თავი მეთექვსმეტე: SNAFU-ს პრინციპი

ამ თამაშის ბუნება... საშუალებას არ აძლევს (მის მონაწილეებს), რომ შეაჩერონ იგი მას შემდეგ, რაც დაიწყო. ასეთ სიტუაციებს უსასრულო თამაშებს დავარქმევთ. (Watzlawick, Beavin, Jackson, Pragmatics of Human Communication)

ძუძუმწოვრების სოციობიოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ტვინის ძველი ნაწილის უძველესი ნეირონული წრედების ფუნქციონირებაზე, შეიცავს მრავალ ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის მოშინაურებული პრიმატების (ადამიანების) ევოლუციას ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ და ობიექტური გონისკენ.

მთავარი ამ „რეაქციული“ ფაქტორებიდან აღწერილია ჩემ რომანში - „ილუმინატუსი!“, როგორც SNAFU-ს პრინციპი [SNAFU - ამერიკული ჟარგონი, რომელიც აღნიშნავს ქაოსს და გაურკვევლობას, რომელიც შმაგი, მაგრამ არც ისე გონივრული საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. აბრევიატურა გამოთქმისა: situation normal, all fucked up], ან სელინეს [ჰაგბარდ სელინე - „ილუმინატუსის“ ერთ-ერთი პერსონაჟი] პრინციპი. იგი ამბობს, რომ ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ თანასწორებს შორის.

ამ „კანონის“ უფრო ზუსტი ფორმულირება ასე გამოიყურება: ადეკვატური ურთიერთობა თანასწორებს შორის თავისუფლად მიმდინარეობს. არათანასწორებს შორის ურთიერთობა მახინჯდება ან რთულდება მეორე წრედის დომინირებისა და დაქვემდებარების რიტუალებით, რომლებსაც უცილობლად მივყავართ კომუნიკაციაშ ხარვეზებამდე და უსასრულო თამაშამდე.

როგორც ერთ-ერთმა ტიპიურმა ალფა-მამრმა თქვა, პოლიტიკური ძალაუფლება იარაღის ლულიდან იზრდება. ეს სიმართლეა როგორც მეტაფორულად, ასევე სიტყვა-სიტყვით. „იარაღი“ შეიძლება იყოს სიმბოლური და სრულიად აბსტრაქტული, რომელიც შედგება რიტუალიზირებული სოციალური მოლოდინებისგან („არ ეკამათო მამას!“) ან კონკრეტული, არაძალადობრივი, მაგრამ სასიკვდილო ილეთებისგან, როგორიცაა, მაგალითად, კაპიტალურ საზოგადოებაში ბიოგადარჩენის ქაღალდის შოვნის წყაროს წართმევის მუქარა („კიდევ ერთი სიტყვა, ბუმსტედ, და სამსახურიდან გაგათავისუფლებთ!“).

მეორე წრედის სოციობიოლოგიური კანონებით ცხოვრებისას, ყოველი მოშინაურებული პრიმატი ცოტათი იტყუება, პირფერობს ან გვერდს უვლის უსიამოვნო საკითხებს, როდესაც სიგნალებს უცვლის მათ, ვინც იერარქიაში მასზე მაღლა დგას.

ყოველი ავტორიტარული სტრუქტურა შეიძლება წარმოდგენილ იქნას პირამიდის სახით - მწვერვალზე თვალით. ესაა ნებისმიერი მმართველობის, ნებისმიერი კორპორაციის, ნებისმიერი არმიის, ნებისმიერი ბიუროკრატიის, ძუძუმწოვართა ნებისმიერი ჯოგის ტიპიური სქემა. მის ყოველ საფეხურზე მონაწილეები ატარებენ უმეცრების ტვირთს მათთან მიმართებაში, ვინც მათზე მაღლა დგას. ამის ქვეშ იგულისხმება, რომ მათ ძალიან, ძალიან ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური იმას, რომ მათი, როგორც ცნობიერი ორგანიზმების, ბუნებრივი სენსორული აქტივობა - მხედველობის, სმენის, ყნოსვის, აღქმულის ინტერპრეტაციის - თანხმობაში იყოს იმათ რეალობის გვირაბებთან, ვინც მათ ზემოთ იმყოფება. ეს სრულიად შეესაბამება გადარჩენის ინტერესებს; ამაზეა დამოკიდებული სტატუსი (და „საიმედო ადგილი“) ჯოგში. გაცილებით უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია - ფუფუნებაა, რომელიც შეგვიძლია ადვილად გადავაგდოთ - რომ ეს აღქმები შესაბამისობაში იყოს ობიექტურ ფაქტებთან.

ასე, მაგალითად, FBI-ში ჯ. ედგარ ჰუვერის დროს ყოველ აგენტს უნდა განევითარებინა საკუთარ თავში უნარი, რომ ყველგან უღმერთო-კომუნისტები დაენახა. ნებისმიერი აგენტი, რომლის აღქმაც აჩვენებდა, რომ სინამდვილეში ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა უღმერთო-კომუნისტია, იმ დროში კოგნიტურ დისონანსს განიცდიდა - მისი რეალობის გვირაბი შორს იქნებოდა პირამიდის „ოფიციალური“ რეალობის გვირაბისგან. მსგავს აღქმებზე საუბარიც კი ეჭვს იწვევდა ამ ადამიანის ექსცენტრულობაზე, ინტელექტუალურ სნობიზმზე ან თავად იმ უღმერთო-კომუნისტებისადმი კუთვნილებაზეც კი.

დაახლოებით იგივე ბედი ელოდა შუასაუკუნეების ინკვიზიტორ-დომინიკელს, მას რომ საჭირო დოზით არ ჰქონოდა ყველგან კუდიანების „დანახვის“ უნარი. მსგავს ავტორიტარულ სიტუაციებში მნიშვნელოვანია დაინახოთ ის, რასაც ავტორიტეტები (ალფა-მამრები) ხედავენ. ამასთან, მოუხერხებელია, და შესაძლოა სახიფათოც იყოს საგნების ობიექტურად დანახვა.

მაგრამ მათთვის, ვინც ზემოთ, პირამიდის თვალში იმყოფება, ამას მივყავართ სიდიდით იგივე და ნიშნით საპირისპირო ყოვლისმცოდნეობის ტვირთამდე. ყველაფერი, რაც აკრძალულია ფსკერზე მყოფთათვის (ცნობიერი აღქმები და შეფასებები), მოითხოვება მმართველი ელიტისგან, დომინანტი კლასისგან. ისინი უნდა ეცადნონ, დაინახონ, გაიგონ, იყნოსონ და ა.შ. და ასევე იფიქრონ და შეაფასონ მთელი პირამიდის მაგივრად.

მაგრამ იარაღიან კაცს (დამსჯელ ხელისუფლებას) სამიზნე მხოლოდ იმას ეუბნება, რაც სამიზნის აზრით, არ აიძულებს მას სასხლეტის გამოკვრას (სამიზნის სამსახურიდან დათხოვნას, მისი ტრიბუნალისთვის გადაცემას). ყოვლისმცოდნეობით დამძიმებული ელიტა თავისი უმეცრებით დამძიმებული ხელქვეითებისგან მხოლოდ ისეთ უკუკავშირს იღებს, რომელიც მის მიკერძოებულ შეხედულებებს და რეალობის გვირაბებს შეესაბამება. ყოვლისმცოდნეობის ეს ტვირთი დროთა განმავლობაში იქცევა სხვა, უფრო მძიმე, უმეცრების ტვირთად. უკვე აღარავინ აღარაფერი იცის სინამდვილეში, ხოლო თუ ვინმემ იცის, საგულდაგულოდ მალავს ამ ფაქტს. უმეცრების ტვირთი ყოვლისმომცველი ხდება.სენსორული გამოცდილების უფრო და უფრო მეტი ნაწილი ხდება გამოუთქმელი.

როგორც პოლ ვოცლავიკი (Paul Watzlawick) აღნიშნავდა, ობიექტურად-დათრგუნვადი (გამოუთქმელი) სწრაფად იქცევა სუბიექტურად-დათრგუნვადად (აზრობრივად წარმოუდგენლად). არავის მოწონს, რომ მუდმივად გრძნობდეს თავს ერთდროულად მშიშრადაც და მატყუარადაც. უფრო ადვილია შეწყვიტო სხვაობის დანახვა რეალობის ოფიციალურ გვირაბსა და ეგზისტენციალურ ფაქტს შორის. ასე ჩქარდება SNAFU და ჩნდება ბიუროკრატიული გამოთაყვანება - ბოლო ეტაპი მანამდე, სანამ მთელი ტვინის აქტივობა შეწყდება და პირამიდა კლინიკურ სიკვდილამდე მივა, როგორც ინტელექტუალური ერთეული.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ „ნაციონალური უსაფრთხოება“ წარმოადგენს კიდევ ერთ სემანტიკურ მოჩვენებას, ემპედოკლეს კვანძს; რომ ნაციონალური უსაფრთხოებისკენ სწრაფვა - ესაა ნაციონალური საფრთხის და მძლავრი ანტი-ინტელიგენტური მექანიზმის გაჩენის მთავარი მიზეზი.

როგორც ლირი წერს:

დაფარულობა - პირვანდელი ცოდვაა. ლეღვის ფოთოლი ედემის ბაღში. მთავარი დანაშაული სიყვარულის წინააღმდეგ... ცხოვრების დანიშნულება იმაშია, რომ მივიღოთ, შევაერთოთ და გადავცეთ ენერგია. კომუნიკაციური შერწყმა - ცხოვრების მიზანია. ამას ნებისმიერი ვარსკვლავი გეტყვით. ურთიერთობა - სიყვარულია. დაფარულობა, სიგნალის შეფერხება, დამალვა, სინათლის დაჩრდილვა მოტივირებულია სირცხვილით და შიშით.

როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, მართლები მხოლოდ ნახევრად არიან მართლები ცრუ არგუმენტების გამო. მათი სიტყვები შესანიშნავია: თუ თქვენ ცოდვა არ გადევთ კისერზე, მაშინ არ უნდა შეგეშინდეთ რომ გისმენენ. ეს ზუსტია. მაგრამ ლოგიკა - ესაა ჯოხი ორი ბოლოთი. მაშინ ყველასთვის ღია უნდა გახდეს FBI-ს საქმეები, CIA-ს დოსიეები და თეთრი სახლის საუბრები. დაე, ყველაფერი ღია იყოს. დაე, ხელისუფლება ბოლომდე გამჭვირვალე გახდეს. პოლიცია და ხელისუფლება - ესენი არიან პირველები, რომლებმაც უნდა შეწყვიტონ თავიანთი ქმედებების დაფარვა.

ის, რასაც ჩემი სახელგანთქმული კოლეგა ასე პოეტურად ამბობს, უფრო ფუნქციონალურად შეიძლება შემდეგი სახით გამოიხატოს:

საიდუმლო პოლიციის ნებისმიერი სამსახურის მუშაობა უნდა კონტროლდებოდეს მეორე თანრიგის საიდუმლო პოლიციის ელიტური ძალების მიერ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ა) საიდუმლო პოლიციის რიგებში შეღწევა არსებული ხელისუფლების დასამხობად ყოველთვის იქნება როგორც შინაგანი ამბოხებულების, ასევე მტრული გარე ძალების ძირითადი მიზანი, და ბ) საიდუმლო პოლიციის სამსახურებს თავის განკარგულებაში აქვთ ფანტასტიური შესაძლებლობები სხვა ადამიანების დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად, ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც. სტალინმა ერთიმეორეს მიყოლებით დახვრიტა საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელები სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. როგორც ერთხელ სევდიანად შენიშნა ნიქსონმა:

„დიახ, ჰუვერმა იცოდა თავისი საქმე. ის იბრძოლდბდა. აი, ასე. იგი სერიოზულად შეეხებოდა ვიღაცას. იგი სიკვდილამდე შეაშინებდა მათ. მას ყველაზე ჰქონდა დოსიე“.

ამგვარად, ისინი, ვინც საიდუმლო პოლიციის მომსახურეობას იყენებს, უნდა დააკვირდნენ მათ, რათა ამ სამსახურმა მეტისმეტად დიდი ძალაუფლება არ მიიღოს.

მაგრამ აქ თამაშში შემოდის საშინელი უსასრულო რეგრესი. მეორე თანრიგის ნებისმიერი ელიტური პოლიცია ასევე წარმოადგენს ჯაშუშთა შემოჭრის ობიექტს გარედან, ან მისი პატრონების თვალთახედვით საფრთხეს წარმოადგენს „მეტისმეტად დიდი ძალაუფლების“ მიღების შემთხვევაში. ამიტომ მასაც უნდა დააკვირდნენ მესამე თანრიგის საიდუმლო პოლიციის მეშვეობით.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ მთავრობას ჰყავს საიდუმლო პოლიციის პ დონე, რომლებიც ერთმანეთზე ჯაშუშობენ, ისინი ყველანი პოტენციურად ეჭვმიტანილები არიან, ამიტომ უსაფრთღხოების უზრუნველყოფისთვის საჭიროა პ + 1 თანრიგის საიდუმლო პოლიციის შექმნა. და ა.შ. უსასრულობამდე.

პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, ეს რეგრესი სრულდება არა უსასრულობაში, არამედ იმ მომენტში, როცა სახელმწიფოს ყოველი მოქალაქე ამავე სახელმწიფოს ყოველ სხვა მოქალაქეზე თვალთვალს დაიწყებს ან როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტი ამოიწურება.

სინამდვილეში ნაციონალური უსაფრთხოების სისტემის სტრუქტურა ყოველთვის განსხვავდება ემპედოკლეს იმ უსასრულო რეგრესისგან, რომელიც სრულყოფილი „უსაფრთხოებისთვისაა“ საჭირო. მთელი ეს ბოდვა „მთელი ნაციის კონტროლთან და მოსმენასთან“ დაკავშირებით იწვევს ყველა სახის პარანოიის აყვავებას როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიციის სფეროშიც. ასე საბჭოთა კავშირმა მარქსისტული საიდუმლო პოლიციობანას 60 წლიანი თამაშის შემდეგ მიაღწია წერტილს, რომელშიც ალფა-მამრები შეშინებულნი იყვნენ მხატვრებით და პოეტებით.

„ჯაშუშობა-საიდუმლოებების“ ტიპის ტრანსაქციებში მღელვარება კიდევ უფრო მეტ მღელვარებას იწვევს, ეჭვი კი - კიდევ უფრო მეტ ეჭვს. თავად მონაწილეობის აქტი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი, საიდუმლო პოლიციის თამაშში - თნდაც მსხვერპლის ან დაკვირვების ქვეშ მყოფი მოქალაქის სახით - ბოლოს და ბოლოს იწვევს კლინიკური პარანოიის კლასიკურ სიმპტომებს.

აგენტმა ყოველთვის იცის, ვის ადევნებს თვალყურს, მაგრამ არასოდეს იცის, მას ვინ ადევნებს თვალყურს. შეიძლება ეს მისი ცოლი იყოს, მისი საყვარელი, მისი მდივანი, ფოსტალიონი ან საუკეთესო მეგობარი.

ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც არსებობს საიდუმლო პოლიცია, ყოველი დეპარტამენტი და ყოველი სამინისტრო, და ის ბიუროებიც, რომლებიც არ არიან სახელისუფლებო, ეჭვს იწვევენ ფრთხილ და ჭკვიან ადამიანებში საიდუმლო პოლიციის შესაძლო ფრონტის სახით. არა-უგუნურებს ყოველთვის მოუვათ თავში, რომ ორგანიზაციის ქვეშ, სათაურით: „ოჰოჰო“, ან „ფანქრებისა და საშლელების საერთაშორისო მიწოდება“ შეიძლება სინამდვილეში CIA ან FBI იმალებოდეს.

ტყუილების მსგავს ქსელში სწრაფად ვრცელდება შეთქმულების თეორიები. გამოცდილება აჩვენებს, რომ ჭორები ყოველთვის ჩნდება იქ, სადაც ხალხს არ შეუძლია ისეთი სანდო ინფორმაციის წყაროს პოვნა, რომელიც მოუყვებოდა, რა ხდება სინამდვილეში. ამ წიგნის ავტორი, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობაში, ანტი-საომარ მოძრაობაში, მარიხუანას ლეგალიზაციისთვის მოძრაობაში და სხვა დისიდენტურ პროექტებში, ხშირად ეჯახებოდა ხოლმე სიტუაციას, როცა მასთან მიდიოდა ვიღაც A და დაფეთებული ეუბნებოდა, რომ ვიღაც B საიდუმლო პოლიციის აგენტია, შემდეგ კი რაღაც დროის შემდეგ ვიღაც C მატყობინებდა, რომ სინამდვილეში საიდუმლო პოლიციის აგენტი A იყო. ნეიროლოგიური ტექნოლოგიების კარგი ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ იუმორის გრძნობა შეინარჩუნო საიდუმლო პოლიციის გარემოში.

რაც უფრო ყოვლისმომცველია საიდუმლო პოლიცია, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ჭკვიანი ადამიანები ხელისუფლების მიმართ შიშით და ზიზღით განეწყობიან. ხელისუფლება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მოქალაქეების უფრო და უფრო მეტი რაოდენობაა მის მიმართ შიშით და ზიზღით განწყობილი, თავდაცვის მიზნით გააძლიერებს საიდუმლო პოლიციის ზომას და ძალაუფლებას.

კვლავაც ჩნდება უსასრულო რეგრესი.

ერთადერთი ალტერნატივა სარკასტულად წარმოგვიდგინა დრამატურგმა ბერთოლდ ბრეხტმა (რომელსაც აშშ-ს საიდუმლო პოლიცია უთვალთვალებდა, როგორც კომუნისტს, აღმოსავლეთ გერმანიის პოლიცია კი - როგორც არასაკმარისად მორწმუნე კომუნისტს). „თუკი ხელისუფლება ხალხს არ ენდობა, - უმანკოდ კითხულობს ბრეხტი, - მაშ, რატომ არ დაითხოვს და ხელახლა არ აირჩევს ახალ ხალხს?“ თუმცაღა დღემდე არაა აღმოჩენილი ახალი ხალხის არჩევის მეთოდი, ამიტომ სახელმწიფო გაორმაგებული ძალით ადევნებს თვალყურს არსებულს.

საიდუმლო პოლიციის ყოველი ორგანიზაცია ერთდროულადაა დაკავებული როგორც ინფორმაციის მოგროვებით, ასევე არასწორი ინფორმაციის გავრცელებითაც - ე.წ. „დეზინფორმაციით“. ანუ საიდუმლო პოლიციაში თქვენ აგროვებთ ქულებს სიგნალებით (ინფორმაციის ერთეულებით) - კონკურენტებისგან ფაქტების დამალვით - და სხვა მოთამაშეებისთვის ცრუ სიგნალების (ინფორმაციის ყალბი ერთეულების) მიჩეჩებით. ამას მივყავართ სიტუაციამდე, რომელსაც მე ოპტიმალურ SNAFU-ს ვუწოდებ, და რომელშიც ყოველ მოთამაშეს გააჩნია რაციონალური (და არა ნევროზული) მიზეზები, ეჭვობდეს, რომ ყოველი სხვა შეიძლება მის მოტყუებას, გასულელებას, დეზინფორმირებას და ა.შ. ცდილობდეს. როგორც ჭორის მიხედვით, ჰენრი კისინჯერი ამბობდა, ვაშინგტონში ვინც პარანოიკი არაა, გიჟია.

შესაძლოა, ამო მართლა არსებობს ობიექტურად, - ან შესაძლოა, ამო-ს მთელი ფენომენი წარმოადგენს საიდუმლო პოლიციის დეზინფორმაციული ღონისძიების საფარს. შესაძლოა, შავი ხვრელები, რომლებშიც სივრცე და დრო ფეთქდება, არსებობენ, - ან შესაძლოა ისინი მოიგონეს იმისთვის, რომ თავები გამოულაყონ რუს მეცნიერებს და ყურადღება გადაატანინონ სემანტიკურ მოჩვენებაზე, „ადამიანზე, რომელიც არ არსებობდა“. შესაძლოა, ჯიმი კარტერი არსებობს, - ან შესაძლოა, როგორც ერთხელ „ნეიშენელ ლემპუნმა“ განაცხადა, ეს სინამდვილეში მსახიობი სიდნი გოლდფარბია, რომელიც მიმზიდველი „უბრალო ბიჭის“ როლს ასრულებს. შესაძლოა, ნაციონალური უსაფრთხოების პირამიდის მწვერვალზე მყოფმა მხოლოდ სამმა ალფა-მამრმა იცის ნამდვილი პასუხები ამ კითხვებზე, - ან იქნებ ამ სამსაც ასულელებენ მათი ხელქვეითები, მსგავსად იმისა, როგორც ლინდონ ჯონსონს ასულელებდა SIA ვიეტნამის ომის დროს.

ასეთია ნეირო-სოციოლოგიური „ლოგიკა“ დეზინფორმაციის ველში. ეს ლოგიკა, როგორც პოლ ვოცლავიკი ამტკიცებს, შიზოფრენიის ლოგიკაა.

მას შემდეგ, რაც 1948 წლის ნაციონალური უსაფრთხოების აქტმა საფუძველი ჩაუყარა ამ ქვეყანაში საიდუმლო პოლიციის თამაშებს, ნიუ-იორკში ხელისუფლების ბრძანებით დაწვეს სოქტორ ვილჰელმ რაიხის წიგნები. ეს სანახაობა დამზაფრავი იყო მათთვის, ვისაც ახსოვდა, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა ხანგრძლივი ომი ნაცისტურ გერმანიასთან, რომლის დანაშაულებებსაც „ცივილიზაციის წინააღმდეგ“ განეკუთვნებოდა წიგნების დაწვაც. ამის შემდეგ მალევე დოქტორი ვილიამ აივი, ჩიკაგოს სამედიცინო სკოლის ყოფილი დირექტორი, გახდა დევნის ობიექტი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც გამოწვეული იყო მისი იდეებით კიბოს წინააღმდეგ რადიკალური საშუალების შესახებ და ეს გრძელდებოდა ათი წლის განმავლობაში. ცოტათი მოგვიანებით დოქტორი ტიმოტი ლირი გასამართლებულ იქნა 38 წლიან პატიმრობაზე მის იდეების გამო ნეირო-გადამცემებისა და ნერვული სისტემის რეიმპრინტირების შესახებ. ახლა ომი ჰოლისტური მედიცინის წინააღმდეგ წარმოებს.

მნიშვნელობა არ აქვს, იყვნენ თუ არა ეს „ერეტიკოსები“ მართლები. მეცნიერებაში ჭეშმარიტების განსაზღვრისთვის კვლევების მინიმუმ ერთი თაობაა საჭირო, და არა ეჭვმიტანილების ციხეში გაშვება ან მათი წიგნების დაწვა. საქმე იმაშია, რომ საიდუმლო პოლიციის თამაში დაუყოვნებლივ ქმნის სოციალურ კონტექსტს წმინდა ინკვიზიციის მეთოდებთან დასაბრუნებლად.

პირველი მსხვერპლი ხდება ინტელიგენცია - საზოგადოების კომუნიკაციური ქსელი, რომელიც იღებს, შიფრავს და გადასცემს ინფორმაციას.

„მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მეგობრულ სალამს გადავცემ დოქტორ ანდრეი სახაროვს რუსეთში“, - განაცხადა დოქტორმა ლირიმ ციხეში ყოფნის შემდეგ, რითაც აღნიშნა ფაქტი, რომ პოლიციური მექანიზმები ნებისმიერ ქვეყანაში ერთნაირია, ისევე როგორც მათ დასაცავად შექმნილი მითები. „კეთილ რუსებს“ დოქტორი სახაროვი ნახევრადგიჟი სიონისტი აგენტი ეგონათ, „კეთილ ამერიკელებს“ კი დოქტორი ლირი - ნახევრადგიჟი ნარკომანი.

ერთ-ერთ ჟურნალისტურ სტატიაში მე ერთხელ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ამო წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ან გრავიტაციული ველის რაღაც უჩვეულო ფლუქტუაციის შედეგებს და რომ ეს გეოფიზიკური ანომალია იწვევს ა) რეალური ენერგიის შეშფოთებას - მოხტუნავე ავეჯს, პრობლემებს ელექტროობასთან დაკავშირებით, სფეროსებური ელვა, რომელიც უცნაურ ნათებას იძლევა ცაზე, და ა.შ. და ბ) შეშფოთებები ცხოველთა და ადამიანთა ტვინის ფუნქციონირებაში მოვლენის ეპიცენტრში, რაც იწვევს პანიკას ცხოველებში და ჰალუცინაციებს ადამიანებში.

ამ თეორიის სტატისტიკური დასაბუთება მოყვანილი აქვს პერსინჯერს და ლაფრენერს, რომლებმაც კომპიუტერით დაამუშავეს მონაცემები ამოსთან 1242 შეხვედრაზე და 4818 სხვა „ზებუნებრივ“ მოვლენაზე - „პოლტერგეისტებზე“, „ტელეპორტაციებზე“, ყოველგვარ „სასწაულებზე“ და „გამოცანებზე“. ეს მონაცემები ამტკიცებენ, რომ ამოსთან შეხვედრები და სხვა ანომალური მოვლენები ძირითადად ემთხვევა სეისმური აქტივობის პერიოდებს და პიკს აღწევენ უშუალოდ მიწისძვრისწინა პერიოდში. პერსინჯერი და ლაფრენერი ასევე ვარაუდობენ, რომ სწორედ გეოფიზიკური ძალები არიან მიზეზი როგორც რეალური ფენომენებისა (მოხტუნავე ავეჯი და ა.შ.), ასევე ჰალუცინაციებისა, ამიტომ საჭიროა შესრულდეს მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა გაირკვეს, რა ხდება სინამდვილეში.

დოქტორმა ჟაკ ბალემ, ასტრონომმა, კიბერნეტიკოსმა და ფიზიკოსმა, წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ამო-ს ფენომენი - ესაა საიდუმლო პოლიციის ნახელავი და სხვა არაფერია, თუ არა დეზინფორმაციის რთული სისტემის გულდასმით შემუშავებული საფარი.

ვილსონ-პერსინჯერ-ლაფრენერ-ბალეს კომბინირებული თეორიის სახით, რომელიც უფრო მეტად პასუხობს ფაქტიურ მონაცემებს, ვიდრე ყოველი ცალკეული თეორია, გთავაზობთ შემდეგს: ამო-ს ფენომენი წარმოადგენს სინერგიულ შედეგს ზოგიერთი უცნაური გეოფიზიკური მოვლენისა, რომლებიც იწვევენ ენერგიის გაუგებარ ფლუქტუაციებს და ტვინის ცვლილებებს იქ მყოფ ადამიანებში და გამოიყენება გარკვეული მიზნებისთვის ერთი ან რამდენიმე „საიდუმლო სამსახურის“, ან ზოგჯერ ეზოთერული ჯგუფების მიერაც.

განვიხილოთ ეს სცენარი.

ხდება რაღაც უცნაური. დავუშვათ, რომ ესაა ჩვენს მიერ ნახსენები გეოფიზიკური ანომალია და ტვინის ტრავმული ცვლილება, მაგრამ არ გამოვრიცხოთ იმის შესაძლებლობებიც, რომ ეს შეიძლება იყოს იმ უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის სტუმრობაც, რომლებიც ასე მოწონს ხალხურ მითოლოგიას. შემდგომი მოვლენები ერთნაირადაა შესაძლებელი ნებისმიერ ამ „უცნაურობათაგან“.

როგორც კი მოწმეები ლაპარაკს იწყებენ, - იმ ადგილას, სადაც ყველაფერი მოხდა, - ყველა დაინტერესებული მხარე იწყებს მოგროვებას. მზვერავი ჯონი მიდის იმისთვის, რათა დაფაროს იმის მტკიცებულებები, რომ ეს მოვლენა შეიძლება კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო, - ამაში მდგომარეობს (მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზებით) მისი სააგენტოს პოლიტიკა. მზვერავი ჯიმი მიდის, რათა შეაგროვოს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს იყო კოსმოსური ხომალდი - ამაში მდგომარეობს მისი სააგენტოს პოლიტიკა, რადგანაც ისინი აკეთებენ იმას, რაც თავის ეჭვებში დოქტორმა ბალემ გამოთქვა (ორმაგი ჯვარის ბრიტანული სააგენტო მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ისეთ რთულ და აბსურდულ ოპერაციებში, რომლებიც ერთი შეხედვით საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებულნი მათ რეალურ სამუშაოსთან, მაგრამ დეზინფორმაციული შირმის როლს ასრულებდნენ). შემდეგ მოდიან ფილიპ კლასი და სხვა სკეპტიკოსები, რათა სცადონ, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ „ჰალუცინაციებამდე“ დაიყვანონ, მაშინაც კი, თუ მოწმეებს ამომწვარი აქვთ თვალები, დამწვარია უამრავი მანქანა და ა.შ. მალე ასევე ჩნდებიან სხვადასხვა „კოსმოსისკენ შებრუნებულები“ (რომელთა შორისაც შეიძლება იყვნენ მზვერავ ჯიმის კოლეგებიც), რათა შეაგროვონ ფაქტები, რომლებიც „კეთილი კოსმიური ძმების“ მათ რეალობის გვირაბს შეესაბამება. აქ ვერ გავექცევით სხვადასხვა ოკულტური მეცნიერებების წარმომადგენლებსაც, რომლებიც მტკიცებულებებს მათი საკუთარი ანგელოლოგიური, დემონოლოგიური და სხვა მითებისთვის აგროვებენ.

რისკენ მიმყავს ეს ყველაფერი. ნებისმიერი შეთქმულება განიხილება, როგორც თანამზრახველთა ჯგუფი - იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ერთი და იგივე მიზნები გააჩნიათ და ერთად კარგად მუშაობენ. როცა ამას მე და თქვენ ვაკეთებთ, ეს უბრალოდ თანამზრახველთა ჯგუფია. როცა ამას ის ბანდა აკეთებს, ეს უკვე ვერაგული შეთქმულებაა.

ნამდვილი შეთქმულების ნიშნებია: მტკიცებულებების ჯგუფური დაფარვა, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, ასევე მოწმეების იძულება ან დაშინება. თანამზრახველთა ნებისმიერი ჯგუფი ასეთ ქცევას უახლოვდება, რადგანაც მისი წევრები აიძულებენ ერთმანეთს რეალობის ჯგუფურ გვირაბში მონაწილეობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება უფრო მნიშვნელოვან ეპოსტემოლოგიურ მომენტებს: რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა შევამჩნიოთ და განვიხილოთ, და რა არის ტრივიალური, და რას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორი იძულებაა აუცილებელი, რათა მოწმე საკუთარ მხარეზე გადმოიბირო? ადამიანთა უმეტესობას, როგორც ჩვენი SNAFU-ს პრინციპი ამბობს, ადვილია აიძულო იმის თქმა, რისი გაგებაც ავტორიტეტულ პირს სურს.

მაგრამ მოდით, დავუბრუნდეთ ამო-ს სინდრომს - მაგალითს, რომელიც ტვინის ცვლილების და პროგრამირების მთელ სპექტრს აჩვენებს.

მათში, ვისაც ამო-სთან ჰქონია შეხვედრა, ხშირად ვლინდება პოზიტიური ნეიროსომატური ჩართვა, ნეტარების განცდა; ზოგიერთი მათგანი მკურნალიც კი ხდება, ან ოკულტური ჯგუფის ლიდერი.არიან ისეთებიც, რომლებშიც ვლინდება ნეგატიური ნეიროსომატური ეფექტები - სინათლის შიში, როგორც შიზოფრენიის დროს, მწვავე შფოთვითი შემოტევები, რომლებიც ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციას მოითხოვენ და ა.შ.

კონტაქტიორებში ასევე ჩნდება მეტაპროგრამირებადი ცნობიერება (უნარი - აირჩიონ რეალობის სხვადასხვა გვირაბებს შორის), რისი ნიშანიცაა მათი არასრულყოფილი მეტაფორები „პარალელური სამყაროების“, „სხვა რეალობების“ შესახებ და კიდევ სხვა ოკულტური ჟარგონები. ხშირად აღინიშნება ნეირო-გენეტიკური (იუნგის კოლექტიური არაცნობიერი) ხედვები - დემონებით და ბანჯგვლიანი ჯუჯებით დაწყებული კოსმიური ქალღმერთით ან ღვთისმშობლით დამთავრებული.

ამო-ს შესახებ ლიტერატურაში ნახსენებია ასევე მეტა-ფიზიოლოგიური (კვანტური) დონის ჩართვის შესახებ, დაწყებული დროში მოგზაურობებით და „სხეულიდან გასვლებით“, დასრულებული ტელეპორტაციებით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ უფოლოგიაში გავრცელებულია ცნობები როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გამოცხადებების შესახებ ყველა ამ წრედში. ისე ჩანს, თითქოს თუ პროგრამისტებს ჩვენთან მიმართებაში კარგი განზრახვები აქვთ, ისინი შემთხვევით ბევრს ზიანს აყენებენ; ხოლო თუკი პირიქით, როგორც დოქტორი ბალე თვლის, ცუდი განზრახვები აქვთ ჩვენს მიმართ, ისინი შემთხვევით კარგს გვიკეთებენ ზოგიერთ ჩვენგანს. მაგრამ ეს სამართლიანია ტვინის ცვლილების მთელი ტექნოლოგიის მიმართ მთლიანობაში.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბალეს შეთქმულებების მონისტური თეორია იმდენადვე შეუმდგარია ამო-სთან მიმართებაში, რამდენადაც ზოგადად შეთქმულებების მონისტური თეორიაა შეუმდგარი პოლიტიკასთან მიმართებაში. უფრო სარწმუნო ჩანს ჰიპოთეზა, რომ ამო-სთან დაკავშირებული მოვლენები, მსგავსად ჩვენს მიერ შესწავლილი ტვინის ცვლილებების სხვა სახეებისა, ზოგჯერ სპონტანურ, ზოგჯერ კი - დაპროგრამებულ ხასიათს ატარებენ; და რომ არსებობენ პროგრამისტების კონკურირებადი ბანდები, რომელთა განზრახვებიც კაცობრიობასთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებულია.

როცა მე და დოქტორმა ლირიმ პირველად გამოვაქვეყნეთ ნეიროლოგიური ანალიზი პატი ჰერსტის შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალ „OUI”-ში, რედაქტორებმა მას მიანიჭეს დრამატული სათაური:

„ბრძოლა პატი ჰერსტის გონებისთვის - უვერტიურა ცნობიერების კონტროლის მოპოვებაზე მსოფლიო ბრძოლისკენ“.

მთლად ასე არაა. უფრო ზუსტი იქნებოდა, თუკი პატი ჰერსტის შემთხვევას ჩავთვლიდით ერთ-ერთ ფინალურ ტაქტად „ცნობიერებისთვის ბრძოლის“ სიმფონიის მეორე ნაწილისა. მისი პირველი ნაწილი - ეს იყო პრიმიტიული ნეირომეცნიერება უძველესი და შუასაუკუნეების ტირანებისა, რომლებიც იზოლაციის, დაშნების და იძულების მრავალ ტექნოლოგიას დაეუფლნენ, ასევე იმ შამანების და ოკულტისტების ნეირომეცნიერება, რომლებიც მიხვდნენ, თუ როგორ უნდა შეეცვალათ ნეირო-ქიმიური ნივთიერებების საშუალებით აღქმადი რეალობის გვირაბები.

მეორე ნაწილი დაიწყო თანამედროვე ფსიქოლოგიიდან - ფროიდი, პავლოვი, იუნგი, სკინერი და სხვები - და კულმინაციას მიაღწია LSD-რევოლუციაში, როცა მილიონობით ადამიანამდე დავიდა, რომ შესაძლებელია რეალობის გვირაბების რადიკალური შეცვლა - დროებით, ან ზოგჯერ სამუდამოდაც - ნეიროქიმიის საშუალებით.

მესამე ნაწილი - ესაა უფრო მეტად ხილული ომი მათ შორის, ვისაც ჩვენი ყველას პროგრამირება სურს, და მათ შორის, ვისაც სურს, რომ საკუთარი თავის მეტაპროგრამისტი გახდეს.

სავარჯიშოები

1. დაიწყეთ იმის მტკიცებულებების მოპოვება, რომ თქვენი ტელეფონი ისმინება.

2. მიიხედ-მოიხედეთ გარშემო და ეცადეთ იპოვოთ იმის მტკიცებულებები, რომ თქვენი თანამშრომლები ან მეზობლები ცოტა უცნაურად გთვლიან და თქვენს ფსიქიატრიულში გამწესებას გეგმავენ.

3. ეცადეთ მომდევნო ერთი კვირა გააკაროთ შემდეგი პროგრამით: ყველას ვუყვარვარ და ყველა ცდილობს, რომ მიზნების მიღწევაში დამეხმაროს“.

4. ეცადეთ ერთი თვე გაატაროთ შემდეგი პროგრამით: „მე გადავწყვიტე ვაცნობიერებდე მოცემულ კონკრეტულ რეალობას“.

5. სცადეთ გაატაროთ მთელი დღე პროგრამით: „მე - ღმერთი ვარ, რომელიც ადამიანობანას თამაშობს. ყველა რეალობა, რომელსაც ვხედავ, ჩემს მიერაა შექმნილი“. წარმოიდგინეთ, რომ „ღმერთი“ - ესაა პასუხი და ფრი ჯონის კითხვაზე: „ვინაა ის, ვინც ამჟამად შენით ცხოვრობს?“

6. სცადეთ მუდმივად იცხოვროთ მეტაპროგრამით: „ყველაფერი გაცილებით უკეთ გამოდის, ვიდრე ვგეგმავ“.