ნაგუალის დრო

 

მეორე დღეს დილით, ხუთშაბათს, ჩემს მეგობარს ვთხოვე ავიაბილეთების სალაროსთან გამყოლოდა, სადაც დონ ხუანმა ხელი მკრა და ლაგუნილას ბაზარზე აღმოვჩნდი. ყველაზე მოკლე მარშრუტი ავირჩიეთ და მაინც 35 წუთი დაგვჭირდა. როცა ბაზარში მივედით, ორიენტირება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მე ტანსაცმლის მაღაზიაში მივედი, იმ ფართო ქუჩის კუთხეში, სადაც მაშინ ჩვენ ვიდექით.

-მაპატიეთ, - ვუთხარი ახალგაზრდა ქალს, რომელიც ფრთხილად წმენდდა ქუდს, - სადაა აქ მეორადი წიგნებისა და მონეტების დახლები?

-აქ ასეთი არაფერია, - ბრაზნარევი ხმით მიპასუხა მან.

-მაგრამ გუშინ მე ვნახე ისინი ამ ბაზარზე.

-ნუ მასხარაობთ, - მიპასუხა მან და მაღაზიაში გაუჩინარდა.

მე მას გავეკიდე, ვევედრებოდი ეთქვა თუ სად იყო ის დახლები. მან თავიდან ფეხებამდე ამათვალ-ჩამათვალიერა.

-თქვენ მათ გუშინ ვერ ნახავდით, - მიპასუხა ბოლოს, - ამ დახლებს მხოლოდ კვირაობით დგამენ, პირდაპირ აქ, კედლის გასწვრის, სხვა დღეებში ისინი აქ არაა.

-მხოლოდ კვირაობით? - შევეკითხე მექანიკურად.

-დიახ, მხოლოდ კვირაობით. ასეთი წესია. სხვა დღეებში ისინი მოძრაობას ხელს შეუშლიან.

მითხრა მან და ფართო, მანქანებით გადავსებულ პროსპექტზე მანიშნა.

. . .

მე დონ ხენაროს სახლის წინ ფერდობი ავირბინე და დავინახე დონ ხუანი დონ ხენაროსთან ერთად კარის წინ გაშლილ მოლზე ისხდნენ. მათი ღიმილიდან იმდენი სითბო და გულწრფელობა მოდიოდა, რომ მაშინვე განგაშის გრძნობა მომაწვა. ავტომატურად სიარულიდან სირბილზე გადავედი და მიახლოებისთანავე მივესალმე.

-როგორ ხარ? - მკითხა დონ ხენარომ ისეთი სულშიჩამწვდომი ხმით რომ ორივემ გავიცინეთ.

-მშვენიერ ფორმაშია, - დამასწრო დონ ხუანმა ვიდრე მე რაიმეს მოვიფიქრებდი საპასუხოდ.

-ეტყობა კიდევაც, - უპასუხა დონ ხენარომ, - შეხედე მის ღაბაბს! მერე ამ ლოყებზე მოდებულ ქონს დააკვირდი!

დონ ხუანს სიცილისგან მუცელი ხელით ეჭირა.

-სახე დაგმრგვალებია, - აგრძელებდა დონ ხენარო, - რას აკეთებდი მთელი ეს დრო? მხოლოდ ჭამდი?

დონ ხუანმა ხუმრობით აუხსნა, რომ ჩემი ცხოვრების სტილი მოითხოვდა, რომ ბევრი მეჭამა. ისინი მეგობრულად მამასხარავებდნენ ხოლმე ჩემი ცხოვრების წესის გამო, მერე კი დონ ხუანმა მთხოვა მივსულიყავი და მათ შორის დავმჯდარიყავი. მზე უკვე დასავლეთით გაწოლილი მთების გრძელ ჯაჭვს მიფარებოდა.

-შენი განთქმული ბლოკნოტი სადაა? - მკითხა დონ ხენარომ. ხოლო როცა მე ის ჯიბიდან ამოვიღე წამოიძახა „იიპეე“! და ხელიდან გამომართვა.

აშკარაა რომ ძალიან ყურადღებით მაკვირდებოდა და ყველა ჩემი ჩვევა იცოდა. მას ბლოკნოტი ორივე ხელით ეჭირა და ათამაშებდა თითქოს არ იცოდა მისთვის რა ექნა. ორჯერ მომეჩვენა, რომ გადაგდებას უპირებდა მაგრამ თავი შეიკავა.მერე მუხლებზე დაიდო და გაითამაშა თითქოს ჩემსავით გაფაციცებით იწერდა რაღაცას. დონ ხუანი ისე ახარხარდა, რომ კინაღამ გული წაუვიდა.

-რას აკეთებდი რაც დაგტოვე? - მკითხა დონ ხუანმა როგორც კი ცოტა დამშვიდდნენ.

-ხუთშაბათს ბაზარში წავედი, - ვუპასუხე მე.

-რას აკეთებდი იქ? შენი ნაბიჯები გაიმეორე? - მკითხა მან.

დონ ხენარო ზურგზე დაეცა და პირით ისეთი ყრუ ხმა გამოსცა თითქოს თავი მიწაზე დაერტყას. მერე ცერად შემომხედა და თვალი ჩამიკრა.

-მე ეს უნდა გამეკეთებინა, - ვუპასუხე მე, - და აღმოვაჩინე, რომ კვირის დღეებში იქ არ დგამენ დახლებს სადაც ძველი მონეტები და წიგნები იყიდება.

ორივემ გაიცინა. მერე დონ ხუანმა შენიშნა, რომ კითხვების დასმა არაფერს ახალს არ მოგვცემდა.

-რა მოხდა სინამდვილეში დონ ხუან? - ვკითხე მე.

-დამიჯერე, არ არსებობს ამის გაგების გზა, - მშრალად მიპასუხა მან, - ამ საქმეში მე და შენ ერთ დონეზე ვართ. ამ შემთხვევაში ჩემი შენდამი უპირატესობა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მე ვიცი როგორ გავიკვლიო გზა ნაგუალისკენ, ხოლო შენ არა. მაგრამ როგორც კი იქ ვხვდებით მე შენზე მეტი აღარც ცოდნა მაქვს და აღარც რაიმე უპირატესობა.

-მაგრამ მე ხომ ნამდვილად ბაზარში აღმოვჩნდი დონ ხუან? - ვკითხე მე.

-რა თქმა უნდა, მე ხომ უკვე გითხარი, რომ ნაგუალი მეომარს ემორჩილება. ასე არაა ხენარო?

-სწორეა, - წამოიძახა დონ ხენარომ მჭექარე ხმით და ერთბაშად წამოდგა. ეს ისე მოხდა თითქოს მისმა ხმამ წამოაყენა მწოლიარე მდგომარეობიდან ვერტიკალურში.
ახარხარებული დონ ხუანი მიწაზე გაგორდა. დონ ხენარომ არც თუ კეთილმოსურნე გამომეტყველებით სასაცილოდ დამიკრა თავი და გამომემშვიდობა.

-შენ და დონ ხენარო ხვალ დილით ისევ ნახავთ ერთმანეთს , - მითხრა დონ ხუანმა, - ახლა კი აქ უნდა იჯდე, სრულ სიჩუმეში.
ამის მერე სიტყვაც აღარ გვითქვამს. რამდენიმესაათიანი დუმილის მერე ჩამეძინა. საათს დავხდე, უკვე თითქმის დილის 6 საათი გახლდათ.დონ ხუანმა მუქი ღრუბლების უზარმაზარი მასა შეათვალიერა აღმოსავლეთის ჰორიზონტზე და დაასკვნა რომ მოღრუბლული დღე იქნებოდა.დონ ხენარომ ჰაერი დაყნოსა და დაამატა, რომ დღე ასევე ცხელი და უჰაეროც იქნებოდა.

-შორს წავალთ? - ვიკითხე მე.

-აი იმ ევკალიპტებთან, - მიპასუხა დონ ხენარომ და მანიშნა დაახლოებით ერთი მილის მანძილზე მდებარე ჭალაზე.

  როგორც კი ხეებამდე მივაღწიეთ, მივხვდი, რომ ეს ჭალა სულაც არ იყო. ევკალიპტები სწორ რიგად ჩაემწკრივებინათ სხვა და სხვა კულტურით დათესილი მინდვრების საზღვრების გაყოლებაზე.
ჩვენ, სიმინდის ყანის კიდეზე, დაახლოებით 30 მ. სიმაღლის ხეების მწკრივის გასწვრივ გავიარეთ და ცარიელ მინდორს მივადექით. ვიფიქრე მოსავალი უკვე აეღოთ. მინდორში მხოლოდ ხმელი ღერები და რაღაც ჩემთვის უცნობი მცენარის ფოთლებიღა დარჩენილიყო. დავიხარე ფოთლის ასაღებად, მაგრამ დონ ხუანმა შემაჩერა. ჩემი ხელი ძალიან ძლიერად ჩაბღუჯა. ტკივილისაგან დავიკლაკნე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ოდნავ შემეხო თითის წვერით. ის ნამდვილად კარგად აცნობიერებდა რას აკეთებდა და მე რას განვიცდიდი ამ დროს. ხელი სწრაფად მომაშორა და წამის შემდეგ ისევ თითის წვერით შემეხო ხელზე. მან ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა და გაიცინა ჩემი დაჯღანული სახის დანახვით კმაყოფილმა. კეხიანი ცხვირი მას ფრინველს ამსგავსებდა, დიდ, უცნაურ, თეთრკბილებიან ჩიტს.

  დონ ხუანმა მშვიდი ხმით მთხოვა არაფერს შევხებოდი. მე ვკითხე ხომ არ იცოდა რომელ კულტურებს ზრდიდნენ აქ. მომეჩვენა, რომ პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ აქ დონ ხენარო ჩაერია და განაცხადა, რომ ეს მატლების მინდოდრი იყო. დონ ხუანი ღიმილის გარეშე, ყურადღებით დამაკვირდა. დონ ხენაროს უაზრო პასუხი ხუმრობას ჰგავდა. მინიშნებას ველოდი რომ სიცილი დამეწყო, ისინი კი გამომცდელად მომჩერებოდნენ.

-გიგანტური მატლების მინდორია, - გაიმეორა დონ ხენარომ, - კი ნამდვილად, ის რაც აქ იზრდებოდა ყველაზე მომხიბვლელი მატლები იყო რაც კი ოდესმე გინახავს.
მერე დონ ხუანისკენ მიბრუნდა, წამით ერთმანეთს შეხედეს.

-განა ასე არაა? - ჰკითხა მან.

-სრული სიმართლეა, - დაუდასტურა მანაც, მერე კი მე მომიბრუნდა და დაუმატა, რომ დღეს მართვის სადავეები ხენაროს ხელში იყო.

-მხოლოდ მას შეუძლია გითხრას რა რა არის, ასე რომ, აკეთე ზუსტად ის რასაც გეტყვის.

  იმის გაფიქრებაზე, რომ მართვის სადავეები ხენაროს ხელში იყო შიშით აღვივსე. დონ ხუანისკენ მივბრუნდი, რომ ეს მეთქვა, მაგრამ ვიდრე სიტვა დავძარი, დონ ხენარომ ძალიან ხმამაღლა, ყურისწამღებად დაიყვირა. ყვირილი ისე მჭექარე და საშინელი იყო, რომ ზურგზე დავეცი, კისერი დამეკრუნჩხა, ხოლო თმა ისე მომენტალურად დამიდგა ყალყზე თითქოს არარსებულ ქარს აეფრიალებინოს. უეცრად, სრულიად მოულოდნელად, ტოტალური დისოციაცია ვიგრძენი და ერთ ადგილას მიყინული დავრჩებოდი, რომ არა დონ ხუანი. მან წარმოუდგენელი სისწრაფით და მიზანმიმართულობით გადააბრუნა ჩემი სხეული, ისე რომ ჩემი თვალები გაუგონარი საქციელის მხილველნი გახდნენ. დონ ხენარო ჰორიზონტალურად იდგა ჩვენგან 50-იოდე ფუტის მანძილზე მდგომ ევკალიპტის ხეზე, მიწიდან დაახლოებით 100 ფუტის სიმაღლეზე. ის იდგა დაახლოებით ერთ მეტრზე გაშლილი ფეხებით ხის პერპენდიკულარულად. თითქოს ფეხსაცმლის ძირებზე კაუჭები ჰქონდა და მათი წყალობით გააცურა გრავიტაცია. ის მკერდზეგადაჯვარედინებული ხელებით იდგა ჩემგან ზურგით.

 ვუყურებდი და თვალის დახმხამებისა მეშინოდა, რომ მხედველობიდან არ დამეკარგა. სწარაფად გავიფიქრე, რომ თუ მხედველობის არეში დიდხანს დავტოვებდი, შევძლებდი დამენახა რაიმე მინიშნება, მოძრაობა ან კიდევ რაღაც რაც მიმდინარე მოვლნებში გამარკვევდა.  დონ ხუანის ტუჩები მარჯვენა ყურთან ვიგრძენი და გავიგონე როგორ ჩამჩურჩულა, რომ ყოველი მცდელობა რაიმე ახსნა მომეძებნა უსარგებლო და სულელური იყო. გავიგონე როგორ გაიმეორა:

-შეისუნთქე, კიდევ , კიდევ !

  ეს იყო ტაქტიკა რომელიც რამდენიმე წლის წინ მასწავლა, რათა მაშინ გამომეყენებინა როცა ძლიერ შიშს, სტრესს ან საფრთხეს ვიგრძნობდი. დიაფრაგმა ქვემოთ უნდა დამეწია, ოთხჯერ ღრმად ჩამესუნთქა პირით, ამას კი ოთხი ღრმა ჩასუნთქა ამოსუნთქვა მოსდევდა ახლა უკვე ცხვირით. მან ამიხსნა, რომ ასეთი მკვეთრი ჩასუნთქვები პირით ისე უნდა მეგრძნო როგორც ბიძგები მუცლის შუა ნაწილში და რომ ერთმანეთს მაგრად ჩაჭიდებული და მუცელზე მაგრად მიკრული ხელები მუცლის პრესს ძალას აძლევდა და ეხმარებოდა მოკლე და ღრმა სუნთქვები ეკონტროლბინა. ღრმა ჩასუნთქვები რვამდე დათვლით უნდა გაგრძელებულიყო დიაფრაგმის ქვემოთ დაწევასთან ერთად. ამოსუნთქვები იყოფოდა ორად, ორჯერ პირით და ორჯერ ცხვირით, სწრაფად ან ნელა, გააჩნია იმ მომენტში რომელს მიანიჭებდით უპირატესობას.

  ავტომატურად დავემორჩილე დონ ხუანს. თუმცა ვერც დონ ხენაროს ვწყვტდი თვალს. სანამ ასე ვსუნთქავდი ჩემი სხეული მოეშვა და შევძელი გამეცნობიერებინა, რომ დონ ხუანი ჩემს ფეხებს ატრიალებდა. აშკარაა, რომ როცა ის გარშემო მაბრუნებდა, ჩემი მარჯვენა ფეხი ამობრუნდა და მოუხერხებლად მოიხარა. ხოლო როცა როგორც იქნა გამასწორა მივხვდი, რომ ხეზე მდგომი დონ ხენაროს ნახვით ისე ვიყავი შოკირებული, რომ ფეხი სრულიად გადამავიწყდა.

  დონ ხუანმა მიჩურჩულა ნუ დავაკვირდებოდი დონ ხენაროს ასე დაჟინებით. გავიგონე როგორ მეუბნებოდა ის: „დაახამახამე თვალი, დაახამხამე!“ რამდენიმე წამი არ დავემორჩილე, ისევ მთხოვა თვალი დამეხამხამებინა. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი მე როგორც მაყურებელს მემართებოდა და თუ მე, როგორც დონ ხენაროს საქციელის ერთ-ერთი მოწმე მასზე დაკვირვებას შევწყვეტდი, ის მიწაზე დაეცემოდა და ეს სცენაც დამთავრდებოდა.

  ძალიან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დონ ხენარო გაინძრა და ქუსლები ორმოცდახუთი გრადუსით მოატრიალა მარჯვნივ. სხეული უთრთოდა. ვხედავდი როგორ დგამდა ნელა, პატარა ნაბიჯებს სანამ რვამდე არ ავიდა. ამასობაში ტოტიც კი გადაიღუნა. მერე, ჯერ კიდევ მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით ხის ტანზე დაჯდა ჩემსკენ ზურგით. ფეხები ისე ჩამოკონწიალებოდა თითქოს უბრალოდ სკამზე იჯდა და თითქოს გრავიტაციას მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მერე ასე მჯდომარე ჩამოცოცდა ცოტა ქვემოთ და მიაღწია იმ ტოტამდე მისი სხეულის პარალელურად რომ იზრდებოდა და რამდენიმე წამით მას მიეყრდნო. ალბათ არა იმდენად დასაყრდნობად არამედ დრამატული ეფექტისთვის. მერე ისევ მჯდომარე გახოხდა და ხის ტანიდან უკვე ტოტზე გადაძვრა, ვიდრე ისევ არ შეიცვალა მდგომარეობა და ახლა უკვე ხის ტოტზე არ დარჩა ნორმალურ მდგომარეობაში, როგორც საერთოდ სხდებიან ხოლმე ტოტზე. ჩემს უკან დონ ხუანი ნელა იცინოდა. პირში საშინელი გემო გამიჩნდა. მოხედვა მინდოდა მაგრამ მეშინოდა დონ ხენაროს მოძრაობებიდან რაიმე არ გამომპარვოდა.

  კიდევ დაახლოებით ერთი წუთი იჯდა დონ ხენარო ხის ტოტზე. მერე კი ისევ ხის ტანზე გადაცოცდა. დონ ხუანმა ორივე ხელით დამიჭირა თავი და მისი მარჯვნივ მობრუნება დაიწყო. ვიდრე ჩემი მზერა ხის პერპენდიკულარული კი არა პარალელური არ გახდა. ამ პერსპექტივიდან დონ ხენარო უკვე აღარ არღვევდა გრავიტაციის კანონს არამედ უბრალოდ ხეზე იჯდა. შევამჩნიე, რომ თუ ყურადღებით დავაკვირდებოდი და თვალს არ დავახამხამებდი მისი ფიგურა ბუნდოვან ფონზე დომინანატური ხდებოდა.

 დონ ხენარო ისევ სწრაფად ჩამოძვრა ტოტზე და ისე გაიჭიმა როგორც გიმნასტი ტრაპეციაზე. არადა პერსპექტივამ საშუალება მომცა მისი ორი მდგომარეობა დამეფიქსირებინა, განსაკუთრებით ხის ტანზე „ჯდომები“ როგორც ერთნაირად შესაძლებელი რამ. ამ დროს დონ ხუანმა ჩემი თავი მარჯვნივ მიაბრუნა, სანამ ნიკაპი მხარს არ მიებჯინა. დონ ხენაროს პოზა ისევ ნორმალური მეჩვენებოდა, მაგრამ როცა მან ისევ ხის ტანზე ასვლა სცადა მე აღქმაში აუცილებელი დაზუსტების გაკეთება ვერ შევძელი და ამობრუნებული რაკურსით დავინახე.

 დონ ხენარომ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა თავისი გადაადგილებები, დონ ხუანი კი ამ დროს ჩემს თავს ხან იქით ხან აქეთ აბრუნებდა. ამის შემდეგ მე მთლიანად დავკარგე ნორმალური პერსპექტივის შეგრძნება, ამის გარეშე კი დონ ხენაროს მოძრაობები აღარც ისე საშიში ჩანდა. დონ ხენარო დიდხანს დარჩა ტოტზე. დონ ხუანმა თავი სწორად დამაჭერინა და ჩამჩურჩულა, რომ დონ ხენარო ახლა დაეშვებოდა. მის ჩურჩულში მბრძანებლური ნოტები დავიჭირე: „შეისუნთქე მუცელი, კიდევ, კიდევ!“

  სუნთქვა შევიკარი, მაგრამ ამ დროს დონ ხენაროს სხეულმა თითქოს იფეთქა ელექტრული განათების რკალში. მერე ჩაინავლა და დონ ხენარო ერთი წამით უკან გადავარდა და მუხლებით დაეკიდა. მერე კი ტომარასავით დაეხეთქა ძირს. სანამ ის ეცემოდა თავად მე გამიჩნდა უსასრულო სივრცეში დაცემის შეგრძნება - რაღაცნაირი მტკივნეული და ამავე დროს სასიამოვნო მოქანცულობის. თან ისეთი ინტენსიური და ხანგრძლივი, რომ მუხლი მომეკვეთა და მიწაზე დავეცი, ძლივს მოვასწარი ხელის გაწოდება რომ დაცემა შემემსუბუქებინა. ისე მძიმედ ვსუნთქავდი, რომ რბილი და ფხვიერი მიწა ნესტოებში შემეყარა და ამქავდა. ადგომა ვცადე მაგრამ კუნთები აღარ დამემორჩილა.
 

  დონ ხუანი და დონ ხენარო მომიახლოვდნენ. მათი ხმები შორიდან მესმოდა და ამავე დროს ვგრძნობდი როგორ ცდილობდნენ ავეწიე ხელებით და ფეხებით და სადღაც გადავეყვანე. თავი უნებურად მივარდებოდა, ტანი კი სრულიად მოშვებული მქონდა, თვალები მეხილა მიწას და ბალახის კონებს ვხედავდი ჩემს ქვემოთ. მერე უცებ სიცივე ვიგრძენი და დავიკრუნჩხე, ხველება ამიტყდა რადგან ცხვირ-პირი წყლით ამევსო. ინსტიქტურად ცურვის მსგავსი მოძრაობები გავაკეთე. მაგრამ ხელით ფსკერს შევეხე და მხოლოდ მაშინ აღვიქვი, რომ მუხლებზე ვიდექი პაწია მდინარეში სადაც მათ ჩამაგდეს.

  დონ ხუანი და დონ ხენარო სულელურად იციოდნენ. შარვალაკაპიწებული დონ ხუანი მომიახლოვდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა, რომ ჯერ კიდევ მზად არ ვიყავი, მერე კი ისევ წყალში ჩამაგდო. ჩემს სხეულს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. აღარ მინდოდა ისევ წყალში ჩავარდნა მაგრამ კუნთები თითქოს ჩემი არ იყო და ისევ ზურგით ჩავეხეთქე წყალში. ამჯერად სიცივე აუტანელი გახლდათ, სწრაფად წამოვხტი და შეცდომით საწინააღმდეგო ნაპირზე აღმოვჩნდი. დონ ხენარო და დონ ხუანი უსტვენდნენ და პირდაპირ ჩემს წინ ბუჩქებში ქვებს ისროდნენ, თითქოს იქ ხბოს შეგდებას ცდილობდნენ. მე ისევ გადავკვეთე მდინარე და მათ გვერდით დავჯექი ქვაზე. დონ ხენარომ ჩემი ტანისამოსი მომაწოდა და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ შიშველი ვიყავი. თუმცა არც კი მახსოვდა როდის და როგორ გავიხადე. წყალი წურწურით ჩამომდიოდა მაგრამ ჩაცმა მაინც არ მინდოდა. დონ ხუანი დონ ხენაროს მიუბრუნდა და მჭექარე ხმით უთხრა.

-ღვთის გულისთვის მიეცი კაცს პირსახოცი!

  ორი წამის მერე როგორც იქნა ჩემამდე დავიდა მიმდინარე მომენტის აბსურდულობა. მშვენიერი მდგომარეობა მქონდა. თავს ისე ბედნიერად ვგრძნობდი, რომ ლაპარაკი არ მინდოდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ისინი ჩემს ეიფორიას შემაჩნევდნენ ისევ წყალში მომისროდნენ. დონ ხენარო თვალს მადევნებდა. თვალები ისე უელავდა როგორც ველურ ცხოველს და დაკვირვებით მიყურებდა.

-მშვენიერია, - მითხრა უცებ დონ ხუანმა, - ახლა უკვე მობილიზებული ხარ. მაგრამ ევკალიპტების ქვეშ ნაბიჭვარივით ინდულირებდი. მინდოდა ისტერიულად ავხარხარებულიყავი, დონ ხუანის

  სიტყვები რატომღაც ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა და ძალიან მოვინდომე, რომ თავი შემეკავებინა. მერე კი ჩემში თითქოს რაღაცამ ბრძანება გასცა. გაუკონტროლებელმა გაღიზიანებამ სხეულის შუა ნაწილში მაიძულა ისევ გამეხადა ტანსაცმელი და წყალში ჩავსულიყავი. მდინარეში დაახლოებით 5 წუთი დავრჩი. სიცივემ გამომაფხიზლა, როცა ამოვედი უკვე კარგად ვიყავი.

-მშვენივრად შეასრულე - მითხრა დონ ხუანმა და მხარზე ხელი მეგობრულად მომარტყა.

  მერე მათ ისევ უკან, ევკალიპტებთან წამიყვანეს. გზაში დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ჩემი ტონალი საშიშად მოწყვლადი გახდა და რომ დონ ხენაროს აუხსნელი საქიელი მისთვის ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. მან ასევე დაამატა, რომ თავიდან მათ გადაწყვიტეს მეტად აღარ შეხებოდნენ ჩემს ტონალს და ისევ ხენაროს სახლში დავბრუნებულიყავით. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ მე მივხვდი, რომ ისევ მდინარეში უნდა ჩავსულიყავი ყველაფერი შეცვალა. თუმცაღა მან მაინც არ მითხრა რის გაკეთებას აპირებდნენ.

  ჩვენ შუა მიდორში გავჩერდით, ზუსტად იმ ადგილას სადაც ადრე ვიყავით. დონ ხუანი მარჯვნის მედგა, დონ ხენარო მარცხნივ. ორივე დაძაბული იყო და დაახლოებით 10 წუთი ისე იდგნენ თითქოს რაღაცას ელოდნენ. მე მზერა ერთიდან მეორეზე გადამქონდა და იმედი მქონდა, რომ დონ ხენარო მინიშნებას მომცემდა როგორ მემოქმედა შემდეგ. არც შევმცდარვარ, რაღაც მომენტში ის მოეშვა და ფეხი მიწის მყარ ბელტებს ჰკრა. არც შემოუხედავს ისე მითხრა:

-ვფიქრობ უკეთესია წავიდეთ.

  მე ავტომატურად ვიფიქრე, რომ დონ ხენარო აპირებდა ჩემთვის ნაგუალის კიდევ ერთი დემონსტრაცია მოეწყო, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრა. ამოვისუნთქე. მერე კიდევ რაღაცას ველოდი, რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი . დონ ხენაროც მოეშვა, მერე კი ორივემ თითო ნაბიჯი გადმოდგეს წინ. ამით მივხვდი, რომ ყველაფერი აქ დამთავრდა. მაგრამ სწორედ იმ მომენტში როდესაც მეც მოვეშვი დონ ხენარომ თავისი უჩვეულო ხმა ამოუშვა. გამალებული ვსუნთქავდი, მოვიხედე, მაგრამ დონ ხენარო გამქრალიყო. ჩემს წინ დონ ხუანი იდგა და ხარხარისაგან მთელი ტანი უცახცახებდა. მერე ჩემსკენ მობრუნდა.

-მაპატიე, - ჩამჩურჩულა მან, - მაგრამ სხვა გამოსავალი არაა.

  მინდოდა დონ ხენაროს შესახებ მეკითხა, მაგრამ მივხვდი, რომ თუ სუნთქავს და დიაფრაგმის შეკუმშვას არ განვაგრძობდი მოვკვდებოდი. დონ ხუანმა რაღაც ადგილზე მანიშნა ნიკაპით ჩემს უკან. ფეხისმოუცვლელად დავიწყე თავის მარცხნივ მობრუნება, მაგრამ იქამდე სანამ იმას შევხედავდი რაზეც მანიშნა დონ ხუანი შეხტა და შემაჩერა. მისი ნახტომის ძალამ და იმ სისწრაფემ რითაც შემაჩერა წონასწორობა დამაკარგვინა. როდესაც ზურგზე ვეცემოდი მეგონა დონ ხუანს ჩავებღაუჭე და ჩემთან ერთად გავიყოლე მიწისკენ. მაგრამ როცა ზემოთ ავიხედე ჩემი დაქტილური და ვიზუალური შთაბეჭდილებები სრულიად შეუსაბამონი აღმოჩნდნენ. დავინახე, რომ დონ ხუანი თავზე მადგა და იცინოდა, თუმცაღა ამავე დროს ჩემი სხეული აღიქვამდა მეორე სხეულის სიმძიმეს, რომელიც მიწაზე მაჭყლეტდა.

  დონ ხუანმა ხელი გამომიწოდა და ადგომაში დამეხმარა. სხეულებრივ დონეზე ვგრძნობდი, რომ ის ორ სხეულს ეწეოდა - მან თანაგრძნობით გამიღიმა და ჩამჩურჩულა, რომ არასოდეს შეიძლება მარცხნივ მოხედვა როცა ნაგუალს უყურებ. მან მითხრა, რომ ნაგუალი ისედაც მომაკვდინებლად სახიფათოა და არ არის საჭირო რისკის კიდევ გაზრდა, ის ისედაც თავისთავად ძალიან მაღალია. მერე ფრთხილად მომაბრუნა და სახით უზარმაზარ ევკალიპტთან დამაყენა. ეს ალბათ შემოგარენში ყველაზე დიდი ხე იყო. მისი ტანი ნებისმიერ სხვაზე ორჯერ უფრო მსხვილი მაინც იქნებოდა. დონ ხუანმა თვალებით ხის კენწეროზე მანიშნა. იქ, ხის კენწეროზე, სახით ჩემსკენ დონ ხენარო იჯდა. ვხედავდი მის თვალებს როგორც შუქის ამრეკლ ორ უზარმაზარ სარკეს. მინდოდა შევბრუნებულიყავი, მაგრამ დონ ხუანმა დაიჟინა, რომ თვალი არ მომეშორებინა, თან ჩურჩულით მიბრძანა, რომ თვალის ხამხამი არ შემეწყვიტა და შიშს არ ავყოლოდი.

  მე შევამჩნიე, რომ თუ თვალებს ვახამხამებდი დონ ხენაროს თვალები აღარ მეჩვენებოდა ისე საშიში. მისი მზერა ჭკუიდანშემშლელი მხოლოდ მაშინ იყო, როცა თვალმოუცილებლად ვუყურებდი.
ის ტოტზე ძალიან დიდხანს იჯდა ჩაცუცქული. მერე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიწაზე ისკუპა ჩემგან დაახლოებით ორ იარდში და იმავე პოზაში დაეშვა ძირს. მისი ნახტომის დაკვირვებისას ვიცოდი, რომ იმაზე მეტს აღვიქვამდი ვიდრე ჩემი თვალები ხედავდნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი ნახტომი. თითქოს უკნიდან რაღაცამ უბიძგა და აიძულა პარაბოლურ მრუდზე ჩამოცურებულიყო. ტოტი, საიდანაც ჩამოხტა დაახლოებით 100 ფუტით მაინც იქნებოდა მიწიდან დაშორებული. ხოლო თავად ხე ჩემგან 150 ფუტის სიშორეზე იდგა, ამგვარად მის სხეულს პარაბოლა უნდა მოეხაზა აქ რომ დაშვებულიყო სადაც დაეშვა. მაგრამ დონ ხენაროს კუნთების ძალის ხარჯზე არ გადაულახავს ეს მანძილი. მის სხეულს თითქოს შეუბერეს და ისე ჩამოუშვეს მიწაზე. ერთ წამში მე მისი ფეხსაცმელების ძირები დავინახე და მისი სხეულის კონტურები პარაბოლას რომ ხაზავდნენ. მერე მსუბუქად დაეშვა თუმცა მისი სხეულის წონამ მიწის მშრალი, გამოფიტული გოროხები დაშალა და ცოტა მტვერიც დააყენა.

  ჩემს უკან დონ ხუნმა გაიცინა. დონ ხენარო ისე წამოდგა თითქოს არაფერი მომხდარიყოს და პერანგის სახელოზე მომქაჩა, ამით თითქოს მიმახვედრა, რომ ჩვენი წასვლის დრო იყო.
დონ ხენაროს სახლისკენ გავეშურეთ. გზაში ხმა არავის ამოგვიღია. ერთი-ორჯრ დონ ხუანი შეჩერდა და ჩემი თვალები დაათვალიერა. კმაყოფილი ჩანდა. როგორც კი სახლს მივუახლოვდით, დონ ხენარო სახლის უკან გავიდა. ჯერ კიდევ თენდებოდა. დონ ხუანი კართან იატაკზე დაჯდა და მეც მანიშნა სად დავმჯდარიყავი. დაქანცული დავწექი და ისე მომენტალურად გავითიშე როგორც გამორთული შუქი.

  დონ ხუანი მანჯღრევდა და ამან გამაღვიძა. მინდოდა გამეგო რომელი საათი იყო, მაგრამ საათი არ აღმომაჩნდა. მაშინ დონ ხუანმა ის პერანგის ჯიბიდან ამოიღო და გამომიწოდა. დღის პირველი საათი იყო. მე დონ ხუანს შევხედე და მანაც თვალი თვალში გამიყარა.

-არ შეიძლება ამ დროს რაიმე ახსნის მოძებნა, - მითხრა მან და მიბრუნდა, - მხოლოდ ნაგუალის მოწმე შეიძლება გახდე.

ეზოში გამოვედი და დონ ხენაროს ძებნაში სახლს შემოვუარე. არსად არ იყო. დაბრუნებისას აღმოვაჩინე, რომ დონ ხუანს ჩემთვის საუზმე მოემზადბინა, როგორც კი ვისაუზმე მან საუბარი დაიწყო:

-როცა საქმე ნაგუალთან გვაქვს, არასოდეს შეხედო მას პირდაპირ, - მითხრა მან, - დღეს დილით შენ მას თვალმოუშორებლად უყურებდი, ამიტომაც მთელი ენერგია დაკარგე. ერთადერთი ხერხი უყურო ნაგუალს როგორც ჩვეულებრივ მოვლენას ისაა, რომ თვალი უნდა დაახამხამო და არავითარ შემთხვევაში არ უყურო თვალმოუშორებლად. ჩვენი თვალები, ტონალის თვალებია, უფრო სწორად ტონალის მიერაა გამოწვრთნილი. ამიტომაც ტონალი მათ თავის საკუთრებად თვლის. შენი დაბნეულობის ერთ-ერთი წყარო ისიცაა, რომ შენი ტონალი შენს თვალებს თავს არ ანებებს. იმ დღეს როცა ის მათ მაინც შეეშვება შენი ნაგუალი უდიდეს ბრძოლას მოიგებს. შენი ხელისშემშლელი, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ყველას ხელის შემშლელი ისაა, რომ მივისწრაფით სამყარო ტონალის წესებით მოვაწყოთ. ამიტომაც ყოველ ჯერზე როცა ნაგუალს ვეჯახებით გზიდან ავცდებით ხოლმე, რათა ჩვენი თვალები გავაშტეროთ და უმოძრაო გავხადოთ. მე შენი ტონალის იმ ნაწილს უნდა მოვუწოდო რომელსაც ეს დილემა ესმის. შენ კი ძალისხმევას უნდა მიმართო და თვალები გაანთავისუფლო. შენ უნდა დაარწმუნო ტონალი, რომ სხვა სამყაროებიც არსებობს, რომლებსაც ზუსტად ამ ფანჯრების წინ შეუძლიათ გამოჩენა. ნაგუალმა შენ უკვე გაჩვენა ეს დღეს დილით. ამიტომაც მიეცი შენს თვალებს თავისუფლება. დაე ისინი ნამდვილი ფანჯრები გახდნენ. თვალები ფანჯრები უნდა იყონ რათა ქაოსსა და უსასრულობაში ჩაიხედონ.

დონ ხუანმა ხელი გაიქნია და გარშემო ყველაფრზე მანიშნა, თვალები უციმციმებდა, მისი ღიმილი კი ერთდროულად საშიშიც იყო და განმაიარაღებელიც.

-როგორ უნდა გავაკეთო ეს? - ვკითხე მე.

-გეტყვი, ეს ძალიან ადვილია. იქნებ ასე იმიტომ ვამბობ, რომ უკვე დიდი ხანია თავად ვაკეთებ. უბრალოდ განზრახვა გამშვები პუნქტივით უნდა დააყენო. როცა ტონალის სამყაროში იმყოფები უზადო ტონალი უნდა იყო და დრო არ დაკარგო ირაციონალურ ამაოებაზე. თუმცა ნაგუალის სამყაროშიც ასევე უზადო უნდა იყო - არ დაკარგო დრო აზრიანი ამაოებისთვის. მეომრისთვის განზრახვა კარია მოსაზღვრე მდგომარეობაში. ის მთლიანად იხურება როცა ერთ ან მეორე მხარეს გადადის.  მეორე, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო ნაგუალთან შეხვედრისას უნდა იცვალო მზერის მიმართულება რათა ნაგუალმა არ მოგნუსხოს. თვალების მდგომარეობის ცვლილება ტონალის ტვირთს ამსუბუქებს. დღეს დილით მე შევამჩნიე, რომ შენ ძალიან მოწყვლადი იყავი. ამიტომაც შეგაბრუნებინე თავი. უნდა ისწავლო მსგავს შემთხვევებში ეს თავად როგორ გააკეთო. თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ ცოტა ხნით ამოისუნთქო დ არა იმისთვის რომ თავი შეიზღუდო და ტონალის წესებში დარჩე. პატიოსან სიტყვას გაძლევ შენ აუცილებლად ცდი ამ ტექნიკის გამოყენებას, რომ ამით შენი ტონალის რაციონალობა დამალო და ამავე დროს ჩათვლი, რომ მას განადგურებისაგან იცავ. საქმე კი იმაშია, რომ არც არავინ აპირებს ტონალის რაციონალობის განადგურებას. ასე რომ შენი შიში უსაფუძვლოა.

-მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა რომ ხენაროს ყველა მოძრაობას უნდა დააკვირდე ისე, რომ თავი არ გამოიფიტო. ახლა ამოწმებ შენი ტონალი უმნიშვნელო დეტალებით ხომ არ გადაიტვირთა. თუ შენს კუნძულზე ძალიან ბევრი უსარგებლო ნივთია, მაშინ შენ ნაგუალის პირისპირ დგომა გაგიჭირდება.

-რა დამემართება?

-შეიძლება მოკვდე. არავის შეუძლია ნაგუალთან განზრახ შეხვედრის მერე გადარჩენა განსაკუთრებული და ხანგრძლივი მომზადების გარეშე. წლებია საჭირო რომ ტონალი ასეთი შეხვედრისათვის შეამზადო. ნაგუალთან პირისპირ აღმოჩენისას როგორც წესი ჩვეულებრივი ადამიანი შოკისაგან კვდება. მეომრის წვრთნის მიზანი სულაც არაა რაღაც ბოროტი ჯადოსნობის სწავლება, არამედ მხოლოდ ის, რომ ასწავლო ტონალს არ მოცდეს სისულელეეებზე. ეს ძალიან ძნელად მიიღწევა. მეომარი უზადო და სრულიად ცარიელი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯობია სულაც არ იფიქროს ნაგუალთან შეხვედრაზე.

-მოდი შენი შემთხვევა ავიღოთ. თავი უნდა დაანებო გათვლებს. ის რასაც დღეს დილით აკეთებდი აბსურდული იყო. შენ ამას ახსნებს ეძახი, ხოლო მე კი - ტონალის უსაგნო და უნაყოფო მცდელობებს არაფერი გაექცეს კონტროლიდან. როცა ის ამას ვერ ახერხებს დაბნეულობის მომენტი დგება და სწორედ მაშინ ეხსნება ტონალი თავისივე სიკვდილს. ის თვითკმაყოფილი იდიოტია! ის მზადაა თავი მოიკლას და კონტროლი არ დათმოს და მაინც ჩვენ სულ მცირედის გაკეთება შეგვიძლია რომ ეს ვითარება შევცვალოთ.

-თავად შენ როგორ ცვლი ამას დონ ხუან?

-ტონალის კუნძული კარგად უნდა გამოგავო და სუფთად შეინახო. ეს ერთადერთი ალტერნატივაა რაც მეომარს გააჩნია. სუფთა კუნძული წინააღმდეგობას არ გაგიწევს. მას საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

ის ეზოში გავიდა და დიდ ბრტყელ ქვაზე დაჯდა. იქიდან შეეძლო ხევში გადახედვა, მანიშნა გვერდით დავჯდომოდი.

-დონ ხუან, ვერ მეტყვი კიდევ რა უნდა გავაკეთოთ დღეს? - ვკითხე მე.

-არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. მე და შენ მხოლოდ მოწმეები ვიქნებით. შენი ბენეფაქტორი ხენაროა.

თავიდან ვიფიქრე, რომ გამუდმებული წერის გამო კარგად ვერ გავარჩიე რას მეუბნებოდა. ჩემი მოსწავლეობის საწყის ეტაპზე დონ ხუანმა შემოიტანა ტერმინი „ბენეფაქტორი“. ამ დროიდან მოყოლებული მეგონა რომ თავად იყო ჩემი ბენეფაქტორი. დონ ხუანი ჩუმად მიყურებდა. სწრაფად მოვისაზრე და დავასკვენი, რომ დონ ხაუნი ჩემთვის ამ შემთხვევაში რაღაც ვარსკვლავ-შემსრულებლის მსგავსი იყო. დონ ხუანს ისე გაეცინა თითქოს ჩემი აზრები წაეკითხოს.

-ხენაროა შენი ბენეფაქტორი, - გაიმეორა მან.

-კი მაგრამ შენ, ნუთუ ეს შენ არ ხარ? - სასოწარკვეთილი ხმით ვიკითხე მე.

-მე ის ვარ ვინც შენი ტონალის კუნძულის დაგვაში გეხმარება, - მიპასუხა მან, - ხენაროს ორი მოსწავლე ჰყავს - პაბლიტო და ნესტორი. ის მათ კუნძულის დაგვაში ეხმარება. აი ნაგუალს კი მათ მე ვაჩვენებ. მე მათი ბენეფაქტორი ვიქნები. ხენარო მხოლოდ მათი მასწავლებელია. ასეთ შემთხვევაში ან უნდა ილაპარაკო ან იმოქმედო. არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანთან ერთიც აკეთო და მეორეც. ან ტონალის კუნძულს ირჩევ ან ნაგუალს. შენს შემთხვევაში მე ტონალზე უნდა ვიმუშავო.

დონ ხუანის ამ სიტყვებმა ისეთი საშინელი შიში მომგვარა, რომ კინაღამ გული წამივიდა. ვშიშობდი, რომ დონ ხენაროსთან დამტოვებდა, ჩემთვის კი ამაზე უარესი არაფერი არ იყო.
როცა დონ ხუანს ჩემი შიშები გავუმხილე, სიცილისაგან ცრემლები წამოუვიდა.

-პაბლიტოსაც ზუსტად ეგ დაემართა, - მიპასუხა მან, - ჩემს დანახვაზე შიშისაგან ცუდად გახდა. ერთხელ, იმ დროს როცა ხენარო ჩემთან არ იყო, სახლში მხოლოდ მე ვიყავი და როცა პაბლიტომ კარში მხოლოდ ჩემი სომბრერო დაინახა მისი ტონალი ისე შეშინდა, რომ მან უბრალოდ ჩაიფსა.

 სულ ადვილად შემეძლო პაბლიტოს გაგება. რაც უფრო ვაკვირდებოდი, გულწრფელად შემეძლო მეთქვა, რომ დონ ხუანი საზარელი გახდა. თუმცა მე უკვე მივჩვეოდი მასთან ყოფნას. მის კომპანიაში იმ სიახლოვეს ვგრძნობდი რომელიც ამდენი ხნის ურთიერთობისას ჩამოგვიყალიბდა.

-მე არ ვაპირებ ხენაროს შეგატოვო, - სიცილით მითხრა მან, - მე ის ვარ ვინც შენს ტონალზე ზრუნავს, უამისოდ შენ მოკვდები.

-ყოველ მოსწავლეს ჰყავს მასწაველებელი და ბენეფაქტორი? - ვკითხე რომ ჩემი შფოთვა დამეცხრო.

-არა, მაგრამ ზოგიერთს ჰყავს.

-რატომ მხოლოდ ზოგიერთს?

-როცა ჩვეულებრივი ადამიანი მზადაა, ძალა მას მასწავლებელს უვლენს და ის მოსწავლე ხდება, როცა მოსწავლე მზადაა ძალა მას ბენეფაქტორს უვლენს და ის ჯადოქარი ხდება.

-რას ნიშნავს იყო მზად იმისთვის, რომ ძალამ ბენეფაქტორი მოგივლინოს?

-ეს არავიან იცის. ჩვენ მხოლოდ ადამიანები ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი ის ადამიანია რომელმაც ნაგუალის დანახვა და გამოყენება ისწავლა. მაგრამ ვერც ერთი ჩვენი მიღწევა ვერ დაგვეხმარება ძალის გეგმების გაგებაში. ამიტომ ჰყავს ყოველ მეომარს ბენეფაქტორი. ყველაფერს ძალა წყვეტს.

  მაშინ ვკითხე მას თუ ჰყავდა მასწავლებელი და ბენეფაქტორი და 13 წლის განმავლობაში მან პირველად დაილაპარაკა ამაზე ღიად. მითხრა, რომ მისი მასწავლებელიც და ბენეფაქტორიც ცენტრალური მექსიკიდან იყო. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩემი ანთროპოლოგიური კვლევებისთვის ნებისმიერი ინფორმაცია დონ ხუანზე ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ ახლა ამან რატომღაც მნიშვნელობა დაკარგა. დონ ხუანმა შემომხედა, როგორც მომეჩვენა თანაგრძნობით. მერე უცებ მკვეთრად შეცვალა თემა და მთხოვა დაწვრილებით მომეყოლა ჩემს დილანდელ განცდებზე.

-უეცარი შიში ყოველთვის კუმშავს ტონალს, - მითხრა მან, როცა დონ ხენაროს წამოყვირების შემდგომ ჩემს შეგრძნებებს განიხილავდა, - პრობლემა ისაა, რომ ნება არ მისცე ტონალს სულ არარაობამდე შეიკუმშოს. მეომრისთვის ეს სერიოზული საკითხია როდის მისცეს შეკუმშვის ნება თავის ტონალს და როდის შეჩერდეს. ეს დიდი ხელოვნებაა, მეომარი დემონივით უნდა იბრძოდეს თავისი ტონალის შესაკუმშად. იმავე მომენტში როცა მისი ტონალი შეკუმშვას იწყებს მეომარი შემოაბრუნებს თავის ბრძოლას და თავისივე ტონალის შეკუმშვის წინააღმდეგ მიმართავს.

-მაგრამ განა ეს მეომარს პირველსაწყის მდგომარეობაში არ აბრუნებს? - ვკითხე მე.

-არა, მას შემდეგ რაც ტონალი იკუმშება მეომრი კარს მეორე მხრიდან ხურავს და იქამდე ვიდრე ტონალს არაფერი ემუქრება მეომარი ზღუდის მეორე მხარეს დგას. ის იქ ნაცნობ ნიადაგზეა და ყველა წესი იცის. მაგრამ როცა ტონალი იკუმშება ის ქარიან მხარეს ხვდება, საიდანაც უბერავს და ის საიმედოდ უნდა დაიხუროს თუ არადა ტონალს ქარი წაიღებს. ეს მხოლოდ ალეგორიული გამოთქმა არაა. ტონალის კარის მიღმა ქარიშხალი ტრიალებს, ნამდვილი ქარიშხალი. ამ ქარიშხალს შენი სიცოცხლის წაღება შეუძლია. ეს მეტაფორა არაა, ეს ის ქარია რომელმაც ყველა ცოცხალი არსება შეკრიბა დედამიწაზე. რამდენიმე წლის წინ შეგახვედრე ამ ქარს თუმცა მაშინ შენ ეს ხუმრობად მიიღე.

მან ის შემთხვევა მომაგონა როცა მთებში წამიყვანა და ქარების თავისებურებები ამიხსნა. თუმცა მე არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ხუმრობა იყო.

-არ აქვს მნიშვნელობა სერიოზულად მიიღე ეს თუ არა, - მითხრა მან, როცა ჩემი პროტესტი მოისმინა, - კანონი იმაში მდგომარეობს, რომ ტონალმა თავი ნებისმეირ ფასად უნდა დაიცვას, როცა რაიმე საფრთხე ემუქრება.

-არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ რეაგირებს ტონალი თავდაცვისას. მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანია ტონალი აცნობიერებდეს ყველა შესაძლო ალტერნატივას. ამიტომ მასწავლებელი მთელ ძალისხმევას იქითკენ მიმართავს, რომ ამ შესაძლებლობათა წონა გაზარდოს. სწორედ ახალი შესაძლებლობების წონას შეუძლია როგორც შეკუმშოს ტონალი ისე შეაჩეროს მისი კუმშვა ვიდრე ის არარაობამდე დაპატარავდება.

მერე მან ნიშანი მომცა დილანდელი მოვლენების ჩემეული ახსნა განმეგრძო და მაშინ შემაწყვეტინა, როცა დონ ხენაროს ხის ტოტიდან ტოტზე გადაადგილების აღწერამდე მივედი.

-ნაგუალს არაჩვეულებრივი რაღაცების გაკეთება შეუძლია, - მითხრა მან, - ისეთების ტონალისთვის წარმოუდგენელი და შეუძლებელი რომაა. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ადამიანი რომელიც მათ ასრულებს აზრზე არაა ამას როგორ აკეთებს. უკეთ რომ გითხრა ხენარომ არ იცის ამას როგორ აკეთებს. ჯადოქრის საიდუმლო იმაშია, რომ მან იცის როგორ მივიდეს ნაგუალამდე, მაგრამ როცა იქ მოხვდება მისი მოსაზრებები იქ მიმდინარე პროცესებზე შენსაზე არაფრით უკეთესი არაა.

-რას გრძნობ როცა ამ ყველაფერს აკეთებ?

-გრძნობ თითქოს რაღაცას აკეთებ.

-გრძნობს დონ ხენარო რომ ხის ტოტზე დაცოცავს?

დონ ხუანმა ერთი წამით შემომხედა მერე მიბრუნდა.

-არა, - ჩურჩულით თქვა მან, - ისე არა როგორც ეს შენ გესმის.

მეტი არაფერი უთქვამს. მისი ახსნების მოლოდინში ფაქტიურად სუნთქვა შევიკარი. ბოლოს ვკითხე.

-მაშ რას გრძნობს ის?

-ვერ გეტყვი. და არა იმიტომ რომ ეს მისი პირადი საქმეა, არამედ იმიტომ რომ ამის აღწერის გზა არ არსებობს.

-ძალიან გთხოვ, - შევეხვეწე მე, - არ არსებობს არაფერი ისეთი რისი სიტყვით ახსნაც არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინაც კი როცა რაღაცის გამოთქმა პირდაპირ შეუძლებელია, ყოველთვის შეიძლება მასზე მინიშნება.

დონ ხუანს გაეცინა კეთილი და მეგობრული სიცილით. თუმცა მის სიცილში დაცინვის ჩრდილი და რაღაცა მზაკვრულიც გამოკრთოდა.

-იძულებული ვარ თემა შევცვალო, - თქვა მან, - იმით დაკმაყოფილდი, რომ დილით შენ ნაგუალი ნახე. რაც არ უნდ გაეკეთებინა ხენაროს, ეს შენი და მისი ნაზავი იყო. მისი ნაგუალი შენმა ნაგუალმა აირეკლა.

მე ისევ განვაგრძე მცდელობები.

-როცა შენს ნაგუალს პაბლიტოს უჩვენებ რას გრძნობ?

-არ შემიძლია შენთვის ამის ახსნა, - წყნარად მითხრა მან, - და არა იმიტომ რომ არ მინდა, უბრალოდ ჩემი ტონალი აქ ჩერდება.

აღარ მინდოდა კიდევ ჩავძიებოდი. გარკვეული დრო ვდუმდით, მერე კი მან ისევ წამოიწყო საუბარი.

-შეიძლება ითქვას, რომ შენი მეომარი თავისი ნების განსაზღვრას სწავლობს, ნემსის სიზუსტით მიმართავს მას და იქ აფიქსირებს სადაც უნდა. ისე, თითქოს მისი ნება, რომელიც სხეულის შუა ნაწილიდან გამოდის, მისი ერთადერთი მანათობელი ძაფი ყოფილიყოს. ამ ძაფის მიმართვა მას შეუძლია ნებისმიერ ადგილას სადაც მოისურვებს. ეს ძაფია გზა ნაგუალისკენ. იმის თქმაც კი შეიძლება, რომ მეომარი ნაგუალში შედის სწორედ ამ ერთადერთი ძაფით. როგორც კი ის ნაგუალში ჩაეშვება, მისი გამომჟღავნების ხერხი მხოლოდ მისი პირადი ტემპერამენტის საქმეა. თუ მეომარი ხუმარაა, მაშინ მისი ნაგუალიც ხუმარაა, თუ მეომარი პირქუშია მისი ნაგუალიც პირქუში იქნება. ხოლო თუ გაბოროტებულია მისი ნაგუალიც ასეთივე იქნება.

-ხენარო ყოველთვის გულიანად მაცინებს, რადგან ის ყველაზე სასიამოვნო ცოცხალი არსებაა დედამიწაზე. არასოდეს არ ვიცი როდის მოდის ან რას მომიტანს. ჩემთვის სწორედ ესაა მაგიის აბსოლუტური არსი. ხენარო ისეთი მოძრავი მეომარია, რომ მისი ნების სულ ოდნავი ფოკუსირებაც კი მის ნაგუალს საოცარ რამეებს აკეთებინებს.

-შენ ხედავდი ზუსტად რას აკეთებდა ხენარო?

-არა, მე უბრალოდ ვხედავდი მის ნაგუალს ხეებზე.

-გამოდის შენ იმის თქმა გინდა, რომ როგორც ბაზრის შემთხვევაში შენ ჩემთან ერთად არ იყავი?

-როგორც ჩანს. როცა ნაგუალს ხვდები, მასთან ყოველთვის ერთი ერთზე რჩები. მე ახლოს ვიყავი, მაგრამ მხოლოდ შენი ტონალის დასაცავად. ეს ჩემი მოვალეობაა.

  დონ ხუანმა მითხრა, რომ ჩემი ნაგუალი კინაღამ ნაწილებად დაიშალა, როცა დონ ხენარო ხიდან ჩამოხტა. ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ ნაგუალი თავისთავად სახიფათოა. არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ტონალი სრულ დაბნეულობაში ინდულგირებდა. მან მითხრა, რომ მეომარმა უნდა აღკვეთოს ტონალის დაბნეულობა, სანამ ის მიმდინარე არ გახდება, სანამ არ ისწავლის ყველაფრის ისე მიღებას, რომ არაფერს არ მიიღებს.

 დონ ხენაროს ხეზე ახტომ-ჩამოხტომას რომ აღვწერდი დონ ხუანმა მითხრა, რომ მეომრის ყვირილი მაგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და რომ დონ ხენარო ნახტომებზე ფოკუსირებით იყენებს მას როგორც მამოძრავებელ ძალას.

-მართალი ხარ, - თქვა მან, -ხენარო აფრინდა ნაწილობრივ იმიტომ რომ მისმა ყვირილმა მიიზიდა და ნაწილობრივ ხემ. შენი მხრიდან ეს ნამდვილი ნაგუალის ხედვა იყო. ხენაროს ნება ამ ყვირილში ფოკუსირდა და მისმა პირადმა შეხებამ აიძულა ხე მიეზიდა მისი ნაგუალი.  ხაზები ორივე მხარეს გაიჭიმა - ხენაროდან ხისკენ და ხიდან ხენაროსკენ. როცა ხენარო ხიდან ჩამოხტა შენ უნდა შეგემჩნია, რომ ის ჯერ მიწაზე ფოკუსირდა რომელზეც ეცემოდა, მერე კი მას ხემ ხელი ჰკრა. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი ხელისკვრა იყო. სინამდვილეში ეს უფრო ხისგან განთავისუფლებას ჰგავდა. ხემ გაანთავისუფლა ნაგუალი და ისევ ტონალის სამყაროში დაბრუნდა, იმ ადგილას, სადაც ის ფოკუსირდა. როცა ხენარო ხიდან მეორედ ჩამოვიდა შენი ტონალი უკვე არც ისე შეშინებული იყო. შენ ნაკლებად ინდულგირებდი და ენერგიაც იმაზე ნაკლები დაგეკარგა ვიდრე პირველად.

დაახლოებით 4 საათზე დონ ხუანმა ჩვენი საუბარი შეწყვიტა.

-უკან ევაკალიპტებთან ვბრუნდბით იქ ნაგუალი გველის, - თქვა მან.

-არ გგონია რომ ძალიან ვრისკავთ? ხალხი დაგვინახავს. - ვკითხე მე.

-არა, ნაგუალი ყველაფერს აკონტროლებს, - მიპასუხა მან.