ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეოთხე - საქმისგან ცოდნით განდგომის გზა

თავი მეოთხე - საქმისგან ცოდნით განდგომის გზა

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ვივასვანს ვამცნე სიტყვა უკვდავი, ჟამს ოდეს თავად სამყარო იშვა,
მანუს გაანდო ის ვივასვანმა, მანუმ თავის შვილს უამბო, იშვაკს.

ყველა სწავლობდა მას ბრძენი მეფე, რომ მემკვიდრისთვის კვლავ გადაეცა,
თუმც გაცამტვერდა ცოდნა დიადი, დროთა ტრიალში იგი დაეცა.

ეს უდიდესი იოგა ძველი, მე დღეს უკლებლივ შენ გაგიმხილე,
მეგობარი ხარ ერთგული ჩემი, ეს საიდუმლოც მისთვის იხილე.

არჯუნამ თქვა:

შენ ახლა გაჩნდი, ვივასვანი კი წინაპარია კაცთა პირველი,
როგორ ვირწმუნო, რომ შენ იმისი ხარ დამმოძღვრავი თავდაპირველი?

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

მტერთა მძლეველო, ქვეყნად გაჩენა ჩვენი მე და შენ ბევრჯერ გვინახავს,
მე ყველა მახსოვს ისინი, შენ კი, ხსოვნაში ერთიც არ შეგინახავს.

თუმც უფალი ვარ, არსთა მეუფე, მარად უცვლელი, დაუბადები,
ჩემს თავს ჩემივე მაიას ძალით ვმართავ და ვჩნდები, ხალხს ვეცხადები.

როცა ეცემა ქვეყნად სიწმინდე, უკეთურობით ქვედამხობილი,
მე ვევლინები ქვეყნიერებას, ჩემივე ნებით გამოხმობილი.

ბოროტეულთა მლეწველად, მკვლელად, მართალთა შემწედ, და მათდა მხსნელად,
ჟამიდან ჟამად მე ვიბადები სჯულიერების დამდგენად, მცველად.

ვინც დაბადება ჩემი ღვთიური და საქმეები უცდომლად იცის,
მოვა ჩემამდე ის უცილობლად, არ უწერია კვლავ ხილვა მიწის.

ბევრმა, მძლემ შიშის, სურვილის, რისხვის, ჩემით აღვსილმა და მონდობილმა
ბინა დაიდო ჩემს საუფლოში, სიბრძნით ნაწრთობმა და განწმენდილმა.

როგორაც მოვლენ, ისე მივიღებ, ისევე ვწყალობ, როგორც მხვდებიან,
საითაც უნდა წავიდნენ კაცნი, მაინც ჩემი გზით იარებიან.

ცად ღმერთებს უძღვნის მოკვდავი საწირს, საქმე თავისი ბედს რომ აწიოს,
მალე მიაღწევს საწადელს კაცი, ქვეყნად რომ შრომის ჭაპანი სწიოს.

მე შევქმენ კაცთა ოთხი წოდება, ყველა მისსავ ზნის კვალად მოქმედი,
თუმც უცვლელი ვარ და უმოქმედო, იცოდე, მაინც ვარ შემოქმედი.

ვერ შემბღალავენ მე საქმეები და არც ნაყოფნი მათი მწადიან,
ვინც ეს შეიცნო, საქმენი მისნი ტყვეობას არც მას არ უქადიან.

ამგვარი ცოდნით უძღოდნენ საქმეს თავისუფლების მძებნელნი ძველად,
შენც გაისარჯე, ვით წინაპარნი იღწვოდნენ შენნი მუხლჩაუხრელად.

რა არის საქმე, ან უსაქმობა, ამას ბრძენნიც კი დაუბნევია,
განერიდები ბედის სიმწარეს, თუ სიტყვა ჩემი გულს გაბნევია.

უნდა იცოდე, რა არის საქმე, თუმც უსაქმობაც საცოდნელია,
საძრახი საქმის გარჩევაც გქონდეს, მათი გზა-კვალის ცნობა ძნელია.

ვის უქმობაში უცვნია საქმე, ქმნა კი უქმობად მიუჩნევია,
გონიერია ის სხვაზე უფრო და გულისყურით შრომა სჩვევია.

ბრძენად გიხმობენ, თუ საქმეს იწყებ, მაგრამ სანაცვლოდ არას მოელი,
თუ ცოდნის ცეცხლში გადაისროლე საქმიანობის კვალი ყოველი.

ვინც ეხსნა ნაყოფს და მუდამ მშვიდი, თავისი თავის არის უფალი,
თუმც შრომობს მუდამ, უქმეა მაინც და საქმისაგან თავისუფალი.

ვინც იმორჩილებს თავსა და ფიქრებს, არას მოელის, არც რის სურს ფლობა,
იგი, ვინც სხეულს ასაქმებს მხოლოდ, საქმით ცოდვაში არ ჩაეფლობა.

შურს, გაორებას ვინც გადაძლევს და რას ბედი მისცემს, მას დასჯერდება,
სწორად შეხვდება ვინც მარცხს და იღბალს, საქმით ბორკილი არ დაედება.

თავდახსნილმა და მიუჯაჭვეჯმა, აზრით სიბრძნეში ურყევად მდგარმა,
საქმე სამსხვერპლოდ ვინც მიიტანა, ქარად იქცევა იმისი კარმა.

ღმერთია მსხვერპლიც და მისი წირვაც , ცეცხლიც , სამსხვერპლოდ რომ უნდა ენთოს,
ღმერთს ღმერთი სწირავს , რომ ჩაძირული უფლის საქმეში უფალს შეერთოს.

ღმერთებს შესწირავს ზოგი იოგი, თაყვანი მხოლოდ მათთვის უცია,
ზოგს კი შეწირვით თვით მსხვერპლშეწირვა უფლის ცეცხლისთვის გადაუცია.

ვის სმენა მიაქვს , ან სხვა რამ გრძნობა , მსხვერპლად დათმენის საკურთხეველთან,
ვის ბგერის დარი გრძნობის საგანი დაუდევს გრძნობის სამსხვერპლო ცეცხლთან.

ზოგი თვით სუნთქვის მოქმედებას და მთელი თავისი გრძნობების კრებულს,
სწირავს დათმენის სამსხვერპლოს წმინდას , ცოდნის ნათელით გაცისკროვნებულს.

ვინ სიმდიდრეს თმობს , ვინაც თავს იწრთობს , ვინ მსხვერპლად ტანჯვას , დათმენას სწირავს ,
ვინ განმდგარა და აღთქმის ერთგული ცოდნის მსხვერლს იღებს _ წიგნი უჭირავს.

ვინ ჩასუნთქვას თმობს ამოსუნთქვისთვის, ამოსუნთქვას კი ჩასუნთქვას ართავს,
ასე აკავებს სუნთქვის დინებას და სასიცოცხლო ნაკადებს მართავს;

ვინ ჩასუნთქვასვე სწირავს ჩასუნთქვას, ასე სურს მარხვა, სუნთქვის სწორება
მსხვერპლის მცოდნეა ამათგან ყველა და მსხვერპლით ცოდვას განეშორება.

ის , ვინც სვამს წირვის ნარჩენთა ნექტარს , ღვთის სასუფევლის შეაღებს კარებს,
აქაც ვერ ხარობ თუკი უმსხვერპლოდ, სხვა ქვეყნად მითხარ, რა გაგახარებს?

მსხვერპლი სხვადასხვა უფლის წინაშე გადაშლილია და გარდახსნილი
საქმით შობილა, იცოდე, ყველა და შენც იქნები ცოდნით დახსნილი.

სჯობს ცოდნა სწირო, ვიდრე გაიღო ნივთიერი რამ, მოჩვენებითი,
ცოდნისკენ მიდის მაინც ამქვეყნად ყოველი საქმის გზა ბუნებითი.

ნახე მოძღვარი და ემსახურე, ჰკითხე, თაყვანი მდაბლად უძღვენი
და გაზიარებს შენც დიად სიბრძნეს ჭეშმარიტების შემცნობი, ბრძენი.

აღარ შეცდები, შენც სინამდვილის გულში წვდომა რომ შეგაძლებინა,
ნახავ, რომ შენში, ასევე ჩემში დაუდევს ყველა სულიერს ბინა.

ცოდვებით სავსეც რომ იყოს კაცი, მასზე ცოდვილი სხვა რომ არ იყოს,
ისიც კი შეძლებს ცოდნის ხომალდით სული ცოდვათა ზღვიდან გარიყოს.

არჯუნა, როგორც ცეცხლი ნთქავს შეშას და აღარ რჩება ხისაგან კვალი,
ასე საქმეთა ყოველ ნაკვალევს შლის, აცამტვერებს, სპობს ცოდნის ალი.

და რადგან ქვეყნად განმსპეტაკები სიბრძნეზე დიდი არ არსებულა,
თვითონ იპოვის მას თავის თავში ის, ვინც იოგას სრულქმნით ქებულა.

თუ მორწმუნე ხარ, უფლის ერთგული და თუ გრძნობებიც შენ გადაძალე,
ეწევი სიბრძნეს, მასთან ერთად კი ღვთიურ სიმშვიდეს იპოვი მალე.

დაიღუპება კაცი ურწმუნო, უმეცარი და მიუნდობელი,
ვერ მოუტანენ ეჭვიანს შვებას ვერც ეს ქვეყანა, ვერც სხვა სოფელი.

ვინც იოგას გზით განუდგა საქმეს და ჩასცა ეჭვებს ცოდნის მახვილი,
არ იბორკება ის საქმეებით _ თავის მომდრეკი, გადამლახველი.

მაშ, შენც გაჰკვეთე ცოდნის მახვილით ეჭვი სიბეცით გულში შობილი,
იოგას გზაზე დადექი მტკიცედ, ადექი, ბრძოლად ხარ მოხმობილი!

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff