ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეშვიდე - ცოდნა და გასხივოსნება

თავი მეშვიდე - ცოდნა და გასხივოსნება

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ისმინე, პართჰავ, თუ ვით შემიცნობ ჩემი კალთის ქვეშ ბინის მნახველი,
იოგი, ჩემსკენ გულმოპყრობილი, ეჭვთა მორევის გადამლახველი.

მე ცოდნისა და გასხივოსნების შენთვის ვიქნები სრულად მცნობელი,
არა რჩება რა მთელს ცისქვეშეთში ამის შემცნობელს შეუცნობელი.

მრავალ ათასში ერთი თუ მისდევს სრულქმნილების გზას გულმოდგინებით
თუმც იმათგანაც, ვინც ჰპოვა სრულქმნა, ერთი თუ მიცნობს დანამდვილებით.

მიწა და წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, გონი, მის წინ გუნება,
შემდეგ მეობა, _ აი, ეს არის რვად დაყოფილი ჩემი ბუნება.

ეს უმდაბლესი არსია ჩემი, აწ კი სხვა იცან _ სული ცხოველი,
მასზე დგას მთელი ცისქვეშეთი და მისით სულდგმულობს არსი ყოველი.

ამ ორ საშოდან იშვის ყოველი, იშვის სიცოცხლე სოფლის მდგმურების,
მე ვარ სამყაროს შემოქმედი და მიზეზი მისი განადგურების.

არაფერია, განძთა მხვეჭელო, თვით ჩემზე უფრო მაღლად დასხმული,
ჩემს გარშემოა სხვა ყველაფერი, ვით მარგალიტი, ძაფზე ასხმული.

წყალთა გემო ვარ, მზის ელვარება, ღამით კი მთვარის სხივთ მოვანება,
წმინდა სიტყვა ვარ, ბგერა ჰაერში, კაცში კი გულის სიმთ ხმოვანება.

ვარ მადლიანი მიწის სურნელი, ბრწყინვა-ციალი ვარ ცეცხლის ალის,
ვარ განდეგილთა თმობის სურვილი, მე ვარ სიცოცხლე ყველა ცოცხალის.

მარადიული მე ვარ მარცვალი, ჩემგან აღიძვრის ყველა ქმნილება,
გონიერება ვარ გონიერთა და ღვაწლმოსილთა ღვაწლმოსილება.

ძლიერთა შორის ძალა ვარ მათი, სურვილებს, ვნებებს მორიდებული,
ძეხორციელთა სურვილიც მე ვარ, ბუნებრივ წესთან მორიგებული.

უგუნურება და სათნოება, თუგინდ ქმედებად აღმძვრელი ვნება,
ჩემშია ყველა, მე არ ვარ მათში, _ თვით ჩემგან ყველა მოედინება.

ამ სამთა ნაქსოვ ყოფით დამთვრალი დაბრმავებულა ქვეყანა მთელი
და ვერ ვუცნივარ უზენაესი, მე _ მიღმიერი, მარად უცვლელი.

ძნელსაძლევია სამგზის ნაქარგი ეს ღვთაებრივი ჩემი ზმანება,
ვინც მომენდობა, მას გადალახავს და ჩემს სავანეს დაევანება.

უმდაბლესნი კი _ ბოროტის მქმნელნი, ზმანების ძალით ცოდნალეულნი,
არ მეძებენ და ბოროტ ავსულებს ემსგავსებიან, გზააბნეულნი.

ბჰარატას შვილო, სულ ოთხნაირი მე მყავს მსახური _ ოთხივე ქველი,
ტანჯული, ბრძენი, ცოდნის მოსურნე და მოწყალების ღვთისგან მსურველი.

ბრძენია მათში გამორჩეული, განუშორები, ერთის ერთგული,
ფასი არ მადევს მე იმის თვალში, მეძვირფასება მეც მისი გული.

ღირსეულია თუმც მათგან ყველა, მხოლოდ ბრძენია ჩემი სადარი,
მხოლოდ მან უწყის, გონმოკრებილმა, ჩემი საუფლო ზენა სად არი.

მრავალ სიცოცხლე გამონაცადი ჩემს საუფლოში ბოლოს ის მიდის,
ფიქრობს: `ღმერთია, ყველა, რაც არის.~ _ ძნელია ნახვა ამგვარ სულდიდის.

ვინც განუძარცვავს სიბრძნისგან ვნებას, მის გულს სხვა ღმერთი ესალბუნება,
ემსახურება, მის წესებს მისდევს, რადგან თვისივე ზღუდავს ბუნება.

რა ხატებასაც უნდა აქებდეს რწმენით აღსავსე ერთგულის ენა,
იმ ხატებისა და იმ სახების ჩემგან ეძლევა მას მტკიცე რწმენა.

თაყვანს მიაგებს ღვთაებას თვისას, რწმენის ნათელი მადლით ცხებული,
წყალობას იღებს, თუმცა წყალობაც მას ჩემგანა აქვს მიმადლებული.

მაგრამ წარმავალს მოიწევს ნაყოფს, ვინც უჭკუოა, მცირედმბჭობელი,
ღმერთებთან მივა მლოცველი მათზე, ჩემთან კი _ ჩემი შემამკობელი.

რომ უჩინარი გავხდი საჩინო, ბრიყვი თუ ფიქრობს, ჭკუაუწვრთნელი,
ზენა ბუნება ვინც ვერ სცნო ჩემი, წარუხოცელი და სწორუქმნელი.

არ ვარ საჩინო მე ყველასათვის, ვერ მცნობს ქვეყანა, კვალდაკარგული,
რადგან უცვლელს და დაუბადებელს, ზედ ზმანება მაქვს შემოქარგული.

მე ვუწყი, თუ ვინ მოსულა ქვეყნად, ანდა ვინ არის აწ მომავალი,
მე ყველას ვიცნობ, მაგრამ მე თვითონ არავინ მიცნობს ცის ქვეშ მავალი.

ნდომით და ზიზღით გაორებული, მოტყუებული, ზღვარდადებული,
დაბრმავებული დადის სუყველა სულდგმული, ქვეყნად დაბადებული.

მაგრამ ვინც ბოლო მოუღო ცოდვას და ნებამტკიცე სიკეთეს თესავს,
დახსნილი ბრმობას და გაორებას, ის განმადიდებს, ვწამვარ და ესავს.

ვინც თავს მაფარებს, რადგან დაეძებს სიბერისა და კვდომისგან შველას,
შეიცნობს უფალს, სულს უზენაესს და კარმისასაც შეიტყობს ყველას.

ვინც მიცნობს , ვითარ მსხვერპლს უზენაესს , არსთა არსს ,უფალს , ცათა შინ მყოფელს,
არ ვავიწყდები ცნობააუმღვრევს, თუნდ შორდებოდეს ამ წუთისოფელს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff