ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეცხრე - უდიადესი საიდუმლო

თავი მეცხრე - უდიადესი საიდუმლო

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ამ უდიადეს ჩემს საიდუმლოს შენ გაგიცხადებ _ სათნოს, უწყინარს,
რომ ცოდნითა და გამოცდილებით დაეხსნა ყოფას ჟამს, გაუცინარს.

გვირგვინი ცოდნის და დაფარულის, სულს ასპეტაკებს, წარუდინელი,
სჯულისმიერი და გასაგები არც საკეთებლად არ არის ძნელი.

ჩემს საუფლომდე ვერ აღწევს, ვისაც სჯული ასეთი ვერ უწამია
და უბრუნდება კვლავ მოკვდავ სოფელს, სადაც სიცოცხლე მხოლოდ წამია.

და თუმც გამსჭვალავს მთელს ამ სამყაროს უვლენ-უჩენი ჩემი სხეული,
მე არ ვარ მათში, თუმც ყველა სულდგმულს ადგილი ჩემში აქვს მიჩნეული.

არც ქმნილებანი არიან ჩემში, ნახე შეძლება გასაკვირველი:
ვასულდგმულებ და არ ვარ სულდგმულში, მე _ ყოვლის წყარო, თავდაპირველი.

თუმცა სულ დაქრის, მოუსვენარი, ვერ გადასცდება ცისკიდურს ქარი,
ასევე არი, იცოდე ჩემში, ამ წუთისოფლის ყველა სტუმარი.

რა დღე სრულდება, ჩემს თავდაპირველ არსს უბრუნდება ყველა ქმნილება,
ჩემითვე ხდება კვლავ ალიონზე მათი გაჩენა, გამოვლინება.

ვთქვი შემოქმედად ბუნება ჩემი, მას ვანდე ყოვლის აღმოცენება,
რომ თვით ემრავლა არსთა სიმრავლე, მათ უნებურად, როგორც ენება.

მე ვერ შემბოჭავს, განძთა მხვეჭელო, ვერ დამიმონებს ვერა ქმედება,
მე, განზე მდგომსა და თავისუფალს, საქმე ბორკილად ვერ დამედება.

უძრავი იყოს, გინდა მოძრავი, ყოვლის შექმნაზე მიჭირავს თვალი,
ამიტომ არის, რომ არ ჩერდება, ბრუნავს სამყარო, ვით ურმის თვალი.

არად მაგდებენ, მქირდავენ ბრმანი, კაცად მოსული თუ დამინახეს,
ზენარ ბუნებას ვერ ჭვრეტენ ჩემსას, არსთა გამრიგის ვერ ცნობენ სახეს.

ამაო მიზნით, ამაო ცოდნით, ამაო საქმით თვალდავსებულნი,
თავს აფარებენ ამაოებას, უღვთო ავსულებს დამსგავსებულნი.

მაგრამ მაღმერთებს ყველა სულდიდი, თაყვანს მომაგებს ფიქრმოუწყვეტი,
შეფარებია ღვთიურ არსს ჩემსას, ვუცნივარ წყარო ყოვლის, უწყვეტი.

მოისწრაფიან ერთგულნი ჩემსკენ, აღთქმის სიმტკიცეს ხიდად იდებენ,
ჩემთან მყოფნი და ჩემს ფერხთ განრთხმულნი, მიწყივ მაქებენ და მადიდებენ.

მას კი , ვინც მწირავს ცოდნის შეწირვით , ჩემს მოთაყვანეს , ჩემზედვე მლოცველს,
ვუჩან ვით მთელი, განზე მდგომელი, მცნობს მრავალსახეს, ყოველის მომცველს.

მე ვარ საკურთხიც, ღვთისმსახურებაც და სამკურნალო ბალახის ძირიც,
წირვა-ლოცვაც და ნელსაცხებელიც, სამსხვერპლო ცეცხლიც და შესაწირიც;

მე ვარ სამყაროს მამაც და ბურჯიც, წინაპარიც და დედაც მშობელი,
წმინდა სიტყვა და წმინდა წერილი _ განმწმენდელი და შესაცნობელი.

მე ვარ გზა, მე ვარ მაცოცხლებელი, მეუფე, მოწმე, მოძმე და მცველი,
მე ვარ საუნჯე – თესლი ულევი, სახლი და ფუძე, შემქმნელი, მკვლელი.

მე ვათბობ მიწას და ჩემგანვეა ცა, ლეგა ღრუბლით გადავსებული,
უკვდავება ვარ და თან სიკვდილი, არსებული და არარსებული.

წერილთა სწავლით ვის უხსნია ცოდვისგან სული,
შემოუწირავს, რომ წეოდა ზეცათა კარებს,
ზეცას ეწევა ის თვით ინდრას ცამდე ასული
და ღმერთთა დარი ნეტარებით იქ ინეტარებს.

მაგრამ ეცემა კვლავ მიწაზე, ზეცით დამტკბარი,
ღვაწლი ელევა, იხურება მისთვის ცა ვრცელი
და მოკვდავ სოფელს ჰპოვებს მხოლოდ, ცის გზას გამდგარი,
წერილთა წესის მიმდევარი, ტკბობის მსურველი.

მას , ვინც თაყვანს მცემს მუდამ ერთგული , სხვა ფიქრს ახლოსაც გულს არ აკარებს,
მე დავიფარავ იოგას გზაზე, უშფოთველობის გავუღებ კარებს.

სხვა ღმერთებს სწირავს ვინც , სავსე რწმენით , თუმც ერთგულია , მლოცველთა დარად ,
მე შემომწირავს ისიც, არჯუნა, მხოლოდ მე მწირავს, თუმცა კი მცდარად.

და რადგან მე ვარ გემოსმხილველი, მეუფე მსხვერპლის ქვეყნად ყოველის,
ჩემი ნამდვილი არსის უმეცარს, მას კვლავ ამქვეყნად მოსვლა მოელის.

ღმერთებს იხილავს ღმერთთა მვედრები , წინაპრებს – ვინც მათ რაცხდა პირველად,
სულებთან მივა მლოცველი მათზე, ჩემთან – ვინც ჩემად იდგა მწირველად.

ყვავილი, წყალი ან ხის ნაყოფი, თუნდაც ფოთოლი თუ შემომწირეს,
დიდად მივიღებ მე გულმართალთა გულით მორთმეულ საჩუქარს მცირეს.

და სულერთია, ჭამ თუ მარხულობ, გასცემ თუ მიგაქვს სამსხვერპლოდ ძღვენი,
ყოველი საქმე, რასაც აკეთებ, ჩემთვის აკეთე, მე მომიძღვენი.

ასე ეწევი განდეგილობას, ჩამოგეხსნება საქმის ხუნდები,
და მის ნაყოფსაც, ტკბილსა თუ მწარეს, ეხსნები და მე დამიბრუნდები.

ერთია ყველა, _ ძვირფასი ჩემთვის, ან საძულველი არავინაა,
თუმცა ჩემშია ჩემი ერთგული და მისი გულიც ჩემი ბინაა.

ძლიერ ცოდვილიც რომ იყოს კაცი, თუ მე მსახურებს, არ განმდგომია,
ისიც ჩათვალე მართალთა შორის, რადგან სიმართლის გზაზე მდგომია.

მალე ეწიოს ის გულმართლობას, მარად სიმშვიდის გახდეს მნახველი,
კარგად გახსოვდეს, რომ ჩემს ერთგულთან მარცხს და დაღუპვას არა აქვს ხელი.

თუნდ უხეიროდ იყოს ნაშობი, თუ მომენდობა, თავს შემაფარებს,
ქალიც, ვაჭარიც, მოსამსახურეც, ზესთ სამყოფელის შეაღებს კარებს.

მით უფრო მისწვდეს მას ღვთისმსახური, ანდა ხელმწიფე, სიბრძნეს წეული,
მე შემომიდექ შენც ამ დღემოკლე, ტანჯვის სოფელში გამომწყვდეული.

ქედს მიხრიდე და შემომწირავდე, ერთგული, ჩემზე ფიქრად ქცეული
და მოხვალ ჩემთან, ჩემკენ მავალი, თვით სულით ჩემში გადმოქცეული.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff