ჯოზეფ კემპბელი - ათასსახოვანი გმირი

ჯოზეფ კემპბელი
0
0

ნაწილი პირველი - გმირის თავგადასავალი

ნაწილი პირველი - გმირის თავგადასავალი
 
გზის დასაწყისი
 
თავგადასავლების ძახილი
 
ძალიან დიდი ხნის წინ, როცა სურვილები ჩაფიქრებისთანავე სრულდებოდა, ცხოვრობდა ერთი მეფე. მას ძალიან ლამაზი ქალიშვილები ჰყავდა. თუმცა უმცროსი ისე ლამაზი იყო, რომ ყოვლისმხედველი მზეც კი ჩერდებოდა ცოტა ხნით როგორც კი მის სახეს დაინახავდა. მეფის სასახლესთან  ძალიან ახლოს დიდი, უღრანი ტყე იყო, ტყეში კი, ერთი ბებერი ცაცხვის ძირას წყარო ჩამოდიოდა და როცა ძალიან ცხელოდა მეფის ასული ტყეში მიდიოდა და ამ წყაროს პირას ჯდებოდა. დრო რომ გაეყავანა, თან ოქროს ბურთი მიჰქონდა, მისი ზემოთ აგდება და დაჭერა მისი საყვარელი გასართობი იყო.
 
ერთხელ ისე მოხდა, რომ ზემოთ აგდებული ბურთი მეფის ასულის ხელის ნაცვლად მიწაზე დაეცა, გაგორდა და პირდაპირ წყალში ჩავარდა.  მეფის ასულმა ირგვლივ თვალი მოავლო, მაგრამ ბურთი გაქრა, წყარო კი ისე ღრმა იყო, რომ ფსკერი არც კი ჩანდა. გოგონა ატირდა. ის სულ უფრო ხმამაღლა ტიროდა და გამოსავალს ვერ პოულობდა. და სანამ ცრემლებს ღვრიდა ვიღაცის ხმა მოესმა:
 
-       რაშია საქმე მეფის ასულო? ისე ტირი ქვასაც კი შეებრალები.
 
გოგონამ მიმოიხედა, რათა ეპოვა საიდან მოდიოდა ხმა და დიდი, მსუქანი ბაყაყი დაინახა, თავისი მახინჯი თავი წყლიდან რომ ამოეყო.
 
-       აჰ ეს შენ ხარ წყლის ბებერო ხტუნია,- უთხრა მან,- მე ჩემს ოქროს ბურთზე ვტირი წყალში რომ ჩამივარდა.
-       დამშვიდდი, ნუ ტირი,  - უპასუხა ბაყაყმა, - მე აუცილებლად დაგეხმარები. მაგრამ რას მომცემ შენ სანაცვლოდ შენი სათამაშოს დაბრუნებაში?
-       რასაც ისურვებ ძვირფასო ბაყაყო, - მიუგო გოგონამ, - ჩემს ტანსაცმელს, მარგალიტებს, სამკაულებს, ჩემს ოქროს გვირგვინსაც კი მოგცემ. 
-       არც შენი ტანსაცმელი, არც მარგალიტები და სამკაულები და არც შენი ოქროს გვირგვინი არ მინდა, - უპასუხა ბაყაყმა, - მე მინდა, რომ ჩემზე იზრუნო, ჩემი მეგობარი გახდე, შენს გვერდით დამსვა შენს პატარა მაგიდასთან, შენი ოქროს თეფშიდან მაჭამო, შენი პატარა ჭიქიდან მასვა, შენს ლოგინში დამაძინო. თუ ამის პირობას მომცემ, მე ახლავე ჩავყვინთავ და ოქროს ბურთს ამოგიტან. 
-       კარგი, - უპასუხა მეფის ასულმა, - მე გპირდები, რომ ყველაფერს შეგისრულებ თუ ჩემს ოქროს ბურთს დამიბრუნებ. მაგრამ გულში გაიფიქრა: „რა სისულელეებს ამბობს ეს ბაყაყი! დარჩეს თავისნაირებთან წყალში, ის ვერასოდეს გახდება ადამიანის მეგობარი.“
 
როგორც კი ბაყაყმა პირობა მოისმინა, კისერი წაიგრძელა და წყალში ჩაყვინთა. ცოტა ხნის მერე ისევ უკან ამოყვინთა პირში პატარა ბურთით და ის ბალახზე გააგორა. მეფის ასულმა თავისი საყვარელი სათამაშოს დანახვისას აღფრთოვანება ვერ დამალა. მან ბურთს ხელი დასტაცა და გაიქცა. 
 
-       მოიცა, მოიცა, - დაუძახა პატარა ბაყაყმა, - მეც წამიყვანე, მე ასე სწრაფად ვერ დავრბივარ. 
-        
ის უკან მისძახოდა გოგონას ისე ხმამაღლა როგორც შეეძლო. მეფის ასულმა ყურადღება არ მიაქცია, სასახლეში შევარდა და მალე სულ დაივიწყა ბაყაყი - რომელიც ისევ უკან, წყალში ჩახტა. 
 
ესაა ერთი მაგალითი თუ როგორ შეიძლება დაიწყოს თავგადასავალი. უეცარი შეცდომა - სრულიად ჩვეულებრივი შემთხვევითობა - ასეთი ფაქტები მოულოდნელი სამყაროს კარს გვიხსნის და ადამიანი ისეთ ხალხთან იწყებს ურთიერთობას რომლებისაც ბოლომდე არც ესმის. როგორც  ფროიდმა გვაჩვენა, უხეში შეცდომები სულაც არაა უბრალო შემთხვევითობა. ისინი ჩახშობილი სურვილების და კონფლიქტების შედეგებია. ისინი იმ მოულოდნელად გაჩენილი წყაროების ტალღებია ჩვენი ცხოვრების ზედაპირზე, ჩვენი სულის სიღრმეში რომ ამოხეთქავენ ხოლმე. მარცხმა შეიძლება ბედისწერის სხვა გზა გვაჩვენოს. ამ ზღაპარშიც ასე ხდება. ბურთი იკარგება იმის ნიშნად, რომ მეფის ასულის ცხოვრებაში რაღაცა უნდა მოხდეს, ბაყაყის გამოჩენა მეორე ნიშანია, გაუაზრებელი პირობა კი - მესამე.
 
თამაში დაიწყო და უცხო ძალები გამოჩენის პირველი ნიშანი ბაყაყის გამოჩენაა. ის სასწაულებრივად გვევლინება და შეიძლება მახარობელიც კი ვუწოდოთ, სწორედ მისი გამოჩენის კრიტიკული მომენტია თავგადასავლების ძახილი. მახარობელი მოუწოდებს იცოცხლოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და უფრო მოგვიანებით ცხოვრების გზაზე მოკვდეს. ის გვატყობინებს ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე ან მიგვანიშნებს რელიგიური გასხივოსნების განთიადს. მისტიკოსები ამას „თვითგამოღვიძებას“ ეძახიან. ჩვენი მეფის ასულის შემთხვევაში ეს მის ყმაწვილქალობაში გადასვლას მოასწავებს. თუმცა მნიშვნელობა არ აქვს პატარა ხართ თუ დიდი ან ცხოვრების რომელ სტადიაზე იმყოფებით, ძახილს ყოველთვის შეუძლია ფარდა  ახადოს იდუმალს, იქნება ეს გარდასახვის ადათი თუ სულიერი გადასვლის მომენტი, რომელიც ან სიკვდილზე მიანიშნებს ან დაბადებაზე. უკვე ნაცნობი ჰორიზონტი ფართოვდება, ძველი კონცეფციები, იდეალები და ემოციური მოდელები აღარ მუშაობს  და გვიახლოვდება ზღურბლის გადალახვის დრო.
 
ძახილი ტიპიური პირობებია: უღრანი ტყე, დიდი ხე, მოჩუხჩუხე ნაკადული და ძლევამოსილი ენერგიის საშინელი, მოულოდნელი გამოჩენა. შეიძლება სამყაროს ჭიპის სიმბოლოც გავარჩიოთ; ბაყაყი პატარა დრაკონია, მიწისქვეშა გველის ბავშვური ჩანაცვლება, მის თავს დედამიწა ეყრდნობა, თავად ის კი უფსკრულს, სიცოცხლისმყოფელ დემიურგულ ძალას განასახიერებს. ის მზის ოქროს ბურთით ჩნდება, რომელიც მისმავე ღრმა, ბნელმა წყალმა ჩაყლაპა ცოტა ხნის წინ. ამით ის ძალიან ჰგავს უდიდეს ჩინურ დრაკონს - კასტას, ხახაში ამომავალი მზე რომ მოაქვს ან ბაყაყს რომლის თავზეც ზის ახალგაზრდა ხან ხსიანი ხელში უკვდავების ატმების კალათით.  ფროიდი ვარაუდობდა, რომ მღელვარება ყოველთვის აცოცხლებს ბავშვობაში განცდილ, დედასთან პირველი დაშორების მტკივნეულ შეგრძნებას. ამას ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, სისხლის მოწოლა და ა.შ. იგივეა დაბადების კრიტიკული მომენტი.  ყოველი განშორებისა და ახალი საწყისის მომენტი შფოთვას იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ეს - მეფის ასული რომელიც ზღურბლზე დგას და ერთი ნაბიჯი აშორებს მეფე-მამასთან განცხრომით ცხოვრებისგან თუ ღვთის ქალიშვილი ევა, უკვე მზად მყოფი სამოთხის ბაღის იდილიის დასატოვებლად  ან სულაც კონცენტრაციის უმაღლეს დონეს მიღწეული მომავალი ბუდა, ყველა შემთხვევაში აქტიურდება ერთი და იგივე არქეტიპული ხატები, რომლების განასახიერებენ საფრთხეს, ნუგეშს, გამოცდას და დაბადების საიდუმლოს იდუმალ საკრალურობას.
 
საზიზღარ და უარყოფილ ბაყაყს თუ დრაკონს ზღაპრიდან პირით ამოაქვს მზე. გველი, ბაყაყი, უარყოფილი პერსონაჟი იმ გაუცნობიერებელი  უძირო სიღრმეების   წარმომადგენელია სადაც დამალულია ყველაფერი განდევნილი, არაღიარებული, ვერშეცნობილი, უცხო ანდა ვერგანსაზღვრული ფაქტორები, კანონები და ელემენტები. ესაა სირინოზების, ტრიტონების  და წყლის სხვა არსებების ზღაპრული წყალქვეშა სასახლეების მარგალიტები; ესაა ის ძვირფასი ქვები დემონების ქალაქებს რომ ანათებენ მიწისქვეშეთში, ჰესპერიდების ოქროს ვაშლები და ოქროს საწმისის ხვეულები, ცეცხლის თესლები უკვდავების ოკეანეში რომელსაც უჭირავს დედამიწა და გველივით ევლება გარს, ესაა ვარსკვლავები მარადიული ღამის სიღრმეში.ესაა ოქროს მადანი დრაკონის განძიდან.  ამიტომაც მახარობელი ხშირად უხეში, საზიზღარი, შიშისმომგვრელი და ბოროტია ყოველდღიური სამყაროს გადმოსახედიდან. თუმცა მას თუ მაინც გავყვებით, დღის გალავნებიდან გზა გაიხსნება ძვირფასი თვლებით განათებულ ღამეში.  შესაძლოა ის ურჩხული იყოს მახარობელი, რომელიც ჩვენს ჩახშობილ, ცხოველმყოფელ ინსტინქტურ ძალებს განასახიერებს  ანდა სულაც უცნობის იდუმალი ფიგურა.
 
კარგი მაგალითია მეფე არტურის ამბავი, თუ როგორ გაემგზავრა თავის რაინდებთან ერთად ცხენებით სანადიროდ. როგორც კი მეფე ტყეში აღმოჩნდა მან ირემი დაინახა. „ის ჩემი ნადავლი გახდება“, - თქვა მეფე არტურმა, ცხენს დეზები ამოჰკრა და დიდხანს მისდევდა ცხოველს. თითქმის დაეწია კიდეც, მაგრამ ამ დროს გასვათებული ცხენი დაეცა. მაშინ მსახურმა სხვა ცხენი მოჰგვარა. ამგავარად მეფემ ცხენი ჭენებთ მოკლა და თავისი ნადავლი მაინც არ გაუშვა. ის წყაროსთან  ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. ამ დროს მოეჩვენა, რომ დაახლოებით 30 მწევრის ყეფის ხმა შემოესმა შორიდან. მასთან გამოვიდა ყველაზე უფრო უცნაური ცხოველი რაც კი ოდესმე ეხილა. ცხოველი წყაროსთან მივიდა, რათა წყალი დაელია და მეფემ გაიგონა , რომ 30 მწევრის ხმა სწორედ მისი მუცლიდან მოდიოდა. მაგრამ ვიდრე ის წყალს სვამდა ხმა დადუმდა, მერე თავად ხმაურიანი ცხოველიც გაქრა და მეფე გაოცებული დატოვა. 
 
აი კიდევ სხვა ამბავიც - მსოფლიოს სხვა კუთხიდან, ჩრდილოეთ ამერიკის დაბლობის არაპაჰოს ტომის  გოგონაზე. მან ვერხვთან მაჩვზღარბა შეამჩნია, სცადა დაეჭირა ის მაგრამ ცხოველმა ხესთან მიირბინა და ზედ აცოცება სცადა. ამის მერე გოგონამ ისევ განარგძო მისი დაჭერა, მაგრამ ის მიუწვდომელ ადგილას აძვრა.’კარგი. - თქვა გოგონამ, - მე ხეზე მივძვრები მაჩვზღარბას დასაჭერად, რადგან მე მისი ბუმბული მჭირდება. მე კი აუცილებლად ავძვრები ხეზე.“მაჩვზღარბამ კენწეროს მიაღწია, თუმცა როგორც კი გოგონა მიუახლოვდა და ხელი გაიწოდა დასაჭერად, ვერხვი უეცრად გაიზარდა და ცხოველმა განაგრძო ცოცვა.გოგონამ ქვემოთ ჩაიხედა და დაინახა როგორ შესცქეროდნენ იქიდან მისი მეგობრები, თავები ზემოთ აეწიათ და უკან ეძახდნენ. მაგრამ ის დევნის ჟინს შეეპყრო და მიუხედავად იმის რომ მიღწეული სიმაღლის უკვე ეშინოდა მაინც განაგრძობდა ცოცვას, სანამ მიწიდან მაცქერალთათვის წერტილს არ დაემგვანა და ასე მაჩვზრარბასთან ერთად ზეცას მიაღწია.

osiris

3.ხარად ქცეულ ოსირისს გადაჰყავს თავისი მიმდევარი მკვდართა სამეფოში. ეგვიპტური ნამარხებიდან ბრიტანეთის მუზეუმში. (ე.ა უოლეს ბაჯი, ოსირისი და ეგვიპტური აღდგომა, ლონდონი, ფილიპ ლი უორენი, ნიუ-იორკი გ.პ პატნემის ვაჟები 1911 Vol. I, p. 13.)
 
ორი სიზმარი საკმარისი იქნება მახარობლის უეცარი გამოჩენის საილუსტრაციოდ თუ როგორ მომწიფდა უკვე ფსიქიკა ტრანსფორმაციისთვის. პირველი იმ ახალგაზრდა კაცის სიზმარია, რომელიც ახალი სამყაროს შეცნობის გზას ეძებს:
 
„მწვანე მინდორზე ვდგავარ, სადაც საძოვარზე უამრავი ცხვარია. ეს ცხვრების მიწაა. ცხვრების მიწაზე უცნობი ქალი დგას და გზას მიჩვენებს.“
 
მეორე ახალგაზრდა ქალის სიზამრია. მისი პარტნიორი ცოტა ხნის წინ ჭლექით გარდაიცვალა. მას კი ეშინია, რომ თავადაც დაავადდება. 
 
„მე აყვავებულ ბაღში ვიყავი. მზე სულ ახალი ჩასული იყო, სისხლისფერი წითელი შუქით.ჩემს წინ გაჩნდა შავი, კეთილშობილი რაინდი, რომელიც დაბალ ხმაზე ძალიან სერიოზულად მელაპარაკებოდა: „წამომყვებით?“ და ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე მომკიდა ხელი და წამიყვანა.“
 
სიზმარი იქნება ეს თუ მითი, ყველა თავგადასავალში დგას იმ ფიგურით აღფრთოვანების ატმოსფერო, რომელიც უეცრად, ორიენტირივით ჩნდება და ახალ პერიოდს, ბიოგრაფიაში ახალ ეტაპს აღნიშნავს. ეს ისაა, რასაც პირისპირ უნდა შეხვდე და ის, რაც ასე სიღრმისეულად ნაცნობია არაცნობიერისთვის - მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი შეხვედრისას გვევლინება როგრც რაღაც საშიში და უცნაური ცნობიერისთვის, ის ღიად აცხადებს თავის უფლებებს და ყველაფერი ის რას აქამდე მნიშვნელოვანი იყო უეცრად უფერულდება, ზუსტად ისე, როგორც ჩაინავლა სამყაროს შუქი მას შემდეგ რაც მეფის ასულს ოქროს ბურთი წყალში ჩაუვარდა. ამის შემდეგ გმირი, ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდა აზრს მოკლებულად თვლის, მაშინაც კი თუ დროებით კიდევ ჩვეულ გარემოში რჩება. ამის მერე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ცოდნა - ერთი მეორეზე უფრო ძლიერი, ბოლოს კი ძახილისთვის წინააღმდეგობის გაწევა უკვე შეუძლებელია, როგორც ლეგენდაში „ოთხ ნიშანზე“. რომელსაც ახლა მოგიყვებით. ესაა მსოფლიო ლიტერატურაში ძახილის ყველაზე ცნობილი მაგალითი.
 
ახალგაზრდა უფლისწულის გაუტამა შაკიამუნის, მომავალი ბუდას  მამამ საიმეოდ შემოზღუდა ის რათა არასოდეს ენახა სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი და განდეგილობა, რათა სამყაროსგან განდგომის სურვილი არ გასჩენოდა. უფლისწულის დაბადებისას მას უწინასწარმეტყეველეს, რომ ის ან სამყაროს მბრძანებელი გახდებოდა ან ბუდა. მეფეს უნდოდა მისი შვილიც მეფე გამხდარიყო. მისცა მას სამი სასახლე და 40 000 მოცეკვავე, რათა ვაჟი მოკვდავი სამყაროსთვის მიეჯაჭვა. მაგრამ ამან მხოლოდ დააჩქარა გარდაუვალი, რადგან ვაჟმა ჯერ კიდევ ყმაწვილობაში ამოწურა ყველანაირი მიწიერი სიამოვნება და სხვა განცდებისთვის მომწიფდა და ზუსტად მაშინ როცა ის ამისთვის უკვე მზად იყო გამოჩნდნენ კიდევაც ნიშნები.
 
 ერთხელ მომავალ ბუდას პარკში გასეირნება მოუნდა და თავის მეეტლეს ეტლის გამართვა სთხოვა. მსახურმაც მშვენიერი, განსაკურებული ეტლი გაამზადა, მდიდრულად მოაწყო ის, ოთხი საუკეთესო ცხენი შეაბა - სინჰავას ჯიშის, ლოტოსის ფურცელივით თეთრები და მომავალ ბუდას მოახსენა, რომ ყველფერი მზად იყო. ისიც ჩაჯდა ღმერთების საკადრის ეტლში და პარკში გაემართა. 
 
„უკვე მოახლოვდა უფლისწულ სიდჰარტჰას გასხივოსნების დრო, - გადაწყვიტეს ღმერთებმა, - ჩვენ მას ნიშანი უნდა გავუგზავნოთ“. ერთი მათგანი მოხუც, კბილებჩამპალ კაცად გადაიქცა, ჭაღარა თმით, წელში მოხრილი და აკანკალებულ ხელში ხის კვერთხით. ის გამოეცხადა მომავალ ბუდას ისე რომ მხოლოდ მას და მეეტლეს შეეძლოთ დაენახათ. 
 
მომავალმა ბუდამ მეეტლეს მიმართა: 
 
-       ჩემო მეგობარო, გევედრები მითხარი ვინ არის ეს კაცი? მისი თმებიც კი არ ჰგავს სხვების თმას. 
 
ხოლო როცა პასუხი მოისმინა თქვა:
 
-       სირცხვილი დაბადებას, თუ ყოველი ვინც იშვება უნდა დაბერდეს.
 
 მერე კი მობრუნდა აღელვებული და ისევ სასალეში დაბრუნდა. 
 
-       ასე სწრაფად რატომ დაბრუნდა ჩემი ვაჟი? - იკითხა მეფემ.
-       მან მოხუცი დაინახა  თქვენო უდიდებულესობავ, - უპასუხეს მას, - ხოლო მისი დანახვის მერე სამყაროსგან განმარტოება მოუნდა.
-       ასე რატომ მეუბნები? გინდა რომ მომკლა? ახლავე გაეცი განკარგულება რომ ჩემი ვაჟი თამაშებით გაართონ. თუ მისი გართობა გამოგვივა ის სამყაროსგან განდგომაზე აღარ იფიქრებს.
 
მერე კი მეფემ განკარგულება გასცა და ყოველი მხრიდან სამეფო დაცვა დააყენა.
 
მერე ისევ წავიდა მომავალი ბუდა პარკში სასეირნოდ. იქ კი ღმერთების გამოგზავნილი ავადმყოფი ადამიანი ნახა, ისევ გამოიკითხა უცნობის ამბები. მერე კი ისევ აღელდა და სასახლეში დაბრუნდა. 
 
ისევ იკითხა მეფემ თუ რა მოხდა, ისევ გასცა ბრძანება როგორც აქამდე და ისევ გაზარდა დაცვა. 
 
ისევ გაეშურა მესამედაც მომავალი ბუდა პარკში სასეირნოდ და ამჯერად ღმერთების ნებით მკვდარი ადამიანი ნახა. ისევ გამოიკითხა მისი ამბავი და ისევ დამწუხრებული დაბრუნდა სასახლეში და განმარტოვდა. 
 
მეფემ ისევ იკითხა ვაჟის ამბავი ისევ ნაცადი განკარგულება გასცა და დაცვაც ისევ გაზარდა. 
 
და ბოლოს როცა მომავალი ბუდა პარკში წავიდა, გზად ბერი ნახა, რომელიც ღმერებმა გაუგზავნეს და ისევ სთხოვა მეეტლეს:
 
-       გევედრები, მითხარი ვინ არის ეს ადამიანი?
-        უფლისწულო, ეს ის კაცია ვინც სამყაროს განუდგა, -  და მეეტლემ განდეგილობის უპირატესობების ჩამოთვლა დაიწყო. 
 
სამყაროსგან განმარტოების აზრი ძალიან მოეწონა მომავალ ბუდას. 
 
მითში აღწერილია თავგადასავლების პირველი სტადია, რომელსაც ჩვენ „თავგადასავლების  ძახილს“ ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ ბედისწერა იხმობს გმირს და რომ ახლა მისი სულიერი ინტერესები ჩვეული გარემოს მიღმაა და შეუცნობელში მიუძღვიან. ეს საბედისწერო სამყოფელია ხიფათისაც და განძისაც  და სულ სხვა და სხვა ფორმით წარმოგვიდგება, როგორებიცაა: შორეული სახელმწიფო, ტყე, წყალქვეშა, მიწისქვეშა ან ზეციური სამეფოები, საიდუმლო კუნძული, მაღალი მთის წვერი ან სულაც ხანგრძლივი სიზმარი. აქ ყოველთვის ბინადრობენ ჯადოსნური ქმნილებები, გარეგნობის შეცვლა რომ შეუძლიათ, აქ გარდაუვალია გაუსაძლისი ტანჯვა, დაუჯერებელი შემთხვევები და გამოუთქმელი აღტაცება. გმირს შეუძლია იქ საკუთარი ნებით გაემგზავროს თეზევსივით, რომელმაც მამამისის ქალაქში - ათენში დაბრუნებულმა, მინოტავრის ამბავი მოისმინა ანდა შესაძლოა ოდისევსივით კეთილმა და ბოროტმა ძალებმა მორიგეობით უბიძგონ თავგადასავლებისკენ, რომელიც ჯერ ათენამ წაიყვანა ტროას ომში, მერე კი განრისხებული პოსეიდონის ბრძანებით 20 წელი დაეხეტებოდა ხმელთაშუა ზღვაში. თავგადასავალი შეიძლება უბრალოდ შეცდომით დაიწყოს როგორც ზღაპარში მეფის ასულზე. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გმირი უბრალოდ სასეირნოდ გავიდეს და ისეთი რამ დაინახოს რაც მის ჩვეულ გზას გადაახვევინებს. ამის მაგალითები მსოფლიოს ყველა კუთხეში უამრავია. 
 
არც ამ თავში და არც მთელ წიგნში არ მიცდია ყველა შესაძლო მაგალითი მომეყვანა. ისე რომ მოვქცეულიყავი როგორ ფრეზერი „ოქროს რტო“-ში წიგნის მოცულობა საგრძნობლად გაიზრდებოდა და ეს სულაც არ წაადგებოდა მისი მთავარი აზრის  - მონომითის    გაშლას. ამის მაგივრად, ყოველ თავში მხოლოდ განსაკუთრებით ცნობილი და დამაჯერებელი მაგალითი მომყავს, ვეყრდნობი სხვა და სხვა ცნობებს და მეტად მნიშვნელოვან ტრადიციებს. ჩემს ნაშრომში ვიყენებ ცნობებს ყველაზე უფრო განსხვავებული წყაროებიდან, ვაძლევ მკითხელს საშუალებას  თხრობის სხვა და სხვა ნიმუშებით დატკბეს. როგორც კი უკანასკნელ ფურცელს წაიკითხავს ის მიიღებს წარმოდგენას მითების ძალიან დიდ რაოდენობაზე და თუ მას მოუნდება გაიგოს რამდენად შესაძლებელი იყო თითოეული მათგანის ციტირება ყოველ თავში, რომელიც მონომითს ეძღვნება, უბრალოდ ჩაიხედოს დანართში მოცემულ  ლიტერატურის სიაში, მერე კი ჩაიძიროს ზღაპრებისა და მითების სამყაროში. 
 
ძახილის უარყოფა
 
ხშირად რეალურ ცხოვრებაში და არც ისე იშვიათად მითებსა და ხალხურ ზღაპრებში ვხვდებით ხოლმე ძახილის უარყოფის სევდიან შემთხვევებს. რადგან ყოველთვის შესაძლებელია უფრო საინტერესო ამბებისთვის „ყურის მიპყრობა“. ძახილის უარყოფა თავგადასავალს თავისი ნეგატიური  მხრიდან ატრიალებს. იგება მოწყენილობის, რუტინული შრომის და „კულტურის“ კედელი. სუბიექტი კარგავს გაბედული გადაწყვეტილების სიმამაცეს და მსხვერპლად იქცევა, რომელსაც გადარჩენა სჭირდება. მისი აყვავებული სამყარო ქვების გროვად გადაიქცევა, მისი ცხოვრება აზრს ჰკარგავს მაშინაც კი, თუ ის მეფე მინოსია. მას კოლოსალური ძალისხმევა სჭირდება ძლევამოსილი იმპერიის ასაშენებლად, მაგრამ როგორი სახლიც არ უნდა ააშენოს ეს მაინც სიკვდილის სახლი იქნება, ციკლოპური კედლების ლაბირინთი, სადაც თავის მინოტავრს დამალავს. მას მხოლოდ საკუთარი თავისთვის ახალი პრობლემების შექმნა შეუძლია და თავისივე ნგრევის მოახლოებას ელის.
 
„მე გეძახდი, შენ კი უარმყავი. სამაგიეროდ მე თქვენს მოუხერხებლობას დავცინებ, მე ვიცინებ როცა თქვენი შიში მოგადგებათ, როცა თქვენივე შიში დაგაცარიელებთ, როცა ნგრევა ქარიშალივით მოვარდება და როცა დარდი და სევდა მოგადგებათ. უგნურებს სიჯიუტე დაღუპავთ, სულელებს კი მათი ნეტარება“. 
 
“Time jesus transeuntem et non revertentem” – გეშინოდეს იესოს წასვლის რადგან ის არ დაბრუნდება. 
 
მთელი მსოფლიოს მითები და ხალხური ზღაპრები გვიჩვენებენ. რომ უარი არსებითად წარმოადგენს სურვილის არ ქონას უარი თქვან პირად ინტერესებზე. ადამიანი მომავალს განიხილავს არა როგორც სიკვდილისა და დაბადების უწყვეტ სერიას, არამედ მისთვის მისი საკუთარი იდეალების, სათნოებების, მისწრაფებების და ღირსებების სისტემა ურყევი და შეუცვლელი ხდება. მეფე მინოსმა შეინახა ღვთაებრივი ხარი, მაშინ როცა მისი მსხვერპლად შეწირვა იქნებოდა ღმერთის მორჩილების აქტი, მაგრამ მან მაინც ის არჩია რაც პირადად მისთვის იქნებოდა ხელსაყრელი. ამგვარად მან არ შეასრულა ის რაც მისთვის ზეცის მიერ იყო განზრახული და ჩვენ ყველამ ვიხილეთ თუ როგორი გამანადგურებელი და ტრაგიკული შედეგი გამოიწვია ამ დაუმორჩილებლობამ. ღვთაებრივი ბედისწერაც კი მისთვის წყევლად გადაიქცა, რადგან ნათელია, რომ როცა ადამიანი საკუთარ თავს აღმერთებს,თავად ღმერთი და მისი ღვთაებრივი ძალა და უნარი ანადგურებს ამ ადამიანის ეგოცენტრულ სისტემას და ღვთაება ურჩხულის სახით გვევლინება. 
 
ვილტვოდი მისგან დღისით და ღამით
ვილტვოდი მისგან წლების კიბეზე
ვილტვოდი მისგან ლაბირინთებით
ჩემივ გონების. ბოლოს კი შიშებს 
შევაფარე თავი და გავექეცი საბოლოოდ მის მჩქეფარ სიცილს.
 
ადამიანს დღე და ღამე აწუხებს მისივე დეზორიენტირებული ფსიქიკის ლაბირინთში ჩაკეტილი ღვთაებრივი არსება. ლაბირინთის კარამდე გზა მოჭრილია  და მდგომარეობა გამოუვალია. მხოლოდ სატანასავით შეუპოვრად შეიძლება ჩაებღაუჭო შენივე თავს და ჯოჯოხეთში ჩახვიდე ანდა ბოლოს და ბოლოს გადატყდე ღმერთში.
 
აჰ, უსინათლოვ, უნაზესო, უმწეო ყრმაო
მე ის ვარ შენ რომ გამუდმებით დასდევ და ეძებ
მე თუ მიმიღებ სიყვარულსაც მიიღებ.
 
ზუსტად ასეთი სულისშემძვრლი და მისტიური ნოტები ისმის ბერძნული ღმერთის აპოლონის ძახილში, როცა ის გაქცეულ გოგონას, მდინარე პენეუსის ქალიშვილს - დაფნას მიმართავს: „ო, ნიმფავ, ო. პენეუსის ქალიშვილო შეჩერდი!“ - ეძახის მას ღვთაება ისევე როგორც ბაყაყი მიმართავს მეფის ასულს ზღაპარში: „  მე მოგდევ, მაგრამ შენი მტერი არ ვარ. შენ არც კი იცი რას გაურბიხარ, ამიტომაც გარბიხარ. შეანელე სირბილი და მეც უფრო ნელა გამოგყვები, შეჩერდი და ნახე ვის შეუყვარდი.“
 
ის მეტსაც იტყოდა, როგორც ამბავი გვამცნობს, მაგრამ გოგონა შიშით აღვსილი გაიქცა და აღარ დააცადა საუბრის დამთავრება. ქარი ხელ-ფეხს უშიშვლებდა, მსუბუქი ბრიზი თმას უშლიდა, სირბილი მის სილამაზეს აძლიერებდა. თუმცა დევნა დასრულდა, ახალგაზრდა ღმერთი აღარ აპირებდა დრო ლაპარაკში დაეკარგა. სიყვარულით აღტკინებული ის გამალებით მიისწრაფვოდა ქალისკენ, ისე როგორც გალიური მწევარი მისდევს კუდღელს გაშლილ ველზე, ის თითქმის მიფრინავდა ნადავლის დასაჭერად, აი უკვე მიუახლოვდა კურდღელს სადაცაა ქუსლებში ჩაავლებს კბილებს და წაგრძელებული ცხვირით კურდღლის ნაფეხურებში ეცემა. კურდღელი კი დაეჭვებულია, ნუთუ ისევ გადარჩა, მწევრის კბილებს გაუსხლტა და ისევ გარბის. სწორედ მას გვანან ქალწული დაფნა და ღმერთი აპოლონი, გოგონა შიშით გარბის ღმერთი კი ვნებით მისდევს. მდევნელი სიყვარულს ფრთაშესხმული მისდევს, ვერ ისვენებს და აი უკვე მსხვერპლის კისერს სწვდება და მის გაწეწილ თმებში სუნთქავს. ქალს ძალა გამოელია, გაფითრდა, სირბილიმა დაასუსტა, ის პენეუსის წყალში იყურება და ამბობს: „მამა მიშველე, თუ შენს ნაკადებს ძალა აქვს, გევედრები შემცვალე, მოსპე ჩემი დამღუპველი ხატი!“ როგორც კი მან თავისი ვედრება დაასრულა, ქალწულის ნაზი კანი ხის თხელი ქერქით დაიფარა, თმა მწვანე ფოთლებად იქცა, ხელები ტოტებად, სირბილით გადაღლილი ფეხები ხის ფესვებად, სახე ფოთლებმა დაუფარა, თუმცა სილამაზე მაინც დარჩა. 
 
ეს ნამდვილად სევდიანი დასასრულია. აპოლონი - მზე, დროის მფლობელი და ნაყოფიერების ღმერთი წყვეტს თავის შიშისმომგვრელ დევნას და დაფნას თავის საყვარელ ხეს უწოდებს  და ურჩევს ადამიანებს მისი ტოტებით დაწნული გვირგვინი დაადგან გამარჯვებულს თავზე. გოგონამ თავის მშობელს მიაშურა და იქ დაცვა იპოვა - იმ ქმრის მსგავსად რომელსაც ოჯახურ ცხოვრებაში არ გაუმართლა, რადგან დედის მიმართ სიყვარულმა გაურთულა ცოლთან ურთიერთობა. 
 
ფსიქოანალიზში ასეთი ფიქსაციის მრავალი მაგალითია. ისინი მაშინ ჩნდებიან როცა არაფრით არ გვინდა ჩვენი ბავშვური ეგოს,  ჩვენი ემოციური დამოკიდებულებებისა და იდეალების დათმობა. ადამიანისთვის ბავშვობა ციხე ხდება, ხოლო დედა და მამა დარაჯები არიან, მის უმწეო სულს კი, სასჯელის შიშით არ შეუძლია ზღურბლს გადააბიჯოს და ახალი ცხოვრებისთვის დაიბადოს ციხის კედლებს მიღმა. 
 
დოქტორი იუნგი აღწერს სიზმარს რომელიც ძალიან ჰგავს მითს დაფნაზე.  ესაა ახალგაზრდა კაცის სიზმარი, რომელმაც თავი ცხვრების ქვეყანაში ნახა - ანუ იმქვეყანაში სადაც  დამოუკიდებელი ცხოვრება შეუძლებელია. შინაგანი ხმა ეუბნება : „ჯერ მამას უნდა გაექცე“, მერე კი რამდენიმე ღამის შემდეგ ახალი სიზმარი მოდის: გველი წრეებს ხაზავს მის გარშემო ის კი ხესავით მიწაშია ჩაფლული. ესაა ჯადოსნური წრის ხატი, სადაც ეს პიროვნება მშობლების დემონური ძალით მოხვდა და აქედან გაჩნდა ფიქსაცია. ასევეა დაცული ბრუნჰილდას ქალწულობა, რომელიც ძალიან დიდი ხანი უბრალოდ ყოველთა მამის - ვოტანის ქალიშვილი იყო. მას ცეცხლის რკალი იცავდა. ზიგფრიდის მისვლამდე მას დროის მიღმა ეძინა. 
 
პატარა მძინარე მზეთუნახავი დააძინა ბოროტმა ჯადოქარმა (ბოროტი დედის გაუცნობიერებელი ხატი). დაიძინა არა მხოლოდ მძინარე მზეთუნახავმა არამედ მთელმა სამყარომ, მაგრამ ბოლოს, მრავალი წლის შემდეგ მოვიდა უფლისწული და გააღვიძა.
 
მეფეს და დედოფალს (კეთილი მშობლების ცნობიერი ხატები) რომლებიც ახლახანს დაბრუნდნენ სახლში და დარბაზში შევიდნენ, ჩაეძინათ და მათან ერთად დაიძინა მთელმა სამეფომ. ცხენებს თავიანთ სადგომებში ეძინათ, ძაღლებს - ეზოებში, მტრედებს სახურავებზე, ბუზებს - კედლებზე, ცეცხლმაც კი დაიძინა კერაზე რომ ენთო, ჩაწყნარდა და ჩაინავლა, ქვაბმა შეწყვიტა თუხთუხი. მზარეული, რომელიც დამხმარის მასჯას აპირებდა ჯოხით ხელში მოცელა ძილმა, ქარიც ჩადგა, ერთი ფოთლიც კი აღარ შრიალებდა. მერე სასახლის გარშემო გაიზარდა ცოცხალი ეკლიანი ღობე, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო მაღლდებოდა, ვიდრე მთელი სამეფო არ დაფარა. ის სასახლეზე ბევრად მაღალი გაიზარდა და უკვე აღარაფერი ჩანდა, ყველაზე მაღალი კოშკის წვერიც კი. 
 
ერთხელ სპარსეთის მთელი ქალაქი გაქვავდა -  მეფე და დედოფალი, მისი მოქალაქეები და ყველაფერი გარშემო. ეს იყო სასჯელი იმისთვის რომ არ დაუჯერეს ალაჰის ხმას. ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცა. მისი სასჯელი იყო იმისთვის რომ უკან მიიხედა როცა იაჰვემ უბრძანა დაეტოვებინა ქალაქი. არსებობს ასევე თქმულება მოხეტიალე ებრაელზე, რომელიც დაიწყევლა ეხეტიალა დედამიწაზე საშინელ სამსჯავრომდე, იმისთვის რომ, როცა მას ქრისტემ ჩაუარა ჯვრით ხელში ამ ადამიანმა სეირის მაყურებელი ბრბოდან დაიყვირა: „დაუჩქარე“, არაღიარებული, შეურაცხყოფილი მხსნელი მობრუნდა და უთხრა მას: „მე წავალ, შენ კი აქ იქამდე დარჩები ვიდრე არ დავბრუნდები.“
ზოგიერთი მსხვერპლი მუდმივად მოჯადოებული რჩება (ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია), სხვები გადარჩებიან. ბრუნჰილდას იცავდნენ გმირის გამოჩენამდე, პატარა მძინარე მზეთუნახავი იხსნა უფლისწულმა. ახალგაზრდა კაცს რომელიც სიზმარში ხედ იქცა მოგვიანებით დაესიზმრა უცნობი ქალი - იდუმალი გზამკვლევი შეუცნობელში  და მან უჩვენა გზა. ყველა ვინც დაეჭვდება უკვე განწირული არაა. ფსიქიკას ბევრი საიდუმლო აქვს მარაგში. ისინი კი იქამდე არ იჩენს თავს ვიდრე ამის აუცილებლობა არ დადგება. ამიტომაც ნებიმიერი გართულებული მდგომარეობა ესაა სურვილის უარყოფა დაემორჩილო ძახილს - იმას რაც საკუთარ თავში უკვე მოიცავს განთავისუფლების საოცარ  გზას. 
 
შემოქმედებითი გენიოსის ერთ-ერთი კლასიკური ატრიბუტია სწორი, ნებაყოფლებითი ინტროვერსია, და სუბიექტი ამას გაუცნობიერებლად მიმართავს. აცოცხლებს არაცნობიერში დაკარგულ ბავშვურ და არქეტიპულ ხატებს. ამის შედეგი კი შესაძლოა იყოს სრული ან ნაწილობრივი დეზორიენტაცია (ნევროზი, ფსიქოზი - მოჯადოებული დაფნას სევდიანი ხვედრი), მეორე მხრივ, თუ პიროვნება ახერხებს ახალი ძალების ზრდას და ინტეგრირებას, მაშინ იხსნება თითქმის ზებუნებრივი დონის ცნობიერების შეგრძნება და უნარი ვირტუალურად აკონტროლოს სიტუაცია ესაა ინდური იოგური სწალების ძირითადი პრინციპი. ეს გზა დასავლეთის ძალიან ბევრმა შემოქმედებითმა პიროვნებამ გაიარა. თითქმის შეუძლებელიცაა ეს ჩაითვალოს პასუხად გარკვეულ ძახილზე. ეს უფრო გაცნობიერებული, კატეგორიული უარია რაიმე ძახილზე, გარდა ალბათ შინაგალი სამყაროს, გარკვეული ბუნებრივი მოთხოვნილების, რომლებიც ელიან როდის მოვა მათი დრო. უარი ჩვეული სამყაროს მიერ თავს მოხვეულ ნორმებზე, რომლის შედეგადაც გარდასახვის ძალა სირთულეებს ქმნის, როცა ახალ ძალებს უპირისპირდება და უეცრად სიტუაცია საბოლოოდ იხსნება. 
 
გმირის ასეთი პრობლემა ნაჩვენებია უფლისწულ კამარ ალ ზამანისა და მეფის ასულ ბუდურის საოცარ თავგადასავალში „ათას ერთი ღამის ზღაპრებიდან.“ ახალგაზრდა და ლამაზმა უფლისწულმა, მეფე შაჰრამანის ერთადერთმა ვაჟმა,  არაერთხელ უარყო მამის თხოვნა, ვედრება და ბოლოს ბრძანებაც კი ცოლი შეერთო, როგორც ეს ნორმალურ ადამიანს შეეფერებოდა. როცა ამ თემას პირველად შეეხნენ, ყმაწვილმა უპასუხა:“ო, მამა, იცოდე, რომ მე არ მაქვს ქორწინების სურვილი, ჩემი სული ქალებს არ მიელტვის, რადგან ბევრი წიგნი წავიკითხე და უამრავი ამბავი მოვისმინე მათ სიცრუესა და ვერაგობაზე, როგორც პოეტი ამბობს:
 
თუკი ქალების ამბის ცოდნა გსურთ
მე მკითხე, გეტყვი ყველაფერს წვრილად
ჯიბეგაფხეკილს და თმაჭაღარას 
არ მიგიღებენ შენ ხელგაშლილად. 
მეორემ კი აი რა თქვა:
ქალებს აღუდექ და უფრო მეტად ემსახურები ამითი ალაჰს
ქალს ვინც აამებს გზას დაჰკარგავს ზეამაღლების
თუნდ საუკუნე შეალიოს მეცნიერებებს, გრაგნილებს, წიგნებს,
ქალბი მაინც, ქარს გაატანენ მის მაღალ მიზნებს.
 
დამთავრა ლექსი და განაგრძო: „ო,  მამა, ქორწინებაზე მე არასოდეს დავთანხმდები თუნდ სიკვდილთან შეხვედრა მომიხდეს.“  როცა სულთანმა შაჰრამანმა შვილის ეს სიტყვები მოისმინა,  თვალთ დაუბნელდა და მწუხარებამ შეიპყრო.  მაგრამ მას ისე უყვარდა შვილი რომ შეწყვიტა ქორწინებაზე ყოველგვარი საუბარი და ვაჟზე ზრუნვა გააორმაგა.
 
გავიდა ერთი წელი და მეფემ იმავე კითხვით მიმართა შვილს,  მაგრამ უფლისწული შეუვალი იყო. ის კატეგორიულ უარს ამბობდა ქორწინებაზე და ისევ ლექსებით პასუხობდა. მაშინ სულთანმა ვეზირს მიმართა რჩევისთვის,მან კი ურჩია : „ო,მეფეო, კიდევ ერთი წელი  მოიცადე და თუ კიდევ დააპირებ მასთან ქორწინებაზე საუბარს ეს განმარტოებით არ გააკეთო. მაშინ  მიმართე როცა დიდ დღესასწაულზე შენს წინ ყველა ემირი და ვეზირი თავიანთი ჯარით დაიჩოქებენ. როცა ყველა  შეგროვდება მოაყვანინე შენი ვაჟი კამარ ალ ზამანი და ვეზირების თანდასწრებით დაიწყე ქორწინებაზე საუბარი, ამას მოისმენენ დიდებულები, ჯარის მეთაურები, სარდლები და შესაძლოა ამან იმოქმედოს უფლისწულზე, შერცხვეს ამდენი დამსწრის და ვეღარ შეეწინააღმდგოს შენს ნებას.“
 
თუმცა როცა ეს დღე დადგა და სულთანმა შაჰრამანმა ყველას თვალწინ გამოუცხადა ვაჟს თავისი სურვილი, ბიჭმა ცოტა ხნით თავი ჩაქინდრა, მერე კი ახალგაზრდული ენერგიით ავსილმა ბავშვური გულუბრყვილობით მიუგო: „რაც შემეხება მე, მე ცოლს არასოდეს მოვიყვან, ამას სიკვდილი მირჩევნია!  ხოლო რაც შეგეხება  შენ - წლოვანებით დიდი ხარ ჭკუით კი პატარა, აქამდე ხომ უკვე ორჯერ ვილაპარაკეთ ქორწინებაზე და მე ორივეჯერ უარი გითხარი? ნამდვილად ბებრული გონებასუსტობა დაგეწყო  და ცხვრების ფარის მწყემსადაც აღარ გამოდგები!“ ეს თქვა კამარ ალ ზამანმა და ზურგზე დაკრეფილი ხელები ჩამოიღო, სახელოები აიკაპიწა და გაბრაზებულმა ზემოთქმულს კიდევ უამრავი სიტყვა მიამატა ისე რომ არც კი დაფიქრებულა რას ამბობდა.
 
მეფე შეცბა და საშინლად შერცხვა ამდენი დიდებულის წინაშე სამეფო დღესასწაულზე ასე რომ უპასუხეს, მეფურმა დიდებულებამ იძალა, განრისხდა და შვილს ისე დაუყვირა, რომ ბიჭმა კანკალი დაიწყო. მერე კი მის წინ მდგომ ჯარისკაცებს უბრძანა: „შეიპყარით იგი!“ ჯარისკაცები წინ გამოვიდნენ და ვაჟი შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. მეფემ მისი ხელები ზურგს უკან შეაკვრევინა და უბრძანა ასე მდგარიყო დამსწრეთა წინაშე. უფლისწულმა თავი შიშისგან დახარა, მისი სახე და შუბლი ოფლს დაეცვარა, სირცხვილი სტანჯავდა,მამა კი უყვიროდა და ამცირებდა: „დამიწყევლიხარ, მრუშობისა და ცოდვის შვილო! როგორ გაბედე ასე გეპასუხა ჩემი ჯარისკაცებისა და კაპიტნების წინაშე? აქამდე არავის დაუსჯიხარ შენ. გესმის თუ არა რომ შენმა ნათქვამმა მე მთელი ჩემი ქვეშევრდომების წინაშე დამამცირა?“ მერე უბრძანა მოეხსნათ ბორკილები და ციტადელის ერთ-ერთ კოშკში ჩაეკეტათ. 
 
უფლისწული შეიპყრეს და საშინელ, ნახევრადჩამონგრეულ კოშკში ჩაამწყვდიეს, რომლის ცენტრშიც ძველი დანგრეული ჭა იყო. მაგრამ მის დატყვევებამდე დარბაზი დაგავეს, ხალიჩა დაბერტყეს და საწოლი შეიტანეს, მასზე ლეიბი დააგეს და საბანი და ბალიში გაშალეს, მერე კი დიდი სანათი მოიტანეს სანთლებით, რადგან იქ დღისითაც ბნელოდა. ბოლოს კი თავად კამარ ალ ზამანი მოიყვანეს. კართან კი სადარაჯოდ საჭურისი დააყენეს. როცა ყველა წავიდა დარჩა სევდიანი უფლისწული მარტო, საწოლზე დაეცა და სირცხვილისაგან გულდამძიმებული სინანულს მიეცა. 
 
ამ დროს შორეული ჩინეთის იმპერიაში კუნძულბის, ზღვების და შვიდი სასახლის მფლობელი მეფე გაიურას ქალიშვილი იმავე მდგომარეობაში იყო. მას შემდეგ რაც მისი სილამაზე, სახელი და დიდება მთელ ქვეყანას მოედო და მის საზღვრებსაც გასცდა, სხვა ქვეყნების მეფეებმა მამამისთან ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მსახურები გაგზავნეს. მაშინ მამა გოგონას ქორწინებაზე დაელაპარაკა, მაგრამ მისგან სასტიკი უარი მიიღო. გოგონას სიტყვა „ქორწინება“ არ მოსწონდა. „ო, მამა, - უთხრა მან,- მე არ ვაპირებ გათხოვებას, საერთოდ არ ვაპირებ, რადგან მე სუზერენი ქალბატონი ვარ და დედოფალი სუზერენები მართავენ ხალხს და მე არ მინდა მყავდეს მამაკაცი რომელიც მე მმართავს.“  რაც უფრო უარობდა ის, მით უფრო იზრდებდა მისი ცოლობის მსურველთა რიცხვი. ჩინეთის თითქმის ყველა მიწის მეფემ გააგზავნა მსახურები და საჩუქრები ქალის მამასთან მისი ხელის თხოვნის წერილებით. ამიტომაც მამა ისევ და ისევ დაჟინებით სთხოვდა ქალიშვილს გათხოვილიყო. თუმცა გოგონა შეუვალი იყო და ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდა. სანამ ბოლოს გაცეცეხლებულმა არ მიმართა მამას : „მამა, თუ შენ ქორწილის დღეს დათქვამ მე შევალ ჩემს ოთახში, ავიღებ ხმალს, ვადას მიწაზე დავაბჯენ, წვერს კი ჩემი წელისკენ მივმართავ და იქამდე დავაწვები ვიდრე ის ჩემი ზურგიდან არ გამოვა და ასე მოვიკლავ თავს“.
 
როგორც კი მეფემ ეს სიტყვები მოისმინა თვალთ დაუბნელდა და გულზე ცეცხლი მოედო, შიშმა მოიცვა, რომ გოგონას თავი არ მოეკლა და ვერ გადაწყვიტა როგორ მოქცეულიყო მასთან და მისი ცოლობის მსურველ მეფეებთან. მაშინ მან ქალიშვილს უთხრა: „თუ შენ გადაწყვიტე არ დაქორწინდე რას ვიზამთ, თავი შეიკავე გარეთ გასვლისა და შენს ნებაზე სეირნობისაგან.“ მერე შეიყვანა სასახლეში და ოთახში ჩაკეტა, მსახურებად და გადიებად კი 10 მოხუცი ქალი დაუყენა და შვიდ სასახლეში მისვლა აუკრძალა. უფრო მეტიც, მან ყველას თავი მოაჩვენა, რომ ქალიშვილზე განრისხდა და ყველა მეფეს გაუგზავნა წერილი, რომ გოგონა ჯინდა ჭკუიდან შეიშალა.
 
ჩვენი ორივე გმირი - ქალიც და ვაჟიც - უარყოფის გზით მიდიან. მათ შორის კი აზიის კონტინენტია, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ეს ორი უკვე განწირული წყვილი ერთმანეთს შეხვდნენ. სად მოიძებნება ისეთი ძალა რომელიც შეძლებს ცხოვრებისაგან განდომის ჯადოს მოხსნას და ორი ინფანტილური მამის დარდებს გააქარვებს.
 
მთელი მსოფლიოს მითებს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვთ. ის რაც ასე ხშირად მეორდება ყურანის წმინდა ტექსტებში: „სახელითა ალაჰისა, მოწყალისა და მწყალობელისა! შენზე ვლოცულობთ და შენ გევედრებით დახმარებას.“ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ როგორია სასწაულის მექანიზმი. საიდუმლოს კი ფარდა მხოლოდ „ათას ერთი ღამის“ შემდეგ ფურცლებზე აეხდება. 
 
 
ზეგარდმო მფარველობა
 
პირველი, რასთანაც უწევთ შეხვედრა მათ, ვინც ძახილი არ უარყვეს და საგმირო თავგადასავალს შეუდგნენ, ესაა პერსონაჟი-მცველი (ყველაზე ხშირად  ესაა მოხუცი ქალი ან მამაკაცი), რომელიც მოგზაურებს დამცავ თილისმებს ჩუქნის უძლეველი დრაკონისგან დასაცავად,  რომელიც აუცილებლად შემოხვდება გზაში.
 
აღმოსავლეთ აფრიკის ტომები,  მაგალითად  ვაჩაგას ტომი ტანგანიკიდან მოგვითხრობს ერთ ღატაკ ადამიანზე - კიაზიმბაზე, რომელიც გაემართა იმ ქვეყნისკენ საიდანაც ამოდის მზე.  მან დიდხანს იმოგზაურა, დაიღალა და დასავენებლად გაჩერდა, თანაც ჰორიზონტს თვალს არ აშორებდა იქ ხომ ამომავალი მზის ქვეყანა ელდებოდა.  უცებ ზურგს უკან ისეთი ხმა მოესმა თითქოს ვიღაცა უახლვდებოდა, მან მოიხედა და მოხუცი ქალი დაინახა. ქალი მიუახლოვდა და ჰკითხა თუ იქ რას აკეთებდა. როდესაც მოგზაურმა თავისი ამბავი მოუყვა, ქალმა მას მოსასხამი მოახვია და მასთან ერთად მოსწყდა  მიწას და ცაში აიჭრა, ზენიტში მყოფ მზესთან. მერე კი აღმოსავლეთიდან სულისშემძვრელი ხმაურით მოგროვდნენ მეომრები  და მათ შორის დიდი ბელადიც. ის თავის ხარიდან ჩამოხტა და ქვეშევრდომებთან ერთად სანადიმოდ დაჯდა. მოხუცმა ქალმა სთხოვა მას კიაზიმბას დახმარებოდა.  ბელადმა დალოცა ბიჭი და სახლში გაუშვა. მას მერე კი ის ბედნირად ცხოვრობდა. 
 
ამერიკელ ინდიელებს შორის, ოდესღაც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს რომ ცხოვრობდნენ, ყველაზე გავრცელებული მცველი და კეთილისმყოფელი პერსონაჟი იყო ქალი-გველი, ვიღაცის ბებია ან დაბალი ტანის ქალი მიწისქვეშეთიდან. ნავახოს მეომარი ღმერთები - ტყუპები, თავიანთ მამასთან  -  მზესთან როცა მიემგაზავრებოდნენ  შეხვდნენ ამ საოცარ პატარა  ქმნილებას და ეს რა თქმა უნდა მაშინვე მოხდა როგორც კი სახლის ზღურბლს ფეხი გადააბიჯეს.
 
ბიჭები წმინდა გზით მიდიოდნენ და როგორც კი მზე ამოვიდა დაინახეს ზემოთ მიმავალი კვამლი და ისინიც იქით გაემართნენე საიდანაც კვამლი ამოდიოდა. კვამლი კი მიწისქვეშ მოწყობილი საცხვრებლიდან ამოდიოდა. ჩაიხედეს ძმებმა უცნაურ ბინაში და იქ მოხუცი ქალი დაინახეს, ქალი - ობობა, რომელმაც შეხედა მათ და  უთხრა:
 
-       კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბავშვებო. შემოდით, ვინ ხართ ? საიდან მოხვედით?
 
ბიჭებმა არაფერი უპასუხეს და ქვემოთ კიბეს ჩაუყვნენ. როდესაც იატაკს მიაღწიეს ქალმა ისევ ჰკითხა:
 
-       საით გაგიწევიათ?
-       საითაც თვალი მიგვიწვდება,- უპასუხეს მათ, - ვიარეთ, ვიარეთ და აქ მოვედით.
 
ქალმა თავისი კითხვა ოთხჯერ გაიმეორა და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პასუხი მიიღო. მაშინ მან ჰკითხა:
 
-       იქნებ თქვენს მამას ეძებთ?
-       დიახ, - უპასუხეს ბავშვებმა, - ნეტავი ვიცოდეთ მაინც სად ვეძებოთ.
-       აჰ,- წამოიძახა ქალმა, - თქვენი მამისკენ, მზისკენ მიმავალი გზა რთულია, გრძელი და 
სახიფათო. ბევრი ურჩხული შემოგხვდებათ გზაზე და შესაძლოა როცა მამასთან მიაღწევთ მას სულაც არ გაუხარდეს თქვენი ნახვა   და შესაძლოა დაგსაჯოთ კიდევაც მასთან რომ მიხვედით. თქვენ ოთხი სახიფათო ადგილის გავლა მოგიწევთ: კლდეების - მოგზაურს რომ ეცემა, ლერწმების, რომლებიც მოგზაურებს ნაწილებად ჭრის, კაქტუსების, რომლებიც ფლეთენ, და მოძრავი ქვიშების, რომლებიც ითრევენ. მაგრამ მე მოგცემ იმას რაც თქვენს მტერს მოერევა და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ.
 
და ქალმა მისცა მათ თილისმა სახელად „უცხო ღმერთების ბუმბული“ რომელიც წარმოადგენდა ორი ცოცხალი ბუმბულისგან გაკეთებულ რკალს (ცოცხალი არწივის ბუმბულებისგან), და კიდევ ერთი ცოცხალი ბუმბული მათი სიცოცხლის დასაცავად. ქალმა ასევე ჯადოსნური შელოცვაც ასწავლა, რომლესაც თუ მტრის წინაშე წარმოთქვამდი მათ რისხვას აცხრობდი: „თქვენი ფეხები მტვერში ჩაყავით, ხელებიც მტვერში ჩაყავით, თავიც მტვერში ჩაყავით და როცა შენი ხელებიც მტვრიანი იქნება და ფეხებიც და სხეული და გონებას გაგიმტვრიანდება ხმაც მტვრიანია გექნება. გზა მშვენიერია. დამშვიდდი.“
 
მოხუცი კეთილი მცველის  და ზღაპრული ნათლიის ხატი ევროპული  ზღაპრული ფოლკლორის სახასიათო ხატია, ქრისტიანულ ლეგენდებში წმინდანებზე ასეთ როლს წმინდა მარიამი ასრულებს. ქალწული მარიამი თავისი მეოხებით ახერხებს ზეციური მამის კეთილგანწყობის მოპოვებას. ქალ-ობობას თავისი ქსელით შეუძლია მზის მოძრაობის მართვა. კოსმიური დედის მფარველობაში მყოფ გმირს ზიანს ვერ მიაყენებ, არიადნეს ძაფმა თეზევსი წარმატებით გაატარა ლაბირინთში. ესაა ძალა რომელიც დანტესთან ქალის ხატებით ვლინდება, როგორც ბეატრიჩეს ისე ქალწული მარიამის. გოეთეს პოემაში  „ფაუსტი“ ის წარმატებით გვევლინება გრეთჰენის და ტროელი ელენეს და ქალწულის  სახით.  
 
„შენა ხარ იმედის წყარო, - ლოცულობს სამი სამყაროს ხიფათს გაცდენილი დანტე, - ქალბატონო, შენ ისეთი დიდებული და ძლევამოსილი ხარ, რომ თუ ვინმეს სურს კეთილდღეობა და შენს წინაშე მუხლს არ იყრის უფრთებოდ ფრენის მსურველს ემსგავსება. შენი მოწყალება არა მხოლოდ ეხმარება მას, ვინც ითხოვს არამედ ხშირად თავისუფლადაც მოქმდებს. შენშია მოწყალება და შენშია თანაგრძნობა, შენშია სრულყოფილება შენში გაერთიანებული ყველა სიკთე, რაც არსებობს ცოცხალ არსებაში.“
 
ამ ხატში განხორციელებულია ბედისწერის მოწყალე მფარველი ძალა. ეს  ხატი გვპირდება, რომ სამოთხის ნეტარება პირველად დედის მუცელში რომ შევიგრძენით, არ დაგვიკარგავს, ის კვებავს აწმყოს და თან გვდევს მომავალში, და ასევე წარსულშიც გვიფარავდა (ალფადან ომეგამდე). ეს ყოვლისშემძლე ძალა უბრალოდ დაკარგული გვგონია მაგრამ როგორც კი ცხოვრების ზღურბლის გადალახვას ვიწყებთ და სიცოცხლისთვის ვიღვიძებთ - მფარველი ძალაც მაშინვე და უპირობოდ იღვიძებს ჩვენი გულის სიღრმეში. სამყარო ყველა მოვლენის წიაღში იმალება და მათში იკრებს ძალას, უბრალოდ უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს და მარადიული მცველი ანგელოზების წყალობა არ მოგვაკლდება. ყველა პირობის მიუხედვად ძახილზე გამოხმაურება და მისი მიყოლა გმირს საშუალებას აძლევს დაინახოს არაცნობიერის ყველა ძალა როგორ მოდის მის დასახმარებლად. გმირს თავად დედაბუნება ეხმარება მისიის შესრულებაში. ხოლო გმირის საქმეები რაც უფრო ახლოსაა იმასთან, რისი მიღებაც საზოგადოებას შეუძლია, მით უფრო მაღალი ტალღის  ქიმზე აღმოჩნება ის ისტორიულ პროცესებში. „მე მიუწვდომელი მიზანი მიზიდავს, - განაცხადა ნაპოლეონმა რუსული კამპანიის დასაწყისში, - როგორც კი მას მივაღწევ, როგორც კი საჭირო აღარ ვიქნები ერთი ატომიც კი საკმარისი იქნება ჩემს გასასრესად. თუმცა მანამდე მთელი კაცობრიობის ძალაც კი ვერ გადამეღობება წინ.“
 
ხშირად ზებუნებრივი მფარველი მამაკაცის სახით მოდის. ზღაპარში ეს შეიძლება იყოს: მეტყევე, ჯადოქარი, განდეგილი, მწყემსი ან მჭედელი რომელიც სწორედ იმ თილისმას თუ რჩევას აძლევს ასე ძალიან რომ სჭირდება გმირს. უფრო მაღალგანვითარებულ მითოლოგიაში ამ როლში წარმოდგენილია: მასწავლებლის, მრჩევლის, მენავის, სულების გადამყვანის ფიგურა. კლასიკურ მითში ესაა ჰერმესი (მერკური), ეგვიპტეში როგორც წესი ღმერთი თოტი (ღმერთი იბისი, ღმერთი ბაბუინი), ქრისტიანობაში - სულიწმინდა, გოეთეს „ფაუსტში“ გამყოლი მეფისტოფელია. მითში ისიცაა ხაზგასმული როგორი სახიფათოა ეს მოქმდი ფიგურა, მაგალითად მეფისტოფელი უცოდველ სულებს  ცდუნების სამეფოში იტყუებს, დანტეს პოემაში ამ როლს ვირგილიუსი ასრულებს, მერე კი ბეატრიჩე სამოთხის ზღურბლთან. მცველი და ხიფათის წყარო ერთდროულად, დედისა და მამის ხატი, მფარველობის ეს ზებუნებრივი წყარო თავის თავში აერთიანებს არაცნობიერის მთელ განუსაზღვრელობას, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი პიროვნების ცნობიერი ნაწილი დგას ამ მძლავრ სისტემაზე, მაგრამ ამავე დროს გამყოლი, რომელსაც ჩვენივე რაციონალური მოსაზრებების რისკის ფასად მივყვებით, ცნობიერის კანონებისთვის შეუცნობლად რჩება. 
 
აი სიზმარი  რომელშიც აშკარად იკვეთება ჩვენი ცნობიერის შემადგენლების კავშირები: „მე დამესიზმრა, რომ წითელი ფარნების ქუჩაზე მივდიოდი და ერთ მეძავთან შევედი. როგორც კი მის ოთახში აღმოვჩნდი ის მამაკაცად იქცა, რომელიც ნახევრადშიშველი იწვა ტახტზე და მე მეკითხებოდა: „ხომ არაუშავს რომ ახლა მამაკაცი ვარ?“ ის შუახნის მამაკაცი იყო, შევერცხლილი საფეთქლებით. ის იმ მეტყევეს გავდა მამაჩემთან რომ მეგობრობდა.“ როგორც შტეკელი აღნშნავდა, ყველა სიზმარი ბისქსუალური ხასიათის იყო, ხოლო სადაც ბისექსუალობა ნათლად გამოვლენილი არ იყო, ის სიზმრის ლატენტურ კონტექსტში ჩანდა. 
 
როგორც წესი, გმირი, რომელთანაც ასეთი დამხმარე მოდის, ერთ-ერთია მათგან, ვინც ძახილი არ უარყო. ძახილი ფაქტიურად არის ქურუმის პირველი მოახლოება, რომელის მოგვიანებით ინიციაციის რიტუალს ჩაატარებს. თუმცა თუ ადამიანი გაიყინა და უგრძნობი გახდა მაინც  არ გამოირიცხება, რომ ასევე გამოეცხადოს ზებუნებრივი მფარველი , რადგან როგორც უკვე ვთქვით: „ალაჰი მოწყალეა და მწყალობელი.“
 
სრულიად შემთხვევით  უძველეს, მიგდებულ კოშკში სადაც  სპარსეთის უფლისწულს კამარ ალ ზამანს ეძინა, აღმოჩნდა ძველი რომაული ჭა, სადაც ცხოვრობდა მდედრი იფრითი წყეული იბლისების ტომიდან სახელად მაიმუნა, ჯინების მეფის ალ-დიმირაიატას ასული. მოდით ერთმანეთს შევადაროთ მაიმუნა და ბაყაყი ზღაპრიდან. მუჰამედამდელ არაბეთში ჯინებს და იფრითებს ეძახდნენ დემონებს, რომლებიც უდაბნოებსა და უღრან ტყეებში ცხოვრობდნენ. ისინი ბეწვიანები და მახინჯები იყვნენ და ცხოველებს გავდნენ, ხან და ხან კი სირაქლემებს და გველებს და ჩვეულებრივი ხალხისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. წინასწარმეტყველი მუჰამედი აღიარებდა ამ წარმართულ სულებს და ჩართო კიდევაც ისლამურ სისტემაში, რომელიც ალაჰის სამ ქმნილებას აღიარებს: სინათლისგან შექნილ ანგელოზებს, ცეცხლისგან შექმნლ ჯინებს და მიწის მტვრისგან შექმნილ ადამიანებს. მაჰმადიანური ჯინები სურვილის მიხედვით იღებენ სხვა და სხვა ფორმას, თუმცა ეს ფორმა ცეცხლსა და კვამლზე უფრო მყარი არაა, ასე შეუძლიათ მას გამოეცხადონ მოკვდავებს. არსებობს ჯინების სამი კატეგორია: ზეციური, მიწიერი და წყალქვეშა. არსებობს ლეგენდა, რომ ბევრმა მათგანმა მიიღო ჭეშმარიტი რწმენა და ახლა უკვე კეთილებად ითვლებიან, დანარჩენები კი ბოროტებად დარჩნენ. ეს უკანასკნელნი ცხოვრობენ და მოქმედებენ დაცემულ ანგელოზებთან ერთად, რომელთა მეთაურია იბლისი (სასოწარკვეთილი).
 
ღამის ერთი მესამედი გავიდა, კამარ ალ ზამანს კი ისევ ეძინა. მაიმუნამ კი ამ დროს ჭიდან ამოსვლა გადაწყვიტა, უნდოდა ზეცაზე ასულიყო და ანგელოზებისთვის ჩუმად მოესმინა. მაგრამ, როგორც კი ჭის ნაპირებს მიაღწია, შეამჩნია, რომ კოშკში შუქი ენთო. მას ძალიან გაუკვირდა და უფრო ზემოთ ამოძვრა, დაინახა საწოლი, მასზე კი ადამიანის ფიგურა, რომლის თავთან სანთელი ენთო და ფეხებთან კი ლამპარი. მან ფრთები შეიკეცა, საწოლთან მივიდა და საბანი ასწია კამარ ალ ზამანის სახე დაინახა. მაიმუნა გაკვირვებისა და აღფრთოვანებისგან გაშეშდა და ასე გაატარა მთელი საათი. „ქებათა ქება ალაჰს, - გაიფიქრა როცა გონზე მოვიდა, - სამყაროთა მეფეს და მოწყალესა და მწყალობელს.“ რადგან ის მართლმორწმუნე ჯინი იყო.
მერე საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ კამარ ალ  ზამანს ზიანს არ მიაყენებდა და აღელდა, რომ ვინმე მის ნათესავს ან მარიდს არ მოეკლა ის ამ მიგდებულ ადგილას. ჯინი დაიხარა, ვაჟს თვალებს შორის აკოცა და საბანი ისევ დააფარა. ცოტა ხნის მერე ფრთები გაშალა, ცაში აიჭრა და ზევით გაფრინდა, სანამ ზეცაში საჭირო ადგილს არ მიაღწია. 
 
ბედისწერამ ინება და ცაში მოფარფატე მაიმუნამ გვერდით ვიღაცის ფრთების შრიალი გაიგონა. ის ხმას მიჰყვა და მალე მიხვდა, რომ ამ ხმას იფრითი დაჰნაში გამოსცემდა. ის ქორივით, პიკირებით დაეშვა იფრითზე, როგორც კი დაჰნაშმა დაინახა და იცნო ქალი, რომ ის ჯინების მეფის ასული მაიმუნა იყო - საშინლად შეშინდა და აკანკალდა  და შენდობაზე ვედრება დაიწყო. მაგრამ ქალმა მკაცრად მოსთხოვა ეპასუხა საიდან მოვიდა ის ღამის ამ დროს. იფრითმა კი უპასუხა, რომ ჩინეთის ზღვიდან, მეფე გაიურას, კუნძულებისა და ზღვებისა და შვიდი სასახლის მფლობელის სამეფდან მოფრინავდა. 
 
-       იქ ვნახე მისი ასული, - განაგრძო მან, - რომელზე ლამაზიც არავინ შეუქმნია ალაჰს. 
 
და მეფის ასულ ბუდურის ქებას მოჰყვა. 
 
-       მისი ცხვირი ხანჯლის მოელვარე პირს გავს, ლოყები - ალისფერ ღვინოს, ტუჩები - მარჯანს და სარდიონს. მისი ბაგეების გემო კი ყველა ძველ ღვინოზე უტკბესია და ჯოჯოხეთური ტკივილის დაცხრობაც კი შეუძლია. მისი საუბარი ბრძენი და მოქნილი გონების ნაყოფია. მისი მკერდი უდიდესი ცდუნებაა მისთვის ვინც თვალს მოჰკრავს. ყველაფერ ამას ემატება ორი მშვენიერი მომრგვალებული და გლუვი ხელი, სწორედ მათზე უთქვამს პოეტს:
 
   „მისი მაჯები სამაჯურების გარეშეც
    ვერცხლის ბრწყინვალებას ასხივებს სახელოებიდან.“
 
ის გატაცებით განაგრძნობდა ბუდურის ქებას, ხოლო მაიმუნა მონუსხული უსმენდა. მერე დაჰნაშმა ძლევამოსილი მეფე, გოგონას მამა აღწერა, მისი სიმდიდრე და შვიდი სასახლე და ისიც არ დავიწყებია, რომ მეფის ასულს გათხოვება არ უნდოდა. 
 
-       მეც და ჩემი ქალბატონიც, - განაგრძობდა ჯინი, - ყოველ ღამეს მივდივართ მასთან, ჩვენი მზერა რომ მისი ხილვით დავატკბოთ, ვკოცნით თვალებს შორის, მე ისე მიყვარს ის რომ ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებ.
 
მერე მაიმუნას შესთავაზა ჩინეთში გაფრენა და მისი სილამაზის ხილვა, რათა მისი სრულყოფილებით დამტკბარიყო. 
 
-       მერე კი თუ მოისურვებ, - უთხრა მან, - შეგიძლია დამსაჯო და შენს მონად მაქციო, რადგან შენს ხელშია სასჯელიცა და წყალობაც.
 
მაიმუნას არ მოეწონა , რომ ვიღაცამ გაბედა და მის წინაშე ასე აქო სამყაროს რომელიღაცა სხვა ქმნილება მაშინ როცა მას კამარ ალ ზამანი ჰყავდა ნანახი. მან გადაიხარხარა და დაჰნაშს სახეში შეაფურთხა:
 
-       ამაღამ მე ვნახე ჭაბუკი, - უთხრა მან, - შენ რომ ის სიზმარში მაინც გენახა გაქვავდებოდი აღფრთოვანებისგან და ნერწყვი მოგადგებოდა. 
 
და აღუწერა ნანახი. დაჰნაშმა ვერ დაიჯერა, რომ ვინმე მეფის ასულ ბუდურზე ლამაზი იქნებოდა და მაიმუნამ შესთავაზა ქვემოთ დაშვებულიყვნენ და ერთად ენახათ.
 
-       გისმენ და გემორჩილები, - მიუგო დაჰნაშმა. 
 
ისინი კოშკში დაეშვნენ, მაიმუნამ დაჰნაში საწოლთან მიიყვანა, ხელი გაიწოდა, აბრეშუმის საბანი გადაწია და კამარ ალ ზამანის სახე გამოაჩინა, უფლისწული კი მზესავით ბრწყინავდა და ენთო. ერთი წამით ქალმა უყურა ვაჟს, მერე კი დაჰნაშს მიუბრუნდა და უთხრა:
 
-       შეხედე საძულველო და ნუ იქნები უმეცარი, უმეცართა შორის. მე ქალწული ვარ და ჩემი გულიც კი მოინადირა. 
-       ვფიცავ ალაჰს ჩემო ქალბატონო, მესმის შენი, - უპასუხა იფრითმა, - მაგრამ არსებობს მერე მხარეც, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, საქმე იმაშია, რომ ქალური და მამაკაცური სილამაზე განსხვავდება ერთმანეთისგან. ალაჰის სახელს ვფიცავარ, შენი  საყვარელი უფლისწული სამყაროს ყველა ქმნილებათა შორის, რომლებიც სილამაზის, სინაზის, სრულყოფილების და დახვწილობის მაგალითებია ყველაზე უფრო ჩემს მეფის ასულს ჰგავს, თითქოს სილამაზის ერთი საზომით შეუქმნიათო.“
 
მაიმუნას ამ სიტყვებმა თვალები ჩაუქრო და მან ისეთი ძალით ჩაარტყა ფრთა დაჰნაშს რომ კინაღამ იქვე მოკლა. 
 
-       ო, საძაგელო, მთელი ჩემი სიყვარულის სრულყოფილების ძალით გიბრძანებ ახლავე გაფრინდე და აქ მომგვარო შენი შეყვარებული, რომელიც ასე ნაზად და უგონოდ გიყვარს და მალე დაბრუნდი, რომ ორივე გვერდიგვერდ დავაწვინოთ, შევხედოთ მძინარეებს და გავარკვიოთ რომელი უფრო მშვენიერია.“
 
ასე რომ , იმის წყალობით, რაზეც უფლისწულს წარმოგენაც კი არ ჰქონდა, კამარ ალ ზამანის ბედისწერა ასე რომ ეწინააღმდგებოდა თავისით განვითარდა, მისი მხრიდან ყოველგვარი ცნობიერი ჩარევის გარეშე. 
 
პირველ ზღურბლზე გადაბიჯება
 
გმირი მიჰყვება თავისი პიროვნების პერსონიფიკაციას, რომელიც წინ მიუძღვის და იცავს, ვიდრე „ზღურბლის მცველთან“ არ მივა. საიდანაც იხსნება შესასვლელი უფრო ძლიერი ენერგიის სამფლობელოში. ის მცეველები სამყაროს ოთხივე მხარეს იცავენ, ასევე ზემოდან და ქვემოდან - ადგენენ გმირის აწმყო მოცემულობის კონტურებს და სასიცოცხლო ჰორიზონტს. მათ მიღმაა სიბნელე, გაუცნობიერებლობა და საფრთხეები, თითქმის ისეთი როგორსაც გადააწყდება ხოლმე მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვი ანდა თვისტომთა დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანი. როგორც წესი ადამიანი მოხერხებულად გრძნობს თავს მისთვის განსაზღვრულ ნორმებში და ამაყობს კიდევაც ამით, ხოლო საზოგადოებრივი აზრი კი თავის მხრივ ყველა ზომას მიმართავს, რომ მან გაცნობიერებულობისკენ არ გადადგას ნაბიჯი. მაგალითად კოლუმბის გემის მეზღვაურებისთვის , რომლებმაც გაბედეს და შუასაუკუნებრივი ცხოვრების ჩარჩოებს გადააბიჯეს, როგორც თავად თვლიდნენ, და უკვდავების ოკეანეში გავიდნენ, კოსმოსს რომ აკრავს გარს საკუთარ კუდზე მკბენარი  მითიური გველივით, საჭირო გახდა, რომ ბავშვებივით დაერწმუნებინათ და ეშმაკობით  გებიძგებინათ, რადგან მათ ეშინოდათ ლევიათანების, სირინოზების, დრაკონების და ლეგენდებიდან ცნობილი ზღვის სიღრმეების  სხვა სასტიკი მტაცებლების .
 
ხალხური მითოლოგია  ყველა დაუსახლებელ ტერიტორიას, რომელიც სოფლის მაცხოვრებლების მარშუტებიდან შორს იმყოფება, ბოროტი და სახიფათო არსებებით ასახლებს. ასე მაგალითად, ჰოტენტოტები აღწერენ გოლიათ კაციჭამიას, რომელსაც შეიძლება შეხვდეთ ბუჩქნარებსა და ქვიშაში, მას თვალები ტერფებზე აქვს და ამიტომ რაიმე რომ დაინახოს ოთხზე უნდა დადგეს და ცალი ფეხი მაღლა ასწიოს. ასე  მისი თვალები ხედავენ რა ხდება მის უკან, სხვა დროს კი მხოლოდ ცას მიშტერებიან. ეს ურჩხული ადამიანებზე ნადირობს და ნაწილებიად გლეჯს მათ, თავისი საშინელი, ხელის თითების  სიგრძე კბილებით. ლეგენდის მიხედვით ეს არსებები ხროვებად ნადირობენ. ჰოტენტოტების მეორე მოჩვენება ცხოველი ჰაი-ური  წინ ბუჩქებზე ხტომით   მიიწევს, მათი შემოვლის ნაცვლად. ძალიან სახიფათო ცალფეხა, ცალხელა, ცალგვერდა ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხოველია, ამასთან უხილავი თუ გვერდიდან უყურებთ, მისი ნახვა შეიძლება მსოფლიოს უამრავ ადგილას. ცენტრალურ აფრიკაში სჯერათ, რომ თუ ეს ნახევრად ადამიანი ვინმე შემთხვევით გამვლელს შეხვდება ამბობს: „მოდი რადგან შევხვდით ვიჩხუბოთ.“ თუ მას დაამარცხებთ შეგევედრებათ: „არ მომკლა და უამრავ სამკურნალო მცენარეს გაჩვენებ.“ ასე ერთი შემთხვევით იღბლიანი ადამიანი დახელოვნებული ექიმბაში ხდება. მაგრამ თუ ნახევრად ადამიანი (მას ჩირუვის ეძახიან - რაც იდუმალ არსებას ნიშნავს)  გაიმარჯვებს მისი მსხვერპლი კვდება.
 
ყველა უცხო ადგილი (უდაბნო, ჯუნგლები, ზღვის სიღრმეები, შორეული მიწები და ა.შ) - ესაა არაცნობიერის პროექციების ზონა, სისხლისაღმრევი ლიბიდო და მამისმკვლელი დესტრუდო ასე მოქმედებენ ინდივიდისა და მისი საზოგადოების წინააღმდეგ. სახიფათო და ძალადობრივი ფორმით და არა მხოლოდ ოგრები არამედ იდუმალი და მაცდური, ნოსტალგიური სილამაზის მქონე სირინოზები.
 
მაგალითად, რუსი გლეხები იცნობდნენ ე.წ „ტყის ქალებს“, რომლებიც ტყეებში ან მთის გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და ადამიანების მსგავსად მეურნეობები ჰქონდათ. ისინი ლამაზი ქალები არიან, კოხტა, ფართო სახით და გრძელი თმით, ასევე თმით დაფარული ტანით. თუ გარბიან ან ბავშვებს კვებავენ მკერდს მხარზე გადაიგდებენ ხოლმე. ჯგუფებად დადიან. ტყის ხეების ფესვებისგან გაკეთებული წამლის შეზელვით უჩინარნი ხდებიან, უყვართ როცა ადამიანს ცეკვით თავბრუსახვევენ ან ღიტინით გუდავენ. იხოცება ყველა, ვინც მარტო დახეტიალობს ტყეში და შემთხვევით გადააწყდება მათ უხილავ მოცეკვავე ჯგუფებს. მაგრამ მეორეს მხრივ, ისინი ხორბალს ლეწავენ მათთვის ვინც მათ საჭმელს უტოვებს, ძაფს ართავენ, ბავშვებს უვლიან, სახლს ულაგებენ. თუ გოგონა მათთვის კანაფს დაწეწავს სართავისთვის მას ისეთ ფოთლებს ჩუქნიან რომლებიც მოგვიანებით ოქროდ გადაიქცევა. სიამოვნებით იჩენენ საყვარლებს, თხოვდებიან სოფლელ ახალგაზრდებზე და ცნობილები არიან როგორც ულამაზესი ქალები. თუმცა როგორც ყველა ზებუნებრივი მეუღლე ერთ დღეს ესენიც უკვალოდ ქრებიან, როგორც კი, მათი აზრით, ქმარი რამეს დააშავებს. შეხედულებები კი, მათ შორის ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე საკმაოდ უცნაური აქვთ. 
 
კიდევ ერთი კარგი მაგალითი  სახიფათო და ეშმაკი კაციჭამიის ასოციაციისა ლიბიდოზურ გამოვლინებასთან ესაა რუსული - „ვადიანოი“ იგივე - „წყლის ბაბუა.“ ესაა მოხერხებული მაქცია, რომელიც, როგორც ამბობენ, უმზითვო და დამხრჩვალ გოგონებს ცოლებად ირთავს. ის უბედურ ქალებს ეშმაკურად იტყუებს თავის ბადეში. ვადიანოის უყვარს ღამე, მთვარის შუქზე ცეკვა. ხოლო როგორც კი მის ცოლს მშობიარობის დრო უწევს ის ბებიაქალის მოსაყვანად მიდის. მისი ცნობა მარტივად შეიძლება, მისი ტანსაცმლიდან წყალი წვეთავს, მელოტია, დიდი მსუქანი მუცელი აქვს, დიდი ლოყები, მწვანე ტანსაცმელი და დიდი ლერწმის ქუდი.  თუმცა მას მომხიბლელი ყმაწვილის სახის მიღებაც შეუძლია ანდა სოფელში პატივცემული ადამიანის. ვადიანოი არც ისე ძლიერია ხმელეთზე, თუმცა თავის საცხოვრებელ გარემოში ვერავინ შეედრება. ის მდინარეებისა და ტბების სიღრმეებში ცხოვრობს, უყვარს წყლის წიქვილების მიმდებარე ადგილები. დღე ბებერი კალმახის ან ორაგულის სახით იმალება, ღამე წყლის ზედაპირზე ამოცურდება, ხტის და ჭყუმპალაობს და ამავე დროს თავისი წყალქვეშა ჯოგი - ცხვრები და ცხენები  გამოჰყავს  და ნაპირზე აძოვებს. ან წყლის წისქვილის ბორბალზე ძვრება და მონდომებით ივარცხნის მწვანე თმას და წვერს. გაზაფხულზე დიდი ხნის ძილიდან იღვიძებს, მდინარის ირგვლის ყინულს ამტვრევს და დიდ ბლოკებად ალაგებს. გასართობად წყლის წისქვილის ბორბლებს ამსხვრევს. მაგრამ როცა კეთილგანწყობილია თავისი თევზების გუნდს მებადურის ბადეში ყრის და ხალხს წყალდიდობებზე აფრთხილებს. ბებიაქალს, რომელიც მიჰყვება, გულუხვად აჯილდოებს   ოქრო-ვერცხლით. მისი ქალიშვილები მშვენიერი სირინოზები - მაღალი, ფერმკრთალი და სევდიანი გოგონები არიან, გამჭვირვალე მწვანე კაბები აცვიათ და დამხრჩვალ ადამიანებს აწამებენ. ვადიანოის უყვარს ხის ტოტებში ჯდომა და ძალიან კარგად მღერის. 
 
არკადიული ღმერთი - პანი - ყველაზე კარგი მაგალითია ანტიკური სახიფათო არსების, რომელიც ადამიანის დასახლებული და დაცული ტერიტორიის საზღვრებს მიღმა ცხოვრობს. ძველ რომში ასეთ არსებებს ფავნებს, სილვანებს  ეძახდნენ. მან გამოთალა მწყემსებისთვის პირველი სალამური და მასზე ნიმფებისთვის უკრავდა, თან კი სატირების გუნდი ახლდა. მის სამფლობელოში შემთხვევით შესულ ადამიანებს „პანიკური“ შიში ატყდებათ თავს, უეცარი, უმიზეზო შიში. მაშინ კი ნებისმიერი წვრილმანი - მოტეხილი ტოტი, ფოთლების შრიალი - გარდაუვალი საფრთხის შეგრძნებას იწვევდა და საკუთარი გაუცნობიერებლობის დასაცხრობად დაუძლურებული მსხვერპლი უკანმიუხედავად გარბოდა და შიშით კვდებოდა. 
 
თუმცა ვინც პანს ეთაყვანებოდა ის მათ სწყალობდა კიდეც და ჯადოსნურ საჩუქრებსაც უძღვნიდა; გლეხებს, მესაქონლეებს, მეთევზეებს - კარგ  შემოსავალს, ისინი კი პანს თავიანთი შრომის პირველ ნაყოფს უძღვნიდნენ. მათ კი ვინც მის გამაჯანსაღებელ წმინდა ადგილებს პატივს სცემდა - კარგი ჯანმრთელობით აჯილდოებდა. ასევე ის უძღვნიდა სიბრძნეს - ომფალოსის, სამყაროს ჭიპის სიბრძნეს, რადგან ზღურბლის გადალახვა პირველი ნაბიჯია მსოფლიოს წმინდა წყაროში. ნიმფა ერატო წინასწარმეტყველებდა მთა ლიკაონზე, მას კი პანი შთააგონებდა, ისევე როგორც აპოლონი მფარველობდა დელფოსის ორაკულებს. 
 
პლუტარქესთან აღწერილია პანის ექსტაზური, ორგასტული რიტუალი, კიბელეს ცეკვებთან, დიონისეს ვაკხანალურ განცხრომასთან, მუზების შთაგონებულ პოეტურ თავდავიწყებასთან და ომის ღმერთ არესის მეომრულ აღტკინებსთან ერთად და რაც ყველაზე უფრო ჭკუიდან შემშლელია - სიყვარულის სიგიჟე, რომ ამ ღთაებრივი ენთუზიაზმის ილუსტრაცია რომელიც ამხობს გონებას და ათავისუფლებს უკუნის დესტრუქციულ-მიმზიდველ ძალებს. 
 
„მე დამესიზმრა.  - ყვება შუახნის დაქორწინებული მამაკაცი, - რომ მინდოდა საოცარ ბაღში მოხვედრა. მაგრამ მას ჰყავდა მცველი, რომელიც შიგნით არ მიშვებდა. ბაღში ჩემს ნაცნობ, ფროილაინ ელზას ვხედავდი. ის კარიდან ხელს მიწვდიდა, მაგრამ მცელმა არ დაანება და მან ხელი ჩამკიდა და სასახლისკენ წამიყვანა.“
 
„გონიერებას მოუხმეთ, - მითხრა მან, - თქვენ ხომ იცით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.“


 
4.ულისე და სირინოზები. ატიკური თეთრი ლეციტუსი პოლიქრომული ფიგურით. 5 საუკუნე ჩვენს ერამდე, ამჟამად ინახება ათენის მუზეუმში. (ეუგენ სელერსი „სამი ატიკური ლეკითა ერითრიიდან, ელინური კვლევები Vol. XIII, 1892, Plate I.)
 
ეს სიზმარი ავლენს პირველი ზღურბლის მცველს და ჯობია დაწესებული საზღვრების მიღმა მცველი არ გადავიყვანოთ. მაგრამ მხოლოდ ამ საზღვრების გადალახვით და ამ ძალების მეორე, დესტრუქციული ასპექტის გაღვიძებით მკვდარი თუ ცოცხალი ადამიანი ახერხებს ახალ სამყაროში გადასვლას. ანდამანის კუნძულების პიგმეების ენაზე oko-jumu (სიზმარმხილველი, ის ვინც სიზმარში ლაპარაკობს) ნიშნავს იმ პატივცემულ და საშიშ ხალხს, რომლებიც სხვა თანატომელებისგან განსხვავებით ფლობენ ზებუნებრივ ნიჭს, რომელთა შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სულთან პირისპირ შეხვედრით - ჯუნგლებში, უჩვეულო სიზმრებში ან სიკვდილის გავლით ისევ სიცოცხლეში დაბრუნებით. თავგადასავალი ყველგან და ყოველთვის ხსნის კარს ნაცნობსა და შეუცნობელს შორის, საზღვრებთან მყოფი ძალები სახიფათოა, მათთან საქმის დაჭერა - სარისკო, თუმცა თუ სიმამაცე ხელს გიწყობს და შენს ძალებშიც დარწმუნებული ხარ, ეს საშიშროებაც უკან იხევს.
 
ბანკსის კუნძულებზე (ახალი ჰებრიდები) თუ ბიჭი საღამოს თევზაობიდან ბრუნდება და ხედავს ყვავილების გვირგვინიან გოგონას კლდეზე რომ დგას და ეძახის და მასში თავის ან მეზობელ სოფელში მცხოვრებს ამოიცნობს , ის დაბნეული ჩერდება და ფიქრობს, რომ ესაა „მეი“. ის უკეთსად აკვირდება გოგონას და ხედავს, რომ მას იდაყვები და მუხლები მეორე მხარეს ეკეცება და ბიჭი ხვდება ვინაა ის სინმადვილეში და უკანმოუხადავად გარბის. თუ მოახერხებს და მაცდუნებელ ქალს დრაკონის ხის - დრაცენას ფოთოლს ესვრის, არსებას თავისი ნამდვილი სახე უბრუნდება და გველად გასრიალდება შორს.
 
თუმცა იგივე გველები ისე  რომ აშინებენ ხალხს, თქმულების თანახმად ახლო მეგობრები ხდებიან მათი ვინც მათთან ახლო კავშირს ამყარებს.  ასეთ დემონებთან, ერთდროულად სახიფათონიც რომ არიან და ჯადოსნური ძალის წყაროებიც, ყოველ გმირს უხდება შეხვედრა, რომელიც სულ ოდნავ მაინც გასცდება ჩვეული ცხოვრების საზღვრებს.
 
ორი აღმოსავლური სიუჟეტი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორი არაერთმნიშვნელოვანია ეს რთული გადასვლა და გვაჩვენებს , რომ მიუხედავად იმისა, რომ სრული ფსიქოლოგიური მზადყოფნის პირობებში წესით ყველა საშინელებამ უკან უნდა დაიხიოს. ხოლო ძალიან თამამმა გმირმა, რომელიც ზედმეტად აფასებს თავის შესაძლებლობას შესაძლოა მწარე მარცხი იგემოს. 
 
პირველი ამბავი ეხება ბენარესელ მექარავნეს, რომელმაც გაბედა თავისი სიმდიდრე 500 ერთეულ ქარავნად შეეკრა და დემონების უწყლო უდაბნო გადაევლო. იცოდა რა საფრთხის შესახებ, მან თავისი საზიდრები უზარმაზარი, წყლით სავსე,  თიხის ქოთნებით დატვირთა. ამგვარად ლოგიკურად, მისი შანსები  წარმატების გადაელახა 60 ლიგის სიგრძის უდაბნო ძალიან დიდი იყო. მაგრამ როგორც კი ნახევარი გზა გაიარა, გოლიათმა კაციჭამიამ, რომელიც უდაბნოში ცხოვრობდა გაიფიქრა: „მე ვაიძულებ ამ ადამიანებს დააქციონ მთელი წყალი რაც თან წაიღეს.“ ამის შემდეგ მან თვალწარმტაცი საზიდარი შექმნა და მასში ორი თეთრი ხარი შეაბა, ბორბლები ტალახით მოუსვარა  და ქარავნის წინ გამოვიდა. მის წინ და მის უკან დემონები მიდიოდნენ მის ამალას რომ შეადგენდნენ. მათი თავები და ტანსაცმელი სველი იყო, კისერზე კი თეთრი და ლურჯი შროშნების გირლიანდები ეკიდათ, ხელში თეთრი და წითელი ლოტოსების თაიგული ეჭირათ და წყლის შროშნების ღერებს ღეჭავდნენ, თანაც ტალახისა და წყლის წვეთები ჩამოსდიოდათ. ხოლო როცა ქარავანი და დემონების ურდო გაიშალა, ერთმანეთი რომ გაეტარებინათ, კაციჭამია მექარავნეს მეგობრულად მიესალმა:
 
-       საით გაგიწევია? - ზრდილობიანად ჰკითხა მან. 
-       ბატონო ჩვენ ბენარესიდან მოვდივართ. მაგრამ ვხედავ, რომ თეთრი და წითელი ლოტოსის თაიგულებით ხართ, შროშნების ყლორტებს ღეჭავთ, ტალახით მოსვრილხართ და წყალი წვეთ-წვეთ ჩამოგდით ტანისამოსიდან. ნუთუ იქ საიდანაც მოდიხართ წვიმა მოდის? ხოლო გარშემო ტბები თეთრი და ლურჯი წყლის შროშნებითაა სავსე და ასევე თეთრი და წითელი ლოტოსებით?’
-       ხედავ ამ მუქ მწვანე ხეების ზოლს? - მიუგო გოლიათმა კაციჭამიამ, - მის უკან ძალიან ბევრი წყალია და სულ წვიმს. ყველაფერი წყლითაა დაფარული, გარშემო ტბებითაა სავსე, სადაც წითელი და თეთრი ლოტოსები ყვავიან.
 
მერე კი, როცა მის წინ ერთი მეორის მიყოლებით ჩაატარეს საზიდრები დაინტერესდა:
 
-       რა მიგაქვთ ამ საზიდრებით? ისე მძიმედ მიემართებიან, რა საქონელია ასეთი? 
-       წყალი, - უპასუხა მექარავნემ.
-       ძალიან ჭკვიანურად მოქცეულხართ წყალი რომ წამოგიღიათ, - მაგრამ ახლა უკვე აღარ გჭირდებათ, დაამსხვრიეთ ეგ თიხის ქოთნები და დააქციეთ წყალი, მსუბუქად წადით.
 
ამის მერე კაციჭამიამ გზა გააგრძელა, როგორც კი თვალს მიეფარა მაშინვე თავისი კაციჭამიების ქალაქს მიაშურა. 
 
მიმნდობმა მექარავნემ კი დაუჯერა დემონს, დაამსხვრია თიხის ქოთნები და ცარიელი საზიდრებით  გააგრძელა გზა. წინ კი ერთი წვეთი წყალიც კი არ დახვდა. მისი ხალხი წყურვლით იხრჩობოდა. მზის ჩასვლამდე მიდიოდნენ, მერე კი გააჩერეს საზიდრები და წრედ დააყენეს, ხარები კი ბორბლებზე მიაბეს. არც სახედრებისთვის ჰქონდათ წყალი, არც ფაფა და მოხარშული ბრინჯი  ადამიანებისთვის. დაუძლურებული ხალხი ვისაც სად მოხვდა იქ დაეყარნენ და დაიძინეს. შუაღამეს მოვიდნენ კაციჭამიები თავიანთი ქალაქიდან, ხალხიც დახოცეს და ხარებიც და მათი ხორცი შეჭამეს, მხოლოდ გამოხრული ძვლებიღა დატოვეს და ისევ თავიანთ ქალაქს მიაშურეს. ადამიანების და ხარების ძვლები კი იქვე დარჩა, აქეთ-იქით მიმოფანტული, ხოლო საქონლით სავსე 500 საზიდარი ხელუხლებელი იდგა. 
 
კიდევ ერთი ამბავი. ის მოგვითხრობს ახალგაზდა უფლისწულზე, რომელმაც საომარი ხელოვნება საქვეყნოდ ცნობილ მასწავლებელთან ისწავლა. ამის ნიშნად კი ხუთი იარაღის უფლისწულის ტიტული და თავისი ოსტატისგან ხუთი სახის იარაღი  მიიღო. ვაჟმა მადლობა გადაუხადა და სახლისკენ გაემართა, სადაც მეფე ელოდა. მისი გზა ტყის გავლით იყო. ხალხმა გააფრთხილა უფლისწული: „არ შეხვიდეთ ტყეში ბატონო, - უთხრეს მას, - იქ გოლიათი კაციჭამია ცხოვრობს, სახელად „წებოვანი თმა.“ის ყველას ხოცავს ვისაც კი თვალს მოჰკრავს.“
 
მაგრამ ბიჭი უშიშარი და თავდაჯერებული იყო, როგორც ლომი. ის მაინც შევიდა ტყეში. როგორც კი მის შუაგულს მიაღწია გოლიათი კაციჭამიაც გამოჩნდა. ის მის წინაშე უეცრად აისვეტა. პალმასავით მაღალი, თავი კი, ჯადოსნური გზით,  პატარა სოფლის სახლივით ჰქონდა, ზარისმაგავრი სახურავით. თვალები ორ უზარმაზარ სამსხვერპლო თასს მიუგავდა, ამას კი დიდი ხახვების მსგავსი  ორი საშინელი ეშვი ემატებოდა, ქორის ნისკარტი, ლაქებიანი მუცელი და მუქი მწვანე ხელ-ფეხი.
 
-       საით გაგიწევია,  - მკვახედ ჰკითხა ბიჭს, - შესდექი! შენ ჩემი ნადავლი ხარ!
 
ხუთი იარაღის უფლისწულმა კი ყოველგვარი შიშის გარეშე, საკუთარ თავსა და ოსტატობაში დარწმუნებულმა უპასუხა:
-       კაციჭამია, მე განგებ შემოვედი ტყეში. ჯერ კარგად დაფიქრდი ვიდრე თავს დამესხმები, რადგან ჩემი შხამიანი ისარი გაგფატრავს და იქამდე დაეცემი ვიდრე განძრევას მოასწრებ.“
 
ამ გაბედული სიტყვების მერე მან შხამიანი ისარი მშვილდში მოათავსა და ესროლა. ის კი კაციჭამიას თმას მიეკრო. ბიჭი არ გაჩერდა და მიყოლებით კიდევ 50 ისარი ესროლა. ყველა კაციჭამიას თმამ მიიკრო. მან კი თავი ერთხელ გაქნია  და ჩამობერტყილი  ისრები მის ფეხებთან დაცვივდა, მერე უფლისწულს მიუახლოვდა.
 
ხუთი იარაღის უფლისწული მეორედ დაემუქრა კაციჭამიას. თავისი ხმალი ამოზიდა და ოსტატური დარტყმა მიაყენა. 33 დუიმის სიგრძის ხმალი ისრების მსგავსად კაციჭამიას თმას მიეკრო. მაშინ ბიჭმა შუბი ესროლა მაგრამ ისიც თმამ დაიჭირა. ამის შემდეგ კვერთხი მოუქნია და ისიც თმაზე შერჩა. 
 
როცა კვერთხიც კაციჭამიას თმას მიეკრო, უფლისწულმა უთხრა:
 
-       ბატონო კაციჭამია შენ ჩემზე არ გსმენია მე ხუთი იარაღის უფლისწული ვარ. როცა შენს სამფლობელო ტყეში შემოვედი მე მხოლოდ ჩემი მშვილდისა და იარაღების იმედზე როდი ვიყავი, ამ ტყეში შემოსულს მე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მქონდა. ახლა კი შუაზე გაგგლეჯ და გაგაცამტვერებ. 
 
ამ ხმამაღალი განცხადების მერე მან ღრიალით დაარტყა კაციჭამაის მარჯვენა ხელი. მისი ხელიც თამამ მიიკრო, მერე მარცხენა ხელი დაარტყა, ისიც თმას შერჩა, მერე მარჯვენა ფეხის ჯერი დადგა და თმაზე მიეკრო, მარცხენასაც იგივე ხვედრი ერგო და ბოლოს უფლისწულმა იფიქრა, რომ თავის დარტყმით შეძლებდა მტრის დამარცხებას. თავი გამეტებით ჩაარტყა და ისიც გოლიათის თმამ მიიკრო.
 
ხუთი იარაღის უფლისწული ხუთჯერ გაება მახეში, სხეულის ხუთი ნაწილით მიეკრო გოლიათ კაციჭამიას. მაგრამ სიმამაცე მაინც არ დაკარგა. ამან გოლიათი ჩააფიქრა: „ეს უბრალო ადამიანი არაა, ეს კეთილშობილი ლომია და არა ადამიანი. მე, გოლიათმა კაციჭამიამ შევიპყარი და ის კი არც თრთის და არც ეშინია! რამდენი მგზავრი დამიჭერია გზაზე და ასეთი არავინ ყოფილა! ნეტავ რატომ არ ეშინია?“ ამის შემდეგ ბიჭის შეჭმა ვეღარ გაბედა და მხოლოდ ჰკითხა:
 
-       რატომ არ გეშინია ჭაბუკო? რატომ არ კანკალებ სიკვდილის შიშით?“
-       რატომ უნდა მეშინოდეს შენი კაციჭამია? სიცოცხლე ხომ ოდესმე მაინც მთავრდება, გარდა ამისა მუცელში კიდევ მაქვს ერთი იარაღი - ელვა. რომც შემჭამო ამ იარაღის მონელებას ვერ შეძლებ. ის შენს შიგნეულს ნაწილებად დაფლეთს და მოგკლავს. ასე ორივე დავიხოცებით. ამიტომაც არ მეშინია შენი.
-        
მკითხველს განვუმარტავ, რომ ხუთი იარაღის უფლისწულს მხედველობაში ცოდნის იარაღი ჰქონდა. მართლაც, ეს ახალგაზრდა გმირი იყო, მომავალი ბუდა თავის წინა განსხეულებაში. 
 
„ეს ბიჭი არ იტყუება, - გაიფიქრა შეშინებულმა კაციჭამიამ, - ჩემი კუჭი ამ ადამიანი-ლომის ცერცვის მარცვლისხელა ნაჭერსაც კი ვერ მოინელებს. მოდი გავუშვებ მას!“ და გაუშვა ბიჭი. მომავალმა ბუდამ კი უქადაგა სწავლება, დაიმოწაფა და განდეგილობის გზაზე დააყენა, მერე კი სულად აქცია, რომელიც ტყეში იღებდა ძღვენს. შეახსენა კაციჭამიას  ყურადღებით ყოფილიყო. მერე კი დატოვა ტყე და როგორც კი გამოვიდა ყველაფერი ხალხს მოუყვა, მერე კი თავისი გზით წავიდა.
 
ელვა (Vajra)  ერთ-ერთი მთავარი ბუდისტური სიმბოლოა. ის ბუდისტურ სულიერ ძალას განასახიერებს, რომელიც რეალური სამყაროს ილუზორულობას ამსხვრევს. აბსოლუტი, იგივე ადი ბუდა ტიბეტში წარმოდგენილია როგორც „ალმასის ელვის მფლობელი“ (Vajra dhara ან ტიბეტური  dorje chang).
 
ძველი მესოპოტამიიდან მოსული ღმერთების ხატებში (შუმერი, აქადი, ბაბილონი და სირია) ისეთივე ელვაა როგორიც Vajra და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოგვიანებით აქედან ჩნდება მეხთამტეხელი ზევსის ხატი.
 
ჩვენ უკვე ვიცით, რომ პრიმიტიული ხალხის მეომრები თავის იარაღზე ყვებიან როგორც მეხის დარტყმაზე - sicut in coelo et in terra (მიწასა და ცაზე - ლათ.) და განდობილი მეომარი ღვთაებრივ ნებას ახორციელებს. ის არამხოლოდ ოსტატურად ფლობს იარაღს არამედ სულიერადაც სრულყოფილია. მისი დარტყმები სასიკვდილოა არა მხოლოდ იმიტომ რომ ის ფიზიკურად ძლიერია და შხამების გამოყენება შეუძლია, არამედ იმიტომაც რომ ჯადოსნურ ძალას ფლობს (მეხის დაცემის ზებუნებრივი ძალა). სრულყოფილ ოსტატს საერთოდ არ დასჭირდებოდა ფიზიკური იარაღი, მისი ჯადოსნური სიტყვის ძალა სრულიად საკმარისი იქნებოდა.
 
სწორედ ამაზეა ხუთი იარაღის უფლისწულის ამბავი. ის გვასწავლის იმასაც, რომ ადამიანი რომელიც მხოლოდ ფიზიკურ უნარებს ფლობს და ამაყობს ამით და მიმართავს მხოლოდ მათ, ის უკვე მარცხისთვისაა განწირული. „აქ მოცემულია გმირის ხატი, - წერს დოქტორი კუმარასვამი, - რომელიც ესთეტიკური აღქმის ბადეში გაიხლართა ( სხეულის ხუთი ნაწილი ხუთი გრძნობის სიმბოლოა). მაგრამ თავისი მორალური უპირატესობის წყალობით ახერხებს ყველაფერს თავად დააღწიოს თავი და სხვებიც გაათავისუფლოს. 
 
გოლიათი კაციჭამია განასახიერებს სამყაროს, რომელსაც ჩვენი ხუთი გრძნობით ვეკრობით და რომელსაც ფიზიკური ძალით თავს ვერ დავაღწევთ. ამ ხუთი გრძნობის ორგანოებზე დაყრდნობით ვერც უფლისწული აღწევს თავს. მაშინ როცა მომავალი ბუდა ამ ხუთი გრძნობისა და თავისი ეფემერული ფიზიკური ბუნების გარეშე დარჩა, მიმართა უსახელო და მოუხელთებელ მეექვსე გრძნობას, მეხის ღვთაებრივ ძალას, ტრანსცენდენტური ცოდნის პრინციპს რომელიც სახელებისა და ფორმების მიღმაა და სიტუაციაც მაშინვე იცვლება. ახლა მას კი არ ატყვევებენ - ათავისუფლებენ. რადგან ის თავის თავს თავიდანვე თავისუფლად აღიქვამდა. გრძნობების სამყაროს მონსტრების ძალა ძლეულია და თვითონ ის კი განდეგილობის გზას ადგას. უარს ამბობს რა საკუთარ ინტერესებზე ის ღმერთის ნაწილი ხდება - სული რომელიც ძღვენს იღებს - როგორც თავად სამყარო, თუ მას აღვიქვამთ არა როგორც რაღაცა სასრულს, არამედ იმის ფორმად და სახელად რაც ამ ყველაფრის მიღმაა მაგრამ ამავე დროს მონაწილეობს ყველა ფორმასა და სახელში. 
 
„სამოთხის კედლებს“, რომლებიც ღმერთს ადამიანის მზერისგან მალავენ, ნიკოლაი კუზანსკი აღწერს როგორც „ურთიერსაწინააღმდეგოთა შეთავსებას“,  მის კარიბჭეს კი იცავს გონების უმაღლესი სული, რომელიც იქამდე გიღობავს გზას, სანამ არ დაამარცხებ. ანტაგონისტური წყვილები (ყოფნა - არყოფნა, სიცოცხლე - სიკვდილი, სილამაზე - სიმახინჯე, სიკეთე- ბოროტება და ყველა სხვა პოლარობა, რომელიც გრძნობებს იმედსა და შიშს უკავშირებს და სხეულს კი თავდაცვას და თავდასხმას) ესენია სიმპლეგადების კლდეები, რომლებიც მოგზაურებს გარდაუვალ სიკვდილს უქადის, მაგრამ გმირი ყოველთვის ახერხებს მათ გადალახვას. ეს სიუჟეტი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ბერძნებთან ესაა ორი კლდოვანი კუნძული შავ ზღვაში, რომელიც იხურებოდა, თუმცა იაზონმა და მისმა „არგომ“ მაინც შეძლო მათ შორის გასხლტომა და მას შემდეგ კლდის ნაპირები აღარ მიახლოებიან ერთმანეთს. ნავახოს ტომის ლეგენდაში ტყუპები მსგავს საფრთხეზე ქალმა-ობობამ გააფრთხილა. მაგრამ ყვავილის მტვრით და არწივის ბუმბულით დაცულებმა მათ შეძლეს გზის გაგრძელება.
როგორც შესაწირის კვამლი ადის ცაში მზის კარის გავლით, ისე გმირიც, ეგოსგან განთავისუფლებული , სამყაროს კედელს გაივლის, მისი ეგო კი კაციჭამიას თმაზე მიკრული რჩება. თავად გმირი თავისუფალი განაგრძობს გზას. 
 
ვეშაპის კუჭი
 
ის აზრი,  რომ ჯადოსნური ზღურბლის გადალახვისას ჩვენ ხელახლა ვიბადებით, სიმბოლურად წარმოდგენილია ვეშაპის კუჭის, როგორც საშვილოსნოს სახით. გმირი რომელიც ცდილობს დაამარცხოს ან მოთაფლოს ზღურბლის მცველი  ძალა -  ჩაიყლაპება ხოლმე, უცხო ადგილას გადადის და გარდაცვლილად ითვლება. 
 
მიშე-ნაჰმა, თევზთა მეფე 
განრისხებული წამოხტა ფეხზე
სიბრაზისგან ალმოდებულმა ისკუპა მზისკენ
ხახა დააღო და გადაყლაპა ის 
მისი კანოეც და ჰაივათაც.
 
ბერინგის სრუტეში მცხვრები ესკიმოსები ყვებიან ცბიერ გმირ ყორანზე. ერთხელ ის ნაპირზე იჯდა და ტანსაცმელს იშრობდა,  ამ დროს მან მდედრი ვეშაპი დაინახა, რომელიც ნაპირისკენ მოცურავდა. ყორანმა დაუძახა:
 
-       ძვირფასო, როცა კიდევ ერთხელ ამოყვინთავ ჰაერის ჩასასუნთქად  პირი გააღე და თვალები დახუჭე.
 
ის სწრაფად გადაიქცა ყორნად, აკრიფა ცეცხლის გასაჩაღებელი ჯოხები და ცაში აფრინდა. ვეშაპმა ზემოთ ამოცურა და ისე მოიქცა როგორც სთხოვეს. ყორანი მისი ხახის გავლით პირდაპირ საშვილოსნოში ჩაფრინდა. ვეშაპმა ხახა დახურა და საყვირის მსგავსი ხმა გამოსცა, ხოლო ყორანი მის შიგნით ფეზე დადგა და მიმოიხედა. 
 
ზულუსები ყვებიან ამბავს ორი შვილის დედაზე რომელიც სპილომ ჩაყლაპა. როგორც კი ქალი ცხოველის კუჭში აღმოჩნდა მან დაინახა : „დიდი ტყეები და მდინარეები, მაღლობები, ცალ მხარეს კლდეები აღმარულიყო. იქვე იყო უამრავი ხალხი, რომლებსაც იქ სოფელი გაეშენებინათ, სავსე იყო  ძაღლებით, საქონლით და ყველაფერი ეს სპილოს კუჭში ხდებოდა.
 
ირლანდიელი გმირი ფინ მაკკული, გაურკვეველი ფორმის ურჩხულმა გადაყლაპა, რომელიც კელტურ სამყაროში peist -ის სახელით იყო ცნობილი. პატარა წითელქუდა მგელმა გადაყლაპა. პოლინეზიელების საყვარელი გმირი მაუი გადაყლაპა ბებიის ბებიამ ჰაინ-ნუი- თე- ფომ. მთელი ბერძნული პანთეონი ზევსის გარდა ქრონოსმა გადაყლაპა. ბერძენმა გმირმა ჰერაკლემ, როცა  ამაზონთა დედოფლის ქამრით ხელში ტროაში შეჩერდა, იქ კი გაიგო, რომ ქალებს პოსეიდონის მიერ ზღვის სიღრმეებიდან გამოგზავნილი ურჩხული აწუხებდა. მხეცი ნაპირზე ამოდიოდა და ადამიანებს ჭამდა. გამოსასყიდის მიზნით მეფემ უბრძანა თავის ქალიშვილი ჰესიონე კლდეზე მიებათ. მამაცი გმირი კი ჯილდოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას დათანხმდა. დათქმულ დროს ურჩხული წყლიდან ამოვიდა და თავისი უზარმაზარი ხახა დააღო, ჰერაკლე მის ხახაში ჩახტა, კუჭამდე ჩავიდა და მერე ხმლით გამოჭრა გზა და მკვდარი ცხოველიდან გამოვიდა ცოცხალი და უვნებელი. 

%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98
 
II. The Captive Unicorn (trance)   დატყვევებული უნიკორნი.

%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

The Mother of the Gods (Nigeria)   ღმერთების დედა (ნიგერია)

bali

The Deitv in War Dress (Bali)   ღვთაება საომარ სამოსში (ბალი)

seeeee

Sekhmet, The Goddess (Egypt) ქალღმერთი სეხმეტი (ეგვიპტე)

 
ეს გავრცლებული სიუჟეტი გვიმტკიცებს, რომ ზღურბლის გადალახვა ეს თვითგანადგურების სახესხვაობაა. სიმპლეგადების თემასთან მსგავსება სახეზეა. მაგრამ აქ, გარეთ გამოსვლის ნაცვლად, გმირი მეორედ დასაბადებლად შიგნით შედის. ეს გაქრობა მორწმუნის ტაძრად მისვლას ჰგავს. იქ ის იხსენებს ვინაა და რას წარმოადგენს - მიწას და მტვერს, თუ რა თქმა უნდა უკვდავი არაა. ტაძრის შიდა მხარე, ვეშაპის კუჭი ანდა ღვთაებრივი მიწა სხვა სამყაროში - ეს ერთი და იგივეა. ამიტომ ტაძრის გზას და შესასვლელს იცავენ უზარმაზარი, ფანტასტიკური გორგულბი, დრაკონები, ლომები. ხმალამოღებული რაინდები  დემონებს, ბოროტ ჯუჯებს და ფრთოსან ხარებს რომ ებრძვიან. ესენი ზღურბლის მცველები არიან, მოწოდებულნი გააგდონ ყოველი ვინც მზად არაა შინაგანად  მიიღოს უმაღლესი მდუმარება. ისინი საფრთხეზე გავფრთხილებენ, ზუსტად ისეთზე როგორიცაა კაციჭამია მითიდან. ის ჩვეული სამყაროს საზღვრებს იცავს და ვეშაპის კბილებს განასახიერებს. ეს იმის სიმბოლოა, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე გარდაისახება როგორც კი ტაძარში შედის. ყველაფერი საერო გარეთ რჩება, ის ამას გველის პრანგივით იცვლის. შიგნით მყოფი სიმბოლურად კვდება დროსთან მიმართებაში და სამყაროს წიაღში ბრუნდება , სამყაროს ჭიპში, სამოთხეში დედამიწაზე. ნებისმიერს შეუძლია ფიზიკურად ჩაუაროს ტაძრის  მცველებს, ეს მათ მნიშვნელობას არ აკნინებს, რადგან თუ თვითმარქვიას არ შეუძლია შეეხოს წმიდათაწმიდას, მაშინ ის ვერც შიგნით შეაღწევს და ასე ხელცარიელი გარეთ დარჩება. ყოველი, ვინც ვერ მიიღებს ღმერთს - მასში დემონს დაინახავს და ამიტომაც არ დაიშვება მასთან. ასე რომ, ალეგორიული შესვლა ტაძარში და გმირის ნახტომი ვეშაპის კუჭში საბედისწერო მოვლენაა, ხატების ენაზე ცენტრისკენული მოძრაობა, სიცოცხლის განახლების ნიშანი. 

112
 
The Monster Tamer (Sumer)  მონსტრი თამერი (შუმერი)
 
„ვერც ერთი არსება, - წერს ანანდა კუმარასვამი, - ვერ აღწევს ყოფიერების უმაღლეს დონეს თუ არსებობას არ შეწყვეტს.“ მართლაც გმირის ფიზიკური სხეული შეიძლება მოიკლას, დანაწევრდეს და გაიფანტოს მიწაზე ან ზღვაში. როგორც ეგვიპტურ მითში ოსირისზე. ის მოათავსეს სარკოფაგში და ნილოსში გადააგდეს. ეს კი მისმა ძმამ სეთმა ჩაიდინა.. ხოლო როცა გაცოცხლდა ძმამ ისევ მოკლა, მისი სხეული 14 ნაწილად გაგლიჯა და მთელს ეგვიპტეში მიმოფანტა. ნავახოს გმირებმა, მეომარმა ტყუპებმა უნდა გაიარონ არა მარტო მოძრავი კლდეები, ლერწამი, რომელიც მოგზაურებს ნაკუწებად აქცევს, მოძრავი ქვიშები რომლეიც გითრევს, გმირი რომელიც ეგოზე მიჯაჭვული აღარაა გადალახავს სამყაროს საზღვრებს და ისევ დრაკონის მუცელში ბრუნდება. ხოლო იქიდან ისე მარტივად გამოდის თითქოს მეფე გამოდიოდეს თავისი სასახლის ზღურბლზე. ესაა მისი ნიჭი მოიტანოს ხსნა, რადგან მისი გადასვლა და დაბრუნება გვიჩვენებს, რომ ფენომენალური სამყაროს წინააღმდეგობების მიღმა, რაღაცა ხელუხლებელი და მარადიულია და რომ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს.

79 0 
 
The Universal Father, Viracocha, Weeping (Argentina) ყოველთა მამა ვირაკოჩა - მტირალი (არგენტინა)
 
და ასე ხდება მთელ სამყაროში. ადამიანები, რომლებიც დრაკონის მოკვლის რიტუალს ასრულებენ, დედამიწაზე სიცოცხლის აღდგენის სიმბოლიზებას ახდენენ, საკუთარი სხეულებით ასრულებენ ამ სიმბოლური აქტებს, ოსირისის სხეულის მსგავსად გლეჯენ საკუთარს სამყაროს განახლებისთვის. მაგალითად ფრიგიაში, დაღუპული და მკვდრეთით აღმდგერი ღმერთ - ატისის საპატივცემულოდ 22 მარტს ჭრიან ფიჭვს და ის დიდებული დედის კიბელეს ტაძარში მიაქვთ. სადაც გარდაცვლილის სხეულის მსგავსად რთავენ, ლენტებს ახვევენ და იების გვირგვინებით რთავენ. მორიც ცენტრში ამაგრებენ ჭაბუკის გამოსახულებას. მეორე დღეს საყვირების თანხლებით ცერემონიალურ გამომშვიდობებას ატარებენ. ხოლო 24 მარტი ცნობილია როგორც სისხლის დღე. უმაღლესი ქურუმი ხელებიდან სისხლს უშვებდა და მსხვერპლად სწირავდა. ამ დროს უფრო დაბალი რანგის ქურუმები რიტუალური ცეკვებს ცეკვავდნენ დოლების, საყვირების, ფლეიტების და ციმბალების თანხლებით, სანამ ექსტაზში არ ჩავარდებოდნენ. ისინი დანით ისერავდნენ სხეულს და საკურთხეველს და წმინდა მორს სისხლით რწყავდნენ. ხოლო ახალმოქცეულები, ღმერითის მსგავსად ვის სიკვდილსა და აღდგომასაც ზეიმობდნენ, საკუთარი თავის კასტრირებას ახდენდნენ და უსულოდ ეცემოდნენ. 
 
ინდოეთის ერთ-ერთი სამხრეთი პროვინციის ქუილაკარის მეფემ, თავისი მმართველობის მეთორმეტე წელს მზის წმინდა დღესასწაულზე, უბრძანა აღემართათ ხის საკურთხეველი და აბრეშუმით შეემოსათ. მერე აუზში, ცერემონიების თანხლებით და მუსიკის ფონზე  რიტუალური განბანვა შეასრულა. ამის მერე კი საკურხველზე ავიდა, ხელში აიღო რამდენიმე მჭრელი დანა და სხეულის ნაწილების მოჭრა დაიწყო - ცხვირი, ყურები, ტუჩები და დანარჩენი ნაწილები რამდენიც შეძლო. ის თავისი სხეულის ნაწინებს გარშემო ისროდა, სანამ იმდენი სისხლი არ დაკარგა, რომ მხოლოდ ბოლო მოქმედების შესრულებაღა შეძლო და ყელი გამოიჭრა.  
 
ატისი სწორედ იმ მსხვერპლს იღებს რომელსაც მინოსი გაექცა, როცა პოსეიდონის ხარი მიითვისა. როგორც ფრეზერი გვიმტკიცებს, ძველ მსოფლიოში, მეფის რიტუალური მკვლელობა გავრცელებული ტრადიცია იყო. „სამხრეთ ინდოეთში, - წერს ის, - მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა მთავრდება იუპიტერის მზის გარშემო სრული შემოვლისთანავე. საბერძნეთში მეფის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ემუქრებოდა ყოველ მერვე წელს. ასე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მინოსისთვის რვა წლის განმავლობაში ათენიდან  ძღვნად გაგზავნილ 7 ვაჟსა და 7 ქალიშვილს გარკვეული კავშირი აქვთ მეფის ხელისუფლების 8 წლიანი ციკლის პროლონგირებასთან.“ ხარის სხვერპლშეწირვა, რომელიც მინოსს უნდა შეესრულებინა, გულისხმობდა, რომ ტრადიციული სქემის მსგავსად მას საკუთარი თავი უნდა შეეწირა 8 წლიანი მმართველობის ამოწურვისთანავე. თუმცა მან საკუთარი თავის ნაცვლად შესთავაზა შემცვლელი - ათენელი ვაჟები და ქალიშვილები, ასე იქცა მინოსი ურჩხულ მინოტავრად, მეფედ, რომელიც თავს იღუპავს, ხარბ ტირანად. მისი წმინდა სამეფო კი, სადაც ყველას თავისი ადგილი ჰქონდა განსაზღვრული, სავაჭრო იმპერიად გადაიქცა სადაც ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. ასეთი ცვლილებების პრაქტიკამ საზოგადო ხასიათი მიიღო ანტიკურ სამყაროში III-II ათასწლეულებში ჩვენს ერამდე.
 

გაგრძელება იქნება...

თუ გსურთ დონაციებით დააფინანსოთ ამ და სხვა წიგნების თარგმნა, ჩაგვირიცხეთ ნებისმიერი თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე. ან გადმორიცხეთ ნებისმიერი გზავნილით (გარდა Moneygramm-ისა) სახელზე - Mamuka Guruli

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700

TBC ბანკი: GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული 

პირადი ნომერი: 35001029103 


 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff