dna

თავი მეთორმეტე. კოლექტიური ნეირო-გენეტიკური წრედი

ამ მომენტიდან კონსერვატულები ხდებიან არა მხოლოდ მემარჯვენეები. ყველა მემარცხენეც ასევე კონსერვატორი ხდება. ლიბერალიც და რადიკალი მემარცხენეებიც უკან რჩებიან. P.M. Esfandiary, Upwingers

ტვინის მეექვსე წრედი მაშინ ერთვება მოქმედებაში, როცა ნერვული სისტემა იწყებს სიგნალების მიღებას ინდივიდუალური ნეირონისგან - რნმ-დნმ „დიალოგისგან“, ნეირო-გენეტიკური უკუკავშირის სისტემისგან.

ჩვენი ნერვული სისტემა მთლიანობაში, თავის ტვინის ჩათვლით, ისევე, როგორც მთელი დანარჩენი ორგანიზმი, შექმნილი იყო დნმ-ის მოლეკულაში არსებული „კოდით“, რომელიც რნმ-ის მოლეკულების საშუალებით გადასცემს ორგანიზმს მითითებებს: „გაიზარდე წითური თმა. თვალების ფერი ცისფერი უნდა იყოს. გასწორდი და ეცადე გაიარო. დაიწყე ლაპარაკი. მოძებნე პარტნიორი. და ა.შ. მთელი ჩვენი მენტალური ცხოვრება - ჩვენი ტვინის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა - იმ საზღვრებშია მოქცეული, რომლებსაც დნმ-ის ეს საწყისი ჩანაწერი განსაზღვრავს.

ნეიროგენეტიკური ცნობიერების დროს დნმ-ის ეს არქივები ფხიზელ მდგომარეობაში მისაწვდომი ხდება თავის ტვინისთვის გასაშიფრად (ძილის მდგომარეობაში, ისინი, როგორც იუნგის „კოლექტიური არაცნობიერის“ არქეტიპები, ყოველთვის მისაწვდომია).

პირველებმა, ვინც რამდენიმე ათასი წლის წინ მოახერხეს ნეიროგენეტიკური ცოდნის მიღწევა, დაიწყეს საუბარი „წინა ცხოვრების მეხსიერებაზე“, „რეინკარნაციაზე“, „უკვდავებაზე“, და ა.შ. ეს ნეიროლოგიური ადეპტები საუბრობდნენ რაღაც სრულიად რეალურზე, თავიანთი დროისთვის საუკეთესო ენაზე, და მრავალი მათგანი (განსაკუთრებით ინდუისტები და სუფიები) იძლეოდნენ ევოლუციის საოცრად ზუსტ პოეტურ აღწერას დარვინამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე და წინასწარმეტყველებდნენ ზე-ადამიანის გაჩენას ნიცშემდე დიდი ხნით ადრე.

ბერძნები ამას „პანის ხედვას“ ეძახდნენ, ჩინელები - „დიად დაოს“, ინდუისტები - „ატმანის ცნობიერებას“. „ღმერთის“, „ქალღმერთის“ ან „დემონის“ იდუმალებით მოსილი, შიშისმომგვრელი და ამაღლებული ფიგურები, რომლებიც ამ გამოღვიძების საწყის სტადიებზე ჩნდებიან, წარმოადგენენ „კოლექტიური არაცნობიერის იუნგისეულ არქეტიპებს“. პირველყოფილი ადამიანები განსაზღვრავენ მათ, როგორც „გამარჯვებულებს სიზმრებიდან“, ალქაჯები, როგორც „ხალხი შ-დან“ (ანუ ფერიები); ეს ის იდუმალებით მოცული ადამიანები არიან, რომლებიც თითქმის ყველა ფოლკლორში გვხვდებიან. გურჯიევი ამ წრედს ჭეშმარიტ ემოციურ ცენტრს უწოდებს.

თეოსოფიური „აკაშას ქრონიკები“, სტანისლავ გროფის „ფილოგენეტიკური არაცნობიერი“, ბიოლოგების - მარგულისის და ლავლოკის „გაიას ჰიპოთეზა“, რომელიც ჩვენი პლანეტის ბიოსფეროს განიხილავს, როგორც ერთიან გონიერ ორგანიზმს, აი, სამი თანამედროვე მეტაფორა ამ წრედისთვის. წარსულისა და მომავლის სურათები, რომლებიც აღწერილია მათ მიერ, ვინც “ტრანს-დროითი გამოცდილება“ განიცადა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, ასევე წარმოადგენენ ნეიროგენეტიკური რეალობის გვირაბის ხილვებს.

იოგაში არ არსებობს სპეციალური სავარჯიშოები ნეიროგენეტიკური იმპრინტების გასაშვებად; ეს ჩვეულებრივ მაშინ მოდის, თუკი საერთოდ მოდის, მხოლოდ უმაღლესი რაჯა-იოგას მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ, რომელიც მეხუთე წრედის სომატურ ნეტარებას ანვითარებს. რა თქმა უნდა, დროებითი ნეირო-გენეტიკური ხედვები ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ LSD-ს დიდი დოზებით.

თანამედროვე მეცნიერების ენაზე ყველაზე კარგი იქნება, თუ ნეირო-გენეტიკურ წრედს განვიხილავთ, როგორც გენეტიკურ არქივებს, რომლებიც აქტიურდება ანტიჰისტონური პროტეინების აგზნებით - დნმ-ს მეხსიერება, რომელიც სპირალით სიცოცხლის განთიადისკენ მიდის და ამავდროულად მომავალი ევოლუციის გენეტიკურ გეგმებსაც შეიცავს.

„მე ვარ ის, ვინც იყო, არის და იქნება“, - ესაა ციტატა ეგვიპტური მკვდრების წიგნიდან, რომელიც თავად ბეთჰოვენმა დაწერა იეროგლიფებით, და ნაპოვნი იყო მის მაგიდაზე, სადაც მან მეცხრე სიმფონია და მთელი თავისი გვიანდელი, გლობალური, „ევოლუციური“ მუსიკა დაწერა. აქედან, ისევე როგორც თავად მისი მუსიკიდან, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ბეთჰოვენმა საკუთარ თავში ნეიროგენეტიკური წრედი გახსნა.

აქ ბინადრობენ პირველსაწყისი არქეტიპები, გაცილებით უფრო ძველები, ვიდრე ენა, და ამასთან გაცილებით უფრო ახლები, ვიდრე ხვალინდელი დღე. ახდენს რა ამ წრედის, როგორც გარკვეული არსების პერსონიფიცირებას, ქროული ამბობს: „ბავშვი ლურჯ კვერცხში“ (იხ. ფინალური კადრი კუბრიკის ფილმიდან „2001: კოსმიური ოდისეა“)... წარმოადგენს უმაღლეს „მე“-ს... აქ ვაკვირდებით კავშირს ჯუჯას სიმბოლიზმთან მითოლოგიაში... თავის აბსოლუტურ უმანკოებასა და უმეცრებაში - ის „სულელია“; ის მხსნელია... „დიადი სულელი“ კელტური ლეგენდებიდან, „ნამდვილი სულელი“ „პარსიფალის“ პირველი აქტიდან... იგივე „მწვანე ადამიანი“ გაზაფხულის დღესასწაულებიდან... ჩვენ მას ვხედავთ შეიარაღებული ბახუს დიფეს სახით, რომელიც მამაკაცი და ქალია ერთ პიროვნებაში, ორსქესიანი ბაფომეტის სახით... ასევე ორსქესიანი ზევს არჰონოტელუსის სახით... (ამ სრული ფორმით იგი ჩნდება ტაროს მე-15 არკანში - „ეშმაკი“)... თუმცაღა ინდუისტური მისტიციზმის „პატარა ადამიანი“, ცბიერი ჯუჯა, რომელიც მრავალი ერის ლეგენდებში გვხვდება, - ეს იგივე პერსონაჟია... ადამიანის მდუმარე „მე“, ანუ მისი წმინდა მფარველი ანგელოზი.

ეს ხატ-სახეები სულაც არაა ქროულის პოეტური ფანტაზიები. ისინი არსებობენ ადამიანთა სიზმრებში (პერსონალურ ღამის მითებში), ყველა ერის მითებში (იმპერსონალურ სიზმრებში) და, რა თქმა უნდა,კვლავ და კვლავ ჩნდებიან ისტორიებში ამო-სთან (ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან) შეხვედრაზე.

ყურადღებით შეისწავლეთ შემდეგი ორი ნახატი:

pan1

pan2

ამ წრედის „ენა“ - ესაა მრავალშრიანი ენა „ფინეგანის სამძიმრიდან“, სადაც ფინეგანი - ეს კვლავ ფინია (ინგ. Finn-again), - ირლანდიური ლეგენდებიდან აღმდგარი ფინ მაკქული, ასევე ჰეკ ფინი, რომელიც „Missus Liffey“-ში მიცურავს, რომელიც ორივეა: ანნა ლიფის ირლანდიური მდინარე და ჰეკ ფინის მისისიპი; სადაც მარკ ვენი (Mark the Wan) - ესაა ტრისტანის მიერ მოტყუებული მეფე მარკი, ხოლო მარკ ტვაი (Mark the Twy) - ესაა მარკ ტვენი, რომელიც თავის ცოლს „ლივვი“-ს ეძახის, როგორც ირლანდიურ მდინარეს, და არის კიდევ მარკ ტრისი (Mark the Tris) - ესაა მოტყუებული მარკი და მატყუარა ტრისტანი ერთ სახეში; და მარკუს ლაიონსი (Marcus Lyons), რომელიც მათ ყველას აერთიანებს, და გარდა ამისა წარმოადგენს მარკოზ-მახარებელს, რომლის ემბლემაც ლომია (მის გამოსახულებებს ყოველთვის ახლდა ლომი შუასაუკუნეების ხელოვნებაში), ზოდიაქოს ლომს და ყველა მასთან დაკავშირებულ ცეცხლოვან ნიშანს, ასევე ოთხიდან ერთ-ერთ მოხუცს (Matt Gregory, Marcus Lyons, Luke Tarpey და Johnny McDougall), რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან მთელი სიზმრის განმავლობაში და წარმოადგენენ ოთხი ევანგელისტის სიმბოლოს, მძინარეს საწოლის ოთხ საყრდენ ფეხს, ოთხ უძველეს წრედს, ტაროს ან ჩვეულებრივი სათამაშო კარტის ოთხ მასტს, უძველეს ოთხ ელემენტს და ყველა დანარჩენ ოთხეულს, რომელიც იუნგმა „კოლექტიურ არაცნობიერში“ აღმოაჩინა.

ადამიანის (და ძუძუმწოვრების) ოთხი პირველი წრედის პარალელის სახით ჯოისი იყენებს “კალიას“ განვითარების ოთხ სტადიას (კვერცხს, მატლს, ჭუპრს და ზრდასრულ ინდივიდს) და ა.შ.

ეს არქეტიპული წრედი სავსეა იმით, რასაც იუნგი სინქრონულობას - აზრიან დამთხვევებს, რომლებსაც იგი აკავშირებდა იმასთან, რომ მოცემული წრედის ფესვები იმყოფება დონეზე, რომელსაც იგი „ფსიქოიდურს“ უწოდებდა, პერსონალური და კოლექტიური არაცნობიერის ქვეშ, იქ, სადაც „ცნობიერება“ და „მატერია“ ჯერ კიდევ არაა დაშორებული - ტელეგრაფ: დნმ-რნმ-ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემა)-ის სამეფო მაგისტრალში, ტიმოტი ლირის მეტაფორის თანახმად.

სინქრონულობები - ესაა საიმედო მოწმობა იმისა, რომ საქმე ნეიროგენეტიკურ წრედთან გაქვთ. ერთხელ, ჩვენი „ფინეგანის სამძიმრის“ შემსწავლელი ჯგუფი ხარხარმა შეძრა, როცა ჩვენ გავიგეთ, რომ დასახელება: «Toot and Come Inn» (სასტუმრო „დარეკე და შემოდი“) - ეს არაა უბრალოდ ამერიკული მოტელების დასახელებების პაროდია, არამედ ასევე ჯოისის ერთ-ერთი კალამბურია - დაკავშირებული ტუტანჰგამონთან (ტუტ ანდ ქამ ინ). ამ მომენტში ჩემი ცოლი შემოვიდა და დაინტერესდა, რატომ ვიცინოდით. როცა ჩვენ ავუხსენით, მან გვითხრა: „ესეც თქვენი სინქრონულობა - მე ახლახანს ვუყურებდი ტელევიზორში გადაცემას ტუტანჰამონის შესახებ“.

და რა თქმა უნდა, ჯოისი ფინეგანის სიზმარში სვავს მეფე-ბიჭუნას, რადგან „ფინეგანის სამძიმრის“ ძირითად თემას, ნეიროგენეტიკური წრედის ძირითად თემას წარმოადგენს გენეტიკური მეხსიერების გადარჩენა თაობიდან თაობამდე, რაც სიმბოლიზებულია აღდგომიოს შესახებ მითით; ტუტანჰამონი ამოთხრილ (აღმდგარ) იქნა სინქრონულად „ფინეგანის სამძიმარზე“ მუშაობის დაწყებასთან ერთად.

ჯოისის სიტყვების ურთულეს თამაშში შეგვიძლია დავაკვირდეთ ნეიროგენეტიკური წრედის ლოგიკას: თესლი (გენეტიკური კოდი) და კვერცხი (უჯრედული სიბრძნე) სიგნალს აგზავნიან ზონის მიღმა; ნობელის ლაურიატის, გენეტიკოს ჰებერტ მიულერის მსგავსი მეტაფორის თანახმად, „ჩვენ ყველანი ვართ გიგანტური რობოტები, ნაწარმოებნი დნმ-ის მიერ, რათა ვაწარმოოთ დნმ“.

ინდივიდისთვის წყვეტები ჯაჭვში სიცოცხლე-სიკვდილი-სიცოცხლე-სიკვდილი-სიცოცხლე-სიკვდილი რეალური და მტკივნეულია; ნეიროგენეტიკური წრედის თესლ-კვერცხის სიბრძნისთვის არსებობს უფრო დიდი რეალობა - უწყვეტი ერთიანობა სიცოცხლესიკვდილისიცოცხლესიკვდილისიცოცხლესიკვდილი.

ნეიროგენეტიკური წრედი სავარაუდოდ განლაგებულია მარჯვენა ნახევარსფეროს ახალ ქერქში და გაჩნდა ნეიროსომატურ წრედზე უფრო გვიან, რომელიც ადგილს მარჯვენა ნახევარსფეროს ქერქის უკანა ნაწილებში იკავებს.

მეექვსე წრედის ნეიროგენეტიკური ცნობიერება საშუალებას გვაძლევს, რომ ვისაუბროთ ევოლუციის არქიტექტორთან, რომელმაც თქვენი და იმ მრავალი მილიარდი სხვა ადამიანის სხეული შექმნა, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ.

როგორც ერთხელ ბაკი ფულერმა აღნიშნა, ეს „არქიტექტორი“ - დედამიწის უდიდესი ინჟინერია. ვერცერთი ადამიანი-არქიტექტორი ვერ შეედრება მის ეფექტურობას ისეთი „მარტივი“ ქმნილებების შექმნაში, როგორებიცაა ვარდი, კვერცხი, მწერების კოლონია, თევზი და ა.შ.

მისი პერსონიფიცირება თანამედროვე ტერმინებით შეიძლება, როგორც დედა-დნმ (ან მამა-დნმ). რაციონალისტი მაშინვე გააპროტესტებს, რომ მსგავსი პერსონიფიკაცია, როგორი ცხადიც არ უნდა იყოს იგი მათთვის, ვინც უშუალოდ შეეჩეხა არქიტექტორს მოცემულ წრედში, არაკანონიერია, რადგან იგი არაცნობიერია. არგუმენტი, რომელიც საპასუხოდ მოყავს მეექვსე წრედის ყველა ადეპტს ყველა კულტურასა და დროში, მდგომარეობს იმაში, რომ იგი არაცნობიერია, მაგრამ მთვრალია, და ეს სიმთვრალე ღვთაებრივ ხასიათს ატარებს.

თუკი ნაკლებად პოეტური ენით გამოვხატავთ, ვახდენთ ამ არქიტექტორის „ჰუმანიზაციას“ დიდი დედის ან დიდი მამის სახით, „ანიმალიზაციას“ ტურისთავიანი არსების სახით, მსგავსად ეგვიპტელებისა, თუ „ინსექტუალიზაციას“, ერთი აფრიკული ტომის მსგავსად, ჩოქელას სახით თუ „სპირიტუალიზაციას“ რაღაც სრულიად აბსტრაქტულის სახით, მსგავსად ინდუისტებისა ან ქრისტიანებისა, - ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში აღვწერთ ამ 3-4 მილიარდ წლიანი არსების მხოლოდ ერთ წახნაგს. მისი დნმ-ად „მოლეკულარიზებით“ ჩვენ ასევე მხოლოდ ერთ წახნაგს ვხედავთ, მაგრამ ყველაზე მოსახერხებელ წახნაგს სამეცნიერო ანალიზისთვის. ესაა ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება და აუცილებელია ბიოსფეროს „სამეცნიერო-მატერიალისტურ“ ქიმიკალიზაციაზე, და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება თავად ყოფიერის უშუალო გამოცდილებას მეექვსე წრედის იოგას, ბიოლოგიური ან ქიმიური სახით. სინამდვილეში უშუალო გამოცდილება შეიძლება დაეხმაროს და უკვე დაეხმარა ბევრ მეცნიერს, რომ ევოლუციის უფრო ფართო, უფრო ქოლისტური ხედვა მოიპოვოს, რომელიც მათ საუკეთესო ლინგვისტურ მოდელებში მესამე წრედამდე დაიყვანება. ტეიარ დე შარდენი - აი, ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მაგალითი მეცნიერისა, ვისი ევოლუციური მოდელიც გაუმჯობესებულ იქნა მეექვსე წრედის მსგავსი უშუალო გამოცდილებით.

მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გააჩნია მეექვსე წრედის გამოცდილება - კაცობრიობის დიდი ნაწილი კი ამ წრედის ცნობიერად ჩართვის ტექნოლოგიას უახლოესი ოცი წლის განმავლობაში ისწავლის, - ამ ევოლუციურ პერსპექტივას შესაძლოა თან ახლდეს კვანტური ნახტომების სერია.

ინდივიდს შეუძლია შეცდომები დაუშვას, მათ შორის ფატალურიც. პირველი-მეხუთე წრედების ცნობიერება შორსაა შეუცდომლობისგან; ჩვენ ყველანი ვაწყდებით უსიამოვნებებს, და ზოგჯერ ისინი გვკლავენ.

გენოფონდსაც ასევე შეუძლია შეცდეს, თუმცა უფრო ნაკლებად. გენოფონდების უმეტესობათა სასიცოცხლო ვადა მრავალი ათასჯერ აჭარბებს ცალკეული ინდივიდების სასიცოცხლო ვადას. ცხადია, თუ ვიმსჯელებთ გონიერებაზე გადარჩენის უნარით, გენოფონდები - რომლებიც მრავალი მილიონი ინდივიდის სუმარულ ინფორმაციას ფლობენ, - უფრო „გონიერნი“ არიან, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ინდივიდი, მაშინაც კი, თუ საქმე გენიას ეხება. (აინშტაინი არ იყო ისეთი ჭკვიანი, როგორც მთელი ებრაული ერი მთლიანობაში. მან შექმნა ფარდობითობის თეორია და აღმოჩნდა საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ ნაცისტებს გაქცეოდა. ებრაელებმა მრავალსაუკუნიანი ისტორიის მანძილზე შექმნეს მრავალი იდეა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ფარდობითობის თეორია, და ასეულობით პოგრომი გადაიტანეს.)

სახეობა კიდევ უფრო გონიერია, ვიდრე გენოფონდი. იგი მრავალ მილიონჯერ უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ინდივიდი, და მრავალ ათასჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე ნებისმიერი გენოფონდი.

ბიოსფერო (გაია, დნმ-ის კოდი) უფრო გონიერია, ვიდრე ყველა ინდივიდი, გენოფონდი და სახეობა. მან გადაიტანა ყველაფერი, რაც თითქმის 4 მილიარდი წლის განმავლობაში ემართებოდა, და დროთა განმავლობაში უფრო გონიერი ხდება. იგი მიუახლოვდა უკვდავების მიღწევას; მეექვსე წრედის მეშვეობით მას შეუძლია დაინახოს საკუთარი და განსაზღვროს საკუთარი განვითარების უფრო ეფექტური მიმართულება უკეთესად, ვიდრე ოდესმე წარსულში. იგი ემზადება იმისთვის, რომ დატოვოს ეს პლანეტა და გავრცელდეს კოსმოსში.

ბეთჰოვენმა ერთხელ თქვა: „ის, ვინც ჩემს მუსიკას გაიგებს, აღარასოდეს იქნება უბედური“. მისი მუსიკა - ესაა მეექვსე წრედის სიმღერა - გაიას, სიცოცხლის სულის, რომელმაც საკუთარი თავის, საკუთარი ძალების და უსასრულო განვითარების უნარის გაცნობიერება დაიწყო.

სავარჯიშოები

1. იპოვეთ მინიმუმ 15 მსგავსება ნიუ-იორკსა (ან ნემისმიერ სხვა მეგაპოლისსა) და მწერების კოლონიას - ფუტკრების სკას ან ჭიანჭველების ბუდეს შორის. (თუ ამას ვერ მოახერხებთ, წაიკითხეთ ედვარდ ვილსონის „სოციობიოლოგია“) იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს დნმ-ის ინფორმაცია, რომელმაც ასეთი მაღალი კოჰერენტულობა და ორგანიზებულობა შექმნა პრიმატების და მწერების საზოგადოებებში.

2. წაიკითხეთ უპანიშადები, და ყოველ ჯერზე, როცა სიტყვა „ატმანი“ („სამყაროსეული სული“) შეგხვდებათ, აზრობრივად ჩაანაცვლეთ იგი „დნმ-ის პროგრამით“. გახდა თუ არა თქვენთვის გასაგები ამ უძველესი ტერმინების მნიშვნელობა?

3. მსგავსი საკითხების შესწავლა როგორც წესი იწვევს ხოლმე იუნგისეული სინქრონულობების ინიცირებას. მოინიშნეთ, ამ თავის წაკითხვიდან რამდენ ხანში მოხდება რაიმე საკვირველი დამთხვევა - თქვენ შეხვდებით დნმ-ის ასოების კომბინაციას გვერდზე მიმავალი ავტომობილის ნომრებზე. ვიღაც მოულოდნელად უპანიშადებს გაჩუქებთ, ან თანამედროვე ხატწერის ნიმუშში დაინახავთ ხატ-სახეს, რომელიც ქროულის პანს ან დიდ დედას მოგაგონებთ.

4. ახსენით მსგავსი სინქრონულობა, როცა იგი მოხდება, მესამე წრედის რაციონალისტის ენაზე - „უბრალო დამთხვევა“, ან რაღაც მაგდაგვარი.

5. ფსიქოლოგი ბარბარა ჰონეგერი სინქრონულობებს შემდეგნაირად ხსნის: ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო (სადაც ეს წრედია განლაგებული) დრო-სივრცეში იქ გადაგანაცვლებთ, სადაც სინქრონულობა ჩნდება, მაშინ, როცა რაციონალური მარცხენა ნახევარსფერო რაციონალურ მიზეზებს იგონებს იქ გასამგზავრებლად. სინქრონულობა - ესაა ენა, რომლის მეშვეობითაც მოცემული წრედი მარცხენა ნახევარსფეროსთან ურთიერთობს. ეცადეთ ახსნათ დამთხვევა ამ თეორიის გამოყენებით. რა შეტყობინების გადაცემა უნდა თქვენს მარჯვენა ნახევარსფეროს მარცხენასთვის?

6. იუნგმა და მისმა რამდენიმე მიმდევარმა (კოლმენმა, შტაიგერმა და ფიდლერმა) წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ამო წარმოადგენს დნმ-ის ამ კოლექტიური წრედის გზავნილებს მარცხენა ნახევარსფეროსადმი. რაში მდგომარეობს ამ გზავნილების აზრი? რა უნდა ამით მარჯვენა ნახევარსფეროს, რომ შეგვატყობინოს?