8 1

თავი მერვე. «მორალური» სოციო-სექსუალური წრედი

მუხლუხო სუფთა ფოთლებს ბილწავს, მღვდელი კი სუფთა ბედნიერებებს (უილიამ ბლეიკი, „სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება“)

სოციო-სექსუალური წრედი აქტიურდება და იმპრინტირდება ყმაწვილობაში, როცა დნმ-ის სიგნალი სქესობრივ მექანიზმს აღვიძებს. მოზარდი დაბნეული აკვირდება, როგორ იძენს ახალ სხეულს და ახალ ნეირონულ წრედს, რომელიც ორიენტირებულია ორგაზმზე და სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედთან შერწყმაზე. ადამიანი, რომელმაც სქესობრივ სიმწიფეს მიაღწია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ცხოველი შეწყვილების პერიოდში, ნახევრად-შეშლილ მდგომარეობაში ხეტიალობს და აწრიალებული სექსუალურ ობიექტს ეძებს.

იმპრინტული მოწყვლადობა ამ მომენტში საოცრად დიდია, და პირველი სექსუალური სიგნალები, რომლებიც ყმაწვილის ნერვულ სისტემას რთავენ, მთელი ცხოვრება ამახსოვრდება და სიკვდილამდე განსაზღვრავს ინდივიდის სექსუალურ რეალობას.

გასაკვირი არაა, რომ ამ მგრძნობიარე მომენტებში ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა ფეტიშები შეიძინოს.

შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, რომელ პერიოდში იყო ესა თუ ის ადამიანი სექსუალურად იმპრინტირებული, თუკი გამოვიკვლევთ, რომელი ფეტიშები აღაგზნებენ მას დღემდე. შავი ბაფთები, სასმელი, ქულ-ჯაზი და ზღარბი-ვარცხნილობა - ესაა სექსუალური სიგნალები, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავენ ერთ იმპრინტულ ჯგუფს (თაობას), გრძელი თმა, მარიხუანა, მძიმე როკი და მჭიდრო ჯინსები კი - მეორეს.

როგორც მასტერსი და ჯონსონი აღნიშნავენ, სექსუალური აშლილობების უმეტესობა ნერვულ სისტემაში სწორედ ყმაწვილობის დროს, იმპრინტული მოწყვლადობის მომენტებში მყარდება. არქეტიპულს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ყმაწვილს პირველად ჰქონდა სექსის მცდელობა მანქანის უკანა სავარძელზე და ამ მომენტში მის ფსიქიკას ტრავმა მიაყენა პოლიციელმა, რომელმაც ფანარი მიანათა მას და მის ტურფას. ამ საშინელი მომენტის იმპრინტი ათეულობით წლების განმავლობაში იყო გამყარებული: მამაკაცი იმპოტენტად რჩებოდა მანამ, სანამ მასტერსისა და ჯონსონის კლინიკაში გადაიმპრინტირებას არ დაექვემდებარა.

ჰეტეროსექსუალობა თუ ჰომოსექსუალობა, თავშეუკავებელი გარყვნილება თუ მორცხვი ასკეტიზმი, და ა.შ. - ეს ყველაფერი იმპრინტირდება იმპრინტული მოწყვლადობის მომენტებში ზუსტად ისევე, როგორც ბიოგადარჩენითი შფოთვა იმპრინტირდება მოვლენებით, რომლებიც ძუძუთი კვების პერიოდში მოხდა; ემოციური დომინირება ან მორჩილება - სიარულის სწავლის პერიოდში; სიმბოლური მახვილგონივრულობა ან „სიჩლუნგე“ - გარესამყაროს შესწავლის პერიოდში.

ეგრეთწოდებული „პრიმიტიული“ ხალხებისთვის ცნობილია ეს ფაქტები, ამიტომ ისინი იმპრინტული მოწყვლადობის მომენტებს ტვირთავენ რიტუალებით, „გამოცდებით“, „განდობის ცერემონიებით“ და ა.შ., რომლებიც სპეციალურადაა შემუშავებული ხასიათის იმ თვისებების იმპრინტირებისთვის, რომლებიც აუცილებელია მოცემული ტომის ნორმალური წევრისთვის მოცემულ მომენტში. ამ იმპრინტული ცერემონიების „ნარჩენებს“ წარმოადგენენ ბარ-მიცვა (წინდაცვეთის ცერემონია იუდეველებში), ნათლობები, კონფირმაციები, საეკლესიო ჯვრისწერა და ა.შ.

უნდა ვიცოდეთ, რომ „მოვლენები“, რომლებიც იმპრინტებს წარმოშობენ იმპრინტული მოწყვლადობის მომენტებში, განეკუთვნებიან შემთხვევითობის, გენეტიკის და ბოროტი განზრახვის (სიბრაზის) სფეროებს.

ადამიანთა უმეტესობა მსგავსი მოვლენების შედეგად არ ახდენს ზუსტად იმ სოციო-სექსუალური როლის იმპრინტირებას, რომელიც მათ საზოგადოებაშია მოთხოვნადი. მეოთხე წრედს შეგვიძლია სრულუფლებიანად დავარქვათ დანაშაულის წრედი: თითქმის ყველა და თითქმის ყველგან იმას აკეთებს, რომ ფარავენ თავიანთ ჭეშმარიტ სექსუალურ სახეს და ადამიანების წინ იმ ერთგვარ სექსუალურ როლს თამაშობენ, რომელიც „საზოგადოდ მიღებულია“ მათი სქესისა და ტომისთვის.

ჩვეულებრივ ენაში სოციო-სექსუალური წრედის იმპრინტს ჩვეულებრივ „მომწიფებულ პიროვნებას“ ან „სექსუალურ როლს“ უწოდებენ. ტრანსაქციული ანალიზის ჟარგონით მას „მშობელი“ ეწოდება.

საინტერესოა, რომ ფროიდი პირველ წრედს ორალურ ეტაპად თვლიდა, მეორეს - ანალურად, ხოლო მეოთხეს - გენიტალიურად. ამასთან, მან ხელიდან გაუშვა მესამე, სემანტიკური წრედი. შესაძლოა ფროიდი, როგორც შეპყრობილი რაციონალისტი, ისე იყო შეპყრობილი ვერბალური და კონცეპტუალური პროგრამებით, რომ უბრალოდ ვერ ამჩნევდა მათ - ისევე, როგორც თევზები ვერ ამჩნევენ წყალს. იუნგმა პირველი წრედი აღწერა, როგორც შეგრძნების უნარი, მეორე - როგორც გრძნობის უნარი, მესამე - როგორც აზროვნების უნარი. მაგრამ სოციო-სექსუალური წრედი მისი სქემიდან მთლიანად ამოვარდა. (იუნგს აღიზიანებდა ის მეტისმეტი ყურადღება, რომელსაც ფროიდი უთმობდა მეოთხე წრედს, და მან ააწყო თავისი, უფრო ნაკლებად სექსუალური ფსიქოლოგიური სისტემა). ყველა მაღალი წრედი იუნგმა უბრალოდ ერთ გროვად გააერთიანა და „ინტუიცია“ უწოდა.

ნერვული სისტემის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ფოკუსირება გაუკეთოს, აირჩიოს, შეავიწროვოს; აირჩიოს უსასრულო შესაძლებლობებიდან ის ბიო-ქიმიური იმპრინტები, რომლებიც განსაზღვრავენ იმ ტაქტიკებს და სტრატეგიებს, რომლებიც უზრუნველჰყოფენ გადარჩენას ერთ ადგილას, სტატუსს - ერთ ტომში.

ახალშობილი გენეტიკურად მზადაა ნებისმიერი ენის შესწავლისთვის, ნებისმიერი უნარის დაუფლებისთვის, ნებისმიერი სექსუალური როლის შესრულებისთვის; თუმცაღა ძალიან მოკლე ვადის შემდეგ ის იწყებს თავისი სოციალური და კულტურული გარემოს შეზღუდვების მექანიკურად, რობოტულად მიღებას, მათ მიყოლას და კვლავ-წარმოებას.

ამ პროცესში ყოველი ჩვენგანი ძალიან ძვირს იხდის. გადარჩენა და სტატუსის შენარჩუნება არაგანპირობებული ცნობიერების უსასრულო შესაძლებლობების კარგვად გვიჯდება. მოშინაურებული პრიმატი, რომელიც რეალობის სოციალურ გვირაბშია, წარმოადგენს მხოლოდ მცირე ფრაგმენტს იმ პოტენციალისა, რომელიც ადამიანური ბიოკომპიუტერის 110 მილიარდ უჯრედშია ჩადებული.

როგორც რობერტ ა. ჰაინლაინმა თქვა: ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ბავშვისთვის საცვლების გამოცვლა, თავდასხმის დაგეგმვა, ღორების დაკვლა, შენობების კონსტრუირება, გემების მართვა, სონეტების წერა, ბუღალტერიის წარმოება, კედლების აგება, ძვლების გასწორება, სიკვდილის შემსუბუქება, ბრძანებების შესრულება, ბრძანებების გაცემა, თანამშრომლობა, დამოუკიდებლად მოქმედება, განტოლებების ამოხსნა, ახალი პრობლემების გაანალიზება, სასუქის შეყვანა, კომპიუტერების პროგრამირება, საჭმლის გემრიელად მომზადება, კარგად ბრძოლა, ღირსეულად სიკვდილი. სპეციალიზაცია - მწერების ხვედრია.

სანამ ძველი წრედების ძალაუფლების ქვეშ ვრჩებით, დიდად არ განვსხვავდებით მწერებისგან. ზუსტად ასევე, როგორც მწერები იმეორებენ თაობიდან თაობამდე თავიანთ ოთხეტაპიან პროგრამებს (კვერცხი, მუხლუხი, ჭუპრი, ზრდასრული), ჩვენც ვიმეორებთ ჩვენს ოთხეტაპიან ციკლებს. ძველი წრედები გენეტიკურად კონსერვირებულია: ისინი უზრუნველჰყოფენ გადარჩენას და სახეობის გაგრძელებას, მაგრამ მეტი არაფერი. ევოლუციის მომავალი - ფუტურისტულ წრედებშია.

8 2

(ფოტო: სპეციალიზაცია - მწერების ხვედრია)

 

შეჯამება

8 3

ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ არ არსებობს უნივერსალური სექსუალური ტაბუები. ეს შეხედულება მცდარია. ყოველ ტომში არსებობს ერთი მრავალმიზნიანი ტაბუ.

ეს ტაბუ ადგენს, რომ სექსუალობა ტომის მიერ უნდა რეგულირდებოდეს. ერთადერთი უნივერსალური ტაბუ, ესაა ტაბუ - ტაბუს გარეშე ცხოვრებაზე. ყოველ ტომს ტაბუსა და აკრძალვების თავისი ნაკრები გააჩნია, მაგრამ არცერთი ტომი არ აძლევს ნებას მის შემადგენლობაში მყოფ ინდივიდს, რომ ეს ნაკრები დამოუკიდებლად დააფორმიროსსაკუთარი თავისთვის.

ამერიკის პრეზიდენტი არ უნდა დაქორწინდეს საკუთარ დაზე (თუკი სურს, რომ შემდეგ ვადაზეც აირჩიონ); ეგვიპტის ფარაონი ვალდებული იყო, რომ საკუთარ დაზე დაქორწინებულიყო. შეეჩეხნენ რა ასეთ მორალურ რელატივიზმს, ბევრმა მეცნიერმა-სოციოლოგმა ვერ შეამჩნია ამ ყველაფრის უცვლელი შემადგენელი ნაწილი: პრეზიდენტისგანაც და ფარაონისგანაც ადგილობრივი წესების დაცვა მოითხოვება. იგივეა სამართლიანი ესკიმოსებისთვისაც, რუსებისთვისაც და კუბელებისთვისაც.

მაშ, რატომ არსებობს სექსუალური თვითგანსაზღვრისა და თვით-აქტუალიზაციის საწინააღმდეგოდ მიმართული ეს ტაბუ? რატომაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი საზოგადოებაც კი არ არსებობს ისეთი, ერთმანეთს რომ ეთანხმებოდნენ სექსუალური „კარგის“ და „ცუდის“ თაობაზე, ყოველი საზოგადოება თვლის, რომ სწორედ ისაა მართალი?

პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პირველი ჰუმანოიდური (ისინი, ვინც სიმბოლიზებას და კონცეპტუალიზებას ახდენდნენ) წინაპრები ძალიან უმეცარნი იყვნენ, მაგრამ არც სრულიად ჩლუნგები. ისინი უმეცარნი იყვნენ იმაში, რაც ეხებოდა გენეტიკის კანონებს, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანები იმისთვის, რომ ეჭვი გასჩენოდათ ამ კანონების არსებობაზე. სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედთან შერწყმა გარშემორტყმულია მკაცრი ტაბუებით და ძლიერი ტომური კონფორმიზმით, რადგანაც გენოფონდის გადარჩენა და მომავალი ევოლუცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სპერმატოზოიდი რომელ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს.

ეტიმოლოგები მხარს უჭერენ ფროიდის თეორიას იმ სიტყვებს შორის უძველესი კავშირის შესახებ, რომლებიც აღნიშნავდნენ წმინდას, ეროტიულს, უხამსს, მოწიწების აღმძვრელს, საშინელს, ღვთაებრივს. ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი - ესაა პრიმიტიული, მძლავრი ფიზიოლოგიური რეაქციები სქესობრივი ლტოლვის, სექსის, სიცოცხლის წარმოქმნის, მემკვიდრეობითობის, გენეტიკური დრეიფის, მომავალი ევოლუციის საიდუმლოებებზე. ყველაზე ძველი კერპები, რომელთა აღმოჩენაც არქეოლოგებმა შეძლეს, - ესაა ორსული ქალღმერთები და ფალოსური ღმერთები. ყველაზე შეუწყნარებლებნი, ბრმები და შეუპოვრები (კოსმოპოლიტურ კონტაქტთან იმ ტომებთან, რომლებსაც სხვა ღირებულებები აქვთ, ისინი ბოლოს ქრებიან) არიან ტაბუები, რომლებიც გამრავლების სწორ მეთოდს ეხებიან. თუ ერთი ნაცია ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მეთაური უნდა დაქორწინდეს საკუთარ დაზე, მეორე კი ამტკიცებს, რომ არ უნდა დაქორწინდეს, ორივე მოქმედებს იმ წარმოდგენიდან გამომდინარე, რომ უნდა შეირჩეს სწორი მეთოდი და თან მკაცრად უნდა იქნეს დაცული.

საიდუმლოებები არსებობს სქესობრივი ლტოლვის სფეროში: მამაკაცს ქალი მოსწონს, ქალს კი არ იზიდავს ეს მამაკაცი.

საიდუმლოებები არსებობს სქესობრივი აქტის სფეროში - ერთ წყვილს ერთხელ ჰქონდა სექსი და ქალი უკვე ორსულადაა, მაშინ, როცა სხვა წყვილს შეიძლება სამი წლის განმავლობაში ჰქონდეს სექსი და არაფერი მოხდეს. ეს ყველაფერი ძალზე იდუმალი და შემაშინებელია პრიმიტიული ხალხებისთვის, იქნება ეს ახალ გვინეაში თუ ნიუ-ჯერსიში.

საიდუმლოებები არსებობს დაბადების სფეროში - რატომ ტყუპები? რატომ სამი ბიჭი ერთ ოჯახში და სამი გოგო - მეორეში? რატომ ხდება თვითნებური აბორტები და მკვდარ-შობადობა?

საიდუმლოებები არსებობს მემკვიდრეობითობის სფეროში - „რატომ არ მგავს ჩემი ვაჟი?“ - ასეთ რთულ კითხვას, რომელიც ფრიად უწყობდა ხელს პარანოიის და მამაკაცური შოვინიზმის განვითარებას, ბევრი მოშინაურებული პრიმატი უსვამდა საკუთარ თავს.

საიდუმლოებები არსებობს გენეტიკური დრეიფის სფეროში - თანამედროვე მკვლევარები ოცამდე, და უფრო მეტ ცვლადსაც იცნობენ, მაგრამ კვლავაც უფრო მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხი.

საიდუმლოებები არსებობს მომავალი ევოლუციის სფეროში - „საიდან მოვდივართ, ვინ ვართ, საით მივდივართ?“, გოგენის დიდებული ნახატის დასახელება, - ეს ხომ მთავარი ონტოლოგიური კითხვაა; ტოტემური სვეტი და სოციობიოლოგიის ტრაქტატი მასზე პასუხის გაცემის მცდელობებია.

ამ საიდუმლოებებს შორის - სქესობრივი ლტოლვის, სქესობრივი აქტის, გამრავლების, მემკვიდრეობითობის, გენეტიკური დრეიფის, მომავალი ევოლუციის - ყოველი ტომის შამანები ცდილობენ დაამყარონ ორიენტირები, რომლებიც მათი აზრით მოცემული ტომის (გენოფონდის) გადარჩენას უზრუნველჰყოფენ.

ასე იქმნება «მორალი».

8 4

(ფოტო: ღმეთები და ქალღმერთები — ესენი არიან პრიმიტიულ სიმბოლოებში გამოხატული სექსუალური და გენეტიკური პროგრამები)

სქესობრივი ლტოლვა, სქესობრივი აქტი, გამრავლება, მემკვიდრეობითობა, გენეტიკური დრეიფი და მომავალი ევოლუცია - ეს ყველაფერი სტოქასტური პროცესებია (ანუ ისეთი პროცესები, რომლებშიც მოვლენათა შემთხვევითი ნაკრებიდან რაღაც „გონი“, ან რაღაც ისეთი, რასაც მეტაფორულად შეგვიძლია გონი ვუწოდოთ, საბოლოო გამოსავალს ირჩევს). ინტუიტიურად ცხადია, რომ ეს პროცესები ერთმანეთს ფარავენ, როგორც ჩვენს დიაგრამაზეა ნაჩვენები; ასევე ცხადია, რომ მომავლის „არჩევა“ ამ გზის ყოველ ნაბიჯზე ხდება. (შეხედულება, რომ მთელი ეს ჯაჭვი „გონიერია“ ან თუნდაც ავლენს მაინც „გონივრულობას“, წარმოადგენს ლამარკისეულ ერესს, რომელიც დარვინისტებმა ბოლომდე ვერასოდეს ვერ დაამარცხეს; ყოველ ჯერზე, როცა მის დამარხვას ცდილობდნენ, ის ახალი ფორმით ცოცხლდებოდა. ნეო- ან მეტა-ლამარკიზმის მხარდამჭერი საკმაოდ წონიანი თანამედროვე არგუმენტები გვხვდება ტიმოტი ლირის წიგნში - „სიცოცხლის თამაში“ და გრეგორი ბეიტსონის წიგნში - „ცნობიერება და ბუნება“. გულწრფელად გირჩევთ მათ წაკითხვას).

ტაბუ და მორალი - ესაა ტომის მცდელობა, მართოს შემთხვევითი მომენტი იმისთვის, რომ მოახდინოს სასურველი მომავლის ფორმირება.

მორალი“ ცდილობს, რომ მართოს სტოქასტური ევოლუციური პროცესი ორი საშუალებით - ან ტაბუს და მცნებების მეშვეობით ჩაერიოს სქესობრივ ლტოლვასა და მის დაკმაყოფილებას (სქესობრივ აქტს) შორის, ან სქესობრივ აქტსა და შობადობას შორის.მეორე შემთხვევა წარმოდგენილია ბავშვების მკვლელობის ტრადიციით - გავრცელებულიო ზომით შობადობის კონტროლისთვის - რომელსაც ადგილობრივი შამანები ყოველთვის მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ: სამსხვერპლოდ როგორც წესი ირჩევდნენ ბავშვებს, რომლებმაც სამშობიარო ტრავმა გადაიტანეს, ან ხალები აქვთ, ან ტყუპები არიან, ან სხვა რაიმე ნიშნით არიან „ღმერთისგან მონიშნულნი“.

უდავოა, რომ მსგავსი პრაქტიკების ნამდვილი ფუნქცია - ესაა შობადობაზე კონტროლი; ასეთი ტრადიციები ყველაზე მეტად გავრცელებულია იზოლირებულ კუნძულებზე, სადაც უმართავი გამრავლება კატასტროფამდე მიგვიყვანდა. იუდეური ტაბუები, პირიქით, იმ მიზნით მუშავდებოდა, რომ რაც შეიძლება ეფექტურად მიემართათ სექსუალობა მოსახლეობის გამრავლებისკენ, რადგან ძველი ებრაელები გარშემორტყმულნი იყვნენ უზარმაზარი მტრულად განწყობილი იმპერიებით, რომლებიც მათ დაპყრობას ცდილობდნენ; ებრაელებს მეტი ბიჭი სჭირდებოდათ, რათა მათგან ჯარისკაცები გამოეზარდათ, და უფრო მეტი გოგონები, რომლებიც მომავალში ახალ ჯარისკაც-ბიჭებს შობდნენ.

ყველაზე იდიოტური და „ბრმა“ - ჩვენი ახლანდელი რაციონალური თვალთახედვით - ტაბუებიც კი თავდაპირველად გარკვეულ ფუნქციას ატარებდნენ. მაგალითად, ყველაზე „უაზრო“ რთული (გენეტიკური) „ინცესტური“ ტაბუები, რომლის წყალობითაც ტომის თითქმის ყოველი წევრი სექსუალურად მიუწვდომელი ხდებოდა ტომის ნებისმიერი სხვა წევრისთვის, ახდენდნენ ეგზოგამიის (ქორწინება ტომის გარეთ) სტიმულირებას. ეს ხელს უწყობდა ნათესაური კავსირების დამყარებას ტომებს შორის, და ამგვარად საომარი კონფლიქტების რაოდენობის შემცირებას. რაღაც ამ პრიმიტიული ეგზოგამიის მსგავსი არც ისე დიდი ხნის წინ გვხვდებოდა სამეფო ოჯახებში, ჩვეულების სახით, როდესაც ისინი საცოლეს ან საქმროს სხვა სამეფო ოჯახებში ეძებდნენ.

რა თქმა უნდა, მორალის ნებისმიერი ფორმა გარკვეული თვალსაზრისით ყოველი ადამიანისთვის დამამძიმებელია, რადგან არასოდეს არავის ჰქონია ზუსტად ის სექსუალური იმპრინტი, რომელსაც მისგან მისი ტომი მოითხოვდა. უფრო რთულმა ტოტემურმა კულტებმა (რომლებიც თავს „უმაღლეს რელიგიებს“ უწოდებდნენ) გაითვალისწინეს ეს მომენტი და შექმნეს დოქტრინები მონანიების (ცოდვის გამოსყიდვის) შესახებ. ისინი საშუალებას აძლევდნენ ინდივიდს, რომ პერიოდულად მიეღოთ რიტუალური „მიტევება“ იმისთვის, რომ მან ტომის მორალის მიერ შექმნილი სრულყოფილი სექსუალური რობოტის სახეს გადაუხვია.

არ ვიცი, სასაცილოა თუ არა ეს, მაგრამ ცოდვების უმეტესობა, რომელთა მიტევებასაც მოშინაურებული პრიმატები თავიანთ მღვდლებს თხოვენ, იმას წარმოადგენს, რასაც კინსმა ასე ზუსტად უწოდა „ძუძუმწოვრის ნორმალური ქცევა“. (რა თქმა უნდა, ეს ეხება მხოლოდ სხვა ადამიანების სულელურ და ჩამორჩენილ რელიგიებს, და არავითარ შემთხვევაში არ ეხება იმ რელიგიის ამაღლებულ ჭეშმარიტებას, რომლის აღმსარებელიც ამ წიგნის პატივცემული მკითხველია).

დროთა-დაკავშირება (სიმბოლოების და ინსტრუმენტების თაობიდან თაობაზე გადაცემა) იწყება მესამე წრედში. თუმცაღა დროის მწვავე გაცნობიერება აქტიურდება მეოთხეში.

სოციო-სექსუალური წრედის ძირითადი ფუნქცია უმაღლეს პრიმატებში მდგომარეობს ზრდასრული პიროვნების - მშობლის ფორმირებაში*. [*ჰომოსექსუალობა (მსგავსად ცაციობისა) სავარაუდოდ მოცემულია გენეტიკურად გარვეული დამხმარე მიზნებისთვის. პირველყოფილ საზოგადოებებში ჰომოსექსუალებს (და ასევე ცაციებს) შამანური როლი ეკისრებათ. უფრო რთულ საზოგადოებებში მათ (და ასევე მოხუც ქალწულებს და ჰეტეროსექსუალურ მარტოხელებს) ენიჭებათ ინტელექტუალური ან არტისტული როლები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კულტურული სიგნალების გამოშვების, შეწყვეტის ან ტრანსფორმირების კვაზი-შამანურ ფუნქციებთან. ისინი, ვინც სექსუალურ გადახრებს „არაბუნებრივს“ უწოდებენ, ვერ აფასებენ ბუნების უნარს მრავალფეროვნებისა, მრავალმხრივობისა და ეკონომიისა. ლეონარდო და ვინჩის, ცაცია-ჰომოსექსუალის „მუტაცია“, აუცილებელი იყო, რათა შეეწყვიტა მომაკვდავი შუასაუკუნეების რეალობის გვირაბის სიგნალი და გადაეწყო ჩვენი აღქმა პოსტრენესანსული სამეცნიერო ჰუმანიზმის რეალობის გვირაბზე. ლეონარდოს წარმატებაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი ტილოები დღემდე წარმოადგენენ ნორმას იმისა, რასაც ჩვენ დღემდე ვუწოდებთ რეალიზმს, ანუ ადამიანთა უმეტესობა (ცაცია-ჰეტეროსექსუალების ჩათვლით) ცხოვრობენ სამეცნიერო-ჰუმანიტარულ „სივრცეში“, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ აღმოაჩინა.]

განსაზღვრების მიხედვით, მშობელი - ესაა ის, ვინც სახეობის ახალგაზრდა წარმომადგენლებზე ზრუნავს; მშობელში ასევე ჩადებულია მღელვარება ახალ თაობაზე. ადამიანებში, რომლებსაც სიმბოლიზების უნარი აქვთ, ეს ნიშნავს დაგეგმვას და იმედის ქონას. მისტიკოსების ენაზე ეს ნიშნავს „კარმის ბორბალზე მიჯაჭვას“; პირველ ნაბიჯად მეოთხე წრედის ამ მიჯაჭვულობისგან გასათავისუფლებლად მისტიკური ტრადიციების უმეტესობაში ითვლება უქორწინობის აღთქმა.

მეოთხე წრედი განლაგებულია მარცხენა ნახევარსფეროს ახალ ქერქში - მარცხენა ნახევარსფეროს ევოლუციურად ყველაზე ახალგაზრდა ნაწილში. იგი ნეიროლოგიურად დაკავშირებულია გენიტალიებთან და მკერდთან (სქესობრივი აქტის-ჩახუტებების-კოცნის-დაცვის წრედი).

ისინი, ვისაც მძიმე იმპრინტი აქვთ ამ წრედზე, ლამაზები არიან. ეს ნიშნავს, რომ მათმა სხეულმა მთლიანობაში იმდენად ბევრი სექსუალური ნეირო-იმპულსი მიიღო თავის ტვინისგან, რომ ისინი გამუდმებით ასხივებენ „მიმზიდველ“ სექსუალურ სიგნალებს, რომლებიც ჩვენს აღქმაში განსაზღვრავენ კიდეც ადამიოანის ფიზიკური „სილამაზის“ დონეს.

იმის მიხედვით, თუ რა მოვლენებმა გამოიწვიეს მსგავსი იმპრინტირება, მათ შეუძლიათ იყვნენ ცივი და პრაგმატული ექსპლუატატორები, ბოლომდე დათრგუნული პურიტანები ან ჰქონდეთ რაიმე სხვა უარყოფითი შტრიხები, მაგრამ ისინი ყოველთვის გამოიყურებიან, როგორც სექსისთვის-სიყვარულისთვის-დაცვისთვის იდეალური სუბიექტი.

როდესაც ერთხელ ფორმირდება, მორალი არა მხოლოდ გენეტიკური დრეიფისთვის წარმოადგენს წინააღმდეგობას, არამედ იგი ასევე წარმოადგენს მუხრუჭს მესამე წრედში განახლებებისთვის. შამანები, მღვდლები და ა.შ. განსაზღვრავენ, როგორი იდეებია „მორალური“, და როგორი - „ამორალური“. ნებისმიერი ნოვაცია - ყველაფერი, რასაც შეუძლია ტომის ციკლი დაარღვიოს, ანუ ამოგვაგდოს ციკლური მითიური „დროიდან“ ხაზობრივ, პროგრესულ, რევოლუციურ „დროში“, - ჩვეულებრივ ძალიან სწრაფად განისაზღვრება, როგორც „ამორალური“.

იმის თქმა, რომ რელიგიამ და ქურუმობამ კონსერვატული როლი ითამაშეს ისტორიაში, - ნიშნავდ, რომ არასაკმარისად დავაფასოთ ისინი. ეს იგივეა, რომ ვთქვათ: „შავმა ჭირმა რამდენიმე ადამიანი მოკლა“, ან „ჰიტლერი ცოტა უცნაური იყო“. რელიგიის ძირითადი როლი ყოველთვის რეაქციონერული იყო. ამაში მდგომარეობდა მისი ევოლუციური ფუნქცია, ტვინის წრედების დიალექტიკის შესაბამისად.

მესამე წრედი, თუკი მას არ შევაკავებთ, კოკაინისტის მონოლოგს გვაგონებს. თქვენ ვერაფერს იმახსოვრებთ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ეს ღრმა დეზორიენტაციაში აგდებს საშუალოსტატისტიკურ მოშინაურებულ პრიმატს, ამიტომ ტომის მორალისტები სტაბილურობას და სიმშვიდეს ინარჩუნებენ და მუხრუჭის როლს ასრულებენ.

საშუალოსტატისტიკური ადამიანი უფრო მეტად „გახსნილი“ და „ცნობისმოყვარეა“ ფილოსოფიური თვალსაზრისით ზრდასრულის ანუ მშობლის სექსუალური როლის მისაღებად. შთამომავლობის გაჩენის შემდეგ მას ნაკლები დრო რჩება და (იმ სანქციების ძალით, რომლებსაც ყოველი ტომი აწესებს „ერესზე“, ანუ ახალ იდეებზე) კიდევ უფრო ნაკლები მიდრეკილება მესამე წრედში აზროვნებისკენ.

ამგვარად, მესამე წრედი საშუალებას გვაძლევს, რომ ციკლური ტომობრივი დოიდან ხაზობრივ, პროგრესულ დროზე გადავიდეთ; მაგრამ მეოთხე წრედი უკან, ციკლში გვაბრუნებს.

ჰომოსექსუალები შესაძლოა არც წარმოადგენდნენ კოლტურული ნოვაციების ძირითად წყაროებს, როგორც ზოგიერთი მათი დამცველი ამბობს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ისინი მეტს აკეთებენ, ვიდრე ელოდათ. რატომ? იმიტომ, რომ მშობლის როლების ხაფანგში არ ხვდებიან.

ოთხი წრედი, რომელზეც აქამდე ვსაუბრობდით, კოდირებულია (ყოველი - ოთხი ვარიაციით) ტაროს „ფიგურულ კარტებში“.

მაგალითად, პენტაკლების რაინდი (qroulis "თოთის ტაროს" მიხედვით), რომელიც ოკულტურ შესაბამისობაში წარმოადგენს მიწა/მიწა-ს, წარმოადგენს სუფთა სახის პირველ წრედს. ესაა შეგრძნებები, ორალური მოთხოვნილებები, ვისცეროტონულობა. ტაროს წიგნების უმეტესობაში, როცა ამ კარტის ანალიზი ხდება, ალქიმიური, კაბალისტური და თეოსოფური ჟარგონების მიღმა სწორედ ამ ტიპის აღწერა იმალება. ჩვენ საქმე გვაქვს „დედიკოს ბიჭთან“ სუფთა, განუზავებელი სახით.

knighy

პენტაკლების დედოფალი, ანუ მიწა/წყალი, წარმოადგენს პირველი და მეორე წრედების თვისებების ნაზავს - „მგრძნობელობა-ვისცეროტონულობა-ორალობა“ პლუს „ემოციურობა-ეგოიზმი-პოლიტიკურობა“. მასთან ურთიერთობაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რათა რაიმე ისეთი არ წამოგცდეთ.

პენტაკლების პრინცი, ანუ მიწა/ჰაერი, - ესაა პირველი და მესამე წრედების სინთეზი: ორალური მოთხოვნები პლუს რაციონალური გათვლა. ტიპიური მაგალითი: ჭკვიანი და გაქნილი ადვოკატი.

პენტაკლების პრინცესა, ანუ მიწა/ცეცხლი, წარმოადგენს პირველი წრედის ორალურობის შეთანხმებას მეოთხე წრედის სექსუალობასთან. ექსჰიბიციონიზმის ეს სინთეზი ცეცხლოვან ეროტიკასთან იდეალურად შეესაბამება პორნოფილმების მსახიობს.

ყველა კარტში პენტაკლებით პირველი წრედი სხვებზე დომინირებს.

თასების დედოფალი, ანუ წყალი/წყალი, - ესაა ემოციები და ტერიტორიული მოთხოვნები. ნელსონ ელგრენი მას გულისხმობდა, როცა ამბობდა: „არასოდეს დაწვე ლოგინში ისეთ ქალთან, რომელსაც შენზე მეტი პრობლემა აქვს“.

თასების რაინდი, ანუ წყალი/მიწა, - ესაა ემოციები + გრძნობები. ნამდვილი მტაცებელი, მარადიორი, ქურდი, მოძალადე ან სოციოპათი.

თასების პრინცი, ანუ წყალი/ჰაერი, - ესაა ემოციები + გონება. ჰუმანისტი, ჰუმანიტარი, ლიბერალი; იდეალური უნიტარული მღვდელი.

თასების პრინცესა - წყალი/ცეცხლი: ეგოიზმის და სექსუალობის ფეთქებადსაშიში სინთეზი. სკარლეტ ო’ჰარა. საბედისწერო ქალი.

ხმლების პრინცი - ჰაერი/ჰაერი: სუფთა და განუზავებელი ინტელექტი. მისი ტერფები არასოდეს ეხება მიწას; იგი აბსტრაქციებს შორის დაფრინავს. ბერი-მეცნიერი.

ხმლების რაინდი - ჰაერი/მიწა: გონება და ორალური ექსჰიბიციონიზმი. მსახიობი, ორატორი, დემაგოგი, ზოგჯერ არტისტი.

ხმლების დედოფალი - ჰაერი/წყალი: გონება + ემოციები. მეცნიერებისა და ხელოვნების გენიოსები როგორც წესი ამ იმპრინტულ ჯგუფს განეკუთვნებიან.

ხმლების პრინცესა - ჰაერი/ცეცხლი: გონება და სექსუალობა. კარგი მშობელი; როგორც წესი პურიტანია, მაგრამ ზოგჯერ იბრძვის „სექსუალური თავისუფლებისთვის“. ნებისმიერ ამ შემთხვევაში მამოძრავებელი მოტივია სქესობრივი ლტოლვის გენეტიკური იმპერატივების დაქვემდებარება აბსტრაქტული გონებისადმი.

კვერთხების პრინცესა - ცეცხლი/ცეცხლი: მაქსიმალური სექსუალობა. ეს ტიპები ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის) უწესრიგო სექსუალური კავშირებით გამოირჩევიან; ზოგჯერ მთელ თავის სექსუალურ ენერგიას ერთ პარტნიორზე ღვრიან და ბევრ ბავშვს აჩენენ, რადგანაც მშობლობა მეოთხე წრედის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს; მაგალითად, იოჰან სებასტიან ბახს, რომელმაც, შესაძლოა ყველაზე სექსუალური მუსიკა შექმნა ისტორიაში, ოცი შვილი ჰყავდა.

კვერთხების რაინდი - ცეცხლი/მიწა: სექსუალობა და მგრძნობელობა. ფლეიბოი. რაიხის „ფალიური ნარცისისტი“.

კვერთხების პრინცი - ცეცხლი/ ჰაერი: სექსუალობა + გონება. ეს ტიპი ყველაზე ხშირად ჩათრეული ხდება ხოლმე ემპირიულ მისტიციზმში, რომელსაც ვერ იტანენ ადგილობრივი სულიერი ავტორიტეტები: ტანტრიზმი ინდოეთში, რაინდი-ტამპლიერები და გრძნეულები შუასაუკუნეების ევროპაში, ალისთერ ქროული და ვილჰელმ რაიხი ახლო წარსულში. (ქროული ამბობდა, რომ ეს კარტი მისი ჭეშმარიტი „მე“-ს პორტრეტს წარმოადგენს).

კვერთხების დედოფალი - ცეცხლი/წყალი: სექსუალობა და ემოციური პოლიტიკა. სისხლის სამართალში არცთუ იშვიათად ვხვდებით ასეთი ტიპის სახეებს.

ბრძენმა კაბალისტებმა, რომლებმაც ეს ილუსტრირებული სახელმძღვანელოები გააკეთეს ოთხი ძირითადი წრედისთვის, ისინი ასევე უმაღლესი ცნობიერებისკენ მიმავალი გასაღებით მოამარაგეს. მათი სწავლება ამბობდა, რომ ტრადიციული ალქიმიის ყოველ ელემენტს (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი) შეესაბამება ტაროს ერთი მასტი (პენტაკლები, თასები, ხმლები და კვერთხები) და ერთი ასო ღმერთის წმინდა გამოუთქმელი სახელიდან - იოდ-ჰე-ვაუ-ჰე. ეს შესაბამისობები შემდეგნაირად გამოიყურება (სქემებში წრედები მოხსენიებულია "წრედებად" - მთარგმნ. შენიშვნა):

8 5

ხატ-სახეების ამ სისტემის ლოგიკა სრულიად ცხადია არაცნობიერი გონებისთვის, ამიტომ, როგორც იუნგი აღნიშნავს „ფსიქოლოგია და ალქიმია“-ში, მსგავსი ასოციაციები ხშირად ჩნდება ჩვენს სიზმრებში.

კაბალას მიზანია - „აქციოს მიკროკოსმოსი მაკროკოსმოსის სარკედ“, ანუ აქციოს ადამიანური არსება „ღმერთის“ სრულყოფილ ხატად. ამაში იგულისხმება ოთხი „ალქიმიური“ ელემენტის გაერთიანება, რომელთა სიმბოლოებსაც წარმოადგენენ ასოები: იოდ, ჰე, ვაუ, ჰე. სხვა სიტყვებით, ოთხი წრედის წონასწორობაში მოყვანა.

იგივე იდეას ვხვდებით ბუდისტურ მანდალებში კუთხეებში ოთხი დემონით და ცენტრში წრით, რომელიც განასახიერებს გამოღვიძებას.

„დაქორწინებული“, „დედა“ („მამა“) - ესაა ინდივიდის არასამეცნიერო მახასიათებლები, მაგრამ მათ ყველა უშეცდომოდ და მაშინვე ცნობს. მათ კავშირი აქვთ დროის მწვავე აღქმასთან. მშობელი იძულებულია ღელავდეს იმაზე, თუ როგორ უზრუნველჰყოს ბიოგადარჩენითი ქაღალდები არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შთამომავლობისთვისაც, და ზოგადად მომავლისთვის.

ბიჰევიორისტები გვიყვებიან შესანიშნავ ისტორიებს რთულ ქცევით სქემებზე, რომელთა კონდიცირებაც საცდელ ცხოველებში შეგვიძლია. ისინი ამტკიცებენ, რომ სელექციური განმტკიცების გზით შესაძლებელია ისე გაწვრთნა ვირთხა, რომ ზარის ხმაზე ის კიბეზე აირბენს, A ღილაკს დააჭერს, შემდეგ დაეშვება მეორე კიბეზე, B ღილაკს დააჭერს, გამოვარდება უჯრიდან და ჯამთან გაშეშდება საჭმლის მოლოდინში.

ვინმეს რომ არ მოეჩვენოს, რომ ეს წიგნი უპირატესობის პოზიციითაა დაწერილი, ქვემოთ განხილული იქნება მსგავსი, თუნდაც უფრო რთული ქცევა, რომელსაც მისი ავტორი ოცი წლის მანძილზე მიჰყვებოდა. ყოველ საღამოს, დაძინების წინ, იგი მაღვიძარას აყენებდა. დილით მაღვიძარას ხმა აღვიძებდა, იგი სწრაფად საუზმობდა, სახლიდან გამოვარდებოდა ხოლმე, რომ ავტობუსისთვის მიესწრო, მეტრომდე მიდიოდა, შემდეგ ვაგონში ჯდებოდა, ფირმის შენობამდე მიდიოდა, გაირბენდა დერეფანს, შედიოდა ლიფტში, ადიოდა განსაზღვრულ სართულზე, შედიოდა ოფისში და რვა საათის განმავლობაში აკეთებდა მოსაწყენ (და მთლიანობაში უაზრო) სამუშაოს. მოცემული ქცევითი თანმიმდევრულობა ფორმირებული იყო, როგორც ბ.გ. სკინერი იტყოდა, განმტკიცების მეთოდით, რომელიც ყოველთვიურად ბიოგადარჩენითი ქაღალდის (ფულის) გაცემით მთავრდებოდა. ეს ქაღალდები აუცილებელი იყო ავტორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის გადასარჩენად.

ამ წიგნის მკითხველს ალბათ შეუძლია გაიხსენოს, თუნდაც არც ისე მკაფიოდ, ყოველი ამ წრედის იმპრინტირება და განპირობება.

ჩვენ ყველანი ვიწყებდით ჩვილობიდან, ერთგანზომილებიან სამყაროში, დედაზე ორალურად მიჯაჭვულები. რაც უფრო შორს მივცოცავდით მისგან, მით უფრო მეტი იყო ჩვენი ბიოგადარჩენითი შფოთვა, ამიტომ ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავით უკან. იმ პერიოდის საკვანძო იმპრინტული მოვლენები, შესაბამის განპირობებასთან ერთად, მკაცრად განსაზღვრავენ იმას, თუ რა დონეზე ვავლენთ დღეს:

მღელვარებას ან თავდაჯერებულობას.
გამყარებულობას ან კვლევებისადმი ლტოლვას.
დამოკიდებულობას ან დამოუკიდებლობას.

შემდეგ დნმ-მა გაგზავნა რნმ-ის მოლეკულები ჯირკვლებში, ენდოკრინულ სისტემაში და ა.შ., და მოხდა მუტაცია. ჩვენი მორფოლოგია - მთელი ჩვენი სხეული - შეიცვალა, და მასთან ერთად შეიცვალა ჩვენი „გონებაც“. ჩვენმა რეალობის გვირაბმა ამგვარად მოიპოვა მეორე განზომილება, როცა ფეხზე დავდექით და სახლის გარშემო დავიწყეთ სიარული, ასევე იმის გაგება, თუ ვიზე შეგვიძლია დომინირება, ვის შეუძლია ჩვენზე დომინირება, ვიზე შეგვიძლია დომინირება (ემოციურად შეშინება) ერთ მომენტებში და არ შეიძლება სხვა მომენტებში, და ა.შ. ამორფული ბიოგადარჩენითი ცნობიერებიდან ჩვენში განვითარდა ჯიუტი ინდივიდუალური ეგო. იმპრინტირების და განპირობების გზით ჩვენში განმტკიცდა ემოციურ-ტერიტორიული „პოლიტიკის“ განსაკუთრებული სტილი.

ამ ეტაპზე მომხდარი იმპრინტირება და განპირობება განსაზღვრავს ჩვენს შემდეგ თვისებებს:

დომინირება ან მორჩილება.
თავდაჯერებულება ან საკუთარი თავის რწმენის არქონა.
ძლიერი ეგო ან სუსტი ეგო.
მაღალი სტატუსი ჯოგში ან დაბალი სტატუსი ჯოგში.
ბრძალებების გაცემა ან ბრძანებების შესრულება.
„ბატონების მორალი“ ან „მონების მორალი“.

ჩვენში თანმიმდევრულად ხდება ამ რეფლექსებს შორის გადართვის უნარის განპირობება იმის მიხედვით, ჩვენს წინ მყოფი ადამიანის სტატუსი ჩვენზე მაღალია თუ დაბალი. (საშუალო კლასის წარმომადგენლები - რეიგანისტი-კონსერვატორები, ჯონ ბერჩის მიმდევრები და ა.შ. - ყოველთვის პატივს სცემენ მათ, ვინც იერარქიაში მათზე მაღლა დგას და ყოველთვის იპოვნიან მიზეზს მათი დევნისთვის, ან თუნდაც ჩანისკარტებისთვის, ვისი სტატუსიც დაბალია. ამგვარად, ისინი ყოველთვის ამტკიცებენ, და მართლაც სჯერათ, რომ ღარიბები მათ სოციალური პროგრამების მეშვეობით ქურდავენ, რომელზეც გადასახადების გადამხდელთა ფულის დაახლოებით 4% იხარჯება, - და ვერასოდეს „ამჩნევენ“, რომ სამხედრო საწარმოო კომპლექსს 72% ხვდება მათ მიერ გადახდილი ყოველი დოლარიდან. ეს ძუძუმწოვრების ნორმალური სოციობიოლოგიაა.)

მას შემდეგ, რაც მეორე წრედის რეალობის გვირაბი მკაცრად განმტკიცდება, ორგანიზმი კვლავაც განიცდის ცვლილებებს და მუტაციებს, გადადის ვერბალურ ეტაპზე, და შედეგად ხდება მესამე წრედის აზროვნების სტილის იმპრინტირება. ეს ნიშნავს, რომ გარდა პროტოპლაზმური ცნობიერებისა და ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი ეგოსი, ჩვენ ვიძენთ ადამიანურ გონებას, რომელიც იქმნება ადამიანური არტეფაქტებით და ენით, რომლებსაც ამავდროულა წარმოვქმნით კიდეც.

ველურ ბავშვებს, რომლებიც ადამიანთა საზოგადოებისგან (არტეფაქტებისგან და ენისგან) იზოლაციაში გაიზარდნენ, არ აქვთ „გონება“ იმ თვალსაზრისით, როგორც ჩვენ გვესმის ეს ცნება; აი, რატომ ვუწოდებთ მათ „ველურებს“.

იმპრინტული მოწყვლადობის სემანტიკურ ეტაპზე ჩვენ ვიძენთ:

მკაფიო მეტყველებას ან გაუგებარ მეტყველებას.
სისხარტეს ან მოუხერხებლობას.
„ცოცხალ გონებას“ ან „ჩლუნგ გონებას“ [როცა ჩვენ ვამბობთ „ჩლუნგი გონება“, სინამდვილეში ვფულისხმობთ „ჩლუნგ ენას“, საქმე იმაშია, რომ ადამიანური გონება - ესაა ვერბალიზებადი წრედი].

სქესობრივი სიმწივის მიღწევისას ირთვება დნმ-ის კიდევ ერთი ტრიგერი, და რნმ-ის მოლეკულები ახდენენ სხეული-ცნობიერების შემდგომ მორფოლოგიურ მუტაციას. ამ დროს ხდება „ზრდასრული პიროვნების“ იმპრინტირება და განპირობება. ჩვენ ვხდებით:

«მორალურები» ან «ამორალურები».
მორჩილი-რობოტები ან დაუმორჩილებელი-რობოტები.
წესიერი მოქალაქეები ან სექსუალური დევნილები.
„მშობლები“ ან ანარქისტები

ამ მორფოლოგიური ცვლილებების, ასევე მათ მიერ ტვინის იმპრინტულ წრედებზე მუდმივი ზეგავლენის არასაკმარისი გაგება - ესაა წარუმატებლობის უმეტესობის მიზეზი ურთიერთობებში, და არატოლერანტულობის საერთო გრძნობის, რომლის გამოც ხშირად შევდივართ ერთმანეთთან კონფლიქტში. რადგანაც იმპრინტები ყველასთვის მეტ-ნაკლებად განსხვავებულია, არავის შეუძლია, რომ ზუსტად შეესაბამებოდეს საშუალოსტატისტიკურს (ჯეიმს ჯოისი ანარქიზმს იმით ამართლებდა, რომ „სახელმწიფო კონცენტრულია, ინდივიდი კი - ექსცენტრული“), ზოგჯერ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც კვაკერი ანეკდოტში, რომელიც ცოლს ეუბნება: „შენს გარდა და ჩემს გარდა მთელი მსოფლიო შეიშალა, ზოგჯერ კი შენშიც მეპარება ეჭვი“.

რაიხიანელები, დოქტორ სპოკისა და სამერჰილის სკოლის მიმდევრები და სხვებიც მთელი ძალით ცდილობდნენ მიეპყროთ ჩვენი ყურადღება ბავშვების აღზრდის მრავალი ტრადიციული მეთოდის უხეშობაზე და სიჩლუნგეზე. ეს მეთოდები „უხეშები“ და „ჩლუნგები“ აღმოჩნდებიან, თუკი ზემოხსენებული ერეტიკოსებივით, აღზრდის მიზნად ჩავთვლით ნორმალური, გაწონასწორებული, შემოქმედებითი ადამიანის ფორმირებას. რეალურ სამყაროში ეს არასოდეს არ ყოფილა არცერთი საზოგადოების მიზანი. აღზრდის ტრადიციული მეთოდები სრულიად ლოგიკურია, პრაგმატულია და ჯანსაღია საზოგადოების ჭეშმარიტი მიზნისთვის, რომელიც იმაშ კი არ მდგომარეობს, რომ იდეალური პიროვნება შექმნას, არამედ იმაში, რომ შექმნას ნახევრად-რობოტი, რომელიც მაქსიმალურად კარგად მიბაძავს საზოგადოებრივ იდეალს - როგორც რაციონალურ, ასევე ირაციონალურ ასპექტებში, გადაიღებს რა როგორც საუკუნეთა სიბრძნეს, ასევე ადამიანის მიერ დაგროვებულ მთელ სისასტიკეს და სიბრიყვეს. მიზეზი ძალიან მარტივია: ბოლომდე ცნობიერი, გამოღვიძებული (ის, ვინც ტვინის გამორეცხვა თავიდან აიცილა) პიროვნება ვერ შეძლებს ზუსტად ჩაჯდეს ვერცერთ იმ როლში, რომელსაც საზოგადოება სთავაზობს; ტრადიციული ბავშვთა აღზრდის დამახინჯებული და რობოტული მეთოდების პროდუქტები კი მშვენივრად ეწერებიან ამ ნიშებში.

გამოდის, რომ არსებობს ალოგიკურის ნეიროსოციალური „ლოგიკა“. ხომ არ გაგონებენ თანამედროვე სკოლები მინი-ციხეებს? ხომ არ ახშოვენ ისინი წარმოსახვას? ხომ არ თრგუნავენ ისინი ბავშვს ფიზიკურად და მენტალურად, და ავლენენ თუ არა ღია ან ფარული ტერორიზმის სხვადასხვა ფორმებს? პასუხი რა თქმა უნდა ცალსახაა: კი; მაგრამ მსგავსი სკოლები აუცილებელია, რომ ასწავლონ ადამიანებს როლების შესრულება ოფისებში, ფაბრიკებში და სხვა რომელიმე ორგანიზაციებში, რომლებიც ასევე ძალიან გვაგონებენ მინი-საპყრობილეებს, ახშობენ წარმოსახვას, ახდენენ ფიზიკურ და მენტალურ ზეწოლას და დაფუძნებულნი არიან შიშზე (ბიოგადარჩენითი ქაღალდის - ფულის დაკარგვის საფრთხეზე).

„ნებადამრთველმა“ მოძრაობა პედაგოგიკაში მხოლოდ შეზღუდულად გავრცელდა, რადგანაც საზოგადოებას ყოველთვის სჭირდებოდა, და თვლის, რომ დღემდე სჭირდება რობოტები. განათლების უტოპიური სისტემა მხოლოდ მაშინ განაგრძობს განვითარდებას, როცა საზოგადოება განთავისუფლდება ავტორიტარულობის ბორკილებისგან. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ცვლილებების თანამედროვე ტემპი საზოგადოებაში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი სოციალური ევოლუციის პერიოდამდე მიგვიყვანს. მაშინ ჩვენ დაგვჭირდება ადამიანები, რომლებიც არ არიან რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნა, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩლუნგი მორჩილება, რომლებსაც შეუძლიათ ინიციატივის გამოვლენა, რომლებიც არ წარმოადგენენ ვიწროშუბლიან ფანატიკოსებს, რომლებიც წარმოადგენენ მკვლევარებს ამ სიტყვის ყველა მნიოშვნელობით.

აღზრდის ტრადიციული სისტემა ხარვეზებს მხოლოდ ახლა ამჟღავნებს, როცა საზოგადოება სწრაფი ცვლილებების და ყველა ტრადიციული ღირებულების ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ფაზაში შევიდა.

კომუნიკაციის ხარვეზები, როგორც წესი იმის გამო ხდება, რომ შეტყობინება არასწორი მისამართით იგზავნება. ასე, მაგალითად, თქვენს ქმარს პრობლემები ეგოსთან დაკავშირებით უჩნდება, თქვენ კი მის ტვინში აგზავნით შეტყობინებებს. მოვიყვანოთ ტრანსაქციული ანალიზის დიაგრამა, რომელიც ამ პროცესის ილუსტრირებას ახდენს.

8 6

(ფოტოზე: I - ბუნებრივი ბავშვი; II - ადაპტირებული ბავშვი; III - ზრდასრული ანუ კომპიუტერი; IV - მშობელი)

პირველი შეტყობინება მიმართულია პირველიდან მეოთხე წრედისკენ. ის ნიშნავს: „მე თავს სუსტად ვგრძნობ; დამეხმარე“. თუ პასუხი მესამე წრედიდან მესამე წრედთან მიდის - „კარგი, გავაანალიზოთ ეს პრობლემა“... - მაშინ ის არასწორ მისამართზე მიდის.

რა თქმა უნდა, ჩვენ განზრახ ავირჩიეთ არატიპიური, თუმცა შესაძლო მაგალითი. იგი არატიპიურია იმიტომ, რომ ქალებს ტრადიციულად ასწავლიან, რომ არ დაუშვან მსგავსი შეცდომა - და იყვნენ „ემოციურად მგრძნობიარენი“, იცოდნენ „მხარდაჭერის“ გამოვლენა და ა.შ.; სტატისტიკის თვალსაზრისით უფრო რეალურია საწინააღმდეგო შემთხვევა: ცოლი გზავნის სიგნალს: „დამეხმარე!“, ქმარი კი მის მესამე წრედს მიმართავს: „მოდი, გავაანალიზოთ პრობლემა...“

ჩვენ ვთქვით, რომ წრედების იმპრინტირება შემთხვევითობის მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავს (გენეტიკური პარამეტრების საზღვრებში). ნებისმიერი საზოგადოება, ამ თეორიის გაგების გარეშეც კი, იმპრინტულ პროცესებს საკმაოდ პრაგმატულად აღიქვამს, რათა მისი ყოველი წევრი მისთვის განსაზღვრული როლისთვის დააპროგრამოს. ამიტომ გოგონების ტრადიციული აღზრდა ყოველთვის განსხვავდებოდა ბიჭების ტრადიციული აღზრდისგან - ისე, რომ გამოემუშავებინათ ქალებისთვის მეორე წრედის მეტი „მგრძნობიარობა“. ფემინიზმი, ისევე როგორც ბავშვების აღზრდის თანამედროვე მეთოდები, მხოლოდ მაშინ გაჩნდა, როცა ჩვენ ევოლუციურად მზად ვიყუავით, ან თითქმის მზად ვიყავით ამისთვის. ტრადიციული სისტემა მხოლოდ ტრადიციული საზოგადოებებისთვის გამოდგებოდა.

ზუსტად ასევე კლასობრივი სტრუქტურა, ისევე, როგორც ჭიანჭველების კასტობრივი სტრუქტურა, აწარმოებს ყოველი კლასისთვის „სწორ“ იმპრინტებს. მსახურების კლასის, ანუ პროლეტარიატის მესამე წრედი ძირითადად იმპრინტირდება მანუალური მოქნილობისთვის, მაშინ, როცა იგივე წრედი საშუალო ან მმართველ კლასებში იმპრინტირდება ვერბალური, მათემატიკური ან სხვა უნარებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სიმბოლოების გამოყენებასთან.

დემოკრატია არ იყო წარმატებული - და ინტელექტუალების ცინიზმი დემოკრატიის მიმართ გამართლებულია - იმ თვალსაზრისით, რომ ტრადიციულ საზოგადოებას არ სჭირდებოდა, არ იცოდა გამოყენება და ყველანაირად ამუხრუჭებდა მაღალი ვერბალური („რაციონალური“) უნარების განვითარებას მოსახლეობის უმეტეს ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ხელს არ უწყობს ინტელექტის განვითარებას ადამიანების უმეტესობაში, არამედ პირიქით, მკაცრად ახდენს მათი შედარებითი სიჩლუნგის პროგრამირებას, რაც აუცილებელია მათი მაქსიმალური შესაბამისობისთვის საქმიანობის მეტად ტრადიციულ სახეებთან.

მათი ბიოგადარჩენის წრედი ისევე მუშაობს, როგორც ცხოველების უმეტესობაში, მათი ემოციურ-ტერიტორიული წრედი პრიმატების ტიპიურ წრედს წარმოადგენს, გარდა ამისა, მათ გააჩნიათ ცოტა მესამე წრედის „ჭკუაც“, რომელიც აუცილებელია ვერბალიზაციისთვის (რაციონალიზაციისთვის). ბუნებრივია, ისინი ჩვეულებრივ ხმას აძლევენ რომელიმე შარლატანს, რომელიც ახერხებს მათი პრიმიტიული ბიოგადარჩენითი შიშების და ტერიტორიული („პატრიოტული“) ბრძოლის სურვილის გააქტურებას. ინტელექტუალი, ხედავს რა ამ სევდიან შედეგებს, მაინც აგრძელებს „დემოკრატიისადმი“ ბრმა რწმენას, მსგავსად კათოლიკების, კომუნისტებისა და გველთ-თაყვანისმცემლების რწმენისა.

ტრადიციული სისტემა ტრადიციულ საზოგადოებაში მუშაობს. ადამიანების მასა, რომლებიც ინტერესდებიან იმით, თუ რატომ გადავიდა ბეთჰოვენი მეცხრე სიმფონიის შემდეგ სიმებიან კვარტეტებზე, მართლა დამაჯერებლად უკუაგდო თუ არა კანტმა იუმი და როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული კვანტური თეორიის ბოლო მიღწევები დეტერმინიზმთან და ნების თავისუფლებასთან, - ეს ის მასა არაა, რომელიც ადვილია აიძულო მოსაწყენი და დამაჩლუნგებელი ყოველდღიური საქმეების კეთება.

რატომ წააგო ედლაი სტივენსონმა აიკ ეიზენჰაუერთან, ჯორჯ მაკგოვერნთან - „მოხერხებულ დიკ“ ნიქსონთან“ და ა.შ.? ეს იგივე არასწორი მისამართის თემაა. სტივენსონი, მაკჰოვერნი და ინტელიგენციის სხვა ფავორიტები მესამე წრედს მიმართავდნენ, რომელიც პრიმატების უმეტესობას ჯერ არ აქვთ საკმარისად განვითარებული. ეიზენჰაუერმა მისი მამობრივი მანერით და ნიქსონმა „უფროსი ძმის“ მიმწოლობით იცოდნენ, როგორ დაეჭირათ სწორ ემოციურ-ტერიტორიულ ღილაკებზე, რათა თან პრიმატების დიდი ბრბო გაეყოლებინათ. თუკი ეტოლოგიური ცნებებით ვიტყვით, ისინი გენეტიკურად დაპროგრამებული ალფა-მამრები იყვნენ.

მსგავსად ამისა, მორალისტს (ანუ ზრდასრულ პიროვნებას, რომელშიც მეოთხე წრედშია იმპრინტირებული მძიმე ეთიკური იმპერატივები) ძალიან ხშირად არ შეუზლია მეცნიერთან ან ტექნიკოსთან ურთიერთობა. მორალისტმა შეიძლება ისიც კი გადაწყვიტოს - ბევრი უკვე ასეც მოიქცა, - რომ მეცნიერი თავისთავად უბრალოდ „არაადამიანურია“. სინამდვილეში კი მორალი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს მესამე წრედის ანალიტიკური მიდგომისთვის, რაც ტვინის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საშუალოსტატისტიკური მეცნიერისთვის. მესამე წრედისთვის ერთადერთ ღირებულ მორალს წარმოადგენს სიზუსტე, ერთადერთ ამორალურობას კი - მოუწესრიგებელი აზროვნება.

„სოციალური გაცნობიერებულობის“ ზრდა მეცნიერებს შორის მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეს ევოლუციურად აუცილებელია, მაგალითად ჰიროსიმას შემდეგ. იგივე შეიძლება ვთქვათ (თუ რა თქმა უნდა არ ვცდები) განათლების და აღზრდის სისტემების მოდერნიზაციაზე და ფემინიზმზე, რასიზმზე და ა.შ. წარსულის ყველა სისულელის წინააღმდეგ ბუნტი ძალას იკრებს, მაგრამ საბოლოო დასასრულს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუკი ისეთი საზოგადოების შექმნას შევძლებთ, რომელშიც ყოველ ადამიანში ყველა წრედის ფუნქცია იქნება მოთხოვნადი. ამ მიზნისკენ მზადრი სიჩქარით მივისწრაფვით.

მოუთმენელ რადიკალს ავიწყდება, რომ პრიმატთა ტრადიციული საზოგადოების ბევრი „უსამართლობა“ საერთოდ არ ითვლებოდა ასეთად (საუკეთესო გონებებზეც რომ ვილაპარაკოთ) ჯერ კიდევ 1000, 100 ან ორგანიზებული სექსიზმის შემთხვევაში 30 წლის წინაც. ის, რომ უსამართლობას და აბსურდს ვხედავთ მრავალ საუკუნოვან ტრადიციებში და წესებში, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ თანდათანობით ვთავისუფლდებით უგუნური ავტორიტარიზმისგან, და ეს განთავისუფლება ევოლუციის ზუსტად იმ წერტილში ხდება, რომელშიც საჭიროა, რომ უფრო გონიერნი და მგრძნობიარენი გავხდეთ ყველა წრედში.

ყოველ ჩვენგანს აქვს „საყვარელი“ წრედი - ის, რომელიც სხვა წრედებზე ძლიერ იმპრინტირებულია. ერთმანეთის ვერ-გაგება მნიშვნელოვნად ძლიერდება იმ ფაქტით, რომ ცოტასთვისაა ცნობილი წრედების ეს სისტემა, ამიტომ ჩვენ ყველანი მიდრეკილნი ვართ ვივარაუდოთ, რომ ადამიანი, რომლის წინაც ვდგავართ, ჩვენივე წრედში იმყოფება.

ამრიგად, ყოველ სოციალურ ჯგუფში არსებობენ პირველი წრედის ნარცისული (ორალური) ტიპები. დასვით მათ წინაშე პრობლემა, და ისინი მაშინვე დაიწყებენ მოძებნას, რომ ვინმეზე გადაიტანონ ეს პრობლემა, რადგან ორალური ეტაპი რობოტულადაა იმპრინტირებული დამოკიდებულობაზე. (ან თუ მათში დამოკიდებული სისუსტის ნაცვლად იმპრინტირებულის მტრული სისუსტე, ისინი გამოავლენენ სიბრაზეს - ბავშვური სიბრაზის ამოხეთქვას, - იმის წუხილში, რომ მოცემული პრობლემა არსებობს და სწორედ მათ უწევთ მისი გადაჭრა.)

მეორე წრედის ტიპები იგივე სიტუაციაში ეცდებიან თავიდან მოიშორონ გაჩენილი პრობლემა, და ამ დროს მუქარის შემცველ გაბერვას და ღრენას დაიწყებენ, როგორც ამას ძუძუმწოვრები აკეთებენ.

მესამე წრედის ტიპები ეცდებიან, რომ პრობლემას ანალიტიკურად მიუდგნენ. ეს საუკეთესო მიდგომაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა რაციონალურია, მაგალითად, „როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაშ ეს მექანიზმი?“ იგივე მიდგომა შეიძლება ბრმა და უსარგებლო აღმოჩნდეს, როცა „პრობლემა“ აღმოჩნდება სხვა ადამიანი, რომელიც მეორე წრედის ერთ-ერთი დამანგრეველი და ავი პროგრამის შესაბამისად მოქმედებს.

(ვიღაცამ ერთხელ თქვა: „ლიბერალი - ესაა ის, ვინც ოთახიდან გამოდის, როცა იქ ჩხუბი იწყება“. მესამე წრედის ტიპები იკარგებიან და თავს უძლურად გრძნობენ, როცა თამაშში მეორე წრედის ცხოველური პოლიტიკა შემოდის.)

მეოთხე წრედის ტიპი ეცდება, რომ იყოს რაციონალური (მესამე წრედი) და ამავდროულად პრობლემების ემოციური ზომები შეაფასოს (მეორე წრედი). როგორც წესი, ის ცდილობს, რომ მორალური გადაწყვეტა მოახვიოს თავს: „ასე იქნება წესიერი და სამართლიანი“... ეს შეიძლება მოეწონოს, ან არ მოეწონოს მესამე წრედის რაციონალისტს, რომელიც ობიექტურ სამართლიანობას ეძებს; იმ ტიპს, რომელშიც ბოლომდე დომინირებს ემოციურობა და ტერიტორიულობა (მეორე წრედი), როგორც წესი ეს საერთოდ არ მოწონს ხოლმე.

ის, რაც სამართლიანია ჯგუფისთვის, სამართლიანია ინდივიდისთვისაც. ვცდილობთ რა დავინახოთ სხვებში იმ წრედის სიჭარბე, რომელიც ჩვენთვის „საყვარელია“, ხშირად განვიცდით შოკს და სტრესს, რომლებმაც შეიძლება სხვა წრედში გადახტომა გვაიძულონ.

ყველაზე რობოტიზებული რაციონალისტიც კი ბოლოს და ბოლოს პირველ წრედამდე დაეშვება, თუკი მას ცნობიერების ეკრანზე საკმაოდ ძალადობრივად წარმოუდგება ბიოგადარჩენის საფრთხე. თუკი საშუალებას არ მისცემთ მას, რომ „დატოვოს ოთახი, როცა ჩხუბი იწყება“, მაშინ საკმარისი ზეწოლის შემთხვევაში იგი მეორე წრედის ცხოველურ ყიჟინამდე და ყეფამდეც კი დაეცემა. (ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა ამას „კამათის ჰიდროსტატიკული პრინციპი“ უწოდა, რომლის მიხედვითაც სულელები ყველას ქვემოთ, თავიანთ დონეზე ქაჩავენ.)

ყველაზე რობოტიზებული ემოციონალისტი შეიძლება დროებით მესამე წრედზე ავიდეს, თუკი პრობლემა ემოციური წნეხით ან დათრგუნვით გადალახვის ვერანაირ ფორმას ვერ ექვემდებარება.

ჩვენ ყველანი, ბოლოს (იმიტაციის დონეზე - პატარა ბავშვებიც კი) გადავდივართ მეოთხე წრედის მშობლის, ანუ სუპერ-ეგოს როლზე, თუკი საჭირო შედეგის მისაღებად ერთადერთი გზა ტომის მორალისთვის გაჟღერება იქნება: „უბრალოდ სიმდაბლე იქნებოდა ბაბუას ნების წინააღმდეგ წასვლა...“

„მოგვეცით ბავშვი, რომელსაც ხუთი წელი არ შესრულებია, და იგი მთელი ცხოვრება ჩვენი გახდება“, - ტრაბახობდა XVIII საუკუნის ერთი იეზუიტი. იმ დროის იეზუიტების ორდენმა, ოლდოს ჰაქსლის სარდონული შენიშვნით, განათლება მისცა ვოლტერს, დიდროს და მარკიზ დე სადს; ცხადია, რომ ტვინის გამორეცხვის მათეული ტექნიკა არც ისე სრულყოფილი იყო. მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობა საზოგადოებათა უმეტესობაში წინა თაობათა აბსოლუტურად ზუსტ ასლებად იზრდებიან. იეზუიტებად აღზრდილი ბავშვების უმეტესობა მაინც კათოლიკედ დარჩა. დემოკრატების შვილების უმეტესობა მაინც არ ხდება რესპუბლიკელი. და ა.შ.

თუკი მხედველობაში მივიღებთ ყოველი ადამიანისთვის მისაწვდომი ფილოსოფიების ფართო სპექტრს - ნუდიზმი და ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი და გველთ-თაყვანისმცემლობა, კომუნიზმი და ვეგეტარიანელობა, სუბიექტური იდეალიზმი და ეგზისტენციალიზმი, მეთოდიზმი და სინტოიზმი, და ა.შ., - ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმეტესობა მათი მშობლების რეალობის გვირაბში რჩება, მეტყველებს იმაზე, რომ კულტურიზაციის პროცესი - ესაა ცნობიერებაზე კონტროლის პროცესი. ჩვენ ყველანი პიგმეების მიერ აღზრდილი გიგანტები ვართ, რომლებმაც აზრობრივად მოკუნტული ცხოვრება ვისწავლეთ. როგორ შეიძლება მთელ სიმაღლეში, მთელი ძალით გავმართოთ ჩვენი ტვინი - აი, რაზეა ეს წიგნი.

არის ერთი ძენური ისტორია (ძალიან სასაცილო, ჰა-ჰა) ბერზე, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობდა „გასხივოსნების“ (ტვინის ცვლილების) მიღწევას ტრადიციული ძენის მეთოდებით, რის შემდეგაც მასწავლებლისგან მიიღო მითითება, რომ მხოლოდ ხარზე ეფიქრა. დღიდან დღემდე იგი მხოლოდ ხარზე ფიქრობდა, წარმოიდგენდა ხარს, მედიტირებდა ხარის ხატ-სახეზე. ბოლოს ერთხელ მასწავლებელი მის კელიაში მივიდა და უთხრა: „გამოდი, მინდა გელაპარაკო“.

„არ შემიძლია გამოსვლა, - უპასუხა ბერმა, - ჩემი რქები კარში არ გამოეტევა“.

ამის თქმისთანავე ბერმა „გასხივოსნებას“ მიაღწია. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა, ზუსტად რას ნიშნავს ეს სიტყვა. ცხადია, რომ ბერის ტვინმა გარკვეული ცვლილება განიცადა. მან განავითარა საკუთარ თავში ილუზია, რომ ხარია, და როცა ამ ჰიპნოტური მდგომარეობიდან გამოიღვიძა, ცხადად დაინახა ყველა დანარჩენი ილუზიის და მათთან დაკავშირებული ჩვენი ავტომატიზმის მიზეზები.

სავარჯიშოები

1. მკაფიოდ აღიდგინეთ ცნობიერებაში თქვენი პირველი ორგაზმი. რა დონეზე იყენებთ დღემდე იგივე მეთოდებს (სტიმულებს) აგზნების მისაღწევად?

2. სცადეთ, შეცვალოთ თქვენი სექსუალური იმპრინტი. შეამოწმებთ, მოახერხებთ თუ არა ორგაზმის მიღწევას რაიმე სხვა მეთოდით, რომელიც აქამდე თქვენთვის აკრძალული ან წარმოუდგენელი იყო?

3. წარმოიდგინეთ, რომ ქრისტიანი მღვდელი ხართ. აუხსენით წარმოსახვით ჰომოსექსუალს, რატომაა მისი სექსუალური იმპრინტი „ცოდვა“ და რატომ უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ. მოუყვანეთ ინსტრუქციები, როგორ უნდა გააკეთოს ეს.

4. წარმოიდგინეთ, რომ ჰომოსექსუალი ან ლესბოსელი ხართ. აუხსენით ქრისტიან მღვდელს, რატომ არ შეგიძლიათ მის სასარგებლოდ შეიცვალოთ თქვენი სექსუალური იმპრინტი.

5. წაიკითხეთ მარგარეტ მიდის წიგნი - „სექსი და ტემპერამენტი სამ პირველყოფილ საზოგადოებაში“. შემდეგ ჩამოწერეთ ხუთ გვერდზე იმის მტკიცებულებები, რომ ტაბუებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში მოქმედებს, ობიექტურად გააჩნიათ უფრო მეტი აზრი, ვიდრე ტაბუებს, რომლებიც ამ წიგნში მოხსენიებულ ტომებში გვხვდება. მოეკიდეთ ამას სერიოზულად!

6. დააყენეთ საკუთარი თავი სამოას მცხოვრებლების ადგილზე მიდის წიგნიდან. ხუთ გვერდზე ეცადეთ დაამტკიცოთ, რომ მათ ტაბუებს უფრო დიდი აზრი აქვთ, ვიდრე ჩვენი საზოგადოების ტაბუებს. მოეკიდეთ ამას სერიოზულად.

7. გადაიკითხეთ პარაგრაფები ჟირაფზე და ბატზე. რას გეუბნებიან ისინი თქვენი სექსუალური იმპრინტის შესახებ? რა ასრულებს თქვენთვის ჯიპის და პინგ-პონგის ბურთის როლს?