჩვეულებრივ ხსნიან შემდეგნაირდ: ფეხისგულებზე კანი ისეა გაუხეშებული რომ ცეცხლი ადვილად აღარ ეკიდება, ანდა ტერფები დამუშავებულია შაბით ან სხვა ქიმიკატებით, აგრეთვე იმასაც ამბობენ, რომ ნაკვერჩხლები ან გაცხელბული ქვები დაფარულია ფერფლის თხელი ფენით და ამიტომ აღარ წვავს ფეხს. ჰარი პრაისი, როდესაც კუდა ბუქსის (მუსლიმი ქაშმირიდან) ცეცხლზე სიარულის ახსნას ცდილობდა ლონდონის პარაფსიქოლოგიური მოვლენების კვლევის ინსტიტუტის წინაშე, წერდა:

„არცაა აუცილებელი იმის აღნიშვნა, რომ სწრაფი სიარულისას ტერფი მთლიანად არც ეხება ცეცხლს, ფეხს სწრაფად დგამენ ნაკვერჩხალზე და სწრაფადვე იღებენ, შესაბამისად ფეხი ნახევარ წამზე მეტს არ ეხება ცეცხლს.“

ასეთ შემთხევაში ვიტყვი, რომ არც ერთი აქ მოყვანილი ახსნა არაა ადექვატური.

მე წარმოგიდგენთ ჩემს ჩანაწერებს, რომელიც დრ. ბრიგჰემისგან მივიღე, მე ის ჩემი სიტყვებით და გამოთქმებით შევალამაზე უფრო თვალსაჩინო რომ გამეხადა.

ქეისი

„როცა ამოფრქვევა დაიწყო, - მიყვებოდა დრ. ბრიგემი - მე სამხრეთ კონაში, ნაპუპუში ვიყავი. რამდენიმე დღით შევყოვნდი, რათა გამერკვიე რამდენ ხანს გასტანდა. მერე კი შევატყობინე ჩემს სამ მეგობარ კაჰუნას, რომელბიც ადრე დამპირდნენ, რომ ცეცხლზე გავლაში დამეხმარებოდნენ. მე მათ ნაპუპუში ჩამოსვლა ვთხოვე.
ერთი კვირა გავიდა სანამ ჩამოვიდოდნენ, რადგან კანოეთი მოცურავდნენ კაუდან. თუმცა რომ ჩამოვიდნენ მაშინვე მაინც ვერ შევუდექით საქმეს. მათთვის ჩვენი შეხვედრა გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ვიდრე რაღაც უბრალო ცეცხლზე სიარული. მეც აღარაფერი დამრჩენოდა სადმე გოჭის შოვნისა და ლუაუში* მონაწილეობის გარდა.

დიდებული ლუაუ გამოვიდა. თითქმის მთელი კონა მიეწვიათ. დამთავრების მერე კიდევ ერთი დღე მომიწია ცდა სანამ კაჰუნები საკმარისად გამოფხიზლდებოდნენ. მერე კი ჩვენი მოგზაურობაც დაიწყო.

დაღამებისას შევძელით გზას გავდგომოდით, მთელი დღე იმათ მოცილებას მოვუნდით ვინც ჩვენს განზრახვაზე გაიგო და ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდოდა.

მე წავიყავნდი კიდევაც დასწრების ყველა მსურველს, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ როცა ამის დრო მოვიდოდა მართლა შევძლებდი ცეცხლზე გავლას. იქამდე უკვე მენახა ეს სამი კაჰუნა როგორ მსუბუქად გახტოდა ლავის ერთი ნაკადიდან მეორეზე, მახსოვდა ის მხურვალება და ეს მხნეობას სულ მმატებდა.

ღამეული მოგზაურობა ძალიან რთული იყო. ჩვენ დამრეც ფერდობზე მივცოცავდით გაციებული ლავის ნაკადებს შორის და მთის ჭალისკენ მივემართებოდით. კაჰუნებს სანდლები ეცვათ, მაგრამ გამაგრებული ნამწვი მაინც უზიანებდათ ფეხებს, ჩვენ ხშირად ვჩერდებოდით ფეხსაცმელზე მიკრული ნაცრის მოსაცილებლად. როცა ხეებსა და გვიმრის ნარგავებს მივაღწიეთ უკვე უკუნი სიბნელე იდგა. ხის ფესვებზე ფეხი გვიცდებოდა და ღრმულებში ვეცემოდით. ცოტა ხნის შემდეგ სიარული შევწვიტეთ და ღამის გასათევად ლავის წარმოქმნილ ნავისებურ ორმოში დავიძინეთ. დილით ცოტაოდენი გამომშრალი თევზი და პოი** ვჭამეთ და წყლის საძებრად გავეშურეთ. ამან დიდი დრო წაიღო, რადგან ახლოს არც წყარო და არც ნაკადული არ აღმოჩნდა და წვიმის წყლის გუბეების ძებნა მოგვიწია.

შუადღემდე კვამლის ღრუბლებამდე მივაღწიეთ, გოგირდის ორთქლი სულ უფრო სქელდებოდა. ისევ თევზი და პოი ვჭამეთ და 3 საათისთვის ვულკანის წყაროს მივაღწიეთ.

დიდებული სანახაობა გადაიშალა. მთის შვერილები პირდაპირ ტყის მასივში შეჭრილიყო ხოლო ლავა რამდენიმე ხვრელიდან ამოდიოდა - ღრიალით ამოიფრქვეოდა თითქმის 200 ფუტის სიმაღლეზე, დაცემისას კი უზარმაზარ აქაფებულ აუზს ქმნიდა.

აუზიდან ლავა ქვემოთ, დამრეც ზედაპირზე მიედინებოდა. მზის ჩასვლამდე ერთი საათი რჩებოდა, ჩვენ ნაკადს ქვემოთ ჩავუყევით ჩვენი ექსპერიმენტისთვის უკეთესი ადგილის ძებნაში.

როგორც ყოველთვის, ნაკადი საკმაოდ დამრეცი ტრაექტორიით მიედინებოდა, გასწვრივ კი კლინკერის კედლებს ქმნიდა. ეს კედლები თითქმის 1000 იარდს აღწევდნენ მათ შორის კი გავარვარებული ლავა კლდეში კალაპოტს იკვალავდა.
რამდენიმეჯერ ავძვერით და გადავკვეთეთ ეს კედლები რათა ქვემოთ მიმავალ ნაკადს დავკვირვებოდით. კლინკერის ზედაპირი საკმარისად აგრილებულიყო ზედ სასიარულოდ, მაგრამ სადაც არ უნდა გაგეხედათ ყველგან აწითლებული ცხელი მასა მოგხვდებოდათ თვალში. გამუდმებით გვიწევდა მოვრიდებოდით ადგილებს საიდანაც უფერო ალი ზემოთ აიტყორცნებდა და ოდნავ მოწითალოდ ელავდა დაწოლილი კვამლის ფონზე.

ისევ ქვემოთ, ტროპიკულ ჭალაში დავეშვით. გზა და გზა ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი ნაკადი რომელიც ფერფლის ფენას არღვევდა. ამ მოგზაურობაზე საკმაოდ ბევრი დრო დაგვეხარჯა და ისევ დასაძინებლად დავწექით. დილით ისევ გავაგრძელეთ გზა და ბოლოსდა ბოლოს ვიპოვეთ რასაც ვეძებდით. აქ ნაკადი ნაკლებად დამრეც კლდეზე მიედინებოდა დაახლოებით ნახევარი მილის სიგანეზე. გვერდებზე შემაღლებული ფერფლის ფენები გლუვ ტერასებს ქმნიდა. დრო და დრო კლინკერის ნაწილი ან ქვების გროვა გზას უღობავდა ლავას და ქვემოთ ჩაღვრას უშლიდა. ამ დროს მაგმა თითქოს უკან ტრიალდებოდა და ნაპირებიდან ადმოდიოდა, სანამ დაბრკოლებას მოიცილებდა და მერე ისევ ჩვეულ კალაპოტში დაბრუნებული აგრძელებდა დინებას კლდეზე. უკან კი ფართო, გლუვ ზედაპირს ტოვებდა რომელზეც გაციების შემდეგ სიარული შეიძლებოდა.

ქვემოთ ნაკადი სამად იტოტებოდა, ჩვენ ამ სამი ტოტიდან ყველაზე დიდთან გავჩერდით და დიდხანს ვაკვირდებოდით გავარვარებული ვულკანური მასის მიქცევ-მოქცევას. აუატანელი სიცხე იდგა კლინკერის კედელზეც კი. ქვემოთ კი წითელი ლავა მდინარესავით მიედინებოდა, სხვაობა მხოლოდ ის იყო , რომ წყალი ასე ვერასდროს გაცხელდებოდა და ვერც უხამუროდ იმოძრავებდა საათში 20 მილის სიჩქარით უსწორმასწორო ზედაპირზე. ყოველთვის მნუსხავდა ლავის ნაკადზე დაკვირვება. იქ, სადაც წყალმა გზა უნდა გააკვლიოს კლდოვან ღრმულებსა და ღარტაფებში, ლავა უბრალოდ წვავს ყველაფერს თავის გზგაზე და თავად იქმნის პრიალა, გლუვ კალაპოტს.

კაჰუნები დროს არ კარგავდნენ, რადგან იმავე დღეს გვინდოდა სანაპიროზე დაბრუნება. თან თის*** ფოთლები წამოეღოთ და ყველაფერი მზად ჰქონდათ საქმეს შესდგომოდნენ როგოც კი ლავა ჩვენი სიმძიმის შეკავებას შეძლებდა. პოლინეზიაში თის ფოთლებს ფართოდ იყენებენ ცეცხლზე მოსიარულეები. ისინი სიგრძეში 1-2 ფუტია, ვიწრო, ბასრი პირებით ზოგიერთი ბალახის მსგავსად. ღეროს კენწეროზე ფუნჯი ეზრდება - ზომითაც და ფორმითაც ცოცხის მსგავსი.

როცა ქვემოთ ნასროლმა ქვებმა დაგვარწმუნა რომ ლავას უკვე შეეძლო ჩვენი წონის შეკავება კაჰუნები ადგნენ და ქვემოთ ჩავიდნენ. ისე ცხელოდა როგორც ღუმელში. ლავის ზედაპირი გამიწებულიყო, მხოლოდ აქა იქა მოჩანდა ზოლები რომლებიც ფერებს იცვლიდა, როგორც ეს გავარვარებულ რკინაზე ვიდრე მჭედელი მას წყალში ჩაუშვებს. ამ დროს გულწრფელად ვინანე ასეთ ავანტიურაზე რომ დავთანხმდი. მხოლოდ გაფიქრებაც კი, რომ ჯოჯოხეთისცეცხლზე უნდა გამევლო მეორე მხარეს გადასავლელად მზარავდა. ვცდილობდი თავი მოგონებებით მენუგეშებინა სადაც ეს სამი კაჰუნა ცხელ ლავაზე გადარბოდა კილაუეაში.

კაჰუნებმა სანდლები დაიხადეს და ფეხები თის ფოთლებით შეიხვიეს, დაახლოეით 3 ფოთოლი თითო ფეხზე. მე დავჯექი და დავიწყე ჩემს ლურსმნებიან სალაშქრო ფეხსაცმელზე თის ფოთლების შემოხვევა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ამის უფლება არ მქონდა - ფეხსაცმელებიც უნდა გამეხადა და ორი წყვილი წინდაც. ქალღმერთი პელე ფეხსაცმელებს არ იცავდა დამწვრობისგან და თუ არ გავიხდიდი ამით მას გავანაწყენებდი.

მხურვალედ ვეწინააღმდეგებოდი, - ვამბობ მხურვალედ - რადგან შეწვას აღარაფერი გვიკლდა. მე ვიცოდი, რომ პელე არ ფლობდა ცეცხლის მაგიას და გამალებით ვცდილობდი გამერკვია ვინ ან რა ფლობდა მას. კაჰუნები მხოლოდ იცინოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ „თეთრ კაჰუნას“ რა თქმა უნდა შეუძლია მანას (მაგიური ძალის) წყლიდან და ჰაერიდან მიღება, მაგრამ მაინც ტყუილად ვკარგავთ დროს იმაზე ლაპარაკში რისი სიტყვებით გადმოცემაც არც ერთ კაჰუნას არ შეეძლო - საიდუმლოზე რომელიც მამიდან შვილს გადაეცემოდა.

მე მაინც არ დავთმე და ფეხაცმელი არ გავიხადე. ვფიქრობდი, რომ თუ ჰავაიელებს შეეძლოთ გაუხეშებული შიშველი ფეხებით ცხელ ლავაზე ევლოთ, მე უფრო კარგად გამომივიდოდა ეს სქელძირიანი ფეხსაცმლით რომელიც დამწვრობისგან დამიცავდა. აქვე დავსძენ, რომ ეს იმ დროს ხდებოდა როცა ვფიქრობდი, რომ მოცემულ მოვლენას ბუნებრივი ფიზიკური ახსნა მოეძებნებოდა.

კაჰუნებმა ჩემი ფეხსაცმელები კარგ ხუმრობად ჩათვალეს. თუ მე ვთვლიდი, რომ ისინი რომელიმე ღმერთისთის მსხვერპლად უნდა შემეწირა ეს კარგი იდეა უნდა ყოფილიყო. მათ ერთმანეთს გაუღიმეს და ფეხებზე ფოთლების შემოხვევა მაცადეს, თან თავიანთი საგალობლების სიმღერა დაიწყეს.

საგალობლები ძველ ჰავაიურ ენაზე იყო, რომელიც მე არ მესმოდა. ეს იყო ჩვეულებრივი „საუბრები ღმერთთან“, რომლებიც სიტყვა სიტყვით გადმოიცემოდა უამრავ თაობაზე. მხოლოდ ის გავიგე, რომ ტექსტი შედგებოდა მცირე მითოლოგიური ამბებისგან და პარალელურად ღმერთების და ქალღმერთების სადიდებლებს მოიცავდა.

ვიდრე კაჰუნებმა გალობა დაამთავრეს, თითქმის ცოცხლად დავიწვი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. და აი ეს მომენტიც დადგა. ერთ ერთმა კაჰუნამ ფოთლების კონა ლავის გლუვ ზედაპირს დაჰკრა და მანიშნა პირველი ნაბიჯი გადამედგა. მე მაშინვე ჩემი თავაზიანობა გამახსენდა და ჩვენ შორის უფროსს დავუთმე პირველი ნაბიჯის გადადგმა.

ამგვარად გადაწყდა, რომ უფროსი კაჰუნა წავიდოდა პირველი, მერე მე და მერე დანარჩენები. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, უფროსი კაჰუნა არანორმალურად ცხელ ლავაზე შედგა, მე პირდაღებული მივშტერებოდი როგორ მიაღწია მან თითქმის მეორე ნაპირს, როცა ვიღაცამ ხელი მკრა და სხვა აღარაფერი მრჩებოდა ან სახით უნდა დავცემულიყავი ლავაზე ან მის ზედაპირზე გადამერბინა.

დღესაც არ მახსოვს რამ მაიძულა, მაგრამ ნამდვილად გავიქეცი. წარმოუდგენელი სიცხე იყო, სუნთქვა შემეკრა და მეგონება გონებამაც შეწყვიტა მუშაობა. ოდესღაც, ახალგაზრდობაში 100 იარდზე სირბილში შემეძლო საუკეთესოებს გავჯიბრებოდი. მივრბოდი კი? არა უფრო მივფრინავდი. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის მერე ფეხსაცმლის ძირებმა დნობა დაიწყეს. ტყავი დაიბრიცა და აიფცქვნა და ფეხებზე ბორკილებივით მომიჭირა. ერთი წამიც და ცალი ფეხსაცმლის ძირის გარეშე დავრჩი, მეორე კი ქუსლთან პატარა ტყავის ნაჭერზეღა ეკიდა.

ამ მეორე ფეხსაცმლის ძირმა კინაღამ დამღუპა. ფეხი აღარ მემორჩილებოდა და ტემპს ვკარგავდი. ბოლოს, როგორც მე მომეჩვენა რამდენიმე წუთის მერე (სინამდვილეში კი წამის) უსაფრთხო ადგილამდე მივედი.
დავიხედე ფეხებზე და ფეხსაცმლის ტყავის ნაგლეჯების ქვეშ უკვე წინდები მეწვოდა. ვეცადე ცეცხლი მიწაზე ფეხის დარტყმით ჩამექრო და თან ახარხარებულ კაჰუნებს ვაკვირდებოდი. ისინი იცინოდნენ და თან ლავაზე დარჩენილ ფეხსაცმლის ძირზე მითითებდნენ, რომელიც უკვე თითქმი მთლიანად გამდნარიყო.

მეც გამეცინა, თავი ასე თავისუფლად არასოდეს მიგრძვნია. უკვე უსაფრთხოთ ვიყავი და ფეხებზე არ მქონდა არც ერთი დამწვრობა ან წყლული, იმ ადგილებზეც კი სადაც წინდები მიმეწვა.

კიდევ ერთ რამეს დავამატებ ჩემს ამ გამოცდილებას. სახესა და ტანზე სიცხემ კინაღამ დამწვა მაგრამ ფეხებზე ეს არ მიგრძვნია. როცა ხელით შევეხე, ფეხები ცხელი მქონდა, მაგრამ ამას ხელით ვგრძნობდი და არა ფეხებით. არც ერთ კაჰუნას არ დასწვია ფეხები, თუმცა მათზე შემოხვეული ფოთლები თითქმის მაშინვე დაიწვა.

უკან დაბრუნება სანაპიროზე კიდევ ერთი კოშმარი გახდა. ხისგან სახელდახელოდ გამოჩორკნილი სანდლებით სიარულმა ლავაზე გავლაზე არანაკლები მოგონება დამიტოვეს.

კომენტარი

ეს იყო დრ. ბრიგჰემის ამბავი. ახლა ალბათ გაინტერესებთ, როგორ ახსნა მან მეცნიერულად ის, რაც გადახდა.

„ეს მაგიაა, - მარწმუნებდა ის - ეს იმ უსასრულო მაგიის ერთ-ერთი მაგალითია, რომელსაც კაჰუნები და სხვა პრიმიტიული ხალხები იყენებენ. წლები დამჭირდა ამ დასკვნაბდე რომ მივსულიყავი, ახლა კი დარწმუნებით შემიძლია ეს გითხრა ხანგრძლივი დაკვრვებისა და შესწავლის მერე.

„ნუთუ ამის სხვაგვარად ახსნა არ გიცდია?“ - ვკითხე მე.

„რა თქმა უნდა ვცადე,“- გამიღიმა მან - ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ მაგია არსებობს. მაგრამ იმის მერეც კი, რაც დავრწმუნდი, რომ ეს ყველფერი მაგიაა, მე კიდევ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ხომ არ ვცდებოდი ჩემს დასკვნებში. მაშინაც კი, როცა თავად გავიარე ლავაზე მაინც ვფიქრობდი, რომ იქ იქმნებოდა ფოროვანი იზოლირებული ზედაპირი შედარებით გრილი. ეს თეორია ორჯერ შევამოწმე კილაუეაში სადაც მცირე ამოფრქვევები მოხდა. ერთ შემთხვევაში მე დავუცადე რომ ლავის ნაკადი გაშავებამდე გაციებულიყო. მე მას თითის წვერებით შევეხე და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგმა, მე რომ ზედ გადავირბინე იმაზე გაცილებით გრილი იყო, თითები მაინც დავიწვი. მე კი სულ ოდნავ შევეხე ზედაპირს.

„მეორე შემთხვევაში რაღა მოხდა?- ვკითხე მე“

მან თავი გააქნია და დამნაშავესავით გაიღიმა.

„ამ ორი დამწვრობის მერე უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი მაგრამ ძნელია ძველი აზრებისგან განთავისუფლება. ვიცოდი, რომ გავარვარებულ მასაზე გადავირბინე, თუმცა მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ამის გაკეთება შევძელი. მე ძალიან გამიტაცა იზოლირებული ზედაპირის ჩემმა თეორიამ, ამიტომ ცოტაოდენი ლავა ჯოხით ავიღე თითქოს ეს კარამელი ყოფილიყოს და ამჯერადაც თითი დავიწვი. არანაირი სიყალბე. კაჰუნები მაგიას მიმართავენ ცეცხლზე გადასვლისას ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში. არსებობს გარკვეული კანონები ერთი - ფიზიკური სამყაროსთვის და სხვები სხვა სამყაროსთვის. დამიჯერეთ თუ შეგიძლიათ, სხვა სამყაროს კანონები იმდენად ძლიერია, რომ მათი გამოყენება და გარკვეული პირობების შეცვლა ამ სამყაროშიც შეგიძლიათ.“

მოცემულ შემთხვევაში მაგიის ბუნებაზე ზემოქმედება ისეთი იყო, რომ დაადნო დრ. ბრიგჰემის ფეხსაცმელები, მაგრამ უვნებელი დატოვა მისი ფეხები. არ გამოუყენებია არანაირი ქიმიური ხსნარი ცეცხლზე სიარულისას კანის დასაცავად. ლავაზე არც ფერფლი ფენა იყო იზოლაციისთვის. ლავა იმდენად გავარვარებული იყო, რომ სწრაფი სირბილის დროსაც კი როცა ფეხი ბოლომდე არ ეხება ზედაპირს ფეხსაცმელების ტყავი ბოლომდე დაიწვა. სიცხე საკმარისზე მეტი იყო იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში ფეხები დაენახშირებინა.

ქეისი 2

სცენის ჯადოქარი, რომელიც ნამდვილ მაგიას იყენებს

შესავალი

როგორც უკვე მიხვდით, ხანდახან სცენაზე იყენებენ ნამდვილ მაგიას იმ მექანიკური საშუალებების ნაცვლად რასაც თქვენ ელით, მაგრამ ამას ვერც კი ამჩნევთ.

მოცემულ ქეისში საუბარი იქნება ადამიანზე, რომელიც მოგზაურობდა ცირკთან ერთად, მაგრამ არაფერს ყვებოდა იმ მაგიაზე, რომელსაც მიმართავდა. ეს იცოდა მხოლოდ მან ვისაც გაენდო და მათ ვინც მიდრეკილი იყო ყველაფერი მაგიისთვის მიეწერათ. ეს კაცი თავის ცოლთან ერთად გამოდიოდა ჰონოლულუში. მერე კი თავაზიანად ამიხსნეს, თუ როგორ ისწავლეს მათ ეს და როგორ იყენებდნენ. ახლა კი მხოლოდ იმით დავინტერესდეთ თუ რა და როგორ გააკეთეს

ე.წ „ცეცხლის მაგია“ რომელიც ჩვენ სცენაზე ან ცირკში გვინახავთ სინამდვილეში იმისი საცოდავი იმიტაციაა რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ. ეს „გმირობა“ ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ანთებულ სიგარეტს პირში იდებენ და თან ცდილობენ მოკიდებულ მხარეს არ ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტი ენასთან და პირის ღრუსთან. მეორე ტრიუკი კი იმაში მდგომარეობს, რომ პირს ბენზინით ივსებენ და ამოფრქვევისას ცეცხლს უკიდებენ, საიდუმლო იმაშია, რომ ცეცხლი ბეზინთან კონტაქში შედის მაშინ როცა ის უკვე საკმარისადაა მოცილებული სახეს.

ქეისი

ცეცხლის მაგი, ვიზეც მე მინდა მოგიყვეთ, თავის მცირე კარავში მართავდა წარმოდგენებს. მაყურებლებისგან მას გამოყოფდა მოაჯირი და ის დაახლოებით 3-6 ნაბიჯზე იმყოფებოდა თავისი აუდიტორიიდან. მისი აღჭურვილობას წარმოადგენდა ნაძვის მაგიდა და ყოველივე რაც მასზე ეწყო. მისი წარმდგენის ერთადერთი ნაწილი სადაც ნამდვილ მაგიას არ იყენებდა იყო მისი პატარა ძაღლი - რომელიც ცეცხლმოკიდებულ რკალში ხტებოდა. ყველაფერი მიმდინარეობდა მაყურებლების თვალწინ ისე რომ მათ შეეძლოთ დაეთვალიერებინათ საგნები და შეემოწმებინათ მათი მხურვალება ვიდრე მაგის სხეული შეეხებოდა მათ. ყოველ მოქმედებას ასრულებდა ნელა, რაც ყოველგვარ ტრიუკს და სიყალბეს გამორიცხავდა.

იმ ორი წარმოდგენისას რომელსაც მე ვესწრებოდი, მაგი წარმოადგენდა შემდეგ ნომრებს.1) ის ჭიქაში ადუღებდა წყალს და სვამდა მას ადუღებისთანავე. 2) ნაძვის ფიცრის პატარა ნაჭრები მიჰქონდა ცეცხლთან, აცდიდა როდის მოეკიდებოდა, დანაკვერჩხლდებოდა, მერე კი ატეხავდა ცხელ ნაკვერჩხლებს და ჭამდა. 3) გაწითლებამდე გააცხელა მეტალის ნაჭერი, მერე მასზე რამდენჯერმე აუსვა ენა ისე რომ ენის შეხებისას ორთქლი წარმოიქმნა. 4) მერე ჩართო ჩვეულებრივი გაზის შესადუღებელი ხელსაწყო, ცეცხლი ისე დაარეგულირა, რომ მოლურჯო-მომწვანო ცეცხლის კონუსს დამგავნებოდა, მერე ამ ცეცხლით რამდენჯერმე გადაჭრა ლითონის ნაჭრები. მაყურებლებს საშუალება მისცა ცეცხლიც და გადაჭრილი რკინებიც შეემოწმებინა, მერე კი ანთებული ცეცხლი ფართოდ გაღებულ პირისკენ მიმართა, ის არც რაიმე დამცავ ტექნიკას, ცეცხლის სწრაფ ჩაქრობას, ამ რაიმე სხვა მეთოდს არ მიმართავდა. მისი პირი გაღებული რჩებოდა და ანთებული ცეცხლის ნაკადი შეუჩერებლად მიემრთებოდა შიგნით. 5) მეტალის მავთული გაწითლებამდე გააცხელა და ორივე ხელი მაგრად ჩაკიდა. მის ადგილას ადამიანი საშინელ დამწვრობებს მიიღებდა. მერე ის შუაში გააცხელა და კბილებით დაიჭირა თან ამ დროს ორივე ბოლოს ზევით-ქვევით სწევდა.

კომენტარი

თავიდან, როცა კბილებით გახურებული რკინის გადაღუნვას ვუყურე, გადავწყვიტე ფაკირის კბილები შემემოწმებინა. ეს ნამდვილად მაგარი, ჯანმრთელი კბილები იყო, არანაირი სიყალბე. ამან კი ძალიან დამაინტერესა რადგან გახურებული რკინა 10 წამზე მეტი ხანი იყო მჭიდრო კონტაქტში მის ზედა და ქვედა საჭრელ კბილებთან. მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს მან ეს ნომერი რამდენიმეჯერ გაიმეორა კბილის ემალი მაინც უვნებელი დარჩა. მეორე წარმოდგენის დაწყებამდე სტომატოლოგი შემომიერთდა. მან დამიდასტურა, რომ ჩეულებრივ პირობებში კბილებთან ამგვარი კონტაქტი მათი ნერვების სრულ კვდომას და კბილების ჩამოცვენას გამოიწვევდა და ამასთანავე საშინელ ტკივილსაც ნერვების კვდომის პროცესში. ასეთი ტემპერატურის ზემოქმედებისას ღრძილებიდან სისხლდენა და კბილების დაცვენა გარდაუვალი იყო. ამიტომაც მეორე წარმოდგენის წინ ჩვენ გულდასმით შევამოწმეთ ფაკირის კბილები პატარა დანით, ხომ არ იყო მათზე რაიმე საიზოლაციო სუბსტანცია, თუნდაც ძალიან თხელი და სრულიად გამჭვირვალე. პირის ღრუში სადაც მუდმივი სისველეა ასეთი სუბსტანციის არსებობა საეჭვოც იყო. ეს დამცავი ფენა ძალიან ძნელი დასამაგრებელი იქნებოდა სველ კბილებზე და ძალიან სქელიც უნდა ყოფილიყო ეს კი მისი აფხეკვის საშუალებასაც მოგვცემდა და თვალითაც ადვილი შესამჩნევი იქნებოდა.

ქეისი 3

ბიბლიური ისტორიის პროფესორი.

შესავალი

1935 წლის 21 თებერვალს დავესწარი ლექციას ლოს ანჯელისის საჯარო ბიბლიოთეკაში. მას ატარებდა დოქტორი ჯონ ჰილი - სამხეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიბლიური ისტორიის პროფესორი. საუბრობდა ცეცხლზე სიარულზე. მას ოთხი სეზონი გაეტარებიან სამხრეთის ზღვებში და ლექციას ახლდა მის მიერ გადაღებული ფოტოების კოლაჟი.

ის ყვებოდა, როგორ იმოგზაურა ტაიტისა და მის მიმდებარე კუნზულებზე, 14 მილი გაიარა კუნძულის სიღრმემდე, რათა თავისი თვალით დაენახა როგორ დადიოდნენ ცეცხლზე. დავინახე დიდი ორმო რომელსაც ქვებით და მორებით ავსებდნენ. მერე ანთებდნენ ცეცხლზე და ის იქამდე ენთო ვიდრე ქვები არ გახურდებოდა. ადგილობრივები ქალღმერთ“ზეციურ ნაინას“ ლოცვებს აღუვლენდნენ და ორმოს გარშემო უვლიდნენ, მერე თითოეული მათგანი გადადიოდა და გადმოდიოდა გახურებულ ქვებზე შვიდჯერ. ქვებიდან „მტვრის გადასაწმენდად“ თის ფოთლებს იყენებდნენ.

დოქტორი ჰილის ფილმში ნათლად ჩანდა, თუ როგორ ეხება მთლიანი ტერფი გახურებულ ქვებს. დოქტორმა აგრეთვე გვაჩვენა როგორ აიძულეს ერთ-ერთი გადასულიყო ქვებზე და ასე ვთქვათ გაევლო „ცეცხლით გამოცდა“ რათა გაერკვიათ მისი დანაშაული თუ უდანაშაულობა. ხოლო რადგანაც მან ძალიან დაიწვა ფეხები, უამრავი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებმა ჩათვალეს, რომ მას ქალღმერთი ნაინა არ მფარველობდა და ამიტომ დამნაშავე იყო.

როგორც კი ცერემონია დამთავრდა, ჰილმა და მისმა თეთრმა თანამგზავრებმა შეამოწმეს ლოდების ტემპერატურა, და დაადგინეს, რომ გახურებული ქვებიდან სამი ნაბიჯის დაშორებით ხელის გაწვდენა შეიძლებოდა მხოლოდ 11 წამი, ხოლო ქვებზე დაგდებული ნედლი, სველი ტოტების კონა 13 წუთში აალდა.

ქვების შემოწმებით გართულ სტუმრებს უფროსმა მაგმა შესთავაზა ქვებზე გაევლოთ მათი მაგიის დახმარებით. ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო მიწვევა და ადგილობრივებთან ერთად გაიარა გახურებულ ქვებზე. როგორც დოქტორი ჰილი ამბობს, უცნაური იყო ის, რომ კაცმა ისე გადაკვეთა გავარვარებული ლოდები რომ არც ფეხსაცმელი და არც ფეხები არ დაუზიანებია, სამაგიეროდ სიცხისგან სახე ისე დაეწვა რომ რამდენიმე დღე კანი ისევ ექერცლებოდა.

ლექციის შემდეგ მე შევუერთდი იმ ხალხის ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამდნენ და თითოეულ პასუხს ყურადღებით მოვუსმინე. დოქტორს სთხოვეს მომხდარის რაც შეიძლება ზუსტი ახსნა. თუმცა მან ეს ვერანაირად ვერ ახსნა. სავარაუდოდ ის ფიქრობდა, რომ აქ ადგილი ჰქონდა გონების რაღაც უმაღლესი ფორმის თანდასწრებას - ძალას რომელიც ცეცხლს დაწვის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ ის ხაზს უსვამდა, რომ მისი მოსაზრებები ფაქტებად არ უნდა მიგვეღო.

რა თქმა უნდა, დასვეს კითხვები, ხომ არ იყო გამოყენებული რაიმე შეუმჩნეველი ტრიუკი. დოქტორმა ჰილმა აგვიხსნა, რომ ეს სრულიად გამორიცხული იყო, რადგან ერთ-ერთი მათგანის ფეხსაცმელს ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე საერთოდ არ შეეხო ცეცხლი, ხოლო ჩვეულებრივ ისინი მთლიანად უნდა დამწვარიყო.

ამის შემდეგ დოქტორმა ჰილმა უფრო თვალსაჩინო რომ გაეხადა ასეთი მისტერია ცეცხლზე სიარულის სხვა შემთხვევა აღწერა, რომელიც ფირზე არ გადაუღია. მაშინ ერთმა ახალგაზრდა მისტიკოსმა განაცხადა, რომ თუ მაგია მუქკანიანებს იცავდა, მაშინ მას თეთრკანიან ადამიანს ღმერთი დაიცავდა. მან მისდამი კეთილგანწყობილ მთავარ მაგს ჰკითხა რჩევა მისგან კი პასუხად მიიღო, რომ ყოველგვარი შიშის გარეშე შეეძლო ცხელ ქვებზე შედგომა. მისი თანმხლები სხვ თეთრი ადამიანების პროტესტის მიუხედავად, მან ფეხსაცმელები და წინდები გაიძრო. ის გაქვავებული სახით მიუახლოვდა გახურებულ ქვებს, ეტყობოდა, რომ მთელი ძალით ცდილობდა კონცენტრირებას და იმ რწმენის შენარჩუნებას, რომ წარმატებით გადავიდოდა ზედ. ის მიჰყვა სხვებს სრულიად თავისუფლად. უეცრად იქვე ახლოს ძაღლები აყეფდნენ, ბიჭმა ერთი წამით მათ შეხედა და მერე მკვეთრად ააგლიჯა ფეხი ქვებიდან. მერე ისევ შეძლო კონცენტრაცია და გზა გააგრძელა. მოგვიანებით გაირკვა რომ ამ დროს ტერფზე დიდი წყლული გაჩნდა. დოქტორი ჰილი გვარწმუნებდა ამ ფაქტის ნამდვილობაში მაგრამ თავს იკავებდა მისი კომენტირებისაგან.

კომენტარი

მათ ვისაც არ უნახავთ 1934 წელს ჩაწერილი ცეცხლზე სიარული შემიძლია ინფორმაციის შემდეგი წყაროები ვურჩიო.

წიგნი ა.ა რაითის „The Colony of Fiji“ გამოცემულია ფიჯიზე. იქ რამდენიმე კარგი სურათია, როგორ დადის ადამიანი ცეცხლზე. ის, რომ ამ წიგნში ვიპოვით ერთ განყოფილებას, სადაც გაკვრითაა მოხსენიებული ცეცხლზე სიარულის ფენომენი - ეს კი ყველაზე უფრო მიმზიდველია ფიჯიზე მოგზაური ტურისტებისთვის. აქ ნათლად ჩანს, რამხელა გავლენას ახდენს მეცნიერული შეხედულებები თანამედროვე ადამიანის აზროვნებაზე.

არსებობს მეორე წიგნიც, რომელსაც უფრო ადვილად იპოვით ბიბლიოთეკაში „Seatracks of the Speejacks“. ჯენი გოუენის დაწერილ ამ წიგნში დეტალურადაა აღწერილი ცეცხლის მაგებიც და მათ პრაქტიკებიც.

ჰერბერტ მაქ-ქრავის წიგნში Tahiti Days (George H. Doran Co., 1920) მთელი თავი ეძღვნება ჩვენთვის საინტერესო საკითხს (ქართულად ეს ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე). აქ მოყვანილია რამდენიმე სურათი სადაც ადამიანები დადიან ცეცხლზე და ბრბო რომელიც ამას თვალს ადევნებს.

ქეისი 4

ცეცხლზე სიარული როგორც რელიგიური რიტუალი ბირმაში.

შესავალი

ჰავაიზე ცხოვრებისას თავი გამქონდა ხელოვნების ნიმუშების მაღაზიით და ფოტოსალონით ჰონოლულუში. ჩემს უამრავ კლიენტს შორის ერთი ინგლისელი მოგზაური, რომელიც მოვიდა ჩემთან 1929 წელს, როცა მსოფლიოს გარშემო მოგზურობდა. მას თან დაჰქონდა ფოტოაპარატი და იღებდა ყველაფერს რასაც გზაში ხვდებოდა.

რამდენიმე დღის გაცნობილი მყავდა, როცა ერთხელ შემოვიდა ჩემთან და მკითხა იყო თუ არა ჰავაიზე რაიმე ისეთი რისი ფირზე აღბეჭდვაც ღირდა. მე რა თქმა უნდა ვიცოდი ბევრი არაჩვეულებრივი რამ, მაგრამ ვერ გავბედე პირდაპირ მომეყოლა კაჰუნებზე და მათი მაგიის გადასაღებად გამეგზავნა.

ჩვენი საუბრისას ინგლისელმა გაიხსენა როგორ მოისყიდა ბირმაში ერთი ღვთისმსახური, რომელაც ნება მისცა აივანზე დამალულიყო და გადაეღო საიდუმლო ცერემონია - ღმერთ აგნის საპატივსაცემოდ მოწყობილი ცეცხლზე სიარული.

მაშინვე ვთხოვე დაწვრილებით აღეწერა ჩემთვის ეს შემთხვევა და ეჩვენებინა ჩანაწერი. ის სასტუმროში დაბრუნდა და მაშინვე მოიტანა ფირი. ახლა კი დაწვრილებით აღვწერ, რაც მისგან გავიგე და რაც ფირზე ვნახე მაშინ ჩემს ფოტოსალონში.

ქეისი

“ხედავ, - მეუბნებოდა ჩემი მეგობარი, აღფრთოვანებული იმით, რომ შეეძლო ჩემთვის ნამდვილი სასწაული ეჩვენებინა, - მე უბრალოდ კი არ გიყვები რაც ვნახე, მე ეს გადაღებული მაქვს. ესაა ყველაზე კარგი. თუნდაც ეს ფილმი ავიღოთ რომელსაც ახლა განახებ. ეს რომ არ გადამეღო შესაძლოა მეც კი დავეჭვებულიყავი, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი ვიხილე. შეუძლებელია ამის დაჯერება. ნებისმიერი გეტყვით, რომ არ შეიძლება არაფერი მსგავსი მოხდეს. შესაძლოა მეც კი ასე ვთქვა, არადა თავად გავხდი ამ ყველაფრის მოწმე სამ თვეზე ნაკლები ხნის წინ. - ის შეჩერდა და დამელოდა, როდის მოწყვეტდი თვალს პროექტორს და მას შევხედავდი. მეც ცდა არ დავიშურე, რომ სათანადო გაკვირვება და უნდობლობა გამომეხატა.

„რაღას უცდით, ჩართეთ,- მითხრა ამაყად. - შეძლებთ კი დაიჯეროთ რაც კამერამ აღბეჭდა.“

ორი სკამი დავდგით და საუბარი შევწყვიტეთ. ჩვენს წინ, ეკრანზე რაღაც ფიგურები ამოძრავდნენ.

„ რასაც ახლა ხედავ, ეს პროცესიაა, - ამიხსნა ჩემმა მეგობარმა, - ეს ტაძრის მოედანზე სრულდება, მსახურების დაწყებამდე. ჯგუფი, რომელმაც ჩაიარა, კანდიდატები არიან, ისინი წლების განმავლობაში ემზადებიან წმინდა ცეცხლით განდობის ცერემონიისთვის, ღმერთ აგნის კულტის თანახმად. საკვირველი ხალხია ეს ყავისფერები. შეხედე მათ სახეებს, ყველა მათგანი ისე გამოიყურება თითქოს რაღაცაზეა კონცენტრირებული. თითქოს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ბრბოს, რომელიც ამ დროს მხოლოდ მათი დანახვითაც კი ჭკუაზე გადადის. ყოველი ამ ხალხიდან იმედოვნებს, რომ ოდესღაც თავადაც გაივლის ცეცხლზე, ეს კი ძალიან საპატიოა. ერთხელ გაივლი და მთალი ცხოვრება განდობილი ხდები, რაღაც წმინდანის ან ქურუმის მსგავსი. იმ ტაძრის ყველა ქურუმი ასეთ ცერემონიაში მონაწილეობს რათა სულიერი ლიდერი გახდეს.“

„როგორ აკეთებენ ამას?- ვკითხე მე და თან თვალს არ ვაშორებდი პროცესიას, რომელიც ნელა, აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი საზეიმო მანერით მიდიოდა.

„გგონიათ მე არ მინდა ამის ცოდნა?“

„მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? - არ ვიშლიდი მე“

„საიდან უნდა ვიცოდე. ვცადე რაღაცა გამეგო ქურუმებისგან, მაგრამ მათ მგონი უბრალოდ მომატყუეს. მეუბნებოდნენ, რომ მათი რელიგია ერთადერთი და ჭეშმარიტია და ცეცხლზე სიარული ამის დასტურია. თანაც დასძენდნენ, რომ არც ერთი სხვა რწმენა თავის მიმდევრებს ასეთ შესაძლებლობებს არ სძენს. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ მათი ღმერთი მართალ და სუფთა ხალხს დაწვისგან იცავს. ხოლო ის ვინც საკმარისად სუფთა არაა, ასეთ მადლს ვერ იღებს. - უეცრად ინგლისელმა ეკრანისკენ მანიშნა - შეხედეთ ამ ყმაწვილს. ესაა ის ქურუმი რომელთან საუბრის საშუალებაც მომეცა, სანამ პროცესია ქალაქში მიემართებოდა. კარგი ბიჭია, პატიოსანი და სიმპატიური.“

„რას გულისხმობ?“- ვკითხე მე.

„ის სხვებს არ ჰგავს, - მიპასუხა მან, - ის ადვილად არავის ენდობა და თეთრებსაც ვერ იტანს. რაც შეეხება სიმპატიურს ამას იმიტომ ვამბობ, რომ მან დამიჯერა როდესაც ვუთხარი, რომ მათ რელიგიას ვსწავლობდი და მათთან გაერთიანება მინდოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ დაუფარავად დამცინებდა, მაგრამ როცა ჯიბეში ფული ავაჩხრიალე მან ყველაფერი სერიოზულად მიიღო.

„იქნებ მან მართლაც სერიოზულად მიიღო შენი ნათქვამი, - ვუპასუხე მე და ეკრანზე მიმდინარე მსვლელობას მივადევნე თვალი.“

„არა ის სულელი ნამდვილად არ იყო. მონეტების სასიამოვნო წკრიალი მისვის უკვე ნაცნობი გახლდათ. ხოლო როცა ვუთხარი, რომ ცერემონიაში მონაწილეობა მინდოდა და ყურება როგორ გაივლიდნენ ადამიანები ცეცხლზე ის მშვენივრად მიხვდა რას ნიშნავდა ეს. აქვე ხაზი გაუსვა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ მე იმ წუთასვე გავიღებდი სოლიდურ შემოწირულობას ტაძრისთვის. მან მადლობა გადამიხადა და მთხოვა რამდენიმე წუთში ტაძრის შესასვლელთან მივსულიყავი. რა თქმა უნდა არ მიხსენებია, რომ თან კამერას მივიტანდი.

ეკრანზე გამოსახულება უეცრად შეიცვალა და ტაძრის ეზოს შიდა ნაწილი გამოჩნდა. ეს იყო მაღალი კედლებით გარშემორტყმული დიდი მოედანი. ერთ მხარეს განლაგებული იყო ცხელი ხის ნაკვერჩხლით სავსე დიდი, გრძელი მოწყობილობა, რომელიც მხურვალებას გამოყოფდა. ეს მოწყობილობა დაახლოებით 50 ნაბიჯი იყო სიგრძეში და 5 - სიგანეში. ვუყურებდი მამაკაცები როგორ ურევდნენ ნაკვერჩხალს და უფორმო მასას გრძელი, ვიწრო პლატფორმის ფორმას აძლევდნენ.

“აი ისიც, - წამოიყვირა ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა - აქ ჩემს ქურუმს შევხვდი, მან შიგნით ისე შემიყვანა არ იცოდა კამერა რომ მიმქონდა. მან აივანზე გამიყვანა და ბამბუკის შირმის უკან დამმალა. კიდევ ერთი მოზრდილი შესაწირი გადავეცი ტაძრისთვის და მანაც დამტოვა. ცოტა ხნის შემდებ ამ შირმაში ორი ნახვრეტი გავაკეთე ერთი საყურებლად და მეორე კამერისთვის.

„მე ნაკვერჩხლების არევის დასაწყისი და დასასრული გადავიღე , - განაგრძო მან - ხედავთ? უკვე ყველაფერი გამზადებულია. ნაკვერჩხლები სწორად აწყვია, დაახლოებით 6 დუიმის სისქეზე. ნახშირი დაახლოებით 10 საათი იწვოდა, როგორც ქურუმმა მითხრა. ჯოჯოხეთური სიცხე იდგა, ისეთი, რომ ბამბუკის შირმის მიღმაც კი ძლივს ვუძლებდი. ხედავ, ვინც ნაკვერჩხლებს ურევს გამუდმებით პირს იბრუნებს რომ არ დაიწვას, ჯოჯოხეთია, სხვა არაფერი.

„ახლა კი ამ კარს შეხედეთ, - მითხრა ინგლისელმა ცოტა ხნის შემდეგ - გადაღება მაშინ დავიწყე, როცა გარედან ხმაური შემოვიდა. ვიცოდი რომ საცაა პროცესია შემოვიდოდა. აი ისინიც! წინ ქურუმები მოდიან, უკან კანდიდატები მოჰყვებიან. ყველა კანდიდატი მამაკაცია, ქალები ზედმეტად ცოდვილები არიან იმისთვის, რომ განწმენდა გაიარონ. მამაკაცების უმრავლესობა მოხუცები არიან, სულ 43 დავთვალე. შეხედე მათ სახეებს, თითქოს შუადღის ჩაიზე მიდიან, როგორი სათნო სახეებია. ფორმიანი აყლაყუდები - პოლიციელი სიქჰები არიან. მათ ყველა ბრიტანულ კოლონიაში შეხვდებით. ეს წმინდანები არ არიან, ისინი ხელისუფლებამ გამოგზავნა პროცესიაზე თავალის სადევნებლად. მოგვიანებით მათ მოქმედებაშიც იხილავ.“

თვალს ვადევნებდი როგორ შევიდა პროცესია ეზოში. კანდიდატები მდუმარედ განლაგდნენ გახურებული ნაკვერჩხლების ზოლის ერთ ბოლოში. მათ უკან მამაკაცების, ქალებისა და ბავშვებისაგან შემდგარი ბრბო მოეწყო. ყველა ძალიან აღელვებული იყო.

სიქჰებმა ნელი ნაბიჯით გაიარეს ბრბოში. ქურუმებმა შემოუარეს ცეცხლს და სხვა, 6 ტაძრიდან გამოსული 6 ქურუმისგან შემდგარ ჯგუფს შეუერთდნენ, ნკვერჩხლების ზოლის მეორე მხარეს. ამ ექვსი ქურუმიდან ყოველს ხელში ეჭირა მოკლე მათრახი უამარავი წკეპლით. ქურუმებსა და ნაკვერჩხლებს შორის იყო პატარა, წყლით სავსე ღრმული. ეს ღრმული იყო დაახლოებით 6 ნაბიჯის სიგანის, 10 დუიმი სიგრძის და 4 დუიმი სიღრმის.

„ეს მათრახები რისთვის? - ვიკითხე მე - იმისთვის ხომ არა, რომ ცეცხლზე მოსიარულეები წყლიდან მოშორებით გააჩერონ“

„ახლავე თავად დაინახავთ რისთვისაც , - მიპასუხა მან სწრაფად - მე მგონია, რომ როცა ისინი ცეცხლიდან წყალში გადადიან ქურუმები ურტყამენ მათ რათა ყურადღება გაცხელებული ტერფებიდან გადაატანინონ. მე ჩემ ნაცნობ ქურუმს ვთხოვე ეს აეხსნა მაგრამ ვერაფერი გავიგე მისი ნათქვამიდან. ეს რაღაც ძველ ადათს შეეხებოდა.

„და არც მათრხი და არც ცეცხლი არ აზიანებთ მათ? - დავინტერესდი მე“

„მათრახი აზიანებს, ხანდახან წკეპლები მხრებსა და ზურგზე კანს უხეთქავს. ახლა კი ყურადღებით შეხედე ეკრანს, ხედავ ყველა ლოცულობს. უამრავ უცნაურ მოძრაობას აკეთებენ. ისინი ღმერთ აგნის შესთხოვენ, რომ მან დაიცვას უცოდველები და დასწვას ცოდვილები. ეკალი მაყრის კანზე...

კამერა ისევ კანდიდატების მდუმარე ჯგუფს მიუბრუნდა. ისინი ლოცვებში მონაწილეობას არ იღებდნენ, უბრალოდ მშვიდად იცდიდნენ. მათ მხოლოდ ტრუსები ემოსათ. და აი ერთმა მოხუცმა უხუცესმა ასწია ხელი - თითქოს ბრბოში ვიღაცას ესალმებოდა, მერე მობრუნდა და აციმციმებული, გავარვარებული პლატფორმისკენ გაემართა. მან ხელები ერთმანეთთან მიიტანა და ცას ახედა თითქოს რაღაცაზე ლოცულობდა, მერე კი მშვიდად გადავიდა ცეცხლის ზოლზე. სუნთქვა შემეკრა, ის კი მტკიცე ნაბიჯით უახლოვდებოდა საპირისპირო მხარეს მოგროვილ ქურუმებს.

ძლივსღა ვსუნთქავდი, ისე ვუყურებდი ეკრანზე მიმდინარე პროცესს. მოხუცის ფეხები შავ კვალს ტოვებდნენ, რომლებიც მაშინვე ინთებოდნენ, როგორც კი ის გადაივლიდა. წინ მწყობრი, მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა. ის მოჩვენებას გავდა, რადგან მხურვალების ტალღები გარშემო თხელი, მთრთოლვარე ნისლის ვუალს უქმნიდა. ეკრანს ვაკვირდებოდი და ჩემს გაკვირვებას ეჭვები ცვლიდა. რასაც ვუყურებდი სიმართლე ვერ იქნებოდა. მაგრამ მალე ეს საშინელი მსვლელობაც დამთავრდა. მოხუცი ნაკვერჩხლებიდან წყალში გადახტა და მათრახებმაც არ დააყოვნეს, ქურუმებმა ორივე მხრიდან დასცხეს მხრებში.

უხეში წკეპლები დაუნდობლად ეცემოდა და შიშველ სხეულს ფლეთდა. მოხუცი ტკივილისგან კანკალებდა. ორმა სხვა ქურუმმა სწრაფად მოხვიეს ხელი და იქვე ახლოს სკამზე ჩამოსვეს. მათ თავის ქნევით დაუთვალიერეს ფეხები და ისევ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.

კამერა უკან დაბრუნდა და ახლა სხვა, უკვე ნაკვერჩხლებზე შემდგარი კანდიდატის გადაღება დაიწყო. ეს საშუალი ასაკის გამხდარი ადამიანი იყო. თავი მისი მომლოდინე ქურუმებისკენ მიექცია, მუშტებად შეკრული ხელები კი ორივე მხარეს დასთრევდა. ის ფართო, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა და სულ უფრო უმატებდა სიჩქარეს. თავი ზეცისკენ ისე ასწია თითქოს ცდილობდა მხურვალებას გაჰქცეოდა. უკვე ნახევარი გზა გავლილი ჰქონდა და უფრო და უფრო სწრაფად მიდიოდა. მოულოდნელად სიარულმა სირბილში გადაინაცვლა. როგორც კი დასარულს მიაღწია, გიჟივით შევარდა წყალში. იქ კი მაშინე მათრახები დაესხა თავს. ისინი იქამდე ურტყამდნენ, ვიდრე მიწაზე ტკივილისგან მოკრუნჩხული არ დაეცა, მაშინ ორმა ძლიერმა ქურუმმა აიტაცა და კედელთან დასვა.

კამერა კი მომდევნო კანდიდატს მიუბრუნდა.

„დაიწვა ეს ადამიანი? - აკანაკალებული ხმით ვიკითხე.

„არა. მთელი ჯგუფიდან მხოლოდ სამი დაიწვა, - მიპასუხა მან მშვიდი ხმით - ამას შეხედე“.

წელში მოხრილმა, ძალიან მოხუცმა კაცმა შეაბიჯა ცეცხლში. ხელები მუდარით აღაპყრო ზემოთ. პირველივე ნაბიჯის მერე ბარბაცი დაიწყო. დაიბნა, ზემოთ ახტა და გიჟივით გადავრდა წინ, მაგრამ დაეცა. მაშინვე პლატფორმასთან გაჩნდენენ გრძელ, მოკაუჭებული ჯოხებით აღჭურვილი დამხმარეები. მათ ძალიან სწარაფად გამოათრიეს აალებული სხეული პლატფორმიდან, სწრაფად მოაშორეს მიკრული ნაკვერჩხალი, წყალი გადაავლეს, ასწიეს და წაიყვანეს.

„ის ჯერ კიდევ იქამდე დაიღუპა ვიდრე გამოათრევდნენ, - გაისმა ჩურჩული ჩემს გვერდით, შევხტი რადგან სულ დამავიწყდა, რომ ჩემი მეგობრიც იქვე იყო. - მაგრამ ამან სხვები ვერ შეაჩერა, ცერემონია გაგრძელდა.“

კამერა ისევ შეტორტმანდა და მოსცილდა ადამიანს, რომელსაც უკვე როზგავდნენ. პლატფორმის შორეულ კუთხეში ახალი კანდიდატი გამოჩნდა. ის ხელში პატარა ბიჭით შევიდა ცეცხლში. ბვშვი 6 წელზე მეტისა არ იქნებოდა და მხოლოდ ტრუსები ეცვა. საშინელებისგან შევყვირე. ბავშვი რატომ უნდა ჩაეგდოთ საფრთხეში? ეს კაცი რომ დაცემულიყო? მე ისევ სუნთქვა შემეკრა. ღმერთო, ნუთუ გაქცევას აპირებდა? ხომ არ გაგიჟდა!

„მას ყველაფერი გამოუვა, - დამამშვიდა მეგობარმა.“

ისევ სკამზე დავეშვი. კაცი ნელა, რწევით მიდოდა. ბიჭის გამოსახულება ხან ქრებოდა, ხან ისევ გარკვევით ჩანდა. ბავშვს პატარა ხელი მამაკაცის მხარზე ედო, მის სახეზე შიშისა და უნდობლობის კვალიც კი არ იყო. კაცი პლატფორმასთან ისე მივიდა ნაბიჯი არც შეუნელებია არც აუჩქარებია. ის წყალში შევიდა, მათრახი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მხრებზე. ამ დროს მან მაღლა ასწია ბიჭი, რომ დარტყმებისგან დაეცვა. ამ ჟესტით თითქოს უნდოდა ბრბოსთვის ეჩვენებინა, რომ გამარჯვებაში მას შვილისადმი უზომო სიყვარული დაეხმარა. კამერამ გადაიღო როგორ დასვა მან ბავშვი ძირს და როგორ გაემართა ორივე სკამისკენ კედელთან.

მოულოდნელად ფილმის კადრებმა ძალიან სწარაფად დაიწყეს ცვლა, მამაკაცები სწრაფად გადარბოდნენ ცეცხლზე და ერთი მეორის მიყოლებით უჩინარდებოდნენ.

„ფირი გამითავდა, - ამიხსნა მეგობარმა - მხოლოდ მოკლე ეპიზოდებსღა ვიღებდი. ახლა კი შეხედე, იმას დავინახავთ რომელიც დაიწვა... აი ისიც, კუთხეში - ყმუის - აი უკვე წყალშია. მის ცემას აზრი აღარ ჰქონდა. მოგვიანებით ქურუმმა მითხრა, რომ ეს ადამიანი სიარულს ვეღარასოდეს შეძლებდა. ახლა კი ხედავთ იმ სიქჰს? ხედავთ რა ხდება ! ბრბო გადაირია, ნამდვილი რელიგიური ექსტაზია. თავადაც ცდილობენ ცეცხლზე გავლას. ხედავ ხელჯოხიან სიქჰებს? რა მოხდებოდა ბრბოს რომ არავინ აკავებდეს? ყველა ცეცხლში ჩახტებოდა.

უცებ რაღაცამ დაიჩხაკუნა და ეკრანი გათეთრდა. სურათი დასრულდა.

„აბა როგორი შეგრძნებაა? - ინტერესით მკითხა ინგლისელმა.

„შეძრული ვარ , - ვუპასუხე გულწრფელად.“

„შეძრული? წარმოიდგინეთ მე რას უნდა ვგრძნობდე. მე ხომ ეს ყოველივე საკუთარი თვალით ვნახე. სულ ცოტაც და მათ რწმენა შევუერთდებოდი. ნუსხავს ადამიანს. მთელი კვირა ვცდილობდი ნანახის დავიწყებას. თითქოს სული ან რამე მსგავსი მენახოს... სულ იმაზე ფიქრობ, რომ ფოკუსების გარდა აქ კიდევ რაღაცა უნდა იყოს.

„შენ რა მართლა გგონია,რომეს ყველაფერი მხოლოდ ფოკუსია? - ვკითხე მე.“

ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ის ყოყმანობდა.

„აბა სხვა რა უნდა იყოს. მეორე მხრივ კი განა რა უნდა წაესვათ ამ ადამიანებს ისეთი, მთელი ნახევარი დღე რომ არ მოსცილებიყოთ, სანამ ფეხშველები მიდიოდნენ პროცესიაში? რანაირად დაიწვა ზოგიერთი თუ ვივარაუდებთ რომ ყველას ერთნაირი დამცავი საშუალება ესვა?

„იქნებ თავად უკეთ იციან რა დგას ამის უკან? - მივუგე მე“

მან თავი დამიქნია.

„მე თითქმის შევუერთდი მათ. თუნდაც იმის გასაგებად რა იდგა ამ ყველაფრის მიღმა.“

კომენტარი

ამ ქეისში ჩანს, რომ ქურუმები არ იყენებდნენ მაგიას ცეცხლზე მოსიარულეთა დასახმარებლად, მაგრამ საშუალებას აძლევდნენ მათ თავიანთი ძალა ისე გამოეყენებინათ როგორც შეეძლოთ. აშკარაა, რომ ზოგიერთი კერ კიდევ არ იყო კარგი მაგი, ამ საკითხის რელიგიური მნიშვნელობის მიუხედავად.

რადგან ბოლოს ჩვენ განვიხილავთ ცეცხლის მაგიით ცოდვისაგან განწმენდის ძალიან მნიშვნელოვან მომენტს - მე წარმოგიდგენთ პატარა ამბავს, რომელიც იგოროტის**** თავებზე მონადირეთა შთამომავლებს შეეხებათ.

ქეისი 5

შთამომავლები ადასტურებენ, რომ მათი თავებზე მონადირე წინაპრები თავისუფლად დადიოდნენ ცეცხლზე.

შესავალი

იგოროტები ფილიპინებზე საუკუნეების განმავლობაში დადიოდნენ ცეცხლზე და თავებზეც ნადირობდნენ. მართალია მტრის დევნა და მერე თავის მოკვეთა შორსაა იმისგან რასაც მორწმუნე ბირმელები „გაწმენდას“ ეძახიან, მაგრამ როგორც ჩანს იგოროტებს ამაზე არაფერი სმენოდათ. აქ ჩვენ ვნახავთ ტანმორჩილ მოვარდისფრო-მოყავისფრო ხალხს რომლებიც ზედმიწევნით ფლობენ ცეცხლზე სიარულის ხელოვნებას.

ქეისი

რამდენიმე ცეცხლზე მოსიარულე იგოროტი ჩამოვიდა ორიოდე წლის წინ ლოს-ანჯელესში. მათ წარმოდგენები გამართეს ძველ პარკში ვაშინგტონის ქუჩაზე. ჩემმა ნაცნობმა ჯორჯ დრომგოლდმა ისინი საქმისას ნახა. მისი მონათხრობი ისევ ნაცნობ სურათს გვიშლის: გავარვარებული ქვები, მწვანე ტოტების კონა, შიშველი ფეხებით ცეცხლზე სიარული, რაც მთავარია არანაირი დამწვრობა.

კომენტარი

ეს ქეისი ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რომ იგოროტები დღემდე ფლობენ ცეცხლზე სიარულის ხელოვნებას.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ამ ხელოვნების დაპრაქტიკება შეიძლება ცივილიზებულ ქვეყნებშიც, შორს მცენარე თისგან, რომელიც ასე ფართოდ გამოიყენება პოლინეზიურ რიტუალებში.

ქეისი 6

იაპონელი მკურნალი იყენებს ცეცხლის მაგიას.

შესავალი

წინა ქეისებში აღწერილი იყო ცეცხლის მაგიის ყველაზე გავრცელებული ფორმები. ახლა კი მინდა ყურადღება მიაქციოთ ცეცხლის მაგიის ნაკლებად გავრცელებულ და უფრო სასარგებლო ფორმას, რომელიც ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ქეისი

1928-1929 წლებში ჰონოლულუში ჩამოვიდა იაპონელი ცეცხლით მკურნალი. მან რეკლამა გაუკეთა თავის საქმიანობას და დაიწყო ადამიანების მკურნალობა. მისი სპეციალობა ართრიტის მკურნალობა იყო. ის ისე აცხელებდა ქვებს, რომ შეიძლება დამწვრობაც მიგეღოთ. როგორც მოგვიანებით სასამართლოში განაცხადა - მაგიის გამოყენებით შეიძლება დაავადებული სახსრების გარშემო ქვების ისე განლაგება რომ განკურნო ის. ამ მეთოდით მან უამარავი ადამიანი განკურნა, მათ შორის ერთი მდიდარი ამერიკელი, რომელსაც უკვე სიარული აღარ შეეძლო ართრიტისაგან. იაპონელის ცხელი ქვების პროცედურების მერე მისი ფეხი სავსებით განიკურნა.

კომენტარი

ამ ქეისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს კვლევებში რადგან ის აღწერილია სასამართლოს დოკუმენტებში. გარკვეული პრაქტიკის მერე ჰონოლულუში იაპონელი მედიკების ინიციატივით დააპატიმრეს. მას წაუყენეს ბრალდება, რომ სამედიცინო ლიცენზიის გარეშე მუშაობდა. მაგრამ რადგან ის პაციენტებს არანაირ წამლებს არ უნიშნავდა, მას წაუყენეს ბრალდება რომ ის კაჰუნა იყო.

ჰავაის კანონი მაგიის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ გვეუბნება - პუნქტი 1034. ჯადოქრობა დასჯადია. ყველა პირი ვინც სამკურნალოდ გამოიყენებს ჯადოქრულ პრაქტიკას, კუდიანობას, ანანას, ჰოპიოპიოს, ჰოუნაუნას, ჰოომანამანას (ჰავაელი კაუნასების ტერმინები) ან სხვა ცრურწმენებს და თაღლითურ მეთოდებს, დაჯარიმდება 100 დოლარზე არანაკლები თანხით და მიესჯება თავისუფლეის აღკვეთა არანაკლებ 6 თვისა. არის ამ კანონის სხვა ნაწილიც, რომელიც კაჰუნას თაღლითად განიხილავს, განსაზღვრავს, რომ ადამიანი ვინც თავს კაჰუნას უწოდებს და ფულს იღებს მაგიური ძალის საჩვენებლად დაჯარიმებული უნდა იქნეს 1000 დოლარით და დაპატიმრებული 1 წლის ვადით.

სასამართლომ დააკმაყოფილა იაპონელის წინააღმდეგ წარდენილი ბრალდებები და საერთოდ არ მიიღო მხედველობაში ის ფაქტი, რომ მისი მეთოდით განიკურნენ პაციენტები ვისთანაც ტრადიციული მეცნიერება უკვე უძლური იყო. თავის გასამართლებლად იაპონელი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ის იყენებდა მაგიას დ არა წამლებს. მაგია კი ვერც ერთ ცივილიზებულ სასამართლოში ვერ იქნება დამამტკიცებელი საბუთი. მან აღიარა, რომ ცხელ ქვებს სხვების სამკურნალოდ იყენებდა და ეს საკმარისი იყო. ის დააჯარიმეს და დააპატიმრეს როგორც კაჰუნა, მოგვიანებით ქვეყნიდან გააძევეს.

იაპონელს რომ რიმე თაღლითობისთვის მიემართ სასამართლოში გამოტყდებოდა და არ დაიწყებდა მტკიცებას რომ მაგიას მიმართავდა. ამან ხომ უფრო გაურთულა მდგომარეობა. მაგრამ მეორეს მხრივ თუ ის სიმართლეს დამალავდა მაშინ იძულებული იქნებოდა სასამართლოსთვის თავისი ტრიუკები განემარტა. ეს კი მისთვისშეუძლებელი იყო, ის ხომ თავის საქმიანობაში არ იტყუებოდა.

შეჯამება

მაგიური „ცეცხლმედეგობის“ თემა კიდევ ერთი შემთხვევით უნდა შეივსოს, ესაა ცეცხლზე მოსიარულე ადამიანების ტესტირება რომელიც ლონდონში გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დროს. მას ჰარი პრაისი და მისი ასესტენტები ატარებდნენ. კუდა ბუქსზე დაბეჭდილი ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ უამრავი თეთრი ადამიანი დაიწვა ინდოელის მიბაძვისას. მოგვიანებით პრაისის ჯგუფმა სხვა ინდოელთან ჩაატარა კვლევა. მისი გამოსვლა ნაკლებად თეტრალური იყო და ერთმა თეთრკანიანმა შეძლო ამის გამეორება. თუმცა მოგვიანებით ჰარი პრაისმა უარყო თავისი დასკვნები კუდ ბუქსის შესახებ და მხედველობაში მიიღო ჰასანთან ჩატარებული სხვა ექსპერიმენტები რომლებიც ფიასკოთი დამთავდა.
„ცეცხლმედეგობის“ სხვა მნიშვნელოვანი წყარია Psychical Research -ის სტატიები. უამრავ აღწერილ შემთხვევაში მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ცეცხლზე სიარულის უნარი სულების საჩუქარი იყო. ცნობილი მედიუმი დ.დ. ჰოუმი თავისი სიანსებისას ბუხრიდან გავარვარებულ ნაკვერჩახლს იღებდა და ის შიშველი ხელით ეჭირა. თან სულს უბერავდა რომ უფრო გაეცხელებინა. უფრო მეტიც ის ნაკვერჩხლებს თხელ ტილოში ახვევდა და ქსოვილი დაუზიანებელი რჩებოდა. ის ხშირი თმით დაფარულთავს ჰყოფდა ცეცხლში და ერთი თმის ღერიც კი არ ეწვოდა. ახალ მოკრეფილ ყვავილებს აწყობდა ცეცხლში და უვნებლებს იღებდა უკან. ახლახანს გამოვიდა მისი ბიოგრაფია სადაც ეს და სხვა მსგავსი შემთხვევბიცაა აღწერილი.

ცეცხლმედეგობა, რომელიც ლოცვით, ზეადამიანების განდობით, გარდაცვლილთა სულებისა და მათი ლოცვის შედეგად მიიწევა პარანორმალური მოვლენაა და მიეკუთვნება მაგიას.

ნებისმიერი ცოდნა რაც ჩვენი ჩვეული ყოფის ფარგლებს სცდება, იქნება ეს უეცარი განკურნება, პარაფსიქოლოგიური მოვლენა, ანდა სულაცსიკვდილის ლოცვების გამოყენება - ყველაფერი ეს მაგიაა.

*ლუაუ - ჰავაიური ნაციონალური ნაყოფიერების დღესასწაული, წარმოადგენს რამდენიმედღიან წვეულებას ღია ცის ქვეშ.

**პოი - ჰავაიური ნაციონლური კერძი, მზადდება მცენარე ტაროს ბოლქვებისგან - გააჩნია თათარისებური კოსისტენცია.

***თი - Cordyline fruticosa ლათ. ტროპიკული მარადმწვანე მცენარე სატაცურისებრთა ოჯახიდან, გავრცელებული ახალ ზელანდიაში, პოლინეზიაში, წყნარი ოკეანის კუნნძულებზე, სხვანაირად იღბლის ფოთლებსაც ეძახიან.

**** იგოროტი - ასტრონეზიელი ტომების კრებითი სახელი, ცხოვრობენ ფილიპინებზე. სიტყვა „იგოროტი“ მათ ენაზე ნიშნავს მთაში მცხოვრებს. ცნობილნი არიან თავის მოჭრის რიტუალით, მათი რწმენით მტრისთვის მოჭრილი თავი მათ მაგიურ ძალას სძენდა.

 


 

Seance111

თავი 3

მაგიაში გამოყენებული წარმოუდგენელი ძალა, საიდან მოდის ის, და მისი გამოყენების მაგალითები

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

სანამ იმის ახსნას დავიწყებთ, სამი უხილავი ელემენტის გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ თითქმის უცნობია თანამედროვე ფსიქოლოგიისთვის, როგორ ხორციელდება ცეცხლზე-სიარული და სხვა მაგიები, საჭიროა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ კაჰუნების რელიგიურ რწმენაზე.

“საიდუმლოს”, ან იმ ინფორმაციას, რომელსაც ერთი ჯადოქარი მეორეს გადასცემდა, უმეტეს წილად შეიძლება გამოყენებითი ფსიქოლოგია ვუწოდოთ. რელიგიური ელემენტები აქ ძალიან ცოტა იყო, მითუმეტეს თუ რელიგიის საუკეთესო თანამედროვე ტექნიკურ განმარტებებს მივიღებთ.

დოქტორი პოლ ტილიჩი, ფილოსოფიური თეოლოგიის პროფესორი Union Theological Seminary-ში წერს, “მაგია განსაკუთრებული სახის ურთიერთკავშირია სასრულ ძალებს შორის; რელიგია არის ადამიანის დამოკიდებულება უსასრულო ძალის და მისი ღირებულებების მიმართ... მაგია გარდამავალი ძალის ვარჯიშია, რელიგია კი დაქვემდებარებაა უპირატეს ძალაზე.”

ყველა რელიგიას აქვს თავისი მაგია. ლოცვა მაგიაა. ყველაფერი, რასაც ამ ცხოვრებაში, თუ იმ ცხოვრებაში, ჩვენთვის კეთილდღეობის მოსაპოვებლად ვაკეთებთ, მაგიის ნაწილია. მაგია ზესულიერი წყაროებიდან რაღაცის მოპოვებაა. რელიგია უზენაესი არსების თაყვანისცემა და იმის მიღებაა, რასაც ის გვაძლევს, იქნება ეს სასიამოვნო თუ უსიამოვნო.

მიუხედავად იმისა, რომ კაჰუნებმა საერთო წყაროდან მიიღეს ისტორიები - ნილოსის ველიდან და მეზობელი მიწებიდან - ადამისა და ევას, დაბადების, წარღვნის და ა.შ. შესახებ და ეს ისტორიები თან წაიღეს პოლინეზიაში, ისინი არ იზიარებდნენ პერსონალური და პატრიარქალური ღმერთის კონცეფციას.

კაჰუნები ასწავლიდნენ, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია გაიგოს ცნობიერების სახე, რომელიც მას არ ჰგავს და მასზე უზენაესია; შესაბამისად მათთვის, კაცობრიობის ნებისმიერი მცდელობა წარმოიდგინოს აბსოლუტური, ულტიმატური და უზენაესი ღმერთის მახასიათებლები უბრალოდ დროის ხარჯვა იყო. მათ სწამდათ, რომ უნდა არსებულიყო რაღაც ულტიმატური შემოქმედი წყარო, მაგრამ ისინი მისთვის არ ლოცულობდნენ.

მაგალითად ავიღოთ ყვავილი. მას შესაძლოა ჰქონდეს (თუ საერთოდ აქვს) მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა საძოვრის ძროხაზე. ძროხას შეიძლება ჰქონდეს ასეთივე ბუნდოვანი წარმოდგენა მწყემსის ბუნებაზე და მიზნებზე. შესაბამისად მწყემსს, რომელმაც ჩათვალა, რომ უნდა არსებობდეს უზენაესი არსება, რომელმაც შექმნა სამყარო, შეუძლია იგი წარმოიდგინოს მხოლოდ როგორც სხვა ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ დიდი ადამიანის წარმოდგენა, მხოლოდ ბუნდოვნად შეუძლია, მას ეშინია მისი, კეთილდღეობის მისაღებად ლოცულობს მისთვის, ცდილობს შესაწირით ან შეზღუდვებით მოისყიდოს ის, ცდილობს იმ წესებს დაემორჩილოს, რომელიც მას ჰგონია, რომ ამ უზენაესმა კაცმა დააწესა, და ბოლოს, თაყვანს სცემს მას.

ზუსტად ასევე, სულების და სულიერი არსებების უხილავი სამყარო ჩვენთვის ისეთივეა, როგორიც ჩვენი სამყაროა ზღვის თევზებისთვის. თევზს წარმოდგენაც კი არ აქვს იმ სამყაროზე, რომელიც მისი წყალქვეშა სამყაროს თავზეა. მაგრამ როდესაც ჩვენ, მცხოვრებნი მიწის და ჰაერის სამყაროში, ინტელექტის დონეს მაღლა ვწევთ, შეგვიძლია სიღრმისეულად შევისწავლოთ და შევიმეცნოთ თევზი, მაგრამ ამავდროულად, არ შეგვეძლოს მის სამყაროში ცხოვრება.

ფიქრობდნენ რა, რომ ადამიანის ცნობიერების დონეზე მაღლა კიდევ იყო უმაღლესი დონეები, ისევე როგორც ქვედა დონეები, კაჰუნებმა მწირი ყურადღება დაუთმეს სხვა დონეებს გარდა იმ დონისა, რომელიც ადამიანის ცნობიერთან ყველაზე ახლოს, ერთი საფეხურით მაღლა იდგა. ამ დონეზე არსებობდა ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია გონების ზეცნობიერი ნაწილი დავარქვათ. ისინი მას სხვადასხვა სახელს ეძახდნენ, რომელთაგან მათი ფავორიტი “აუმაკუა” იყო. ის ითარგმნება როგორც “უფრო ძველი, მშობლიური, უაღრესად სანდო სული.” ვინაიდან მშობლის სტატუსისთვის ორი ქმნილებაა საჭირო, ისინი თვლიდნენ, რომ აუმაკუა იყო სული, რომელიც მდედრობითი და მამრობითი წყვილისგან შედგებოდა. ყოველი ლოცვა და რიტუალი სწორედ ამ დუალური სულის მიმართ იყო მიძღვნილი, მაგრამ ვინაიდან ის ისევე ითვლებოდა ჩვენს ნაწილად, როგორც ქვეცნობიერი და ცნობიერი ითვლება თანამედროვე აზროვნებაში, მშობლიურ სულს თაყვანს არ სცემდნენ - ის უყვარდათ. მას არ სწირავდნენ მსხვერპლს. არ სთავაზობდნენ ქრთამს. ის არ ბატონობდა ქვედა დონის მე-ებზე. ეს იყო ორმხრივი კავშირი სიყვარულისა და ნდობის - მშობლის და შვილის კავშირი.

ლოგიკურია, რომ კაჰუნების სწავლების მიხედვით, თუ საჭირო იყო უფრო მაღალი არსებებისთვის ლოცვა, მშობლიურ სულს ეცოდინებოდა როდის იქნებოდა ეს საჭირო და როგორი ფორმით, და ის ჩვენს მაგივრად გააკეთებდა ამას, რადგან ჩვენ ამას ვერ შევძლებდით ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების დაბალი დონის გამო.

ამ საერთო მოსაზრების გამოისობით, კაჰუნები იყვნენ ძალიან მარტივები და განსაცვიფრებელ დონეზე თავისუფლები ადამიანის მიერ შექმნილი დოგმებისაგან. ისინი ყოველთვის პირდაპირები იყვნენ. მათ ეს შეეძლოთ, რადგან ჰქონდათ სისტემა, რომელიც ნამდვილად მ უ შ ა ო ბ დ ა. მუშა სისტემა კი ცოტა ადგილს ტოვებს ბუნდოვანებისთვის და დოგმატური სპეკულაციებისთვის.

პრაქტიკული სისტემა, რომლის გამოყენებითაც მაგია სრულდებოდა, კაჰუნებისთვის არ ტოვებდა ფილოსოფიური ბუნების შეუვსებელ საჭიროებებს. შესაბამისად მათ არ ჰყავდათ მხსნელები, არ ჭირდებოდათ ხსნა, სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არც ისეთი რელიგია, რომლის წიგნები იწყებოდა სიტყვებით, “ასე თქვა ღმერთმა...” მეტიც, მათ საერთოდ არ ჰქონდათ წიგნები. მათი ენა არ იწერებოდა თანამედროვე ეპოქამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ჩვენთაგანს თუ მოუნდება ცეცხლზე-სიარული, ამ უძველესს რიტუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის იმ ფაქტის ნათელი დემონსტრაცია, რომ არსებობს მაგიური ძალა, რომლის გამოყენებაც ნამდვილად შესაძლებელია, თუ ჩვენ გვეცოდინება სწორი მეთოდები.

უმეტესი ჩვენგანი სხვადასხვა სახის კეთილდღეობის მისაღებად ლოცულობს. “საიდუმლო” სიბრძნე კი განსაზღვრულ და მყისიერ შედეგს იძლევა, იმაზე უფრო აღმატებულს, ვიდრე ჩვენ ვღებულობთ. ჩვენ არ შეგვიძლია ცეცხლ-გამძლეობისთვის ვილოცოთ და მივიღოთ ის. საჭიროა კი ამაზე მეტის თქმა ჩვენთვის უძველესი სიბრძნის შესწავლის მნიშვნელობის შესახებ?

როგორც გახსოვთ დოქტორმა ბრიგჰემმა გააანალიზა მაგიის საბაზისო ბუნება სანამ მას შეიმეცნებდა. მან მითხრა, რომ თვალყური მედევნებინა (1) ცნობიერის იმ ფორმაზე, რომელიც (2) ძალის რაღაც ფორმას იყენებდა, და (3) შეეძლო ამ ძალით მანიპულირება უხილავი სახის ფიზიკური მატერიის მეშვეობით.

აუმაკუა, ან გონების სუპერცნობიერი ნაწილი, ცნობიერების ის დონეა, რომელიც ცეცხლ-გამძლეობის მინიჭებასთანაა კავშირში. ძალას, რომელსაც ის ამ დროს იყენებს, კაჰუნები მანას უწოდებენ, ჩვენ კი მას ‘მთავარი ძალის’ სახელით ვიცნობთ. ის ელექტრული ბუნებისაა და გააჩნია ძლიერი მაგნიტური მახასიათებლები. უხილავ ნივთიერებას, რომლის მეშვეობითაც მთავარი ძალა მოქმედებს, აკა ეწოდება - “რაღაც ჩრდილოვანი სხეულის მსგავსი” (“shadowy body stuff”).

რადგანაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს რაღაც მთავარი ძალა, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჰუნა (“საიდუმლო”) იმ მახასიათებლების მიხედვით, რაც ჩვენ მისი გამოყენების და ბუნებრივი ძალის შესახებ ვიცით, და შემდეგ გავაგრძელო იმით, რაც უკეთ იციან და რასაც უკეთ ხსნიან კაჰუნები.

ჩვენ დავინახავთ, რომ კაჰუნების ახსნა-განმარტებები იმ უამრავ რამეს ფარავს, რაც ფსიქიკური კვლევის სფეროში ჯერ კიდევ ამოუხსნელია.

სამი ელემენტი, ცნობიერება, ძალა და უხილავი მატერია, იმ სამ საზომს გვაძლევს, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია ნებისმიერი მაგიის გაზომვა. დააკვირდით რამდენად ხშირად იქნებიან ისინი გამოყენებული მაგიაში, როდესაც უფრო უკეთ გავშლით მას.

ქეისი 7

(შერეული)

სამი უხილავი რამ მაგიის უკან

ზოგადი მიმოხილვა:

იმისათვის, რომ უკეთ დაინახოთ განსახილველი თემების სურათი, მე მაგალითად მოვიყვან ფსიქიკური ფენომენის რამდენიმე ცნობილ ტიპს. დავიწყოთ მაგიდაზე კაკუნით.

როდესაც ჩვენ ხელებს მაგიდაზე ვაწყობთ და ვაკაკუნებთ, ეს ძაღლის კუდის ქიცინს ჰგავს. როდესაც ჩვენ ხელებს მაგიდაზე ვაწყობთ და რაღაც უხილავი არსება აკაკუნებს, ან როდესაც მაგიდა, რომელზეც ხელები გვიწყვია, ჰაერში იწევა და ლევიტაციას იწყებს, ეს უკვე ისეა თითქოს კუდი აქიცინებს ძაღლს. თუმცა, როდესაც მაგიდა ან სხვა საგნები თავისით იწყებენ მოძრაობას იმ დროს, როდესაც ხელები ახლოსაც კი არ არიან, უბრალო შედარებებს ვეღარ გამოვიყენებთ, რადგან პირისპირ ვდგავართ ცნობიერების ერთ ან მეორე ფორმასთან, რომელიც მონაწილეობს მაგიაში.

ცნობიერების ამ ორი ფორმიდან პირველი არის ჩვეულებრივი “მოჩვენება.” თუ ის გამოსცემს ხმებს და ბავშვივით უაზროდ აქეთ-იქით ისვრის საგნებს, მაშინ საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელსაც გერმანელებმა ‘პოლტერგეისტი’ ანუ “ხმაურიანი მოჩვენება” უწოდეს. მაგრამ თუ საგნების მოძრაობა ზრდასრული მოჩვენების გააზრებულ ქმედებას ჰგავს, მაშინ ეს ნორმალური ფსიქიკური ფენომენია.

ცნობიერების ეს მეორე ფორმა, სუპერ-ცნობიერის ტიპის არსებაა. მისი ქმედების მახასიათებლებია ობიექტების გადაადგილებამდე მათი გაქრობა და გამოჩენა კილომეტრების მოშორებით. მოძრაობის ამ ფორმაზე ოდნავ მოგვიანებით გვექნება საუბარი. ახლა კი ჩვენ გვაინტერესებს ის ძ ა ლ ა, რომელიც ასეთი გადაადგილებისთვის გამოიყენება.

ქეისები:

ქეისები, რომლებსაც მე ჩემს მოხსენებაში აღვწერ, თუ ხაზგასმული არ იქნება, რომ სხვა წყაროებიდან მაქვს ამოღებული, გადმოწერილი იქნება “ფსიქიკური მეცნიერების ენციკლოპედიიდან”, რომელიც არის დოქტორი ნანდორ ფოდორის მასიური საავტორო წიგნი. მან და მისმა თანამშრომლებმა შეაგროვეს და გადაამუშავეს ყველა ხელმისაწვდომი მოხსენება და ანგარიში, რაც ფსიქიკურ ფენომენს უკავშირდება ასი წლის მანძილზე 1933 წლამდე. მოსაზრებების და ჰიპოთეზების მისეული შეფასება გახლავთ როგორც საღი, ასევე ბრძნული. ამ თემასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკებში არ მოიძებნება უფრო უკეთესი წყარო-წიგნი.

(ა) გამოჩენილი ფსიქიკური მკვლევარი, გამბიერ ბოლტონი, თავის წიგნში, “ფსიქიკური ძალა”, წერს:

“მისის ელჯი ქორნერთან (იგივე ფლორენს ქუქი, საქვეყნოდ ცნობილი მედიუმი, რომელსაც ხშირად იკვლევდნენ. ყოველი სადილობისას, თავისივე სახლში (როდესაც ის თავად ჭამდა და სვამდა - ორივე ხელი მთელი დრო მკაფიოდ უჩანდა), მძიმე სასადილო მაგიდა თავიდან ზანზარებდა, რაც ყველა ჭიქის, თეფშის, დანა-ჩანგლის და კოვზის რხევას იწვევდა, და შემდეგ აქეთ-იქით ქანაობას იწყებდა ისე, რომ ზოგჯერ ცალი მხარე ჰაერშიც კი იწეოდა; თან მთელი ამ დროის მანძილზე კაკუნი და ბრახუნი ისმოდა მაგიდიდან და ოთახის სხვა ნაწილებიდან. მასთან ერთად რესტორანში სადილი უკვე სერიოზული ამბავი იყო.”

(ბ) სერ უილიამ ქრუქსი, თავის კვლევებში წერს: “შემთხვევები, როდესაც მძიმე საგნები, როგორებიცაა მაგიდები, სკამები, დივნები და ა.შ. მოძრაობას იწყებენ მაშინ, როდესაც მედიუმი მათ არ ეხება, ძალიან ბევრია. მე მოკლედ აღვწერ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას. ჩემი საკუთარი სკამი თითქმის წრიულად დატრიალდა, მაშინ როდესაც ფეხები მიწაზე არ მედო. ყველა თვითმხილველმა დაინახა თუ როგორ გადაადგილდა სკამი შორეული კუთხიდან მაგიდამდე; სხვა შემთხვევაში სავარძელი ამოძრავდა იქ, სადაც ჩვენ ვისხედით, და შემდეგ ნელ-ნელა ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა (დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში) ჩემს მოთხოვნაზე. ზედიზედ სამი საღამოს განმავლობაში, პატარა მაგიდამ ნელა იმოძრავა მთელი ოთახის გარშემო, ჩემი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც წინასწარ დავგეგმე, რომ გამორიცხულიყო სამხილების უგულებელყოფა.

(გ) ცეზარ ლომბროზო, გამოჩენილი იტალიელი ფსიქიატრი და კრიმინალური ანთროპოლოგი აღწერს მის დაკვირვებას ლა სტამპას (ტურინი) ღვინის მარანში, სადაც, როდესაც გარშემო არავინ იმყოფებოდა, ღვინის ბოთლები ხშირად ტყდებოდა. იგი წერს:

“მე შევედი მარანში, თავდაპირველად სრულ სიბნელეში, და გავიგონე შუშის ნამსხვრევების და ბოთლების გორაობის ხმა ჩემს ფეხებთან. ბოთლები განყოფილებებში ექვს რიგად იყო დალაგებული, ერთმანეთის თავზე. შუაში მძიმე მაგიდა იდგა, რომელზეც მე ექვსი ანთებული სანთელი დავდგი, ჩავთვალე რა, რომ სულები სინათლეში გაქრებოდნენ. მაგრამ პირიქით, მე დავინახე სამმა მიწაზე დადებულმა ბოთლმა, როგორ დაიწყო ბზრიალი, თითქოს თითით დაატრიალეს, და მაგიდასთან გატყდნენ. რაიმე ხრიკი რომ გამომერიცხა, მე შევეხე და სანთლის შუქზე, ფრთხილად გამოვიკვლიე ყველა სავსე ბოთლი, რომელიც თაროებზე იდო, და დავრწმუნდი, რომ იქ არ იყო ძაფები ან მავთულები, რითიც შეიძლებოდა ამ მოძრაობების ახსნა. რამდენიმე წუთში, ჯერ ორი, შემდეგ ოთხი, შემდეგ კიდევ ორი ბოთლი, მეორე და მესამე თაროზე, გამოიწია და ძირს გადმოვარდა, არა შემთხვევით, არამედ თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა ეს; და მათი გადმოვარდნის, უფრო სწორედ დაშვების შემდეგ, ექვსი მათგანი ღვინით გაჯერებულ სველ იატაკზე გატყდა; მხოლოდ ორი გადარჩა მთელი. შემდეგ, როდესაც მარანს ვტოვებდი, ზუსტად გასვლის წინ, კიდევ გავიგონე ბოთლის გატეხვის ხმა.”

კომენტარი:

ზემოთ მოყვანილი მაგალითების კომენტარი, ისევე როგორც იმ მაგალითების, რომელსაც მოგვიანებით დავწერ, სამ ნაწილად გაიყოფა. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის თანამედროვე სამყაროში ასეთ ისტორიებთან დაკავშირებით ცნობილი. შემდეგ, ჩვენ უნდა განვიხილოთ თუ რას შემატებს ამ ინფორმაციას კაჰუნების სიბრძნე. და ბოლოს, უნდა ავწონ-დავწონოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამხილი (დამღლელი ექსპერიმენტული სამუშაოს წინ) და დავიწყოთ გამოცნობა - გავაკეთოთ სპეკულირება.

ვინაიდან შეფასება კონკრეტულად სამ ნაწილად არ გაიყოფა, მკითხველი კარგს იზამს თუ დაიმახსოვრებს, რომ არსებობს მიდგომის ეს სამი, ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდი, იმ განსაცვიფრებელ პრობლემებთან, რომლების წინაშეც ჩვენ ვდგავართ.

რადგანაც ვერაფერს ვისწავლით მათგან და ვერაფერს მოგვცემენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ უარყოფს მთელ იმ ფენომენს, რომელსაც ეს კვლევა ეძღვნება, ამიტომ კამათზე დროს არ დავკარგავთ მანამ, სანამ რაიმე ხელშესახებ ან მნიშვნელოვან არგუმენტს არ წავაწყდებით.

უხილავი ძალების მიერ მაგიდაზე კაკუნის და საგნების გადაადგილების თანამედროვე ახსნა-განმარტება იმ კლასიკურ ახსნაზე წინ არ მიდის, ვიდრე ამ ფენომენის გარდაცვლილ, ან სხვა სულებზე მიწერაა.

კაჰუნები გულითადად ადასტურებენ, რომ სულები არიან ამაზე პასუხისმგებელნი, მაგრამ დამატებით, ამ სულების ბუნებაზე და კლასიფიკაციაზეც იძლევიან ინფორმაციას.

ბევრმა გაწია ძალისხმევა, რომ სულების ჰიპოთეზის გვერდის ავლით აეხსნა ეს მისტიური მოვლენები. მათი ძალისხმევა გათვალისწინებული იქნება იმიტომ, რომ წარმოადგენს ალტერნატივას, რომელიც შეიძლება მივიღოთ, თუ სულების იდეას უარვყოფთ.

დოქტორი ნანდორ ფოდორი, თავის “ფსიქიკური მეცნიერების ენციკლოპედიაში”, წერს: “მოტორული იმპულსის ექსტერიერიზაცია შეიმუშავეს მორსელიმ, ფლორნოიმ, გელეიმ და ქერინგტონმა, ეუსაპია პალადინოს (შესანიშნავი მედიუმი) მაგალითზე.

ფიქრობენ, რომ ეს “მოტორული იმპულსი” ელექტროობის და მთავარი ძალის ან ნერვული ენერგიის ნაზავია. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ძალას, რაც არ უნდა იყოს ის, შეუძლია დატოვოს სხეული და იმ საგანში შევიდეს, რომელსაც მოძრაობა შეუძლია. (ეს ფარავს კაჰუნების საზომი ჯოხის პირველ ერთეულს - ძალა, რომელიც გამოიყენება. მეორე ერთეული არის ინტელექტი, რომელიც ჩართულია ამ ძალის გამოყენებით საგნების გადაადგილებაში, და მესამე არის უხილავი ნივთიერება, რომელიც როგორც ხელი ისე გამოიყენება, რათა ძალამ შეძლოს საგნებზე ზემოქმედება.)

ინტელექტს, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა საგნების გადაადგილებაზე შესაძლებლობა აქვს გამოიწვიოს ეს მოტორული იმპულსი, ან ადამიანის სხეულიდან გამოსული ძალა და განახორციელოს მოძრაობა. ინტელექტი ასევე დაჯილდოებულია უნარით, რომ გამოყოს უხილავი (ზოგჯერ ცოტათი ხილული და ცოტათი ხელშესახები) ნივთიერება მედიუმის ტიპის ცოცხალი სხეულისგან (ან სეანსის დამსწრეთაგან) და მისგან გააკეთოს ხელი ან სხვა კიდური, რომლითაც ძალას გამოიყენებს. ამ ნივთიერებას “ექტოპლაზმა” ეწოდება. განსხვავებული თეორია განმარტავს, რომ ინტელექტი მედიუმის გონების ქვეცნობიერი ნაწილია და რომ მას, გარკვეულ მისტიურ პირობებში, შეუძლია მოტორული იმპულსის სხეულიდან გამოტანა ექტოპლაზმურ ნივთიერებასთან ერთად, და მათი მეშვეობით საგნების გადაადგილება. ამ ქმედებას იმიტომ აწერენ ქვეცნობიერს, რომ თუ ამას ცნობიერი აკეთებს, მაშინ მედიუმი ამ ქმედებას გააცნობიერებდა და მის გაკონტროლებას შეძლებდა.

იმ უზარმაზარ ლიტერატურაში, რომელიც გასულ საუკუნეში ფსიქიკური ფენომენის და სპირიტუალიზმის გარშემო გაიზარდა, შეგვიძლია ვიპოვოთ დაფანტული თეორიები იმის შესახებ, რომ ობიექტებზე მოქმედ მოტორულ ძალას მაგნეტიზმის თვისებები აქვს. ეს ყველაზე ამაღელვებელი და საიმედო მოსაზრებაა, იგი მოიცავს ჯერ კიდევ გამოუკვლეველ ტერიტორიას, რომელიც რეკომენდირებულია მკითხველისთვის, რადგან მშვენიერი ადგილია მაგიის ზოგადი კვლევის წინ წასაწევად.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გრავიტაცია კავშირშია მაგნეტიზმთან, ხოლო მაგნეტიზმი მდებარეობს იქ, სადაც ელექტრული ბუნების წყაროა. უნდა არსებობდეს რაღაც გამწევ-გამომწევი ბუნება, რომელიც მაგიდების და სხვა საგნების მოძრაობაშია ჩართული.

კაჰუნები ცნობდნენ მთავარი ან მოტორული ძალის მაგნიტურ და მის საწინააღმდეგო ბუნებას, მაგრამ, საუბედუროდ, მათ არ დატოვეს არანაირი დეტალური ახსნა ამ თემის შესახებ. მათთვის ‘ძალა’ იყო რაღაც, რასაც კავშირი ჰქონდა ფიქრის ყველა პროცესთან და სხეულის აქტივობასთან. წყალს შეუძლია რაღაცების შევსება. ასევე შეუძლია მთავარ ძალასაც. წყალი შეიძლება გაიჟონოს - ასევეა მთავარი ძალაც.

დოქტორმა ბრიგჰემმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო კაჰუნების იმ ძველი პრაქტიკის შესწავლას, რაც მოიცავს ხის მძიმე ჯოხების დაჭერას და, გონების ძალისხმევით, სხეულის ენერგიის ჯოხში გადატანას და მის ძლიერად დატენვას.

ადრე ასეთ ჯოხებს ომებში იყენებდნენ, კაჰუნები უკანა ხაზზე დგებოდნენ, დიდ ჯოხებს ტენიდნენ, და შემდეგ მათ მტრებს ესროდნენ. ჯოხთან შეხებისას ყველაზე ძლიერი მეომრებიც კი კარგავდნენ გონებას.

დოქტორმა ბრიგჰემმა გამოსცადა ასეთი ჯოხების ძალა და აღმოაჩინა, რომ მათ შეუძლიათ სპეციფიკური ელექტრო შოკის დარტყმა. შოკი თიშავდა იმ კიდურს, რომელსაც ეხებოდა და თავბრუსხვევას იწვევდა. ასეთი ცოდნა და პრაქტიკა ამერიკელ ინდიელებშიც არსებობდა. (ისინი ცეცხლსაც იმორჩილებდნენ და რაღაც ნაწილი ამას დღესაც აკეთებს). სამთავრობო არქივის ადრეულ მოხსენებაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთმა მედიკოსმა გამოიყენა მისი მაგიური ძალა, მკერდზე საჩვენებელი თითით შეეხო საკმაოდ ძლიერ კაცს და უგონოდ დააგდო იგი მიწაზე.

რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევებში არ უნდა გამოგვრჩეს ჰიპნოტური იმპულსის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ როგორც ჩანს მთავარი ძალის გადამეტებულ გამოყენებას ახასიათებს ძალიან კონკრეტული, შოკისმომგვრელი ძალა. ამ დროს, გონებისა და სურვილის როლი, ჯოხის სროლის ან თითის შემთხვევაში, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია.

უ. რ. სტიუარტს, ბერბერ კაჰუნასთან ვარჯიშისას უთხრეს, რომ შესაძლებელია მთავარი ძალის ხეში, ქვაში, წყალში და ადამიანის სხეულში, ასევე “მოჩვენების” უხილავ სხეულში განთავსება. ამ ძალას შეუძლია სწრაფად გაფართოვდეს და შესაბამისად ძალიან მძიმე ნივთები აამოძრაოს.

ძალის და ინტელექტის, ან ქვე-ადამიანური, ან ზე-ადამიანური დონის სულის მაგნიტური ბუნების დემონსტრაცია ლუკჩიმ სტიუარტისთვის მოახდინა ღამით, ფერდობზე, სადაც დიდი გამოქვაბული ხის კარებით იყო დაფარული, რაც სარდაფის კარებს ჰგავდა. ეს კარები გამოაღეს და ნიადაგზე ამოკვეთილი კიბეებით დაეშვნენ დაღმა. ამ სარდაფისებრი გამოქვაბულის ბოლოს მოჩანდა დიდი ქვა. ჩირაღდნის შუქზე დაკლეს ქათამი და მისი სისხლი ქვაზე მოასხეს. ვედრება აღსრულდა იმ სულის მიმართ, რომელიც იმ დროს იმ ქვებში უნდა ყოფილიყო. შემდეგ ქათამი ქვის წინ დააგდეს, მაგრამ ის მალევე აიწია ჰაერში და ქვას მიეკრო. ცოტა ხანში სტიუარტმა, რომელმაც ჩირაღდანი ქვასთან ახლოს მიიტანა, რათა უკეთ დაენახა მოვლენა, მძლავრი მიზიდულობა იგრძნო და კინაღამ ისიც ქვას მიენარცხა. ის ლუკჩიმ დაიჭირა და მათ სწრაფად დატოვეს იქაურობა.

სტიუარტმა ვერ შეიტყო, თუ რა ინტელექტის გამოღვიძება მოხდა, ან რაში იყო საჭირო ასეთი მაგიური პრაქტიკების ყოველდღიური გამოყენება. მისი აზრით, სული რომელმაც კლდესთან თავი გამოამჟღავნა, “ბუნების სული” უნდა ყოფილიყო და მას კავშირი უნდა ჰქონოდა ნიადაგთან ან საძოვართან ან ამინდთან - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბერბერებისთვის და მათი ცხოველთა ფარებისთვის. მისი კერძო მოსაზრებით, ეს სული და მისი ძალები ნებისმიერი ადამიანისთვის, თუ ის გამოცდილი კაჰუნა არ იყო, მტრული და სავარაუდოდ საშიში გახლდათ. ლუკჩიმ მას უთხრა, რომ ასეთ სულებთან დაკავშირებული რიტუალების დროს, საჭირო იყო წესების მკაცრი დაცვა და რომ ნებისმიერ შეცდომას შეეძლო სერიოზული პრობლემების შექმნა. სტიუარტმა რიტუალისას შეცდომა დაუშვა, როდესაც უდროო დროს, ახლოს მივიდა ქვასთან. მას უთხრეს, რომ მოშორებით უნდა მდგარიყო მანამ, სანამ სული ქათმის მთელ სასიცოცხლო ძალას არ შეისრუტავდა - ეს უკანასკნელი მას იმ ვედრებისას წარმოთქმული მოთხოვნების შესასრულებლად სჭირდებოდა, რის შემდეგაც ფრინველის სხეული ჩამოვარდებოდა. სტიუარტი ამას აკავშირებდა ‘ჯინთან’ ან არაბული ფოლკლორის ‘ბუნების დემონებთან.’

თუ დამტკიცდება, რომ უხილავი ძალების მიერ, ობიექტების ზოგიერთი ტიპის მოძრაობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ელექტრული მთავარი ძალის მაგნიტურ მიზიდულობა-განზიდულობასთან, ჩვენ მივიღებთ პირველი ხარისხის აღმოჩენას. დასკვნა ორნაწილად შეიძლება გაიყოს, (1) რომ ძალას სულების, ცოცხალი ადამიანის ქვეცნობიერი გონების, ან სხვა ინტელექტის დირექტივის გარეშე შეუძლია აქა-იქ ობიექტების მიზიდვა ან განზიდვა; (2) რომ ძალას შეუძლია იმოქმედოს იმ ხილული თუ უხილავი ნივთიერების გარეშე, რომელიც როგორც ხელი ისე ფუნქციონირებს, ან უხილავი ექტოპლაზმური ნივთიერების გამოყენების გარეშე - მაგრამ, რაღაც ეთერული მატერიის წყალობით, რისი მეშვეობითაც ტალღისებურად მოძრაობს. (ეთერის თეორია ჯერ კიდევ საკამათოა. შეიძლება დღეს მეცნიერებამ მოგვცეს ეთერი, რომ აავსოს ცარიელი კოსმოსი და აურიოს სავსე კოსმოსში, ხვალ კი ისევ წაგვართვას ის.)

მაგნიტებს შეუძლიათ რკინის საგნები მიიზიდონ, ან მათ მიეკრან. თუ მაგნიტს დავდებთ კენჭზე, წყლიან კასრში, და ახლოს, მეორე კენჭზე დავდებთ ნემსს, მაგნიტური ძალა ორივე კენჭს ერთმანეთისკენ მიზიდავს. სხვა სიტყვებით, ერთი კენჭი არ დარჩება უძრავი და მეორე მოძრავი.

ცხოველური მაგნეტიზმი ან მთავარი ძალა, იმითაა საოცარი, რომ ის ახორციელებს მხოლოდ ნემსის მოძრაობას, მაგრამ არა მაგნიტის დამაბალანსებელ მოძრაობას, ასე რომ ვთქვათ. ბატონი არტურ სპრეი, მეწაღე ლონდონიდან, ჩემი მეგობრის კარგი ნაცნობი და ძლიერი ჰიპნოზისტია. მის წიგნში, “იდუმალი მეწაღე”, ის მოგვითხრობს ყველაზე დამაინტრიგებელ - და სრულიად აუხსნელ - ფენომენს, რომელიც მას ხშირად უნახავს მისი ჰიპნოზური სეანსებისას.

მან ერთხელ ამ ფენომენის დემონსტრირება გაზეთების კორესპონდენტების თვალწინ მოახდინა. მან ამოირჩია ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარგი სუბიექტი იყო, მან დააწვინა იგი იატაკის სიგრძეზე და შემდეგ იგი შეიყვანა ღრმა ჰიპნოზური ძილის მდგომარეობაში, რა დროსაც მისი სხეული გახდა ხისტი. შემდეგ, სუბიექტის ფეხებთან მდგომარემ, თვალების გახელა უბრძანა მას. როდესაც მან თვალები გაახილა და მას შეხედა, მეწაღემ მარჯვენა ხელით მისი მოხმობა დაიწყო. ნელ-ნელა სუბიექტის თავი და მხრები თავისით აიწია ჰაერში, ქუსლები კი იატაკზე დარჩა. სხეულმა იქამდე განაგრძნო მოძრაობა, სანამ მართი კუთხით არ გასწორდა ხალიჩიდან დაახლოებით ერთ მეტრზე. ის რამდენიმე წამით იყო ასე, შემდეგ მეწაღემ, ხელის უკუმოძრაობით, ისევ იატაკზე დააბრუნა ის.

ამ ექსპერიმენტის დროს, სპრეის არც ხელში და არც სხეულში არ უგრძვნია სუბიექტის მიმართ მიზიდულობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცი სამოც კილოგრამზე მეტს იწონიდა, სპრეის მცირე ძალისხმევაც კი არ დასჭირვებია მის ასაწევად.

ეს ექსპერიმენტი სხვა ჰიპნოტისტებმაც გაიმეორეს, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ადამიანის მაგნეტიზმში, ცალმხრივი მიზიდულობის ბუნების სამხილი. (რაც სავარაუდოდ არის ელექტრო-ვიტალური ძალის მუხტების აკუმულაციის შედეგი - ეს მუხტები ფიზიკური აქტივობის შედეგად გროვდება და სურვილისამებრ იწყებენ მოძრაობას.)

ბარონმა იუჯინ ფერსენმა ასეთი ცალმხრივი მაგნიტური მიზიდულობის დემონსტრირება, რამდენიმე წლის წინ, ჰონოლულუში მოახდინა, მოწაფეთა დიდი ჯგუფის თვალწინ. მას სწამდა, რომ გონებრივი ბრძანების მეშვეობით ატმოსფეროდან ელექტრული ძალის მიღება შეეძლო. ეჭვგარეშეა, რომ ის ნამდვილად იღებდა ელექტრულ ძალას რაღაც წყაროდან და მისი მოწაფეებიც ბეჯითად სწავლობდნენ ამ პროცესის ოსტატობას. მისი დავალებით, ერთი მოსწავლე თავის თავს აძლევდა გონებრივ ბრძანებას, რომ დაეგროვებინა დამატებითი ძალა. როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ეს ძალა დაგროვებულია (ის სავარაუდოდ სხეულში საჭმლის დამჟავებით წარმოიქმნებოდა), დამუხტული მოწაფე დაუმუხტავ მოწაფეს მხრებზე ადებდა ხელებს, შემდეგ ნელ-ნელა მოაცილებდა ხელებს. თუ დაგროვებული ძალა საკმარისი იყო, დაუმუხტავი მოწაფე ძლიერად მიიზიდებოდა ხელებისკენ, მათი მოცილების შემდეგ. თუმცა, დამუხტული მოწაფის ხელები მიზიდულობას ვერ გრძნობდნენ.

ერთხელ მეც ვნახე ბარონ ფერსენი, მაგნეტიზმის ასეთი ფორმის დემონსტრაციისას. მან ხელები დაადო მსუბუქ, დასაკეც სკამს, რომელიც სხვა ასეთ სკამებთან ერთდ კედელთან იყო მიბჯენილი. მან ისურვა, რომ მაგნეტიზმი მისი სხეულიდან სკამში შესულიყო. მან შემდეგ მოუხმო მგრძნობიარე ახალგაზრდა ქალს გვერდითა ოთახიდან და სთხოვა სკამების რიგირს წინ ჩაეარა. იგი ასეც მოიქცა, და როდესაც დამუხტულ სკამს გაუსწორდა, თითქოს ძალით დასვეს ამ სკამზე. ახალგაზრდა ქალბატონი სკამზე ათჯერ მეტს იწონიდა, და ლოგიკურად სკამი უნდა აწეულიყო და მის სხეულს მიკვროდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. თითქოს ასეთი წესია, რომ ობიექტი - სულ ერთია რამხელაა და რას იწონის - რომელიც უფრო მეტადაა დამუხტული მთავარ-მაგნიტური ძალით, მისკენ იზიდავს ნაკლებად დამუხტულ ობიექტს, და არ გრძნობს უკურეაქციულ მიზიდულობას ამ უკანასკნელისადმი.

ამ მაგნიტურ ძალას შეუძლია იმოქმედოს რამდენიმე მეტრის რადიუსში და ისეთი დაბრკოლებების მიღმა, როგორიცაა ცემენტის კედელი. ბარონი ფერსენი, თვითდამუხტვის შემდეგ, ოცდახუთი სანტიმეტრის სისქის კედლის ერთ მხარეს დადგა, მისი სტუდენტები კი ისეთ ადგილზე იდგნენ, რომ კედლის ორივე მხარე ჩანდა. კედლის მეორე მხარეს, კედლიდან ოთხმოცდაათი სანტიმეტრის მოშორებით, ზურგით დააყენეს ახალგაზრდა გოგონა (რომელიც მაგნიტური მიზიდულობის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე აღმოჩნდა), მის გვერდიგვერდ დადგა ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ხელებით უნდა დაეჭირათ ის, რომ არ დაჯახებოდა კედელს იმ შემთხვევაში, თუ ბარონი ფერსენი მას ზედმეტად ძლიერად მიიზიდავდა. ფერსენმა ასწია ხელები და გაშალა გოგონას მიმართულებით კედლის მეორე მხრიდან. უცებ გოგონა ისე მძლავრად გაიწია კედლისკენ, რომ ახალგაზრდებმა ძლივს შეძლეს მისი დაჭრა, რომ კედელს არ შეხებოდა. ფერსენი კი ძალიან მტკიცედ, შეერთებული ქუსლებით იდგა მიწაზე, მას არც უგრძვნია მიზიდვა და ოდნავადაც კი არ გადახრილა გოგონას მიმართულებით.

კლასში განხილულ იქნა დემონსტრაციისას ჰიპნოზური იმპულსის გამოყენების ალბათობაც, და იმისათვის, რომ მაგნიტური მიზიდულობისას ეს იმპულსი გამოერიცხათ, ორმა ჩვენგანმა იგივე ექსპერიმენტი პატარა ბულტერიერზე ჩაატარა. ცნობილია, რომ ძაღლები არ ჰიპნოზდებიან. ჩვენ გავაკეთეთ ძალის დაგროვების მოძრაობები, შემდეგ დამუხტული ხელები საჯდომზე დავადეთ ძაღლს, რომელიც ჩვენს წინ დააყენეს. ორივემ, მეც და ძაღლის პატრონმაც წარმატებით შევძელით ისეთი მიზიდულობის გამოწვევა, რომ ძაღლი რამდენიმე სანტიმეტრით უკან ჩამოიწია, მიუხედავათ იმისა, რომ ის კლანჭებით ხალიჩას ეჭიდებოდა წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ კი ვერანაირი მიზიდულობა ვერ ვიგრძენით ძაღლის მხარეს.

დოქტორმა რაინმა, დიუკის უნივერსიტეტიდან, ცნობილმა მისი ექსტრასენსორული აღქმით, გამოაქვეყნა ბრწყინვალე სამხილი იმის დასადასტურებლად, რომ გონებას, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, შეუძლია გავლენა იქონიოს მატერიაზე. მის ერთ-ერთ ექსპერიმენტში იყენებენ კამათლის გამგორებელ მოწყობილობას. როდესაც კამათელი გორდება, ექსპერიმენტატორი ‘სთხოვს’ კამათელს, რომ კონკრეტული ციფრები აჩვენოს. შედეგად, ძალიან მკაფიო ეფექტი შეინიშნება სურვილის გამოყენებასთან დაკავშირებით.

რაც უფრო მეტად განვიხილავთ გონების უცნაურ ქმედებას იმის მიმართებაში, რაც უდაოდ მთავარი ძალა უნდა იყოს, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით მაგიის სხვადასხვა ფაზების არსებობაში. მიუხედავათ მეცნიერების საამაყო მიღწევებისა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ ძალზე უმეცრები ვართ, როდესაც საქმე ეხება გონების საიდუმლოებებს, მთავარ ძალებს და უხილავ ნივთიერებებს.

საუკუნეების წინ არსებობდა ლეგენდები ჰაერში მფრინავ ადამიანებზე. გრძნეულები შეხვედრის ადგილებზე მაგიურად უნდა გადაადგილებულიყვნენ. ბერძენი ღმერთები სურვილის ძალით დაფრინავდნენ ჰაერში. ინდოელ და ტიბეტელ ადეპტებზე ამბობდნენ, რომ შეეძლოთ მიზიდულობის კანონები დაერღვიათ და სხვადასხვა ადგილებზე გაჩენილიყვნენ თვალის დახამხამებაში. ან, ისინი უბრალოდ ერთ ქვეყანაში ქრებოდნენ და მეორეში ჩნდებოდნენ. პოლინეზიური ფოლკლორი სავსეა ასეთი მოგზაურობების ისტორიებით. თანამედროვე ფსიქიკურ კვლევებში უამრავი მაგალითი არსებობს ადამიანების ჰაერში ლევიტაციისა. ცნობილი მედიუმი, დ. დ. ჰოუმი, ჰორიზონტალურად გაფრინდა ერთი ოთახის ფანჯრიდან და მომიჯნავე ოთახიდან დაბრუნდა უკან - ეს მოხდა შენობის მესამე სართულზე.

თუ გონებას შეუძლია მატერიის კონტროლი, ეს კონტროლი სავარაუდოდ მდგომარეობს მთავარი ძალის მიმართვაში, რისი მეშვეობითაც მაგნეტიზმი ან გრავიტაცია ამოქმედებას იწყებს. რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა, სადაც სუნთქვისა და სურვილის კომბინაცია იქნა გამოყენებული გრავიტაციაზე ზეგავლენის მოსახდენად.

დოქტორი ჰ. ქერინგტონი, საერთო ფსიქიკური კვლევების დეკანი, თავის წიგნში, “ფსიქიკური მეცნიერების ისტორია” ყვება აწევის თამაშის ექსპერიმენტის შესახებ, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დგება მეხუთეს გარშემო და ისინი ცდილობენ თითებით ასწიონ ის. თავიდან ხუთივე რამდენჯერმე ჩაისუნთქავს ღრმად, შემდეგ სუნთქვას აჩერებენ და იწყებენ აწევას. აწეული ადამიანი თავს ჩვეულებრივზე მსუბუქად გრძნობს. როდესაც ეს ექსპერიმენტი დიდ სასწორზე ჩაატარეს, ხუთი ადამიანისა და სკამის საერთო წონა 320 კილოგრამი იყო. აწევის მომენტში კი სასწორმა დააფიქსირა 20-25 კილოგრამის წონის კლება, რამდენიმე სხვადასხვა ტესტისას.

ბარონმა შრენკ ნოცინგმა აღწერა შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა კაცი ასრულებდა სუნთქვის სავარჯიშოებს და ოცდაშვიდჯერ შეძლო მიწიდან ჰაერში აწევა.

სურათის მეორე მხარე უფრო ბუნდოვანია, მაგრამ რამდენიმე აღწერს, რომ ინდივიდებმა შეძლეს, სურვილისა და სუნთქვის კონტროლის გამოყენებით, მკაფიოდ გაეზარდათ თავიანთი წონა.

ჰავაიში (ასევე ტიბეტშიც, ერთ-ერთი ახალი წიგნის მიხედვით) გამოყენებულ იქნა სურვილ-სუნთქვის კომბინაცია, მაგიური დამხარების მისაღებად და გრძელ დისტანციებზე სარბენად. არსებობდნენ სპეციალურად გაწრთვნილი შიკრიკები, რომლებიც ზოგჯერ რეისებს აწყობდნენ. მთავართან წერილის მისატანად მათი სისწრაფე და გამძლეობა ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანებისას, ვისაც არ შეეძლო მაგიის გამოყენება.

საჭიროა მთავარი ძალის, მისი უცნაური მიმოქცევის და მაგნიტური ფაზების დეტალური კამოკვლევა. ეს არის სამკურნალო ძალა. უხსოვარი დროიდან არსებობდა ხელების დადებით ავადმყოფების განკურნების პრაქტიკა. ყოველთვის ცხადი იყო, რომ ზოგ ადამიანს მეტი მაკურნებელი ძალა ჰქონდა, ვიდრე სხვებს. მეფეებს უნდა ჰქონოდათ ეს, როგორც ბუნებრივი კანონი.

რელიგიაში, ხელების დადებას თან ახლავს ლოცვა. ბერბერებში, კაჰუნების პრაქტიკისას უ. რ. სტიუარტი აღწერს ტკივილისგან მყისიერი განკურნების შემთხვევებს, როდესაც მისი მასწავლებელი ავადმყოფებს ადებდა ხელებს. მან უთხრა მას, რომ მისი მაგიური ძალა ისეთი ძლიერი იყო, რომ ის მის სხეულს ტოვებდა და ავადმყოფის სხეულში გადადიოდა უბრალო ხელის შეხებით. უფრო სერიოზულ შემთხვევებში იგი ამბობდა, რომ რიტუალურ ლოცვებს იყენებდა და სჭირდებოდა დრო, პაციენტის მოსამზადებლად, ფსიქოლოგიური და რიტუალური განწმენდებისთვის.

ჰავაიში მიღებული იყო მთავარი ძალის ტრანსფერი კაჰუნასგან მის პაციენტში, ან გარდაცვლილ სულებში სპეციალური გამოყენებისთვის.

ბარონმა ფერსენმა მისი ჰონოლულუს გაკვეთილებისას თქვა, რომ გამორჩეულ ეფექტს გრძნობდა, როდესაც ავადმყოფს განსაკურნებლად ადებდა ხელს. ის თითქოს ნეგატიური ძალის უკუგებას გრძნობდა. ამ ნეგატიურ უკუგებას ისეთი ნივთიერებები მოჰქონდა თან, როგორიცაა ალკოჰოლი და ნიკოტინი. ფერსონმა მოყვა, ძალის დაგროვების შემდეგ (ის მას “უნივერსალურ სასიცოცხლო ძალას” ეძახდა), როგორ დაადო ხელები მხარზე მთვრალ კაცს და მისდა გასაოცრად მანაც მიიღო რაღაც დონის ინტოქსიკაცია, მთვრალი კაცი კი თითქმის სრულიად გამოფხიზლდა რამდენიმე წამში.

მედიუმები, სპირიტუალური წრიული სეანსებისას (ერთმანეთის ხელები ეჭირათ ენერგიის ნაკადის მოძრაობისთვის) აღწერენ მძიმე მწეველებისგან ისეთი სიძლიერის ნიკოტინის ტრანსფერს, რომ მათ ნიკოტინისგან მოწამვლის სიმპტომები უჩნდებოდათ. როდესაც მძიმე მწეველები არ იყვნენ სეანსზე სიმპტომები ქრებოდა.

მე მინახავს ბუნებრივი მკურნალები, რომლებიც ავადმყოფებს ხელს ადებდნენ და იმპულსურ მოძრაობებს აკეთებდნენ, თითქოს მთელი საწამლავი და ავადმყოფობები გამოჰქონდათ გარეთ და შემდეგ ხელებს იფერთხავდნენ (თითქოს წყლის წვეთებს იშორებდნენ). თითქმის ყველა ასეთი მკურნალი დარწმუნებულია, რომ ავადმყოფებისგან უხილავი ნივთიერებები გამოაქვთ. მათი უმეტესობა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, წყალში იბანს ხელებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ისინი იწმენდენ იმ საზიანო უხილავ ნივთიერებებს, რომლებიც ავადმყოფებისგან გამოაქვთ.

მკურნალობის ამ მეთოდის ჩემი პირადი დაკვირვებით და კვლევით დავრწმუნდი, რომ თითქმის ყველა ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს ავადმყოფს ხელების დადებით და კონცენტრირებული სურვილით, რომ მისი ძალა შევიდეს პაციენტის სხეულში და გააძლიეროს ის. სურვილის გამოყენება, თუ მას თან ახლავს გამოთქმული სიტყვაც, ქმნის იმპულსს, რომელიც შესაძლოა ძალიან ეფექტური გამოდგეს.

მესმერი, რომელმაც საუკუნის წინ მესმერიზმი აღმოაჩინა, არ იცოდა იმპულსის იმ პოტენციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია, რასაც თვითონ “ცხოველურ მაგნეტიზმს” ეძახდა. თუმცა, იგი ვარჯიშობდა მთავარი ძალის დაგროვებაზე (მაგნიტის ხელში დაჭერით, რითიც ფიქრობდა რომ ძალას იღებდა) მანამ, სანამ ის ძალიან დახვეწილი არ გახდა - თუ დავუჯერებთ ანგარიშებს, სადაც აღწერილია თუ რისი გაკეთება შეეძლო დამუხტული ძალით. მან ისე კარგად წარმოაჩინა მაკურნებელი ძალები, რომ საქვეყნოდ ცნობილი გახდა. თავდაპირველად ის პირდაპირ ადებდა ხელს პაციენტებს. შემდეგ, როდესაც ინდივიდუალური მკურნალობის სათხოვნელად ძალიან ბევრი პაციენტი მოდიოდა, ის გონების ძალით ახდენდა ძალის გადატანას წყლის მილებში, საიდანაც არმატურები გამოდიოდა. წყლის ტუბების დამუხტვის შემდეგ, პაციენტები ხელს კიდებდნენ არმატურებს. იმ ეფექტების აღწერის მიხედვით, რასაც პაციენტები გრძნობდნენ, უდაოა, რომ მესმერიზმი მუშა ენერგია იყო. პაციენტებს სხვადასხვანაირი რეაქციები ჰქონდათ. ზოგი საერთოდ არ რეაგირებდა და ამ შემთხვევაში მესმერი პირადად ეხებოდა მათ, რის შემდეგაც ჩვეულებრივ რეაქციას იღებდა. იყო ბევრი განკურნებაც და ბევრი ისტერიაც, რაც სავარაუდოდ მსუბუქი ჰიპნოზური იმპულსით იყო გამოწვეული.

ამ კვლევისას უნდა გვახსოვდეს სასროლი ჯოხებით მთავარი ძალის უეცარი ტრანსფერი, ასევე გამაშეშებელი მუხტი, რომელიც ამერიკელმა-ინდიელმა მედიკოსმა აჩვენა, როდესაც საჩვენებელი თითით ძლიერ კაცს შეეხო და გონება დააკარგინა.

ჰიპნოზისტებმა, მესმერიზმის განვითარების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ ჰიპნოზური იმპულსის გამოწვევა სურვილის ძალითაც შესაძლებელია, ან კიდევ სინათლის წყაროზე მიშტერებით. ისინი ამტკიცებენ, რომ მაგნეტიზმი არ არის საჭირო და ის არ გადადის პაციენტში ან საგანში. ეს სავარაუდოდ მცდარი იდეაა. ფაქტი, რომ პაციენტი ჰიპნოზურ რეაქციას ელოდება უკვე ჰიპნოზური იმპულსია. ის ფაქტი, რომ ჰიპნოზისტი პაციენტთან ახლოს იმყოფება შეიძლება ჩაითვალოს მთავარი ძალის ტრანსფერის საშუალებად, რა დროსაც ჰიპნოზური იმპულსი მოქმედებაში მოდის.

მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ კაჰუნების ახსნა-განმარტებას თუ როგორ შეუძლია მთავარ ძალას ადამიანებს შორის მოგზაურობა ფიზიკური კონტაქტის გარეშე (ან ცოცხალ და მკვდარ სულებს შორის). ახლა კი საჭიროა ყურადღება მივაქციოთ, რომ არსებობს ენერგიის ასეთი გაცვლა და რაც ფინეას ქუიმბის “აბსენტური მკურნალობისგან” ვისწავლეთ, უდაოდ შეესაბამება რეალობას, რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ მთავარი ძალის და მაკურნებელი იმპულსის დისტანციურად გაგზავნის შესაძლებლობას.


 

honolulu1

თავი 4

ადამიანის ორი სული და იმის მტკიცებულება, რომ ორია და არა ერთი; სულები და “სიკვდილის ლოცვა”

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ძალიან მნიშვნელოვანი თემის, მთავარი ძალისა და მისი თანმდევი მაგნიტურობის პრეზენტაცია, მოხსენების ამ ნაწილში უნდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და რადიკალურად განსხვავებული ელემენტები ფსიქოლოგიის იმ სისტემაში, რომელსაც კაჰუნები იყენებენ.

დოქტორმა ბრიგჰემმა კაჰუნების პრაქტიკებს შორის ყველაზე უკეთ “სიკვდილის ლოცვა” შეისწავლა. სანამ მისი გამოცდილებიდან მაგალითს წარმოგიდგენდეთ, საჭიროა ზოგადი განმარტებების დაწერა.

კაჰუნებს რამდენიმე ისეთი რწმენა გააჩნდათ, რომლებსაც საიდუმლოდ არ ინახავდნენ. მაგალითად ისინი არასდროს მალავდნენ, რომ ადამიანს ორი სული აქვს და არა ერთი. ადრეული მისიონერები ამ ფაქტს სისულელედ მიიჩნევდნენ, რომელიც მხოლოდ ველურებისთვის იყო დამახსიათებელი. მათთვის ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სული ჰქონდა და მათი ვალი იყო ამ ერთადერთის გადარჩენა. როდესაც ისინი 1820 წელს ჰავაის ესტუმრნენ, ქვეცნობიერი კი მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინა ფროიდმა, არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ მათ სასაცილოდ არ ეყოთ კაჰუნების რწმენა.

კაჰუნები თანამედროვე ფსიქოლოგიაზე წინ წავიდნენ (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაღალგანვითარებულ მოაზროვნეებს, მათ შორის უილიამ მაქდუგალს, დოქტორი რაინის ადრეულ მენტორს, და პიონერს ამ სფეროში). კაჰუნებმა იცოდნენ, რომ ის რასაც ჩვენ ქვეცნობიერს ვუწოდებთ ერთი სული იყო, ხოლო ცნობიერი გონება კი მეორე. ეს ორი სული (ან მე, ან ფსიქიკა - რაც გინდათ ის დაარქვით) ერთ სხეულში ცხოვრობს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს ცხოვრებასა და აზროვნებაში.

თითოეულ სულს თავისი გონებრივი შესაძლებლობები აქვს. ქვეცნობიერს (უნიჰიპილი) შეუძლია დამახსოვრება, მაგრამ მას გააჩნია მხოლოდ ძალიან მარტივი ლოგიკური აზროვნება - ისეთი, როგორიც აქვს ძაღლს ან ცხენს. ცნობიერ სულს კი (უჰანე) არ შეუძლია აზრის დამახსოვრება მას შემდეგ, რაც ის მისი ყურადღების ცენტრს დატოვებს. რაიმეს გახსენება ქვეცნობიერზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ქვეცნობიერს არ ძალუძს სწორად გაიხსენოს რაღაც და ხშირად დრო სჭირდება მოსაძებნად. ჩვენ ყველამ ვიცით თუ რას ნიშნავს, როდესაც ვერ ვიხსენებთ სახელს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ იგი უეცრად ამოტივტივდება ჩვენს გონებაში. სამაგიეროდ ცნობიერს გააჩნია ორი ძალა, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. ერთერთი მათგანია იმის უნარი, რომ გამოიყენოს ნება, როგორც ჰიპნოზური ძალა (ეს ნება უფრო ძლიერია, ვიდრე ქვეცნობიერი „მე“-ს ელემენტარული ძალა). მეორე ძალა კი არის უმაღლესი ფორმის ლოგიკური, ინდუქციური აზროვნების შესაძლებლობა, ის რაც ადამიანს ყველა სხვა ცხოველისგან გამოარჩევს ცხოველთა სამყაროში.

ქვეცნობიერი იღებს ჰიპნოზურ იმპულსს (მესმერულ მკურნალობას) და რეაგირებს მასზე. ცნობიერი კი არ ექვემდებარება ჰიპნოზს. იმპულსის გავლენის ქვეშ ქვეცნობიერი, ვინაიდან ის ძალზე არალოგიკურია, მიიღებს და რეაგირება ექნება აბსურდულ დავალებებზეც კი. ჰიპნოზის სეანსის თეატრალურ წარმოდგენებზე ადამიანებს აჯერებენ ყველაზე უაზრო ფაქტებს საკუთარ თავზე და ამით ართობენ ხოლმე მაყურებლებს (სამწუხაროდ).

ქეისი 8

მაგალითები კაჰუნების “სიკვდილის ლოცვისას” გამოყენებულ მთავარ ძალაზე, რომელიც დაკავშირებულია რწმენასთან, რომ ადამიანს ორი სული აქვს - ქვეცნობიერი და ცნობიერი.

ზოგადი მიმოხილვა:

ჰავაიზე ჩემი ყოფნისას წარმოდგენა სახელწოდებით “სამოთხის ჩიტი”, ჰავაის ვულკანი და კაჰუნების “სიკვდილის ლოცვა”, ჰავაის ყველაზე დიდ რეკლამას უკეთებდა ცივილიზებურ სამყაროში. თითქმის არც ერთი ტურისტი არ ტოვებდა ჰავაის ამ წარმოდგენის ნახვის, ან ადგილობრივი მღვდლების სასიკვდილო მაგიის გამოყენების ისტორიების მოსმენის გარეშე.

სტუმრებს ყველაზე ხშირად “სიკვდილის ლოცვის” შესახებ აინტერესებდათ ინფორმაცია. მათ როგორც ყოველთვის პასუხობდნენ, რომ ეს ცრურწმენა იყო, ან უყვებოდნენ ამ მაგიით სიკვდილის ველურ ისტორიებს. სიმართლე კი ის არის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, რა დროსაც ჰონოლულუს Queen’s Hospital-ის სამედიცინო ჩანაწერებს ვამოწმებდი, ერთი წელიც არ ჩაივლიდა ისე, რომ რამდენიმე, პოტენციური მაგიის მსხვერპლი პაციენტი მაინც არ გარდაცვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო ყველანაირ საჭირო დახმარებას უწევდა მათ. ძველი ექიმები კი წლიდან წლამდე ცნობდნენ ნაცნობ სიმპტომებს.

ჰავაიზე არსებობდნენ რამდენიმე სხვადასხვა სახის კაჰუნები მანამ, სანამ მათ უძველესი ცოდნის გაგება შეეძლოთ. ზოგიერთი მათგანი სპირიტუალური მედიუმი იყო. ზოგიც წინასწარმეტყველი. ზოგს ქარისა და ამინდის კონტროლი ევალებოდა. რამდენიმეს მაგიის ნებისმიერი ნაწილის შესრულება შეეძლო, მათ შორის განკურნება და ელემენტების კონტროლი.

ამ სპეციალისტებს შორის იყვნენ კაჰუნები, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე მაგიურ ძალას ფლოდბნენ, მაგრამ ასევე “სიკვდილის ლოცვის” (ანანა) გამოყენებაც შეეძლოთ.

“სიკვდილის ლოცვის” გამოყენების შესაძლებლობა ისეთ უცნაურ და ჩვენთვის ისეთ ფანტასტიურ და შეუძლებელ მექანიზმზეა დაფუძნებული, რომ ამ სიბრძნის ყველა დეტალის გასაგებად საჭიროა საკმაოდ გავაფართოვოთ წარმოსახვა.

როგორც ვთქვი, კაჰუნებს სწამდათ, რომ ადამიანს ორი სული ჰქონდა. დაბალი ანუ ქვეცნობიერი, არ ექვემდებარება ლოგიკას და ადვილად ექცევა ჰიპნოტური იმპულსის ზემოქმედების ქვეშ.

იმისათვის, რომ “სიკვდილის ლოცვა” გამოეყენებინა კაჰუნას სხვა კაჰუნასგან მემკვიდრეობით უნდა მიეღო ერთი ან მეტი ქვეცნობიერი სული. (თუ იგი საკმაოდ განვითარებული იყო, შეეძლო მოეძებნა ქვეცნობიერი სულები და ჰიპნოზური იმპულსის მეშვეობით დაეჭირა და დაეტყვევებინა ისინი).

ძალიან ადრეულ ჰავაიზე ომის ტყვეებს ან სხვა უბედურებს აშკარად ჰიპნოზურ იმპულსს აძლევდნენ ძლიერი დოზით, რაც აიძულებდა მათ ქვეცნობიერ სულებს, სიკვდილის შემდეგ, განცალკევებულიყვნენ ცნობიერი სულებისგან და დარჩენილიყვნენ მოჩვენებებად, რათა ედარაჯათ წმინდა ქვების საცავებთან ან ადგილობრივების ტაძრებთან, რომლებიც დეგრადირებული კაჰუნაიზმის გამოვლინება იყო. სავარაუდოა, რომ ამ უბედურებს, მათი სიკვდილის შემდეგ, ავალებდნენ კაჰუნების სამსახურს “სიკვდილის ლოცვისას”.

კაჰუნებს როგორც ყოველთვის ერთი ან მეტი (მაქსიმუმ სამი) დატყვევებული, ქვეცნობიერი სული ჰყავდათ. როდესაც კაჰუნა გადაწყვეტდა, რომ ვიღაცის სიკვდილისთვის უნდა ელოცა, ის დამწყვდეულ სულებს თავისთან იხმობდა და აძლევდა მესმერულ დავალებებს, რომ აეღოთ მანა იმ საჭმლიდან და სასმლიდან, რომელიც განთავსებული იყო იატაკზე დაგებულ მატრასზე და შემოსაზღვრული იყო სხვადასხვა საგნებით, როგორიცაა პატარა თეთრი ქვები და რაიმე კონკრეტული ხის ნაჭრები.

ეს მანა სწორედ ის მთავარი ძალაა, რომელიც ადრე განვიხილეთ. ეს ძალა რა თქმა უნდა კაჰუნას სხეულიდან გადადიოდა საჭმელში, სასმელში და სხვადასხვა საგნებში, რომელთაც ერქვათ პაპა ანუ “აკრძალული”. ვარაუდობდნენ, რომ როდესაც საჭმლიდან და სასმლიდან მანას იღებდნენ, ასევე იღებდნენ სხვადასხვა ნივთიერებებსაც, განსაკუთრებით ჯინისგან (ალკოჰოლური სასმელი), რომელიც ბოლო დროს პაპა-ს ნივთებს შორის იდო. (გაიხსენეთ ბარონ ფერსონის ამბავი, როდესაც მას მთვრალი ადამიანისგან გადაეცემოდა ინტოქსიკაცია).

სულებს ასევე ეძლეოდათ ძალიან მკაფიო დავალებები, თუ რა უნდა მოემოქმედებინათ ამ ძალის მეშვეობით. მათ ძაღლებივით უნდა აეღოთ სუნი, მომავალი მსხვერპლის თმის ღერიდან, ან ტანსაცმლის ნაჭრისგან და გაჰყოლოდნენ მას. როდესაც მსხვერპლს იპოვნიდნენ მათ სწორი მომენტი უნდა შეერჩიათ მის სხეულში შესაღწევად. სულები ამას იმ პარალიზური შოკის ენერგიის გამოყენებით აღწევდნენ, რომელსაც მათი პატრონი აძლევდა მათ, მთავარი ძალის სანაცვლოდ. ბრძანება, რომელსაც სულები იღედბნენ ასე ჟღერდა:

“ო ლონო, ისმინე ჩემი ხმა. გეგმა ასეთია: გაემგზავრე --------- სკენ და შეაღწიე მასში; შედი და შესისხლხორცდი მასში; შესისხლხორცდი და გაიჭიმე.”

“შესისხლხორცებას” და “გაჭიმვას” ისინი განსხვავებული მნიშვნელობით ამბობდნენ. პროცესი მდგომარეობდა მსხვერპლის სხეულში შეღწევაში, ან მათთან მიწებებაში. ამის შემდეგ, სულები იწყებდნენ მსხვერპლისგან მთავარი ძალის ამოცლას და თავიანთ მოჩვენებით სხეულებში დასაწყობებას (მოჩვენებით სხეულებზე მოგვიანებით გვექნება საუბარი). როდესაც მსხვერპლს მთავარი ძალა ფეხებიდან გამოეცლებოდა, მათ ეწყებოდათ ფეხების პარალიზება, რაც სამ დღეში აღწევდა მუხლებამდე, ბარძაყებამდე, და საბოლოოდ მზის წნულამდე ან გულამდე, რა დროსაც მსხვერპლი კვდებოდა.

მისიის შესრულების შემდეგ, სულები დიდძალი მთავარი ძალით დამუხტულნი ტოვებდნენ სხეულს და უბრუნდებოდნენ თავიანთ პატრონს. თუ მსხვერპლს სხვა კაჰუნა გამოიხსნიდა მას შეეძლო ეს სულები თავიანთ პატრონთან გაეგზავნა და გამოეყენებინა ჰიპნოზური დავალება, რათა ისინი გამომგზავნს დასხმოდნენ თავს, რაც ასევე ფატალური შედეგით მთავრდებოდა გამომგზავნისთვის. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, კაჰუნა, რომელიც სულებს (კალა) მსხვერპლთან გზავნიდა, ატარებდა განწმენდის რიტუალს. ან, უფრო ხშირად, ის ადამიანი, რომელიც კაჰუნას დაიქირავებდა “სიკვდილის ლოცვის” შესასრულებლად, და რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მომავალი მსხვერპლი ასეთ საშინელ სასჯელს იმსახურებდა, დასახელდებოდა პასუხისმგებელ პირად და სწორედ ეს უკანასკნელი ხდებოდა იმ სულების მსხვერპლი, რომელსაც სხვა კაჰუნა უკან, დამნაშავისკენ გამოგზავნიდა მანამ, სანამ ისინი თავის პირვანდელ დავალებას შეასრულებდნენ.

წარმატებული მისიის შემთხვევაში მათი პატრონი, დაბრუნებულ სულებს ავალებდა ეთამაშათ მანამ, სანამ ისინი ბოლომდე არ დახარჯავდნენ იმ მთავარ ძალას, რომელიც მკვლელობის პროცესისას მიიღეს. მათი თამაში ჩვეულებრივ იმ ფორმით იყო, რასაც ჩვენ “პოლტერგეისტის აქტივობას” ვუწოდებთ. ისინი ხმაურობდნენ და ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, ქმნიდნენ სხვადასხვა სახის ქაოსს და ა.შ. დოქტორმა ბრიგჰემა ერთ ღამეს გაიგონა თუ როგორი ხმაური გამოდიოდა ერთი კაჰუნას ქოხიდან, შემდეგ მას უთხრეს, რომ ასე თამაშობდნენ სულები.

“სიკვდილის ლოცვის” არც ერთი არსებული ახსნა-განმარტება, როგორიცაა საიდუმლო საწამლავი, ან “ცრურწმენის შიშით სიკვდილი”, არ იყო სწორი. თითქმის არასდროს არ იცოდა მსხვერპლმა, რომ მაგიის გამოყენებით მოკვდებოდა.

ამის საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვან, სადაც ნახავთ, რომ შიშის ელემენტი საერთოდ არ ფიგურირებს.

მაგალითები:

(ა) ერთხელ ჰონოლულუში ახალგაზრდა ირლანდიელი ჩამოვიდა თანამედროვე ტაქსით. ის წითური, ფიცხი და უშიშარი იყო.

მან ქალაქში ჩამოსვლის დღიდან ძალიან მალე მოახერხა თავი შეეყვარებინა ჰავაელი გოგოსთვის, რომელმაც მისი სიყვარულის გამო ჰავაელ ბიჭზე ნიშნობა გააუქმა. გოგოს ბებიამ ყველაფერი გააკეთა მის გადასარწმუნებლად, რადგან ხედავდა, რომ ირლანდიელს კეთილი სურვილები არ ამოძრავებდა. საბოლოოდ ბებია დაიმუქრა, რომ ცა დასჯიდა ირლანდიელს თუ გოგონას თავს არ დაანებებდა.

ბუნებრივია ირლანდიელს არანაირი შიში არ გააჩნდა ცის ან სამოთხის მიმართ. მას უფრო მეცნიერული დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი და ალბათ მიჩვეულიც იყო მსგავს მუქარებს ბებიებისგან და დედებისგან. რა თქმა უნდა ასეთ მუქარები მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ერთ დღესაც მან იგრძნო თუ როგორ “დაიძინა” მისმა ფეხებმა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ემკურნალა, მაგრამ “ძილმა” ნელნელა ზემოთ ასვლა დაიწყო. ერთ დღეში მას ორი კაცის დახმარება დაჭირდა საავადმყოფოში მისასვლელად.

ყველაფერი სცადეს, რომ დაავადების მიზეზს მიეგნოთ, მაგრამ ვერაფერი იპოვნეს და შესაბამისად ვერც მკურნალობის მეთოდი მოიფიქრეს. ორმოცდაათ საათში პარალიზებამ წელამდე მიაღწია. როდესაც უკვე ბევრი ექიმი დაინტერესდა ამ საქმით, მათ შორის ჩემი ახლობელი, მათ ეჭვი გაუჩნდათ და თავის ქნევა დაიწყეს. ბოლოს მათ უხმეს მოხუც ექიმს, რომელიც უკვე დიდი ხნის მანძილზე მუშობდა კუნძულებზე. მან სწრაფად ამოიცნო “სიკვდილის ლოცვის” სიმპტომები.

ექიმმა ძირფესვიანად გამოკითხა ირლანდიელი და მალევე შეიტყო ჰავაელი გოგოს შესახებ. კიდევ უფრო მეტი ჩაძიების შედეგად შეიტყვეს ბებიის მუქარის შესახებაც, რომელსაც ბიჭი დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ისე რომ არაფერი უთქვამს, მოხუცი ექიმი ბებიის სანახავად გაეშურა. მოგვიანებით მან მოგვიყვა ბებიასთან დიალოგი.

“ვიცი, რომ შენ კაჰუნა არ ხარ და ამ საქმესთან არაფერი გაკავშრებს ბებია.” თქვა ექიმმა. “მაგრამ, როგორც მეგობარს, იქნებ მითხრა რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ამ ბიჭის გადასარჩენად?”

“მართალი ხარ,” თქვა ბებიამ “მე არაფერი ვიცი ამ საქმის შესახებ და არც კაჰუნა ვარ - როგორც მოგეხსენება. მაგრამ მე მგონია, რომ თუ ბიჭი პირობას დადებს, რომ შემდეგ გემს გაჰყვება და უკან აღარასდროს დაბრუნდება, წერილსაც კი არ გამოგზავნის, შესაძლოა გამოკეთდეს.”

“მე გაძლევ გარანტიას, რომ ზუსტად ასე მოიქცევა” თქვა ექიმმა.

“ძალიან კარგი” თქვა ბებიამ აუღელვებლად.

სიტუაცია უამრავჯერ აუხსნეს ურწმუნო ირლანდიელს, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც მის სერიოზულობაში დაარწმუნეს, იგი შეშინდა და დათანხმდა პირობებს. ეს მოხდა ადრეულ საღამოს. იმ ღამით კი ის უკვე ფეხზე იდგა და იაპონურ გემზე ასვლაც შეძლო.

(ბ) შემდეგ მაგალითს ჩემი ჩანაწერებიდან მოვიყვან, რომელიც დოქტორ ბრიგჰემთან საუბრისას ჩავიწერე. ვეცდები მისი სიტყვები რაც შეიძლება ზუსტად გადმოვცე.

“ერთხელ ნაპუპუში, დიდ კუნძულზე წავედი” თქვა დოქტორმა ბრიგჰემმა, “მუზეუმის აშენების შემდეგ. მე მაუმა ლოაზე ასვლა მინდოდა, ადგილობრივი მცენარეების შესაგროვებლად. ეს სამ კვირიანი მოგზაურობა იყო, ადგილობრივ გიდებთან და ტვირთის მზიდავ ცხენებთან ერთად.

“ნაპუპუში ხუთი დღე დამჭირდა ხალხისა და ცხენების შესაგროვებლად, მაგრამ საბოლოოდ ოთხი ჰავაელი და რვა ცხენი და ჯორი ვიშოვე. მშვენიერი ამინდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბილიკები რთული საპოვნელი გახლდათ, ყველაფერი კარგად მიდიოდა.

“მე ტროპიკული ტყის ზემოთ, უკაცრიელ მიწას მივაღწიე და ვაპირებდი მაუნა ლოას კრატერის მწვერვალისკენ გზის გაგრძელებას, როდესაც ჩემი ერთ-ერთი ბიჭი ავად გახდა. ის ოციოდე წლის, ძლიერი ჭაბუკი იყო. მე ის კაცებს დავუტოვე მოსავლელად და მწვერვალზე ავედი, ვფიქრობდი, რომ კლიმატის ცვლილებამ იმოქმედა და ის მალე გამოკეთდებოდა.

“ჩვენ ერთი დღე დავრჩით კრატერზე და ადრეულ საღამოს, ქვედა ბანაკთან და ავადმყოფ ბიჭთან დავბრუნდით. ის ზეწრებში იყო გახვეული და უკვე იმდენად სუსტად იყო, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. მე გადავწყვიტე, რომ ის მთის ქვედა დონეზე ჩამეყვანა შემდეგ დილას და უკვე სადილის მირთმევას ვაპირებდი, როდესაც უფროსი კაცები მოვიდნენ ჩემთან.

“ის ბიჭი ძალიან ავად’. თქვეს მათ. შემდეგ დიდი გაჭირვებით ამიხსნეს, რომ ჰავაელების აზრით ამ ბიჭს “სიკვდილის ლოცვის” სიმპტომები ჰქონდა. მე რა თქმა უნდა არ დავიჯერე, მაგრამ მაინც წავედი ბიჭის გამოსაკითხად.

“შენ ფიქრობ, რომ ეს სიკვდილის ლოცვაა?’ ვკითხე მე.

“არა, არა!’ მას უცებ ძალიან შეეშინდა. შემდეგ მე ვკითხე ჰყავდა თუ არა მას მტერი, რომელსაც მისი სიკვდილი ენდომებოდა. იგი ასეთს ვერ იხსენებდა, და ძალიან უნდოდა გამართლებულიყო ჩემი ვარაუდი მისი აკლიმატიზაციის შესახებ.

“მე უფრო გულდასმით გავსინჯე ბიჭი, მაგრამ ქვედა კიდურების ნელი პარალიზის ჩვეულებრივი სიმპტომების გარდა, რომელიც მთლიანი კოლაფსისკენ მიდიოდა, ვერაფერი აღმოვაჩინე. ყველა ეს სიმპტომი სიკვდილის ლოცვას მიანიშნებდა. მე ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ უფროსები მართლები იყვნენ და რომ ამ ყველაფრის უკან ვიღაც კაჰუნა იდგა. როდესაც ეს მათთან ვაღიარე, ისინი შიშმა მოიცვა, რადგან ეჭვობდნენ, რომ მთელ ჯგუფს სიკვდილი ემუქრებოდა.

“მე ჩემს სადილს დავუბრუნდი და ფიქრი დავიწყე. ამავდროულად ერთ-ერთი კაცი განაგრძობდა ბიჭის გამოკითხვას. ცოტა ხანში იგი საინტერესო ინფორმაციით დაბრუნდა. ბიჭის სახლი ჰავაისთან მიმდებარე სოფლის ვიწრო ხეობის ქარიან ადგილზე იდგა, რომელიც ზღვას უერთდებოდა. როგორც წესი, ამ სოფელში ჰაოლები (თეთრები) არ დაიშვებოდნენ, და მათი ბებერი კაჰუნა ყველაფერს აკეთებდა, რათა ხალხის იზოლირება მოეხდინა და მათ ძველი წესებით ეცხოვრათ. სხვა მოთხოვნებთან ერთად მან მის ხალხს უბრძანა, რომ ჰაოლებთან საქმე არ დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სიკვდილისთვის ილოცებდა. ამ ბიჭს, რამდენიმე თვით ადრე დაუტოვებია სოფელი და კონაში საცხოვრებლად გადასულა. მას უბრალოდ დაავიწყდა კაჰუნას ბრძანება.

“ნაპუპუში ჩემს ჩამოსვლამდე ბიჭი თავის ჰავაელ მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა და არასდროს ჰქონია კონტაქტი თეთრკანიან ადამიანთან - ყოველ შემთხვევაში მათთან საქმე არ დაუჭერია. როდესაც მე ხალხს ვქირაობდი მთაზე ასასვლელად, ის დაუფიქრებლად შემომიერთდა. მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ბრძანება მისი სოფლის გარეთაც ვრცელდებოდა.

“როდესაც ამ ყველაფერს ვისმენდი უფრო და უფრო მერეოდა ბრაზი. როგორც ახლა, ვერც მაშინ ვითბენდი, როდესაც ჩემს მეგობრებს ეხებოდნენ. კაჰუნასთვის სამაგიეროს გადახდის წყურვილით შეპყრობილი, იმ ფაქტის წინაშე ვიდექი, რომ ჩემი სამუშაო უნდა დამთავრებულიყო თუ ბიჭი გარდაიცვლებოდა და მომიწევდა მისი სანაპიროზე ჩასვენება.

“როდესაც ამ ფიქრებში ვიყავი, ერთ-ერთი ჯგუფის წევრი მოვიდა ჩემთან სალაპარაკოდ ყველას სახელით და ძალიან ბუნებრივი რჩევა მომცა. მან ზრდილობიანად შემახსენა, რომ ყველა ჰავაელმა იცოდა ჩემი დიადი კაჰუნობის შესახებ და რომ მე ცეცხლზე-მოსიარულეც ვიყავი. ის ძალზე მარტივ საქმედ თვლიდა, რომ შესაბამისი ზომები მიმეღო, სიკვდილის ლოცვა კაჰუნასთვის დამებრუნებინა და ბიჭი გადამერჩინა.

“კაცები მოუთმენლად მელოდნენ და მე მათ გამომეტყველებაში ვამჩნევდი თუ როგორ სჯეროდათ, რომ ამ შელოცვის უკან გაგზავნას და ყველაფრის გამოსწორებას შევძლებდი. თავი კუთხეში მიმწყვდეულად ვიგრძენი. მე წლების მანძილზე ვცრუობდი, ახლა კი ჩემი სიცრუის გამომჟღავნების დრო დადგა. ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თუ ამის გაკეთებაზე უარს ვიტყოდი, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მე იმ კაჰუნასი მეშინოდა და არც ისეთი ძლიერი ბიჭი ვიყავი, როგორადაც თავი მომქონდა.

“მე რა თქმა უნდა ყოველთვის მქონდა ჩემი სიამაყე, და ჩემს ხალხს რომ უბრალო თეთრ ბუმბულად არ მოვჩვენებოდი გადავწყვიტე, რომ შელოცვის კაჰუნასათვის დაბრუნება მეცადა. ეს ალბათ ყველაზე ადვილი რამაა, რაც ახალბედა ჯადოქარმა შეიძლება გააკეთოს. შელოცვა მომზადდა და მოთვინიერებული სულები გამოგზავნილ იქნა. ერთადერთი რაც მე უნდა გამეკეთებინა იყო ის, რომ სწორი არგუმენტების საშუალებით, ისინი ჩემს მხარეს გადმომებირებინა, და შემდეგ მთელი ჩემი ძალისხმევა გამომეყენებინა, რათა ისინი უკან, კაჰუნასკენ გამეგზავნა მასზე თავდასხმის მიზნით. მე ვგრძნობდი, რომ ეს სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან ბიჭი უდანაშაულო იყო.

“თი-ს ფოთლებისგან საკმაოდ შორს ვიყავით, ჩვეულებრივ ამ ფოთლებს პაციენტს უსვამენ ხოლმე, ეს სულების განდევნის რიტუალის ნაწილია, მაგრამ მე მათ არასდროს ვთვლიდი საჭიროდ. თან მე ძალიან გაბრაზებული და წყობიდან გამოსული ვიყავი. ბოლოს ავდექი და ვთქვი: ‘თქვენ ხომ ყველამ იცით თუ როგორი ძლევამოსილი კაჰუნა ვარ?’ მათ დაბეჯითებით დამიქნიეს თავი. ‘მაშ მიყურეთ,’ აღმოვთქვი მე, წავედი ბიჭთან და საქმეს შევუდექი.

“საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა სულებთან ისეთი დამაჯერებელი არგუმენტების მოფიქრება, რომ მათ ჩათვალონ, რომ მათი გამომგზავნი ნამდვილი ეშმაკია, რადგან ასეთი სუფთა და უდანაშაულო ადამიანის მოსაკლავად გამოგზავნა ისინი. მე ვიცოდი, რომ თუ მათ გულს მოვიგებდი, მათ ემოციებზე ვიმუშავებდი და ავაჯანყებდი, წარმატებაც გარანტირებული იქნებოდა. რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო კაჰუნას ‘კალა’ (თავდაცვის რიტუალი) ჰქონოდა ჩატარებული თავის თავზე; მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდო იყო, რადგან მას არ უნდა შეშინებოდა, რომ მე მისი შელოცვის უკან გაგზავნა შემეძლო. ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩემს შესახებ საერთოდ რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა.

“მე ბიჭთან დავჯექი და დავიწყე სულებთან კამათი. პოლიტიკოსზე ენამახვილი გავხდი. მე შევაქე ისინი და აღვნიშნე თუ როგორი კარგი ყმაწვილები იყვნენ, როგორი სანდომიანი და ჭკვიანი. შემდეგ ნელ-ნელა შევცვალე თემა და მათ ვუთხარი, თუ როგორი დასანანია, რომ კაჰუნამ ისინი მძევლებად აქცია, იმის მაგივრად, რომ მათთვის მშვენიერ სამოთხეში განსვენების საშუალება მიეცა. მე ავუხსენი თუ როგორ დაამწყვდია ისინი კაჰუნამ და როგორ იყენებდა მათ. მე დღესაც ვთვლი, რომ საუკუნის მონოლოგი მქონდა. ამ დროს ჰავაელები თავიანთთვის ბუტბუტებდნენ.

“ბოლოს, როდესაც ჩავთვალე, რომ სულების გადარწმუნება დასრულებული იყო და ისინი მზად იყვნენ კაჰუნა შუაზე გაეხლიჩათ, მე საბოლოო ბრძანების გასაცემად მოვემზადე, რომ დაბრუნებულიყვნენ უკან და ათჯერ უფრო მძაფრი სასჯელი მოევლინათ კაჰუნასთვის, ვიდრე მას ბიჭისთვის ჰქონდა განზრახული. იმ დროს ძალიან ხმამაღლა შემეძლო ღრიალი. ახლაც შემიძლია! [ამ დროს დოქტორმა თავი გადააგდო და ისეთი ძალით დაიღრიალა, რომ მთელი სახლი შეზანზარდა.] აი, ზუსტად ასეთი ხმით გავეცი ბრძანება. ისეთი ძალით დავიყვირე, რომ ცხოველებიც კი დაფრთხნენ. კაცები გარეთ გამოიქცნენ, ბიჭს კი შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა.

“ჩემთვის ეს საოცარი გონებრივი, ემოციური და ფიზიკური სამუშაო იყო. მთელი სურვილი და კონცენტრაცია ამ ბრძანებაში ჩავაქსოვე. როდესაც ის სამჯერ გავიმეორე აკანკალებული დავჯექი ბიჭთან.

“ვცდილობდი გონება ისევ დაძაბული მქონოდა და საერთოდ არ მეფიქრა იმაზე თუ რამდენად იმუშავა ჩემმა ბრძანებამ. ამ დროს მზეც გადავიდა და ვარსკვლავებიც გამოჩნდა. ბიჭი ჩუმად იწვა და ელოდა. შორიდან უხილავი ძალებით დაშინებული, მაგრამ დაიმედებული ჰავაელები გვიყურებდნენ. რაღაც მომენტში ჰაერი ისე გახშირდა, თითქოს არამიწიერი ძალები იბრძოდნენ ჩვენს გარშემო.

“ისტორიაში ყველაზე გრძელი ერთი საათი მიიწურა და მე უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს ჰაერი უცბად დამშვიდდა. მე ღრმად ჩავისუნთქე. რამდენიმე წამში ბიჭმა დაიჩურჩულა. ‘უაუაე... მაიკაი’ (ფეხები... კარგადაა).

“სიხარულისგან ყვირილი მინდოდა, დავჯექი და ბარძაყების დამასაჟება დავუწყე, რომლებიც ისე რეაგირებდნენ, თითქოს გაყინულები იყვნენ და ლღვებოდნენ. ნელ-ნელა ცირკულაცია აღდგა და ფეხის თითებმაც დაიწყეს ამოძრავება. გარშემომყოფები ერთმანეთს ულოცავდნენ. ეს ჩემი კაჰუნობის კარიერის მწვერვალი იყო. ერთ საათში ბიჭი ფეხზე იდგა და მის პოის მიირთმევდა.

“მაგრამ ისტორია ამით არ დამთავრებულა. მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც ძალიან ცუდად მოვკალი. მე ჩემი ნახელავის გადამოწმება და იმის გაგება მინდოდა, თუ რა დაემართა კაჰუნას. გადავწყვიტე, რომ მოგზაურობა მალევე დამემთავრებინა და ბიჭის სოფელში წავსულიყავი - მცენარეების შეგროვებამ მაინც წარუმატებლად ჩაიარა.

“ჩვენ სწრაფად ვმოძრაობდით და მთებზე ვბანაკდებოდით. ერთ ღამეს მაუნა კეას ტბაზე დავრჩით და მაუნა ლოას კრატერი გამოვიკვლიეთ. დღის მანძილზე ვიწვოდით, ღამით კი ვიყინებოდით.

“სულ მალე ქვეყნის ქვედა ნაწილს მივუახლოვდით, მთების ჩრდილოეთით. წყლის შოვნა უფრო ადვილი გახდა, მაგრამ ადგილი ცუდად იყო მოჭრილი და ტყე კი ხშირი. საბოლოოდ ოკეანესაც მივაღწიეთ, ვიპოვნეთ ბილიკი და გავყევით აღმართ-დაღმართ ხეობებს. ყოველთვის ზღვას მივყვებოდით.

“ერთ საღამოს ბუჩქებიდან გამოვაღწიეთ და გაშლილ მინდორზე გამოვედით. იქვე ტაროს მინდორში მოხუცი ქალი და გოგონა მუშაობდნენ. მათ მე და ბიჭს შემოგვხედეს და ყვირილით გაიქცნენ. ჩვენ მათ გავყევით და ბალახის ქოხებს მივადექით. გარშემო არავინ ჩანდა. მე იმ დიდი ქოხის წინ დავჯექი, რომელშიც კაჰუნა ცხოვრობდა, ბიჭი კი ხალხის მოსაძებნად წავიდა.

“ცოტა ხანს მესმოდა მისი ყვირილი, შემდეგ კი ხმაური შეწყდა. რამდენიმე წუთში ის ახალი ამბით დაბრუნდა. იმ ღამით, როდესაც მე სულები უკან გავგზავნე, კაჰუნას ეძინა. მას ყვირილით გაუღვიძია და თი-ს ფოთლების ასაღებად გაქცეულა და მათი დანიავება დაუწყია რათა სულები მოეგერიებინა. ამ დროს გარშემო მყოფებს ეუბნებოდა, რომ მას თავდაცვის რიტუალი (კალა) არ ჩაუტარებია და რომ თეთრმა კაჰუნამ ეს სათავისოდ გამოიყენა. სულ ცოტა ხანში ის მიწაზე დაეცა და ასე იწვა ღმუილით და პირზე ქაფით. დილით კი უკვე მკვდარი იყო.

“ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მე მთელი სოფლის გასაჟლეტად ვიყავი მოსული. მე ვუთხარი ბიჭს, რომ წასულიყო და მათთვის ეთქვა, რომ ჩემი შურისძიება დასრულებული იყო და თუ ისინი კარგად მოიქცეოდნენ მე მათ მეგობრებად ჩავთვლიდი.

“ჩვენ კიდევ ცოტა ხანს ვიცადეთ, სანამ მათი ბელადი არ გამოჩნდა თავის ხალხთან ერთად. ის გახარებული საერთოდ არ ჩანდა, ქალების უმეტესობა კი ძალიან შეშინებული იყო. თუმცა, მე ისინი დავამშვიდე და ჩვენ მალევე დავმეგობრდით. მეტიც, უნდა აღვნიშნო, რომ მათ ძალიან კარგ ბიჭად ჩამთვალეს. არავის გამოუხატავს წყენა, რომ მე მათი კაჰუნა მოვკალი - ეს მათთვის თამაშის ნაწილი იყო.

“ვინაიდან ჩვენი ცხენები დაღლილები იყვნენ, ჩვენ მათთან დარჩენაზე დავთანხმდით. მათ გაგვიშალეს ლუაუ (სუფრა), რომელიც მიუხედავად სოფლის სიღარიბისა, სულაც არ იყო ცუდი. მართალია მათ ღორები არ ჰყავდათ, მაგრამ ძაღლის ხორცი საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. მე არასდროს გამისინჯავს ძაღლის ხორცი, მაგრამ როგორც სრულყოფილმა კაჰუნამ აღარ ვიუარე. ჩვენ ძმებად დავიშალეთ.

“ერთადერთი რაც დღემდე არ მასვენებს ესაა: ბებერმა კაჰუნამ ფსიქიკური ძალების მეშვეობით შეიტყო, რომ მე ბიჭი დავიქირავე, მაგრამ რატომ ვეღარ შეძლო იმის დანახვა, რომ მე მას სიკვდილის ლოცვა უკან დავუბრუნე. შესაძლოა ადრე დაწვა დასაძინებლად და მალევე ჩაეძინა.

“მე ვფიქრობ ის ძალიან ძლიერი კაჰუნა იყო, რადგან მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ შორს დანახვა. მაგრამ არ შემიძლია იმის თქმა, თუ რატომ ვერ დაინახა მომავალი. ეგებ დაინახა და მზად იყო კიდეც ამისთვის?”

კომენტარი:

არსებობს კიდევ ერთი კაჰუნური მეთოდი მაგიის ძალით ადამიანის სიკვდილისა. მას კუნი-ს ან დაწვას ეძახიან. როგორც ჩანს ადრე მას იშვიათად იყენებდნენ, მაგრამ ამბობენ, რომ იგი მოიცავდა მსხვერპლის თმის ან რაიმე სხვა ნაწილის დაწვას და ფერფლის ზღვაში მობნევას. ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ იმ შემთხვევისთვის ვახსენებ, რომ თუ მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოჩნდა მკვლევარებს არ გამორჩეთ ეს, იმის გამო, რომ მე ის არ ვახსენე.

ადამიანის მაგიის გამოყენებით სიკვდილი კაჰუნების აზრით ეფუძნებოდა იმ ფაქტს, ჰქონდა თუ არა მსხვერპლს სინანული, თუ ვინმესთვის რამე ჰქონდა დაშავებული. სწორედ ეს სინანული (კომპლექსი) ხდიდა წარმატებულს უნიჰიპილის ან ქვეცნობიერი სულების თავდასხმას. ამ სინანულის გრძნობის გარეშე მსხვერპლის ქვეცნობიერი წარმატებით იგერიებდა თავდამსხმელ სულებს.

საუკუნეების წინ არსებობდა მაგიური რიტუალი, რომელიც მოიცავდა მსხვერპლის სათამაშოს, ან სურათის გაკეთებას, და შემდეგ მასში ქინძისთავების გაყრას. ყოველ დღე ახალი ქინძისთავი. ამის იდეა გახლდათ ის, რომ რაღაც ფორმის სიმპათიური კავშირი მყარდებოდა მსხვერპლთან და მაგიური რეაქცია დროთა განმავლობაში სიკვდილს იწვევდა. შესაძლოა ამ რიტუალს ნაკლები ძალა ჰქონდა, მაგრამ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ჩვენ კვლევის იმ სფეროში ვართ, სადაც არაფერია ბოლომდე გამოკვლეული. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ არ გვინდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს, მათ შორის კაჰუნების “სწრაფი განკურნების” რიტუალი.

კაჰუნებისთვის ‘მთავარ ძალას’, ანუ მანას აქვს სამი ძალა. თუ ის ელექტრული ბუნებისაა, როგორც ეს თანამედროვე ექსპერიმენტებმა აჩვენა, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რასაც კაჰუნები მანას სამ ძალას ეძახიან იგივეა რაც სამი ძაბვა.

კაჰუნების ენაზე სამი ძაბვა ასე ხასიათდება: მანა ეწოდება დაბალ ძაბვას, რომელსაც ქვეცნობიერი სული იყენებს და მანა-მანა - მაღალი ძაბვა, რომელსაც ცნობიერი სული იყენებს როგორც “სურვილს” ან ჰიპნოზურ ძალას. არსებობდა ასევე უფრო მაღალი ძაბვა, მანა-ლოა ანუ “უძლიერესი ძალა” და ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ ზეცნობიერი სული იყენებდა ორი დაბალი სულის მეშვეობით და ამით ადამიან სამებას კრავდა.

თანამედროვე მთავარი ელექტროობის სწავლება ხორციელდება ადამიანის სხეულზე და თავის ქალაზე სადენების მიერთებით, რის შემდეგაც იყენებენ მაღალი მგრძნობელობის ინსტრუმენტებს, რომლებიც ზომავენ, თუ რა ელექტრულ მუხტს ატარებენ სადენები.

Life ჟურნალის 1937 წლის, 8 ოქტომბრის ჩანაწერები აჩვენებს ტესტების შედეგებს დიაგრამების და გრაფების სახით. აღმოჩენილ იქნა ელექტროობის ორი ძაბვა, დაბალი ძაბვა სხეულის ქსოვილებში და მაღალი ძაბვა ტვინში. აქედან დაასკვნეს, რომ ფიქრის პროცესი მოიცავს მთავარი ძალის, მაღალი ძაბვის ელექტრულ აქტივობას.

კაჰუნები ფიქრის პროცესს მანასთან აკავშირებდნენ. სიტყვა “მანა-ო” ნიშნავს “რომ იფიქრო”, ისინი ამატებენ “ო”-ს იმის გამოსახატად, რომ ეს არის პროცესი, რომელიც იყენებს მანას ფიქრის წარმოსაქმნელად.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უძველესი კაჰუნები კარგი ფსიქოლოგები იყვნენ. ისინი ქვეცნობიერს და ცნობიერს ორ სულად მიიჩნევდნენ და მათ იცოდნენ იმ მთავარი ელექტრული ძალის ორი სიძლიერის შესახებ, რომელსაც ახლა “სხეულის ტალღები” და “ტვინის ტალღები” ეწოდებათ. კაჰუნებმა ასევე იცოდნენ ზეცნობიერი სულის არსებობის და იმ ძაბვის შესახებაც, რომელსაც ის იყენებდა. ეს უმაღლესი ძაბვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო ორი ელემენტი თანამედროვე მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, მომავალში ალბათ ცნობილი გახდება. ჩვენი ახლანდელი გამოძიების წყალობით უამრავი სამხილი გვაქვს რაც კაჰუნების ფსიქოლოგიის სისწორეზე მიუთითებს. (ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კაჰუნების ფსიქოლოგიის სისტემამ, მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულყოფილია, შესაძლებელი გახადა ცეცხლზე-სიარული. ეს მუშა სისტემა იყო და ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, სანამ ასეთივე მუშა სისტემას არ აღმოვაჩენთ.)

ასევე აღმოჩნდა, რომ მთავარი ძალა ან მაგნიტური ძალა, რომელიც მთავარი ძალის მიერ მუშავდება სხეულის ქსოვილებში, სხვა უცნაურ ეფექტებსაც ახდენს სხვადასხვა მდგომარეობაში.

ცნობილ მედიუმთან, საფრანგეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ხორცისა და თევზის ლპობის შეჩერება ხელში ჭერისას და მაგნიტური დამუშავებისას. ასე დამუშავებული ფორთოხალი და სხვა ხილი, ასევე ბოსტნეულიც, არ ლპებოდა, არამედ ნელა ხმებოდა.

სხვა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მთავარი ძალა შესაძლოა განთავსდეს სხვადასხვა საგნებში, როგორიცაა ხე, ფურცელი ან ნაჭერი. წყალი იღებდა და აჩერებდა მუხტს, ხოლო მინა არა.

 


 

ghosts

თავი 5

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

კაჰუნების სისტემა და ადამიანის სამი სული, რომელთაგან თითოეული თავისი სასიცოცხლო ძალის ძაბვით სარგებლობს, ეს სულები ერთად და ცალცალკე

დავუბრუნდეთ „საიდუმლოს“ უძველესი სისტემის საზომი ერთეულების ილუსტრაციას, განვიხილოთ მისი პირველი ერთეული ძალა . მეორე საზომი ერთეულია ცნობიერება , ის ძალას მიმართულებას აძლევს. მოგვიანებით განვიხილავთ მესამე ერთეულსაც - სუბსტანციას, რომლის მეშვეობითაც ცნობიერება მართავს ძალას.

თუ კაჰუნებს დავუჯერებთ, რომ ადამიანის ცნობიერება ამ დონეზე ორ დამოუკიდებელ სულად იყოფა, და მესამე - ზეცნობიერი სული მოქმედებს, როგორც მფარველი ანგელოზი, მაშინ ნამდვილად ძნელი იქნება თანამედროვე ფსიქოლოგიისთვის ამ ტერმინის მნიშვნელობის გადაფასება.

ეს კონცეპტი გვაიძულებს ადამიანის სულის შესახებ ჩვენს რელიგურ თეორიებს გადავხედოთ. თუ კაჰუნებს ვენდობით, ჩვენ გვაქვს ნაკლებად განვითარებული დაბალი სული, პირდაპირ ცხოველთა სამეფოდან და ამავე დროს უფრო განვითარებული სულიც, რომელმაც დიდი ხნის წინ დააღწია თავი ცხოველთა სამეფოს, მაშინ ჩვენი „ხსნის“ იდეა აშკარად გადასახედი ხდება. საჭირო ხდება ორი ხსნა - თითო-თითო სულისთვის, რადგან ისინი განვითარების სხვა და სხვა დონეზე არიან.

ამავე მიზეზეთ კარმისა და რეინკარნაციის რელიგიური კონცეპტიც გადახედვას საჭიროებს, რათა შეესაბამოს ორი სხვა და სხვა დონეზე განვითარებული სულის იდეას თუ აღარაფერს ვიტყვით მესამე, ზეცნობიერებაზე - რომელიც ყველაზე ძველი და ყველაზე სრულყოფილია ადამიანის სამ „მეს“ ან სულს შორის (აუმაკუა ანუ „მშობელი სული“).

ამ გაცილებით ძველი და მუშა ფსიქოლოგიური სისტემით შეგვიძლია ჩვენი თავი უფრო ნათლად დავინახოთ, ამავე დროს სიმარტივეს ყოფიერების რთულ სამსახოვნებაზე ვცვლით. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რელიგიაში ღმერთს აღვიქვამთ როგორც სამებას, მაგრამ ადამიანის სულის სამება გამოგვეპარა.

მსგავსი კომპლექცია უფრო იოლდება და ადვილად გასაგები ხდება თუ ყოველთვის გვემახსოვრება ფაქტი, რომ დაბალი, ცხოველური სული - უნიჰიპილი ყველაფერს იმახსოვრებს, რაც ადამიანს სჭირდება, მაგრამ აზროვნების ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ცნობიერი გონების სული - უჰანე ვერ აღიქვამს საკუთარ თავს, მაგრამ შეუძლია ინდუქციური გონების მთელი შესაძლებლობა გამოიყენოს.

„სიკვდილის ლოცვაში“ მოყვანილი მტკიცებულებების გვერდით გვინდა კიდევ მოვიყვანოთ დამატებითი ცნობები.

მაშინ როცა თანამედროვე ფსიქოლოგიურმა კვლევებმა გარდაცვლილთა სულების მხოლოდ ორი „მოჩვენებებისა“ და „სულების“ კლასიფიკაცია გამოავლინა, თუმცა მათ მოქმედებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოდ გაცილებით ფართო კლასიფიკაციის შესახებ. ყოველ ამ კლასიფიკაციას თავისი სამოქმედო ძალა და აზროვნების თავისებურება გააჩნია.

მეორე მხრივ, კაჰუნები უკვე დიდი ხანია განსაზღვრავენ სულთა რამოდენიმე სახეობას. დასავლეთისთვის ამგვარი დაყოფა ძალიან უჩვულოა და დიდ ინტერესსაც წარმოადგენს, ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის - ნება მომეცით ჩამოგითვალოთ რამდენიმე სული რომელიც სეანსების ოთახში შეიძლება შეგხვდეთ.

მოჩვენებების - სულების სახეობები კაჰუნების სწავლების მიხედვით:

1. ჩვეულებრივი გარდაცვლილის სული. ამ სულს აქვს ცნობიერი და არაცნობიერი ისევე როგორც სიცოცხლეში. ის ფიქრობს და აზროვნებს ისე როგორც ნებისმიერი ნორმალური ცოცხალი ადამიანი. იყენებს იმავე ძალებს.

2. ადამიანის ქვეცნობიერი სული, რომელიც ჩამოცილებულია თავის ცნობიერ კომპანიონს უბედური შემთხვევის, ავამყოფობის ან სიკვდილის გამო. ამ სულს ძალიან კარგი მესხიერება აქვს, მაგრამ მოკლებულია ლოგიკას, მხოლოდ ცხოველის მსგავსი დედუქცია გააჩნია. ის კარგად ექვემდებარება ჰიპნოზს. იქცევა ბავშვივით და ხშირად ხმაურიანი პოლტერგეისტის როლში გვევლინება. უყვარს სპირიტუალურ სეანსში მონაწილეობის მიღება და მაგიდის ტრიალი. ცდილობს კითხვებზე პასუხის გაცემას და ხშირად ისეთ პასუხებს იძლევა, რაც მატყუარის რეპუტაციას უქმნის. უყვარს იმ ადამიანების ნათესავების იმიტირება რომლებიც მაგიდასთან სხედან.

3. ადამიანის ცნობიერი სული, რომელიც მოცილებულია მის ქვეცნობიერს უკვე სიკვდილამდე ან მას შემდეგ. ამ სულს არაფრის გახსენება არ შეუძლია, ამიტომ ის უსუსური მოჩვენებაა რომელიც უმიზნოდ დახეტიალობს - ხან და ხან გვანიშნებს რომ სეანსს ესწრება, ზოგი მას გრძნობს, მაგრამ რეალურად ის „დაკარგული სულია“, იქამდე, სანამ თავს იხსნის და ისევ ქვეცნობიერს შეუერთდება, რომელიც გახსენების ძალას აღუდგენს - ხშირად ისე ხდება, რომ გამოხსნილი სული „უჰანე“ თავისი მხსნელისგან მოგონებების გარკვეულ რაოდენობას იღებს. ეს იმ ცხოვრების მოგონებებია რომელიც იქამდე უკვე გაიარა ქვეცნობიერმა სულმა, მაშინ როცა ახლახანს მიერთებულ ცნობიერს ამ ყველაფერთან საერთოდ არ აქვს კავშირი.

4. ზეცნობიერი წესრიგის სულები, მათი ჩათვლით, რომლებსაც თეოსოფიური ტერმინოლოგიით „ბუნების ან კოლექტიურ სულებს“ უწოდებენ. ამ სულებზე ძალიან ბუნდოვანი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ითვლება, რომ ორი ქვედა დონის სულების უნიჰიპილისა და უჰანეს მოქმედებაში ესენიც იღებენ მონაწილეობას, და ეხმარებიან მათ დროის გარკვეულ მონაკვეთში საოცარი საქმეები ჩაიდინონ.

მხოლოდ კაჰუნების ფსიქოლოგიური სისტემის ხელახალი აღმოჩენის მერე მოგვეცა პიროვნების გაორების მოვლენის დამაკმაყოფილებელი და ნათელი ახსნა. საინტერესოა როგორ გამოხატავს უძველესი სისტემა იმას რასაც ჩვენ ჯერ კიდევ შევისწავლით. ნება მომეცით ზოგიერთი სტანდარტული მონაცემი წარმოგიდგინოთ:

ქეისი 9

მრავალრიცხოვან პიროვნებათა აშლილობა

შესავალი

წყაროები: უილიამ მაკ’დუგალი „პარანორმალური ფსიქოლოგიის მონახაზები“, (სკრიბნერსი 1926), ენციკლოპედია ბრიტანიკა (13 გამოცემა) - სტატიები მრავალრიცხოვან პიროვნებათა აშლილობაზე.

სიტყვა „პიროვნება“, როგორც აქაა მოცემული, არც ისე კარგადაა გარკვეული ფსიქოლოგიაში. ფროიდის შემდეგ, იუნგიც თავის კომპლექსურ კვლევებში აღწერს ამ სიტყვას და მის ლათინურ ძირებთან გვაბრუნებს: პერსონა - ნიღაბი რომელსაც ატარებენ მსახიობები, როდესაც პიესაში ერთი პერსონაჟიდან მეორეზე გადადიან. ეს აღწერს პროცესს რომელიც მიმდინარეობს პიროვნების გახლეჩის დროს. ესაა ინდივიდუალობა ან სახასიათო ნიშნები, რომლებიც ერთ ადამიანს მეორისგან გამოარჩევს.

პიროვნების ცვლილებების აღწერისას, მეცნიერები მცირედ განასხვავებენ ცნობიერს და არაცნობიერს - ადამიანის ფსიქიკის იმ ორ შემადგენელ ნაწილს, რომელსაც მეცნიერება აღიარებს. იუნგმა პირველმა მიმართა ასეთ დაყოფას. სიტყვით „ანიმა“ (ლათინურად სუნთქვა ან სული, ფრანგულ ენაში გადაკეთდა სიტყვად animal - ცხოველი) განსაზღვრავდა არაცნობიერს, ხოლო „პერსონა“ - ცნობიერს.

უფრო უპრიანი იქნება თუ მოვლენას რომლის აღწერასაც ვაპირებთ ვუწოებთ „ანიმას და პერსონას გახლეჩას“ ვიდრე „პიროვნების გახლეჩას“.

მოცემულ ქეისში უნდა გავითვალისწინოთ სამი საკვანძო მომენტი: 1) მხოლოდ ცნობიერის ან მხოლოდ არაცნობიერის გამოჩენა და გაქრობა, პიროვნების შესაბამისი ცვლილებებით. 2) ორივეს გაერთიანებულად, წყვილად გამოჩენა ან გაქრობა. 3) პიროვნებათა მიერ დამახსოვრებული მოგონებები როდესაც ისინი მიდიან ან მოდიან.

თუ დავუჯერებთ კაჰუნების თეორიას, რომ მხოლოდ არაცნობიერს აქვს მეხსიერება - მაშინ მეხსიერებაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომელი ერთეული ჩნდება და რომელი ქრება.

ვებსტერის საერთაშორისო ლექსიკონი აღწერს ამ მოვლენას როგორც „გონების“ არანორმალურ მდგომარეობას. მე კი ვამჯობინებ მას ვუწოდო სხეულის არანორმალური მდგომარეობა სადაც გონებები მიდიან და მოდიან, და არა როგორც რამდენიმე გონის ერთად შეკრება. ცნობიერების ნებისმიერი სახესხვაობა, თუ ის სხეულშია ნორმალურად ითვლება. არანორმალური მდგომარეობა დგება მაშინ თუ მეხსიერებაში ჩავარდნები გვაქვს, როცა ცნობიერება სხეულს სცილდება, ან ძილის დროს.

ტერმინები, რომლებიც ცნობიერების ელემენტებისა და ცნობიერების მდგომარეობების აღსაწერად გამოიყენება: პიროვნება, რომელიც მოკლებულია სხეულისა და გონების კონტროლს, არის „დისოციაციური“, თავდაპირველი სხეულში მყოფი პიროვნება არის „პირველადი“, ხოლო ისინი ვინც მოდიან ამ პირველის შესაცვლელად - „მეორადები“, პიროვნება რომელიც აკონტროლებს სხეულს და გონებას არის „დომინანტური“, ხოლო ისინი ვინც ერთხელ გამოჩნდება და გაქრება, ან რომლებიც ჯერ არც გამოჩენილან - „ლატენტურები“.

პიროვნების გაორების შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ მონაცვლე პიროვნებასთან. ხოლო თუ „ორმხრივ ამნეზიას“ ვაკვირდებით, მაშინ არც ერთ ამ პიროვნებას არ ახსოვს რა ხდებოდა, როცა სხეულს მეორე აკონტროლებდა. მაგრამ თუ ასეთი ამნეზია არ დგება მაშინ მეორეს ან ნებისმიერ სხვა პიროვნებას ახსოვს ყველაფერი, რაც სხეულს ემართებოდა მის იქ არ ყოფნაში. ჰიპნოზის გამოყენებით ფსიქოლოგს შეუძლია ფარული მდგომარეობიდან გამოიყვანოს მეორეული პიროვნებები, და მათ დასმულ კითხვებზე პასუხი გააცემინოს. როგორც წესი ეს პასუხები ლოგიკას მოკლებულია მაგრამ ამით ვერ დავასკვნით, რომ ეს ავადმყოფი გონების ნაყოფია. ჯანმრთელი არაცნობიერიც იგივე პასუხს გაგვცემდა იქ რომ ყოფილიყო. ეს არც რაიმე ახალია და არც უცხო. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები იცვლიდნენ პიროვნებებს და იყვნენ „შეპყრობილები“. ჩვენ ვსაუბრობთ სიგიჟეზე და სხვა ფსიქიკურ დარღვევებზე და არამხოლოდ ამაზე. დღეს სწორედ იმ შემთხვევებს განვიხილავთ სადაც სიგიჟის მსგავსი სიმპტომები ვერ აღმოაჩინეს.

ქეისი

მე მოგიყვებით რამდენიმე ისეთ ტიპიურ შემთხვევაზე, როგორსაც მაკდუგალი აღწერს წყაროებში მოყვანილ წიგნში.

ეკლესიის მსახურმა ვ.ს. პულმერმა პირველად 1860 წელს „ჰარპერ მეგეზინში“ აღწერა ეს შემთხვევა. 18 წლის, სრულიად ნორმალურ, ჯანმრთელ მერი რეინოლდსს მთელი წლის განმავლობაში აწუხებდა შეტევები. ერთხელაც, როდესაც მინდორში წიგნს კითხულობდა მან უეცრად გონება დაკარგა. როდესაც გონზე მოვიდა უკვე უსინათლო და ყრუ გამხდარიყო. სამი თვის შემდეგ ეს სიმპტომები გაქრა. ერთ დილით კი მან ვეღარ გაიღვიძა. რამოდენიმე საათის შემდეგ მან მშიდად გაიღვიძა ახლა უკვე ახალშობილი ჩვილის მდგომარეობაში. მას მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შეეძლო. ის ძალიან სწრაფად სწავლობდა და მალე მოზარდივით დაიწყო საუბარი და აზროვნება. რამდნიმე კვირის შემდეგ „მეორეული“ პიროვნება გაქრა და ადგილი პირველადს დაუთმო. რამდენიმე წლის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ეს პიროვნებები ერთმანეთს, ამასობაში ბავშვის პიროვნება იზრებოდა. არც ერთმა - დომინირების პერიოდში არ იცოდა მეორის არსებობის შესახებ.

პროფესორი ჯენეტი აღწერს შემთხვევას, როცა ერთ-ერთმა მონაცვლე პიროვნებამ იცოდა მეორის მოგონებები - ფელიდამ პიროვნებების ცვლა დაიწყო 13 წლის ასაკში. ის ისტერიული ბავშვი იყო, თუმცა მეორეული პიროვნება მისგან სრულიად განსხვავდებოდა. მეორეულმა იცოდა პირველადის ყველა მოგონება, მაგრამ არა პირიქით - პირველადმა არაფერი იცოდა მეორეულზე.

დოქტორ მორტონ პრინსის ყველაზე ცნობილ ნაშრომს ჰქვია „ბიუჰემპის შემთხვევა“, აქ ავტორი აღწერს, თუ როგორ დაიწყო ერთმა 18 წლის გოგონამ პიროვნებების ცვლა. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა და სულ ხუთი შენაცვლების შემთხვევაა აღწერილი. ყოველ ჯერზე გოგონა ახალ პიროვნებად იქცეოდა და მისი მეხსიერება ამ ხუთის მოგონებების ნაზავს წარმოადგენდა.

გოგონა „L”-ის ბავშვობა ძლიერი სტრესებითა და ნერვოზული მდგომარეობით ხასიათდებოდა. ის გაიზარდა და ექთანი გახდა და კიდევ ერთი სტრესი მიიღო სასიყვარულო რომანით. უეცრად „მისი ყველა თავისებურება გაიზარდა“, და ის ულტრა-რელიგიური გახდა. მესხიერება იგივე დარჩა, მაგრამ ხასიათი შესამჩნევად შეიცვალა. ეს ცვლილებები დიდხანს გრძელდებოდა, სანამ 6 წლის შემდეგ არ გამოჩნდა მეორეული პიროვნება სალი, რომელიც თავს მხოლოდ ძილის დროს ავლენდა. ღამით სალი სხეულიდან ლაპარაკობდა და მთვარეულ მოგზაურობებში მიდიოდა.

მეექვსე წლის ბოლოს გოგონას კიდევ ერთი ძლიერი სტრესის გადატანა მოუხდა და ამჯერად უკვე “L4” გამოჩნდა და დომინანტი პიროვნება გახდა, მან ყველაფერი იცოდა პირველადი პიროვნების შესახებ, მაგრამ არ ფლობდა”L1”-ის მოგონებებს.

მთელი შემდეგი წლის განმავლობაში “L4” და “L1” მონაცვლეობით ჩნდებოდნენ საზიარო ამნეზიის ფორნზე. ორივეს ჰქონდა ინფორმაცია პირველადი პიროვნების შესახებ მაგრამ არაფერი იცოდნენ ერთმანეთზე. “L1” სუსტი და რბილი იყო, ხოლო L4” ჯანმრთელი და გაცილებით აგრესიული. ორივე ძალიან ემოციური გახლდათ.

დოქტორმა პრინსმა ამ პაციენტთან ჰიპნოზს მიმართა. ჰიპნოზისას მეორე პიროვნებაც გამომჟღავნდა, ის თავისუფლად საუბრობდა. თუმცა ამ ახალმა პიროვნებამ დააბნია მკვლევარი. მან იფიქრა, რომ ეს თავდაპირველი პიროვნება იყო ნორმალურ მდგომარეობაში. ის გარკვეულწილად აგონებდა “L1”და “L4” , თითქოს ეს ამ ორისა და პირველადი პიროვნების ნაზავი გახლდათ. პრინსმა ასე დაახასიათა ის „გაწონასწორებული, გახსნილი, გულწრფელი და მეგობრული პიროვნება, ბუნებრივი და პირდაპირი ქცევებით“. ამ პიროვნებას სრულყოფილი მეხსიერება ჰქონდა. “L”, “L1” და “L4” აგრძელებდნენ ადგილების ცვლას, მაგრამ ახლა “L” დონიმირებდა “L1” და “L4” მეხსიერებებზე. იქმნებოდა შთაბეჭდილება , რომ “L1” და “L4” ერთმანეთს უცვლიდნენ გოგონას ემოციებს და პერიოდულად ხან ერთი და ხან მეორე გამოდიოდნენ ერთმანეთის მდგომარეობაში.

რამდენიმე წლის მერე ყველაფერი დასტაბილურდა, გოგონას პირველადი, ბუნებრივი პიროვნება დაბრუნდა და დომინანტური გახდა, თავისუფლად განაგრძო განვითარება.

სალი ცნობისმოყვარე იყო. ჰიპნოზისას მასთან კონტაქტი ხერხდებოდა, თუმცა ამ დროს ის რომელიმე სხვა პიროვნების სახეს იღებდა და ეს ხშირად აბრკოლებდა ექსპერიმენტს. თავად ის საკუთარ თავს სავსებით ინდივიდუალურად და სხვებისგან განსხვავებულად თვლიდა. მას ახსოვდა ყველაფერი რასაც ღამღამობით გოგონას სხეულში აკეთებდა. ის იმასაც ამბობდა, რომ იცოდა სხვა პიროვნებების მოქმედებების შესახებ (გარდა “L4” ). ის კითხულობდა მათ აზრებს როცა ამას საინტერესოდ მიიჩნევდა. როცა მაგალითად ისინი კითხულობდნენ წიგნს რომელიც მას მოსწონდა, ის წყვეტდა მათი აზრების კითხვას და თავისი საქმის კეთებას განაგრძობდა. მას არ უყვარდა “L4” და მას ხშირად ვიზუალურ ჰალუცინაციებს უგზავნიდა, ან აიძულებდა რაიმე იმპულსური ქმედება ჩაედინა. დრო და დრო ის იყენებდა “L1” ხმას და აიძულებდა მისთვის უსიამოვნო საქციელის ჩადენას, მაგალითად ტყუილების თქმას.

როცა სალი სხეულს აკონტროლებდა თვალის გახელა არ შეეძლო. ამიტომაც ერთ-ერთი ავტომატური მოქმედება რომელსაც ის სხვა პიროვნებებს აიძულებდა თვალების სრესა იყო. ამგვარად მან ბოლოს და ბოლოს შეძლო თავადაც გაეხილა თვალი და მთელ ორგანიზმს დაპატრონებოდა. მისი პირველი წარმატება მაშინ მოვიდა, როცა იმ მომენტში დომინანტი “L1” თვლემდა. ამის მერე სალის უკვე შეეძლო ჩაენაცვლებინა “L1” როგორც ნორმალურ ისე ჰიპნოზის მდგომარეობაში. ამ დროს “L1” ვერ იხსენებდა რას აკეთებდა სალი სხეულში. ნებისთვის ბრძოლაში სალის თითქოსდა გამოსდიოდა “L1” პარალიზება, რომელიც დომინანტი კი ჩანდა მაგრამ იძულებული იყო სალის ბრძანებებს დამორჩილებოდა, ამ უკანასკნელს კი შეეძლო პრაქტიკულად ეხუმრა მასზე. ნაქსოვის დარღვევა სალის საყვარელი ხუმრობა იყო. არც “L1” და არც “L4” არ ახსოვდათ სალის დომინანტობის პერიოდები. სალის არ შეეძლო “L4” აზრების წაკითხვა და ვერც რაიმე ავტომატიზმისკენ უბიძგებდა, მისი თქმით ეს იმიტომ ხდებოდა, რომ “L4” ესმოდა სალის ხმა და მისი ნებისმიერი კონტროლის წინააღმდეგ იბრძოდა. ზოგჯერ, როცა სალი ხდებოდა დომინანტური პიროვნება მას არ შეეძლო თვალის გახელა, ხოლო დანარჩენი სხეული - კანი, კუნთები, რეფლექსები და ა.შ იყვნენ ძილის მსგავს მდგომარეობაში.

კომენტარი

დოქტორი პრინსი თვლიდა, რომ ყველა განსხვავებული პიროვნება, რომელიც ერთ სხეულს იყენებს, სინამდვილეში ერთი - ნამდვილი პიროვნების განცალკევებული სახეებია. მისი მკურნალობის მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ ის ცდილობდა ყველა ეს მეორეული პიროვნება შეეერთებინა და მიეღო დომინანატი პირველადი. ამაში ის არც თუ წარმატებული იყო.

პროფესორი მაკდუგალი კი თავის კვლევაში თვლის, რომ ყოველი პიროვნება დამოუკიდებელი „მონადაა“.

არც ერთი ეს ფსიქოლოგი არ აღიარებს, რომ ამ პიროვნებებს შეუძლიათ შევიდნენ და გამოვიდნენ სხეულიდან და რომ არაცნობიერით სარგებლობს ერთი ან რამდენიმე მათგანი ერთდროულად და ეს აზიანებს მას.

პიროვნების გახლეჩვაზე ჩემი დაკვირვებების შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ კაჰუნების ფსიქოლოგიური სისტემა ზუსტად გვიხსნის იმ რთულ ცვლილებებს, რაც ხანდახან ადამიანის სხეულს ემართება.

ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდებოდა „ბავშვი“ პიროვნება და დომინანტი ხდებოდა. სხვა შემთხვევებში კი მოზრდილი და თან ჯანმრთელობის მდგომარეობასაც საგრძნობლად ცვლიდა, - სხეულის გარკვეული უბნების დამბლითაც კი - ასევე მშვენივრად ახსოვდა წინა ცხოვრება სხვა სხეულში.

რადგან ფსიქოლოგიასა და კაჰუნების სისტემას შორის არსებობს პრინციპული წინააღმდეგობები, ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ,რომ პიროვნებას ნამდვილად შეუძლია დატოვოს სხეული და მერე ისევ უკან დაბრუნდეს.

ქეისი 10

ნამდვილად ტოვებდა თუ არა გენერალ ლის დედის ცნობიერი და არაცნობიერი სხეულს და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა

შესავალი

ამ შემთხვევაზე იუწყებოდნენ ჰოლივუდის მოქალაქეები 1934 წლის 14 დეკემბრის ყოველდღიურ გაზეთში, განყოფილებაში - „შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ“, დარწმუნებული ვარ,რომ ამ პუბლიკაციის ავტორი შეამოწმებდა ცნობების უტყუარობას. გარდა ამისა, არსებობს უამრავი გადამოწმებული და დადასტურებული ფაქტი ასეთი შემთხვევების შესახებ.

ქეისი

სამოქალაქო ომის ცნობილი მონაწილის, კონფედერაციის გენერლის რობერტ ლის დაბადებამდე 14 თვით ადრე მისი დედა სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ჩავარდა. ექიმებმა დაადგინეს, რომ გული აღარ უცემდა და სხეულიც გაცივდა და გაშეშდა. ოჯახმა ჩათვალა, რომ ქალი გარდაიცვლა, მას დაკრძალვა მოუწყეს და საგვარულო აკლდამაში დაასვენეს. საბედნიეროდ იმ დროს მიცვალებულების ბალზამირებას არ მიმართავდნენ.

ერთი კვირის შემდეგ იქ აკლდამის მცველი შევიდა დამჭკნარი გვირგვინების გასატანად. ის შიშისაგან გაქვავდა როდესაც კუბოდან ყვირილი მოესმა. მან კუბო გახსნა და აღმოაჩინა, რომ მისის ლი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო, ნათელია, რომ ის დროულად უნდა დაბრუნებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიხრჩობოდა. მალე ის სრულიად გამოჯანმრთელდა და ვაჟიც გააჩინა.

კომენტარი

ამ და ყველა ამის მსგავსი შემთხვევიდან ჩანს, რომ სხეულში სრულიად შეწყდა როგორც ცნობიერი ისე არაცნობიერი სულის მოქმედება. თანაც თუ ხრწნის კვალის არარსებობის ახსნა გვინდა უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული, თუნდაც ძალიან სუსტი კავშირი არსებობდა, შესაძლოა ექტოპლაზის ძაფები სხეულსა და მის არაცნობიერს შორის, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანდა სიკვდილის მსგავსი ლეთარგიული ძილის გამო.

ზემოთ აღწერილ შემთხვევებთან კავშირში არ იქნებოდა ურიგო ინდოელი იოგების ხსენებაც, ეს „წმინდა ადამიანები“ თვითშთაგონების გარკვეულ სისტემას იყენებდნენ, რომელსაც მათი სხეულები ლეთარგიულ მდგომარეობაში გადაყავდა. ასეთ, სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ცნობიერი ტოვებს სხეულს დიდი ხნით, ხოლო არაცნობიერი ძილს მიეცემა.

აქ აღწერილ შემთხვევებში საქმე გვაქვს გარკვეულ დეტალებთან, რომლებიც ჩვენს შემდეგ ძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო ორ შემდეგ შემთხვევაში მოცემული ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მე საშუალება მომეცა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი რამ - კაჰუნების საიდუმლო ამომეხსნა.

ქეისი 11

ყველაზე უჩვეულო და ყველაზე საინტერესო პიროვნება

შესავალი

სანამ ჰონოლულუში ვიყავი, იქ დასახლდა პარაფსიქოლოგიური მოვლნების კვლევის საზოგადოების ერთ- ერთი პირველი წევრი. ის ჩემს მეცნიერულ კვლევებშიც იღებდა მონაწილეობას. დოქტორი ლიპსლეი - ძალიან განათლებული, ჭკვიანი და სანდო ადამიანი. ის ხშირად მეთაურობდა ექსპედიციებს ადგილობრივი უცნაურობების ძიებაში. ასევე არაერთხელ მოაწყო შეხვედრა საკუთარი მეგობრების ჯგუფთან და მათ თავისი მიღწევები გააცნო. ამ ქეისის გახსენებისას მე ერთი ასეთი შეკრების ოქმებს მივმართე.

ქეისი

ფილოსოფიისა და ბიოლოგიის დოქტორი ლიპსლეი, პიროვნების გაორების აღიარებული სპეციალისტიც გახლდათ. ერთხელ ის ორ მედიცინის დოქტორთან ერთად გამოიძახეს ერთი უჩვეულო შემთხვევის შესასწავლად, რათა მათ დაესვათ დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობაც დაენიშნათ. საქმე ეხებოდა ცნობილი კალიფორნიული ფირმის წარმომადგენლის 28 წლის ქალიშვილს.

მას შემდეგ, რაც გოგონას 4 წელი შეუსრულდა, რეგულარულად - ყოველ მეოთხე წელს ეცვლებოდა პიროვნება. მონაწილეობდა პროცესში მხოლოდ ორი პიროვნება და ორივე მათგანი განიცდიდა ზიარ ამნეზიას. ერთმა არაფერი იცოდა მეორეზე.

პიროვნებების ცვლა ყოველთვის ღრმა ძილისას ხდებოდა. პირველად გამოჩენილ მეორეულ პიროვნებას ბავშვის ხასიათი ჰქონდა. ის ძალიან სწრაფად სწავლობდა და მალე პირველად - ბუნებრივ პიროვნებას დაეწია.

წლების განმავლობაში ორივე პიროვნება განაგრძობდა განვითარებას და ფორმირებას, იმ პერიოდშიც კი, როცა მეორე იყო დომინანანტური. ორივე მათგანმა ძალიან სწრაფად აითვისა ის, რაც ერთმა იქამდე დამოუკიდებლად ისწავლა. თუმცა არც ერთმა არაფერი იცოდა იმაზე თუ რას აკეთებდა მეორე. როცა სხეულში ბრუნდებოდნენ, არც ერთმა არ იცოდა რა ხდებოდა მათი იქ არყოფნის დროს. ყოველი ასეთი დაბრუნება ორივესთვის მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო. ისინი საკუთარ სხეულს პოულობდნენ 4 წლით გაზრდილს და სხვანაირად ჩაცმულს.

პირველადი პიროვნება მშვიდი გოგონა იყო და მეცნიერება იტაცებდა. მას ძალიან უყვარდა კერვა და თავისი ხელსაქმით სადმე უცხო თვალისგან მოშორებით ჯდებოდა. მეორეული პიროვნება კი ძალიან თავქარიანი, აგრესიული და მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ. აგრეთვე განსხვავდებოდნენ მათი გემოვნებები, დასვენებისა და გართობის ფორმები.

ერთ-ერთი ცვლილება დადგა შუადღისას, როცა დედა თავის 12 წლის გოგონას წიგნს უკითხავდა. ისინი სასტუმრო ოთახში ისხდნენ. ამ დროს ბავშვის სხეულში დომინირებდა მისი პირველადი პიროვნება, ვუწოდოთ მას „მის პირველი“. გოგონა მშვიდად უსმენდა დედის ხმას და უეცრად ჩაეძინა. რამოდენიმე წამში მის სხეულში პატარა „მის მეორემ“ გამოიღვიძა.

გავიდა კიდევ 4 წელი. ახლა „მის მეორე“ უკვე 16 წლის ქალიშვილია, ისინი ისევ სასტუმრო ოთახში სხედან და დედა ისევ წიგნს კითხულობს, ამჯერად თავისთვის, უხმოდ, რადგან მის მეორეს წიგნები არ აინტერესებს. გოგონას ისევ იმ დიდ სავარძელში ჩაეძინა - დღეც ზუსტად ისევე მზიანი იყო როგორც 4 წლის წინ.

უეცრად გოგონამ თვალები გაახილა და გაკვირვებულმა მიმოიხედა. ეს ისევ მის პირველი იყო. „რატომ აღარ კითხულობ დედა?“ - ჰკითხა მან. ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ უკვე 4 წელი გასულიყო. მან უბრალოდ ჩათვალა, რომ ჩაეძინა და დედამ კითხვა შეწყვიტა. როცა აუხსნეს რა დაემართა, მან გაიხსენა უკვე მომხდარი მსგავსი მოვლენები და მიხვდა რაც მოხდა. იმასაც მიხვდა, რომ უკვე გაზრდილიყო, ხოლო კაბა რომელიც ახლა ეცვა არ შეესაბამებოდა მის გემოვნებას.

ასე - ყოველ 4 წელიწადში გოგონას სხეულში ორი პიროვნება ცვლიდა ადგილს. 28 წლის ასაკში ორივეს უკვე 14 წელი ჰქონდა ნაცხოვრები. ყოველი შეცვლისას საჭირო ხდებოდა გარდერობის განახლება, რათა ის სხეულის ახალი მფლობელის გემოვნებას მისადაგებოდა. ასევე იცვლებოდა გართობის ფორმები, ინტერესები, ჩვევები და სხვა და სხვა აქტივობები.

ბოლოს და ბოლოს მშობლებმა გადაწყვიტეს სპეციალისტების მოწვევა, რათა ეპოვნათ გზა, რომ მეორეულ პიროვნებას როგორმე დაეტოვებინა სხეული და ის პირველადის სრულ დომინაციაში გადასულიყო. მაგრამ ამასთან ერთად მშობლებს გრძნობები გაორებოდათ, მათ თითქოსდა ორი ქალიშვილი ჰყავდათ.

ექიმებმა აუხსნეს გოგონას, რომ მის ჰიპნოტურ მდგომარეობაში გადაყვანას აპირებდნენ, რომ ან ორი პიროვნება შეეერთებინათ ან ეიძულებინათ მეორეული სამუდამოდ გასულიყო სხეულიდან და ის მთლიანად პირველადის დომინაციაში დაეტოვებინა. იმ პერიოდში სხეულში დომინირებდა მის პირველი და გამუდმებულ შიშს განიცდიდა, რადგან ახლოვდებოდა პიროვნებების გაცვლის დრო. ამიტომ გოგონა სიამოვნებით დათანხმდა ჰიპნოტურ ჩარევაზე.

ჰიპნოზისას მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. რიგ რიგობით ჩნდებოდა ორივე პიროვნება და შეიძლებოდა მათთვის კითხვების დასმა. ყოველ მათგანს ახსოვდა სხეულში მისი ყოფნის პერიოდები. ყოველი მათგანი ამტკიცებდა, რომ მშვენივრად იცოდა რას აკეთებდა მეორე და არა იმიტომ რომ რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მეორის „მეხსიერებას კითხულობდა“. არც ერთი არ იყო დარწმუნებული პასიურ პერიოდებში იყვნენ ისევ სხეულში თუ არა. ორივე, როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევბში, მოკლებული იყო ლოგიკურ მსჯელობას. როდესაც მეორე არაცნობიერმა შეიტყო, რომ ის უნდა წასულიყო და სხეული გაენთავისუფლებინა მისი პასუხები ფორმალური და არასრული გახდა. მან თითქოსდა გააცნობიერა ბრძანება, მაგრამ ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამისგან არაფერი გამოვიდოდა. ასე მიმართეს მათ ჩვეულებრივ ჰიპნოტურ შთაგონებას და ორ პიროვნებას შეერთება აიძულეს, (რადგან ჰიპნოტური შთაგონება მოქმედებს მხოლოდ არაცნობიერზე, შესაბამისაბ მხოლოდ არაცნობიერი არსებების შეერთებაა შესაძლებელი. თუმცაღა კაჰუნების სისტემიდან ვიცით, რომ შეუძლებელია ორი ცნობიერი პიროვნება ისე ენაცვლებოდეს ერთმანეთს, რომ მაშინვე არ აცნობიერებდეს საკუთარ გაორებას).

ორი პიროვნების შერწყმის მცდელობის პირველი სეანსი უშედეგოდ დასრულდა. ამიტომაც გოგონას ყოველ დღე ახალ-ახალ პროცედურებს უტარებდნენ. პიროვნების გაცვლის თარიღი კი ახლოვდებოდა. ექიმი იმედოვნებდა, რომ სანამ პირველადი აცნობიერებდა, რომ სპეციალისტები ცდილობდნენ მის სხეულში დატოვებას და მეორესთან შერწყმას, მიზანი მიღწეული იქნებოდა. მაგრამ როგორც კი გაცვლის პერიოდი დადგა სასურველი შერწყმა მაინც არ მოხდა.

გოგონა ისევ ჰიპნოზის მდგომარეობაში ჩავარდა. მას ისევ გააცნეს პროცედურის მიზანი და მიმდინარეობა. ისევ ორივეს დაუსვეს კითხვები. პირველს ახსოვდა მიცემული მითითებები და ცდილობდა მეორესთან შერწყმას, მაგრამ ეს შეუძლებლად ეჩვენებოდა. როდესაც ჰკითხეს, თუ სად იყო მან მოკლედ უპასუხა „აქ“.

მერე სცადეს ჰიპნოტური შთაგონებით გაეგდოთ მეორე სხეულიდან. ამ დროს საშინელება მოხდა. გოგონას სხეული თითქოს მოკვდა. აღარც ერთი არაცნობიერი აღარ პასუხობდა. ექიმებიც და მშობლების ძალიან შეშინდნენ. მათ ხომ მხოლოდ ის პიროვნების გაგდება უნდოდათ, რომელიც ვერაგულად დაეპატრონა გოგონას და მისი ცხოვრების ნორმალური რიტმი დაარღვია. ახლა როგორც ჩანს ეს მოახერხეს, მაგრამ უკვე პირველსაც ვეღარ უკავშირდებოდნენ. თუმცა შთაგონების ინტენსიური სეანსი გრძელდებოდა, ამ დროს კი გაცილებით საშინელი რამ მოხდა, გოგონას ტუჩები ამოძრავდა და მათ მიმართა სრულიად უცნობმა პიროვნებამ, ამასთან ის ისე ჭკვიანირად და მტკიცედ საუბრობდა, რომ ყველა გააოცა.

ეს ახალი პიროვნება ყრუ ხმით საუბრობდა და აშკარად იკვეთებოდა მამაკაცური ნოტები. ეს იყო მოხუცი კაცის მშვიდი, მაგრამ ძალიან მტკიცე ხმა. გოგონას სხეულს შემოხვეული ადამიანები მას უნდობლად და გაკვირვებით უსმენდნენ. ექიმები მალე მიხვდნენ, რომ უსმენდნენ კიდევ ერთ პიროვნებას რომელიც მათ მიმართავდა. მათ ძალიან გაუკვირდათ როცა აღმოაჩინეს, რომ ეს პიროვნება სულ სხვა კატეგორიებით აზროვნებდა. თითქოს ის ჩვეულებრივი ლოგიკის ნაცვლად ზელოგიკას მიმართავდა. ამ პიროვნებამ, მცირე დეტალების ჩათვლით იცოდა რა ხდებოდა იმ წუთამდე და რაში მდგომარეობდა ამოცანა. მას კითხვები არ დაუსვამს, არამედ გოგონას შესახებ თავისი მოსაზრების მოყოლა დაიწყო, ასევე შეეხო მის წინა მდგომარეობებს და მოგროვილი ადამიანების განზრახვებს. მისი ყოველი მოსაზრება ზუსტად ემთხვეოდა მშობლების და ექიმების მოსაზრებებს. როგორც კი იდუმალმა პიროვნებამ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა საქმის ფაქტიური მდგომარეობა, იგი დადუმდა. ექიმებმა ჰკითხეს თუ ვინ იყო ის. ხმამ კი უპასუხა, რომ აკონტროლებდა ორ გოგონას და ერთ სხეულს. შემდეგ კითხვებზე პასუხისას მას სულ ახალ-ახალი ფაქტები მოჰყავდა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე და არც არანაირ მიზეზს ხსნიდა. მან განუმარტა შეკრებილებს, რომ გოგონები ერთი სხეულით სარგებლობდნენ რადგან ეს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

მაშინ ექიმებმა თავიანთ ყველაზე ძლიერ არგუმენტებს მიმართეს, მათ დაწვრილები აუხსნეს, რომ პიროვნებების ცვლა გოგონას მომავალს უნგრევდა. საპასუხოდ ხმამ ისევ დაიწყო ახალი მოსაზრებების მოყვანა რომელთა ლოგიკა ვერავითარ არგუმენტაციას ვერ უძლებდა. ისინი გავდნენ სასიცოცხლო რეკომენდაციებს ფილოსოფიური სენტენციის სახით.

ექიმები საუბრის ასეთ ვითარებაში უკვე უძლურები აღმოჩნდნენ. ყოველი სენტენცია ისეთი ღრმა იყო, რომ მათ უჭირდათ მისი გასაბათილებელი არგუმენტების მოძებნა. ისინი მოხუცი, ბრძენი ადამიანის მოსმენით გართულ ბავშვებს გავდნენ. ეს იყო სრულიად განსხვავებული, არაადამიანური აზროვნების ტიპი. უფრო მეტიც, ექიმებს შეეძლოთ მოეყვანათ უამრავი მოსაზრება ამ სენტენციების დასამტკიცებლად, მაგრამ არა მათ გასაბათილებლად. მალე ისინი სულ დადუმდნენ.

კრიტიკულ მომენტში ერთმა ექიმმა წამოიყვირა, რომ თუ პირველი სხეულზე დომინაციას ვერ მიიღებდა ისინი გოგონას მუდმივად ჰიპნოზის მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ამის საპასუხოდ იდუმალმა ხმამ ახალი სენტენცია წარმოთქვა, რომ არავინ გააკეთებს რამე ისეთს რაც სხეულს ავნებს, მერე კი მოაყოლა ბოლო ფრაზა რამაც დაასრულა დისკუსია - „თუ ჩემს საქმეში ჩარევას განაგრძობთ მე ორივე გოგონას წავიყვან და სხეულს თქვენ დაგიტოვებთ“.

დუმილი დიდხანს გაგრძელდა. დამსწრეთაგან ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ მოხუცი ბრძენი შეასრულებდა თავის მუქარას. მისი სიტყვების სერიოზულობის ყველას სჯეროდა. ბოლოს ერთმა მაინც გაბედა კიდევ ერთი კითხვა დაესვა ... პასუხი არავის გაუცია. გავიდა გარკვეული დრო. პაციენტს მისცეს ჰიპნოტური მდგომარეობიდან გამოსვლის მითითება. თვალი გაახილა და გაიღიმა... მეორემ. ექიმები და მშობლები დამარცხდნენ. წუთით ადრე ისეთი შეგრძნებ ჰქონდათ, რომ თავად ღმერთს ესაუბრებოდნენ. მათ თავიანთი მცდელობების უპერსპექტივობა გააცნობიერეს.

კომენტარი

მოხუცი კაცის პიროვნება სრულიად განსხვავდებოდა ცნობიერისგანაც და არაცნობიერისგანაც. სხვაობი კი ის იყო, რომ ეს პიროვნება ასრულებდა იმ ვალდებულებებს რომლებსაც კაჰუნები ე.წ „ზეცნობიერ“, „მშობელ სულებს“ მიაწერდნენ. მათი აზროვნების ფორმაშიც პრინციპული სხვაობა იყო.

ჩემს ზემოთ მოცემულ დასკვნებში უკვე აღვნიშნე, რომ ზეცნობიერი აზროვნების უფრო აბსტრაქტულ ფორმას მიმართავს, ვიდრე ამას უბრალოდ მეხსიერება ან ინდუქციური მსჯელობა მიმართავენ. თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ უკანასკნელი ორის შესაძლებლობებიც ახასიათებს. ასეთი აზროვნების ტიპის ერთი სიტყვით ახსნა რომ ვცადოთ - ეს იქნება - „გაცნობიერება“, ანუ პროცესი, როდესაც რაიმე ახალის გაგებისას აღარაა საჭირო მისი დამახსოვრება და ლოგიკის საშუალებით გაანალიზება.

როგორც უკვე გვახსოვს, ზეცნობიერი სული სასიცოცხლო ძალის ყველაზე მაღალ ძაბვას იყენებს. ამიტომაც მისთვის დამახასიათებელია აზროვნების უფრო მაღალი საფეხური. კაჰუნების სწავლების თანახმად ეს მას საშუალებას აძლევს დაინახოს მომავლის ის ეპიზოდები, რომლებიც უკვე ფორმირებულია.

თუ ჩვენ კაჰუნების სამი პიროვნების თეორიის უტყუარ მტკიცებულებებს ვეძებთ მაშინ ჩვენ პიროვნების გახლეჩვის ისეთი შემთხვევები უნდა განვიხილოთ რომლებსაც ახასიათებს დევნის მანია და შიზოფრენია. პირველ შემთხვევაში პაციენტი საღ გონებაზე რჩება, რადან მას დევნის ან ეუფლება დამპყრობელი-სული, რომელსაც საკუთარი ცნობიერი და არაცნობიერი გააჩნია და ამის წყალობით აქვს გონება და მეხსიერება. ასეთ შემთხვევებში იცვლება ან მხოლოდ პიროვნება ან მხოლოდ მეხსიერება ან ერთიც და მეორეც. ყოველი ასეთი შემთხვევისას ადამიანი ჯანმრთელი რჩება, რადგან გონიერი და ცნობიერი პიროვნება ყოველთვის უვლის სხეულს ცვლილებების მიუხედავად. შიზოფრენიის შემთხვევაში პიროვნების ცვლილება იწვევს აშლილობას, რადგან ცნობიერი პიროვნება მიდის, ხოლო ახალი არ იღებს სხეულზე ზრუნვის ვალდებულებას. ამის შედეგად სხეულზე ზრუნვა არაცნობიერს ეკისრება, ის კი გონიერი არაა და მიუხედავად იმისა, რომ სხეულს არ კლავს მას სრული სიგიჟის მდგომარეობაში აგდებს. ისეც ხდება, რომ რომელიღაცა უცხო არაცნობიერი აედევნება სხეულს და მასზე დომინაციას მოიპოვებს, ხოლო მასში უკვე მყოფ ცნობიერს და არაცნობიერს აძევებს. ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებში ხშირად სწორედ ასე ხდება - უცხო არაცნობიერი ეუფლება სხეულს. მას ჩვენთვის უცხო მსჯელობები და მოგონებები მოაქვს, ეს გვარწმუნებს, რომ ის უცხოა. მსგავს შემთხვევებში ადამიანები თავს ნაპოლეონად ან ვინმე მსგავსად მიიჩნევენ. ხშირად ისინი სრულიად უწყინარნი არიან და შეუძლიათ მთელი დღის მომხდარი მოვლენები დაიმახსოვრონ მაგრამ არასოდეს მიმართავენ ლოგიკას, რადგან ეს ცნობიერის დამახასიათებელია - ის კი გაძევებულია.

აკვიატებულ მდგომარეობებს მოგვიანებით შევეხებით, როცა კაჰუნების სისტემის მიხედვით მკურნალობის მეთოდების განხილვას დავიწყებთ. მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია კაჰუნების სწავლების სამი განცალკევებული და დამოუკიდებელი სულის გააზრება, რომლებიც ერთად ადამიანის პიროვნებას ქმნიან. ცნობილია, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან და შეიძლება ერთმანეთს დაცილდნენ უბედური შემთხვევის ან ვისიმე წინასწარ-განზრახული ჩარევის შედეგად.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ არაცნობიერს ახსოვს და მხოლოდ ცნობიერს შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა. ამავე დროს კი ზეცნობიერი აზროვნების ზედა საფეხურზე, რაც მას საშუალებას აძლევს გაიგოს რა იყო, რა არის და რა იქნება მომავლის იმ მონაკვეთში რომელიც უკვე ფორმირებულია.


 

kirlian

თავი 6

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

მაგიის მესამე ელემენტის გაზომვა, იმ უხილავი ნივთიერების, რომლის შუამავლობითაც ცნობიერება იყენებს სასიცოცხლო ძალას

როგორც უკვე აღვნიშნე, კაჰუნების სისტემა მაგიის სამ საზომს გვაძლევს; პირველი, ცნობიერება, რომელიც ნებისმიერი ასეთი ქმედებისას არის ჩართული; მეორე, ძალა რომელიც ამ დროს გამოიყენება; და მესამე, უხილავი ნივთიერება, რისი მეშვეობითაც მოქმედებს ძალა - რისი მეშვეობითაც ეს ელექტრული ტიპის ენერგია წარმოებს და თამაშში ერთვება.

ჩვენ დავინახეთ სამი სული, ან "მე", ადამიანის შემადგენლობაში, თითოეულ "მე"-ს თავისი უნიკალური, მენტალური ძალები აქვს და თითოეული მთავარი ძალის კონკრეტულ სიმძლავრეს იყენებს.

თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავამატებთ "სამ, უხილავ, ასტრალურ - ეთერულ - მოჩვენებით" სხეულს, მივიღებთ დასრულებულ სურათს - ყოველ შემთხვევაში როგორსაც მე ახლა ვხედავ მას.

თეოსოფიაში, როგორც ჩვენ ინდოელი თეოლოგებისგან გადმოვიღეთ, მკაფიო მსგავსება გვაქვს კაჰუნების იდეასთან სამი სხეულის შესახებ, რომლებიც უხილავი ნივთიერებისგან შედგებიან, და თითოეული ადამიანს ემსახურება, როგორც მოჩვენებითი სხეული ან მანქანა, სავარაუდოდ ფიზიკური სხეულის დაბადებამდე, და მისი სიკვდილის შემდეგ. მე ტერმინები ასტრალური და ეთერული თეოსოფიიდან ვისესხე, რადგან ვერ ვიპოვე უკეთესი ინგლისური შესატყვისები. ჰავაური სიტყვა კი არის კინო (სხეული) აკა (ჩრდილისებრი). ჩვენი სამი სულიდან თითოეულს აქვს ჩრდილის მსგვსი სხეული, მაგრამ ცნობიერის უფრო სუფთა და ნატიფია, ვიდრე ქვეცნობიერის. სუპერცნობიერის კი ამ სამიდან ყველაზე სუფთა და ყველაზე ნატიფი.

აკა, ასევე ნიშნავს სხეულის კაშკაშა გარშემოწერილობას ან სინათლის შარავანდედს მთვარის და მზის გარშემო, ან სინათლის რკალს, რომელიც მთვარისგან ან მზისგან გამოდის, როდესაც ისინი ჰორიზონტზე მაღლდებიან.

ცნობიერი და ქვეცნობიერი სულების ჩრდილისებრი სხეულები ცოცხალ ფიზიკურ სხეულს ერწყმიან (ისინი მოდიან და მიდიან). ქვეცნობიერის ჩრდილისებრი სხეული მთლიან სხეულს ერწყმის, იგი ყველა პატარა უჯრედის და ქსოვილის ხავსია. ცნობიერი სულის ჩრდილისებრი სხეული კი წინა-ტვინთან მდებარეობს და შუასაუკუნეების დროინდელ წმინდანთა ხატებში წარმოჩენილია როგორც შარავანდედის შიდა წრეწირი თავის გარშემო (ან შესაძლოა ამით წმინდანების ზეცნობიერი სხეულის გამოსახვას ცდილობდნენ.) ადრეულ ბერძნულ რელიგიურ ნაწერებში ჩვენ გვაქვს, ჯეიმს მორგან პრაისის განახლებული ახალი აღთქმის წინასიტყვაობის მიხედვით, რწმენა ორ უხილავ სხეულზე: მზის სხეული, მთვარის სხეული, და შემდეგ ასევე, ფიზიკური. ინდურ უპანიშადებში ჩვენ ვპოულობთ ორ უხილავ სხეულს, "ჩვეულებრივს" და "ჩუმს" (karana sharina და sukshma sharira) ასევე დიდ ფიზიკურს.

უამრავ სხვადასხვა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ განსწავლული ადამიანების დასკვნებს, რომლებიც რელიგიის და ფსიქოლოგიის მიღმა სიმართლეს ეძებდნენ. ისინი სიტყვებით გადმოცემენ იმას, რასაც თორტონ უაილდერმა რელიგიის „უკიდეგანო, ბუნდოვანი ინტიმაციები უწოდა. ამ მითითებებში ადამიანს შეუძლია, მას შემდეგ რაც კაჰუნების სისტემას გაეცნობა, ამოარჩიოს ცოტაოდენი ცივი და რეალური ფაქტი. ნება მომეცით ციტირება მოვიყვანო პრაისის ტიპიური ფრაგმენტიდან:

„ამ ჰაეროვანი კვერცხის (აურის) შიგნით თვლემს პარაკლეტი, ლოგოსის სინათლე, რომელიც ენერგიით დამუხტვისას ცოცხალ, ცნობიერ ელექტროობად გარდაიქმნება, წარმოუდგენელი სიმძლავრე აქვს და ძნელად თუ შევადარებთ ფიზიკოსისთვის ნაცნობ, ნებისმიერ ელექტროობის ფორმას.

მზის სხეულს, ასე ეძახიან იმიტომ, რომ მისი ხილული გამოსახულება ისეთივე თვითმნათია, როგორიც მზე, აქვს ოქროსფერი სიკაშკაშე. ეს მზის სხეული არის ატომური, არა-მოლეკულური ნივთიერების... ფსიქიკა, ან მთვარის სხეული, რისი მეშვეობითაც ნუსი (გონება) ფსიქიკურ სამყაროში მოქმედებს, სტრუქტურულად მოლეკულურია, მაგრამ გაცილებით უფრო ნატიფი სუბსტანციის, ვიდრე ის ელემენტები, რომლებიც დიდ ფიზიკურ ფორმას შეადგენენ, რომლის ორგანიზმთანაც მას მჭიდრო კავშირი აქვს - მხედველობის და სმენის ორგანოები და ა.შ. მას ვერცხლისფერი შეფერილობის იერსახე აქვს, რომელიც დახვეწილ იისფერში გადადის; და მისი აურა ძალიან მკრთალი ლურჯი ფერისაა, რომელსაც თან ახლავს ყველა პრიზმული ფერის ცვალებადი თამაში, რაც ააქტიურებს მის მრავალფეროვნებას.”

ეგვიპტეში, როგორც ბერბერი კაჰუნას ლეგენდარული ისტორიიდან შევიტყვეთ კაჰუნების ნილოსზე დარჩენასთან დაკავშირებით, კაჰუნების სისტემის ძალიან კონკრეტული კვალის აღმოჩენაა შესაძლებელი.

ე. ვ. სტრეიტონი „ჩრდილოეთის ღვთაებრივი გემი“-ს მეორე ტომში (რომელიც ძველ ეგვიპტურ რწმენებს აღწერს) წერს:

„ადამიანი ბევრი რამისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს მუმიის აკლდამაში თავისი ცხოვრება აქვს. ფიქრობდნენ, რომ ადამიანი შედგებოდა ‘საჰი’, ‘კა’, ‘ბა’, ‘ქჰუ’, ‘ქჰაიბიტ’, ‘სექჰემ’ და ‘რენ’-ისგან. ‘კა’ იბადებოდა ფიზიკური სხეულის დაბადებასთან ერთად და მის სიკვდილამდე მასთან რჩებოდა. ეს იყო ეთერული პროექცია, უსასრულო ქმნილების ღვთაებრივი ხატ-სახე ან ორეული, სულიერი ეგოს ხატ-სახე, დიდებული მეორე მე, მაღალი მოკვდავი მე-ს ტიპის, გენია, მიიჩნევდნენ, რომ ის მოკვდავებთან ერთად იბადებოდა ამ ცხოვრებაში. ის იდეალური მსგავსება იყო როგორც ბავშვის, ისევე ქალის და კაცის.

‘კა’ სურვილისამებრ შორდებოდა და უერთდებოდა სხეულს, და შეერთებისას ან სხეულში დაბრუნებისას ამბობს „თქვენ ჩემს უსასრულო სულს ჩემი სხეული დაანახეთ.“ აკლდამაში სპეციალური ოთახი იყო ‘კა’-სათვის...

‘ბა’, იყო გულის სამშვინველი, უფრო ნატიფი და ნაზი. ‘ბა’-ს შეეძლო სურვილისამებრ სამოთხეში შესვლა. ის აკლდამაში უბრუნდებოდა სხეულს და ამოძრავებდა მას, და როგორც სხვა შემადგენელი ნაწილები, ქრებოდა თუ სწორად არ მოუვლიდნენ, ასე რომ ადამიანები ან ღმერთები მას საკვებით ამარაგებდნენ. ‘ბა’-ს შეეძლო შეეცვალა თავისი ფორმა ან ბუნება.

‘ქჰუ’ ღვთაებრივი ცეცხლის ნაპერწკალი გახლდათ, კაშკაშა ნაპერწკალი, და ცხოვრობდა როგორც სამოთხეში, ასევე ადამიანის სხეულში. ის იყო სამშვინველის ნახევრადგამჭვირვალე სული, რომელიც ზეცაში მაღლდებოდა...

‘კჰაიბიტ’ [ან] ჩრდილი ადამიანის ორგანიზმის ნაწილად ითვლებოდა. მას თავისუფალი არსებობა ჰქონდა და შეეძლო სურვილისამებრ სხეულთან განშორება და დაბრუნება. ფიქრობდნენ, რომ ის ყოველთვის სამშვინველთან ახლოს იყო...

‘სექჰემ’ [ან] ‘სასიცოცხლო ძალა’ ჩვეულებრივ ‘ქჰუ’-სთან და სულთან ერთად მოიხსენიება. ისიც სამოთხეში არსებობდა.

‘რენ’ [იყო] სახელი, და მას თავისი ცალკე ადგილი ჰქონდა ზეცაში. ფიქრობდნენ, რომ ყველა ეს ნაწილი განუყრელად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა უძველეს დროში ეგონათ, რომ ისინი ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად არსებობდნენ ადამიანის მოკვდავ ბუნებაში... სიტყვა ‘ოსირისით’ აღნიშნავდნენ ადამიანის ყველა სულიერი ელემენტის გაერთიანებას. სულიერი ნათების სისრულეს ეს გაერთიანება გარდაცვლილის გაცილების ცერემონიის შემდეგ აღწევდა. ერთმანეთთან დაკავშირებული სულიერი ელემენტები ერთად ქმნიდნენ ღმერთ ოსირისის ხატებას და მსგავსებას. (...) სანამ ეგვიპტეს რომი დაიპყრობდა, მანამდე გარდაცვლილს ოსირისს უწოდებდნენ.

კაჰუნების სისტემის ამ ფრაგმენტული ნარჩენების მიხედვით შეგვიძლია ვიპოვოთ მინიშნებები ადამიანის სამ სულზე, მანას ან მთავარი ძალის სამ ძაბვაზე და სამ აკა-ზე ან ჩრდილისებრ სხეულზე. მედიუმების ფსიქიკური ხილვები იმ ფაქტის მანიშნებელია, რომ ზეცნობიერი ‘მე’, თავის ნატიფ სხეულში, და მთავარი ძალით წარმოუდგენლად მაღალ ძაბვაზე დამუხტული, ჩანს როგორც თეთრი ძლიერი ნათება.

კაჰუნების სიბრძნის მიხედვით „წმინდა სინათლე“ იყო საიდუმლო ფსიქოლოგია და განსაკუთრებით ზეცნობიერის ის ნაწილი, რომელსაც „ნათელს“ ეძახდნენ. მას ასევე ეძახდნენ გზას ან ბილიკს. ქრისტიანობაშიც არსებობს ამ „საიდუმლოს“ უამრავი ნარჩენი. წყლის მეშვეობით ნათლობის რიტუალი, აღსარება, ეგზორციზმი, და ცოდვების მიტევების რიტუალი, ამ ყველაფერს უფრო სავსე და მნიშვნელოვანი ანალოგი აქვს კაჰუნების მაგიაში. მთლიანობაში ეს ბუნებრივი და სრულიად გასაგებია, რადგან ტრადიცია, რომელიც საწყისს იღებს კაჰუნებისგან, რომლებიც მოსემდე პერიოდში ეგვიპტის ტეროტორიაზე ცხოვრობდნენ, არსებობას განაგრძობს თითქმის დაუმახინჯებელი ფორმით. ქრისტიანობა აღმოცენდა უფრო ადრეული რელიგიებიდან, რომლებიც ეგვიპტიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან მოდიან. ვინაიდან რომის ან ბერძნული ეკლესიების სხვა წყაროები არ აღმოუჩენიათ, წირვის შესაძლო გამონაკლისის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შორეულ ჰავაიში ვიპოვოთ კაჰუნები, რომლებმაც იცოდნენ ძველი აღთქმის ბიბლიური ისტორიები, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ ახალი აღთქმის შესახებ, და იყენებენ ძველი ეკლესიის ყოველდღიურ რიტუალებს და ცერემონიებს თავიანთ სამკურნალო მაგიაში.

სავარაუდოა, რომ კაჰუნებმა ეგვიპტიდან ჰავაიში მიგრაციისას, ინდოელ მღვდლებს გადასცეს თავიანთი რწმენის გარკვეული ნაწილი. მაგრამ ნათელია, რომ ინდოეთში ასეთივე უძველესი დოქტრინები უკვე განვითარებული იყო და როდესაც კაჰუნების რწმენა ადგილობრივი ინდოელების რწმენას დაემყნო, შედეგად კაჰუნების იდეები შეილახა.

მაგალითად ავიღოთ „ძალის“ იდეა, როგორც ინდურ სიბრძნეშია წარმოდგენილი პრანების ან პრანული ენერგიების სახით. მაშინ როდესაც კაჰუნები მანას მხოლოდ სამ სიმძლავრეს აღიარებდნენ (ყურადღება მიაქციეთ ძალის აღმნიშნველ სიტყვებს შორის მსგავსებას), ინდუსებმა უფრო და უფრო დაანაწევრეს ის, მიანიჭეს რა სპეციალური ძალა ან პრანული ენერგია გონებისა და სხეულის თითოეულ ცნობილ ქმედებას. ამ ტენდენციამ ზოგიერთი ინდური სისტემა ორმოცდა ცხრა პრანამდე მიიყვანა. ფიქრისა და აღქმის ყველა ფორმაც ასევე დაყვეს და „შვიდჯერ შვიდი“ მიიღეს, რამაც მოგვცა დჰატუები და დჰარმები სქემის ნაწილებად. ნებისმიერი პუდინგის არსებობის მტკიცებულება ყოველთვის მისი მირთმევაა. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში უფრო რთული და გულმოდგინედ დამუშავებული სისტემა აღმოცენდა, მათი ფსიქო-რელიგიური სისტემა გაცილებით უფრო ნაკლებ პრაქტიკულია ვიდრე კაჰუნების სისტემა.

მეტიც, კარმისა და რეინკარნაციის დოქტრინებმა, როგორც ინდოეთში ისწავლება, და ადაპტირდება ადამიანზე თითქოს ის მხოლოდ ერთი სულისაგან შედგება, ჩაახშო მაგიის გამოყენება განკურნებისთვის, ისევე როგორც სხვა მრავალი ნორმალური აქტივობა და ხელი შეუწყო რეპრესიული კასტური სისტემის განვითარებას.

ჩვენ არ გვჭირდება ვიდაოთ მკაცრად რელიგიურ ელემენტებზე ნებისმიერ რელიგიურ სისტემაში, მაგრამ, თანამედროვე ფსიქოლოგიასთან ერთად (რომელიც ჯერ კიდევ პატარა ასაკისაა), ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიკითხოთ ძველი ფსიქოლოგიური სისტემები, სადაც ისინი წინააღმდეგობაში მოდიან უახლეს აღმოჩენებთან.

როდესაც პირველად დავინტერესდით სიტყვა „წეპვადობის“ მნიშვნელობით ფუძე „პილი“-სთან და გამოთქმა „უნიჰიპილი“-სთან დაკავშირებით (სიტყვა, რომელსაც კაჰუნები არაცნობიერის აღსანიშნავად იყენებენ), მე ჯერ კიდევ არაფრის თქმა არ შემეძლო ამ თემაზე.

მაგრამ როდესაც ტერმინი „აკა“ (მოჩვენებისმაგვარი სხეული) არაცნობიერ სულთან დავაკავშირე და განვიხილე ა-კა-ს რამდენიმე მნიშვნელობა, აღმოვაჩინე, რომ ეს „წებოვან“ სხეულს ან ყოფიერებას მოჩვენებისმაგვარი სხეული წარმოადგენდა. ის ეწებება ყველაფერს, რასთანაც ჩვენ კონტაქტს ვამყარებთ ან ვხედავთ (ჩემი ღრმა რწმენით იმ საგნებსაც კი რისი ხმაც გვესმის.) ეს ბუზების მისაკრობ ქაღალდზე შეხებას ჰგავს და როდესაც თითს გამოვწევთ წებოვანას გრძელი ძაფივით მატერია მოგვყვება თითზე.

რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს, კაჰუნები ზუსტად ასე აღიქვამენ ქვეცნობიერის ჩრდილისებრი სხეულის მუშაობას.

აკას ძაფის ან სიმის იდეა მჭიდროდაა დაკავშირებული მანას ან მთავარი ძალის მოძრაობასთან. ფუძე კა ნიშნავს სიმს და ასევე ნიშნავს ვაზს, რომელიც იტოტება. ვაზი მანას სიმბოლოა, ისევე როგორც წყალი.

ასტრალური სიმი თეოსოფიურ ლიტერატურაში ახსნილია, როგორც უხილავი ნივთიერების სიმი, რომელიც სულის ერთ-ერთ ნატიფ სხეულს აკავშირებს მთლიან ფიზიკურ სხეულთან, როდესაც სული მას სიკვდილისას ტოვებს, ან ტრანსის მდგომარეობაშია.

თანამედროვე ფსიქოლოგიას ოდნავი წარმოდგენაც არ აქვს ჩრდილისებრი სხეულის შესახებ, რომელიც ათასობით პატარა, უხილავი ძაფებით ამყარებს კავშირს სხვადასხვა საგნებთან შეხების შემდეგ, მხოლოდ აქა-იქ, ფსიქიკური კვლევების მოხსენებებში და მედიუმების ჩანაწერებში ვხვდებით ასეთი ძაფების ან სიმების არსებობის სამხილებს. მათი დანახვა და შეგრძნება ფიზიკურადაც შეიძლება, როდესაც ისინი მთავარი ძალით მძლავრად არიან დამუხტულნი, ისინი ისეთი მყარები ხდებიან, რომ მათი შეხებაც შესაძლებელია.

სანამ მოგახსენებთ, თუ რა როლი აქვს ამ უხილავ ძაფებს მაგიაში, ნება მომეცით ვახსენო კაჰუნების რწმენა, რომ ნებისმიერ რამეს, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, ყვავილი, სკამი თუ ფ ი ქ რ ე ბ ი, აქვს ჩრდილისებრი სხეული, და ისინი განაგრძობენ არსებობას მას შემდეგაც კი, რაც მათი დიდი ფიზიკური სხეული კვდება. ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად გვაინტერესებს თეორია, რომ ფიქრებს აქვთ ჩრდილისებრი სხეულები - რომ ისინი არიან არსებითი და გამძლე სხეულები, თუმცა მიკროსკოპული და უხილავები, როგორიც ჩრდილისებრი ძაფები.

როდესაც ჩვენ ფიქრებს ვფიქრობთ, კაჰუნების რწმენით, ჩვენ ფიქრების ფორმებს ვქმნით. ვინაიდან ფიქრები მატარებელივით და სხვა ფიქრებთან ასოციაციით მოდიან, ფიქრების ჩრდილისებრი სხეულები ან „ფიქრის ფორმები“ (თეოსოფისტების მიხედვით), აყალიბებენ კონებს. ამ კონებს კაჰუნების სისტემა უკავშირებს ყურძნის მტევნებს (ყურძნის მტევანი არის ფიქრების მტევნების სიმბოლო მათ ჩრდილისებრ სხეულებში).

მაგიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ტელეპატიური მესიჯების გაგზავნაა. ახლო მეგობრები, ნათესავები, ქმრები და ცოლები, ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ იღებენ ტელეპატიურ შთაბეჭდილებებს ერთმანეთისგან.

როგორც ადრე ვახსენეთ, დოქტორმა რაინმა დიუკის უნივერსიტეტიდან ფასდაუდებელი სამსახური გასწია ლაბორატორიულ გარემოში ტელეპატიის შესწავლაში. ფაქტობრივად, ტელეპატია ისე ნათლად იქნა დემონსტრირებული, რომ ცოტა თუ უარყოფს მის არსებობას.

ბოლო წლებში ტელეპატიური მესიჯები გაგზავნილ იქნა არქტიკის მკვლევარის მიერ თითქმის ყოველდღიურად, რომელსაც მისი მეგობარი ნიუ იორკში იწერდა. მესიჯები ზედმიწევნით იქნა მიღებული ნახევარი დედამიწის მანძილზე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მენტალური მესიჯების გონებიდან გონებაში რადიო გადაცემის თეორია ვერასდროს გახდება რეალური. ასეთი გადაცემა დამოკიდებული იქნება ელექტრულ სიმძლავრეზე, რომელმაც მესიჯი უნდა წაიღოს, და ვინაიდან მისი სიმძლავრე ობიექტებს შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციული უნდა იყოს, ტელეპატიური მესიჯი მსოფლიოს მეორე ბოლოდან გაცილებით უფრო სუსტი უნდა იყოს, ვიდრე ქუჩის გადაღმა გაგავნილი. ექსპერიმენტულმა კვლევებმა კი დაამტკიცა, რომ მანძილი დიდ განსხვავებას არ იძლევა მესიჯების სიმძლავრეში და სიცხადეში. რადგანაც ეს აქარწყლებს ყველა თანამედროვე თეორიას, რომელიც ტელეპატიის მექანიზმის ახსნას ცდილობს, ჩვენ ისევ კაჰუნებთან უნდა მოვძებნოთ ახსნა-განმარტება.

მათი განმარტება კი მარტივი და ლოგიკურია. ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების ძაფები ორ მეგობარს ერთმანეთთან აკავშირებს, რომლებიც ერთმანეთს ტელეპატიურ მესიჯებს უგზავნიან, და ეს ძაფები მთავარი ელექტრული ძალის იდეალური გამტარები არიან.

ფიზიკაში ჩვენ არ ვიცნობთ ელექტროობის იდეალურ გამტარს. ყველა მეტალს აქვს წინააღმდეგობა ელექტრული წყაროს მიმართ და რაც უფრო შორს გადის წყარო მავთულზე, მით უფრო იკლებს მისი სიმძლავრე. რაც უფრო დიდია წყაროს ვოლტაჟი, მით უფრო ნაკლებია დანაკარგი.

„სხეულის ტალღების“ და „გონების ტალღების“ უკანასკნელი ექსპერიმენტების მიხედვით ჩვენ გავიგეთ, რომ მთავარი ძალა ბუნებით ელექტრულია, და რომ ის უკიდურესად პატარა ნაწილებად იღვრება ჩვენს ნერვებზე და ქსოვილებიდან ქსოვილებზე ჩვენს სხეულში. დოქტორებმა ლიბეტმა და ჟერარმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, გამოთვალეს, რომ ამ „ჯაჭვების“ ძაბვა ტვინის უჯრედების ურთიერთქმედებისას ერთი ვოლტის მემილიონედს, ან უფრო ნაკლებს შეადგენს, მაგრამ ამავდროულად, ამ მცირე ჯაჭვების აკუმულირებულმა ძალამ შეიძლება „მილიონი ვოლტის პოტენციალით“ იმოქმედოს.

კაჰუნებს მხოლოდ ის კი არ სწამდათ, რომ მთავარი ძალა აკას ძაფების მეშვეობით დანაკლისის გარეშე გადაეცემოდა, მათ ასევე სჯეროდათ, რომ წყაროს ნაკადებზე ფიქრის ფორმების გადატანაც შეიძლებოდა წინ და უკან, რომლებიც მტევნებად იყვნენ დაჯგუფებულნი რომ მთლიანი მესიჯები ან შთაბეჭდილებები შეექმნათ.

ვინაიდან ქვეცნობიერი სული აკონტროლებს ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების ყველა ძაფს, ფიქრის ყველა ფორმას (მას შემდეგ, რაც ისინი ფიქრის პროცესისას შეიქმნებიან) და ყველა დაბალ მანას, ან „სხეულის ელექტრობის“ დინებას, ჩვენ არ შეგვიძლია სურვილისამებრ გავგზავნოთ და მივიღოთ ტელეპატიური მესიჯები. ჩვენ ქვეცნობიერს გონებრივი ბრძანება უნდა მივცეთ, რომ გაგზავნოს და მიიღოს მესიჯები, შემდეგ განვიტვირთოთ და დაველოდოთ სანამ ის ამუშავდება. ჩვენ შეგვიძლია მას ვუთხრათ რა მესიჯები უნდა გაგზავნოს, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ, როდის მიიღებს ის მესიჯებს და შემდეგ ცნობიერების ცენტრში გადმოვგზავნოთ ისინი, რომ მათი აღქმა შევძლოთ - ის, რასაც ინფორმაციის მოსვლისას შევიგრძნობთ, გახსენების პროცესს გვაგონებს.

ნაბიჯ-ნაბიჯ, კაჰუნების ცოდნის გახსნის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რაში მდგომარეობს ტელეპატიის არსი. თუმცაღა ეს ახსნები ჩვენთვის ცარიელი და არაფრისმთქმელი სიტყვები იქნებოდა, თანამედროვე მეცნიერებას რომ ფუნდამენტი არ მოემზადებინა ძველი ცოდნის და მათ მიერ აღწერილი პრინციპებისა და მექანიზმების გაგებისთვის.


 

თავი 7

მთარგმნელი: მამუკა გურული

ფსიქომეტრია, სფეროზე კონცენტრაცია, წარსულისა და მომავლის ხედვა კაჰუნების უძველესი ცოდნის თვალთახედვით.

ტელეპატია წარმოადგენს შეტყობინებების (და აზროფორმების) გადაცემას ძაფებით, რომლებიც უხილავი გამჭვრვალე სუბსტანციისგან შედგებიან და ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებენ. ამ შეტყობინებების გაგზავნა და მიღება ხდება არაცნობიერი „მე“-ს მიერ, და შესაფერის მომენტში ცნობიერებას გადაეცემა.

 ფსიქომეტრია და მასთან დაკავშირებული მოვლენები მსგავს მექანიზმს ეფუძნება, უბრალოდ მასში არ ხდება ორი ადამიანის გამჭვირვალე ძაფით დაკავშირება. ჩვეულებრივ, ფსიქომეტრი მშვიდად ზის და ეხება წერილს, ბეჭედს ან რაიმე ნივთს, რომლისგანაც სურს პარაფსიქოლოგიური ინფორმაციის მიღება, მაგალითად წარსულის შესახებ და ამ ნივთის წარმომავლობის შესახებ, წერილის შინაარსის შესახებ, მისი ავტორის ხასიათის შესახებ და ა.შ.

 მინდა ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვა ხაზი. საქმე იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც მაგიის ასეთ ფორმას აპრაქტიკებს, თითქოს თავისი სხეულიდან გამოდის და მისი კვლევის ობიექტთან არიან დაკავშირებული უხილავი ძაფების გასწვრივ მოგზაურობს. იგი აღწევს მის დაბოლოებას და პოულობს ადამიანებს ან ნივთებს, რომლებსაც ადრე რაღაც კავშირი ჰქონდათ საკვლევ ობიექტთან. ან, თუ ობიექტი, დავუშვათ, ქვა ან მეტეორიტის ნამსხვრევია, ძაფს ფსიქომეტრი ამ ნამსხვრევის წყარომდე მიჰყავს, ანუ მთელ მეტეორიტამდე. ამის იქით წასასვლელი აღარ აქვს.

ქეისი 12

ფსიქომეტრია, ბროლის სფეროზე კონცენტრაცია და სხვა მსგავსი მოვლენები

შემთხვევების აღწერა:

(А) მის კრიჯმა ლავას ნამტვრევი ფსიქომეტრიულად გამოიკვლია. მის მიერ დანახული ვულკანის ხატ-სახე იმდენად ცოცხალი და შემაძრწუნებელი იყო, რომ იგი ნახევარი საათის განმავლობაში მღელვარებით იყო აღსავსე.

(B) მის დენტონი მასტოდონტის ეშვის ნაჭერს იკვლევდა და თავისი შთაბეჭდილებები ასე აღწერა: „მე თავს ვგრძნობ რაღაც საშინელ ურჩხულად, მძიმე ფეხებით, დიდი თავით და უზარმაზარი სხეულით. წყლის დასალევად მდინარისკენ ვეშვებოდი. ბგერის წარმოთქმაც კი არ შემიძლია, იმდენად მძიმე ყბები მაქვს. ვგრძნობ, რომ ოთხ თათზე ვდგავარ. ოჰ! რა ხმა ისმის ტყიდან. საკუთარ თავში პასუხის გაცემის სურვილს ვგრძნობ. ჩემი ყურები ძალიან დიდია და ტყავისაა. როცა თავს ვამოძრავებ, ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს ისინი სახეში მირტყამენ. აქ ჩემზე ასაკოვანი ინდივიდებიც არიან. (...) ისინი ძალიან მუქები არიან. მათ შორისაა ბებერი ხვადი უზარმაზარი ეშვებით. როგორც ჩანს, იგი ძალიან ძლიერია. ვხედავ ასევე რამდენიმე ახალგაზრდა ინდივიდს. და საერთოდ, აქ მთელი ჯოგია“.

(შენიშვნა. ოსოვეცკი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქომეტრი, იმ შთაბეჭდილებების დეტალურ აღწერას იძლევა, რომლებიც მაგიის ამ ფორმით ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიიღო.

 „მე იმით ვიწყებ, რომ საკუთარ თავში ყველა აზრს ვიკავებ და მთელ შინაგან ძალას სულიერი ინფორმაციის წვდომისკენ მივმართავ. ხაზს ვუსვამ, რომ მსგავს მდგომარეობას მთელი კაცობრიობის სულიერი ერთიანობის ურყევი რწმენისა მეშვეობით ვაღწევ. ამრიგად, მე ვიმყოფები ამ ახალ და განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელშიც შემიძლია დროისა და სივრცის მიღმა დავინახო. (...) და მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროს რაიმე დაბეჭდილ წერილს ვკითხულობ, თუ დაკარგულ ნივთს ვეძებ, ან რამე სხვა ფსიქომეტრიულ კონტაქტს ვამყარებ, - ჩემი შეგრძნებები უცვლელი რჩება. მეჩვენება, რომ რაღაც ენერგიას ვხარჯავ, ჩემი ტემპერარატურა მაღლა იწევს, გული არათანაბრად მიცემს. ვრწმუნდები ჩემს წარმოდგენებში, რადგან როგორც კი თავს ვიკავებ რაიმე სხვა აზრებისგან, მაშინვე ვგრძნობ, თითქოს რაღაც ელექტრული დენი გაივლის ჩემში რამდენიმე წამის განმავლობაში. ეს მხოლოდ წამით გრძელდება, რის შემდეგაც გამჭვირვალე სიცხადეს ვგრძნობ, ვხედავ სურათებს - ძირითადად წარსულიდან. ვხედავ ადამიანს, რომელიც წერილს წერს, და ვიცი, რასაც დაწერს. ვხედავ საგანს იმ მომენტში, როცა ის დაიკარგა, და გარკვეულ დეტალებს, რომლებიც ამ მოვლენას ახდლა თან; ან ვაკვირდები და განვიცდი ყველაფერს, რაც დაემართა ნივთს, რომელიც ხელში მიჭირავს. ხედვები ბუნდოვანია და დიდ კონცენტრაციას მოითხოვენ. იგივე ძალისხმევებია საჭირო იმისთვის, რომ ხელიდან არ გავუშვა ზოგიერთი დეტალი და გარემოება იმისა, რაც ახლა ხდება. სიცხადის ეს მდგომარეობა ზოგჯერ მაშინვე ჩნდება, მაგრამ ძალიან ხშირად მისი ლოდინი რამდენიმე საათის განმავლობაში გვიწევს. მეტწილად ეს დამოკიდებულია გარშემომყოფებზე და განწყობაზე; სკეპტიციზმი, ურწმუნოება და ჩემს პიროვნებაზე მეტისმეტად ზედმეტი კონცენტრაციაც კი ჩემი მოქმედებების პარალიზებას იწვევენ და წარმატებისკენ მიმავალ გზას მირთულებენ“.)

ფსიქომეტრებს შეუძლიათ სხვადასხვა საშუალებებით იმოქმედონ. ზოგიერთი საუკეთესო შედეგებს მაშინ იღებს, როცა ჰიპნოზური ტრანსის მდგომარეობაში ხელში იღებს ნივთს, რათა ფსიქომეტრიულად შეხედოს. სხვებს შეუძლიათ შორეულ წარსულში ჩაიხედონ, ისინი გრძნობენ და წვდებიან იმ ვითარებებს და გარემოს, რომელშიც ნივთი ადრე იყო. არიან ისეთებიც, რომლებიც პარაფსიქოლოგიური გზით გარდაცვლილებთან ერთად მიღმიერ სამყაროში მოგზაურობენ, ხედავენ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი და რას აკეთებენ უსხეულო სულების სახით. სხვები - თუმც კი ეს უკიდურესად იშვიათად ხდება - მომავალ მოვლენებსაც კი ხედავენ, რომლებიც რაღაცნაირად დაკავშირებული იქნება იმ ნივთთან, რომელიც ხელში უჭირავთ.

პარაფსიქოლოგიური კვლევების დაწყებიდან 100 წლის შემდეგ, და ბევრი მცდელობის შემდეგ - გაეგოთ, თუ რას ეფუძნებოდა ფსიქომეტრია, გაჩნდა რამდენიმე თეორია. აი, რამდენიმე მათგანი. დოქტორი ფეიჯენსტეტჩერი ამტკიცებს შემდეგს:

«საკვლევი ნივთი, რომელიც ხატოვნად თუ ვიტყვით, წარსულში გარკვეული მოვლენების მოწმე იყო, კამერტონის როლს ასრულებს; ჩვენს ცნობიერებაში ნივთთან „ურთიერთობის“ მომენტში ჩნდება განსაკუთრებული ვიბრაცია, რომელიც ამ მოვლენების ვიბრაციებს შეესაბამება. ჩვენი ცნობიერების ვიბრაციები, რომლებიც ერთხელ. გადაეწყვნენ კოსმოირი ცნობიერების ვიბრაციის სიხშირეზე, ოდესღაც უკვე აგზნებულ იყვნენ (გიტარის სიმების მსგავსად) მსგავსი მოვლენებით. ახლა ადამიანის ცნობიერების ახალი მიერთება კოსმიურ ცნობიერებასთან ჰბადებს აზრობრივ სურათებს, რომლებიც აზრობრივად წარმოშობენ კონკრეტულ მოვლენებს“.

სერ არტურ კონან დოილი ამტკიცებდა, რომ ყველა მოვლენა და მათი დეტალები აისახება ეთერული წარმოშობის ერთგვარ უჩინარ, მარადიულ და უცვლელ სუბსტანციაზე. იგი ვარაუდობდა, რომ ამ „ეთერზე“ აღბეჭდილი მოვლენებს ფსიქომეტრი რაღაც საშუალებით კითხულობს, როცა მთელი თავის ყურადღების კონცენტრაციას „ეთერის“ იმ ნაწილზე ახდენს, რომელიც საკვლევ საგანს უკავშირდება.

თეოსოფები, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს ინდურ რელიგიურ თეორიაზე აფუძნებენ, გვთავაზობენ თეორიას (იხ. ელენა ბლავატსკაიას ნაშრომები), რომელიც სამყაროსეულ სულს, ანუ აკაშას ეფუძნება, რომლის მეხსიერებაშიც ყველა მომხდარი მოვლენაა შენახული. თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, ფსიქომეტრია სრულიად მექანიკური უნარია. ფსიქომეტრი საკვლევ ნივთს იმისთვის იყენებს, რომ ფსიქიკური კავშირი დაამყაროს სამყაროს სულთან, რომელიც ფლობს ინფორმაციას ამ ნივთის წარსულის შესახებ. ტელეპატიის გარკვეული ფორმის წყალობით, ან უფრო ზუსტად, აზრების კითხვის უნარის წყალობით, ფსიქომეტრი „აკაშას ფილებზე კითხულობს“.

ფსიქომეტრიის სხვა ასპექტს წარმოადგენს ფსიქომეტრიული ბუნების ხედვები, რომლებიც ადამიანებს ძველი ბრძოლების ან სხვა ცნობილი მოვლენების ადგილებში ეწვევიან ხოლმე. ეს ხედვები ერთდროულად ევლინება ბევრ ადამიანს, რომლებიც ამ რაიონის მიდამოებში ცხოვრობენ, და ყველა ამ ადამიანის მონათხრობი ზოგჯერ წვრილმან დეტალებშიც კი ემთხვევა. დოქტორ ნანდორ ფოდორს რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოჰყავს. ხედვების აღწერები დაწვრილებით იქნა დოკუმენტებად ჩაწერილი და აღიარებული იყო მათი შესაბამისობა რეალურ მოვლენებთან. აი, ერთ-ერთი ასეთი აღწერა:

„ეჯ ჰილის ბრძოლა, რომელიც 1624 წლის 22 სექტემბერს მოხდა (...). ორი თვის შემდეგ ამ ადგილზე მაცხოვრებელმა მწყემსებმა დააფიქსირეს განმეორებითი ბრძოლა, რომელიც ჰაერში გათამაშდა. ისმოდა სროლის და ყუმბარების ხმები, ცხენების ჭიხვინი და დაჭრილების ყვირილი. ხედვა საათობით გრძელდებოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში. მისი მოწმეები იყვნენ პატივსაცემი და სანდო ადამიანები. როცა ხმებმა ამ „ბრძოლის“ შესახებ კარლ I-ის ყურებამდე მიაღწია, მან ამ საქმის გამოსაკვლევად კომისია გამოგზავნა. წარგზავნილებმა არა მხოლოდ შეადგინეს დამადასტურებელი მოხსენება იმის შესახებ, რაც დაინახეს, არამედ მებრძოლებს შორის ზოგიერთი თავიანთი მეგობარიც იცნეს, და მათ შორის სერ ედმუნდ ვერნეი“.

დოქტორი ფოდორი დიდი ყურადღებით მოეპყრო ფსიქომეტრიული წინათგრძნობის შემთხვევას, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შეემთხვა გრაფ ბურგერ მერნერს. ეს შემთხვევა გამყარებული იყო მტკიცებულებებით, დადგინდა მისი სარწმუნოობა, და იგი აღწერილ იქნა გერმანულ პარაფსიქოლოგიურ გამოცემაში 1931 წელს.

“გრაფმა პატარა ბაღი გადაჭრა და შეიხედა ფანჯრიდან სახლში, რომლის გვერდზეც ჩაიარა, (...) და შეიძრა, როცა დაინახა ხანშიშესული ქალის სხეული, რომელიც ჭერის ძელზე დაკიდებულიყო (...), მაგრამ როდესაც სახლის ზღურბლს გადააბიჯა, დაბნეული შეჩერდა, რადგან დაინახა, როგორ დგებოდა ქალი სავარძლიდან, რათა მისთვის მოულოდნელი სტუმრობის მიზეზი ეკითხა. (...) რამდენიმე დღის შემდეგ (...) მან გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მოენახულებინა ეს სახლი, რათა შეემოწმებინა, ფანჯრის შუშის რაიმე თავისებურებამ ხომ არ გამოიწვია ოპტიკური ილუზია. როცა სახლს მიუახლოვდა (...), ზუსტად იგივე დაინახა. მაგრამ როცა ამჯერად სახლში შევიდა, ნახა, რომ ეს უბრალოდ ხილვა არ იყო. მოხუცის სხეული მართლაც ჭერზე ეკიდა. მას თავი მოეკლა“.

კონცენტრაცია ბროლის ბურთზე ასევე წარმოადგენს ერთგვარ ფსიქომეტრიას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნაცვლად იმისა, რომ ნივთი ხელში ეჭიროს, ფსიქომეტრი ყურადღების კონცენტრაციას კრისტალზე ან ბურთზე ახდენს, რათა მის შიგნით დაინახოს მოსალოდნელი ხატ-სახე.

კომენტარი

იმისთვის, რომ ამ სპეციფიური მაგიური პრაქტიკის ყველა ასპექტი მოვიცვათ, შეუძლებელია არ ვახსენოთ წინასწარმეტყველური სიზმრები. ასეთ სიზმრებში ჩვენ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ იმ აზრსაც კი, რომელზეც ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ (როგორც კრისტალზე კონცენტრაციის შემთხვევაში), და რომლისგანაც უნდა დაიბადოს ფსიქომეტრული პროცესი. წინასწარმეტყველურ სიზმრებში იგივე ელემენტები მონაწილეობენ, რომლებიც სხვა ზემოთნახსენებ მოვლენებში. მოვლენების აღბეჭდვა ხდება რაღაც მოუხელთებელ შუამავალზე, რომელსაც მათი შენახვა შეუძლია.

ამ გონს გააჩნია აზროვნების უნარი, რომელიც იმდენად აღემატება ადამიანურს, რომ შეუძლია მომავალი განსაზღვროს, რომ აღარაფერი ვთქვათ წარსულზე ან იმ მოვლენებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში ხდება, მაგრამ მოშორებულ ადგილას.

არსებობს გარკვეული მექანიზმი, რომლის წყალობითაც ფსიქომეტრი, ვიზიონერი ან სიზმარმხილველი უშუალოდ შედიან კონტაქტში სავარაუდო სუბსტანციასთან, რომელიც მოვლენებს იწერს, ან უმაღლესი გონიდან კითხულობს მის მეხსიერებაში ან წინარე-მეხსიერებაში დაფიქსირებულ მოვლენებს.

ეს კავშირი თავისი ბუნებით ტელეპატიურია, ან რაღაც საერთო აქვს ნათელხილვასთან, ან ბოლოს და ბოლოს სხვების აზრების კითხვასთან. რადგანაც ფსიქომეტრს არ შეუძლია თავად გამოიწვიოს ხედვები, არამედ უნდა იცოდეს, როდის გაჩნდებიან ისინი მის ცნობიერებაში, ცხადი ხდება, რომ ტელეპატიური კონტაქტორის როლს ცნობიერი კი არა, არაცნობიერი ასრულებს.

ახლა, იმისთვის, რომ სურათი უფრო მკაფიო გავხადო, წარმოგიდგენთ კაჰუნების უძველესი მაგიის საერთო სქემას. ყველაზე მთავარია - დაიმახსოვროთ, რომ ჰუნას სწავლების თანახმად, არსებობს ფაქტორების სამი ჯგუფი, რომლებიც მაგიაში მონაწილეობენ, და ასევე ადამიანის ფიზიკური სხეული. ყოველი ეს ჯგუფი თავის მხრივ შედგება სამი ელემენტისგან. ასეთი დაყოფის წყალობით ჩვენ შევძლებთ, რომ მოვაწესრიგოთ ფსიქომეტრიული მოვლენები, სისტემატიზაცია გავუკეთოთ ყველა ფაქტობრივ მასალას, და დეტალურად დავამუშავოთ იგი.

ათი ფაქტორი კაჰუნების მაგიასა და ფსიქოლოგიაში

სამი სული, რომლებიც ადამიანის არსებას (ცოცხალს ან მკვდარს) ქმნიან.

არაცნობიერს შეუძლია დაიმახსოვროს, მაგრამ ინტელექტუალური საქმიანობის სუსტი უნარი გააჩნია/ მას ლოგიკა არ ჰყოფნის. მისი ქმედებები ემოციებს ეყრდნობა - იგი ემორჩილება მათ, და თვითონვე წარმოშობს მათ.

ცნობიერი. არ გააჩნია მეხსიერება. აქვს ლოგიკური აზროვნების უნარი.

ზეცნობიერი. გააჩნია გონის გარკვეული ნაირსახეობა, რისი წყალობითაც ღებულობს სრულ ცოდნას „რეალიზაციის“ პროცესში. იცის წარსული, აწმყო და მომავლის ის ნაწილი, რომელიც უკვე კრისტალიზდა, საბოლოოდ დაიგეგმა, შეიქმნა და მზადაა განხორციელებისათვის.

მანას სასიცოცხლო ძალის სამი სახის ძაბვა, რომლებსაც ადამიანის სამი სული იყენებს. სხეულის ტალღები, ანუ დაბალი ძაბვის ელექტრული სასიცოცხლო ძალა. მას არაცნობიერი იყენებს. ამ ძალას შეუძლია ნაკადებად გაიაროს მოჩვენებით ძაფებში (აკა). ეს ძაფები „ასტრალურ ძაფებს“ ჰგავს. მას ასევე შეუძლია გადაიტანოს სუბსტანცია, როცა ერთიდან მეორე ადამიანზე გადადის. მას შეუძლია მიიღოს ცხოველური მაგნეტიზმის ფორმა და შენახულ იქნას ხეში ან სხვა ფოროვან მასალაში. დაბალი ძაბვის ამ ენერგიის მაღალმა მუხტმა, რომელსაც ნება მართავს, შეიძლება დამბლის ან „მესმერული“ ეფექტი გამოიწვიოს, ანუ ცნობიერების დაკარგვა, ძილი ან კატალეფსიის მდგომარეობა.

ტვინის ტალღები, ანუ მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა, რომელსაც ადამიანის ცნობიერი სული აზროვნებისა და ნებელობის ყველა გამოვლინებაში იყენებს. ნების სფეროში გამოყენებული სასიცოცხლო ენერგია მესმერულ ან ჰიპნოტურ ძალას წარმოადგენს - ამ სიტუაციაში ოპერატორის აზროფორმები პაციენტის ცნობიერებას გადაეცემა. სასიცოცხლო ძალის ეს სახე არ გადაადგილდება ნატიფი ძაფებით, როგორც უფრო ნაკლები ძაბვის ძალა (ყოველ შემთხვევაში ასეა მიჩნეული).

სასიცოცხლო ძალის მაღალი ძაბვა (რომელიც დღემდე შეუსწავლელია მეცნიერების მიერ). კაჰუნები ამტკიცებენ, რომ იგი ზეცნობიერების მიერ მისი მიზნებისთვის გამოიყენება. უფრო სავარაუდოა, რომ ესაა ელექტრული ენერგია, რომლის დაძაბულობაც საწყისს იღებს ატომების დაშლისგან.

უჩინარი სუბსტანციის (ეთერულის ან ასტრალურის) სხეულები, რომლებშიც სამი სული იმყოფება. მათი ორი დაბალი ფორმა ჩვეულებრივ შეესაბამება ერთმანეთს და ადამიანის სხეულს მისი ფიზიკური სიცოცხლის პერიოდში. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ორი უჩინარი სხეული ერთმანეთთან რჩება დაკავშირებული, თუ მათ რაიმე უბედური შემთხვევა არ დააშორებს.

არაცნობიერის ნატიფი სხეული. ყველაზე „მკვრივი“ სამ სხეულს შორის. გააჩნია სპეციფიური თვისება - „მიეწეპოს“ ყველაფერს, რასაც ადამიანი ეხება (უსმენს ან ხედავს). როცა უშუალო კონტაქტი წყდება, იგი თავის შემდეგ ტოვებს გრძელ უჩინარ ძაფს, რომელიც ისე აკავშირებს მას ნივთთან, თითქოს მასთან ურთიერთქმედებას განაგრძობდეს. (არაა ცნობილი, თუ რამდენად მაგარია ეს ძაფი, ანუ ეს უჩინარი სუბსტანცია, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე მუდმივობის შემნარჩუნებელი ფიზიკური სუბსტანციები).

კაჰუნების სწავლების თანახმად, ამქვეყნად ყველაფერს მსგავსი ნატიფი სხეულები გააჩნია, იქნება ეს კრისტალები, მცენარეები, ცხოველები, საგნები, და რა თქმა უნდა ადამიანები და ღვთაებები, ასევე ცალკეული აზრები, და ამ ყველაფერს კაჰუნებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ მაგიურ თეორიასა და პრაქტიკებში. ასეთი მოჩვენებისმაგვარი მატერია წარმოადგენს ელექტრული სასიცოცხლო ენერგიის და მისი ძაბვის ძალის სრულყოფილ გამტარს. იგი წარმოადგენს ადგილს, სადაც ასეთი ენერგიის დაგროვებაა შესაძლებელი. როცა მას (სუბსტანციას) დაბალი ძაბვა აღავსებს, იგი უძრავი ხდება და ისეთ ძალას იძენს, რომ შეუძლია შეასრულოს „ბერკეტის“ როლი, ანუ იმ ინსტრუმენტის, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვამოძრავოთ ნივთები, ან რაიმე ზეგავლენა მოვახდინოთ მათზე. მაგალითად, შეგვიძლია მოძრტაობა ვაიძულოთ მაგიდას, სპირიტულ სეანსებზე.

ცნობიერის სულის ნატიფი სხეული. უფრო ნაკლებად მკვრივია, ვიდრე არაცნობიერის სხეული. სავარაუდოდ იგი არაა წებოვანი და არ იწელება ძაფებივით. მას შეუძლია გაატაროს დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ ყოველთვის არ აკეთებს ამას. ამავდროულად, იგი უეჭველად წარმოადგენს საშუალო ძაბვის გამტარს, ანუ მისთვის დამახასიათებელის, რომლის გამოყენებასაც გონის ეს ფორმა ამჯობინებს კიდეც. იგი ქმნის სულიერ სხეულს, რომელიც - მოჩვენების სახით - განაგრძობს ფუნქციონირებას ადამიანის სიკვდილის შემდეგ.

ზეცნობიერის ნატიფი სხეული. ზეცნობიერი სავარაუდოდ ამ უხილავ და ძალიან ნატიფ სხეულში იმყოფება მთელი დროის განმავლობაში. იგი იშვიათად შედის უშუალო კონტაქტში თავის ფიზიკურ სხეულთან. დიდი ალბათობით ამ სხეულს დაბალი თანრიგის ნატიფი სხეულებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნობილი ტერმინების გამოყენება საქმეს გაგვირთულებდა. უფრო მოსახერხებელი იქნება კაჰუნების ტერმინოლოგიიდან აღებული სახელების გამოყენება. ქვემოთ მოგვყავს წინა გვერდებზე ფორმულირებული მაგიის ათი ელემენტის განსაზღვრება იმისთვის, რომ მკითხველმა უფრო მკაფიოდ გამოყოს ისინი. ესაა გამარტივებული დასახელებები ათი ფაქტორისა, რომლებიც კაჰუნების უძველეს ფსიქოლოგიურ სქემას შეადგენენ.

1. დაბალი სული, ანუ დაბალი „მე“ - არაცნობიერი. ეს იზოლირებული სულია.

2. დაბალი მანა, ანუ სასიცოცხლო ენერგიის დაბალი ძაბვა, რომელსაც დაბალი სული იყენებს.

3. დაბალი აკა, ანუ დაბალი „მე“-ს დაბალი ნატიფი სხეული (ასტრალური ან ეთერული სხეულის ანალოგი).

4. საშუალო სული, ანუ შუა „მე“ - ცნობიერი გონება, სული, არსება. წარმოადგენს ცალკე არსებობას და არააა დაბალი „მე“-ს განუყოფელი ნაწილი.

5. საშუალო მანა, ანუ სასიცოცხლო ენერგიის საშუალო დაძაბულობა, რომელსაც მხოლოდ შუა სული იყენებს.

6. საშუალო აკა, ანუ საშუალო ნატიფი სხეული, რომელშიც საშუალო სული იმყოფება.

7. მაღალი სული, ანუ მაღალი „მე“ - ზეცნობიერი. იზოლირებული სული, რომელიც თავისუფლად უკავშირდება საშალო და დაბალ „მე“-ებს. ასრულებს „ზე-მე“-ს, ანუ მფარველი მშობლის სული ფუნქციას.

8. მაღალი აკა, ანუ მაღალი „მე“-ს ნატიფი სხეული, მისი სამკვიდრებელი.

9. მაღალი მანა, ანუ მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა, რომელსაც უმაღლესი „მე“ იყენებს.

10. ადამიანის სხეული - ფიზიკური სხეული, რომელშიც იმყოფებიან დაბალი და საშუალო „მე“-ები თავისი „აკა“-ების მეშვეობით, და რომელიც ამ „მე“-ების მიერ ფიზიკური ცხოვრების განმავლობაში გამოიყენება. მაღალი „მე“ თავისუფლად უკავშირება მას, შესაძლოა აკას ძაფების მეშვეობით, რომლებიც დაბალი „მე“-ს ნატიფი სხეულისგან წარმოიშობა.

ეს კი ზემოთმოყვანილი დასახელებების ჰავაური სახელწოდებებია:

დაბალი „მე“: უნიჰიპილი.

დაბალი სასიცოცხლო ძალა: მანა.

დაბალი ნატიფი სხეული: კინო აკა.

საშუალო „მე“, ანუ სამშვინველი: უჰანე.

სასიცოცხლო ძალის საშუალო დაძაბულობა: მანა-მანა (ყურძნის „რქის“ განტოტვის სიმბოლო), (ფუძის გაორმაგება ხშირად მიანიშნებს გამოთქმის მნიშვნელობის გაძლიერებაზე).

საშუალო ნატიფი სხეული: კინო აკა (არ არსებობს განსხვავება დასახელებაში მასა და დაბალ ნატიფ სხეულს შორის).

მაღალი (უმაღლესი) „მე“, ანუ სული: აუმაკუა (უფრო ძველი მნიშვნელობით „მშობლის სული, რომელიც სრულიად იმსახურებს ნდობას“). არსებობს კიდევ მრავალი სხვა დასახელებაც, რომელიც მაღალ „მე“-ს მის მრავალრიცხოვან ამპლუაში განსაზღვრავს, და სრულიად გასაგებია, რომ კაჰუნები მას დიდ ყურადღებას უთმობდნენ.

სასიცოცხლო ძალის მაღალი ძაბვა: მანა-ლოა (აღნიშნავს ყველაზე მაღალი საფეხურის, ყველაზე ძლევამოსილ ძალას). მაღალი „მე“-ს სიმბოლოს წარმოადგენს მზე, ხოლო მისი ძლევამოსილების სიმბოლოა მზის შუქი.

მაღალი ნატიფი სხეული: კინო აკა. იგივე ტერმინი, რაც ორი დაბალი სხეულისთვის გამოიყენება. ბერბერი კაჰუნები თვლიდნენ, რომ მისი სიმბოლო მთვარეა.

ფიზიკური სხეული: კინო.



თავი 8

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

აზრების კითხვა, ნათელხილვა, წინასწარ განჭვრეტა, კრისტალზე დაკვირვება, და ფსიქომეტრიასთან დაკავშირებული ყველა ფენომენი, რომელიც ჰუნას სისტემის ელემენტების ენით არის ახსნილი

ქეისი 13

აზრების კითხვა

წინასწარი შენიშვნები:

თუ ვინმე სწავლისთვის განსაზღვრულ, წყნარ გარემოში დაჯდება და სხვების აზრების წაკითხვას შეეცდება მან უნდა იცოდეს (1) რაღაც გზა, რომ კონტაქტი დაამყაროს ადამიანთან, ვისი გონების წაკითხვაც რამდენიმე მეტრის მოშორებით სურს, და (2) კონტაქტის დამყარების შემდეგ, მას უნდა ჰქონდეს სხვის გონებაში ფიქრების დანახვის ან შეგრძნების უნარი და შეეძლოს ამ შთაბეჭდილებების თავისთან მოტანა.

თანამედროვე ფსიქოლოგია და ფსიქიკური მეცნიერება არ გვთავაზობს ახსნა-განმარტებებს ამ ორი მექანიზმის შესახებ. გონებრივი რადიო-გადაცემის იდეას ის ფაქტი უწევს დისკრედიტაციას, რომ რადიო-გადაცემისგან განსხვავებით, ტელეპატიური კომუნიკაციისას მანძილს მნიშვნელობა არ აქვს. გონებრივი „ვიბრაციის“ იდეას, რომელიც ხმის მიერ ჰაერის ვიბრაციის თეორიიდანაა აღებული, ცოტაოდენი პრაქტიკული დახმარებაც კი არ გაუწევია. ის იდეა, რომ განცალკევებულმა სულებმა შესაძლოა სხვისი ფიქრები მიიღონ და ჩვენამდე მოიტანონ, ასევე არ გამოდგება ახსნა-განმარტებად. ეს კი გვიტოვებს ერთადერთ ახსნას, რომელსაც შეუძლია პირობების დაკმაყოფილება — ჰუნას ახსნა-განმარტებას.

ქეისი:

ერთხელ მე ვცადე სხვების ფიქრები წამეკითხა. მე ავირჩიე ჩემი ლაბორატორიის სასწავლო ოთახი. ჩემი მეთოდი გახლდათ სტუდენტის თავზე თვალების მიშტერება, ჩემი საკუთარი ფიქრების ჩახშობა და შთაბეჭდილებების ლოდინი. ასე ვაკეთებდი ათწუთიანი ინტერვალებით რამდენიმე დღის მანძილზე სანამ შედეგი არ მივიღე.

იყო მომენტები, როდესაც ფიქრი ან შთაბეჭდილება ჩემს თავში ისე ამოტივტივდებოდა, თითქოს რაღაც გამახსენდა. ვიცოდი რა, რომ ამ მოგონებებს ჩემს წარსულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მე ისინი მივიღე, როგორც იმ გონებიდან წამოსული ფიქრები, რომლის წაკითხვასაც ვცდილობდი. ჩემი აქტივობის შესახებ რამდენიმე მეგობარს გამოვუტყდი, რათა მათთვის მეკითხა, თუ რამდენად სწორად ვკითხულობდი აზრებს. უმეტესწილად უინტერესო ფაქტებს ვარჩევდი - უმიზნო ფიქრებს, როდესაც ცნობიერი გონება აქტიურად ჩართული არ იყო. მე ვიღებდი მოგონებებისმაგვარ შთაბეჭდილებებს ახალ კაბაზე, რომლის შეძენაც სურდათ; სკეიტბორდზე კატაობის სურვილზე; ახალგაზრდა კაცის მორცხვ სიყვარულზე.

მალე ჩემი მეგობრები დავღალე, უფრო სწორად შევაშფოთე ჩემი მზერით და ამიტომ ამ ექსპერიმენტს შედეგი არ მოჰყოლია. შემდეგ ყურადღება გადავიტანე ახალგაზრდაზე, რომელიც უფრო ფანტაზიორი ჩანდა.

თავდაპირველად მე მის ფიქრებში ამოვიკითხე უცნაური ოთახის სურათი, პატარა, მსუბუქად განათებული და დახურული — მაგრამ მიმზიდველი, მიუხედავად მისი არეული ავეჯის და ორკაციანი საწოლებისა. მოგვიანებით დავინახე პატარა, მოხუცი ჩინელი, კარგი კბილებით, მაგრამ თითქმის უნიკაპო. ეს კაცი თითქოს ჩემს სუბიექტს რაღაცაზე ესაუბრებოდა, რაც მკაფიოდ ვერ გავიგონე. შემდეგ მივიღე ამ ჩინელის სახელი „ციყვი“. ამაზე გამეცინა და ჩავთვალე, რომ ეს ზედმეტსახელი მე თვითონ მოვიგონე მისი კბილების და ნიკაპის გამო.

ბოლოს კი ამოვიკითხე, რომ ჩემი სუბიექტი ამ ოთახისკენ გამუდმებით მიისწრაფოდა - უნდოდა რაღაც მიეღო და გაესინჯა, რაც ამ ოთახთან და „ციყვთან“ იყო დაკავშირებული.

როდესაც ჩავთვალე, რომ საკმარისი ინფორმაცია მქონდა, რომლითაც ჩემი სუბიექტის გონება იყო სავსე, მე ის ერთ დღეს გვერდზე გავიყვანე, წარვუდგინე ჩემი თავი და დავუწყვე გამოკითხვა, თუმცა მისგან მკაცრი და ბრაზიანი უარყოფების გარდა ვერაფერი მივიღე. ჩემი შემდეგი, უფრო გრძელვადიანი ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რომ ამ ოთახის და ჩინელის საქმესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თავიდან ეს ვერ გავაანალიზე.

როდესაც ჩემი თავი სხვა ახალგაზრდა კაცის ფიქრების წასაკითხად განვაწყვე, ჩემდა გასაოცრად ერთ დღეს მის ფიქრებში იგივე მისწრაფება და იგივე ოთახის და ჩინელის სურათი დავინახე. თუმცა აქ უფრო მეტად შიშს ვხედავდი, ვიდრე მისწრაფებას. შიში და მისწრაფება ერთმანეთს ებრძოდნენ რაღაც „ღრმა გემოს“ გამო, რომელიც მე ისე ვიგრძენი, თითქოს ის ჩემს საკუთარ სხეულში ყოფილიყო. რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა იყო ისევ იმ ჩინელთან დაკავშირებული სახელი „ციყვი“.

მე მივეახლე მეორე სტუდენტს და დავიწყე მისი გამოკითხვა. ვუთხარი, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას რაღაცის ეშინოდა და ვკითხე მართლა ასე იყო თუ არა. ის გაფითრდა და მითხრა, რომ მართალი ვიყავი. შემდეგ მას ოთახზე და ჩინელზე დავუწყე საუბარი. ის აკანკალდა და მკითხა თუ ვინ „ჩაუშვა“. მე დავამშვიდე და ვუთხარი, რომ პირდაპირი ინფორმაცია არ მქონდა. შემდეგ მოვუყევი ჩემი აზრების კითხვის ექსპერიმენტის შესახებ და ვუთხარი, რომ მსგავსი ფიქრები სხვა სტუდენტის გონებაშიც ამოვიკითხე, რომელიც მისი მეგობარი უნდა ყოფილიყო. ჩემი სუბიექტი თავიდან ჩაფიქრდა — ჯერ კიდევ გაფითრებული და აკანკალებული — შემდეგ ნერვიული სიცილი აუტყდა და ყველაფერი უარყო, ისიც კი, რომ შეშინებული იყო. ასევე მითხრა, რომ ჩემი საქმისთვის მიმეხედა.

რამდენიმე თვის შემდეგ საქმეში ბოლომდე გავერკვიე და შევიტყვე, რომ ყველაფერი, რაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ „ამოვიკითხე“, მართალი ყოფილა. ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფს ცნობისმოყვარეობის გამო ოპიუმის მოწევა დაუწყია. ჩინელს, ვის ოთახებშიც ეს ბიჭები დადიოდნენ, მართლაც „ციყვს“ ეძახდნენ. მისი სახეც ზუსტად დავინახე. ოპიუმის მწეველთა ჯგუფის წევრები თანდათან დამოკიდებულნი ხდებოდნენ ოპიუმზე. ორი ახალგაზრდა კაცი, ვისი ფიქრებიც ასე წარმატებით წავიკითხე საკლასო ოთახში, ამ ჯგუფის წევრები იყვნენ. პირველს არ ეშინოდა; მას მხოლოდ მიდრეკილება ჰქონდა მოწევაზე. მეორეს კი, მიდრეკილების გარდა, იმის შიშიც ჰქონდა, რომ მოწევაზე დამოკიდებული ხდებოდა და ამ ჩვევას ვეღარ გადააგდებდა.

კომენტარი:

წინამდებარე მაგალითში ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეცნობიერი, ანუ დაბალი მე, არის ის, ვისაც ევალება, ჩვენს ბრძანებაზე, შეუდგეს სხვების აზრების კითხვის სწავლას. ამის მტკიცებულება არის ის, რომ ცნობიერ მეს, ანუ შუა სულს, არ ძალუძს აზრების წაკითხვა რანაირადაც არ უნდა სცადოს ეს. ადამიანმა უნდა გაათავისუფლოს დაბალი მე და განიტვირთოს გონებრივად, გადავიდეს მოლოდინის რეჟიმში და დაელოდოს თუ რის გაკეთებას შეძლებს ქვეცნობიერი ჩვენი ბრძანების მიღების შემდეგ.

ადამიანების უმრავლესობას აქვს უნარი, რომ ისწავლოს ცნობიერების მარტივი ფსიქიკური მოქმედებები. თუმცა, საჭიროა პრაქტიკა. ზოგი სხვებზე სწრაფად სწავლობს, ზოგს კი ბუნებრივად აქვს ეს უნარი. იგივე შეიძლება ითქვას ჰიპნოზური იმპულსის, ტელეპატიის, კრისტალზე დაკვირვების და წინასწარმეტყველების შესწავლის შესახებ (მეტ-ნაკლებად ეს ეხება ყველა წინასწარმეტყველურ აქტივობას, იმ მიზეზით, რომ მომავალთან დაკავშირებული ინფორმაცია მაღალი მესგან უნდა მოდიოდეს, თუ ეს ინფორმაცია იმ მომენტში უკვე კრისტალიზებულია და მომავალში ფაქტი უნდა გახდეს. არაკრისტალიზებული მომავალი კი არ ჩანს, ჰუნას მიხედვით.)

იმისათვის, რომ იმ ადამიანთან დამყარდეს კავშირი, ვისი აზრებიც უნდა წაიკითხონ (ჰუნას თეორიის მიხედვით), ქვეცნობიერმა მემ თავდაპირველად აკას, ანუ ჩრდილისებრი სხეულის ძაფი უნდა გაგზავნოს სუბიექტის ქვეცნობიერთან დასაკავშირებლად. (ეს ასევე ხდება ტელეპატიის, ჰიპნოზის და ლოცვის დროს — ამ უკანასკნელისას კონტაქტი მაღალ მესთან მყარდება. ყველა ლოცვა ტელეპატიურია.)

ქვეცნობიერს აქვს უცნაური უნარი, გარდაქმნას თავისი ჩრდილისებრი სხეულის ნაწილი, დაახლოებით ისე, როგორც ამება გარდაქმნის თავისი სხეულის ნაწილს, რომ წარმოშვას (გამოძერწოს) ხელი, რისი მეშვეობითაც საჭმლის ნაწილაკს აიღებს. კაჰუნების ლექსიკონი ამ ფაქტის აღსაწერად რამდენიმე სიტყვას გვთავაზობს. თავდაპირველად იქმნება „ხელი“ და იმ ადამიანისკენ იჭიმება, ვისთანაც გვსურს კონტაქტის დამყარება. შემდეგ, სუბიექტთან მიახლოებისას, საჭიროა „შერჭობა“ და მის ჩრდილისებრ სხეულში შესვლა, ისევე როგორც შუბი ერჭობა სქელ ფიზიკურ სხეულს.

უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჰუნას თეორიის მიხედვით, სუბიექტს, თუ ამ უკანასკნელმა მის უხილავ სხეულში შეხებისა და შერჭობის შესახებ იცის, შეუძლია ქვეცნობიერს უბრძანოს წინააღმდეგობის გაწევა. ეს სუბიექტის შუა მეს, ანუ ცნობიერი გონების სურვილით ხდება. (ასევეა შესაძლებელი ჰიპნოზური იმპულსის მოგერიებაც.)

მესამე ნაბიჯია, მას შემდეგ რაც სუბიექტთან მყარდება კონტაქტი და ის წინააღმდეგობას არ წევს, ჩრდილისებრი ძაფით ორი ინდივიდის დაკავშირება. მას თან მიაქვს დაბალი მანას ნაკადი, ანუ დაბალი ძაბვით დამუხტული მთავარი ძალა.

ელექტრულად დამუხტული უხილავი მავთულით დაკავშირების შემდეგ, აზრთა-მკითხველის ქვეცნობიერი, ძაფის ბოლოში, ახდენს მისი სენსორული ორგანოების მცირე ნაწილის პროექციას და აკვირდება თუ რა ფიქრები ირევა სუბიექტის გონებაში, ამ ფიქრებს თავის პერსონალურ ჩრდილისებრ სხეულში აზრო-ფორმებად აკოპირებს, და მთავარი ძალის ნაკადის მეშვეობით აზრთა-მკითხველის ცნობიერების ცენტრში აგზავნის ¬— სადაც აზრები შუა მეს ცნობიერების ცენტრში ექცევა (ისევე როგორც მოგონებას ვიხსენებთ სურვილისამებრ, დაბალი მეს მეშვეობით) და აღიქმება აზრთა-მკითხველის შუა მეს მიერ.

ზედა აბზაცი ფასდაუდებელ ინფორმაციას შეიცვას. წლები დაჭირდა კაჰუნების სიტყვების დაფარული მნიშვნელობის გამორკვევას და საბოლოოდ იმის დანახვას, თუ რა ხდება ამ დროს. ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის ასახსნელად საჭიროა მისი დეტალური განხილვა.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ, არის ის, რომ დაბალ მეს, თავის ჩრდილისებრ სხეულში, აქვს ფიზიკური სხეულის ყველა უჯრედის და ქსოვილის ასლი, შესაბამისად აკოპირებს (აორმაგებს) ყველა სენსორულ ორგანოს. ასე რომ არ იყოს, სულები, რომლებიც მედიუმების საშუალებით გვეკონტაქტებიან, იქნებოდნენ ყრუები, სულელები და ბრმები — რაც ფაქტებთან შეუსაბამოა.

იმის მტკიცებულება, რომ დაბალ, ჩრდილისებრ სხეულში არის გრძნობითი ორგანოების ასლები, შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა ექსპერიმენტებში, რომლებიც იმ ხალხზე ჩატარდა, ვინც თავიანთ დაბალ მე-ებს ასწავლეს, რომ გამოეყოთ თავიანთი ჩრდილისებრი სხეულის პროექცია და რაღაცები შეეგრძნოთ ფიზიკურ თვალებზე, ყურებზე, შეხებაზე, და ა.შ. დამოკიდებულების გარეშე. კუდა ბუქსს, ცეცხლზე-მოსიარულე, რომელიც ადრე ვახსენეთ, შეეძლო მისი მხედველობის გრძნობა თვალებიდან ზურგზე გადაეტანა და თვალახვეულს წაეკითხა მის შიშველ ზურგთან დადებული გაზეთის სათაურები.

მე მინახავს ერთი ბრმა ადვოკატი როგორ შევიდა მაღაზიაში და ნელა გაუკვალავს გზა დახლების ლაბირინთებში, ის მხოლოდ თავის განვითარებულ უნარს ეყრდნობოდა, რომ აერიდებინა დაბრკოლებები ჩრდილისებრი სხეულის გრძნობითი ორგანოების ასლების მეშვეობით. ომში დაბრმავებულ კაცებს ახლახანს ასწავლეს გზაზე დაბრკოლებების შეგრძნება, სამუშაო დაფუძნებულია სმენის გრძნობის შესაძლო გაძლიერებაზე. ისინი იყენებენ პატარა ვიბრირებად პრუჟინებს და მოწაფე უსმენს პრუჟინების ხმის ექოს, მას ეუბნებიან, რომ არის სუსტი ექო და მას დროთა განმავლობაში შეუძლია ისწავლოს მისი გაგონება და ამოცნობა, თუ რა მანძილზეა იგი კედლიდან, კარებიდან, ან რაიმე ობიექტიდან. დააკვირდნენ, რომ როდესაც თოვს მანძილის შეგრძნების უნარი იკარგება. ფანტელები ისეთ ხმას არ გამოსცემენ, რომ ამის მიზეზიად ჩაითვალოს, მაგრამ თუ ჩრდილისებრი სხეულის პროექცია არის გაგზავნილი, ის შეეხება ფანტელებს და მათ შესახებ აიღებს ინფორმაციას და არა უფრო შორეული ობიექტების შესახებ. რა თქმა უნდა შესაძლებელია არსებობდეს ძალიან განსხვავებული უნარი, კარგად გაწრთვნილი ქვეცნობიერის მხარეს, რომ დაიჭიროს ხმის ექოები, შორეული ობიექტებისგან, და ასე გაზომოს მანძილი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ცალკე აღებული ფიზიკური ყური არ არის საკმარისად მგრძნობიარე ორგანო — მას დამატებით ჭირდება დახმარება, რაზეც პროექციის თეორია საუბრობს.

მედიუმებს, სპირიტუალური სეანსებისას, ხშირად ჰქონიათ სხეულიდან გასვლის გამოცდილება გარკვეული დროის მანძილზე და განსაკუთრებულ შემთხვევებში (რომლებსაც მოგვიანებით გამოვივკლევთ). ამ მომენტების დროს (ჩვეულებრივ, როდესაც ფიზიკური სხეული ღრმა ტრანსის მდგომარეობაში, ან უგრძნობ მედიტაციაშია) მედიუმების შეგრძნებები გაცილებით უფრო მკაფიო ხდება, ვიდრე მაშინ როდესაც ისინი ჩვეულებრივ, ფიზიკურ ორგანოებს იყენებენ. ისინი ასევე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ უფრო სწრაფად და სუფთად აზროვნებენ, როდესაც ფიზიკურის გარეთ, ჩრდილისებრ სხეულში იმყოფებიან.

როდესაც ადამიანი სხეულს ტოვებს უფრო გრძელვადიანი პერიოდით და მიდის უფრო შორეულ ადგილებში, ამას „ასტრალურ მოგზაურობას“ ეძახიან. მოგზაურობის ასეთი ფორმის დასადასტურებლად უამრავი რამ დაწერილა, რომ ეს შესაძლებელია და ფაქტია. ასეთი მოგზაურობებისას შორეული ადგილები და ადამიანები სწორად და ადეკვატურადაა ნანახი.

აზრების კითხვასა და ასტრალურ მოგზაურობას შორის განსხვავება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა დაბალი ჩრდილისებრი სხეული პროეცირებული. თუ მხოლოდ მცირე ნაწილია პროეცირებული, ცნობიერების ცენტრი ფიზიკურ სხეულში რჩება, რომელიც მოიცავს დაბალი ჩრდილისებრი სხეულის მასას. მაგრამ თუ პროექცირებულია დაბალი ჩრდილისებრი სხეულის მასა და დატოვებულია მხოლოდ ჩრდილისებრი ნივთიერების მოსქელო ძაფი, რათა ის ფიზიკურ სხეულთან დაკავშირდეს (ასტრალური სიმი), ცნობიერების ცენტრი აუცილებლად გადაადგილდება ჩრდილისებრი სხეულის უდიდეს ნაწილთან ერთად და რეალურად არის წარმოდგენილი იმ შორეულ ადგილზე, რომელსაც ეწვია.

სწორედ ამიტომ ამახსოვრდებათ ნანახი, ასტრალური მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. ჰუნა განმარტავს თუ როგორ იქმნება მოგონებები — და ამ დროისთვის, ჩვენ, თანამედროვეებს, სხვა ახსნა-განმარტება არ გვაქვს. მოგონება არის ფიქრი, რომელიც ინახება ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების მიკროსკოპულ ნაწილზე აღბეჭდვისას.

აღმოჩნდა, რომ ფიქრის/აზრის წარმოქმნა შეუძლია ადამიანის სამივე სულს, ისევე როგორც ცხოველებს და სიცოცხლის უფრო დაბალ ფორმებსაც. აზროვნების პროცესი სასიცოცხლო ძალის გარკვეული ძაბვის მეშვეობით ხორციელდება. როდესაც აზრი უკვე ფორმირებულია, მას თავისი ჩრდილისებრი სხეული ეძლევა და ებმება იგივე სუბსტანციის ძაფით (ან უშუალო კონტაქტით) აზრებს, რომლებიც მოვიდნენ მანამდე, ან მის მერე (ასე ხსნის თანამედროვე ფსიქოლოგია ცნებათა ასოციაციური კავშირების იდეას).

როდესაც ფიქრი/აზრი შეიქმნება და აღიბეჭდება ჩრდილისებრი სხეულის სუბსტანციის გარკვეულ ნაწილზე, მას იღებს დაბალი „მე“ და ინახავს დაბალი ჩრდილისებრი სხეულის იმ ნაწილში, რომელიც ჩვეულებრივ ტვინის იმ სექციებს შეესაბამება, რომლებიც ჩვენ ვიცით, რომ დაკავშირებულია მეხსიერების პროცესთან. ფხიზელ მდგომარეობაშიც და ძილშიც, ეს აზრო-ფორმები ტვინის ქერქში მდებარეობენ, და როდესაც შუა „მე“-ს რაღაცის გახსენება სურს, მაგალითად მეგობრის სახელის, დაბალი „მე“ მას პოულობს იმ ადგილში, სადაც ისინი ტვინში მის ჩრდილისებრ დუბლიკატში ინახებიან. შემდეგ დაბალი „მე“ ამ მოგონებას გადასცემს შუა „მე“-ს გადასცემს. მოგონებების გახსენება ჯაჭვური რეაქციით ხდება, სასურველი მოგონების გახსენებასთან ერთად, მასთან ასოცირებული მოგონებებიც ამოტივტივდება ხოლმე.

მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ნაცნობი ადამიანის სახელს, ჩვენ ასევე გვახსენდება თუ როგორ გამოიყურება ის, როგორია მისი ხმა და სად ვხვდებით ხოლმე მას. მეხსიერების გაფართოება შესაძლებელია ამ ასოცირებული იდეების, ანუ აზრო-ფორმების გულმოდგინე დაკვირვებით. კაჰუნები, როგორც გვახსოვს, საუბრობდნენ ამ ასოცირებულ აზრო-ფორმებზე, როგორც “მტევნებზე“ ¬— მტევნებზე (კლასტერებზე), როგორებიცაა კენკრის ან ყურძნის. ყურძნების გროვა ამ მექანიზმს ყველაზე კარგად ასახავს, რადგან თითოეული მარცვალი თავის ღეროზეა მიბმული, ღეროები ცენტრალურ ღეროსთან, და ის ვაზთან და მის ფესვებთან, და მიწასთან, და მისი მეშვეობით ყველაფერთან, რაც მიწასთანაა გაფესვიანებული.

ის ფაქტი, რომ ფიქრის პროცესში სასიცოცხლო ძალა გამოიყენება, კარგადაა წარმოჩენილი სხეულისა და ტვინის ტალღების ექსპერიმენტების მეშვეობით. ეს არ არის რადიო პროექციის ტალღები — ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია — მაგრამ ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული სხეულთან, რომელიც მისი მოქმედების წრეს საზღვრავს. ტალღების ემისიის პერიოდულობის გრაფები, რომლებიც მცირე ელექტრულ მუხტებს ატარებენ ნერვების და სხეულის სხვა ქსოვილების გავლით, აჩვენებენ, რომ როდესაც ადამიანს სძინავს ტალღების მოძრაობა სრულიად განსხვავებულია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დაბალი მე მთავარი ძალის განსხვავებულ ძაბვას, განსხვავებულად იყენებს ფიქრის პროცესში, ძილისა და სიზმარხილვის დროს. ყველაზე აღსანიშნავი და უჩვეულო გრაფები გამოწვეულია დაბალი და შუა მეების ფიქრის კომბინირებული პროცესით, სიფხიზლის დროს. უგონო მდგომარეობაში ჩამწერი მანქანის ისარი თითქმის არ აჩვენებს ელექტრულ აქტივობას, რაც გრაფის ხაზებს ნულოვან მაჩვენებელზე ტოვებს. ეპილეფსური შეტევებისას, გრაფის ხაზები ძალიან მაღალ მაჩვენებელზე ადის შეტევის პიკის დადგომამდე, და ნულამდე ეცემა ტიპური „დავარდნის“ შემდეგ, როდესაც უგონო მდოგმარეობა იკავებს ადგილს (და, სავარაუდოდ, ქვედა და შუა მეები ცოტა ხნით ტოვებენ სხეულს).

მკითხველს რომ საქმე გავუადვილო, აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეპილეფსია შედეგია უსხეულო დაბალი სულების გამუდმებული შეტევებისა, რომლებსაც შეუძლიათ დაიმორჩილონ ავადმყოფობისგან დასუსტებული ადამიანის დაბალი „მე“. მათ შეუძლიათ, რომ რამდენიმე წუთით „ამოქაჩონ“ მისი სხეულიდან სასიცოცხლო ენერგია, მიუხედავად ორგანიზმის წინააღმდეგობისა. ის, რომ სასიცოცხლო ძალა სხეულს ტოვებს, ცხადი ხდება, რაზეც მოწმობს გონების დაკარგვა, შემდეგ კი ადამიანის ნელი დაბრუნება ძველ მდგომარეობაში და უწინდელი ძალების აღდგენა. სასიცოცხლო ძალას ჩვენ საჭმლისგან ვიღებთ. ითვლება, რომ დაბალი „მე“-ს ან დაბალი სულების მიერ ენერგიის მოპარვის შემდეგ შაქარი სისხლში თანდათანობით იწვება, სასიცოცხლო ძალის რეპროდუქცია კი იზრდება. ასევე შესაძლოა, რომ დაბალი და საშუალო „მე“-ები იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი ადგილსამყოფელი, როცა ენერგიის „მოპარვა“ ხდება. ისინი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ბრუნდებიან, დამაკავშირებელი ძაფებით, რომლებიც მათსა და ფიზიკურ სხეულს შორისაა გაჭიმული.

ჰიპნოზი, იმ შემთხვევებში, რომლებიც მე შევისწავლე და გამოვიკვლიე, მნიშვნელოვანი წარმატებით გამოიყენება იმისათვის, რომ გაძლიერდეს პაციენტის წინააღმდეგობა პერიოდული შეტევების მიმართ. ეს პრობლემა მჭიდროდაა დაკავშირებული „მე“-ების გაყოფის პროცესთან, „მე“-ს შეცვლის პროცესში პიროვნების გაორების ან სულებით შეპყრობილობის დროს, რასაც საბოლოოდ ფსიქიკურ ავადმყოფობებამდე მივყავართ. ასეთ შემთხვევებში შემპყრობელ სულს მის მიერ შეპყრობილ სხეულში ცხოვრებას ინსულინური შოკის მეთოდის გამოყენებით ურთულებენ. შემპყრობელი სული გარკვეული დროის შემდეგ ტოვებს სხეულს, და მის კანონიერ მფლობელებს შეუძლიათ მასში დაბრუნდნენ.

ჩრდილისებრი სხეულის ნაწილის, ან მთავარი მასის პროექციის მექანიზმი (დაბალი, ან შუასთან კომბინირებული, როგორც ცნობიერი ასტრალური მოგზაურობისას), არის ის, რაც ახლოდან შესწავლას საჭიროებს. გამოძიების იმ მომენტიდან, რომელშიც მე ახლა ვიმყოფები, შეუძლებელია ითქვას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს განახორციელოს ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების ძაფის პროექცია ოთახის სიგრძეზე, ან მთელი ჩრდილისებრი სხეულის მასისა, ნახევარი კონტინენტის გადაღმა. მაგრამ ყველაზე დიდი გამოცანა - ესაა ჩრდილოვანი სხეულის მაგნეტური თვისებები. ასეთი თვისებების არსებობა თვალნათლივია, რადგან როდესაც ჩრდილოვანი სუბსტანცია სასიცოცხლო ძალითაა აღვსილი და მოქმედებს ცნობიერების ზემოქმედებით, იგი იქცევა, როგორც მოძრავი ძალა, რომელიც მიიზიდავს ან განიზიდავს - მსგავსად გაწვდილი „ხელისა“ - როგორც ამას კაჰუნები განსაზღვრავდნენ. როდესაც ეს მექანიზმი ბოლომდე იქნება შესწავლილი, მაგნეტიზმმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს, რადგან ჩრდილოვანი სიბსტანციის სწორედ მაგნეტური თვისებების არსებობით შეგვიძლია ავხსნათ ასტრალური მოგზაურის ძალადობრივად მოზიდვა, რომელიც აიძულებს მას, რომ თავისი მოგზაურობიდან დაბრუნდეს და მყისვე შეუერთდეს სხეულს, რომელიც საფრთხის ქვეშ იმყოფება.

სხვების აზრების კითხვისას, და ასევე ტელეპატიისას, არ ხდება ამ ადამიანის მიერ სხვა ადამიანისგან აზრობრივი ფორმების წართმევა. სრულიად ცხადია, რომ აზროფორმათა დუბლიკატებიიმის წყალობით წარმოიქმნება, რომ ოპერატორს შეუძლია ამოიცნოს, რომელი აზრებია ობიექტის ცნობიერებაში, ან პარტნიორის ცნობიერებაში ტელეპატიური ურთიერთ-გაცვლის დროს.

ასევე ცხადია, რომ ყოველთვის, როდესაც რაიმეს ვიხსენებთ, ჩვენ ამ მოგონების ასლს ვქმნით, ამ მოგონების განხილვის პროცესში. სწორედ ასე ისწავლება ლექსი მისი სტრიქონების რამდენჯერმე გამეორებით და დამახსოვრებით, და სიტყვების და სტრიქონების მოგონებების ასლების შექმნით — მანამ, სანამ ყველა ასოცირებული აზრო-ფორმის მტევანი არის მტკიცე და სამუდამო და ადვილად მოსაძებნი და დაბალი მეს მიერ ცნობიერებაში ადვილად გადმოსატანი. (გაიხსენეთ, რომ შუა მეს დამახსოვრება არ შეუძლია. მას არ შეუძლია აზრო-ფორმების თავის ჩრდილისებრ სხეულში დალაგება და თუ სიკვდილისას მის მეწყვილე დაბალ მეს სცილდება, ავიწყდება ვინ (ან რა) არის ის, ან ვინ იყო. ის ნამდვილი საწყალი მოჩვენებაა, განცალკევებულ მდგომარეობაში).

დაბალი მე ჩვენს მეხსიერებას თავის დაბალ ჩრდილისებრ სხეულში ათავსებს და სიკვდილის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ამ მეხსიერების გამოყენება. ის არ ქრება ტვინის ქსოვილების სიკვდილთან ერთად. ფსიქიკური კვლევის ჩანაწერები სავსეა შემთხვევებით, როდესაც მკვდრები ბრუნდებიან ცოცხლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად, მედიუმის ტიპის ინდივიდების მეშვეობით, ან სხვადასხვა გზით, და ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლის გაგრძელების მტკიცებულება გამყარებულია იმ უამრავი მტკიცებულებით, როდესაც მკვდრებს ახსოვთ თავიანთ ფიზიკურ სიცოცხლეში მომხდარი მოვლენები.

ქეისი 14

ტელეპატია ანუ აზრების გაცვლა

წინასწარი შენიშვნები:

ტელეპატია, ისევე როგორც აზრების კითხვა, ფსიქიკური ძალების მარტივი გამოყენების შედეგია, რაც არ გულისხმობს გარდაცვლილი სულების ჩართულობას და არც სუპერცნობიერთან, ანუ მაღალ მესთან კავშირის დამყარებას.

განსაცვიფრებელია, თუ როგორი მინიმალური პრაქტიკაა საჭირო, პატარა ტელეპატიური უნარების გასავითარებლად, ადამიანების უმეტესობისთვის.

ნებისმიერ კარგ ბიბლიოთეკაში შეგვიძლია ვიპოვოთ ტელეპატიური ექსპერიმენტების დეტალური კვლევები და მოხსენებები. საუკეთესოა ეილენ გარეტის, აპტონ სინქლერის და დანინგერის წიგნები. დანინგერი სახალხო აზრთა-მკითხველი იყო, რომელიც ცდილობდა ტელეპატიური მესიჯები თავისი რადიოს მსმენელთათვის გაეგზავნა. (არსებობს სხვადასხვა მოსაზრება მისი რადიო-ექსპერიმენტის წარმატებასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ეს დამტკიცდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ჰუნას თეორიებს გამოვიყენებთ, ადამიანის ხმას, მაშინაც კი როდესაც ის რადიო ტალღებად გარდაიქმნება და შემდეგ ისევ, ხმის მიმღები მოწყობილობების საშუალებით, ჩვეულებრივ ხმად, შეუძლია ჩრდილისებრი სხეულის ძაფებზე გადაადგილება, და რადიო-მიმღებთან და მის მსმენელთან დაკავშირება. ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მექანიზმია, მაგრამ არსებობს სხვა, ასეთივე წარმოუდგენელი მექანიზმები, რომლებიც ასევე დამტკიცებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს მცირედი შესაძლებლობები, ან სამხილები, რასაც უძველეს მაგიურ პრაქტიკებთან მივყავართ.)

ტაჰიტიში უკვე რამდენიმე წელია, რაც ცნობილი ტელეპატიური მოვლენა ვლინდება. მას „ქოქოსის რადიო“ ჰქვია, და აღმოჩნდა, რომ ის არის ტელეპატიის გზით სიახლეების გაგზავნის სისტემატიური აქტივობა, მთავარი კუნძულის გარშემო, რომელიც საპორტო სოფელ, პაპიტიდან იწყება. როდესაც პორტი რაიმე სიახლეს მიიღებს, მესიჯები ადგილობრივებს ტელეპატიურად ეგზავნებათ, რომლებიც კუნძულის სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობენ, მათი უმეტესობა ხანში შესული ქალია. სხვადასხვა ჩანაწერებში მოყვანილია მაგალითები, როდესაც ტურისტების სახელები და აღწერები ადგილობრივებს წინსწრებით ეგზავნებოდათ, სანამ ტურისტები ჩამოვიდოდნენ. მათ იქ უკვე ელოდნენ, სადაც უნდა ჩამოსულიყვნენ.

აფრიკის შორეულ ადგილებში, სიახლეები ბრიტანეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ საათებით, ზოგჯერ კი დღეებით ადრეც კი მიუღიათ, ვიდრე ეს სიახლეები ოფიციალურად ჩამოვიდოდა, ადგილობრივები ტელეპატიური მიმღებებივით იქცეოდნენ, ან ასტრალურ მოგზაურებს აგზავნიდნენ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.

დოქტორმა რაინმა დიუკის უნივერსიტეტიდან, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტელეპატია მეცნიერებისთვის მისაღებად ეღიარებინათ, და ექსტრა-მგრძნობელობითი აღქმა ფსიქოლოგიის ნაწილად.

მაგალითი:

როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად დოქტორი რაინის ჯგუფურ ექსპერიმენტებს ვესწრებოდი, 1946 წელს, აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ინდივიდს ბუნებრივი ტელეპატიური უნარები ჰქონდა, რაც რამდენიმე თვის მანძილზე, ყოველკვირეული პრაქტიკების შედეგად კიდევ უფრო განვითარდა.

ერთ საღამოს, როდესაც დოქტორი რაინის ბარათებს ვიყენებდით, რომლებზეც ფიგურები და სიმბოლოები იყო გამოსახული, მე გრძელი ოთახის ერთ ბოლოში დავჯექი, ხოლო მეორე ბოლოში, სახით ჩემსკენ, დააყენეს ქალბატონი, რომელსაც ჩემი ტელეპატიური მესიჯების მიღების კარგი უნარი ჰქონდა. მე ავჩეხე ბარათები, შემდეგ სათითაოდ ვატრიალებდი, ვუყურებდი და დავიჭირე განზრახვა, რომ სიმბოლოების ტელეპატიური შთაბეჭდილებები მიმღებისთვის გამეგზავნა.

ცხრა ბარათი ამოვატრიალე და ცხრავე სიმბოლო სწორედ დასახელდა. ვინაიდან ეს ჯგუფში საუკეთესო შედეგი იყო, მაყურებლებმა ხმაური დაიწყეს ჩემი ყურადღების გასაფანტად ზედიზედ მეცხრე, სწორად დასახელებული ბარათის შემდეგ. მეათე ბარათი შეცდომით დასახელდა. მაგრამ მიყოლებით ცხრიდან ცხრა, ჩვენთვის საკმარისი მტკიცებულებაა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტელეპატიის იმდენი მტკიცებულება არსებობს, რომ ჩვენი ყურადღება არა მის დასამტკიცებლად, არამედ იმისკენ უნდა მივმართოთ, თუ როგორ მუშაობს ის.

კომენტარი:

ტელეპატიური კომუნიკაციის მექანიზმი იგივეა, რაც აზრთა-კითხვისა, იმ განსხვავებით, რომ ტელეპატიური კომუნიკაციის შემთხვევაში ორივე წყარომ იცის, რომ ფიქრების გაცვლის პროცესში მონაწილეობს. აქ ჩვენ კვლავ ვხედავთ მიმღების განტვირთულ და მისაღებად მზა მდგომარეობას, და ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების ძაფის დაკავშირების საჭიროებას, რისი მეშვეობითაც შთაბეჭდილებები, ანუ აზრო-ფორმები მოგზაურობენ დაბალი ძაბვით დამუხტულ, მთავარი ძალის წყაროზე.

ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი იმ ტელეპატიურ მესიჯებზე, რა დროსაც ხდება მიმღების მიერ მომავლის დანახვა, რომელიც ამ მოვლენებს ისე აღიქვამს, როგორც აწმყოს. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ქეისი 15

კრისტალზე დაკვირვება და მისი მნიშვნელობა

წინასწარი შენიშვნები:

კრისტალზე დაკვირვება, ანუ ნათელხილვა უძველესი მაგიური პრაქტიკაა. კაჰუნები ხშირად დებდნენ მრგვალ, შავ ქვებს წყლით სავსე თასებში, წყლით ოდნავ ფარავდნენ ქვებს რათა მათ მრგვალ ზედაპირებს ეკაშკაშა, შემდეგ კი კაშკაშა ზედაპირს უყურებდნენ, და მალევე ხედავდნენ სახასიათო ვიზუალურ სურათებს.

არაფერი განსაკუთრებული არ არის კრისტალში, რაც ასეთი აუცილებელია დაკვირვებისთვის. ნებისმიერი ნათელი და მომრგვალებული ზედაპირი შეასრულებს იგივე საქმეს, მაგალითად წყლით სავსე მრგვალი კონტეინერი. სურათები იგივენაირად დაუნახავთ თეფშზე დასხმულ მელანშიც, ან ცარიელ პლასტიკურ კედლებზეც.

მოდუნებული და დაკვირვებისთვის მზად მყოფი ექსპერიმენტატორის მიერ კრისტალში დანახული სურათები გვაძლევს ყველა სამხილს, რომ ეს სურათები სიზმრისეული უფროა, ვიდრე ნამდვილი რომლის ფოტო-გადაღებაც შეიძლება, ან რომელიც შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა დაინახოს.

იმ შემთხვევებში, როცა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ამბობდა, რომ შუშაში ერთი და იმავე სურათს ხედავდნენ, ეს რაღაც უფრო ჯგუფური ჰალუცინაციის მაგვარი უფრო იყო.

წმინდად სიზმრისეული სურათის დანახვა, მხოლოდ ერთ ინდივიდს შეუძლია — აქტიურად ჩართულ კრისტალზე დამკვირვებელს. სურათები ვიზუალურია და ისინი ისე მოძრაობენ, როგორც სიზმრებში, ზოგჯერ მათ თან ერთვის ხმოვანი შთაბეჭდილებები, როგორც სიზმრებში.

რაღაც მოცემული საგნის, ადგილის ან ადამიანის დანახვის სურვილი, კრისტალზე დაკვირვებას ფსიქომეტრიულ მნიშვნელობას ანიჭებს და ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების პროექციას აიძულებს, რომ დაეკონტაქტოს ვიღაცას ან რაღაცას დისტანციურად. ჩვეულებრივ პროექცია მიჰყვება ძველ ძაფს, რომელიც დამკვირვებელს ისედაც აკავშირებს იმასთან, რისი დანახვაც სურს. ვინაიდან ეს მექანიზმი სრულად არ არის გამოკვლეული, სავარაუდოა, რომ კრისტალში დანახული სურათი სიზმრისეული შთაბეჭდილებაა, რომელსაც ქვეცნობიერი მე წარმოქმნის მას შემდეგ, რაც ის მგრძნობელობით აღქმას აფართოებს, როგორც აზრების კითხვისას ან ტელეპატიისას, და უწარმოებია დაკვირვება დისტანციურ საგნებზე ან სცენებზე და უკან მოაქვს შთაბეჭდილებების აზრო-ფორმები, რითაც ახდენს სიზმრისეული სურათის რეკონსტრუქციას კრისტალის გარშემო.

მაგალითი:

რამდენიმე წლის წინ, ლავლოქში, ნევადა, ექსპერიმენტების სერიას ვატარებდი მეგობართან ერთად, რომელმაც, ჩემი მითითებით, რამდენიმე კვირაში განავითარა კრისტალზე დაკვირვების ძალიან შთამბეჭდავი უნარები.

კრისტალი იყო ამოზნექილი გამადიდებელი შუშა. ის შავ ნაჭერზე იდო და ჩემი მეგობარი მას მოდუნებული და რაღაც ადგილების ან ადამიანების დანახვისთვის განწყობილი უყურებდა. საუკეთესო შედეგი მაშინ მივიღეთ, როდესაც დამკვირვებელი თითებით ეხებოდა რაიმე წერილს ან სხვა საგანს, რომელიც იმ ადამიანთან იყო კავშირში, რომლის დანახვა ჩემს მეგობარ გოგოს კრისტალში სურდა.

ამ გზით რამდენიმე მისი და რამდენიმე ჩემი მეგობარი დაინახა კრისტალში, და ამ მეგობრებთან მიწერით, თუ რამდენად სწორად იყვნენ ისინი დანახულნი, დავიწყეთ შემოწმება. შემოწმებამ განსაცვიფრებლად სწორი შედეგები აჩვენა. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი დანახული იქნა მაშინ, როდესაც ის მაღაროს გვირაბში კამერითა და შტატივით იყო. ის იჯდა და პატარა შავი წიგნიდან კითხულობდა მანამ, სანამ მაღაროელები გამოვიდნენ, რა დროსაც მან მათ სურათები გადაუღო და წავიდა. ეს განსაკუთრებული ეპიზოდის კარგი მაგალითია, ადამიანების და მოქმედებების სერიისა. ყველაფერი სწორად იქნა დანახული დაახლოებით 800 კილომეტრის მოშორებით. მოვლენა მაშინ ხდებოდა, როდესაც ეს კრისტალმა აჩვენა. (ზოგჯერ მოვლენები მანამდე, ან მათი მოხდენის შემდეგ ჩანს).

როდესაც ლავლოქი დავტოვე, ყოველდღიურად ვიღებდი ჩემი კრისტალზე დამკვირვებელი მეგობრისგან წერილებს, სადაც ის მეუბნებოდა თუ რას ვაკეთებდი ყოველ დილით. ჩემს მიერ ნანახი ადგილები და ხალხი სწორად იყო აღწერილი. ერთი განსაკუთრებულობა უნდა აღვნიშნო: როდესაც მე მაღაროში ჩავედი, კრისტალი თითქოს იქ ვერ ჩამომყვა, მაგრამ უძრავად დარჩა მიწის ზედაპირზე, შახტის შესასვლელთან. მოგვიანებით სურათი გაქრა.

კომენტარი:

არსებობს ჩაწერილი მაგალითები, რომლებიც აჩვენებენ, რომ შესაძლოა მკვდარ სულებსაც ჰქონდეთ თავიანთი როლი იმ ვიზუალური სურათების შექმნაში და წარმოდგენაში, რომლებიც ასოცირებულია კრისტალზე დაკვირვებასთან. ასეთი შემთხვევის ყველაზე საინტერესო ანგარიში (იხ. ნანდორ ფოდორი) წარმოდგენილი იყო ბატონი ფ. ფიუსდეილის მიერ „დიალექტიკური საზოგადოების“ წინაშე. მან დაინახა მისი შვილები როგორ აკვირდებოდნენ ნაძვისხის სათამაშო კრისტალის ბურთს, რომელიც შემთხვევით იპოვეს. ისინი ბურთში სურათებს ხედავდნენ. ბავშვებს შეეძლოთ იმ კეთილი სულის არსებობის შეგრძნება, რომელიც სურათებს აწარმოებდა. ეს სცენები შორეული ადგილების და პეიზაჟების პროექციას წარმოადგენდნენ სულების სამყაროდან, ამას ამტკიცებდნენ ბავშვები. სურათები მშობლებმაც დაინახეს. ცოტა ხანში ბურთი დაიმსხვრა, რის შემდეგაც სულმა მოძრავი და ფერადი სურათების ჩვენება თეთრ, ბათქაშის კედელზე განაგრძო. მშობლები გაოცებულნი იყვნენ არქტიკის სცენებით, სადაც ადამიანები და ძაღლები ისე მოძრაობდნენ, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში. ყინულებში გემიც კი დაინახეს.

კრისტალში შესაძლებელია ასევე ჩაწერილი შეტყობინებების დანახვაც.

კრისტალზე კონცენტრაცია და ასტრალური მოგზაურობები რაღაცით დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამას დიდი ხანია ვაკვირდებით შემთხვევებში, როდესაც დამკვირვებელი ჯერ კრისტალში რაღაც ცალკეულ ადგილს ხედავს, შემდეგ კი ცდილობს იპოვოს იგი ისე, თითქოს ოთახიდან ოთახში გადადის და ხედავს, რა საგნები და რა ადამიანები იმყოფებიან დიდი სახლის სხვადასხვა ოთახებში.

სიზმრისეული მახასიათებელი გამოსახულების ბუნებაში ჩანს, ის ხშირად ნამდვილი სცენების ახლოდან ხილვის შთაბეჭდილებას იძლევა, ზოგჯერ სცენის ეპიცენტრში ყოფნის შთაბეჭდილებასაც. საინტერესოა ასევე შემთხვევები, როდესაც დამკვირვებელი წარმოიდგენს რაიმე სცენას ან მოვლენას, და კრისტალში ცხადად ხედავს როგორვითარდება ეს მოვლენა. ამ გზით ერთმა ავტორმა შეძლო წარმოედგინა იმ წიგნის გამხსნელი სცენა, რომლის დაწერასაც იწყებდა, და როდესაც კრისტალში სურათი განვითარდა, ის დაჯდა და უყურებდა როგორ აამოქმედეს მისმა პერსონაჟებმა ჯერ კიდევ დაუწერელი და უშინაარსო თავები. რამდენიმე წლის წინ, ჰოლივუდში, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სცენარისტი გახლდათ, მითხრა, რომ მისი უნარი — დაეწერა ასეთი დიდი რაოდენობის მასალა — იყო შედეგი მისი ნიჭისა, რომ დაეწერა რაიმე ისტორიის დასაწყისი, შემდეგ კი ბათქაშის კედელს უყურებდა მანამ, სანამ იქ სურათები არ გამოჩნდებოდა და მთელ ფილმს არ აჩვენებდა. ის თავიდან ბოლომდე უყურებდა მოძრავ სურათებს, შემდეგ აგრძელებდა სცენარის წერას.

მკვეთრი განსხვავება, შესაბამისად, იკვეთება კრისტალში ან კედელზე დანახულ სამი სახის გამოსახულებაში. (1) შორეული ადგილების ან სცენების (ან მომავლის მოვლენების) სიზმრის მაგვარი სურათები, (2) სულების მიერ წარმოებული ვიზუალური გამოსახულებები, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაინახოს (რომელიც მანიშნებელია უფრო არსებითი გამოსახულებებისა ვიდრე სუბიექტური ან სიზმრისეული სურათებია), და (3) წმინდად სიზმრის მაგვარი სურათები, რომლებიც თავდაპირველად წარმოსახვის შედეგად იხატება (მაგრამ აზრო-ფორმების შექმნასთან ერთად, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას კრისტალის შემდგომ სურათებში), და რომლებსაც კავშირი არ აქვთ ნამდვილ ადგილებთან და მოვლენებთან, არც შორეულ და არც მომავალ მოვლენებთან.

იმ ნივთიერების ბუნება, რომლიდანაც გამოსახულებები წარმოიქმნება, შემთხვევებში როდესაც სურათები რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაინახა, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. სავარაუდოა, რომ ის იმ ნივთიერების მსგავსია, რომლიდანაც აზრო-ფორმები ყალიბდება, რასაც ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერება ჰქვია. (მოგვიანებით ჩვენ ამ ნივთიერებას ექტოპლაზმასთან კავშირში განვიხილავთ).


 

თავი 9

მომავლის ხედვის მნიშვნელობა ფსიქომეტრიულ ფენომენში და სიზმრებში

თავისუფალი ნებისა და წინასწარმეტყველების პრობლემა. კაჰუნების ახსნა-განმარტება. წინასწარმეტყველება მაღალი მესგან მოდის, დაბალი მეს გავლით ცნობიერ გონებამდე. სიზმრები წინასწარმეტყველების ღია კარია.

მომავალი მოვლენის დანახვა, მის მოხდენამდე, კიდევ უფრო საოცარი რამაა, ვიდრე ცეცხლზე სიარული. თვალსაწიერის განვითარებასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ცეცხლზე სიარულის ფიზიკური ახსნა-განმარტებები, მაგრამ ვერასდროს შევძლებთ ჩვენი წარმოსახვის ისე განვითარებას, რომ მომავლის ხედვის ფენომენს ფიზიკური ახსნა მოვუძებნოთ.

ეს დღესავით ნათელია. მომავალი მოვლენა ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად სრულიად გამორიცხულია მისი დანახვა, ან ამ მოვლენის ზუსტი დეტალების ცოდნა. მაგრამ, შეუძლებელი და წარმოუდგენელი მოვლენებიც ხდება. ჩვენ შევიგრძნობთ მომავალს და ამას „წინათგრძნობას“ ვუწოდებთ.

არსებობს მესამე „შეუძლებლობელი“ რამ, გარდა ცეცხლმედეგობისა და მომავლის ხედვისა, რაც ამტკიცებს, რომ არსებობენ მაღალი და ჩვენთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი ძალები. ეს მესამე არის მყისიერი სასწაულებრივი განკურნება — მოვლენა, რომელიც მოგვიანებით უფრო ვრცლად იქნება განხილული, მისი უდიდესი მნიშვნელობის გამო.

ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ჰუნას სიბრძნის ძალიან მიმზიდველი და პრაქტიკული ნაწილი მომავლის ხედვისა. ესაა მომავლის შეცვლის მაგიური პრაქტიკა, იმ მოვლენების გამოსასწორებლად, რომლებიც დაინახეს და არასასურველად ჩათვალეს. ეს მაგიური ხელოვნება კაჰუნების სამუშაოს დიდი ნაწილი იყო, ვინაიდან ისინი სხეულსაც კურნავდნენ და საფულესაც — სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს.

რა თქმა უნდა ჰუნას სიბრძნის აღმოჩენას და კაცობრიობის ცოდნის ფასდაუდებელ საცავში განთავსებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მყისიერი განკურნების უძველესი მეთოდების შესწავლა და მაღალი მე-ების დახმარების მიღება არასასურველი მომავლის შეცვლასა და რეკონსტრუქციაში, იმისთვის, რომ ის გახდეს მოწესრიგებული, დაგეგმილი და იღბლიანი.

სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ მყისიერი განკურნება, ან ნელი, ფსიქოლოგიური განკურნება, რასაც კაჰუნები აკეთებდნენ, პირდაპირ კავშირშია მომავლის შეცვლასთან. თუ პაციენტი ძალიან ავადაა და უეცრად განიკურნება, ეს ცვლილება უკვე არის მომავლის ჩვეულებრივი კურსის ცვლილება, სადაც ავადმყოფობა შესაძლოა სიკვდილითაც დასრულებულიყო.

იმ ჩვეულებრივი ახსნა-განმარტების გარდა, რომ „ღმერთმა იცის და აჩვენებს მომავალს“ სიზმრებში, წინათგრძნობებში, წინასწარმეტყველებებში, ან ნათელხილვისას, რაც გინდათ ის უწოდეთ, ჩვენ, თანამედროვეებს, უკეთესი ახსნა-განმარტება არ გვაქვს. თუმცა, ჩვენ მომავლის ხედვის ასეთი გამოვლინებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს შეგროვებული, და ეს ინფორმაცია შეგვიძლია ჰუნას თეორიებთან შესადარებლად გამოვიყენოთ — ეს თეორიები ერთადერთი, დეტალური და ლოგიკური ახსნა-განმარტებაა, რომლებიც კაცობრიობას განუვითარებია.

თავისუფალი ნების და წინასწარმეტყველების პრობლემა

რელიგიებში უკვე დიდი ხანია რაც ომი მძვინვარებს ორ იდეოლოგიას შორის. პირველი ქადაგებს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ხოლო მეორე ქადაგებს, რომ რადგან ღმერთმა ყველაფერი იცის (თუ ის მართლაც შემოქმედია), რასაც თითოეული ჩვენგანი მომავალში გავაკეთებთ, ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ნება — ჩვენი ყოველი ქმედება წინასწარაა განსაზღვრული უმაღლესი არსების მიერ და შესაბამისად, შეუცვლელი და გარდაუვალია.

მეცნიერება, შეეჯახა რა ამ პრობლემას, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაფერი სრული შემთხვევითობით ხდება, ადამიანს კი ნების თავისუფლება გააჩნია. (მათ გამოტოვეს ის ფაქტი, - რაც რელიგიურ ადამიანებს აწუხებთ, - რომ მომავლის წინასწარმეტყველება შესაძლებელია).

ფსიქიკური კვლევის საზოგადოების შიშველი და შეულახავი ჩანაწერები ასახავს უამრავ შემთხვევას, როდესაც მოვლენები წინასწარ იქნა დანახული და თავიდან აცილებული, რაც იმ ადამიანების გადმოსახედით, ვინც ამის შესახებ გააფრთხილეს, არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც „თავისუფალი ნება“. ჩემს საკუთარ გამოცდილებაშიც მქონია ასეთი შემთხვევა.

ერთ საღამოს, სპირიტუალურ სეანსზე, ტრანსში მყოფმა მედიუმმა მითხრა, რომ მე უახლოეს მომავალში ავტოავარიაში მოვყვებოდი. მე მას შევეკითხე, მოუვიდოდა თუ არა ავტოავარია ჩემს მეგობარ ბობს, რომელიც სეანსზე ჩემს გვერდით იჯდა. პაუზის შემდეგ, პასუხი იყო „არა“. მე ვთხოვე ჩემს მეგობარს, რომ რამდენიმე დღის მანძილზე ჩემთან ერთად ყოფილიყო და საფრთხის-შემცველი სიტუაციებისთვის თვალყური ედევნებინა. სამი დღის შემდეგ, ჩვენ ჰონოლულუში მივდიოდით მანქანით, როდესაც დატვირთულ გზაჯვარედინზე, გაჩერებული მანქანის უკნიდან გამოვარდა სატვირთო, რომელსაც მთვრალი მძღოლი მართავდა და პირდაპირ ჩემსკენ აიღო გეზი. მე ამ დროს ჩემს წინ მიმავალ მანქანას ვუყურებდი, რომელიც გზაჯვარედინს კვეთდა. თუმცა ბობმა ადრევე დაინახა ჩვენსკენ მომავალი სატვირთო, საჭე გადაატრიალა და დაიყვირა. მანქანის მოტრიალების შედეგად სატვირთო ჩვენი მანქანის უკანა ნაწილს დაეჯახა იმის მაგივრად, რომ მე დამჯახებოდა.

ეს უბედური შემთხვევა ტიპიური სამხილია, რომელიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმ მომავლის დანახვა, რომელიც წესით უნდა მოხდეს, და რომ ის არ არის შეუცვლელი, თუ ადამიანი შეძლებს სწორი ნაბიჯების გადადგმას და „მოატყუებს“ წინასწარმეტყველებას.

რა ღირებულება აქვს მომავლის წინასწარმეტყველების უნარს? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. მტკიცებულებების მთელი მასა (ჩემი საკუთარი გამოცდილება ზღვაში მხოლოდ წვეთია) აჩვენებს, რომ როდესაც წინასწარ ვართ გაფრთხილებული მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ჩვენ შეგვიძლია, რომ შევცვალოთ ან ავირიდოთ მომავალი მოვლენები. ცოტაოდენი დაფიქრებაც კი საკმარისია, რომ დავინახოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის წინათგრძნობის ფენომენის კვლევის გაფართოება.

ზოგადი ან მსოფლიოს მდგომარეობების დანახვა წინასწარ იქნება შესაძლებელი და ინდივიდს შეეძლება ასეთი განჭვრეტით იხეიროს. მე მყავს მეგობარი, რომელმაც სიზმარში 1929 წლის ფინანსური კოლაფსი ნახა და მთელი თავისი აქციები გაყიდა და სახელმწიფო ობლიგაციებში დააბანდა. მან ამის შესახებ რამდენიმე თავისი ნაცნობი გააფრთხილა, მაგრამ მისმა ახლობლებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს (გაფრთხილება კოლაფსამდე სამი თვით ადრე მოხდა, სანამ კოლაფსის ნიშნები ჯერ არ შეიმჩნეოდა) და შედეგად მისი რამდენიმე ნაცნობი გაკოტრდა.

ნების თავისუფლება თუ წინასწარგანსაზღვრულობა? როგორ წყვეტენ თავად კაჰუნები ამ პრობლემას?

ისინი ამბობენ, რომ აუმაკუას ანუ ზეცნობიერს, ჩვენს ინდივიდუალურ, „მშობლიურ წყვილს“ აქვს ჩვენგან გასხვავებული მენტალიტეტის ფორმა, ანუ მენტალური ძალა. ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე მეხსიერების ძალა, რომელიც დაბალი მეს მახასიათებელია, ან ინდუქციური აზროვნების ძალა, რომელიც შუა მეს ახასიათებს. იგი (სხვა თვისებებთან ერთად) მაღალ მეს საშუალებას აძლევს დაინახოს მომავლის ის ნაწილები, რომლებიც უკვე კრისტალიზებული, ანუ „ფიქსირებულია“. მომავლის უმეტესი ნაწილი „თხევად“, ანუ არაკრისტალიზებულ და არაფიქსირებულ მდგომარეობაშია, რაც მისი დანახვის საშუალებას არ იძლევა. მსოფლიოს უდიდესი მოვლენები კი დიდი ხნით ადრე კრისტალიზდება. ზუსტად ასევე, ინდივიდების ცხოვრებისეული მოვლენები ფიქსირებულია და შესაძლებელია მათი დანახვა — ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ქორწინება, უბედური შემთხვევები და სიკვდილი.

კაჰუნების რწმენაში საქმე გვაქვს ნების თავისუფლების ძალიან ორიგინალურ ფილოსოფიასთან. ისინი ამტკიცებენ, რომ დაბალი და საშუალო „მე“-ები ერთდროულად იკავებენ შენობას, რომელსაც ადამიანის სხეული წარმოადგენს, და ერთდროულად ტკბებიან ნების თავისუფლების არსებობით.
მაღალი მე, რომელიც სხეულთან აკას ძაფით (კინო მეა) ანუ უხილავი „ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერებით“ არის დაკავშირებული, გაურკვეველი ბუნების ზეწოლის შედეგად საშუალებას აძლევს დაბალ მეებს, რომ ივარჯიშონ ნების თავისუფლებაში და საკუტარი გამოცდილებით ისწავლონ ცხოვრება. იგი მხოლოდ მაშინ ერევა, როცა ისინი დაცვისთვის და დახმარებისთვის მიმართავენ მას. ამავდროულად, აუმაკუა ადამიანის ყველა საქმეში მონაწილეობს.

თავისუფალი ნება მხოლოდ გრძელვადიანი პერსპექტივების დაგეგმვისას არის უარყოფილი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმება ამ მოვლენების შესაცვლელად, შესაძლებელია, რაღაც დოზით, მათი თავიდან აცილება.

როგორც ჩანს არსებობს ორი სახის თავისუფალი ნება, ერთი დაბალი მესთვის, მის ნაკლებ-განვითარებულ მდგომარეობაში, როგორიცაა ცხოველი, და მეორე მაღალი მეს დაქვემდებარების ქვეშ, რომელიც ხელმძღვანელობს ფიზიკურ ზრდას და სხეულთან კავშირში მოქმედებს. ასეთი პირდაპირი ხელმძღვანელობის გამო, სხეული ექვემდებარება განსაზღვრულ და ფიქსირებულ ნორმებს, მაშინ როდესაც ცნობიერ გონებას, ანუ შუა მეს, უფრო სრულყოფილ, თავისუფალ ნებასთან ერთად, აქვს პრივილეგია უხელმძღვანელოს სხეულის გარეგან აქტივობებს, მაგრამ არა მის შინაგან სასიცოცხლო ფუნქციებს.

შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანს ორი მაღალი მე აქვს, ერთი დაბალი მესთვის და მისი წარმართვისთვის და ერთიც შუა მესთვის. თეოსოფიის „კოლექტიური სულის“ იდეა ძალიან ახლოსაა მაღალ მესთან, რომელიც ადამიან ცხოველს განაგებს, და იმ იდეასთან, რომ დაბალგანვითარებული ცხოველები და ქმნილებებიც ექვემდებარებიან და ინფორმაციას იღებენ, „ინსტინქტების“ მეშვეობით, მაღალი მეების ჯგუფური მეთვალყურეობით. ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია შევაღწიოთ ცნობიერების სივრცეში, ჩვენზე ერთი თავით მაღლა — მაღალ მესთან — ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით ამ კავშირის ნამდვილი მდგომარეობა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ცოცხალი ორგანიზმების უამრავ ქმედებას და მდგომარეობას ჩვენს დონეზე და აქედან გამოვიტანოთ დასკვნები. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ფენომენი, როდესაც ვხედავთ როგორ იყენებს რაღაც იდუმალი ცნობიერება, რაღაც იდუმალ ძალას, უხილავი მატერიის რაღაც იდუმალი ფორმის გავლით, რომ წარმოშვას ცეცხლ-გამძლეობა, მყისიერი განკურნება, წინასწარმეტყველება, სპირიტუალიზმის მატერიალური ფენომენი და ა.შ.

კაჰუნებს ასევე სჯეროდათ, რომ ყველა წინათგრძნობა მოდის მაღალი მესგან, დაბალი მეს, ანუ ქვეცნობიერის გავლით. ეს თანხვედრაში მოდის იმ ფაქტთან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, სურვილის ნებისმიერი მცდელობით, ვაიძულოთ ჩვენს თავს, რომ დავინახოთ მომავალი ან დაგვესიზმროს ის. ჰიპნოზირებული სუბიექტები, მომავლის ხედვის ბრძანებას იშვიათად ემორჩილებიან, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქვეცნობიერს (რომელიც იმპულსს ექვემდებარება) არ აქვს მომავლის ხედვის უნარი. თუ არც ქვედა და არც შუა მეს არ შეუძლიათ სურვილისამებრ მომავლის ხედვა და შესაბამისად ეს არ არის მათი ბუნებრივი უნარი, ჩვენ წინათგრძნობის სხვა წყარო უნდა ვეძებოთ — დავაკვირდეთ ზე-ცნობიერს ან მსგავს მაღალ არსებებს.

იმის მტკიცებულება, რომ კაჰუნები მართლები იყვნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ნებისმიერი წინათგრძნობა უნდა მოდიოდეს დაბალი მეს გავლით, დევს იმ ფაქტში, რომ ჩვენ ვღებულობთ ხილვებს, სიზმრებს ან სხვა მომავლის ცოდნასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ქვეცნობიერის მეშვეობით, როდესაც ის მოდუნებულ მდგომარეობაშია — როდესაც მას შუა მე თავს ანებებს. დაბალი მეს ყველაზე მოდუნებული მდგომარეობა და დრო, როდესაც ის მთლიანად გათავისუფლებულია შუა მეს მბრძანებლობისგან - ესაა ძილის დრო. ამის გამო, ბუნებრივია, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები მომავლის მოვლენების ხილვის ყველაზე გავრცელებული წყაროა. კრისტალზე დაკვირვებისასაც საჭიროა იგივე სახის განტვირთვა, თუმცა შედარებით უფრო დაბალი ხარისხით. შუა მე, ფხიზელ მდგომარეობაში, აკვირდება თუ რას აღიქვამს დაბალი მე იმ სურათების მეშვეობით, რომლებიც კრისტალის გარშემო მოძრაობენ. ტელეპატიის დროსაც დაბალი მე აკეთებს მთელს სამუშაოს, და მას ნება უნდა მიეცეს, რომ შუა მეს კონტროლიდან ცოტათი მაინც დააღწიოს თავი და განიტვირთოს, რომ შეძლოს უხილავი ჩრდილისებრი ნივთიერების „თითის“ პროექცია, და ასე დაეკონტაქტოს სუბიექტს.

კაჰუნების რწმენის მტკიცებულება, რომ ქვედა მე ასრულებს ყველა ფსიქიკურ ქმედებას, ყოველთვის უბრუნდება იმ უდაო ფაქტს, რომ ჩვენს ყველაზე ნაცნობ მეს, შუა მეს ანუ ცნობიერ გონებას, არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლია, სურვილის ძალის გამოყენებით ფსიქიკური ქმედების გამოწვევა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დაბალ მეს მივცეთ ბრძანება და დაველოდოთ, რომ მოდუნებულ მდგომარეობაში დაიწყოს ამუშავება, გაწრთვნას მისი ფსიქიკური შესაძლებლობები, და მიღებული ინფორმაცია წარმოგვიდგინოს ჩვენი საერთო ცნობიერების ცენტრის გავლით.

აწმყოს ინფორმაციის მისაღებად, დაბალ მეს შეუძლია გაფართოვდეს და აზრები წაიკითხოს, ან მისკენ მიმართული ტელეპატიური მესიჯები შეაგროვოს, და სხვა შემთხვევაში თავისი ინიციატივით იმოქმედოს; მაგრამ როდესაც საქმე მომავალს ეხება, ის უნდა დაუკავშირდეს მაღალ მეს (როგორც ტელეპატიისას), და სთხოვოს მას მომავლის იმ სურათების ჩვენება, რომელიც კრისტალიზებულია და რომელიც, შესაბამისად, ხილულია.

მომავლის შექმნა, კაჰუნების მიხედვით, დამოკიდებულია დაბლა მდგომი მეების გეგმებსა და სურვილებზე. ეს გეგმები და სურვილები, (და სამწუხაროდ ჩვენი შიშებიც) გარდაიქმნებიან აზრო-ფორმებად (ისინიც ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერებისგან შედგებიან) და მაღალი მე მათ ინდივიდის მომავლის კონსტრუქციის, ერთი შეხედვით ავტომატურ პროცესში იყენებს.

ზუსტად როგორ მუშაობს ეს პროცესი გაუგებარია, რადგან ის მიეკუთვნება ცნობიერების ერთი საფეხურით მაღალ დონეს, მაგრამ კაჰუნები აზრო-ფორმებს „თესლებს“ უწოდებდნენ, რომლებსაც აუმაკუა იღებდა და მათგან მომავლის მოვლენებს ან მდგომარეობებს აღმოაცენებდა.

კაჰუნები ინდივიდისთვის უმნიშვნელოვანესად თვლიდნენ, რომ მას გამოეყო დრო და ხშირი ინტერვალებით ეფიქრა თავის ცხოვრებაზე და ზუსტად გადაეწყვიტა რა სურდა რომ ეკეთებინა, ან რა სურდა რომ მომხდარიყო. საშუალოდ, ადამიანი ზედმეტად ანდობს დაბალ მეს სადავეების აღებას, რაც საშიშია, რადგან ის ცხოველური სამყაროს გავლენის ქვეშ ცხოვრობს, სადაც მოვლენები არალოგიკურად და თითქოს შემთხვევით ხდება. ეს შუა მეს საქმე და მოვალეობაა, როგორც დაბალი მეს წინამძღოლის, რომ გამოიყენოს თავისი ინდუქციური აზროვნების ძალა და სურვილი (რომ აკონტროლოს დაბალი მე) ცხოვრებისეული გეგმების დასახვისთვის, და თვალყური ადევნოს, რომ შესაბამისი ძალისხმევა იქნას ჩადებული ამ გეგმების შესრულებისთვის.

საშუალოდ, ადამიანი, განსაკუთრებით თუ ის ემოციურია (ეს იმის მანიშნებელია, რომ დაბალ მეს ზედმეტად უჭირავს სადავეები) ხშირად ცვლის თავის გეგმებს, ასევე ცვლის სურვილებსაც. შედეგად ის ქმნის გეგმების, სურვილების და შიშების ურთიერთსაწინააღმდეგო აზრო-ფორმების ნაზავს, საიდანაც მაღალი მე, ძალაუნებურად, ქმნის მომავალი მოვლენების ნაზავს, რომელიც სრულიად უსიამოვნო და დაუზუსტებელია.

ძველად კაჰუნების მაგიური პრაქტიკის დიდი ნაწილი ეთმობოდა კლიენტების კრისტალიზებული მომავლის დანახვას, შემდეგ კი ცვლილებების გამოწვევას მომავლისთვის, რომ ის უფრო სასურველი გამხდარიყო. (მოგვიანებით დეტალურად განვიხილავთ გადასალახი დაბრკოლებების ბუნებას და კაჰუნების მეთოდებს.)

სიზმრები წინათგრძნობებს უხსნიან კარს. კვლევებმა აჩვენა ფაქტი, რომ ჩვენს სიზმრებში თითქმის ყოველ ღამე გვეძლევა მომავლის ხილვის შანსი, მაგრამ ჩვენ სიზმრებს არ ვიმახსოვრებთ, და ამიტომ არ ვიცით რა მოგველის, გარდა ბუნდოვანი უსიამოვნო გრძნობისა, რომელიც დაბალი მეს სიღრმეებიდან მოდის.

სიზმრებზე ცოტა რამაა ცნობილი, მაგრამ არსებობს ბევრი ვარაუდი და ბევრი გაურკვეველი ახსნა სიზმრის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ დაბალ მეს თავისებური ჩვევა აქვს, რომ აურიოს სიზმარში ნანახი მასთან ნაცნობ რამეებთან, ხშირად ერთ იდეას მეორესთან ასოციაციურად აკავშირებს და ქმნის სიმბოლოებს.

ფსიქოანალიზის პრაქტიკა დიდწილადაა დამოკიდებული ამ სიმბოლოების შესწავლაზე, რადგან ისინი დამახსოვრებულ სიზმრებში, ან იმ ფიქრებში ვლინდებიან, რომლებიც პაციენტის თავში მოდიან, როდესაც ის განტვირთვის მდგომარეობაშია ჰიპნოზის ან მსუბუქი ნარკოტიკების მეშვეობით.

დოქტორი ნანდორ ფოდორი, ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, რომელიც ხშირად ნიუ იორკში ატარებს პრაქტიკებს, ამ თემასთან დაკავშირებულ უამრავ სტატიაში წერს, იმ საინტერესო საკითხზე, რასაც ფსიქოანალიზში ვაკვირდებით. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე სიმბოლოები ერთი და იგივე რამეს აღნიშნავენ, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა ადამიანების სიზმრებში გვხვდებიან. როგორც ჩანს, ეს უბრალოდ დამთხვევა არაა. ამას მივყავართ კოლექტიური სულის არსებობის იდეამდე, რაზეც ასევე მოწმობს მსგავსი ინსტინქტების და რეაქციების არსებობა ადამიანზე გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგარ არსებებში.

აქედან ვაკეთებთ დაშვებას, რომ დაბალი „მე“ ან მაშინვე გვაძლევს მომავალი მოვლენების „ხილვებს“, ან ამ ხილვებს თავისთვის იტოვებს, რომ შურიოს დანახული და განცდილი იმასთან, რაც მისთვის უკვე ცნობილია, და ამ სინთეზით სიმბოლოებს ქმნის. შუა „მე“-მ ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ ეს სიმბოლოები გაშიფროს.

თავის შესანიშნავ წიგნში, „ტელეპატია“, ეილენ ჯ. გარეტი გვიამბობს, რომ ხშირია ტელეპატიური მესიჯების მიღება სიმბოლოების სახით. მან აღმოაჩინა, რომ მისი მოწაფეები, ტელეპატიის სწავლისას, იმ სიმბოლოების გაშიფვრის ექსპერტები გახდნენ, რომლებიც მათთან განმეორებით მოდიოდნენ.

მისის გარეტი ტელეპატიური მესიჯების გაგზავნისას თავის შეგრძნებებს აღწერს და წერს, რომ ის გრძნობს, თუ როგორ ებმება მისი ხუთივე გრძნობა რაღაც თეთრი სხივის მაგვარ ნივთიერებას, რომელსაც ის სხვადასხვა მიმართულებით გზავნის სურვილის მეშვეობით, ადრესატებთან დასაკავშირებლად. როდესაც ამ „თეთრ სხივს“ (იგი არ გულისხმობს სინათლის სხივს) შეხვდება წინაღობა, ის მას გვერდს უვლის. როგორც წესი, ის წინაღობას გრძნობს, მაგრამ ვერ ხედავს მას. ეს „თეთრი სხივი“ თანხმობაში მოდის კაჰუნების ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების „თითის“ იდეასთან, რომელსაც დაბალი მე ასხივებს, შეიგრძნობს მას, ან უდიდესი სისწრაფიდ მიჰყვება ჩრდილისებრი ნივთიერების ძაფებს, რომლებიც მანამდეა გაჭიმული და დამყარებული აქვს კონტაქტი, ან კავშირის მექანიზმები იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც ერთხელ მაინც შეხვედრიან ერთმანეთს.

მისის გარეტი ასევე აღწერს იმ ხშირ შეგრძნებას, რომელსაც ტელეპატიით დაკავებული ადამიანები განიცდიან — სუსტი ელექტრული “კბენა“ ან სითბო, რომელსაც ხშირად „დაბურძგვლა“ მოსდევს პასუხად სამუშაო კონტაქტის დამყარების შემდეგ. მის შემთხვევაში კი ეს შეგრძნებები ხშირად აფრთხილებს მას, რომ ვიღაც მესიჯის გამოგზავნას ცდილობს და რომ მის მისაღებად ყურადღების გამახვილებაა საჭირო.

ღრმა სუნთქვა ტელეპატიის ან ფსიქომეტრიის სხვა ფორმების პრაქტიკისთვის, ყველაზე გავრცელებული დასაწყისია — ყველა ეს ფორმა დაკავშირებულია მაკავშირებელი ჩრდილისებრი სხეულის ნივთიერების ძაფებზე აზრო-ფორმების მოძრაობასთან. ღრმა სუნთქვა, როგორც ჩანს, დაბალ მეს განტვირთვაში ეხმარება და მუშაობისთვის ამზადებს. შთაბეჭდილებები ხშირად მზის წნულის ქვედა ნაწილიდან მოდის. ითვლება, რომ ეს დაბალი მეს ადგილსამყოფელია მესიჯების ან გრძნობითი შთაბეჭდილებების მიღებისას ან გაგზავნისას.

ტელეპატიის ოდნავ განსხვავებული ფაზაა, როდესაც შინაგანი თვალი შორეულ სცენებს ხედავს. ამას ხშირად „ნათელხილვას“ უწოდებენ, და ის ზოგჯერ მოიცავს იმ მოვლენების ხილვას, რომელიც მომავალში მოხდება.

კაჰუნები ამბობენ, რომ ყოველი ასეთი ფრაგმენტი, ანუ ინფორმაცია მომავლის შესახებ, რომელიც ადამიანთან მოდის (ადამიანთან, რომელიც რაიმე პარაფსიქოლოგიური პრაქტიკითაა დაკავებული), მაღალი „მე“-სგან უნდა მოდიოდეს. მის გარეტი ძალიან გამომხატველად წერს ღრმა სულიერი ცვლილების გრძნობის, და თავისი აღქმის გამძაფრების (დაჩქარების) შესახებ იმასთან ურთიერთობის დროს, რასაც ჩვენ „ზეცნობიერს“ ვუწოდებთ. მისი აზრით, აქედან გამომდინარეობს, რომ იგი იმავე მაღალ „მე“-სთან იმყოფება კონტაქტში, რომელსაც ჰუნას ფილოსოფია აღწერს. გრძნობების გამძაფრებაზე და აზროვნების ასეთ სიცხადეზე სხვა ფსიქოლოგებიც საუბრობდნენ. ასეთ რამეს ისინი იმ პერიოდებში განიცდიდნენ, როცა ნაწილობრივ ან სრულად გადიოდნენ ფიზიკური სხეულიდან, ან იმყოფებოდნენ მდგომარეობაში, რომელიც ცნობილია, როგორც „ასტრალური პროექცია“, ან როცა ისინი ტრანსის მდგომარეობაში ტოვებდნენ სხეულს და მაკონტროლებელი სული იკავებდა მათ ადგილს.

ამ განმარტებების და კომენტარების შემდეგ უკეთესი მაგალითების მოყვანა იქნება შესაძლებელი შემდეგ თავში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მაგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, და რომ მას დეტალური შესწავლა სჭირდება, რათა ჩვენთვისაც ისეთივე პრაქტიკული გახდეს, როგორიც კაჰუნებისთვისაა.


 

თავი 10

მომავლის დანახვის იოლი გზა

მთარგმნელი: რუსუდან ზურაბაშვილი

ქეისი 16: როგორ ვნახოთ მომავალი სიზმარში
ქეისი 17: მომავლის ნახვა ჩვეულებრივ სიზმრებში
ქეისი 18: მომავლის ნახვა კრისტალში მზერით/ ჭვრეტით
ქეისი 19: გამაფრთხილებელი ინფორმაცია გარდაცვლილთა სულებისგან

ქეისი 16: როგორ ვნახოთ მომავალი სიზმარში

წინასწარი შენიშვნები:

ჯ.უ. დანი, მის პოპულარულ წიგნში - „ექსპერიმენტი დროსთან“- აღწერს მარტივ და ძალიან იოლ მეთოდს, რომელსაც სიზარში მომავლის სანახავად იყენებდა. მეთოდი ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ უმეტესობა ჩვენთაგანს გვესიზმრება მომავლის მოვლენები, მაგრამ აღარ გვახსოვს ისინი გაღვიძების შემდეგ.

ექსპერიმენტატორს ფურცელი და ფანქარი მიაქვს საწოლთან და საკუთარ თავს აძლევს დავალებას (ჩააგონებს), ჩაიწეროს სიზმრები, როცა გაეღვიძება ღამე და როცა შეძლებს სიზმრების გახსენებას.

(ადამიანთა უმეტესობა სიზმრებს ნახულობს დაძინების წუთიდანვე გაღვიძებამდე, თუმცა იშვიათად ამახსოვრდებათ და ამიტომ ასკვნიან, რომ იშვიათად ნახულობენ სიზმრებს.)

ბატონი დანი ინახავდა ღამე ჩაწერილ სიზმრებს და შეამჩნია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული მოვლენები მისი ცხოვრებიდან 15 წლით ადრე ქონდა სიზმარში ნანახი. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა საკმარისად მნიშვნელოვანი იყო საიმისოდ, რომ მისი კრისტალიზება დიდი ხნით ადრე მომხდარიყო. ეს იყო სიზმარი საძოვრებზე გადაფრენისა საცდელი თვითმფრინავით, ფრენების საწყის ექსპერიმენტულ წლებში. მან ასევე შეაჯამა მისი მეგობრების მიერ მოპოვებული შედეგებიც და დაასკვნა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ამ მეთოდის წარმატებით გამოყენება.

მოკლედ, შეიძლება აღინიშნოს, რომ იმ დილემას რომ შეუძლებელია ჯერ არმომხდარი ამბების დანახვა, მანდ დაუპირისპირა იმის დაშვებით, რომ წარსული, აწმყო და მომავალი ყველა აქაა, ჩვენთან, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ წამიერი აწმყოს იქეთ, სადაც მოვლენები მყისიერად აქტუალიზდება. როგორც უსპენსკი თავის „Tertium Organum“-ში, ბატონი დანიც, „სივრცე-დროის კომპლექსის“ იდეამდე მიდის, აქედან კი მეოთხე განზომილებაში ხტება, და ბოლოს სიტყვების თამაშამდე დადის.

შემთხვევა:

დროის ექსპერიმენტის შესახებ ჰონოლულუში, 1926 წელს, ერთ კვირა საღამოს წავიკითხე. იმ ღამეს ფანქარი და ფურცელი საწოლთან დავიდე იმ განზრახვით, რომ ჩამეწერა ყველა სიზმარი მიმდევრობით, რაც მომავალთან იქნებოდა დაკავშირებული და არა- წარსულთან ან აწმყოსთან. ღამე მოუსვენრად გავატარე, დილას კი ავდექი ქაღალდზე დატანილი რამოდენიმე სიზმრითა და ერთი ნახატით. ჩემი შენიშვნები ასე გამოიყურებოდა (გამოვტოვებ იმ სიზმრებს, რომლებიც არ ახდა).
უცნაური, დიდი, მომსუქნო კაცი მოვიდა ჩემთან და მკითხა, თუ დავეხმარებოდი რაღაც ოპტიკურის გამოგონებაში. ჩემს მაგიდასთან ვიყავი. წინ დამიდო რაღაც მოწყობილობის მომცრო ნაწილი, ზომით დაახლოებით 2 ფუტი და 6 ინჩი 4 ინჩზე, შავი და თეთრი ელექტრო, რომელიც ამ ნაწილის უკანა მხრიდან გამოდიოდა. მოწყობილობა შავ ემალირებულ სარქველს წააგავდა. სარქველის გვერდსა თუ ხუფზე იყო კვადრატული ნახვრეტი, დაახლოებით 4-4-ზე ინჩის. სარქველის თავზე იყო ქვიშის საათის ფორმის ფოლადის დასაყენებელი ხრახნი. (უხეში ნახატი გავაკეთე). ვიყავი ცხაურიან, დაბალ სამზარეულოში. მსუქანი კაციც იქ იყო. კიდევ ვიღაც უცხო ადამიანი, მაღალი, გამხდარი, მსუბუქი, დაახლოებით 40 წლისა. პატარა ტანის ჰავაელი ქალი. მე ავიღე ყუთიდან ფოტო-ქაღალდი და ჩავდე მოწყობილობის მომცრო ჭრილში. გამხდარმა კაცმა ხელი მიაჭირა ღილაკს და შუქმა გაანათა. ავიღე ქაღალდი და გავამჟღავნე ის სამიდან ერთ-ერთ, პატარა, თეთრ ფოტოსურათების ჯამში. გამჟღავნებული სურათი იყო სასწორი და მაჩვენებელი, რომელიც რაღაც დიდი რიცხვს აჩვენებდა. მე შევხედე კაცს. გავიცინეთ ორივემ, და მე ვთქვი: „მუშაობს“.

ეს იყო კვირა ღამეს. შემდეგ ხუთშაბათს საღამოს სიზმრებმა ახდენა დაიწყო. მსუქანი კაცი, რომელიც სიზმრად ვნახე, მოვიდა ჩემს ფოტო-სახელოსნოში. მას სურდა დავხმარებოდი განათების სხივის ისე გაყოფაში, რომ მიეღო სასწორის სურათი ერთდროულად, როგორც მინის ეკრანზე, ისე ფოტო ლენტაზე. სასწორის მექანიზმის თავი ამიღწერა. ის შეესაბამებოდა იმ სარქველს, რაც მე სიზმარში ვნახე. დახმარებაზე თანხმობა განვაცხადე.

ჩემი სიზმრის შემდეგი ნაწილი მცდარი იყო. სარქველი ჩემთან არავის მოუტანია და არც ჩემს მაგიდაზე არ მოხვედრილა. მე ის არ მინახავს მანამ, სანამ არ შეიქმნა ის მოწყობილობა, რომელიც მე შევიმუშავე და რომელიც ადგილობრივ ჩარხების სახელოსნოში დამზადდა. თუმცაღა მე ის ვნახე მოგვიანებით, ჩემი სიზრმის ცხაურებიან სამზარეულოში. მაღალი, მსუბუქი კაცი ჩემი სიზმრიდან, აღმოჩნდა მექანიკოსი, და ეს მისი სამზარეულო იყო. პატარა ჰავაელი ქალიც იქ იყო. ის მექანიკოსის ცოლი იყო. მოწყობილობა გამოიყენებოდა შაქრის სიროპის ასაწონად შაქრის გადამამუშავებელ საწარმოებში.

როცა პრობლემა გადაიჭრა და მექანიკოსმა განახორციელა ცვლილებები ჩემი მითითების შესაბამისად, ბოლო ჯერზე წავედი ცხაურიან სამზარეულოში, რომ მოწყობილობა ფოტო ქაღალდზე გამომეცადა. ისე მოხდა, რომ ზუსტად წინა დღეს შევიძინე განსხავებული, პატარა თეთრი ფოტო ჯამები. ისინი იაპონური წარმოების იყო და ისეთი მასალისგან დამზადებული, რაც მანამდე არ მენახა.

ცდის შედეგები ზუსტად ისეთი იყო, რაც მესიზმრა, გარდა იმ ნაწილისა, როცა ჩვენ ყველამ ერთად წამოვიძახეთ: „მუშაობს!“ რადგან ამ დროს ჩემი სიზმრები უკვე მოყოლილი მქონდა მათთვის და ჩანაწერებიც ნაჩვენები. ასევე მესიზმრა რამოდენიმე მომავლის ამბავი ექსპერიმენტის პერიოდში, მაგრამ არცერთი სიზმართა სერია აღარ ყოფილა ასე დატვირთული ხალხით, მოწყობილობებით და ისეთი უცხო ადგილებით, რომელთა წინასწარ წარმოდგენა სრულიად შეუძლებელი იყო.

კომენტარი:

უნდა აღინიშნოს, რომ მომავლის სიზმრები არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ ისინი რაიმეს შესახებ გვაფრთხილებენ - უბედური შემთხვევების, სიკდვილისა თუ სხვა პრობლემების. უმეტეს შემთხვევაში სიზმრად ჩვეულებრივ, ცხოვრების ყოველდღიური მოვლენებს ვხედავთ. ამ მიზეზის გამოა, რომ საშუალო ადამიანს დანის მეთოდის გამოყენების დიდი ინტერესი არ აქვს ხოლმე და მალე აღმოაჩენს, რომ ღამის გაუტეხელი ძილი ჯობია მომავლის ნახვას, სროლა-აცდენათა მეთოდით.

მართალია, დიდი ინტერესი მქონდა რაღაც პერიოდი, მაგრამ მეც, მსგავსად სხვებისა, მალე დავიღალე ექსპერიმენტით. შემდეგ დავუშვი შეცდომა, ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, როცა მძინარე ვწვალობდი სიზმრების ჩაწერაზე. შუქი, რომელსაც ვრთავდი ჩაწერისთვის, თვალებს მტკენდა, და მალე, ჩემი დაბალი „მე“ მივიდა დასკვნამდე, რომ მთელი ეს ამბავი სასურველი არ იყო. მან ჩამოაყალინა კომპლექსური აზრი ამ საკითხზე, და ამის შემდეგ, მომავლის არანაირ სურათს აღარ მიჩვენებდა.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დაჟინებით ვურჩევ დამწყებებს, სუსტი შუქი მოიმზადონ ღამისთვის, რაც თვალებს არ ატკენთ. რაც მთავარია, თქვენს ძილისკენ წასულ თავს უთხარით, თუ რა სასიამოვნოა ღამე გაღვიძება და სიზმრების ჩაწერა. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს აქვს ჩამწერი მოწყობილობა, რომ თითი დააჭიროს, ჩართოს და შემდეგ მოყვეს სიზმარი, ეს იდეალური მოწყობილობა იქნებოდა. ასევე, თუ ჩემს გამოცდილებას კრიტერიუმად ავიღებთ, ექსპერიმენტატორი ერთ თვეში ისწავლის შინაგანი გრძნობით იმის გარჩევას, ეს სიზმარი მომავალს მიეკუთვნება და ღირს მისი ჩაწერა, თუ ჩვეულებრივი, უმნიშვნელო სიზმარია.

ძილის მდგომარეობის სფერო ექსპერიმენტებისთვის დიდი შესაძლებლობებს გვთავაზობს სხვა მხრივაც. დაბალი „მე“-სთვის შთაგონების მიწოდებისთვის ძილზე უკეთესი დრო არ არსებობს. და ასეთი შთაგონების ფორმას არ ჭირდება ჰიპნოტური ძალა, რასაც ჩვენ ჰიპნოზურ შეთავაზებას ვუკავშირებთ. ნათქვამი სიტყვა საკმარისია. ის შეიძლება ითქვას მოწყობილობის მიერ, რომელზეც ყურადღებით მომზადებული ჩანაწერია განთავსებული. ჩანაწერი შეიძლება გაეშვას საათის მიერ, კიდევ და კიდევ გამეორდეს, ან ერთხელ დაუკრას და გაჩერდეს. ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული ბალიშისქვეშ მოსათავსებელი სპიკერი. ყველა ვარიანტში, სიტყვები დაბალ ხმაზე უნდა ისმოდეს, და რამოდენიმე ღამეში ის აღარ გაგაღვიძებთ. დაბალ მეს, რომელიც ინარჩუნებს ხმაზე მგრძნობიარობას ძილის დროს, როგორც ჩანს, ესმის სიტყვიერი შთაგონება და ავტომატურად აგებს ამ სიტყვების აზრო-ფორმებს. ეს აზრო-ფორმები ბინავდებიან დაბალი მეს ჩრდილოვან სხეულში და რჩებიან იქ, სტანდარტული რაციონალიზაციის პროცესის ზეგავლენისგან თავისუფალნი, მაშინ, როცა ღვიძილის დროს მას აუცილებლად გაივლიდნენ.

შუა „მე“-ს მიერ განხორციელებული რაციონალიზაცია წარმოადგენს პროცესს, რომელიც შთაგონების სიტყვებსა და აზრებს საწინააღმდეგო აზრო-ფორმებს უქმნის, ამბობს რა, რომ შთაგონება არ არის შესრულებადი. ამიტომ, ის, ვინც ჩამწერს იყენებს ძილის დროს შთაგონებების მოსასმენად, კარგს იზამს, თუ დაარწმუნებს თავს, რომ ის შთაგონებები, რომლის მოსმენასაც ძილის დროს გეგმავს, არის მისაღები, და რომ დაბალი მე უპასუხებს, და განახორციელებს მათ. შუა „მე“ს ეს დამოკიდებულება - თავდაჯერებული მოლოდინი - დაბალ „მე“-ს აძლევს თავისუფლებას მიიღოს ღამე გაჟღერებული შთაგონებები, და გააკეთოს მათზე რეაგირება უფრო და უფრო სრულად, ღამეული გამეორებების შესაბამისად.

უმეტესობა ჩვენგანს ახრჩობს საკუთარი ჩვევები და შეზღუდვები. ჩვენი წარუმატებლობები ბავშვობიდან გვიჩენდნენ კომპლექსურ რწმენებს ჩვენს უუნარობაში. ჩვენ შიშის კომპლექსები გვთრგუნავს. გვეშინია ადამიანების, ღმერთისაც კი. სია გრძელია. დაავადებათა უმეტესობა ფიქსაციების შედეგია. ამიტომ, ჩაწერილი შთაგონებები, რომელიც ძილის დროს უნდა იქნას მოსმენილი, საჭიროა დიდი ყურადღებით შეირჩეს. და რაც შეეხება დაბალი „მე“-ს მიერ მაღალ „მე“-სთან ტელეპატიური ლოცვების მიტანის შესწავლას, ჩანაწერების მოსმენის მეთოდს უდიდესი როლის შესრულება შეუძლია მაღალ მაგიაში.

მართალია, უნდა ვახსენოთ ის ფაქტი, რომ აღწერილია ხშირი შემთხვევები იმისა, რომ ჰიპნოტირებული სუბიექტები აღწერდნენ მოვლენებს მათ მოხდენამდე, მაგრამ ეს წინასწარმეტყველებანი შემთხვევითობის დამსახურებაა. ეს არ ხდება ჰიპნოზის ოპერატორის ბრძანების პასუხად. რაც კვლავ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეცნობიერს - რომელიც შთაგონებას პასუხობს - არ აქვს უნარი მომავლის დანახვის. მას მომავალს აჩვენებს ზემაღალი მენტალური სიმძლავრის მქონე არსება, როგორც კაჰუნები ამბობენ, აუმაკუა ანუ მაღალი „მე“.

მას კი, ვისაც სურს შეისწავლოს წინათგრძნობის უნარების შესახებ არსებული ჩანაწერები, რომელთაც ჰიპნოტირებული სუბიექტები ავლენდნენ, ჩარლზ რიჩეტის წიგნი- „ფსიქიკური კვლევის 30 წელი“ ყველა ნორმალურ ბიბლიოთეკაში შეუძლია ნახოს.

ქეისი 17: წინასწარცოდნა ჩვეულებრივ სიზმრებში

წინასწარი შენიშვნები:

სიზმრები, რომლებიც მომავალს შეეხება რამოდენიმე სახისაა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, რომელშიც სიზმრების მნახველს ესიზმრება სიმბოლო და გაღვიძებისას თარგმნის ამ სიმბოლოს და წინასწარმეტყველებს მოვლენის ზოგად ხასიათს. მაგალითად, ერთი ჩემი ნაცნობ მამაკაცს ხანდახან ესიზმრებოდა წითელი ხარი. ეს მისთვის ნიშნავდა რამე იღბლიანი შემთხვევის მოახლოებას, და ძალიან იშვიათად, რომ მოულოდნელი სიხარული არ მოყოლოდა მალე ასეთ სიზმარს.

შემდეგია სიზმრების სახეობა, რომლებშიც სიმბოლოები და მოვლენები ერთიანდებიან წარსულიდან და მომავლიდან. ხშირად ეს შერევა ამრუდებს/ცვლის სიზმრად ნანახ მოვლენას. ერთხელ მესიზმრა მოხტუნავე მაიმუნებით სავსე მაღაზიის ვიტრინა, რომლებიც აფრიალებდნენ მელნიან კალმებს და ქაღალდის ხვეულებზე ძალიან გრძელ ხაზებს ავლებდნენ. მოგვიანებით, იმავე კვირაში, მე ვიცანი მაღაზიის ვიტრინა ჩემი სიზმრიდან, როცა მოძრავ მაგიდაზე მოცეკვავე სათამაშო მაიმუნი დავინახე. მოპირდაპირე ვიტრინაში პატარა მოწყობილობა იდო, რომელშიც ქაღალდის ცილინდრი ტრიალებდა მელნიანი კალამის წვერზე და მილებან (კილომეტრებიან) ხაზებს ავლებდა მელნის დიდი მოცულობის წარმოსაჩენად.

სიზმარმა, რომელიც მხოლოდ მომავალ მოვლენას ეხება და აჩვენებს მას ზუსტად და შეუცვლელად, შეიძლება გადმოინაცვლოს დროში სხვებზე წინ. ამდაგვარი სიზმარი ყველაზე მეტად იმსახურებს შესწავლას და კულტივირებას. მამაჩემს ჰქონდა ასეთი სიზმრები ჩემი ყმაწვილ-ბიჭობის გარკვეულ ეტაპზე. ის მათ საუზმის დროს იხსენებდა ხოლმე და გვეტყოდა დაგვემახსოვრებინა, რომ მოგვიანებით დავხმარებოდით იმის შემოწმებაში, რამდენად ზუსტად ახდებოდა. ის ცნობდა შინაგანი განცდით, რომ ეს სიზმრები მომავალს ეხებოდა.

შემთხვევა:

მამაჩემს ესიზმრა ველი, სადაც ცხვრები ვაიომინგის სალბებს შორის გადაადგილდებოდნენ. დრომ გაიარა და იმავე ველზე დაინახა გაყვანილი რკინიგზა. კიდევ ერთ ნახტომი წინ და დაინახა რკინიგზის ერთ მხარეს ამ ველზე - ქალაქი, მეორე მხარეს - ნახშირის საბადო, გახსნილი და ამოქმედებული. ქალაქის უკან ნავთობმომპოვებელი დერიკ-ამწე მოჩანდა. დროში გადანაცვლების ბოლო ეტაპი იგივე ველს აჩვენებდა, მაგრამ ეს ყველაფერი გამქრალი იყო, დარჩენილი იყო მხოლოდ რკინიგზის ლიანდაგი და დანგრეული შენობების საძირკვლები.

ეს ერთი ღამის სიზმარში დაახლოებით ათწლიან პერიოდს მოიცავდა. მამამ მოგვიანებით იცნო ველი და მასზე გამავალი რკინიგზის ლიანდაგი, შემდეგ ქალაქი აშენდა- სპრინგ ველი (Spring Valley, Wyo.), შემდეგ ნახშირის საბადო, შემდეგ ნავთობის ჭა-ბურღული გაბურღეს ქალაქთან ახლოს და მოგვიანებით კი დალუქეს, რადგან მალე აღმოჩნდა, რომ საბადო ძალიან სახიფათო იყო, და Union Pacific -მა, ვისაც ის ეკუთვნოდა, მოაშორა ყველა მოწყობილობა და და ისეთი დატოვა ველი, როგორიც ბოლო სიზმარში ჩანდა. (მე პირადად შევესწარი ველის ამდაგვარ განვითარებას).

კომენტარი:

მაშინ, როცა მამაჩემმა ეს სიზმარი ნახა, ქვანახშირის ძარღვი არ იყო აღმოჩენილი სპრინგ ველისთან. ის მხოლოდ მას მერე აღმოაჩინეს და მაღაროც მერე აამუშავეს, რაც რკინიგზის ხაზი გაიყვანეს. სრული დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს სიზმარი ვერ იქნებოდა სხვა ადამიანის გონების წაკითხვა. ეს იყო პირდაპირი, ცხადი, დეტალური ნახვა მოვლენებისა, რომლებიც ვერცერთ ცოცხალი ადამიანს ვერ ეცოდინებოდა იმ დროისთვის.

გვიწევს დავასკვნათ, (1) რომელიღაცა ჭკვიანი არსება ან ცნობიერების ფორმამ შეძლო დაენახა ველის მომავალი, და ამით, დემონსტირირება გაუკეთდა მენტალური სიმძლავრის ისეთ ფორმას, რომელიც გაცილებით ზემდგომია ცნობიერ თუ ქვეცნობიერ მეებზე. (ეს ესადაგება კაჰუნების მაღალ მეს). ან (2) ალტერნატიულად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეცნობიერს აქვს უნარი დაინახოს მომავალი. მაგრამ ეს მცდარია, რაც დადასტურებულია იმით, რომ ჰიპნოტური ბრძანებით იგი ვერ ხედავს მომავლს.

ქეისი 18: მომავლის ნახვა კრისტალში მზერით

წინასწარი შენიშვნა:

კრისტალის მზერა წარმოშობს მოდუნების მდგომარეობას, რომელშიც დაბალი „მე“ შედის ძილისმაგვარ მდგომარეობაში, იმ სხვაობით, რომ შუა „მე“ იქვე რჩება და შეუძლია, დააკვირდეს სიზმრის მსგავს სურათებს, რაც კრისტალში მოჩანს.

ქეისი:

(ა) მე უკვე ვახსენე ქალბატონი, რომელიც ლავლოქში, კანადაში ცხოვრობდა, და რომელიც ფლობდა "ჩახედვის" ხელოვნებას, როგორც მას ეძახდნენ ძველ დროში. ის არამხოლოდ ახერხებდა ეპოვა ჩემი შორსმყოფი მეგობრები და ენახა, რას აკეთებდნენ ისინი, მას ასევე შეეძლო მომავლის მოვლენების დასანახი მოთხოვნა გაეჟღერებინა და, ხშირად, ნახულობდა კიდეც მათ კრისტალში.

ორი შეხვედრა დაეთმო ჩემს მომავალში ჩახედვის მცდელობას, რომ გვენახა, რა მომელოდა. იმ პერიოდში მე ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდი სურათების გადასაღებად. სწორედ მაშინ, ვაპირებდი ისეთ ადგილებში წავსულიყავი, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ. უფრო მეტიც, არც მქონდა გადაწყვეტილი, ეს ადგილები რომლები იქნებოდა. ამ შეხვედრების დროს მან დაინახა ორი დეტალური და სრულყოფილი სურათი ჩემი მომავლიდან, თითოეული ასახავდა დაახლოებით ერთი კვირის ამბებს.

კრისტალში ჩახედვით მან დაინახა, როგორ იღებდა სურათი ფორმას ფერსა და მოძრაობაში. ის აღწერდა მოვლენას, იმის მიხედვით, როგორ იცვლებოდა სცენები. ჯერ იყო პატარა ქალაქი, პატარა ლამაზი ქუჩებით რკინიგზის ორივე მხარეს. იქ იყო სადგური და დამინახა, როგორ ჩამოვედი მატარებლიდან ჩანთებითა და ფოტოაპარატებით. კადრი შეიცვალა და ახლა დამინახა, როგორ შევდიოდი თანამედროვე, აგურით ნაგებ სასტუმროში. შემდეგ დამინახა, როგორ ვიდექი კოტეჯის ვერანდაზე და ველაპარაკებოდი წითელთმიან ახალგაზრდა ქალს, რომელიც თეთრებში იყო გამოწყობილი და ხელში წითელთმიანი ჩვილი ეჭირა. შემდეგი სცენა აჩვენებდა სასტუმროსთან შორიახლოს დაბანაკებულ ინდიელებს, რომლებიც რაღაც შეხვედრას ატარებდნენ. მე კი მათი ბანაკის სურათებს ვიღებდი.

წინასწარმეტყველების ყველა დეტალი თვეზე ნაკლებ დროში აცხადდა. მე მატარებლით გავემგზავრე მეისონში, ნევადის შტატში, ჩასვლისთანავე ვიცანი ჩემთვის წინასწარ აღწერილი ქალაქი და სასტუმრო. ჩემი იქ ყოფნის დროს გავიცანი თეთრებში ჩაცმული წითელთმიანი ქალი და მის წითელთმიან ბავშვს სურათები გადავუღე. ჩასვლიდან 2 დღეში ქალაქში ინდიელებმა დაიწყეს ჩამოსვლა, ქარსონ სინქის რეგიონის კლანების ყოველწლიურ თავყრილობაზე.

(ბ) მეორე ქალაქი, რომელსაც მეისონის შემდეგ ვესუტმრე, იყო ერინგტონი, ნევადაში. ის იყო ზუსტად ისეთი, როგორიც კრისტალში იყო დანახული. რკინიგზიდან რამოდენიმე მილის დაშორებით სუტად ისეთი ქალაქი ვნახე, რაც აღმიწერეს, გაშენებული ძველი მთავარი ქუჩის გასწვრივ, სადაც თითქმის არ იყო შიდა ქუჩები. დავიწყე სასტუმრო სახლის ძებნა აბრით „გლობალური სასტუმრო სახლი“, წარწერის ქვეშ კი გლობუსით. მალევე შევნიშნე. ვიცოდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც უნდა დავრჩენილიყავი, და მისვლის და ზარის დარეკვის შემდეგ, იმედით დაველოდე, გამოჩნდებოდა თუ არა ქალი „მუქი თმითა და ცოტა ელამი თვალებით“. ის გამოჩნდა, და შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ჩემი კარგი მეგობარი გახდა. დახმარდა სამუშაოს შოვნაში და მათხოვა ძალიან მნიშვნელოვანი წიგნები ოკულტიზმის შესახებ.

კომენტარი:

კრისტალში მზერის უპირატესობა ჩვეულებრივ სიზმრებთან შედარებით ცალსახაა. პირველ შემთხვევაში, ადამიანი წყვეტს, რისი ნახვა სურს მომავლიდან, მეორეში კი - ადამიანი უნდა დასჯერდეს იმას, რასაც სიზმრებში შემთხვევით დაიჭერს.

საინტერესო მიდგომის შემჩნევა შეიძლება მომავლის დანახვის ამ მეთოდში. მაშინ როცა ზოგიერთ შეხვედრებზე მოთხოვნის საპასუხოდ არანაირი მომავლის ჩვენება არ ხდებოდა, იყო შემთხვევები, როცა წარჩვენება მოდიოდა მოთხოვნის გარეშე. მოთხოვნა ხმამაღლა კეთდებოდა, იმის ცოდნის გარეშე, თუ ვის მივმართავდით, და საოცარი იყო, რომ გვაპსუხობდნენ საერთოდ.

მომავლის დანახვა ეწინააღმდეგება თანამედროვე მეცნიერულ რწმენებს, ისევე როგორც ცეცხლზე სიარული და მყისიერი განკურნება. მეცნიერება ვერ გვთავაზობს ახნას და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩიხში შედის, მაგრამ კაჰუნების უჩვენებენ გზას მათ, ვისაც ღია აქვს გონება, და ვინც მზად არის შეისწავლოს დაგროვილი ფაქტები.

ქეისი 19: გამაფრთხილებელი ინფორმაცია გარდაცვლილთა სულებისგან

წინასწარი შენიშვნები:

კაჰუნების თანახმად, ყველანაირი კავშირი გარდაცვლილთა სულებთან - ისევე როგორც მაღალ მესთან - ხდება დაბალი მეს მიერ. ეს ეხება განსაკუთრებით სულებს უხილავ მდგომარეობაში, რომლებშიც ისინი უნდა დავინახოთ ან ვიგრძნოთ ფსიქიკური უნარებით. რომლებიც სხვა არაფერია თუ არა უნარი, მოდუნდე და აცალო დაბალ მეს დაინახოს და გვაცნობოს დაწყებული ჩვეულებრივი სიზმრებიდან დამთავრებული წარსულის, აწმყოსა და მომავლის დანახვით.

მართებულია, გვჯეროდეს, რომ ჩვენ, როცა გარდავიცვლებით და ვხდებით „სულები“, ჩვენ გვრჩება მხოლოდ მენტალური ძალა, რაც სიცოხლეში გვქონდა. გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ დაბალი მეები გადაკეთდებიან სუპერცნობიერებად, რომლებსაც მომავლის დანახვის უნარი აქვთ. თუმცაღა ჩვენ გვაქვს იგივე უნარი, დავეკონტაქტოთ მაღალ მეს და ვთხოვოთ, გვაჩვენოს მომავალი. და თუ ჩვენ შევძლებთ კავშირზე გავიდეთ ცოცხალი ადამიანის დაბალი მესთან, ჩვენ შევძლებთ ადამიანს მისი დაბალი მეს საშუალებით გადავცეთ ის ინფორმაცია, რასაც „მეორე მხარეს“ დავეუფლეთ.

არის ასევე ალტერნატიული მეთოდი, რომლის დროსაც ადამიანი მოდუნდება და ნებას რთავს გარდაცვლილი ადამიანის სულს, შევიდეს მის სხეულში და ილაპარაკოს მისი პირით. ეს არ არის იშვიათი მეთოდი. მას იყენებენ მედიუმები და აღიარებული მეთოდია სპირიტუალიზმში. ის შეისწავლება ფსიქიკური კვლევების ფარგლებში, და დაგმობილია ეკლესიისა და რეაქციონერი მეცნიერების მიერ.

ტრანსის ასეთ მდგომარეობაში, როცა სულები მედიუმის საშუალებით გველაპარაკებიან, თითქოს შემთხვევით, ხანდახან მომავალს ზუსტად გვეუბნებიან. მათ ეს არ შეუძლიათ ნებისამებრ გააკეთონ, რაც ამტკიცებს, რომ მაღალმა მემ უნდა მისცეს ეს ინფორმაცია როგორც გარდაცვლილთა სულებს, ისე ცოცხალი ადამიანების დაბალ მეებს.

ფსიქიკური კვლევების ჩანაწერები სავსეა ისეთი შემთხვევებით, სადაც სულებმა სწორად იწინასწარმეტყველეს მომავალი, და ისეთი შემთხვევებით, სადაც ეს სცადეს, მაგრამ ძალიან ცუდად შეცდნენ. წარუმატებლობა იმდენად ხშირი იყო, რომ სპირიტუალიზმის მიმართ ეჭვები გააჩინა.

სპირიტუალური სეანსებზე სპირიტუალური სეანსების დაფებისა (Ouija Board) და მსგავსი მექანიზმების გამოყენებით, გარდაცვლილი ადამიანის დაბალ მეს, რომელიც უეცარი გარდაცვალების დროს გამოცალკევდა შუა მესგან, უყვარს ცოცხლებთან კომუნიკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვს აზროვნების (ინდუქციური) უნარი, ის ცდილობს უპასუხოს ნებიესმიერ შეკითხვას, რასაც დაუსვამენ და ამას აკეთებს, ძირითადად, გამოცნობის გზით (ან ადამიანის გონების წაკითხვით) იმისგამ, რის გაგონებასაც იქ მსხდომნი მოელიან. ამ გზით უსასრულოდ ბევრ ტყუილებს ამბობენ სულები და სპირიტუალიზმს სახელი გაუფუჭეს. როცა ჩვენ შევძლებთ განსხვავების დანახვას, იზოლირებული დაბალი „მე“-ს ვიზიტორებისა და ჩვეულებრივ, ნორმალურ სულებს შორის, რომელთაც გააჩნიათ როგორც დაბალი, ისე შუა „მე“, მას მერე აღარ მოვტყუვდებით ასე ხშირად.

შემთხვევა:

(ა) როცა ახალიგაზრდა ბიჭი ვიყავი, ერთხელ საუზმეზე დედაჩემმა მოგვიყვა, რომ ღამე გაეღვიძა და თავისი და, მეი დაინახა, რომელიც სან ფრანცისკოში ცხოვრობდა (ჩვენ ვაიომინგში ვცხოვრობდით). მეი ნისლივით ჩანდა და თქვა, რომ გარდაიცვალა და რომ მისი სურვილი იყო, მისი ორი შვილი დედაჩემს წამოეყვანა და აღეზარდა. მეორე დღეს დეპეშა მოვიდა, რომელიც მეის მოულოდნელ გარდაცვალებაზე იუწყებოდა. მისი ორი შვილი, როგორც დედის მოჩვენებამ მოითხოვა, ჩვენს ოჯახში წამოვიდნენ და აღიზარდნენ.

(ბ) ცნობილი ავსტრალიელი მედიუმის, მისის ფოსტერ თერნერის საშუალებით მოლაპარაკე სულმა, 1914 წლის თებერვალში, სერ არტურ კონან დოილთან სეანსზე შემდეგი წინასწარმეტყველური ინფორმაცია გადმოსცა (რაც შემდგომში, ზუსტი აღმოჩნდა).

„მართალია ახლა არაფერი ისმის დიდი ევროპული ომის მოსალოდნელობის შესახებ, მე მაინც გაფრთხილებთ, რომ ვიდრე ეს წელი- 1914- მიიწურება, ევროპა სისხლით დაიტბორება. დიდი ბრიტანეთი, ჩვენი საყვარელი ერი, ჩათრეული იქნება ყველაზე საშინელ ომში, რაც კი მსოფლიოში მომხდარა. გერმანია იქნება ძლიერი მოწინააღმდეგე და მას მხარს სხვა ერებიც დაუჭერენ. ავსტრია ნანგრევებად იქცევა. მეფეები და სამეფოები დაეცემიან. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეწყდება, მაგრამ ბრიტანეთი საბოლოო იმძლავრებს და გამარჯვებული მოგვევლინება“.

ეს შეხვედრა დარბაზში შედგა, სადაც ეს წინასწარმეტყველება დარბაზში მჯდომმა ათასამდე კაცმა მოისმინა.

კომენტარი:

ვიცით რა, რომ მომავლის დანახვა შესაძლებელია, წარმოსახვის დიდი დაძაბვა არ ჭირდება კაჰუნების მაღალი „მე“-ს იდეაში ჩაწვდომას, რომელსაც ზემაღალი მენტალური ძალები გააჩნია, და რომელიც საშუალებას აძლევს მას დაინახოს, წინ რა გველოდება. მაგრამ იოლი არ არის ამ უნარის მოქმედებაში წარმოდგენა, როცა ის სცდება ზოგად პროგნოზებს, ისეთებს, როგორიცაა ჩვენ მიერ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგების გამოცნობა/ დასკვნების გაკეთება, და იწყებს დეტალების წინასწარმეტყველებას. მაღალი „მე“ რომ იმავე ტიპის აზროვნებას იყენებდეს, რასაც ჩვენ - შუა „მე“-ები ვიყენებთ, ის მხოლოდ დასკვნებს გააკეთებდა/გამოიცნობდა შედეგებს, მაგრამ რამდენადაც ის იძლევა გასაოცრად წვრილმან დეტალებსაც კი, ცხადი ხდება, რომ აქ ადგილი აქვს ჯადოსნურად ზემაღალი აზროვნების ფორმას ან სხვაგვარად სუპერ-აზროვნებას. ან როგორც კაჰუნებს მიაჩნდათ, მომავალი მოვლენა თუ გარემოება რეალური რაღაცაა, რომელიც წარმოადგენს უხილავ ჩრდილოვანი სხეულის (აკა, იგივე მეა) სუნსტანციას, იმ სუბსტანციის მსგავსს, რასაც აზრო-ფორმები წარმოადგენენ.

თუ მაღალი „მე“-ები, მუშაობენ რა ჩვენთვის გაუგებარ ერთობლივად თუ ერთიანობაში, იღებენ მსოფლიოში არსებული ყველა ადამიანის შუა და დაბალი „მე“-ების საქციელებს, ფიქრებსა და სურვილებს, შეაჯერებენ ყველაფერს ამას და აწარმოებენ მომავლის შაბლონებს, მაშინ ეს შაბლონები ჩანს მაღალი მეს ცნობიერების პლანზე (განზომილებაში), და ყველა მისი დეტალი კრისტალიზდება და ეწყობა იმგვარად, როგორც ეს ძირითადი შაბლონითაა განსაზღვრული.

ამ გარემოებებს მივყავართ იმ ფაქტამდე, რომ მაღალ მეს აზროვნების ისეთი ზემაღალი სიმძლავრე გააჩნია ჩვენთან შედარებით, რომ ჩვენ მათ ვერ აღვიქვამთ. არაფერი რომ არ ვთქვათ იმის გაგების შეუძლებლობაზე, თუ როგორ მუშაობენ ისინი. ჩვენ ამაზე ძალიან ცოტა თუ შეგვიძლია ვიცოდეთ. ჩვენ შეგვიძლია ამაზე მხოლოდ ბევრი ვივარაუდოთ. თუმცაღა, რისი ცოდნაც ჩვენ გვჭირდება, ჩვენი სანახევრო ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად, ეს არის ის, ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ მაღალი მესგან დახმარება მივიღოთ, ჩვენი მომავალი ცხოვრება და მოღვაწეობა ჯანმრთელად, წარმატებულად და მეტი სიკეთეებით აღსავსე იყოს.

კაჰუნებს სჯეროდათ, რომ მომავლის მნიშვნელოვანი მოვლენები ფიქსირებული იყო და მათი დანახვა კარგა ხნით ადრე შეიძლებოდა. მსოფლიო თუ ქვეყნების მოვლენები ასი და ათასი წლით ადრეც კი შეიძლება დავინახოთ. ცალკეული ადამიანების მომავალი კი, ადამიანთა მოკლე სასიცოცხლო პერიოდის გამო, შესაძლოა მხოლოდ თვეებით ან წლებით ადრე გამოჩნდეს.

კაჰუნები მუდმივად ამჟღავნებდნენ ადამიანების მომავლის დანახვის და მისი უკეთესობისკენ შესაცვლელად მაღალი მესგან დახმარების მიღების უნარს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, ჩვენ რომ საკმარისად განათლებულები/განვითარებულნი ვიყოთ, შევძლებდით წინასწარ დაგვენახა მსოფლიოსა და ქვეყანების მომავლის დანახვასა და შეცვლას, შესაბამისი ძალისხმევის შედეგად. დღეს, როცა ჩვენ ატომური ბომბის იარაღად გამოყენებას შესაძლებლად განივიხილავთ, სიხარბე რომ არ მართავდეს მსოფლიოს, კვლავ შევძლებდით ერთობლივი ძალისხმევით შეგვეცვალა ის, რაც ბრმისთვისაც კი ნათელია, რომ გარდაუვალ უბედურებას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობას სიხარბე და დაბალი მეს ცხოველური ინსტიქტები ამოძრავებს მისი კომპლექსური და უსაფუძვლო სიძულვილებითა და შიშებით, ვიდრე შუა მეს უემოციო ლოგიკა. მხოლოდ მცირენი უსმენენ მაღალი მე-ს კარნახს, სადაც სიყვარული და მსახურების კანონები დომინირებს.

კი, ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი ცნობიერი გონება მართავს სამყაროს, მაგრამ მათზე დაბალი „მე“-ები დომინირებენ. ისინი კი, ჯერ კიდევ ცხოველები არიან - ჯიუტები, ველურნი და აზროვნების უნარს მოკლებულნი. როგორც შუა „მე“-ებს, ჩვენ მოგვეცა თავისფალი ნება, მაგრამ ვიდრე ჩვენი ერთობლივი, დაგროვილი მსოფლიო გამოცდილება ვერ გვასწავლის იმ გაკვეთილებს, რისი ცოდნაც გვჭირდება, ჩვენ საჩუქარს - თავისუფალ ნებას, როგორც ცალკეული ადამიანები, ისე ქვეყნები, ძალიან ცუდად გამოვიყენებთ.

კაჰუნები ასწავლიდნენ, რომ არსებობდა ისეთი იდეალური მდგომარეობა, რომლისკენაც ინდივიდს უნდა ესწრაფვა. ეს იყო მდგომარეობა, რომელშიც მაღალი „მე“-სგან დახმარება და რჩევა მოითხოვებოდა, მიიღებოდა და სრულდებოდა. ერთადერთი წესი, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში უნდა დაემორჩილოს, არის ის, რომ არ ავნო სხვას. უფრო განვითარებულთათვის წესი შეიცავდა მოყვასისთვის კეთილმსახურებას. სიყვარულს შეუძლია ადამიანთა გაერთიანება დიადი საქმეების საკეთებლად ყველასთვის სასიკეთოდ. სიძულვილი და შიში მხოლოდ ომისა და ნგრევისთვის აერთიანებს ადამიანებს.

იმ დროს, როცა კაჰუნებს პოლინეზიაში საუკეთესო ხანა ქონდათ, ისინი ასწავლიდნენ ადამიანებს, რომ სხვისთვის არ ევნოთ. ვინც გამიზნულად ვნებდა სხვას, სიკვდილის ღირსად ითვლებოდა და ხშირად მას სასიკვდილო ცოდვით სჯიდნენ. ეს განვითარების მეთოდს წარმოადგენდა პოლინეზიაში, მთელ მსოფლიოში ყველაზე მეგობრულ და მზუნველ ხალხში. ყველა ადრეული პერიოდის მოგზაური, გამონაკლისის გარეშე, გაოცებული იყო ამით და ყველა ახსენებდა ჩანაწერებში. ეს იყო ოქროს ხანასთან ყველაზე მიახლოებული პერიოდი იმ ისტორიის მანძილზე, რომელზეც ჩანაწერები არსებობს.

 


 

თავი 11

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

სწრაფი განკურნება მაღალი მეს მეშვეობით. მტკიცებულებები და მეთოდები 

სალოცავი ლორდეში (საფრანგეთი). ქეისი 20. კაჰუნა სწრაფად კურნავს გატეხილ ძვალს. როგორ მუშაობს მაღალი მე, მაღალი ძაბვით დამუხტული მთავარი ძალა, ფიზიკური და აკა სხეულის ქსოვილები. კომპლექსი, ანუ იდეების ფიქსაცია, „ის რაც შიგნიდან ჭამს“ ქმნის დაბრკოლებებს. დაბალი მე მოხიბლულია მყარი საგნებით. ქეისი 21. მტკიცებულება აპორტის მეშვეობით.

ქალაქ ლორდეს (საფრანგეთი) ქრისტიანულ სალოცავში, ექიმებმა გამოიკვლიეს ის ხალხი, ვინც იქ განკურნების იმედად დადიოდა. ისინი 50 წლის მანძილზე აგროვებდნენ ჩანაწერებს განკურნებულ ადამიანებზე. ეს ჩანაწერები ასახავს დაავადებების სიმპტომებს, განკურნებისთვის დახარჯულ დროს და განკურნების შემდგომ მდგომარეობას.

არსებობს ორი სახის სასწაულებრივი განკურნება. პირველი ისე სწრაფად ხდება, რომ მას შეგვიძლია სწრაფი განკურნება ვუწოდოთ. ამ დროს ავადმყოფობები ან დეფორმირებული ნაწილები ან სხეულის ქსოვილები წამებში, ან უმეტესად წუთებში უბრუნდებიან ჯანმრთელ, ნორმალურ მდგომარეობას.

მეორე სახის განკურნება პირველს ჰგავს იმ განსხვავებით, რომ დაზიანებული ქსოვილების ჩანაცვლებას რამდენიმე დღე სჭირდება. სავარაუდოდ ეს დამოკიდებულია ჩვეულებრივი რეგენერაციის პროცესის საგრძნობ აჩქარებაზე. 

აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც სხვებისთვის ლოცულობენ, უფრო კარგად იკურნებიან ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ თავიანთი თავისთვის ლოცულობენ.

ამ გზით, კაცობრიობისთვის ცნობილი თითქმის ყველა დაავადება განკურნებულა. სიმსივნეები გამქრალა, დეფორმირებული ძვლები გასწორებულა, მხედველობა და სმენა აღდგენილა – ეს დალოცვილი სია საკმაოდ გრძელია.

ქეისი 20

კაჰუნა სწრაფად კურნავს გატეხილ ძვალს

წინასწარი შენიშვნები:

რელიგია სასწაულს ხსნის იმით, რომ ღმერთი ან წმინდანი ან სხვა ზეადამიანი ასრულებს სწრაფი განკურნების სასწაულს, მაგრამ როგორც ცეცხლზე სიარულის და მომავლის ხედვის (და მისი შეცვლის) შემთხვევებში, აქაც მხოლოდ კაჰუნებს აქვთ დეტალური ახსნა-განმარტება, თუ როგორ ხდება ასეთი მოვლენები. კაჰუნების რწმენისა და პრაქტიკების დეტალური შესწავლა ჩვენი ერთადერთი იმედია იმ სასწაულების გასაგებად, რომლებსაც უმაღლესი არსებები ყოველდღიურად ახორციელებენ, მთელს მსოფლიოში. აშკარაა, რომ მლოცველი ქრისტიანები და მენტალური მკურნალები ზოგჯერ მართლაც კურნავენ სხეულსა და „საფულეს“. ეს, საბედნიეროდ, სიმართლეა. მაგრამ ისინი ამას ვერ აკეთებენ აბსოლუტური დარწმუნებულობით. მილიონი იმედგაცრუების ფონზე მხოლოდ ერთი წარმატებული ფაქტი გვხვდება ხოლმე. მართალია მაღალ მე-სთან ვერც კაჰუნები აღწევდნენ წარმატებას ყოველთვის, მაგრამ საშუალო მონაცემებით მათ საუკეთესო შედეგი ჰქონდათ.

დოქტორ ბრიგჰემს გაუმართლა და შეძლო კაჰუნების მიერ სწრაფი განკურნების რამდენიმე შემთხვევის შესწავლა, მაგრამ ყველაზე მარტივი მაგალითი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო შემდეგი:

ქეისი:

ჩემს ახლო და სანდო მეგობარს, ჯ. ა. კ. ქომბსს, ჰონოლულუდან, რომელიც კაჰუნების სიბრძნის ახალბედა მოწაფე გახლდათ და რომელმაც ფასდაუდებელი დახმარება გამიწია, სიდედრად ჰყავდა კუნძულებზე ერთერთი ყველაზე ძლიერი ქალი კაჰუნა. მას უყვარდა ქომბსი და მისი საიდუმლო ცოდნის, ძალის და პრაქტიკების შესახებ ბევრ რამეს უყვებოდა. ერთხელ ქომბსი, მისი სიდედრის სოფლის სახლში, სანაპიროს წვეულებას ესწრებოდა. წვეულებაზე უამრავი სტუმარი ირეოდა, როდესაც სანაპიროსთან მანქანა გაჩერდა და იქიდან რამდენიმე ჰავაელი გადმოვიდა. მათ შორის ნასვამი კაციც, რომელსაც გადმოსვლისას რბილ ქვიშაზე ფეხი აუცდა და წაიქცა. წაქცევისას კი ძვლის მოტეხვის დამახასიათებელი ხმა გაისმა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას მარცხენა ფეხის მოტეხილობა ჰქონდა ტერფთან. ძვლის ბოლოებს ცხადად ეტყობოდა, რომ კანიდან იყო გამოსული. ქომბსი მალევე მიხვდა ტრავმის სერიოზულობას, რადგან მისთვის ასეთი ხმა უცხო არ იყო, მას თვითონვე ჰქონია ასეთი მოტეხილობა. მან გადაწყვიტა, რომ კაცი სასწრაფოდ წაეყვანათ ჰონოლულუში სამკურნალოდ, თუმცა ქომბსის სიდედრი თვითონ მივიდა ადგილზე და საქმეს შეუდგა. ის ტრავმირებულ კაცთან ჩაიმუხლა, ფეხი გაუსწორა, კანიდან გამოწეულ ძვლებზე ხელი დააჭირა და ხმადაბლა დაიწყო განკურნების ლოცვის წარმოთქმა. ის მალევე გაჩუმდა. გარშემომყოფები, რომლებიც დაძაბულნი უყურებდნენ, ვერაფერს ხედავდნენ, სანამ მან კაცის ფეხიდან ხელები არ აიღო და ჰავაურად წარმოთქვა „განკურნება დასრულებულია. წამოდექი. შეგიძლია გაიარო.“

ტრავმირებული კაცი, ახლა სრულიად გამოფხიზლებული, განცვიფრებით წამოდგა ფეხზე და დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. განკურნება სრულყოფილად იყო დასრულებული. ფეხს მოტეხილობის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა.

კომენტარი:

კაჰუნების სწრაფი განკურნების ახსნა-განმარტება მოიცავს (1) მაღალ მეს, ინტელექტის უზენაესი ფორმით და ამ სამუშაოს ჩატარების უნარით. (2) მთავარი ძალის, ანუ მანას მაღალ ძაბვას, რომელიც ბუნებრივია ყველა მაღალი მესთვის და ყველა სასწაულებრივი ქმედებისას გამოიყენება. და (3) ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, დაზიანებული კიდურის ხორცი, ძვალი და სისხლი (ტექნიკურად ეს სამივე, სხეულის „ქსოვილებია“), და აკა, ანუ პაციენტის ჩრდილისებრი სხეული, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელსაც ფეხის მოტეხილი სექციის ასლი აქვს გაკეთებული.

დაბალი მე-ს ჩრდილისებრი სხეული არის ყალიბი სხეულის ყველა უჯრედისა, ასევე მისი მთლიანი ფორმისა, ასე სწამთ კაჰუნებს. მოტეხილი ძვლის გასამთელებლად, მაღალი მე ექტოპლაზმად შლის დაზიანებულ ძვალს და სხვა ქსოვილებს, ეს ჩვეულებრივ უხილავი პროცესია, მაგრამ არა ყოველთვის. ვინაიდან ჩრდილისებრი სხეულის ყალიბი უხილავი ნივთიერებისგან შედგება, შეუძლებელია მისი გატეხვა ან დაზიანება. შესაბამისად, როდესაც არსებობს ნორმალური (ჯანმრთელი) ფეხის ყალიბი, დაშლილი ნაწილების ექტოპლაზმური მატერია ყალიბში თავიდან მკვრივდება, რის შედეგადაც მიიღება სწრაფი განკურნება და კიდური თავის პირველად მდგომარეობას უბრუნდება.

ეს ახსნა-განმარტება ყველა იმ განკურნებას ეხება, სადაც გვაქვს დიდი სირთულის დეფორმირებები ან დაავადებები. თუ არის სიმსივნე, ის გარდაიქმნება ექტოპლაზმურ ნივთიერებად და შემდეგ ისევ ნორმალურ ქსოვილად, რათა შეავსოს სხეულის დასნეულებული ნაწილის ყალიბი და აღადგინოს იმ მდგომარეობამდე, ვიდრე სიმსივნე განვითარდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კაჰუნების განმარტება ზოგადად მარტივია, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული პირობები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ყველანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ არსებობს რაიმე სახის ცოდვა ან დანაშაული, უნდა გაქარწყლდეს. ეგრეთწოდებული „რწმენა“, ნებისმიერი ხელის შემშლელი კომპლექსისგან გათავისუფლების წინაპირობაა.

კომპლექსს, ანუ იდეების ფიქსაციას კაჰუნები უწოდებენ იმას „რაც შიგნიდან გვჭამს.“ ეს არის დაბალი მეს რწმენა ან მსჯავრდება. ეს რწმენა, შესაძლოა იყოს სწორი ან მცდარი. როდესაც ის გამყარებულია, ანუ დაბალი მეს მეხსიერებაშია ფიქსირებული, რთულია მისი პოვნა და კიდევ უფრო რთულია მისი მოშორება.

საბედნიეროდ, თანამედროვე ფსიქოლოგიამ გამოიკვლია ქვეცნობიერი და იპოვნა კომპლექსი, თუმცა აღარ წასულა ისე შორს, რომ ეღიარებინა კაჰუნების სიმართლე, რომლებსაც სჯეროდათ, რომ არსებობს ასეთი რამეები და ისინი იწვევენ უსიამოვნებებს.

თუმცა ერთი რამ, რაც თანამედროვე ფსიქოლოგიას ჯერჯერობით არ შეუსწავლია, მაგრამ რომელიც კაჰუნებმა (თავისდა სასიკეთოდ) იცოდნენ, არის ის ფაქტი, რომ კომპლექსის მოშორების ნებისმიერი მცდელობა გაცილებით უფრო წარმატებული იქნება, თუ ეს ძალისხმევა მოიცავს პაციენტის ცნობიერი მესადმი ლოგიკური მიმართვის სინთეზს მსუბუქი (ჰიპნოზურ) შთაგონებასთან, ფიზიკური სტიმულაციის თანხლებით. 

დაბალი მე ისეა მიჩვეული, რომ შუა მეა დაკავებული წარმოსახვის საკითხებით, რომ ოდნავ ყურადღებასაც არ აქცევს იმას, რაც რაღაცით მაინც გვაგონებს ფანტაზიორობას. არაცნობიერზე შთაბეჭდილებას ახდენენ მხოლოდ რეალური და შეგრძნებადი საგნები. მაგალითად, რელიგიურ ცერემონიებში გამოყენებული წყალი, რომელიც „ცოდვებს წმენდს“ არის რაღაც ხელშესახები და შესაბამისად დაბალი მესთვის შთამბეჭდავი (მიმზიდველი). კაჰუნები პაციენტის განბანვის ცერემონიისას წყალს ცოდვების ჩამოსარეცხად იყენებენ. ისინი ასევე სხვა ბევრ ფიზიკურ სტიმულსაც იყენებდნენ – ალბათ ათი ათასი წლის მანძილზე.

იმის დამტკიცება, რომ გატეხილი ძვალი, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, დაიშალა უხილავ, ეთერულ ნივთიერებად, ანუ ექტოპლაზმად, შემდეგ გამყარდა და ისევ ძვლად გარდაიქმნა, ჩრდილისებრი სხეულის უტეხ ყალიბში – ამის დამტკიცება – რთულია, რადგან დამკვირვებელი ამ დროს ვერაფერს ხედავს.

ამისათვის საჭიროა ყურადღება მივაქციოთ სპირიტუალიზმის ან ფსიქიკური კვლევის მიგნებებს, რადგან აქ ჩვენ ვპოულობთ ხილულ და ხელშესახებ სხეულის ქსოვილებს და სხვა ნივთიერებებს, რომლების უკვალოდ გაქრობის და გამოჩენის პროცესიც დანახულ იქნა – პროცესი, რომელსაც „დემატერიალიზაცია“ და „მატერიალიზაცია“ ეწოდება.

ამ მიგნებების დასამტკიცებლად ბევრის თქმა არაა საჭირო. გაწვრთნილი მკვლევარების მიერ იმდენი შემთხვევაა დამტკიცებული, რომ შეუძლებელია იმ ფენომენის რეალურობის უგულებელყოფა, რომელსაც კაჰუნების რწმენის კვლევების ამ ნაწილში შეეხნენ.

ქეისი 21

მტკიცებულება აპორტის მეშვეობით

წინასწარი შენიშვნები:

ვინაიდან მეცნიერებას არ ძალუძს სპირიტუალიზმის ფენომენის ახსნა, მედია და სკოლები ამ ფაქტის იგნორირებას ირჩევენ. ამის გამო ადამიანთა უმრავლესობამ ამ ფენომენის შესახებ ძალიან ცოტა ან სრულიად არაფერი იცის.

ავიღოთ აპორტის მაგალითი. არსებობს უამრავი დეტალური მოხსენება, რომელიც იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც ობიექტები გამოჩენილან და გამქრალან ფიზიკის მიღებული კანონებთან შეუსაბამოდ. სტენფორდის უნივერსიტეტში ბევრი შემთხვევაა აღწერილი, რომელიც სავსეა აპორტირებული ობიექტებით, რომლებიც სიცარიელიდან გააჩინეს იმ სულებმა, რომლებიც ცნობილი აპორტის მედიუმთან, ბეილთან, სეანსებს ესწრებოდნენ. და მიუხედავად ამისა, ეს გასაოცარი შემთხვევები საზოგადოდ ცნობილი არ არის.

აპორტი არის პროცესი, როდესაც რაიმე საგანი ერთ ადგილას უჩინარდება, იცვლის ადგილს და მყარდება მის ორიგინალ მდგომარეობაში. ამ მოვლენას როგორც წესი მკვდარ სულებს უკავშირებენ.

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მკვდარი ადამიანის სულს არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ცოცხალი ადამიანი ვერ გააკეთებს. ეს მოსაზრება ლოგიკურია საიმისოდ, რომ ფსიქიკური კვლევის თანამედროვე თეორიები ნაგავში ჩაყაროს, მაგრამ არა კაჰუნების თეორიები. კაჰუნებს სწამთ, რომ მკვდარ სულებს, ისევე როგორც ცოცხალთა სულებს, შეუძლიათ მაღალ მესთან კავშირის დამყარება და მთავარი ძალის მაღალი ძაბვის გამოყენება, აპორტირებული ობიექტის ჩრდილისებრი სხეულის ყალიბში არსებული ნივთიერებების დემატერიალიზაციისთვის და მოგვიანებით მათი რემატერიალიზაციისთვის. კაჰუნებს სწამდათ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ჩრდილისებრი სხეული.

ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ელექტრული წყაროს ძაბვა, ან ნაკადი ატომის გამხლეჩ მოწყობილობებში საკმაოდ მაღალია, ხდება სხვადასხვა ელემენტების ტრანსმუტაცია და სხვა ელემენტებად გარდაქმნა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ მანა, ანუ ადამიანის ელექტრული სასიცოცხლო ძალა, როდესაც ის უმაღლეს ძაბვას აღწევს, შეიძლება გამოყენებულ იქნას ხილული მატერიის უჩინარ ფორმად გარდაქმნისთვის და შემდეგ ისევ გამოჩენისთვის.

ასეთი ცვლილებების დროს – მეცნიერების მიხედვით – უნდა გამოიყოს ძლიერი სიმხურვალე ან სიცივე. მაგრამ, როდესაც მაღალ მეს შეუძლია ტემპერატურის ცვლილების მართვა ცეცხლზე სიარულისას, მისთვის არ იქნება რთული იგივე სახის კონტროლის დამყარება ობიექტების და სხვადასხვა საგნების აპორტისას.

ცოცხალი ქმნილებები ხშირად გამოიყენება აპორტებისას და მერყეობს პატარა მწერებიდან ჩიტებამდე, თევზებამდე, ცხოველებამდე და ადამიანებამდე. ცხელი ობიექტების აპორტიც მომხდარა და მათი გამოჩენისას შეუნარჩუნებიათ სიმხურვალე.

ქეისები:

(ა) ერნესტო ბოცანომ, ფსიქიკური კვლევის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ლიდერმა, აღწერა აპორტის შემთხვევა, რომელიც ნათლად ასახავს განსახილველ საკითხს.

„1904 წლის მარტში, კავალიერ პერეტის სეანსზე, მედიუმი ჩვენი ახლო მეგობარი გახლდათ. იგი დაჯილდოებული იყო შესანიშნავი ფსიქიკური მედიუმის უნარით და შეეძლო სურვილისამებრ განეხორციელებინა აპორტი. თავის დროზე, სულს, რომელსაც დავეკონტაქტე, ვთხოვე ჩემთვის მოეტანა პირიტის პატარა ნაწილი, რომელიც ჩვენგან 1.5 კილომეტრის მოშორებით, ჩემს საწერ მაგიდაზე იდო. სულმა მიპასუხა (ტრანსში მყოფი მედიუმის პირით), რომ ძალა თითქმის ამოწურული იყო, მაგრამ ის მაინც შეეცდებოდა ამის გაკეთებას. ცოტა ხანში მედიუმს მცირე სპაზმური შეტევები დაეწყო, რაც მიუთითებდა აპორტის მოსვლას, მაგრამ არც მაგიდაზე და არც იატაკზე ობიექტის დავარდნის ხმა არ ყოფილა. ჩვენ სულს ახსნა განმარტება მოვთხოვეთ, რომელმაც გვიპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან მოახერხა ობიექტის ნაწილის დაშლა და ოთახში მოტანა, მას აღარ ეყო ძალა მისი რეინტეგრაციისთვის. მან დასძინა „აანთეთ შუქი“. ჩვენ ასე მოვიქეცით და ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩინეთ, რომ მაგიდა, ტანსაცმელი და სეანსზე დამსწრეთა თმები, ასევე ავეჯი და ოთახის პარკეტი, დაფარული იყო ბრწყინვალე, ოდნავ შესამჩნევი პირიტის მტვერით. როდესაც სეანსის შემდეგ სახლში დავბრუნდი, ვნახე, რომ პირიტი ისევ ჩემს მაგიდაზე იდო, თუმცა მას აკლდა მოზრდილი ნაჭერი, მთელი ნაწილის მესამედი, რომელიც ჩამოჭრილი იყო.

(ბ) მედიუმმა სახელად მისის გუპპიმ, რომელიც სპირიტუალიზმის ადრეულ დღეებში, შეძლებული და გამოჩენილი ქალბატონი გახლდათ, სეანსი მოაწყო თავის მეგობრებთან ერთად ჰენრი უ. ლონფელოუსთვის, იტალიაში. სეანსზე აპორტის მეშვეობით მოიტანეს ერთი კვადრატული ფუტის (0.1 კვ. მ) სისქის ყინული, რომელიც მაგიდაზე დაიმსხვრა. მეორე სეანსზე, რომლის დროსაც ცნობილ პოეტს მედიუმის ორივე ხელი ეჭირა, რამდენიმე ფორთოხალი იქნა აპორტირებული. კიდევ სხვა სეანსზე, სადაც სული მედიუმის პირით საუბრობდა და კითხულობდა თუ რა საგნების მოტანა სურდათ, შემდეგი ობიექტები იქნა აპორტირებული: ბანანი, ორი ფორთოხალი, თეთრი ყურძენი, შავი ყურძენი, კაკლის მტევანი, სამი ნიგოზი, ექვსი ქლიავი, სამი ლეღვი, ორი ვაშლი, ოთხი ძალიან დიდი ყურძენი, კარტოფილი და რამდენიმე სხვა ობიექტი. კიდევ სხვა სეანსზე აპორტირებული იქნა ცხელი ჩაი და შიშხინა შემწვარი კვერცხი. მისის გუპპიც კი პორტირდა მისი სახლიდან მეგობრის სახლში, კილომეტრ ნახევარის მოშორებით. მისის გუპპი კი საკმაოდ მსუქანი იყო.

(გ) 1926 წელს ფსიქიკური მეცნიერების ბრიტანულ კოლეჯში, მედიუმმა მისის ბარკელმა დაინახა იების ბუკეტის ჩრდილი, რომელიც მის თავზე, მრგვალი ჭაღის ქვეშ ლივლივებდა. იმავე საღამოს, იგივე ოთახში, აპორტის მედიუმ, ჰაინრიხ მელცერთან სეანსისას, ცარიელი სივრციდან მაგიდაზე იები დაეცა.

(დ) გასული საუკუნის ყველაზე განთქმული და გამოკვლეული მედიუმი გახლდათ მადამ ესპერანსა. მასთან სული სახელად „იოლანდა“ ხშირად ჩნდებოდა. იგი სრულად მატერიალიზდებოდა როგორც ლამაზი არაბი გოგონა. მას კარგად ხედავდნენ და შეეძლო აპორტის გამოწვევა სეანსის ყველა დამსწრის დასანახად. 1890 წლის 28 ივნისს, აპორტის მეშვეობით მან მოიტანა იშვიათი ოქროსფერი შროშანი, რომელიც ფესვებიანად ორ მეტრს აღწევდა და რომელსაც თერთმეტი იდეალური ყვავილი ჰქონდა. სეანსის დასრულებისას მან სცადა მცენარის დემატერიალიზაცია და უკან წაღება, მაგრამ არ ეყო ძალა და ეს ვერ მოახერხა. მან ითხოვა, რომ მცენარე ბნელ კარადაში მოეთავსებინათ და შემდეგ კიდევ სცდიდა. მან ასევე თქვა, რომ მცენარე ნათხოვარი იყო და უკან უნდა დაებრუნებინა. 5 ივლისს, ათის ნახევარზე, მცენარე ბნელი კარადიდან აიღეს და სეანსის დამსწრეების შუაში დადეს. ის ძალიან სწრაფად გაქრა. სხვა სულმა, არა იოლანდამ, განმარტა, რომ მცენარე, მის უჩინარ ფორმაში, ოთახში, პირველ სეანსზე, მის გამყარებამდე და ხილულად გახდომამდე ერთი საათით ადრე მოიტანეს.

კომენტარი:

ზემოთ მოყვანილი მაგალითების მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კაჰუნების მიერ ნახსენები ძალა. სულებს უეჭველად აქვთ წვდომა არსებებთან, რომ ძალა აპორტის გასაკეთებლად გამოიყენონ და ვინაიდან ცოცხალ არსებებს არ შეუძლიათ აპორტის გაკეთება, უნდა დავასკვნათ, რომ მკვდარ სულებს რაღაც სახის დახმარება აქვთ უზენაესი არსებებისგან. აპორტირებული ობიექტების ჩრდილისებრი სხეული ხშირად ფილმისებურად დაუნახავთ, მაგრამ აპორტის ფორმაში. ზოგ შემთხვევებში მატერიის თხელი მასის ღრუბელს ხედავენ, რაც მიუთითებს, რომ მის დანაწევრებულ მდგომარეობაში აპორტის სუბსტანცია შესაძლოა ოდნავ ხილული იყოს და რა თქმა უნდა დიდად გაშლილი.

მცენარეები, მწერები, ცხოველები ან ადამიანები დაზიანებებს არ იღებენ აპორტისას, მაშინაც კი როდესაც ისინი შორეული ადგილებიდან მოჰყავთ და დახურულ კარებში ატარებენ სეანსებზე. მსგავსი პროცესების გამოყენება გატეხილი ძვლის განკურნებისთვის ამ მოვლენასთან შედარებით ძალიან მარტივი ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ კაჰუნებს არ შეეძლოთ დეტალურად აეხსნათ, თუ როგორ იყენებენ მაღალი მეები, მაღალი ძაბვით დამუხტულ მთავარ ძალას ტემპერატურის გასაკონტროლებლად, ან აპორტის დემატერიალიზაციისთვის და რემატერიალიზაციისთვის, ისინი საკმაოდ დარწმუნებულები იყვნენ, რომ სწორედ ეს ძალა იყო გამოყენებული და მას თითქმის ყოველთვის ცოცხალი არსებები გამოიმუშავებდნენ. ისინი ასევე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩრდილისებრი სხეული ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროცესში.

ადამიანები, რომლებიც აპორტებად გამოუყენებიათ, იხსენებენ უგონოდ ყოფნის მცირე პერიოდს, ან იგივენაირ პერიოდებს, როდესაც მათი გრძნობები და გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით უფრო მკაფიო და სწრაფი გახდა. თუმცა, ისინი აღწერენ მხოლოდ მცირე ფიზიკურ შეგრძნებას ცვლილებების დროს. ეს სამხილი ადასტურებს ჰუნას თეორიას, რომ ჩვენ ჩვენს დაბალ ჩრდილისებრ სხეულში გვაქვს ყველა ორგანოსა და ქსოვილის ასლი და რომ ისინი ფუნქციონირებენ მაშინ, როდესაც ჩვენ ცოტა ხნით ვტოვებთ სხეულს აპორტის შემთხვევებისას, ან სიკვდილის შემდეგ, როდესაც ჩვენ სამუდამოდ განვეშორებით ჩვენს სხეულს.


თავი 12

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

მკვდრების გაცოცხლება, დროებით და გრძელვადიანი პერიოდით

მკვდრების გაცოცხლება შესაძლებელია. თუმცა, არსებობს ორი ტიპის „გაცოცხლება“, ერთია სიცოცხლის სრული აღდგენა ფიზიკურ სხეულში, მეორე კი ფიზიკური სხეულის დროებითი მატერიალიზაცია, რათა ის გარდაცვლილმა სულმა გამოიყენოს. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვპოულობთ კაჰუნების უძველესი რწმენის სისწორის მტკიცებულებებს.

ქრისტიანულ და სხვა რელიგიურ ლიტერატურაში ჩვენ გვხვდება ადამიანების გრძელვადიანი პერიოდით გაცოცხლების შემთხვევები. გარკვეულ გარემოებებში კაჰუნებს შეეძლოთ ასეთი „გმირობების“ ჩადენა და ასევე ამ ყველაფრის გასაგებად ახსნა.

პოლინეზიაში ხშირი იყო ფიზიკური სხეულის დროებითი გაცოცხლება, რათა ის გარდაცვლილ სულს გამოეყენებინა, და როგორც „მატერიალიზაცია“, ეს მოვლენაც შესწავლილ იქნა და მრავალჯერ დადასტურდა ფსიქიკური კვლევის მიერ.

ქეისი 22.

კაჰუნა აცოცხლებს მკვდარს დოქტორი ბრიგჰემის თვალწინ

წინასწარი შენიშვნები:

ჰავაის თბილი კლიმატის გამო მკვდარ სხეულს ძალიან ცოტა დრო სჭირდება გასახრწნელად. თუმცა, არსებობს ღრმა ტრანსის ან კომის მდგომარეობა, რომელიც ისე ძალიან ჰგავს სიკვდილს, რომ არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფნი მკვდრებად ჩათვალონ და ცოცხლად დამარხონ.

კაჰუნებს სწამდათ, რომ ხრწნა მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც დაბალი მეს ჩრდილისებრი სხეული ბოლომდე დატოვებს ფიზიკურ სხეულს. ადამიანის ორ დაბალ სულს შეუძლიათ ფიზიკური სხეულიდან ჩრდილისებრ სხეულში გადანაცვლება და გრძელ დისტანციებზე გადაადგილება, როგორც „ასტრალური მოგზაურობის“ დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის არსებობს ჩრდილისებრი მატერიის მაკავშირებელი ძაფი (თეოსოფიის „ვერცხლისფერი სიმი“), რომელიც ფიზიკურ და დაბალ ჩრდილისებრ სხეულებს ერთმანეთთან აერთებს. მხოლოდ ამ ძაფის გაწყვეტის შემდეგ იწყება გახრწნა.

მაკავშირებელი ძაფის გაწყვეტის შემდეგ, თუ მაღალი მე ჩაერთვება საქმეში, შესაძლებელია იმ ქსოვილების აღდგენა, რომლებსაც დაწყებული აქვთ გახრწნა და გარდაცვლილების სიცოცხლის დაბრუნება. მეორე მხრივ, თუ ძაფი არ არის გაწყვეტილი (რაც ხშირად იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც სიკვდილი ქსოვილების დაზიანების გარეშე დგება, მაგალითად დახრჩობისას), შესაძლებელია სიცოცხლის აღდგენა თუ სულებს შესაძლებლობა ეძლევათ დაუბრუნდნენ სხეულს.

დაბალი მეს ჩრდილისებრი სხეული, როგორც უკვე ავღნიშეთ, სასიცოცხლო ძალის საუკეთესო საცავია, და როდესაც სულები ფიზიკურ სხეულს ტოვებენ, ამ ძალის უმეტესი ნაწილი ჩრდილისებრ სხეულში გადადის. როდესაც მკვრივი ფიზიკური სხეული ცარიელდება, მას შემდეგ რაც ცნობიერების და სასიცოცხლო ძალის ელემენტები დატოვებენ მას, დგება უგონო და უმოქმედო მდგომარეობა. ეპილეფსიაზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სახასიათო ყვირილის და დაცემის შემდეგ, შესაბამისი ინსტრუმენტების მიერ არ შეინიშნება არც ფიზიკური და არც ტვინის ტალღების მოქმედება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ დროს პაციენტის ორი მე, თავიანთ ჩრდილისებრ სხეულებში, დროებით ტოვებენ სხეულს ან ალტერნატიულ შემთხვევაში, ისინი რჩებიან სხეულში, მაგრამ მათ ამოცლილი აქვთ მთავარი სასიცოცხლო ძალა, დამპყრობელი სულის მიერ. ცნობიერება პაციენტს მაშინ უბრუნდება, როდესაც შეივსება სასიცოცხლო ძალის მარაგი.

ქეისი:

დოქტორ ბრიგჰემს, იშვიათი მცენარეების კვლევითი მოგზაურობის დროს ჰავაიში, ძალიან ძლიერი შტორმის გამო, სანაპიროს სოფელში მოუწია თავის შეფარება. შტორმის დროს ადგილობრივი თექვსმეტი წლის ბიჭი დაიხრჩო. მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო და მოშორებით მცხოვრებ კაჰუნას მოუხმეს.

კაჰუნა მოხუცი კაცი იყო, რომელიც უბედური შემთხვევიდან რვა საათის შემდეგ მოვიდა ადგილზე. ბიჭის სხეული გაციებული იყო და როგორც დოქტორმა ბრიგჰემმა გამოიკვლია (კაჰუნას მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე), გამოვლენილი იყო გვამური გაშეშების ნიშნები.

კაჰუნა ბიჭის სხეულთან ახლოს ჩამოჯდა და დაიწყო თავისი ფსიქიკური ძალის გამოყენება, რათა დაედგინა, თუ სად იყო ბიჭის ორი სული. ამ საქმეში, როგორც შემდეგ თვითონ განმარტა, მას რამდენიმე მეგობარი სული დაეხმარა. (სავარაუდოდ ჩრდილისებრი სხეულის სიმი, რომელიც სხეულს დაბალ მესთან აკავშირებს, ჯერ კიდევ არ იყო გაწყვეტილი, თუმცა უკიდურესად იყო დაჭიმული.) ბიჭის მე-ები დაბნეულ მდგომარეობაში იპოვნეს და სხეულთან მოიყვანეს, შემდეგ დაარწმუნეს, რომ აქ დარჩენილიყვნენ და ყველანაირად ეცადათ სხეულში დაბრუნება.

სხეული გათბა და კაჰუნამ, ხელების დადების მეშვეობით, მას თავისი სასიცოცხლო ძალა გადასცა. სულების სხეულში დასაბრუნებლად მან სიტყვიერი შთაგონება გამოიყენა, და ასევე ფიზიკური სტიმულაცია კუნთების მასაჟით ისე, თითქოს სულები სხეულში ფეხის ერთ-ერთი ცერა თითით უნდა დაბრუნებულიყვნენ, კაჰუნა კი ფეხის გასწვრივ სხეულამდე „ტენიდა“ მათ. კაჰუნა ასევე „ღმერთს“ (მაღალ მეს) დაუკავშირდა დასახმარებლად. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მან განაცხადა, რომ ბიჭის სულები სხეულში ბრუნდებოდნენ. მისი სხეული უფრო და უფრო თბებოდა. გულის ცემა დაიწყო და ბიჭმა თვალები გაახილა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ცოტა ხანში ის უკვე საჭმელს ითხოვდა.

დოქტორი ბრიგჰემისთვის ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მან კაჰუნას უამრავი კითხვა დაუსვა, და შეიტყო, რომ „ღმერთი“, ვისი დახმარებითაც სასწაული აღევლინა „აუმაკუა“ იყო, ანუ ერთ-ერთი იმ მშობლიური და უაღრესად სანდო სულებიდან, რომლებიც უწინ ადამიანები იყვნენ და დედამიწაზე ფიზიკურად ცხოვრობდნენ.

ის რამდენიმე წლის მანძილზე ადევნებდა თვალყურს ჰავაელ ბიჭს და როგორც ჩანს მას არანაირი გვერდითი მოვლენები არ შეუმჩნევია მისი დახრჩობის შემდეგ.

კომენტარი:

დახმარების მიღების ფაქტები იმ სულებისგან, რომლებიც ერთ დროს კაცები და ქალები იყვნენ და ფიზიკურად ცხოვრობდნენ, ახალი არ არის. სპირიტუალიზმის და ფსიქიკური კვლევის ჩანაწერები სავსეა ცოცხალი ადამიანების წარმატებით განკურნების შემთხვევებით, რომლებიც „მკვდარი“ სულების მეშვეობით ხორციელდება. ყველაზე წარმატებული სულიერი მკურნალები ხშირად აღნიშავენ, რომ ისინი ლოცვების მეშვეობით ამყარებენ კავშირს უზენაეს სულებთან, ან საყოველთაოდ მიღებულ ღმერთის კონცეფციასთან, და ამ გზით აღავლენენ სასწაულებს.

არც სულებს, ისევე როგორც ცოცხალ ადამიანებს, არ შეუძლიათ უშუალო კონტაქტის დამყარება ცნობიერების იმ დონესთან, რომელიც მათზე ერთი საფეხურით მაღლა დგას. მათ შეუძლიათ მხოლოდ სპეკულაციები აკეთონ და წარმოიდგინონ მაღალი არსება, ასევე მისი გონების შესაძლებლობები, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ მაგიური განკურნებისას მისტიური ძალა გამოიყენონ. ბევრ სულს გამოუთქვამს მოსაზრება განკურნების მექანიზმებთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამტკიცებენ თავიანთი ცოდნის სიმართლეს, მათი იდეები ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. 

ისინი ძალიან ჰგვანან ცოცხალი ადამიანების ქცევას: ¬თითოეულს თავისი აზრი აქვს და უარყოფს ყველა დანარჩენს. საჭიროა, მშვიდი დამოკიდებულება გვქონდეს ორ გარდაცვლილს შორის ასეთი მწვავე წინააღმდეგობის მიმართ, და უმჯობესია კაჰუნების უძველეს ახსნა-განმარტებებს დავუბრუნდეთ, რადგან ისინი იმდენად სწორ დეტალებს აღწერენ, რომ ჩვენი პატარა ცოდნითაც კი შეგვიძლია მათი შემოწმება, და რაც ყველაზე მთავარია, კაჰუნების თეორია მუშაობს, და საფუძველს უყრის მის პრქტიკულ გამოყენებას.

ქეისი 23

მკვდრების გაცოცხლება დროებით. სრული მატერიალიზაცია

წინასწარი შენიშვნები:

ფსიქიკურ კვლევაში არაფერია ისეთი შთამბეჭდავი, გასაოცარი, მკაცრად უგულვებელყოფილი (თუნდაც უშედეგოდ), ისეთ აუხსნელი, ან ისეთი ღრმად მნიშვნელოვანი, როგორიც „სრული მატერიალიზაცია“, ანუ მკვდრების დროებითი აღდგენაა.

მკვდრების აღდგენისთვის, თუ ეს პროცესი დიდი ხნის გარდაცვლილ სულებს ეხებათ, სხვადასხვა ელემენტების იგივე საჭიროებაა, რისგანაც ცოცხალი ადამიანები შედგებიან. გარდაცვლილი ინდივიდის დაბალი და შუა სულები სპირიტუალურ სეანსებზე მოდიან, ცნობიერების ელემენტებს ითვისებენ. ისინი გაერთიანებულ დაბალ და შუა ჩრდილისებრ სხეულებში ცხოვრობენ, ასე რომ თან მოაქვთ ის და ავსებენ ფიზიკური სხეულის ყალიბს, რომელიც მათ ერთ დროს დედამიწის დონეზე ჰქონდათ. მაღალ მეს კი ამ დროს თავისი ყოფილი ფიზიკური სხეული და ბუნებრივად ძლიერ დამუხტული სასიცოცხლო ძალა აკლია. ამ დანაკლისის შესავსებად, [მაღალი მე] სასიცოცხლო ძალას და ფიზიკური მატერიას სეანსზე დამწრეთა წრიდან იღებს. ფიზიკური მატერია გარდაიქმნება თხელ, ექტოპლაზმურ ფორმად და შემდეგ სულის დაბალი ჩრდილისებრი სხეულის ყალიბში მყარდება.

შედეგად ვიღებთ ნამდვილი, ცოცხალი, მსუნთქავი, თბილი და სრულიად ჩვეულებრივი ფიზიკური სხეულის „სრულ მატერიალიზაციას“, რომელშიც ორი სული ბინადრობს. ასეთი სხეულები ხშირად მდგარან სამედიცინო გამოკვლევის წინაშე. თუმცა, ისინი არ არიან გრძელვადიანი პერიოდით. რამდენიმე წუთის, ან (იშვიათად) ერთი საათის შემდეგ, ექტოპლაზმური მატერია ისევ ცოცხლებს უბრუნდებათ და მყარი ფორმაც უჩინარდება.

თეორიულად ასეთი მატერიალიზებული სხეული უფრო დიდ ხანს შეძლებდა დარჩენას, ფიზიკური ნივთიერების უკან დაბრუნება რომ არ უწევდეს. იესოს მეორედ მოსვლა შესაძლოა ასეთივე გზით განხორციელდეს ¬– ვიღაც მოხალისემ, რომელსაც ენდომება ცოცხალი სხეულის დატოვება და გარდაცვლილთა სამყაროში გადანაცვლება, თავის სხეულს გაიღებს იმისთვის, რომ დიდი „მასწავლებლის“ ჩრდილისებრი სხეულით აავსოს საკუთარი ყალიბი.

რამდენიმე წლის წინ, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე, პოლინეზიელმა ადგილობრივებმა ფურორი მოახდინეს, როდესაც ღამის საიდუმლო სეანსებზე მკვდრეთით თავიანთი ბელადი აღადგინეს (მატერიალიზაციის პროცესის მეშვეობით). ეს ბელადი, რომელიც კეთრისგან გარდაიცვალა, ძალზედ ბრძენი და ყველასთვის საყვარელი კაცი იყო. უცნაურია, რომ ის მატერიალიზდა და იმაზე მეტ ხანს დარჩა სხეულში ვიდრე ეს დასავლეთში ხდება. ვინაიდან იმდროინდელი მმართველები შეშინდნენ, რომ ადგილობრივები ამ ბელადის მეთაურობით არ აჯანყებულიყვნენ, მათ განაცხადეს, რომ მატერიალიზაციას შეეძლო კეთრი გაევრცელებინა, და ამიტომ ადგილობრივებს სეანსები შეაწყვეტინეს.

ქეისები:

(ა) კაჰუნები და მასიური მატერიალიზაცია ჰავაიზე

უკვე რამდენიმე წელია რაც ჰავაიზე, სადაც კაჰუნები ფსიქიკური ფენომენის ყველაზე ძლევამოსილი გამტარები იყვნენ, მასიური მატერიალიზაცია შეინიშნება. ადგილობრივი ბელადი და მისი ათიდან ორმოცდაათამდე მიმდევარი (ყველანი დიდი ხნის გარდაცვლილები) ღამით მატერიალიზდებოდნენ შემოგარენებში მსვლელობას ატარებდნენ. ხშირად კი მატერიალიზებულ ბარაბნებს და ჩირაღდნებსაც იყენებდნენ. ისინი ყოველთვის არ ჩანდნენ, თუმცა მათი ფეხის და ბარაბნების ხმა მკაფიოდ ისმოდა. ეს მოჩვენებითი პროცესია ჰავაიზე კარგადაა ცნობილი, ხშირად დადასტურებული და ასევე ხშირად აღწერილი წიგნებსა და სტატიებში ჰავაის კუნძულების შესახებ.

დოქტორმა ჯონ თენერმა, რომელიც რაღაც დროის მანძილზე ჰავაელ კაჰუნებს შეისწავლიდა, მითხრა, რომ ერთხელ, როდესაც ის ვაიკიკის სანაპიროზე იყო გაიგონა მოჩვენებითი პროცესიის ხმა, რომელიც ჰონოლულუს ცენტრისკენ მოძრაობდა. მან იფიქრა, რომ ისინი ძველი ჰავაელების მიერ აღწერილ ბილიკს მიჰყვებოდნენ ¬– ვაიკიკიდან სამეფო სამარხებამდე, ძველ მისიონერულ ეკლესიასთან, ქალაქის ცენტრში. იგი უცებ ჩაჯდა მის მანქანაში, ძველ ეკლესიასთან მივიდა და დაელოდა. მან განსაცვიფრებლად მოკლე დროში იგივე პროცესიის ხმა გაიგონა, ჩუმ გალობასთან და საუბართან ერთად. ხმები როგორც ჩანს ადგილობრივი, დიდი ხნის გარდაცვლილი მეფის სამარხთან იკარგებოდა, ეკლესიის ეზოში. თუმცა დოქტორ თენერს არაფერი დაუნახავს.

დოქტორ ბრიგჰემს ბევრი შემთხვევა ჰქონია, როდესაც მარშელები ჩირაღდნების და მთვარის შუქზე დაუნახავთ. ჰავაელები თანხმდებიან, რომ სრულიად მატერიალიზებული, საბრძოლო შუბებით შეიარაღებული მარშელები, საშიშნი არიან ყველასთვის ვინც მათ გზაზე გადაეღობებათ. როდესაც ასეთ პროცესიას დაინახავს, ჭკვიანი ადგილობრივი გზიდან გადადის, ან იმალება და ჩუმად არის პროცესიის გასვლამდე. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მარშელებს ადამიანები მოუკლავთ. ერთი ჩემი ნაცნობი ჰავაელი ამტკიცებდა, რომ პირისპირ შეეჩეხა პატარა ჯგუფს, ისინი ყველანი შეიარაღებულები იყვნენ და ბუმბულის მოსასხამები ეკეთათ. ერთ-ერთი მეომარი მისკენ შუბით დაიძრა, მაგრამ მან სწრაფად დაიყვირა, რომ ის მათი ცოცხალი ნათესავი და მეგობარი იყო. მას ათქმევინეს მისი სახელი და ჩამოათვლევინეს წინაპრების სახელები. სრულიად გასაგები იყო, რომ ჩემი ნაცნობი რამდენიმა თაობით უკან უნდა გადასულიყო და ბოლოს და ბოლოს უნდა ეპოვნა რაიმე ნათესაური კავშირი ამ რაიონის ძველ მაცხოვრებლებთან. ასეც მოხდა, მოჩვენებებმა მიუტევეს მას შემთხვევითი შემოჭრა პროცესიის ბილიკზე და გაუშვეს.

რა თქმა უნდა, საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს ჰავაის მოჩვენებით პროცესიაზე ზღაპრულ ამბებსაც ამატებენ ხოლმე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ძირითადი ფაქტები ნამდვილია. პოლინეზიელების ლეგენდარული სიბრძნე სავსეა მასიური და სათითაო მატერიალიზაციების შემთხვევებით. „ღმერთები“ ეხმარებიან გარდაცვლილ სულებს მატერიალიზაციაში და ამასთანაა დაკავშირებული, რომ სასიცოცხლო ძალას და ექტოპლაზმურ ნივთიერებას ისინი ცოცხლებისგან იღებენ (როცა მათ სძინავთ), ან იშვიათ შემთხვევებში, ცხოველებისგან და მცენარეებისგან.

(ბ) მღვდელმთავარი მატერიალიზდება სიკვდილიდან ოთხასი წლის შემდეგ.

კარლო მირაბელიმ, სამხრეთ აფრიკელმა მედიუმმა (იტალიური სისხლით), ბრწყინვალე მაგალითები მოიყვანა ფსიქიკური ფენომენის თითქმის ყველა ტიპის.

დოქტორი ფოდორი წერს: „[მირაბელის] მატერიალიზაციის ფენომენი გასაოცარი იყო. იმის გარდა, რომ ფორმები დასრულებული იყო და მათი ფოტო-გადაღება იყო შესაძლებელი, ექიმები ზოგჯერ თხუთმეთი წუთის მანძილზე იკვლევდნენ მათ და ამტკიცებდნენ, რომ ახლად ჩამოსხმულ ადამიანებს იდეალური ანატომიური სტრუქტურა ჰქონდათ. გამოკვლევის დასრულების შემდეგ ფიგურები უჩინარდებოდნენ, ტერფებიდან დაწყებული ზემოთ - მკერდი და მხრები ჰაერში ორთქლდებოდა. ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა: „ეს უკვე მეტისმეტია“, გაიქცა და ნახევარი სხეული დაიჭირა. შემდეგ მან დაიყვირა და უგონოდ დაეცა მიწაზე. გონზე მოსვლის შემდეგ, მხოლოდ ის ახსოვდა, რომ როდესაც ფანტომი დაიჭირა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ღრუბლის მაგვარ, ჩრდილისებურ სუბსტანციას ეხებოდა. შემდეგ შოკი მიიღო და გონება დაკარგა. ორმოცდა ექვსი წუთის განმავლობაში, მზის სინათლეზე უყურებდნენ სეანსის დამსწრეები, თუ როგორ მატერიალიზდა დოქტორი სოუზას შვილი, პატარა გოგონა, რომელიც გრიპით გარდაიცვალა. მას ის ტანსაცმელი ეცვა, რომლითაც დამარხეს. მათ მისი მაჯისცემა შეამოწმეს. მამას და შვილს სურათები გადაუღეს. შემდეგ ფანტომი ჰაერში აიწია და გაუჩინარდა...

„სხვა სეანსზე მირაბელიმ განაცხადა, რომ მან ეპისკოპოსი, დოქტორი ხოსე დე კარმაგო ბაროშის სხეული დაინახა, რომელიც გემის შეტაკებისას დაიღუპა. ‘ოთახი ვარდების ტკბილმა სურნელმა გაავსო. მედიუმი ტრანსში შევიდა. სეანსზე დამსწრეები თხელ ნისლს ხედავდნენ. ნისლი ოქროსფრად ანათებდა, შემდეგ გაიფანტა და მის ადგილას ეპისკოპოსი მატერიალიზდა, თავისი მანტიით და შესამოსელით. მან თავისი სახელი თქვა. დოქტორი სოუზა მასთან მივიდა. მან სხეულის გამოკვლევა დაიწყო, მის კბილებს შეეხო, მისი ნერწყვი შეამოწმა, გულის-ცემას მოუსმინა, შინაგანი ორგანოების მუშაობა, ფრჩხილები და თვალები შეამოწმა - ყველაფერი სწორად მუშაობდა. შემდეგ სხვა დამსწრეებიც დარწმუნდნენ ამ ყველაფრის რეალურობაში. ეპისკოპოსი ღიმილით იდგა მირაბელის გვერდზე და მას ხმის ამოუღებლად უცქერდა. შემდეგ ის ნელა გაუჩინარდა.’ ‘მეექვსე სეანსზე, მირაბელი - დაბმული და გაკოჭილი, ოთახიდან გაუჩინარდა და მეორე ოთახში გაჩნდა, ისევ ტრანსის მდგომარეობაში. ყველა კარი და ფანჯარა საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი, მირაბელიც ისევ ისე იყო დაბმული.’ ერთხელ, თოთხმეტი დამსწრის წინაშე მისი ხელები გაუჩინარდა. ფოტოზე მხოლოდ ოდნავი ჩრდილი ჩანს.“

(გ) იოლანდა და მისი მატერიალიზაცია.

მადამ ელიზაბეთ დ’ესპერანსას, ცნობილ მედიუმს, სხვა სულებთან ერთად, რომლებიც მატერიალიზდებოდნენ, თხუთმეტი წლის არაბი გოგონაც ჰყქვდა, სახელად იოლანდა. ეს გოგონა ჩნდებოდა როგორც ნისლი და რამდენიმე წუთში სრულად მატერიალიზდებოდა. შემდეგ, დღის სინათლეზე, ის ცოცხლებს ესაუბრებოდა და ოთახში არსებულ სხვადასხვა ნივთს აქრობდა და აჩენდა. ის დიდი რაოდენობით აპორტს წარმოშობდა და შეეძლო მცენარეები გაეზარდა წყლით და მიწით სავსე ბოთლებში, ერთი დიდი მცენარე რამდენიმე წუთში გაიზარდა.

ერთ-ერთმა დამსწრემ, ალექსანდრე ნ. აკსაკოვმა, დაინახა თუ როგორ გაუქრა მედიუმს ქვედა ტანი, მაშინ როდესაც ზედატანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჰაერში ჰკიდიაო. ის არ იყო ტრანსში და შეშინებული ჩანდა მისი მდგომარეობით, რამაც აკსაკოვის ყურადღება მიიქცია. სხვა დამსწრეები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მედიუმის წელს ქვემოთ არაფერი ჩანდა. ათი წლის შემდეგ, აკსაკოვმა გამოაქვეყნა საკმაოდ წონიანი მოსაზრება, რომელთანაც რამდენიმე წლის შესწავლისა და დაკვირვების შედეგად მივიდა: მოსაზრება, რომ გარკვეულ შემთხვევებში, „მედიუმის სხეული სრულ აბსორბციას განიცდის და წარმოშობადი ფიგურების შექმნისთვის გამოიყენება“.

(დ) ცხოველების მატერიალიზაცია.

კაჰუნების რწმენა, რომ ყველაფერს აქვს თავისი ჩრდილისებრი სხეული, რომელიც მათი მიკროსკოპული ნაწილების ყალიბია (ისევე როგორც მათი მთლიანი ფორმის), ცხოველებსაც ეხება. (ასევე მწერებსაც და ინტერტულ ობიექტებსაც, როგორიცაა ქვები).

გემბიერ ბოლტონს საინტერესო რამ შეემთხვა. მან დაიმეგობრა და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა დაზიანებულ სელაპს ზოოპარკში, მაგრამ სელაპი მოკვდა. სიკვდილიდან ათი დღის შემდეგ, მისის ქრედოკის სეანსზე, რომელსაც რამდენიმე მეცნიერი ესწრებოდა, სელაპი – თითქოს ბოლტონის ნაცნობი – მატერიალიზდა და ოთახში გაიარ=გამოიარა, რამდენიმე წუთით ბოლტონთანაც გაჩერდა. დამსწრეებმა სეანსზე მყოფ სულებს სთხოვეს ამის ახსნა. მათ თქვეს, „მათი ქცევა (ცხოველების, რომლებიც სეანსებზე მატერიალიზდებიან) ჩვენგან დამოუკიდებელია, რადგან ჩვენ ძალიან დაკავებულნი ვართ ექსპერიმენტებით ადამიანის ფანტომებზე, რომლებსაც თქვენს შორის მატერიალიზება სურთ. ცხოველები ოთახში ჩვენთვის გაუგებარი გზით შემოდიან, და ამას ჩვენ ხელს ვერ ვუშლით. ისინი საიდანღაც იღებენ იმ სუბსტანციის გარკვეულ მარაგს, რომელიც მათი დროებითი სხეულების მატერიალიზაციას ჭირდება. ვისინი მოდიან როცა უნდათ, დადიან ოთახში როგორც უნდათ; და ქრებიან მაშინ, როცა მოუნდებათ; და ჩვენ არ შეგვწევს ძალა რომ ეს გავაკონტროლოთ, ვინაიდან ეს გრძნობები მათსა და მათ ყოფილ პატრონებს შორის ძალიან ძლიერია, როგორც ეს იყო, მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში.

დოქტორი ფოდორი თვლის, რომ მედიუმის პირით ციტირებული სულების მოსაზრება ეწინააღმდეგება მედიუმ კლუსკის სეანსებზე ცხოველთა მატერიალიზაციის ცნობილ მოვლენებს. პატრონები და ცხოველები იშვიათად მოძრაობდნენ ერთდროულად, მაგრამ პატრონები, მიუხედავად უმოძრაობისა, ცხადად ჩანდნენ. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ცხოველი პატრონის გარეშე გამოჩნდა. ეს ადამიანი-მაიმუნი იყო – დამსწრეთა აღწერით პითეკანთროპი. მას უხეში ხუჭუჭი თმა ჰქონდა, სველი ძაღლის და თხის სუნად ყარდა, და ძალიან მხიარული ჩანდა, ცხადია დაბალი ინტელექტის მქონე იყო, მაგრამ არ იყო უხეში და იყო დამჯერი. დამსწრეებს თავდაპირველად შეეშინდათ მისი სიძლიერის. მან სკამიანად ასწია მძიმე კაცები, თითქმის თავს ზემოთ, აიღე დიდი და ძალიან მძიმე წიგნების ყუთი და ოთახში გადააადგილა, ასევე დიდი დივანი. ის მხოლოდ მყეფარე ხმას გამოსცემდა და ხშირად იფხანდა სხეულს.

ძაღლები, კატები, თუთიყუშები, ღამურები, თხუნელები და უამრავი სხვა მკვდარი ცხოველი დაბრუნებულა თავიანთ პატრონთან სეანსებზე. ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთ-ერთმა ცხოველმა თავისი ვიზიტის შემდეგ ცოტა ბეწვი დატოვა იმ ადგილას, სადაც სეანსის დროს მისი თათი მაგიდაზე დადებულ ქაღალდის ხელსახოცში გაიბლანდა. ხელსახოცში შემდეგ დაახლოებით ათ სანტიმეტრიანი ხვრელი გაჩნდა). ეს თმა შემდეგ სინათლე- და წყალ-გაუმტარ ყუთში ჩადეს და ხშირად იკვლევდნენ. რამდენიმე დღეში თმა შეიკუმშა და მალევე გაუჩინარდა, აშკარად უფრო ნელა დემატერიალიზდა, ვიდრე თვითონ ცხოველი.

(ე) ცოცხლების ნახევრად-მატერიალიზაცია

უამრავი შემთხვევა ყოფილა აღწერილი, სადაც სეანსებზე ცოცხალი ადამიანების ნახევრად-მატერიალიზაცია უნახავთ. მაგალითად ჰორეის ლიფმა, დაინახა საკუთარი ცოცხალი ნათესავის (რომეიც ოთხასი მილის მოშორებით ცხოვრობდა) თავი, მხრები და ერთი ხელი. შემდეგ, რამდნეიმე წუთის განმავლობაში ისინი საუბრობდნენ ამბებზე, რომლებიც მხოლოდ თვითონ იცოდნენ. ალფრედ ვაუთ პიტერსმა, სესილ ჰასკის სეანსზე დაინახა ცოცხალი მეგობრის (თითქმის სრული) მატერიალიზაცია, რომელსაც იმ დროს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკუთარ სახლში ეძინა.

დოქტორმა ნანდორ ფოდორმა, თავის გრძელ სტატიაში მატერიალიზაციის შესახებ (ფსიქიკური მეცნიერების ენციკლოპედია), დაწერა მოსაზრება, რომელიც კაჰუნების ანტიკურ თეორიებს შეესაბამება (თუმცა იმ დროს დოქტორმა ფოდორმა არ იცოდა ამის შესახებ). „რა თქმა უნდა ყველას გვაინტერესებს თუ რამდენადაა შესაძლებელი დემატერიალიზაციის და მატერიალიზაციის პროცესის მეშვეობით ცოცხალი ორგანიზმის რაიმე სხვა ფორმების შექმნა. შესაძლოა, ოდესმე, მომავალში, ამ საკმაოდ თამამ იდეებზე დაყრდნობით ჩვენ ვიპოვით იმ სასწაულებრივი განკურნებების ახსნას, რომლებიც დროსაც სხეულის დაავადებული ორგანოები თავის პირვანდელ ჯანსაღ მდგომარეობას უბრუნდებოდნენ.“

(ვ) ნორმალური ზომის ცვლილებები მატერიალიზაციისას.

ბევრი მოხსენება აღწერს მატერიალიზებული ფორმების გაჩენას, რომლის დროსაც ცოცხალი ადამიანი იმაზე უფრო დიდი ან პატარა ჩანდა, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. იგივე მოვლენა გვხვდება, როდესაც მედიუმები ზომაში გაზრდილან სეანსებზე, რა დროსაც მედიუმის სხეული 50-60 სანტიმეტრით უფრო გრძელი დაუნახავთ. (კაჰუნები ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო ჩრდილისებრი სხეულის გაზრდა ან დაპატარავება).

მადამ ბისსონმა გამოიკვლია შიშველი ქალის ფიგურა, რომელიც დაახლოებით ოცი სანტიმეტრის იყო. იგი ხშირად სხვადასხვა ვარცხნილობით მატერიალიზდებოდა, ცეკვავდა და გიმნასტიკურ მოძრაობებს ასრულებდა. ის ერთხელ მადამ ბისსონის ხელზეც კი გაჩერდა, თუმცა ჩვეულებრივ მედიუმ ევას ხელზე ჩნდებოდა ხოლმე.

მადამ იგნათის სეანსებზე წყლის ჭიქებში მატერიალიზდებოდა პატარა და ძალიან ლამაზი, თხილის ზომის თავები. მაკონტროლებელი სულის, ნონას აზრით ეს მატერიალიზებული პლასტიკური აზრო-ფორმები იყო.

ნაწილობრივი მატერიალიზაციები, რომლის დროსაც მხოლოდ თავები ან ხელები ჩნდება, ზოგჯერ ზომით რამდნიმეჯერ დიდი ან პატარაა, ჩვეულებრივთან შედარებით.

(ზ) მატერიალიზებული ტანსაცმელი

დროებით მატერიალიზებული სულები ძალიან იშვიათად მოდიან ტანსაცმლის გარეშე. ჰარი პრაისი, ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი და სკეპტიკურად განწყობილი მკვლევარი პარაფსიქოლოგიური კვლევების საზოგადოებიდან, თავის წიგნში მოგვითხრობს პატარა, უტანსაცმლო გოგონას მატერიალიზაციის შესახებ – ბნელ სეანსებზე, რომელსაც გოგონას დედა უძღვებოდა და რამდენიმე მეგობარი, ერთი მათგანი კარგი მედიუმი იყო. ამ სეანსზე პრაისმა გამოიკვლია გოგონას შიშველი, პატარა სხეული, რომელიც თბილი, მყარი და ნორმალური სიმძიმის იყო. ბავშვმა რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. ოთახის იატაკი თეთრი ფხვნილით იყო დაფარული, ყველა გასასვლელი იყო ჩაკეტილი და ყველანაირი ზომა იყო მიღებული თაღლითობის საწინააღმდეგოდ. ფხვნილს ნაკვალევი არ დატყობია და არც საკეტები იყო გახსნილი, რამაც პრაისი მატერიალიზაციის გენიალურობაში დაარწმუნა.

სხვა შემთხვევებში სულები იმოსებიან მისტიური მონაცრისფრო ბოლით ან ისეთი მყარი ტანსაცმლით, რომელსაც ხშირად დამკვირვებლები ნაწილებად ჭრიან და სულის დემატერიალიზაციის შემდეგ იკვლევენ. მატერიალიზებული ნაჭერი იმითაა საინტერესო, რომ ის თითქმის ყოველთვის უფრო მსუბუქი და ნატიფია ვიდრე ჩვეულებრივი ნაჭერი.

სილვიან ჯ. მულდონი, ცნობილი თავისი ასტრალური მოგზაურობის ჩანაწერებით, აღწერს თუ როგორ შემოეკრა ტანისამოსი მის ასტრალურ სხეულს როდესაც რამდენიმე მეტრით დაშორდა სხეულს. ეს ტანსაცმელი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მის ფიზიკურ სხეულს ეცვა, რომელიც გაუნძრევლად იწვა საწოლში.

სეანსებზე მედიუმების დემატერიალიზაციისას ზოგჯერ მათი ტანისამოსიც ქრება – თუმცა ძირითადად ის უკან რჩება ხოლმე. ჩვეულებრივ, სეანსზე მატერიალიზებული ტანსაცმელი თეთრი ფერისაა, მიუხედავად იმისა, რომ მედიუმის გამქრალი ტანსაცმელი შესაძლოა შავი ფერის იყოს.

სერ უილიამ ქრუქსმა შეისწავლა ქეით კინგი, სული, რომელიც ქალბატონი ფლორენს კუკის სეანსებზე ხშირად მატერიალიზდებოდა. სული ხშირად რთავდა მას ტანსაცმელზე შეხების ნებას. ზოგჯერ ის პატარა ნაჭრებად ჭრიდა მისი კაბის ქვედა ნაწილს და სეანსზე დამსწრეებს ურიგებდა შესამოწმებლად. კაბიდან ამოჭრილი ნაწილების ხვრელები კი სეანსზე დამსწრეთა თვალწინ ივსებოდა. ნაჭრების უმეტესობა ფანტომის გაქრობასთან ერთად ქრებოდა, მაგრამ რამდენიმე ნაჭერი რჩებოდა, რა დროსაც ზუსტად იგივე ზომის ამონაჭრებს მედიუმის ტანსაცმელზე პოულობდნენ სეანსის დასასრულს. აქედან გამომდინარეობს, რომ მატერიალიზაციისთვის გამოყენებულია მასალა მედიუმის კაბიდან, და იგი არ ბრუნდება ადგილზე იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელი ხდება ფანტომის ტანსაცმლის ფრაგმენტების დაჭერა.

ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქსოვილი, რომლისგანაც ფანტომის ტანსაცმელია შეკერილი, არ შეესაბამებოდა იმ კაბის მასალას, რომელშიც სეანსის შემდეგ ხვრელები გაჩნდა. ამიტომ უნდა ჩავთვალოთ, რომ მატერიალიზაციის და დემატერიალიზაციის პროცესებში შესაძლებელია მატერიის ტრანსფორმაცია. ერთი საგანი მეორედ გარდაიქმნება და ასეთად რჩება. როგორც ჩანს, ასე ხდება სწრაფი განკურნების შემთხვევებშიც, თუკი კაჰუნების ტექნიკას დავუჯერებთ.

ქეით კინგის ფანტომი ამტკიცებდა, რომ ქსოვილის ნაწილების მოჭრისთვის და მისგან რაღაც უფრო მარადიულის გასაკეთებლად მას მედიუმის სასიცოცხლო ძალა უნდა აეღო, რაც ამ უკანასკნელს დაასუსტებდა (გაიხსენეთ კაჰუნების თეროია, რომ მატერიალიზაციის ყველა პროცესს, ცოცხალი არსების სასიცოცხლო ძალა ჭირდება). როდესაც ეს მატერია ქსოვილების მაღაზიაში აჩვენეს, რათა მსგავსი მოეძებნათ, მათ ასეთი ვერაფერი იპოვნეს. მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს ქსოვილი ჩინური წარმოების უნდა ყოფილიყო.

ერთხელ, იოლანდას კაბის ნაჭერი მოახიეს და ის „მუდმივი“ გახდა მადამ ესპერანსას სეანსზე, ქრისტიანიაში. იგივენაირი ამონაჭერი, ნახევრად გახეული და ნახევრად მოჭრილი მოგვიანებით მედიუმის ქვედაბოლოზე აღმოჩნდა. სულის კაბიდან მოხეული ნაჭერი იგივე ფორმის იყო, ოღონდ რამდენჯერმე უფრო დიდი. ქსოვილი თეთრი და მსუბუქი იყო, ვუალივით თხელი, მაგრამ ნამდვილად ნაქსოვი ძაფებით შეკერილი.

ჯორჯ სფრინგზის სეანსზე, კარდიფში, მატერიალიზებულ სულს მოაჭრეს მდიდრული, ღია წითელი ფერის აბრეშუმის სამოსის ნაწილი. სულის გაქრობის შემდეგ ნაჭერიც მალევე გაცვდა, მაგრამ შემდგომ სეანსზე, სადაც იგივე სული იქნა გამოძახებული, ნაჭერმა თავისი ფერი და სიმკვრივე აღიდგინა რაღაც აუხსნელი გზით.

თმის ნაჭრები, რომლებიც მატერიალიზებული სულების თავიდან მოჭრეს და დაიტოვეს, თითქმის ყველა შემთხვევაში უფრო რბილი და ნატიფი აღმოჩნდა ვიდრე იმ მედიუმისა, რომელიც სეანსს ატარებდა.

(თ) გნომების მატერიალიზაცია

ფერიები და სხვა გნომები მატერიალიზებულან ხილულ და მყარ ფორმებად, ხშირად ბავშვების თანდასწრებით. 1915 წელს, ინგლისში, ორმა ახალგაზრდა გოგონამ თავიანთი მამის კამერა აიღეს ფერიების და გნომების გადასაღებად. სურათები გამოქვეყნდა და საკმაო აჟიოტაჟიც გამოიწვია. შემდეგ მათ მისცეს უკეთესი კამერა და მათ მეტი სურათის გადაღება შეძლეს. მოსაზრება, რომ ნეგატივები შესაძლოა გაყალბებული ყოფილიყო ვერ დამტკიცდა.

ჰავაიზეც სწამთ გნომების ანუ მენეჰუნების, ისინი სხვადასხვა დროს მატერიალიზდებიან და თავიანთი გარეგნობით სხვა მხარეების გნომებს ჰგვანან. როდესაც ჰონოლულუში ვცხოვრობდი, უამრავი ჩანაწერი ვნახე, სადაც აღწერილი იყო შემთხვევა, თუ როგორ დაინახეს ბავშვებმა პატარა კაცი. ბავშვები მას გაეკიდნენ, მას შეეშინდა, გაიქცა და მიწაში გაუჩინარდა. ხმაურის გაგონებაზე მოვიდა მასწავლებელი და ბავშვები გამოკითხა. ყველამ ერთი და იგივე ისტორია მოყვა და ერთნაირად აღწერეს პატარა კაცი.

მენეჰუნებს მიაწერენ უამრავი ქვის კედლის აგებას ზღვის გარშემო, რომლებიც ხელოვნური თევზსაშენებისთვის გამოიყენებოდა. ადგილობრივ ფოლკლორშიც გვხვდება „პატარა ადამიანები“.

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება ელფების, ფერიების, გნომების და მათთანების მატერიალიზაციის შესახებ მწირია, შეცდომა იქნებოდა, რომ არ მეხსენებინა მათი არსებობის რეალურობა კვლევის ამ დონეზე.

კომენტარი:

ზემოთ მოყვანილი მაგალითების მიხედვით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გამოვყოთ. შოკი, რომელმაც ექიმი უგონო მდგომარეობაში ჩააგდო, როდესაც იგი მირაბელის ერთ-ერთ გამოსახულებას შეეხო, მიუთითებს მატერიალიზაციის ელექტრულ ბუნებაზე. ბევრმა მკვლევარმა შეისწავლა ელექტრო-ვიტალური ანუ ფსიქიკური ძალა მატერიალიზაციის პროცესისას და აღმოაჩინა, რომ ის ძალიან რეალურია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქცია სრულიად გაგებული არ იყო. გარდაცვლილთა სულები ამ ძალის შესახებ სხვადასხვაგვარ განმარტებებს იძლევიან, ზოგი ამბობს, რომ ისინი ამ ძალას მედიუმის ან სეანსზე დამსწრეების ტვინებიდან იღებენ, ზოგი ამბობს, რომ ეს ძალა მათი სხეულებიდან მოდის, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს ძალა ატმოსფეროში იმყოფება და ისინი მას აგროვებენ.

თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ელექტრო-ვიტალური „სხეულის ელექტროობა“ ან „გონების ელექტროობა“ ან ორივე ერთად გამოცლილია ცოცხალი ადამიანისგან, ეს იწვევს გონების დაკარგვას. ეს ამყარებს კაჰუნების რწმენას, რომ ყველანაირი ცნობიერება მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც არსებობს სასიცოცხლო ძალის საჭირო რაოდენობა. (გაიხსენეთ, რომ მათი მოსაზრებით დაბალი მე სასიცოცლო ძალას მიღებული საჭმლიდან გამოიმუშავებს, შუა მე იღებს ამ დაბალი ძაბვის ძალას და ძაბვას გარდაქმნის „სურვილად“, და მაღალი მე იღებს ამ ძალას და მის ძაბვას გარდაქმნის უფრო მაღალ ძაბვად – რა დროსაც მისი ძაბვა „ატომის გახლეჩვის“ სიძლიერეს აღწევს.)

მედიუმების და სეანსზე დამსწრეების ენერგია ხშორად სრულიად იცლებოდა მატერიალიზაციისას. ცნობილი მედიუმი, დ. დ. ჰოუმი ზოგჯერ თითქმის უგონოდ იწვა ხოლმე იატაკზე ასეთი სეანსების შემდეგ. ერთი მკვლევარი, ფ. უ. ჰ. მეიერსი, სეანსის შემდეგ ისე დაიღალა, რომ ორი დღე საწოლიდან ვერ ადგა. მედიუმებს ხშირად გრძელვადიანი დასვენება სჭირდებათ სეანსებს შორის.

კაჰუნები მკაცრად აკონტროლებდნენ, რომ განკურნების პროცესისას ცოცხლების სასიცოცხლო ძალა გარდავლილ სულებს არ მოეპარათ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ექიმები ამ გაქტს არ ადასტურებენ, ცხადია, რომ კაჰუნების სიბრძნის მიხედვით ზოგიერთი დაავადება სწორედ სასიცოცხლო ძალის მოპარვის შედეგია. თუმცა ექიმებმა იციან, რომ როდესაც ინდივიდის სასიცოცხლო ძალა რაღაც დონეზე დაბლა ჩამოდის, ცნობიერი გონების კონტროლი ქვეცნობიერზე ძლიერ სუსტდება, შედეგად ფიქრები ანალიზის გარეშე გადადის ქვეცნობიერში და იწვევს უჩვეულო კომპლექსებს ანუ ფიქსაციებს. ჩვენ ვნახეთ, რომ შოკური რეაქციები საშიშია, როდესაც ადამიანი არის ძალიან დაღლილი, ან სასიცოცხლო ძალა დაბალია ავადმყოფობის ან დაძაბულობის გამო; რომ, თუ რაიმე მიზეზით სასიცოცხლო ძალა ვარდნას განაგრძობს იწყება დეპრესია და – უფრო გართულებულ შემთხვევაში – სიგიჟე იკავებს ადგილს.

რაზეც მედიცინის წარმომადგენლები არ ამახვილებენ ყურადღებას არის ის, რომ პაციენტი, სიგიჟის დადასტურების შემდეგ, აღარ განიცდის სასიცოცხლო ძალის ნაკლებობას. ხშირად ვხვდებით ძალადობრივ ფიზიკურ აქტივობას – რაც ადასტურებს კაჰუნების წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მკვდარი სულები ხშირად ეუფლებიან ცოცხლებს, რაც იწყება სასიცოცხლო ძალის მოპარვით და მთავრდება ადგილობრივი სულების სხეულიდან განდევნით და სხეულის შეპყრობით – ამით აღწევენ „მკვდრეთით აღდგომის“ ფორმას თავიანთთვის. (ექიმები უარყოფენ ამ მოსაზრებას, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ისინი ინსულინს ან ელექტრო შოკს იყენებენ გიჟების დასამშვიდებლად, ისინი ზუსტად იმავეს აკეთებენ, რასაც ადრეული მკურნალები – დამპყრობელ სულებს ისეთ ტკივილს აყენებდნენ, რომ ისინი ტოვებდნენ სხეულს და ადგილს უთმობდნენ სხეულის კანონიერ მფლობელებს.)

ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც სეანსებზე აპორტები და დიდი ცხოველების ან ადამიანების სხეულები დემატერიალიზაციის გზით დახურულ კარებებში გაუტარებიათ და სეანსის ოთახებში მომხდარა მათი მატერიალიზაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დემატერიალიზებულ მდგომარეობაში ფიზიკური ნივთიერება იმდენად თხელდება, რომ შესაძლებელია მისი ხის ან სხვა, არც თუ ისე სქელ მატერიაში გატარება. (მინა იმდენად სქელია, რომ არ ატარებს თხელ მატერიებს ან ჩრდილისებრი სხეულის ყალიბებს.)

არ არის აუცილებელი, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული მყარ ფორმაში იყოს მატერიალიზებული იმისათვის, რომ თან ატაროს სასიცოცხლო ძალა. ასევე, დემატერიალიზებული ფიზიკური ნივთიერებები არ არის აუცილებელი, რომ გამყარდეს ხილულ ფორმად იმისთვის, რომ მოხდეს მათი, როგორც უხილავი ხელის გამოყენება მყარი საგნების გადასაადგილებლად, თუ უხილავ ექტოპლაზმურ ნივთიერებაში (რომელსაც სული იყენებს) წარმოდგენილია საკმარისი სასიცოცხლო ძალა.

მე შევისწავლე ერთი შემთხვევა, რომელიც ნათლად წარმოაჩენდა ამას. ახალგაზრდა კაცი თვითმფრინავით უნდა ჩამოფრენილიყო და შეყვარებულთან და მის დედასთან ერთად უნდა ესადილა. თვითმფრინავი ჩამოვარდა და კაცი გარდაიცვალა. რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში, რომელშიც მას უნდა ესადილა ზარის ხმა გაისმა. შეყვარებულმა კარი გააღო, მაგრამ იქ არავინ იდგა. ამის შემდეგ ზარი კიდევ ორჯერ დაირეკა, მაგრამ დედამ და შვილმა ვერავინ იპოვნეს. რამდენიმე თვის შემდეგ, სეანსზე, ახალგაზრდა კაცი მედიუმის საშუალებით გამოვიდა კონტაქტზე და თქვა, რომ არ იცოდა რომ გარდაცვლილი იყო და იმ სახლს ესტუმრა, რომელშიც ელოდებოდნენ. მან სამჯერ დარეკა ზარი, და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც მისი ახლობლები მას ვერ ამჩნევდნენ. მესამე დაზარუნების შემდეგ მან ვეღარ შეძლო ზარის დარეკვა (ცხადია სასიცოცხლო ძალა ამოეწურა) და დაასკვნა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

სულებით შეპყრობილი სახლების და პოლტერგეისტის შემთხვევების ყველა სამხილი ადასტურებს, რომ კაჰუნები მართლები იყვნენ, როდესაც სწამდათ, რომ გარდაცვლილ სულებს დიდი ოდენობის სასიცოცხლო ძალის შენახვა შეუძლიათ დაბალი მეს ჩრდილისებრ სხეულში. უეცარი სიკვდილის მომენტში ჩრდილისებრი სხეული სასიცოცხლო ძალით იმუხტება და ასე დამუხტულს შეუძლია ზარის დარეკვა და სხვა საქმეების კეთება მანამ, სანამ სასიცოცხლო ძალა არ ამოეწურება. პოლტერგეისტი, რომელიც ძირითადად დაბალი მეა, რომელიც სიკვდილისას შუა მესგან განცალკევდა, და ბავშვური აღტკინებით ცოცხლებისგან იპარავს სასიცოცხლო ძალას იმისთვის რომ საგნები გადააადგილოს ან იხმაუროს. როგორც ჩანს ჩრდილისებრი სხეული სასიცოცხლო ძალის იდეალური ბატარეაა და როდესაც ის სრულადაა დამუხტული, ისეთი მყარი ხდება, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება მატერიალური ობიექტების გადასაადგილებლად. ან იქნებ, ჩრდილისებრი სხეულის გამკვრივებისთვის საჭიროა უჩინარი ძალიან თხელი ექტოპლაზმური მატერიის მცირე რაოდენობა – შემდეგი კვლევები გვიჩვენებს რამდენად სწორია ეს მოსაზრება.

იმ შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც ცხოველები სეანსებზე მატერიალიზდებოდნენ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ დროს მუშაობენ მაღალი მე-ები. თუ გარდაცვლილი სულები არ ეთანხმებიან იმას თუ როგორ ხდება მატერიალიზაცია, ეს იმის მანიშნებელია, რომ მათ უბრალოდ არ იციან მაღალი მე-ების როლის შესახებ. უფრო ბუნებრივი იქნება ვივარაუდოთ, რომ ცხოველები საკმარისად გონიერები არ არიან იმისთვის, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ მატერიალოიზაცია.

კიდევ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ექტოპლაზმის ფორმირებისას გამოყენებული (სავარადუდოდ) ცოცხალი და ხორციანი ბუნების მატერია, რომლითაც ხდება ცხოველების, ფრინველების და მწერების მატერიალიზაცია, არ მოდის მედიუმისგან და სეანსზე დამსწრეებისგან. წესით მას მაღალი მე-ები პოულობენ და დროებით სესხულობენ. და მართლაც, არაერთხელ მომხდარა მატერიალიზაციები, რომლის დროსაც არც მედიუმს და არც სხვა მონაწილეებს არ დაუკარგავთ ხილული მატერიის არცერთი ნაგლეჯი, თუმცა სასიცოცხლო ძალის ნაწილობრივი დაკარგვა შეკრებილების ჯგუფში - მუდმივი მოვლენაა.

ცერემონიული მაგიის უფრო ბნელ ფაზებში სავარაუდოდ სულების მიერ გამოიყენება შეწირული ცხოველების ან ადამიანების სასიცოცხლო ძალა, მაგრამ უნდა დავასკვნათ, რომ მაღალი მეები არასდროს იყენებენ ასეთ სასიცოცხლო ძალას. კაჰუნების ენაზე მაღალ მეს ჰქვია „სრულიად სანდო, მშობლიური მე“, და ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს მის პატიოსნებაში.

ამ თავის დასრულებასთან ერთად ვასრულებ ჰუნების თეორიაში არსებულ ძირითადი ელემენტების განხილვას, იმ მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც გამოიკვეთა ამ თეორიის ფსიქიკურ მეცნიერებასთან, ფსიქოლოგიასთან და სხვადასხვა რელიგიურ სწავლებებთან შედარებისას.

მომდევნო თავები თანდათანობით დაემატება...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...