ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მერვე - უფალი წარუვალი

თავი მერვე - უფალი წარუვალი

არჯუნამ თქვა:

სულო დიადო, რა არის კარმა, რაა ღმერთი ან ღვთაება ზენა?
რა არის სული უზენაესი, ან არსთა არსი, ნეტა მაჩვენა!

რა არის მსხვერპლი უდიადესი, ან ამ სხეულში ვით უდევს ბინა?
ან სიკვდილის ჟამს თავის მომთოკნი ვით გცნობენ, ნეტა გამაგებინა!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

თვითარსი არის სული ზენარი, უზენაესი წარუვალია,
კარმა სულდგმულთა ყოფად აღმძვრელი და გამფანტველი რამე ძალია.

არსთა ბუნება წარმავალია, ზესთა ღვთაება ზენაა სული,
უდიადესი მსხვერპლი თვით მე ვარ, ძეხორციელის გულში შთასული.

ვინც მომიგონებს სიცოცხლის ბოლოს, ვისაც ექნება ჩემი ხსენება,
ეზიარება ის ჩემს სიცოცხლეს, როს ხორცს დახსნილი, განესვენება.

როგორი არსიც ახსოვს მომაკვდავს, როს სულისაგან ხორცი იცლება
დღემუდამ მასში მყოფი, იცოდე, იმავე არსში გარდაიცვლება.

ამიტომ მუდამ მე გახსოვდე და მახვილს იქნევდე მტერთან ცილობად,
მომაპყარ გული, გონების თვალი და მოხვალ ჩემთან შენ უცილობლად.

გონებას იკრებს ვინც მიწყივ წრთობით და არაფერი იტაცებს მეტი,
ზესთ-უზენაეს სულთან მიიყვანს მას დაფიქრება ღმერთზე უწყვეტი.

ის – უასაკო, ყოვლის გამგე, ყოვლის გამგები,
მცირედზე მცირე, მიუწვდომი ვისია სახე,
მზეებრ ნათელი, ყოვლის შემწედ თავის დამგები,
ბნელისთვის უცხო _ დღენიადაგ ფიქრად ისახე!

ვინც სიკვდილის ჟამს მას მიაპყრო ურყევად ჭკუა,
ვინც ერთგულია და იოგას წრთობით ძლიერი,
სიცოცხლის ძალთა მომკრებია ვინც წარბთა შუა,
მას შეეყრება სული ზენა, ზესთ-ზეციერი.

იგი, რაც არის მცოდნეთათვის წმინდა სახელი,
სად შეაბიჯებს განდეგილი, წადილს დახსნილი,
რისთვის სწადიათ ყოფნა წმინდა, შეულახველი, _
აწ იცან ყოფა, შენთვის მოკლე სიტყვით ახსნილი.

ვინც გადარაზა ბჭენი ყოველნი და ფიქრებს გული დაუდო ზღვარად,
გულისყურს უხმობს და შუბლში იკრებს ვინც ცხოველ ჰაერს , მოდენილს ღვარად;

ხორცთან გაყრის ჟამს ვინც წმინდა სიტყვით მოუხმობს ღმერთს და მე გამიხსენებს,
ეზიარება ზესთა საუფლოს, როს დასთმობს სხეულს და განისვენებს.

თუკი ნიადაგ მე ვახსოვარ და თუ ფიქრებს მისას არ ვეშორები,
ადვილად მოვა იოგი ჩემთან, დღემუდამ წრთობას განუშორები.

აღარ სტუმრობენ კვლავ არ წარმავალ ჭირთა საუფლოს დიადი სულნი,
რადგან უმაღლეს და უდიადეს სრულქმნას ჰპოვებენ ჩემთან მოსულნი.

წესია ბრაჰმას სასუფეველშიც სიკვდილ-სიცოცხლის წრეში ბრუნება,
მხოლოდ ჩემამდე მოსულს არ ელის კვლავ დაბადება და დაბრუნება.

ათას იუგას იტევს ბრაჰმას დღე, ღამეც ამდენსვე მოითვლის მისი,
ვინც ეს შეიცნო და შეიმეცნა, დღისა და ღამის უწყის საზრისი.

დღისით აღიძვრის ხილული ყველა, უხილავიდან გადმოდინდება,
კვლავ უხილავში გადაისვრის და კვლავ გადამალავს მათ შებინდება.

ჩნდება და ქრება დაუსრულებლად მის უნებურად არსი მრავალი,
კვლავ გადამალავს მათ ღამე ბნელი და გამოაჩენს დღე მომავალი.

თუმც ხილულსა და უხილავს მიღმა სხვაა მარადი ის, უჩინარი,
მიწა მიიღებს ყველა გაჩენილს, არ კვდება იგი, გაუჩინარი.

უვლენი ჰქვია მას, წარუდინელს, მიზანს უმაღლესს, თვალით უხილავს,
არ დაბრუნდება, ის უნათლესი ჩემი საუფლო ვისაც უხილავს.

გზა სულისაკენ მისი უცვლელი სამსახურია ოდენ კრძალული,
თავად მასშია არსება ყველა, მისით აღვსილი და გამსჭვალული.

როდის ბრუნდება იოგი უკან, ანდა დახსნილი მომაკვდავ სხეულს,
როდის-ღა რჩება ცად საუკუნოდ, შენ გაგიცხადებ – ბჰარატთა რჩეულს:

ცეცხლს თუ ეახლა , დღეს ან სრულ მთვარეს , მზის მიქცევის თუ იძმო დინება
ნათელს თუ გაჰყვა მცოდნე უფლისა, მის საუფლოში დაედგინება.

ღამეს ან ნისლებს თუ ემეგზურა, მზის შემოქცევას ან მიმქრალ მთვარეს,
მთვარის შარავანდს მიეწევა და დაუბრუნდება კვლავ მოკვდავ მხარეს.

ეს ორი გზაა მარად უცვლელი: გზა სხივფენილი და შარა ბნელი,
ერთით ცას წვდება, მეორეთი კი უკან ბრუნდება უფლის მძებნელი.

არ აებნევა იოგს გზა-კვალი, გარჩევა იცის ამ გზების ოდეს,
იოგას მიჰყევ ამიტომ მტკიცედ, ნუ მიატოვებ მას ნურასოდეს.

რაგინდ ისწავლო, სწირო, ევნო, გასცე მრავალი,
და ვით წერილ არს, კეთილ ნაყოფს მისწვდე ამითი,
მეტს წვდეს იოგი, ამ ორი გზის ცოდნით მავალი
და ზესთა ზეცა დაიმკვიდროს, დასაბამითი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff