ბჰაგავად-გიტა

ბჰაგავად-გიტა
5
1

თავი მეთვრამეტე - განდგომით განთავისუფლება

თავი მეთვრამეტე - განდგომით განთავისუფლება

არჯუნამ თქვა:

ნეტა რა არის განდეგილობა, გულთა მპყრობელო, დემონის მკვლელო,
ანდა განდგომა რას ეწოდება, ესეც მითხარი, შეუმუსვრელო!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

განდეგილი ხარ, სურვილებისთვის შრომა თუკი გაქვს უარნაყოფი,
განდგომას იმას უწოდებს ბრძენი, როცა აღარ გსურს საქმის ნაყოფი.

ზოგნი ამბობენ დათმეო საქმე, ვით რამ სიავე, ვნების მომტანი,
წირვა, გაცემა და თავის წრთობა არ მიაგდოთო, იტყვიან სხვანი.

ბჰარატათაგან გამორჩეულო, ჩემი ისმინე აწ შეგონება,
განდეგილობა ხორციელის ყურს მხოლოდ სამგვარი გაეგონება.

არა ხამს კაცი წირვას, გაცემას და თავის წრთობას იყოს დახსნილი,
რადგან ამ სამით განიწმინდება, თუ განმსჯელია და გონგახსნილი.

თუმც ნუ გექნება ამ საქმეებშიც ფიქრი ნაყოფზე ხელის წავლების,
არ მიეჯაჭვო! _ აი საზრისი, თავი და ბოლო ჩემი სწავლების.

არც ისე ვარგა, კაცი განდგეს და დაკისრებული მიაგდოს ვალი,
უგნურებაა უარი მისი, ვის უმეცრებით აბმია თვალი.

ვინც განდგა, რადგან ტკივილი აკრთობს, არ სურს წვალება, ჭაპანის წევა,
რაჯასულია განდგომა მისი და ნაყოფს მისას ის ვერ ეწევა.

ვალის მოხდისთვის, მიუჯაჭველად, შენთვის დანაწეს შრომაში დგომა,
თავისუფლება სარგებლისაგან სატვასმიერი არის განდგომა.

განდეგილს, წყნარსა და გონებიანს, ვინც შესძლო ეჭვის ჩამოცილება,
არც საამური საქმე იტაცებს, არც უამური ეთაკილება.

და რადგან მოკვდავს არავის ძალუძს მოქმედებისგან სრული განდგომა,
განდეგილია, ვინც მოიცილა, მოიშთო საქმის ნაყოფთა ნდომა.

არას მოიმკის კაცი განმდგარი, როს განისვენებს იმიერ მხარეს,
ვერ-განმდგარი კი მოიწევს ნაყოფს – ამოს, უამურს ანდა ტკბილ-მწარეს.

ჩემგან ისმინე, ძალგულოვანო, ის, რაც სანქჰიას სიბრძნეა ძველი,
ხუთი რამ არის ქვეყნად ყოველი საქმის მიზეზი და საფუძველი:

გარემოება, თავად მოქმედი, ზრახვანი, გული რომ ეუბნება,
სხეულის ასო სხვადასხვაგვარი, ხოლო მეხუთე – განგების ნება;

და რასაც სჩადის ქვეყნად მოკვდავი, კეთილი იყოს საქმე, გინდ ავი,
სხეულით სჩადის, სიტყვით თუ ფიქრით, სულ ეს ხუთია თავი და თავი.

ვისაც ეს სიბრძნე ვერ უცვნია და თავი ჰგონია საქმეთა მქმნელი,
ვერაფერს ხედავს იგი ამქვეყნად, რადგან ბრიყვია, გონმოუქნელი.

ვინც დაცლილია თავკერძობისგან და აქვს გონება შეუმწიკვლელი,
არ ემონება იგი საქმეებს და გინდაც კლავდეს, არაა მკვლელი.

სამი რამ იწვევს ქვეყნად ქმედებას – ცოდნა, მცოდნე და ცოდნის საგანი,
სამიც აერთებს – საქმე, მოქმედი და რამ სხეულის ასოთაგანი.

ცოდნაც, მოქმედიც და მოქმედებაც სამგვარი არის, მსგავსად გუნების
და სამგვარადვე იხსენიება, შესაბამისად მათსავ ბუნების.

ყოველ არსში რომ ერთ არსებას ჭვრეტს , მარად უცვლელს და მარადის მყოფელს,
ისაა ცოდნა სატვასმიერი – გაყოფილში რომ ჭვრეტს განუყოფელს.

ცოდნა, ამქვეყნის ათასგვარ არსთა თავისთვადად, ცალკედ მგონები,
ცოდნა, სულდგმულთა განმასხვავები, არის რაჯასის ჩანაგონები.

ხოლო ის ცოდნა, ერთი სულდგმული ყოვლისმომცველად რომ ეჩვენება,
შეზღუდულად და უჭეშმარიტოდ, ტამასეულად მოიხსენება.

თუ შრომას არ სდევს ნაყოფთა ნდომა, ზიზღი ან ჟინით ცეცხლის მოდება,
თუ სწორად შრომა არ ბორკავს მშრომელს, სატვიურ შრომად ის იწოდება.

ნატვრის ახდენა თუკი სურს მშრომელს, ან თავის თავით თუ სურს ტკბებოდეს,
თუ თავს არ ზოგავს, ხამს შრომა მისი რაჯასეულად იწოდებოდეს.

მაგრამ თუ კაცი საქმეს მისდევს და შედეგისკენ კი არ იყურება,
არ უკვირდება, თავის თავს ღუპავს თუ სხვისთვის მოაქვს უბედურება,

თუ სიბეცე რჯის და არ დაეძებს საქმის სამყოფი თუ შესწევს ძალა,
მაშინ იცოდე, რომ საქმე იგი ტამასისაგან მას მოეძალა.

გულმოდგინე და მიუჯაჭველი, `მე”-ს განდიდებას თავდაღწეული,
ბედსა და მარცხში უცვლელი, მტკიცე _ აი მშრომელი, სატვას წეული.

ხოლო მშრომელი, მყოფი რაჯასში, სარგებლისაა მუდამ მოსურნე,
ბედი ხიბლავს და მარცხი ადარდებს, უწმინდურია, ხარბი, მოშურნე.

ჯიუტია და ხეპრე მუშაკი, ტამასეულად საქმის მდევარი,
ცრუ და ვერაგი, ზანტი, ზარმაცი, უილაჯო და დაუდევარი.

სამნაირია გუნათა დარად კაცის სიმტკიცე, მისი გონება,
სრულად აგიწერ მათ სათითაოდ, მაშ გქონდეს სმენა და გაგონება!

სატვიურია გონი, თუ იცის საქმე და უქმე, სწორი და მრუდე,
რას ხსნა მოაქვს და რას კი ტყვეობა, სად სიმტკიცეა, სად _ შიშის ბუდე.

თუ ვერ მიმხვდარა, რა ქნას, რა არა, თუ ცოდნა მისი არასრულია,
თუკი ვერ არჩევს მრუდეს და მართალს, გონება კაცის რაჯასულია.

ხოლო თუ მრუდეს მიიჩნევს სწორად, თუ ბნელი აწევს განუჭვრეტელი,
ტამასულია გონება მაშინ, თუ უკუღმაა ყოვლის მჭვრეტელი.

თუ იოგას გზით სუნთქვის მართვა და ჭკუის და გრძნობის ძალუძს ბრძანება,
თუკი არ ტყდება, სატვიურია, სიმტკიცე კაცის და მისი ნება.

რაჯასულია სიმტკიცე, თუ კაცს სიამოვნება სურს და ქონება,
და ვალსაც იხდის, თუმც ამაშიაც სარგებელს ეძებს და ემონება.

თუ ვერ თმობს ძილქუშს, შიშსა და წუხილს და უიმედოს არა აქვს შვება,
ტამასულია სიმტკიცე ბრიყვის, ამაოებას თუ ვერ ეშვება.

დაიმახსოვრე, სამი სახე აქვს ბედნიერებას და გახარებას,
სატვიურია, რაც წაფვით მოდის და ბოლოს უღებს რაც მწუხარებას.

სატვიურია, რაც ჯერ მწარეა, მაგრამ ბოლოს კი ნექტარებრ ტკბილი,
ბედნიერება, შენსავ გონების უშფოთველობით შენში შობილი.

ბედნიერება, გრძნობის საგანთან გრძნობის შეხებით წარმოშობილი,
ჯერ ნექტარსა ჰგავს, ბოლოს კი ბალღამს და რაჯასულად არის ცნობილი.

ტამასულია ლხენა სიმთვრალით, სიზარმაცით და ძილით რომ ყვავის,
ის, რაც თავშიაც და ბოლოშიაც მოტყუებაა მარტოდენ თავის.

არც მიწაზე და არც ცათა შინა, თვით ღმერთთაგანიც რომ იყოს ღმერთი,
ბუნებით ნაშობ სამი გუნასგან ხსნილი არ არის არსი არც ერთი.

უფლისმსახურთა და მეომართა, გლეხკაცობის და მსახურთა ყოფა
და საქმე მათი გუნების ნაშობ მათსავ ბუნების კვალად იყოფა.

სიმშვიდე, წრთობა, მიმტევებლობა, რწმენა, სიწმინდე, გული ალალი
ცოდნა და სიბრძნე – აი, მოძღვართა მათსავ ბუნებით ნაშობი ვალი.

ვაჟკაცობა და დიდსულოვნება, ომში სიმარჯვე, თავის დადება
და სიუხვეა მეომრის ვალი, მისსავ ზნისაგან რომ იბადება.

გლეხის საქმეა აღებ-მიცემა, საქონლის მოვლა და მოსავალი,
მათსავ ბუნების მიერ ნაშობი, მსახურებაა მსახურთა ვალი.

სრულყოფილებას ჰპოვებენ კაცნი, დაჯერებულნი თავიანთ ხვედრებს,
თუ ვით წვდებიან ამგვარად სრულქმნას, აწ ჩემი სიტყვა შენ მიგახვედრებს.

იპოვის კაცი სრულყოფილებას, თავისი საქმით მისი მქებელი,
ვინც ყველგანაა, ყოველ სულდგმულში, ქვეყნად სიცოცხლის მომნიჭებელი.

სხვის საკეთებლის კარგად კეთებას შენი ჭაპანის სჯობს ცუდად წევა,
თავის ბუნების თანახმად შრომით მშრომელი ცოდვას არ მოეწევა.

თანდაყოლილი არ დათმო საქმე, თუმცა უნაკლო იგი არ გახლავს,
როგორც ცეცხლს ახლავს მისივე კვამლი, ყოველ საქმესაც ნაკლი თან ახლავს.

ის, ვინც ყოვლისგან დახსნილი გონით წადილს დატოვებს, თავს გადალახავს,
უმოქმედობის უმაღლეს სრულქმნას განდეგილობით მისწვდება, ნახავს.

ყური დამიგდე და შეიმეცნე, მოკლედ მოგითხრობ, თუ როგორ ხდება,
რომ კაცი , სრულქმნას ნაზიარები , ცოდნათა მწვერვალს – თვით უფალს სწვდება:

ვინც მომკრებია, განმწმენდი გონის, ბგერის დარ გრძნობის საგანთა მთმობი,
შეუპოვრობით თავის მომთოკი, წადილისა და ზიზღის მომშთობი,

ვინც მარტო სახლობს, მცირედმჭამელი, დღედაღამ ფიქრის, ჭვრეტის მდომელი,
უნდომელობის ხიზანი, სიტყვის, ჭკუის და ხორცის დამაცხრომელი,

ვინც მიატოვა ხვეჭა, `მე,~ `ჩემი,~ და ვნებისგან ხსნის ძალ-ღონეც ჰყოფნის
მშვიდი, მძლე რისხვის და ძალადობის, ღირსია ბრაჰმას ყოფაში ყოფნის.

მასთან ერთსულს და გულნათელს კი არაფერი სურს, არც დარდი აწევს
და ყველასადმი სწორი, გულმშვიდი ჩემს უზენაეს სიყვარულს აღწევს.

სიყვარულით კი მე შევიცნობი, ასე თუ მიცნობს უზღვროს, ულეველს
და რა შემიცნობს მე ჭეშმარიტად, ზენარს იხილავს ის სასუფეველს.

მუდამ ჩემს კალთას შეფარებული თუ კაცი ყველა საქმეს ასრულებს,
სამარადისო, უკვდავ მხარეში ჩემი წყალობით გზას დაასრულებს.

მე დამანებე ყოველი საქმე, მიზნად დამსახე, მომიძღვენ თავი,
გონიერების იოგას მიჰყევ და ფიქრით მუდამ ჩემთან იყავი.

ჩემზე ფიქრით კი შენ გადალახავ ყველა სიძნელეს ჩემივე ნებით,
მაგრამ უთუოდ დაიღუპები, თუ არ მომისმენ ამპარტავნებით.

არ ვიბრძოლებო, თუ ამპარტავნებ, ტყუილუბრალოდ ბედს ეურჩები,
ბუნება შენი თვით დაგასაქმებს და მას ვერსაით გადაურჩები.

შენსავ ბუნებით შობილ საქმეს კი, თუმც გაქვს სიბრმავით მოძულებული,
მაინც გაჰყვები და გააკეთებ, მაინც გახდები იძულებული.

არჯუნა, ღმერთი ყველა სულდგმულის გულისგულშია დავანებული,
უფლის ხელითვე მათ ატრიალებს ზმანების ეტლი გაქანებული.

უფალს მიენდე მთელი არსებით, ამქვეყნად მხოლოდ ის მიინდობა
და მოგეცემა მისი წყალობით უკვდავება და ზენა მშვიდობა.

ეს საიდუმლო საიდუმლოთა, ეს სიბრძნე ჩემი გაგიზიარე,
აწონ-დაწონე ყოველი კარგად და როგორც გინდა, ისე იარე!

კვლავაც ისმინე ეს სიტყვა ჩემი, უდიადესი და დაფარული,
შენს სასიკეთოდ გამცნობ მას ისევ, რადგან შენი მრჯის მე სიყვარული.

იფიქრე ჩემზე, იყავ ერთგული, შემწირავი და განმადიდები
და მოხვალ ჩემთან შენ უცილობლად, ძვირფასი რომ ხარ, მისთვის გპირდები.

დატოვე ვალი და შემეფარე, მომენდე, ჩემი კალთის ქვეშ მოდი
და მე დაგიხსნი ყველა ცოდვისგან, ნუ სწუხ, მოიხსენ გულიდან ლოდი!

და ნუ გაუმხელ, რასაც მე განდობ, ვინც არც წრთვნა იცის, არც ერთგულება,
ვისაც არა აქვს გაგონება და არც მას, ვინც მმტრობს და მედიდგულება.

ხოლო უმაღლეს ამ საიდუმლოს ვინც ჩემს ერთგულებს გაუზიარებს,
ის მიერთგულებს და ჭეშმარიტად, შეაღებს ჩემი საუფლოს კარებს.

ვერავინ იზამს კაცთაგან საქმეს, მეტი რომ ჰქონდეს ჩემს თვალში ფასი
და ვერც ვერავინ იქნება ქვეყნად ჩემთვის ამ კაცზე უფრო ძვირფასი.

ვინც შეისწავლის ამ ჩვენს საუბარს, ამ სიტყვა-პასუხს წმინდას, სჯულიერს,
სიბრძნის ზვარაკის შემომწირველად მოვიხსენიებ მე იმ სულიერს.

ისიც, ვინც მისმენს გულსავსე რწმენით და სიტყვას ჩემსას არ ემტერება,
თავს გამოიხსნის და მართლისმქმნელთა ზეცის შეხვდება ბედნიერება.

თქვი, თუ მისმინე და ჩემი სიტყვის თუ იყავ გულზე დამაბნეველი,
თქვი, თუ განქარდა ეგ უმეცრება, თვალის ამბმელი, დამაბნეველი?

არჯუნამ თქვა:

გაქრა სიბრმავე, აღმიდგა ხსოვნა, წყალობა შენი მხვდა უსასრულო
და ვდგავარ მტკიცედ, ეჭვებს დახსნილი, რომ სიტყვა შენი მე ავასრულო!

სანჯაიამ თქვა:

ასე იდუმალ მოისაუბრეს კრიშნამ და პართჰამ, დიადმა სულმა,
ვისმინე ბჭობა მე საკვირველი თმაყალყზემდგარმა და გასუსულმა.

უზენაესი ეს საიდუმლო ვიასას ძალით მესმა მყისიერ,
დიდი იოგა, გადმოცემული თვით იოგათა მეუფის მიერ.

ეს საუბარი წმიდათაწმიდა, ეს საარაკო გაბაასება,
არ მავიწყდება, ხელმწიფევ ჩემო და სიხარული მეათასება!

სულ თვალწინ მიდგას, სულ უფრო ცხადლივ უფლის სახება გასაკვირველი,
და რაც დრო გადის იზრდება ელდა და სიხარული თავდაპირველი!

სადაც კრიშნაა, იოგას მეფე, და პართჰა, მშვილდი რომ ემარჯვება,
იქ სიმართლეა და ძლიერება, ბედნიერება და გამარჯვება!

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff