ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეთექვსმეტე - ღვთაებრივი და ეშმაური

თავი მეთექვსმეტე - ღვთაებრივი და ეშმაური

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ღვთაებრივია წმინდად ცხოვრება, სიბრძნის მიყოლის მიწყივ მცდელობა,
ღვთაებრივია გულუშიშობა, ხელგაშლილობა და გულწრფელობა;

ღვთაებრივია თავის ფლობა და წერილთა სწავლა, ტანჯვათა თმენა,
ღვთაებრივია უვნებელობა, განდეგილობა, მსხვერპლის აღვლენა;

ღვთაებრივია პატიოსნება, სიხარბის ძლევა, უშფოთველობა,
ყოველ ცოცხალთა თანალმობა და მიმტევებლობა, ურისხველობა;

ღვთაებრივია უღალატობა, თავმდაბლობა და ლმობიერება,
პირნათელობა, რიდი, სიდინჯე, ნების სიმტკიცე და ძლიერება;

ღვთაებრივია, როცა არ იცი ამპარტავნება, ბოღმა და შური,
თუკი კაცს მოსდგამს ეს ყველაფერი, მისი გაჩენა არის ღვთიური.

პირფერობა და კადნიერება, უკადრისობა და უხეშობა,
უმეცრება და რისხვა იმას ჭირს, ვინც ეშმაურ ზნით მშობელს ეშობა.

ხსნა ელის შობილს ღვთაებრივ ხვედრში, ეშმაურსაში შობილს – მონება,
ღვთიურ ბედში ხარ შენ გაჩენილი, მოეშვი, ნუ გჭირს ეგ დაღონება!

ამ ორი ზნიდან ერთი სჭირს ყველას – ზნე ღვთაებრივი ან დემონური,
ერთზე გიამბე, მეორეზე კი ახლა მოგითხრობ, დამიგდე ყური.

არც საქმე ესმის, არც უსაქმობა მას, ვისაც ზნე ჭირს ეშმასეული,
არც სიწმინდე აქვს და არც სიმართლე, არც საქციელი მას ღირსეული.

ამბობს: `ქვეყანა არაფერზე დგას, სულ ტყუილია სიმართლე, ღმერთი,
რასაც დათესავ, იმას არ იმკი, მაცოცხლებელი ვნებაა ერთი.~

თავსაც იღუპავს ამ აზრზე მდგარი, უმეცარი და ჭკუანაკლები,
და ქვეყანასაც მტრად ეკიდება, უკეთურობით მისი ამკლები.

მინებებია სურვილებს უძღებს, ათრობს ლაქუცი, რიხი, დიდება,
მისდევს, მიჰყვება უწმინდურ მიზნებს და სიბნელეში ბნელს ეჭიდება.

ფიქრობს: `ამქვეყნად სხვას არ აქვს ფასი, მხოლოდ ვნებაა, მხოლოდ განცხრომა!~
და თავზე იტეხს იმდენ სადარდელს, სიკვდილს თუ ძალუძს მათი დაცხრომა.

ათას იმედის მახეში გაბმულს მართავს რისხვა და ჟინი თავნება
სურს სულმდაბლობით გამდიდრდეს ქვეყნად , მხოლოდ მისთვის , რომ დაიცხროს ვნება.

ბჭობს: დღეს ხომ დავტკბი, ხვალაც დავტკბები, რა მიშლის, თუა ჩემი ნებაო,
ეს მე მეკუთვნის, ჩემია ისიც და სხვაც სულ მალე მე მექნებაო;

ეს ხომ მოვკალი, სხვა მტერსაც მოვკლავ, მბრძანებელი ვარ მე ძლიერიო,
მე ვარ ამ ქვეყნის სიტკბოს შემტკბობი, უძლეველი და ბედნიერიო;

სიმდიდრე მაქვს და გვარიშვილობა, სხვა ვინ არისო ჩემი სადარი,
ვწირავ, გავცემ და გავიხარებო, სჯის უმეცრებით ჭკუას ამცდარი.

გზააბნეული ათასი ფიქრით, ვნებით განცხრომას ვეღარ ეშვება
და სიმცდარეთა ქსელში გაბმული უწმინდურ ქვესკნელს გადაეშვება

სიმდიდრითა და პატივით მთვრალი, თვითკმაყოფილი, ურჩი, თვითრჯული,
სახელისათვის სწირავს ცბიერად, რასაც წერილში კრძალავს თვით რჯული.

თავკერძს, მთვრალს ვნებით, ძალაუფლებით, წესად აქვს რისხვა, კადნიერება
და მდევნის, მებრძვის მისსავ გულში მყოფს, სხვებშიაც ვძულვარ და მემტერება.

ასეთ ხალხს _ მდაბალს , სასტიკს , მოძულეს , ბოროტითაა ვინაც ძლეული,
სამსარას ვახლი გაუთავებლად, რომ ერგოს ხვედრი ეშმაკეული.

უფრო ებნევათ თავ-გზა კვლავ შობილთ, რადგან ეშმაურ ხვედრში ხვდებიან,
ვეღარ აღწევენ ჩემს საუფლომდე და კიდევ უფრო ძირს ეშვებიან.

სამი კარი აქვს ქვეყნად ჯოჯოხეთს: ვნება, სიხარბე და მრისხანება,
დასთმე სამივე, რადგან ამათგან გელის დაღუპვა, გავერანება.

ის კი, ვინც მათგან თავისუფლდება, წყვდიადის კარებს შორდება, წყდება,
მეტ სიკეთეს იქმს სათავისოდ და ზესთ-უზენაეს საუფლოს წვდება.

მაგრამ ვინც წერილს არად აგდებს და სურვილთა გამო საქმეს ეწევა,
ვერც სრულქმნილებას და ვერც სიხარულს , ვერც სასუფეველს ის ვერ ეწევა.

ამიტომ რა ქნა, რას კი ერიდო მუდამ წერილთა საზომით ზომე,
ჯერ შეიმეცნე მცნებანი მათი, საქმიანობა მერე ინდომე.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff