qua

თავი მეჩვიდმეტე. კვანტური ევოლუცია

რა არის ადამიანი? ხიდი მაიმუნსა და ზეადამიანს შორის - უფსკრულზე გადებული ხიდი. (ფ. ნიცშე, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“).

მოხერხებულობისთვის ტოფლერი კაცობრიობის ისტორიის ქაოსს სამი ტალღის მოდელით აღწერს. უფრო ზუსტი იქნებოდა, თუკი ამ „ტალღებს“ დავარქმევდით კვანტურ ნახტომებს ენერგეტიკული კოჰერენტულობის დონეზე.

პირველი ტალღის წარმოსაქმნელად, ტოფლერის სიტყვებით, ათასწლეულები იყო საჭირო, მაგრამ მან ბოლოს და ბოლოს საშუალება მისცა კაცობრიობის დიდ ნაწილს, რომ გადასულიყო ტომობრივი ეტაპიდან (მარტივი პრიმატებიდან, რომლებიც ნადირობა-შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი) განვითარებული აგრარულ-ფეოდალური ცივილიზაციის ეტაპამდე.

მეორე ტალღა გაცილებით უფრო სწრაფად მოხდა - რამდენიმე ასწლეულში მან თითქმის მთელი კაცობრიობა აგრარულ-ფეოდალური ეკონომიკიდან ინდუსტრიულ-საბაზრო-ქალაქურზე გადაიყვანა.

მესამე ტალღა, როგორც ტოფლერი ამტკიცებს, განაგრძობს ძალის მოკრებას და კულმინაციას სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში მიაღწევს. ჩვენ ამას ვუწოდებთ „ინფორმაციულ აფეთქებას“, „პოსტინდუსტრიულ ეკონომიკას“ და ა.შ.

ყოველი ტალღის სიჩქარე ათჯერ უფრო დიდია, ვიდრე წინა; გარდა ამისა, ყოველი ახალი ტალღა უფრო ტოტალურია - იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო მეტ ადამიანს ცვლის, უფრო სრულად ცვლის მათ, და შესაბამისად ახდენს ადამიანური ბუნებისა და ადამიანური საზოგადოების შესახებ ჩვენი კონცეფციის ტრანსფორმაციას.

ტოფლერის მიერ აღწერილი ტალღები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კვანტური მდგომარეობები, რომლებშიც ყოველი ტალღის ენერგეტიკული მდგომარეობა და რეალობის განზომილება უფრო მაღალია, ვიდრე წინა ტალღის მდგომარეობა, და საერთოდ არაა მასზე დამოკიდებული.

პირველმა ტალღამ ტომის ადამიანები მემამულეებად (ან ბატონებად) აქცია, და შექმნა სრულიად ახალი სოციალური მრავალფეროვნება, იმდენად ნატიფი და მოუხელთებელი, რომ ანთროპოლოგებს და სოციოლოგებს შეუძლიათ წლობით შეისწავლონ მისი უხილავი ასპექტები. მიუხედავად ამისა, ეს ტრანსფორმაცია იმდენად უზარმაზარია, რომ უმეტესობა მას შეუიარაღებელი თვალით შეამჩნევს: ტომის ადამიანის ფეოდალურისგან ვერ-განსხვავება ისევე შეუძლებელია, როგორც ძაღლის ვირისგან ვერ-განსხვავება.

მეორე ტალღამ შექმნა ის, რასაც ტოფლერი მახვილგონივრულად უწოდებს „ინდუსტ-რეალობას“, და გამოიწვია მეწარმე ადამიანების გაჩენა, რომლებიც ისევე აშკარად განსხვავდებიან ფეოდალური ან ტომის ადამიანებისგან, როგორც დელფინები - ვარდის ბუჩქებისგან.

მესამე ტალღა, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა შენონმა და ვინერმა განმარტება მისცეს ინფორმაციის ცნებას, ხოლო ფონ ნეიმანმა პირველი პროგრამირებადი კომპიუტერი შექმნა, დღეს ჯერ კიდევ მოძრაობაშია. 1980-იანების შუაში სახლის კომპიუტერი ისეთივე ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მოწყობილობა გახდა, როგორც ტელევიზორი. თანამედროვე კომპიუტერული ქსელი - კომპიუტერებთან „მოლაპარაკე“ კომპიუტერები, - ზომაში ყოველ ოთხ თვეში ორმაგდება. ეს ტრანსფორმაციაც ასევე ტოტალური იქნება: იგი შექმნის სრულიად ახალ „მამაკაცს“, ახალ „ქალს“, ახალ „ბავშვს“, ახალ „პიროვნებას“, ახალ „საზოგადოებას“, „შრომის“, „ენერგიის“, „რეალობის“ ახალ კონცეფციებს და ა.შ.

1998 წლის საშუალო ადამიანი 2008 წელს ისეთივე ჩამორჩენილად მოგვეჩვენება, როგორც შუასაუკუნეების მემამულე - დღეს. ის, რასაც დღეს ნორმალურ სამუშაოდ, ნორმალურ სოციალურ როლებად, ნორმალურ „კაცობრიობად“ ვთვლით, მალე ისევე არქაულად მოგვეჩვენება, როგორც დღეს გვეჩვენებიან ალქიმიკოსები, მჭედლები, მაცნეები და ლაქიები.

რა თქმა უნდა, ტოფლერი არ ამბობს, რომ კომპიუტერია მთელი მესამე ტალღა; იგი შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ როგორც ემბლემა იმისა, რაც დღეს ხდება. ამ თვალსაზრისით მეორე ტალღის ემბლემა გახლდათ ფაბრიკა. იგი წარმოადგენდა არა მხოლოდ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც „ინდუსტ-რეალობა“ მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ჩვენი კოლექტიური სიმდიდრე (და უკმარისობა) გაზარდა; იგი ასევე გახდა მოდელი ყველაფერი დანარჩენისთვის. ჩვენი სკოლები - ესაა მინი ფაბრიკები, ანუ ფაბრიკის მოდელები, რადგან მისი ძირითადი პირველადი დანიშნულება იყო ადამიანების მომზადება ფაბრიკებში სამუშაოდ. სკოლების გაჩენის აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ თუკი ფეოდალიზმს არ ჭირდება მასების განათლება, ინდუსტრიალიზმი ამის გარეშე შეუძლებელია. იმავე ფაბრიკების მოდელზე დაწესებულებებში დადგენილ იქნა განსაზღვრული სამუშაო საათები, მაშინაც კი, თუკი ეს მცირედ ზემოქმედებდა ან საერთოდ არ ზემოქმედებდა პერსონალის მუშაობის ეფექტურობაზე. მთლიანობაში, „ინდუსტ-რეალობამ“, ინდუსტრიული საუკუნის რეალობამ, ყველა აიძულა, რომ რობოტულად აეყოლებინათ ნაბიჯი ფაბრიკული სისტემისთვის (თავისუფალ მწერალს, რა თქმა უნდა, შეუძლია მაშინ იმუშაოს, როცა მოესურვება, მაგრამ, მაგალითად, ჯონ მაკდონალდმა - ძალიან პოპულარულმა და ნიჭიერმა მწერალმა - ინტერვიუში აღიარა, რომ ყოველთვის მუშაობს ცხრიდან ხუთამდე, რადგან ასე უფრო „ბუნებრივად“ ეჩვენება. მაკდონალდის ნეირონებში დღის ფაბრიკული განრიგია გამჯდარი. ამ წიგნის ავტორი, რომელმაც ფაბრიკულ-ოფისური საათებით ოცი წელი იცხოვრა, დღის და ღამის ნებისმიერ დროს მუშაობს, როცა „შთაგონება“ მოუვა, მაგრამ არასოდეს იწყებს ცხრაზე და არ ამთავრებს ხუთზე, რათა ძველ ჩვევებს არ დაუბრუნდეს.

„ინდუსტ-რეალობა“ დღემდე იმდენად გავრცელებულია, რომ როგორც მაკლუენმა შენიშნა, ჩვენ მას პრაქტიკულად ვერ ვამჩნევთ. ასე, მაგალითად, ფეოდალურ ეპოქაში მუსიკა და მუსიკალური კოლექტივები არასოდეს სცდებოდნენ კამერულობის საზღვრებს - ტრიო, კვარტეტი და ა.შ. თანამედროვე სიმფონია კი, მისი უზარმაზარი ორკესტრით, პრომეთესეული თემებით, ღმერთისმსგავსი დირიჟორით („კაპიტალისტით“), კონცერტმეისტერით (ოსტატით), სიმებიანი და სასულე ინსტრუმენტების ჰარმონიით და ა.შ., წარმოადგენს მშვენიერ მხატვრულ გამოხატულებას ადამიანთა მასიური ორგანიზაციის იმ მეთოდებისა, რომლებიც ნაკლებად ამაღლებულ ფორმებში ჩვეულებრივ გამოიყენება ფაბრიკების კონვეიერებში. (ფაბრიკები ასევე საჭიროებდნენ ქალაქებს - სამუშაო ძალის მასიურ დაგროვებას ერთ ადგილას, - რომლებმაც ეს სიმფონია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გახადეს. არისტოკრატი საკუთარ თავს ვერ მისცემდა უფლებას, ან უბრალოდ თავშიც არ მოუვიდოდა, რომ იმაზე მეტი მუსიკოსი შეენახა, ვიდრე სრულყოფილ კამერულ მუსიკას ესაჭიროებოდა).

არა მხოლოდ ბეთჰოვენის „კოსმიური ოპტიმიზმი“ იყო პირმშო იმ გონების ეპოქისა, რომლისგანაც ინდუსტ-რეალობა დაიბადა; თავად ორკესტრებში, რომლისთვისაც ის წერდა, ორგანიზაციის ინდუსტრიული სტილი ვლინდებოდა.

უდავოა, რომ ინდუსტრიალიზმმა (მეორე ტალღა) ახალ სიმდიდრესთან ერთად ახალი უკმარისობაც შექმნა. შექმნილი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ექსპორტირებულ იქნა უმცირესობის მიერ. როგორც არ უნდა შეეხოს ეს სოციალისტებს, აუცილებელია აღიარება იმისა, რომ მსგავსი გზა გარდუვალი იყო მოშინაურებული პრიმატების საზოგადოებისთვის. რამდენიმე ალფა-მამრი ყოველთვის უფრო ცხადად ხედავს თავის სარგებელს, ვიდრე უმეტესობა - თავის კოლექტიურ ინტერესს.

მიუხედავად ამისა, როცა ინდუსტ რეალობა საკმარისად გავრცელდა, მას მოჰყვა სოციალიზმი. შესაძლოა მკითხველს ეს არ მოეწონოს (ავტორს არ რცხვენია თავისი წარმოდგენების და აღიარებს, რომ მას ეს არ მოწონს), მაგრამ ესეც გარდუვალი იყო. შეუძლებელია, რომ აქამდე არნახული სიმდიდრის დაგროვებას არ გამოეწვია აღშფოთება მათი მფლობელი ალფა-მამრების მიმართ, და იმის დასაკუთრების სურვილი, რისი ექსპროპრიაციაც მათ ასე ეგოისტურად მოახდინეს. ამ სიტუაციას ბაბუინებშიც კი ვაკვირდებით: მეტისმეტად აუტანელ ალფა-მამრს უფრო ახალგაზრდა მამრების ჯგუფი ცემს და ჯოგიდან აგდებს.

ვერც კაპიტალისტურმა და ვერც სოციალისტურმა ინდუსტ-რეალობამ ვერ მისცა ადამიანებს ის, რაც მათ ყველაზე მეტად ჭირდებოდათ: დამოუკიდებლობა და სამართლიანობა, თავისუფლება და სიუხვე, მუდმივი ზრდა და მუდმივი განვითარება. ჩვენთვის კაპიტალიზმ-სოციალიზმი - ყოველთვის დილემაა და არა არჩევანი.

მესამე ტალღას შეუძლია გადალახოს, და გადალახავს ამ პრობლემებს ინდუსტრიალიზმის ფარგლებში. მესამე ტალღა არ იქნება არც კაპიტალისტური, არც სოციალისტური, და არც მათი რაიმე სინთეზი. იგი მოითხოვს ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ ტიპს - ზუსტად ისევე, როგორც ფეოდალიზმმა შექმნა ეკონომიკა, რომელიც უცნობი იყო ტომის ადამიანისთვის, ხოლო ინდუსტრიალიზმი - კაპიტალიზმის და სოციალიზმის ორი კონკურირებადი ეკონომიკა, ერთნაირად იყო წინასწარგანუსაზღვრელი და მოულოდნელი ფეოდალური ეტაპის პერსპექტივიდან.

1977 წელს ილია პრიგოჟინი გახდა ნობელის პრემიის ლაურიატი ფიზიკური ქიმიის სფეროში. პრიგოჟინის სამუშაო დაკავშირებული იყო სწორედ იმ პროცესების კვლევასთან, რომლებსაც ჩვენ განვიხილავდით, - ნეგატიური ენტროპიის შექმნასთან სტოქასტურ პროცესებში, - მაგრამ წარმოადგენდა გიგანტურ ნახტომს ამ სფეროს ისეთი პიონერების გენიალურ იდეებთან შედარებით, როგორებიც არიან შრედინგერი, ვინერი, შენონი და ბეიტსონი.

პრიგოჟინის თანახმად, ნებისმიერი ორგანიზებული სისტემა დინამიურ დაძაბულობაში იმყოფება ენტროპიასა და ნეგენტროპიას, ქაოსსა და ინფორმაციას შორის. რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო მაღალია მისი არასტაბილურობა. პრიგოჟინმა ეს მათემატიკურად დაამტკიცა, ჩვეულებრივი ენით კი ამის გადმოცემა შემდეგნაირად შეიძლება: ორი ბავშვის ტარება უნივერმაღში უფრო ადვილია, ვიდრე ოცის. ან: 101 კბილის ჩხირისგან გაკეთებული „სახლის“ არასტაბილურობა უფრო მეტია, ვიდრე 10-სგან გაკეთებულის.

არასტაბილურობა ყოველთვის ცუდი არაა: რეალურად იგი სრულიად აუცილებელია ევოლუციისთვის. მწერების საზოგადოება მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა, ამიტომ რამდენიმე მილიონი წელია ევოლუცია არ განუცდია. ადამიანთა საზოგადოებები მაღალი არასტაბილურობით გამოირჩევიან და მუდმივად განიცდიან ევოლუციის პროცესს.

პრიგოჟინმა დაამტკიცა არასტაბილურობის ევოლუციური მნიშვნელობა მის მიერვე შექმნილი „დისიპათიური სტრუქტურის“ კონცეფციის მეშვეობით. დისიპათიური სტრუქტურა მაღალ სირთულეს ატარებს, და შესაბამისად მაღალ არასტაბილურობასაც. რაც უფრო რთულია იგი, მით უფრო მაღალია მისი არასტაბილურობა, ბუნებრივია, მათემატიკური; რაც უფრო მაღალია მისი არასტაბილურობა, მით უფრო მეტია მასში ცვლილებების წარმოშობის, ანუ განვითარების ალბათობა.

ყველა დისიპათიური სტრუქტურა გამუდმებით მერყეობს თვითგანადგურებასა და ინფორმაციის უფრო მაღალ დონეზე რეორგანიზაციას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი პესიმისტურად გამოიყურება, საქმეში ყველაფერი ასე არაა. პრიგოჟინის დასკვნები ფრიად ოპტიმისტურია. იგი აჩვენებს, რომ მათემატიკური თვალსაზრისით მაღალი სირთულის სტრუქტურები - ისეთები, როგორიცაა ჩვენი თანამედროვე კაცობრიობა, რომელიც სადღაც შუაშია მეორე ტალღის ინდუსტ-რეალობასა და მესამე ტალღის დასაწყისს შორის - მეტი, გაცილებით მეტი ალბათობით განიცდის „დისიპაციას“ უფრო მაღალი კოჰერენტულობისკენ, ვიდრე თვითგანადგურებისკენ.

სხვა სიტყვებით, ინტელექტუალურ კონფლიქტში უტოპისტებსა და ანტიუტოპისტებს შორის მათემატიკა უტოპისტების მხარესაა. ჩვენი ადამიანური სამყარო იმდენად მდიდარია ინფორმაციით (კოჰერენტულია), რომ თითქმის გარდუვალად უნდა გადავიდეს კიდევ უფრო მეტ კოჰერენტულობაში, და არა ქაოსსა და თვითგანადგურებაში.

პრიგოჟინის თეორია წარმოადგენს მათემატიკურ მტკიცებულებას მაკლუენის ინტუიტიური რწმენისთვის, რომ განადგურების ბევრი მოჩვენებითი სიმპტომი სინამდვილეში პროგრესის მაცნეა.

შენიშვნა დარწმუნებული პესიმისტებისთვის: პრიგოჟინის ანალიზი დაფუძნებულია ალბათობის თეორიაზე, და ამგვარად, არ წარმოადგენს განსაზღვრულს. ამიტომ თუკი ამ ლირიულმა გვერდებმა განსაკუთრებულად შეგაშფოთათ, დაიმშვიდეთ თავი იმ აზრით, რომ თუმცა მთელი კაცობრიობის წარმატების ალბათობა დიდია, მაინც რჩება გარკვეული შანსები, რომ თავს გავინადგურებთ, ან თქვენი რომელიმე საყვარელი აპოკალიპტური სცენარი აღსრულდება, მიუხედავად კოჰერენტულობისკენ და უმაღლესი გონისკენ მისწრაფების საერთოდ ტენდენციისა.

ამავდროულად, მაშინაც კი, თუ კაცობრიობა განწირულია გარდუვალი წარმატებისთვის, რა თქმა უნდა, არავინ გიშლით თქვენი საკუთარი ცხოვრების დაღუპვას. ეს წიგნი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს მცდელობას იმისა, რომ დარწმუნებული ტანჯული-მანიაკები იმედგაცრუებებისა და წარუმატებლობების ძიებას გადააჩვიოს.

უკანასკნელი კოსმოლოგიური აღმოჩენები იმაზე მიუთითებენ, რომ მზე და ჩვენი მზის სისტემის პლანეტები, დედამიწის ჩათვლით, გალაქტიკის მტვრისა და გაზის ღრუბლისგან შეიქმნენ 5-6 მილიარდი წლის წინ.

ითვლება, რომ სიცოცხლის პირველი ერთუჯრედიანი ფორმები - პირველი წრედის ბიოგადარჩენითი ცნობიერების განთიადის პირველი გამოვლინებები - დედამიწაზე დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ გაჩნდნენ.

ხერხემლიანები მეორე წრედის ემოციურ-ტერიტორიული ცნობიერებით პირველად დაახლოებით მილიარდი წლის წინ გამოჩნდნენ.

მესამე წრედის ადამიანური გონების - ენისა და აზრის - განვითარება დაიწყო სავარაუდოდ დაახლოებით 100 ათასი წლის წინ. ბოლომდე მოშინაურებული პრიმატი - Homo Sapiens, - რომელიც მეოთხე კონტურის „მორალურ“ ცნობიერებას ატარებდა, მაქსიმუმ 30 ათასი წლის წინ გაჩნდა. მეხუთედან მერვემდე წრედები გაჩნდნენ უკვე ისტორიულ ეპოქაში.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად ყველა ეს ციფრი მუდმივად გადაიხედება, თუმცაღა მათ შორის თანაფარდობა პრინციპულად უცვლელია, და ეს თანაფარდობა საოცარია. როგორც არაერთხელ აღინიშნა, თუკი მთელ ამ ევოლუციურ სცენარს 24 საათამდე დავიყვანთ, შუაღამიდან დაწყებული, მაშინ სოცოცხლე შუადღემდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა, ხოლო მთელი ადამიანური ისტორია (დაწყებული კეტით შეიარაღებული ადამიანისმაგვარი მაიმუნით აფრიკაში და დასრულებული იმ მომენტით, როცა ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დააბიჯა, თავსდება შემდეგი შუაღამის დადგომამდე ბოლო წამის მეორე ნახევარში.

ეს მოდელი მთლად კორექტული არაა, რადგან ჩვენი აწმყო მასში არ წარმოადგენს „დასასრულს“, რაც რაც სიმართლისგან შორსაა. შესაძლო კოსმიური მიგრაციის გათვალისწინების გარეშეც კი დედამიწის ბიოსფეროს სიცოცხლე კიდევ 10-15 მილიარდი წლით უნდა გაგრძელდეს, სანამ მზე შეწყვეტს მის შენარჩუნებას. თუკი მოდელს ჩვენი მზის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობაზე ავაგებთ - დაახლოებით 20 მილიარდ წელზე, - ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ დღევანდელ დღეს მასში შეესაბამება დილის 8 საათი. ამ დრომდე სიცოცხლე ძირითადად არაცნობიერი იყო, მაგრამ უკანასკნელ მილიონ წელში (უკანასკნელი რამდენიმე წამი პირველ მოდელში) გაჩნდა გაცნობიერებულობის და გამოღვიძების პირველი ნიშნები.

„სამყარო ისეა მოწყობილი, რომ გააჩნია საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობა“, - თქვა ერთხელ სპენსერ ბრაუნმა. ნეიროსომატური, ნეიროგენეტიკური და მეტაპროგრამირებადი წრედების გაჩენა - ესაა საშუალება, რომლითაც სამყაროს შეუძლია „საკუთარი თავის დანახვა“ კიდევ უფრო მკაფიოდ და სრულად, რათა გადაწყვეტილება მიიღოს თავის შემდგომ განვითარებაზე.

აიზეკ აზიმოვი „გენეტიკურ კოდში“ განიხილავს 60 წლიანი ციკლის არსებობას პირველი სამეცნიერო პრინციპის პირველი გაგების მომენტსა და იმ მომენტს შორის, როცა ეს პრინციპი სამყაროს ცვლის.

მაგალითად, ერსტედმა 1820 წელს აღმოაჩინა ელექტრო-მაგნიტური ექვივალენტურობა, ფაქტი, რომ ელექტროობა შეიძლება გარდაიქმნეს მაგნეტიზმად, ხოლო მაგნეტიზმი - ელექტროობად.სამოცლი წლის შემდეგ, 1880 წელს, ელექტრული გენერატორები უკვე ფართოდ იყვნენ გავრცელებული და ინდუსტრიულმა რევოლუციამ თავის გაფურჩქვნის ხანას მიაღწია. უკვე გამოგონილ იქნა ტელეგრაფი და ტელეფონი - იწყებოდა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქა.

1883 წელს ტომას ედისონმა პირველად შენიშნა ე.წ. „ედისონის ეფექტი“ - მთელი ელექტრონიკის გასაღები. სამოცი წლის შემდეგ, 1943 წელს, ელექტრონული ტექნოლოგიები საყოველთაოდ იბადებოდა. მათ პრიმიტიულ ფორმას გართობის, რადიოს სახით უკვე 20 წელი შეუსრულდა, და მის ადგილას მალე ტელევიზია უნდა მოსულიყო.

1896 წელს ბეკერელმა აღმოაჩინა ურანის რადიოაქტივობა. სამოცი წლის შემდეგ ორი ქალაქი უკვე განადგურებულ იქნა ატომური ბომბებით და მიმდინარეობდა ქარხნების მშენებლობა ბირთვული იარაღის წარმოებისთვის (ეს იყო წვლილი უკმარისობაში, და არა სიმდიდრეში).

1903 წელს ძმებმა რაიტებმა ააგეს აეროპლანი, რომელმაც ჰაერში რამდენიმე წუთი გაძლო. სამოცი წლის შემდეგ, 1963 წელს, გამოჩნდა რეაქტიული ლაინერები, რომლებსაც ჰაერით ასზე მეტი მგზავრი გადაჰყავდათ.

დავუშვათ, რომ ეს სამოცწლიანი ციკლი კანონია, და გავაკეთოთ სამომავლო პროგნოზები:

შენონმა და ვინერმა კიბერნეტიკის მათემატიკური საფუძვლები 1948 წელს შექმნეს. სამოცი წლის შემდეგ, 2008 წელს, მსოფლიოს კიბერნეტიზაციას, ისეთივე სრულს, როგორც XIX ასწლეულის ელექტრიფიკაცია, ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადავყავართ, ახალ სოციალურ რეალობაში (როგორც ტოფლერმა იწინასწარმეტყველა).

1943 წელს ჰოფმანმა აღმოაჩინა LSD და ცნობიერებაზე ქიმიური კონტროლი. სამოცი წლის შემდეგ, 2003-ში, საჭირო ქიმიური პრეპარატების გამოყენება საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ ცნობიერების ნებისმიერი წარმოდგენადი ცვლილება.

მაკეიმ პირველ შედეგებს ლაბორატორიული ვირთხების სიცოცხლის ვადის გახანგრძლივებაში 1939 წელს მიაღწია. სამოცი წლის შემდეგ, 1999 წლისთვის, დღეგრძელობის აბები ყოველ აფთიაქში გაიყიდება.

დნმ-ის იდენტიფიკაცია მოხდა 1944 წელს. სამოცი წლის შემდეგ, 2004-ში, გენური ინჟინერიის ნებისმიერი ფორმა იმდენად ჩვეული იქნება, რამდენადაც ჩვეულია დღეს ელექტრონიკა.

ინფორმაციის მოცულობის (კოჰერენტულობის გამოვლინების) ზრდის ყველაზე ახლო მცდელობა განხორციელდა 1973 წელს ფრანგი ეკონომისტ ჟორჟ ანდერლია მიერ.

თავის კვლევაში ანდერლიამ ზომის ერთეულად მიიღო ინფორმაციის ყველა ბიტი, რომელიც დაგროვილი იყო კაცობრიობის მიერ ჩვენი ერის დასაწყისში. ამ შეფასების თანახმად, ეს სიდიდე 1500 წლისთვის გაორმაგდა. მხოლოდ 250 წელი გახდა საჭირო (1750 წლამდე), რომ იგი კიდევ ერთხელ გაორმაგებულიყო და ოთხი პირობითი ერთეულისთვის მიეღწია. შემდეგ გაორმაგებას 150 წელი დასჭირდა, და ამგვარად 1900 წლისთვის კაცობრიობას უკვე რვა ერთეული ჰქონდა მიმდინარე ინფორმაციულ ანგარიშზე. შემდეგ გაორმაგებას სულ რაღაც 50 წელი დასჭირდა, და 1950 წლისთვის ჩვენ უკვე ინფორმაციის 16 ერთეული გვქონდა. 1960 წლისთვის ამ ნიშნულმა 32-ს მიაღწია. შემდეგ გაორმაგებას 7 წელი დასჭირდა, და 1967 წლისთვის უკვე 64 ერთეულზე გადავედით (საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში მოხდა პირველი ახალგაზრდული რევოლუცია, როცა მთელ პლანეტაზე დაიწყეს ნგრევა რეალობის ძველმა რუკებმა და ყველა მხრიდან გაჩნდნენ ყველაზე უცნაური ახალი რუკები).

a117

მომდევნო 6 წელში (1967-1973) ჩვენი ინტელექტუალური საბანკო ანგარიში კვლავ გაიზარდა 128 ერთეულამდე. ამ წერტილში ანდერლიამ თავისი კვლევა დაასრულა.

დოქტორმა ელვინ სილვერსტეინმა შეაფასა, რომ თუ ამ დამოკიდებულების გრაფიკს კიდევ 70 წლით გავაგრძელებთ, ადამიანური ცოდნა მილიონჯერ უნდა გაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობას 128 მილიონჯერ მეტი ინფორმაცია ექნება, ვიდრე იესოს დაბადების წელს.

სავარაუდოდ დღეგრძელობის აბები დროულად გაჩნდება, რათა გაგვიძნდეს შესაძლებლობა, რომ გავიაროთ დიდი ევოლუციური კვანტური ნახტომი.

უნდა ვივარაუდოდ, რომ ჩვენი ნერვული სისტემის უმაღლესი წრედები - ნეიროსომატური ჰოლისტური ცოდნა, ნეიროგენეტიკული ევოლუციური ხედვა, მეტაპროგრამირება - განკუთვნილია იმისთვის, რომ დაგვეხმაროს უმაღლესი ინფორმაციის ამ მძლავრ ნაკადთან და პოტენციურ უმაღლეს კოჰერენტულობასთან გამკლავებაში.

ტოფლერის მესამე ტალღა - ესაა მხოლოდ სოციოლოგიური ასპექტი სიტუაციისა, რომელიც ასევე წარმოადგენს ბიოლოგიურს და „სულიერს“.

ჩვენ გაცილებით მეტს ვიცოცხლებთ, ვიდრე ვვარაუდობთ, და უფრო ჭკვიანებიც გავხდებით.

ეს მუტაციები მიგვიყვანენ სრულიად ახალი რეალობის გაჩენამდე.

სავარჯიშოები

1. შეადგინეთ იმ ათი სფეროს სია, რომლებშიც თქვენი აზროვნება-გრძნობა კონსერვატიულია. დაფიქრდით, რამდენი წელი იქნება საჭირო, რომ სამყარო იმ დონემდე შეიცვლება, როცა ეს იდეები არა მხოლოდ კონსერვატიული, არამედ უადგილოც გახდება (ისევე, როგორც დღესაა უადგილო ახალი ეპოქის 300-იანი წლების თეოლოგიური კამათები).

2. შეადგინეთ იმ ათი სფეროს სია, რომლებშიც თქვენი მიდგომა რადიკალურია. შეაფასეთ, რამდენი წელი დაჭირდება სამყაროს იმისთვის, რომ ეს იდეები კონსერვატიულად გამოჩნდეს.

3. მიიღეთ აქტიური დღეგრძელობის ჰიპოთეზა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მინიმუმ 300 წელს იცოცხლებთ. ამ ვადის რა ნაწილი გინდათ გაატაროთ არაფრის კეთებაში? რამდენი სხვადასხვა სამუშაო გინდათ გამოსცადოთ? სპორტის, ხელოვნების ან მეცნიერების რამდენი სფერო (რომლებზეც მანამდე დრო არ გქონდათ) გინდათ, რომ შეისწავლოთ?