სუნთქვა - ხიდი სამყაროსკენ

Admin
იოგა და ტანტრა ოშო
4.5
1

ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკა გურული სუტრები: შივა პასუხ...

Breath

ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა"

მთარგმნელი: მამუკა გურული

სუტრები:

შივა პასუხობს:

1. ო, სხივმფენო, ეს განცდა შესაძლებელია დაიწყოს ორ სუნთქვას შორის. მას შემდეგ, რაც სუნთქვა შიგნით შევა, და ზუსტად მანამ, სანამ იგი გარეთ გამოვა - კურთხევაა.

2. როცა სუნთქვა შემობრუნდება ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვისკენ, და როცა იგი კვლავ შემობრუნდება ამოსუნთქვიდან ჩასუნთქვისკენ - ორივე ამ შემობრუნებისას გააცნობერე ისინი.

3. ან როცა არ უნდა მოხდეს ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის გადაკვეთა, სწორედ ამ მომენტში შეეხე ცენტრს, ცარიელს, მაგრამ ენერგიით სავსეს.

4. ან როდესაც ამოსუნთქვა სრულიად დასრულდა და შეჩერდა, ან ჩასუნთქვისას სრულიად დასრულდა და შეჩერდა - ამ უნივერსალური პაუზების დროს ადამიანის პატარა «მე» ქრება. ეს რთულია მხოლოდ უწმინდურთათვის.

ჭეშმარიტება ყოველთვის აქაა. მას უკვე აქვს ადგილი. იგი არ წარმოადგენს რამეს, რასაც მომავალში უნდა მივაღწიოთ. თქვენ ჭეშმარიტებას წარმოადგენთ სწორედ აქ და ახლა, ამიტომ იგი არაა რაღაც, რაც უნდა შექმნათ, ან რაც უნდა მოიგონოთ, ან რაც უნდა იპოვნოთ. გაიგეთ ეს ძალიან მკაფიოდ; მაშინ უფრო იოლი იქნება მოცემული ტექნიკების გაგება და შესრულება.

გონება მექანიზმია სურვილების გამომუშავებისთვის. გონებას ყოველთვის რაღაც სურს, ყოველთვის რაღაცას ეძებს, ყოველთვის რაღაცას კითხულობს. ობიექტი ყოველთვის მომავალშია, გონებას საერთოდ არ აინტერესებს აწმყო. უშუალოდ მოცემულ მომენტში გონებას არ შეუძია იმოძრაოს - მას ამისთვის ადგილი არ აქვს. გონებას მომავალი სჭირდება, რათა მოძრაობა განახორციელოს. მას შეუძლია იმოძრაოს ან წარსულში, ან მომავალში. მას არ შეუძია იმოძრაოს აწმყოში - ამისთვის ადგილი არაა. ჭესმარიტება აწმყოშია, გონება კი ყოველთვის განწყობილია მომავლისკენ ან წარსულისკენ, ამიტომ ჭეშმარიტება და გონება ვერასოდეს ხვდებიან ერთმანეთს.

როცა გონება მიწიერ ობიექტებს ეძებს, ეს არც ისე რთულია, პრობლემა არაა აბსურდული, იგი შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას. მაგრამ როდესაც გონება ჭეშმარიტების ძიებას იწყებს, თავად ეს ძალისხმევები ხდება უაზრო, რადგანაც ჭეშმარიტება განლაგებულია აქ და ახლა, გონება კი ყოველთვის იქ და მაშინ ეძებს. ისინი არ ხვდებიან. ამიტომ გაიგეთ პირველი აზრი: თქვენ არ შეგიძიათ ეძებოთ ჭესმარიტება. დაბრკოლებას თავად ძიების პროცესი წარმოადგენს.

იმ მომენტში, როდესაც ძიებას იწყებთ, აწმყოს სწყდებით, საკუთარ თავს სწყდებით, რამეთუ ყოველთვის აწმყოში ხართ. მაძიებელი ყოველთვის აწმყოშია, ძიება კი მომავალში ხორციელდება; თქვენ ვერ შეხვდებით იმას, რასაც ეძებთ. ლაო-ძი ამბობს: «არ ეძიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ. არ ეძიოთ და იპოვნით».

ყველა ეს შივას ტექნიკა უბრალოდ წარმოადგენს მეთოდს თქვენი გონების შემობრუნებისთვის წარსულიდან და მომავლიდან - აწმყოსკენ. ის, რასაც ეძებთ, უკვე აქაა, მას უკვე აქვს ადგილი. გონება უნდა შემობრუნდეს ძიებიდან არაძიებისკენ. ეს რთულია. თუ ამაზე ინტელექტუალურად ფიქრობთ, ეს ძალიან რთულია. როგორ შემოვაბრუნოთ გონება ძიებიდან არაძიებისკენ? მაგრამ მაშინ გონება თავად არაძიებას ხდის თავის ობიექტად! მაშინ გონება ამბობს: «არ ეძიო». მაშინ გონება ამბობს: «მე არ უნდა ვეძიო».მაშინ გონება ამბობს: «ახლა ჩემი მიზანი არაძიებაა. ახლა ჩემი მიზანი არ-სურვილის მდგომარეობაა». კვლავ იწყება ძიება, კვლავაც უკანა კარიდან სურვილი შემოვიდა. აი, რატომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიწიერ ობიექტებს ეძებენ, და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიწიერ ობიექტებს ეძებენ. ყველა ობიექტი მიწიერია, რამეთუ «ძიება» გარესამყაროში ხდება.

ამგვარად, შეუძლებელია ეძიოთ რაღაც არამიწიერი. იმ მომენტში, როდესაც ეძებთ, იგი მიწიერი ხდება. თუკი ღმერთს ეძებთ, ღმერთი მიწიერი სამყაროს ნაწილი ხდება. თუ მოქშას - განთავისუფლებას, ნირვანას ეძებთ, მაშინ თქვენი განთავისუფლება სამყაროს ნაწილი ხდება, იგი არ წარმოადგენს რაღაცას, რაც სამყაროს მიღმა გადის, რადგანაც ძიება სამყაროში ხდება, სურვილი სამყაროში ხდება. ამიტომ შეუძებელია გსურდეთ ნირვანა, შეუძლებელია გსურდეთ არ-სურვილი. თუკი ეცდებით, რომ ინტელექტუალურად გაიგოთ რაიმე, ეს ჩიხში მოგამწყვდევთ.

შივა ამაზე არაფერს ამბობს. იგი მაშინვე ტექნიკების მოცემას იწყებს. ისინი არ არიან ინტელექტუალურნი. იგი არ ეუბნება დევის: «ჭეშმარიტება აქაა. არ ეძიო იგი, ვერ იპოვი მას». იგი დაუყოვნებლივ იძლევა ტექნიკებს. ეს ტექნიკები არაინტელექტუალურია. შეასრულეთ ისინი, და გონება შემობრუნდება. შემობრუნება მხოლოდ შედეგია - და არა მიზანი. შემობრუნება უბრალოდ თანმდევი შედეგია.

თუკი ტექნიკას ასრულებთ, თქვენი გონება დაბრუნდება წარსულში ან მომავალში მოგზაურობიდან. უეცრად აწმყოში აღმოაჩენთ თავს. აი, რატომ მოგვცა ბუდამ ტექნიკები. ლაო-ძიმაც მოგვცა ტექნიკები, კრიშნამაც მოგვცა ტექნიკები. მაგრამ მათ ტექნიკები ინტელექტუალური გაგების მეშვეობით შემოჰქონდათ. მხოლოდ შივა იქცევა სხვაგვარად. იგი დაუყოვნებლივ იძლევა ტექნიკებს, და არანაირ ინტელექტუალურ განმარტებას, არანაირ ინტელექტუალურ შესავალს, რადგანაც იცის, რომ გონება ცბიერია, რომ ეს ძალზე მუხთალი რამაა. მას ნებისმიერი რამ შეუძლია პრობლემად აქციოს. არაძიება - პრობლემად იქცა.

ჩემთან მოდიან ადამიანები და მეკითხებიან - როგორ აარიდონ თავი სურვილებს. მათ სურთ - არ სურდეთ. ვიღაცამ უთხრა, ან სადღაც წაიკითხეს, ან მოისმინეს ლაყბობა სულიერ თემაზე, რომ თუკი სურვილი არ გაქვთ, ნეტარებას მიაღწევთ, თუ არ ისურვებთ, განთავისუფლდებით, თუ არ ისურვებთ, ტანჯვები აღარ გექნებათ. ახლა მათ გონებებს ვნებიანად სურთ იმ მდგომარეობის მიღწევა, სადაც არაა ტანჯვა, ამიტომ მეკითხებიან, როგორ განვთავისუფლდეთ სურვილებისგან. მათი გონება ატყუებს მათ. მათ კვლავაც სურთ, მაგრამ ამჯერად სურვილის ობიექტი შეიცვალა. მათ სურდათ ფული, სახელი, პრესტიჟი, ძალაუფლება. ახლა სურთ, რომ არაფერი არ სურდეთ. მხოლოდ ობიექტი შეიცვალა, თავად კი იგივენი დარჩნენ და მათი სურვილებიც იგივე დარჩა. მაგრამ ამჯერად სურვილი უფრო შენიღბულია.

სწორედ ამიტომ შივა დაუყოვნებლივ განაგრძობს რაიმე შესავლის გარეშე. იგი დაუყოვნებლივ იწყებს ტექნიკებზე საუბარს. თუ ამ ტექნიკებს გაყვებით, ისინი უეცრად შემოატრიალებენ თქვენს გონებას: იგი აწმყოში იქნება. და როცა გონება აწმყოშია, იგი ჩერდება, იგი უკვე აღარაა. თქვენ ვერ იქნებით გონება აწმყოში, ეს შეუძლებელია. სწორედ ახლა, თუკი აქ და ახლა იმყოფებით, როგორ შეგიძლიათ იყოთ გონება? აზრები წყდება, რადგანაც მათ არ შეუძლიათ მოძრაობა. აწმყოს ადგილი არ აქვს, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა მოძრაობა; თქვენ არ შეგიძლიათ ფიქრი. თუკი სწორედ ამ მომენტში იყოფებით, როგორ შეძლებთ მოძღაობას? გონება ჩერდება. თქვენ არა-გონების მდგომარეობას აღწევთ.

ამრიგად, რეალური პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: როგორ იყოთ აქ და ახლა. შეგიძლიათ ეცადოთ, მაგრამ ამაოდ - რადგანაც თუკი ირჩევთ რაიმეს აწმყოში წერტილის სახით, ეს წერტილი მომავალში გადაადგილდება. როცა კითხულობთ - როგორ იყოთ აწმყოში, თქვენ კვლავაც მომავლის შესახებ კითხულობთ. ეს მომენტი მოდის კითხვასთან ერთად: «როგორ ვიყოთ აწმყოში? როგორ ვიყოთ აქ და ახლა?» ეს აწმყო მომენტი მოდის კითხვასთან ერთად, თქვენი გონება კი იწყებს ქანაობას და მომავალის შესახებ ოცნებების წარმოშობას: ოდესღაც არა-გონების მდგომარეობას მიაღწევთ, სადაც არ იქნება მოძრაობა, არ იქნება არაფერი მოძრავი, არ იქნება ძიება, და მაშინ იქ იქნება ნეტარება - მაშ, როგორ უნდა აღმოჩნდეთ აწმყოში?

შივა არაფერს ამბობს ამაზე, იგი უბრალოდ ტექნიკებს იძლევა. თქვენ ასრულებთ მათ, და უცებ აღმოაჩენთ, რომ აქ და ახლა იმყოფებით. და თქვენი აქ და ახლა ყოფნა ჭეშმარიტებას წარმოადგენს, თავისუფლებას წარმოადგენს, ნირვანას წარმოადგენს.

პირველი ცხრა ტექნიკა სუნთქვას ეხება. ამიტომ მოდით, გავიგოთ რაღაც სუნთქვის შესახებ, შემდეგ კი ტექნიკებზე გადავიდეთ...

ჩვენ უწყვეტად ვსუნთქავთ დაბადების მომენტიდან სიკვდილის მომენტამდე. ამ ორ მომენტს შორის ყველაფერი იცვლება. არაფერი რჩება იგივედ, და მხოლოდ სუნთქვა რჩება უცვლელი დაბადებასა და სიკვდილს შორის.

ბავშვი გახდება ყმაწვილი; ყმაწვილი მოხუცდება. იგი იავადმყოფებს და მისი სხეული უსახური, ავადმყოფური გახდება. ყველაფერი შეიცვლება. იგი იქნება ბედნიერი, უბედური, იგი დაიტანჯება; ყველაფერი განაგრძობს შეცვლას; მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ამ ორ მომენტს შორის, ადამიანმა უნდა ისუნთქოს. არის იგი ბედნიერი თუ უბედური, ახალგაზრდა თუ მოხუცი, წარმატებული თუ წარუმატებელი - ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა - ერთი რამ განსაზღვრულია: დაბადებისა და სიკვდილის მომენტებს შორის მან უნდა ისუნთქოს.

სუნთქვა უწყვეტი პროცესია; დაუშვებელია ყოველგვარი შესვენება. ცოტა ხნით რომც დაგავიწყდეთ სუნთქვა, უკვე აღარ იქნებით. აი, რატომ არ ჭირდებით სუნთქვას, თქვენთან მხოლოდ პრობლემებია. ერთ მომენტშიც რომ დაგავიწყდეთ სუნთქვა, უკვე ვეღარაფერს მოგიხერხებენ. ამგვარად, სინამდვილეში თქვენ არ წარმოადგენთ სუნთქვას, რადგანაც თქვენ არ ხართ საჭირო. თქვენ ღრმად გძინავთ, სუნთქვა კი გრძელდება; თქვენ ცნობიერების გარეშე ხართ, სუნთქვა კი გრძელდება; თქვენ ღრმა კომაში ხართ, სუნთქვა კი გრძელდება. თქვენ არ ხართ საჭირო; სუნთქვა ეს ისეთი რამეა, რაც თქვენგან დამოუკიდებლად გრძელდება.

სუნთქვა თქვენი პიროვნების ერთ-ერთ მუდმივ ფაქტორს წარმოადგენს - ეს პირველი. ესაა ის, რაც წარმოადგენს რაღაც ძალზე არსებითს და ძირითადს სიცოცხლისთვის - ეს მეორე. სუნთქვის გარეშე ვერ იცოცხლებთ. ამიტომ სუნთქვა და სიცოცხლე სინონიმებად იქცნენ. სუნთქვა სიცოცხლის მექანიზმს წარმოადგენს. სიცოცხლე მჭიდროდაა დაკავშირებული სუნთქვასთან. აი, რატომ ვუწოდებთ მას ინდოეთში პრანას. ჩვენ ერთი სიტყვა მივანიჭეთ ორ ცნებას - პრანა ნიშნავს სასიცოცხლო ძალას. თქვენი სიცოცხლე წარმოადგენს თქვენს სუნთქვას.

მესამე: თქვენი სუნთქვა წარმოადგენს სივრცეს თქვენსა და თქვენს სხეულს შორის. სუნთქვა გამუდმებით გაკავშირებთ თქვენს სხეულთან, გაერთიანებთ, გაკავშირებთ ერთმანეთთან. სუნთქვა წარმოადგენს ხიდს არა მხოლოდ თქვენსა და თქვენს სხეულს შორის, არამედ თქვენსა და სამყაროს შორისაც. სხეულია სწორედ სამყარო, რომელიც თქვენში შემოვიდა, და რომელიც ყვეკლაზე ახლოსაა თქვენთან.

თქვენი სხეული წარმოადგენს სამყაროს ნაწილს. ყველაფერი სხეულში წარმოადგენს სამყაროს ნაწილებს - ყოველი ნაწილაკი, ყოველი უჯრედი. სხეული მაქსიმალური მსგავსებაა სამყაროსი. სუნთქვა ხიდია. თუ ხიდი დანგრეულია, თქვენ აღარ იმყოფებით სამყაროში. თქვენ სხვა განზომილებაში გადაადგილდებით; მაშინ თქვენი პოვნა შეუძლებელი გახდება დროსა და სივრცეში. ამგვარად, მესამე მდგომარეობს იმაში, რომ სუნთქვა წარმოადგენს ასევე ხიდს თქვენსა და სივრცე-დროს შორის.

ამიტომ სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია, და პირველი ცხრა ტექნიკა სუნთქვას უკავშირდება. თუკი რამეს მოუხერხებთ სუნთქვას, უეცრად აწმყოში აღმოჩნდებით. თუ რამეს მოუხერხებთ სუნთქვას, სიცოცხლის წყაროს მიაღწევთ. თუ რამეს მოუხერხებთ სუნთქვას, დროისა და სივრცის საზღვრებს მიღმა გახვალთ. თუ რამეს მოუხერხებთ სუნთქვას, ერთდროულად იქნებით სამყაროშიც და მის მიღმაც.

სუნთქვას ორი მახასიათებელი წერტილი აქვს. ერთში იგი სხეულსა და სამყაროს ეხება, ხოლო მეორეში თქვენ და მას, ვინც სამყაროს საზღვრებს მიღმა გადის. ჩვენ სუნთქვის მხოლოდ ერთ ნაწილს ვიცნობთ. ჩვენ ვიცნობთ სუნთქვის მოძრაობას სამყაროსკენ, სხეულისკენ. მაგრამ იგი ყოველთვის მოძრაობს სხეულიდან «არა-სხეულში», «არა-სხეულიდან» სხეულში. სხვა წერტილი ჩვენ არ ვიცით. თუ ვაცნობიერებთ ამ სხვა წერტილს, მაშინ ხიდის მეორე ნაწილი, მეორე პოლუსი, უეცრად გარდაიქმნება და ტრანსპლანტირდება სხვა განზომილებაში.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის, რასაც შივა აპირებს მოგვიყვეს, არ წარმოადგენს იოგას, იგი ტანტრას წარმოადგენს. იოგაც ასევე მუშაობს სუნთქვაზე, მაგრამ იოგას და ტანტრას მუშაობა პრინციპულად განსხვავდება. იოგა ცდილობს მოახდინოს სუნთქვის სისტემატიზაცია. თუ შეძლებთ თქვენი სუნთქვის სისტემატიზაციას, მაშინ თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. თუ გაიგებთ სუნთქვის საიდუმლოებებს, თქვენი ცხოვრება უფრო ხანგრძლივი გახდება; თქვენ უფრო ჯანმრთელი და დღეგრძელი გახდებით. უფრო ძლიერი იქნებით, ენერგიით სავსე, უფრო სიცოცხლისუნარიანი, ახალგაზრდა, საღი.

მაგრამ ტანტრას არ აქვს ამასთან კავშირი. ტანტრას საქმე აქვს არა სუნთქვის რომელიმე სისტემატიზაციასთან, არამედ სუნთქვის გამოყენებასთან ტექნიკის სახით შიგნით შემოსაბრუნებლად. აქ არაა საჭირო სუნთქვის კონკრეტული სტილის, კონკრეტული სისტემის და კონკრეტული რიტმის პრაქტიკა - არა! სუნთქვა ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიცაა. საჭიროა მხოლოდ გავაცნობიეროთ სუნთქვის დროს გარკვეული მომენტები.

სუნთქვაში არსებობს გარკვეული მომენტები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენ ვსუნთქავდით და განვაგრძობთ სუნთქვას - სუნთქვით დავიბადეთ და სუნთქვით მოვკვდებით, - მაგრამ გარკვეულ მომენტებს ვერ ვაცნობიერებთ. და ეს უცნაურია. ადამიანი იკვლევს სივრცის სიღრმეებს. ადამიანი ისწრაფვის მთავრისკენ, იგი აპირებს კოსმიური სივრცის დაპყრობას, და ამავდროულად ადამიანს არ გაუგია თავისი ცხოვრების უახლოესი ნაწილი. სუნთქვაში არის ზოგიერთი ადგილი, რომელიც არასოდეს გამოგვიკვლევია, და ეს ადგილები კარიბჭეებს წარმოადგენენ - უახლოეს კარიბჭეებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სხვა სამყაროში, სხვა ყოფიერებაში, სხვა ცნობიერებაში გადასვლა. მაგრამ ისინი ძალიან ნატიფნი, მოუხელთებელნი არიან.

მთვარეზე დაკვირვება არც ისე ძნელია. მთვარემდე მიღწევაც კი არაა ძნელი; ეს მხოლოდ დიდი მოგზაურობაა. თქვენ გჭირდებათ სპეციალური მოწყობილობები, ტექნოლოგიები, ინფორმაციის დაგროვება, და შეძლებთ მთვარემდე მიღწევას. სუნთქვა თქვენთან ყველაზე ახლოა, მაგრამ რაც უფრო ახლოსაა საგანი, მით უფრო ძნელია მისი შეცნობა. რაც უფრო ახლოსაა განლაგებული, მით უფრო ძნელია; რაც უფრო თვალნათლივია, მით უფრო ძნელია. იგი იმდენად ახლოსაა თქვენთან, რომ არანაირი შუალედი არაა თქვენსა და თქვენს სუნთქვას შორის. ან იქ იმდენად მცირე შუალედია, რომ ძალზე ყურადღებიანი დაკვირვება გჭირდებათ, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებთ გარკვეული მომენტების გაცნობიერებას.
ამრიგად, ახლა განვიხილავ თვითოეულ ტექნიკას.

1. დააკვირდი შუალედს ორ სუნთქვას შორის.

შივა პასუხობს:

ო, სხივმომფენო, ეს განცდა შესაძლებელია დაიწყოს ორ სუნთქვას შორის. მას შემდეგ, რაც სუნთქვა შიგნით შევა, და ზუსტად მანამ, სანამ იგი გარეთ გამოვა - კურთხევაა.

ეს ტექნიკაა: ო, სხივმომფენო, ეს განცდა შესაძლებელია დაიწყოს ორ სუნთქვას შორის.

მას შემდეგ, რაც სუნთქვა შევა, ანუ ქვემოთ ჩავა, და ზუსტად მანამდე, სანამ იგი უკან დაბრუნდება, ანუ ზემოთ წავა - კურთხევაა. გააცნობიერეთ მომენტი ამ ორ წერტილს შორის... და აღსრულდა. როცა ჩაისუნთქავთ, დააკვირდით. ერთი წამის, ან წამის მეათასედის განმავლობაში სუნთქვა არ არის - მანამ, სანამ ზემოთკენ შემობრუნდება, მანამ, სანამ გარეთკენ შემობრუნდება. სუნთქვა შიგნით შევიდა; შემდეგ დგება მომენტი, როდესაც სუნთქვა ჩერდება. შემდეგ სუნთქვა გარეთ გამოდის. როცა სუნთქვა გარეთ გამოვიდა, მაშინ კვლავაც, ერთი წამით ან წამის რაღაც ნაწილით სუნთქვა ჩერდება. შემდეგ კვლავ შესუნთქვა.

ჩასუნთქვის წინ და ამოსუნთქვის წინ არის მომენტი, როცა სუნთქვა არ არის. სწორედ ამ მომენტში შეიძება მოხდეს გასხივოსნება, რადგანაც, როდესაც არ სუნთქავთ, სამყაროში არ იმყოფებით. გაიგეთ ეს: როცა არ სუნთქავთ, მკვდარი ხართ; თქვენ ჯერ კიდევ არსებობთ, მაგრამ მკვდარი ხართ; მაგრამ ეს მომენტი ისეთი მოკლეა, რომ ვერ აკვირდებით მას.

ტანტრასთვის ყოველი დასრულებული სუნთქვა სიკვდილია, ხოლო ყოველი ახალი სუნთქვა განმეორებითი დაბადება. სუნთქვა, რომელიც შიგნით შედის, დაბადებას წარმოადგენს; სუნთქვა, რომელიც გარეთ გამოდის, სიკვდილს წარმოადგენს. ამოსუნთქვა - სიკვდილის სინონიმია; ჩასუნთქვა - სიცოცხლის სინონიმია. ამრიგად, ყოველ სუნთქვაზე კვდებით და კვლავ იბადებით. შუალედი ამ ორ მდგომარეობას შორის ძალზე მოკლეა, მაგრამ ყურადღება და ნატიფი, გულწრფელი დაკვირვება საშუალებას მოგცემთ, რომ იგრძნოთ ეს შუალედი. როგორც შივა ამბობს, თუკი შეძლებთ, რომ იგრძნოთ ეს შუალედი, კურთხევა დადგება. მაშინ მეტი აღარაფერია საჭირო. თქვენ კურთხეული ხართ, თქვენ გაღიარეს; ეს მოხდა.

თქვენ არ უნდა ავარჯიშოთ თქვენი სუნთქვა. დატოვეთ იგი ისეთად, როგორიცაა. რატომაა ეს ტექნიკა ასეთი მარტივი? იგი გამოიყურება მარტივად. ასეთი მარტივი ტექნიკა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება შევიცნოთ? ჭეშმარიტების შეცნობა ნიშნავს იმის გაგებას, რაც არც იბადება, არც კვდება, იმ მარადიული ელემენტის გაგებას, რომელიც ყოველთვის არსებობს. თქვენ შეგიძლიათ შეიცნოთ სუნთქვა, რომელიც გარეთკენ მიემართება, თქვენ შეგიძლიათ შეიცნოთ სუნთქვა, რომელიც შიგნითკენ მიემართება, მაგრამ შესაძლოა ვერასოდეს შეიცნოთ შუალედი მათ შორის.

სცადეთ. იქნებ დაიჭიროთ მომენტი, - თქვენ კი ეს შეგიძლიათ; იგი უკვე აქაა. არაფრის დამატებაა საჭირო თქვენზე ან თქვენს სტრუქტურაზე, იგი უკვე აქაა. გაცნობიერებულობის რაღაც წილის გარდა ყველაფერი უკვე აქაა. ამიტომ, როგორ გავაკეთოთ ეს? პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ სუნთქვა, რომელიც შიგნითკენ მიემართება. დააკვირდით მას. დაივიწყეთ ყველაფერი, მხოლოდ სუნთქვას დააკვირდით, რომელიც შიგნითკენ მიემართება - თავად მისი გავლის პროცესს.

როცა სუნთქვა თქვენს ნესტოებს შეეხება, შეიგრძენით იგი აქ. შემდეგ საშუალება მიეცით სუნთქვას, რომ შემოვიდეს. სრულიად გაცნობიერებულად იმოძრავეთ სუნთქვასთან ერთად. როცა მასთან ერთად ქვემოთ, ქვემოთ და ქვემოთ მოძრაობთ, არ დაკარგოთ იგი. ნუ გადაუსწრებთ და ნურც ჩამორჩებით. ზუსტად მასთან ერთად იარეთ. გახსოვდეთ ეს: არ გადაუსწროთ და არ ჩამორჩეთ, ჩრდილივით - მასთან ერთდროულად იყავით. სუნთქვა და გაცნობიერებულობა ერთი მთლიანი უნდა გახდეს. სუნთქვა შიგნით შედის - თქვენც შიგნით შედიხართ. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, რომ ორ სუნთქვას შორის მომენტი დაიჭიროთ. ეს არ იქნება ადვილი საქმე. იმოძრავეთ შიგნითკენ სუნთქვასთან ერთად, იმოძრავეთ გარეთკენ სუნთქვასთან ერთად: შიგნით-გარეთ, შიგნით-გარეთ.

ბუდა განსაკუთრებულად ცდილობდა ამ მეთოდის გამოყენებას, ამიტომ იგი ბუდისტების მეთოდად იქცა. ბუდისტურ ტერმინოლოგიაში იგი ცნობილია, როგორც ანაპანასატი-იოგა. და ბუდას გასხივოსნებაც სწორედ ამ ტექნიკაზე იყო დაფუძნებული - მხოლოდ მასზე.

ეს პირველი ტექნიკა ბუდისტურია. იგი ცნობილი გახდა მსოფლიოში, როგორც ბუდას ტექნიკა, რადგანაც ბუდამ გასხივოსნებას სწორედ ამ ტექნიკით მიაღწია.

ბუდა ამბობდა: „გააცნობიერეთ თქვენი სუნთქვა, როცა იგი შიგნით შედის და როცა იგი გარეთ გამოდის - შიგნით შემავალი და გარეთ გამომავალი.“ იგი არასოდეს მიუთითებდა შალედზე, რადგანაც ამაში არაა აუცილებლობა. ბუდა ფიქრობდა და გრძნობდა, რომ თუ ამ შუალედს დაუკავშირდებით, ამ კავშირმა შესაძლოა თქვენს გაცნობიერებულობას შეუშალოს ხელი. ამიტომ იგი უბრალოდ ამბობს: „გააცნობიერეთ. როცა სუნთქვა შიგნითკენ შედის, იმოძრავეთ მასთან ერთად, როცა სუნთქვა გარეთ გამოდის, იმოძრავეთ მასთან ერთად. უბრალოდ გააკეთეთ შემდეგი: მოძრაობა შიგნით, მოძრაობა გარეთ - სუნთქვასთან ერთად“. მას არასოდეს არაფერი უთქვამს ამ ტექნიკის ბოლო ნაწილზე.

ამის მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ბუდა ყველაზე ჩვეულებრივ ადამიანებს ესაუბრებოდა, და ამას შესაძოა ამ შუალედის მიღწევის სურვილი გამოეწვია. ინტერვალის მიღწევის ეს სურვილი ბარიერი გახდება გაცნობიერებულობის წინ, რადგანაც თუკი ინტერვალის მიღება გსურთ, მაშინ ცოტათი წინ იქნებით. სუნთქვა შემოვა, თქვენ კი ცოტათი წინ გაუსწრებთ, რადგანაც შუალედით ხართ დაინტერესებული, რომელიც ჯერ მხოლოდ მომავალშია. ბუდას არასოდეს მიუნიშნებია ამაზე, ამიტომაც ბუდას ტექნიკა ამ ტექნიკის მხოლოდ ნახევარია. მაგრამ მეორე ნახევარი ავტომატურად მოსდევს პირველს. თუ განაგრძობთ სუნთქვის გაგების პრაქტიკას, სუნთქვის გაცნობიერებას, მაშინ უეცრად, ერთხელ, ისე, რომ არც კი გეცოდინებათ, შუალედში აღმოჩნდებით. ეს მოხდება იმიტომ, რომ თქვენი გაცნობიერებულობის განატიფებასთან და გაღრმავებასთან ერთად, იმასთან ერთად, რაც თქვენი გაცნობიერებულობის კონტურები უფრო მკაფიო გახდება - მთელი სამყაროც უფრო მკაფიოდ იქცევა; თქვენი სამყარო მხოლოდ სუნთქვა ხდება, შიგნით შემავალი, ან გარეთ გამომავალი, აი მთელი არენა, თქვენი გაცნობიერებულობისთვის - და თქვენ იძულებული ხართ, რომ შეიგრძნოთ შუალედი, რომელშიც სუნთქვა არაა.

როცა ყოველწამიერად ადევნებთ თვალყურს თქვენს სუნთქვას, მაშინ სუნთქვა ქრება - როგორ შეიძლება ეს ვერ გააცნობიეროთ? უეცრად აცნობიერებთ, რომ სუნთქვა არაა, და დგება მომენტი, როდესაც თქვენ იგრძნობთ, რომ სუნთქვა არ შედის და არ გამოდის. სუნთქვა სრულიად შეწყდა. ამ შეჩერებაშია - კურთხევა.

მხოლოდ ეს ერთი ტექნიკა საკმარისია მილიონებისთვის. საუკუნეების განმავლობაში აზია იყენებს ამ ტექნიკას და მისით ცხოვრობს. ტიბეტი, ჩინეთი, იაპონია, ბირმა, ტაილანდი, შრი ლანკა - მთელი აზია ინდოეთის გამოკლებით ამ ტექნიკას იყენებდა. მხოლოდ ერთი ტექნიკა და ათასობით გასხივოსნებული - ამ ტექნიკის მეშვეობით. და ეს მხოლოდ პირველი ტექნიკაა.

მაგრამ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ტექნიკა დაკავშირებული აღმოჩნდა ბუდას სახელთან, ინდუსები ცდიულობდნენ თავიდან აერიდებინათ იგი. იმის გამო, რომ ეს ტექნიკა უფრო და უფრო ბუდისტური ხდებოდა, ინდუსებმა საერთოდ დაივიწყეს იგი.

2. დააკვირდი შემობრუნების წერტილს ორ სუნთქვას შორის.

მეორე ტექნიკაც, ისევე, როგორც ყველა ეს ცხრა ტექნიკა, სუნთქვას უკავშირდება.

როცა სუნთქვა შემობრუნდება ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვისკენ, და როცა იგი კვლავ შემობრუნდება ამოსუნთქვიდან ჩასუნთქვისკენ - ორივე ამ შემობრუნებისას გააცნობერე ისინი.

ეს იგივე ტექნიკაა, მაგრამ მცირე ცვლილებით. ახლა აქცენტი კეთდება არა შუალედზე, არამედ შემობრუნების მომენტზე. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ჩაკეტილ ხაზს წარმოადგენენ. გახსოვდეთ, ეს არაა ორი პარალელური ხაზი. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ მათზე, როგორც ორ პარალელურ ხაზზე - სუნთქვა, რომელიც შიგნით შედის, და სუნთქვა, რომელიც გარეთ გამოდის. ფიქრობთ, რომ ეს ორი პარალელური ხაზია? არა. შიგნით შემავალი სუნთქვა ჩაკეტილი ხაზის ნახევარს წარმოადგენს; გარეთ გამომავალი სუნთქვა - მის მეორე ნახევარს.

ამრიგად, გააცნობიერეთ შემდეგი: პირველ რიგში, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ჩაკეტილ ხაზს შეადგენენ. ეს არაა პარალელური ხაზები, რადგანაც პარალელური ხაზები არსად არ ხვდებიან. მეორეც, შიგნით შემავალი სუნთქვა და გარეთ გამომავალი სუნთქვა არ წარმოადგენენ ორ სუნთქვას, ეს ერთი სუნთქვაა. იგივე სუნთქვა, რაც შიგნით შედის, გარეთ გამოდის, ამიტომ შიგნით უნდა იყოს შემობრუნება. სადღაც სუნთქვა უნდა შემობრუნდეს. უნდა არსებობდეს წერტილი, სადაც შემავალი სუნთქვა გამომავალად იქცევა.

რატომ კეთდება ასეთი აქცენტი შემობრუნებაზე? იმიტომ, რომ შივა ამბობს: როცა სუნთქვა შემობრუნდება ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვისკენ, და როცა იგი კვლავ შემობრუნდება ამოსუნთქვიდან ჩასუნთქვისკენ - ორივე ამ შემობრუნებისას გააცნობერე ისინი.ძალიან მარტივად, მაგრამ იგი ამბობს: გააცნობიარეთ შემობრუნებები, და თქვენ გააცნობიერებთ საკუთარ თავს.

რატომ შემობრუნება? თუ მძღოლი ხართ, თქვენ იცით გადამცემი კოლოფის შესახებ. ყოველ ჯერზე, როცა სიჩქარეს გადართავთ, თქვენ უნდა გაიაროთ ნეიტრალური გადაცემის წერტილი, რომელიც სულაც არ წარმოადგენს გადამცემს. პირველიდან თქვენ გადადიხართ მეორეზე, მეორედან მესამეზე, მაგრამ ყოველთვის უნდა გაიაროთ ნეიტრალური წერტილი. ეს ნეიტრალური წერტილი შემობრუნების წერტილს წარმოადგენს. ამ წერტილში პირველი სიჩქარე მეორეში გადადის, ხოლო მეორე მესამეში. როცა თქვენი სუნთქვა შიგნით შედის და შემობრუნდება, იგი ნეიტრალურ გადამცემს გაივლის; სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს უკან შემობრუნებას. სუნთქვა ნეიტრალურ ტერიტორიას გადის.

ნეიტრალურ ტერიტორიაზე თქვენ არ წარმოადგენთ არც სხეულს და არც სამშვინველს, არც ფიზიკურ და არც მენტალურ სხეულს, რადგანაც ფიზიკური თქვენი ყოფიერების ერთი გადაცემაა, მენტალური კი მეორე. თქვენ განაგრძობთ მოძრაობას ერთიდან მეორემდე, მაგრამ უნდა გქონდეთ ნეიტრალური მდგომარეობა, სადაც არ წარმოადგენთ არც სხეულს და არც გონებას. ამ ნეიტრალურ მდგომარეობაში თქვენ უბრალოდ ხართ: თქვენ უბრალოდ არსი ხართ - სუფთა, უბრალო, სხეულის გარეშე, გონების გარეშე.

აი, რატომ კეთდება ასეთი აქცენტი შემობრუნებაზე. ადამიანი მანქანას წარმოადგენს - დიდ და ძალიან რთულ მანქანას. ჩვენს სხეულში მრავალი გადამრთველია, ასევე მრავალი გადამრთველია ჩვენს გონებაშიც. თქვენ ვერ აცნობიერებთ თქვენს დიდ მექანიზმს, მაგრამ დიდი მანქანა ხართ. და ეს კარგია, რომ ვერ აცნობიერებთ; წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჭკუიდან გადასულიყავით. სხეული ისეთი რთული მანქანაა, რომ მეცნიერები ამბობენ - ჩვენ რომ შეგვექმნა წარმოება იმ ფუნქციებით, რომლებიც ადამიანის სხეულის ფუნქციებს შეესაბამებიან, ამას მიწის ოთხი კვადრატული მილი დასჭირდებოდა და ხმაური ისეთი იქნებოდა, რომ ყველას შეაწუხებდა ასი კვადრატული მილის ტერიტორიაზე.

სხეული წარმოადგენს დიდ მექანიკურ მოწყობილობას - უდიდესს. თქვენში მილიონობით და მილიონობით უჯრედია, და ყოველი უჯრედი ცოცხალია. ამიტომ თქვენ დიდ ქალაქს წარმოადგენთ, შემდგარს მიახლოებით სამოცი ტრილიონი უჯრედისგან; თქვენში მიახლოებით სამოცი ტრილიონი მოქალაქეა, და მთელი ქალაქი ძალზე მშვიდად იქცევა. მექანიზმი გამუდმებით მუშაობს. იგი ძალზე რთულია. ეს ტექნიკები დაკავშირებულია თქვენი სხეულის და თქვენი გონების მრავალ მექანიზმთან. მაგრამ აქცენტი ყოველთვის გაკეთდება იმ წერტილებზე, სადაც თქვენ უცებ აღმოჩნდებით არა ამ მექანიზმის ნაწილი - დაიმახსოვრეთ ეს. უეცრად აღმოჩნდებით არა ამ მექანიზმის ნაწილად. ეს ის მომენტებია, როცა გადამრთველებს ცვლით.

ღამით მაგალითად, როცა იძინებთ, გადამრთველს ცვლით, რადგანაც დღის განმავლობაში სხვა მექანიზმი გჭირდებათ ფხიზელი გაცნობიერებულობის მდგომარეობისთვის - გონების ფუნქციის სხვა ნაწილში. შემდეგ იძინებთ, და ეს ნაწილი არაფუნქციური ხდება. ფუნქციონირებას იწყებს გონების სხვა ნაწილი და ჩნდება შუალედი, ინტერვალი, შემობრუნება. მოხდა გადამრთველის შეცვლა. დილით, როცა იღვიძებთ, გადამრთველი კვლავ იცვლება. თქვენ ჩუმად ზიხართ, ვიღაცამ რაღაც ხმამაღლა თქვა და გაბრაზდით - თქვენ სხვა სიჩქარეზე გადაერთეთ. აი, რატომ იცვლება ყველაფერი.

თუ ბრაზდებით, თქვენი სუნთქვა უეცრად იცვლება. იგი გაღიზიანებული, ქაოტური ხდება. მასში თრთოლვა შედის; თქვენ მოხრჩობის შეგრძნება გაქვთ. მთელ თქვენს სხეულს სურს, რომ რაიმე გააკეთოს, რაიმე დაამტვრიოს, მხოლოდ მაშინ თუ მოგეხსნებათ მოხრჩობის შეგრძნება. თქვენი სუნთქვა შეიცვლება; თქვენი სისხლი სხვა რიტმით იმოძრავებს, სხვანაირად. სხეულში უნდა გამომუშავდეს სხვა ქიმიური ელემენტები, მთელი ენდოკრინული სისტემა უნდა შეიცვალოს. როცა ბრაზდებით, სხვა ადამიანი ხდებით.

ავტომობილი გაჩერდა... თქვენ კვლავ ქოქავთ მას. არანაირ სიჩქარეში არ რთავთ, დაე ნეიტრალურში იყოს. იგი განაგრძობს მუშაობას, ვიბრირებას, მაგრამ ვერ იმოძრავებს - იგი გაცხელდება. აი, რატომაა, რომ როცა გაბრაზებული ხართ, ვერაფერს აკეთებთ, თქვენ ცხელი ხდებით. მექანიზმი მზადაა იმუშაოს და გააკეთოს რამე, თქვენ კი არაფერს აკეთებთ - იგი გაცხელებას დაიწყებს. თქვენ მექანიზმი ხართ, მაგრამ რა თქმა უნდა არა მხოლოდ მექანიზმი. თქვენში არის კიდევ რაღაც, მაგრამ ეს «რაღაც» ნაპოვნი უნდა იქნეს. როცა გადამრთველს რთავთ, შიგნით ყველაფერი იცვლება. როცა გადამრთველს რთავთ, ხდება შემობრუნება.

შივამ თქვა: როცა სუნთქვა შემობრუნდება ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვისკენ, და როცა იგი კვლავ შემობრუნდება ამოსუნთქვიდან ჩასუნთქვისკენ - ორივე ამ შემობრუნებისას გააცნობერე ისინი.

გააცნობიერეთ ეს შემობრუნება. მაგრამ ამ შემობრუნების ხანგრძლივობა ძალზე მცირეა; საჭიროა ძალზე ყურადღებიანი დაკვირვება. ჩვენ კი დაკარგული გვაქვს დაკვირვების უნარი; ჩვენ არ შეგვიძლია, რაიმეს დავაკვირდეთ. თუ მე გეტყვით თქვენ: «დააკვირდით ამ ყვავილს; დააკვირდით ყვავილს, რომელსაც გაძლევთ», მაშინ ვერ შეძლებთ მასზე დაკვირვებას. რაღაც პერიოდი თქვენ შეხედავთ მას, შემდეგ კი სხვა რამეზე დაიწყებთ ფიქრს. შესაძლოა ეს ყვავილსაც ეხებოდეს, მაგრამ ეს არ იქნება თავად ყვავილი. შესაძლოა იფიქროთ ყვავილზე, იმაზე, თუ როგორი მშვენიერია იგი - და მაშინ მოძრაობაში იმყოფებით. ამ დროს თქვენი დაკვირვების ველში უკვე აღარაა ყვავილი, ეს ველი შეიცვალა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ყვავილი წითელია, ან ცისფერია, ან თეთრია... მაშინ თქვენ მოძრაობაში იმყოფებით. დაკვირვება ნიშნავს, რომ თქვენ დარჩით არა სიტყვებთან, არა ვერბალიზაციასთან, არა რაიმე ფუსფუსთან შიგნით - არამედ უბრალოდ დარჩით. თუკი შეძლებთ, რომ ყვავილთან დარჩეთ ორი წუთის განმავლობაში, ბოლომდე, გონების რაიმე მოძრაობის გარეშე, მაშინ მოხდება კურთხევა. თქვენ გააცნობიერებთ.

მაგრამ ჩვენ საერთოდ არ ვართ დამკვირვებლები. ჩვენ ვჩნდებით გამაცნობიერებლებად, მაგრამ არ ვართ ფხიზლები; ვერაფერზე ვერ ვახერხებთ ყურადღების კონცენტრაციას. უბრალოდ განვაგრძობთ ხტომას. ეს ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია, ჩვენი მაიმუნური მემკვიდრეობის ნაწილი. ჩვენი გონება - ეს უბრალოდ გაზრდილი მაიმუნური გონებაა, ასე რომ ეს მაიმუნის მოძრაობაა. იგი ადგილიდან ადგილზე ხტომას განაგრძობს. მაიმუნს არ შეუძლია ერთ ადგილზე ჯდომა. აი, რატომ მოითხოვს ბუდა ასე დაჟინებით, რომ ყოველგვარი მოძრაობის გარეშე ვიჯდეთ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მაიმუნურ გონებას აღარ ეძლევა მოძრაობების საშუალება.

იაპონიაში არსებობს მედიტაციის გარკვეული ტიპი, რომელსაც ისინი ძაძენს უწოდებენ. სიტყვა «ძაძენი» იაპონიაში უბრალოდ ჯდომას, არკეთებას ნიშნავს. დაუშვებელია ყოველგვარი მოძრაობა. თქვენ უბრალოდ ზიხართ, როგორც ქანდაკება - მკვდარი, ყოველგვარი მოძრაობის გარეშე. მაგრამ არანაირი საჭიროება არაა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ასე იჯდეთ. თუკი შეძლებთ, რომ თქვენი სუნთქვის შემობრუნებას დააკვირდეთ გონების რაიმე მოძრაობის გარეშე, თქვენ შეხვალთ. თქვენ შეხვალთ საკუთარ თავში ან თქვენი შინაგანი სამყაროს მიღმა.

რატომაა ასე მნიშვნელოვანი ეს შემობრუნებები? ისინი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შემობრუნების დროს სუნთქვა გტოვებთ, რომ სხვა მიმართულებით დაიძრას. ის თქვენთან იყო, როცა შიგნით შედიოდა; ის კვლავ თქვენთან იქნება, როცა გარეთ გამოვა. მაგრამ შემობრუნების წერტილში ის არაა თქვენთან და არც თქვენ ხართ მასთან. ამ მომენტში სუნთქვა განსხვავებულია თქვენგან და თქვენ განსხვავებული ხართ სუნთქვისგან; თუ სუნთქვა სიცოცხლეა, თქვენ მკვდარი ხართ; თუ სუნთქვა თქვენი სხეულია, თქვენ არა-სხეული ხართ; თუ სუნთქვა თქვენი გონებაა, თქვენ არა-გონება ხართ... ამ მომენტში.

საინტერესოა, აკვირდებოდით თუ არა ამას: თუ სუნთქვას აჩერებთ, გონება უეცრად ჩერდება. თუ ზუსტად ახლა გააჩერებთ სუნთქვას, თქვენი გონება უეცრად გაჩერდება; იგი ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. სუნთქვის უეცარი შეწყვეტა და გონებაც წყვეტს მუშაობას. რატომ? იმიტომ,რ ომ ისინი განცალკევდნენ. მხოლოდ მოძრავი სუნთქვაა დაკავშირებული გონებასთან, სხეულთან; არამოძრავი გონება გამორთულია. მაშინ თქვენ ნეიტრალურ გადაცემაში იმყოფებით. ავტომობილი მოძრაობს, ენერგია იხარჯება, ავტომობილი ხმაურობს - იგი მზადაა დაიძრას, მაგრამ გადამრთველი არაა ჩართული, ამიტომ ავტომობილის სხეული და მისი მექანიზმი ერთმანეთთან არაა შეერთებული. ავტომობილი ორ ნაწილადაა გაყოფილი. იგი მზადაა იმოძრაოს, მაგრამ მოძრავი მექანიზმი არაა მასთან დაკავშირებული. იგივე ხდება, როდესაც სუნთქვა შემობრუნებას აკეთებს. თქვენ არ ხართ მასთან შეერთებული. ამ მომენტში იოლად შეგიძლიათ გააცნობიეროთ, ვინ ხართ. რა არის ყოფიერება? რას ნიშნავს ყოფნა? ვინ იმყოფება ამ სხეულის შენობის შიგნით? ვინაა თქვენი ოსტატი? მხოლოდ მე წარმოვადგენ ამ მექანიზმს, თუ მასში ვიღაც სხვა აღწევს? შემობრუნების მომენტში, ამბობს შივა, გააცნობიერე ეს. იგი ამბობს, რომ საჭიროა მხოლოდ გააცნობიეროთ შემობრუნება, და თქვენს არსს გააცნობიერებთ...

3. დააკვირდი ორი სუნთქვის შერწყმის წერტილს.

მესამე სუნთქვის ტექნიკა: «ან როცა არ უნდა მოხდეს ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის გადაკვეთა, სწორედ ამ მომენტში შეეხე ცენტრს, ცარიელს, მაგრამ ენერგიით სავსეს».

ჩვენ დაყოფილნი ვართ ცენტრად და პერიფერიად. სხეული პერიფერიას წარმოადგენს; ჩვენ ვიცით სხეული, ჩვენ ვიცით პერიფერია. ჩვენ ვიცით შემოგარენი, მაგრამ არ ვიცით, სად იმყოფება ცენტრი. როცა ამოსუნთქვა ჩასუნთქვას ერწყმის, როცა ისინი ერთი მთლიანობა ხდებიან, როცა არ შეგვიძლია ვთქვათ, ჩასუნთქვაა ეს თუ ამოსუნთქვა... როცა ძნელია დაყოფა და განსაზღვრა, შიგნით შედის სუნთქვა თუ გარეთ გამოდის, როცა სინთქვა უკვე შევიდა და გამოსვლას იწყებს, სწორედ მაშინ ხდება შერწყმა. ეს არც გარეთკენ მოძრაობაა და არც შიგნით. სუნთქვა სტატიური ხდება. როცა იგი გარეთკენ მიდის, იგი დინამიურია; როცა იგი შიგნითკენ მიდის, იგი დინამიურია. როცა იგი არც ერთია და არც მეორე, როცა იგი ჩუმადაა, არ მოძრაობს, მაშჳნ თქვენ ცენტრთან ახლოს ხართ. შემავალი და გამომავალი სუნთქვის შერწყმის წერტილი თქვენს ცენტრს წარმოადგენს.

შეხედეთ ამას ამგვარად: როცა სუნთქვა შიგნით შედის, სად მიდის იგი? იგი თქვენს ცენტრში მიდის, იგი თქვენს ცენტრს ეხება. როცა იგი გარეთ გამოდის, საიდან გამოდის? იგი თქვენი ცენტრიდან მოძრაობს. თქვენს ცენტრს უნდა შეეხოთ. აი, რატომ ამბობენ დაოს მისტიკა და ძენის მისტიკა, რომ თავი არ წარმოადგენს ცენტრს, ჭიპი წარმოადგენს თქვენს ცენტრს. სუნთქვა ჭიპთან მიდის, შემდეგ კი მისგან გამოდის. იგი ცენტრამდე მიდის.

როგორც უკვე ავღნიშნე, სუნთქვა ხიდს წარმოადგენს თქვენსა და თქვენს სხეულს შორის. თქვენ იცით სხეული, მაგრამ არ იცით, სადაა განლაგებული თქვენი ცენტრი. სუნთქვა გამუდმებით მიდის ცენტრამდე და მისგან, მაგრამ ჩვენ არასათანადოდ ვადევნებთ თვალყურს ჩვენს სუნთქვას. ამგვარად, ჩვეულებრივ იგი არ მიდის ცენტრამდე - ახლა, ყოველ შემთხვევაში, არ მიდის ცენტრამდე. აი, რატომ გრძნობს ყველა თავს «ცენტრის გარეთ». მთელ თანამედროვე სამყაროში ყველა, ვისაც საერთოდ შეუძლია ფიქრი, გრძნობს, რომ დაკარგა თავისი ცენტრი.

დააკვირდით მძინარე ბავშვს, დააკვირდით მის სუნთქვას. სუნთქვა შიგნით შედის - მუცელი ზემოთ იწევა. გულმკერდი არ მოძრაობს. აი, რატომ არ აქვს ბავშს გულმკერდი, არამედ მხოლოდ მუცელი, ძალზე დინამიური მუცელი. სუნთქვა შიგნით შედის და მუცელი ზემოთ იწევა, სუნთქვა გარეთ გამოდის და მუცელი ეშვება. მუცელი მოძრაობს. ბავშვები თავის ცენტრში იმყოფებიან, თავის ცენტრთან ახლოს. აი, რატომ არიან ასეთი ბედნიერები, ასეთი ნეტარები, ენერგიით აღსავსენი, არასოდეს იღლებიან - მათში ყველაფერი ჭარბადაა და ყოველთვის იმყოფებიან მდგომარეობაში რაიმე წარსულის ან მომავლის გარეშე.

ბავშვს შეუძია გაბრაზდეს. როცა ის ბრაზდება, იგი ტოტალურად გაბრაზებულია; იგი რისხვად იქცევა. მაშინ მისი რისხვაც მშვენიერია. როცა ვიღაც ტოტალურად გაბრაზებულია, თავისთავად რისხვა ლამაზი ხდება, რადგანაც ტოტალურობა ყოველთვის ლამაზია.

თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ გაბრაზებული და ლამაზი, თქვენ უსახური გახდებით, რადგანაც ნაწილობრიობა ყოველთვის უსახურია. და ეს ეხება არა მხოლოდ რისხვას. როცა თქვენ გიყვართ, უსახური ხართ, რადგანაც აქაც ნაწილობრივი, ფრაგმენტარული ხართ; ტოტალური არ ხართ. დააკვირდით თქვენს სახეს, როცა ვინმე გიყვართ, როცა «სიყვარულით ხართ დაკავებული». დაკავდით სიყვარულით სარკის წინ და დააკვირდით თქვენს სახეს, იგი უსახური იქნება, მხეცისმაგვარი. ჩვენი სახე სიყვარულშიც უსახურია. რატომ? სიყვარული ასევე კონფლიქტს წარმოადგენს. თქვენ რაღაცას მალავთ, ძალზე ცოტას გასცემთ. სიყვარულშიც კი არ ხართ ტოტალური; არ იძლევით საკუთარ თავს ბოლომდე, მთლიანად.

ბავშვი რისხვის და აღშფოთების დროსაც კი ტოტალურია. მისი სახე ანათებს და მშვენიერია. იგი აქ და ახლა იმყოფება. მისი რისხვა არ უკავშირდება არც წარსულს და არც მომავალს, იგი არ ანგარიშობს, უბრალოდ ბრაზდება. ბავშვი თავის ცენტრში იმყოფება. როცა თქვენს ცენტრში ხართ, ყოველთვის ტოტალური ხართ. რაც არ უნდა აკეთოთ, თქვენი მოქმედებები ყოველთვის ტოტალური იქნება; კარგი თუ ცუდი, მაგრამ ტოტალური. როცა ფრაგმენტარული ხართ, როცა თქვენი ცენტრი გადანაცვლებულია, მაშინ ყოველი თქვენი მოქმედება თავისი თავის ფრაგმენტი უნდა იყოს. თქვენი ტოტალურობა არ ვლინდება, მხოლოდ ნაწილი, და ნაწილი მთელის წინააღმდეგ მიდის - ეს უსახურობას ჰბადებს.

ჩვენ ყველანი ბავშები ვიყავით. რატომ მოხდა ასე, რომ როდესაც გავიზარდეთ, ჩვენი სუნთქვა ზედაპირული გახდა? იგი არასოდეს შედის მუცელში; იგი არ ეხება ჭიპს. მას რომ შეეძლოს უფრო და უფრო ღრმად, შიგნით შესვლა, იგი უფრო და უფრო ნაკლებად ზედაპირული გახდებოდა, მაგრამ იგი მხოლოდ ეხელა გულმკერდს და გამოდის. იგი არასოდეს შედის ცენტრში. თქვენ გეშინიათ საკუთარი ცენტრის, რადგაანც თუკი ცენტრამდე მიხვალთ, ტოტალური გახდებით. თუ გსურთ, რომ ფრაგმენტარული იყოთ, ეს მექანიზმია ამის მისაღწევად.

თქვენ გიყვართ - და თუ თქვენი სუნთქვა ცენტრიდან გამოვა, ტოტალურად გეყვარებათ. თქვენ გეშინიათ. გეშინიათ, რომ მეტისმეტად მოწყვლადი იყოთ, მეტისმეტად გახსნილი ვინმესთვის. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი უწოდოთ, მაგრამ გეშინიათ. აქ სხვაა. თუ ტოტალურად მოწყვლადი, ტოტალურად გახსნილი ხართ, არ იცით, რა შეიძლება მოხდეს. მაშინ ერთი მთლიანი ხდებით სხვა თვალსაზრისით. გეშინიათ, რომ ასე მთლიანად მიეცეთ სხვას. არ შეგიძლიათ სუნთქვა; არ შეგიძლიათ ღრმად სუნთქვა. არ შეგიძლიათ ისე მოადუნოთ სუნთქვა, რომ იგი ცენტრამდე მივიდეს - რადგან იმ მომენტში, როცა თქვენი სუნთქვა ცენტრთან მივა, თქვენი მოქმედებები ტოტალური გახდება.

თქვენ ზედაპირულად სუნთქავთ, რადგანაც გეშინიათ ტოტალურობის. თქვენ მინიმალურად სუნთქავთ, და არა მაქსმალურად. აი, რატომ გეჩვენებათ ცხოვრება ასე უსიცოცხლოდ. თუ მინიმალურად სუნთქავთ, ცხოვრება უსიცოცხლო ხდება; თქვენ მინიმუმზე ცხოვრობთ, და არა მაქსიმუმზე. თქვენ შეგიძიათ მაქსიმუმზე იცხოვროთ, მაშინ ცხოვრება გადავსებული გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში სირთულეები გაჩნდება. თუ ცხოვრება გადავსებული გახდება, თქვენ ვეღარ შეძლებთ, რომ იყოთ ქმარი, ან ცოლი. ყველაფერი რთული გახდება.

თუ ცხოვრება სავსეა, სიყვარულიც სავსე იქნება. მაშინ ვეღარ შეძლებთ, რომ მიეწებოთ ვინმეს. მაშინ ყველაფერს აღავსებთ და ყველა განზომილება თქვენით იქნება სავსე. და მაშინ გონება საფრთხეს იგრძნობს, მას მოეჩვენება, რომ ჯობია არ იყოს ცოცხალი. რაც უფრო მკვდარი ხართ, მით უფრო უსაფრთხოდ ხართ. რაც უფრო მკვდარი ხართ, მით უფრო მეტად აკონტროლებთ ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, ეს ნიშნავს, რომ ბატონად რჩებით. თავს ბატონადგრძნობთ, რადგანაც ყველაფრის კონტროლი შეგიძლიათ. შეგიძიათ აკონტროლოთ საკუთარი რისხვა, შეგიძლიათ აკონტროლოთ საკუთარი სიყვარული, თქვენ ყველაფრის კონტროლი შეგიძიათ. მაგრამ ეს კონტროლი შესაძლებელია თქვენი ენერგიის მხოოდ მინიმალურ დონეზე.

ოდესმე ყველამ უნდა იგრძნოს, რომ არსებობს მომენტები, როდესაც იგი მინიმალურიდან მაქსიმალურ დონეზე გადადის. თქვენ მთაში მიდიხართ. უცებ წყდებით ქალაქს და მის ციხეს. თავს თავისუფლად გრძნობთ. ცა უზარმაზარია, ტყე მწვანეა და მთის მწვერვალები ღრუბლებს ეხებიან. უცებ ღრმად სუნთქვას იწყებთ. შეუძლებელია ეს არ შეამჩნიოთ.

თუ მთაში წახვალთ, დააკვირდით. სინამდვილეში მთა არ ანხორციელებს ამ ცვლილებას. ეს თქვენი სუნთქვაა. ღრმად იწყებთ სუნთქვას. ამბობთ: «აჰ! აჰ!» ცენტრს ეხებით, წამით ტოტალური ხდებით, ნეტარებას შეიგრძნობთ. ეს ნეტარება მთისგან არ მოდის, იგი თქვენი ცენტრისგან მოდის - თქვენ უეცრად შეეხეთ მას.

ქალაქში თქვენ გეშინოდათ. გარშემო სხვები იყვნენ და თავს აკონტროლებდით. არ შეგეძლოთ გეყვირათ, არ შეგეძლოთ გეცინათ. რა უბედურებაა! არ შეგეძლოთ ქუჩებშჳ გემღერათ, არ შეგეძლოთ გეცეკვათ. გეშინოდათ - სადღაც კუთხეში ან პოლიციელი იდგა, ან მღვდელი, ან მოსამართლე, ან პოლიტიკოსი, ან მორალისტი. ვიღაც აუცილებლად იდგა კუთხეში, ამიტომაც არ შეგეძლოთ ასე უბრალოდ გეცეკვათ ქუჩაში.

ბერტრან რასელმა სადღაც თქვა: «მე მიყვარს ცივილიზაცია, მაგრამ ჩვენ ცივილიზებულნი მეტისმეტად დიდ ფასად გავხდით». თქვენ არ შეგიძლიათ იცეკვოთ ქუჩაში, მაგრამ მიდიხართ მთაში და უცებ შეგიძიათ იცეკვოთ. ერთი ხართ ცის წინაშე, და ცა არ გაკავებთ, იგი გახსნილია - ფართო და უსაზღვრო. უცებ ღრმა ჩასუნთქვას აკეთებთ, იგი თქვენს ცენტრს ეხება და დგება ნეტარება. მაგრამ ეს დიდი ხნით არაა. ერთი ან ორი საათის შემდეგ მთა გაქრება. თქვენ შესაძლოა კვლავაც იქ იყოთ, მაგრამ მთა გაქრება.

თქვენი მღელვარებები დაბრუნდებიან. იფიქრებთ იმაზე, რომ დარეკოთ ქალაქში, ცოლს წერილი მიწეროთ, ან იმაზე დაიწყებთ ფიქრს, რომ სამ დღეში უნდა დაბრუნდეთ, ამიტომ უნდა მოემზადოთ. ახლახანს ჩამოხვედით და უკვე წასვლას აპირებთ. თქვენ ბრუნდებით.

ასეთი სუნთქვა სინამდვილეში თქვენგან არ მოდის; იგი უეცრად ხდება. სიტუაციის შეცვლის გამო გადამრთველების შეცვლა ხდება. ახალ სიტუაციაში არ შეგეძლოთ ძველებური მეთოდით სუნთქვა, ამიტომ რაღაც დროით ახალი სუნთქვა მოვიდა. იგი ცენტრს შეეხო და თქვენ ნეტარება იგრძენით.

შივა ამბობს, რომ თქვენ ყოველ მომენტში ეხებით ცენტრს, ან თუ არ ეხებით, შეგიძლიათ შეეხოთ. დაიწყეთ ღრმად და ნელა სუნთქვა. შეეხეთ ცენტრს; არ ისუნთქოთ გულმკერდიდან. ეს ტყუილია. ცივილიზაცია, განათლება, მორალი - ყველანი ესენი ზედაპირულ სუნთქვას ჰბადებენ. კარგი იქნება, თუ ღრმად შეხვალთ ცენტრში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განახორციელებთ ღრმა სუნთქვას.

სანამ კაცობრიობა არ შეწყვეტს სექსის დათრგუნვას, ადამიანი ვერ შეძებს სწორად სუნთქვას. თუ სუნთქვა ღრმად მუცელში ჩადის, იგი სექსუალურ ცენტრს აძლევს ენერგიას. იგი სექსუალურ ცენტრს ეხება; იგი შიგნიდან ასტიმულირებს სექსუალურ ცენტრს, და ეს ცენტრი უფრო აქტიური, უფრო ცოცხალი ხდება. ცივილიზაციას ეშინია სექსის. ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას ჩვენს ბავშებს, რომ თავიანთ სექსუალურ ცენტრებს შეეხონ, თავიანთ სქესობრივ ორგანოებს. ჩვენ ვეუბნებით: «შეწყვიტეთ! არ შეეხოთ!»

შეხედეთ ბავშვს, როდესაც იგი პირველად ეხება თავის სექსუალურ ცენტრს, შემდეგ უთხარით «შეწყვიტე!», შემდეგ კი დააკვირდით მის სუნთქვას. როცა ამბობთ: «შეწყვიტე! არ შეეხო სექსუალურ ცენტრს!», სუნთქვა დაუყოვნებლივ ზედაპირული ხდება - რადგანაც არა მხოლოდ მისი ხელები ეხებიან სექსუალურ ცენტრს, არამედ სიღრმეში სუნთქვაც ასევე ეხება მას. და თუ სუნთქვა კვლავაც განაგრძობს მასთან შეხებას, ძნელია ხელების მოშორება მისგან. თუ ხელებმა შეწყვიტეს ეს, აუცილებელი გახდება, რომ სუნთქვაც აღარ შეეხოს, რათა სიღრმეშჳ არ შევიდეს. იგი ზედაპირული უნდა გახდეს.

ჩვენ გვეშინია სექსის. სხეულის ქვედა ნაწილი არა მხოლოდ ფიზიკურადაა ქვედა, არამედ ღირებულების თვალსაზრისითაც ქვედა ხდება. მას განაჩენი გამოუტანეს, რომ «ქვედა» იყოს. ამიტომ თქვენ არ უნდა წახვიდეთ ღრმად და ზედაპირულიუნდა დარჩეთ. ჩვენი უბედურება იმაშია, რომ მხოლოდ ქვემოთ შეგვიძლია ჩასუნთქვა. ზოგიერთ მქადაგებელს უფლება რომ მისცენ, ისინი სუნთქვის მთელ მექანიზმს შეცვლიდნენ. ისინი საშჲალებას მისცემდნენ სუნთქვას, რომ მხოლოდ ზემოთ, თავში წასულიყო. მაშინ აბსოლუტურად ვერ შეიგრძნობდით სექსს.

თუ გვინდა, რომ სექსის გარეშე არსებული კაცობრიობა შევქმნათ, სუნთქვის სისტემა უნდა შევცვალოთ. სუნთქვა თავში უნდა მიდიოდეს, საჰასრარაში - მეშვიდე ცენტრში, - შემდეგ კი პირში უნდა ბრუნდებოდეს. არხი უნდა იყოს - პირიდან საჰასრარამდე. მას არ უნდა მიჰყავდეს ღრმად ქვემოთ, რადგანაც ქვემოთ სახიფათოა. რაც უფრო ღრმად მიდიხართ, მით უფრო მეტად აღწევთ ბიოლოგიის ღრმა ფენებში. თქვენ მიაღწევთ ცენტრს, და ეს ცენტრი ზუსტად სექსუალურ ცენტრთან ახლოსაა განლაგებული - ზუსტად მის გვერდზე. ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც სექსი სიცოცხლეა.

შეხედეთ ამას ამგვარად: სუნთქვა არის სიცოცხლე ზემოდან ქვემოთ; სექსი წარმოადგენს სიცოცხლეს სრულიად სხვა ბოლოდან - ქვემოდან ზემოთ. სექსის ენერგია მიედინება და სუნთქვის ენერგიაც მიედინება. გასასვლელი სუნთქვისთვის სხეულის ზედა ნაწილშია, ხოლო სექსისთვის - ქვედაში. როცა ისინი ხვდებიან, სიცოცხლეს ქმნიან; როცა ისინი ხვდებიან, ბიოლოგიას, ბიოენერგიას ქმნიან. ამიტომ, თუ სექსის გეშინიათ, მაშინ დაბრკოლება უნდა შეუქმნათ მათ, შეხვედრის საშუალება არ უნდა მისცეთ მათ. ცივილიზებული ადამიანი სინამდვილეში კასტრირებული ადამიანია; აი, რატომ არ ვიცით სუნთქვის შესახებ, აი, რატომ იქნება ეს სუტრა ძნელად გასაგები.

შივა ამბობს: როცა არ უნდა მოხდეს ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის გადაკვეთა, სწორედ ამ მომენტში შეეხე ცენტრს, ცარიელს, მაგრამ ენერგიით სავსეს. იგი ძალზე წინააღმდეგობრივ ტერმინებს იყენებს:«ცარიელი, მაგრამ ენერგიით სავსე».ცენტრი ცარიელია, რადგანაც თქვენი სხეულები, თქვენი გონებები ვერ მისცემენ მას ვერანაირ ენერგიას. თქვენი სხეულის ენერგია იქ არაა, თქვენი გონების ენერგია იქ არაა, და იმ დონეზე, რა დონეზეც თქვენ იცნობთ თქვენს არსს, იგი ცარიელი, შეუვსებელი უნდა იყოს. მაგრამ იგი მაინც სავსეა ენერგიით, რადგანაც მას გააჩნია სხვა, ენერგიის კოსმიური წყაროები, და არა მხოლოდ თქვენი სხეულის ენერგია.

თქვენი სხეულის ენერგია მხოლოდ საწვავის ენერგიას წარმოადგენს. ეს რაღაც ბენზინისმაგვარია. რაღაცას ჭამთ, რაღაცას სვამთ - და ეს ენერგიას ქმნის. ეს მხოლოდ საწვავს იძლევა სხეულისთვის. შეწყვიტეთ წამა და სმა, და თქვენი სხეული მოკვდება. არა მასინვე, როგორც მინიმუმ სამი თვის შემდეგ, რადგანაც თქვენ საწვავის მარაგი გაქვთ, თქვენ ბევრი ენერგია დააგროვეთ; იგი იმუშავებს, როგორც მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ბენზინგასამართ სადგურთან მისვლის გარეშე. სხეული იმუშავებს, მას გააჩნია რეზერვები. უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, ისინი შეიძლება გამოგადგეთ.

ეს «საწვავის» ენერგიაა. ცენტრი არანაირი საწვავის ენერგიას არ იღებს. აი, რატომ ამბობს შივა, რომ მასში არაა ენერგია, რომ იგი ცარიელია. იგი არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რას ჭამთ ან რას სვამთ. იგი კოსმიურ წყაროს უკავშირდება; იგი კოსმიურ ენერგიას შეიცავს. აი, რატომ ამბობს შივა, რომ ცენტრი ცარიელია, მაგრამ ენერგიით სავსე. იმ მომენტში, როდესაც შეძლებთ ცენტრის შეგრძნებას, საიდანაც გამოდის სუნთქვა და რომელშიც იგი შედის, ზუსტად იმ წერტილს, სადაც ორივე სუნთქვა ერწყმის ერთმანეთს - ეს ცენტრია, და თუკი გააცნობიერებთ მას, გასხივოსნდებით.

4. გააცნობიერე სუნთქვის გაჩერების მომენტი.

მეოთხე სუნთქვის ტექნიკა: ან როდესაც ამოსუნთქვა სრულიად დასრულდა და შეჩერდა, ან ჩასუნთქვისას სრულიად დასრულდა და შეჩერდა - ამ უნივერსალური პაუზების დროს ადამიანის პატარა «მე» ქრება. ეს რთულია მხოლოდ უწმინდურთათვის.

მაგრამ მაშინ ეს ყველასთვის რთულია, რადგან მან თქვა: ეს რთულია მხოლოდ უწმინდურთათვის (для нечистых).

მაგრამ ვინ არის ახლა სუფთა? ეს ტექნიკა რთულია თქვენთვის; ვერ შეძლებთ მის პრაქტიკას. ავტომობილით მიდიხართ და უცებ გრძნობთ, რომ ავარიულ სიტუაციაში მოხვდით. სუნთქვა გაჩერდება. თუ ამოისუნთქეთ, მაშინ ამოსუნთქვაზე შეჩერდებით. თუ ჩაისუნთქეთ, მაშინ ჩასუნთქვაზე შეჩერდებით. თქვენ ვერ შეძლებთ სუნთქვას საავარიო სიტუაციაში; ვერ შეძლებთ მის გადალახვას. ყველაფერი ჩერდება, კვდება.

ან როდესაც ამოსუნთქვა სრულიად დასრულდა და შეჩერდა, ან ჩასუნთქვისას სრულიად დასრულდა და შეჩერდა - ამ უნივერსალური პაუზების დროს ადამიანის პატარა «მე» ქრება: თქვენი პატარა«მე» მხოლოდ ყოველდღიური მოთხოვნილებაა. ავარიულ სიტუაციაში გავიწყდებათ იგი. ყველაფერი, რასაც წარმოადგენთ - სახელი, საბანკო ანგარიში, პრესტიჟი, ყველაფერი უბრალოდ ორთქლდება. თქვენი ავტომობილი უბრალოდ სხვა ავტომობილისკენ მიემართება; კიდევ ერთი მომენტი, და მკვდარი იქნებით. ამ მომენტში პაუზა დგება. უცებ სუნთქვა წყდება. თუ ამ მომენტში გაცნობიერებულად ყოფნას შეძლებთ, მაშინ მიზანს მიაღწევთ.

ძენის ბერები იაპონიაში ბევრს აპრაქტიკებდნენ ამ ტექნიკას. აი, რატომ ჩანს მათი მეთოდები ძალიან იდუმალი, აბსურდული, უცნაური. ისინი ბევრ გაუგებარ რამეს აკეთებდნენ. ოსტატი ვიღაცას სახლიდან აგდებდა. უეცრად ვიღაცას ლოყაშ ურტყამდა ყოველგვარი აზრის გარეშე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

თქვენ ზიხართ თქვენს ოსტატთან და ყველაფერი კარგადაა. ახლახანს ისაუბრეთ, ის კი თქვენს ცემას იწყებს, რათა პაუზა შექმნას. რაიმე მიზეზი რომ ყოფილიყო, პაუზა ვერ შეიქმნებოდა. ოსტატისთვის შეურაცხყოფა რომ მიგეყენებინათ, და ამის გამო დაეწყო თქვენი ცემა, თქვენი გონება გაიგბდა: «მე ვაწყენინე მას, და ის მცემს».

სინამდვილეში თქვენი ტვინი უკვე ელოდებოდა ამას, მამიტომ შუალედი არ ჩნდება. მაგრამ ძენის ოსტატი არ გცემთ, თუკი აწყენინებთ. იგი გაიცინებს, რადგანაც სიცილს შეუძლია პაუზა შექმნას. თქვენ შეურაცხყოფას აყენებდით, რაღაც სისულელეს ეუბნებოდით და რისხვას ელით. მაგრამ იგი სიცილ ან ცეკვას იწყებს. ეს მოულოდნელად ხდება; და ეს პაუზას ქმნის. ამის გაგება არ შეგიძლიათ. თუ გაგება არ შეგიძლიათ, მაშინ გონება ჩერდება, ხოლო როდესაც გონება ჩერდება, სუნთქვაც ჩერდება. შესაძლებელია ნებისმიერი გზა - თუ სუნთქვა ჩერდება, გონებაც ჩერდება; თუ გონება ჩერდება - სუნთქვაც ჩერდება.

ოსტატმა შეგაქოთ, თავს კარგად გრძნობდით და ფიქრობდით: «ახლა ოსტატი კმაყოფილი იქნება». და უეცრად იგი თავის კვერთხს იღებს და გცემთ - თანაც უმოწყალოდ, რადგანაც ძენის ოსტატებს არ აქვთ შებრალების გრძნობა. იგი გცემთ; თქვენ ვერ გებულობთ რა მოხდა. გონებაჩერდება, ჩნდება პაუზა. თუ იცით ეს ტექნიკა, თავადაც შეგიძლიათ მიაღწიოთ ამას.

ბევრი ისტორიაა იმის შესახებ, როგორ მიაღწია ვიღაცამ ბუდას მდგომარეობას იმის გამო, რომ მასწავლებელმა მოულოდნელად ცემა იგი. თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაგება - რა სისულელეა! როგორ უნდა მიაღწიო ბუდას მდგომარეობას, როცა გცემენ, ან ფანჯრიდან გაგდებენ? ვიღაცამ რომ მოგკლათ, მაშინაც კი ვერ მიაღწევთ ბუდას მდგომარეობას. მაგრამ თუკი ამ ტექნიკას გაიგებთ, მაშინ ყველაფერ დანარჩენსაც გაიგებთ.

უკანასკნელი ოცდაათი-ორმოცი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დასავლეთში, ძენი ფართოდ გავრცელებული გახდა - მოდა გახდა. მაგრამ სანამ ადამიანებმა არ იცოდნენ ეს ტექნიკა, ვერ გებულობდნენ ძენს. მათ შეეძლოთ იმიტირება მოეხდინათ, მაგრამ იმიტაცია უსარგებლოა. სახიფათოც კია. ეს სრულად არაა ის, რისი იმიტირებაც შეიძლება.

მთლიანობაში ძენის მეთოდები შივას მეოთხე ტექნიკას ეფუძნება. მაგრამ საქმე ცუდადაა. ახლა იძულებულნი ვართ იაპონიიდან მოვახდინოთ ძენის იმპორტირება, რადგანაც ჩვენი საკუთარი ტრადიცია დავკარგეთ; აღარ ვიცნობთ მას. შივა ამ მეთოდის უდიდესი ექსპერტი იყო. როცა იგი დევისთან ერთად საქორწინო პროცესიაში მიაბიჯებდა, ბჰარატაში, მთელ ქალაქს უნდა ეგრძნო პაუზა... მთელ ქალაქს!

დევის დედას არ სურდა თავისი ქალიშვილის ამ „ჰიპიზე“ გათხოვება. შივა პირველი ჰიპი იყო. დევის მამა მთლიანად წინააღმდეგი იყო ამისა. და არცერთი მამა არ დაუშვებდა ასეთ ქორწინებას, ასე რომ ვერაფერს ვიტყვით დევის მამის საწინააღმდეგოდ. არცერთი მამა არ მისცემდა უფლებას თავის ქალიშვილს, რომ შივას გაჰყოლოდა ცოლად. მაგრამ დევიმ დაიჟინა, და იგი იძულებული იყო დათანხმებოდა - უხალისოდ, სიმწრით, მაგრამ დათანხმდა, LSd მიიღო, მარიხუანა. ისინი უკვე „ამაღლებულ მდგომარეობაში“ იყვნენ. სინამდვილეში LSD და მარიხუანა - ეს მხოლოდ დასაწყისია. შივამ, მისმა მეგობრებმა და მოსწავლეებმა იცოდნენ საუკეთესო ფსიქოდელიური საშუალება - სომა რასა. ოლდოს ჰაქსლიმ ამ საუკეთესო ფსიქოდელიკს „სომა“ მხოლოდ შივას გამო დაარქვა. ამგვარად, ისინი მხიარულობდნენ, ცეკვავდნენ, ყვიროდნენ, იცინოდნენ. მთელი ქალაქი ფრენის მდგომარეობაში იყო. მას პაუზა უნდა ეგრძნო.

უწმინდურისთვის ნებისმიერ უეცარ, მოულოდნელ, საოცარ მოვლენას შეუძლია პაუზა შექმნას. მაგრამ წმინდებისთვის არ არსებობს ასეთი საჭიროება. წმინდებისთვის პაუზა ყოველთვის აქ და ახლაა. წმინდა გონებებისთვის სუნთქვა ბევრჯერ ჩერდება. თუ თქვენი გონება სუფთაა - სისუფთავე ნიშნავს მწველი სურვილების არარსებობას, ყოველგვარი ძიების არარსებობას - მდუმარედ სუფთა, უმანკოდ სუფთა, მაშინ შეგიძლიათ იჯდეთ, და უეცრად თქვენი სუნთქვა გაჩერდება.

გახსოვდეთ: გონების მოძღაობა სუნთქვას მოითხოვს. გონების სწრაფი მოძრაობა სწრაფ სუნთქვას მოითხოვს. აი, რატომაა, რომ რისხვის დროს თქვენი სუნთქვა ხშირდება. სექსის დროს სუნთქვა ასევე ხშირდება. აი, რატომ ასწავლის აიურვედა - ინდური სამკურნალო სისტემა - რომ თქვენი სიცოცხლე შემოკლდება, თუ მასში მეტისმეტად ბევრი სექსი იქნება. აიურვედას თანახმად თქვენი სიცოცხლე შემოკლდება, რადგანაც აიურვედა თქვენს სიცოცხლეს ჩასუნთქვებისა და ამოსუნთქვების რაოდენობით ზომავს. თუ თქვენი სუნთქვა მეტისმეტად ხშირია, მაშინ თქვენი სიცოცხლე მოკლდება.

თანამედროვე მედიცინა ამტკიცებს, რომ სექსი სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს, მოდუნებას უწყობს ხელს. და მას, ვინც თავის სექსს თრგუნავს, შესაძლოა პრობლემები შეექმნას - ეს განსაკუთრებით გულის დაავადებებს ეხება. მედიცინა მართალია, და აიურვედაც მართალია, მაგრამ ისინი ურთიერთწინააღმდეგობრივნი ჩანან. მაგრამ აიურვედა ხუთიათასი წლით ადრე შეიქმნა. მაშინ ყოველი ადამიანი ბევრს შრომობდა; ცხოვრება შრომა იყო, ამიტომ მაშინ არ იყო მოდუნების აუცილებლობა, არ იყო აუცილებლობა სისხლის მიმოქცევის ასაჩქარებელი ხელოვნული საშუალებების შექმნისთვის.

მაგრამ ახლა მათთვის, ვინც ნაკლებადაა დაკავებული ფიზიკური შრომით, სექსი ერთადერთ შრომას წარმოადგენს. აი, რატომაა თანამედროვე მედიცინა ასევე მართალი, მაგრამ თანამედროვე ადამიანთან მიმართებაში. იგი არანაირ ფიზიკურ სვარჯიშოს არ აკეთებს, ამიტომ სექსია მისთვის ვარჯიში: გული უფრო გახშირებულად ძგერს, სისხლი უფრო ჩქარა მოძრაობს, სუნთქვა უფრო ღრმა ხდება ცენტრამდე მიდის. ამიტომ სექსის შემდეგ მოდუნებას გრძ ობთ და იოლად იძინებთ. ფროიდი ამბობდა, რომ სექსი საუკეთესო ტრანკვილიზატორია, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანისთვის.

სექსის დროს სუნთქვა უფრო ხშირი ხდება, რისხვის დროს სუნთქვა უფრო ხშირი ხდება. სექსში გონება სურვილით, ვნებით, უწმინდური აზრებითაა სავსე. როცა გონება სუფთაა - მასში არაა სურვილები, არაა ძიებები, არაა მოტივაცია; თქვენ არსად არ აპირებთ წასვლას, არამედ რჩებით აქ და ახლა, როგორც მშვიდი ტბა... მაშინ სუნთქვა ავტომატურად ჩერდება. მასში არაა აუცილებლობა.

ამ გზაზე პატარა «მე» ქრება, და თქვენ აღწევთ დიდ «მე»-ს, მიღმიერ «მე»-ს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

როგორ აღმოვაჩინე 7 სხეული


ავტორი: Shivo Ramadatta პირადი გამოცდილება თითოეული მათგანის ფუნ...

სიცარიელის გასაღები


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ვარსკვლავთა ბუნება კოსმოსი. სი...

უნდა ვიდგეთ თუ არა თავზე?


ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს არა აზრები, არამედ მათი ზემოქმედება ...

იოგას რვა მეთოდი


ელის ბეილი - "სულის სინათლე" (კომენტარები პატანჯალის იოგა სუტრებზ...

ოშო - ეშმაკის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ...


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff