ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მესამე - მოქმედების გზა

თავი მესამე - მოქმედების გზა

არჯუნამ თქვა:

თუ ამქვეყნიურ ამაო ფუსფუსს გზა შემეცნების შენ ამჯობინე,
მაშ, საშინელი ეს საქმე რად გსურს, რომ ჩავიდინო, გამაგებინე!

თავ-გზა ამებნა ორაზროვნებით! რად გსურს ამ გულში ეჭვები თესო?
შეგთხოვ, ერთი გზა მიჩვენე მხოლოდ, თქვი, რა გზა არის საუკეთესო!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

ო, უცოდველო! ადრეც მითქვია, რომ ორგვარია თვით კაცთა წყობა, _
ცოდნის მძებნელთა გზა ცოდნა არის, გზა საქმიანთა – საქმიანობა.

ვერ მიაღწიოს უმოქმედობას, ვისაც აქვს საქმე უარყოფილი,
ვერც ამ სოფლისგან განდგომით მხოლოდ ვერ შეიქმნები შენ სრულყოფილი.

ვერვინ დარჩება ქვეყნად უსაქმოდ, წამითაც თავს მას ვერ მიანებებს,
ყველა იქმს, რადგან სდევს უნებურად ზნეს ბუნებისა და მის ბრძანებებს.

ვინც სხეულს მართავს , ტკბობის საგანს კი ფიქრებში ზურგი ვერ შეაქცია,
მასზე იტყვიან, რომ ცოდნის გზაზე მხარაქცეული და თვალთმაქცია.

სჯობს კაცმა გრძნობა ჭკუით მოთოკო , გრძნობით მოქმედი ნაწილნი მართო
და მოქმედების იოგას უძღვნა, მიუჯაჭველმა იგი წარმართო.

და რადგან შრომა ჯობს უსაქმობას, აკეთე ის, რაც შენი ვალია,
უსაქმოდ თავსაც ვერ გადაირჩენ, ასე დაღუპვაც გარდუვალია.

მსვერპლად უფლისთვის თუ არ დებ საქმეს , შეიბორკები ამ წუთისოფლით;
მისთვის იღწვოდე უანგარიშოდ, თავგამოხსნილი შენივე ოფლით.

მსხვერპლთან ერთად ქმნა გამჩენმა კაცნი , უთხრა: "ეს იყოს თქვენი მხლებელი,
მისით ხარობდეთ, დაე, ეს იყოს თქვენთვის ნატვრათა ამსრულებელი"!

გიწყალობებენ მაღლით ღმერთები , თუ არ მოიშლით თქვენც მათ წყალობას,
ასე ერთურთზე ზრუნვით მიწვდებით ზესთ ნეტარების წარუვალობას.

არ მოგაკლებენ ქვეყნად სიკეთეს გახარებული თქვენით ღმერთები,
მაგრამ ქურდი ხარ, თუ არას გასცემ, ბოძებულით კი ხარობ და ტკბები!

ის , ვინც ჯერ უფალს სთავაზობს ტრაპეზს , განიძარცვება ცოდვით ყოველით ,
ის , ვინც თავისთვის ამზადებს საჭმელს , ცოდვას მიირთმევს მისივე ხელით.

მარცვალი არის სულდგმულთა საზრდო, ამქვეყნად წვიმის გამო შობილი,
წვიმას წირვა შობს, გაღება მსხვერპლის, თვითონ კარმისგან წარმოშობილი.

კარმა ბრაჰმამ შვა, ხოლო ბრაჰმა კი თავად უქმნია მას, წარუხოცველს;
მსხვერპლში დაუდევს ამიტომ ბინა უფალს , ყველგან მყოფს , ყოველის მომცველს.

ვინც ასე მბრუნავს განუდგა ბორბალს და ხელთ უპყრია ცოდვის სასმისი,
დასჯერებია ვინც გრძნობით ტკბობას, ამაო არის ცხოვრება მისი.

ვინც თავის თავში ჰპოვებს სისავსეს, თავის თავშივე შვების მპოველი,
აღარ აქვს საქმე იმას ამქვეყნად, _ ვინც თავის თავში ჰპოვა ყოველი.

ამ ქვეყანაზე მას არ აქვს მიზნად უსაქმობა ან საქმის მცდელობა,
არც არავისგან სურს ამისათვის მას პატრონობა და მფარველობა.

ნუ დაებმები ამიტომ საქმით, უანგარიშოდ ვალი ასრულე!
უფალს იხილავ, ყოველი საქმე მიუჯაჭველმა თუ გაასრულე.

სწორედ მით იქმნა ჯანაკა სრული, რომ მოიხადა მან სოფლის ვალი,
შენც სიმრთელისთვის იღწვოდე სოფლის , მასზე გეჭიროს სულმუდამ თვალი.

რადგან გახსოვდეს, ხალხი იმას იქმს, რასაც აკეთებს მისი რჩეული,
მას იმეორებს, რაც რჩეულისგან აქვს მაგალითად გამორჩეული.

სამ სამყაროში მე არ მაქვს ვალი, არ მაქვს საღვაწი და საშრომელი,
მაინც ვიქმ, თუმც კი არაფერი მაქვს მისაწვდომი ან მიუწვდომელი.

დაუცხრომელად საქმის კეთება მე წამით მაინც რომ დამეხანა,
ო, პართჰას შვილო, უთუოდ ჩემ გზას დაადგებოდა მთელი ქვეყანა.

რომ არ მეკისრა მე ვალი ჩემი, მთელი სამყარო დაინთქმებოდა,
სულდგმულთ ჩემს გამო თავს აღრევა და აღსასრულის დღე დაატყდებოდა.

ბჰარატას მოდგმავ, საქმეს აკეთებს და ეჯაჭვება უცოდინარი,
მიუჯაჭველად დე დაშვრეს მცოდნე , სოფლის სიმრთელის მსახურად მდგარი.

დაე უმეცართ, მიჯაჭვულთ საქმეს, ნუღარ აუბნევს იგი გონებას,
დე, დაასაქმოს ისინი საქმით, ნურც თვით დააკლებს მას მონდომებას.

თვითონ სრულდება ყოველი საქმე, ბუნების ძალით, მისივე ნებით,
მე ვაკეთებო, ასე ჰგონია კაცს, გონდაბინდულს თავმომწონებით.

მაგრამ მცოდნე კი, ვისაც უცვნია გუნებისა და საქმის ბუნება
არ ეჯაჭვება _ უწყის, რომ საქმე გუნის გუნაში არის ბრუნება.

ბუნების ძალით თვალახვეულს კი ბორკავს საქმენი ამქვეყნიური,
გონს ნუ აუმღვრევს დე , ცოდნანაკლულს , ვისაც აქვს სიბრძნე სრული , ღვთიური.

მაშ სულს მიენდე, შენი `მე~ დასთმე და მე მომიძღვენ საქმე ყოველი,
ურვა განაგდე, იყავ მებრძოლი, უანგარო და არასმთხოველი.

ჩემი მარადი სიტყვით ცხოვრებას დღემუდამ რწმენით თუ მოუნდები,
თუკი გაჰყვები მას უდრტვინველად, ჩამოგცილდება საქმის ხუნდები.

ხოლო იმათ კი, ჩემს სიტყვაში რომ ხინჯს დაეძებენ, არ მიჰყვებიან,
მხარი ექცევათ ყოველ ცოდნაში და უმეცარნი იღუპებიან.

ყოვლადბრძენიც კი, ყოვლის შემტყობი, თავის ბუნების ჭკუაზე დადის,
ბუნების ძალით იძვრის ყოველი, მისი ჩახშობა კარგს რას გიქადის?!

თვითონ გრნობაში აქვს დასაბამი გრძნობის საგანთა ზიზღსა და წადილს,
ნუ ემონები , ორთავ მტრად სცანი , ცნობდე შენს გზაზე მტერს და მის ქადილს.

სჯობს შენი საქმე აკეთო ცუდად, ვიდრე კარგად ვლო სხვისი სავალი;
საკუთარ ბედში სიკვდილი გიჯობს, სახიფათოა სხვა კაცთა ვალი.

არჯუნამ თქვა:

მაშ რა უბიძგებს კაცს ცოდვისაკენ, რომ არ სურს, მაგრამ მის უნებურად,
ძალას ატანდეს თითქოსდა ვინმე, სცოდავს და სცოდავს კვლავინდებურად?!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

კაცს სურვილი და რისხვა აცდუნებს, რაჯასი არის მათი მშობელი,
ისაა კაცის მტერი უძღები, მისგან აქვს ტანჯვა დაუშრობელი.

და როგორც სარკე იფარება მტვრით , ხოლო კვამლით კი ცეცხლი , ალება,
როგორც ნაყოფი დედის მუცელით, ცოდნა სურვილით მიიჩქმალება.

დაფარულია მისითვე სიბრძნე, ბრძენთაAმტერია დაუცხრომელი,
უძღები არის ვნება-წადილი, ცეცხლივით ხარბი და უძღომელი.

გრძნობები, ჭკუა და თვით გონება, მისი სახლი და კარია ყველა
და კაცს ატყუებს, ცოდნას უმალავს, რადგან იმათი აქვს მუდამ შველა.

გრძნობები მართე პირველ ყოვლისა, მოძმეთა შორის შენ ხარ ძლიერი,
და მოაკვდინე იგი – ბოროტი, სრულყოფილების და სიბრძნის მტერი!

ხორცს გრძნობა მეტობს, გრძნობას კი ჭკუა, გონი ჭკუაზე მაღლა მდგომია
ხოლო იგი კი – წარუხოცელი, გონებისთვისაც მიუწვდომია.

მას, გონზეც მაღალს, იცნობდე, გქონდეს, ზღუდე სულისა მკვიდრად ნაშენი
და სძლიე მტერი, ძნელდასაძლევი, მტერი, სახელად სურვილი შენი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff