ჯოზეფ კემპბელი - ათასსახოვანი გმირი

ჯოზეფ კემპბელი
0
0

მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი ონლაინ-ტრენინგი - 25 დეკემბრიდან

სრულად ნახვა...

თავი მეექვსე - უბიწო ჩასახვა

დედა სამყარო

სამყაროს შემოქმედი მამის სული დედამიწაზე საცხოვრებლად და მისი მთელი მრავალფეროვნების შესაცნობად შემოჰყავს სამყაროს დედას, რომელიც მისი სულის ტრანსფორმაციას ახდენს. მასში იღვიძებს ის პირველყოფილი სტიქია, რომელზეც ლაპარაკია „დაბადების“ პირველი წიგნის მეორე ლექსში, სადაც ვკითხულობთ: „და დასრიალებდა ღვთის სული წყალზე.“  ინდუისტურ მითში ის ქალის სახით გვევლინება, მისი საშუალებით  სული, იგივე თვითობა, ბადებს ყოველივე ცოცხალს. თუ უფრო აბსტრაქტულად შევხედავთ, სწორედ ეს ქალი ადგენს სამყაროს „სივრცის, დროისა და მიზეზის“ კოორდინატებს, ისევე  როგორც კოსმიური კვერცხის კოორდინატებს. კიდევ უფრო აბსტრაქტულად მისი წარმოდგენა შეიძლება როგორც კოსმოსური ძალის, რომელმაც ცხოველმყოფელ აბსოლუტში შემოქმედი იმპულსი გააღვივა. 

იმ მითოლგიათა სისტემაში სადაც დედობრივი მეტადაა ხაზგასმული ვიდრე მამობრივი, სამყაროს შემოქმედი თავდაპირველი იპოსტასი ქალია და ის ავსებს სამყაროს მისი შექმნის პირველ პერიოდში და ასრულებს იმ ფუნქციებს რომლებიც მერე მამაკაც შემოქმედს მიეწერება. ის როგორც წესი ქალწულია, რადგან მისი მეუღლე არასრებული უხილავია. 

ნუტი (ცა) აჩენს სიმს, მისი სხივები ეცემა ჰათჰორს  ჰორიზონტზე (სიყვარული და სიცოცხლე). სფერო ქალღმერთის პირში წარმოადგენს საღამოს მზეს, რომელსაც ჩაყლაპავს და მერე ისევ გამოაჩენს.  (ე.ა უოლის ბაჯი. ეგვიპტელი ღმერთები. ლონდონი. მეთუენა  1904).

ფინურ მითოლოგიაში ვხვდებით ამ ხატის უცნაურ ინტერპრეტაციას. „კალევალას“ პირველ რუნაში მოთხრობილია, რომ ჰაერის ქალწული ასული დაეშვა მიწაზე პირველყოფილ ოკეანეში და საუკუნეების განმავლობაში დაცურავდა მარადიულ წყლებში.

„და დაეშვა ძირს ქალწული

დაეშვა წყლის ტალღებზე.

ზღვის გამჭვირვალე უღელტეხილებზე

ზღვის გაშლილ სივცრეებზე.

ამოქროლდა სასტიკი ქარი

წამოვიდა ქარიშხალი აღმოსავლეთიდან.

აქაფდა ზღვა ქარიგან

აიქოჩრნენ მაღალი ტალღები.

ქარმა აიტაცა ქალწული და

ტალღებში მოისროლა.

თეთრად აქაფებულ ტალღებზე

ქარმა დააორსულა ქალწული,

ზღვამ გაავსო მისი  მუცელი

და ზიდა მისი ფეხმძიმობა.

დაატარებდა მორჩილად თავის

ფეხმძიმობას შვიდასი წელი,

ადამიანის ცხრა სიცოცხლემ განვლო

და მშობიარობა არ იწყებოდა.

არ ჩასახული - არ იბადებოდა.“

„კალევალა“ (გმირების მიწა) დღევანდელი ფორმით ელიას ლენროტის (1802-1884) ნაწარმოები გახლავთ, სოფლის ექიმისა და ფინური ფილოლოგიის მკვლევარის. მან შეაგროვა ხალხური ზღაპრებისა და გმირების შესახებ ლეგენდების მთელი კორპუსი, ისეთებზე როგორიც იყო ვიაინიამეინენი, ილმარინენი, ლემინკიანენი და კულერვო, მერე კი ისინი ერთ პოემაში გააერთიანა (1835, 1849). ლენტორის ნაწარმოები 23 000 ლექსს მოიცავს. 

„კალევალას“ გერმანული თარგმანი ხელში ჩაუვარდა ჰენრი ვოდსთვორთ ლონგფელოს, რომელმაც მასზე დააბუძნა და შეადგინა გეგმა და დაიწყო თავისი „სიმღერა ჰაიავატაზე“. 

დედა-წყალი შვიდასი წელი დაცურავდა საშოში ნაყოფით და ვერ მშობიარობდა. მან უზენაეს ღმერთს უკკოს  მიმართა დასახმარებლად, მან კი იხვი გაგზავნა რათა ქალის მუხლებზე ბუდე აეშენებინა. იხვის კვერცხები გადმოგორდა ბუდიდან და დაიმსხვრა. ამ ნამსხვრევებიდან კი გაჩნდნენ მიწა, ცა, მზე, მთვარე და ღრუბლები. მერე ზღვაში მცურავმა დედა-წყალმა ხმელეთს ფორმები მისცა. 

 

და როგორც იქნა მეცხრე წლის ბოლოს

მეათე ზაფხულის დროს,

წამოწია უკიდეგანო წყლის სივრციდან

თავი და მერე სულაც წამოდგა.

დაიწყო ქმნილბების შექმნა

და არსებები დაასახლა გარშემო.

წყლის გამჭვირვალე უღელტეხილებზე,

ზღვის გაშლილ სივრცეში.

მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენით

ნაპირებს ნაპირებზე ქმნიდა.

სადაც ფეხს დააბიჯებდა

თევზებისთვის ღრმულებს თხრიდა.

სადაც ფსკერზე გავლა უხდებოდა

უზარმაზარი ღრმულები ჩნდებოდა.

თუ გვერდს მიწას გაკრავდა

იშლებოდა ვრცელი ნაპირები.

სადაც ფეხით მიწას შეეხო

ორაგულის გუნდები გაჩნდენენ,

ხოლო როცა თავს დახრიდა,

მეჩეჩები იქმნებოდა.

გაცურდა შორს ხმელეთიდან

ზღვის ტალღებზე გაჩერდა.

ამოიწიეს წყალქვეშა კლდეებმა

და გაიშალა გამოქვაბულები.

აქ მოგვიანებით გემები დაიმსხვრევიან

და მეზრვაურებს დაახრჩობს წყალი.

 

თუმცა უკვე წამოზრდილი ბავშვი მაინც არ იბადებოდა. 

 

ძველი, ერთგული ვიაინიამეინენი

დედის საშოში დაცურავდა.

ოცდაათი ზაფხული გაატარა იქ,

და ოცდაათი ზამთარი.წყალზე დაცურავდა და თვლემდა

და ფიქრობდა თავისთვის

რა ექნა და რა მოემოქმედა

ამ ბნელ სივრცეში.

მოუხერხებელ, ცივ ადგილას

სადაც მზის სხივი ვერ აღწევდა

და ვერც მთვარე ანათებდა.

მან თქვა შემდეგი სიტყვები,

ილაპარაკა აი ასე :

„მთვარევ, მზეო ოქროსფერო,

დიდო დათვო მაღლა ცაზე,

მალე გამიხსენით გასასვლელი

და გამიღეთ უჩინარი კარი.

გამათავისუფლეთ ჩემი აუტანელი,

ვიწრო და ბნელი ციხიდან.

გამოუშვით უკვე გაზრდილი ბავშვი,

მამაკაცი გამოუშვით გარეთ.

რათა დავტკბე მთვარის შუქით

რათა გავთბე მზის სხივებში.

დიდი დათვის მზერით დავტკბე

ზეცის ციმცის მივაშტერდე.

მაგრამ არ გაუხსნა კარი მთვარემ,

არც მზემ არგულა თავისუფლება.

გაუსაძლისი გახდა მისთვის სიცოცხლე

და მობეზრდა ასე არსებობა.

არათითით შეეხო უხილავ კარს

და გაიღო კარი.

მარცხენა ფეხის ნეკით

გაარღვია ძვლის შესასვლელი.

მუხლებზე დამდგარი გაცოცდა

და ხელებით გაიკვლია გზა.

და ჩავარდა ლურჯ ზღვაში

და ხელებით სცადა ტალღების დაჭერა.

ზღვის მოწყალების იმედზე

დარჩა დევგმირი ახალშობილი.

 

ვიდრე ვიაინიამეინენი - გმირად დაბადებული - ნაპირზე გამოვიდოდა, მოუწია კიდევ ერთი გამოცდა გაევლო  დედის საშოში - ოკეანის კოსმიურ სტიქიაში. ახლა მან, დედის დაცვას მოკლებულმა,  ინიციაცია უნდა გაიაროს  და გაუძლოს ბუნების არაადამიანური ძალების პირისპირ დგომას. 

 

ზღვაში დაკარგა კიდევ ხუთი წელი

ზღვის ტალღებმა არწიეს ხუთი წელი

მერე ექვსი, შვიდი და რვა

ბოლო გაცურდა ხმელეთისკენ.

მიაღწია უცხო ნაპირს.

მიცურდა იქ სადაც არაა ტყეები

და  მუხლებზე დაეშვა.

ხელები ასწია

და წამოდგა მთვარის ნათელის შესახედად.

მზის შუქით რომ დამტკბარიყო

დიდი დათვი დაენახა

და ვარსკვლავების მზერით დატკბა.

ასე დაიბადა ვიაინიამეინენი

მომღრლების დიდი წინაპარი

დიდებული პატრიარქი

ქალწულ ილმატარის შობილი.

 

სამყაროს მატრიცა

სამყაროს ქალღმერთი მრავალსახოვანია, რადგან მისი შემოქმედების აქტიც მრავალმხრივი და რთულია. ხოლო შექმნილი სამყარო კი ამ აქტებს იღებს როგორც ურთიერთ-საწინააღმდეგო მოვლენებს. დიადი დედა თავის  თავში დიად სასიკვდილო ძალასაც მოიცავს, ის საშინელი დემონების - შიმშილის და სიკვდილის ჩრდილში იმალება. 

ბაბილონური და შუმერული ასტრალური მითოლოგია კოსმიური ქალის იპოსტასებს პლანეტა ვენერას ფაზებს უხამებდა. დილის ვარსკვლავის ხატში ის ქალწულს განასახიერებდა. ხოლო მიმწუხრის ვარსკვლავში უკვე მეძავი იყო. ღამის ცაზე დედოფალი ვენერა მთვარის მეუღლე ხდება, მზის სხივებში მიმალული ცბიერი კუდიანია, ჯოჯოხეთის ძალების მატარებელი. მთელი მესოპოტამიის კულტურაში ეს ცვალებადი პლანეტა თავის ჩრდილში აქცევდა ქალღმერთის ხატს. 

სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკის მითში, რომელსაც სამხრეთ როდეზიის ვაჰუნგვე მაკონის ტომი ყვება, დედა ვენერას იპოსტასი პირველ კოსმოგონიურ ციკლებს შეესაბამება. ამ მითში პირველი მშობლის როლში გამოდის მთვარე, დილის ვარსკვლავი მისი პირველი ცოლია, საღამოსი კი მეორე. ვიაინიამეინენის მსგავსად, რომელიც დამოუკიდებლად გამოვიდა დედის საშოდან, მთვარის ადამიანიც თავად, გარეშე ძალების დაუხმარებლად გამოდის წყლის სიღრმეებიდან. ის და მისი ცოლები მოგვიანებით დედამიწის ყველა ცოცხალი არსების შემოქმედები ხდებიან. ამ ისტორიამ მოაღწია ჩვენამდე:

 ღმერთმა  მაორიმ შექმნა პირველი ადამიანი და დაარქვა მას მვუეთსი (მთვარე). მან ის ძივოას ტბის ფსკერზე გააგზავნა საცხოვრებლად და მისცა ნგონას რქა, სავსე ნგონას ზეთით. ამის მერე ცხოვრობდა მვუეთსი ძივოაში. მერე მვუეთსიმ უთხრა მაორის :

-       მე მიწაზე ამოსვლა მინდა.

-       ინანებ იცოდე, - უპასუხა მაორიმ. 

-       მაინც მინდა ამოსვლა, - დაიჟინა მვუეთსიმ 

-       მაშინ ამოდი, - უთხრა მაორიმ. 

მიწა ცივი და ცარიელი იყო, არც ხე, არც ბალახი, არც ბუჩქი არ იზრდებოდა. არც ცხოველები არსებობდნენ. მვუეთსი ატირდა და მაორის მიმართა:

-       როგორ ვიცხოვრო აქ?

-       მე გაფრთხილებდი. შენ სიკვდილის გზას შეუდექი. მაგრამ მე შენთვის შენი მსგავსი შევქმენი. 

მაორიმ მვუეთსის ცოლი მოუყვანა, რომლის სახელი იყო მასსასსი - დილის  ვარსკვლავი. მისცა ქალს მაორიმ კვესი და უთხრა მვუეთსის;

-       ორი წელი იქნება მასსასსი შენი ცოლი. 

საღამოს მვუეთსი შევიდა მასსასსის გამოქვაბულში. 

-       დამეხმარე, ცეცხლი დავანთოთ, მე ხიმანდრას  (ნაფოტებს) მოვაგროვებ შენ კი კვესის რუსიკები (კვესის საბრუნავი თასმები) დაატრიალე. - უთხრა ქალმა. 

მასსასსიმ მოაგროვა ნაფოტები, მვუეთსიმ დაატრიალა თასმები. ცეცხლი გაჩაღდა. მვუეთსი ერთ მხარეს დაწვა, მასსასსი - მეორე მხარეს  და მათ შორის ცეცხლის გიზგიზებდა. 

მვუეთსი თავისთვის ფიქრობდა: „რატომ მომიყვანა მაორიმ ეს ქალი ცოლად? რა უნდა გავაკეთო მასსასისსთან ერთად?“ როგორც კი დაღამდა მვუეთსიმ ამოიღო თავისი ნგონას რქა. საჩვენებელი თითი ნგონას ზეთში ჩააწო. მერე თქვა:

-       Ndini chaabuka mhiri ne mhiri (ცეცხლზე გადახტომას ვაპირებ).

მერე ცეცხლს გადაახტა და ქალწულ მასსასსის მიუახლოვდა  და ქალს ზეთიანი თითით შეეხო. შემდეგ მვუეთსი ისევ დაბრუნდა თავის საწოლში და დაიძინა.

დილით, გამოღვიძებულმა მვუეთსიმ მასსასსის შეხედა  და დაინახა, რომ ქალს მუცელი ეზრდებოდა. როგორც კი მოსაღამოვდა მასსასსის მშობიარობა დაეწყო. შვა მასსასიმ ბალახი, მერე შვა მასსასიმ ბუჩქები, მერე შვა მასსასიმ ხეები, მასსასსის მშობიარობა არ დამთავრებულა ვიდრე მთელი დედამიწა ბალახით, ბუჩქებითა და ხეებით არ გაივსო. 

ხეებმა ზრდა დაიწყეს და იქამდე იზრდებოდნენ ვიდრე კენწეროები ცას არ მიაბჯინეს. როგორც კი ხის კენწეროებმა ცას მიაღწიეს დაიწყო წვიმა. 

ამის მერე მვუეთსი და მასსასსი განცხრომაში ცხოვრობდნენ. მათ უამრავი ხილი და მარცვლეული ჰქონდათ. ააშენა  მვუეთსიმ  სახლი,  გააკეთა მვუეთსიმ  რკინის ნიჩაბი, გააკეთა მვუეთსიმ თოხი და დათესა ყანა. მოქსოვა მასსასსიმ ბადე და დაიჭირა თევზი, მოჰქონდა მასსასსის შეშა და წყალი, ამზადებდა მასსასსი საჭმელს და ასე ცხოვრობდნენ მვუეთსი და მასსასსი. გავიდა ორი წელი.

ორი წლის მერე მაორიმ უთხრა მასსასსის:

-       შენი დრო ამოიწურა. 

მოკიდა ხელი ქალს და ისევ ძივოას ტბაში დააბრუნა. მვუეთსის ძალიან ენატრებოდა ცოლი და დარდობდა. მან ტირილით მიმართა მაორის:

-       რა გავაკეთო მასსასსის გარეშე? ვიღა მომიტანს შეშას და წყალს? ვინ გამიკეთებს საჭმელს? 

მთელი რვა დღე ტირილში გაატარა მვუეთსიმ. 

რვა დღე ტიროდა მვუეთსი და მერე უთხრა მაორიმ:

-       მე ხომ გაგაფრთხილე სიკვდილისთვის გამზადებულიყავი. თუმცა შემიძლია მეორე ცოლი მოგიყვანო. მე მოგიყვან საღამოს ვარსკვლავს - მორონგოს. მორონგოც ორი წელი დარჩება შენთან, მერე მე მას უკან წავიყვან.“

მორონგო მვუეთსის გამოქვაბულში შევიდა. საღამოს მვუეთსის მოუნდა ცეცხლთან თავის მხარე დაწოლა, მაგრამ მორონგომ უთხრა:

-       არ დაწვე მანდ. ჩემთან დაწექი. 

დაწვა მვუეთსი მორონგოს გვერდით. მერე აიღო ნგონას რქა და აპირებდა თითის ზეთში ჩაწობას. მაგრამ მორონგომ უთხრა:

-       ნუ აკეთებ ამას, მე არ ვგავარ მასსასსის. ახლა ნგონას ზეთი წელზე წაისვი. შეიზილე წელი ნგონას ზეთით.

მვუეტსიმ დაუჯერა ქალს და ისე მოიქცა როგორც უთხრა. 

-       ახლა კი შეწყვილდი ჩემთან, - უთხრა მორონგომ. 

მვუეთსი შეწყვილდა მორონგოსთან და მერე დასაძინებლად წავიდა. 

დილით, როცა მვუეთსიმ გაიღვიძა, შეხედა მორონგოს და დაინახა, რომ ქალის მუცელი იზრდებოდა. როგორც კი მოსაღამოვდა მორონგოს მშობიარობა დაეწყო. პირველ დღეს მორონგომ შვა წიწილები, ცხვრები და თხები. 

მეორე ღამეს მვუეთსი ისევ დაწვა მორონგოსთან. მეორე დღის საღამოს კი ქალმა შვა ანტილოპები და ძროხები.

მესამე ღამეს მვუეტსი ისევ დაწვა მორონგოსთან. დილით ქალმა ბიჭები გააჩინა, მერე კი გოგონებიც. დილით დაბადებული ბიჭები საღამომდე ზრდასრულ  მამაკაცებად გაიზარდნენ. 

მეოთხე ღამეს მვუეთსის ისევ უნდოდა მორონგოსთან დაწოლა, მაგრამ ზეცამ საშინლად იქუხა და გაისმა მაორის ხმა:

-       შეჩერდი! შენ ძალიან სწრაფად უახლოვდები სიკვდილს. 

მვუეთსის შეეშინდა, შეჩერდა და ქუხილიც შეწყდა. მერე მორონგომ უთხრა:

-       კარი გააკეთე და გამოქვაბულს შეაბი. როცა დავხურავთ მაორი ვერ დაინახავს რას ვაკეთებთ. ასე შეძლებ ჩემთან დაწოლას. 

მვუეთსიმ დაუჯერა, გააკეთა კარი, შეაბა იგი გამოქვაბულს და დახურა მისი შესასვლელი. მერე შეწყვილდა მორონგოსთან. მერე კი დაიძინა.

დილით გაიღვიძა მვუეთსიმ და დაინახა, რომ მორონგოს მუცელი ეზრდებოდა. საღამოს მორონგოს მშობიარობა დაეწყო. შვა მორონგომ : ლომები, ლეოპარდები, გველები და მორიელები. დაინახა ეს მაორიმ და უთხრა მვუეთსის:

-       მე ამაზე გაგაფრთხილე. 

მეხუთე ღამეს მვუეთსის ისევ მოუნდა მორონგოსთან დაწოლა. მაგრამ მორონგომ უთხრა:

-       მაპატიე, მაგრამ შენი ქალიშვილები უკვე გაიზარდნენ. შეგიძლია მათთან ერთად დაიძინო. 

შეხედა მვუეთსიმ თავის ქალიშვილებს და დაინახა, რომ გაზრდილიყვნენ და ძალიან გალამაზებულიყვნენ. ამიტომაც მვუეთსი მათთან დაწვა. მათ შვილები გააჩინეს. დილით დაბადებული ბავშვები საღამოს უკვე იზრდებოდნენ. ასე გახდა მვუეთსი მამბო - დიდი ერის მეფე. 

ამასობაში მორონგო გველთან წვებოდა. მეტი შვილი აღარ გაუჩენია მორონგოს. ის აგრძელებდა ცხოვრებას გველთან ერთად. ერთხელაც მვუეთსი მასთან მივიდა და უთხრა, რომ მასთან დაწოლა უნდოდა. 

-       მომშორდი, - გაბრაზდა მორონგო.

-       მაგრამ მე შენთან მინდა, - არ ნებდებოდა მვუეთსი. 

ის მაინც დაწვა მორონგოსთან. საწილის ქვეშ კი გველი დახვეულიყო. გველმა უკბინა მვუეთსის. 

ამის მერე მვუეთსი ავად გახდა. მეორე დღეს კი წვიმა არ მოვიდა. მცენარები გახმნენ. ტბები და მდინარები დაშრნენ. ცხოველები დაიხოცნენ და ადამიანებმაც დაიწყეს ამოწყვეტა. უამრავი ადამიანი წყდებოდა. მაშინ შვილებმა ჰკითხეს მვუეთსის:

-       ახლა რაღა ვქნათ?

-       წმინდა ჰაკატას ძვლებით უნდა ვიმკითხაოთ. - თქვეს მისმა სხვა შვილებმა.

-       მვუეთსი ბებერი და უძლური მამბოა. უკან გაუშვით უკან  ძივაოს ტბაში. - იყო პასუხი.

მაშინ შვილებმა დაახრჩვეს და დამარხეს მვუეთსი. მასთან ერთად დამარხეს მორონგოც. მორონგომაც ორი წელი იცოცხლა მვუეთსის სამეფო კარზე მის ზიმბაბვეში.

ნათელია, რომ სამყაროს თავდაპირველი წარმოქმნის  სამი სტადიიდან ყოველი გამოხატავს მისი განვითარების გარკვეულ პერიოდს. მიმდინარე მოვლენების სიუჟეტი თითქოს წინასწარგანსაზღვრულია, თითქოს ოდესღაც ჩვენ უკვე გამოგვიცდია ის. ამაზე მეტყველებს უმაღლესი ღმერთის გაფრთხილებებიც. მაგრამ მთვარის ადამიანს, ძლევამოსილ ცოცხალ არსებას უარს ვერ ეუბებიან თავად მართოს თავისი ბედისწერა. ტბის ფსკერზე მიმდინარე დიალოგი მარადიულისა და დროებითის გაბაასებაა, სადაც სიცოცხლის საკითხი წყდება - იქნება ის თუ არ იქნება. დაუოკებელ სურვილს ბოლოს ნებას რთავენ  და მოძრაობაც იწყება. 

მთვარის ადამიანის ცოლები და ქალიშვილები მის ბედისწერას განსაზღვრავენ და მოვლენების განვითარების ტემპის დაჩქარებას იწვევენ. ვითარდება მთვარის ადამიანის ნება გამოაღვიძოს სიცოცხლე და მასთან ერთად იცვლებიან დედა ქალღმერთების ხატები და ღირსებები. თავად ბუნების დაბადებისას ორი პირველი ცოლი დაჯილდოებულია ზეადამიანური და წინარეადამიანური თვისებებით. თუმცა კოსმიური ციკლი ისევ აგრძელებს ბრუნვას, კაცობრიობა იზრდება და იცვლება მისი პირველყოფილი ფორმები. დიდებული პირველი მშობლები ქრებიან. მათ დგილებს კი ჩვეულებრივი ქალები და მამაკაცები იკავებენ. ამიტომაც პირველყოფილი ბებერი მამა თავის საზოგდოებაში უკვე მეტაფიზიკურ ანაქრონიზმად იქცევა. ბოლოს, როცა ის ადამიანებთან ურთიერთობით იღლება და ისევ თავის ნაყოფიერების მომტან  ცოლს უბრუნდება, მისი საქციელი ფიტავს სამყაროს. თუმცა სამყარო უკვე სადაცაა მოიპოვებს თავისუფლებას და ყველაფერი ისევ ამოძრავდება. ინიციაცია შვილების საზოაგადოების ხელში გადადის. მშობლების სიმბოლური ფიგურები, სიზმარხილვების გიგანტური  ხატების მსგავსად, პირველყოფილ ქაოსში იძირებიან. დედამიწაზე მხოლოდ ადამიანი რჩება. ასე იწყება ახალი სასიცოცხლო ციკლი. 

 

ცხოველმყოფელი საშო

ახალი  სამყარო ადამიანის სიცოცხლეს საფრთეებს უქმნის. მეფეების ნების მორჩილებით და  ღმერთების ნების გამხმოვანებელი ქურუმების ქადაგებების მოსმენით  ან ჰაკატას წმინდა კამათლების წყალობით ღვთის ნებაში დამოუკიდებლად ჩაწვდომით (როგორც ეს მვუეთსის მითში მოხდა) ადამიანის ცნობიერება ისე ვიწროვდება, რომ ადამიანური კომედიის მთავარი ძაფები მის საწინააღმდეგო მხარესთან გადახლართვისას იკარგებიან. კაცობრიობის ხედვები ვიწროვდება და სწორხაზოვანი ხდება, ის ახლა მხოლოდ სინათლეს და აღქმისთვის ხელშესახებ დონეზე არსებულ ჰორიზონტებს სწვდება. სიღრმეები დაიხურა და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი გახდა. ადამიანების მწუხარება კი გაიზარდა და დამძიმდა სწორედ იმიტომ რომ ის უკვე ვეღარ აღიქვამდა ამ სიღრმეებს. შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და კატასტროფას იახლოვებდნენ. პაწაწინა ეგომ მიითვისა უმაღლესი მეს პირუთვნელი განსჯის უფლება. 

ესაა მითის მარადიული თემა. ამაზე ხშირად დანანებით საუბრობენ წინასწარმეტყველები. ადამიანები მოუთმენლად ელიან მასთან შეხვედრას, ვინც დამახინჯებული სხეულებისა და სულების სამყაროში ღვთაების განსახიერება გახდება. ეს მითოლოგემა ჩვენი საკუთარი ტრადიციიდანაც ნაცნობია  და ყოველ ნაბიჯზე განსხვავებული სახით ჩნდება. როდესაც ჰეროდეს (მოუხელთებელი, უმართავი ეგოს სიმბოლო)  ფიგურა კაცობრიობას სულიერი არარობის დონემდე ამცირებს, სასიცოცხლო ციკლის ფარული ძალები თავისით მოდიან მოქმედებაში.  შორეულ პატარა სოფელში იბადება გოგონა, რომელიც ახერხებს და უბიწო რჩება მთელი სამყროს  ადამიანური ცოდვების მიუხედავად. ადამიანთა სამყაროში კოსმიური ქალის შემცირებული ასლი შემოდის, ესაა ქარის პატარძალი. მისი უბიწო საშო პირველყოფილი სიღრმეების მსგავსია და მზადაა პირველყოფილი ძალები იხმოს და გაანაყოფიეროს სიცარიელე. 

„ერთხელ, როცა მარიამი ჭასთან იდგა და დოქის ავსებას ცდილობდა, გამოეცხადა მას ღვთის ანგელოზი და აუწყა: კურთხეულ ხარ შენ მარიამ, რადგან შენ საშოში უფლის სამყოფელი შექმენი. აი შემოვა შენში სინათლე და დაივანებს შენს საშოში და იქიდან გავრცელდება მთელს სამყაროში და ყველაფერს გაანათებს.“

ამ ამბავს ყველგან მოისმენთ. ხოლო სიუჟეტის მთავარი ხაზების მსგავსება იმდენად დიდია, რომ პირველი ქრისტიანი მისიონერები იძულებულნი იყვნენ ეფიქრათ, რომ ამბების ასეთი მსგავსება ეშმაკის ხრიკები იყო. მაცდური ცდილობდა ქრისტიანული ისტორიის პაროდირებას და მის გარვცელებას უშლიდა ხელს. ფრაი პედრო სიმონი თავის „ისტორიულ შენიშვნებში“ (Noticias historiales de las conquistes de Tierra Firme en las Indians Occidentales, Cuenca, 1627) გვიყვება, რომ როდესაც მისიონერებმა ტუნიას და სოგამოცოს ტომებში კოლუმბიაში ქადაგებ დაიწყეს, ამ დგილების დემონებმა კი დაიწყეს სამაგიეროდ მსგავსი იტორიების გავრცელება. ამასთან ისინი ცდილობდნენ იმ ამბის დისკრედიტირებას სადაც ღმერთის მეორედ მოსვლაზეა ლაპარაკი. როცა მისიონერი ამაზე თხრობას იწყებდა  და აღნიშნავდა, რომ ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა. აქ ერეოდა დემონი და ამბობდა, რომ სოფელ გუაჩეტაში მცხოვრები გოგონას სხეულში შევიდოდა მზე და ქალწული დაორსულდებოდა უბიწოდ მზის სხივებისგან. ეს ამბავი მთელს შემოგარენში გავრცელდა. ისე მოხდა, რომ ამ სოფლის უხუცესს ორი ქალიშვილი ჰყავდა ქალწული და ყოველი მათგანი ნატრობდა, რომ სწორედ ის გამხდარიყო მზის რჩეული. ამიტომაც მათ დაიწყეს დილით, გარიჟრაჟზე მამის სახლიდან გასვლა რათა მზის პირველ სხივებს შეგებებოდნენ. ისინი სოფლის გარშემო არსებული მრავალი ბორცვიდან ყველაზე მაღალზე ადიოდნენ და ისე დგებოდნენ, რომ მზის სხივებს სრულიად დაეფარათ. დემონის ბრძანებით ეს დიდხანს გაგრძელდა. თუმცა არც ღმერთის ჩაურევლად ( ღმერთის გზები ხომ შეუცნობილია).  და აი აღსრულდა რაც ნაწინასწარმეტყველები იყო და ერთ-ერთი გოგონა დაორსულდა, როგორც თავად ამბობდა მზის სხივებისგან. 

ცხრა თვის თავზე მან გააჩინა დიდი და ძვირფასი hacuata - ადგილობრივ ენაზე ზურმუხტი. ქალმა აიღო ქვა, ნაჭრებში შეახვია და მკერდში დამალა. დიდხანს დაატარებდა მკერდით სანამ არ გაცოცხლდა ქვა. ყველაფერი დემონის გეგმის მიხედვით მიდიოდა და დაარქვა ქალმა მას გორანჩაჩო. ბიჭი თავისი ბაბუის, სოფლის უხუცესის სახლში იზრდებოდა ვიდრე 24 წლის არ გახდა. 

მერე ტრიუმფალურ პროცესიას დედაქალაქში გაჰყვა და ყველგან სადაც კი გაივლიდა მიმართავდნე - „მზის ვაჟო“.

ინდუისტური მითოლოგია მოგვითხრობს გოგონა პარვატიზე, მთების მეფის ჰიმალაის ქალიშვილზე, რომელიც ყველაზე მაღალ მთაზე ავიდა და ასკეტურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ამასობაში ტირანმა ტარაკამ დაიპყრო მთელი მსოფლიო. წინასწარმეტყველების თანახმად კი მხოლოდ ღმერთ შივას ვაჟს შეეძლო მისი დამხობა. თუმცა შივა იოგას ჭეშმარიტი ღმერთი გახლდათ - ვნებისგანდაცლილი, მარტოხელა და მედიტაციაში ჩაფლული. შეუძლებელი იყო მისგან შვილის გაჩენა.

პარვატიმ გადაწყვიტა მსოფლიოში სიტუაცია შეეცვალა დ შივას მედიტაციაში შეეჯიბრა. ვნებისგანდაცლილი, მარტოხელა და საკუთარ თავში ჩაძირული ის ასევე წვებოდა შიშვლად მზის სხივების ქვეშ და გარშემო ოთხ დიდ კოცონს ანთებდა. მისი მშვენიერი სხეული დანაოჭდა და გაძვალტყავდა. კანი საშინლად გაუუხეშდა და თმა აეწეწა. ნოტიო, ნაზი თვალები ალმოდებული სიცხით აენთო. ერთხელ მასთან ახალგაზრდა ბრაჰმანი მივიდა და ჰკითხა, ასეთმა მშვენიერმა ქალმა რატომ დაიმახინჯა თავი ასეთი საშინელი გამოცდით. ქალმა კი უპასუხა:

-       ჩემი სურვილი შივაა, ის არის ჩემი უმაღლესი მიზანი, შივა კი მარტოობისა და უწყვეტი კონცენტრაციის ღმერთია. ამიტომაც მივუძღვენი თავი ასკეზას, რათა ის გამოვიყვანო მდგომარეობიდან და ჩემდამი სიყვარული აღვუძრა.

-       შივა ნგრევის ღმერთია, - უპასუხა ვაჟმა, - შივა სამყაროს აღსასრულს იწვევს. შივასთვის უმარლესი ნეტარებაა სასაფლაოზე, გვამების სიმყრალეში მედიტაცია. ის იქ სიკვდილის ხრწნას ეზიარება და ეს მის დამანგრეველ გულს ესალბუნება. შივას გვირგვინები ცოცხალი გველებითაა დაწნული. შივა მაწანწალაა და უფრო მეტიც, არავინ არაფერი იცის მის დაბადებაზე.

-       ის შენი აღქმის მიღმა დგას,  - მიუგო ქალმა, - ის მაწანწალაა, მაგრამ ამავე დროს  სიმდიდრის წყაროცაა. ის საშინელია და იმავე დროს სილამაზის წყაროცაა. გველებისა თუ ძვირფასი ქვების გვირგვინები საკუთარი ნების მიხედვით დააქვს და როცა უნდა მაშინ მოიხსნის. რანაირად შეიძლება ის შობილი იყოს როცა თავადაა ყოველ ჯერ არშექმნილთა შემოქმედი. შივაა ჩემი სიყვარული!

ამ სიტყვების მერე ვაჟმა გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და სწორედ ის იყო შივა.

 

ხალხური თქმულებები უბიწო ჩასახვაზე

ბუდა თავისი დედის საშოში ზეციდან რძისფერი სპილოს სახით დაეშვა. აცკეტი ქალი კაოტლიკუე, რომელსაც გეველებით მოქსოვილი ქვედაკაბა ეცვა - წყვილდებოდა ღმერთთან, რომელიც მასთან ბუმბულებიანი ბურთის სახით მიდიოდა. ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მთელი თავები გაჯერებულია ნიმფებით, რომლებთანაც წყვილდებიან ღმერთები სხვა და სხვა, უცნური სახით. იუპიტერი ხარის სახით, გედის სახით, ოქროს წვიმის სახით და ა.შ. ნებისმიერი შემთხვევით ჩაყლაპული ღივი, მარცვალი ანდაც სულაც ბრიზის მონაბერი სრულიად საკმარისი იყო მისთვის გამზადებული საშოს გასანაყოფიერებლად. შემოქმედებითი ძალები მუდმივად მოქმედბენ. მერე კი ბედისწერით ძალით ან სრულიად შემთხვევით ან მხსნელი გმირი ჩაისახებოდა ან დამანგრეველი დემონი. 

ხშირად უბიწო ჩასახვის ხატები არამხოლოდ მითებში გვხვდება, არამედ ხალხურ ზღაპრებშიც. სრულიად საკმარისა ერთი ჯადოსნური ზღაპარი ტონგოს ხალხის შემოქმედებიდან, ამბების ციკლი რომელსაც ულამაზეს სინილაუზე ყვებიან. ეს ზღაპარი განსაკუთრებით საინტერესოა და არა მხოლოდ იმიტომ რომ ის აბსურდულია, არამედ იმიტომაც რომ ის სრულიად გაუცნობიერებელი და დაუხვეწავად კომიკური ფორმით სიმბოლიზირებს გმირის ცხოვრების გზის ტიპიურ მოტივებს: ქალწული დედისგან დაბადებას, მამის ძიებას, მკაცრ გამოცდებს, მამასთან შერიგებას, ქალწული დედის კორონაციას, ბოლოს კი ჭეშმარიტი შთამომავლების ზეციურ ტრიუმფსა და მატყუარების ცეცხლში დაწვას. 

ცხოვრობდა ოდესღაც კაცი ცოლთან ერთად და დაორსულდა მისი ცოლი. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, დაუძახა მან თავის ქმარს და სთხოვა დახმარებოდა მშობიარობაში. თუმცა ქალმა ხამანწკა გააჩინა და გაცეცხლებულმა ქმარმა ამის გამო სახლიდან გააგდო. მაშინ ქალმა სთხოვა აეყვანა ხამანწკა და სინილაუს წყალსაცავში ჩაეგდო. ერთხელაც სინილაუ მივიდა თავის წყალსაცავთან და იქ ქოქოსის ქერქი ჩააგდო,  რომელსაც ბანაობის დროს იყენებდა. ხამანწკა მიცოცდა, შეიცრუტა ეს ქოქოსის ქერქი და დაორსულდა.

 ცოტა მოგვინებით ქალმა, რომელმაც ხამანწკა გააჩინა დაინახა, რომ ხამანწკა მასთან მიცოცავდა. მან გაბრაზებით იკითხა, თუ რა საქმე ჰქონდა მასთან ხამანწკას. ხამანწკამ კი უპასუხა, რომ ახლა სიბრაზის დრო არ იყო  და სთხოვა ფარდით გადაეტიხრა ადგილი სადაც ის მშობიარობას შეძლებდა. ქალი ასეც მოიქცა და ხამანწკამ დიდი და ლამაზი ბიჭი გააჩინა. მშობიარობის მერე ის ისევ წყალსაცავში გაცოცდა, ქალმა კი ბავშვის გაზრდა დაიწყო. ვაჟს ფატაი - სანდალოზის ხის ქვეშ მოსული დაარქვეს. გამოხდა ხანი და ისევ დაორსულდა ხამანწკა და ისევ მიცოცდა დედის სახლთან სამშობიაროდ. ისევ გააჩინა მან მშვენიერი ბიჭუნა, რომელსაც მირტლ - მირტშემოწნული დაარქვეს. ესეც მისი ძმასავით, ქალთან და მის ქმართან დარჩა გასაზრდელას. 

როცა ორივე ბიჭუნა გაიზარდა და სიჭაბუკეში შევიდა, მათმა ბებიამ გაიგო, რომ სინილაუ აპირებდა დიდი დღესასწაულის მოწყობას. ქალმა გადაწყვიტა, რომ მისი შვილიშვილები მას აუცილებლად უნდა დასწრებიყვნენ. მან დაუძახა ბიჭებს და სთხოვა მომზადებულიყვნენ და თან უთხრა, რომ მათი მამა დღესასწაულს აწყობდა. როცა ისინი ნადიმზე მივიდნენ, ყველამ შეამჩნია. ქალები თვალს ვერ აცილედნენ. როცა ბიჭები სოფლის შარზე მიდოდნენ, ქალები გამოდიოდნენ ქუჩაში და მათ სახლში ეპატიჟებოდნენ. მაგრამ ისინი ყველას უარს ეუბნებოდნენ და ბოლოს მივიდნენ იმ ადგილამდე სადაც კავას სვამდნენ. მათ დაიწყეს სტუმრებისთვის სასმლის მიწვდა. თუმცა სინილაუ გაბრაზდა და მოუნდა გაეგო ვინ ჩაერია მის ზეიმში და უბრძანა მათ ორი ფიალა სასმლის მოტანა. მერე კი თავის ხალხს უბრძანა, ხელი დაევლო ერთ-ერთი ბიჭისთვის და ნაკუწებად დაეჩეხა. ამ საქმისთვის ბამბუკის დანა გაილესა, თუმცა როგორც კი დანის წვერი ბიჭების სხეულს შეეხო, ის კანზე ასხლტა და ბიჭმა სინილაუს მსახურს დაუყვირა:

დანა მეხება და კანზე სხლტება

შენ კი ზიხარ და გვაკვირდები

ჩვენც ისეთები ვართ როგორც შენ თუ არა.

სინილაუმ იკითხა რა თქვა ბიჭმა და მას მოახსენეს. მაშინ მან უბრძანა დაეკავებინათ ორივე ძმა და მასთან მიეყვანათ. ბრძანება შესრულდა და სინილაუმ დაუწყო გამოკითხვა ბიჭებს თუ ვინ იყო მათი მამა. მათ კი უპასუხეს, რომ თავად იყო ბიჭების მამა. სინილაუმ გადაკოცნა თავისი ახლადგამოცხადებული შვილები და სთხოვა წასულიყვნენ და დედა მოეყვანათ. ისინი მივიდნენ წყალსაცავთან, აიყვანეს ხამანწკა და მიიყვანეს ბებიასთან, მან კი ხამანწკა გახსნა და  ულამაზეს ქალად აქცია სახელად  ჰინა-სახლიდან - მდინარეში. 

მერე ისინი ისევ უკან  სინილაუსთან გაემართნენ. ბიჭებმა ფოჩიანი ტანსაცმელი ჩაიცვეს, სახელად - ტაუფოჰოა. მხოლოდ მათი დედა იყო თხელი პერანგის მაგვარ ტანსაცმელში, სახელად - ტუოუა. ორივე ბიჭი წინ მიდიოდა, ჰინა კი მათ მიჰყვებოდა უკან. როცა სინიალუსთან მივიდნენ დაინახეს, რომ ის თავის ცოლებთან იჯდა. ბიჭები მუხლებზე დაისხდნენ სინილაუს, ჰინა კი მის გვერდით დაჯდა. მერე სინილაუმ ბრძანა დაენთოთ ღუმელი, ხოლო როგორც კი ის გახურდა, უბრძანა თავის ხალხს მოეგროვებინათ თავისი სხვა ცოლები და მათი შვილები, დაეკლათ და შეეწვათ ისინი. სინილაუ  კი  დარჩა დაქორწინებული ჰინაზე. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff