seeeans

წესი IX

დაუშვით, რომ ადამიანმა, რომელსაც უსმენთ, შესაძლოა იცის რაღაც ისეთი, რაც თქვენ არ იცით

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

არ ურჩიო

ფსიქოთერაპია არ არის რჩევა-დარიგების მიცემა. დარიგება ისეთი რამეა, რომელსაც მაშინ იღებ, როდესაც ადამიანს, ვისაც რაღაც საშინელსა და რთულზე ესაუბრები, უნდა, რომ უბრალოდ გაჩუმდე და გაეცალო. რჩევა ისაა, რასაც იღებ იმ ადამიანისაგან, ვისაც საკუთარი საზრიანობის უპირატესობით სიამოვნების მიღება სურს _ ასეთი სულელი რომ არ ყოფილიყავი, ხომ არ გექნებოდა ეს სულელური პრობლემები.

ფსიქოთერაპია ნამდვილი საუბარია. ნამდვილი საუბარი მოიცავს კვლევას, გრძნობათა მკაფიოდ გადმოცემასა და სტრატეგიის შემუშავებას. როდესაც ნამდვილ საუბარში ხართ ჩართული, უსმენთ და საუბრობთ _ მაგრამ უმეტესწილად უსმენთ. მოსმენა არის ყურადღების მიპყრობა. გასაოცარია ის, რასაც ადამიანები გეტყვიან, თუ მათ მოუსმენთ. ზოგჯერ, თუ ადამიანებს მოუსმენთ, იმასაც გეტყვიან, თუ რა სჭირთ. ზოგჯერ იმასაც გეტყვიან, თუ როგორ გეგმავენ ამის მოგვარებას. ზოგჯერ ეს გეხმარებათ მოაგვაროთ საკუთარი პრობლემა. ერთ გასაოცარ დროს (და ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა ბევრთაგან) ყურადღებით ვუსმენდი ერთ ადამიანს და მან წუთების განმავლობაში მითხრა, (ა) რომ ის ჯადოქარი იყო და (ბ) რომ მისი ჯადოქართა გუნდი დიდ დროს უთმობდა სამყაროში მშვიდობის დამყარებაზე ვიზუალიზაციას. ეს ქალი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბიუროკრატიული სამსახურის დაბალ საფეხურზე. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჯადოქარი იყო. ასევე არ ვიცოდი, რომ ჯადოქართა გუნდი საერთოდ უთმობდა დროს სამყაროს მშვიდობაზე ვიზუალიზაციას. არც ის ვიცოდი საერთოდ რა მეფიქრა ამაზე, მაგრამ მოსაწყენი შემთხვევა არ იყო და ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა.

ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში, მე ვსაუბრობ და ვისმენ. ზოგიერთ ადამიანს მეტს ვესაუბრები, ზოგიერთს კი მეტს ვუსმენ. იმ ადამიანთა უმეტესობას, ვისაც მე ვუსმენ, არავინ ჰყავს ისეთი, ვინც მოუსმენს. ზოგიერთი მათგანი მართლა ძალიან მარტოსულია სამყაროში. ასეთი ადამიანი იმაზე ბევრია, ვიდრე ამას იფიქრებდით. მათ ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ისინი მარტონი არიან. სხვები გარშემორტყმულნი არიან ტირანებით, ნარცისებით, ლოთებით, ტრავმირებული ადამიანებით ან პროფესიონალი მსხვერპლებით. ზოგიერთი ვერ ახერხებს საკუთარი თავის მკაფიოდ გამოხატვას. ისინი უცნაურად იქცევიან. კვლავ და კვლავ მეორდებიან. ბუნდოვან და წინააღმდეგობრივ რაღაცებს ამბობენ. რთულია მათი მოსმენა. ზოგიერთი ადამიანის ირგვლივ საშინელებები ხდება. მათ ალცჰაიმერით დაავადებული მშობლები ჰყავთ, ან ავადმყოფი შვილები და დრო არ რჩებათ პირადი წუხილისათვის.

ერთხელ, კლიენტი, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახულობდი, მოვიდა ჩემს ოფისში გეგმიური ვიზიტის დროს და მოკლე შესავლის შემდეგ განაცხადა „ვფიქრობ, რომ გამაუპატიურეს.“ რთულია იცოდე, თუ როგორ უპასუხო ამგვარ განაცხადს, თანაც ამგვარი მოვლენები, ხშირად რაღაც საიდუმლოებითაა მოცული. სექსუალური ძალადობის უმეტეს შემთხვევაში, ალკოჰოლია ჩართული. ნაწილობრივ ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ სვამენ ადამიანები. ალკოჰოლმა შესაძლოა ბუნდოვანება გამოიწვიოს. იგი დროებით ამსუბუქებს გათვითცნობიერების საშინელ ტვირთს. მთვრალმა ადამიანებმა იციან მომავლის შესახებ, თუმცა არ დარდობენ მასზე. ეს ამაღელვებელი და გამახალისებელია. მთვრალმა ადამიანმა ისე შეიძლება მოილხინოს, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდეს. მაგრამ, იმის გამო, რომ ხვალინდელი დღე არსებობს, უმეტეს შემთხვევაში, მსმელი ხალხი ხათაბალაში ეხვევა. მათ გონება ებინდებათ. მიდიან სახიფათო ადგილებში, უდარდელ ადამიანებთან ერთად. ერთობიან, მაგრამ მათ აუპატიურებენ კიდეც. ასე რომ, იმ წამსვე გავიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო, საქმე რაღაც მსგავსში ყოფილიყო. ან როგრ უნდა გავიგო „მე ვფიქრობ“? მაგრამ ეს არ იყო ამბის დასასრული. ქალმა დამატებითი დეტალი დაურთო: „ხუთჯერ.“ პირველი წინადადება საკმარისად საზარელი იყო, მაგრამ მეორე წინადადებამ რაღაც გაუგებარი წარმოქმნა. ხუთჯერ? რას უნდა ნიშნავდეს ეს?

ჩემმა კლიენტმა მომიყვა, რომ მიდიოდა-ხოლმე ბარში, სვამდა გარკვეული რაოდენობის სასმელს. ვიღაც საუბარს გააბამდა მასთან და ბოლოს აღმოჩნდებოდნენ ერთ-ერთის ბინაში. საღამო სრულდებოდა გარდაუვალი სესქსუალური კულმინაციით. მომდევნო დღეს გაიღვიძებდა, გაურკვეველი იმაში, თუ რა მოხდა _ გაურკვეველი საკუთარ და პარტნიორის მოტივებში და გაურკვეველი სამყაროში. ქალბატონი „ს“, ასე ვუწოდოთ მას, თავისი გაურკვევლობით არარსებობის ზღვრამდე იყო მისული. ის ადამიანის აჩრდილს დამსგავსებოდა, თუმცა ამის მიუხედავად პროფესიონალივით ეცვა. მან იცოდა, როგორ უნდა წარმოეჩინა თავი პირველ შეხვედრაზე. აქედან გამომდინარე, მან მოტყუებით მოპოვა ადგილი სახელმწიფო სათათბირო საბჭოში, სადაც განიხილებოდა ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი საკითხები (მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცოდა მთავრობის, რჩევის ან კონსტრუქციის შესახებ). მას ასევე მიჰყავდა გადაცმა ადგილობრივ რადიოში, რომელიც მცირე ბიზნეს-საქმიანობას ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს წარუმართავს საქმე და არაფერი იცოდა მეწარმეობის შესახებ. ის მთელი თავისი მოწიფულობის განმავლობაში ფულად დახმარებებს იღებდა.

ქალბატონ „ს“-ს მშობლები არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ. მას ოთხი ძმა ჰყავდა და არც ისინი იყვნენ კეთილგანწყობილნი მის მიმართ. მას არც ახლა და არც მანამდე არ ჰყოლია მეგობრები. არ ჰყოლია პარტნიორი. არავინ ჰყავდა ვისაც დაელაპარაკებოდა და არც ის იცოდა, თავისთვის როგორ ეფიქრა (რაც იშვიათობას არ წარმოადგენს). მას არ გააჩნდა თვითობა (self). პირიქით, ის წარმოადგენდა შეუთანხმებელ გამოცდილებათა მოსიარულე კაკოფონიას. ადრე მე მას სამსახურის პოვნაში დავეხმარე. ვკითხე, ჰქონდა თუ არა CV. მითხრა, რომ ჰქონდა. ვთხოვე მოეტანა ჩემთვის. შემდეგ სესიაზე მოიტანა. CV ორმოცდაათი ფურცლისგან შედგებოდა, ეს იყო სექციებად დაყოფილი საქაღალდე, ერთმანეთისაგან ფერად-ფერადი მარკერებიანი სანიშნეებით გამოყოფილი. სექციები მოიცავდნენ მსგავს თემებს: „ჩემი სიზმრები“ და „წიგნები, რომლებიც წაკითხული მაქვს.“ „ჩემი სიზმრების“ სექციაში მას ღამის უამრავი სიზმარი ეწერა და ასევე ეწერა მოკლე შეჯამებები და მიმოხილვები წაკითხული მასალიდან. ამის გაგზავნას აპირებდა მომავალი დამსაქმებლისათვის (ან ვინ იცის, იქნებ უკვე გაგზავნილიც კი ჰქონდა?). შეუძლებელია იმის გაგება, თუ რამდენად არავინ უნდა იყოს ვიღაც, რომ ისეთ სამყაროში არსებობდეს, სადაც CV ორმოცდაათი ფურცლისაგან წარმოდგენილ, ოცნებებითა და ნოველებით სავსე საქაღალდეების ყუთს შეადგენს. ქალბატონმა „ს“-მა არაფერი იცოდა საკუთარი თავის შესახებ. მან ასევე არაფერი იცოდა სხვა ინდივიდების შესახებ. არაფერი იცოდა სამყაროს შესახებ. ის უფოკუსო ფილმს ჰგავდა. და ის სასოწარკვეთით ელოდა რაღაც ისტორიას საკუთარი თავზე, რაც ყველაფერს აზრს მისცემდა.

თუ ცივ წყალში ცოტაოდენ შაქარს ჩაყრით და მოურევთ, შაქარი გაიხსნება. თუკი წყალს გააცხელებთ, უფრო მეტი შაქრის გახსნას შეძლებთ. თუ წყალს დუღილამდე გააცხელებთ, კიდევ უფრო მეტი შაქრის დამატებას და გახსნას შეძლებთ. შემდეგ, თუ აიღებთ ამ შაქრიან წყალს, ნელ-ნელა გააცივებთ და თუ არ შეარხევთ და შეანჯღრევთ, შეგიძლიათ მოტყუებით შეაკავებინოთ მას იმაზე ბევრად მეტი გაუხსნელი შაქარი, ვიდრე მაშინ შეიკავებდა, საერთოდ რომ არ გაგვეცხელებინა. ამას ეწოდება ზეგაჯერებული ხსნარი. თუ თქვენ ამ ზეგაჯერებულ ხსნარში შაქარის ერთ კრისტალს მაინც ჩააგდებთ, მასში არსებული მთელი შაქარი მაშინვე და მკვეთრად დაკრისტალდება. თითქოს, დაჟინებით მიისწრაფის წესრიგისაკენ. ასე იყო ჩემი კლიენტიც. მისი მსგავსი ადამიანები არიან იმის მიზეზი, რომ ამჟამად ფსიქოთერაპიის ბევრი მოდელი ფუნქციონირებს. ადამიანებს იმდენად დაბნეულნი შეუძლიათ იყვნენ, რომ მათი ფსიქიკა კლასიფიცირდება და მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ ვითარდება ნებისმიერი გონივრულად და მოწესრიგებულად დალაგებული სისტემის გამოყენებით. ესაა მათი ცხოვრების ერთმანეთისაგან დაშორებული ელემენტების დისციპლინირებულად შეერთება _ თან ნებისმიერი დისციპლინის გამოყენებით. ასე რომ, თუ ნაკერებში გახსნილი ხართ (ან თუ საერთოდ არასდროს ყოფილხართ ერთიანი) შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ცხოვრების რეორგანიზება ფროიდისეული, იუნგისეული, ადლერისეული, როჯერსისეული ან ბიჰევიორისტული პრინციპებით. ამის შემდეგ, სულ მცირე, რაღაც მნიშვნელობას მაინც შეიძენთ. სულ მცირე, ლოგიკურად თანმიმდევრული გახდებით. სულ მცირე, თუ ყველაფერში არა, რაღაცაში მაინც გახდებით კარგი. თქვენ ვერ შეძლებთ მანქანის ნაჯახით შეკეთებას, მაგრამ შეძლებთ ხის მოჭრას და ეს რაღაცას მაინც ნიშნავს.

დაახლოებით იმ დროს, როდესაც ამ კლიენტს ვნახულობდი, მედია გახვეული იყო გახსენებული ისტორიების ქარ-ცეცხლში _ განსაკუთრებით სექსუალური ძალადობისა. საკითხის ირგვლივ არსებული დისკუსია სწრაფად გავრცელდა: იყო ეს ნამდვილად წარსული ტრავმები? თუ შემთხვევის შემდგომი კონსტუქციები იყო, გამოგონილი თერაპევტების მიერ განზრახ ან შემთხვევით განხორციელებული წნეხის შედეგად, რომლებსაც სასოწარკვეთით ჩასჭიდებოდნენ კლიენტები, ოღონდ რამე მარტივი მიზეზი მაინც ეპოვათ საკუთარი გაჭირვებისა? ალბათ, ზოგჯერ პირველი შემთხვევა იყო, ზოგჯერ კი ¬_ მეორე. ძალიან ცხადად და ზედმიწევნით მესმოდა, თუ რაოდენ ადვილი იყო ჩამენერგა მცდარი მოგონება ჩემი კლიენტის მენტალურ სივრცეში, მას შემდეგ, რაც მან თავისი სექსუალური გამოცდილების მიმართ დაურწმუნებლობა გამოავლინა. წარსული მოგვარებულად გამოიყურება, თუმცა, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გაგებით ასე არ არის. წარსულში ძალიან ბევრი საშინელებაა, ამის გათვალისწინებით, ის მეთოდი, თუ როგორ ვახდენთ ჩვენ მათ ორგანიზებას, შესაძლოა ძირ-ფესვიანი გადახედვის საგანი გახდეს.

მაგალითად, წარმოიდგინეთ ფილმი, რომელშიც მხოლოდ საშინელებები ხდება, მაგრამ დასასრულში ყველაფერი გვარდება. ყველა პრობლემა მოგვარებულია. საკმარისად კარგ დასასრულს შეუძლია მთელი წინა მოვლენების მნიშვნელობა შეცვალოს. ამ დასასრულის საფუძველზე, ყველაფერი შეიძლება ღირებულად ჩაითვალოს. ახლა წარმოიდგინეთ სხვა ფილმი. ბევრი მოვლენა ვითარდება, ყველა მათგანი ამაღელვებელი და საინტერესოა და ასეთი ძალიან ბევრი რამ ხდება. ოცხმოცდაათი წუთის შემდეგ იწყებთ ღელვას. „დიდებული ფილმია“, ფიქრობთ თქვენ, „მაგრამ ძალიან ბევრი მოვლენა ვითარდება და ძალიან ვიმედოვნებ, რომ რეჟისორი შეძლებს მათ ერთმანეთთან დაკავშირებას.“ თუმცა ასე არ ხდება, პირიქით, ამბავი სრულდება მოულოდნლად, გადაუჭრელად, ან რაღაც ზედაპირული და ბანალური ხდება. თქვენ გაღიზიანებული და დაუკმაყოფილებელი რჩებით _ გრჩებათ რა მხედველობიდან, რომ მთლიანად იყავით ჩართული და სრულად იღებდით სიამოვნებას კინო-თეატრში ყოფნის დროს, თითქმის ფილმის მთელი მსვლელობის განმავლობაში. აწმყოს შეუძლია წარსულის შეცვლა და მომავალს შეუძლია აწმყოს შეცვლა.

როდესაც წარსულს იხსენებთ, თქვენ ასევე გახსოვთ მისი გარკვეული ნაწილი, ხოლო დანარჩენს ივიწყებთ. გაქვთ ცხადი მოგონება გარკვეული მოვლენებისა, მაგრამ არ გახსოვთ სხვები, პოტენციურად, თანაბრად მნიშვნელოვანნი _ ზუსტად ისევე, როგორც აწმყოში გესმით თქვენი გარემოცვის გარკვეული ასპექტები და ვერ აცნობიერებთ სხვებს. თქვენ კატეგორიების მიხედვით აწყობთ თქვენს გამოცდილებას, აწყობთ რა გარკვეულ ელემენტებს ერთად, აცალკევებთ მათ დანარჩენისაგან. იდუმალი თავნებობაა ამ ყველაფერში. თქვენ არ წარმოქმნით ყოვლისმომცველ, ობიექტურ ჩანაწერს. არ შეგიძლიათ ეს. უბრალოდ არ იცით საკმარისი. უბრალოდ, ვერ აღიქვამთ საკმარისად. ასევე, არც ობიექტური ხართ. თქვენ ხართ ცოცხალი, სუბიექტური, გაქვთ პირადი ინტერესები _ სულ მცირე თქვენს თავში, სულ მცირე ყველასათვის დამახასიათებელი. ზუსტად, რისგან უნდა შედგებოდეს ამბავი? სად გადის ზუსტი საზღვარი მოვლენებს შორის?

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ზედმეტად ფართოდაა გავრცელებული. თუმცა, არც იმდენად გავრცელებულია, რამდენადაც ამას ცუდად განვითარებული თერაპევტები ფიქრობენ და ის ასევე ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებულ მოზრდილს არ წარმოქმნის. ადამიანები განსხვავდებიან გამძლეობის თვალსაზრისით. მოვლენა, რომელიც სრულიად ანადგურებს ერთ ადამიანს, მეორესთვის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. თერაპევტები, ფროიდის მეორადი ცოდნის მქონენი, ხშირად აქსიომატურად ვარაუდობენ, რომ განადგურებულ ადამიანს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს სექსუალური ძალადობა. აბა, სხვა რის გამო უნდა იყვნენ ისინი ასეთ სტრესში? ასე რომ, ისინი თხრიან, გამოჰყავთ ფაქტები, მიანიშნებენ, შთააგონებენ, ზედმეტად რეაგირებენ, გავლენას ახდენენ და ზემოქმედებენ. ისინი აზვიადებენ ზოგიერთი მოვლენის მნიშვნელობას და ამცირებენ სხვებისას. ასწორებენ ფაქტებს თავიანთი თეორიების შესაქმნელად. და აჯერებენ თავიანთ კლიენტებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ _ რომ შეეძლოთ ამის გახსენება. შემდეგ, კლიენტი იწყებს გახსენებას და შემდეგ იწყებენ ბრალდებას. ზოგჯერ, რაც მათ ახსოვთ არასოდეს მომხდარა და ბრალდებულები უდანაშაულონი არიან. კარგი ამბავია? სამაგიეროდ, თერაპევტის თეორია ხელშეუხებელი რჩება. ეს კარგია _ ოღონდ თერაპევტისათვის. ასევე არ არის ნაკლებობა არაპირდაპირი/გვერდითი დაზიანებისა. მიუხედავად ამისა, ადამიანებს ხშირად სურთ წარმოქმნან არაპირდაპირი დაზიანებები, თუ ამით თავიანთ თეორიას შეინარჩუნებენ.

როდესაც ქალბატონი „ს“ ჩემთან თავისი სექსუალური გამოცდილების შესახებ სასაუბროდ მოვიდა, ეს ყველაფერი ვიცოდი. როდესაც მან დაითვალა მარტოხელათა ბარში თავისი ვიზიტები და ამის რეგულარული შედეგები, ერთდროულად რამდენიმე რამ ვიფიქრე. „თქვენ ისეთი ბუნდოვანი და არარსებული ხართ, ქაოსსა და ქვესკნელში ცხოვრობთ. მიდიხართ ათ განსხვავებულ ადგილას ერთსა და იმავე დროს. ნებისმიერს შეუძლია ხელი მოგკიდოთ და თავისსავე სასურველ გზას გაგიყენოთ.“ ბოლოს და ბოლოს, თუ თქვენ არ ხართ მმართველი თქვენსავე დრამაში, მაშინ ხართ მსახიობი ვიღაც სხვის დრამაში _ და სავსებით შესაძლებელია დაგაკისრონ ნაღვლიანი, მარტოსული და ტრაგიკული როლი. მას შემდეგ, რაც ქალბატონმა „ს“-მ მომითხრო თავისი ისტორია, ორივენი ვისხედით. ვიფიქრე „თქვენ ნორმალური სექსუალური მისწრაფებები გაქვთ, არ ხართ უკიდურესად მარტოსული, თქვენ ხართ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი. თქვენ გეშინიათ მამაკაცების და სამყაროს უმეცრების და არაფერი იცით საკუთარ თავზე. დახეტიალებთ ირგვლივ, თითქოს შემთხვევას ელოდებით, რომელიც მოხდება. შემთხვევა ხდება და თქვენი ცხოვრებაც ესაა.“

ვფიქრობდი „თქვენს ერთ ნაწილს სურს მიიღონ. სხვა ნაწილს სურს ბავშვად ყოფნა. თქვენ თქვენი ძმები ცუდად გეპყრობოდნენ, მამა გაიგნორებდათ და თქვენს ნაწილს სურს მამაკაცებზე შურისძიება. თქვენი ნაწილი დამნაშავეა. სხვა ნაწილი შერცხვენილია. სხვა ნაწილი მთრთოლვარე და აღელვებულია. ვინ ხართ? რას აკეთებთ? რა მოხდა?“ რა იყო ობიექტური სიმართლე? არ არსებობდა ობიექტური სიმართლის დადგენის გზა. და არც იარსებებს. არ არსებობდა ობიექტური მეთვალყურე და არც არასოდეს იარსებებს. არ არსებობდა სრული და ზუსტი ისტორია. ამგვარი რამ არ და ვერ იარსებებდა. იყო და არსებობს მხოლოდ ნაწილობრივი შეფასებები და ფრაგმენტული თვალთახედვები. მაგრამ ზოგიერთი მაინც უკეთესია სხვებთან შედარებით. მეხსიერება არ არის ობიექტური წარსულის აღწერა. მეხსიერება ინსტრუმენტია. მეხსიერება არის წარსულის მეგზური მომავალში. თუ გახსოვთ, რომ რაღაც ცუდი მოხდა და შეგიძლიათ გაარკვიოთ თუ რატომ, მაშინ შეგეძლებათ იმავე ცუდი მოვლენის განმეორების თავიდან აცილება. ეს არის მეხსიერების დანიშნულება. და არა ის, რომ „წარსული გახსოვდეთ“. ეს უნარი იმისათვისაა, რომ შეაჩეროთ ერთი და იგივე დაწყევლილი მოვლენის ისევ და ისევ განმეორება.

ვიფიქრე, „შემიძლია გავამარტივო ქალბატონი „ს“-ის ცხოვრება. შემიძლია ვუთხრა მას, რომ მისი ვარაუდები გაუპატიურების შესახებ სრულიად გამართლებული იყო და რომ მისი ეჭვი ამ მოვლენების შესახებ სხვა არაფერი იყო, თუ არა დამატებითი მტკიცებულება მისი სრული და გრძელვადიანი ჩაგვრისა. შემიძლია დაჟინებით ვუმტკიცო, რომ მის სექსუალურ პარტნიორებს ჰქონდათ სამართლებრივი ვალდებულება დაემტკიცებინათ, რომ ქალი არ იყო ზედმეტად დასუსტებული ალკოჰოლის ზემოქმედებისაგან ურთიერთობაზე თანხმობის მისაცემად. შემიძლია ვუთხრა, რომ ის უდავოდ იყო ძალადობისა და უკანონო ზემოქმედების სუბიექტი, იმ შემთხვევაში, თუ არ მიუცია აშკარა და ვერბალური თანხმობა სექსუალურ კონტაქტზე. შემიძლია ვუთხრა, რომ ის უდანაშაულო მსხვერპლი იყო.“ შემეძლო მისთვის ყოველივე ამის თქმა და ეს სიმართლეც იქნებოდა, თავადაც ამ ყველაფერს ისე მიიღებდა და დაეთანხმებოდა, როგორც სიმართლეს და მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ასე ემახსოვრებოდა. ის გახდებოდა ახალი ადამიანი, ახალი ბედისწერით.

მაგრამ ასევე ვიფიქრე, „შემიძლია, ვუთხრა ქალბატონ „ს“-ს, რომ ის მოსიარულე უბედურებაა. შემიძლია ვუთხრა, რომ ისე დაეხეტება ბარში, როგორც კურტიზანი კომაში, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი თავისათვის, ისე სხვებისთვის და რომ მას გამოფხიზლება სჭირდება, თუ ის მარტოდმარტო მიდის ბარში, სვამს ძალიან ბევრს, სახლში მიჰყავთ და უხეში, ძალადობრივი სექსი აქვს (ან, თუნდაც ნაზი და ალერსიანი სექსი), მაშინ სხვა რაღა ჯანდაბას მოელის?“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, უფრო ფილოსოფიური ტერმინილოგიით, შემეძლო მეთქვა მისთვის, რომ ის ნიცშეს „ფერდაკარგული კრიმინალი“ იყო _ პიროვნება, რომელიც ერთ მომენტში ბედავს დაარღვიოს წმინდა კანონი და შემდგომ თავს არიდებს საფასურის გადახდას. და ეს სიტყვებიც ასევე სიმართლე იქნებოდა და ის ამასაც სიმართლედ მიიღებდა და ამასაც სამუდამოდ დაიმახსოვრებდა.

მე რომ მემარცხენეთა შეხედულებებისა და პრინციპების, სოციალისტური იდეოლოგიის მიმდევარი ვყოფილიყავი, მას პირველ შემთხვევას მოვუყვებოდი. კონსერვატორული იდეოლოგიის მიმდევარი რომ ვყოფილიყავი _ მეორე ნაფიქრს ვეტყოდი. ქალის პასუხი, მას შემდეგ რაც მე მას ამ ორიდან რომელიმეს ვეტყოდი, დაამტკიცებდა ჩემსა და მის კმაყოფილებას, რომ ამბავი, რომელიც მე მას მოვუთხრე სიმართლე იყო _ სრული, ეჭვშეუტანელი სიმართლე. და ეს იქნებოდა რჩევა-დარიგება.

თავად გამოარკვიეთ

გადავწყვიტე ამ ყველაფრის ნაცვლად მისთვის მომესმინა. ვისწავლე, რომ არ მოვიპარო პრობლემები ჩემი კლიენტებისაგან. არ მსურს ვიყო მხსნელი გმირი ან დეუქს ეს მაქინა ვინმე სხვის ისტორიაში. არ მსურს მათი ცხოვრება. ასე რომ, ვთხოვე მას მოეყოლა, თუ რას ფიქრობდა, მე კი მოვუსმინე. მან ძალიან ბევრი ისაუბრა. როდესაც დავასრულეთ, ისევ არ იცოდა გააუპატიურეს თუ არა, ასევე არ ვიცოდი მე. ცხოვრება ძალიან რთულია.

ზოგჯერ, გიწევთ შეცვალოთ ყველაფრის გაგების გზა, იმისათვის რომ ერთადერთი რაღაც გაიგოთ. შეკითხვა „გამაუპატიურეს?“, შეიძლება ძალიან რთული კითხვა აღმოჩნდეს. მარტივი ფაქტი, რომ შეკითხვამ თავისი თავი შეიძლება ამგვარად გამოავლინოს, მიუთითებს კომპლექსურობის უსასრულო შრეებზე, რომ არაფერი ვთქვათ „ხუთჯერ გაუპატიურებაზე“. შეკითხვა „გამაუპატიურეს?“ თავის თავში უამრავ კითხვას მოიცავს: რა არის გაუპატიურება? რა არის ნებართვის მიცემა? რა წარმოადგენს სათანადო სექსუალურ წინდახედულებას? როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი? ვინ არის დამნაშავე? შეკითხვა, „გამაუპატიურეს?“ ჰიდრას მსგავსია. თუ ჰიდრას თავს მოაჭრი, მის ადგილას შვიდი თავი გაეზრდება. ესაა ცხოვრება. ქალბატონ „ს“-ს შესაძლოა ოცი წლის განმავლობაში ელაპარაკა იმის გასარკვევად, მართლა გააუპატიურეს ის თუ არა. და ვიღასაც უნდა მოესმინა მისთვის ამ ოცი წლის განმავლობაში. მე დავიწყე პროცესი, მაგრამ გარემოებებმა შეუძლებელი გახადა მისი დასრულება. მან ჩემთან თერაპია დაასრულა, როგორც ნაკლებად დასტრესილმა და ნაკლებად გაურკვეველმა, იმ მდგომარეობასთან შედარებით, როდესაც პირველად შემხვდა. მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემგან ის ჩემი წყული იდეოლოგიით გაჯერებული მაინც არ წასულა.

ადამიანებს, რომლებსაც მე ვუსმენ, საუბარი სჭირდებათ, რადგან ეს ის გზაა, რომლის საშუალებითად ადამიანები ფიქრს ახერხებენ. როდესაც ადამიანები საუბრობენ, ისინი ახდენენ სამყაროს მოდელირებას და სახავენ მასში სამოქმედო გეგმას. თუ ამ მოდელირებას საკმარისად კარგად მოახერხებენ, შეძლებენ გააცნობიერონ, თუ რომელი სულელური ქმედებები არ უნდა გააკეთონ. შედეგად, ისინი ვეღარ სჩადიან ამ ქმედებებს. მათ აღარ უწევთ შედეგების გამო ტანჯვა. ეს არის ფიქრის დანიშნულება, მაგრამ ამას მარტონი ვერ ვახერხებთ. ვახდენთ სამყაროს მოდელირებას და ვგეგმავთ მასში მოქმედებას. მხოლოდ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება. აი, როგორი არაჩვეულებრივნი ვართ. ჩვენ ჩვენივე თავის პატარა ავატარებს ვქმნით. ვათავსებთ ამ ავატარებს გამოგონილ სამყაროში და ვუყურებთ, თუ რა მოხდება. თუ ჩვენი ავატარი წარმატებას აღწევს, მაშინ რეალურ სამყაროში ისევე ვიქცევით, როგორც ის. შემდეგ ჩვენ ვაღწევთ წარმატებას (ვიმედოვნებთ). თუ ჩვენი ავატარი მარცხდება, თუ გონება გვიჭრის, არ ვიქცევით მის მსგავსად. ჩვენ მას უფლებას ვაძლევთ მოკვდეს გამოგონილ სამყაროში, შედეგად, ჩვენ არ გვიწევს აწმყოში რეალურად სიკვდილი.

წარმოიდგინეთ ორი ბავშვის საუბარი. უმცროსი ამბობს, „არ იქნება სახალისო სახურავზე აძრომა?“ მან ეს ესაა ჩასვა თავისი პატარა ავატარი გამოგონილ სამყაროში. მაგრამ მისი უფროსი და უკმაყოფილებას გამოთქვამს, საუბარში ერთვება. „სისულელეა“, ამბობს ის. „რა მოხდება თუ სახურავიდან ჩამოვარდები? რა მოხდება, თუ მამა გამოგიჭერს?“ ამის შემდგომ, უმცროს ბავშვს შეუძლია მოახდინოს თავდაპირველი სიმულაციის მოდიფიცირება, გამოიტანოს დასკვნა და გააცამტვეროს მთელი სიმულაციური სამყარო. შეუძლია არ მოიქცეს ასე. შეიძლება ღირდეს გარისკვად. სულ მცირე, მისი გათვალისწინება მაინც შეიძლება. გამოგონილი სამყარო უფრო სრულია, ავატარი კი, უფრო გონიერი.

ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ფიქრობენ, მაგრამ ეს არაა სიმართლე. უმეტესად, ის, რასაც ფიქრად მიიჩნევენ, თვითკრიტიკაა. ჭეშმარიტი ფიქრი იშვიათია _ ისევე, როგორც ჭეშმარიტი მოსმენა. ფიქრი ნიშნავს საკუთარი თავის მოსმენას. ეს რთულია. იმისათვის, რომ იფიქრო, ერთდროულად, სულ მცირე ორი ადამიანი მაინც უნდა იყო. შემდგომ, ნება უნდა დართო ამ ორ პიროვნებას არ დაეთანხმონ ერთმანეთს. ფიქრი არის შინაგანი დიალოგი სამყაროს შესახებ განსხვავებული შეხედულების მქონე ორ ან მეტ პიროვნებას შორის. ‘თვალთახედვა ერთი’ არის სიმულაციურ სამყაროში არსებული ავატარი. მას გააჩნია საკუთარი წარმოდგენები წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე და საკუთარი მოქმედების იდეა. იგივე ხდება ‘თვალთახედვა ორის, სამის და ოთხის’ შემთხვევაშიც. ფიქრი პროცესია, რომლის საშუალებითაც, ეს შინაგანი ავატარები წარმოიდგენენ და მკაფიოდ წარმოუჩენენ თავიანთ სამყაროებს ერთმანეთს. თქვენ არ შეგიძლიათ ფიქრის დროს ერთმანეთს ჩალის საფრთხობელები დაუპირისპიროთ, რადგან, თუ ასე ხდება, მაშინ ეს ფიქრი აღარ არის. თქვენ მას შემდეგ ახდენთ მოვლენის რაციონალიზაციას, რაც ეს მოვლენა უკვე მოხდა. თქვენ ერკინებით სასურველის შესახებ სუსტ ოპონენტს, ასე რომ, აღარ გიწევთ აზრის შეცვლა. უწევთ პროპაგანდას, იყენებთ ორმაგ საუბარს, იყენებთ თქვენს დასკვნებს თქვენივე მტკიცებულებების გასამართლებლად. თქვენ სიმართლისაგან იმალებით.

ნამდვილი ფიქრი კომპლექსური და მომთხოვნია. მის საწარმოებლად საჭიროა, რომ ერთდროულად იყოთ მკაფიო ორატორი და ფრთხილი, კეთილგონიერი მსმენელი. ის შედგება კონფლიქტისაგან. ასე რომ, შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოთ კონფლიქტის მიმართ. კონფლიქტი მოიცავს მოლაპარაკებებსა და კომპრომისებს. ასე რომ, უნდა ისწავლოთ დებულებათა გაცემა, მიღება, მოდიფიცირება და თქვენი ფიქრებისა და მასთან ერთად თქვენი სამყაროსეული აღქმის რეგულირება. ზოჯერ ეს შედეგად გვაძლევს ერთი ან მეტი შინაგანი ავატარის დამარცხებასა და ლიკვიდაციას. მიუხედავად იმისა რომ, მათ საერთოდ არ სურთ განადგურება. მათი შექმნა რთულია. ისინი ძვირფასნი არიან. ისინი ცოცხლები არიან, სურთ ცოცხლად დარჩენა და ცოცხლად დარჩენისათვის იბრძოლებენ. უმჯობესია მოუსმინოთ მათ. თუ ასე არ მოიქცევით, მიწისქვეშეთში წავლენ, ეშმაკებად იქცევიან და გაწამებენ. აქედან გამომდინარე, ფიქრი ემოციურად მტკივნეულია, ისევე როგორც ფსიქოლოგიურად მომთხოვნი, ასეა ყოველთვის და ყველაფერზე მეტად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არ ფიქრობთ. მაგრამ უნდა იყოთ ძალიან მკაფიო და გათვითცნობიერებული, რომ ამ ყველაფერს ადგილი ჰქონდეს თქვენს თავში. რა უნდა ქნათ მაშინ, თუ ვერ ახერხებთ სათანადოდ ფიქრს, ერთდროულად ორ პიროვნებად ყოფნას? ადვილი გადასაჭრელია, ამ შემთხვევაში საუბრობთ, მაგრამ გჭირდებათ ვიღაც, ვინც მოგისმენთ. მსმენელი ერთდროულად თქვენი თანამშრომელიცაა და ოპონენტიც.

პიროვნება, რომელიც გისმენთ, ცდის თქვენს საუბარს (და თქვენს ფიქრს) ისე, რომ არაფერს ამბობს. მსმენელი არის მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი. ის მთელს ბრბოს აღნიშნავს. ბრბო ყოველთვის მართალი არ არის, თუმცა, საერთო ჯამში ის მართალია. როგორც წესი, ის მართალია. თუ ისეთ რამეს ამბობთ, რაც ყველას აცვიფრებს, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდეთ ხელახლა იმაზე, რაც თქვით. ამას ვამბობ იმის გათვალისწინებით, რომ ვიცი, ზოგჯერ საწინააღმდეგო აზრები სიმართლეს შეესაბამება, ზოგჯერ იმდენაცად კი, რომ თუ ადამიანი მოსმენაზე უარს აცხადებს, ბრბოს მისი დაღუპვაც სურს. სხვა მიზეზებთან ერთად, ეს იმის ბრალია, რომ პიროვნება მორალურად ვალდებულია ილაპარაკოს სიმართლე თავისი პირადი გამოცდილების შესახებ. ახალი და რადიკალური მაინც თითქმის ყოველთვის არასწორია. იმისათვის, რომ საერთო, საზოგადო აზრი უგულებელყოთ, დაგჭირდებათ კარგი, უფრო მეტიც, დიდებული მიზეზი. ასეთია ჩვენი კულტურა. ის მძლავრი მუხის ხეა. თქვენ მის ერთ-ერთ ტოტზე ზიხართ. თუ ტოტი მოტყდება, ძირს დაცემამდე დიდი მანძილია, შესაძლოა იმაზე დიდიც, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თუკი ამ წიგნს კითხულობთ, დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ პრივილეგირებული ადამიანი ხართ. თქვენ კითხვა შეგიძლიათ. გაქვთ დრო კითხვისათვის. თქვენ მაღლა ცაში ზიხართ, აურაცხელი თაობა დასჭირდა იმ ადგილამდე რომ მიგეღწიათ, სადაც ახლა იმყოფებით. კარგი იქნებოდა ამისთვის ცოტაოდენი მადლიერება. თუ აპირებთ, რომ დაჟინებით ამტკიცოთ სამყაროსადმი თქვენეული მიდგომა, უმჯობესია სათანადო ახსნაც გქონდეთ. თუ გსურთ თქვენს აზრზე იდგეთ, უმჯობესია გქონდეთ სათანადო გამართლება. უმჯობესია კარგად აწონ-დაწონოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულ ვითარებაში აღმოჩნდებით. თუ საკმარისად კარგი მიზეზები არ გაქვთ, სჯობს ისევე მოიქცეთ, როგორც სხვები იქცევიან. თუ მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება გექნებათ, ის მაინც გეცოდინებათ, რომ სხვა ადამიანებმაც გაიარეს იგივე გზა. რუტინულობისა და ერთფეროვნების მიღმა, ხშრად გზის დასასრულია. ხოლო, უდაბნოში, რომელიც გზის დასასრულში მდებარეობს, ავაზაკები და ურჩხულები იმყოფებიან.

ასე გვასწავლის სიბრძნე.

მსმენელი

freud67

მსმენელს შეუძლია აირეკლოს ბრბო. მას ეს საუბრის გარეშე შეუძლია, აძლევს რა უფლებას მოლაპარაკეს, საკუთარ თავს მოუსმინოს. სწორედ ამას გვირჩევდა ფროიდი. მისი კლიენტები თავსდებოდნენ სავარძელში, უყურებდნენ ჭერს, საშუალებას აძლევდნენ გონებას ეხეტიალა და ეთქვა ნებისმიერი რამ, რასაც შეეჩეხებოდა. ესაა ფროიდის თავისუფალი ასოციაციის მეთოდი. ამგვარად იცილებენ თავიდან ფროიდისეული ფსიქოანალიტიკოსები თავიანთი პირადი შეხედულებებისა და აზრების კლიენტის შინაგან არეალზე გადაცემას. სწორედ ამ მიზეზით არ ეკონტაქტებოდა ფორიდი თავის პაციენტებს პირისახით. მას არ სურდა, რომ კლიენტთა სპონტანური ფიქრები შეცვლილიყო მისი ემოციური გამოხატულებების ზემოქმედებით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად უმნიშვნელო იქნებოდა ეს ცვლილება. ის ფიქრობდა, რომ მისი პირადი აზრები, და უარესიც, მის პირადი გადაუჭრელი პრობლემები შესაძლოა უკონტროლოდ ასახულიყვნენ მის პასუხებსა და რეაქციებში, როგორც გაცნობიერებულად, ისე გაუცნობიერებლად. ის შიშობდა, რომ ამგვარი ქმედებით, საზიანო ზემოქმედებას იქონიებდა თავისი პაციენტების განვითარებაზე. სწორედ ამ მიზეზით ამტკიცებდა ფროიდი, რომ ფსიქოანალიტიკოსებს უნდა მოეხდინათ საკუთარი თავის ანალიზი. მას სურდა, რომ მათ, ვინც მის მეთოდს იყენებდნენ, გამოემჟღავნებინათ და აღმოეფხვრათ თავიანთი პირადი საშინელი, ბნელი ლაქები და მიკერძოებულობები. ამგვარად, ისინი აღარ იმუშავებდნენ დამაზიანებლად. ფროიდი მართალი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის გენიოსი იყო. ამის თქმა იმიტომაც შეიძლება, რომ ადამიანებს ის დღემდე სძულთ. თუმცა, არსებობს ნაკლოვანებები ფროიდის მიერ შემოთავაზებულ განცალკევებულ და დისტანციურ მიდგომაში. ბევრ მათგანს, ვინც თერაპიას საჭიროებს, სურს და ესაჭიროება ახლო, მეტად პიროვნული ურთიერთობა (თუმცა ამასაც თავისი საშიშროებები აქვს). ნაწილობრივ, ამიტომ გავაკეთე არჩევანი ჩემს პრაქტიკაში საუბრებზე, ნაცვლად ფროიდისეული მეთოდისა, ისევე, როგორც კლინიკური ფსიგოლოგების უმეტესობამ.

ჩემი კლიენტებისათვის შესაძლოა ჩემი რეაქციები ღირებული აღმოჩნდეს. იმისათვის, რომ დავიცვა ისინი შესაძლო შეუფერებელი ზემოქმედებისაგან, ძალიან ვცდილობ სწორად ჩამოვაყალიბო ჩემი მიზანი, ისე, რომ ჩემი საპასუხო რეაქციები წარმოიქმნას სათანადო სტიმულის შედეგად. მე ნამდვილად მსურს, და შემიძლია მსურდეს საუკეთესო მათთვის (რაც არ უნდა იყოს ეს). მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მოცემული პერიოდისათვის საუკეთესო მსურდეს მათთვის (რადგან ამგვარი სურვილია საუკეთესო ჩემი კლიენტებისათვის). ვცილობ გავასუფთავო ჩემი გონება და ჩემი პირადი მოსაზრებები გვერდზე გადავდო. ამგვარად ვკონცენტრირდები იმაზე, რაც საუკეთესო იქნება ჩემი კლიენტისათვის და ამავდროულად ძალიან ყურადღებით ვარ იმ მინიშნებების მიმართ, რაც შესაძლოა საკუთესო იყოს და გამომრჩეს. ჩემი მხრიდან, ეს ისეთი რამეა, რაც ჩემ მიერ კი არ უნდა იყოს ნავარაუდევი, არამედ უნდა დავძლიო. ეს ძალიან ფრთხილად დასაგეგმი რაღაცაა, რომ შევამცირო ახლო, პიროვნული ზემოქმედების რისკი. ჩემი კლიენტები საუბრობენ. მე ვუსმენ. ზოგჯერ ვპასუხობ. ხშირად, პასუხი მცირედ შესამჩნევი და არავერბალურია. მე და ჩემი კლიენტი პირისპირ ვურთიერთობთ, თვალით თვალში ვკონტაქტობთ. შეგვიძლია დავინახოთ ერთმანეთის გამოხატულებები. მათ შეუძლიათ დაინახონ მათი სიტყვების ზეგავლენა ჩემზე და მეც შემიძლია შევამჩნიო მათზე ჩემი სიტყვების ზეგავლენა. მათ შეუძლიათ ჩემს რეაქციებზე საპასუხო რეაქციები ჰქონდეთ.

ჩემს კლიენტს უნდა ეთქვა „მძულს ჩემი ცოლი“. ის იქაა, ერთხელ ნათქვამი. ჰაერშია გამოკიდებული. ის ქვესკნელიდან ამოვიდა, ქაოსიდან მატერიალიზდა და გამოვალინა საკუთარი თავი. ის რეალური და აღქმადია და უკვე ვეღარ დაიგნორდება ადვილად. ის რეალური გახდა. მთხრობელი განცვიფრებულია. ის ჩემს თვალებშიც იმავეს ამჩნევს. ამჩნევს ამას და განაგრძობს საღად განსჯის გზას. „შეაჩერეთ“, ამბობს ის. „დამეხმარეთ. ის ძალიან უხეშია. ზოგჯერ მძულს ჩემი ცოლი. მძულს ის, როდესაც არ სურს მითხრას, თუ რა უნდა. დედაჩემიც ყოველთვის იმავეს აკეთებდა. მამაჩემს აცოფებდა. სიმართლე გითხრათ, ის ჩვენ ყველას გვაგიჟებდა, თავის თავსაც კი! ის ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ გულისწყრომით სავსე. პრინციპში, ჩემი ცოლი მაინც არ არის ისეთი ცუდი, როგორიც დედაჩემი. სავსებით არა. მოიცადეთ! სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ჩემი ცოლი მშვენივრად ახერხებს მითხრას, თუ რა უნდა, მაგრამ მართლა ვწუხდები, როცა ასე არ იქცევა, იმიტომ რომ დედას ჩვენ ყველა სიკვდილამდე მივყავდით წამებით. ამას ჩემზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა და შესაძლოა ახლა ზედმეტად გამოვხატავ რეაქციას ამგვარი ქმედების სულ ცოტათი გამოვლენის დროსაც. აჰ! მე ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც მამა, როდესაც დედა ამოუყვანდა ყელში! ეს მე არ ვარ. ამას არაფერი აქვს საერთო ჩემს ცოლთან! უმჯობესია მას გავაგებინო ამის შესახებ.“ ვაკვირდები ამ ყველაფერს და ვამჩნევ, რომ ჩემმა კლიენტმა აქამდე ვერ შეძლო სათანადოდ განესხვავებინა ცოლი დედისაგან. და ვხედავ, რომ ის გაუცნობიერებლად, მთლიანად იყო მოცული მამამისის სულით. ისიც ხედავს ამ ყველაფერს. ის უკვე ცოტათი განსხვავებულია, ცოტათი უფრო ნაკლებად ჰგავს გამოუთლელ ლოდს, ცოტათი უფრო ნაკლებადაა მოცული ბურუსით. მან ამოკერა ნახვრეტი თავისი კულტურის დაზიანებულ ქსოვილზე. ის ამბობს, „ეს ძალიან კარგი სესია იყო, დოქტორო პიტერსონ.“ თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. შეგიძლიათ საკმაოდ ჭკვიანი იყოთ, თუ გაჩუმება შეგიძლიათ.

მაშინაც კი, როდესაც არ ვლაპარაკობ, თანამშრომელი და ოპონენტი ვარ. ვერაფერს შევცვლი. ჩემი გამომეყტველებები გადმოსცემს ჩემს საპასუხო რეაქციას, იმ შემთხვევაშიც, თუ ოდნავ შესამჩნევია. ასე რომ, გაჩუმებულ მდგომარეობაშიც კომუნიკაციას ვამყარებ, როგორც ამას ფროიდი უსვამდა ხაზს. თუმცა ჩემს სესიებზე, ვსაუბრობ კიდეც კლიენტებთან. როგორ ვხვდები, თუ როდის ვთქვა რამე? პირველ რიგში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემს თავს შესაბამის გონებრივ ჩარჩოში ვაქცევ. სათანადოდ ვცდილობ. მსურს, მოვლენების უკეთ განვითარება. მიცემულია რა მიზანი, ჩემი გონება თავად ახდენს ორიენტირებას. ის ცდილობს წარმოქმნას საპასუხო რეაქციები თერაპევტული დიალოგისათვის, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს ამ სწრაფვას. შინაგანად ვაკვირდები მოვლენათა განვითარებას. ვამჟღავნებ რეაქციას. ეს არის პირველი წესი. ზოგჯერ, მაგალითად კლიენტს სურს რაღაცის თქმა და თავში ფიქრი გამიელვებს ან ფანტაზია ამომიტივტივდება გონებაში. ხშირად ეს იმას ეხება, რაც იმავე კლიენტმა იმავე დღეს თქვა, ან სხვა წინა რომელიმე სესიაზე. შემდეგ ვეუბნები მას ჩემს ფიქრსა თუ ფანტაზიას, პირადი ინტერესების გარეშე. ვამბობ, „თქვენ თქვით ეს და მაშინ ამას ყურადღება მივაქციე.“ შემდგომ განვიხილავთ ნათქვამს. ვცდილობთ განვსაზღვროთ ჩემი რეაქციის მნიშვნელობის კავშირი ამ ყველაფერთან. ზოგჯერ აღნიშნული მხოლოდ მე მეხება. სწორედ ამას გულისხმობდა ფროიდი. თუმცა ზოგჯერ ეს არის მიუკერძოებელი, მაგრამ პოზიტიური მიდრეკილების მქონე ადამიანის რეაქცია, რომელიც მეორე ადამიანის ზემოქმედების შედეგად ავლენს თავის გამომმჟღავნებელ განცხადებას. ის ზოგჯერ შემასწორებელი ტიპისაა, თუმცა მნიშვნელოვანია. მაგრამ ზოგჯერ, თავად მჭირდება გამოსწორება.

უნდა გაუმკლავდეთ სხვა ადამიანებს. თერაპევტებიც ამ სხვა ადამიანების რიგში შედიან. კარგი თერაპევტი გეტყვით სიართლეს, თუ რას ფიქრობს. (ეს არ ნიშნავს იმას, რომ რასაც ის გეუბნებათ სიმართლეა.) შედეგად, სულ მცირე ნამდვილი წაროდგენა გაქვთ, ერთ ადამიანზე მაინც. ამის მიღწევა არც ისე ადვილია. არ შეიძლება, რომ ეს არაფრად ჩაითვალოს. ფსიქოთერაპიის გასაღებს სწორედ ეს წარმოადგენს: ორი ადამიანი ერთმანეთს სიმართლეს ესაუბრება _ და ორივე უსმენს.

როგორ უნდა მოუსმინოთ?

კარლ როჯერსი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდებული ფსიქოთერაპევტი, ფლობდა ცოდნას მოსმენის შესახებ. მან დაწერა, „ჩვენს უმეტესობას არ შეუძლია მოსმენა. ჩვენ ვაიძულებთ თავს შეაფასოს, რადგნ მოსმენა ძალიან სახიფათოა. უპირველეს მოთხოვნილებას გამბედაობა წარმოადგენს, რაც ყოველთვის არ გაგვაჩნია. “მან იცოდა, რომ მოსმენას ადამიანების გარდაქმნა შეუძლია. როჯერსმა განმარტა, „ზოგიერთი თქვენგანი, შესაძლოა ფიქრობდეს, რომ კარგად უსმენს ადამიანებს და ამგვარი შედეგი არასდროს ჰქონია. მაშინ, შანსი იმისა, რომ თქვენი მოსმენა არ მიეკუთვნება ჩემ მიერ აღწერილი მოსმენის ტიპს, ნამდვილად ძალიან დიდია.“ მან ურჩია თავის მკითხველებს ჩაეტარებინათ პატარა ექსპერიმენტი, როდესაც დისკუსიაში აღმოჩნდებოდნენ: “წუთით შეწყვიტეთ დისკუსია და შემოიღეთ შემდეგი წესი: ‘თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის დასაცავად სიტყვით გამოსვლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოახდენს წინა მოსაუბრის იდეებისა და გრძნობების გადაფასებას ზუსტად და ამ პიროვნებისათვის დამაკმაყოფილებლად.’ ეს ტექნიკა ძალიან გამომადგა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიანობაში. მუდმივად ვახდენ ადამიანების მიერ ჩემ მიმართ ნათქვამის შეჯამებას და ვეკითხები მათ, სწორად გავიგე თუ არა. ზოგჯერ ეთანხმებიან ჩემს შეჯამებას, ზოგჯერ ცოტაოდენი შესწორების შეტანა მესაჭიროება. დრო და დრო სრულიად არასწორი ვარ. კარგია ამ ყველაფრის ცოდნა.

პროცესის ამგვარ შეჯამებას რამდენიმე ძირითადი უპირატესობა აქვს. პირველი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ნამდვილად ვხვდები, თუ რას ამბობს პიროვნება. როჯერსი აღნიშნიშნავს, „მარტივად ჟღერს, არა? მაგრამ თუ ცდით, აღმოაჩენთ, რომ რაც კი გიცდიათ მათ შორის ერთ-ერთი ურთულესი პროცესია. თუ ნამდვილად ამგვარად გაუგებთ ადამიანს, თუ გსურთ შეხვიდეთ მის პირად სამყაროში და დაინახოთ, რა ფორმით ვლინდება მისთვის სამყარო, თქვენ გაწევთ საკუთარი თავის შეცვლის რისკსაც. თქვენ მოცემულ სიტუაციას მისებურად შეხედავთ, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ საკუთარი პოზიციებისა და პიროვნულობის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებით. რისკი იმისა, რომ შეიცვალოთ, ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი პერსპექტივაა, რასაც ჩვენი უმეტესობა შეიძლება დაუპირისპირდეს.“ _ იშვიათად დაწერილა უფრო სასარგებლო სიტყვები.

შეჯამების მეორე უპირატესობაა, რომ ის ეხმარება ადამიანს მეხსიერების განმტკიცებასა და მის გამოსადეგობაში. წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია: ჩემი კლიენტი ყვება გრძელ, უთავბოლო, ემოციებით დატვირთულ შემთხვევაზე, თავისი ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვაჯამებთ. მონათხრობი უფრო მოკლე ხდება. ის უკვე შეფასებულია კლიენტის მეხსიერებაში (და ჩემსაში) იმგვარად, როგორც განვიხილეთ. ის უკვე მრავალმხრივ განსხვავებული მოგონებაა _ გამართლების შემთხვევაში, უკეთესი მოგონება. ის უკვე გასუფთავებული, ნაკლებად მძიმე და დედაარსამდე დაყვანილია. ამოვიღეთ ისტორიის მორალი. ის გარდაიქმნება მიზეზის აღწერილობად და მომხდარის შედეგად. იმგვარადაა ფორმულირებული, რომ ტრაგედიისა და ტკივილის განმეორება მომავალში ნაკლებად მოსალოდნელი ხდება. „ეს არის ის, რაც მოხდა. ეს არის ის, თუ რატომ მოხდა. ეს არის, ის, რაც უნდა გავაკეთო, რათა დღეიდან ავიცილო ამგვარი შემთხვევები.“ ამას წარმოადგენს წარმატებული მეხსიერება. ეს არის მეხსიერების დანიშნულება. გახსოვთ წარსული, არა „ზედმიწევნით ჩაწერილი“, რათა კვლავ გაიმეოროთ, არამედ იმგვარად, რომ მომზადებული იყოთ მომავლისათვის.

როჯერსის მეთოდის მესამე უპირატესობას წარმოადგენს სირთულე, თივის საფრთხობელას არგუმენტების დაუდევარი კონსტრუქციის შექმნისა. როდესაც ვიღაც გიპირისპირდებათ, დიდი ცდუნება არსებობს იმისა, რომ მოახდინოთ ზედმეტად გაადვილება, პაროდირება ან დამახინჯება მისი პოზიციისა. ეს არის სასურველი შედეგისათვის ხელის შემშლელი თამაში, შექმნილი მოწინააღმდეგის სავნებლად და თქვენი პირადი სტატუსის არასამართლიანად ასამაღლებლად. ამის საწინააღმდეგოდ, თუ თქვენ გრძნობთ ვიღაცის პოზიციის შეჯამების საჭიროებას, იმ ფორმით, რომ მოსაუბრე ეთანხმება თქვენს შეჯამებას, შეგეძლებათ კიდევ უფრო ნათლად და სხარტად წარმოაჩინოთ არგუმენტები, ვიდრე ეს მთხრობელმა აქამდე მოახერხა. თუ თავიდან სათანადოდ შეაფასებთ მოწინააღმდეგეს, შეხედავთ მის არგუმენტებს მისივე თვალთახედვით, შეძლებთ (1) იპოვოთ ფასეული მათში და ისწავლოთ რაღაც პროცესისაგან, ან (2) დახვეწოთ მათ წინააღმდეგ თქვენი მიდგომა (თუ ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ცდებიან) და კიდევ უფრო გააძლიეროთ გამოწვევის წინააღმდეგ არსებული თქვენი არგუმენტები. ეს ბევრად გაგაძლიერებთ. აღარ დაამახინჯებთ თქვენი მოწინააღმდეგის პოზიციას (და შესაძლოა თქვენ შორის არსებული განხეთქილების ნაწილი მაინც შეამციროთ). აგრეთვე უფრო ძლიერი გახდებით საკუთარ ეჭვებთან დაპირისპირების საკითხში.

ზოგჯერ, ძალიან დიდი დრო სჭირდება იმის გარკვევას, რასაც თქვენთან მოსაუბრე ადამიანი გულისხმობს. ხშირად ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი პირველად ახდენენ თავიანთ იდეების ფორმულირებას. ამას ვერ მოახერხებენ ყველაფერზე მიდებ-მოდების, წინააღმდეგობრივი და თუნდაც აბსურდული განაცხადების გარეშე. ნაწილობრივ ეს ხდება იმიტომ, რომ საუბარი (და ფიქრი) ხშირად უფრო მეტად დავიწყებას ნიშნავს, ვიდრე დამახსოვრებას. მოვლენის განსახილველად, განსაკუთრებით რაიმე ემოციურის, სიკვდილის ან მძიმე დაავადების მსგავსის, საჭიროა დინჯად ავირჩიოთ ის, რაც უკან უნდა მოვიტოვოთ. თუმცა, დასაწყისში, იმის უმეტესობა, რაც საჭირო არ არის, სიტყვებით უნდა გადმოიცეს. ემოციებით დატვირთულმა მთხრობელმა დეტალებში უნდა მოყვეს მთელი გამოცდილება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ცენტრალური მოქმედება, მიზეზი და შედეგი ფოკუსირდეს და შეჯერდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ისტორიის მორალის დანახვა.

წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს ასდოლარიანი კუპიურების შეკვრა უჭირავს და ზოგიერთი მათგანი ყალბია. თითოეული კუპიურა უნდა გაიშალოს მაგიდაზე, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ნახვა და ნებისმიერი არსებული განსხვავების შემჩნევა, ვიდრე ნამდვილის ყალბისაგან გარჩევას შევძლებთ. ამგვარი მეთოდური მიდგომა უნდა გამოიყენოთ, თუ ნამდვილად უსმენთ ვიღაც ისეთს, ვინც პრობლემის გადაჭრას ან რაიმე მნიშვნელოვანის შეტყობინებას ცდილობს. თუ იცით, რომ ზოგიერთი კუპიურა ყალბია და ზედმეტი დაუდევრობით გამოგრჩათ ყველა მათგანი (და იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩქარობთ, ან არ გსურთ ძალისხმევის ჩადება), ვერასოდეს ისწავლით ხორბლის ბზესაგან განცალკევებას.

და თუ ამის ნაცვლად მოისმენთ ნაადრევი განსჯის გარეშე, ადამიანები, როგორც წესი ყველაფერს გეტყვიან, რასაც ფიქრობენ _ თან ძალიან ცოტა ტყუილის დახმარებით. ადამიანები გეტყვიან ყველაზე გასაოცარ, აბსურდულ, საინტერესო რამეებს. ძალიან ცოტა დიალოგი გექნებათ მოსაწყენი. (ამ ფაქტის მეშვეობით შეძლებთ თქვათ, ნამდვილად უსმენთ თუ არა სათანადოდ. თუ საუბარი მოსაწყენია, სავარაუდოდ არ უსმენთ.)

პრიმატული დომინანტობა - იერარქიის მანევრები - და მახვილგონიერება

ყველანაირი ფიქრი ფიქრი არ არის. ასევე არ უწყობს ყველანაირი მოსმენა ხელს განვითარებას. ორივე მათგანს სხვადასხვა მოტივები გააჩნია, რომელთაგანაც ზოგიერთი იწვევს ნაკლებად ღირებულ, საბოლოო მიზნის მიღწევისათვის ხელისშემშლელ და სახიფათო შედეგებს. მაგალითად, არსებობს საუბარი, სადაც ერთი მონაწილე საუბრობს, რომ უბრალოდ შეიქმნას ან გაამყაროს თავისი ადგილი დომინანტურ იერარქიაზე. ერთი ადამიანი იწყებს ბოლოდროინდელი ან წარსულში მომხდარი შემთხვევის შესახებ მოყოლას, რომელიც ეხება რამე საკმაოდ კარგს, ცუდს ან გასაოცარს, რომ მოსმენად ღირდეს. მეორე პიროვნება, შეწუხებულია რა თავისი პოტენციურად უფრო დაბალი სტატუსით, როგორც ნაკლებად საინტერესო ინდივიდის, დაუყოვნებლივ იფიქრებს მოსაყოლად რაღაც უკეთესს, უარესს, ან უფრო გასაოცარ შემთხვევას. ეს არ მიეკუთვნება იმ დიალოგთა რიცხვს, რომელში მონაწილე ორი ადამიანიც ნამდვილად უპირისპირდება ერთმანეთს და ერთსადაიმავე თემაზე მსჯელობენ, რათა ორივემ სიამოვნება მიანიჭოს საკუთარ თავს (ან ვინმე სხვას). ეს არის წმინდა წყლის, მარტივი თაღლითობა პოზიციების დასაკავებლად. თავისუფლად შეგიძლიათ ამგვარი დიალოგის ამოცნობა. მას თან ახლავს მოსაუბრეებს შორის არსებული უხერხულობის გრძნობა, თითქოს ყველამ იცის, რომ რაღაც არასწორი და გაზვიადებული ითქვა.

არსებობს სხვა, საუბრის მჭიდროდ დაკავშირებული ფორმა, სადაც არც მოსაუბრე ისმენს და არც რომელიმე სხვა. პირიქით, თითოეული იყენებს მომენტში მოსაუბრე ადამიანის დროს, რათა წარმოიდგინოს, თუ რას იტყვის მოსაუბრე შემდგომში, რაც ხშირ შემთხვევაში სასაუბრო თემის მიღმა რჩება, რადგან ადამიანი, რომელიც მოუსვენრად ელოდება საუბრის დაწყებას, არ ისმენს ოპონენტის მიერ მოთხრობილს. ყოველივე ამას შეუძლია გამოიწვიოს და გამოიწვევს კიდეც საუბრის მიმდინარეობის კრახით დასრულებას. ამ მომენტში, როგორც წესი, ის ადამიანები, ვინც საუბარშია ჩართული, ჩუმდებიან და იშვიათად და როგორღაც აღშფოთებით უყურებენ ერთმანეთს, სანამ ყველა არ წავა, ან რომელიღაც რაიმე გონებამახვილურს მოიფიქრებს და ამ აბდა-უბდას კვლავ დაალაგებს.

კიდევ არსებობს საუბრები, სადაც ერთი მონაწილე ცდილობს გამარჯვება მოიპოვოს საკუთარი თვალთახედვის მიხედვით. ეს დომინანტური-იერარქიის საუბრის კიდევ ერთ ვარიანტს წარმოადგენს. ამგვარი საუბრის განმავლობაში, რომელიც, ხშირად იდეოლოგიურობისაკენაა მიმართული, მოსაუბრე ხშირად მიილტვის (1) ცილი დასწამოს, ან მასხრად აიგდოს საპირისპირო პოზიციის მქონე ნებისმიერი ადამიანის შეხედულება/თვალსაზრისი, (2) ამ პროცესში გამოიყენოს მთელი სიფრთხილით არჩეული დასაბუთება და ბოლოს, (3) მოახდინოს შთაბეჭდილება მსმენელებზე (რომელთა უმრავლესობაც უკვე იკავებს იმავე იდეოლოგიურ სივრცეს) თავისი მტკიცების საფუძვლიანობის საშუალებით. მიზანს წარმოადგენს მხარდაჭერის მოპოვება ყოვლისმომცველ, ერთიან, ზედმეტად გაიოლებულ მსოფლმხედველობაზე. ამგვარად, მიზანი მდგომარეობს იმის დამტკიცებაში, რომ ‘უფიქრელობა’ სწორი მიმართულებაა. პიროვნებას, რომელიც ამგვარად საუბრობს, სჯერა, რომ კამათში გამარჯვება მას მართალს ხდის და რომ ამგვარი ქმედება აუცილებლად მისაღებად ცნობს დომინანტური იერარქიის სტრუქტურას, რომელთანაც ის თავს აიგივებს. მოულოდნელობას არ წარმოადგენს, რომ ხშრად ეს ის იერარქიაა, რომელშიც კონკრეტულმა პიროვნებამ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, ან ის, რომელსაც ყველაზე მეტად შეესაბამება თავისი ტემპერამენტიდან გამომდინარე. თითქმის ყველა დისკუსია, რომელშიც პოლიტიკოსები და ეკონომისტები არიან ჩართულნი, ამგვარად წარმოჩინდება, თითოეული მონაწილე ცდილობს დაამტკიცოს ფიქსირებული, აპრიორული პოზიციები, ნაცვლად რაიმეს სწავლისა ან განსხვავებული ხედვის ათვისებისა (თუნდაც იმისათვის, რომ რაღაც ახალი ისწავლონ). ამ მიზეზით, კონსერვატორებსა და ლიბერალებს ერთნაირად სჯერათ, რომ მათი პოზიციები თავისთავად ცხადია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უფრო რადიკალურნი გახდნენ. ტემპერამენტზე დაფუძნებულ დებულებათა გათვალისწინებით, ჩნდება პროგნოზირებადი დასკვნა _ მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ დააიგნორებთ იმ ფაქტს, რომ თავად დებულებები მუტაბელურია.

ეს საუბრები ძალიან განსხვავდება იმ საუბრებისაგან, სადაც ნამდვილად ხდება მოსმენა. ნამდვილად მოსმენადი საუბრისას, ერთი ადამიანი გამოდის სიტყვით და ყველა უსმენს. ადამიანური საუბარი დაჯილდოვებულია უნარით, სერიოზულად განიხილოს გარკვეული მოვლენები, როგორც წესი, უბედური ან თუნდაც ტრაგიკული. ასეთ შემთხვევას ყველა თანაგრძნობით პასუხობს. ამგვარი საუბრები მნიშვნელოვანია, რადგან მთხრობელი ახდენს შემაწუხებელი მოვლენის გონებაში ორგანიზებას ისტორიის თხრობის განმავლობაში. ეს ფაქტი იმდენად მნიშნელოვანია, რომ ღირს მისი განმეორების ატანა: ადამიანები თავიანთი ტვინების ორგანიზებას საუბრის მეშვეობით ახერხებენ. თუ მათ არავინ ჰყავთ, ვისაც თავიანთ ისტორიას მოუყვებიან, ჭკუიდან იშლებიან. მათ არ შეუძლიათ მტვირთავების მსგავსად დაცალონ თავიანთი თავი ტვირთისაგან. საზოგადოების ჩართულობა საჭიროა ინდივიდის ფსიქიკის განვითარებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გონების ორგანიზებისათვის მთელი სოფელია საჭირო.

იმის უმეტესი ნაწილი, რასაც ჩვენ ჯანსაღ მენტალურ ფუნქციად მივიჩნევთ, არის შედეგი შესაძლებლობისა, გამოვიყენოთ სხვების რეაქციები საკუთარი მეობის კომპლექსური ფუნქციის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვახდენთ ჩვენი ფსიქიკური წონასწორობის პრობლემის ნაწილის სხვებისათვის გადაბარებას. ამიტომ, მშობლების ფუნდამენტალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს თავიანთი შვილების სოციუმისათვის მისაღებად ჩამოყალიბება. თუ ადამიანის ქცევა იმგვარია, რომ სხვა ადამიანს მის მიმართ შემწყნარებლობის გამოვლენა შეუძლია, მაშინ, ამ ადამიანს მხოლოდ იმის გაკეთებაღა რჩება, რომ საკუთარი თავი სოციალურ კონტექსტში მოაქციოს. შემდეგ მსმენელები თავად მიანიშნებენ, არის თუ არა მისი ქცევები და განცხადებები ისეთი, როგორიც უნდა იყოს _ დაინტერესდებიან თუ არა მისი მონათხრობით, გაიცინებენ თუ არა მის ხუმრობაზე, გაბრაზდებიან, მასხრად აიგდენენ, თუ წარბს ასწევენ. თითოეული ადამიანი სხვებს უჩვენებს საკუთარ სურვილს იდეალთან შეხვედრისა. ჩვენ ზუსტად იმ დოზით ვახდენთ ერთმანეთის დასჯასა და დაჯილდოვებას, რომ თითოეული ჩვენგანი ინარჩუნებს ამ სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უსიამოვნებებს ვეძებთ.

ჭეშმარიტი საუბრის კეთილგანწყობილი საპასუხო რეაქციები მიანიშნებიმაზე, რომ მთხრობელი ღირებულია და რომ ისტორია, რომელსაც ის ყვება მნიშვნელოვანი, სერიოზული, ყურადღების მისაქცევი და გასაგებია. ხშირად ქალები და მამაკაცები ვერ უგებენ ერთმანეთ, როდესაც ამგვარი საუბრები სფეციფიკურ პრობლემას შეეხება. კაცებს ხშირად სდებენ ბრალს პრობლემის ნაადრევად გადაჭრის სურვილში. ეს ანადგურებს მამაკაცებს, რომლებსაც მოსწონთ პრობლემების გადაჭრა და ამას ეფექტურად აკეთებენ და რომლებიც, ფაქტობრივად ძალიან ხშირად არიან ქალების მიერ დასახმარებლად მოხმობილნი სწორედ ამ მიზნით. მამაკაცი მკითხველებისათვის უფრო ადვილი უნდა იყოს, თუ რატომ არ ამართლებს ყოველივე ეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გააანალიზებენ და შემდეგ გაიხსენებენ, რომ პრობლემის გადაჭრამდე უნდა მოხდეს მისი მკაფიოდ ფორმულირება. ქალები ხშირად ისწრაფიან პრობლემის ფორმულირებისაკენ, როდესაც რაღაცაზე დავობენ და მათ ესაჭიროებათ, რომ მოუსმინონ, თუნდაც შეკითხვა დაუსვან, რათა უზრუნველყონ ფორმულირების გამჭვირვალობა. შემდეგ, თუ კიდევ დარჩება პრობლემა, შესაძლებელი იქნება მისი სასარგებლოდ გადაჭრა. (უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის ძალიან ნაადრევად გადაჭრამ შესაძლოა მიანიშნოს პრობლემის მაფორმულირებელი საუბრისაგან თავის დაღწევის სურვილზეც.)

საუბრის კიდევ ერთ ვარიანტს წარმოადგენს ლექცია. ლექცია, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საუბარს (conversation) წარმოადგენს. ლექტორი საუბრობს, მაგრამ აუდიენცია მასთან არავერბალურად კონტაქტობს. ადამიანთა ურთიერთზეგავლენის გასაოცარი მოცულობა, უმეტესად კი ემოციონალური ინფორმაციის, მაგალითად ხდება, სხეულის მდგომარეობის წარმოჩენით და პირისახის ემოციით (როგორც ეს ფროიდის განხილვისას აღვნიშნეთ). კარგი ლექტორი არა მხოლოდ ფაქტებს გადმოსცემს (რაც ალბათ ლექციის ყველაზე უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს), არამედ ჰყვევა ისტორიებს ამ ფაქტების შესახებ, უთავსებს რა მათ აუდიტორიის აღქმის უნარებს, მათ მიერ გამოხატული ინტერესის შესაბამისად. ისტორია, რომელსაც პიროვნება აუდიტორიის წევრებს გადასცემს, მხოლოდ ფაქტებს როდი წარმოადგენს, არამედ ის მიუთითებს, თუ რატომაა ეს ფაქტები აქტუალური, რატომ არის მნიშვნელოვანი გარკვეულ საგანთა ცოდნა, რომელშიც ჯერ კიდევ არ არიან გათვითცნობიერებულნი. ზოგიერთ ფაქტთა მნიშვნელოვანების წარმოსაჩენად საჭიროა დამსწრე საზოგადოებისათვის მოყოლა, თუ როგორ შეუძლია ამ ცოდნას მათი ქცევის შეცვლა, ან სამყაროს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე ზეგავლენის მოხდენა, და რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება გარკვეული დაბრკოლებების თავიდან აცილება და უკეთესი მიზნებისაკენ უფრო სწრაფი პროგრესი.

ამ მიზეზით, კარგი ლექტორი საუბრობს აუდიტორიასთან ერთად და არა აუდიტორიის მიმართ ან აუდიტორიისთვის. წარმატების მისაღწევად, ლექტორმა თვალყური უნდა ადევნოს დამსწრეთა თითოეულ მოძრაობას, ჟესტიკულაციასა და ხმას. ამის გაკეთება, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, აუდიტორიის ყურებით ვერ მოხერხდება. კარგი ლექტორი პირდაპირ ესაუბრება და უყურებს ცალკეულ, იდენტიფიცირებად ადამიანებს, ნაცვლად რაიმე კლიშედ ქცეულის კეთებისა, მაგალითად, როგორიცაა აუდიტორიისადმი „საპრეზენტაციო საუბარი“. ყველაფერი მცდარია, რაც ამ ფრაზას უკავშირდება. თქვენ არ ახდენთ პრეზენტირებას. თქვენ ჰყვებით. არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს ცნება „მოყოლა“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის წინასწარაა ნასწავლი და დამახსოვრებული. ასევე არ არსებობს „აუდიტორია“. არსებობენ ინდივიდები, რომელნიც ჩართულნი უნდა იყვნენ საუბარში. კარგი გამოცდილების მქონე და კომპეტენტური სახალხო ორატორი მიმართავს ცალკეულ, იდენტიფიცირებად ადამიანს, უყურებს, რომ ინდივიდი თანხმობის ან უარის ნიშნად აქნევს თავს, წარბებს იჭმუხნის ან დაბნეულად იცქირება და ის (ორატორი) ამ ჟესტებსა და გამოხატულებებზე სათანადოდ და უშუალოდ პასუხობს. რამდენიმე ფრაზის შემდეგ, ის სხვა ადამიანზე გადაერთვება და იგივეს იმეორებს. ამ ხერხით ის დასკვნებს აკეთებს და რეაგირებს მთლიანი ჯგუფის პოზიციაზე (იმდენად, რამდენადაც არსებობს აგვარი რამ).

კიდევ არსებობს სხვა სახის საუბრები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა გონებამახვილობის გამოხატვისკენაა მიმართული. ისინიც შეიცავენ ბატონობის ელემენტებს, მაგრამ მიზანს წარმოადგენს თავის ყველაზე სახალისო მოსაუბრედ წარმოჩენა (წარმატება იმით განისაზღვრება, რომ თითოეული მონაწილე სიამოვნებას იღებს). როგორც ერთმა ჩემმა მახვილგონიერმა მეგობარმა აღნიშნა, ამგვარი საუბრების მიზანი იყო გეთქვათ, „ეს ყველაფერი ან სიმართლე იყო, ან სასაცილო.“ იმის გათვალისწინებით, რომ სიმართლე და იუმორი მჭიდრო კავშირში არიან, ამ კომბინაციამ გაამართლა. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ჭკვიანი, ლურჯფორმიანი მუშის საუბარი. ბევრ სარკასტულ, სატირულ, შეურაცხმყოფელ და როგორც წესი ძალიან კომედიურ საუბრებში მიმიღია მონაწილეობა, ჩრდილოეთ ატლანდაში, სადაც გავიზარდე იქ მცხოვრებ ადამიანებს შორის და მოგვიანებით რამდენიმე „სელაპის“ (Navy SEALs - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეციალური დანიშნულების ძალები - მთარგმნ. შენიშვნა) გარემოცვაში, რომლებსაც კალიფორნიაში შევხვდი. ისინი ერთი ჩემი ნაცნობი მწერლის მეგობრები იყვნენ, რომელიც საკმაოდ შემაძრწუნებელ პოპულარულ ნაწარმოებებს წერს. ისინი ყველანი ბედნიერნი იყვნენ იმით, რომ ეთქვათ რამე სასაცილო და მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენად თავზარდამცემი იქნებოდა ის.

არც ისე დიდი ხნის წინ, ლოს-ანჯელესში, ამ მწერლის მეორმოცე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ვიყავი. მას დაპატიჟებული ჰყავდა ერთ-ერთი ზემოთხსენებული „სელაპი“, თუმცა, რამდენიმე თვით წინ, მის ცოლს მძიმე სამედიცინო მდგომარეობა დაუდგინეს, რომელსაც ტვინის ოპერაცია სჭირდებოდა. მწერალი დაუკავშირდა თავის “სელაპ“ მეგობარს, აცნობა ვითარების შესახებ და მიანიშნა, რომ შესაძლებელი იყო ღონისძიების გაუქმება. „თქვენ რა, ფიქრობთ, რომ პრობლემა გაქვთ?“ - უპასუხა მეგობარმა. „მე ეს ესაა თქვენი წვეულებისთვის არაკომპენსირებადი ავია ბილეთები ვიყიდე!“ გაუგებარია, მთელი საზოგადოების რამდენმა ნაწილმა შეიძლება ამგვარი პასუხი სასაცილოდ მიიჩნიოს. ამასწინათ ეს ისტორია ჩემს სანაცნობო წრეში მოვყევი, მათ ამ ამბავმა უფრო თავზარი დასცა და შეაშფოთა, ვიდრე გაამხიარულა. ვცადე ამ ხუმრობის გამართლება, როგორც „სელაპის“ უნარისა გამკლავებოდა და აღმატებოდა ტრაგედიას, მაგრამ მაინცდამაინც ვერ შევძელი. და მაინც, მჯერა, რომ ამ ადამიანს მიზნად სწორედ ეს ჰქონდა და ვფიქრობ, რომ ის შემაშფოთებლად გონებამახვილი იყო. მისი ხუმრობა იყო გაბედული, თავზე ხელაღებულობამდე ანარქიული, რაც ზუსტად იმ მდგომარეობას წარმოადგენს, სადაც სერიოზულდ სასაცილო რაღაცები ვლინდება. ჩემმა მეგობარმა და მისმა ცოლმა გააცნობიერეს ქათინაური. მათ დაინახეს, რომ მათმა მეგობარმა იცოდა, რომ ისინი საკმარისად მტკიცენი იყვნენ, რომ ამ ხუმრობის დონეს (მოდით დავარქვათ ამას საკონკურსო ხუმრობა) გამკლავებოდნენ. ეს იყო ნებისყოფის ტესტი, რომელიც მათ წარმატებით ჩააბარეს.

აღმოვაჩინე, რომ ამგვარი საუბრები უფრო და უფრო იშვიათად ვლინდებოდა, ვინაცვლებდი რა უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში და ავდიოდი განათლებისა და სოციალური კიბის უფრო მაღალ სფეხურზე. შესაძლოა, ეს არც იყო კლასობრივი მოვლენა, თუმცა ჩემი შეხედულებით ასე იყო. შესაძლოა ამის მიზეზი ისაა, რომ უბრალოდ ასაკი მომემატა, ან რომ მეგობრებს, რომელსაც პიროვნება სიცოცხლის მოგვიანებით პერიოდში, სიჭაბუკის წლების შემდგომ იძენს, ნაკლებად აქვთ მოთხოვნილება უგუნური მეტოქეობრივი სიახლოვისა და ახირებული ხალისი ამ ახალგაზრდული ჯგუფური კავშირებისა. თუმცა, როდესაც ჩემი ორმოცდამეათე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, ჩრდილეოთში, ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი, ჩემმა ძველმა მეგობრებმა იმდენად ძლიერად მაცინეს, რომ რამდენჯერმე მომიწია სხვა ოთახში გავსულიყავი, ამოსასუნთქად. ამგვარი საუბრები ყველაზე სახალისოა და მენატრება ისინი. თავი უნდა დაიცვათ დამცირებისაგან ან უნდა გარისკოთ სერიოზული დამამცირებელი მდგომარეობით, მაგრამ არაფერია უფრო სიამოვნების მომგვრელი, ვიდრე აჯობო მას, ვინც უკანასკნელად წარმოჩინდა როგორც ყველაზე სასაცილო, ყველაზე შეურაცხმყოფელი ან ყველაზე უბედური. რეალურად, მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს: არ იყო მოსაწყენი (თუმცა, ასევე ძალიან ცუდი ფორმაა, რეალურად დაამარცხოთ ვინმე, როდესაც მიზნად მხოლოდ სხვების დამარცხება გაქვთ).

საუბარი გზაზე

საუბრის ბოლო ტიპი, მოსმენიდან გამომდინარე, არის საერთო კვლევა/ძიება. ის საჭიროებს მოსმენისა და საუბრის სანაცვლოდ იმავეს მიგებას. ის საშუალებას აძლევს ყველა მონაწილეს, გამოხატოს ფიქრები და მოახდინოს მათი ორგანიზება. საერთო კვლევაზე დამყარებულ საუბარს გააჩნია თემა, როგორც წესი კომპლექსური, რომელიც მონაწილეთა ნამდვილ ინტერესს წარმოადგენს. თითოეული მონაწილე ცდილობს პრობლემის გადაჭრას და არ მიილტვის საკუთარი პოზიციის აპრიორი ძალმოსილებისაკენ. მათი ქმედების საყრდენ წერტილს წარმოადგენს იმის ცოდნა, რომ რაღაც აქვთ სასწავლი. ამ ტიპის საუბარს მიეკუთვნება აქტიური ფილოსოფია _ ფიქრის უმაღლესი ფორმა და სწორი ცხოვრებისათვის საუკეთესო მზადება. ამგვარ საუბარში ჩართული ადამიანები ისეთ იდეებს უნდა განიხილავდნენ, რომელთაც თავად იყენებენ თავიანთი წარმოდგენების ორგანიზებისათვის და რომლებიც მათ ქცევასა და სიტყვებს განსაზღვრავენ. ისინი ეგზისტენციალურად ჩართულნი უნდა იყვნენ თავიანთ ფილოსოფიაში: ანუ, მისით უნდა ცხოვრობდნენ და მხოლოდ არ უნდა სჯეროდეთ ან ესმოდეთ მისი. მათ ასევე, მინიმუმ დროებით მაინც უნდა ჰქონდეთ თავდაყირა დაყენებული წესრიგის ქაოსზე მაღლა დაყენების ტიპური ადამიანური სურვილი (და ქაოსში არ ვგულისხმობ ჩვეულ, უაზრო ანტისოციალურ დაპირისპირებას). საუბრის ყველა სხვა ტიპი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მოსმენად საუბრებს, მიმართულია უკვე არსებული წესრიგის გამყარებისაკენ. საერთო ძიების ტიპის საუბარი კი პირიქით, საჭიროებს ისეთ ადამიანებს, რომლებას გადაწყვეტილი აქვთ, რომ უცნობი უფრო გამოსადეგი შეიძლება იყოს, ვიდრე ნაცნობი.

თქვენ უკვე იცით ის, რაც იცით და ამ ყველაფრის შემდგომ, თუ თქვენი ცხოვრება იდიალური არ არის, მაშინ თქვენი ცოდნა საკმარისი ვერაა. თქვენ კვლავ გემუქრებათ დაავადების, თავის მოტყუების, უბედურების, ღვარძლიანობის, ღალატის, გარყვნის, ტკივილისა და შეზღუდვის საფრთხე. საბოლოო ჯამში, თქვენ ყოველივე ამ ჩამოთვლილის სუბიექტი ხართ, რადგან ზედმეტად უცოდინარი ხართ იმისათვის, რომ მათგან თავდაცვა შეძლოთ. საკმარისი ცოდნა რომ გქონოდათ, შეძლებდით უფრო ჯანმრთელი და პატიოსანი ყოფილიყავით. ნაკლებად დაიტანჯებოდით. გააცნობიერებდით, შეეწინააღმდეგებოდით და გაიმარჯვებდით კიდეც ღვარძლიანობასა და ბოროტებაზე. არც მეგობარს უღალატებდით და არც ცრუ და თაღლითურ შეთანხმებას დადებდით საქმიანობაში, პოლიტიკასა თუ სიყვარულში. თქვენმა ამჟამინდელმა ცოდნამ არც იდეალური გაგხადათ და არც უსაფრთხოება მოგანიჭათ. ასე რომ, ის არადამაკმაყოფილებელია, ძირფესვიანად, ფატალურად არადამაკმაყოფილებელი.

სანამ ფილოსოფიურად ისაუბრებთ, ნაცვლად დამაჯერებლობისა, ჩაგვრისა, დომინანტობისა და თუნდაც გართობისა, უნდა დაეთანხმოთ ამას და მიიღოთ ყოველივე ეს. იქამდე უნდა დაეთანხმოთ, სანამ შეგიძლიათ შემწყნარებლობის გამოჩენა იმ საუბრების მიმართ, სადაც სიტყვა, რომელიც მუდმივად ქაოსსა და წესრიგს შორის შუამდგომლობს, ზეგავლენის მქონე, ფსიქოლოგიურ საუბარს წარმოადგენს. ამ ტიპის საუბრის მისაღწევად, საჭიროა პატივი სცეთ თქვენი ოპონენტების პირად გამოცდილებას. უნდა ივარაუდოთ, რომ მათ მიაღწიეს წინდახედულ, გააზრებულ, ჭეშმარიტ დასკვნებს (და ალბათ მათ უნდა ჰქონდეთ გამოცდილება, რომელიც ამართლებს მათ ვარაუდს). უნდა გჯეროდეთ, რომ თუ მათ თავიანთი დასკვნები გაგიზიარეს, შესაძლოა თქვენ შეძლოთ გვერდი აუაროთ მათ მიერ განვლილი ტკივილის თუნდაც მცირე ნაწილის პირადად გამოცდას (რამეთუ, სხვების გამოცდილებისაგან სწავლა უფრო სწრაფი და უფრო უსაფრთხო შეიძლება იყოს). ნაცვლად გამარჯვებისაკენ სწრაფვისა, უნდა განჭვრიტოთ. თუ ვერ შეძლებთ, ან უარყოფთ ამგვარად მოქცევას, მაშინ უბრალოდ ავტომატურად გაიმეორებთ იმას, რისიც უკვე გჯერათ, მისი გამართლების მოძებნითა და სისწორის დამტკიცების მცდელობით. მაგრამ თუ საუბრის დროს წონასწორობას დაიცავთ, მაშინ მოუსმენთ სხვა ადამიანს და იტყვით ახალ და გამორჩეულ რაღაცებს, რომლებიც სიღრმიდან თავისთავად ამოტივტივდებიან

ამგვარი საუბრების დროს, თითქოს საკუთარ თავს უსმენთ, ზუსტად ისე, როგორც სხვა ადამიანს. აღწერთ, თუ როგორი საპასუხო რეაქცია გაქვთ მოლაპარაკე ადამიანის მიერ გაზიარებულ ახალ ინფორმაციაზე. მოხსენებას აკეთებთ, თუ რა ზემოქმედება იქონია ამ ინფორმაციამ თქვენზე, რა ახალი მოვლენები წარმოჩინდა თქვენში, როგორ შეცვალა ამან თქვენი ვარაუდები, როგორ გაგიჩინათ ამ ყოველივემ ახალი კითხვები. თქვენ პირდაპირ უყვებით თქვენთან მოსაუბრეს ამას. შემდგომ ისინიც იმავე გავლენის ქვეშ ექცევიან. ამგვარად, თქვენ, ორივე წინ მიიწევთ სადღაც უფრო ახალის, ფართოს და უკეთესისაკენ. ორივე იცვლებით, როგორც კი ძველ წარმოდგენებს სიკვდილის საშუალებას აძლევთ, თითქოს კანს იცვლით და ახლად იბადებით.

ასეთი საუბარი ერთია, სადაც ორივე მონაწილის მხრიდან მიზანს თავად სიმართლე წარმოადგენს, ეს არის ნამდვილი მოსმენა და საუბარი. ამიტომაა ის მომხიბლავი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და აზრიანი. მნიშვნელობის ეს გრძნობა არის წამოსული სიგნალი სიღრმიდან, ჩვენი ყოფიერების უძველესი ნაწილებიდან. თქვენ იქ იმყოფებით, სადაც უნდა იყოთ, ცალი ფეხით წესრიგში, მეორე კი მერყევად გაქვთ გაწვდილი ქაოსისა და უცნობისაკენ. თქვენ ჩაფლული ხართ დაოში, მიუყვებით რა ცხოვრების დიდებულ გზას. აქ, საკმარისად სტაბილური ხართ, რომ დაცული იყოთ და საკმარისად მოქნილი, რომ ტრანსფორმაცია განიცადოთ. აქ, ნებას რთავთ ახალ ინფორმაციას, განგანათლოთ _ შეაღწიოს თქვენს სტაბილურობაში, გარდაქმნას და გააუმჯობესოს მისი სტუქრტურა, გააფართოვოს მისი ტერიტორია. აქ თქვენს ყოფიერების შემადგენელ ელემენტებს შეუძლიათ იპოვონ თავიანთი უფრო ელეგანტური ფორმირება. ამგვარ საუბარს ისეთ მდგომარეობამდე მიყავხართ, როგორშიც დიდებული მუსიკის მოსმენას, თან ზუსტად იმავე მიზეზით. ამგვარ საუბარს იქ მიჰყავხართ, სადაც სულები ერთმანეთს უკავშირდებიან და ეს რეალური ადგილია. ის გაფიქრებინებთ „ეს მართლა ღირებული იყო. ჩვენ ნამდვილად გავუგეთ ერთმანეთს.“ ნიღბები ჩამოცვივდნენ და მაძიებლები გამოაშკარავდნენ.

ასე რომ, მოუსმინეთ საკუთარ თავს და მათ ვისაც ესაუბრებით. შედეგად, თქვენს სიბრძნეს არა მხოლოდ თქვენ მიერ უკვე ხელთარსებული ცოდნა შეადგენს, არამედ ცოდნის მუდმივი ძიება, რაც სიბრძნის უმაღლეს ფორმას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზით თვლიდა სოკრატეს, რომელიც ყველთვის ჭეშმარიტებას ეძიებდა, დელფოს ორაკულის ქურუმი ქალი სხვებზე მაღლა მდგომად. ქურუმმა სოკრატე ყველაზე ბრძენ ცოცხალ კაცად დაახასიათა, რადგან მან იცოდა, რომ არაფერი იცოდა.

დაუშვით, რომ ადამიანმა, რომელსაც უსმენთ, შესაძლოა იცის რაღაც ისეთი, რაც თქვენ არ იცით.