ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეორე - ცოდნის გზა

თავი მეორე - ცოდნის გზა

სანჯაიამ თქვა:

რა დაინახა თვალცრემლიანი, ნაღველნარევი და გულშეძრული,
არ დაიშურა მადჰუს მძლეველმა არჯუნასათვის სიტყვები ბრძნული.

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

ნეტავ საიდან ეს სულმდაბლობა? ჭირს მწუხარებით ვერვინ უშველის!
ვინც გასაჭირში სულით ეცემა, ზეცა კი არა, სირცხვილი ელის.

ქედს ნუ მოუხრი მაგ სიძაბუნეს, ნუ გეგონება შენი საფერი,
ნუ დანებდები გულს დაკნინებულს, ფეხზე წამოდექ, შემუსრე მტერი!

არჯუნამ თქვა:

თქვი, ვით ვესროლო ისარი ბჰიშმას, ან დრონას, მითხარ, დემონის მკვლელო,
ვინც მოკრძალების მიცვნია ღირსად, ვით გავიმეტო, მტრის შემმუსვრელო?

რა ვქნა, ღირსეულ მოძღვართა კვლა არ შემიძლია,
სჯობს, ხელგაწვდილმა მათხოვრობით რომ ვჭამო პური.
რა ვუყოთ, თუ მათ ავმა ზრახვამ, სიხარბემ სძლია,
მათ მკვლელს განცხრომა უნდა მერგოს სისხლმონაპკური.

ჩვენ ხომ არც ვუწყით, გული ჩვენი რისი მნდომია _
ჩვენ იმათ ვძლიოთ თუ ისინი აღმოჩნდნენ მძლენი?
თუმცა-ღა ბრძოლა გარდუვალი კარს მოგვდგომია,
რაღა გვაცოცხლებს, თუ დავხოცეთ ჩვენი მოძმენი?

ო, ცოდვა მათი მე ძალ-ღონეს მაცლის, მაწვალებს,
ვერ ვხვდები, რაა ჩემი ვალი, ან რას მთხოვს სჯული
და მხოლოდ შენგან ველი პასუხს, მითხარ, მასწავლე,
შენი მოწაფე, დანდობილი მსურს ვიყო სული!

რას შეუძლია გაანელოს მწარე ნაღველი?
ვერ განვიქარვებ დარდს დამდაგველს, თუნდაც დავი პყრო
და ხელის გულზე მატარებდეს ქვეყანა მთელი,
ან თვითონ ღმერთთა სამყოფელის ხელმწიფე ვიყო.

სანჯაიამ თქვა:

ასე ამბობდა მტერთა მმუსვრელი, გუნდად ეხვია ფიქრები შავი,
არ ვიომებო, დასძინა ბოლოს, თქვა და დადუმდა, დახარა თავი.
ორ ლაშქარს შუა, ჩემო ხელმწიფევ, იდგა არჯუნა, ასე მდუმარე;
ასე მჭმუნვარეს მას მიუგებდა გულთა მპყრობელი პირმომღიმარე:

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ბრძენის ნათქვამს ჰგავს სიტყვები შენი , იმათ კი დარდობ , ვინც დარდად არ ღირს _
არცა ცოცხლებზე და არცა მკვდრებზე არა სწუხს ბრძენი და ცრემლსაც არ ღვრის.
ჯერ არ მომხდარა, გავმქრალიყავით მე და შენ, ან ეს მეფეთა გროვა;
დრო არ ყოფილა, არ გვეარსება, და არასოდეს ეს დრო არ მოვა.

როგორც აქ ძალუძს სულს იყოს ბავშვი, ახალგაზრდა და კაცი ხნიანი, 
ასევე იცვლის ის სხეულებსაც, თუმც არ ტყუვდება ამით ჭკვიანი.

ნივთთა შეხებას სითბო-სიგრილის, სიტკბო-სიმწარის მოაქვს შეგრძნება,
წამია მათი მოსვლაც და წასვლაც, მათი მოთმენის გქონდეს შეძლება!

ქვეყნად სიმწარეს და სიტკბოებას ვინც ერთნაირად, გულმტკიცედ ხვდება,
ვისაც ვერცერთი ვეღარას აკლებს, ცად უკვდავების ღირსი ის ხდება.

ვერ იდღეგრძელებს რამ უნამდვილო და ვერ მოკვდება იგი, რაც არი; 
ვინც შეიმეცნა ჭეშმარიტება, ყოფნა-არყოფნის მან იცნო ზღვარი.

მან, რაც აღავსებს ყოველს, არ იცის, რა არის კვდომა, დაძაბუნება,
მოკვლაც არ ძალუძს მისი არავის – უკვდავებაა მისი ბუნება.

ხორცი მკვდარია, სული – უკვდავი და მას ზიანი ვერ მიადგება,
ვერ მოაკვდინებ მას, განუზომელს, აიღე ხმალი, ბრძოლის დრო დგება!

უმეცარია, სული მოკვდება ან სხვას მოკლავსო, ვინც ასე ფიქრობს,
რაც ცოცხალია, ის ვერვის მოკლავს და ვერც მოკვდება _ თავს ვერ გაიქრობს.

არ იბადება ის არასდროს, არასდროს კვდება;
არ გაჩენილა, არა ჩნდება და არც გაჩნდება,
უჩენელია, ძველთაძველი, მყოფი მარადის,
გვამი მიწითგან აღიგვება, ის კი დარჩება.

ის, ვინც შეიცნო იგი – უძლევი, უბადებელი, მარად უცვლელი,
კაცს კაცის მოკვლას ვით აიძულებს , ან თვითონ როგორ გახდება მკვლელი?!

ტანთ იხდის კაცი, იცვლის სამოსს ნაცვამს, ნატარებს,
ახლით ირთვება, აგდებს ნახმარს, ძველს და დახეულს,
სულიც ასეა, დროს ამქვეყნად ასე ატარებს,
ძველს ისიც იხდის და იმოსავს კვლავ ახალ სხეულს.

სულს მარადიულს ვერა ჭრის ხმალი და ცეცხლის ალი მას არ ედება,
არ ეკარება მას არც ისარი, ქარი არ ახმობს და არც სველდება.

უვნებელია, ცეცხლში უწველი, სამარადისო საუფლოს მკვიდრი,
ყველგანმყოფელი, დაუმხობელი, მარად უცვლელი, ურყევი, მკვიდრი.

მასზე იტყვიან, რომ უცვლელია, თვალთუხილველი, ფიქრმიუვალი,
თუკი მას იცნობ, არა ხამს წუხდე, გენამებოდეს ცრემლებით Fთვალი.

და რომც ფიქრობდე , რომ ისიც კვდება და ჩნდება , მსგავსად ხორცისა შენის ,
მაინც არა ღირს მასზე გოდება და გმირთაგმირო, შენ ეს არ გშვენის!

ვინც იბადება, იგი მოკვდება, და ვინც მოკვდება – გაჩნდება ისევ.
ვერ აიცილებ მას, რაც მოხდება და ამისათვის გულს დარდს ნუ ისევ!

უხილავია ჯერ ღვთის ქმნილება, შუაგზად ხდება მხოლოდ ხილული,
უხილავია დასასრულს ისევ, შენ რად გაჩნია მაგ გულზე წყლული?

გონების თვალით ერთნი ჭვრეტენ მას, ვით სასწაულს
სხვანი აღწერენ, გამოთქმა სურთ რა სასწაულის;
ზოგნი ისმენენ, თუმც გაგება მისი არ ძალუძთ,
რადგან არავინ მას არ იცნობს, არ ესმის სულის!

მას, ხორცით მოსილს, ყოველ არსში მყოფს, ვერ შეეხება სიკვდილის გრდემლი
და ამიტომაც არც ერთ სულდგმულზე არ ღირს გლოვობდე , გდიოდეს ცრემლი.

თუ ვალზე ზრუნავ, მით უფრო გმართებს თავი არ მისცე ეჭვების წყვდიადს, _
ვერას ინატრებს ქვეყნად მებრძოლი წმინდა საქმისთვის ბრძოლაზე დიადს.

ნეტარი არის ყველა მებრძოლი, წმინდა ბრძოლაში დანაბარები,
თავს უძებნელად რომ დაატყდება, ვით გარდახსნილი ზეცის კარები.

მაგრამ თუ დაგმობ ამ წმინდა ბრძოლას და ქვეყნად მაგ ხმლით არ იმსახურებ,
ვალს ვერ მოიხდი, ცოდვას მოიწევ და კაცთა რისხვას დაიმსახურებ.

ხალხი შეგარცხვენს სამარადჟამოდ, გადეფარება შენს სახელს ჩრდილი;
სახელს გაიტეხ, სახელოვანს კი უსახელობას უჯობს სიკვდილი.

გმირნი იტყვიან, ბრძოლის ველიდან ვნახეთო შიშით გამოქცეული
და ვინც გაქებდა, მალე იქნება შენს მაძაგებლად ისიც ქცეული.

არ დაცხრებიან ავი ენები, მთქმელნი სიტყვების ბილწის, მწარესი,
შეგიგინებენ ნიჭსა და უნარს, რა უნდა მოხდეს სხვა უარესი?!

თუ დამარცხდები, ზეცას ეწევი, თუ გაიმარჯვებ, ქვეყნით დატკბები;
რაღას აყოვნებ, ო, კუნტის შვილო, ხმალი აიღე, ნუღარ დადრკები!

ხვეჭა, ზარალი, ძლევა და მარცხი, სიტკბო-სიმწარე მიგაჩნდეს არად!
წადი, ბრძოლისთვის იბრძოლე მხოლოდ, ეს დაგიდგება ცოდვის წინ ფარად.

რაც გითხარ, იყო წვდომა გონებით, აწ კი იოგას სიბრძნესაც გაძლევ;
ამგვარი ცოდნით შთანაგონები საქმის ბორკილებს ეხსნები, დაძლევ.

არ ჩაგეყრება აქ ღვაწლი წყალში, არც მოგადგება მისით ზიანი,
ერთ ნაბიჯსაც კი ამ გზაზე ძალუძს საფრთხისგან იხსნას ადამიანი.

მთლიანი არის გონება მისი, შეუდრეკელი ვისაც აქვს ნება,
გაფანტულია უგზო-უკვალოდ მერყევი კაცის ჭკუა-გონება.

ენა მჭევრია მცირედ მცოდნეთა, ვის უმეცრებით აბმია თვალნი,
სხვა რა არისო, ამბობენ, ქვეყნად, წმინდა წერილთა კითხვით დამთვრალნი.

ცის მოსურნენი , სურვილთა ტყვენი , საქმის წილ შობას , ბედს გპირდებიან,
უცხოდ მორთული წირვებით ტკბობას, ძალაუფლებას ეწაფებიან.

გონდაბინდული ამგვარი ფიქრით ვინც მბრძანებლობას, ნცხრომას ვერ სწყდება,
გონს ვერ მოიკრებს და სამადჰიში უშიში, უფალს ვერ შეერწყმება.

გუნებს განმარტავს წმინდა წერილი, შენ კი მათ მიღმა იყავი მჭვრეტი,
განთავისუფლდი გაორებისგან _ მისგან, რაც იცნო, ვით მეტისმეტი.

ნუ მოინდომებ შეძენას ქვეყნად და შენახვისაც დათმე სურვილი,
დამაოკები იყავი თავის, მუდამ სიწმინდით შემობურვილი.
რა სარგებელის მომტანიც არის წყალდიდობის დროს წყალმცირე წყარო,
ის სარგებელი აქვს წერილისგან მას, ვინც შეიცნო უფლის სამყარო.

შენ საქმეები გეკუთვნის მხოლოდ, ნუ ხარ ნაყოფთა შენად მგონები,
ნურც ნაყოფისთვის დაშვრები ქვეყნად, ნურც უსაქმობას დაემონები!

ამ იოგაში მდგარი დასაქმდი, მიჯაჭვულობას განრიდებული;
ერთნაირობა ბედსა და მარცხში იოგადაა სახელდებული.

სურვილთა გამო საქმის კეთებას სჯობს, გონებით ჰქმნა საქმე ყოველი;
შენც შეეფარე გონებას, რადგან ძუნწი ხარ, თუ სთეს და ნაყოფს ელი!

ჩამოგშორდება აქვე ამ სიბრძნით ბედკეთილობა და წერაც ავი,
იოგა საქმის ანაბანაა, მას შეაფარო სჯობს შენაც თავი.

რადგან თუ იკრებს გონებას სრულად და საქმის ნაყოფს ეხსნება ბრძენი,
კვლავ ქვეყნად შობას სცდება, ეხსნება, ჯერ ჭირუნახავ ქვეყნისა ბჭენი.

და როს სიბრმავის უღრანი ტყიდან გონების ძალით შენც გზას გაიგნებ,
წადილს დაკარგავ ყველაფრის მიმართ, რაც გაგიგია, ანდა გაიგებ.

და მაშინ, როცა განაგონ აზრთა უთანხმოებით არ შეფერხდები
და სამადჰიში გონს განიმტკიცებ, თვით უზენაესს შეუერთდები.

ვინც განიმტკიცა თავი სიბრძნეში, ჰპოვა სამადჰის ვინც ნეტარება,
როგორ სჩვევია მას საუბარი, ჯდომა რას უგავს, ან ნეტა, რება?

შრი ბჰაგავანმა თქვა:

არჯუნა, მისსავ ჭკუის მონაგონს, უარი უთხრა ვინც ყველა სურვილს,
ვინც სულში ჰპოვა სულითვე შვება , მას უწოდებენ სიბრძნით აღჭურვილს.

ვის გონს ვერ აკრთობს ტანჯვა-წვალება, ვინც სიამესაც თავი ანება
ბრძენია, ვისაც არ ეკარება სურვილი, შიში და მრისხანება.

ვისაც ვერ ითრევს, ვეღარ ატყვევებს, ავი და კარგი ამქვეყნიური,
ვისაც არა სურს და არც სძულს რამე, მისი სიბრძნეა მტკიცე, ღვთიური.

ბრძენი მაშინ ხარ, როცა კუსავით, რომ შეუმალავს შიგნით ფეხები,
ალაგმავ გრძნობას და გრძნობის საგანს ჩამოაშორებ, არ შეეხები.

თუკი მარხულობ, ტკბობის საგანი ქრება, თუმც გემო არ გავიწყდება,
მხოლოდ-ღა ხილვით უზენაესის, ის საბოლოოდ ქარდება, წყდება.

თუმც იმისთვისაც, ვინც მართავს გრძნობებს და ცოდნით სავსე, ბრძენი კაცია,
აბობოქრებულ გრძნობათა მორევს ჭკუა-გონება წარუტაცია.

გრძნობა მოთოკე, დაჯექ და ჩემი – უზენაესის იყავ მხმობელი,
ვინც გრძნობებს მართავს მისი სიბრძნეა მხოლოდ საფუძველდაუმხობელი.

გრძნობის საგნებზე ფიქრი და ჭვრეტა თვით ამ საგანთა ბორკილებს გადებს;
მიჯაჭვულობას სურვილი მოაქვს, მრისხანებას კი წადილი ბადებს.

მრისხანება შობს სიბრმავეს სულის, ხსოვნას აკნინებს ეს უგნურება,
ხსოვნის დაკარგვას გონისა მოსდევს, გონის დაკარგვას – განადგურება.

ვის ძალუძს ეპყრას თავიც და გრძნობაც და საგნებს შორის ასე ეტაროს,
ვის ძალუძს ეხსნას ზიზღსა და ნდომას , ჰპოვებს სიმშვიდეს ის სანეტაროს.

ამ სიმშვიდეში ყველა ტკივილი განიავდება და განქარდება
და გონიც კაცის, ფიქრუშფოთველის, მალე აღდგება და გამყარდება.

ვინც თავს ვერ იდრეკს, არ ძალუძს წვდომა, უცხოა მისთვის გონიერება,
უწვდომელად კი ვინ თქვა სიმშვიდე, ან უამისოდ ბედნიერება?!

დაიძვრის გრძნობა, დახეტიალობს, ფიქრიც მას მისდევს, ვერ კი აკავებს
და როგორც წყალზე ნავს ქარიშხალი, გართმევს გონებას და მიაქანებს.

სწორედ ამიტომ, მკლავმოუდრეკო, ვინც დაიოკა გრძნობიერება
და ლტოლვის მიზეზს ჩამოაშორა, მტკიცეა მისი ცნობიერება.

სადაც ღამეა სხვა ყველასათვის, იქ თავის მფლობი ფხიზლობას ბედავს,
ხოლო სხვები კი იქა ფხიზლობენ, სადაც ღამეა მისთვის, ვინც ხედავს.

მუდამ სავსეა ოკეანე და მაინც მშვიდი,
ედინებიან მდინარენი, მასში ქრებიან.
არ აქვს სიმშვიდე სურვილთ მსურველს, მას ჰპოვებს იგი,
ვისაც ერთვიან სურვილები და ინთქმებიან.

ვინც უარი თქვა ყველა სურვილზე და ვინც ხორციელ ვნებასაც სძლია,
ვინაც არ იცის არც “მე”, არც “ჩემი”, სიმშვიდის პოვნა მას შეუძლა.
ამგვარ ღვთაებრივ ყოფას სულისას, თუკი მიაღწევ, აღარ შეცდები,
ბოლო წამს მაინც თუ დაჰყოფ მასში, ღვთის სასუფეველს შეუერთდები.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff