ნაწილი მეორე - ტონალი და ნაგუალი

უნდა გჯეროდეს

დაქანცული მივდიოდი ქალაქის ცენტრისკენ პასეო და ლა რეფორმის ქუჩით. შემეძლო ავტობუსით წავსულიყავი ან ტაქსი გამეჩერებინა, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად მაინც ფეხით გავლა ვამჯობინე. კვირა დღე იდგა, მოძრაობა მინიმუმამდე დასულიყო, თუმცა ავტობუსისა და ავტომანქანების დიზელის ძრავების გამონაბოლქვს ცენტრალური რაიონის ქუჩები სმოგის ხეობისთვის დაემგვანებინა.

სკოლას მივუახლოვდი და შევამჩნიე, რომ მეხიკოს საკათედრო ტაძარი იმაზე უფრო ჩამონგრეულიყო რაც ბოლოს ვნახე. მისმა უდიდესმა დარაბებმა გამიტაცეს და თან თავში ცინიკური აზრები მომდიოდა.

აქედან ლაგუნილას ბაზარზე გავეშურე. არავითარი განსაკუთრებული მიზანი არ მქონდა, დავეხეტებოდი უმიზნოდ და არაფერს ვეძებდი. ბოლოს ძველი მონეტებისა და ნახმარი წიგნების დახლთან გავჩერდი.

-სალამი! ნახე აქ ვინ ყოფილა! - თქვა უცებ ვიღაცამ და მხარზე ხელი მეგობრულდ დამარტყა.

ამ ხმამ და წამოძახილმა უკან მიმაბრუნა, მარჯვნივ მოვტრიალდი და გაკვირვებისაგან პირი დავაღე. ადამიანი რომელიც დამელაპარაკა დონ ხუანი აღმოჩნდა.

-ღმერთო ჩემო დონ ხუან! - წამოვიძახე მე და თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა. - აქ რას აკეთებ?

-აქ რას აკეთებ? - გაიმეორა ექოსავით. მე ვუთხარი, რომ ქალაქში ორიოდე დღით გავჩერდი რომ მერე მექსიკის მთებში მის მოსაძებნად წავსულიყავი.

-კარგი მაშინ ასე ვთქვათ, რომ მე შენს შესახვედრად ჩამოვედი მთიდან, - თქვა მან ღიმილით და ხელი ისევ მხარზე დამარტყა.

ჩემი ნახვით გახარებული ჩანდა, ხელები თეძოებზე შემოიწყო, მკერდი წინ გამოწია და მკითხა მომწონდა თუ არა მისი გარეგნობა. მე კი მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ კოსტიუმი ეცვა. ამ წარმოუდგენელი სანახაობით გაკვირვებულმა პირი დავაღე.

-ჩემი ტაკუჩე (კოსტიუმი) როგორ მოგწონს? - სახეგაბრწყინებულმა მკითხა მან. სტანდარტული ესპანური სიტყვა „ტრახე“-ს მაგიერ მან ჟარგონული „ტაკუჩე“ გამოიყენა.

-დღეს კოსტიუმში, - დაიწყო მან თითქოს რაღაცა მიხსნიდა, მაგრამ მერე შემომხედა, გაღებულ პირზე მანიშნა და ღიმილით მითხრა - დახურე! დახურე!

დაბნეული ვიცინოდი. მან ჩემი შეცბუნება შენიშნა და თავადაც ახარხარდა, თან შემობრუნდა რომ უკეთესად დამეთვალიერებინა ყოველი მხრიდან. ძალიან ლამაზად ეცვა; ღია ყავისფერი კოსტიუმი, სწორი, გატკეცილი ნაკეცებით, ყავისფერი ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი და ჰალსტუხი! გონებაში საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნეტავ წინდებიც თუ ეცვა თუ მხოლოდ ფეხსაცმელები მათ გარეშე.

ჩემს გაოცებას უცნაური შეგრძნებაც დაემატა, როცა დონ ხუანმა მხარზე დამარტყა. ამ დროს ერთი წამით მომეჩვენა, რომ ისევ თავის ჩვეულ ხაკისფერ შარვალში, პერანგსა და სანდლებში დავინახე, ჩალის ქუდით ხელში. მერე კი, როცა მან თავისი ტანსაცმლის გააზრება მაიძულა, როცა ყურადღებით დავათვალიერე მისი ყოველი დეტალი, მისი ჩაცმულობის მთლიანობა ისეთი ფიქსირებული გახდა თითქოს ეს ჩემი აზრებით შემექმნა. ჩემი პირი კი თითქოს სხეულის ის ნაწილი იყო, რომელსაც განსაკუთრებით დაემჩნდა გაკვირვება. პირი ჩემდაუნებურად გაიღო, დონ ხუანი ოდნავ შეეხო ჩემს ნიკაპს თითქოს დახურვაში მეშველებოდა.

-შენ ნამდვილად ღაბაბს იზრდი, - მითხრა სიცილით და აი აქ მივხვდი, რომ ის შლაპის გარეშე იყო, მოკლე, თეთრი თმა მარჯვენა მხარეს გადაეყო და გადაევარცხნა. ისე გამოიყურებოდა როგორც მოხუცი მექსიკელი ჯენტლმენი, უზადოდ ჩაცმული ქალაქელივით.

ვუთხარი, რომ მისმა აქ დანახვამ ისე ამაღელვა, რომ ჯობდა დავმჯდარიყავი. მან მშვენივრად გამიგო და პარკში წასვლა შემომთავაზა.

რამდენიმე კვარტალი სრულ მდუმარებაში გავიარეთ, მერე კი გარიბალდის მოედანზე გავედით, იმ ადგილას სადაც მუსიკოსები თავიანთ სამსახურს გთავაზობდნენ. ეს მუსიკოსების თავისებური შრომის ბირჟა იყო.

მე და დონ ხუანი მაყურებელთა და ტურისტთა სიმრაველს შევერიეთ და პარკი გადავჭერით. ცოტა ხნის შემდეგ ის შეჩერდა, კლდეს მიეყრდნო და ოდნავ აიკაპიწა შარვალი, ღია ყავისფერი წინდები გამოუნდა. ვთხოვე აეხსნა თავისი ასეთი იდუმალი გარეგნული იერის მიზეზი. მისმა ბუნდოვანმა პასუხმა მხოლოდ ის გამაგებინა, რომ აუცილებელი იყო დღეს კოსტიუმში ყოფილიყო. უფრო მეტს მოგვიანეით გავიგებდი.

ის რომ დონ ხუანი კოსტიუმში ვნახე ისეთი წარმოუდგენელი იყო, რომ ჩემი გაოცება თითქმის უმართავი გახდა. მე ის რამდენიმე თვე არ მენახა და ამქვეყნად ყველაზე მეტად მასთან საუბარი მინდოდა. მაგრამ რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლა შეუფერებელი გარემოება იყო და ყურადღებაც გამეფანტა. დონ ხუანმა შეამჩნია ჩემი აღელვება და ლა ალამედაზე გასეირნება შემომთავაზა, უფრო წყნარ პარკში რამდენიმე კვარტლის მოშორებით.

პარკში ბევრი ხალხი მართლაც არ იყო და ცარიელი სკამის მოძებნა არ გაგვჭირვებია.ჩემი ნერვიულობა უხერხულობის გრძნობამ შეცვალა, ვერ ვახერხებდი დონ ხუანისთვის შემეხედა.

ხანგრძლივი, დაძაბული პაუზა ჩამოწვა. მერე კი, ისე რომ მისთვის არც შემიხედავს, ვუთხარი, რომ მისი მოძებნა შინაგანმა ხმამ მაიძულა, რომ იმ საოცარმა ამბებმა, მის სახლში რომ შევსწარი ისე იმოქმედა ჩემს ცხოვრებაზე, რომ აუცილებლად მიმაჩნდა მასთან ამაზე ლაპარაკი.

ხელით მოუთმენლობის ჟესტი გააკეთა და მითხრა, რომ წარსულის მოვლენებით ცხოვრება მისი სტილი არ იყო.

-მნიშვნელოვანი ისაა, რომ შენ ჩემი რჩევა შეასრულე, -თქვა მან, - აიღე შენი ყოველდღიურობა როგორც გამოწვევა. ხოლო ის რომ ასე ადვილად მომაგენი აქ ნიშნავს, რომ უკვე საკმარისი პირადი ძალა დაგიგროვდა.

-რაღაც არ მჯერა, - ვუთხარი მე.

-მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, მე გელოდებოდი და შენც გამოჩნდი, - მიპასუხა მან, - მეომრისთვის ეს საკმარისია.

-ახლა გიპოვე, მერე? - ვკითხე მე.

-პირველ რიგში მოდი ნუ შევეხებით ახლა იმ სიძნლეებს შენს გონებას რომ ტანჯავენ, რადგან ისინი სხვა დროსა და სხვა განწყობას ეკუთნიან. საერთოდ კი ეს მხოლოდ უსასრულო კიბის საფეხურებია და ახლა მათზე აქენტის გაკეთება მიმდინარე მომენტიდან გაქცევას ნიშნავს. მეომარი კი თავს ამის უფლებას არ მისცემს.

დაჩივლების უდიდესი სურვილი მქონდა., მაგრამ არა იმიტომ რომ რაღაც უკვე ჩადენილს ვნანობდი. მხოლოდ თანაგრძნობას და ნუგეშს ვეძებდი. დონ ხუანი კი თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა და ისე მესაუბრებოდა თითქოს ეს ხმამაღლა მეთქვას.

-მხოლოდ მეომარი გაუძლებს ცოდნის გზას, - მითხრა მან, - მეომარი არც ჩივის და არც არაფერს ნანობს. მისი ცხოვრება გამუდმებული გამოწვევაა, გამოწვევები ვერც კარგი იქნება და ვერც ცუდი, უბრალოდ გამოწვევებია.

ის მშრალად და მკაცრად საუბრობდა, თუმცა თბილი ღიმილით.

-ახლა კი, რადგან უკვე აქ ხარ, ნიშანს დაველოდებით, - თქვა მან.

-რა ნიშანს?

-უნდა დავიგოთ რამდენად მყარი ძალა გაქვს, - მიპასუხა მან, - წინა შემთხვევაში ის მთლიანად ამოიწურა, მაგრამ ახლა მგონი მართლა მზად ხარ ჯადოქრების ახსნა მოისმინო.

-შენ მომიყვები ამას?

-ეს შენ პირად ძალაზეა დამოკიდებული. შენ უკვე იცი, რომ მეომრის ქმედებაშიც და უმოქმედობაშიც მნიშვნელობა მხოლოდ პირად ძალას აქვს. მე მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ შენ საკმაოდ კარგად მოქმედებ.

ერთი წამის შემდეგ კი წამოდგა და თითქოსდა თემის შეცვლის მიზნით საკუთარ კოსტიუმზე მიმანიშნა.

-ეს კოსტიუმი შენს გამო ჩავიცვი, - მომმართა იდუმალი ხმით, - ეს კოსტიუმი ჩემი გამოწვევაა. ნახე რა კარგად გამოვიყურები! როგორ მსუბუქად ვმოძრაობ! ჰა? ხომ ასეა?

დონ ხუანი მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა. შედარებისთვის ჩემი ბაბუა გავიხსენე, რომელიც სწორედ ასეთი მძიმე, ფლანელის ინგლისურ კოსტიუმს იცვამდა. ყოველთვის მეგონა, რომ ამ კოსტიუმში ის თავს არაბუნებრივად გრძნობდა. დონ ხუანი კი პირიქით ძალიან ბუნებრივად გამოიყურებოდა.

-გგონია ჩემთვის ადვილია კოსტიუმის ასე თავისუფლად ტარება? - მკითხა მან.

არ ვიცოდი რა მეპასუხა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ისე გამოიყურებოდა და იქცეოდა თითქოს ეს მისთვის ამქვეყნად ყველაზე მარტივი რამ ყოფილიყოს.

-კოსტიუმის ტარება ჩემთვის გამოწვევაა, - თქვა მან, -ისეთივე რთული გამოწვევაა როგორც შენთვის სანდლებისა და პონჩოს ტარება, თუმცაღა შენ ასეთი გამოწვევა არც არასოდეს გქონია. ჩემი შემთხვევა სხვაგვარია,მე ინდიელი ვარ.

ერთმანეთს შევხედეთ, მან კითხვის ნიშნად წარბები აზიდა და ჩემს შენიშვნას დაელოდა.

-ამით განსხვავდება მეომარი ჩვეულებრივი ადამიანისგან,რომ ის ყველაფერს იღებს როგორც გამოწვევას, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი კი როგორც წყალობას ან ღვთის რისხვას. ის ფაქტი რომ შენ ახლა აქ ხარ მეუბნება, რომ უკვე მეომრის გზას ადგახარ.

ეს გამჭოლი მზერა მოსვენებას არ მაძლევდა. მინდოდა ავმდგარიყავი და ცოტაოდენი ფეხით გამევლო. თუმცა თავი შევიკავე.

-ასე მოუსვენრად იჯდები ვიდრე ყველაფერს არ გეტყვი. ჩვენ ნიშანს ველით, მის გარეშე ვერაფერს გავაგრძელებთ. მხოლოდ ის რომ აქ მიპოვე საკმარისი არაა, ისე როგორც იმ დღეს უდაბნოში მხოლოდ ხენაროს ნახვა არ იყო საკმარისი. შენი ძალა უნდა გამოჩნდეს და ნიშანი მოგვცეს.

-არ მესმის საით მიგყავს.

-დავინახე რაღაცა როგორ უტრიალებდა პარკს.

-მოკავშირე?

-არა მოკავშირე არაა, ამიტომაც უნდა დავრჩეთ აქ და გავიგოთ რას უტრიალებს შენი ძალა.

მერე მთხოვა დაწვრილებით მომეყოლა როგორ ვიცავდი მის რეკომენდაციებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. არ ვიცოდი საიდან დამეწყო, მან კი გამამხნევა, რადგან ჩემი პირადი საქმეები სულაც არ იყო პირადი ამ სიტყვის ჩვეული გაგებით. ისინი ჩემს მიერ დასმულ მაგიურ ამოცანას ეხებოდნენ.ხუმრობით დავიჩივლე, რომ ამ მაგიური ამოცანის გამო ცხოვრება მენგრეოდა, რომ ძალიან მიყვარდა ყოველდღიურობაში სიმშვიდის შენარჩუნება.

დიდხანს ვილაპარაკე, დონ ხუანს სიცილისაგან ცრემლები წამოუვიდა. ერთი ორჯერ ფერდებში კი შემოიკრა ხელი, ეს ჩვევა მისთვის ადრეც შემიმჩნევია. ახლა კი, კოსტიუმში გამოწყობილს ვფიქრობ სულ არ შეეფერებოდა.

-შენი კოსტიუმი უფრო მაშინებს ვიდრე ყველაფერი ის რასაც ჩემთან ჩადიხარ, - ვუთხარი მე.

-მიეჩვევი, - მიპასუხა მან, - მეომარი მიმდინარე უნდა იყოს და გარე სამყაროსთან ჰარმონიულად შეიცვალოს, გონების სამყარო იქნება ეს თუ ნების.

-რეალური საფრთხე მეომრისთვის მაშინ დგება, როცა ირკვევა, რომ სამყარო არც ერთია და არც მეორე. ითვლება, რომ ამ კრიზისულ სიტუაციიდან გამოსავალი ისაა რომ განაგრძო მოქმედება ისე თითქოს ამისი გჯერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მეომრის საიდუმლო ისაა, რომ მას სჯერა და არ სჯერა ერთდროულად. რა თქმა უნდა მეომარს არ შეუძლია, რომ უბრალოდ თქვას, რომ ამისი სჯერა და დამშვიდდეს. ეს ძალიან ადვილი იქნებოდა. უბრალო რწმენა მას სიტუაციის ანალიზის საშუალებას არ მისცემს. ყოველთვის, როცა მეომარი უკავშირდება რწმენას ის ამას საკუთარი სურვილით აკეთებს როგორც საკუთარი შეინაგანი განწყობის გამოხატულებას. მეომარს არ სწამს, ის ვალდებულია რომ სწამდეს.

ცოტა ხანს მდუმარედ ადევნებდა თვალს როგორ ვიწერდი. განსხვავებას მაინც ვერ მივხვდი, მაგრამ არც კამათი და არც კითხვების დასმა არ მინდოდა. მინდოდა მისი ნათქვანი გამეაზრებინა, მაგრამ გარშემო მიმდინარე მოვლენები ყურადღებას მიფანტავდა. ქუჩაში, ჩემს უკან, ხმამაღლა მოსიგნალე მანქანებისა და ავტობუსების გრძელი კოლონა გაჭიმულიყო; პარკის კიდეზე კი, ჩვენი სკამიდან 40 მეტრის მოშორებით იდგა 7-8 კაციანი ჯგუფი, მათ შორის 3 პოლიციელი ღია ნაცრისფერი ფორმით. ისინი ბალახზე უძრავად მწოლარე კაცს დაჰყურებდნენ. ის ან ძალიან მთვრალი იყო ან ავადმყოფი. შევამჩნიე, რომ დონ ხუანიც ამ კაცს უყურებდა. შევჩივლე, რომ ვერაფრით გავერკვიე მის მიერ ახლახანს მონაყოლში.

-არ შეგეკითხებოდი, - ვუთხარი მე, - მაგრამ ახლა თუ არ ამიხსნი მე თვითონ ვერაფერს გავიგებ. კითხვების არ დასმა ჩემთვის ძალიან უჩვეულოა.

-ძალიან გთხოვ ყველანაირად ეცადე ისეთი დარჩე როგორიც ხარ, - მოჩვენებითი სერიოზულობით განმიცხადა მან.

მე ვუთხარი, რომ არ მესმოდა სხვაობა როცა გწამს და როცა უნდა გწამდეს, ჩემთვის ეს ორივე ერთი იყო.

-გახსოვს ერთხელ შენს მეგობარსა და მის კატებზე რომ მომიყევი ? - მკითხა მან.

ჯერ ცას ახედა, მერე ფეხები წინ გაშალა, სკამის საზურგეზე გადაიწია და ხელები თავქვეშ ამოიდო და როგორც ხდება ხოლმე ამ დროს სახსრებმა ხმამაღლა დაიტკაცუნა.

ის იმ ამბავს გულისხმობდა ადრე რომ მოვუყევი.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა ქალმა სარეცხის საშრობში ორი ცოცხალ-მკვდარი კნუტი იპოვა. მან ისინი სახლში წამოიყვანა, მოუარა და დიდი კატები გაზარდა- ერთი შავი, მეორე ჟღალი. ორი წლის შემდეგ მან სახლი გაყიდა და რადგან კატების თან წაყვანა არ შეეძლო და ვერც ახალი პატრონი უპოვა, იძულებული გახდა ისინი კლინიკაში წაეყვანა და დაეძინებინა.

მე დავეხმარე მას, კატები კლინიკაში ჩემი მანქანით წავიყვანეთ. ისინი არასოდეს მსხდარან მანქანაში და პატრონი მათ დამშვიდებას ცდილობდა.ისინი იკბინებოდნენ და ფხაჭნიდნენ, განსაკუთრებით ჟღალი - მაქსი. როცა კლინიკასთან მივედით ქალმა შავი კატა ხელში აიყვანა და სიტყვისუთქმელად გადავიდა მანქანიდან. კატა ეთამაშებოდა და ლოყაზე თათს მსუბუქად ურტყამდა როცა მან კლინიკის კარი შეაღო.

მე მაქსს შევხედე, ის უკანა სავარძელზე იჯდა. შესაძლოა ჩემმა მზერამ შეაშინა და მძღოლის სავარძლის ქვეშ შეძვრა. მე გადავწიე სავარძელი რადგან მის გამოსაყვანად შეძვრომა არ მინდოდა, მეშინოდა, რომ ხელებს დამაკაწრავდა. კატა სავარძლის ქვეშ იჯდა. ის ძალიან აგზნებული იყო და სუნთქვაც გახშირებოდა. მე მიყურებდა. მეც შევხედე და განგაშმა მომიცვა, გაურკვეველმა უსიამოვნო შეგრძნებამ რომ მეც ამ საქმეში ვმონაწილეობდი.

მინდოდა მაქსისთვის ამეხსნა, რომ ეს ჩემი მეგობრის გადაწყეტილება იყო და მე მხოლოდ ვეხმარებოდი, კატა კი ისე მიყურებდა თითქოს ამას ხვდებოდა.

გავიხედე ჩემი მეგობარი ხომ არ მოდიოდა. შუშის კარში დავინახე როგორ ესაუბრებოდა მიმღებს. რაღაცამ გამკრა და კარი ავტომატურად გავაღე.

-გაიქეცი მაქს გაიქეცი! - დავუყვირე კატას. ის მანქანიდან გადახტა და ქუჩა ველური კატასავით გადაირბინა. ქუჩის მეორე მხარეს არავინ იყო, არც მანქანები იდგა და ვუყურებდი როგორ მირბოდა მაქსი ტროტუარის გასწვრივ; ბულვარის კუთხესთან მიირბინა და საკანალიზაციო ჭაში გაუჩინარდა.

როცა ჩემი მეგობარი დაბრუნდა მე ვუთხარი, რომ მაქსი გაიქცა. ის მანქანაში ჩაჯდა და სიტყვისუთქმელად დავიძარით.

მომდევნო თვეებში ჩემთვის ეს ინციდენტი სიმბოლური გახდა. მე ვხედავდი ანდა შეიძლება სულაც წარმოვიდგინე სასოწარკვეთილი შუქი მაქსის თვალებში, როცა უკანასკნელად შემომხედა ვიდრე მანქანიდან გადახტებოდა. ახლაც მჯერა, რომ ეს კასტრირებული, გასუქებული, უსარგებლო, სათამაშო-ცხოველი ნამდვილ კატად იქცა.

-დარწმუნებული ვარ, - ვუთხარი დონ ხუანს, - რომ მაქსმა გადაირბინა ქუჩა და საკანიზაციო ლუქში ჩახტა მაშინ, როცა მისი „კატის სული“ უზადო იყო და მის ცხოვრებაში ალბათ არც იყო სხვა ისეთი მომენტი როცა მისი „კატობა“ ასე თვალსაჩინო გახდა. ამ შემთხვევამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

მე ეს ამბავი ყველა მეგობარს მოვუყევი, თან შევატყე, რომ თავს ამ კატას ვადარებდი და ეს სულ უფრო მეტად მომწონდა.

თავს მაქსის მსგავსად ვთვლიდი - ზედმეტად განებივრებულად, ყველა შესაძლო მეთოდით „მოშინაურებულად“, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ოდესმე ადამიანის ნამდვილი სული ისე მომიცავდა როგორც მაქსის გასუქებული და უსარგებლო სხეული მოიცვა „ნამდვილმა“ კატამ.

დონ ხუანს ძალიან მოეწონა ეს ამბავი, მაგრამ სულთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნაც დაურთო. მან თქვა, რომ ადამიანის სული დრო და დრო ყველა ჩვენგანის არსებას მოიცავს, მაგრამ მისი შენარჩუნება მხოლოდ მეომარს შეუძლია.

-კატების ამბავზე რაღას იტყვი? - ვკითხე მე.

-როგორ ჩანს გწამს, რომ მაქსივით შეძლებ შენი შანსის გამოყენებას.

-კი მწამს.

-მე ვცდილობდი ამეხსნა შენთვის რომ მეომარს უბრალოდ კი არ სწამს, ის იძულებულია რომ სწამდეს. მაგალითად მაქსის შემთხვევაში შენ უნდა გწამდეს, რომ მისი გაქცევა უსარგებლო აღტკინება არ იყო. შესაძლოა ის საკანალიზაციო ჭაში ჩახტა და დაიღუპა, დაიხრჩო ან შიმშილით მოკვდა ან ვირთხების საკბილო გახდა. მეომარი ყველა ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს და მერე ისევ იმას ირჩევს რომელიც მის შინაგან განწყობას შეესაბამება.

როგორც მეომარს უნდა გჯეროდეს, რომ მაქსმა შეძლო ეს, უბრალოდ კი არ გაიქცა არამედ შეინარჩუნა თავისი ძალა. შენ ამის უნდა გწამდეს. მოდი ასე ვთქვათ, ამის გარეშე შენ არაფერი გაქვს.

განსხვავება უკვე ნათელი გახდა. მე ვფიქრობდი, რომ მაქსმა აირჩია გადარჩენა მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი როგორ იყო განებივრებული რბილ ბალიშზე წოლით.

-უბრალოდ გწამდეს ადვილია და მარტივი, - განაგრძობდა დონ ხუანი, - ხოლო იძულებული იყო გწამდეს სულ სხვაა, ამ შემთხვევაში შენთვის ძალა მშვენიერი გაკვეთილია. შენ ამჯობინებდი მხოლოდ მისი ნაწილი გამოეგეყენებინა. თუმცა თუ უნდა გწამდეს შენ ის მთლიანად უნდა გამოიყენო.

-მივხვდი რასაც გულისხმობ, - ვუთხარი მე. მართლაც მეგონა, რომ განუზომელი სიცხადით მესმოდა.

-ვშიშობ ჯერ კიდევ ვერ გაიგე, - თითქმის ჩაიჩურჩულა მან, - მინდა დაჟინებით დამაკვირდე.

მხოლოდ წამით გავუძელი მის მზერას.

-იმ კატას გულისხმობ? - ვკითხე მე.

-არა? მეორე? - უკმაყოფილოდ გავიმეორე.

მე მეორე სულ დამავიწყდა. ჩემი სიმბოლო მხოლოდ მაქსი იყო. მეორეს არავითარი მნიშვნელობა ჩემთვის არ ჰქონდა.

-მაგრამ მას მნიშვნელობა აქვს! - წამოიძახა დონ ხუანმა როგორც კი ამაზე ვკითხე.

-უნდა გჯეროდეს ნიშნავს, რომ მხედველბაში უნდა მიიღო მეორე კატასთან დაკავშირებული ამბებიც. ის ხომ ხელებზე ეთამაშებოდა პატრონს, სწორედ იმ ხელებს ულოკავდა რომლებსაც ბედისწერსთან მიჰყავდათ. ეს კატა სიკვდილს მშვიდად მიეახლა, თავისი კატური „სიბრძნით“ სავსე.

-შენ გგონია, რომ მაქსს გავხარ და მეორე კატა დაგავიწყდა. მისი სახელიც კი არ იცი. უნდა გჯეროდეს ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, ვიდრე გადაწყვეტ, რომ მაქსს გავხარ. იქნებ მეორე კატა უფროა შენი მსგავსი. გაქცევის და სიცოცხლის გადარჩენის ნაცვლად, როცა გგონია რომ საკუთარ შანსს იყენებ, იქნებ შენც ბედისწერისკენ მიდიხარ, შენ ადამიანური „სიბრძნით“ სავსე.

მის სიტყვებში გაუგებარი სევდა იყო, ანდა შესაძლოა ეს ჩემი სევდა გახლდათ. დიდხანს ვდუმდი. მართლაც არასოდეს მომსვლია თავში, რომ მეორე კატას ვგავდი. ამაზე ფიქრი ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდა.

ფიქრებიდან უეცრად ატეხილმა ხმაურმა გამომიყვანა. პოლიციელები ცდილობდნენ მიწაზე მწოლარე კაცის გარშემო მოგროვილი ხალხი დაეშალათ. ვიღაცას მისთვის თავქვეშ გაკეცილი პიჯაკი ამოედო. კაცი ქუჩის პარალელურად იწვა სახით აღმოსავლეთისკენ. ჩემი სკამიდან თითქმის დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ თვალები გახელილი ჰქონდა.

დონ ხუანმა ამოიოხრა.

-რა მშვენიერი დღეა, - ცას ახედა მან.

-არ მიყვარს მეხიკო, - ვთქვი მე.

-რატომ?

-ვერ ვიტან სმოგს.

თავი ოდნავ შეარხია თითქოს მეთანხმებოდა.

-ნეტავ მთებში ან უდაბნოში ვიყოთ, - განვაგრძე მე.

-შენს ადგილზე ამას არ ვიტყოდი, - მიპასუხა მან.

-მაგრამ მე ცუდი არაფერი მიგულისხმია დონ ხუან.

-ჩვენ ეს ორივემ ვიცით. მაგრამ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რისი თქმა გინდოდა, არამედ თავად პრინციპს. არც მეომარს და არც ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლიათ წინასწარ რაიმესთვის უპირატესობის მინიჭება, რადგან მეომარი გამოწვევის მიხედვით ცხოვრობს, ხოლო ჩვეულებრივმა ადამიანმა არასოდეს იცის სად მიაგნებს მას სიკვდილი. შეხედე იმ კაცს ბალახზე რომ წევს, როგორ ფიქრობ რა სჭირს მას?

-მთვრალია ან ავადაა.

-ის კვდება! - სრულიად დარწმუნებულმა განაცხადა დონ ხუანმა, - როგორც კი აქ დავსხედით მაშინვე შევამჩნიე სიკვდილის შუქი მას რომ დასტრიალებდა. ამიტომ არ მოგეცი ადგომის უფლება. რაც არ უნდა მოხდეს, დარი იქნება თუ ავდარი - შენ სკამიდან იქამდე არ ადგები ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა. სწორედ ესაა ის ნიშანი რომელსაც ველოდი. ახლა დღის ბოლოს და მზეც უკვე ჰორიზონტს შეეხო. ესაა შენი ძალის წამი. შეხედე! მომაკვდავი ადამიანის ხატება მხოლოდ ჩვენთვისაა.

მან მანიშნა, რომ იმ ადგილიდან სადაც ვიჯექი არაფერი არ გვიშლიდა ხელს იმ ადამიანისთვის გვეყურებინა. მოცლილების ჯგუფი მას ნახევარწრედ შემოჰხვეოდა საპირისპირო მხრიდან.

შეშფოთებულმა შევხედე ბალახზე მწოლარეს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო - მოკლე, ხვეული თმა ჰქონდა, გაღეღილი პერანგიდან მკერდი მოუჩანდა, იდაყვებზე გახეხილი ნარინჯისფერი პერანგი და დაღრეცილი სანდლები ეცვა. დაძაბული იყო. არ შემეძლო ზუსტად მეთქვა სუნთქავდა თუ არა. ვფიქრობდი მართლა კვდებოდა ეს კაცი თუ დონ ხუანი ხელოვნურად ცდილობდა სიტუაციის დრამატიზებას მორიგი გაკვეთილისთვის. უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ რაღაცნაირად ახერხებდა ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა მოერგო თავისი იდუმალი საქმიანობისთვის.

დიდი ხნის დუმილის შემდეგ დონ ხუანს მივუბრუნდი. ის თვალდახუჭული იჯდა.

-ეს ადამიანი ახლა მოკვდება, - თქვა მან თვალგაუხელელად,- თუმცა კი შენ ამის არ გჯერა არა? - მან თვალი გაახილა და მისმა გამჭოლმა მზერამ წამით გამაშეშა.

-არ მჯერა, - ვუპასუხე მე.

მე მართლაც არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ისე უბრალოდ ხდებოდა თითქოს ეს განგებ მოეწყო ვინმეს. პარკში შესვლა ვერ მოვასწარით და უკვე მომაკვდავს დავადექით თავზე.

-გარემოებები თავისთავად ეწყობა, - მითხრა მან ჩემი ეჭვების პასუხად, - ეს სპექტაკლი არაა, ეს ძალის ნიშანია.

-გონების სამყარო ამას რაღაც განყენებულად აქცევს, უბრალო შემთხვევად უფრო დიდი საქმეების გარეშე. ამ დროს ჩვენ უბრალოდ წამით ვამჩნევთ ადამიანს ბალახზე მწოლარეს და მკვდარი გვგონია.

-მაგრამ ნების სამყარო ამ სანახაობას ძალის მოქედებად გარდაქმნის. ამ დროს ვხედავთ სიკვდილს რომელიც ადამიანს დასტრიალებს. ის უფრო და უფრო ღრმად ასობს თავის ბრჭყალებს მის მანათობელ ძაფებს, ისინი კი ნელა ქრებიან ერთმანეთის მიყოლებით.

-აი ესაა ის ორი შესაძლებლობა რომელიც გვეძლევა როგორც მანათობელ არსებებს. შენ სადღაც შუაში ხარ, ჯერ კიდევ ძალიან გინდა, რომ სამყარო გონებით ახსნა, მაგრამ ვერც იმ ფაქტს უარყოფ, რომ შენმა პირადმა ძალამ ნიშანი მოგცა. ამ პარკში მას შემდეგ მოვედით რაც შენ იქ მიპოვე სადაც გელოდი. რაღაც მომენტში უბრალოდ თავს წამოგადექი, როცა არც ფიქრობდი და არც გეგმავდი, არც გონებას იყენებდი. მერე კი აქ დავსხედით და ნიშანს ველოდი. ორივე ამ ადამიანს ვაკვირდებოდით, მაგრამ ორივე თავისებურად შენ - გონებით, მე - ნებით.

სწორედ ესაა შანსის ის ერთი კუბური სანტიმეტრი რომელსაც ძალა მეომარს უხსნის. მეომრის ხელოვნება კი მუდმივ მდინარებაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის შანსს გაუშვებს. მე მოვასწარი ეს, შენ?

მე არ ვუპასუხე და ჩემს შიგნით გაჩენილი უსასრულო უფსკრულის გაცნობიერება დავიწყე და რაღაც მომენტში მეც ვიგრძენი ის ორი სამყარო რაზეც დონ ხუანი საუბრობდა.

-როგორი ამომწურავი ნიშანია! - განაგრძობდა დონ ხუანი, - და ეს ყოველივე შენთვის. ძალამ დაგანახა, რომ სიკვდილი აუცილებელი დანამატია რწმენის ვალდებულებასთან. სიკვდილის გაცნობიერების გარეშე ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. სწორედ ამიტომაა სამყარო ამოუხსნელი ამოცანა, რომ სიკვდილი ფეხ და ფეხ მოგვდევს. მე მხოლოდ აგიხსენი ამ ნიშნის დეტალები შენთვის რომ უფრო გასაგები ყოფილიყო და მიმართულებაც დაგენახა. ამასთან კიდევ რაღაც გაჩვენე, ის რაც შენ დღეს გითხარი ისაა, რაც მე თავად უნდა ვირწმუნო, რადგან ასეთია ჩემი სულის განწყობა.

ერთი წამით ერთანეთს თვალებში შევხედეთ.

-გახსოვს ლექსი რომ წამიკითხე, - მითხრა მან და თვალი ამარიდა, - ადამიანზე, რომელმაც პარიზში სიკვდილის პირობა დადო. როგორ იყო იქ?

ეს სეზარ ვალეხოს ლექსი იყო „შავი ქვა თეთრ ქვაზე“. მისივე თხოვნით არაერთხელ წამიკითხავს პირველი ორი სტროფი.

„გარდავიცვლები მე პარიზში როცა იწვიმებს
უკვე ვიხსენებ თითქოსდა იმ დღეს.
გარდავიცვლები მე პარიზში და არსად სხვაგან
შემოდგომაზე ალბათ, ოთხშაბათს - დღესაა ეს დღე.
დიახ ოთხშაბათს, რადგან დღეს ხომ ოთხშაბათია
ოთხშაბათია როცა სიკდილს ვუძებნი რითმებს,
მთელი ცხოვრება მარტოობე ესე სიმძაფრით
არ დამრევია, ძვლებშიც თითქოს გარადაქმნა ვიგრძენ“

ეს სტრიქონები რატომღაც გამოუთქმელი სევდით მავსებდა.

დონ ხუანმა მითხრა, რომ მომაკვდავს გააჩნია საკუთარი პირადი ძალა რათა მეხიკოს ქუჩა თავისი სიკვდილის ადგილად აერჩია.

-დღეს ისევ ვუბრუნდებით ორი კატის ამბავს, - მითხრა მან, - უნდა გვჯეროდეს, რომ მაქსს საკმარისი პირადი ძალა ჰქონდა მოახლოებული საფრთხის შესაცნობად. და ამ ადამიანის მსგავსად მანაც თავად აირჩა თავისი სიკვდილის ადგილი მაინც. მაგრამ იყო მეორე კატაც, ისე როგორც სხვა ადამიანები არიან, რომლებიც სიკვდილს მარტოობაში, საკუთარი სახლის კედლებში ხვდებიან.

მეორე მხრივ, ეს ადამიანი იქ მოკვდა სადაც ყოველთვის ცხოვრობდა - ქუჩაში. სამი პოლიციელი მისი საპატიო ყარაულია, როცა გონება დაკარგა მისმა თვალებმა უკანასკნელად შეხედა ქუჩის მეორე მხარეს მაღაზიის განათებულ ვიტრინებს, მანქანებს, ხეებს, გამვლელებს, გარშემო მოგროვილ ხალხს, მის ყურებში კი ისევ იდგა ქუჩის და ტრანსპორტის ხმაური და ქალებისა და მამაკაცების ხმები.

ასე რომ, როგორც ხედავ, სივდილის თანდასწრების გაცნობიერების გარეშე არ არსებობს არც ძალა და არც საიდუმლო.

დიდხანს ვუყურებდი ბალახზე მწოლარეს. არ ინძრეოდა. შესაძლოა მართლაც მკვდარი იყო. მაგრამ ჩემს სკეფსისს უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. დონ ხუანი მართალი იყო. უნდა გჯეროდეს, რომ სამყარო იდუმალი და შეუცნობელია. , ეს მეომრის ყველაზე ღრმა წინასწარგანწყობაა, რომლის გარეშეც მას არაფერი არ გააჩნია.