ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეთხუთმეტე - უზეშთაესი სული

თავი მეთხუთმეტე - უზეშთაესი სული

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ტოტდახრილი და ფესვცადაყრილი ხე აშვათჰასი დგას, მარადისი,
გალობანია მისი ტოტები, წერილთ მცოდნეა შემცნობი მისი.

ტოტებს ამ ხისას მიწაშიც და ცაშიც აქვთ წილი,
გუნა მათ კვებავს, გრძნობის საგნებს კვირტებად ართავს,

ხოლო ფესვები – ჩამოშლილი, ჩამოწეწილი,
ადამიანთა სამყაროში კაცს საქმით ხლართავს.

რადგან შეცნობა მისი ქვეყნად არ ძალუძს სულდგმულს,
თავი და ბოლო ვერ სცნო მისი, ძირი თუ კიდე,

უმჯობესია ამ ხეს, მაგარს, ღრმადაც ფესვგადგმულს,
განჯაჭვულობის პირბასრი ხმლით კვეთდე, იჭრიდე.

შემდეგ ეძებდე იმ სავანეს, სადაც წასული,
უკან ამქვეყნად აღარავინ გამოქცეულა,

და ჰპოვო იგი – პირვანდელი სამყაროს სული,
ვისგან ოდესღაც ყოველივე გადმოქცეულა.

რადგან ვინც მოშთო სიამაყე, ნდომის სიავე,
სულ მუდამ სულთან ზიარებით განდევნა ვნება,

ვინც მოსრა ბრმობა, გაორება, ტანჯვა-სიამე,
ის _ შეუმცდარი, უკვდავ ალაგს დაევანება.

სხივს ვერ შემატებს იმ სასუფეველს ვერც ცეცხლის ალი , ვერც მზე , ვერც მთვარე,
აღარ ბრუნდება, ვისაც უნახავს უზეშთაესი ის ჩემი მხარე.

ამ სამყაროში სულად ქცეული ჩემი წილია მხოლოდ უკვდავი,
ბუნების შექმნილ ხუთი გრძნობისთვის მას მოუყრია სულდგმულში თავი.

ბატონი არის – ხორცს შეისხამს და კვლავ მიატოვებს, როცა დრო არი,
თან წარიტაცებს ფიქრსა და გრძნობებს , ვით მინდვრის სურნელს გადარეკს ქარი.

მას მსახურებენ თვალი და ყური, შეხება, ყნოსვა, გემოს შეგრძნება,
ცნობა და გულიც მას უპყრია და გრძნობის საგანთა შეხებით ტკბება.

თუმც გინდ აქ იყოს , გუნებით მთვრალი , გინდ მიატოვოს მან ეს სხეული,
ცოდნის თვალი ჭვრეტს მას ქვეყნად მხოლოდ, ვერ ამჩნევს კაცი თვალახვეული.

თავისთავშივე ჭვრეტს მას იოგი, ვის სრულქმნისათვის გადუდევს თავი,
მაგრამ ვერ ხედავს, რაგინდ ეცადოს კაცი გონნაკლი, დაუხვეწავი.

მზის ნათელიც და მთვარის ციაგიც, ქვეყნიერებას რომ ეფინება,
კაშკაშა შუქიც, ცეცხლი რომ აფრქვევს, იცოდე, ჩემგან მოედინება.

მიწაშიც მე ვარ და ყველა სულდგმულს ამით აქვს ძალა, მაცოცხლებელი,
მე ვარ, ნამს რომ ჰფენს და ასაზრდოებს მცენარეს მთვარე – მიწის მხლებელი.

მე ვარ ის ცეცხლი და ის ღადარი, კაცის სხეულში რომ უდევს ბინა,
ის, რაც სუნთქვასთან შეერთებულა, რომ შეჭამანდი ენელებინა.

ყველას გულში ვარ – კაცი იყოს, თუ გინდა მწერი,
მე თვითონა ვარ აზროვნება, ცოდნა და ხსოვნა,

წმინდა წერილთა მცოდნეც მე ვარ, მათი დამწერი,
თვით მე ვარ ისიც, მათი კითხვით რისიც ხამს პოვნა.

ორგვარი არის არსება მხოლოდ _ წარუვალი და წამისმიერი,
წარმავალია ქმნილება ყველა, უკვდავი _ არსი, არსთმიღმიერი.

მაგრამ სულ სხვაა სული ზენარი, მაღალ ატმანად თქმული, ულევი,
ზესთა მეუფე, ვისით სამივე სკნელია ნამსჭვალ-ნასულდგმულევი.

და რადგან მე ვარ წამისმიერზეც და მარადისზეც ბევრად ასული,
ვარ ნადიდები წმინდა წერილთა და კაცის პირით ვით ზესთა სული.

ვისაც ვუცნივარ, ვით სული ზენა და აღარ დადის აბნეულ გზებით,
ყოვლის მცოდნეა იგი, იცოდე და თაყვანს მიძღვნის მთელი არსებით.

წვრილად გაგანდე ცოდნა ფარული, მიუწვდომია რისიც გზა-კვალი,
გონმოსილია მის გულში მწვდომი და წუთისოფლის აღარ აქვს ვალი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff