თავი მეთოთხმეტე. მეტაპროგრამირების წრედი

ადამიანმა არ უწყის საკუთარი არსებისა და საკუთარი ძალების ბუნების შესახებ. მისი შეზღუდულობის შესახებ იდეაც კი მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. მაშ, რატომ უნდა დაუწესოს თეორიული საზღვრები იმას, რაც შეუძლია გახდეს, ან გააკეთოს? (ალისთერ ქროული, „მაგია“)

ალფრედ კორჟიბსკის თანახმად, ნებისმიერი „იდეა“, ან მენტალური მდგომარეობა წარმოადგენს ტვინის წრედს, რომლის გაანალიზებაც თავად ტვინს შეუძლია, და ამით ქმნით იდეას იდეის შესახებ, ანუ მენტალურ მდგომარეობას მენტალური მდგომარეობის შესახებ. ამ პროცესს არ გააჩნია არც თეორიული და არც რეალური საზღვრები; სწორედ ესაა ის „შინაგანი უსასრულობა“, რომლებზეც მისტიკოსები საუბრობენ.

ჯონ ლილი შემდეგს ამტკიცებს: „ის, რაც გონების სფეროში ჭეშმარიტად ითვლება, არის ან ხდება ჭეშმარიტი გამოცდილებით და ექსპერიმენტით განსაზღვრულ საზღვრებში. ეს საზღვრები წარმოადგენენ რწმენა-წარმოდგენებს, რომლებიც მოგვიანებით ასევე გადალახულ იქნება. გონების სფეროში არ არსებობს საზღვრები“.

ცნობიერება და მისი შემადგენელი ფუნქციურად იდენტურნი არიან: ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემთვის არსებობს, ჩემს ტვინში. რადგან არ ვარ სოლიფსისტი, პირიქითაც ვამბობ: მე მხოლოდ მისთვის ვარსებობ, მხოლოდ მის ცნობიერებაში. იმისთვის, რომ მკითხველმა ბაირონის ან ვორდვორტის მსგავსად არ წამოიძახოს: „მინდა, რომ მან ახსნას თავისი ახსნები!“, ვცადოთ ასე: თუ მე ბედნიერება მხვდა წილად, რომ ვუსმენდე „ჰამერკლავირის“ (Hammerklavier) სონატა და ამ დროს უეცრად მეკითხებით: „ვინ ხარ?“, ერთადერთი სწორი პასუხი ჩემი მხრიდან იქნება, რომ ამ სონატიდან მელოდია გიმღეროთ. ასეთი კლასის მუსიკის მოსმენისას ადამიანი ადამიანი აღტაცებული ყურადღების ჰიპნოტურ მდგომარეობაში ვარდება: მისთვის ქრება განსხვავება ცნებებს შორის: „მე“ და „ჩემი გამოცდილება“.

როცა ღრმა მედიტაციაში საკუთარ თავზე ვფიქრობ, მე - ეს მე ვარ; როცა ვფიქრობ საკუთარ თავზე და თქვენზე, მე - ეს მე და თქვენ ვარ; როცა მხოლოდ თქვენზე ვფიქრობ, მე უკვე აღარ ვარ; როცა ღმერთზე ვფიქრობ, მე - ღმერთი ვარ. როგორც დახუჭული, ასევე გახელილი თვალებით ერთი და იგივეს ვხედავ: ტვინის წრედებს.

მათემატიკოსმა ჯონ უ. დიუნმა ეს საკითხი იგავად აქცია. მხატვარმა, რომელიც გაიქცა ფსიქიატრიულიდან რომელშიც (სამართლიანად თუ უსამართლოდ) განამწესეს, გადაწყვიტა დაეხატა ველი, რომელზეც აღმოჩნდა. როცა დაამთავრა, მიხვდა, რომ რაღაც აკლდა, კერძოდ - თავად ის, და მისი ტილო, რომლებიც ველის ნაწილს წარმოადგენდნენ. მან ხელახლა დაიწყო ხატვა და ველში საკუთარი თავი და ტილოც გამოსახა. როცა კვლავ ფილოსოფიურად მიუდგა, მიხვდა, რომ რაღაც კვლავაც აკლდა: კერძოდ, ის და ტილო, რომელზეც გამოხატავდა საკუთარ თავს და ტილოს ველზე. მან მესამედ გადახატა ნახატი... შემდეგ მეოთხედ... და ასე უსასრულობამდე.

ეს გვაგონებს ეშერის ნახატებს, ან ძველ იგავს ფერმერზე, რომელიც ბაზარში ათი ვირით წავიდა, რომელთაგანაც ერთ-ერთზე თვითონ იჯდა. რაღაც დროის შემდეგ გადაწყვიტა შეემოწმებინა, ხომ არ დაიკარგა ერთ-ერთი ვირი, და მათი გადათვლა დაიწყო. ვირები მხოლოდ ცხრანი აღმოჩნდნენ. შეშფოთებული ჩამოქვეითდა და სათითაოდ მოიარა ყველა ვირი. ახლა ისინი ათნი იყვნენ. შემდეგ კვლავ შეჯდა ერთ-ერთ ვირზე და იარა, სანამ კვლავ არ დაეჭვდა, და კიდევ არ გადათვალა ვირები... ისინი მხოლოდ ცხრანი იყვნენ. იგი კვლავ ჩამოქვეითდა და ყურადღებით გადათვალა ისინი, სანამ არ დარწმუნდა, რომ ათნი იყვნენ. პროცესი მანამდე მეორდებოდა, სანამ ეს ამოცანა შემდეგნაირად არ გადაწყვიტა: ერთ-ერთი ვირი მხრებზე შეისვა და დანარჩენი ცხრა თავის წინ გაირეკა.

„გაქრობადი ვირის“ ფოკუსი იგივეა, რაც იდეები შესახებ იდეებისა შესახებ იდეებისა, ნახატები ნახატებზე, ნახატებზე და ა.შ. გაქრობადი ვირი - ესაა ნერვული სისტემის მეტაპროგრამირების წრედის სიმბოლო.

მეტაპროგრამირების წრედი - გნოსტიციზმში ცნობილია, როგორც „სამშვინველი“ (soul), ჩინეთში, როგორც „არა-გონება“ (უ-სინი), ტიბეტურ ბუდიზმში, როგორც სიცარიელის თეთრი სინათლე, ინდუიზმში შივა-დარშანა. ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი გურჯიევთან - წარმოადგენს უბრალოდ ტვინს, რომელშიც თვით-ცნობიერებამ გაიღვიძა. მხატვარი, რომელიც თავის ნახატში ხედავს საკუთარ თავს, რომელიც საკუტარ თავზე მომზირალ საკუთარ თავს უყურებს... ძენური მეტაფორის თანახმად, ესაა სარკე, რომელიც ყველაფერს ირეკლავს, მაგრამ არაფერთან არაა მიჯაჭვული. ესაა ცნობიერების სარკე, რომელმაც იცის, რომ ყოველთვის შეუძლია აირეკლოს რაღაც სხვა, თუკი არეკვლის კუთხეს შეიცვლის.

ამ თეორიის მათემატიკური ანალიზი მოყვანილია ჯონ სპენსერ ბრაუნის წიგნში „ფორმის კანონები“; მისი ანალოგი, რომელიც აწყობილია კურტ გიოდელის ნაშრომებზე, ბახის მუსიკის ილუსტრაციებისა და ეშერის ფერწერის გამოყენებით, გვხვდება ჰოფშტედერის (Douglas Hofstadter) წიგნში: „გიოდელი, ეშერი, ბახი“.

მსოფლიო ოკულტური ლიტერატურის დიდი ნაწილი - თუკი არ გავითვალისწინებთ მის 95%-ს, რომელიც სრული სისულელეა, - შედგება ტრიუკებისგან, მისტიფიკაციებისგან და თამაშებისგან (რომლებსაც ინდუისტები უწოდებენ უპაიას, „გონივრულ მეთოდებს“), რომლებიც განკუთვნილნი არიან მეტაპროგრამირების ცნობიერების ჩასართავად. ტაქტიკა, როგორც წესი, მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეს იმდენ ხანს ატარებენ „რობინ ჰუდის ბეღელის“ გარშემო, სანამ არ გააცნობიერებს, რომ მან თავად შექმნა ეს ბეღელი.

მაგალითად, კალიფორნიელ ოკულტისტებს აქვთ ერთი პოპულარული თამაში - არ ვიცი, ვინ მოიგონა იგი, - რომელშიც არსებობს ჯადოსნური ოთახი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს ჩვენ მიერ განხილულ სიამოვნებების სახლს, იმის გამორიცხვით, რომ ამ ჯადოსნურ ოთახში ყოვლისმცოდნე კომპიუტერი იმყოფება.

იმისთვის, რომ ამ თამაშში ჩაერთოთ, თქვენ უბრალოდ აკეთებთ საკუთარი თავის „ასტრალურ პროექციას“ ჯადოსნურ ოთახში. არ მკითხოთ, რას ნიშნავს გამოთქმა - „ასტრალური პროექცია“, და ნუ ჩათვლით ამას მეტაფიზიკად (წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამოცანის გადაჭრა ან შეუძლებელი გახდება, თუ მატერიალისტი ხართ, ან მეტისმეტად რთული, თუ მისტიკოსი ხართ). უბრალოდ მიიღეთ, რომ ესაა gedankenexperiment, “გონების თამაში“. წარმოისახეთ საკუთარი თავი ამ ჯადოსნურ ოთახში და მკაფიოდ წარმოიდგინეთ ყოვლისმცოდნე კომპიუტერი, თქვენი აზრით საჭირო ნებისმიერი დეტალის გამოყენებით, რათა მსგავსი სუპერპროცესორი თქვენი წარმოსახვისთვის რეალური გახადოთ.

ამ ასტრალურ კომპიუტერთან ურთიერთობისთვის თქვენ არ გჭირდებათ რაიმე ცოდნა პროგრამირებაში. იგი არსებობს მომდევნო ასწლეულის დასაწყისში; თქვენ გაგიმართლათ და შეგიძლიათ მისი გამოყენება დროში მოგზაურობის წყალობით, თუკი ეს მეტაფორა გამოგადგებათ. კომპიუტერი ისეა მოწყობილი, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებს ადამიანის თავის ტვინის ტალღებზე, „აღრიცხავს“და შიფრავს მათ მნიშვნელობას. (მსგავსი კომპიუტერების ძალიან არასრულყოფილი პროტოტიპები ახლაც არსებობენ). ამრიგად, იმყოფებით რა ამ ჯადოსნურ ოთახში, თქვენ შეგიძლიათ კომპიუტერს ნებისმიერი კითხვა დაუსვათ, მათი უბრალოდ აზრობრივად ფორმულირებით. იგი წაიკითხავს თქვენს აზრებს და ლაზერული სხივის მეშვეობით მოახდენს თქვენს ტვინში სწორი პასუხის პროეცირებას.

არსებობს მხოლოდ ერთი პატარა პრობლემა. ეს კომპიუტერი მეტისმეტად მგრძნობიარეა ტვინის ნებისმიერი ტალღისადმი. თუკი თქვენს აზრებში ოდნავი ეჭვები მაინცაა, იგი მათ აღიქვამს, როგორც ნეგატიურ ბრძანებებს, რომლებიც ნიშნავს: „არ უპასუხო ჩემს კითხვებს“. ამიტომ საჭიროა მარტივი კითხვებით დაწყება. თხოვეთ მას, რომ არქივებიდან სკოლაში თქვენი მეორე კლასის მასწავლებლის სახელი ამოქექოს. (თითქმის ყველას ახსოვს პირველი კლასის მასწავლებლის სახელი - კვლავაც იმპრინტული მოწყვლადობის გამო, - მაგრამ მეორე კლასის მასწავლებელი, როგორც წესი გვავიწყდება.)

როცა კომპიუტერი თქვენი მასწავლებლის სახელს გიპოვნით, სცადეთ, დაუსვათ მას უფრო რთული, მაგრამ არა ძალიან რთული კითხვა. მანქანის დაბნევა ადვილია, მაგრამ ეს თქვენს ინტერესებში არ შედის. თქვენ გინდათ გაიგოთ, რამდენად კარგად შეგიძლიათ, რომ ამუშავოთ იგი.

ჭკვიანური მიდგომა იქნება, თუ კითხვებს თანმიმდევრულად დაუსვამთ, და არა ყველას ერთად, რადგან აზრების სწორად აღსაქმელად ჯადოსნურ კომპიუტერს თქვენგან კონცენტრაცია სჭირდებათ. ნუ გაფლანგავთ თქვენი წარმოსახვის შესაძლებლობებს უკვე პირველი ცდებიდანვე.

რამდენიმე მარტივი ექსპერიმენტის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო საინტერესო პროგრამებზე. იფიქრეთ ადამიანზე, რომელიც თქვენში ისეთ ნეგატიურ გრძნობებს იწვევს, როგორებიცაა სიბრაზე, იმედგაცრუება, სიძულვილი, ეჭვიანობა ან ნებისმიერი სხვა, რომლებიც ხელს უშლიან თქვენი პირადი ბიოკომპიუტერის მუშაობას. თხოვეთ ჯადოსნურ კომპიუტერს, რომ ამ ადამიანის ქცევა აგიხსნათ; რათა ამ ადამიანის რეალობის გვირაბში მოგათავსოთ იმ დროით, რა დროც დაგჭირდებათ იმის გასაგებად, თუ როგორ ხედავს იგი სამყაროს. აუცილებლად გაარკვიეთ, როგორ გხედავთ ეს ადამიანი თქვენ.

როგორც პოეტმა რობერტ ბერნსმა თქვა: „ეჰ, თქვენ რომ შეგეძლოთ საკუთარ თავში დაინახოთ ის, რასაც სხვები ხედავენ... ო, რა მომთმენნი და მოკრძალებულნი გავხდებოდით!“ კომპიუტერი ამ სამუშაოს თქვენს ნაცვლად ასრულებს; მაგრამ მზად იყავით გარკვეული უსიამოვნო შოკისთვის.

ამ სუპერ-ტვინმა ასევე შეიძლება გითხრათ იდეები, რომლებიც თქვენთვის გაუგებარი, პარადოქსული და იდუმალი იქნება. ასე რომ, ექსპერიმენტები ამ კომპიუტერთან შეგიძლიათ დაიწყოთ თხოვნით, რომ აგიხსნათ ამ წიგნის ზოგიერთი გამოთქმა, რომლებიც გაუგებრად ან ნამეტანი-ჭკვიანურად გეჩვენებათ - „ჩვენ უფრო მეტად ვართ მხატვრები, ვიდრე გვგონია“, ან „რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს“, ან „ცნობიერება და მისი შემადგენელი - ფუნქციურად იდენტურნი არიან“.

ეს კომპიუტერი ბევრად უფრო სრულყოფილი და მძლავრია, ვიდრე ნეიროსომატური წრედის ნეტარების მექანიზმი. მას გააჩნია შეუზღუდავი წვდომა ყველა ადრეულ, პრიმიტიულ წრედზე და პრიორიტეტით ნებისმიერ მათგანს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ თუკი ამ კომპიუტერში მეტაპროგრამირების ბრძანებას შეიყვანთ, იგი ყველა დაბალ წრედში შეიყვანს მას და გააუქმებს მის ყველა საწინააღმდეგო პროგრამას, რომელიც წარსულში დაიწყო. მაგალითად, სცადეთ შეიყვანოთ მასში მეტაპროგრამირების შემდეგი პროგრამები:

1. მე ვმართავ ჩემს სხეულს.
2. მე ვმართავ ჩემს წარმოსახვას.
3. მე ვმართავ ჩემს მომავალს.
4. ჩემი ცნობიერება სავსეა სილამაზით და ძალით.
5. მე მომწონს ადამიანები, ადამიანებს კი - მე მოვწონვარ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კომპიუტერი მხოლოდ რამდენიმე ათწლეულით უსწრებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამიტომ ჯერ არ შეუძლია თქვენი „ბრძანებების“ გაგება, თუკი მათში მცირე ეჭვის წილი მაინცაა. ეჭვები ცალსახად აღიქმება მის მიერ, როგორც ბრძანების შესრულების აკრძალვა. ყოველთვის იმით დაიწყეთ, რისაც მტკიცედ გჯერათ, და მხოლოდ მაშინ გააფართოვეთ რწმენის სფერო, როცა თქვენს მიერ მიღებული შედეგები საშუალებას მოგცემენ, გადახვიდეთ თქვენი წარსული რეალობის გვირაბების უფრო არსებითად შეცვლისკენ.

ამაშია - კიბერნეტიკული ცნობიერების არსი: პროგრამისტი იქცევა თვითპროგრამისტად, თვით-მეტაპროგრამისტად, მეტა-მეტაპროგრამისტად და ა.შ. „ზუსტად ისევე, როგორც მეორე წრედის ემოციური იძულება გვეჩვენება პრიმიტიულად, მექანიკურად და ბოლოს, ბრიყვულად - ნეიროსომატურ ცნობიერებას, სწორედ ასევე, მესამე წრედის რეალობის რუკები სასაცილოდ, ფარდობითად და თამაშისმაგვარად ეჩვენება მეტაპროგრამისტს.

„რაზეც არ უნდა თქვათ - „არის“, იგი სინამდვილეში ასეთი არ არის“, - უსასრულოდ იმეორებდა სემანტიკოსი კორჟიბსკი თავის სემინარებზე, ცდილობდა რა აეხსნა, რომ მესამე წრედის სემანტიკური რუკები არ წარმოადგენენ ტერიტორიებს, რომლებიც წარმოუდგენიათ; რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი რუკების რუკები, გადახედვების გადახედვები, მეტა-მე-ები მე-ებისგან.

„ნეტი, ნეტი“ (არც ეს, არც ეს), - ტრადიციულად პასუხობენ ინდუისტი მასწავლებლები კითხვაზე, თუ რა არის „ღმერთი“ ან „რეალობა“.

იოგები, მათემატიკოსები და მუსიკოსები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მეტაპროგრამირებადი ცნობიერების განვითარებისკენ, ვიდრე კაცობრიობის სხვა წარმომადგენლები. კორჟიბსკი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ მათემატიკური აპარატის გამოყენება ძალიან სასარგებლოა ამ წრედის განვითარებისთვის, რადგან როდესაც თქვენს გონებაზე ფიქრობთ, როგორც გონებაზე გონების შესახებ, რომელიც აკვირდება გონებას, როგორც გონებას, და გონების შესახებ, რომელიც აკვირდება გონებას, რომელიც აკვირდება გონებას, როგორც გონებას, თქვენ უახლოვდებით მეტაპროგრამირების არსის გაგებას. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ - შესანიშნავი მეგზურია მეტაპროგრამირების წრედისკენ (ეს წიგნი დაწერილია მათემატიკური ლოგიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიერ), და ალისტერ ქროული ტყუილად არ მოითხოვდა მის ცოდნას ყველასგან, ვინც იოგას შეისწავლიდა.

რ. ბაკმინსტერ ფულერს თავის ლექციებში შემდეგი ილუსტრაცია მოჰყავს მეტაპროგრამირების წრედისთვის: სამყაროს ზომებთან შედარებით ჩვენ თავს პაწაწინებად ვგრძნობთ, მაგრამ პაწაწინებს წარმოადგენენ მხოლოდ ჩვენი სხეულები (აპარატული უზრუნველყოფა). ჩვენი გონება (პროგრამული უზრუნველყოფა) თავის თავში მოიცავს მთელ სამყაროს მოიცავს მისი შეცნობის აქტში.

ევოლუციურ პლანში მეშვიდე, მეტაპროგრამირების წრედი ყველაზე ახალგაზრდაა და სავარაუდოდ თავის ტვინის შუბლის წილებშია განლაგებული. აი, რატომაა, რომ ინდუიზმში მისი აქტივაციის ტრადიციული სავარჯიშო მდგომარეობს ცნობიერების კონცენტრირებაში შუბლის ცენტრზე - საათობით, დღეობით, წლობით, სანამ თქვენში მეტაპროგრამისტი არ გაიღვიძებს და სანამ არ დაიწყებთ უსასრულო რეალობების აღქმას და შექმნას იმ ადგილას, სადაც მანამდე მხოლოდ სტატიკური, ციხის კამერის მსგავსი „რეალობა“ იყო, რომელშიც გამოკეტილი იყავით.

როგორც უკვე ვახსენეთ, გნოსტიკოსებთან ამ წრედს შეესაბამება „სამშვინველი“ - რომელიც „მე“-სგან განსხვავდება. „მე“ მყარად ფიქსირებულად წარმოუდგენიათ ხოლმე, მაგრამ ეს ასე არაა. თქვენს „მე“-ს ნებისმიერ მომენტში ის წრედი წარმოადგენს, რომელიც თქვენში დროის ამ მომენტში დომინირებს. თუკი პისტოლეტს მოგიშვერთ, მაშინვე პირველ წრედში გადახვალთ, და ეს იქნება თქვენი „მე“ ამ მომენტში. მაგრამ თუ თქვენ სექსუალურ ლტოლვას განიცდით ვინმესადმი, ამ დროს მეოთხე წრედში გადადიხართ, და ეს იქნება თქვენი „მე“ ამ ლტოლვის ორგანულ დაკმაყოფილებამდე (ან იმედგაცრუებამდე). შესავალი სავარჯიშოების უმეტესობის აზრი სუფიზმში და გურჯიევთან იმაში მდგომარეობს, რომ გააღვიძოს თქვენში იდეა, რომ „მე“ არაა მუდმივი, არამედ მუდმივად დრეიფს განიცდის სხვადასხვა წრედების იმპრინტებს შორის.

მეშვიდე წრედის „სამშვინველი“ მუდმივია, რადგან ის, როგორც ჩინელები ამბობენ, ცარიელი ანუ უფორმოა. იგი თამაშობს ყველა იმ როლს, რასაც თქვენ თამაშობთ, - ორალურად დამოკიდებული ბავშვის, ემოციური ტირანის, ცივი რაციონალისტის, რომანტიული მომნუსხველის, ნეიროსომატური მკურნალის, ნეირო-გენეტიკური ევოლუციური წინასწარმეტყველის, - მაგრამ არ წარმოადგენს არცერთ მათგანს. იგი პლასტიკურია, უფორმოა, რადგან იგი - ეს ყველა ფორმაა. ესაა - დაოსების „შემოქმედი სიცარიელე“.

თუ ეს ყველაფერი სისულელედ გეჩვენებათ, არ შეშინდეთ: მოცემულ დონეზე ეს გარდუვალია. როგორც ლუის მორგანმა შენიშნა, ლინგვისტიკის წიგნებში ყოველთვის არის მომენტი, რომლიდან დაწყებულიც - ტექსტი სრულიად გაუგებარი ხდება და უაზრობად იქცევა.

მორგანის აზრით იგივეა დამახასიათებელი თანამედროვე მათემატიკისთვისაც:

ერთხელ ჩემი პაციენტი, ცნობილი მათემატიკოსი ცდილობდა ჩემთვის გიოდელის თეორემა აეხსნა, მაგრამ იმ დროს, როცა ვუსმენდი და კეთილგანწყობის ნიშნად თავს ვუქნევდი... ჩემს თავში ეს ყველაფერი უეცრად ნონსენსად იქცა.

ეს ხდება ლინგვისტიკაშიც და მათემატიკაშიც, რადგან ეს ხდება თავად ცნობიერებაში. ენა და მათემატიკა - მხოლოდ ცნობიერების მოდელებია.

„ცნობიერება“ - ესაა სამყაროს მიერ საკუთარი თავის დასანახად შექმნილი ინსტრუმენტი; მაგრამ მას არასოდეს შეუძლია საკუთარი თავის მთლიანობაში დანახვა იმავე მიზეზით, რომლითაც ჩვენ ჩვენი ზურგის დანახვა არ შეგვიძლია (სარკეების გამოყენების გარეშე). ან, როგორც ალან უოტსს უყვარდა თქმა, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ენას არ შეუძლია გემო გაუსინჯოს ენას.

იდეები იდეებზე - მათემატიკა მათემატიკაზე (გიოდელი) - ენა ენაზე - ცნობიერება ცნობიერებაზე... მთელ მეშვიდე წრედს მთლიანობაში მივყავართ იქამდე, რასაც ჰოფშტადერი უცნაურ მარყუჟებს უწოდებდა. ზღაპრული ფრინველის - კო-კო-ს მსგავსად ჩვენ საკუთარ კუდს დავდევთ, მაგრამ ამ ფრინველისგან განსხვავებით, ჩვენ არასოდეს ვასრულებთ ამ პროცესს საკუთარი შიგნეულობის შეჭმით და გაქრობით. ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ეს-ესაა ისეთ აშკარა თვითგანადგურებამდე მივალთ, და ვწყვეტთ, რომ ის, რაზეც ვფიქრობდით, ვკითხულობდით ან აღვიქვამდით, - „სისულელეა“.

ეს არაა სისულელე. უბრალოდ უსასრულობას ვაწყდებით იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდით მასთან შეხვედრას - ჩვენ საკუთარ მარტოსულ „მე“-ებში.

ფიზიკოსები, ლინგვისტები, მათემატიკოსები და ფსიქოლოგები - ყველანი შეიკრიბნენ სარკეების ამ მეტამაპროგრამირებელ დარბაზში, სადაც შრედინგერმა ადემონსტრირა, რომ კვანტური მოვლენები არ არიან „ობიექტურნი“ ნიუტონისეული თვალსაზრისით. მას შემდეგ უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ფიზიკოსები ცდილობენ ააგონ სისტემა, რომელიც ამ უცნაური მარყუჟიდან გამოიყვანდა მათ. მათი ძალისხმევის შედეგები ისეთივე სასაცილოა, როგორც ძენური კოანი.

ნილს ბორმა, მაგალითად, შემოგვთავაზა კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, რომელშიც უბრალოდ ნათქვამია, გიოდენის სტილში, რომ ჩვენი განტოლებები სინამდვილეში არ აღწერენ სამყაროს. ისინი აღწერენ მხოლოდ ჩვენს მენტალურ პროცესებს, რომლებიც სამყაროს აღსაწერად გვჭირდება. ამასთან შეკამათება ძნელია; ეს წიგნი წარმოადგენს ფსიქოლოგიის კოპენჰაგენურ ინტერპრეტაციას, და მისი შექმნისთვის ავტორი მთლიანად უნდა უმადლოდეს დოქტორ ბორს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით უცნაურ მარყუჟში, და ფიზიკოსების უმეტესობა მისგან გამოსვლას ცდილობს.

დოქტორმა ჯონ ფონ ნეიმანმა დაამტკიცა, რომ გამოსავალი არ არსებობს. ტექნიკაში ეს მტკიცებულება ცნობილია, როგორც უსასრულო რეგრესის ფონ ნეიმანის კატასტროფა. იგი აჩვენებს, რომ ნებისმიერ მოწყობილობას, რომელსაც პირველი უცნაური მარყუჟიდან (ობიექტურობის კოპენჰაგენისეული ნგრევიდან) გამოვყავართ, უბრალოდ მეორე უცნაური მარყუჟისკენ მივყავართ; ხოლო ნებისმიერ გამოსვლას ამ უცნაური მარყუჟიდან, მივყავართ მესამე უცნაური მარყუჟისკენ; და ა.შ. უსასრულობამდე. დღემდე ყველა ცდილობს ფონ ნეიმანის უარყოფას, მაგრამ უშედეგოდ.

«მე არ შემიძლია გამოსვლა — ჩემი რქები კარში არ გამოეტევა…»

მეტაპროგრამირების წრედი - ხაფანგი არაა. როგორც ჯოისი იტყოდა, იგი მხოლოდ საშინლად წააგავს ასეთს. უბრალოდ მიიღეთ, რომ სამყარო ასეა მოწყობილი, რომ შეუძლია საკუთარი თავის დანახვა, და რომ ეს რეფლექსირებადი რკალი ჩაშენებულია ჩვენს შუბლის წილებში ისე, რომ ცნობიერება თავის თავში მოიცავს უსასრულო რეგრესიებს და ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, - ესაა იმ საკუთარი მოდელების დამუშავება, რომლებიც საკუთარ მოდელებს ამუშავებენ...

მაშ, გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მოდუნება და სანახაობით ტკბობა იქნება.

ინდუისტები ამას შივა-დარშანას, ან ღვთაებრივ ცეკვას უწოდებენ. თქვენ ჯერ კიდევ ცხოვრებაში ხართ, ან ცხოვრებაა თქვენში, მაგრამ რამდენადაც ყველა საგანმა უსასრულობის ასპექტი შეიძინა, განსაკუთრებით „თქვენ“, მთელი ამ აბურდული მოდელების დამკვირვებელ-შემოქმედებმა, საზღვრები უკვე აღარ არსებობს. მაშინ ერთადერთი გონივრული მიზანი იქნება - ააგოთ მომდევნო კვირას უფრო ფართო, უფრო საინტერესო, უფრო სექსუალური, უფრო ოპტიმისტური და მთლიანობაში ნაკლებად მოსაწყენი რეალობის გვირაბი, ვიდრე უწინდელები. და როდესაც ააგებთ გონების ამ უფრო ფართო, უფრო საინტერესო, უფრო ბედნიერ სამყაროს, შემდეგ თვეში ააგეთ კიდევ უფრო უკეთესი.

სავარჯიშოები

1. თუკი ყველაფერი, რისი გაგებაც შეგიძლიათ, თქვენი ტვინის პროგრამების მუშაობით განისაზღვრება, მაშინ მთელი თქვენს მიერ აღქმული სამყარო თქვენივე თავში იმყოფება. ეცადეთ შეინარჩუნოთ ეს მოდელი მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. დააკვირდით, რამდენად ხშირად უბრუნდებით სამყაროს თქვენს გარეთ შეგრძნებას.

2. შეაფასეთ განათლებული მკითხველის რწმენა-წარმოდგენების სისტემა, ანუ რეალობის გვირაბი 1200 წლის წინ - 798 წელს. რამდენად „რეალურია“ ის გვირაბი დღეს? რამდენად უცნობი ან წარმოუდგენელი იყო ჩვენი რეალობის გვირაბი იმ დროში?

3. შეაფასეთ განათლებული მკითხველის რწმენა-წარმოდგენების სისტემა, ანუ რეალობის გვირაბი 1200 წლის შემდეგ - 3198 წელს. რამდენად „რეალური“ იქნება ჩვენი რეალობის გვირაბი? რამდენად უცნობი ან წარმოუდგენელია 3198 წლის რეალობის გვირაბი ჩვენთვის?

4. გადაიკითხეთ მოსეს შეხვედრის ისტორია „ყოფიერთან“ ბიბლიური „გამოსვლის“ წიგნში. ეცადეთ დაასაბუთოთ თეორია, რომლის მიხედვითაც მოსე საკუთარ მეტაპროგრამირების წრედს ელაპარაკებოდა.