ნაგუალის ჩურჩული

როცა ევკალიპტებს მივუახლოვდით დონ ხენარო დავინახე, ის კუნძზე იჯდა და გვიღიმოდა. მან ხელი დაგვიქნია მისალმების ნიშნად. ჩვენ მასთან მივედით. ხეებზე ყვავების მთელი გუნდი იჯდა. ისინი ისე ხმამაღლა ჩხაოდნენ თითქოს რაღაცას წუხდნენ. დონ ხენარომ გვითხრა, რომ უნდა დავლოდებოდით ვიდრე ყვავები არ დამშვიდდებოდნენ.

დონ ხუანი ზურგით ხეს მიეყრდნო და მთხოვა მეც იგივე გამეკეთებინა და თან იქვე ორ ნაბიჯზე, მისგან მარცხნივ მდგომ, მეზობელ ხეზე მანიშნა. ორივე დონ ხენაროსკენ სახით ვიდექით, ის კი ჩემგან 3 თუ 4 იარდის მოშორებით იდგა.

თვალის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით დონ ხუანმა მანიშნა ფეხების მდგომარეობა შემეცვალა. თავად მტკიცედ იდგა, ოდნავ განზე გაწეული ფეხებით და ხის ტანს მხოლოდ ბეჭის ფრთის ზედა ნაწილით და კეფით ეყრდნობოდა. ხელები თავისუფლად ეშვებოდა ორივე მხარეს.

ასე თითქმის ერთი საათი ვიდექით. ორივეს ყურადღებით ვაკვირდებოდით,განსაკუთრებით დონ ხუანს. რაღაც მომენტში ის ნელა ჩამოცოცდა ხის ტანზე და მიწაზე დაჯდა,ორივე ხელი მოხრილ მუხლებს მოხვია და ხესთან ისევ განაგრძო კონტაქტი ზურგით. მეც იგივე გავაკეთე. ფეხები დამეღალა და მდგომარეობის ცვლილებამ შვება მომგვარა.

იმ დროისთვის ყვავებს უკვე შეეწყვიტათ ჩხავილი და მინდორში მდუმარება ჩამოწოლილიყო. ეს დუმარება კიდევ უფრო საზარელი იყო ვიდრე ყვავების ჩხავილი.

დონ ხუანმა დაბალი ხმით თქვა, რომ ბინდი ჩემი საუკეთესო დრო იყო. მან ცას ახედა. უკვე თითქმის 6 საათზე მეტი იყო, მოღრუბლული დღე იდგა და მზის მდებარეობის გარკვევა გამიჭირდა. იხვების შორეული ხმები მესმოდა,მაგრამ მინდორზე ევკალიპტებთან სრული სიწყნარე იყო.

ძალიან დიდხანს არც ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა და არ მწერების ბზუილი.

რამდენადაც მე ამაზე მსჯელობა შემიძლია ვიტყვი, რომ დონ ხუანიცა და დონ ხენაროც სრულიად უმოძრაონი იყვნენ. იმ რამდენიმე წამის გამოკლებით როცა პოზას იცვლიდნენ რომ დაესვენათ.

მას მერე რაც მე და დონ ხუანი მიწაზე ჩამოვცურდით, დონ ხენარომ მკვეთრი მოძრაობა გააკეთა. მან ფეხები ასწია და ტერფები კუნძზე დააწყო. მერე 45* მობრუნდა და მისი პროფილი მარცხენა მხარეს დავინახე. დონ ხუანს შევხედე იქნებ რამე აეხსნა. მან კი მხოლოდ ნიკაპით მანიშნა დონ ხენაროსთვის თვალი არ მომეშორებინა.

რაღაც გამოუთქმელმა აღტკინებმა მომიცვა.თავის გაკონტროლება არ შემეძლო, ნაწლავებიც კი ამიმოძრავდა, ახლა მაინც ზუსტად ვიცოდი რას გრძნობდა პაბლიტო როცა დონ ხუანის სომბრერო დაინახა. კუჭის აშლამ მაიძულა წამოვმხტარიყავი და ბუჩქებისკნ გავქცეულიყავი. უკნიდან მესმოდა როგორ ახარხარდა ორივე.

ძალიან დაბნეული და დარცხვენილი ვიყავი, ვერ ვბედავდი დავბრუნებულიყავი, თავს ვიწყევლიდი, რომ ასეთი მოულოდნელი მარცხით მომენტის მთელი მშვენიერება გავაფუჭე. ერთი წუთის მერე დონ ხუანი და დონ ხენარო თავად მოვიდნენ ჩემთან. საპატიო ყარაულივით ამომიდგნენ გვერდში და სხვა მინდვრისკენ წამიყვანეს. იქ მინდვრის ცენტრში გავჩრდით და მე ის ადგილი ვიცანი, სწორედ აქ ვიყავი დილით.

დონ ხუანმა ჩემთან საუბარი დაიწყო. მითხრა, რომ ჯობდა შინაგანი დიალოგი შემეწყვიტა და მიმდინარე და მდუმარე დავრჩენილიყავი. მე მას ყურადღებით ვუსმენდი. შესაძლოა დონ ხენარომ გააცნობიერა, რომ მთელი ჩემი ყურადღება მიმართული იყო დონ ხუანის ახსნებისადმი, მან ამით ისარგებლ და ისევ ის გააკეთა რაც დილით. ისევ ის თავისი სულისშემძვრელი ყვირილი ამოუშვა. ისევ ჩემთვის ძალიან მოულოდნელად, მაგრამ ახლა უკვე ნაწილობრივ მომზადებული ვიყავი და სუნთქვის საშუალებით წონასწორობაც სწრაფად აღვიდგინე. შფოთვა საშინელი იყო, მაგრამ ხანმოლე, მე შევძელი მისი მოქმედებისთვის თვალის მიდევნება და დავინახე როგორ ახტა დონ ხენარო ქვედა ტოტზე იმ ხეზე რომელიც ჩვენგან 80-90 ფუტის სიშორეზე იდგა. საშინელი ვიზუალური აშლილობა განვიცადე. ის კი არ ახტა არამედ რაღაცნაირად გაცურდა ჰაერში, ნაწილობრივ კატაპულტირებული - თავისი საზარელი ყვირილით და ნაწილობრივ რაღაც ბუნდოვანი ხაზებით მიზიდული, ხიდან რომ ემანირებდნენ. თითქოს ხემ თავისი ხაზებით მიიზიდა.

ერთი წამით დონ ხენარო ტოტზე დარჩა, ჩემსკენ პროფილით მობრუნდა. მერე კი რაღაც უცნაური მოქმედების შესრულება დაიწყო. თავი უკანკალებდა და მთელი ტანით თრთოდა. რამდენჯერმე თავი მუხლებს შორის მოიქცია, რაც უფრო მეტად მოძრაობდა მით უფრო რთული იყო მისთვის თვალის მიდევნება, თითქოს ჰაერში იფანტებოდა. სასოწარკვეთილმა დავახამხამე თვალი, მერე კი მზერის მიმართულების შეცვლა ვცადე. თავს ხან ერთ ხან მეორე მხარეს ვაბრუნებდი, როგორც დონ ხუანმა მასწავლა. მარცხენა მხრიდან დავინახე, რომ დონ ხენაროს სხეული ისეთი გამხდარიყო როგორიც ადრე არასოდეს მენახა. თითქოს მას სხვა ტანისამოსი გადაეცვა და გარეგნობა ასე შეეცვალა. ბეწვის კოსტიუმი ეცვა; ბეწვი სიამის კატის ბეწვის ფერი იყო - ღია ყავისფერ-ბოლისფერი, მუქი შოკოლადისფერი ლაქებით ზურგსა და ფეხებზე და დიდი სქელი კუდიც ამშვენებდა. ეს კოსტიუმი ხენაროს დიდ, ბეწვიან, გრძელფეხა, ყავისფერ ნიანგს ამგვანებდა. მე უკვე ვეღარც მის თავს ვარჩევდი ვერც სახეს. როცა თავი ჩვეულბრივ მდგომარეობაში გავასწორე გადაცმული დონ ხენაროს ხატი ისევ ისეთივე დარჩა.

უცებ ხელები აუკანკალდა. დონ ხენარო ხის ტოტზე შედგა, დაიხარა და 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა. ჩემი აზრით ეს იმ ადამიანის ჩვეულებრივი ნახტომი იყო, რომელსაც საოცარი კოსტიუმი ეცვა. ვხედავდი, რომ დონ ხენაროს სხეული თითქმის შეეხო მიწას, ხოლო მისი სქელი კუდი მსუბუქად აცახცახდა და მიწაზე დაშვების ნაცვლად ზემოთ აფრინდა - თითქოს უხმო, რეაქტიული ძრავი მოემართათ. მან ხეებს გადაუფრინა, მერე ისევ მიწისკენ წამოვიდა და ისევ ზემოთ აფრინდა. იმეორებდა ამას ისევ და ისევ. დრო და დრო ხის ტოტს ხელებს ჩაავლებდა და ხის გარშემო ბრუნავდა ანდა სულაც გველივით ეხვეოდა ხეებს. მერე ქვემოთ ჩამოსრიალდებოდა ხოლმე და ჩვენს თავს ზემოთ ტრიალებდა ან ტაშს უკრავდა და მუცლით ოდნავ ეხებოდა ხის კენწეროებს.

დონ ხენაროს პილოტაჟმა რიდითა და მოკრძალებით ამავსო. თვალს ვადევნებდი და ორჯერ თუ სამჯერ ნათლად დავინახე, რომ ის სარგებლობდა რაღაცა მანათობელი ხაზებით. მერე მან უეცრად გადაირბინა ხის კენწეროებზე სამხრეთის მიმართულებით და თვალს მიეფარა. ვცდილობდი ის ადგილი გამომეცნო სადაც ისევ გამოჩნდებოდა, მაგრამ ის უკვალოდ გაქრა.

მხოლოდ ახლა შევამნიე, რომ ზურგზე ვიწექი, თუმცა კი მანამდე სულ მეგონა, რომ დონ ხენაროს მდგმარე პოზიციიდან ვუმზერდი.

დონ ხუანი წამოჯდომაში დამეხმარა, მერე კი დონ ხენაროც დავინახე. ის უდარდელი სახით გვიახლოვდებოდა. ის მხიარულად იღიმებოდა და თან მეკითხებოდა როგორ მომეწონა მისი ფრენა. ძალიან ვცდილობდი რაიმე მეპასუხა, მაგრამ ვერ შევძელი.

უცნაური მზერა გაცვალეს და მერე დონ ხენარო ისევ ჩაიცუცქა, დაიხარა და რაღაცა ჩამჩურჩულა მარცხენა ყურში. გავიგონე როგორ მეუბნებოდა: „არ გინდა ჩემთან ერთად იფრინო?“ ასე გამიმეორა ხუთჯერ თუ ექვსჯერ.

დონ ხუანიც დაიხარა და მარჯვენა ყურში ჩამჩურულა: „არ ისაუბრო, უბრალოდ ხენაროს მიჰყევი“.

დონ ხენარომ მაიძულა ჩავცუქულიყავი და ისევ ჩურჩული დაიწყო. მე მისი ძალიან კარგად მესმოდა. თავისი სიტყვები ათჯერ მაინც გაიმეორა. ის მეუბნებოდა: „მიენდე ნაგუალს. ნაგუალი გაგიტაცებს შენ“.

დონ ხუანმა მარჯვენა ყურში ჩამჩურჩულა: „შეცვალე შენი გრძნობები“.

ისინი ერთდროულად ლაპარაკობდნენ,მაგრამ მე მათი ხმები ცალცალკე მესმოდა. ყველაფერს, რასაც დონ ხენარო ამბობდა, კავშირი ჰქონდა ჰაერში სრიალთან. ფრაზები, ის რომ ათეულობით იმეორებდა, თითქოს ჩემს მეხსიერებაში იყო ამომწვარი. ხოლო მეორეს მხრივ დონ ხუანის სიტყვები, განსაკუთრებული ბრძანებები იყო და თავის მხრივ ისიც უამრავჯრ იმეორებდა. ასეთი ორმაგი ჩურჩულის ეფექტი სრულიად უჩვეულო გახლდათ. მეჩვენებოდა, რომ მათი ინდივიდუალური სიტყვების ჟღერადობა ორ ნაწილად მხლეჩდა. ბოლოს უფსკრული ჩემს ყურებს შორის ისე გაიზარდა,რომ ერთიანობის შეგრძნება დავკარგე. რა თქმა უნდა რაღაცა ჩემიც რჩებოდა, მაგრამ ის მყარი არ იყო. ის უცხო, მანათობელი ნისლივით იყო, მუქი ყვითელი და მას შეგრძნებები ჰქონდა.

დონ ხუანმა მითხრა, რომ ჩემს დაწებებას აპირებდა ასაფრენად. ამავე დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მისი სიტყვები მაშები იყო რომლებიც იჭერდნენ და კრავნენ ჩემს გრძნობებს.

დონ ხენაროს სიტყვები მიწვევდნენ უკან გავყოლოდი. ვიგრძენი, რომ ამის გაკეთება მინდოდა მაგრამ არ შემეძლო. განზრახვა იმხელა იყო, რომ მოქმედების უნარს მოკლებული აღმოვჩნდი. მერე კი ისევ გავიგონე იგივე მოკლე ბრძანებები, რომელსაც ორივე გამუდმებით იმეორებდა.

„შეხედე ამ მშვენიერ მფრინავ ფორმას“, “გადახტი, გადახტი!“ „შენ ხეების კენწეროებს მისწვდები“, „ევკალიპტები მწვანე წერტილებს გვანან“, „მატლები ეს სინათლეა“.

რაღაც მომენტში ჩემში ყველაფერი გაჩერდა, შესაძლოა ეს მათი სიტყვების ჩემს მიერ გაცნობიერება იყო. დონ ხენაროს ჯერ ისევ ჩემს გვედით აღვიქვამდი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი გარდა სრულიად არაჩვეულებრივი შუქის გიგანტური ბურთებისა. დრო და დრო მათი შუქი ფერმკრთალდებოდა, მერე კი საოცარ ინტენსივობას აღწევდა. მოქმედებასაც ვგრძნობდი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ რაღაც ვაკუუმი შეუჩერებლად მითრევდა. როგორც კი ჩემი მქმედება ნელდებოდა და მზერის ფოკუსირებას სინათლის წყაროზე ვახდენდი, ვაკუუმიც არ აყოვნებდა და უფრო შორს მივყავდი.

რაღაც მომენტში სიჩქარეების ამ მონაცვლეობას შორის საშინელი დაბნეულობა ვიგრძენი. სამყარო ჩემს გარშემო, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ერთდროულად მიახლოვდებოდა და მშორდებოდა. სწორედ აქედან მოდიოდა ვაკუუმის ეფექტიც. ორ ცალკეულ სამყაროს ვხედავდი - ერთს რომელიც მტოვებდა და ერთს რომელიც მიახლოვდებოდა. ეს ყოველივე ჩვეულებრივი გზით არ გამიცნობიერებია, არც რაღაც დაფარული შეგრძნება მქონდა. უფრო მეტიც, ორი დამოუკიდებელი აღქმა გამიჩნდა ერთი გადაკვეთის წერტილის გარეშე.

ამის შემდეგ ჩემი აღქმის სურათები რამდენადმე გაფერმკრთალდა. მათ სიზუსტე აკლდათ ანდა აღქმა იმაზე მეტი იყო და მე მათ გადანაწილებას ვერ ვახერხებდი. გაცნობიერების შემდეგი კრებული გახდა ხმების მთელი სერია რაღაც გრძელი, მილისმაგვარი წარმონაქმნის ბოლოში. „მილი“ თავად ვიყავი, ხოლო ხმები დონ ხუანისა და დონ ხენაროს სიტყვები ისევ ყურებში რომ ჩამჩურჩულებდნენ. რაც უფრო აგრძელებდნენ ლაპარაკს, უფრო მოკლდებოდა მილი, სანამ ხმები ჩემი აღქმის საზღვრებში არ მოექცნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დონ ხუანისა და დონ ხენაროს სიტყვები ჩემი აღქმის ნორმალურ დიაპაზონს აღწევდნენ. თავიდან ამ ხმებს ხმაურივით აღვიქვამდი, მერე როგორც წამოყვირებულ სიტყვებს, ბოლოს კი როგორც ყურში ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს.

მერე ჩემი ნაცნობი სამყაროს ელემენტებიც გავარჩიე. სახით პირქვე ვიწექი, ვუყურებდი პატარა კენჭებს, მიწის გოროხებს და ხმელ ფოთლებს. მერე კი ევკალიპტების მინდორიც გამახსენდა.

დონ ხუანი და დონ ხენარო ჩემს გვერდით იდგნენ, უკვე გათენებულიყო. წყალში ჩასვლის სურვილი გამინდა. მდინარეს მივადექი, გავიხედე და ცივ წყალში ჩავედი და იქ საბოლოოდ მოვედი გონზე.

დონ ხუანი და დონ ხენარო ონავარი ბავშვებივით იცინოდნენ.

-ასე ნუ ხტუნავ, - მითხრა დონ ხენრომ, - განა ყოველთვის ნაგუალი მოგდევს.

მერე ტუჩები ისე გააწკლაპუნა თითქოს არ იწონებდა ჩემს ასეთ გადაჭარბებულ რეაქციას. მერე კი ხელები მეგობრულად გამომიშალა. გადავეხვიე. მან ზურგზე ხელი დამარტყა. ეს ძალიან მეგობრული და თბილი ჟესტი იყო.

-შენი ყურადღება ნაგუალზე მხოლოდ განსაზღვრულ მომენტში უნდა შეაჩერო. დანარჩენი მთელი დრო ჩვენ ისეთი ადამიანები ვართ როგორც დედამიწის ყველა მცხოვრები.

ის დონ ხუანს მიუბრუნდა და გაუღიმა.

-ასე არაა ხუანჩო? - ჰკითხა და სიტყვა „ხუანჩო“ - ხუანის კნინობითი ფორმა გამოკვეთა.

-ასეა ხენარჩო - არც დონ ხუანი ჩამორჩა და სახელი ხენაროც მაშინვე კნინობით ფორმაში ჩასვა.

ორივე ახარახარდა.

-უნდა გაგაფრთხილო, - მითხრა დონ ხუანმა, - რომ უნდა ისწავლო ზუსტად გაარჩიო როდისაა ადამიანი ნაგუალი და როდის ჩვეულებრივი ადამიანი. თუ ნაგუალთან პირდაპირ ფიზიკური კავშირში შეხვალ შეიძლება მოკვდე.

მერე დონ ხუანი დონ ხენაროს ღიმილით მიუბრუნდა და ჰკითხა:

-ასე არაა ხენარო?

-ზუსტად ასეა ხუან, - უპასუხა დონ ხენარომ და ისინიც ისევ ახარხარდნენ.

მათი ბავშვურობა ძალიან მესიამოვნა. დღის განმავლობაში მომხდარმა ამბებმა მომქანცა და ემოციები მაწვებოდა. საკუთარი თავის სიბრალულის ტალღა მომერია. ტირილამდე ცოტაღა მაკლდა და საკუთარ თავს გამუდმებით ვუმეორებდი, რომ ყველაფერი რაც დამმართეს გამოუსწორებელი და ჩემთვის საზიანო იყო. დონ ხუანი თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. ჩაიცინა და უნდობლად გააქნია თავი. შევეცადე შინაგანი დიალოგი გამეჩერებინა და ამან მთელი ჩემი საკუთარი თავისადმი სიბრალული გააქრო.

-ხენარო ძალიან თბილია, - შენიშნა დონ ხუანმა, როცა დონ ხენარო წავიდა. - ძალის გეგმა იყო, რომ შენ ბენეფატორი გეპოვა.

არ ვიცოდი რა მეთქვა. ის აზრი, რომ დონ ხენარო ჩემი ბენეფატორი იყო უსასრულოდ მაინტრიგებდა. მინდოდა დონ ხუანს ამის შესახებ რაც შეიძლება მეტი მოეყოლა. მაგრამ როგორც შევატყე ის არ იყო სასაუბროდ განწყობილი. მან ცას და სახლის გვერდით მდგომი ხეების მუქი სილუეტების კენწეროებს ახედა. მერე დაჯდა და ზურგით ბოძს მიეყრდნო, თითქმის კარის წინ რომ იყო ჩარჭობილი და მანიშნა მის გვერდით მარხნივ დავმჯდარიყავი.

გვერდით მივუჯექი. მან მითხრა, რომ ღამის ეს მონაკვეთი ჩემთვის სახიფათო იყო, განსაკუთრებით ახლა. მერე ძალიან მშვიდი ხმით მთელი რიგი მითითებები მომცა. საუბარი განუწყვეტლივ არ უნდა გაგვეგრძელებინა, მე უნდა მესუნთქა და თვალი მეხამხამებინა, თითქოს ჩემს წინ ნაგუალი იდგა.

-განა სადმე ახლოს ნაგუალია? - ვკითხე მე.

-რა თქმა უნდა, - მიპასუხა მან და ჩაიცინა.

პრაქტიკულად დონ ხუანს დავეცი. ის კი საუბარს განაგრძობდა და ცდილობდა ჩემგან ყოველი კითხვა ამოეგლიჯა. ჩემი ბლოკნოტი და ფანქარიც კი მომაწოდა. თითქოს სიბნელეში წერა შემძლებოდეს. მან შენიშნა, რომ რამდენადაც შევძლებდი მშვიდი და გაწონასწორებული ვყოფილიყავი და რომ ჩემთვის ტონალის გამყარების იმაზე უკეთესი ხერხი ვიდრე წერა იყო არ არსებობდა. ეს ყველაფერი რაღაცა განსაკუთრებული ხერხით აღწერა. მან მითხრა, რომ ჩაწერა ჩემი წინასწარგანწყობა იყო და რადგან ასე იყო, მე ჩანაწერები ნებისმიერ ვითარებაში უნდა მეკეთებინა, სრულ სიბნელეშიც კი. მის ხმაში გამოწვევის ნოტებმა გაიჟღერა, როცა მითხრა, რომ შენიშვნების ჩაწერა შემეძლო მეომრის ამოცანად მექცია. ამ შემთხვევაში კი სიბნელე ვერაფრით იქნებოდა წინააღმდეგობა.

ალბათ მან რაღაცნაირად მაინც დამარწმუნა, რადგან რაღაცის ჩაწერა მაინც მოვახერხე. სახიფათო თემა იყო დონ ხენარო როგორც ჩემი ბენეფაქტორი. ძალიან მინდოდა გამეგო როდის მოხდა ეს და როდის გახდა დონ ხენარო ჩემი ბენეფაქტორი. დონ ხუანმა შემომთავაზა ერთი უჩვეულო შემთხვევა გამეხსენებინა, რომელიც იმ დღეს მოხდა, როცა დონ ხენაროს შევხვდი და რაც თავისებური ნიშანი გახდა. ვერ შევძელი ვერაფერი მსგავსის გახსენება. რაც მახსოვდა ეს სრულიად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული შეხვედრა იყო 1968 წლის გაზაფხულზე. დონ ხუანმა შემაჩერა.

-თუ უკვე ისე გამოშტერდი, რომ გახსენებაც არ შეგიძლია, - თქვა მან, - მაშინ ჯობს ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის. მეომარი ძალის კარნახს მიჰყვება. როცა ეს აუცილებელი გახდება გაიხსენებ.

დონ ხუანმა მითხრა, რომ ბენეფაქტორის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო. მაგალითისთვის მან ელიგიოს შემთხვევა აიღო, რომელმაც მასთან უამარავი წელი გაატარა. მან თქვა, რომ ელიგიოს არ შეეძლო ბენეფაქტორის პოვნა. ეს რომ გავიგე არ დავაყოვნე და ვკითხე თუ იპოვა საბოლოოდ ბენეფაქტორი ელიგიომ. მან კი მიპასუხა, რომ არ შეიძლება ძალის მოქმედების წინასწარ განსაზღვრა. მერე გამახსენდა, რომ ერთხელ, წლების წინ ჩვენ ვიპოვეთ ახალგაზრდა ინდიელების პატარა ჯგუფი ჩრდილოეთ მექსიკაში რომ დაეხეტებოდენ. მან თქვა, რომ დაინახა, რომ არც ერთს არ ჰყავდა ბენეფაქტორი და მთელი ეს შექმნილი მდგომარეობა და ამ მომენტის ხასიათი ყველანაირ უფლებას იძლეოდა მათთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა და ნაგუალი ეჩვენებინა. ის თითქმის მთელი ღამე კოცონთან გველაპარაკებოდა მე და იმ ოთხ ინდიელს, მაშინ როცა დონ ხუანმა ძალიან სასიამოვნო წარმოდგენა გამართა, სადაც ის ყოველ ჩვენგანს სხვა და სხვა შესამოსელით მოევლინა.

-იმ ბიჭებმა ძალიან ბევრი იცოდნენ, - თქვა მან, - მხოლოდ შენ იყავი მათ შორის ახალბედა.

-რა დაემართათ მათ ამის მერე? - ვკითხე მე.

-ზოგიერთმა მათგანმა იპოვა ბენეფაქტორი, - მიპასუხა მან.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ბენეფაქტორის ვალი იყო ძალის სიტყვა მოეტანა და რომ ბენეფაქტორი თავისი პერსონალური შეხებით შესაძლოა უფრო მეტ გავლენას ახდენდა ნეოფიტზე ვიდრე მასწავლებელი.

მცირე პაუზის დროს სახლის უკნიდან უცნაური შრიალის ხმა მომესმა. ამ ხმის გაგონებაზე მე თითქმის უკვე ფეხზე წამოვხტი, მაგრამ დონ ხუანმა უკან დამაბრუნა. სანამ ამ ხმას გავიგებდით ჩვენი საუბარი მშვიდად მიედინებოდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. მაგრამ როგორც კი პაუზა ჩამოწვა, იმ ერთ წამიან სიჩუმეშიც კი უცნაური ხმა შემოიჭრა. ამ დროს მომეჩვენა, რომ ჩვენი საუბარი რაღაც განსაკუთრებული მოვლენა იყო. ისეთი შეგრნება გამიჩნდა, რომ ჩემი და დონ ხუანის სიტყვების ჟღერადობა გაფხრეწილი ფოთლის ხმას ჰგავდა და რომ მოშრიალე ხმა მოთმინებით ელოდა შანსს რომ ამ ფოთლის ნაფხრეწში შემოჭრილიყო.

დონ ხუანმა მთხოვა გაუნძრევლად ვმჯდარიყავი და გარშემო არაფრისთვის ყურადღება არ მიმექცია. შრიალი იმ ხმას ჰგავდა მღრღნელი რომ გამოსცემს როცა მშრალ მიწას თხრის და როგორც კი ეს გავიფიქრე თვალწინ მაშინვე ის წრუწუნა დამიდგა ოდესღაც დონ ხუანმა თავის ხელის გულზე რომ მაჩვენა. თითქოს ჩამეძინა და ჩემი ფიქრები ხატებად და სიზმრებად გადაიქცნენ.

სუნთქვის ვარჯიშების კეთება დავიწყე და მუცელზე ორივე ხელი მივიჭირე. დონ ხუანმა საუბარი განაგრძო მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენდი. ჩემი ყურადღება მიჯაჭვული იყო მსუბუქ შრიალთან, თითქოს რაღაც გველისმაგვარი დაძვრებოდა ხმელ ფოთლებში. უცებ პანიკამ მომიცვა და ზიზღი მომაწვა იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემსკენ გველი მოსრიალებდა. უნებურად ჩემი ტერფები დონ ხუანის ფეხებქვეშ შევჭეჭყე და გამწრებულმა დავიწყე თვალის ხამხამი და სუნთქვა.

ხმა ისე ახლოდან ისმოდა თითქოს ემგან სულ ორი ფუტი აშორებდა. ჩემი პანიკა უფრო იზრდებოდა. დონ ხუანმა კი მშვიდად მითხრა, რომ ერთადერთი ხერხი ამერეკლა ნაგუალი იყო შეუმჩნეველი დარვჩენილიყავი. მიბრძანა ისევ ისე დავმჯდარიყავი და კონცენტრაცია ხმაზე აღარ გამეკეთებინა. განსაკუთრებით მიბრძანა, რომ ან მეწერა ან კითხვები დამესვა და არც კი მეფიქრა შიშს მივცემოდი.

დიდი შინაგანი ბრძოლების მერე ვკითხე დონ ხენარო ხომ არ გამოსცემდა ამ ხმებს. მან კი მითხრა, რომ ეს ნაგუალი იყო და რომ ერთმანეთში არ უნდა ამრეოდა, რადგან „ხენარო“ ტონალის სახელი იყო. მერე კიდევ რაღაცა თქვა მაგრამ ეს აღარ გამიგია. რაღაცა სახლის გარშემო მოძრაობდა და მე ჩვენს საუბარზე კონცენტრირება არ შემეძლო. მან მირჩია მაქსიმალური ძალისხმევისთვის მიმემართა. ცოტა ხნის მერე აღმოვაჩინე, რომ ცხვირში ვბუტბუტებდი რაღაც ფრაზებს რომ გამოუსადეგარი და უსარგებლო ვიყავი. თითქოს შიშმა მიბიძგა და სრული გაცნბიერების მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მერე დონ ხუანმა მითხრა, რომ ახლა მოსმენა უკვე შეიძლებოდა მაგრამ ხმა გაქრა.

-ნაგუალი წავიდა, - თქვა დონ ხუანმა, მერე ადგა და შინ შევიდა.

მან დონ ხენაროს ნავთის ლამპა აანთო და ცოტა საჭმელი მოამზადა. მდუმარედ შევექეცით. მერე კი ვკითხე ხომ არ დაბრუნდებოდა ნაგუალი.

-არა, - სერიოზული გამომეტყველებით მიპასუხა მან. - ის მხოლოდ გცდიდა, დღის ამ დროს, როცა შებინდდება შენ ყოველთვის რაღაცით უნდა იყო დაკავებული. ეს შეიძლება ნებისმიერი რამე იყოს. თან ეს ძალიან მოკლე პერიოდია, შესაძლოა მხოლოდ ერთი საათი. თუმცა შენთვის სასიკვდილოდ სახიფათო დროა.

-დღეს ნაგუალი თავს დაგესხა და შეეადა წაექციე, მაგრამ შენ საკმარისად ძლიერი აღმონდი, რომ მისი დარტყმა აგერეკლა. ერთხელ შენ მის ხიბლს დანებდი და მე იძულებული გავხდი შენთვის წყალი გადამესხა. ახლა კი უკვე კარგად გაართვი თავი.

აღვნიშნე, რომ „თავდასხმა“ ამ მოვლენას სახიფათო ელფერს აძლევდა.

-რას ნიშნავს „სახიფათო ელფერს“ ? ეს არასწორი გამოთქმაა, - მითხრა მან, - მე შენი შეშინება სულაც არ მინდა. ნაგუალის მოქმედებები ძალიან სახიფათოა. მე შენ ამაზე უკვე გელაპარაკე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დონ ხენარო შენთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. უფრო მეტიც, ის ზრუნავს შენზე რომ ხელშეუხებელი გაგხადოს, მაგრამ თუ არასაკმარისი ძალა გაქვს, რომ ნაგუალის თავდასხმა აირეკლო, შენ მოკვდები ჩემი დახმარებისა და ხენაროს ზრუნვის მიუხედავად.

ჭამის შემდეგ დონ ხუანი გვერდით მომიჯდა და ჩემს ბლოკნოტში ჩაიხედა. მე შევნიშნე, რომ ამ დღის მოვლენები ისეთი შემაშფოთებელი იყო, რომ ალბათ წლები დამჭირდებოდა რომ ყველაფერში გავრკვეულიყავი.

-თუ ჯერ ვერ ხვდები ამას, მაშინ მე გეტყვი, შენ მშვენიერ ფორმაში ხარ, - მითხრა მან, - ასე ხდება როცა აცნობიერებ, რომ ნაგავში ხარ. ეს ჯადოქრების გადმოსახედიდან რა თქმა უნდა. ხოლო თუ ამის გაგება არ შეგიძლია, ჩვეულებრივი ადამიანის გადმოსახედიდან ფსკერისკენ მიდიხარ. შენ შემთხვევაში ჩვეულებრივი ადამიანი იფიქრებდა, რომ იშლება ან იწყებს დაშლას.

მე გამეცინა იმაზე თუ რომელი სიტყვები შეარჩია მან. ვიცოდი, რომ უკან მიბრუნებდა იმ დისოციაციის კონცეპტს რომელიც ადრე ვახსენე მასთან ჩემი შიშების აღწერისას. მე დავარწმუნე, რომ ამჯერად აღარაფრის კითხვას ვაპირებდი.

-არასოდეს არაფერი მქონია საუბრის საწინააღმდეგო, - მომიგო მან, - მე და შენ შეგვიძლია იმდენი ვილაპარაკოთ ნაგუალზე რამდენიც გინდა. მაგრამ ერთი პატარა შესწორებით: თუ გახსოვს, მე უკვე გითხარი, რომ შენ შეგიძლია ნაგუალის გამოჩენის მხოლოდ მოწმე გახდე. ამიტომაც მხოლოდ იმაზე შეგვიძლია საუბარი რისი მოწმეც ვიყავით. შენ ახსნებს ეძებ, ეს კი დამთრგუნველია. შენ ნაგუალის ახსნა ტონალით გინდა, ეს კი სულელურია, განსაკუთრებით შენს შემთხვევაში, რადგან უკვე უმეცრების უკან აღარ იმალები. შენ მშვენივრად იცი, რომ ჩვენს საუბარს მხოლოდ გარკვეულ საზღვრებში აქვს მნიშვნელობა და ამ საზღვრებში ნაგუალს ვერ მოაქცევ.

მე განვუმარტე, რომ საქმე ყველაფრის რაციონალურად ახსნაში სულაც არ იყო - უბრალოდ მე მჭირდებოდა გარკვეული წესრიგი რათა მთელი ამ უჩვეულო მოვლენების წნეხისთვის გამეძლო. დონ ხუანი მიხვდა, რომ იმ თვალსაზრისის დაცვას ვცდილობდი რომელსაც ის არაფრით არ ეთანხმებოდა.

-ეშმაკმა წაიღოს, შენ მშვენივრად იცი, რომ ინდულგირებ, - თქვა მან, - წესრიგის მიყოლა ნიშნავს იყო სრულყოფილი ტონალი,ხოლო სრულყოფილ ტონალად ყოფნა ნიშნავს აცნობიერებდე ყველაფერს რაც ტონალის კუნძულზე ხდება. მაგრამ შენ ეს არ შეგიძლია. შესაბამისად შენი განზრახვა, რომ გინდა მიჰყვე წესრიგს არ არის სიმართლე. შენ ეს მხოლოდ კამათში გასამარჯვებლად გამოიყენე.

არ ვიცოდი რა მეთქვა. დონ ხუანმა დამამშვიდა და მითხრა, რომ ტონალის სრული გაწმენდა მხოლოდ უდიდესი ბრძოლით მიიღწევა, მერე კი მთხოვა ნაგუალთან მეორე შეხვედრაზე მომეყოლა. როცა მოყოლა დავამთავრე, მან აღნიშნა, რომ ბეწვიანი ნიანგი ალბათ ხენაროს იუმორის მწვერვალი იყო.

-საწყენია რომ ჯერ ისევ მძიმე ხარ, - თქვა მან, - შენ ყოველთვის შიში გაწუხებს და ამიტომ ხენაროს ნამდვილ ხელონებას ვერ აფასებ.

-შენ აცნობიერებდი მის გარეგნობას დონ ხუან?

-არა ეს წარმოდგენა მხოლოდ შენთვის იყო.

-შენ რას ხედავდი?

-დღეს მე მხოლოდ ნაგუალის მოქმედებას ვხედავდი, ხეებს მიღმა რომ დასრიალებდა და ჩვენ გვეხვეოდა თავზე. ნებისმიერი ვინც მას იხილავს მისი მოწმე ხდება.

-ისინი ვინც ვერ ხედავენ?

-ის ვერაფერს შეამჩნევს, შესაძლოა მხოლოდ იმას როგორ არხევს ხის ტოტებს საშინელი ქარი ან შესაძლოა უცნაური შუქი, არსაიდან გაჩენილი ციცინათელა დაინახოს. თუ ძალიან დაიჟინებ, შესაძლოა იმ ადამიანმა ვინც ვერ ხედავს გაიხსენოს, რომ რაღაცა ნახა, მაგრამ რა აღარ ეხსომება. ეს სრულიად ბუნბრივია, ადამიანი ყოვალთვის გონებას ეჭიდება. ბოლოს და ბოლოს მის თვალებს ისედაც არ შეუძლიათ რაიმე უჩვეულოს შემჩნევა. როცა ისინი მხოლოდ ტონალის თვალები არიან, ტონალის სამყაროთი უნდა შემოიფარგლონ, ხოლო ეს სამყარო არაფერ არავეულებრივს არ გულისხმობს. არაფერს ისეთს რასაც თვალები ვერ აღიქვამდნენ, ხოლო გონებ ვერ გააცნობიერებდა.

მაშინ მე იმ გაუგებარ მოვლენებზე ვიკითხე, მათი ორივეს ჩურჩულის შედეგი რომ გახდა.

-ეს მთელი ამბის საუკეთესო ნაწილი იყო, - მიპასუხა მან, - ყველაფერი დანარჩენი შეგიძლია გამოტოვო. მაგრამ ეს მთელი დღის გვირგვინი იყო. წესები მოითხოვს, რომ მასწავლებელმა და ბენეფაქტორმა ერთდროულად მიმართონ ნეოფიტს. ეს კი მთელი ხელოვნებაა, ყველაზე რთული რამ. შესაბამისად ორივე - მასწავლებელიც და ბენეფაქტორიც საუკეთესო მეომრები უნდა იყვნენ - თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის გახლეჩვა სცადონ. შენ ამას გვიან მიხვდები, თუმცა ძალა ახლაც კეთილგანწყობილი იყო შენს მიმართ. ხენარო ყველაზე უფრო უნაკლო მეომარია იმათგან ვისაც მე ვიცნობ.

-რატომ ითვლება ადამიანის გახლეჩა ასე რთულად?

-იმიტომ რომ ეს სახიფათოა. შეიძლება ჭიასავით მოკვდე. ან უფრო უარესი - ჩვენ ვერ შევძლებდით ისევ უკან აგვეწყე. ხოლო შენი ყველა შეგრძნება ისევ იმ დონეზე დარჩებოდა.

-და რატომ იყო საჭირო ჩემთვის ამის გაკეთება დონ ხუან?

-გარკვეულ მომენტში ნაგუალის ჩურჩულმა უნდა გახლიჩოს მოსწავლე.

-რას ნიშნავს ეს დონ ხუან?

-საშუალო დონის ტონალი რომ იყოს ადამიანისთვის აუცილებელია ერთიანობა - მისი მთელი არსება ტონალის კუნძულს უნდა ეკუთნოდეს. ამ ერთობის გარეშე ადამიანი კედელზე გავა. ჯადოქრისთვის კი აუცილებელია ამ ერთობის გახლეჩვა, თანაც ისე რომ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას. მნიშვნელოვანია ისწავლო ლოდინი რათა გაექცე გაუმართლებელ რისკს. ჯადოქარი გამუდმებით ასუფთავებს თავის ტონალის კუნძულს რომ მერე იქიდან გაიქცეს. სწორედ ორად გახლეჩვა წარმოადგენს გასაქცევ კარს. ეს გახლეჩვა ყველაზე უფრო სახიფათო რამაა იქიდან რაც შენ დაგმართნია, ყველაფერმა კი უბრალოდ და უმტკივნეულოდ ჩაიარა. ნაგუალი ოსტატურად გმართავდა. დამიჯერე უნაკლო მეომარი უნდა იყო ეს რომ გააკეთო და დამიჯერე ძალიან მიხარია შენს გამო.

დონ ხუნმა ხელი მხარზე დამადო, მე კი ამ დროს უდიდესი სურვილი გამიჩნდა მეტირა.

-ნუთუ დადგება ის მომენტი როცა ვეღარ გნახავ? - ვკითხე მე.

მან გაიცინა და თავი გააქნია.

-შენ ნაბიჭვარივით ინდულგირებ, - მითხრა მან, - თუმცა ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას, უბრალოდ ამისთვის ყველას სხვა და სხვა გზა გვაქვს. ხან და ხან მეც კი. ჩემთვის მაგალითად ეს შეგრძნებაა, რომ ძალიან გაგანებივრე და ამით დაგასუსტე. ვიცი რომ ხენაროც ასე ფიქრობს პაბლიტოზე. ის მას ბავშვივით ანებივრებს. მაგრამ ასე ინება ძალამ. ხენარო პაბლიტოს აძლევს ყველაფერს რაც შეუძლია და მეტს ვერ მოსთხოვ. ვერ გააკრიტიკებ მეომარს იმისთვის რომ ის უნაკლოდ აკეთებს იმას რაც შეუძლია.

ერთი წუთი დუმდა. მე ძალიან ვნერვიულობდი და ეს სიჩუმე ვერ ავიტანე.

-შენი აზრით რა მემართებოდა როცა ვგრძნობდი, რომ ვაკუუმი მითრევდა? - ვკითხე მე.

-შენ დაფრინავ, - მიპასუხა ისე თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.

-ჰაერში?

-ნაგუალისთის არ არის არც მიწა, არც ჰაერი, არც წყალი, თავადაც დამეთანხმები ამაში . უკვე ორჯერ იყავი ასეთ მდგომარეობაში და ეს ცრურწმენა არ იყო. შენ მითხარი, რომ ყველაფერი რასაც შეხვდი შეუძლებელი იყო რუკაზე გადმოგეტანა. ნაგუალი დაცურავს, ჰაერში დაფარფატებს და თავის დროში დაფრინავს, რომელსაც ტონალის დროსთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს ორი რამ არ გადაიკვეთება.

სანამ ის საუბრობდა მაკანკალებდა, ყბა ჩამომივარდა და პირი უნებურად გამეღო. ყურებიდან თითქოს ბამბა გამომაცალეს და უკვე სულ ოდნავ შესამჩნევ ვიბრაციასაც კი ვაფიქსირებდი. დავიწყე ამის დონ ხუანისთვის მოყოლა და უცებ შევამჩნიე, რომ თითქოს ვიღაც უხილავთან ერთად ვსაუბრობდით. ეს სმენასთან დაკავშირებული საკმაოდ რთული შეგრძნება იყო. თითქოს როს თქმასაც ვაპირებდი უკვე წინასწარ მესმოდა.

ჩემი მარცხენა ყური არაჩვეულებრივი შეგრძნების წყარო გახდა. ვგრძნობდი, რომ ამ ყურით უფრო უკეთესად, ზუსტად და ინტენსიურად აღვიქვამდი. ამ შეგრძნებათა ნაკადში იყო რაღაცა რასთანაც აქამდე არასოდეს მქონია შეხება. როცა მარჯვნივ მოვბრუნდი, რომ დონ ხუანისთვის შემეხედა, მივხვდი, რომ მარცხენა ყურს გარკვეული ფიზიკური სივრცე უკავშირდებოდა - ცხადი სმენური აღქმის დერეფანი, საიდანაც ყველაფერი არაჩვეულებრივი სიცხადით მესმოდა. ამგვარად თავის მობრუნებით შემეძლო ყური ლოკატორის ფუნქციით გამომეყენებინა.

-აი ეს დაგმართა ნაგუალის ჩურჩულმა, - თქვა დონ ხუანმა, - როცა ჩემი შეგრძნებები ავუღწერე. დრო და დრო ეს ძლიერდება მერე კი ქრება. არ შეგეშინდეს არც ამის და არც ნებისმიერი სხვა შეგრძნების, რაც უკვე შეიძლება გაგიჩნდეს, მთავარია ინდულგირებას არ მიჰყო ხელი და თავი ჩიხში არ მომიმწყვდიო. ვიცი რომ წარმატებას მიაღწევ. შენი გახლეჩვის დრო სწორადაა შერჩეული. ასე განკარგა ძალამ. ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თუ საკმარისად ძლიერი იქნები უდიდეს წინააღმდეგობას გაუძლებ, იმის გამო გაჩენილს რომ გაგხლიჩეს. მაგრამ თუ ვერ შეძლებ რომ გაუძლო მაშინ დაიღუპები; გახდები, ჩამოდნები, გაფერმკრთალდები, დაბნეული, გაფანტული, გაღიზიანებული და გაშეშებული გახდები.

-იქნებ ამაზე რამდენიმე წლის წინ მოგეყოლა, - დავიწყე მე, - მაშინ მე საკმარისი მექნებოდა...

მან ხელი ასწია და დამთავრების საშუალება არ მომცა.

-ეს განაცხადი აზრს მოკლებულია, - თქვა მან, - შენ ერთხელ უკვე თქვი, რომ ასეთი ჯიუტი რომ არ ყოფილიყავი და ჭკვიანური ახსნებს რომ არ გამოჰკიდებოდი, მაშინ დღეს უკვე ჯადოქარი იქნებოდი. მაგრამ ჯადოქრად გახდომა შენს შემთხვევაში ნიშნავს ჯიუტობის და ჭკვიანური ახსნების აუცილებლობის დაძლევას, რაც შენ გზაზე გეღობება. უფრო მეტიც სწორედ ეს ნაკლოვანებებია შენი ძალის გზა. შენ ვერ იტყვი, რომ ძალა შესკენ წამოვა თუ ცხოვრების სტილს შეიცვლი.

-მე და ხენარომ ზუსტად ისე უნდა ვიმოქმედოდთ, როგორც შენ - გარკვეულ საზღვრებში. ამ საზღვრებს კი ძალა განსაზღვრავს. მეომარი კი, მოდი ასე ვთქვათ, ძალის ტყვეა. ტყვე, რომელსაც მხოლოდ ერთი თავისუფალი არჩევანი აქვს - იმოქმედოს როგორც უნაკლო მეომარმა ან როგორც ვირმა. რადგან საბოლოოდ მეომარი მაინც ტყვე კი არა მონაა ძალისა და მას ეს არჩევანიც კი არ აქვს. ხენაროს მხოლოდ უნაკლოდ შეუძლია მოქმედება, რადგან მისთვის ვირივით მოქმედება უკვე სიკვდილის ტოლფასია. ეს დაცარიელებას და დასასრულს გამოიწვევს.

-შენ გეშინია ხენაროსი,რადგან მან ეს შიში შენი ტონალის შესაკუმშად უნდა გამიყენოს. შენმა სხეულმა იცის ეს, მაშინ როცა შენი გონება შეიძლება ვერც ხვდებოდეს ვერაფერს. ამიტომ უნდა შენს სხეულს ყოველთვის გაქცევა როცა ხენარო ახლოსაა.

მე დავინტერესდი განგებ ხომ არ მაშინებდა ხენარო. მან მიპასუხა, რომ ნაგუალი უცნაურ რამეებს სჩადიოდა და რომ მათი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო. მაგალითისთვის მან გამახსენა შემთხვევა, როცა ერთხელ დილით მან არ მომცა საშუალება მარცხნივ მომებრუნებინა თავი და დონ ხენაროსთვის შემეხედა ხეზე. დონ ხუანმა მითხრა, რომ მაშინ კი სრულად აცნობიერებდა თავის ნაგუალის მოქმედებებს, მაგრამ წინასწარ მაინც არ იცოდა რა მოხდებოდა. მან ამიხსნა, რომ ჩემი მარცხნივ თავის მობრუნება სიკვდილისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც ნაგუალმა უცაბედად გააკეთა როგორც ნებაყოფლობითი არჩევანი თვითმკვლელობისკენ. ამ მოქმედებამ დონ ხუანის ნაგუალიც გამოათავისუფლა, რის შედეგადაც მისი ნაწილი მე დამეცა.

დაბნეულობამ უნებური ჟესტი გამაკეთებინა.

-შენი გონება ისევ იმას გეუბნება, რომ უკვდავი ხარ, - თქვა მან.

-რას გულისხმობ ამაში დონ ხუან?

-უკვდავ არსებებს აქვთ დაეჭვების, შიშის და დაბნეულობის დრო და ფუფუნება. მეომარო მეორეს მხრივ ვერ გამოეკიდება ტონალის სამფლობელოში აღმოცენებულ აზრებს. მან იცის, რომ საკუთარი თავის მთლიანობა მხოლოდ გარდამავალი ეპიზოდია დედამიწაზე.

მე შევეწინააღმდეგე, რომ ჩემი ეჭვები, შიში და დაბნეულობა უფრო მეტად გაუცნობიერებელი იყო. როგორ არ ვცდილობდი მათ გაკონტროლებას, მაგრამ როგორც კი დონ ხუანს ან დონ ხენაროს ვხედავდი მაშინვე სუსტი და დაუცველი ვხდებოდი.

-მეომარი ვერც დაუცველი იქნება და ვერც სუსტი, ვერ შეშინებული, - თქვა მან, - არც ერთ შემთხვევაში. მეომარს მხოლოდ უნაკლოებისთვის აქვს დრო. ყველაფერი სხვა მის ძალას ასუსტებს. მხოლოდ უნაკლოება ავსებს.

-ახლა მოდი ისევ ჩემს ძველ კითხვას დავუბრუნდები დონ ხუან - რა არის „უნაკლოება“?

-კი შენს ძველ კითხვას დავუბრუნდით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენს ძველ პასუხსაც. უნაკლოება არის რაც შეიძლება უკეთესდ აკეთებდე ყველაფერს რაშიც კი ჩართული ხარ.

-მაგრამ დონ ხუან, მე ვთვლი, რომ ყველაფერს რასაც ვაკეთებ საუკეთესოდ ვაკეთებ, თუმცა რეალურად აშკარად გამოდის რომ ასე არაა.

-ეს არც ისე რთულია როგორც შენი სიტყვებიდან ჩანს. უნაკლოების გასაღები დროის შეგრძნებაა. დაიმახსოვრე, როცა გრძნობ და მოქმედებ როგორც უკვდავი არსება შენ არ ხარ უნაკლო. გარშემო მიმოიხედე. შენი წარმოდგენა იმაზე რომ დრო გაქვს იდიოტიზმია, ამ მიწაზე უკვდავები არ ცხოვრობენ.