ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეცამეტე - ველისა და მისი მცოდნის გარჩევა

თავი მეცამეტე - ველისა და მისი მცოდნის გარჩევა

არჯუნამ თქვა:

რაა ბუნება, რა არის სული, რას ნიშნავს ველი ან მისი მცნობი?
მინდა ვიცოდე რა არის ცოდნა, ვიცოდე, რა აქვს კაცს შესაცნობი.

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

დაიმახსოვრე, ო, კუნტის შვილო, ველად ითქმება თვით ეს სხეული,
ველის მცოდნედ კი სხეულის მცოდნეს მიიჩნევს ყველა ბრძენი რჩეული.

შეიცან, მე ვარ მცოდნე ველისა, ყოველსა ველში ღამის მთეველი,
ცოდნა ისაა, ორივე იცნო _ მცოდნე ველისა და თავად ველი.

აწ გეტყვი მოკლედ, რა არის იგი, ვინ არის, ან ვით ძალუძს იცვალოს,
საიდანაა ან რა ძალა აქვს, ან მის ბუნებად რა ჩაითვალოს.

ბევრი რამ უთქვამთ ამაზე ბრძენებს, ბევრი უძღვნიათ საგალობელი,
წმინდა წერილიც მასვე ახსენებს, დასაბუთებით ყოვლის მთხრობელი.

ბუნების ძალნი, მეობის გრძნობა, გონი და ის, რაც უვლენელია,
თერთმეტი გრძნობა, სამძოვრი მათი _ ეს ყოველივე ოდენ ველია.

ტკივილი, შვება, სურვილი, ზიზღი, შეგრძნება, ფიქრი, სულის მხნეობა,
ამით შედგება ველი ყოველი, სახე ყოველი და სახეობა.

თვინიერება, უეშმაკობა, გულღიაობა, მიმტევებლობა,
თავის მოთოკვა, მოძღვრის თაყვანი, სიწმინდე, ნება და უვნებლობა;

გრძნობის საგანთა უნდომელობა და თავისაგან დაღწევა თავის,
შობა-კვდომასა, ტანჯვა-სნებაში და სიბერეში დანახვა ავის;

სახლის, ცოლ-შვილის და ყველა სხვათა ტყვეობისაგან თავისუფლება,
როს არც საამოს, არც უამურის მიმართ სურვილი არ გეუფლება;

განუყრელობის იოგას ძალით ჩემთვის სიმტკიცე და ერთგულება,
როს ხალხში ყოფნა ნუგეშს არ გცემს და განმარტოვება მწედ გეგულება;

ჭეშმარიტების წვდომის წყურვილი, თვითშემეცნებით მუდამ ნაფერი,
ცოდნად მიიღე ეს ყოველივე, უმეცრებაა სხვა ყველაფერი.

ახლა კი გამცნობ, რისიც ხამს ცოდნა, რით უკვდავების იღება კარი:
დაუსაბამო, ზენარ უფალზე არ ითქმის `არი~ და არც `არ არი.~

ყოველგანაა თვალები მისი, თავები, პირი, ტანი, კიდური,
მისით _ მხედველით და მსმენით ყოვლის სავსეა მიწა და ცისკიდური.

თვისებისა და გრძნობის არმქონე, თვით არის მათი მანათობელი, _
თავისუფალი ყოველისაგან, თუმც შემწე ყოვლის და შემტკბობელი.

უძრავისა თუ მოძრავი არსის შინ და გარეთ აქვს მას სამოსახლო
შეუცნობელი სიმცირის გამო ძლიერ შორსაა და ძლიერ ახლო.

თითქოს დაყოფილს ურიცხვ ქმნილებად, ხამს, მას იცნობდე, ვით განუყოფელს,
ვით გამჩენსა და მომაკვდინებელს, მაცოცხლებელსა და ცხოველმყოფელს.

ბნელთა მიღმაა უწყოდე, იგი – ნათელი, ნათელთ მანათობელი,
ყოველთა გულში მყოფი ცოდნაა, ცოდნის მიზანი, შესაცნობელი.

ესაა ახსნა არსიტყვაუხვი შესაცნობელის, ცოდნის და ველის,
კაცს, ამის შემცნობს და ერთგულს ჩემსას ჩემი მარადი სიცოცხლე ელის.

იცოდე, არც სულს და არც ბუნებას არა საწყისი არ გააჩნია
ბუნებისგან არს ყველა თვისება და ცლვილებანი, რაც მას აჩნია.

ასეა, ყოვლის მიზეზს და შედეგს თვითონ ბუნების განაგებს ნება,
ხოლო ტანჯვის და ლხენის წყარო კი სული იყო და სული იქნება.

ბუნებაშია სული სულდგმულის, ბუნების ნაქსოვ გუნებით ტკბება,
მათ ვეღარ წყდება და ამიტომაც ავად თუ კარგად კვლავ ქვეყნად ჩნდება.

ზესთა სული კი – მეუფე ზენა, სხეულში მყოფი, მისი მხლებელი,
მოწმეა ყოვლის, ნებას მიმშვები, გემოს მხილველი, მაცოცხლებელი.

ზესთ არსების და ბუნების გზების ცოდნა ამგვარი ვინაც კი ჰპოვა,
არ დაბრუნდება, რაც გინდა მოხდეს, ისევ ამქვეყნად ის აღარ მოვა.

ზოგი სულს სულის მეოხებითვე ჭვრეტს, თავისთავში როს იხედება,
ვისთვის ფიქრია გზა სულისაკენ, ხოლო ვისთვის კი _ მხოლოდ ქმედება.

ამის უვიცნიც, თუ სხვას უსმენენ და გაცხადებულს გულს იმარხავენ,
მადიდებნი და თაყვანისმცემნი, სიკვდილს ისინიც გადალახავენ.

უძრავი იყოს, გინდა მოძრავი, რასაც კი ქვეყნად გაჩენა ერგო,
ყველა ველისა და მისი მცოდნის კავშირით იშვა, ბჰარატას ნერგო!

ვინც უზენაეს მეუფეს ხედავს, მსუფევს ყოველსა სულდგმულში სწორად,
ვინც წარმავალში ხედავს წარუვალს, მხოლოდ ის ხედავს, იცოდე, სწორად.

ხოლო ვინც ყველგან თანაბრად მყოფი ზესთა მეუფის მხედველი ხდება,
აღარასა ვნებს იგი თავის თავს და უზენაეს საუფლოს სწვდება.

ვინაც ხედავს, რომ თვითონ ბუნება ყოველი საქმის შემოქმედია,
ვინაც ხედავს, რომ უქმია სული, ის ჭეშმარიტად ყოვლისმხედია.

რაწამს იხილავს ყოფას დაყოფილის, ათასგვარ არსთა ათასგვარ იერს,
ვითარ ერთში მყოფს და ერთს _ განვრცობილს, შეუერთდება კაცი ზეციერს.

დაუსაბამო და მიღმიერი, მარადჟამს სული, ზენა, ერთია
არაფერს იქმს და არც იბღალება, თუმცა კი ხორცთან შენაერთია.

ვით ყოვლის გამჭოლ ეთერს ვერ შესვრის სიმცირის გამო ვერა ლირწება,
ასევე სულიც, მოკვდავის ტანში ყველგან ჩამდგარი, არ იბილწება.

მთელს ამ ცისქვეშეთს, ბჰარატას შვილო, ერთი ანათებს მზე, დიდებული,
ველიც ასეა ზეგარდმო სრულად სულის ნათელით გაბრწყინებული.

ვის ცოდნის თვალით ხელეწიფება ველის მცოდნისგან გარჩევა ველის,
ვინც უწყის, როგორ ეხსნას ბუნებას, უზენაესის ხილვა მას ელის.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff