ცნობიერების ტიპები და ადამიანთა კატეგორიები

Admin
მეოთხე გზა
0
0

მონაკვეთი გიორგი გურჯიევის მოსწავლის, პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა" მთარგმნელი: მამუ...

pix buddha snow

მონაკვეთი გიორგი გურჯიევის მოსწავლის, პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა"

მთარგმნელი: მამუკა გურული

ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ შეგვიძლია ცნობიერების ოთხ მდგომარეობაში ვიცხოვროთ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ორში ვცხოვრობთ: ერთში - როცა გვძინავს, ხოლო მეორეში - როცა როგორც იტყვიან, „გვღვიძავს“, ანუ ჩვეულ მდგომარეობაში, რომელშიც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მოვისმინოთ, ვიკითხოთ, ვწეროთ და ა.შ. მაგრამ ეს მხოლოდ ორი მდგომარეობაა ოთხი შესაძლებლიდან. ცნობიერების მესამე მდგომარეობა - ძალზე უცნაურია. როცა გვიხსნიან, თუ რა არის ეს, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, რომ გაგვაჩნია იგი. მესამე მდგომარეობას შეიძლება ეწოდოს თვითცნობიერება, და ადამიანთა უმეტესობა, თუ ამის შესახებ ჰკითხავთ, გეტყვით: „რა თქმა უნდა, ჩვენ ცნობიერნი ვართ!“

აუცილებელია დრო და თვითდაკვირვების ხშირი ძალისხმევები, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ სინამდვილეში არ ვართ ცნობიერნი, რომ ცნობიერნი მხოლოდ პოტენციურად ვართ. თუ გვეკითხებიან, ჩვენ ვპასუხობთ: „დიახ, მე ცნობიერი ვარ“, და ამ მომენტში მართლაც ვაცნობიერებთ თავს, მაგრამ შემდეგ მომენტში კვლავ გვავიწყდება საკუთარი თავი, უკვე აღარ ვართ ცნობიერნი. ამრიგად, თვითდაკვირვების გზით მივდივართ იმის გაგებამდე, რომ ცნობიერების მესამე მდგომარეობა არ გვაქვს და მხოლოდ პირველ ორში ვცხოვრობთ - ან ძილში, ან მღვიძარე მდგომარეობაში, რომელსაც ამ სისტემაში ფარდობითი ცნობიერება ეწოდება.

მეოთხე მდგომარეობა, რომელსაც ობიექტური ცნობიერება ეწოდება, ჩვენთვის მიუწვდომელია, რადგანაც მისი მიღწევა მხოლოდ თვითცნობიერების გავლით შეიძლება. ანუ ჯერ საკუთარი თავი უნდა გავაცნობიეროთ იმისთვის, რომ მოგვიანებით ობიექტურ ცნობიერებას მივაღწიოთ.

ამიტომ თვითდაკვირვებასთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ გავაცნობიეროთ საკუთარი თავი „მე აქ ვარ“ შეგრძნების შენარჩუნებით - და მეტი არაფერი. და ეს ის ფაქტია, რომელიც მთელმა დასავლურმა ფსიქოლოგიამ, გამონაკლისის გარეშე, ხელიდან გაუშვა. თუმცა ბევრი ადამიანი ძალიან ახლოს მიდიოდა ამასთან, ისინი ვერ აფასებდნენამ ფაქტის მნიშვნელობას და ვერ მიხვდნენ, რომ ადამიანის ჩვეული მდგომარეობა შესაძლებელია შეიცვალოს - რომ ადამიანს შეუძლია ახსოვდეს საკუთარი თავი, თუკი საკმარისად დიდხანს ეცდება ამის გაკეთებას.

ეს არაა ერთი დღის ან ერთი თვის საქმე. ესაა ძალიან ხანგრძლივი პროცესი: იმის შესწავლის, თუ როგორ მოვიშოროთ დაბრკოლებები, რადგანაც ჩვენ არ გვახსოვს და ვერ ვაცნობიერებთ საკუთარ თავს ჩვენს მანქანაში მრავცალი მცდარი ფუნქციის გამო, და ყველა ეს ფუნქცია უნდა გამოსწორდეს და დარეგულირდეს. როცა უმეტესობა ამ ფუნქციათაგან სწორად დაიწყებს მუშაობას, თვითგახსენების პერიოდები უფრო ხანგრძლივი გახდება, ხოლო როცა ისინი საკმარისად ხანგრძლივია, ჩვენ მოვიპოვებთ ორ ახალ ფუნქციას. თვითცნობიერებასთან ერთად, რომელიც ცნობიერების მესამე მდგომარეობაა, ჩვენ მოვიპოვებთ ფუნქციას, რომელსაც უმაღლესი ემოციური ფუნქცია ეწოდება, თუმცა იგი ამავე დონით ინტელექტუალურიცაა, რადგანაც რადგანაც ამ დონეზე, ჩვეულებრივი დონისგან განსხვავებით, არ არსებობს განსხვავება ინტელექტუალურსა და ემოციურს შორის. ხოლო როდესაც ობიექტური ცნობიერების მდგომარეობას ვუახლოვდებით, მოვიპოვებთკიდევ ერთ ფუნქციას, რომელსაც უმაღლესი ინტელექტუალური ეწოდება. ის მოვლენები, რომლებსაც პარანორმალურ ფსიქოლოგიას ვეძახი, ამ ორ ფუნქციას მიეკუთვნება. აი, რატომაა, რომ როდესაც 25 წლის წინ ექსპერიმენტებს ვატარებდი, მივედი დასკვნამდე, რომ ექსპერიმენტული მუშაობა შეუძლებელია, რადგან ეს ექსპერიმენტის კი არა, ცნობიერების მდგომარეობის შეცვლის საკითხია...

...ცნობიერების ფუნქციებსა და მდგომარეობებთან (ასევე შესაძლო ევოლუციიის თვალსაზრისით) კავშირში ადამიანი იყოფა შვიდ კატეგორიად, და ამასთან მხოლოდ პირველი სამიდან ერთ-ერთში იბადება. ადამიანი, რომელშიც ჭარბობს ინსტინქტური ან მამოძრავებელი ცენტრი, ხოლო ემოციური და ინტელექტუალური ნაკლებად განვითარებულია, იწოდება ადამიანად #1; თუ ემოციური ფუნქცია ჭარბობს, ეს იქნება ადამიანი #2; ხოლო თუ ინტელექტუალური ფუნქცია ჭარბობს, ეს იქნება ადამიანი #3. ამ სამ ტიპზე მაღლა დგას (მაგრამ ასეთებად არ იბადებიან) ადამიანი #4. ეს ნიშნავს ცვლილების დასაწყისს - უპირატესად ცნობიერებაში, მაგრამ ასევე ცოდნასა და დაკვირვების უნარში. შემდეგ მოდის ადამიანი #5, რომელმაც უკვე განივითარა საკუთარ თავში ცნობიერების მესამე მდგომარეობა (თვითცნობიერება) და რომელშიც უმაღლესი ემოციური ფუნქცია მუშაობს. შემდეგ მოდის ადამიანი #6, და ბოლოს ადამიანი #7, რომელსაც სრული ობიექტური ცნობიერება გააჩნია და რომელშიც უმაღლესი ინტელექტუალური ფუნქცია მუშაობს.

როგორი საერთო მახასიათებლები ექნებათ ადამიანებს #1, #2 და #3? პირველ რიგში - ძილი. ადამიანები #1, #2 და #3, სანამ არ დაიწყებენ საკუთარი თავის შესწავლას რაიმე სისტემასთან კავშირში, რომელიც თვითშემეცნების საშუალებას მისცემს მათ, მთელ თავის ცხოვრებას ძილში ატარებენ. ისინი მხოლოდ გამოიყურებიან ფხიზლებად, მაგრამ სინამდვილეში არასოდეს იღვიძებენ (ან შემთხვევით იღვიძებენ წამიერად, გაიხედ-გამოიხედავენ და ისევ იძინებენ). მათ მეორე მახასიათებელს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თუმცა ასეთ ადამიანებს მრავალი სხვადასხვა „მე“ გააჩნიათ, ამ „მე“-თაგან ზოგიერთი არც კი იცნობს ერთმანეთს. ადამიანს შეიძლება სრულიად განსაზღვრული დამოკიდებულებები, შეხედულებები და რწმენები ჰქონდეს, მაგრამ ამავდროულად სხვა შეხედულებები და რწმენები, ანტიპათიები და სიმპათიები ჰქონდეს, და ამ განსხვავებული შეხედულებების მფლობელებმა არც კი იციან ერთმანეთის შესახებ. ეს #1, #2 და #3 ადამიანების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.

ადამიანები ძალიან დაყოფილნი არიან, და არ იციან და ვერ ეცოდინებათ ამის შესახებ, რამეთუ ყოველი „მე“ მხოლოდ ზოგიერთ „მე“-ს იცნობს, რომლებსაც ასოციაციებით ხვდება; სხვა „მე“-ები სრულიად უცნობი რჩება. „მე“-ები დაყოფილია ფუნქციების მიხედვით: არსებობს ინტელექტუალური, ემოციური, ინსტინქტური და მოტორიული (მამოძრავებელი) „მე“-ები. საკუთარი თავის გარშემო მათ რაღაც იციან, მაგრამ ამის იქით არაფერი გაეგებათ. ამიტომ მანამ, სანამ ადამიანი არ დაიწყებს საკუთარი თავის შესწავლას ამ დაყოფის ცოდნით, იგი ვერასოდეს მივა თავისი ფუნქციებისა და რეაქციების სწორ გაგებამდე.

ადამიანის ეს ძილი და მასში ერთიანობის არარსებობა სხვა ძალიან მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოშობს, კერძოდ - ადამიანის სრულ მექანიკურობას. ადამიანი ამ მდგომარეობაში, ადამიანი #1, #2 და #3 გარე ზეგავლენების მიერ მართულ მანქანას წარმოადგენს. მას არ გააჩნია შესაძლებლობა, რომ ამ გავლენებს შეეწინააღმდეგოს, ერთმანეთისგან გაარჩიოს ისინი, მათგან განცალკევებით შეისწავლოს საკუთარი თავი. იგი თავს ფეხებზე მყარად მდგომად აღიქვამს და ძლიერი ილუზია აქვს იმისა, რომ თავისუფლება აქვს - სადაც უნდა იქ წავიდეს, თავისი სურვილისამებრ იმოძრაოს, მარჯვნივ ან მარცხნივ წავიდეს. მაგრამ მას არ შეუძლია ამის გაკეთება. თუ ის მარჯვნიოვ მოძრაობს, ეს ნიშნავს, რომ მარცხნივ მოძრაობა არ შეუძლია. „ნება“ - ეს სრულიად მცდარი ცნებაა. იგი არ არსებობს. ნება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ ადამიანში, რომელსაც ერთი მმართველი „მე“ გააჩნია. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანს მრავალი სხვადასხვა „მე“ გააჩნია, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, მას ასევე მრავალი განსხვავებული ნება გააჩნია: ყოველ „მე“-ს თავისი საკუთარი ნება გააჩნია, ვერ იარსებებს ერთი „მე“ ან ერთი ნება. მაგრამ ადამიანს შეუძლია მივიდეს მდგომარეობამდე, როცა მმართველ „მე“-ს და ნებას მოიპოვებს. მას ამის გაკეთება მხოლოდ ცნობიერების განვითარებით შეუძლია. ესაა ამ სისტემის ყველაზე ელემენტარული პრინციპები.

წიგნის სანახავად გადადით ამ ლინკზე

მსგავსი სტატიები

ნარკოტიკული საშუალებების შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გ...

გურჯიევი - სულის შესახებ


წყარო მთარგმნელი: დავით ზალკალიანი ჩვეულებრივ ადამიანში არ არსე...

ენერგიის ტიპები (გურჯიევის სისტემაში)


(პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა") ადამიანის ყოველი ცენტრ...

გურჯიევის შეხედულებები, მისი მსოფლმხედველობის საფუძვლები და პრინციპები


გურჯიევის შეხედულებები, მისი მსოფლმხედველობის საფუძვლები და პრინციპ...

ყურადღების მართვა და ემოციები


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა" მთარგმნელი: მამუკა...

თესლის სიკვდილის შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გ...

გიორგი გურჯიევი - "ადამიანი, როგორც სამტვინიანი არსება"


მთარგმნელი: დავით ზალკალიანი ლონდონი. მეოთხე გზის ცენტრი. 29 აგ...

გიორგი გურჯიევი (ლონდონი, 1922)


 ადამიანი მრავალსახოვანი, „სხვადასხვაგვარი“ არსებაა (ლონდონი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff