მატრიოშკა „მშობლების ვალი, ანუ დედას +“ მონანიების პრაქტიკა

რაღაც მომენტში ბავშვი იზრდება იმ ასაკამდე როცა ის აცნობიერებს, რომ არსებობს ორი ადამიანი, რომლებიც მუდმივად მის თვალწინ არიან - ეს არის დედა და მამა. ამ მომენტიდან ჩნდება მშობლებისთვის ვალის დაბრუნების აუცილებლობა.

ინტერნეტში მუდმივად მეკითხებიან: „რა არის ვალი მშობლების წინაშე? რას ნიშნავს იყო შვილი?“

აი, მე ვარ შვილი. ჩემი მშობლები ზრუნვდნენ ჩემზე, მაჭმევდნენ, მასმევდნენ, მაცმევდნენ, სკოლაში მიმიყვანეს, მოკლედ ასე თუ ისე შემიქმნეს პირობები იმისთვის, რომ გავზრდილიყავი და მქონოდა შესაძლებლობა მევლო ჩემი მიზნებისკენ, ამესრულებინა ჩემი სურვილები. რისი მიცემა შემეძლო მათთვის 5-7-11 წლის ასაკში? მე ბავშვი ვიყავი, მე არ მქონდა ქონება, ფული, მანქანა. მაგრამ მე მქონდა მადლიერების გრძნობა.

mother  

პირველ რიგში, მადლიერება სხეულისთვის, რომელიც მშობლებმა მომცეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ მე არ მექნებოდა შესაძლებლობა მეცხოვრა ამ ცხოვრებით და შემეგრძნო. მადლიერება იმის გამო, რასაც ისინი ჩემთვის აკეთებენ - დედა მიკეთებს ფაფას, მამა მყიდულობს ველოსიპედს. ყველაფერ ამის გამო მე მუდმივად უნდა ვეუბნეოდე მათ „მადლობას“. ოღონდ გულში კი არ უნდა ვთქვა ჩემთვის, ან უბრალოდ გავუღიმო, არამედ უნდა ვუთხრა: „მადლობა!“ არ უნდა თვლიდეთ, რომ ისინი ვალდებულები არიან ამას აკეთებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მშობლები არიან.

ჩემ თავზე შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ვიქცეოდი როგორც უმადური ღორი. იმის მაგივრად რომ მათთვის მეთქვა: „ მადლობა ჩემებო, რომ მაჭმევთ, მასმევთ, მაცმევთ, რომ მომეცით სხეული“, მე არაფერს არ ვეუბნებოდი და ყველაფერს ვიღებდი ისე თითქოს ეს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. მშობლების ვალი - ეს არის სამუდამო ვალი, თქვენ მთელი ცხოვრება უნდა გამოხატავდეთ მათ მიმართ მადლიერებას. მადლიერების გამოხატვა ასევე მოიცავს სიყვარულის და სხვა გრძნობების გამოხატვას, რომლებსაც მშობლების მიმართ განვიცდით, უნდა ვიზრუნოთ მათზე და ყურადღება გამოვიჩინოთ. ჯილდო იმისთვის, რომ შენ აბრუნებ ამ ვალს იქნება განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გადაგიყვანთ მესამე დონეზე - სოციალური დონე. ეს არის დონე, სადაც თქვენ გაიჩენთ მეგობრებს, მოიპოვებთ გარკვეულ სოციალურ სტატუსს, გაიგებთ რა არის თქვენი დანიშნულება, მოიპოვებთ კეთილდღეობას და ა.შ. ანუ ეს არის უკვე ის დონე, სადაც ჩვენი „სურვილებია“ - ფული, მატერიალური კეთილდღეობა და ა.შ.

ჩემი დაკვირვებით ადამიანთა 90% მეტი სწორედ ამ დონეზე იჭედება. ყველაფერი ჩვენი ეგოიზმით იწყება - დიახ, ბავშვებიც კი შეიძლება იყვნენ ეგოისტები. ეგოიზმი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ წარმოდგენაში არსებობს სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვუყვარდეთ ჩვენ მშობლებს. ლოგიკა ასე მუშაობს: თუ ჩვენ ისე არ ვუყვარვართ, როგორც ჩვენ გვინდა, თუ „ჩემს დაკრულზე არ ცეკვავენ“ ესეიგი არ ვუყვარვარ საერთოდ. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ბავშვo თავის წარმოდგენაში ფიქრობს, რომ „სიყვარული“ ეს არის დღეში 1000-ჯერ კოცნა და ჩახუტება, ხოლო მას 999-ჯერ კოცნიან, ესეიგი არ უყვართ. თუ დედა მუდმივად სამსახურშია და ჩემთან არ ატარებს დროს - არ ვუყვარვარ. თუ ის მუდმივად არ მეუბნება სიყვარულის და მხარდაჭერის სიტყვებს ესეიგი არ ვუყვარვარ. თუ მამამ არ მიყიდა ახალი კომპიუტერი - არ ვუყვარვარ. საბოლოო ჯამში გროვდება არა მადლიერება, არამედ წყენა.

ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე არაფერს არ ვგრძნობ ჩემი მშობლების მიმართ!“ თუ ჩვენ დიდი ხანი ვინახავთ წყენას, ის არ გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ სიყვარულზე, რაღაც დროის შემდეგ წყენა გადაიზრდება რისხვაში. ზოგიერთს რამდენიმე დღეში უგროვდება ასეთი რეაქციები, ზოგიერთი ადამიანისთვის ეს პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ეს წყენა და ბრაზი გადადის მუდმივ გაღიზიანებაში.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც მთლიანად გადააძვრეს კანი. სცადეთ მისი ჩახუტება ან მასაჟის გაკეთება. ბუმბულიც კი რომ დაეცეს ამ ადამიანს, ან უბრალოდ ქარმა რომ დაუბეროს - ეს ყველაფერი მას საშინელ ტკივილს მიაყენებს. ადამიანს, რომელიც სავსეა წყენით და სიბრაზით, ყველა და ყველაფერი აღიზიანებს. და ამ ყველაფერში დამნაშავე იქნება ყველა, ვინც მის გარშემოა: დეგენერატი ქმარი, სისხლის მსმელი ბავშვები, მეზობლები, რომლებიც მუდმივად რემონტს აკეთებენ , პრეზიდენტი, რომელიც არასწორად მართავს ქვეყანას... ყველა პარაზიტია, ყველა იდიოტია, მარტო მე ვარ ყველაზე ჭკვიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ისე ეყვარება ყველა როგორც ადრე უყვარდა, წყენით და სიბრაზით გამოწვეული ტკივილი არ მისცემს ამ სიყვარულის შეგრძნების და გამოხატვის საშუალებას.

წყენა - ეს ყურადღების მიქცევის და მანიპულაციის საშუალებაცაა. ადამიანი თამაშობს მსხვერპლის როლს - მე ყველამ უნდა შემიცოდოს, შემიყვაროს, თავზე ხელი გადამისვას, სათამაშო მიყიდონ, მაგრამ რაღაც ეტაპზე ადამიანი ხედავს, რომ სრულიად მარტო დარჩა და რომ მას არ ჰყავს ნამდვილი მეგობრები, არ ჰყავს ახლობლები. ასეთ დროს შეიძლება დაემართოს დეპრესია, მუდმივი დაღლილობის მდგომარეობა, სასოწარკვეთა, პანიკური შეტევები და ყველა შესაძლო დაავადება.

მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტია, როცა ბავშვი ცდილობს მშობლების სიყვარულის დამსახურებას - ამასთან ისევ უნდა ავღნიშნო, ისეთი სიყვარულის რომელიც მის წარმოდგენაში არსებობს, თუ როგორ უნდა შეიყვარონ ის. შეიძლება შეგხვდეთ 40, 50 და 60 წლის ადამიანიც კი, რომელიც კიდევ ცდილობს დაუმტკიცოს მშობლებს - შეიძლება ისინი ცოცხლები აღარც იყვნენ - რომ ის კარგია და რომ ის იმსახურებს მათ სიყვარულს. ამის გამო ადამიანები აბარებენ ისეთ სასწავლებლებში, სადაც არ უნდათ სწავლა, პროფესიას ირჩევენ არა საკუთარი მოწოდების მიხედვით, ირჩევენ „შესაფერის“ მეუღლეებს, აჩენენ შვილებს. მხოლოდ იმიტომ რომ იყვნენ კარგები მშობლებისთვის. პირველ რიგში დედისთვის.

კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც ბავშვს, რომელმაც არ დაუბრუნა ვალი მშობლებს, უჩნდება ძლიერი დანაშაულის გრძნობა. რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობა, მით უფრო ძლიერია იმის შეგრძნება, რომ რაღაც გმმართებს. ისინი ცდილობენ ამ დანაშაულის გამოსყიდვას მშობლების წინაშე საჩუქრებით და მეტისმეტი ყურაღდებით, გუდავენ მეუღლეებს და შვილებს ჰიპერმზრუნველობით. ამაზე ვსაუბრობდი სურვილების ასრულების თავში, ეს არის „ყოველდღიურობის ჯვარი“.

მაგრამ ეს სიტუაციები არაფრის მომცემია. რადგან ადამიანი ერთხელაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უყველაფროდ დარჩა.

რა უნდა ვქნათ ასეთ სიტუაციაში? უნდა დავუბრუნდეთ პირველ წყაროს და დავაბრუნოთ ჩვენი, როგორც შვილის ვალი, ვუთხრათ ყველაფერი რაც სათქმელია.

ეხლა ჩვენ მივედით იმ პრაქტიკამდე, რომელიც არის ცენტრალური იმ კონცეფციაში, რომელსაც მე წარმოგიდგენთ. ეს არის მონანიების პრაქტიკა. ამ წიგნში ჩვენ ეს სიტყვა გამოვიყვანეთ როგორც „სანამ-მე-მე-არ-ვარ“ «пока-я-не-Я». გულწრფელი ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ ის ცხოვრების ნებისმიერ მომენტში არის ის, ვინც არის. მას არ უწევს თვალთმაქცობა, ის არის ისეთი როგორიც არის. მაგრამ ადამიანების უმრავლესობა მიჩვეულია, რომ არ უნდა ილაპარაკონ საკუთარ გრძნობებზე. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი იკეთებენ ნიღაბს და თამაშობენ სხვის როლს.

ვინ ვართ ჩვენ ჩვენი მშობლებისთვის? როგორც წესი - მასწავლებლები, მოსამართლეები, ბრალმდებლები, უცხო ადამიანები - ჩვენ ხომ უკეთ ვიცით როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ. არადა სინამდვილეში უნდა ვიყოთ უბრალოდ შვილები.

ბავშვი - ეს არის ადამიანი, რომელიც, თავისი პატივისცემით და მოწიწებით, თავისი მადლიერებით კვარცხლბეკზე აყენებს მშობლებს.

რომელი რელიგიაც არ უნდა ავიღოთ, ყველგან ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებელია მშობლების პატივისცემა. ბიბლიის 10 მცნებაში ნათქვამია „პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ყურანში არის ასეთი სურა: „სამოთხე დედის ფეხებთან არის“. ინდოეთში სახლებში ღმერთების ქანდაკებები და მშობლების სურათები ერთად უდევთ, რადგან მათ ისეთივე პატივს სცემენ როგორც ღმერთებს. ინდოეთში ხშირად ნახავთ ზრდასრულ შვილს (ბიჭს ან გოგოს), 60-70 წლის ასაკშიც კი, მშობლებთან ყოველი შეხვედრის დროს როგორ იხრიან ქედს მათ წინაშე და ფეხებზე ეხებიან - და ამით გამოხატავენ პატივისცემას.

ნებისმიერ ტრადიციულ კულტურაში მშობლებს, ასაკით უფროსებს განსაკუთრებული პატივისცემით ექცევიან - რადგან მხოლოდ მათი დამსახურებით მივიღეთ ჩვენ ჩვენი სხეული, ეს ცხოვრება, რომელიც შეგვიძლია წარვმართოთ საკუთარი სცენარით და ვიყოთ ბედნიერ ადამიანები!

მაშ ასე, მონანიების ტექნიკა - ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ცხოვრება გადავაქციოთ ზღაპრად. მონანიება ეს არის მიმართვა იმ ადამიანისადმი რომლის მიმართაც თქვენ გაქვთ გამოუთქმელი გრძნობები და ამ გრძნობების გამოხატვა მარტივი ალგორითმით შეგიძლიათ: უარყოფით გრძნობებს გამოვხატავთ „მაპატიეს“ დახმარებით, პოზიტიურს კი პირდაპირ.

რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი გრძნობების გამოხატვა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ შოკოლადი და გინდათ ის დედას გაუყოთ. მაგრამ მანამდე თქვენ მიდიხართ საზოგადოებრივ ტუალეტში და უნიტაზში ასველებთ შოკოლადს. ამის მერე მოუნდება დედას თქვენი შოკოლადი? ვშიშობ რომ არა.

როდესაც ჩვენ ვცდილობთ წარმოვთქვათ სიყვარულის და მადლიერების გამომხატეველი სიტყვები, მაგრამ ამასთან გულში ნეგატიური გრძნობები გვაქვს, ეს იგივეა რომ ადამიანს შესთავაზო შოკოლადი, რომელიც მანამდე უნიტაზში ამოავლეთ. იმის შიშით რომ საყვარელ ადამიანს არ აწყენინონ, ბევრი ადამიანი ცდილობს მათ „გამოკვებას“ საკუთარი სიყვარულით და მადლიერებით, მაგრამ სანამ ბოლომდე არ გამოთქვამთ მთელ ნეგატივს, ეს მაინც ის შოკოლადი იქნება, რომელიც უნიტაზში იყო, ამიტომ ხშირად საპასუხოდ ჩვენ მშობლებს შეიძლება გაეცინოთ ან გაღიზიანდნენ - ისინი გრძნობენ თქვენს არაგულწრფელობას.

თუ ადამიანი გამოუთქმელ გრძნობებს ატარებს გულით, ეს იგივეა, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანმა ჩაისვაროს და ჩასვრილი შარვლით დადიოდეს. თითქოს არაფერი არ ჩანს, მაგრამ სუნი იგრძნობა. თუ ის ჩავა მეტროში მის გვერდით არავინ არ დაჯდება, თუ ოთახში შევა ყველა ოთახში მყოფი დატოვებს იქაურობას. რა თქმა უნდა ჩვენ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბევრად უფრო ფაქიზ მატერიებთან , მაგრამ ყველა ადამიანი დაკავშირებულია ერთმანეთთან ქვეცნობიერის დონეზე, ჩვენ გვაქვს უნარი აღვიქვათ არამარტო უხეში, ფიზიკური გამოვლინება, არამედ გრძნობები, ემოციები, ენერგია. ადამიანი რომელიც სავსეა გამოუთქმელი გრძნობებით ნეგატიურ ენერგიას ასხივებს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თითოეულ გრძნობას შეესაბამება კონკრეტული ვიბრაცია. ყველაზე სუფთა და დახვეწილი ვიბრაციები აქვს ისეთ გრძნობებს როგორიც არის მადლიერება, შთაგონება, ყველაზე დაბალი ვიბრაცია აქვს ზიზღს, სიბრაზეს, სასოწარკვეთას და მათ მსგავსს გრძნობებს. რატომ ვერ პოულობთ თქვენს მეორე ნახევარს, რატომ ვერ აღწევთ წარმატებას? იმიტომ, რომ თქვენს გვერდით ნებისმიერ ადამიანს უსიამოვნო შეგრძნება აქვს.

განზრახ არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი გამოუხატავი ნეგატიური გრძნობების ბრალია, რადგან ნებისმიერი გრძნობა, თუ მას არ გამოვხატავთ, დროთა განმავლობაში ასე ვთქვათ ფუჭდება და დაბალ ვიბრაციას იძენს. უფრო მეტიც, გამოუხატავი მადლიერება უარესიც კია, ვიდრე გამოუხატავი ნეგატივი.

შემიძლია მოგქცეთ მონანიების ყველაზე ზოგადი სქემა, ერთგვარი მონახაზი, რადგან კონკრეტულად როგორ მოხდება თქვენ შემთხვევაში ეს არავინ არ იცის. მთავარია თავდაპირველად პატიება ვითხოვოთ ჩვენი სისულელისთვის - დიახ, დიახ სწორედ, რომ ჩვენი სისულელისთვის, რომლის გამოც თქვენ გწყინდათ, ბრაზობდით, გძულდათ, რადგან თქვენ გონებაში შექმენით რაღაც იდეალური სურათი, მშობლებს როგორ უნდა უყვარდეთ და გწყინდათ რადგან რეალობა თქვენს წარმოდგენას არ შეესაბამებოდა. სინამდვილეში, თქვენს მშობლებს არ ჰქონდათ წიგნები იმაზე თუ როგორ უნდა ყვარებოდით და გაეზარდეთ კონკრეტულად თქვენ, მათთვის არავის უსწავლებია ეს. ისინი მოქმედებდნენ ისე, როგორც ესმოდათ, როგორც მათ ექცეოდნენ, როგორც წიგნებში ჰქონდათ წაკითხული და ა.შ.

ამის შემდეგ აუცილებელია ჩვენი პოზიტიური გრძნობების გამოხატვა - მადლიერება, სითბო, სიყვარული და ა.შ. წიგნის ბოლოს მოცემულია გრძნობათა ცხრილი, რომელიც დაგეხმარეთ საკუთარ თავში და გრძნობებში გარკვევაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - როგორ ხდება მონანიება. სასურველია მშობლების წინაშე დავდგეთ მუხლებზე. არ ვიცი როგორ და რატომ მუშაობს ეს, შეიძლება მუხლებში არის განსაკუთრებული ენერგეტიკული წერტილები, მაგრამ ... სწორედ ასეთ პოზაში ჩნდება განსაკუთრებული მდგომარეობა.

ტრენინგებზე ჩვენ ხშირად ვატარებთ ასეთ ექსპერიმენტს. მე ვთხოვ ვინმეს ჯგუფიდან გამოვიდეს და პატიება მთხოვოს ისე, თითქოს ამას თავისი მშობლის წინაშე აკეთებს. თავდაპირველად ეს ადამიანი ამას აკეთებს ფეხზე მდგარი, ჩემს პირისპირ, ან შეიძლება სკამზეც, ამის შემდეგ ცდილობს მითხრას იგივე, მაგრამ ამჯერად მუხლებზე დამდგარმა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ემართება ამ ადამიანს, როდესაც ის დგება მუხლებზე - ზოგიერთი ტირის, ზოგი სრულიად სხვა რამის ლაპარაკს იწყებს, მაგრამ შენ გესმის რომ ეს სიტყვები ნამდვილად გულიდან მოდის. ყველა აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა.

ამ ერთი ქმედებით - მშობლის წინაშე მუხლებზე დადგომით - ჩვენ „განვადიდებთ“ მათ. გამოვხატავთ ჩვენ პატივისცემას, მათ ტერფებამდე ვდრიკავთ ჩვენს სიამაყეს. რადგან სწორედ სიამაყე - ტყუილად არ მიიჩნევა ყველა რელიგიაში ყველაზე საშინელ ცოდვად. ის არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ის ვინც ვართ, არ გვაძლევს საშუალებას ვაჩვენოთ ჩვენი ნამდვილი მე.

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პირველი ნაბიჯი ბედნიერი ცხოვრებისკენ და იმისკენ რომ ჩვენი ცხოვრების მმართველები თავადვე გავხდეთ, არის ის რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე და საკუთარ გრძნობებზე. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობის „საკუთარ თავზე აღება - საკუთარი გულის გაშიშვლება, საკუთარ თავში გამბედაობის ნახვა, რომ ვაღიაროთ“ :კი მე ჩემი სისულელის გამო მწყინს, კი მე ვბრაზობ, ვღიზიანდები, მაგრამ მე ვითხოვ ამისთვის პატიებას“.

თქვენი ჯილდო იქნება ის, რომ მშობლები მათ წინაშე დაინახავენ არა არარაციონალურ ბავშვს, რომელსაც წყინს და ჩუმდება, ჩაისვრის, მაგრამ ისე იქცევა თითქოს ეს მას არ უქნია. ახლა ეს უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, რომელიც მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. მომენტს, როდესაც მშობლები იაზრებენ, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული პიროვნება, ეწოდება „მშობლების დალოცვა“. ამ მომენტიდან თქვენ დაიწყებთ სრულიად ახალი ცხოვრებას!

სანამ მშობლები პატარა ბავშვად გთვლიან, თქვენ მუდმივად იქნებით თითქოს მიჯაჭვული. ეს უკვე „მშობლის წყევლაა“. როგორ შეიძლება წარმატებული იყოთ სოციუმში, როგორ შეიძლება ბედნიერი იყოთ პირად ცხოვრებაში თუ დედ-მამა დღემდე 5 წლის ბავშვს ხედავს თქვენში, ბავშვს მოკლე შარვალში, რომელიც ცელქობს?!

გოგოებისთვის განსაკუთრებით კარგად ნაცნობია სიტუაცია, როცა დედა ლამის საათში ერთხელ რეკავს ერთი და იგივე შეკითხვით: „როგორ ხარ?“, რას აკეთებ?“, „დღეს რა ჭამე?“ მიუხედავად იმის, რომ არც 1 საათში და არც ერთ დღეში არ შეიძლება, რომ რამე კარდინალურად შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. ვის შეიძლება ასე ხშირად ურეკავდნენ ბავშვს თუ ზრდასრულ ადამიანს? ამიტომ დროა გაიზარდოთ დედის და მამის თვალში!

შესაძლებელია, რომ ვთქვათ როგორი შედეგი ექნება თქვენ მშობლებთან საუბარს? არა. რადგან ეს არის განსაზღვრული მდგომარეობა, რომელიც უნდა შეიგრძნოთ. თუმცა თქვენ ის არაფერში არ შეგეშლებათ.

უმჯობესი იქნება, თუ საუბარს დაიწყებთ დედისგან. სწორედ დედაა ცხოვრებაში პირველი მასწავლებელი. თუ თქვენ მასთან არ გაქვთ მოგვარებული ურთიერთობა ყველა დანარჩენი ძალისხმევა აზრს მოკლებული იქნება. აღმოსავლეთში თუ თქვენ მიხვალთ ასტროლოგთან, ქირომანტთან, სულიერ მასწავლებელთან, რომელიც თქვენ ნატალურ რუკაში, თქვენს ხელისგულზე, ან შინაგანი ხედვის დახმარებით დაინახავს, რომ თქვენ დედის ვალი არ გაქვთ გასტუმრებული, ის გაგიშვებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არ მიგიღებთ მოსწავლედ, არ შეგიდგენთ ჰოროსკოპს.

ახლა მინდა მოგიყვეთ ხშირად დაშვებული შეცდომების და მონანიების პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნიუანსების შესახებ.

ტრენინგის დროს აუცილებლად ადგება ვინმე და იტყვის: „მე ჩემი მშობლების მიმართ არაფერს არ ვგრძნობ“ ან „მე ჩემ მშობლებს ვერ ვიტან“.

მაშინ მე მათ ვთავაზობ მარტივ ტექნიკას. თუ თქვენ მართლა არაფერ კარგს ან უბრალოდ არაფერს არ გრძნობთ, მაშინ მიდით მათთან და უთხარით: „მშობლებო, მაპატიეთ, მაგრამ თქვენ მიმართ არაფერს არ ვგრძნობ და აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობა!“ ამის შემდეგ გაწყვიტეთ მათთან ყველანაირ ურთიერთობა!“

თუ ამაზე პასუხად იტყვიან: „არა ისინი ხომ ჩემი მშობლები არიან!“, „ისინი უკვე ხანში შესულები არიან, ვინმემ უნდა იზრუნოს მათზე“ და ა.შ. მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ მშობლების მიმართ გრძნობა არსებობს. რადგან არის მოვალეობის შეგრძნება, ის კი როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ჩნდება იქ, სადაც არის დანაშაულის გრძნობა გამოუთქმელი გრძნობების გამო. თუ მშობლები თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანები არიან მაშინ გულში არაფერი არ გაიჩხაკუნებს, თქვენ მაშინვე წახვალთ და ყველაფერს ეტყვით მათ. ხანდახან აუცილებელია განშორების წლები, რათა ადამიანს, გადამძვრალი კანი ხელახლა გაეზარდოს, მაშინ ის შეძლებს იგრძნოს სინამდვილეში რას გრძნობს მშობლების მიმართ.

„მე არაფრის გამო არ ვარ ჩემი მშობლების მადლიერი, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ჩემთვის (იყვნენ ლოთები, ბავშთა სახლში ჩამაბარეს, ცუდად მექცეოდნენ და ა.შ.)“

პირველი რის გამოც მადლიერები უნდა ვიყოთ მშობლების - იმისთვის რომ სიცოცხლე გვაჩუქეს, ეს არის ყველაზე ფასდაუდებელი საჩუქარი, ყველა შესაძლო საჩუქარს შორის. თუნდაც მითხრან: „დედაჩემს არ ვუნდოდი, აბორტის გაკეთებას აპირებდა“, მე შევეწინააღმდეგები: „მაგრამ ხომ არ გაიკეთა, და საბოლოოდ გაჩუქათ სიცოცხლე, ასევე მისი შესაძლებლობის ფარგლებში გაგზარდათ და აღგზარდათ“.

შეგახსენებთ, რომ პრეტენზიებს და დაგროვილ ნეგატივს შეუძლია წაგართვან შესაძლებლობა შეიგრძნოთ პოზიტიური გრძნობები. საჭიროა უბრალოდ დაჯდეთ, აიღოთ ფურცელი და კალამი და ჩვენი ცხრილის გამოყენებით ჩამოწეროთ ის რასაც თქვენ გრძნობთ მშობლების მიმართ.

„მე და დედას ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ საუკეთესო დაქალები ვართ.“

ეს არის ყველაზე ხშირი და ამავე დროს ყველაზე საშინელი შეცდომა გოგონებში.

ურთიერთობა „დედა-ქალიშვილი“ - ეს არის მოწიწების და პატივისცემის გამოხატვა ქალიშვილის მხრიდან დედის მიმართ.

ურთიერთობა მშობლებთან მაშინ არის ჰარმონიული, როდესაც თქვენც და ისინიც ცხოვრობთ საკუთარი ცხოვრებით, თითოეულს აქვს თავისი საქმე და თქვენ არ ერევით ერთმანეთის ცხოვრებაში. ურთიერთობთ მაშინ როცა მართლა გაქვთ რამე სათქმელი: გრძნობების გამოხატვა („დედა, მამა ძალიან მომენატრეთ!“), როდესაც რამე ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავია, როდესაც გთხოვეს დახმარება და მზრუნველობა.

თუ თქვენ და მშობლები საუკეთესო მეგობრები ხდებით, მაშინ ეს ისევ „მშობლის წყევლაა“.

„მე დედას პატიება ვთხოვე, მაგრამ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ყოველ დღე ხდება რაღაც ისეთი რაც მაღიზიანებს, მე ისევ და ისევ ვითხოვ მისგან პატიებას - დედა კი უკვე დამცინის“.

ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული, არასწორი სცენარია: ვცხოვრობ მშობლებთან ან მშობლებთან ერთ სართულზე, მაგრამ მინდა რომ მთვლიდნენ ზრდასრულ, მოწიფულ, დამოუკიდებელ ადამიანად და მინდა, რომ ჩემს აზრს ითვალისწინებდნენ.

თუ თქვენ მშობლებთან ერთად ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობთ, არსებობს ქცევის მხოლოდ ორი ვარიანტი: თქვენ უსიტყვოდ იღებთ მშობლების ავტორიტეტს და მათ ჭკუაზე დადიხართ, ან პოულობთ შესაძლებლობას და გადადიხართ სხვაგან.

მცდელობა იმისა, რომ პატიება სთხოვოთ მშობლებს და დაიწყოთ დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ყოველდღიურად მათთან ერთად იყოთ - იგივეა რომ დარჩეთ გადაუჭრელი ჭიპლარით. თქვენ ისევ პატარა, უჭკუო ბავშვი ხართ, რომელიც რატომღაც ბედავს განაწყენებას, გაღიზიანებას, სასაცილო ადამიანი - რომელიც გაუჩერებლად ითხოვს პატიებას.

მონანიება და პატიების თხოვნა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შესრულებულად, როდესაც მას მოსდევს რაღაც ქმედება. თუ თქვენ პატიებას სთხოვთ მშობლებს ეს ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ რაღაც გააკეთოთ იმისთვის, რომ აღარ განაწყენდეთ და არ გაღიზიანდეთ.

როგორც მინიმუმ, უნდა გადახვიდეთ სხვაგან საცხოვრებლად. ყოველთვის არის შესაძლებლობა დასაწყისისთვის იქირაოთ რამე ოთახი ან ბინა, ყოველთვის შეიძლება რამე სამსახურის პოვნა. პრაქტიკამ უჩვენა, რომ ის ვარიანტი როდესაც ცხოვრობ მშობლებთან, პატივს სცემ და მათ აზრს ითვალისწინებ, თუმცა ამავე დროს არ ღიზიანდები, ძალიან ნაკლებ სავარაუდოა. ისინი ვინც დიდი ხნის წინ გადავიდნენ მშობლების სახლიდან ალბათ შეამჩნევდნენ: როდესაც მშობლებთან სტუმრად მიდიხარ, პირველი რამდენიმე დღე თავს გევლებიან. მაგრამ შემდეგ ხდები „ინტერიერის ნაწილი“, აუცილებლად ხდება რაღაც, რაც წყენის ან გაღიზიანების გრძნობის პროვიცირებას იწვევს. ეს ყველაფერი ნორმალურია - რადგან ყველა ჩამოყალიბებულ, მოწიფულ ადამიანს აქვს თავისებური გაგება, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იცხოვროს. ეს „გაგება“ როგორც წესი მშობლების წარმოდგენას არ ემთხვევა.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ თანამედროვე რუსულ და დასავლურ საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა დღემდე არსებობს ტრადიციული კულტურები, სადაც მიღებულია ერთ ჭერქვეშ რამდენიმე თაობის ცხოვრება. თუმცა მათ გენებში აქვთ უპირობო პატივისცემა და მორჩილება უფროსების მიმართ და მათ ოჯახში ყველას როლი მკაცრად არის გაწერილი. ჩვენს საზოგადოებაში ყველას ისეთი ძლიერი“მე“ აქვს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მისი დამორჩილება სხვის მოსაზრებასთან იმასთან დაკავშირებით თუ „რა არის სწორი“. ამიტომ აუცილებელია ტერიტორიული დაცალკევება.

თუმცა ტრადიციული კულტურის წარმომდგენლებსაც კი, მაგალითად საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მცხოვრებლებს, ხშირად ისეთი ეგო აქვთ, რომ აღარ შეუძლიათ მშობლებთან ერთად ცხოვრება.

ტრენინგებზე რეგულარულად მეკითხებიან, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ სიტუაციებში: თითქოს ტრადიციები გვასწავლის, რომ უნდა ვიზრუნოთ მშობლებზე (მაგალითად, უმცროსი ვაჟი პასუხისმგებელია იზრუნოს ხანში შესულ მშობლებზე), მაგრამ ერთად ცხოვრებას მივყავართ მუდმივ გაღიზიანებამდე, კონფლიქტამდე. ხანდახან ისეც ხდება, რომ მშობლები დარჩნენ სამშობლოში, სადაც ნაკლები შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ნორმალურად გამოიმუშაონ, მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ? ასეთ შემთხვევაში მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სხვა დროში - კარგ დროში, იმ დროისგან განსხვავებით როცა ეს ტრადიციები ყალიბდებოდა. ახლა ჩვენ გვაქვს გადაადგილების ჩქაროსნული საშუალებები, რომ რეგულარულად მოვინახულოთ მშობლები, არსებობს ფულის გადაგზავნის სერვისები და ა.შ. შესაძლებელია მშობლებზე ზრუნვა დისტანციურად, დროდადრო მათი მონახულებით.

“მე დავდივარ აღსარებაზე, ამიტომ მე მონანიება მშობლების და სხვა ახლობლების წინაშე აღარ მჭირდება.“

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მე ეხლა სკამი ჩაგარტყათ თავში, შემდეგ წავიდე ეკლესიაში და აღსარება ჩავაბარო ამის გამო. რაღაც დროის შემდეგ ჩვენ შევხვდებით: მე თქვენ გაგიცინებთ, თქვენ კი არა. რატომ? მე ხომ აღსარება ჩავაბარე? ინტერნეტში გავრცელებულია ასეთი გამოთქმა: „ადამიანებს ვაწყენინებთ, პატიებას კი ღმერთს ვთხოვთ“.

სინამდვილეში აღსარება - ეს გასაოცარი პრაქტიკაა, რომელიც გვეხმარება „ადუღებულ ჩაიდანში“ დაძაბულობის განეიტრალებაში. თუ სიამაყე არ გვაძლევს საშუალებას დავდგეთ მუხლებზე ახლობელი ადამიანის წინაშე, მაშინ აღსარება მაინც უნდა ჩავაბაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ეს უარყოფითი ემოციები უბრალოდ შეგვჭამს შიგნიდან.

ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ უნდა გადავაბიჯოთ ჩვენს „მეს“ და მოვიყაროთ მუხლი ახლობელი ადამიანის წინაშე, გავაშიშვლოთ ჩვენი გული, ხელახლა ვისწავლოთ გულწრფელობა და ვიყოთ ის ვინც ვართ. ავიღოთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობა და დავიწყოთ ჩვენი როლის - შვილის როლის შესრულება.

„მე უკვე ყველას ვაპატიე.“

ადრე ლექციების დროს მე ვამბობდი: პატიების პრაქტიკა, შემდეგ შევცვალე და ახლა ვამბობ - მონანიების პრაქტიკა. რადგან ადამიანებს ხშირად ესმით არა ის, რომ ისინი მუხლებზე უნდა დადგნენ ვინმეს წინაშე და ითხოვონ პატიება, არამედ ის რომ უნდა აპატიონ სხვებს ის ცუდი რაც მათ გაუკეთეს.

არა, არა და კიდევ ერთხე არა! არასოდეს არ უნდა აგვერიოს ეს ორი ცნება. ვის შეუძლია პატიება? მას ვინც პირველად განიკითხა. ვის შეუძლია განკითხვა? მხოლოდ მას ვინც იცის სინამდვილეში რა ხდება.

ამას წინათ ვესაუბრებოდი ერთ მეგობარს და მან მითხრა: „იცი, როცა ვუყურებ ჩემს 43 წლიან ცხოვრებას, შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ აბსოლიტურად ნებისმიერი მოვლენა, რომელიც მომეტში რაღაც საშინელებად ან კატასტროფად გვეჩვენება, საბოლოო ჯამში სასიკეთოდ შემოტრიალდება ხოლმე. მაგრამ იმ მომეტნში, როცა ეს მოვლენები ხდებოდა მე ვერ ვიაზრებდი მათ აზრს.“ ეს მართლაც ბრძნული სიტყვებია. ჩვენ ვხედავთ მომხდარი მოვლენის ძალიან მცირე ნაწილს და ამ მოვლენებზე ვმსჯელობთ მხოლოდ ჩვენი ვიწრო ხედვით.

ისტორია პრაქტიკიდან. გოგონას 12 წლის წინ ურთიერთობა ჰქონდა ცოლიან მამაკაცთან. შემდეგ ისინი დაშორდნენ და ის წავიდა სხვა ქალაქში. რაღაც დროის შემდეგ მამაკაცი დაშორდა ცოლს. და აი ამ მოვლენებიდან 12 წლის შემდეგ ამ გოგონას ფეისბუქზე წერს ამ მამაკაცის ყოფილი მეუღლე. თავდაპირველად მან პატიება სთხოვა გოგონას ყველა ნეგატიური გრძნობისთვის, რომელსაც მის მიმართ განიცდიდა, როდესაც არსებობდა ეს სასიყვარულო სამკუთხედი, შემდეგ დაიწყო მადლობის გადახდა! აღმოჩნდა, რომ მაშინ ეს ქალბატონი (ყოფილი მეუღლე) ისე მოიცვა ამ ისტორიამ, რომ მან დაიწყო თვალის დევნება მისი ყოფილი მეტოქის ცხოვრებისთვის სოციალურ ქსელში. ამის დახმარებით მან გაიგო აიუვერდას, იოგას (ჩვენი ისტორიის გმირი ყველაფერ ამას აკეთებდა) და შემდეგ ჩემი ლექციების შესახებაც შეიტყო.

საბოლოოდ მან შეცვალა მთელი თავისი ცხოვრება. მადლობას სწორად ამის გამო უხდიდა - რომ მიიღო ეს ინფორმაცია და რომ მხოლოდ ახლა დაიწყო ნამდვილი ცხოვრება.

ეს ქალბატონი - ყოფილი ცოლი - ჩემთან მოვიდა ერთ-ერთ ლექციაზე. უნდა გენახათ მისი თვალები! ეს იყო რეალურად ცოცხალი, მგრძნობიარე ადამიანი! მე აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას მომავალშიც ყველაფერი კარგად ექნება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ესაა ისტორია იმაზე, რომ მოვლენები, რომლებიც რაღაც მომენტში უარყოფითად გვეჩვენებოდა, საბოლოოდ პოზიტიური აღმოჩნდა.

ეს შესანიშნავი მაგალითია, იმისა, რომ ყველაზე უსიამოვნო მოვლენებიც საბოლოო ჯამში შეიძლება სასიკეთოდ შემოტრიალდეს მისი მონაწილეებისთვის. ჩვენ მართლა ძალიან ცოტას ვხედავთ და ცოტა გვესმის, იმისთვის რომ განვსაჯოთ და შეფასება მივცეთ სხვა ადამიანს. მხოლოდ შემოქმედმა იცის ნამდვილი აზრი იმ ყველაფრისა რაც ხდება.

საკუთარი განსჯისთვისაც აუცილებელია პატიების თხოვნა.

ჩემს დამხმარეს ანას, ხშირად აწუხებენ ტრენინგების მონაწილეები. მას ხშირად უწევს იყოს მკაცრი და ძალიან მკაცრიც კი, რათა შეინარჩუნოს აუცილებელი ატმოსფერო და დისციპლინა ლექციების დროს. მსმენელები შემდეგ ცდილობენ მასზე გაიარონ „პრაქტიკა“ და მიდიან მასთან დაახლოებით ასეთი წინადადებებით: „ანა მაპატიე, შენზე ნაწყენი ვიყავი, რომ ასეთი ბოროტი და გაღიზიანებული ხარ“. ანუ თავდაპირველად ანა განსაჯეს, შემდეგ მასზე განაწყენდნენ, შემდეგ პატიება სთხოვეს - მაგრამ არა იმისთვის რისთვისაც საჭირო იყო. ყველაფერი უნდა დაიწყოთ თავიდან - პატიება სთხოვოთ იმისთვის რომ განსაჯეთ.

თუ ადამიანი თვლის, რომ უფლება აქვს განსაჯოს და შეაფასოს, მაშინ პატიების თხოვნა გადაიზრდება ხოლმე პრეტენზიების ჩამონათვალში. მაგალითად: „დედა მაპატიე, გთხოვ შენზე ვბრაზდებოდი იმიტომ რომ არ გიყვარდი, იმიტომ რომ მაწყენინებდი, მატყუებდი“. როგორი რეაქცია შეიძლებ გქონდეთ ასეთ „მონანიებაზე?“ მხოლოდ მკვეთრად ნეგატიური.

ხანდახან პატიების თხოვნა სინამდვილეში მანიპულაციაა - მე შენ პატიებას გთხოვ, გეუბნები რა არ მომწონს იმის იმედით, რომ შენ ამის შემდეგ ისე მოიქცევი როგორც მე მინდა. არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ მონანიების პრაქტიკის არსი არის არა ის, რომ ადამიანებმა თქვენს გარშემო ცხოვრება თქვენი სცენარით დაიწყონ, არამედ იმისთვის რომ გათავისუფლდეთ ნეგატივისგან, რომელიც გროვდება და „ლპება“ თქვენი სხეულის და ცნობიერების ყველა დონეზე წლების განმავლობაში. ასევე იმისთვის, რომ თქვენ ისწავლოთ თქვენი და არა სხვისი როლის შესრულება, რადგან მხოლოდ ღმერთს, სამყაროს შეუძლია თქვენი გაგება და თქვენი სურვილების ასრულება.

მონანიების პრაქტიკის დროს ჩვენ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გვწყინს, ვბრაზობთ, ვღიზიანდებით, ასევე იმისთვის, რომ გვიხარია, შთაგონებულები და მადლიერები ვართ.

„მამაჩემს სუსტი გული აქვს/არ მინდა დედამ ნეგატიური ემოციები განიცადოს“ და სხვა მსგავსი არგუმენტები იმის საწინააღმდეგოდ, რომ წახვიდეთ და მუხლებზე დადგეთ მშობლების წინაშე, - უბრალოდ თავის დაძვრენის მცდელობაა.

ტრენინგში მონაწილეობდა გოგონა, რომელსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა, ბიზნესი წარუმატებელი გამოდგა და მას უზარმაზარი კრედიტი დარჩა გადასახდელი. მას გაჭირვებით გაჰქონდა თავი ყოველთვიური გადასახადების გადახდის შემდეგ. თუმცა ამ ყველაფერზე არაფერს არ ეუბნებოდა მშობლებს. ჩემს შეკითხვაზე თუ რატომ არ უყვება ყველაფერს მამას (ნათესავების მხარდაჭერა - მამაკაცის მხარდაჭერა საქმეში, რომელიც ფულს ეხება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, ამაზე სხვა თავში ვისაუბრებთ), გოგონამ მიპასუხა, რომ მამას ცოტა ხნის წინ ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და არსებობდა მისი განმეორების საფრთხე. საბოლოოდ მან ყველაფერი უამბო მამას, რაზეც მან უპასუხა: „ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა შენ თავს და ძალიან განვიცდიდი ამას. ჩემს ყველა შეკითხვაზე შენ მპასუხობდი, რომ ყველაფერი კარგად გქონდა“. მამისთვის ოპერაციის გაკეთება აღარ გახდა საჭირო, გოგონას კი ამის შემდეგ ნელ-ნელა მოუგვარდა პრობლემები.

მსგავს სიტუაციებში ჩვენ იმის მაგივრად, რომ ვიყოთ ის ვინც ვართ - ვიწყებთ სხვა ადამიანის მაგივრად ფიქრს, წარმოვიდგენთ როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს, ვაკეთებთ სიტუაციის მოდელირებას. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს როგორი რეაქცია ჰქონდეს, რა იგრძნოს და რა თქვას.

ჩემი ლექციების მუდმივმა მსმენელმა, 20 წლის გოგონამ, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა საკუთარ დასთან დალაპარაკება. პატიება სთხოვა ყველა წყენისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდა, სიძულვილისთვის, გაღიზიანებისთვის. მას ეგონა, რომ მისი და გაბრაზდებოდა, განაწყენდებოდა ან რამე ამის მსგავსი. მაგრამ მისმა დამ ტირილი დაიწყო და უთხრა, რომ ძალიან ბედნიერია, რომ მას ისევ ჰყავს და.

ეს ჩვენი სიამაყე და სურვილი, რომ ვიყოთ კარგები მშობლების და ახლობლების წინაშე არ გვაძლვენ გახსნის საშუალებას. მაგრამ მხოლოდ ამ სიამაყეზე გადაბიჯებით ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ბედის ხელახლა დაწერას.

„მე მზრდიდა ბებია/ბაბუა, დეიდა...“

ასეც ხდება, რომ ჩვენ მშობლებს გვიცვლიან სხვა ნათესავები ან შეიძლება არანათესავებიც კი. თუ მათ შეასრულეს თქვენი მშობლების როლი მაშინ თქვენც საპასუხოდ ვალდებული ხართ შვილის როლი შეასრულოთ მათ წინაშე. რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებს შესაძლოა თქვენ თავში იპოვოთ ის მინიმალური მადლიერების გრძნობა იმისთვის, რომ მათ სიცოცხლე გაჩუქეს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ გაუზრდიხართ, მათ ჩაგაბარეს იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი ფუნქცია შეასრულეს.

აქვე მინდა კიდევ ერთი ისტორიის შესახებ მოგიყვეთ. მეკითხებიან რა გავაკეთოთ, თუ ოჯახში გვყავს ნაშვილები ბავშვი. აუცილებელია თუ არა მისთვის მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ მოყოლა, რათა მან შეძლოს მათ წინაშე ვალის მოხდა და ა.შ. არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ არ მოუყვეთ. ასეთ შემთხვევაში ბავშვის მშობლებად ითვლებიან ისინი ვინც პასუხისმგებლობა აიღო მის სიცოცხლეზე, მის განვითარებაზე და აღზრდაზე.

„ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან“.

ასეთ შემთხვევაში მონანიების პრაქტიკა მუშაობს წერილების საშუალებით, რომელიც უბჯობესია საღამოობით დაწეროთ, დაძინებამდე. წერილები შეგიძლიათ დილით დაწვათ - ცეცხლი იქნება ფოსტალიონი. ალგორითმი ზუსტად ასეთია: თავდაპირველად ვითხოვთ პატიებას გამოუთქმელი ნეგატივის გამო, ამის შემდეგ - გამოვთქვამთ პოზიტიურ გრძნობებს და ვასრულებთ მადლიერებით.

გირჩევთ მინიმუმ 40 წერილის დაწერას. სადღაც შუა გზაზე შეიძლება გაგიჩნდეთ ცრუ შეგრძნება, რომ აი ყველაფერი ამოვთქვი. ძალიან მნიშვნელოვანია არ გაჩერდეთ და გააგრძელოთ. არის ასობით გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გაიარეს ეს ყველაფერი - ჩნდება შეგრძნება, რომ ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ გადის დროს და ხვდები რომ ძალიან ბევრი რამე დარჩა, და ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო.

როდესაც ჩვენი შეხვედრების მონაწილეები იგებენ, რომ შესაძლებელია წერილების წერა ისინი გახარებულები იწყებენ ცოცხალი ადამიანებისთვის წერილების მიწერას. რა თქმა უნდა მართლა ძალიან რთულია თვალებში უყურო ადამიანს და ესაუბრო ათას ნეგატივზე, რომელიც მის მიმართ დაგიგროვდა, შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაშიც. მაგრამ წერილების წერის ტექნიკა მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანებისთვის არის. უკიდურეს შემთხვევაში მისი გამოყენება შეიძლება მათთვის, ვისაც ვერაფრით ვერ უკავშირდებით - ვერც პირადად, ვერც ტელეფონით და ვერც სოციალური ქსელის საშუალებით. თუ გინდათ შედეგი - ნუ იქნებით სირაქლემა, რომელიც ქვიშაში რგავს თავს.

მნიშვნელოვანი მომენტი - წერილების წერის ჩანაცვლება არ შეიძლება გონებაში ამ ყველაფრის გაფიქრებით. მე ვიცი, რომ არსებობს ბევრი ისეთი ტექნიკა, როდესაც მედიტაციის დროს ან კიდევ რამე სხვა მეთოდით კავშირს ამყარებენ ადამიანთან და ყველაფერს ეუბნებიან მას ...

აუცილებელია რაღაც რეალური ქმედება - როგორც მინიმუმ უნდა აიღოთ ქაღალდის ფურცელი, კალამი და დაიწყოთ წერა.

როდესაც მეუბნებიან „გონებაში ასეთი მონანიების“ შესახებ, მაგალითად, ვთქვათ, თქვენ დალიეთ 1 ლიტრი ჩაი, გავიდა რაღაც დრო, თქვენ ეს სითხე უნდა გამოიყვანოთ ორგანიზმიდან - შეგიძლიათ ეს ფიქრებით გააკეთოთ? ან მედიტაციის დახმარებით? ნაკლებ სავარაუდოა, თუ თქვენ არ ხართ უმაღლესი განვითარების იოგი. ჩვენი გრძნობებიც ასე გროვდება სხეულში, თუნდაც უფრო ნატიფ ასპექტში, ვიდრე ჩაი, მაინც აუციელებელია ძალისხმევა მათ გამოსადევნად.

წერილების თემების დასასრულს მინდა გითხრათ, რომ მათი წერისას უმჯობესია მუხლებზე იდგეთ. ეს დაგეხმარებათ შესაბამისი მდგომარეობის მიღწევაში, რომლის დროსაც გაიღვიძებს წყენის და მადლიერების გრძნობა.

„დიმა, მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შენ მითხარი, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა...“

მონანიების პრაქტიკის ეფექტურობისთვის აუცილებელია ეს მაშინ გააკეთოთ როცა მართლა გულით იგრძნობთ ამას. აზრი არ აქვს პატიება ითხოვოთ წყენისთვის, თუ თქვენ ამას იმ მომენტში არ გრძნობთ. ასეთ შემთხვვევაში ეს იქნება გონებიდან წამოსული ქმედება, „იმიტომ რომ დიმამ თქვა ასე“. მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს აკეთებთ არა დიმასთვის, არამედ თქვენთვის. როდესაც ადამიანს უყალიბდება ნათელი განზრახვა იმისა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, თითქოს მთელი სამყარო მის დახმარებას იწყებს. მე მუდმივად მიყვებიან იმის შესახებ, რომ მოულოდნელად ურეკავენ ან ხვდებიან ან წერენ ადამიანები, რომლებსაც უნდა დალაპარაკებოდნენ და რომელთა შესახებაც წლების განმავლობაში არ სმენიათ. ეს იმას მიანიშნებს, რომ თქვენ ნამდვილად მზად ხართ.

როდესაც ინანიებთ გრძნობით და არა იმის გამო, რომ ასეა საჭირო, მაშინ ყველაფერი გამოვა. ნუ შეგეშინდებათ რომ დრო მისცეთ საკუთარ თავს.

ტრენინგზე იყო მამაკაცი, რომელიც 5-ჯერ იყო წასული სხვა ქალაქში მამის მოსანახულებლად და მასთან დასალაპარაკებლად. ყოველი ჩასვლისას ის ვერ ახერხებდა საუბრის დაწყებას. მხოლოდ მე-5 ცდაზე გამოვიდა ყველაფერი. პირველი შედეგი იყო ის, რომ ბიზნესმა სწრაფად დაიწყო განვითარება (რატომ მაინცდამაინც ასეთი ეფექტი ჩვენ ამას მოგვიანებით გავიგებთ).

„როგორ მივხვდე, რომ მოვიხადე ვალი მშობლების და ახლობლების წინაშე ჩემი უარყოფითი გრძნობების გამო“?

როდესაც თქვენ ამოთქვამთ მთელ უარყოფითს „მაპატიეს“ დახმარებით თქვენ შეძლებთ მშობლებს თვალებში ჩახედოთ და გულწრფელად უთხრათ: „დედიკო, ისეთი კარგი მყავხარ, მე შენი მადლობელი ვარ“ ან „მამა, მე ისეთ პატივს გცემ, ეხლა მივხვდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამა მყავს. მე შემიძლია თვალებში ჩაგხედო და ისე გითხრა ეს“. თუ თქვენ ბოლომდე არ გამოხატეთ თქვენი გრძნობა გაგიჭირდებათ მშობლისთვის თვალებში ყურება, გაგიჭირდებათ, რომ უბრალოდ მიხვიდეთ და ჩაეხუტოთ.

ამ მატრიოშკის მეორე სახელი „დედას +“ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პერსონაჟი ამ დონეზე არის დედა.

თუ თქვენ არ გყოფნით უნარი გრძნობდეთ და გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა იმის გასაგებად თუ ვინ არის დედა - ეს არის ადამიანი, რომელიც 9 თვე გატარებდათ მუცლით, თავის გულთან ახლოს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მის წინაშე იყოთ ის ვინც სინამდვილეში ხართ - ყველა თქვენი წყენით, გაღიზიანებით, განკითხვით, და თუ თქვენ არ შეგიძლიათ უთხრათ მას „მადლობა“, მაშინ თქვენ განვითარების შემდეგ ეტაპზე უბრალოდ ვერ გადახვალთ.

თქვენ ისევ და ისევ დაბრუნდებით საწყის წერტილთან, რათა ისწავლოთ კომუნიკაცია თქვენს ცხოვრებაში პირველ მასწავლებელთან - დედასთან.

ჩემი ერთი ნაცნობი, რომელიც საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია, ვერაფრით ვერ აწყობს პირად ურთიერთობებს, ვერ ქმნის ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. მე მასთან არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ მისი სურვილების ასრულების გასაღებია გულწრფელობა დედასთან, მაგრამ მან ვერაფრით ვერ გადაწყვიტა დედასთან ღიად დალაპარაკება. ახლა თითქოს ცხოვრებამ აიძულა დედასთან დაბრუნებულიყო: მან საეჭვო საქმიანი გარიგების გამო ბევრი ფული დაკარგა, იძულებული გახდა გაეყიდა უძრავი ქონება და დაბრუნებულიყო დედასთან საცხოვრებლად. ის ისევ დაუბრუნდა საწყისს წერტილს.

კიდევ ერთი გოგონა, რომელიც გათხოვდა და გააჩინა ბავშვი. ბავშვი დაიბადა სერიოზული დაავადებებით და რაღაც დროის შემდეგ დაიღუპა. ამის შემდეგ მას მეუღლეც დაეღუპა. გოგონა დაბრუნდა დედასთან. ამის შემდეგ სულ ცდილობს კარგ ანაზღაურებად სამსახურში დაიწყოს მუშაობა და გადავიდეს დედის სახლიდან, მოაწყოს პირადი ცხოვრება, მაგრამ მუდმივად რაღაც ისე არ ეწყობა და ის ბრუნდება დედასთან საცხოვრებლად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც დაოჯახებულია - თქვენ ორი დედა და ორი მამა გყავთ. სიდედრი/სიმამრი და დედამთილ/მამამთილი, რომლებიც ამ სისტემაში ითვლებიან მეორე მშობლებად. ეს კარგი ამბავია! რადგან თუ თქვენ არ გესმით, როგორ უნდა შეცვალოთ ურთიერთობა საკუთარ მშობლებთან, თუ რაღაც ისე არ გამოდის, თქვენ გაქვთ „სათადარიგო ვარიანტი“ - მეუღლის მშობლები. თუ მათთან ისწავლით როგორ იყოთ გულწრფელი ადამიანი, თქვენ თანდათან გაიგებთ როგორ უნდა შეცვალოთ ურთიერთობა საკუთარ მშობლებთან.

თუ თქვენ განქორწინებული ხართ და გყავთ საერთო შვილები თქვენ ყოფილ მეუღლესთან მაშინ ეს კავშირი სამუდამოა. თქვენი ურთიერთობა თქვენ ყოფილთან და მის მშობლებთან დიდ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. თუ შვილები არ გყავთ მაშინ შესაძლოა მაინც გქონდეთ შეგრძნება, რომ რაღაც გაქვთ სათქმელი მეუღლისთვის და მისი მშობლებისთვის. უბრალოდ უთხარით მათ და ეს საკმარისი იქნება.

ამ ეტაპს ეხება ასევე ყველა ნათესავი და ახლობელი ადამიანი, რომლებიც თამაშობდნენ და დღემდე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს თქვენს აღზრდაში და ჩამოყალიბებაში. ესენი არიან ბებიები, ბაბუები, დები, ძმები, ბიძები, დეიდები, დეიდაშვილები/ბიძაშვილები/მამიდაშვილები.
მთავარი კრიტერიუმი არის ის, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ მათთან და გქონდათ თუ არა მათთან სიტუაცია, რომელმაც ძლიერი გრძნობები გამოიწვია, რომლებსაც დღესაც ატარებთ გულით. ხანდახან ისე ხდება, რომ ადამიანი იწყებს ყველას გახსენებას, იმათაც კი, ვიზეც უბრალოდ გაუგია რომ ასეთი ნათესავი არსებობს. არ არის საჭირო.

მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმის შესახებ, რომ ადამიანებს ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ქალიშვილის და ვაჟის როლი ნიშნავს, რომ მშობლებს მხოლოდ სასიამოვნო რაღაცეები უნდა უთხრან. არა, ამ ყველაფრის არსი იმაში არ მდგომარეობს რომ მხოლოდ მადლიერებას ვგრძნობდეთ მშობლების მიმართ. პატივს ვცემდეთ მშობლებს ნიშნავს არ ვატყუებდეთ, არ ვთვალთმაქცობდეთ მათთან, არამედ პასუხისმგებლობა ავიღოთ მათ წინაშე, იმის გამო რასაც სინამდვილეში გრძნობთ და ვფიქრობთ მათ მიმართ. თუ ეს მადლიერებაა ძალიან კარგი, მაგრამ თუ ეს წყენაა, გაღიზიანება, სიძულვილიც კი - აუცილებელია მათი ამოთქმა, პატიების თხოვნა მათ გამო, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და მოქმედება.

უფრო მეტიც, ნეგატიური გრძნობები აუცილებელია. წარმოიდგინეთ ვაშლის ხე ნაყოფით. როცა ვაშლი ბოლომდე მწიფდება ყუნწი წყდება და ძირს ვარდება. ხანდახან ისეც ხდება, რომ ნაყოფი ხეზე რჩება. ასეთ დროს რაღაც პერიოდის შემდეგ ვაშლიც ჭკნება, ყუნწიც და ის ტოტიც რომელზეც ის კიდია. ვაშლი რომელიც ჩამოვარდა, ცხოველების ან ადამიანების საკვები გახდება, ან ახალ ხეს აჩუქებს სიცოცხლეს.

ასეა ადამიანებთანაც. თუ ჩვენ გამოვხატავთ ნეგატიურ გრძნობებს მშობლების მიმართ და მათზე დაყრდნობით ვახორციელებთ ქმედებას - ვტოვებთ ბუდეს, ვიწყებთ საკუთარი ცხოვრების შენებას, მაშინ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. მაგრამ ადამიანი, რომელიც ვერა და ვერ წყვეტს, რომ მშობლებს უთხრას ყველაფერი, რაც გულში აქვს, იმ ვაშლს ჰგავს, რომელიც ხის ტოტზე დარჩა. ასეთი ადამიანის ყველა სურვილი ოჯახის შექმნაზე, კარიერის აწყობაზე, რეალიზებაზე და ა.შ. ან საერთოდ არ ახდება ან ახდება, მაგრამ დროებით.

თუ ამ საბაზისო დონეს თქვენ წარმატებით დაასრულებთ - გაისტუმრებთ დაგროვილ ვალებს და შემდეგ შეასრულებთ თქვენს როლს (ქალიშვილის/ვაჟის, ძმის/დის და ა.შ.), ის გაგიხსნით გზას კეთილდღეობისკენ და ბედნიერებისკენ. „საკუთარი როლის შესრულება“ - მე ამ სიტყვებს ხაზს ვუსვამ, რადგან მონანიების პრაქტიკა გეხმარებათ არამარტო იმ ვალების გასტუმრებაში, რომელსაც თქვენ დიდი ხნის მანძილზე აგროვებდით, არამედ ამ მომენტიდან თქვენი მოვალეობაა მუდმივად იყოთ ის, ვინც ხართ მშობლებთან და სხვა ახლობლებთან, და აღარასდროს არ მოირგოთ ნიღაბი.

როცა მეუბნებიან: „დედასთან ყველაფერი დავამუშავე“, მე ვპასუხობ, რომ ეს შეუძლებელია. თუ თქვენ დედას პატიება სთხოვეთ თქვენი უარყოფითი გრძნობებისთვის და უთხარით „მადლობა“, ამ მომენტიდან აღარ ხართ ქალიშვილი ან ვაჟი? არა! ეს არის სამუდამო როლი. მაშინაც კი როცა დედები, მამები, ბებიები, დეიდები აღარ იქნებიან ცოცხლები, თქვენი გრძნობები მათ მიმართ არსად არ გაქრება. თქვენ ისინი პერიოდულად გაგახსენდებიან, მადლიერების ან ძლიერი მონატრების გრძნობა გექნებათ, ასეთ დროსაც შეიძლება აიღოთ კალამი და ფურცელი და დაწეროთ.