70.0

ავტორი: იოანე შენგელია

„პირველითგან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისსა არარა იქმნა, რაოდენი რაი იქმნა“ (იოანეს სახარება, 1.1-3.)

მოგეხსენებათ, ფსიქოლოგიურ დონეზე, ნებისმიერ რელიგიურ თუ მითოლოგიურ ფენომენს თავისი არქეტიპული დატვირთვა აქვს და სიმბოლურად გამოხატავს ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მსურს ვისაუბრო ე.წ. შემოქმედების არქეტიპზე. როგორც ეს გავრცელებულია რელიგიებში (ქრისტიანობაში ყოველ შემთხვევაში ასეა), ღმერთი არის შემოქმედი. მაშასადამე, ადამიანის ფსიქიკაში არსებული შემოქმედების პრინციპები სიმბოლურად აღბეჭდილი უნდა იყოს ღმერთის დახასიათებაში. მე არ ვიცნობ სხვა რელიგიებს, გარდა ქრისტიანულისა, ამიტომ, ვისაუბრებ ქრისტიანულ ღმერთზე - სამებაზე.

არის თუ არა სამების სიმბოლიკაში შემოქმედების პრინციპები? - დიახ არის. მეტსაც გეტყვით, სამება ხშირად ასოცირდება ხოლმე მზესთან (ვარსკვლავთან, ზოგადად). მზე, როგორც სინათლისა და სითბოს წყარო, წიაღი, არის თავად მამა ღმერთი (სამების პირველი პირი). მისგან გამოდის ორი ელემენტი - სინათლე (ძე ღმერთი, სამების მეორე პირი) და სითბო (სულიწმინდა, სამების მესამე პირი). მართლაც, ძე ღმერთი (ქრისტე) ასოცირდება სინათლესთან („მე ვარ ნათელი სოფლისა“, „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად“, და სხვანი). სულიწმინდა კი ასოცირდება სითბოსთან („და ეჩვენნეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი“).

რატომ არსებობს ასეთი ასოციაციები? - იმიტომ, რომ ძე ღმერთი არის მამა ღმერთის სიტყვა, ანუ ღვთაებრივი სიბრძნე. „სიტყვა“ - ამაში მრავალი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ. ადამიანთათვის ის არის ღვთაებრივი სიბრძნე, რომელიც ჩაწერილია სახარებასა და ახალ აღთქმაში. სიბრძნე ანათლებს ადამიანის ცნობიერს. განათლება ხომ ზოგადად სინათლესთან ასოცირდება. მეორეს მხრივ, სულიწმინდა არის ღვთაებრივი ენერგია (ენერგია კი სითბოა), რომლის ხარჯზეც მიმდინარეობს ღმერთმოქმედება. ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ სამების მეორე პირი სინათლესთან, ხოლო მესამე პირი სითბოსთან ასოცირდება.

ამრიგად, ანალოგია სამებასა და მზეს შორის, ვფიქრობ, გასაგებია. ახლა კი განვიხილოთ ე.წ. შემოქმედების პრინციპი და რა კავშირი აქვს მას სამების ფენომენთან. თუ დავაკვირდებით შემოქმედ ადამიანს, მასში დავინახავთ სამი პრინციპის განუწყვეტელ მუშაობას. ეს სამი პრინციპია - ნებელობა, იდეა, ენერგია. მართლაც, ნებისმიერი შემოქმედებითი აქტისთვის საჭიროა, პირველ ყოვლისა, ნებელობა (ანუ სურვილი იმისა, რომ შემოქმედება განახორციელო). შემდეგ საჭიროა იდეა (ანუ გონებაში იმის წარმოდგენა, თუ რას შექმნი). უკანასკნელად კი საჭიროა ამ იდეის განხორციელება, მისი მატერიალიზაცია, რასაც აუცილებლად ესაჭიროება ენერგია.

ნებელობის არქეტიპულ სიმბოლოს წარმოადგენს მამა ღმერთი, რომლის წიაღშიც მარადიულად იბადება ძე ღმერთი (იდეა ანუ სიტყვა, რომლის გარეშეც მამა ღმერთი ვერ შექმნიდა სამყაროს) და უკანასკნელად კი საჭიროა სულიწმინდა (ენერგია, რომელიც იდეას მატერიალურ ხორცს შეასხამს). ამრიგად, შემოქმედებითი აქტისთვის საჭიროა ნება (პირველი პირი), რომელიც ბადებს იდეებს (მეორე პირი) და შემდეგ ენერგია (მესამე პირი), რომელიც ხორცს ასხამს იდეებს. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ამ სამი პრინციპიდან დანარჩენებზე მნიშვნელოვანია. სამივე ეს პრინციპი თანასწორია. თუმცა, ძირითადი აქცენტი მაინც კეთდება იდეებზე (რელიგიაში - ძე ღმერთზე). რატომ? - იმიტომ, რომ ენერგიის გარეშე შემოქმედება მაინც არსებობს (იდეის დონეზე მაინც). მაგრამ, იდეის გარეშე შემოქმედება უბრალოდ არ არსებობს.

„პირველად იყო იდეა, იდეა იყო შემოქმედთან და თავად შემოქმედი იყო იდეა. ყოველივე იდეის მიერ შეიქმნა და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი რამ შექმნილა.“

გააზიარეთ თუ მოგწონთ