ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეთორმეტე - ერთგულების გზა

თავი მეთორმეტე - ერთგულების გზა

არჯუნამ თქვა:

ვის მეტი ესმის – მას, ვინც მიელტვის თვალით უხილავს და არწარმავალს,
თუ იმას , ვინც შენ მოგაგებს თაყვანს , ერთგულს , შენთან მყოფს , შენი გზით მავალს?

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

ის, ვინც თაყვანს მცემს გონმოკრებილი, ნიადაგ ჩემთვის გულანთებული,
ვინც გულსავსეა ზეციურ რწმენით, ის არის ჩემთან შეერთებული.

თუმც ისიც, ვინაც ელტვის წარუვალს, გამოუთქმელს და უვლენ-უსახველს,
თაყვანს სცემს ურყევს , ურღვეველს , უცვლელს , ყოველში მსუფევს , წარმოუსახველს;

ვისთვის ერთია ქვეყნად ყოველი, ვინც გრძნობებს იდრეკს და მათ თავს აღწევს,
ვინც მოკეთეა ყოველ სულდგმულის, ისიც უთუოდ ჩემამდე აღწევს.

მეტი ხვდეს ტანჯვა, მას ვინც ინდომოს, განჭვრიტოს ის, რაც უვლენელია,
უვლენელამდე სვლა და მიღწევა ხორციელისთვის ძნელზე ძნელია.

მას კი, ვინც მიცნო უმაღლეს მიზნად, ვინც საქმეს თავი ჩემთვის ანება,
ვინც უღალატოდ მისდევს იოგას და ფიქრით, ჭვრეტით მეთაყვანება,

მალე დავიხსნი ამა სოფლისგან – ამ სამყოფლისგან ტანჯვა-წვალების,
ვინც მე მომაპყრო ფიქრი, მას ვიხსნი ზღვიდან გაჩენა-გარდაცვალების.

თუ მე მომაპყარობ გულს, გონებასაც და თუ ეს მუდამ გემახსოვრება,
უთუოდ შენად გადაიქცევა ეს საუკუნო ჩემი ცხოვრება.

და თუ არ ძალგიძს მტკიცედ, ურყევად შენ ჩემზე ფიქრი, ჭვრეტა და განცდა,
მაშინ მუდმივი წრთობით მიხილე და მომი პოვე, მხვეჭელო განძთა!

თუ წვრთნაც არ ძალგიძს, მაშინ ეცადე შრომის უღელი შენ ჩემვთის სწიო,
რადგან მარტოდენ ჩემთვის შრომითაც შესაძლო არის სრულქმნას ეწიო.

მაგრამ ამ გზასაც თუ ვერ მისდიე, შენთვის ესეც კი ძნელი თუ არი,
მე შემეფარე, მოთოკე თავი და საქმის ნაყოფს უთხარ უარი.

წრთობას ცოდნა სჯობს, ხოლო ცოდნას კი ჯობია ჭვრეტას არ მოიშლიდე,
ჭვრეტას ნაყოფზე უარის თქმა სჯობს, უარს კი მყისვე მოაქვს სიმშვიდე.

ის, ვინც მეგობრობს, არ მტრობს სულიერს, ვინც შენმდობია, თანამგრძნობელი,
ის, ვინც ერთია ჭირში და ლხინში, `მე~-სა და `ჩემის~ მარად მთმობელი;

ვინც იოგია, თავის მფლობი და გულმშვიდი, აზრზე ურყევად მდგარი
გონმოპყრობილი, ერთგული ჩემი, ჩემთვის ძვირფასი ქვეყნად ის არი.

ვინც არ აწუხებს ამ წუთისოფელს, არც წუთისოფლით აღარ წუხდება,
ვინც ეხსნა წადილს , შიშს , შურს და შფოთვას , ჩემთვის ძვირფასი იგი თუ ხდება.

ვინც უნდომია, უმწიკვლო, მარჯვე, ვინც უზრუნველი, უდარდელია,
ვინც აღარ მისდევს აღარცერთ საქმეს, ჩემთვის ის უფრო სანატრელია.

ვისაც არა სძულს, არც კარგავს ჭკუას, არ ნანობს და არც მიუწევს გული,
ტანჯვა-ლხენაზე ვინც ამბობს უარს, მეძვირფასება მე ის ერთგული.

ვინც არად აგდებს პატივს და სირცხვილს , არ განასხვავებს მტერს და მოყვარეს ,
ვინც არ განარჩევს ბორკილს დახსნილი დარსა და ავდარს, სიტკბო-სიმწარეს;

ვისთვის – უსახლოს და უტეხისთვის ქება-ძაგებას ერთი აქვს ფასი,
ვინც მდუმარეა, ნეტარი ყოვლით, ის ერთგულია ჩემთვის ძვირფასი.

ჩემი ერთგულნი, სავსენი რწმენით, ვით მეუფეს რომ შემომხარიან,
ამ უკვდავ დჰარმას ზიარებულნი, უძვირფასესნი ჩემთვის არიან.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff