joe cover mini

ავტორი: ჯო დისპენზა

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ტვინი გარე სამყაროში და ჩვენს გონებაში მომხდარ მოვლენებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს. ეს თავისუფლებას გვანიჭებს, ჩვენი ცხოვრება ჩვენი სურვილისამებრ შევქმნათ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ და შეგვეძლოს სწორი ინსტრუმენტების გამოყენება.

ამ ინსტრუმენტებს ტვინის და უნარების განვითარების შესახებ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის, ქიროპრაქტიკის და ნეიროფიზიოლოგიის დოქტორის, ჟურნალის „Explore!“ სამეცნიერო კონსულტანტის და პროექტის „კურდღლის სორო“ მონაწილის ჯო დისპენზას ახალ წიგნში იპოვით.

ავტორის შესახებ

ჯო დისპენზა, ქიროპრაქტიკის დოქტორი, ბიოქიმიას რატგერის უნივერსიტეტში სწავლობდა; მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი აქვს ნეიროფიზიოლოგიაში და ატლანტაში (ჯორჯია) უნივერსიტეტის Life ქიროპრაქტიკის ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა.

დოქტორი ჯოს ინტერესებს სამეცნიერო სფეროში ნევროლოგია, ტვინის ბიოქიმია, უჯრედული ბიოლოგია, მეხსიერების ჩამოყალიბება, დაბერების პროცესი და სიცოცხლის გახანგრძლივება წარმოადგენს. ის ქიროპრაქტიკოსების ამერიკული ასოციაციის საპატიო წევრია და უნივერსიტეტის Life მიერ შედგენილი უმაღლესი კლინიკური კვალიფიკაციის (ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის სფეროში) პროფესიონალთა სიაში ფიგურირებს. ამას გარდა, ის ქიროპრაქტიკოსების საერთაშორისო საზოგადოების „პი ტაუ დელტა“ წევრიცაა.

დოქტორმა ჯომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ხუთი კონტინენტის 24 ქვეყანაში ათასობით ადამიანისთვის ლექციები ჩაატარა. თავის ლექციებში ის ადამიანის ტვინის ფუნქციებისა და შესაძლებლობების და მეცნიერულად დასაბუთებული ნეიროფიზიოლოგიური მეთოდებით აზროვნების გადაპროგრამების შესახებ ყვება. თვითდამანგრეველი ჩვევებისგან გათავისუფლებით მისმა ბევრმა მსმენელმა უკვე შეძლო საკუთარი მიზნების მიღწევა და ოცნებების განხორციელება. მისი უბრალო და ამავდროულად ეფექტური მიდგომა ადამიანის ჭეშმარიტ პოტენციალსა და უახლეს მეცნიერულ თეორიებს, ნეიროპლასტიურობის ჩათვლით, ერთმანეთისკენ გზას უკვალავს. დოქტორი ჯო გვიხსნის, რომ აზრების და წარმოდგენების შეცვლით ჩვენ პირდაპირი გაგებით გადავაპროგრამებთ ტვინს. მისი მოღვაწეობა ეფუძნება ურყევ რწმენას, რომ ჭეშმარიტი დიდების მიღწევისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს აბსოლუტურად ყველა ადამიანი ფლობს.

თავის პირველ წიგნში „განავითარეთ თქვენი ტვინი: მეცნიერული მიდგომა აზროვნების შეცვლისთვის“ დოქტორი ჯო აზროვნების (ცნობიერების) ტვინთან და სხეულთან ურთიერთკავშირისა და „ცვლილების ბიოლოგიის“ შესახებ გვიყვება. სხვა სიტყვებით, როდესაც სხვაგვარად აზროვნებას ვიწყებთ, ცვლილებები თავად ტვინის სტრუქტურაში აისახება.

დოქტორი დისპენზას კალამს გონების და სხეულის ურთიერთკავშირის შესახებ რამდენიმე სამეცნიერო სტატია ეკუთვნის. ის გვიხსნის, როგორ ზემოქმედებს ორგანიზმზე ტვინის ბიოქიმიური და ნეიროფიზიოლოგიური აქტივობა. წიგნის „განავითარეთ თქვენი ტვინი“ ახლახანს გამოშვებულ ვიდეოვერსიაში დოქტორი ჯო იკვლევს აზრის ძალით რეალობაზე ზემოქმედების სხვადასხვა გზებს. ამას გარდა, მან მოამზადა შემეცნებითი და შთამაგონებელი აუდიოწიგნების სერია და შეეცადა ამ თემაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე ეპასუხა.

გარდა ამისა, დოქტორი ჯო სპონტანური რემისიის თემაზეც მუშაობს. ე.წ. „სასწაულებრივი განკურნების“ ბევრი შემთხვევის გაანალიზების შედეგად მან გამოავლინა, რომ ყველა ამ ადამიანმა ტვინის შესაცვლელად კოლოსალური შინაგანი მუშაობა გასწია, რაც გახდა კიდეც გამოჯანმრთელების მიზეზი.

დოქტორმა ჯომ დაჯილდოვებულ სამეცნიერო-პოპულარულ ფილმში „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ“ მოწვეული ექსპერტის როლი შეასრულა და სარეჟისორო ვერსიის თეატრალურ დადგმებში რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მისი ხილვა შესაძლებელია ფილმის „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ?!“ გაფართოებულ კვანტურ გამოცემაში და ახალ დოკუმენტურ დრამაში „ადამიანები ილუზიების წინააღმდეგ“. ამ ყველაფრის გარდა დოქტორი ჯო ჟურნალის „Explore!“ სამეცნიერო კონსულტანტია.

ლექციებისა და მწერლობისგან თავისუფალ დროს დოქტორი დისპენზა ვაშინგტონის შტატში, ოლიმპიასთან ახლოს საკუთარ კლინიკაში ქიროპრაქტიკითაა დაკავებული.

www.drjoedispenza.com

გამოხმაურებები წიგნზე „ქვეცნობიერის ძალა, ანუ როგორ შევცვალოთ ცხოვრება ოთხ კვირაში“

დოქტორ ჯო დისპენზას ამოცანაა - ნეგატიური წარმოდგენებისგან გათავისუფლების და პოზიტიურით ჩანაცვლების ძალა მოგანიჭოთ. მისი ჭკვიანი, შინაარსიანი და პრაქტიკული მასალით გაჯერებული წიგნი თქვენი საუკეთესო და თავისუფალი მე-ს მიღწევაში დაგეხმარებათ, რათა, როგორც დოქტორი ჯო წერს, „საკუთარი ბედისკენ ნაბიჯის გადადგმა“ შეძლოთ.

ჯუდიტ ორლოფი, მედიცინის დოქტორი, წიგნის „ემოციური თავისუფლება“ ავტორი

წიგნში „ქვეცნობიერის ძალა“ დოქტორი ჯო დისპენზა რეალობის ენერგეტიკულ ასპექტებს სამეცნიერო კუთხით იკვლევს და მკითხველს აძლევს ყველაფერს, რაც ცხოვრებაში სერიოზული დადებითი ცვლილებების განსახორციელებლადაა აუცილებელი. ყოველი ადამიანი, ვინც წიგნს წაიკითხავს და მის შინაარსს პრაქტიკაში გამოიყენებს, დახარჯულ ძალისხმევას არ ინანებს. უახლესი სამეცნიერო ცოდნა ნათლად და უბრალოდაა გადმოცემული, რაც წიგნს მოსახერხებელ და გასაგებ სახელმძღვანელოდ აქცევს მდგრადი შინაგანი ცვლილებების მიღწევის საქმეში.

როლინ მაკკრეიტი, ფილოსოფიის დოქტორი, კვლევითი ცენტრის „გულის მათემატიკა“ სამეცნიერო დირექტორი

დოქტორ დისპენზას მენტალური და ემოციური სქემების შეცვლის სახალისო და გასაგებ სახელმძღვანელოში მარტივი, მაგრამ ძლიერი გზავნილია მოცემული: როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, განსაზღვრავს ის, თუ რას ვფიქრობთ დღეს.

ლინ მაკტეგარტი, ბესტსელერების „ველის თეორია“, „გამოცდილება განზრახვით“ და „კავშირი“ ავტორი

როგორც გამოცდილ ფსიქოლოგს, წლობით მიფიქრია მსგავს საკითხებზე და უნდა ვაღიარო, რომ როგორც ჩანს, დოქტორი ჯოს წიგნს ფსიქოლოგიის სფეროში ზოგიერთი მყარი კონცეფციის ამობრუნება ძალუძს. ნეირომეცნიერების მონაცემებით გამყარებული მისი დასკვნები ადამიანისა და მისი შესაძლებლობების საზღვრების შესახებ ჩვენს წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს. ეს ბრწყინვალე და შთამაგონებელი წიგნია.

დოქტორი ალან ბოტკინი, კლინიკური ფსიქოლოგი, წიგნის „მიღმა სამყაროსთან მიმართული კომუნიკაცია“ ავტორი

ჩვენ პიროვნული განვითარების ახალი უპრეცედენტო შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც ნეირომეცნიერების ბოლო მიღწევებისა და უძველესი მედიტაციური პრაქტიკების ნაყოფიერი კავშირის შედეგად წარმოიქმნა. დოქტორი ჯო დისპენზა თავის ახალ წიგნში ავტორიტეტულად და ამავდროულად გასაგებად ხსნის ტვინის და სხეულის მუშაობის პრინციპებს და შემდეგ მათ პრაქტიკაში იყენებს, პიროვნების ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ოთხკვირიან პროგრამას გვთავაზობს. მკითხველი იგებს, მედიტაციების გარკვეული თანმიმდევრობის დახმარებით როგორაა შესაძლებელი ნეირონთა ქსელის სტრუქტურის გააზრებული შეცვლა და საკუთარი ტვინის სიხარულისა და შემოქმედებისკენ მიმართვა.

დოუსონ ჩერჩი, ფილოსოფიის დოქტორი, ბესტსელერის „გენიოსი თქვენს გენებში“ ავტორი

დოქტორმა ჯო დისპენზამ ღვთიური შესაქმის განსაკუთრებული სახელმძღვანელო გვაჩუქა! ტვინის შესახებ მეცნიერების პრაქტიკულად გამოყენებით ის გვიხსნის, როგორ გავთავისუფლდეთ ემოციების ტყვეობიდან, ცხოვრება ჯანმრთელობით, ბედნიერებით და სიუხვით ავავსოთ და ბოლოს და ბოლოს დავინახოთ, როგორ იძენს ჩვენი ოცნების სამყარო რეალურ სახეს. ამ წიგნს უკვე დიდი ხანია ველოდი!

ალბერტო ვილოლდო, ფილოსოფიის დოქტორი, წიგნების „როგორ ავამაღლოთ ტვინის პროდუქტიულობა“ და „შამანი, მკურნალი, ბრძენი“ ავტორი

დანიელ ჯ. ამენის წინასიტყვაობა

არცერთი ჩვენი მოქმედება ტვინის მონაწილეობის გარეშე არ ხდება. ეს ორგანო ჩვენს აზრებს, გრძნობებს, საქციელს და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარს განაპირობებს. პიროვნება და ხასიათი, ინტელექტი და გადაწყვეტილების მიღების უნარი - მათ უკან ტვინი დგას. ნეიროვიზუალიზაციის სფეროში მთელი მსოფლიოდან ათეულ ათასობით პაციენტთან ოცწლიანი მუშაობის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მათ, ვისი ტვინიც სწორად ფუნქციონირებს, ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვთ; თუკი ტვინის მუშაობაში დარღვევებია, ცხოვრებისეული პრობლემების ალბათობა დიდია.

რაც უფრო ჯანსაღია ტვინი, მით მეტად არის ადამიანი ბედნიერი, ბრძენი, მდიდარი და ფიზიკურად ძლიერი. ჯანსაღი ტვინის მქონე ადამიანები უფრო ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ, რისი წყალობითაც წარმატებულები ხდებიან და მეტს ცოცხლობენ. თუკი ტვინს რაიმე მიზეზით ნორმალური მუშაობა არ შეუძლია, ადამიანს ჯანმრთელობის და ფინანსური პრობლემები ეწყება, ინტელექტი უქვეითდება, ცხოვრების დონე იკლებს, წარმატებულობა ეცემა.

ტვინის ტრავმების დამღუპველი ზემოქმედება ეჭვს არ იწვევს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის დაზიანება ასევე ნეგატიურ აზრებსა და წარსულის დესტრუქციულ პროგრამებს შეუძლიათ.

მაგალითად, უფროს ძმასთან ერთად ვიზრდებოდი, რომელიც ყოველთვის მჩაგრავდა. მუდმივი დაძაბულობისა და შიშისგან შფოთვის აზრობრივი პატერნები ჩამომიყალიბდა და შფოთვის დონე ამეწია: მუდამ დადარაჯებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, საფრთხე როდის მელოდა. ამ შიშმა ტვინის შიშის ცენტრი ზედმეტად გაააქტიურა, რაც მრავალ წელს გაგრძელდა - სანამ ეს პრობლემა არ გადავლახე.

თავის ახალ წიგნში „ქვეცნობიერის ძალა“ ჩემი კოლეგა დოქტორი ჯო დისპენზა ყვება, როგორ შევძლოთ მივაღწიოთ ჩვენი ბიოლოგიური კომპიუტერის „აღჭურვილობის“ და „პროგრამული უზრუნველყოფის“ ოპტიმიზებას და გონების ახალ მდგომარეობას. წიგნი მყარ სამეცნიერო ფუნდამენტს ეფუძნება და მასში იგივე სიკეთე და სიბრძნეა აღბეჭდილი, რაც ჯო დისპენზას დაჯილდოებულ ფილმში „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ?!“ (ამავე დასახელების წიგნი გამომცემლობამ „ექსმო“ 2011 წელს გამოსცა) და მის პირველ წიგნში „განავითარეთ თქვენი ტვინი“.

ტვინს მართლაც ვამსგავსებ კომპიუტერს აღჭურვილობით (ტვინის ცხოველქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმები) და პროგრამული უზრუნველყოფით (მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე პროგრამირების და ტვინის სტრუქტურის ცვლილების პროცესები). ეს შემადგენელი ნაწილები განუყოფელია და ერთმანეთზე უზარმაზარ გავლენას ახდენენ.

სხვადასხვა სულიერი ტრავმები ნებისმიერს გადაუტანია და მათგან დარჩენილი ნაწიბურებით ვცხოვრობთ დღიდან დღემდე. ტვინის სტრუქტურის განუყოფელ ნაწილად ქცეული ამ განცდებისგან გათავისუფლება უჩვეულო მაკურნებელ ეფექტს იწვევს. ცხადია, ტვინის სწორი მუშაობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სასარგებლო ჩვევების გამომუშავება - მაგალითად სწორი დიეტა, სპეციალური საკვები ნივთიერებების მიღება და ფიზიკური ვარჯიშები. მაგრამ, ამას გარდა, უძლიერეს სამკურნალო ეფექტს ტვინზე ჩვენი ყოველწუთიერი აზრები ახდენს - და ზიანიც მათ მოაქვთ. იგივე ეხება ტვინის სტრუქტურაში დაფიქსირებულ ჩვენს გამოცდილებას.
ჩვენ კლინიკებში ვატარებთ კვლევებს სახელწოდებით „ნეიროვიზუალიზაცია ეეკტ“. ეეკტ (ერთფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) - ტვინში სისხლის ცირკულირების და ტვინის აქტიურობის ხასიათის რადიოლოგიური კვლევაა. განსხვავებით ჩვეულებრივი კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიისგან, რომლებიც ტვინის ანატომიას იკვლევს, ეეკტ მისი მუშაობის შესასწავლად გამოიყენება. ეეკტ მეთოდით 70000 მეტი სკანირების შედეგად ტვინის ცხოველქმედების შესახებ მრავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასკვნები გამოვიტანეთ, მაგალითად:

• თავის ტვინის ტრავმას შეუძლია ადამიანის ცხოვრების დანგრევა;
• ალკოჰოლი თავის ტვინისთვის საზიანოა, და ეეკტ სკანირებისას ხშირად აღინიშნება ალკოჰოლით გამოწვეული მნიშვნელოვანი დაზიანებები;
• რიგი ფართოდ გამოყენებული პრეპარატები, მაგალითად ზოგიერთი გავრცელებული შფოთვის შესამცირებელი პრეპარატი, დამღუპველად ზემოქმედებს ტვინზე;
• ზოგი ავადმყოფობა, მაგალითად ალცჰაიმერის დაავადება, პირველი სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე იწყებს განვითარებას.

ეეკტ სკანირებამ ასევე გვასწავლა, რომ აჯობებდა ადამიანებს მეტი სიყვარული და პატივისცემა გამოეხატათ თავის ტვინის მიმართ. ასევე, ნათელი გახდა, რომ ბავშვების სპორტის კონტაქტურ სახეობებში (ჰოკეი, ფეხბურთი) ჩართვა ჩვენი მხრიდან არაგონივრული საქციელია.

ჩემს მიერ ნასწავლი გაკვეთილებიდან ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადამიანს საკუთარი ტვინის და საკუთარი ცხოვრების პირდაპირი გაგებით შეცვლა შეუძლია ტვინისთვის სასარგებლო ჩვევების რეგულარული პრაქტიკით, ნეგატიური წარმოდგენების კორექციის და მედიტაციური ტექნიკების ჩათვლით, რომლის შესახებაც დოქტორი დისპენზა გვიყვება.

ჩვენს მიერ გამოქვეყნებული კვლევებიდან ერთერთმა აჩვენა, რომ რეგულარული მედიტაციები, ისეთი, როგორსაც დოქტორი დისპენზა გვირჩევს, პრეფრონტალურ ქერქში - ადამიანის თავის ტვინის ყველაზე „მოფიქრალ“ ნაწილში - სისხლის მიდინებას ასტიმულირებს. ყოველდღიური მედიტაციების რვა კვირის შემდეგ კვლევის სუბიექტს პრეფრონტალური ქერქის მოსვენებულ მდგომარეობაში დაფიქსირება და ასევე მეხსიერების გაუმჯობესება აღენიშნა. ტვინის განკურნების და მისი მუშაობის ოპტიმიზების უამრავი გზა არსებობს.

ვიმედოვნებ, რომ მკითხველებსაც ჩემსავით „ტვინის მოშურნეობა“ გაუჩნდებათ და ისინიც მოისურვებენ, რომ მათი ტვინი უკეთ ამუშავდეს. ჩვენმა საქმიანობამ ნეიროვიზუალიზაციის სფეროში ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე მას შემდეგ, რაც 1991 წელს პაციენტების ეეკტ კვლევაზე გაგზავნა დავიწყე, გადავწყვიტე საკუთარი ტვინიც მენახა. იმხანად 37 წლის ვიყავი. ხორკლიანი, არაჯანსაღი შესახედაობით მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ტვინი რიგზე არ იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად არ მიმიღია ალკოჰოლი, არ ვეწეოდი და არასოდეს გამისინჯავს ნარკოტიკი. მაშ რატომ გამოიყურებოდა ჩემი ტვინი ასე ცუდად? მანამ, სანამ ნამდვილად გავერკვეოდი ტვინის ჯანმრთელობის საკითხებში, ტვინისთვის საზიანო ბევრი ჩვევა მქონდა. სწრაფი კვების რესტორნებში არაჯანსაღი საკვებით ვიკვებებოდი, გაზიან სასმელებს ვერ ველეოდი, ხშირად მხოლოდ 4-5 საათი მეძინა და წარსულის დაუმუშავებელ ტრავმებს ვატარებდი. სპორტს არ მივდევდი, ქრონიკულ სტრესში ვიყავი და 15 კილოთი ზედმეტს ვიწონიდი. იმას, რის შესახებაც არაფერი ვიცოდი, ჩემთვის ფრიად საგრძნობი ზიანი მოჰქონდა.

ბოლო სურათზე ჩემი ტვინი გაცილებით ჯანსაღად და ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე 20 წლის წინ, ის გაახალგაზრდავდა. ზუსტად ამგვარად შეიძლება თქვენი ტვინიც შეიცვალოს - თუკი თქვენ მასზე ზრუნვას მტკიცედ გადაწყვეტთ. როდესაც ის პირველი სურათი ვნახე, ვისურვე, რომ ჩემი ტვინი უკეთესი გამხდარიყო. ეს წიგნი თქვენი ტვინის გაუმჯობესებას დაეხმარება.
ვიმედოვნებ, თქვენც ჩემსავით ისიამოვნებთ კითხვისას.

დანიელ ჯ. ამენი, მედიცინის დოქტორი, წიგნის „შეცვალე შენი ტვინი - შეიცვლება ცხოვრებაც!“

ავტორის წინასიტყვაობა

ყველაზე გრანდიოზული გადაჩვევა - საკუთარი თავისგან გადაჩვევაა

როდესაც საოცნებო ცხოვრების შექმნის შესახებ წიგნებზე ვფიქრობ, ვაცნობიერებ, რომ უმეტესობა ჩვენგანი ჯერ კიდევ ისეთი მიდგომების ძიებაშია, რომელთა ეფექტურობა სამეცნიერო კუთხით იქნებოდა დამტკიცებული და რომლებიც სინამდვილეში იმუშავებდნენ. თუმცა ტვინის, სხეულის, გონის და ცნობიერების უახლესი კვლევები - ასევე კვანტური ნახტომი ფიზიკური კანონზომიერებების გაგებაში - უკვე დღეს საგრძნობლად აფართოებს ჭეშმარიტი პოტენციალის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენში, რეალიზების ჩვენს შესაძლებლობებს.

როგორც ქიროპრაკტიკოსი, ინტეგრირებული მედიცინის წარმატებული კლინიკის ხელმძღვანელი და ტვინის ფუნქციონირების შესახებ რიგი მეცნიერებების, მათ შორის ნეიროქიმიის და ნეირობიოლოგიის, პედაგოგი, სამეცნიერო კვლევების ავანგარდში ვიყავი. მე არა მხოლოდ შევისწავლიდი ცოდნის ზემოჩამოთვლილ სფეროებს, არამედ ადამიანებზე ახალი მეცნიერების პრაქტიკულ ზემოქმედებას ვაკვირდებოდი.

იმ ადამიანთა ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მოწმე ვიყავი, რომელთაც საკუთარი ტვინი შეცვალეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრ ისეთ ადამიანთან მომიწია გასაუბრება, რომლებმაც სერიოზულ (ან სასიკვდილო, ან შეუქცევად) სენს ძლიეს. აქტუალური სამედიცინო კონცეფციის ჩარჩოში განკურნების ეს შემთხვევები აღნიშნულია როგორც „სპონტანური რემისია“.

თუმცა ამ ადამიანების შინაგანი ტრანსფორმაციის ყოველმხრივ შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ ის გონების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა და რომ ფიზიკური ცვლილებები სულაც არ იყო სპონტანური. ამ აღმოჩენამ ჩემი ინტერესები ნეიროვიზუალიზაციის, ნეიროპლასტიურობის, ეპიგენეტიკის და ფსიქონეიროიმუნოლოგიის სფეროსკენ მიმართა. მე უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ ამ შემთხვევებში ტვინში და სხეულში რაღაც პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, რომლის გამოვლენა და შემდეგ გამოწვევა იქნებოდა შესაძლებელი. ამ წიგნში მსურს მიღებული ცოდნა გაგიზიაროთ და გონების და სხეულის ურთიერთქმედების პრინციპების შესახებ მოგიყვეთ, რომლის გამოყენებასაც არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, არამედ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტთან მიმართებით შეძლებთ.

„ვიცი, რომ“-დან „ვიცი, როგორ“-მდე

ჩემმა პირველმა წიგნმა „განავითარეთ თქვენი ტვინი: მეცნიერული ხედვა ტვინის ცვლილებაზე“ დადებითი გამოხმაურება მიიღო, თუმცა მკითხველები მთხოვდნენ მესწავლებინა, მაინც როგორ განავითარონ ტვინი.

ამიტომ მასტერ-კლასებზე დავიწყე ახსნა, როგორ გამოვიწვიოთ სასურველი ცვლილებები გონების და სხეულის დონეზე და ეფექტი გავამყაროთ. შედეგად მთელი რიგი განკურნებების მოწმე გავხდი, ვაკვირდებოდი, როგორ თავისუფლდებოდნენ ადამიანები ძველი მენტალური და ემოციური ტრავმებისგან, უმკლავდებოდნენ ე.წ. „გადაულახავ სიძნელეებს“, ქმნიდნენ ახალ შესაძლებლობებს, აუმჯობესებდნენ საკუთარ კეთილდღეობას, - ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს. (ზოგიერთ მათგანს წიგნის ფურცლებიდან გაიცნობთ).

ამ წიგნის მასალის ასათვისებლად არაა აუცილებელი პირველი წიგნის წაკითხვა. მაგრამ თუ უკვე იცნობთ ჩემს ნაშრომებს, გაითვალისწინეთ, რომ „ქვეცნობიერის ძალა“ ჩაფიქრებული იყო როგორც დამატება წიგნისა „განავითარეთ თქვენი ტვინი“. ძალიან ვეცადე, წიგნი მარტივი და გასაგები გამოსულიყო. თუმცა დროდადრო ქვემოთ მოყვანილი იდეების აღსაქმელად აუცილებელ თეორიულ ცნობებსაც მოგაწვდით. ჩემი მიზანია - პირადი ტრანსფორმაციის რეალურად მოქმედი მოდელის შექმნა, რომელიც შინაგანი ცვლილებების მექანიზმის გაგებაში დაგეხმარებათ.

„ქვეცნობიერის ძალა“ არის ნაყოფი ჩემი მისწარაფებისა, ამ თემისთვის მისტიკის საბურველი მომეცილებინა და ადამიანებისთვის ამეხსნა, რომ ისინი უკვე ფლობელ ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის ყველა აუცილებელ საშუალებას. დადგა ჟამი, როდესაც მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი, საჭიროა „იცოდე - როგორ“. როგორ გამოვიყენოთ და მოვირგოთ უახლესი მეცნიერული კონცეფციები და უძველესი სიბრძნე, რათა საკუთარი ცხოვრება ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ? ყოველი, ვინც რეალობის ბუნების შესახებ უახლეს მეცნიერულ მონაცემებს გაიაზრებს და აღმოჩენილი პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების უფლებას მისცემს საკუთარ თავს, მისტიკოსიც და მეცნიერიც თავად გახდება.

ამრიგად, გთავაზობთ თავად გამოსცადოთ ყველაფერი, რასაც წიგნიდან შეიტყობთ, შემდეგ კი ობიექტურად შეაფასოთ შედეგები. მხედველობაში მაქვს ის, რომ რაკი თქვენ აზრების და გრძნობების საკუთარი შინაგანი სამყაროს შესაცვლელად ეგზომ დიდ ძალისხმევას მიმართავთ, საპასუხოდ გარემოც უნდა შეიცვალოს და მიგახვედროთ, რომ თქვენმა ტვინმა „გარე“ სამყაროზეც იქონია გავლენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა გააკეთოთ ეს?

თუ თქვენ მიღებულ ინფორმაციას ფილოსოფიად აღიქვამთ, შემდეგ ცხოვრებაში მის აქტიურად განხორციელებას შეუდგებით, განავითარებთ თქვენს უნარებს, ვიდრე ოსტატურად არ დაეუფლებით მათ, თანდათან ფილოსოფოსიდან დამწყებ პრაქტიკოსად, შემდეგ კი ოსტატად იქცევით. არ გადაუხვიოთ გზიდან, ამ ცვლილებების შესაძლებლობა ხომ მეცნიერულადაა დასაბუთებული.

თავიდანვე უნდა გთხოვოთ, ნუ იქნებით მიკერძოებული და მზაობით მიიღეთ იდეები, რომლებზეც წიგნშია საუბარი. მთელი ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენებაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სარგებელი ვახშმისას სასიამოვნო საუბრის ტოლფასი იქნება. ხოლო როგორც კი შეძლებთ გონებით საგანთა ჭეშმარიტ არსს ჩაწვდეთ და ცრურწმენებისგან გათავისუფლდეთ, რომელთა ჩარჩოშიც რეალობა გაქვთ მოქცეული, მომენტალურად იხილავთ თქვენი ძალისხმევის ნაყოფს, რასაც გისურვებთ კიდეც.

ამ შესავლის მიზანია, შთაგაგონოთ თქვენს თავს უთხრათ: მე შემოქმედის ძალას ვფლობ.

ჩვეული ჩარჩოებიდან გამოსასვლელად არ ღირს მეცნიერებისგან ნებართვის ლოდინი, წინააღმდეგ შემთხვევაში მეცნიერებას მორიგ რელიგიად ვაქცევთ. უნდა გვეყოს გამბედაობა, ჩვენი ცხოვრება ზედმიწევნით გავაანალიზოთ და სტანდარტების საზღვრები დავძლიოთ, თანაც არაერთხელ. ამგვარად ჩვენ პიროვნული ძალის დონეს ვიმაღლებთ.

ნამდვილი ძალის მოპოვებას შეხედულებების სიღრმისეული ანალიზი უწყობს ხელს. მათი სათავის აღმოჩენა შესაძლებელია პირობებში, რომელთაც გვკარნახობს რელიგია და კულტურა, საზოგადოებრივი და ოჯახური წესჩვეულებები, განათლება, მასმედია და გენებიც კი, სადაც ცხოვრების განმავლობაში შეძენილი და წინაპართა მრავალი თაობისგან მემკვიდრეობით გადმოცემული სენსორული შეგრძნებებია დაფიქსირებული. შემდეგ აუცილებელია ძველი შეხედულებების შედარება ახლებთან, რომლებიც, შესაძლოა, უკეთეს სამსახურს გაგვიწევენ.

დროება იცვლება. ჩვენ, ადამიანები, რომელთაც უფრო ფართო რეალობა გაგვეხსნა, - განუზომლად დიდი მასშტაბის რადიკალური ცვლილებების მხოლოდ ნაწილი ვართ. ნაცნობი მოდელები იშლება, ისინი ახლებმა უნდა ჩაანაცვლონ. ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო: პოლიტიკის, ეკონომიკის, რელიგიის, მეცნიერების, განათლების, მედიცინის და გარემოსთან ურთიერთობის თანამედროვე მოდელები კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაც თუნდაც 10 წლის წინ იყო აქტუალური.

თითქოსდა, მოძველებული შეხედულებების ახლით შეცვლა სულაც არ არის ძნელი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე წიგნში „განავითარეთ თქვენი ტვინი“, ცხოვრების განმავლობაში მიღებული ბევრი ცნობა და შეგრძნება ბიოლოგიურ დონეზე ილექება და ჩვენ სამოსივით ვატარებთ მათ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ დღევანდელი ჭეშმარიტება ხვალ შესაძლოა ჭეშმარიტებად აღარ მიიჩნიონ. დღეს უკვე ეჭვქვეშ დგას ატომების მატერიის მყარ ნაწილაკებად მიჩნევის საკითხი. რეალობისა და მასთან ჩვენი ურთიერთქმედების შესახებ იდეები და წარმოდგენები ანალოგიურად იცვლება.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბავშვობიდან ჩვეულ ცხოვრებაზე უარის თქმა და ახლისკენ ნაბიჯის გადადგმა ადამიანისთვის იგივეა, რაც ორაგულისთვის დინების საწინააღმდეგოდ ცურვა: ძალისხმევას მოითხოვს, და გულწრფელად თუ ვიტყვით, მოუხერხებელიცაა. ამასთან, გზაზე დამატებით დაცინვა, მიუღებლობა, წინააღმდეგობა და თავდასხმები გველოდება მათგან, ვინც ჯიუტად ებღაუჭება იმას, რაც მათთვის ცოდნასთან ასოცირდება.

ვინაა მზად, ამდენად უჩვეულო გზას დაადგეს და სირთულეებს შეეჯახოს რაღაც იდეის გამო, რომელიც გრძნობების დონეზეც კი არ აღიქმება, თუმცა გონებისთვის გასაგებია? და ისტორიაში უმრავლესობის აზრით ერეტიკოსები და სულელები რამდენჯერ აღმოჩენილან გენიოსები, წმინდანები ან დიდოსტატები?

თქვენ გაბედავდით ჩვეული გზიდან გადახვევას?

ცვლილება - არჩევანია და არა რეაქცია

როგორც ჩანს, ადამიანური ბუნების თვისებაა, მანამ იყოს პასიურად, სანამ უკიდურესად არ გაუჭირდება და დისკომფორტი ძველებურად ცხოვრების საშუალებას აღარ მისცემს. ეს ყველას ეხება. მხოლოდ კრიზისს, ტრავმას, დანაკარგს, ავადმყოფობას და ტრაგედიას შეუძლია გვაიძულოს შევჩერდეთ და თვალი გავუსწოროთ - ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, როგორ ვცხოვრობთ, რას ვგრძნობთ, რა ვიცით და რისი გვწამს, - და ჭეშმარიტი ცვლილებების გზას დავადგეთ. საკუთარი ჯანმრთელობის, ურთიერთობების, კარიერის, ოჯახის და მომავლის სასარგებლო ცვლილებებისთვის რომ მოვმწიფდეთ, ხშირად რაღაც რეალურად ცუდი უნდა შეგვემთხვეს. ამიტომ მსურს თქვენამდე ერთი აზრი მოვიტანო: რატომ ელოდებით?

სწავლა და შეცვლა ადამიანს ტკივილით და ტანჯვითაც შეუძლია და სიხარულით და აღმაფრენითაც. უმეტესობა პირველ გზას ირჩევს. მეორე გზით სვლისას კი უნდა განეწყოთ, რომ ნებისმიერ ცვლილებას მსუბუქი დისკომფორტი, ჩვეული პროგნოზირებადი წესრიგის ნგრევა და უუნარობის გარკვეული პერიოდი ახლავს თან.

უუნარობის დროებითი დისკომფორტი ყველასთვის ნაცნობია. გაიხსენეთ, როგორ დაურწმუნებლად, ბორძიკით იწყებდით კითხვას, სანამ ეს უნარი ჩვევად არ ჩამოყალიბდა. ან ვიოლინოზე და დოლზე დაკვრის პირველი გამოცდილება, როდესაც მშობლებს ჩვენი ბგერაგაუმტარ ოთახში ჩაკეტვის სურვილი უჩნდებოდათ? ან როგორ არ შეგვებრალოს პაციენტი, რომელსაც სისხლის ანალიზს ყველა საჭირო ცოდნით აღჭურვილი, მაგრამ გამოუცდელი სტუდენტი უღებს? სისხარტე და პროფესიონალიზმი ხომ გამოცდილებას მოაქვს!
ინფორმაციის ათვისება (ვიცი, რომ) და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა მიღებული ცოდნის მრავალჯერადი გამოყენების შედეგად უნარის მყარად დაფიქსირებამდე (ვიცი, როგორ) - სავარაუდოდ სწორედ ამგვარად შეიძინეთ უმეტესი უნარები, რაც თქვენი არსებობის განუყოფელ ნაწილად იქცა (ცოდნა). ცხოვრების შეცვლის უნარები ანალოგიურად ყალიბდება: ჯერ ინფორმაციის მიღებაა საჭირო, შემდეგ მისი გამოყენება. სწორედ ამიტომ ეს წიგნი სამ ერთნაირად მნიშვნელოვან ნაწილადაა დაყოფილი.

პირველ და მეორე ნაწილში თანმიმდევრულად გადმოვცემ იდეათა რიგს, რომლებიც ზოგადად გაგარკვევენ და შემდეგ მათ კონკრეტულად გამოიყენებთ. თუ მოგეჩვენებათ, რომ ზოგიერთი აზრი მეორდება, ე.ი. ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მსურს ხელმეორედ მიაქციოთ ყურადღება. განმეორება ნეირონების ჯაჭვს ამყარებს და ნეირონული კავშირების რაოდენობას ზრდის, ასე რომ წუთიერი სისუსტის დროსაც კი არ დაეჭვდებით საკუთარ სიდიადეში. ხოლო როდესაც მძლავრი ცოდნით შეიარაღებული მესამე ნაწილზე გადახვალთ, საკუთარი გამოცდილება გაგებულის „ჭეშმარიტებაში“ დაგარწმუნებთ.

I ნაწილი. ადამიანი მეცნიერების თვალთახედვით

ვიწყებთ ფილოსოფიური და მეცნიერული სისტემების მიმოხილვით, რომელთა ფარგლებშიც უახლესი კვლევები ტარდება, რათა რეალობის ბუნება და ადამიანის არსი დადგინდეს, ასევე პასუხი გაეცეს კითხვებს, რატომ უჭირს ადამიანს ასე შეცვლა და როგორია მისი ჭეშმარიტი შესაძლებლობები. გპირდებით: პირველი ნაწილი ადვილად წასაკითხი იქნება.

I თავი „კვანტური ადამიანი“ კვანტურ ფიზიკაში მსუბუქ შესავალს წარმოადგენს, მაგრამ, გთხოვთ, ნუ შეშინდებით. ამგვარად ვიწყებ იმიტომ, რომ თქვენ თანდათან უნდა განიმსჭვალოთ იდეით, რომ თქვენი (სუბიექტური) ტვინი მოქმედებს (ობიექტურ) სამყაროზე. კვანტურ ფიზიკაში არის ისეთი ცნება, როგორიცაა „დამკვირვებლის ეფექტი“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ყურადღების მიმართულება ემთხვევა თქვენი ენერგიის მიმართულებას. შედეგად, თავად ვზემოქმედებთ მატერიალურ სამყაროზე (რომელიც, სხვათა შორის, ძირითადად ენერგიისგან შედგება). თუ ამ საკითხზე მცირეოდენს იფიქრებთ, შესაძლოა ყურადღების მიმართვა იქითკენ ამჯობინოთ, რაც გსურთ, და არა პირიქით. და სავარაუდოდ გაიფიქრებთ კიდეც: „თუკი ატომი 99,99999% ენერგიისგან შედგება და მხოლოდ 0,00001% მატერიისგან , ე.ი. სინამდვილეში მე გაცილებით მეტად არაფერი ვარ, ვიდრე რაღაც! მაშ რატომ გავამახვილო ყურადღება ეგზომ უმნიშვნელო ფიზიკურ შემადგენელზე, როდესაც სინამდვილეში მე - გაცილებით მეტი ვარ? და ნუთუ უდიდეს შეზღუდვას არ წარმოადგენს ის, რომ საკუთარ რეალობას მხოლოდ გრძნობითი აღქმით განვსაზღვრავ?“

2-4 თავებში გავიგებთ, რას ნიშნავს „შეცვლა“ - გარე სამყაროს, საკუთარი სხეულის და თვით დროის საზღვრებს მიღმა გასვლა.

შესაძლოა, გეცნობათ იდეა, რომ ჩვენი აზრები ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს. მაგრამ II თავში „გარე სამყაროს გადალახვა“ მოგითხრობთ იმის შესახებ, რომ თუ გარე სამყაროს ჩვენი აზრების და გრძნობების კონტროლის უფლებას ვაძლევთ, ამ ზემოქმედების შედეგად ტვინში აზრობრივი პატერნები იქმნება, რომლებიც აზროვნებას „კარგად ნაცნობ“ ჩარჩოში ზღუდავს. შედეგად მუდმივად ერთსა და იმავეს ვქმნით; ტვინს ჩვენი პრობლემების, შინაგანი მდგომარეობების და ცხოვრებისეული გარემოებების არეკლვაზე ვაპროგრამებთ. ამიტომ, რათა შევიცვალოთ, საკუთარ ცხოვრებაში ყოველივე მატერიალურის საზღვრებს უნდა გავცდეთ.

III თავში „სხეულის გადალახვა“ საუბარს ვაგრძელებთ იმის შესახებ, რომ ჩვენს ცხოვრებას ქცევის, აზრების და ემოციური რეაქციების დასწავლილი მოდელების ნაკრები განაგებს, რომლებიც კომპიუტერული პროგრამების მსგავსად მუშაობს და ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. აი რატომ არაა საკმარისი უბრალოდ „პოზიტიური აზროვნება“, რადგან ნეგატივი შეიძლება ქვეცნობიერში ინახებოდეს და სხეულის დონეზე ფიქსირდებოდეს. წიგნის დასასრულს გაიგებთ, როგორ შეაღწიოთ ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემაში და თქვენს პროგრამებში შეუქცევადი ცვლილებები შეიტანოთ.

IV თავში „დროის გადალახვა“ საუბარია იმის შესახებ, რომ ჩვენ ან მომავლის მოლოდინში ვცხოვრობთ, ან მუდმივად წარსულს ვუბრუნდებით, ხანდახან კი ორივეს ერთად ვახერხებთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენს სხეულს ეჩვენება, რომ ის აწმყოსგან განსხვავებულ რაღაც სხვა მომენტში არსებობს. უახლესი კვლევებით დასტურდება იდეა, რომ აზრის ძალით ტვინისა და სხეულის შეცვლის ბუნებრივ ნიჭს ვფლობთ და შედეგად მიღებული ეფექტი ბიოლოგიურ დონეზე ისეთი იქნება, თითქოს მომავალი მოვლენები უკვე მოხდა. რადგანაც აზრი სხვა ყველაფერზე უფრო რეალური შეიძლება იყოს, სწორი გაგების პირობებში ადამიანს საკუთარი არსის შეცვლა ყველა დონეზე - ტვინის უჯრედებიდან გენებამდე - ძალუძს. როდესაც ყურადღების მართვას და აწმყოს განმსჭვალვას ისწავლით, კვანტურ ველთან წვდომას მიიღებთ, სადაც უსაზღვრო შესაძლებლობებია თავმოყრილი.

V თავი „გადარჩენა vs შემოქმედება“ მოგვითხრობს გადარჩენისთვის ცხოვრებასა და შემოქმედებისთვის ცხოვრებას შორის სხვაობაზე. გადარჩენისთვის ცხოვრება - მუდმივ სტრესში ყოფნაა, ადამიანი მატერიალისტია, ანუ გარე სამყარო უფრო რეალურად მიაჩნია, ვიდრე შინაგანი სამყარო. ვიდრე ნერვული სისტემა, რომელიც პრინციპით „დაარტყი ან გაიქეცი“ მუშაობს, და მის მიერ გამოყოფილი მათრობელა ნივთიერებები თავის დაკრულზე გვაცეკვებს, ერთადერთი, რაც შეიძლება გვაინტერესებდეს, საკუთარი სხეული, გარშემომყოფი ნივთები და ადამიანები, ასევე დროის მართვის არაჯანსაღი სურვილია. ტვინსა და სხეულს შორის წონასწორობა დარღვეულია. ცხოვრება განჭვრეტადია. ჭეშმარიტი და მშვენიერი შემოქმედების მდგომარეობაში კი არც სხეული, არც ნივთი, არც დრო ვართ - საკუთარ თავს ვივიწყებთ. ჩვენ პიროვნების ბორკილებისგან თავისუფალ წმინდა გონებად ვიქცევით, პიროვნება კი გარე სამყაროს საჭიროებს, რათა არ დაავიწყდეს, მისი აზრით, რას წარმოადგენს.

II ნაწილი. ტვინი და მედიტაცია

VI თავში „სამი ტვინი: აზროვნებიდან მოქმედების გავლით ყოფიერებისკენ“ - გაეცნობით ტვინის სამი შრის თეორიას, რომელიც აზროვნებიდან მოქმედებაზე და შემდგომ ყოფიერებაში გადასვლას შეგასწავლით. მეტიც, ყურადღების სფეროდან გარე სამყაროს, სხეულის და დროის გამორიცხვით, აზროვნებიდან ყოფიერებაში გადასვლას იოლად შევძლებთ, ამასთან არაფრის გაკეთება არ მოგვიწევს. შემოქმედებით მდგომარეობაში ჩვენი ტვინი გარე სამყაროსა და ჩვენს აზრებში მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს. ამგვარად, თუკი აზრების დახმარებით მენტალურ დონეზე სასურველ მოვლენას მრავალჯერ გავიმეორებთ, შესაბამის ემოციებს მანამდე შევიგრძნობთ, სანამ ის რეალურად მოხდება. სწორედ აქ გადავდივართ ყოფიერების ახალ მდგომარეობაში, რადგან გონება და სხეული ერთიანი მექანიზმის სახით იწყებს მუშაობას. შეგრძნება, რომ რომელიმე მომავალი მოვლენა სწორედ იმ მომენტში ხდება, როცა მასზე ვფიქრობთ, ნიშნავს, რომ ქვეცნობიერის ჩვევებს, წარმოდგენებს და სხვა არასასურველ პროგრამებს მოცემულ წამს გადავწერთ.

VII თავი „აღმოვფხვრით უფსკრულს“ გვიხსნის, როგორ გავთავისუფლდეთ ჩვენი პიროვნების ნაწილად ქცეული დასწავლილი ემოციებისგან და აღმოვფხვრათ უფსკრული ჭეშმარიტ, შინაგან მე-სა და გარე, სოციალურ სამყაროში მის გამოვლენილ ფორმას შორის. რომელიღაც მომენტში ახლის აღქმას ვწყვეტთ და ვხვდებით, რომ ვერცერთი გარეგანი ძალა წარსულის გრძნობებისგან ვერ გაგვათავისუფლებს. თუ წინასწარ ვიცით, რომელი გრძნობა რა მოვლენას გამოიწვევს, ე.ი. ჩვენს ცხოვრებაში სიახლის ადგილი არ არის, რადგან მას წარსულის, და არა მომავლის პოზიციიდან განვიხილავთ. ამ გარდამტეხ მომენტში სული ან თავისუფლდება, ან დავიწყებაში იძირება. მე გასწავლით ემოციური ენერგიის გამოთავისუფლებას და ამგვარად უფსკრულის შემცირებას თქვენს გამოვლენილ მესა და ნამდვილ, ჭეშმარიტ მეს შორის. თანდათან აღმოფხვრით ამ უფსკრულს. როდესაც სამყაროს თქვენი ნამდვილი არსი გაეხსნება, თქვენ ჭეშმარიტ თავისუფლებას მოიპოვებთ.

II ნაწილს VIII თავი „მედიტაცია მისტიკის გარეშე: მომავლის ტალღები“ დაასრულებს. ამ თავის მიზანია მედიტაცია მისტიკის საბურველისგან გაათავისუფლოს. ტვინის გამოსხივების რეგისტრაციის ტექნოლოგიის შესახებ ცოტაოდენს მოგიყვებით და გიჩვენებთ, სტრესული ფაქტორებით გამოწვეული აგზნების მდგომარეობის საპირისპიროდ კონცენტრაციის მდგომარეობაში ყოფნისას როგორ იცვლება ტვინის ელექტრომაგნიტური ფონი. თქვენ გაიგებთ, რომ მედიტაციის ჭეშმარიტ დანიშნულებას ანალიტიკური გონების საზღვრებიდან გამოსვლა, ქვეცნობიერში შეღწევა და იქ რეალური და შეუქცევადი ცვლილებების განხორციელება წარმოადგენს. თუ მედიტაციის შემდეგ იგივე ადამიანი ხართ, ვინც მედიტაციამდე იყავით, ე.ი. თქვენში არც ერთ დონეზე არაფერი მოხდა. როდესაც მედიტაციის პროცესში თქვენზე აღმატებულს უერთდებით, თქვენი აზრების და გრძნობების იმდენად სრულყოფილი შეთანხმებული მდგომარეობის შექმნას და შემდეგ დამახსოვრებას შეძლებთ, რომ გარე სამყაროს ვერცერთი მოვლენა: საგანი, ადამიანი, რაიმე პირობა თუ სივრცულ-დროითი ჩარჩო - ვერ დაგძრავთ მიღწეული ენერგეტიკული დონიდან. თქვენ გარე სამყაროს, საკუთარ სხეულს და დროსაც კი ძლევთ.

III ნაწილი. ნაბიჯი ახალი ბედისკენ

თუ I და II ნაწილი თეორიას გვაწვდის, III ნაწილი პრაქტიკული რეკომენდაციებია, ამდენად, შესაძლებლობა გეძლევათ თავად გამოსცადოთ მიღებული ცოდნა. III ნაწილი გაცნობიერების ტრენინგს წარმოადგენს, რომელიც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად უნდა იქცეს. ეს არის მედიტაციების მრავალსაფეხურიანი პროგრამა, რომელიც მიღებული თეორიული ცოდნის წარმატებით გამოყენების საშუალებას მოგცემთ.

სხვათა შორის, სიტყვამ „მრავალსაფეხურიანი“ ხომ არ შეგაშინათ? ნუ აღელდებით - ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ. დიახ, მე მოქმედებათა თანმიმდევრობას გიჩვენებთ, თუმცა მალე თქვენთვის ისინი ერთ-ორ მარტივ ნაბიჯში მოიყრიან თავს. ბოლოს და ბოლოს ავტომობილის საჭესთან დაჯდომისას ყოველ ჯერზე მთელი რიგი ქმედებების განხორციელება გიწევთ (სავარძლის დარეგულირება, ღვედის გადაჭერა, სარკის შემოწმება, ძრავის დაქოქვა, მაშუქების ჩართვა, გარემოს დათვალიერება, ციმციმას ჩართვა, გაზის სატერფულზე დაბიჯება, მანქანის დაძვრა წინ ან უკან და ა.შ.). მთელი პროცედურა ავტომატურად სრულდება მას შემდეგ, რაც ისწავლეთ მანქანის მართვა. გარწმუნებთ, მედიტაციის შემთხვევაშიც ასე იქნება, როგორც კი ყველა ნაბიჯს აითვისებთ.

შესაძლოა, გაიფიქრეთ: „რა საჭიროა პირველი და მეორე ნაწილის წაკითხვა? პირდაპირ მესამედან დავიწყებ!“ ალბათ მეც ასე ვიფიქრებდი. მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ორი ნაწილი თეორიისთვის დამეთმო, რათა იმ დროისთვის, როდესაც მესამე თავს მიაღწევთ, ეჭვების, ცრურწმენებისა და დოგმებისთვის ადგილი აღარ დარჩეს. როდესაც მედიტაციის პროცესის ათვისებას შეუდგებით, ზუსტად გეცოდინებათ, რას და რატომ აკეთებთ. რაც უფრო უკეთ გაიგებთ რა და როგორ, მით მეტად გეცოდინებათ და შეგეძლებათ. ეს კი ნიშნავს, რომ ტვინის შეცვლისკენ მიმართული თქვენი ძალისხმევა უფრო მიზანსწრაფული და წარმატებული იქნება.

III ნაწილის მედიტაციის ტექნიკები დაგეხმარებათ აღიაროთ თქვენი თანდაყოლილი ნიჭი - ე.წ. „უიმედო ცხოვრებისეული სიტუაციების“ შეცვლის უნარი. შესაძლოა, იმ პოტენციურ რეალობებზეც ჩაფიქრდეთ, რომელზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდათ. შეიძლება ჭეშმარიტად საოცარი საქმეებით დაკავდეთ! ვფიქრობ, როდესაც წიგნის კითხვას დაასრულებთ, ეს ასეც იქნება.

ამრიგად, თუ პირდაპირ III ნაწილიდან დაწყების ცდუნებას დაძლევთ, გპირდებით, რომ, როდესაც იქამდე მიხვალთ, მიღებული ცოდნა საკმარის ძალას შეგძენთ. ასეთი მიდგომა ნამდვილად მუშაობს, ამას ადასტურებს სამსაფეხურიანი სემინარები, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვატარებ.

III ნაწილში გაეცნობით მედიტაციების ტექნიკებს, რომელთა დახმარებით ტვინსა და სხეულს შეცვლით, და რაც გარე სამყაროზე აუცილებლად აისახება. როდესაც შინაგანი მუშაობის ხილულ გარეგან შედეგს დაინახავთ, მის გამეორებას მოინდომებთ. ახალი გამოცდილება თქვენში ემოციურ-ენერგეტიკულ აფეთქებას გამოიწვევს, რომელმაც შესაძლოა მოწიწების, საკუთარი ძლიერების ან უსაზღვრო მადლიერების ფორმა მიიღოს. სწორედ ეს ენერგია გიბიძგებთ ახალი ცვლილებებისკენ. ამგვარად, თქვენ ჭეშმარიტი განვითარების გზას ადგახართ!

მედიტაციის ყოველი საფეხური იმ თეორიული ცოდნის გარკვეულ ფენას შეესაბამება, რომელთაც აქამდე გაეცანით. რამდენადაც ყოველი კონკრეტული მოქმედების აზრი თქვენთვის ნათელი იქნება, შესაბამისად არც დამაბნეველმა გაუგებრობებმა უნდა შეგაფერხონ.

ყოველი მოქმედების მენტალურ და სხეულის დონეზე დასამახსოვრებლად ნებისმიერი ახალი ჩვევა ხანგრძლივ ვარჯიშს მოითხოვს, - ამას ყველა დაადასტურებს, ვისაც ოდესმე ტაილანდური კერძის მომზადება, გოლფის თამაში, სალსას ცეკვა ან გადაცემათა კოლოფის მართვა უსწავლია.

შესასწავლი მასალა მცირე ნაწილებად მოგეწოდებათ იმისთვის, რომ ტვინმა და სხეულმა შეთანხმებულად მოქმედება შეძლონ. როგორც კი არსს ჩაწვდებით, მრავალჯერ განმეორებული არეული ნაბიჯები უწყვეტ პროცესში გაერთიანდება. ამ მომენტიდან ცოდნა თქვენი პიროვნების ნაწილი ხდება. პროცესი შესაძლოა შრომატევადი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ნებისყოფას გამოავლენთ და აქტიურად განაგრძობთ წინ სწრაფვას, დროთა განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ.

თუკი თქვენ იცით, რომ იცით, როგორ გააკეთოთ რაიმე, ე.ი. ოსტატობის გზას ადგახართ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამ წიგნში გადმოცემულ ცოდნას მსოფლიოში უამრავი ადამიანი იყენებს და ხილულ ცხოვრებისეულ ცვლილებებს აღწევს. გულმხურვალედ მწადია, საკუთარი თავისგან გადაჩვევა და თქვენი სურვილის შესაბამისად ახლებური ცხოვრების დაწყება თქვენც შეძლოთ.

მაშ ასე, დავიწყოთ!