ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეექვსე - თავის დაოკების გზა

თავი მეექვსე - თავის დაოკების გზა

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ვინც არ გაურბის მის საკეთებელს და არც სარგებელს ეპოტინება,
იოგიცაა და განდეგილიც ის, ვინც შრომაც და წირვაც ინება.

ო, პანდაველო, იოგა არის, ის რაც განდგომა ხალხსა ჰგონია,
რადგან იოგი ის ვერ გახდება, ვინც გულისწადილს არ განდგომია.

საქმეს მოიხმარს განმდგარი ხერხად, თუ იოგას გზის გახდა მხლებელი,
მაგრამ თუ შედგა ფეხი მწვერვალზე, უქმეა მისი საკეთებელი.

მწვერვალს ის მისწვდა, ვინც გრძნობის საგანს და საქმეებსაც უთხრა უარი,
ვინც აღარ ზრუნავს ჟინის მოკვლისთვის, რადგან განაგდო ეს სატყუარი.

არ დაიკნინოს, დე კაცმა თავი, დე თვისით იქმნას ამაღლებული,
მეგობარია კაცი თავისა და მტერი, მახვილამოღებული.

მეგობარია კაცი თავისა, თუ მომრევია მისი, მთოკავი,
მაგრამ თუ ვერ სძლევს , ლაგამს ვერ მოსდებს , მტრად გაუხდება თავისი თავი.

ზენარ სულშია განმტკიცებული, ის ვინც თავს სძლია, ნახა მშვიდობა,
თავს ლაფი ასხან, გინდ პატივი სცენ, დარი ხვდეს, გინდაც უამინდობა.

ზესულს შეერთო, ის, ვინც მტკიცეა, ვინც დასცა გრძნობა და დაამიწა,
ვინც ბრძენია და სიბრძნით მოქმედი, ვისთვის ერთია ოქრო და მიწა.

ვისთვის ერთია ნაცნობ-უცნობი, მოძმე, მოძულე, მტერი, მოყვარე,
ვინც არ განარჩევს წმინდანს და ცოდვილს, ის არის ქველი და კაცთმოყვარე.

ხამს განმარტოვდეს იოგი მიწყივ და ყურადღება მოკრიბოს სრული,
იყოს მომდრეკი გრძნობის და ფიქრის, არასმქონები, სურვილმოსრული.

სუფთა, უკაცურ ალაგას ნახოს მიწა მაგარი, სწორად ნაგები,
ტყავი გაშალოს წმინდა ბალახზე და ზედ ქსოვილის დადოს საგები.

დაჯდეს, მოთოკოს გრძნობა და ფიქრი, გაფანტულობა ფიქრის აღკვეთოს,
იოგას მიჰყვეს და ყოველივე განწმენდისათვის ოდენ აკეთოს.

გამართოს ტანი, კისერი, თავი, იყოს უძრავი და უცვალები,
მშვიდად მიაპყროს მზერა ცხვირის წვერს და არ გაექცეს სხვაგან თვალები.

დე, იჯდეს მშვიდი და უშიშარი, უბიწოების აღთქმის ერთგული,
მიზნად დამსახოს გონმოკრებილმა და ჩემზე ფიქრში დაიცხროს გული.

ასე დღემუდამ სულში დანთქმული, იოგი, ფიქრებდაამებული,
ნახავს მშვიდობას და ნეტარებას, ჩემს საუფლოში დავანებული.

ვერ სდევს იოგას კაცი უჭმელი და ვერც უზომოდ მუცლის მძღობელი,
მას ვერ ეწევა ვერც უძილო და ვერც მეტისმეტი ძილის მცხობელი.

ვინც ზომიერად ჭამს და ისვენებს, მზეს დროზე ხვდება, დროზე აცილებს,
ვინც ზომიერად ებმება საქმეს, იოგა ტანჯვას მას მოაცილებს.

როდესაც ფიქრი მოთოკილია, წადილისაგან თავისუფალი,
შენივთულია როცა ის სულთან, ითქმის რომ ნახა კაცმა უფალი.

უქარო ალაგს თუ დგას ლამპარი, სიო არ არხევს, არ იძვრის ალი,
თავის სულშივე დანთქმულის ფიქრიც უშფოთველია და შეუმკრთალი.

როს მიწყნარდება, ჩადგება ფიქრი, იოგას წრთობას მონებებული,
თვით სული იცნობს სულს უზენაესს, მისითვე სავსე, მოსვენებული.

ეს ნეტარება გონით საწვდომი გრძნობისთვისაა მიუწვდენელი,
არ არის ძალა მისი შემცნობის ჭეშმარიტ გზიდან გადამცდენელი.

აღარას ეძებს მისი მპოვნელი, იცის, არ-რა არს ამაზე მეტი,
ვერ შეარყიოს ის სატანჯველმა, რაგინდ დაესხას სიმწრისგან რეტი.

იოგა ტანჯვის ხუნდთა წყვეტაა, სხვა ნურაფერი ნუ გეგონება,
ხამს მტკიცე იყოს და უსურვილო ამ გზით მავალი კაცის გონება.

დე, მიატოვოს დაუნანებლად ვნება გულისთქმის ჩაწვეთებული,
ჭკუით მოთოკოს, გზა აღარ მისცეს, მოსრას გრძნობათა მთელი კრებული.

ასე თანდათან, მტკიცე გონებით დაე, სიმშვიდეს ის მიეახლოს,
სულში დანთქმულმა მთელი არსებით არ გაიკაროს სხვა ფიქრი ახლოს.

საითაც უნდა გაექცეს ფიქრი, მუდამ მერყევი, მოუსვენარი,
დაე, მოდრიკოს დაუღალავად და სულის ნებით დაუდოს ზღვარი.

თუკი გულს იცხრობს, იოკებს ვნებას და მოუშთობელს ცოდვას არ ტოვებს,
უერთსულდება იოგი უფალს და ზესთა ლხენას, მარადისს, ჰპოვებს.

ასე დღემუდამ სულში დანთქმული, განრიდებული ცოდვის ტარებას,
მალე ეწევა ის ღმერთთან შეყრის მარად სიხარულს და ნეტარებას.

იგი , ვინც სულს სჭვრეტს ყოველ სულდგმულში , თავად სულში კი ყოველ არსებას,
ის, ვინც სულს წრთობით გაუერთსულდა, ყოველივეში ჰპოვებს მსგავსებას.

ის, ვინც მე მხედავს ყველგან, ყოველში და ყოველივეს ჩემშივე სახავს,
არ განმშორდება არასოდეს და მეც მისგან წასულს ვერასდროს მნახავს.

ვინც დაიმკვიდრა ყოვლის ერთობა და მე ვუყვარვარ – არსთ ბინადარი,
სადაც არ იყოს და იარსებოს, ჩემშია მაინც, ჩემს ბინად არი.

ვინც არ განარჩევს ბედს, უბედობას, ის იოგია ქვეყნად ქებული,
ის, ვინც იხილა ყოვლის ერთობა, სცნო ყველა ერთ სულს მიმსგავსებული.

არჯუნამ თქვა:

შენ მე ერთობის იოგას მამცნობ, ფიქრი კი ზღვაა, მოუსვენარი,
საფიქრელია, რომ საძირკველი ამ იოგასი არ არის მყარი.

როგორ ვიფიქრო მოთოკვა მისი, დაუდგრომელის და ბობოქარის,
ძნელი იქნება ჩემთვის ეს საქმე, როგორც დაჭერა მინდორში ქარის!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

მძლეთამძლე გმირო, ურჩია ფიქრი, ძნელია მისი დაშოშმინება,
თუმც შესაძლოა, თუ თავის წრთობა და უნდომლობა გულმა ინება.

ძნელად ეწევა კაცი იოგას თუ ვერ ერევა ფიქრებს უმართავს,
მას ის მიაღწევს, ვისაც უცდია და სწორი გზებით ჭკუა უმართავს.

არჯუნამ თქვა:

რა ბედი ელის, მას ვინც ვერ განდგა, თუმც გულით სწამდა, გულით ეწადა,
მას, ვინც ვერ შესძლო, ფიქრი დაეპყრო და სრულქმნილება გამოეცადა?

ნუთუ ამცდარი ორივე ბილიკს, ორივე გზაზე მხარაქცეული,
არ იღუპება საყრდენმოცლილი, როგორც ღრუბელი, ქარად ქცეული?

ო, ეს ეჭვია მე რომ მაწვალებს და უსათუოდ მსურს განმიმარტო,
მსურს გამიფანტო, ქარს მისცე სრულად, რადგან ეს ქვეყნად შენ ძალგიძს მარტო!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

არც იმ ქვეყნად და არც აქ, მიწაზე იმას დაღუპვა არ უწერია,
ავს არ მოიწევს, ვის სიკეთის ქმნა გულის ფიცარზე დაუწერია.

ცად მადლისმქმნელთა ალაგს იმკვიდრებს, ვისაც კი ფეხი გზად უბრუნდება,
შემდეგ ბედსვიან, ზნიან ოჯახში ამ წუთისოფელს კვლავ უბრუნდება.

ანდა ეწვევა იოგთა ოჯახს, სახლს ბრძენისა და ყოვლის მიმხვედრის,
თუმც წუთისოფლის სტუმართა შორის ცოტა თუ ხდება ღირსი ამ ხვედრის.

და რადგან ყველა სულდგმულს ამქვეყნად წინა სიცოცხლის მოსდევს შეგნება,
დასახლებული ახალ სხეულში ის კვლავ სრულყოფის გზაზე შედგება.

მისსავ ნაღვაწით მის უნებურად ის შეიქნება ისევ ძლეული,
მხოლოდ მსურველსაც იოგას წრთობის, წერილთა სიტყვა აქვს მოლეული.

ვისაც კი განწმენდს ცოდვებისაგან იოგას გზაზე გულმოდგინება,
მრავალჯერ მოსვლით ვინც ჰპოვებს სრულქმნას , ზესთა სამყოფელს დაედგინება.

მცოდნეს, საქმის კაცს და ტანჯვის მთმენსაც აღემატება ამ გზით მავალი,
იოგას სდიე შენც, მას მიუძღვენ ძალ-ღონე შენი და მომავალი.

იოგთა შორის იმას ვუწოდებ მე ღმერთთან შეყრილს, გზადასრულებულს,
ვისაც მე ვწამვარ და მე ვუყვარვარ, თვით სულით ჩემთან გაერთსულებულს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff